ზვიად გამსახურდია

ივნისი 26, 2010

ზვიად გამსახურდია: “ძველირლანდიური საგა და მითოსი”


ირლანდიის ისტორიის უძველესი ხანა დაკავშირებულია ევროპის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილებში მცხოვრები ხალხის, კელტების ექსპანსიასთან. ბერძნები Keltoi-ს უწოდებდნენ ალპების ჩრდილოეთით მცხოვრებ ხალხებს და მათ საერთო წარმოშობის ხალხებად სთვლიდნენ. როგორც ბრიტანული ენციკლოპედია გვეუბნება, ტერმინების “კელტის” და “კელტურის” არასწორმა ხმარებამ გამოიწვია მრავალი გაუგებრობა. ჩვეულებისამებრ, კელტებს უწოდებდნენ კელტურად მოლაპარაკე ხალხებს ადრინდელ საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, ისინი შავგვრემანები იყვნენ და ტანმორჩილნი, ხოლო ძველი დროის მწერლები კელტებს უწოდებდნენ გოლიათური აღნაგობის ქერა და ცისფერთვალება ხალხს, რომელიც მკვიდრობდა ევროპაში.

ამრიგად, კელტები ფიზიკური გარეგნობის მიხედვით განიყოფებიან ორ ჯგუფად: პირველი ჯგუფი მკვიდრობდა ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში, ძირითადად სკანდინავიაში. მათ ჰქონდათ გრძელი თავები, ვიწრო, არწივისებური ცხვირი, ცისფერი თვალები, ღია თმა. ისინი ტანმაღლობით გამოირჩეოდნენ. ეს გახლავთ წინაპრები, საერთოდ, ჩრდილოეთის ხალხებისა. მეორე ჯგუფი გამოირჩევა უფრო მრგვალი თავით, ფართო სახით, მოზრდილი ცხვირით, მორუხო თვალებით, ღია-წაბლისფერი თმით. ამ ჯგუფის წარმომადგენელნი ბრგენი არან და საშუალო ტანისა. ამ მოდგმას ხშირად უწოდებენ კელტურს ანუ ალპინურს (Alpine), ვინაიდან ისინი გვხვდებიან ალპების გაყოლებით სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, სავოიში, შვეიცარიაში, ბრეტანში, ბურგუნდიაში, ვოგეზებში და სხვ. ასე რომ, არის განსხვავება როგორც ანთროპოლოგიური, ასევე გეოგრაფიული სკანდინავურსა და ე.წ ხმელთაშუაზღვის კელტებს შორის. ე.წ. ლა ტენის (La Tene) კულტურის განვითარების პერიოდში კელტები უაღრესად გაძლიერდნენ (500 წ. ქრისტემდე და 1 წ. ქრისტეს შემდეგ). ამას მოჰყვა ამ ხალხების დიდი ექსპანსია მთელ ევროპაში და მცირე აზიაში. მეცნიერები მათ ძლიერებას მიაწერენ მეტალურგიის მაღალ განვითარებას, კერძოდ, რ კ ი ნ ი ს წ ა რ მ ო ე ბ ა ს. ქრისტემდემესამე საუკუნე იყო დასაწყისი მძლავრი კელტური ექსპანსიისა, რომელიც კიდევ უფრო ადრეც მიმდინარეობდა. ამ დროისათვის კელტებმა დაიკავეს საფრანგეთის ხმელთაშუაზღვის სანაპირო და ესპანეთი გადიზამდე (Gadiz). აქ ისინი შეერიენ ადგილობრივ იბერიელებს. აქედან წარმოსდგა სახელწოდება “კელტ-იბერები”, შემდეგ კელტები გადავიდნენ იტალიაში, შვეიცარიაში, დაამარცხეს ეტრუსკები და აიღეს რომი (390 წ. ქრისტემდე), აქ მათ მიიღეს ოქროს ხარკი, შემდეგ გადავიდნენ ბალკანებზე, დაგალახეს ჰელესპონტი და დაიპყრეს თრაკია, მარშით გაიარეს მცირე აზია და შეჩერდნენ იქ, სადაც არის ისტორიული გალატია, რომელიც მოხსენიებულია ახალ აღთქმაში (იხ. გალატელთა მიმართ ეპისტოლე წმ. პავლე მოციქულისა), შემდეგ მათ გზა განაგრძეს აღმოსავლეთისკენ. აუხვიეს ჩრდილოეთით, გაიარეს კ ო ლ ხ ე თ ი, შავი ზღვის მთელი სანაპირო და გადავიდნენ სკვითეთში, აზოვის ზღვამდე, და აქ შეერივნენ სკვითებს. რა თქმა უნდა, კელტების მსვლელობა არ იყო ერთწამიერი, იმჟამინდელი ტექნიკისა და გადაადგილების საშუალებათა არასრულყოფილებას ზედ ერთვოდა მათი ინტერესი ადგილობრივ მოსახლეობასთან ვაჭრობისა და სხვადასხვაგვარი აღებ-მიცემობისა. ამიტომ მათი ნაწილი ყოველთვის ყოვნდებოდა ამა თუ იმ დაპყრობილ ადგილზე. ჰიპოთეზურად შესაძლოა დავუშვათ, რომ იგივე მოხდა იმჟამინდელ საქართველოშიც. როგორც ჩანს, კელტური მოსახლეობის ნაწილი შეერია იმჟამინდელი საქართველოს მოსახლეობას ისევე, როგორც ეს სკვითებში მოხდა. შესაძლოა, ეს იყოს მიზეზი იმ მაღალი მეტალურგიული კულტურისა, კერძოდ, რკინის წარმოების ხელოვნებისა, რომელიც გვხვდება კულტურულ ხალხებში.

დასავლეთისაკენ კელტებმა ილაშქრეს ბრიტანეთის კუნძულებამდე, ესენი იყვნენ ბრიტონები და გოიდელები. ბრიტონები დაეფუძნენ ინგლისში და უელსშსი, ხოლო გოიდელები დაახლ. მე-4 საუკუნეში ქრისტემდე – ირლანდიაში, სადაც მალე დაიკავეს მმართველი კასტის პოზიცია. ირლანდიის უადრეს მემკვიდრებს კი “პიქტებს” უწოდებდნენ. აი, ამ ორი ეთნიური ერთეულისაგან წამოდგა შემდგომი ირლანდიური მოსახლეობა. აღსანიშნავია, რომ ეს პიქტების ძველ იბერებს ენათესავებოდნენ.

კელტური ენა, რომელზედაც ლაპარაკობდნენ ირლანდიაში, უხსოვარი დროიდან, იწოდებოდა “გაელიკურად” (Gaelic) ან “გოიდელიკურად”, რაც ნიშნავდა “ირლანდიელს”. ბრიტონული ენები წარმოადგენენ ამ ენის მონათესავე ენებს (ალფაბეტის უძველესი ნიმუშებია IV, V საუკუნის საფლავთა წარწერები).

V საუკუნეში კი აქ ვრცელდება ლათინური ალფაბეტი, რომის მისიონერების მიერ შემოტანილი. VIII, IX საუკუნეებიდან უკვე შემორჩენილია მანუსკრიპტები, რომელთა ენა მიღებულია ძველ ირლანდიურ ენად.

მიახლოებით დადგენილია 4 პერიოდი ირლანდიური ლიტერატურის განვითარებისა:
1. ადრინდელი პერიოდი, როდესაც ლიტერატურას ჰქმნიდა  “ფილიდების” (ნათელმხილველების) ფენა, ხოლო მოგვიანებით სამღვდელოება და როდესაც ლიტერატურული ნაწარმოებები ინახებოდა მონასტრებში.
2. შუა პერიოდი, როდესაც მოქმედებდა უფრო ბარდების ტრადიცია, მემკვიდრეობის წესით გადმოცემული.
3. გვიანი პერიოდი (XII-XVII საუკ.), როდესაც ლიტერატურის შემქმნელნიც და პატრონებიც გაუჩინარდნენ და იგი გადაიქცა ხალხურ სიტყვიერებად; ეს გრძელდებოდა XVII საუკუნიდან XIX საუკ. დასასრულამდე.
4. ახალი პერიოდი XIX საუკუნიდან დღემდე.

ირლანდიური ლიტერატურა ოდითგანვე არისტოკრატიული იყო; “ფილიდების” პერსონალური კლასი ჰქმნიდა და ინახავდა მას. ამ პრივიეგირებულ კასტას ეკუთვნებოდნენ აგრეთვე brithem-ები (მსაჯულნი), Senchaid-ები, (მემატიანენი) და drui-დრუიდები. შემდგომში დრუიდები შესცვალა ქრისტიანულმა სამღვდელოებამ, თუმც დრუიდები მაინც ფიგურირებენ გვიანდელ საგებშიც.

ადრინდელი ირლანდიული ეპოსი პროზაულია, თუმც ალაგ-ალაგ იგი შეიცავს უაღრესად ამაღლებული სტილით დაწერილ ლექსებს ან რიტორიულ პასაჟებს. ასეთ პასაჟებს ხშირას აქვთ დიალოგის ფორმა. სპეციალისტების აზრით, არის მსგავსება ამ ფორმასა და ადრინდელ სანსკრიტულ წყაროებს შორის, ასე რომ, ეს საერთოდ ინდო-ევროპული ტრადიციაა, სახელდობრ, კელტური. ამგვარი დამთხვევებისა და ზოგიერთი ლინგვისტური მონაცემების ბაზისზე აგებულია თეორია, რომ ადრინდელი ზეპირსიტყვიერი ტრადიციები საერთო იყო ამ ორ ხალხს შორის და რომ ეს ყოველივე შემორჩა ადრინდელ ირლანდიულ ეპოსს, რომელიც თავის მხრივ გამოძახილია უძვველესი კელტური თქმულებებისა და მითებისა.

ამავე საფუძველზე აღნიშნავენ ფრანგი მეცნიერები რამიდული ციკლის ნაციების კელტურ წარმოშობას, ვინაიდან კელტები, როგორც უკვე აღინიშნა, წარმოადგენენ ძლიერ, გავრცელებულ ეროვნებას ადრეულ, წინაისტორიულ ხანაში*.

რაც შეხება წერილობით დოკუმენტებს, ისინი მხოლოდ შუა-ირლანდიური პერიოდით თარიღდებიან. ამგვარად, ჩვენამდე მოღწეულ საგებს ახასიათებთ რიტმული პროზა და უაღრესად ზეაწეული თხრობის ინტონაცია. დიდმნიშვნელოვანია მათ შორის ულადთა ანუ ულაიდთა ციკლი (Ulaid). ულადები ერქვა ტომს, რომელიც მკვიდრობდა თანამედროვე ოლსტერის პროვინციის ადგილას. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში, როდესაც საგები ჩამოყალიბდნენ, ულადებს დაკარგული ჰქონდათ ძველი მნიშვნელობა, მაგრამ ფილიტები მაინც ნერგავდნენ ისეთ გმირების კულტს, როგორიც იყო კუხულაინდი ანუ კუხულაინი (Cu Chulain), კონხობარი და სხვ.

სპეციალისტებს შორის სადაოდ ქცეულა, არიან თუ არა საგებში მოხსენიებული პერსონაჟები ისტორიული პირები. ირლანდიული საგების რუსულად მთარგმნელისა და კომენტატორის ა. ა. სმირნოვის აზრით კუხულაინდის შესახებ მოთხრობილ ამბებს ისტორიული საფუძველი აქვთ, კერძოდ, ჩვენი ერის დასაწყისში მომხდარი ამბები. ამას ყოველივეს ამოწმებს აგრეთვე XIX საუკუნეში წარმოებული არქეოლოგიური გათხრები. ასე რომ, კუხულაინდის შესახებ თქმულებები უძველეს ირლანდიულ თქმულებებს უნდა მივაკუთვნოთ უფრო გვიანდელია ფინის, ანუ მაკფერსონისეული ფინგალის შესახებ არსებული საგმირო ციკლი, რომელიც დაახლოებით IX საუკუნეში ჩამოყალიბდა.

***

ძველი კელტური თქმულებების როლი უაღრესად დიდია შუასაუკუნეთა ევროპული ლიტერატურის განვითარებაში. თითქმის ყველა ძირითადი პერსონაჟი და მოტივი, რომელნიც ფიგურირებენ რაინდულ რომანებში, კელტური თქმულებებიდან მოდიან. მეფე არტური თავის თორმეტი რაინდითურთ, მერლინი, ტრისტან და იზოლდე, კელტური და კელტიბერული წარმომავლობის გმირებია. რაც შეეხება გერმანულ ჩრდილოურ მითოლოგიას და საგებს, აქაც კელტური ძირებია საძებნელი, ვინაიდან სკანდინავიელი ხალხებიც ძველთაგანვე ენათესავებოდნენ კელტებს. ამიტომ გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას: ადრეული და შუასაუკუნეობრივი ევროპული სიტყვიერების პირველწყარო ძველი კელტური სიტყვიერებაა, ქრისტიანული და ბერძნულ-ლათინური ელემენტების შერწყმამ ძველ კელტურ ელემენტებთან მოგვცა შუასაუკუნოებრივი ევროპული ლიტერატურა. კელტოლოგიის ძირითადი ამოცანაა არა მარტო ამ ლინგვისტურ-ისტორიული ფონის ცხადყოფა, არამედ განსაზღვრა იმ სულიერ-კულტურული ფაქტორებისა, რომელნიც ენათესავებიან კელტურ კულტურას შუასაუკუნოებრივი და ახალი ევროპის კულტურასთან.

მითოლოგიისა და რელიგიის საკითხების შესწავლა ძირითადი ფაქტორია ძველი ხალხების კულტურის პრობლემების გაშუქებისას. რამდენადაც ამა თუ იმ ხალხების კულტურის დონე რელიგიურ შეგნების დონით განისაზღვრება, უაღრესად მნიშვნელოვანია შესწავლა რელიგიის იმ ფორმებისა, რომელნიც ჰქონდათ ადრინდელ ხალხებს. რამდენადაც რელიგია და მითოსი განუყოფელი იყო ანტიურ ხანაში, სწორედ ეს მომენტი უნდა იქცეს ამოსავალ წერტილად ძველი ლიტერატურიების შესწავლის დროსაც. ძველ ირლანდიურ ლიტერატურაში ისევე, როგორც ძველ ბერძნულში, ძველ ინდურში და სხვა ლიტერატურებში, გვხვდება ურთიერთშერწყმა ისტორიული და მითოლოგიური ელემენტებისა. ხშირად ძნელია გარჩევა, სად ეხება საქმე გრძნობად-ფიზიკურ სამყაროს და სად ზეგრძნობად–სულიერს. გმირები თითქოს ორივე სამყაროს სრულუფლებიანი მოქალაქენი არიან, მათი მოქმედება ორივე სამყაროს ფაქტებთან და არსებებთანააშეთანხმებული და ტრაგიკული მომენტებიც იქ აღმოცენდება, სადაც ი რ ღ ვ ე ვ ა ნებსით თუ უნებლიედ ეს ჰარმონია. რამდენადაც საგები იქმნებოდა “ფილიდების” ანუ ნათელმხილველების მიერ, რომელთაც უაღრესად მჭიდრო კავშირი ჰქონდათ რელიგიურ პრაქტიკასთან. ისინი წარმოადგენენ არა მარტო ჩვენი გაგებით “ლიტერატურულ”, არამედ რელიგიური თვალსაზრისით შექმნილ თხზულებებს. მეცნიერთა აზრით, პრეკელტურ, იბერიულ მოსახლეობაში იყო ნათელმხილველთა და მოგვთა კლასი, რომლისგანაც გამოვიდა დრუიდთა კლასი. კელტური რეჟიმის დროს** დრუიდებს გააჩნდათ ცოდნა ღმერთების შესახებ, მიღმა სამყაროს შესახებ, მიწისა და ციური სხეულების შესახებ, კაცობრიობის ისტორიის შესახებ. რელიგია და კანონმდებლობა მათ ხელში იყო, მათ ჰქონდათ აგრეთვე ოკულტური და წინასწარმეტყველური უნარები. ქრისტიანულ ირლანდიაში, დრუიდები განაგრძობდნენ არსებობას. მაგრამ მათ უკვე “ფილიდები” ერქვათ, რაც იმ დროისათვის უფრო “პოეტის” მნიშვნელობას იძენს, მაშინ როდესაც ადრე ეს სიტყვა მეტწილად “მხილველს” ნიშნავდა. ამ დროისათვის ისინი უკვე წარმოადგენენ ავტორიტეტს რელიგიის სფეროში, მაგრამ ოკულტური და მაგიური პრაქტიკა ჯერაც მათ ხელში იყო. ისინი ასრულებდნენ წინასწარმეტყველების, ენვოლტაციის რიტუალებს და სხვა. ამავე დროს ისინი იყვნენ საგებისა და სიმღერების შემთხზველნი, რასაც დიდი სახალხო მნიშვნელობა ჰქონდა. სიმღერას-მაგიური ძალა ჰქონდა, რითაც მას შეეძლო ზეგავლენის მოხდენა ამა თუ იმ პიროვნების ქცევაზე, ჯანმრთელობაზე და თვით ბედზეც. გავიხსენოთ “კუხულაინდის სიკვდილიდან” ბოროტი ჯადოქარი, რომელიც ემუქრება კუხულაინდს ბოროტი სიმღერის შეთხზვით. ან ის მომენტი, როდესაც მიჯნურობისაგან შმაგქმნილ კუხულაინდს დრუიდები უმღერიან და არჩენენ სიშმაგისაგან. ასე რომ, პოეზია ძველ ირლანდიაში სიბრძნის ერთი დარგი იყო, ისევე როგორც ძველ საქართველოში (გავიხსენოთ შ. რუსთველისეული განსაზღვრა: “შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი”). თან, ამავე დროს “საღმრთო საღმრთოდ გასაგონი”, ე.ი. რელიგიური პრაქტიკის შემადგენელი ნაწილი. თუმც ირლანდიაში ამავე დროს არსებობდნენ “ბოროტი სიმღერების” შემთხზველნიც, როგორც ზემოთ აღინიშნა.

როგორც ძველი ხალხების კულტურათა და რელიგიური კონცეფციების შესწავლა ცხადყოფს, ოდითგანვე არსებობდა რელიგიის შინაგანი (ეზოტერული) და გარეგანი (ეგზოტერული) მხარე. აქედან გამომდინარე რელიგიას აქვს შინაგანი და გარეგანი ისტორია. ჩვენს ეპოქაში გაღრმავდა რელიგიისა და შემეცნების ურთიერთდამოკიდებულების შესწავლა, რამაც ცხადყო, რომ რელიგიის ადრინდელი ფორმები წარმოადგენდნენ ხალხის მასებისათვის გამარტივებულ, ხატოვნად, იგავურად მოცემულ ღრმააზროვან ჭეშმარიტებებს ადამიანისა და სამყაროს ევოლუციის შესახებ. რელიგიები ეძლეოდა კაცობრიობას შემეცნების მაღალ საფეხურზე მდგარი ადამიანების მიერ, რომელთაც გააჩნიათ უაღრესად ღრმა ცოდნა სამყაროსა და ადამიანების შესახებ. ამგვარ ცოდნას ნაზიარები ადამიანები ერთიანდებოდნენ ე.წ. მისტერიებში, რომელთა პრაქტიკაც უცნობი იყო ხალხისათვის და შეუვალი. იდუმალი მეცნიერების ანუ ოკულტიზ მის (occultus-დაფარული) ამგვარი კერები არსებობდნენ ძველი მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც(კოლხური მისტერიები). კოლხეთიდან ოქროს საწმისის გატაცება ბერძნების მიერ სიმბოლურად უნდა გავიგოთ, როგორც მისტერიალური ცოდნის წაღება, რომელიც ადრე დაჰკარგეს ბერძნებმა და იმ დროისათვის მხოლოდ კოლხეთში იყო შემორჩენილი. “ფარული რელიგია არსებობდა სახალხო რელიგიის გვერდით. მისი დასაწყისი ეკარგება ჩვენს ისტორიულ თვალთახედვას ხალხთა წარმოშობის გარიჟრაჟზე. ჩვენ ვპოულობთ ამგვარ ფარულ რელიგიას ყველა ძველ ხალხებთან, სადაც კი მისწვდება ჩვენი ცნობიერება. ჩვენ ვხედავთ, თუ რა მოწიწებით გვესაუბრებიან ამ ხალხთა ბრძენკაცნი მისტერიის შესახებ”***.

მისტერიებში ოდითგანვე გადმოცემული ცოდნის ათვისების გარდა ხდებოდა ახალი ცოდნის მიღებაც. აქ ეძლეოდა მოწაფეს ინიციაციის, სულის უზენაესი ნათლისღების გზა, რომელიც სხვადასხვაგვარი იყო სხვადასხვა მისტიურ სკოლებში. მაგრამ ერთი რამ მაინც საერთო იყო ყველა მათგანში: ეს იყო ხანგრძლივი მორალურ-ეთიური შემზადება და წინასწარი გამოცდების გავლა, რომლებიც მით უფრო შემზარავნი იყვნენ, ცნობიერების რაც უფრო მაღალი საფეხური უნდა გახსნოდა მოწაფეს. ამ ფათერაკებს სხვადასხვაგვარი სიმბოლური სახეებით გვიხატავენ მისტერიებიდან გამოსული მითები. მაგ. ჰერაკლეს ბრძოლა ჰიდრასთან, ცერბერთან, კენტავრებთან, სხვადასხვაგვარ ურჩხულებთან ბრძოლა ინიციაციის მაძიებელი გმირებისა ზემოთხსენებულ დაბრკოლებათა დაძლევის ანარეკლია. “ყოფიერების საიდუმლოებათა შემეცნების გზა გაივლის საშინელებათა სამყაროს”- როგორც გვეუბნება რუდოლფ შტაინერი.

უმაღლესი ჭეშმარიტების შემეცნება დაკავშირებულია მაღალი ეთიური იდეალის გამარჯვებასთან. ამიტომ ამგვარი გმირები მუდამ ხალხისათვის თავდადებული ადამიანები არიან, რომელნიც ხშირად მსხვერპლად ეწირებიან ხალხის კეთილდღეობას (მითოლოგიური გმირების ერთგვარი გამოძახილია ხალხური ზღაპრების გმირები, რომელნიც დაახლოებით იგივე თვისებებს ატარებენ). ასეთი გმირებია ირლანდიურ საგებში კუხულაინდი, მაილდიუნი, დიარმად ო დუივნეს ძე, კორმაკი და სხვანი.


გმირებისათვის ინიციაციის იდეალი განუყოფელია მოყვასის სამსახურის მაღალ ეთიურ იდეალთან. კუხულაინდი ეუბნება ემერს: ”მე განვიკითხავ ყოველთაა უპოვართა და ყოველი ძლიერი მებრძოლის საბრძოლო ბლისკინი ვარ მე. მე ვიცავ შეურაცხოფილთ და სასჯელს ვადებ ბრალისათვის ძლიერთა ამა ქვეყნისათა…, კატბად პირმშვენიერმა გამწვრთნა მე იმგვარად, რომ მე დავხელოვნდი დრუიდულ საქმეებში და განვისწავლე მაღალ სიბრძნეში”. აქაც გვახსენდება დიდი რუსთველის ნათქვამი: “არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა, მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა მწყობრისა”.

ინიციაციის იდეალის განხორციელება ყველაზე მკაფიოდ მოსჩანს ისეთ ადგილებში, სადაც გმირები ს ი ც ო ც ხ ლ ე შ ი ვ ე აღწევენ სულეთს, “მარად ცოცხალთა საუფლოს”, “ნეტართა საუფლოს”, რომელიც ჯადოსნურ კუნძულზე მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ეს მოტივი გაბატონებულია ანტიურ მწერლობაში. საკმარისია გავიხსენოთ ოდისევსისა და ენეასის ჩასვლა მკვდართა საუფლოში, ჰადესში, გილგამეშის გადასვლა სულეთში და სხვა. თუმც კელტური საგების ზემოთხსენებული სულეთი ბერძნების “ელისეს მინდვრებს” და „ჰესპერიდების ბაღნარს“ უფრო უახლოვდება (რომელსაც აღწევს ჰერეკლე, ვიდრე ჰადესს, რომელიც უფრო ქტონიურ, ქვესკნელურ ძალთა საუფლოა. ყველაზე მკაფიოდ ეს მოტივი იკვეთება მაილ დუინის, ამ ირლანდიელი ოდისებსის მოგზაურობაში (აქვე დავსძენთ, რომ ინიციაციის სიმბოლური ქვეტექსტი უნდა უნდა ვიგულისხმოთ რუსთველთან ქაჯეთის აღებაშიც, სადაც ნესტან-დარეჯანის სახით სიმბოლოზირებულია საზეო სიბრძნე, ქალწული სოფია, რომლის გამოხსნაც ხდება შავეთის ძალთა ტყვეობიდან), რაც შეეხება ჰადესს, მისი პარალელია ირლანდიურ საგებში სკატახის საუფლო, სადაც კუხულაინდი, საფრთხეთა დაძლევის გზით სწავლობს საბრძოლო ხელოვნებას. შესაძლოა ითქვას, რომ არც ერთი ხალხის მისტერიებში არ ასრულებდა საბრძოლო ხელოვნება და სიმამაცე ისეთ დიდ როლს, როგორც კელტებთან. იგივე შეიძლება ითქვას კოლხურ მისტერიებზე, სადაც იაზონს ამდენი ფათერაკის დაძლევა მოუხდა. “ვეფხისტყაოსანიც” უთუოდ ადრინდელი კოლხური და იბერიული მისტერიების გამოძახილია, სადაც ვაჟკაცობა თამაშობდა ძირითად როლს ინიციაციის გზაზე. ტარიელი ვეფხის (ქვენა ბუნების) დამმარცხებელი გმირია, რომელიც თავისი შეუპოვრობით ამარცხებს დევებსა და ქაჯებს და ახორციელებს ინიციაციის უზენაეს იდეალს.

***

ირლანდიური საგების მომხიბვლელ სამყაროში ქართველი მკითხველი შეჰყავს შოთა ჩანტლაძის მაღალი პროფესიონალიზმითა და მხატვრული ოსტატობით შესრულებულ თარგმანს. ის სტილისმიერი კამერტონი, რომელიც შეარჩია მთარგმნელმა, ხელს უწყობს ამ უჩვეულო ნაწარმოებთა გაცოცხლებას ქართულ ენაში. რთული ფერწერული და ბგერწერითი ოსტატობა, რომელიც გამოავლინა მთარგმნელმა, ინტონაციათა ეს ნაირგვარობა, ქართული ენის ულევ შესაძლებლობათა დიად აღლუმად წარმოსდგება ჩვენს წინაშე.. შოთა ჩანტლაძე თავისუფალი, იმპროვიზაციული მანერით ჰქმნის ხელახლა ირლანდიულ საგებს, იგი ცხოვრობს გმირთა ცხოვრებით, მისი უშუალო განცდიდან იშვის ირლანდიის პანორამები, ფერწერულ-ჟანრული სურათები, ბატალური სცენები, მისტიური ზმანებები. მას, როგორც ჭეშმარიტად პოეტს, სიტყვის პლასტიკური და მუსიკალური მხარე უფრო აინტერესებს, ვიდრე სემანიტური მნიშვნელობა, ამიტომ ალაგ-ალაგ სცვლის კიდევაც ამ მნიშვნელობის ნიუანსებს. შოთა ჩანტლაძე არნახული სიცხოვლით გრძნობს რიტმს პროზისას, და ამავე დროს იგი წარმოსდგება ჩვენს წინაშე, როგორც ქართული ლექსის ბრწყინვალე ოსტატი. ლექსის ვოკალურობასთან, ალიტერირებული კადანსების კეთილხმოვანებისმიერი მჭახე აკორდების შემოჭრა, განსაკუთრებით საბრძოლო სცენებში და კატასტროფულ პასაჟებში. ამავე დროს გვხიბლავს მკაცრი ლაპიდარობა ენისა, რითაც აღდგენილია დედაენის ძირითადი განწყობილება. და ბოლოს, ისეთი შთავეჭდილება გვრჩება, თითქოს ირლანდიელი მთქმელი – ოქროპირი გაცოცხლებულაო ქართულ ნიადაგზე, თითქოს კელტი ხალხის გენია თავისი მონათესავე ქართული გენიის პირით გვაუწყებსო გადასულ დროთა ამბებს, რათა აღაგზნოს ჩვენს გულში ღრმად მიძინებული წყურვილი გმირობისა.

Advertisements

%(count)s კომენტარი »

  1. დიდი ბოდიში მაგრამ დამოწმებული ლიტერატურა არ მოჰყვება ამ ნასრომს? თუ შესაზლებელია იქნებ ესეც დავდოთ, ან სად არის გამოქვეყნებული?

    კომენტარი by gela — იანვარი 29, 2013 @ 8:31 PM


RSS feed for comments on this post. TrackBack URI

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: