ზვიად გამსახურდია

ივლისი 28, 2010

ზვიად გამსახურდია – მესხეთისადმი

მესხეთისადმი

შენ გეზმანება ვაჰანი და ძველი ვარძია,
სამსარი, კლდეში შეხიზნული, გედივით წუნდა,
შოთას აკვანი მადლიანი ვინაც არწია,
ვინაც ჯვარცმული იყო მარად და არ შეძრწუნდა.

შენ გეზმანება გარუჯული სამცხის სერები,
მუნჯი მოწამე წარსულისა – მდუმარე მტკვარი,
ცის კაბადონზე სპილენძის და ტყვიის ფერები,
კუმურდოს თაღი დაღარული და ზარზმის ზარი.

შენ გეზმანება ოლთისი და მდუმარე ბანა,
იშხანი, ოშკი, პარხალი და წმინდა ხახული,
ვინაც ხილვები წარსულისა ცრემლებით ბანა,
ჟამთა სიავით დასეტყვილი და ჭირნახული.

ხანძთის უდაბნო, მუნ მლოცველი წმინდა მამები,
ცისკარზე წმინდა გარდამოხსნის გამოსვენება,
მონასტრის ვაზი, მზით ძალუმად ნათამამები,
და აღაპებში გარდასულთა ძმათა ხსენება.

აქ თითქოს ქვებიც ჩაკირულან ცრემლის დუღაბით,
დანისლულ ქედებს დასტყობია სევდის ხაზები,
მოსჩანს ხერთვისი, სალ კლდეებთან შენადუღები
და საფლავებზე გახლართულად უსურვაზები.

თმოგვს მკერდდალეწილს დაფრქვევია სხივთ ათინათი,
სეფე-გოდოლზე გადმომდგარა სარგის თმოგველი,
გასცქერის ზეცას, მარადიულ მზისა თინათინს,
ნათელმხილველი მზერა მისი მზეობს მოგვური.

ვარძიის ცაზე შარავანდნი ბევრად ასობენ,
დიდი თამარი დაჩოქილა ღვთისმშობლის ხატთან,
დღეს მხედრობანი ზეციურნი მასთან დასობენ,
ღვთივკურთხეული ლიტანია ცისკრამდე გასტანს.

ევლოგ სალოსი, შავთელი და დიდი რუსთველი,
თანამლოცველნი დედოფლისა სთხოვენ განგებას,
ქართველთა ლაშქრის გამარჯვებას, მტერთა მმუსვრელის
ქართული მოდგმის საუკუნო არგადაგებას.

ისმის ყიჟინა სამცხის სპათა თავგანწირული,
დღეს შეიმუსრა საქართველოს დუშმანი, მტერი,
ისმის გალობა, ისმის ჟამნი, ჰანგი გმირული,
და საქართველოს აღზევებას ზეიმობს ერი.

გარდასულ ჟამის ამ ხილვებით მარად ნეტარი,
მტკიცე ნაბიჯით მომავლისკენ მიიკვლევ შარას,
წმინდა გიორგი, საქართველოს ნათლის მხედარი,
ფერისცვალების მაღალ მთაზე დაგიდგამს კარავს.

ზვიად გამსახურდია

ზვიად გამსახურდია – ეროვნება არა აქვს ცხოველს

ინტერვიუ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდიასთან:

სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში

როცა სადღაც აფრიკაში ამხობენ მორიგ დიქტატორს, დაახლოებით ბოკასას ტიპისას, კაციჭამიაობაში მხილებულს, დასავლეთის განვითარებული ქვეყნების მთავრობები ამას განიხილავენ, როგორც “ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლების უხეშ დარღვევას” და დიქტატორის საწინააღმდეგოდ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჯარებს გზავნიან. მაგრამ როცა საქართველოში იარაღის ძალით დაამხეს კანონიერი ხელისუფლება, მსოფლიო საზოგადოებრიობამ ეს ფაქტი შეაფასა, როგორც ქართველი ხალხის თავისუფალი ნების გამოვლინება.

იმის გასარკვევად, თუ რით აიხსნება დასავლური დემოკრატიის ესოდენი გულგრილობა სახელმწიფოს კანონიერი ხელისუფლების ბედისადმი, მივმართეთ თავად საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას.

-მთავრობები, რომელთაც თქვენ დემოკრატიულს უწოდებთ, სინამდვილეში კარგა ხანია განუდგნენ დემოკრატიას. დემოკრატია იქცა ცარიელ სიტყვად, რომელსაც თავის ნებაზე ატრიალებენ დასავლეთის მთავრობათა ამა თუ იმ პოლიტიკური ინტერესების შესანიღბავად. როცა ამ მთავრობებს სურთ გააძლიერონ თავიანთი გალენა და სამხედრო ყოფნა რომელიმე რეგიონში, თავდაპირველად ცდილობენ მოისყიდონ ამ ქვეყნის ხელისფლება და თუ წინააღმდეგობას წააწყდნენ, უბრალოდ, ამხობენ მას. ასეთ შემთხვევაში მათთვის არა აქვს მნიშვნელობა დამხობილი რეჟიმის ხასიათს: დემოკრატიულია იგი, თუ ავტორიტარული. ეს მტაცებლური მიდგომა სხვა ქვეყნებისადმი დღეს საბოლოოდ დამკვიდრდა ნატოს სახელმწიფოებში.

აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ყველაზე მძლავრი სახელმწიფოები უკვე აღარც კი ცდილობენ შენიღბონ თავიანთი ზრახვები და აშკარად და ცინიკურად თრგუნავენ სხვა ხალხთა ნებას. სწორედ, ეს მოხდა საქართველოში.

ბატონო პრეზიდენტო, რას წარმოადგენენ ეს მსოფლიო ძალები, ესოდენ თავისუფლად რომ ერევიან უცხო სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში?

— კაცობრიობის მტრებს-ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით: ისინი მიზნად ისახავენ ყველა სხვა ხალხის გენოციდს; პლანეტის მთელი მოსახლეობის ერთი განსაზღვრული ჯგუფის გამოკლებით. ეს ჯგუფი მჭიდროდ არის დაკავშირებული შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან და მთელი ძალით მიილტვის მსოფლიო ბატონობისაკენ. ძოგადად, მე მას ევროამერიკულ იმპერიალიზმს ვუწოდებდი. მთავარ დამკვრელ ძალას მასში წარმოადგენს აშშ. შეიძლება ითქვას, სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში იმართებოდა ოკეანის გაღმიდან. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯ. ბეიკერის პირადი მონაწილეობით და ბუშის ლოცვა-კურთხევით.

ბეიკერმა პირდაპირ მოუწოდა პუტჩისადმი საქართველოს ბანდიტურ-ოპოზიციურ დაჯგუფებებს (ამერიკაში ჩინებულად იცოდნენ, რომ ოპოზიცია საქართველოში კრიმინალური მაფიისა და ყოფილი პარტოკრატებისაგან შედგებოდა). ბეიკერმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ უჭერდა მხარს საქართველოში არსებულ რეჟიმს და არაფრით დაეხმარებოდა მას. სცენარი გადატრიალებისა, რომელიც აშშ-მ მოაწყო საქართველოში, ადრე არაერთგზის გამოუყენებია ამ ქვეყანას პლანეტის სხვა რეგიონებში.

— რით ვერ დაიმსახურა თქვენმა ხელისუფლებამ დასავლეთის კეთილგანწყობა?

— ჩვენ მივესწრაფვოდით დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას, არ დავემორჩილეთ დასავლური სახელმწიფოების დიქტატს, არ ვიქეცით მათი ინტერესების მსახურად, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ არ დავუშვით, რომ საქართველო დასავლეთის კოლონიად ქცეულიყო.

დასავლეთს კი მხოლოდ ისეთი ხელისუფლება აძლევდა ხელს, რომელიც უსიტყვოდ აღასრულებდა მის ნებას. ეს იქცა ერთ-ერთ მიზეზად სამხედრო გადატრიალებისა და ხელისუფლებაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (ცრუ) აგენტისა და ევროამერიკული იმპერიალიზმის პირდაპირი აგენტის მოსვლისა.

მაგრამ დასავლეთის წყრომას ჩვენს მიმართ კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა. სახელმწიფოს სათავეში მოსულნი, ჩვენ ვესწრაფვოდით ეროვნული კულტურის აღორძინებას, ხალხის შეკავშირებას ეროვნული სულისკვეთებით, რათა მას მთელი სიღრმით გაეცნობიერებინა, რომ გაცილებით ძველი ისტორია აქვს, ვიდრე ბევრ ევროპელ ხალხს… ჩვენი პოლიტიკის ეს ეროვნული ორიენტაცია არ იწვევდა სწორედ საერთოევროპული სახლის მესვეურთა აღტაცებას, რადგან ოფიციალური დასავლეთი (მხედველობაში მაქვს ხელისუფლებანი და არა ხალხები) ებრძვის ყოველგვარ ეროვნულ მოძრაობას. მათი მიზანია, გაანადგურონ ერის ნება საერთოდ და შექმნან ერთიანი მსოფლიო კონგლომერატი, სათავეში-მსოფლიო ხელისუფლებით. ამ მსოფლიო მთავრობამ უნდა განაგოს ქვეყნიერება და დაამყაროს ე.წ. ახალი მსოფლიო წესრიგი. ახალი მსოფლიოს წესრიგის არსია: განადგურება ყველა სახელმწიფოს (ქრისტიანული იქნება ის თუ მუსულმანური, რელიგიას  ისინი არ ანიჭებენ ნმიშვნელობას) დამოუკიდებლობისა, გენოციდი ამ ქვეყნების მოსახლეობისა და საბოლოო დამორჩილება მთელი პლანეტისა.

ძალები, რომელთაც ეკისრება მსოფლიო ხელისუფლების ბატონობის შემზადება, სხვა ქვეყნებს განიხილავენ მხოლოდ რესურსების თვალსაზრისით. მათი მიზანია, ეს ქვეყნები თავიანთი ხალხებით, მთავრობებით, კულტურებითურთ აქციონ უბრალოდ ტერიტორიებად, სადაც მოსახლეობას დატოვებენ მხოლოდ მსოფლიო ელიტისათვის საჭირო რაოდენობით. ამასთან, სრულიად დემორალიზებულს, მზადმყოფს მისი ინტერესების სამსახურისადმი. ამ ზრახვათა განცხორციელებას მხოლოდ ხალხთა ეროვნული თვითშეგნება და ეროვნული სახელმწიფოების შექმნა შეიძლება აღუდგეს წინ. ამიტომ ებრძვის დასავლეთი ეროვნულ მოძრაობებს, ამიტომ ცდილობს ეთნიკური კონფლიქტების გაჩაღებას და ომების პროვოცირებას. მაგალითად, იუგოსლავიაში მიმდინარე ომი მათი ნამოქმედარია. ეს შემთხვევით სტიქიურად აალებული კონფლიქტი კი არ არის, არამედ მიზანმიმართულად გაჩაღებული ომი, რომელშიც უნდა დაიფერფლოს ეროვნული იდეის მატარებელი ხალხი. დღეს დასავლეთს იუგოსლავიის მოდელი დასავლეთიდან გადააქვს კავკასიაში, ხელოვნურად მწვავდება ეროვნებათაშორისი დაძაბულობა. შემდგომში ხან აქ, ხან იქ აფეთქებული ლოკალური კონფლიქტები დასავლეთს მისცემენ საბაბს პირდაპირი სამხედრო ჩარევისათვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძალთა სახით. სულ ახლახან გაკეთდა განცხადება, რომ ნატო ქმნის სწრაფი რეაგირების ძალებს, ასი ათასი კაცის შემადგენლობით, რომელიც ჩაერევა მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში მიმდინარე მოვლენებში. ფრიად საყურადღებოა, რომ ამასთან დაკავშირებით მოხსენებულ იქნა კავკასია და იუგოსლავია.

— ბატონო პრეზიდენტო, თქვენ განზრახული გქონდათ ისეთი სახელმწიფოს აშენება საქართველოში, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა ეროვნული ინტერესებისაკენ. რა მიგაჩნიათ უმთავრეს პირობად ეროვნული სახელმწიფოს აშენებისათვის?

— პირველ რიგში, აუცილებელია შემუშავება ისეთი მექანიზმისა, რომელიც უზრუნველჰყოფს ქვეყანაში მოსახლე ყველა ეროვნების ურთიერთთანხმობის მიღწევას, ეროვნულ უმცირესობათა უფლების განუხრელ დაცვას.

ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ შინაგანი სტაბილურობის მიღწევა შეუძლებელია ძალადობისა და ეროვნულ უმცირესობათა დათრგუნვის გზით. აუცილებელია გადასვლა ერთ სახელმწიფოში ეროვნებათა თანაარსებობის ისეთ ფორმაზე, რომელიც ხელსაყრელი იქნება ყველასათვის, როგორც ეკონომიკის სფეროში, ისე ეროვნული კულტურის შენარჩუნების უსაფრთხოების თვალსაზრისით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო კოსმოპოლიტური ძალები, რომლებზედაც ვლაპარაკობთ, უსათუოდ შეეცდებიან რომელიმე ეროვნების უკმაყოფილება გამოიყენონ სახელმწიფოს დარღვევისათვის. ეს მათი ნაცადი და ქმედითი ხერხია. თვითგამორკვევის პრინციპი რასაკვირველია, არ უნდა დავიდეს აბსურდამდე; მაგალითად, თუ დღეს რუსეთში ვოლგისპირელმა გერმანელებმა გერმანული სახელმწიფოს შექმნა მოინდომეს, ეს ყოვლად დაუშვებელ მოთხოვნად უნდა შეფასდეს.

— რატომ ქმნიდით მაინც და მაინც ეროვნულ სახელმწიფოს? საერთოდ, რაში სჭირდება ადამიანს ეროვნება, თქვენი თვალსაზრისით?

— სწორედ, ეროვნული თვითსეგნება აქცევს ადამიანს ადამიანად. ეროვნება არა აქვს ცხოველს, სარწმუნოება და ეროვნება ის ძირითადი თვისებებია, რომელნიც ადამიანს სხვა სულიერისაგან განასხვავებენ და მისთვის ამ განმასხვავებელი თვისებების წართმევა უმძიმესი დანაშაულია ადამიანის წინაშე, დასაწყისი მისი, როგორც პიროვნების, დეგრადაციისა. დენაციონალიზაცია წინაპართა და წარსულის უარყოფა, ადამიანის სრული მოკვეთაა ეროვნული ფესვებისაგან. კაცი ადამიანურ აზრს მხოლოდ თავისი ეროვნული კულტურის წიაღში ინარჩუნებს, ამიტომ ადამიანის კულტურა განუყრელად არის დაკავშირებული მის ეროვნებასთან; იგი მშობლიური კულტურის მეშვეობით ეზიარება მსოფლიო ცივილიზაციას. ამდენად დენაციონალიზაცია ადამიანისა და დენაციონალიზაცია ქვეყნისა წყვეტენ მათ კავშირებს დანარჩენ სამყაროსთან და დაუცველს ტოვებენ მსოფლიო მასშტაბით ორგანიზებული კოსმოპოლიტური ძალების წინაშე.

რა ძალები აღუდგნენ სახელმწიფოს შექმნას თვით საქართველოში?

 

— საქართველოში ინტელიგენციის გარკვეულ ნაწილს ნომენკლატურულს უწოდებენ. კულტურის ეს მოღვაწენი დიდი პრივილეგიებით სარგებლობდნენ საბჭოურ წლებში და ახლაც ახალ პრივილეგიებს გამოდევნებულები მზად არიან ზურგი აქციონ მშრომელი ხალხის ინტერესებს. ამჯერად ისინი ე. შევარდნაძის გარშემო დაირაზმნენ. იგივე ნაწილი ინტელიგენციისა ძალზედ მჭიდროდაა დაკავშირებული ჩრდილოვანი ეკონომიკის სამყაროსთან, მაფიასთან. არსებითად, ჩვენთან, საქართველოში, მათ შორის არც არის რაიმე განსხვავება. ისინი ისე განუყრელად შეზრდიან ერთმანეთს, რომ ერთ პიროვნებაში ხშირად შერწყმულია ინტელიგენტიც და დანაშაულებრივი სამყაროს ავტორიტეტიც. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების წლებში წარმოიქმნა მთელი კლასი ასეთი ჰიბრიდებისა. სწორედ, ისინი ჩაუდგნენ სათავეში და განახორციელეს გადატრიალება.

ერთნი საქართველოში მომხდარს ახასიათებენ, როგორც “ბურჟუაზიულ რევოლუციას”, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს; საქართველოში არ არსებობს ბურჟუაზია, არის მხოლოდ მაფია და საქართველოში სწორედ “მაფიოზური რევოლუცია” მოხდა.

— რით აიხსნება დასავლეთის ესოდენ გაზრდილი ინტერესი კავკასიის მიმართ?

 

— ეს რეგიონი ძალზედ მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, კავკასიის მფლობელი ფლობს ახლო აღმოსავლეთსაც და აზიასაც. ეს, სხვათაშორის, მუდამ ესმოდათ დასავლეთის ქვეყნებს, რის გამოც ბრძოლა კავკასიისათვის უძველესი დროიდან მიმდინარეობდა მათსა და რუსეთს შორის.

წმინდა სამხედრო თვალსაზრისით კავკასია წარმოადგენს ხიდს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, რომელიც მეტად აუცილებელია ორივე მხარისათვის.

რუსეთიც კავკასიას ოდითგანვე განიხილავდა, როგორც მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ პლაცდარმს, მაგრამ რუსეთი დღეს სუსტდება და ამიტომ დასავლეთი მიისწრაფვის ხელიდან გამოსტაცოს მას ინიციატივა, თავისი გავლენა გაავრცელოს ამ რეგიონში და ბოლოს და ბოლოს მოახდინოს მისი ოკუპაცია. მაგრამ ეს შეუძლებელია კავკასიის სრული “ბალკანიზაციის” გარეშე. საკმარისია, რუსეთმა სცნოს მთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რომ მათი სახით მყისვე შეიძენს ყველაზე ერთგულ მეგობრებს, რადგან აქ მკაფიოდ განასხვავებენ ელცინსა და რუსეთის სახელმწიფოს, როგორც მფარველს დასავლური ექსპანსიისაგან.

— ბატონო პრეზიდენტო, თავად თქვენ როგორ ეკიდებით რუსეთს?

 

— ძალიან კარგად. ვიმედოვნებ, არც თქვენ აიგივებთ ელცინსა და რუსეთს! მმართველები მოდიან და მიდიან, ქვეყანა კი რჩება. მე მიმაჩნია, რომ როლი, რომელსაც დღეს რუსეთი ასრულებს კავკასიაში, არ შეესაბამება მისსავე ინტერესებს და ოკეანის გაღმიდან აქვს თავსმოხვეული.

ჩემთვის არ არის უცხო პრორუსული განწყობა. მე მუდამ მივესწრაფვოდი მჭიდრო კავშირს რუსეთთან და ვოცნებობდი, საქართველოს ჰყოლოდა ბუნებრივი მოკავშირე ამ თავისი დიდი აღმოსავლელი მეზობლის სახით. მაგრამ ეს არ აძლევდა ხელს დასავლურ სამყაროს და მის მორჩილ ხელისუფლებას რუსეთისა. ისინი განაგრძობენ ეთნიკური კონფლიქტების გაჩაღებას კავკასიაში. შედეგად, ჩვენ ვდგავართ ამ კონფლიქტების დიდ ომში გადაზრდის სავსებით რეალური საფრთხის წინაშე.

მე იმედი მაქვს კონფლიქტებში ჩათრეული ხალების; პირველ რიგში, რუსი ხალხის საღი აზრისა და გონიერებისა. ვიმედოვნებ, იგი შეიგნებს, თუ ვინ და რა ინტერესების კარნახით უბიძგებს რუს ჯარისკაცებს ახალი კავკასიური ომის უფსკრულსაკენ. ამ ომში ვერც ერთი მხარე ვერ იქნება გამარჯვებული. მხოლოდ დასავლეთი მოითბობს ხელს ახალი ომის ალზე.

მე მწამს ხალხთა სიბრძნისა. ეს არის უკანასკნელი, რამაც უნდა გვიხსნას კატასტროფისაგან.

“ნაროდნაია პრავდა”
1992 წელი
სანკტ-პეტერბურგი

zv-dj

ივლისი 17, 2010

ზვიად გამსახურდია – გამოცხადების, სამების და სამოთხიდან გამოძევების შესახებ

Filed under: ზვიად გამსახურდია — ტეგები:, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , — georgianeli @ 4:41 PM

ლექციიდანსამყაროს ევოლუცია, ანუ კაცობრიობის სულიერი ბიოგრაფია

ადამიანის მიღწევები მეცნიერებაში, ხელოვნებაში და, საერთოდ, ყოველგვარი მიღწევა კაცობრიობისა, შედეგია ადამიანის გონების მოღვაწეობისა, მაგრამ გონების გარდა ადამიანს აქვს უნარი, რომელიც ამ გონებაზე მაღლა დგას და ეს უნარი არის, კერძოდ, ნათელხილვის ანუ ინტუიციის უნარი. გონების მოღვაწეობას ემყარება მეცნიერული შემეცნება გარემო სამყაროსი, ფილოსოფიური შემეცნება, ხოლო რელიგია ემყარება გამოცხადებას. გამოცხადება არის ადამიანის სულის უნარი, რომელიც გონებაზე მაღლა დგას. იგი უცხადებს ადამიანს ისეთ სამყაროს, რომელსაც გონება ვერ სწვდება. გონება სწვდება მხოლოდ მატერიალურ სამყაროს დროისა და სივრცის ფარგლებში მოცემულს, ამ სამგანზომილებიან სამყაროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. გონება იაზრებს და ქმნის კატეგორიებს ამ სამყაროს შესამეცნებლად და მხოლოდ თავისი კრიტერიუმებით უდგება მას, ხოლო გამოცხადებით მიღებული ცოდნა გონების მიერ ყოველთვის ვერ შეიმეცნება და ვერ გაანალიზდება, იმიტომ რომ ეს უფრო მაღალი უნარია ადამიანში და ის უცხადებს უფრო მაღალ სამყაროს, ვიდრე გონებით შიძლება შემეცნება. კერძოდ, იგი გვიცხადებს ღვთის სამყაროს, თვითონ ღმერთს და რაც ღმერთთან არის დაკავშირებული, .. ღმერთი ადამიანს გონებით ვერ ეძლება, რადგან ის გონება, რომელიც მას აქვს, მხოლოდ და მხოლოდ ხილული სამყაროს შემეცნებისათვის არის მომზადებული. ადამიანის გონებრივი უნარი ვერ სწვდება უფრო მეტსმრავალგანზომილებიან აბსოლუტურ სამყაროს. დიდმა გერმანელმა ფილოსოფოსმა, კანტმა დაამტკიცა, რომ გონებით შეიმეცნება მხოლოდ ის სამყარო, რომელიც მოცემულია ჩვენთვის, როგორც ხილული სინამდვილე, ხოლო ღვთის სამყაროს, კანტისავე გამოთქმით, გონება ვერ სწვდება და ვერც ასაბუთებს. მხოლოდ გონებისმიერი მტკიცებებით ღვთის არსებობის დასაბუთება შეუძლებელია. გონებით შეიძლება დაამტკიცო ღვთის არსებობა და ასევე, გონებით შეიძლება უარყო ღვთის არსებობა .. გონება ერთმანეთის გამომრიცხავ მონაცემებს იძლევა ღმერთის შესახებ. იგი თანაბრად ამტკიცებს და უარყოფს კიდეც ღვთის არსებობას. ხოლო რაც შეეხება გამოცხადებას, გამოცხადებით ხდება მიღება ცოდნისა, ან ინფორმაციისა ღვთის შესახებ, ღვთაებრივი სამყაროს შესახებ, რომელიც ამ ემპირიულ სამყაროზე მაღლა დგას. აი, ამ ემპირიულ სამყაროზე მაღლა მდგომი არსება, რომელსაც ფილოსოფია უწოდებს აბსოლუტს, ხოლო რელიგიაღმერთს, ვერაფრით ვერ გაიაზრება ჩვენს მიერ, ჩვენი ინტელექტის მიერ, გონების მიერ. ამის გამო რელიგიის წყარო და დასაყრდენი არის გამოცხადება, .. ადამიანის სულიერი სამყარო და ღმერთი. ღმერთი თავის გამოცხადებას აძლევს ადამიანს არა გონებაში, არამედ მის ნათელმხილველურ უნარში, .. ღმერთი ადამიანს ეძლევა, როგორც გამოცხადება და არა როგორც ლოგიკური და ფილოსოფიური სისტემა.

გამოცხადებაზე დაყრდნობილია მისტიკა, თეოსოფია, ხოლო თეოლოგია დაყრდნობილია გონებისმიერ უნარზე. თეოლოგია არის ისეთი მეცნიერება, რომელიც აზროვნებით ცდილობს ღვთის არსებობის დასაბუთებას. თეოლოგია ორგვარიარაციონალური, .. დოგმატური და ირაციონალური თეოლოგია, ანუ მისტიკური თეოლოგია. დოგმატიკოსი თეოლოგი ღვთის არსებობას გონებისმიერი მსჯელობით, ლოგიკით ასაბუთებს, ხოლო მისტიკოსი არის ადამიანი, რომელიც ღვთის არსებობას ნათელხილვით ჭვრეტს. ეს ორი მიმდინარეობა ყოველთვის იყო წყარო ჭეშმარიტი რელიგიისა, თეოლოგიისა. ეს იმას ნიშნავს, რომ რელიგიაში გონების მომენტი არ არის გამორიცხული, .. რელიგია გონებას მოკლებული რამ კი არ არის, უბრალოდ, გონებას რელიგიაში არა აქვს პრიორიტეტი, ის უპირატესობას, მთავარ როლს გამოცხადებას ანიჭებს, ხოლო გონება არის მაკონტროლებელი ყოველივე ამისა, რასაც იძლევა გამოცხადება.

ყოველი დიდი რელიგიის ფუძემდებლები რელიგიურ ჭეშმარიტებებს ჭვრეტდნენ გამოცხადებით, ისინი გონებისმიერი მსჯელობებით (ტვინის ჭყლეტით) კი არ მიდიოდნენ ღვთის არსებობის უდავობამდე, არამედ გამოცხადებით, ნათელხილვით ჭვრეტდნენ ღმერთს.

* * *

მამა შეუმეცნებელი საწყისია ყველაფრისა. ძე არის იგივე მამა ყოფიერებაში, ქმედებაში, ხოლო სულიწმინდა არის ის, რაც აძლევს ყოფიერებას სიწმინდეს, რაც განწმენდს ყოფიერებას და აძლევს სიბრძნეს, თრგუნავს და ამარცხებს ყოველგვარ უარყოფითს. აი, ეს არის ქრისტიანული სამება. ფაქტობრივად, აქაც ერთი და იგივე ღმერთია, რომელიც სამ სხვა და სხვა ასპექტში გვევლინება: მამის, ძის და სულიწმინდის ასპექტში. ამას ჰქვია ღმერთი სამი ჰიპოსტასი. სამება არ ნიშნავს რიცხობრივად სამობას, სამ სხვა და სხვა საგანს, არამედ ნიშნავს გვამოვნებას, ანუ თვისობრივად სამს, .. ღმერთი რიცხობრივად კი არ არის სამი, არამედ თვისობრივად არის სამი , სამგვარია მისი გამოვლინება, თორემ არსებით ის ერთია (უნდა განვასხვავოთ არითმეტიკული სამება და რელიგიური სამება).
ახლა ვნახოთ, თუ როგორ არის ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში მოცემული სამების არსი. მაქსიმე აღმსაარებელი არის ის ღვთისმეტყველი, რომელმაც ჩამოაყალიბა მართლმადიდებლური აღმსარებლობა, ანუ სარწმუნოებრივი კრედო, ჩამოაყალიბა ძირითადი დებულებები და მოგვცა, როგორც თეოლოგიური სისტემა. მას აქვს სამების ასეთი განსაზღვრება: “მწამს ერთი ღმერთი, მამა უშობელი, ერთი ძე და სიტყვა ღმრთისა მამისაგან შობილი და ერთი სულიწმინდა, მამისაგან გამომავალი”. მამა უშობელი ნიშნავს, რომ მამა არის ისეთი საწყისი, რომელსაც თავად საწყისი არა აქვს. ძე არის ისეთი საწყისი, რომელსაც საწყისად მამა აქვს, მაგრამ ეს გარეგნულად, ფიგურალურად, არსით კი არა, არამედ ჩვენი შემეცნებისათვის გასაგებად. ღმერთი შემოქმედებაში არის ძე, მამის მიერ დაბადებული ჩვენთვის, ამ გაგების ის არის შობილი და არა ქმნილი. ქმნილი ჰქვია არარაობისაგან შექმნილს. რადგან ძე მუდამ არსებობდა, ღმერთი მუდამ არსებობდა, ამიტომ ის არის მამისაგან შობილი. “…სამგვამოვნება გაყოფილი რიცხვით, გვამოვნების თვითებით და განუყოფელი ღვთაებით…”-თეოლოგიური ტერმინოლოგია ზოგჯერ ისეთია, რომ გარეგნულად ლოგიკას ეწინააღმდეგება, რადგან როგორც უკვე ვთქვით, ლოგიკა ამქვეყნიურ, მიწიერ სამყაროზე გვესაუბრება, ხოლო თეოლოგია გვესაუბრება ღვთაებრივ სამყაროზე, რომელზედაც საუბარი რთულია ჩვენი ლოგიკური კატეგორიებით. ამიტომ, ლოგიკა ირღვევა და ერთმანეთის გამომრიცხავი, ერთმანეთის საწინააღმდეგო ცნებებით ხდება ამის გადმოცემა. “… სამება, ღვთის სამპიროვნება, განიყოფებიან განუყოფლად და შეიერთებიან შეურევნელად. ამადაც ვიტყვით ღვთაების ერთარსებას, ერთბუნებას და სამგვამოვნებას, რამეთუ სამთავეს საერთო აქვს ღვთაება და საღმრთო ბუნება. თითოეულის თვითება შეუცვალებელია, მამისა მამობა უშობელი, ძისა ძეობა შობილი და სულიწმინდისა გამოსვლა. ვინაიდან არც მამა შეიცვალება ძედ, ანუ სულად, არც ძემამად, ანუ სულად, არც სულიწმინდა მამად, ანუ ძედ. ღმრთად ვაღიარებ თვითეულს”. მართალია, ძე შობილია მამისაგან, მაგრამ ძე ნაკლები კი არ არის მამაზე, ერთი და იგივეა, ღვთაება ერთი და იგივეა, დონე ერთი და იგივეა. .. თქმა იმისა, რომ მამა უფრო დიდია, ძე უფრო პატარა, არ შეიძლება. იყვნენ ერეტიკოსები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მამა უფრო დიდია, ძე უფრო პატარა და დაქვემდებარებულია მამაზე, სულიწმინდა კიუმნიშვნელო ღმერთი. ამაზე იყო დავა და მთელი რიგი სექტები გამოეყვო მართლმადიდებლობას. ერთერთი ასეთი სექტა იყო რუსების სექტადუხობორები”-სულიწმინდასთან მებრძოლები. მათი აზრით, სულიწმინდა არ იყო ღმერთი. ამის შესახებ ბასილი დიდმა დაწერა სპეციალური ტრაქტატი, სადაც ამტკიცებს, რომ სულიწმინდა ისეთივე ღმერთია, როგორიც მამა და ძე. სულიწმინდის ღვთაების უარმყოფელებს არ ესმოდათ, თუ როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო სამი თანაბარი, ერთმანეთისაგან არაფრით გამორჩეული, თან გარჩეული. ადამიანური ლოგიკა ამას ვერ აცნობიერებდა, სექტები ხშირად იმიტომ წარმოიშვნენ, რომ ლოგიკით ვერ აცნობირებდნენ გამოცხადების ჭეშმარიტებებს, რომელიც უფრო მაღლა დგას ლოგიკაზე, გონებაზე. უნდოდათ ყველაფრის რაციონალიზირება, გონებით გადმოცემა. ამის გააზრებას რომ ვერ ახერხებდნენ, მაშინ ქმნიდნენ თავიანთ რელიგიურ სისტემებს და უპირისპირდებოდნენ ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას და გამოცხადებას.

.. სრული ღმერთია მამა, სრული ღმერთია ძე და სრული ღმერთია სულიწმინდა. “არამედ არა სამი ღმერთი, რამეთუ ერთია ღმერთი და ერთია ღვთაება სამი თანაარსი გვამით”, არსით ერთი, მაგრამ გვამებით, ან გვარებით სხვა და სხვა. ამაზე ამბობს რუსთაველი პროლოგში: “ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა”. აქ ლაპარაკია ზენა გვარებზე. ყველაზე ზენა გვარი არის სწორედ ეს სამი გვარი, რუსულადვიდ”, ლათინურადგენუს”.

“… ესენი არც ბუნებით განიყოფებიან, არც ადგილით, რამეთუ სადაც არის მამა, იქვეა ძეც და სულიწმინდაც, სადაც არის ძე, იქვეა მამაც და სულიწმინდაც და სადაც არის სულიწმინდა, იქვეა მამაც და ძეც…” ეს არის მთავარი. “…თაყვანს ვცემ სამებას ერთარსებით და ერთარსებას სამებით. ერთარსებას სამგვამოვანს, სამებას ერთარსებას, თანადაუსაბამოს, თანასწორს ძლიერებით და პატივით…”-აქ თანადაუსაბამო ნიშნავს იმას, რომ თითოეული მათგანი არის დაუსაბამო, შეუქმნელი, უსაწყისო. .. არ შეიძლება ითქვას, რომ იყო დრო, როდესაც ძე არ იყო, ან იყო დრო, როდესაც სულიწმინდა არ იყო. ძე ყოველთვის იყო, მამა თავისთავად, სულიწმინდაც ყოველთვის იყო. ამას ნიშნავს თითოეულის დაუსაბამობა იმიტომ, რომ თანაარსნი არიან-”… გაღიარებ ერთღვთაებას წმინდისა სამებისა, ერთარსებას, ერთბუნებას, ერთძალას, ერთხელმწიფებას, ერთუფლებიანობას, ერთმეუფებას, დაუსრულებელს დაუსაბამოისას, დაუბადებელს, გარეშემოუწერელს, მიუგონებელს…”. გარეშემოუწერელი ნიშნავს უსაზღვროს, საზღვარდაუდებელს. მოუგონებელი ნიშნავს გონებით მიუწვდომელს. შემდეგ მაქსიმე აღმსაარებელი ამბობს-”…ცისა და ქვეყნისა და ზღვისა და ყოველთა ხილულთა და უხილავთა არაარსისაგან არსად მიმყვანებელსა, შემოქმედსა და დამბადებელსა, რომელმაც დაბადა თავდაპირველად ზეცისა ძალნი და მხედრობანი ბევრეულნი აურაცხელნი. სიტყვითა დაბადა და სულითა წმინდითა სრულ ჰქმნა…”-ყველა სხვა რელიგიაში, გარდა ქრისტიანობისა, ღმერთი, აბსოლუტი კი არ ბადებს, კი არ ქმნის არარაობისაგან, არამედ უკვე არსებულს აძლევს სახეს. ასეთი არის პლატონის ღმერთი, ნეოპლატონიკოსების ღმერთი, ყელა ნებისმიერი რელიგიის ღმერთი. ძველ ბერძნულ რელიგიებში უკვე არსებული ქაოსის მომწესრიგებელნი არიან ღმერთები: კრონოსი, ზევსი და სხვ. ხოლო რაც შეეხება ბიბლიასა და ქრისტიანობას, აქ უკვე არარაობიდან, არაარსიდან არსად ბადებს ღმერთი ყველაფერს და მათ შორის პირველად ბადებს ზეციურ მხედრობას, ანგელოზთა, მთავარანგელოზთა და საერთოდ, ზეციურ იერარქიებს, შემდეგხილულ სამყაროს.

განვიხილოთ შემდეგი ფრაზა: “სიტყვითა დაბადა და სულიწმინდითა სრულ ჰქმნა…” – ღმერთის მეორე ჰიპოსტასსძეს თოლოგიაში აქვს მეორე სახელი – “სიტყვაიმიტომ, რომ სიტყვა არის ისეთი რამ, რაც შეიცავს მნიშვნელობას, აზრს. როგორც არიან ერთმანეთთან დაკავშირებული სიტყვა და აზრი, .. ადამიანს ჯერ ებადება აზრი და ამ აზრს იტყვის სიტყვით, ასეთივე კავშირია ღმერთის პირველ და მეორე ჰიპოსტასებს შორის. სამყაროში სიმბოლურად მამა არის აზრი და ძე არის სიტყვა. ღვთის აზრი არის მამა, ღვთის სიტყვა არის ძე. ხატოვნად შეიძლება ითქვას, რომ ღმერთს მოუვიდა აზრად ეს სამყარო და თქვა ეს სამყარო.

ფიზიკაშიც ცნობილია, რომ სამყაროში ყველაფერს საფუძვლად უდევს რხევა, .. სიტყვა, ბგერათა სისტემა. რომ წარმოვიდგინოთ კოსმოსი, ეს არის სიბრძნეც, აზრიც, ოღონდ უკვე გამოთქმული, უკვე ქცეული სამყაროს ფიზიკურ საფუძვლად. ამიტომ არის ნათქვამისიტყვით დაბადა”. აგრეთვე ძის მეორე სახელი არისძალი”, “ძალი ღვთისაიმიტომ, რომ ეს ღვთის ძალაზე არის დაფუძნებული – “ძალით დაბადა”.

სულიწმინდა არის ის, რომელიც ამ დაბადებულ სამყაროსუშველებელ მასას, კოსმოსს აძლევს სრულყოფას, სრულქმნილებას და ინდივიდუალურობას. როგორც ყველა ადამიანს აქვს თავისი სული, ასევე სამყაროს, კოსმოსს აქვს ერთი სული. ეს სული არის ღმერთი. ეს სული არის სულიწმინდა, რომელიც სრულყოფს მთელ კოსმოსს და განწმენდს სამყაროს.

.. ღმერთი გვევლინება სამი ასპექტით: როგორც აზრიმამა, როგორც სიტყვაძე, ყველაფრის საფუძველი და როგორც სული, როგორც ინდივიდუალობა, მეობა ყველასი. აი, ეს არის სამება, სამი ასპექტი ღმერთისა. ამიტომ ლოცვაში არის ასეთი გამოთქმა: – “… სულითა წმინდითა ყოველი სული ცხოველ იქმნების და სიწმინდით ამაღლდების და განბრწყინდების სამებისა მიერ ერთარსებისა ღვთივმშვენიერად და საიდუმლოდ.. ყოველი სული გაცოცხლდება სულიწმინდის ძალით, მისივე ძალით განიწმინდება. სულიწმინდა არის სულიერი მრავლობითობა, მამა და ძე არის სულიერი მხოლობითობა, ჯერ იყო ღმერთის ერთი ჰიპოსტასი, შემდეგ გამოვლინდა მეორე ჰიპოსტასიგაორდა. სულიწმინდაში უკვე მრავალი გახდა. ასე არის წარმოდგენილი.

“… შემდეგ თქვა, თქვა და შეიქმნა ცა და ქვეყანა. ზღვა და ყოველივე, რაც არს მას შინა…”. ბიბლიაშიც მოცემულია: “და სთქვა ღმერთმან: იქმენინ ნათელი”. ესეც იმიტომ არის, რომ სამყაროში ყველაფერს საფუძვლად უდევს რხევა. დღევანდელი ფიზიკა ძალიან ახლოს მიდის ბიბლიასთან. ფიზიკამ დაადასტურა იგივე ჭეშმარიტებები, რაც ნათქვამია ბიბლიაში, კერძოდ ის, რომ სამყაროს საფუძველია რხევა. სამყაროს საფუძველი არის იდეა. თავდაპირველად სამყაროს იდეური პლანი არსებობდა, შემდეგ შეიქმნა მატერიალური პლანი .. რხევა, მუსიკა, რიცხვი. შეიძლება ითქვას, ღვთაებრივი მუსიკა არის სამყაროს საფუძველი, რომელსაც ძველ საბერძნეთში პითაგორელები სფეროთა ჰარმონიას უწოდებდნენ. ამით თანამედროვე ფიზიკა მივიდა პითაგორელებამდე, პლატონამდე, უარყო ყოველგვარი მატერიალიზმი, ათეიზმი და ამბობს, რომ მათი მოსაზრება სწორი იყოსამყაროს საფუძველია რხევა, რიცხვი, მუსიკა, ეს არის რეალობა, ხოლო მატერია არ არის რეალობა, მატერიაეს არის დროებითი არსებობა, ყველაფერი ამის გარეგანი მხარე. აი, ეს ყველაფერი ბიბლიაში არის მოცემული. კოსმოგონია ბიბლიისა იგივეა, რაც დღევანდელი ფიზიკისა და ასტრონომიის კოსმოგონია.

* * *

ასე შეიქმნა სამყარო: “…ბოლოს დაბადა კაცი ხატად თვისა და მსგავსად, თვითმფლობელად, თვისითა ნებითა მოარულად და გამომრჩევლად კეთილისა და ბოროტისა და დაადგინა იგი სამოთხესა განცხრომისასა…” .. ღმერთმა ჯერ შექმნა ზეციური იერარქიები, ანგელოზთა და მთავარანგელოზთა სამყარო, შემდეგ მატერიალური სამყარო, ანუ ხილული კოსმოსი, შემდეგ შექმნა კაციხატად თვისა”. იმიტომ, რომ როგორც ღმერთია თავისუფალი და თავისი ნებით მოარული, თვითმფლობელი, ისეთი შექმნა კაცი, გამომრჩეველი კეთილისა და ბოროტისა, .. ამდენად, ღვთის ხატი არის კაცი. ასევე, გარეგნულადაც: ამერიკელმა ასტრონომებმა შეისწავლეს კოსმოსის აგებულება და გადაიღეს ჩვენი მეზობელი გალაქტიკა უდიდესი რადიოტელესკოპით. გარეგნული ფორმით მთელი ეს გალაქტიკა მსგავსია მოხუცი კაცის თმიანი და წვერიანი თავისა. არსებობს ეს საკმაოდ გავრცელებული ფოტო. ესეც იმაზე მეტყველებს, რომ რელიგიური ჭეშმარიტებები უახლოვდება ასტრონომიულს. “ხატად თვისა”, .. პირდაპირი ფიზიკური გაგებით ადამიანი არის ხატი ღვთაებისა და კოსმოსიც არის ხატი ღვთაებისა.

“…და დაადგინა სამოთხესა განცხრომისასა”. სიტყვა სამოთხე აქ ნახმარი არის შედარებით, გადატანით, რაც ძველქართულად ნიშნავს ბაღს, წალკოტს. .. დაადგინა კაცი ისეთ სამყაროში, სადაც არის მარტო განცხრომა, ნეტარება, .. სულიერ სამყაროში. მატერიალური სამყარო მაშინ არ არსებობდა. ამიტომ არის გადატანით, ალეგორიულად ნათქვამი ბაღის სახით, რომ გადმოსცენ ღვთაებრივი ყოფის მდგომარეობა, სადაც არ იყო ბოროტება, არ იყო სიკვდილი. იყო მარტო განცხრომა, ნეტარება.

“… ხოლო შურითა ეშმაკისათა შეცდა იგი და ღვთის მიერ მოცემული მცნება ნებსით დაარღვია. გამოვიდა იმ დიდებისაგან, სამოთხის საშობელისაგან, თანამდებ სიკვდილისა შეიქმნა და დაემორჩილა განდგომილ მტერს…”

როდესაც კაცი დაადგინა განცხრომის სამყაროში, კაცმა არ იცოდა, რა იყო სიკვდილი, რადგან სამოთხეში ის არ არსებობდა და ის ჭვრეტდა ღმერთს. ეს ჩანს ბიბლიის პირველ თავებში. უარყოფითი ძალები ადრე მოწყდა ღმერთს, ადამიანის შესაქმემდე. ანგელოზთა და მთავარანგელოზთა სამყაროს მოწყდა უარყოფითი ძალების მთელი ნაწილი და კერძოდ, ის ბოროტი არსება, რომელიც განსაზღვრულია, როგორც ეშმაკი, ლუციფერი, სატანა. ის დაუპირისპირდა ღმერთს, ადამიანის შესაქმის შემდეგ დაუკავშირდა ადამიანს, ადამიანიც მოსწყვიტა ღვთაებრივ სამყაროს და ღვთის უშუალო ჭვრეტას. აი, ეს არის მოცემული ბიბლიაში, რა თქმა უნდა, სიმბოლურად, იგავურად, ალეგორიულად, თორემ იქ არავითარი ხე არ იყო ფიზიკური გაგებით და არც შეიძლება ყოფილიყო. ბოროტმა ძალამ გადაწყვიტა კაცობრიობის დაღუპვა; როგორც თვითონ გახდა ბოროტების საწყისი და სათავე, ასევე მან მოისურვა კაცობრიობის თავის სამსახურში ჩაყენება. დაჰპირდა კაცობრიობას, რომშენ იქნები შემმეცნებელი ბოროტისა და კეთილისა, ამიტომ მოწყვიტე ნაყოფი აი, ამ ბოროტისა და სიკეთის გარჩევის ხისგან, ცნობადის ხისგან”. იქ იყო ორი ხე, ცხოვრების ხე და ცნობადის ხე. ცხოვრების ხეს ფლობდა ადამი .. ფლობდა ღმერთის ჭვრეტის უნარს, მაგრამ მას არ ჰქონდა გარჩევის უნარი, მას ჰქონდა მხოლოდ ჭვრეტა ღვთისა და ნეტარება. გარჩევის უნარიეს იქნებოდა უკვე გონების მიღება, ინტელექტის მიღება, ინტელექტი იმჟამად კაცობრიობას არ ჰქონდა, ადამს არ ჰქონდა. ამიტომ ამ ბოროტმა ძალამ გადაწყვიტა ადამს შთააგონოს, რომ მას სჭირდება არა მარტო ღვთის ჭვრეტა, არამედ ბოროტისა და კეთილის გარჩევა, ინტელექტიც. “ამიტომ დამემორჩილე მე, დამექვემდებარე მე და შენ იქნები, როგორც ღმერთი შემმეცნებელი კეთილისა და ბოროტისა.. ამით აცდუნა. ფაქტიურად, ეშმაკის მიერ ადამიანის შეცდენა გამოიხატა იმაში, რომ მან მისცა მას ინტელექტი, ამქვეყნიური ინტელექტი, ლოგიკა და ყველაფერი ის, რაც ღმერთს აშორებს ადამიანს.

მანამდე კაცობრიობას არ ჰქონდა ინტელექტი, გარჩევის უნარი. ის იყო პირდაპირ ღვთისმჭვრეტელი. შეიძლება იქვას, მაშინ კაცობრიობა იყო სულიერი ბავშვობის მდგომარეობაში და მას არ სჭირდებოდა გარჩევა, რადგან ყოველგვარი გააზრების გარეშე ჭვრეტდა ღმერთს. უარყოფითი ძალების, ლუციფერული ძალების ზეგავლენით ადამიანი დაექვემდებარა მეორე გზას, შემეცნების გზას. როგორც კი ადამიანმა მიიღო ეშმაკის მიერ შემოთავაზებული შემეცნება, მაშინვე დაკარგა ღმერთი, მოსწყდა ღმერთს და ჩამოქვეითდა უფრო დაბალ, მატერიალურ ყოფიერებაში. აი, ეს არის სიმბოლურად გამოძევება სამოთხიდან.

ღმერთმა რომ ჰკითხა ადამს, ვინ მოსწყვიტა ნაყოფი ამ ცნობადის ხიდანო, ადამს შერცხვა და დაიმალა. ეს არის პირველი სირცხვილი. მანამდე ადამს არ ჰქონდა სირცხვილიც. არც ევას არ ჰქონდა სირცხვილი იმიტომ, რომ ესენი იყვნენ სულიერი ბავშვობის მდგომარეობაში. ბავშვსაც ხომ არა აქვს სირცხვილი? სირცხვილი იბადება მაშინ, როდესაც ადამიანი ასაკში შედის. სიმბოლურია ესეც. .. კაცობრიობა იყო ისეთ ასაკში, ადამიანი იყო ისეთ ასაკში, როდესაც ის ბავშვივით უმანკო, ბავშვივით უშუალო, ბავშვივით კეთილი, ბავშვივით ღვთაებრივი იყო, ის ჭვრეტდა ღმერთს, მან არ იცოდა რა არის სიკვდილი. მას შემდეგ, რაც ბოროტი გველის გავლენით მოწყვიტა ნაყოფი ცნობადის ხიდან, ისწავლა გარჩევა ბოროტისა და კეთილისა, მან უკვე სირცხვილის გრძნობაც გაიგო, თურმე სირცხვილი არის ისეთი ყოფა, რომელშიც ის არის. გარდა ამისა, როდესაც გაიგო, რომ მან დაარღვია ღვთის მცნება, შერცხვა, შეეშინდა და დაიმალა, მაგრამ სად დაემალებოდა ღმერთს?! ღმერთმა უთხრა, რომამიერიდან შენ გაძევებული იქნები სამოთხიდანდა ფაქტობრივად მან ის სამყარო, სადაც ღმერთმა ის თავდაპირველად დაადგინა, დაკარგა

ივლისი 15, 2010

გორგასლიანთა 1956 წლის პროკლამაცია

ქართველებო!

ხომ არ დაგავიწყდათ ცხრა მარტის სისხლიანი ღამე? ხომ არ დაგავიწყდათ სისხლიანი ოცდაოთხი და ოცდაჩვიდმეტი, ქართველი ხალხის დარბევისა და გაჟლეტის წლები? როდემდის უნდა გვქონდეს ქედი მოხრილი მტარვალი კომუნისტების მახვილქვეშ? ჩვენს წინაპრებს სისხლი არავისთვის შეურჩენიათ და არც ჩვენ უნდა შევირცხვინოთ თავი.

დღეს, როდესაც მთელი შეგნებული კაცობრიობა აღშფოთებულია მოსკოვის საშინელი ბოროტმოქმედებით, ჩვენი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგება, დროა, შევერთდეთ ერთი დროშის ქვეშ ჩვენი სამშობლოს დამპყრობლის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მიმოიხედეთ ირგვლივ, მსოფლიო ბობოქრობს. განკითხვის დღე მზადდება კრემლელი ჯალათებისათვის. თბილისში, პოზნანში, ბუდაპეშტში მათ მიერ დაღლილი უდანაშაულო მოსახლეობის სისხლი სამართალს ითხოვს. მათი აღსასრული მოახლოებულია.

ქართველებო! სხვა არავინაა ჩვენი მშველელი, ჩვენ საკუთარი თავის გარდა. ბრძოლით უნდა მივაღწიოთ თავისუფლებას! ძმური სალამი გმირ უნგრელ ხალხს! დაე, ყველა დამონებული ერისათვის მაგალითად იქცეს უნგრელთა გმირობა! ხელები შორს უნგრეთისაგან!

ძირს ჩვენი ხალხის სისხლში ხელებგასვრილი ოკუპანტები და მათი სამხედრო ხროვა!

ძირს მოღალატე ქართველი კომუნისტები!

გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს!

რომელი მოღალატეც ამას ჩამოხსნის, სიკვდილი ელის!

კონსტანტინე გამსახურდიას წერილი ზვიადს

მე სულ მგონია, როცა შენს ახლოს არა ვარ, შენ ჭკვიანად იქნები. მე, ერთის მხრივ, გული მტკივა, როცა შენი ბავშვობა თავდება. მეორეს მხრივ, მიხარია, რომ შენ, სადაცაა, ყველა ჩემს სურვილს გაიგებ და მხარში ამომიდგები. ალბათ, შენთვის დამიწერია და მითარგმნია მე ჰომეროსის სიტყვები: “ზევსს გეფიცები, აგელაი, ზევსს და მამაჩემის ტკივილებს”. ჩვენ ვცხოვრობთ ძლიერ სერიოზულ დროში და აწი დროა, შენ სერიოზულად ემზადო, რათა გახდე ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილი.

გზაში გადავიკითხე შენი საყვარელი მუსიკოსების ბიოგრაფიები, ყველანი სიყრმიდანვე ემზადებოდნენ დიდი ამბებისათვის. გახსოვდეს, ეს ცხოვრება მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწევს რაიმე მაღალი და ზემყარი ამბებისათვის. ამის გარეშე სხვა ყველაფერი ემსგავსებოდა იმ საცოდავ და უშინაარსო ცხოვრებას, რომელსაც ეწევიან ხოლმე მცენარეები და ცხოველები. თუნდაც, ჩემი გამწარებული ცხოვრებაც რომ აიღო, მე რომ დიდი იდეებისათვის მოლაშქრედ არ წარმომედგინა თავი, ვეღარ გავუძლებდი იმ ქარიშხლებს, რომელთა გადატანაც ასე თუ ისე შევძელი.

შენი მამიკო.”

1955 წლის 8 დეკემბერი

ზვიად გამსახურდიას დაკითხვის ოქმიდან (1956 წლის 26 დეკემბერი)

1956 წლის 26 დეკემბერი
დაკითხვა დაიწყო 15:45

კითხვა: დაწვრილებით მოყევით, როდის და რა გარემოებაში განეწყვეთ ანტისაბჭოურად?

პასუხი: არ უარვყოფ, რომ მე გამიჩნდა უკმაყოფილება რამდენიმე საკითხში კომპარტიისა და საბჭოთა ხელისუფლებისადმი. ეს მე გამიჩნდა 1956 წლის 9 მარტსა და უნგრეთში მომხდარი მოვლენების შემდეგ. მე აღშფოთებული ვიყავი იმით, რომ თბილისში 1956 წლის 9 მარტს უიარაღო პირთა მიმართ გამოყენებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და მსურს დავუმატო, რომ ჩემი ქმედებანი მიმართული იყო არა საბჭოთა ხელისუფლებისადმი, არამედ სამხედრო სარდლობის მიმართ. სამხედროებში მე ვგულისხმობ იმ პირებს, რომლებმაც გასცეს ბრძანება ესროლათ თბილისში კავშირგაბმულობის სახლთან შეკრებილი ხალხისათვის. კონკრეტულად თუ ვინ გასცა ბრძანება, მე არ ვიცი, მაგრამ მე მათ დამნაშავეებად ვთვლი.

უნგრეთის მოვლენებს მე ვთვლი დანაშაულად უნგრელი ხალხის მიმართ. არამართებულად მივჩნევ საბჭოთა ჯარების მიერ ძალადობას მასებისადმი.

ასეთმა მოვლენებმა მიბიძგეს გადამედგა ეს ნაბიჯი და გამევრცელებინა ანტისაბჭოური ფურცლები.

კითხვა: თქვენ გადაწყვიტეთ მარტო გემოქმედათ?

პასუხი: არა, მე მარტოს არ მემოქმედა.

კითხვა: მაინც როდის გადაწყვიტეთ ეს?

პასუხი: მიმდინარე წლის შემოდგომაზე. უფრო ზუსტი რიცხვის დასახელება გამიჭირდება.

კითხვა: და რა მოიმოქმედეთ?

პასუხი: მე განვუცხადე ჩემს ამხანაგებს ამის შესახებ, რომელთა გვარების დასახელებაზე უარს ვამბობ, რომ აღშფოთებული ვარ ამა წლის 9 მარტის მოვლენებით, რომ ხალხის მიმართ სამხედრო ხელმძღვანელების მიერ გამოყენებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი. მე ამხანაგებს განვუცხადე, რომ საჭიროა ჯგუფურად ჩამოვყალიბდეთ და ერთად გავავრცელოთ ქალაქში ფურცლები სამხედრო სარდლობის წინააღმდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, ანუ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოსაყოფად.

კითხვა: რა მიზეზით აცხადებთ უარს დავასახელოთ, რომელთან გაუზიარეთ თქვენი განზრახვა?

პასუხი: არ შემიძლია იმ პირთა დასახელება და არც ამის ახსნა შემიძლია, თუ რატომ.

კითხვა: სახელდობრ, მაინც როდის შესთავაზეთ ჩამოყალიბებულიყავით ჯგუფად? შად და რა გარემოებაში მიეცით ასეთი წინადადება პირველად?

პასუხი: ეს იყო ამა წლის ზაფხულში, დაახლოებით, როგორც მახსოვს, ივნისის თვეში, სად მოხდა ეს, არ მახსოვს.

კითხვა: მოგვეცით ჩვენება მათი რწმენის შესახებ.

პასუხი: ისინი ყველანი მთლიანად და სავსებით იზიარებდნენ ჩემს დამოკიდებულებას ამა წლის 9 მარტის შესახებ, შემედგ კი საერთო აზრი გვქონდა უნგრეთის მოვლენათა მიიმართ. ჩვენ რწმენით საერთო აზრისანი ვიყავით.

კითხვა: თქვენ მხოლოდ ერთხელ დაგჭირდათ გამოგეთქვათ აზრი ჯგუფად ჩამოყალიბებაზე?

პასუხი: მათ პირველ წინადადებაზე დამიჭირეს მხარი. რა თქმა უნდა, სანამ ჯგუფის ჩამოყალიბებაზე ვიტყოდით რამეს, მანამდე შეხვედრებისას მქონდა მათთან საუბრები და გავბედე კიდეც, გავუმჟღავნე ჩემი განზრახვა, როცა დავრწმუნდი, რომ ჩემდამი სრულ სოლიდარობაში იყნენ.

კითხვა: საბოლოოდ როდის მიიღეთ გადაწყვეტილება ჯგუფად ჩამოყალიბებულიყავით?

პასუხი: მაშივნე, ჩემს მიერ შეთავაზებული წინადადებისთანავე გადავწყვიტეთ შეგვექმნა ჯგუფი, დაგვემზადებინა და გაგვევრცელებინა ანტისაბჭოური ფურცლები

ზვიად გამსახურდია – დროა ბოლო მოეღოს

საქართველოს სსრ ძეგლთა დაცვის საზოგადოების ყრილობის პრეზიდიუმისადმი

მსურს მივაპყრო თქვენი ყურადღება დღევანდელი აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურის ძეგლთა სავალალო მდგომარეობას.

კულტურის ძეგლთა დაცვის აფხაზეთის განყოფილებას განაგებს უვარგისი და არაკომპეტენტური მუშაკი ფაჩულია, რომელმაც თავისი დანაშაულებრივი ინდიფერენტიზმით აფხაზეთში ქართული კულტურის ძეგლთა დაცვის საქმე კატასტროფამდის მიიყვანა. მისი მთელი “საქმიანობა” ძირითადად იმით ამოიწურება, რომ მისი სისტემა იჯარით აქირავებს ეკლესიების შენობებს, სადაც კონცერტებს აწყობენ აფხაზეთის ასსრ ფილარმონიაც და სხვა და სხვა ორგანიზაციები. ეს კი ძეგლთა მტრობა უფროა, ვიდრე ძეგლთა დაცვა. ფაჩულიასაგან საქ. სსრ ძეგლთა დაცვის მთავარ სამმართველოში არ მოდის არავითარი სიგნალები აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურის ძეგლთა მდგომარეობის შესახებ, რომელთა ხსნა, როგორც სჩანს, მის ინტერესებში არც შედის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთის ასსრ კულტურის სამინისტროს აფხაზეთში ძეგლთა დაცვის საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებით, მაგრამ სათანადო რეაგირება არ ყოფილა. ასე მაგალითად, 1976 წელს აფხაზეთის ასსრ კულტურის მინისტრის მოადგილემ შ. აბუთიძემ საქმის კურსში ჩააყენა საქ. სსრ კულტურის მინისტრყ ო. თაქთაქიშვილი შემდეგი წერილით: “აფხაზეთის ასსრ კულტურის სამინისტრო გაცნობებთ, რომ აფხაზეთის ასსრ არქიტექტურულ ძეგლებზე გაკეთებული ანოტაციები, რომელნიც დამზადებულნი იყვნენ არამყარი მასალისაგან, გამოვიდნენ წყობიდან. ანოტაციების შინაარსსაც განახლება ესაჭიროება. გთხოვთ, მოაწესრიგოთ საკითხი ტურიზმისა და ექსკურსიების საზაფხულო სეზონის დადგომამდის. აქვე წარმოგიდგენთ სიას კულტურის ძეგლებისას, რომელთაც სჭირდებათ ასეთი ანოტაციები”. ამ წერილზე აფხაზეთის ასსრ კულტურის სამინისტროს არავითარი პასუხი არ მიუღია. წერილი ვნახე საქ. სსრ კულტურის სამინისტროში, სადაც მაშინ ვმსახურობდი. მართალია, აბუთიძის წერილშიც შეიძლება მოიძებნოს ხარვეზები, კერძოდ, იქ ქართული არქიტექტურული ძეგლების აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე იწოდება “აფხაზეთის ასსრ არქიტექტურის ძეგლებად”, რაც დიდი შეცდომაა, მაგრამ ეს შედეგია აფხაზეთის ასსრ-ში დამკვიდრებული მცდარი ნომენკლატურისა და ისტორიის იმ გაყალბებისა, რომელსაც ეწევიან აფხაზეთის ზოგი ვაიმეცნიერები. მაგრამ საქართველოს სსრ კულტურის სამინისტრო უნდა გამოხმაურებოდა ამ წერილს და უნდა ჩამოესხა სათანადო დაფები მეცნიერულად დასაბუთებული ტექსტით და არა იმგვარი ტექსტით, როგორიც აქვს დღეს, სამწუხაროდ, კულტურის ძეგლთა უმრავლესობას, როგორც, მაგალითად, ბესლეთის ხიდს, სადაც სიტყვა “ქართული” წაშლილია და დატოვებულია მხოლოდ “წარწერა”, ან ბედიის ტაძარს, რომელსაც უბრალოდ აწერია “არქიტექტურული ძეგლი” და არა “ძეგლი ქართული არქიტექტურისა”. საერთოდ, დროა ბოლო მოეღოს აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურის ძეგლთა შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას და იმის მტკიცებას პრესაში და ლიტერატურაში, თითქოს ეს ძეგლები შექმნეს არა ქართველებმა, არამედ ადიღეური მოდგმის აფსუებმა, რომელნიც ამ ტერიტორიაზე სინამდვილეში დამკვიდრდნენ XVII-XVIII საუკუნეებში, შეერევნენ ადგილობრივ მოსახლეობას და რომელთაც დღეს აფხაზები ეწოდებათ. ასე მაგალითად, გ. გულია მოსკოვში 1972 წელს გამოცემულ კულტურის ძეგლთა ღია ბარათის წინასიტყვაობაში (“გოვორიაშჩიე კამნი აბხაზიი”) ბედიის, მოქვის, ლიხნის, ბიჭვინთის, დრანდის ქართულ ტაძრებს “აფხაზურ ძეგლებს” უწოდებს იმის საფუძველზე, რომ თურმე ამას ამტკიცებდა მისი 118 წლის ბებია ასინეთი. ასეთი დეზინფორმაციების გავრცელება დიდ ზიანს აყენებს ქართველი და აფხაზი ხალხების მეგობრობას, საერთოდ სსრკ ხალხთა მეგობრობას, ამიტომ ძირფესვიანად უნდა აღმოიფხვრას ეს მავნე ტენდენცია.

ძალზე ცუდად მიმდინარეობს აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურის ძეგლთათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხების ათვისება, რასაც ადასტურებს აგრეთვე აფხაზეთის ასსრ კულტურის მინისტრის მოადგილის შ. აბუთიძის წერილი 1976 წ. მარტისა საქ. სსრ კულტურის მინისტრის მოადგილისადმი. თბილისიდან არ იგზავნება სათანადო სპეციალისტები ძელგთა მდგომარეობის შესასწავლად და სათანადო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შესადგენად. იმჟამად იყო მოთხოვნა შემდეგი 10 ძეგლის სასწრაფო რესტავრაციისა:

გალის რაიონი: სათანჯოს ციხე, ოცარცეს კოშკი;  ოჩამჩირის რაიონი: ბედიის არქიტექტურული კომპლექსი, ილორის ეკლესია, მოქვის ტაძარი; ქ. სოხუმი: ბაგრატის ციხე, დიოსკურიის ციხე-სიმაგრე; გულრიფშის რ-ნი: დრანდის ტაძარი, კელასურის კედელი; სოხუმის რ-ნი: დოლმენების ჯგუფი (ზემო ეშერა), ბესლეთის ხიდი; გაგრის ზონა: ძვ. გაგრა-ა) ციხე, ბ) ქართული ეკლესია შუა საუკუნეთა, რომელშიც დღეს აფხაზური იარაღის მუზეუმია. ბიჭვინთის ტაძარი, აკვედუკი, ყორე და კუთხის კოშკი; გუდაუთის რ-ნი: ამბარის ტალარი (მუჰუძირის ს. საბჭო), სვიმონ კანანელის ეკლესია, ანაკოფიის არქიტექტურული კომპლექსი (“ივერიის მთა”), ლიხნის ტაძარი, ლიხნის სასახლე, ახალი ათონის ტაძარი.

ამ ძეგლების მდგომარეობა (დრანდის გარდა) დღესაც საგანგაშოა. საქართველოს სსრ კულტურის ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს დღევანდელი მესვეურნი გვპირდებიან, რომ ლიხნის, მოქვის, ბედიის ტაძრები შეკეთდებიან მომავალ წელს, მაგრამ სატიტულო სიაში მათი ხსენებაც არ არის. გარდა ამისა, ე.წ. “აფხაზეთის ასსრ-ში” მისახედია სხვა მრავალი უნიკალური ძეგლი ქართული კულტურისა, როგორც მაგალითად, გალის რაიონში: შუასაუკუნეთა ძეგლები-მუხურის ეკლესია, საბერიოს ეკლესია, კულანურხვას ეკლესია; გულრიფშის რაიონში-ბაღმარანის სამონასტრო კომპლექსი, კელასურის კოშკი და ეკლესია, ოქტომბრის (ოლგინსკოეს) კოშკი, გვირაბი და გალავანის ეკლესია, ჩიახიშის მთის ეკლესია (XII ს.), ჩხალთის ეკლესია; ოჩამჩირის რაიონში-აბააჟვახუს ციხე და ეკლესია, აძიუბჟის ბაზილიკური ეკლესია “მარმალაბაა” (XIII ს.), ბესლახუბის ეკლესია, ზაგანის ეკლესია, მიშველის “ფიჭვის ეკლესია” (“ფიჭუ ოხამე”), ჭლოუს ეკლესია და გალავანი, ჯღერდის ეკლესია (VI ს.), ჯირღულის ეკლესია; სოხუმის რაიონში-ბესლეთის ეკლესია, ზემო ეშერის აბგირზიხის ეკლესია (XII ს.) და სხვა ეკლესიები, ციხეები და კოშკები. აქედან გამომდინარე, საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების ყრილობის პრეზიდიუმს ვთხოვ:

1. შეარჩიოს სათანადო კომპეტენტური და საქმიანი მუშაკი კულტურის ძეგლთა დაცვის აფხაზეთის განყოფილების ხელმძღვანელად;

2. დაავალოს საქ. სსრ კულტურის ძეგლთა დაცვის მთავარ სამმართველოს და საზოგადოებას მომზადება სათანადოდ მეცნიერულად დასაბუთებული დაცვითი დაფებისა აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურის ძეგლებისათვის და უახლოეს ხანში უზრუნველყოს მათი გაკეთება სახელმწიფო დაცვაზე აყვანილ ძეგლებზე.

3. აღმოფხვრას სახელმწიფოს მიერ აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურის ძეგლთა შესახებ.

4. უზრუნველყოს სახელმწიფოს მიერ აფხაზეთის ასსრ ძეგლთათვის გამოყოფილი თანხის ათვისება ოჩამჩირის სამეცნიერო-სარესტავრაციო სამუშაოებისათვის, ასევე ძელგთა გასამაგრებელი სამუშაოებისათვის.

5. დაწესდეს აფხაზეთის ასსრ-ში მდიდარი ორგანიზაციების შეფობა კულტურის მნიშვნელოვან ძეგლებზე, რითაც ისინი შეიძლება გადაურჩნენ საბოლოო დაშლასა და განადგურებას.

გთხოვთ, წაიკითხოთ ამ წერილის ტექსტი ყრილობაზე საჯაროდ. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება მიღებული ზომები, მე მივმართავ საკავშირო მთავრობას და ფართო საზოგადოებას.
ზვიად გამსახურდია

საქართველოს სსრ ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს მუშაკი საზოგადოებრივ საწყისებზე
1980 წელი

ზვიად გამსახურდია – ღია წერილი ედუარდ შევარდნაძეს

Filed under: ზვიად გამსახურდია — ტეგები:, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , — georgianeli @ 2:34 AM

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია

ღია წერილი ედუარდ შევარდნაძეს

”უსამართლო ძლიერებას საუკუნო არ აქვს ძალი,
უძლეველი საბოლოოდ არის მხოლოდ სამართალი”.

აკაკი წერეთელი

გადავწყვიტე, წერილობით მოგმართოთ, ვინაიდან მრავალი ჩვენს ურთიერთობაში გარკვევას საჭიროებს, როგორც ქართველი ხალხისათვის, ასევე მსოფლიოსათვის. ეს წერილი მიზნად არ ისახავს თქვენს განქიქებას, ან თქვენი როგორც პიროვნების შეურაცხყოფას. იგი ასახავს მხოლოდ ობიექტურ რეალობას. მე ვთვლი, რომ ის რაც ხდებოდა თქვენი მმართველობის დროს საბჭოთა პერიოდში, სახეცვლილად გრძელდება დღესაც და ასახავს ურთიერთობას საქართველოსა და იმპერიულ ცენტრს შორის, რომელმაც იმთავითვე დაგაკისრათ ფუნქცია საქართველოს ჟანდარმისა. ამიტომ მსურს გაგახსენოთ ყველაფერი უმცირეს დეტალებში და მოგახსენოთ ჩემი დასკვნები; მზად ვარ აგრეთვე მოვისმინო თქვენი კონტრარგუმენტები. დანარჩენი კი ერმა და საზოგადოებრიობამ განსაჯოს.

მართალია, პიროვნულად ჯერ კიდავ 60-იანი წლებიდან გიცნობდით, მაგრამ ჩვენი პირველი საქმიანი შეხვედრა მოხდა 1970 წელს. იმხანად თქვენ შინაგან საქმეთა მინისტრი იყავით და მამაჩემის, კონსტანტინე გამსახურდიას მეგობრად და კეთილისმსურველად სახავდით თავს. ამან გამაბედინა თქვენთან მოსვლა, როდესაც მამაჩემმა საახალწლოდ მიიღო ანონიმური წერილი ვითომდაც ,,რუსი და სომეხი ნაცისტებისა”; კუთხოვანი ასოებით დაწერილი ქართულ ენეზე, რომელიც ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდა მამაჩემს და მთელ ქრთველ ერს. ამ წერილში ნათქვამი იყო, რომ ქართელი ერი გადაგვარებისა და მოსპობის გზაზეა დამდგარი, და რომ ამას დააჩქარებენ რუსი და სომეხი ,,ნაცისტები”. მათი თქმით, აღმოსავლეთ საქართველო უნდა გადასულიყო სომეხთა და აზერბაიჯანელთა ხელში, დასავლეთ საქართველო კი რუსეთის ხელში. კონსტანტინე გამსახურდია, როგორც ეროვნული მოღვაწე, ამ ,,ნაცისტებს” უმთავრეს დაბრკოლებად ესახებოდათ ამ მიზნის მიღწევის გზაზე და ემუქრებოდნენ სიკვდილით. წერილში იყო ასეთი ფრაზა: “მოველით იმ წუთს, როდესაც დავიწყებთ ქართველთა სისხლის დაღვრას, ხოცვას ახალგაზრდებიდან დავიწყებთ”.

დიდხანს ვცდილობდი თქვენთან დაკავშირებას; მაგრამ ამაოდ. თქვენი მისაღები ხან მპასუხობდა თათბირი აქვსო, ხანაც რაიონშიაო წასული. სჩანს წინდაწინ იცოდით თუ რა საკითხზე მსურდა თქვენთან დაკავშირება. ბოლოს, როგორც იქნა, მწერალთა კავშირიდან მთავრობის აპარატით დაგიკავშირდით და მიმიღეთ. თქვენ წაიკითხეთ წერილი, განცვიფრება გამოხატეთ და დაავალეთ გამოძიება შსს ერთერთ გამომძიებელს. თანაც მითხარით ათიოდე დღეში გამოიარეთო. ამასთან რაოდენ დიდი იყო ჩემი განცვიფრება, რომ თქვენ საუბარზე დაისწარით ქალაქის მილიციის საგამომძიებლო განყოფილების ყოფილი უფროსი (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ), რომელმაც კინაღამ სიცოცხლეს გამოგვასალმა მე და მერაბ კოსტავა 1959 წელს საპატიმროში რეციდივისტი მკვლელების ხელით. აი, ასე გამეცით ,,სიმბოლური “ პასუხი ჩემს კანონიერ მოთხოვნაზე, რომ გამოგეძიებინათ იმ ანონიმური წერილის ავტორის ვინაობა და როგორც ჩანს, გამოხატეთ თქვენი პოზიცია. ცხადია, შემდგომში არც არაფერი გამოიძიეთ და მიაფუჩეჩეთ საქმე. მრავალი რამ ამ ,,ნაცისტების” მუქარიდან თანდათან რეალობად იქცა მომდევნო წლებში, განსაკუთრებით კი უკანასკნელ წელს (1992 წ-ს.), საქართველოში დატრიალებული სისხლიანი მოვლენების დროს, მაგრამ ამაზე ქვემოთ ვისაუბრებ. ახლა კი, ჩვენი ურთიერთდამოკიდებულების სხვა მომენტებს დავუბრუნდები.

მჟავანაძისეული პერიოდის კორუფციისა და განუკითხაობის დროს ქართველი საზოგადოება გამოსავალს ეძებდა. თქვენ აცხადებდით, რომ იბრძოლებდით პატიოსნებისა და პრინციპულობისთვის, უშველიდით ქართულ კულტურას, მოუღებდით ბოლოს მაფიის თარეშს (ცხადია, დამოუკიდებლობასა და თაისუფლებაზე ოცნებაც კი გამორიცხული იყო მაშინ). ამიტომ მრავალი მიესალმა თქვენს მოსვლას ხელისუფლების სათავეში 1972 წელს და მეც იმედი გამიჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი დისიდენტი და საბჭოთა სისტემის მტერი. ახლა ვხედავ, რომ ეს იყო ახალგაზრდული გამოუცდელობა და კომუნისტური დემაგოგიის ვერშეცნობა ჩემის მხრით. რა უნდოდა იმის დანახვას, რომ კორუფციასთან ბრძოლის დროშა ააფრიალა ყველაზე მეტად კორუმპირებული სამინისტროს ხელმძღვანელმა და რომ პოლიტბიურო მხოლოდ საგანგებოდ შერჩეულ და შემოწმებულ კარიერისტ კოლაბორაციონისტებსა და რუსიფიკატორებს ნიშნავდა ნაციონალური რესპუბლიკების ხელმძღვანელებად? თურმე თვით მჟავანაძეც კი ,,ნაციონალისტად” მიაჩნდათ თქვენთან შედარებით, ვინაიდან მან (თავისი სისუსტით და არა პატრიოტიზმით) ვერ გამოუცხადა ომი საკუთარ ერს, მის ენასა და კულტურას, მის თვითმყოფადობას. ამიტომ იყო აღნიშნული პოლიტბიუროს ცნობილ დადგენილებაში მისი პერიოდის ,,ნაციონალისტური” გადახრები. ხელისუფლებლის სათავეში თქვენი მოსვლის შემდეგ მალე გაქარწყლდა ილუზია, რომ თქვენ კომუნისტური და რუსოფილური ნიღაბი გჭირდებოდათ მოსკოვის მისატყუებლად, რათა ეროვნული საქმისათვის მიგეხედათ. თქვენ დაიწყეთ რუსიფიკაციის კამპანია ისეთი მასშტაბით, როგორიც არ მოსწრებია ჩვენს მრავანტანჯულ საქართველოს თვით ცარიზმის შავბნელი რეაქციის წლებშიც კი. თქვენ განდევნეთ ქართული ყველა სახელმწიფო დაწესებულებიდან, რუსული ენა კი ფაქტიურად სახელმწიფო ენად აქციეთ. დაიწყეთ კამპანია ეროვნული სულის ყოველგვარი გამოვლინების წინააღმდეგ; თვით ისტორიულ თემაზე წერასაც კი ,,ნაციონალიზმად” ნათლავდით, ხოლო თქვენი მწერლები და კინორეჟისორები აშკარად გადავიდნენ ისტორიის გაყალბებაზე, საქართველოს რუსეთთან შეერთების, როგორც უაღრესად პროგრესული მოვლენის აპოლოგიაზე, ,,საბჭოთა პატრიოტიზმის”, შერეული ქორწინებების პროპაგანდაზე. ,,ინტერნაციონალიზმის” დროშით დაიწყო ქართული მოსახლეობის არნახული შევიწროება, სოფლად თუ ქალაქად, არაქართველთა პრივილეგიების პარალელურად. დაიწყო ბრძოლა ,,მავნე ჩვეულებებისა და ტრადიციების (!)” წინააღმდეგ, რაც ფაქტობრივად ნიშნავდა რელიგიურ წეს-ჩვეულებებთან ბრძოლასაც; პარალელურად კი ნერგავდით კომუნისტურ, საბჭოთა ,,დღესასწაულებს”, სადაც ღრეობისა და მუცელღმერთობის გარდა არაფერი ხდებოდა,  ნერგავდით ,,ახალ რიტუალებს”, ე.ი. ახალ საბჭოთა, კომუნისტურ რელიგიას.

დღეს, კრიმინალიურ – ტერორისტული ხუნტის მოწვევით საქართველოში ჩამოსულს თქვენ და თქვენისთანა პარტოკრატებს ხშირად გხედავენ ეკლესიებში, სადაც სანთლებს ანთებთ ხოლმე. შთამომავლობამ უნდა იცოდეს, თუ როგორი იყო თქვენი დამოკიდებულება საქართველოს ეკლესიასთან; როგორ მართავდა მას თქვენი რწმუნებული, როგორ ფიქრობდა მის გადაქცევს სუკ-ის ფილიალად, როგორ არბევდნენ თქვენი კომკავშირლები მორწმუნე ახალგაზრდობას, განსაკუთრებით აღდგომის დღესასწაულებზე. მათ, ეკლესიების გვერდით გახსნილ კომკავშირულ შტაბებში შეჰყავდათ ახალგაზრდები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულზე ეკლესიაში ბედავდნენ მოსვლას. ამ შტაბებში ხდებოდა მათი ტერორიზება, ,,დამუშავება”, აღტიცხვაზე აყვანა, ხოლო შემდგ ამას მოსდევდა რეპრესიები, სასწავლებლებიდან გარიცხვა, ოჯახების დაწიოკება და სხვა. როგორ დაიწყეთ ეკლესია-მონასტრების გადაკეტება თეატრებად, საკონცერტო დარბაზებად, როგორ გააუქმეთ, მაგალითად, შიო-მღვიმის მონასტერი 1980 წელს, როგორ დაამწყვდიეთ მისი წინამძღვარი, მოხუცი კაცი ეკლესიის შენობაში, ზამთრის ყინვაში, რის შედეგადაც მას კინაღამ სული აღმოხდა, როგორ იმსხვერპლა სუკ-ის ტერორმა მრავალი სამღვდელო პირი და ეკლესიის მსახური, როგორ უწყობდით ხელს ,,ზაკვო”-ს სამხედროებს ჩვენი კულტურის უნიკალური ძეგლების, განსაკუთებით დავით-გარეჯისა და გელათის განდგურებაში, რაც იმპერიის გეგმის მიხედვით ხორციელდებოდა.

საყოველთაოდ ცნობილია, თუ როგორ თანდათანობით ზრდიდით რუსული ენის საათებს ქართულ სკოლებში ქართული ენის ხარჯზე; როგორ კრძალავდით საქართველოს ისტორიის სწავლებას, როგორ დააპირეთ 1976 წელს უმაღლესი სასწავლებლების რუსიფიკაცია, ძირითად საგნებში ლექციების რუსულ ენაზე კითხვის დაკანონება, რამაც გამოიწვია დიდი აღშფოთება შეგნებული ქართული საზოგადოებისა. ამავე წლებში ბრეჟნევისეულ გიგანტომანიას, გიგანტური ჰესებისა და საწარმოო ობიექტების მშენებლობას ყველაზე აქტიურად თქვენ დაუჭირეთ მხარი, რაც იყო გამოვლინება საქართველოს წინააღმდეგ ეკოლოგიური ომისა და საბოლოო ჯამში მიზნად ისახავდა ქართველი ხალხის გენოციდს. ეს აჩქარებდა აგრეთვე ქართველი ხალხის ასიმილაციას, ვინაიდან ასეთი მასშტაბების მშენებლობებს ეროვნული კადრებით არა თუ საქართველო, არამედ თვით უკრაინა და ყაზახეთიც ვერ აუდიოდა. თქვენ იყავით ერთერთი ინიციატორი ავადსახსენებელი როკის გვირაბის გაყვანისა, რის შედეგაბსაც ახლა იმკის საქართველო და რამაც დაგვაკარგინა შიდა ქართლი და სამაჩაბლო. თქვენ, ავადსახსენებელი სუსლოვის ინსტრუქციების შესაბამისად, ყველაფერი იღონეთ იმისათვის, რომ აფხაზეთში ყოველნაირად გაძლიერებულიყო სეპარატისტული მოძრაობა და მომზადებულიყო სისხლიანი ეთნოკონფლიქტი.

თქვენს მიერ გაჩაღებულმა კამპანიამ ნეგატიური მოვლენების წინააღმდეგ, კორუფციასთან მოჩვენებითბა ბრძოლამ, საშუალო და დაბალი ფენა დააზარალა, მსხვილ მექრთამეთა ,,ელიტა” კი ხელშეუხებლად დატოვა. იმ დროს, როდესაც ხაბეიშვილისა და მგელაძის კორუმპირებული მაფია მილიონებს ატრიალებდა, რომელსაც უხვად უგზავნიდით პოლიტბიუროს. თქვენ წონაში მოტყუებისა და უმცირესი სამეურნეო დანაშაულისათვის ციხეებში ყრიდით და აციმბირებდით ათასობით უბრალო ადამიანს. როგორც ერთმა პოეტმა შეგნიშნათ, თქვენს დროს აქლემის ქურდი ნემსის ქურდს ასამართლებდა, ხოლო თქვენ ამ აქლემის ქურდებს სხვადსხვა დიდი თანამდებობებით  ჯილდოებდით, ციხეებში დანერგეთ არნახული სადისტური წამების მეთოდები, თქვენს მიერ შექმნილ სპეციალურ მეორე კორპუსში სადისტმა გამომძიებლებმა და აგენტმა პატიმრებმა დაასახიჩრეს და დახოცეს ასობით ადამიანი, ჩვენებისა და ფულის გამოძალვის მიზნით, გააუბედურეს ასობით ოჯახი (ცირეკიძე – უსუპიანის საქმე, ფროლოვის საქმე, ოპერის საქმე და სხვა). დღეს ბევრი მათგანი აღდგენილია და იმავე ადგილზე მუშაობს; ალბათ, ახალ დატვირთვებს მისცემთ მათაც. ,,ნეგატიურ მოვლენებთან” ბრძოლის პარალელურად თქვენ თავად ნერგავდით კრიმინალურ პრაქტიკას საწარმოო-სამეურნეო სფეროში. კახეთში თქვენს მიერ ღვინის ფალსიფიკაციის მიზნით შეტანილმა შაქარმა სახელი გაუტეხა ქართულ ღვინოსა და ქართველ მეღვინეს. სამაგიეროდ ამგვარმა ფალსიფიკაციამ და მიწერებმა მოგიტანათ გარდამავალი დროშები, სოციალისტური შრომის გმირის ორდენები და გზა გაგიკაფათ კრემლის დიდებისაკენ.

იმ წლებში საზოგადოების მორალური დეგრადაცია იმითაც დაჩქარდა, რომ თქვენ თანამდებობის მოპოვების თუ საზღვარგარეთ მივლინებით წასვლის მთავარ პირობად სუკ-ის აგენტობა აქციეთ, რის შედეგადაც სუკის აგენტურულ ქსელში ჩაითრიეთ ქართველი ინტელიგენციის, ახალგაზრდობის და სამღვდელოების მნიშვნელოვანი ნაწილი. საერთოდ, სუკ-ის აგენტების რაოდენობამ თქვენი მმართველობის პერიოდში რეკორდულ ციფრს მიაღწია, რასაც თქვენ ,,პიროვნების სოციალიზაციას” უწოდებდით და როგორც ჩანს განზრახული გქონდათ უდიდესი ნაწილის ჩაბმა ამ შავბნელი ორგანიზაციის სამსახურში.

თქვენ აღმართეთ თბილისის ცენტრში მოღალატე ორჯონიკიძის უდიდესი ძეგლი, ხოლო ოზურგეთში ძეგლი დაუდგით ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ორგანიზატორს ფილიპე მახარაძეს, ყოველნაირად ნერგავდით კომუნისტი ძმათამკვლელებისა და რენეგატების კულტს, ლენინის ძეგლების რაოდენობით ხომ საქართველომ ყველა საბჭოთა რესპუბლიკას გადააჭარბა. სტალინის კულტსაც ფარულად უწყობდით ხელს, ვინაიდან სტალინი ოფიციალურად დაგმობილი იყო. თქვენ არაერთხელ გითქვამთ ვიწრო წრეში, რომ სტალინი თქვენი მოძღვარი იყო, რასაც საქმით ამტკიცებთ ყოველ ნაბიჯზე. ამავე დროს საქართველოში ძეგლები არ ეღირსათ დავით აღმაშენებელს, თამარ მეფეს, გიორგი ბრწყინვალეს და მრავალ დიდ საზოგადო მოღვაწეს.

საბჭოთა კავშირში და მთელს მსოფლიოში თქვენ სიტყვა ,,ქართველი” ხაზინის ქურდის, მექრთამის, სპეკულანტის სიმბოლოდ აქციეთ, იმ დროს როდესაც კორუფცია და სპეკულაცია იმპერიის სხვა რეგიონებში კიდევ უფრო მეტად ყვაოდა.

თქვენ ებრძოდით საქართველოში ჭეშმარიტ ეროვნულ მწერლობასა და მეცნიერებას, სამაგიეროთ აყვავეთ ,,მურტალო-კუკარაჩებისა” და ,,შემწვარი ნეკების” ცრუ ლიტერატურა და ანტიეროვნული მეცნიერება. თქვენ არნახული სისასტიკით სდევნიდით არა მარტო დისიდენტურ მოძრაობას, არამედ თვით უმცირეს მისწრაფებასაც თავისუფლებისადმი, რაზეც აქ განსაკუთრებით უნდა შევჩერდე.

1976 წელს თქვენ დახვრიტეთ ქართველი პატრიოტი ვლადიმერ ჟვანია, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი, რომელმაც მოაწყო საპროტესტო აფეთქებები მთავრობის შენობის წინ თბილისში, ქუთაისში და სოხუმში; 1983 წელს თქვენი ბრძანებით წამებით მოკლეს ქ. თბილისის ფსიქიატრიულ სავადმყოფოში პირუთვნელი ჟურნალისტი ქალი ნაზი შამანაური, თქვენი მაფიის მხილებისათვის; 1983 წელს დაახვრეტინეთ ცნობილი ,,თვითმფრინავის საქმეზე” დაპატიმრებული ახალგაზრდები, თუმცა სხვა რესპუბლიკებში მინიმალურ სასჯელს აძლევდნენ ასეთი დანაშაულისათვის; მათთან ერთად დახვრიტეთ უდანაულო მღვდელი თევდორე ჩიხლაძე, როგორც ვითომდაც მათი ,,იდეური ხელმძღვანელი”, სინამდვილეში კი იმის გამო, რომ არ ისურვა სუკ-ის აგენტობა.

საქართველოს სავალალო მდგომარეობამ, თქვენმა დრაკონულმა რეპრესიებმა, ანტიქართულმა და ანტიდემოკრატიულმა პოლიტიკამ გამოიწვია საპროტესტო მოძრაობა, რომელსაც მე და მერაბ კოსტავა ჩავუდექით სათავეში. ერთხანს ჩვენ ვცდილობდით იატაკქვეშა მოძრაობის პარალელურად გამოგვეთქვა ჩვენი აზრი, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალ-გაზეთების რედაქციები დაკეტილი იყო ჩვენთვის, გწერდით წერილებს, განცხადებებს, ქართული ენის, კულტურის ძეგლების, ქართული ეკლესიის მდგომარეობაზე.

მიღებაზე მუდამ უარს გვეუბნებოდით, განცხადებებზე კი არავითარი რეაქცია არ ჩანდა, გარდა იმისა რომ, თქვენს გამოსვლებში დაუსახელებლად ხშირად გვიწოდებდით ანტისაბჭოთა დემაგოგებს, სამშობლოს მოღალატეებს (ცხადია სოციალისტურ სამშობლოს გულისხმობდით, რადგანაც სხვა სამშობლო არასოდეს გწამდათ და არც გწამთ). ბოლოს მთლიანად გადავედით იატაკქვეშა ბრძოლაზე და დავუკავშირდით საბჭოთა კავშირის დემოკრატიულ მოძრაობას, ვინაიდან მაშინ ჩვენი ბრძოლა ერთ მიზანს ისახავდა. ამას მოჰყვა ჩვენი დევნა სუკ-ის მიერ, დაბარებები, გაჩხრეკები, დაკავებები, ბოლოს კი ჩვენს წინააღმდეგ გაჩაღდა უპრეცენდენტო ცილისმწამებლური კამპანია პრესითა და ტელევიზიით, ხოლო 1977 წელს დაგვაპატიმრეთ. სუკ-ის ჯურღმულები არ გვაკმარეთ და ფსიქიატრიულ ციხეებში გვიკარით თავი: მე მოსკოვში, სერბსკის ჯალათ-ფსიქიატრთა ,,ინსტიტუტში”, ხოლო მერაბ კოსტავას თბილისის ორთაჭალის ციხის საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში. შეშლილებად გსურდათ ჩვენი გამოცხადება თქვენი დრაკონული რეჟიმისა და სიმართლის თქმისათვის. ბოლოს ჰონოლულუს ფსიქიატრთა მსოფლიო კონგრესზე საბჭოთა სადამსჯელო ფსიქიატრიის დაგმობამ გვიშველა, აგრეთვე საფრანგეთის ფსიქიატრთა პროტესტმა, წინააღმდეგ შემთხვევაში დნეპროპეტროვსკის ფსიქიატრიულ ციხეში ამოგვხდიდნენ ორივეს სულს.

სუკ-ში პატიმრობისას წელიწადნახევრის მანძილზე მიწევდნენ შანტაჟს, მემუქრებოდნენ ამერიკის დაზვერვის აგენტად გამოცხადებით, სამშობლოს ღალარის მუხლით გასამართლებით, ოჯახის წევრების ფიზიკური განადგურებით, მოსალოდნელი ახალგაზრდული დემონსტრაციების გაჟლეტით, ხოლო მოსკოვში პატიმრობისას ავადსახსენებელი სუსლოვის ემისრები საქართველოდან აფხაზეთის ჩამოშორებითაც კი მემუქრებოდნენ თუ არ მოვინანიებდი. ჩემი მეუღლე კი, ძუძუთა ბავშვის დედა, დეკრეტულ შვებულებაში მყოფი სამსახურიდან მოახსნევინეთ, რაც არც ჰიტლერს და არც სტალინს არ ჩაუდენიათ. დღეს თქვენი აგენტები აყალბებენ ჩემი ე.წ. ,,მონანიების” არსს, იყენებენ ამას ჩემი დისკრედიტაციისათვის, თითქოს არ იცოდნენ საქმის რეალური ვითარება. ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია კიდევ ერთხელ განვმარტო ჩემი ტაქტიკური უკანდახევა სასამრთლოზე 1978 წელს.

ჩემი დაპატიმრების შემდეგ ეროვნულ მოძრაობას განადგურების საფრთხე დაემუქრა. აღარავინ რჩებოდა გარეთ დასავლეთის ქვეყნებთან ხიდის გამდები, თვითგამოცემებისა და იატაკქვეშა მუშაობის ორგანიზატორი. ბოლოს მე და მერაბ კოსტავამ მოვილაპარაკეთ, რომ მე ,,მოვინანიებდი” ჩემს ზოგიერთ ქმედებას, გამოვიდოდი ციხიდან და გარეთ გავაგრძელებდი საქმიანობას, შევინარჩუნებდი თვითგამოცემას, შევინარჩუნებდი საინფორმაციო ხიდს დასავლეთთან, ხოლო მერაბ კოსტავამ თავად იტვირთა ციხეში დარჩანა, თანაც გააკეთა წერილობითი განცხადება, რომ ჩემი ე.წ. ,,მონანიება” აუცულებლობით იყო გამოწვეული ჩვენი საერთო საქმის ინტერესებიდან გამომდინარე. მე გამოვიტანე ეს განცხადება ციხიდან, მაგრამ არ გამომიქვეყნებია, ვშიშობდი რამე ზიანი არ მიმეყენებინა მეგობრისთვის. ბოლოს, განთავისუფლების შემდეგ მან თავად გამოაქვეყნა იგი 1987 წელს მოსკოვის ჟურნალ ,,გლასნოსტის” მეხუთე ნომერში (რედაქტორი ს. გრიგორიანცი). ამგვარი შინაარსის წერილი მისწერა მან ე. ბონერსაც სახაროვისათვის გადასაცემად ქსნის კოლონიიდან იმავე წელს. მაგრამ ჰოი საოცრებავ, დღეს თქვენ და თქვენი დამქაშები ჩემს ამ ტაქტიკურ უკანდახევას ,,ღალატად” ნათლავთ, თითქოს მერაბ კოსტავაზე დიდი მორალური ავტორიტეტები იყოთ და ეროვნული მოძრაობის თავკაცები. მაგრამ თქვენ სულ სხვა მიზეზის გამო არ გასვენებთ ჩემი ,,მონანიება”. საქმე ის გახლავთ, ჩემი ,,მონანიება” და ციხიდან გამოსვლა რომ არ მომხდარიყო, არ იქნებოდა არც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობა, არც 9 აპრილი და არც იმპერიის ბატონობის დასარული 1990 წლის 28 ოქტომბრის თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების სახით, ამიტომაც ვერ მოგინელებიათ ჩემი ,,მონანიება” და კბილებს აღრჭიალებთ მისი გახსენებისას.

ბოლოს გადამასახლეთ ნოღაეთის ნახევარუდაბნოში, სადაც ქართველმა მწყემსებმა გადამარჩინეს შიმშილითა და სიცივით სიკვდილს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თქვენმა დამქაშებმა გამივრცელეს ჭორი, თითქოს მე თქვენი აგენტი გავხდი, რაც ერთხანს ირწმუნა საზოგადოების ნაწილმა და რასაც დიდხანს იმეორებდნენ ჭანტურია და სხვა მოღალატენი, ვიდრე თავად არ გამოვლინდნენ, როგორც თქვენი აგენტები. თანაც საზოგადოებამ დაინახა, რომ ისევ მე ვიყავი ერთადერთი კაცი რომელიც მსოფლიო საზოგადოებას ვაწვდიდი ინფორმაციას საქართველოს შესახებ, ვახერხებდი თვითგამოცემას, ვაწყობდი საპროტესტო აქციებს ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად. ბოლოს ის ახალგაზრდებიც ჩამომაშორეთ და მტრებად მიქციეთ ისინი სუკ-ის ჯოჯოხეთური მანქანის მეშვეობით. გარდა ამისა ყველა ხედავდა, რომ სუკის ყველაზე დიდი დევნისა და მეთვალყურეობის ობიექტი ისევ მე ვიყავი, ხელახალ დაპატიმრებას კი ვეღარ ბედავდით, რადგანაც უცხოეთში ძალზე გახმაურდა ჩემი სახელი.

ჰო, მაგრამ, მეტყვიან თქვენი დამქაშები, თქვენ შევარდნაძის წარსულზე საუბრობთ, მაგრამ დღეს იგი აღარ არის ის, რაც იყო, შევარდნაძე გადემოკრატდა. იგი ხომ ,,პერესტროიკის” ერთ-ერთი ავტორია. მან თავისი წარსული შეცდომები დაგმო, კომპარტიიდან გავიდა, ნუღარ იხსენებთ მის წარსულს, მის აწმყოზე ილაპარაკეთ. კეთილი და პატიოსანი.

განვიხილოთ თქვენი მოღვაწეობა ,,პერესტროიკის” შემდეგ. მართალია, თქვენ და გორბაჩოვი იძულებული გახდით მსოფლიო საზოგადოებრიობის დაწოლით დაგეწყოთ შედარებითი ლიბერალიზაცია, მაგრამ მიუხედავად პოლიტპატიმრებისა და რუსი დისიდენტების რეაბილიტაციისა, გრძელდებოდა ქართველი დისიდენტების დევნა და საზოგადოებიდან იზოლაცია. ჩემს წინააღმდეგ ისევ მძვინვარებდა კამპანია 1987-89 წლების საბჭოთა პრესაში, მაგრამ ამანაც ვერ შეაჩერა ეროვნული ძალების აზვირთება საქართველოში, რისი კულმინაციაც იყო 9 აპრილი, როდესაც თქვენ და გორბაჩოვმა უკანასკნელად სცადეთ სამხედრო ძალით გაგენადგურებინათ ეროვნული მოძრაობა საქართველოში. დამახასიატებელია ის, რომ თქვენ 9 აპრილს დამსჯელი ოპერაციის ერთ-ერთი ავტორი და დამგეგმავი, საქართველოში მოგავლინეს და მოგახსნევინეს კომენდანტის საათი (თუმც დღეს მოსკოვის მიერ მოწყობილი პუტჩის შემდეგ ისევ თქვენ დააწესეთ უსასრულო კომენდანტის საათი, რომლის მოხსნასაც აღარ აპირებთ). ბოლოს საქართველოში გაიმარჯვა დემოკრატიამ, ჩატარდა თავისუფალი, მრავალპარტიული არჩევნები, რომელიც თქვენი და თქვენი პარტიისათვის კრახით დამთავრდა. იმ დღიდან თქვენ გულში ჩაიდეთ რევანში და ყველაფერი იღონეთ იმისთვის, რომ ეს მონაპოვარი გაგენადგურებინათ და მიაღწიეთ კიდეც ამას იმპერიული ძალების დახმარებით. ხალხისათვის თვალის ასახვევად თქვენ მომილოცეთ ტელეგრამით არჩევნებში გამარჯვება, მაგრამ რამდენად გულწრფელი იყო ეს მოლოცვა დაადასტურა შემდგომი დროის მოვლენებმა. თქვენ შექმენით მოსკოვში შტაბი, რომელშიც გააერთიანეთ საქართველოდან გაქცეული ყველა რენეგატი-პარტოკრატი და გააჩაღეთ უპრეცენდენტო კამპანია მთელს მსოფლიოში საქართველოს ახალი ხელისუფლებისა და პირადად ჩემს წინააღმდეგ. თქენს მიერ მოსყიდულ ყოფილ დისიდენტებტან და ეროვნული მოძრაობის მოღალატეებთან ერთად არწმუნებდით მსოფლიოს, რომ საქართველოში დამყარდა ტოტალიტარული რეჟიმი, ფაშისტური დიქტატურა, რომლის დამხობაც აუცილებელია. რა დიქტატურაზე შეიძლებოდა საუბარი, როდესაც გამოდიოდა 20-ზე მეტი ოპოზიციური გაზეთი, ტელევიზიით იკრძალებოდა მხოლოდ ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, თავისუფლად დათარეშობდნენ უკანონო შეიარაღებული ფორმირებები და პარტიები, დავაპატიმრეთ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც სჩადიოდნენ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს, ბანდიტიზმს, ქუჩების გადახერგვას ბარიკადებით, ტელევიზიის აღების მცდელობას.

თქვენ იყენებდით საბჭოთა იმპერიასა და დასავლეთს შორის დამყარებულ ალიანსს საკუთარი ქვეყნის გასანადგურებლად, მისი ლიბანიზაციის დასაჩქარებლად, სისხლიანი პუტჩისა და გადატრიალების მოსაწყობად. თქვენი მეცადინეობით ჩვენს წინააღდეგ ამოქმედდა კრემლის უზარმაზარი პროპაგანდისტული მანქანა, რომლის პირისპირ ჩვენი საინფორმაციო საშუალებები უძლური აღმოჩნდა. პარალელურად კრემლი აძლიერებდა საქართველოში თავის მიერ შექმნილ შეიარაღებულ ,,ოპოზიციას” და მის მოკავშირე კრიმინალურ ბანდებს, რომელთაც აიარაღებდნენ საოცარი ინტენსივობით. ხოლო როდესაც ჩვენ კანონი ავამოქმედეთ, დასცეს განგაში პოლიტიკური რეპრესიების შესახებ.

ამასთან თქვენ და გორბაჩოვი ყოველნაირად უჭერდით მხარს ოს სეპარატისტებს, რაც ხელს უწყობდა შიდა ქართლის კონფლიქტის გაღვივებას და საუკეთესო საშუალება იყო ჯარის შემოყვანისა და საქართველოს ხელახალი ანექსიისა. ამასთან ყოველნაირად ინიღბებოდით და მალავდით კავშირს ამ მოვლენებთან. თქვენ თითიც არ გაანძრიეთ იმისათვის, რომ ეს საფრთხე აშორებოდა საქართველოს. შეგახსენებთ ერთადერთ სატელეფონო საუბარს, რომელიც შედგა ჩვენს შორის 1991 წლის გაზაფხულზე, როდესაც გორბაჩოვმა დააპირა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება შიდა ქართლის მთელს ტერიტორიაზე, რაც საქართველოს ხელახალ ოკუპაციას მოასწავებდა. მაშინ ჯერ კიდევ ვფიქრობდი რომ შეგებრალებოდათ თქვენი ქვეყანა და სწორ ინფორმაციას მაინც მივიღებდი თქვენგან ამ საშინელი საფრთხის შესახებ. როდესაც ტელეფონით დაგიკავშირდით თქვენ მითხარით, რომ მე უნდა დამერეკა გორბაჩოვისადმი და მეთხოვა შეეჩერებინა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ეს იმას მოასწავებდა, რომ გორბაჩოვი სანაცვლოდ მომთხოვდა საკავშირო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას, ამიტომ ცხადია, აღარ დავურეკე მას. შემდეგ მე მოვითხოვე თქვენგან დაგვხმარებოდით საქართველოს გამოყოფაში სსრ კავშირიდან, თანაც შეგახსენეთ, რომ თქვენ თქვენი სამშობლოს მეტი არაფერი დაგრჩენოდათ და უნდა გეფიქრათ მის კეთიდღეობაზე. ,,დამანებეთ თავი, მე ერთი პენსიონერი კაცი ვარ და ნუ მთხოვთ იმაზე მეტს, რაც შემიძლია”- ასეთი იყო თქვენი პასუხი; მე გკითხეთ აგრეთვე, მიეცით თუ არა ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას 31 მარტის რეფერენდუმზე, რაზედაც თქვენ დუმილით მიპასუხეთ. ახლა საყოველთაოდ ცნობილია, რომ თქვენ მხოლოდ 17 მარტის ე.წ. საკავშირო რეფერენდუმში მიიღეთ მონაწილეობა და ხმა მიეცით საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას, ხოლო 31 მარტს საქართველო და მისი დამოუკიდებლობა არც გაგხსენებიათ. მაგრამ თქვენი ყველაზე დიდი დანაშაული მაინც არის საქართველოში კრიმინალური რევოლუციის შემზადება და განხორციელება, რასაც პრეცენდენტი არ გააჩნია მსოფლიო ისტორიაში. თქვენ, ერთდროს დამნაშავეობასთან ვითომდაც მებრძოლი, დაუკავშირდით დამნაშავეთა სამყაროს და მისი მეშვეობით მოახდინეთ გადატრიალება საქართველოში. დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლები _ ჯ. იოსელიანი თავისი ,,მხედრიონით” და თ. კიტოვანი თავისი კრიმინალური ,,გვარდიით”, რომელმაც უღალატა კანონიერ ხელისუფლებას, თქვენი დადასაყრდენი არიან დღესაც. თქვენს მიერ შექმნილმა კრიმინალურმა ხუნტამ, საქართველოში ,,ზაკვო”-ს ჯარების დახმარებით, დაატრიალა იგივე რასაც სჩადიოდნენ მურვან-ყრუს, ჯალაჯედინის, თემურ-ლენგის, შაჰაბასისა და აღა-მაჰმად ხანის ურდოები. ხუნტაში დამნაშავე სამყაროსთან ერთად გაერთიანდენენ მაფიოზი პარტოკრატები და თქვენს მიერ პრივილეგირებული კომუნისტური ინტელიგენციის წარმომადგენლები, ის ინტელიგენტები, რომელთა მიერ იარაღის ხელში აღებას თქვენ მიესალმეთ თვითმფრინავის ტრაპიდანვე საქართველოში ჩამოსვლისას. აი, ის სოციალური ფენები, რომელთაც თქვენ ეყრდნობით დღეს და რომელთა ხელითაც აპირებთ საქართველოს მომავლის ,,აშენებას”. საქართველოს ციხეებიდან და კოლონიებიდან თქვენი ,,ამნისტიით” გამოშვებული 4 ათასამდე კრიმინალის დიქტატის ქვეშ არის დღეს მილიცია და პროკურატურა, მთელი სამართალდამცავი ორგანოები, რომელნიც ხელს უწყობენ მათ ახალ-ახალი სისხლიანი დანაშაულების ჩადენაში. თქვენი და ამ კრიმინალების დავალებით შეთითხნა პროკურატურამ ,,საქმეები” ჩემს წინააღმდეგ, უზენაესი საბჭოს დეპუტატებისა და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ, ხოლო ნამდვილ დამნაშავეთა საქმეები გააუქმა და მათი რეაბილიტაცია მოახდინა. პატიმრობიდან გაათავისუფლა ქართველი ხალხის მოსისხლე მტერი, ბოროტმოქმედი ტ. ყულუმბეგოვი, რამაც ახალი აღმავლობა გამოიწვია ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ-ტერორისტული მოძრაობისა და საბოლოოდ დაგვაკარგვინა შიდა ქართლი.

თქვენი ხუნტა პირველი დღეებიდან არბევდა და არბევს მშვიდობიან საპროტესტო მიტინგებსა და დემონსტრაციებს. საქართველოში იანვარ-თებერვალში ,,გვარდიისა” და ,,მხედრიონის” კრიმინალებმა დახოცეს და დაჭრეს ასობით დემონსტრანტი, ხოლო შემდეგ დამალეს მათ მიერ დაღვრილი სისხლი, აუკრძალეს რა ჯანმრთელობის სამინისტროს გარდაცვლილთა გვარების გახმაურება. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ეს გვარები ყველასათვის ცნობილია და ადრე თუ გვიან მათი მხეცური მკვლელობისათვის მოგეთხოვებათ პასუხი ყველას.

თქვენმა ხუნტამ საქართველოში გააჩაღა ძმათამკვლელი სამოქალაქო ომი და, რაც ყველაზე საგანგაშოა, არნახულად გააღვივა კუთხური შუღლი. ფოთის, სენაკის და ზუგდიდის ,,დასალაშქრავად” თქვენ გურულებს, იმერლებს და კახელებს აგზავნით, თითქოს უცხო ქვეყანას ოპყრობდეთ, ძარცვავთ, არბევთ და აწიოკებთ მოსახლეობას, ხოლო როდესაც ზუგდიდის მოსახლეობა აჯანყდა და ქალაქი გაათავისუფლა ,,მხედრიონის” და ,,გვარდიის” ბანდებისაგან, თანაც ტყვედ აიყვანა მრავალი მათგანი, ამის საპასუხოდ თქვენ თბილისში დააწვევინეთ კონსტანტინე გამსახურდიას სახლმუზეუმი, თითქოს იგი მარტო სამეგრელოს კუთვნილება ყოფილიყოს. როდესაც ზუგდიდის მკვიდრი 50-მდე შვილმკვდარი დედა დემონსტრაციაზე გამოვიდა დაღუპული შვილების პორტრეტებით ხელში, თქვენმა ,,შეიარაღებულმა” ძალებმა ისინი დაარბიეს, სასტიკად სცემეს და შვილების პორტრეტები თავზე დაამტვრიეს. აი თქვენი ,,ჰუმანიზმის”, ,,პატრიოტოზმისა” და ,,დემოკრატიის” დამადასტურებელი ნიშნები.

დღეს მოსკოვის საინფორმაციო საშუალებებით ხდება თქვენი რეკლამირება, როგორც პოლიტიკოსისა, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში. თქვენი განცხადება იმის შესახებ, რომ თქვენ დაიწყეთ ,,გარადქმნა”, გაანთავისუფლეთ აღმოსავლეთ ევროპა და ბალტიისპირეთი, გააერთიანეთ გერმანია, განუზომლად გადაჭარბებული შეფასებაა თქვენი პიროვნული როლისა. ეგ ყველაფერი რონალდ რეიგანის, ,,სოი”-ს და დასავლეთის პოლიტიკის, აგრათვე საბჭოთა კავშირის დისიდენტური მოძრაობის დიდი გამარჯვებაა უწინარესყოვლისა, რამაც აიძულა გორბაჩოვის მთავრობა წასულიყო უდიდეს დათმობებზე. თქვენ და გორბაჩოვმა, ფაქტობრივად მხოლოდ უკან დაიხიეთ ძალის წინაშე და ხელი მოაწერეთ ფაქტობრივ კაპიტულაციაზე, რაც დიდ დიპლომატიურ გამარჯვებაზე ვერ მეტყველებს. სასაცილოა თქვენს მიერ დღეს იმის გაცხადება, რომ ეგ ყოველივე თქვენ გააკეთეთ, რათა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მიეღწია. საქართველოს დამოუკიდებლობა რომ გდომოდათ, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას ესოდენ თავგამოდებით არ იბრძოლებდით საბჭოთა კავშირის შენარჩუნებისათვის, ნებაყოფლობით არ დაბრუნდებოდით შემდგომში ისევ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე და არ განაცხადებდით, რომ საჭიროა სამშობლოს (ე.ი. სსრკ-ს) ხსნა. საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრე რომ ყოფილიყავით, მონაწილეობას მიიღებდით 31 მარტის დამოუკიდებლობის რეფერენდუმში. ამასთან, დასავლეთის ქვეყნებში დიპლომატიური მისიით მოგზაურობისას ერთხელ მაინც განაცხადებდით, რომ ეროვნებით ქართველი ხართ და რომ საქართველო დაპყრობილი ქვეყანაა და იბრძვის დამოუკიდებლობისათვის; მაგრამ თქვენ ქართველად არასოდეს ჩაგითვლიათ თავი, ვინაიდან მუდამ იყავით ნამდვილი ,,ჰომო სოვიეტიკუსი”, რაც თქვენ თავად აღიარეთ იტალიური გაზეთის ,,კორიერე დე ლა სერასათვის” მიცემულ ინტერვიუში.

სასაცილოა აგრეთვე იმის მტკიცება, რომ თურმე გენშერის მიერ ჩამოტანილი 10 მილიონი მარკის ოდენობით კრედიტი მოხმარდება ,,დემოკრატიული ინსტიტუტების” განმტკიცებას, რაც თქვენმა მოკავშირემ, ოსტანკინოს დეზინფორმატორმა გვამცნო. ყველასათვის ცნობილია, თუ რა ,,ინსტიტუტებია” ,,მხედრიონი”, ,,გვარდია”, ,,სამხედრო საბჭო” ანუ ხუნტა, რომელიც ცეცხლითა და მახვილით ანადგურებს დემოკრატიას საქართველოში, ძარცვავს და არბევს მოსახლეობას, რამაც საქართველო მსოფლიოში ეკონომიურად ყველაზე გაღატაკებულ ქვეყნად აქცია, სადაც ყოველდღიურად უკვე მრავალი ადამიანი იღუპება შიმშილით (საქართველოს რადიოს ცნობა). რაც შეეხება დღევანდელი საქართველოს უკანონო რეჟიმის ცნობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მიერ, ეს იმპერიის მხარდაჭერისა და თქვენი დემაგოგიისა და დეზინფორმაციის ხელოვნების შედეგია. მაგრამ გახსოვდეთ: ჯერ საკუთარმა ხალხმა უნდა გცნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არავითარი ფასი არ აქვს უცხო ქვეყნების მხრივ ცნობას.

სანუგეშოა, რომ ის ქვეყნები, რომელთაც გადატრიალებამდე სცნეს საქართველოს კანონიერი ხელისუფლება, აღარ აპირებენ თქვენი უკანონო რეჟიმის ცნობას, საკუთარი ხალხი კი თქვენ არ გცნობთ არასოდეს.

ყველასათვის ცნობილია, რომ დღეს საქართველოში თქვენს მიერ მოხდა ნარკომანიისა და ნარკობიზნესის ლეგალიზაცია. ნარკომანია ღია, ლამის ოფიციალურ პრაქტიკად იქცა, ვინაიდან თქვენი ძირითადი დასაყრდენი ძალების, ,,მხედრიონისა” და ,,გვარდიის” წევრთა უმრავლესობა ნარკომანები არიან; თითოეულ მათგანს სჭირდება დღეში რამდენიმე ათასი მანეთი მაინც ნარკოტიკული ნივთიერებებისათვის, რის შედეგადაც მათ მიერ იძარცვება საქართველოს მოსახლეობა, იტაცებენ ათასობით კერძო და სახელმწიფო მანქანებს და ყიდიან საქართველოს ფარგლებს გარეთ სრულიად ლეგალურად. ასე გაძარცვეს თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, სენაკი და სხვა ქალაქები, ახლა კი ქართული მოსახლეობის გაძარცვის შემდეგ, არაქართველ მოსახლეობაზე გადავიდნენ, რაც გვიქადის ახალ ეთნოკონფლიქტებს. დაბა ყაზბეგი, ჩვენი დიდი ალექსანდრე ყაზბეგის სამშობლო, გადაქცეულია ნარკობიზნესის ცენტრად, მეორე ჰონკონგად, აზიისა და ევროპის ნარკობიზნესის ხიდად. ამის შედეგად იძარცვება სახელმწიფო ხაზინაც, რის გამოც ვეღარ არიგებთ ჯამაგირებს, პენსიებს, ჰონორარებს, თუმც პუტჩისტები მაინც ღებულობენ პრემიებს თავიანთი სისხლიანი დანაშაულობებისათვის, როგორც ,,დემოკრატისათვის მებრძოლნი”. აი თქვენი ,,დემოკრატიის” დიდი მიღწევები.

თქვენ ხედავთ, რომ საქართველოს მხოლოდ ,,მხედრიონისა” და ,,გვარდიის” ხელით ვერ იმორჩილებთ და ამიტომ, ფართოდ ჩააბით სამხედრო ოპერაციაში სნგ-ს ჯარები, რომლებიც დღეს ხუნტის ჯარებთან ერთად დაბანაკებულნი არიან სოფ. რუხთან და ლამობენ აფხაზეთში შეჭრას, რათა იქ გააჩაღონ ახალი ეთნოკონფლიქტი. 23 მარტს (1992წ), სამტრედიის სადგურზე ეშელონიდან გადმოტვირთეს თქვენი ,,გვარდიის” ჯავშანტრანსპორტიორები, რუსი ჯარისკაცებით სავსე, რომელნიც გაემართნენ ცხენისწყლის ხიდისკენ სადამსჯელო ოპერაციის ჩასატარებლად. სნგ-გს სამხედრო ვერტმფრენები თავს დასტრიალებენ წალენჯიხასა და ცელავენ ყველას, ვინც საეჭვოდ მიაჩნიათ. მათ მიერ განადგურებულია მშვენიერი კურურტი სქური. ასე, რომ თქვენ საქართველოში იწყებთ მეორე ავღანეთის ომს და ნუ გგონიათ, მსოფლიო ბრმა იყოს და ვერ ხედავდეს ამას.

,,დემოკრატიული ინსტიტუტების” ჩამოყალიბების პარალელურად თქვენ საქართველოში მასობრივი ტერორი და 37 წლის დარი რეპრესიები გსურთ ააღორძინოთ. გრძელდება დაპატიმრებები შეთითხნილი ბრალდებებით, რაც თქვენი ხელწერაა. ყალბი ბრალდებებით არიან დაპატიმრებული უზენაესი საბჭოს საბიუჯეტო კომიის თავმჯდომარე ტარიელ გელანტია, პუტჩისტების 6 ტყვიით დაჭრილი, მომაკვდავი კაცი, ფინანსთა მინისტრი გურამ აბსანძე, უზენაესი საბჭოს სადეპუტატო ეთიკის კომიისის თავმჯდომარე ბიძინა დანგაძე, დიდხანს ტანჯეს ციხეში ქუთაისის დეპუტატი ფირუზ დიაკონიძე, ჰელსინკის კავშირის გამგეობის წევრი, დეპუტატი ვახტანგ ჭითავა და სხვანი. ახლა შემოიღეთ მიტინგებზე სასიკვდილოდ ცემა და დანით დჭრა უდანაშაულო ადამიანებისა, რასაც განსაკუთრებით ეფექტურად ნერგავთ უკანასკნელ ხანებში. თქვენი ხელქვეითი კრიმინალები განსაკუთრებით არაადამიანურად ექცევიან ქალებსა და მოხუცებს, მთელი ქალთა სქესი ლამის მტრად გამოაცხადოთ პირუთვნელობისა და შეუპოვრობისათვის.

თქვენ, ,,გარდაქმნისა” და ,,საჯაროობის” მედაფდაფემ საქართველოში მოსპეთ ყოველგვარი საჯაროობა, დააწესეთ უსასტიკესი ცენზურა პრესაში და ტელევიიზიაში, აკრძალეთ ყველა თავისუფალი გამოცემა. ერთადერთი დამოუკიდებელი გაზეთის, ,,იბერია-სპექტირის” რედაქტორს, პრინციპულ და მოუსყიდავ ჟურნალისტს, ირაკლი გოცირიძეს მოუკალით შვილი, შესანიშნავი მხატვარი გიორგი გოცირიძე და ახლა მეორე შვილზე ემუქრებით, ჟურნალისტური სინდისის ერთგულებისათვის. ა.წ. 30 მარტს, როდესაც მოსკოვის ტელევიზიით უნდა გადმოცემულიყო ჩემი იტერვიუ, საერთოდ გააუქმეთ მოსკოვის პირველი არხი. ნუთუ ეს არის თქვენი დემოკრატია და საჯაროობა? რატომ არ უჩვენებთ ტელევიზიით ყოველივე იმას, რაც ხდებოდა და ხდება საქართველოში უკანასკნელი ოთხი თვის მანძილზე? რატომ არ უჩვენებთ თბილისის დანგრევასა და დაწვას თქვენი ზარბაზნებითა და რეკეტებით, მიტინგების დარბევას, უდანაშაულო მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას თქვენი ბანდების მიერ, დასავლეთ საქართველოს აწიოკებას, ხალხის ძარცვა-გლეჯას? რატომ არ აძლევთ სიტყვას თქვენს ოპონენტებს, ან იქნებ ფიქრობთ, რომ ამ გზით ჩაახშობთ სიმართლის ხმას?

ახლა ვნახოთ რას წარმოადგენს საქართველოში თქვენი ,,მოღვაწეობა” სამართლებრივი თვალსაზრისით, ხელისუფლების უზურპაცია. თქვენს მიერ, კომპარტიის ცკ-ს მსგავსი უკანონო ორგანოს, ე.წ. სახელმწიფო საბჭოს შექმნა და საკუთარი თავის დანიშვნა მის თავმჯდომარედ, არის უდიდესი უკანონობა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევა, ვინაიდან ქვეყანას ჰყავს კანონიერი ხელისუფლება, ხალხის მიერ არჩეული, ხოლო თქვენ არავის აურჩევიხართ და არც დაუნიშნიხართ ამ თანამდებობაზე. თქვენ აცხადებთ, რომ საქართველოში უახლოეს ხანში ჩატარდება ვითომდაც თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად. ასეთი არჩევნები საქართველოში უკვე ჩატარდა 1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს ჰყავს კანონიერი პრეზიდენტი და პარლამენტი, რომელთა გარეშეც არავის აქვს უფლება ახალი არჩევნების დანიშვნისა, ასე რომ თქვენი ,,არჩევნები” იქნება ყალბი და უკანონო. ხოლო ახალ საარჩევნო კანონს, თქვენს მიერ შექმნილს, არ ექნება არავითარი იურიდიული უფლებამოსილება. ამგვარ ,,არჩევნებს” ხალხი ბოიკოტით შეხვდება, ვინაიდან მან ერთხელ უკვე გამოხატა თავისი ნება. გარდა ამისა, ისეთ პირობებში, როდესაც თითქმის მთელს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათია, არავითარ არჩევნებზე არ შეიძლება ფიქრიც კი, თუნდაც იგივე მსოფლიო სტანდარტების მიხედვით. ასე რომ, უზურპატორთა ხუნტის მიერ ,,არჩევნების” დანიშვნა საგანგებო მდგომარეობის პირობებში არცერთ მსოფლიო სტანდარტს არ შეესაბამება. თქვენმა ხუნტამ გამოაცხადა 1921 წლის კონსტიტუციის აღდგენა, რომლითაც იგი ვითომდაც ხელმძღვანელობს თავის პოლიტიკაში. თქვენ რომ გესმოდეთ, თუ რას ნიშნავს ამ კონსტიტუციის აღდგენა, იმ დღესვე გადადგებოდით და გამოაცხადებდით თვითლიკვიდაციას, ვინაიდან დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ქვეყანას უნდა მართავდეს არჩევითი ხელისუფლება და არა უკანონო ხუნტა.

ახლა ვნახოთ როგორ გესმით თქვენ რუსეთ-საქართველოს დღევანდელი ურთიერთობა. როგორც აღვნიშნე, თქვენ გაქვთ პრეტენზია, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე იბრძოდით საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. საქართველოს დამოუკიდებლობის რა მოგახსენოთ, მაგრამ მთელს თქვენს ძალებს მუდამ ახმარდით საბჭოთა იმპერიის მთლიანობის შენარჩუნებას, ხოლო ამჟამად, როდესაც დაიმსხვრა ეს თიხისფეხებიანი კერპი, იბრძვით მომაკვდავი რუსეთის იმპერიის შესანარჩუნებლად, რომლის დაშლაც გარდაუვალია, როგორც ყველა იმპერიისა. თქვენ კი ყოველნაირად ცდილობთ, საქართველო კვლავ აქციოთ რუსეთის კოლონიად. რატომ არ სცნობს დღევანდელი რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას და არ ამყარებს მასთან დიპლომატიურ ურთიერთობას? იმის გამო, რომ საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და აღარ სურს იყოს რუსეთის კოლონია და სამხედრო პლაცდარმი. ამასთან რუსეთს მიაჩნია, რომ საქართველომ რუსეთის ფედერაციის ნაწილებად უნდა სცნოს შიდა ქართლი და აფხაზეთი. ,,თქვენ წახვალთ, ოღონდ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე” გვეუბნებოდა გორბაჩოვის მთავრობა. დღევანდელი რუსეთის პოზიციაც ბევრით არაფრით განსხვავდება წინამორბედთაგან.

თქვენ განაცხადეთ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა დიპლომატიურზე უფრო მეტია.  დიპლომატიურზე ,,მეტი” ურთიერთობა საერთაშორისო პრაქტიკამ და სამართალმა არ იცის. რა უნდა ვიგულისხმოთ ამგვარ ურთიერთობაში, კოლონიალური მონობა ხომ არა? მაგრამ გახსოვდეთ, რომ რუსეთის იმპერია განწირულია, ისევე როგორც თქვენი ცდები საქართველოში რუსოფილური ნეოკომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის დამყარებისა. საქართველომ 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ერთგული დარჩება თავის არჩევანისა (სხვათაშორის წელს ეს თარიღი ოფიციალურად არც კი აღნიშნეთ). აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ცინიზმი და მკრეხელობაა თქვენის მხრით სამფეროვანი დროშისა და მერაბ კოსტავას სურათის ფონზე ჯდომა. იმ დროშისა, რომლის ეთგულებისათვის მრავალი ადამიანი გაგიგზავნიათ ციხეში. იმ მერაბ კოსტავასი, რომელიც 10 წლის განმავლობაში აწამეთ გულაგის საპყრობილეებში და რომელსაც თქვენმა აგენტებმა მოუსწრაფეს სიცოცხლე.

ახლა ვნახოთ ვით ემთხვევა ურთიერთს თქვენი სიტყვა და საქმე საოკუპაციო ჯარებთან დაკავშირებით. თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის უნდა გაიმართოს მოლაპარაკება ჯარების გაყვანის თაობაზე და საქართველო არასოდეს გახდება სნგ-ს წევრი. ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს, იმ დროს, როდესაც ამ თანამეგობრობის სხვა წევრები თავისი ტერიტორიებიდან აძევებენ საოკუპაციო ჯარებს, ან თავის იურისდიქციას უმორჩილებენ, თქვენ დღითი დღე უმატებთ მათ რაოდენობას საქართველოში.; გაირკვა, რომ თქვენი ჩამოსვლის პირველსავე დღეებში დაგირეკიათ მოსკოვში და გითხოვიათ ამ ჯარების საქართველოში დატოვება, რაც თავისი დაუფიქრებლობით მოსკოვის ტელევიზიით გამოაცხადა თქვენმა მეგობარმა ,,დემოკრატმა” გ.პოპოვმა. თქვენი ხუნტის დასტურით შემოიყვანეს ყარაბაღიდან გამოძევებული 366 მოტომსროლელი პოლკი. ამჟამად, როგორც სჩანს, გენშერთან გარიგების საფუძველზე გეგმავთ გერმანიიდან დემობილიზებული რუსი სამხედროებისათვის ბინების
მშენებლობას. ბუნებრივია, ის ვისაც არ გააჩნია საკუთარი ხალხის მხარდაჭერა, დასაყრდენს ეძებს მტრის საოკუპაციო ჯარებში. ასე ყოფილა ოდითგან ჩვენს ავბედით ისტორიაში, ასე იყო ,,საბჭოთა” პერიოდში, ასე იქნება მანამ, სანამ საქართველოში იქნება სნგ-ს, ანუ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი თქვენი ხუნტის სახით.

არ შემიძლია არ ვახსენო ჩვენი ახალგაზრდობის სავალალო მდგომარეობა საქართველოში შექმნილი ვითარების შედეგად. თქვენ და თქვენი ,,წითელი” პროფესორები დღენიადაგ ნერგავთ ახალგაზრდობაში კრიმინალების, ნარკომანების, ,,კანონიერი ქურდების” მგლურ ჰეროიკას, შეაძულეთ ახალგაზრდებს წიგნი და შეაყვარეთ ნარკოტიკული ნივთიერებები, ავტომატი, ძარცვა-გლეჯა და ყაჩაღობა. ბოლოს, მრავალი მათგანი დამნაშავე რეჟიმის პატარა მონსტრებად აქციეთ, რომელნიც დღეს შეუბრალებლად არბევენ მშვიდობიან მიტინგებს, მხეცურად უსწორდებიან დიდსა და პატარას, ქალსა და ბავშვს, სიმართლის საქმისათვის. მაგრამ, გახსოვდეთ, სიმართლეს ვერავითარი ციხე, ვერავითარი ტყვია და კოცონი ვერ დაამარცხებს. საბედნიეროდ კარგი ახალგაზრდობაც გვყავს, რომელნიც თქვენ პასუხს გაგებინებენ ყველაფრისათვის. ,,უსამართლო ძლიერებას საუკუნო არ აქვს ძალი, უძლეველი საბოლოოდ არის მხოლოდ სამართალი”, როგორც იტყოდა დიდი აკაკი.

ახლა საბოლოოდ უნდა დაგისვათ მთავარ შეკითხვა: ვინ მოგიხმოთ ჩვენ წინამძღვრად? ვინ მოგიწვიათ საქართველოში, სად არიან ის მშრომელები, ის ახალგაზრდები, რომელნიც თურმე მოსკოვში მოსვენებას არ გაძლევდნენ განცხადებებითა და პეტიციებით, არიქა ჩამოდით საქართველოში და გვიშველეთო? სად არის ეს დოკუმენტები? მაგრამ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოში მოგიწვიათ ერთადერთმა კაცმა, კრიმინალმა და რეციდივისტმა, ავადსახსენებელმა ჯაბა იოსელიანმა, რომელსაც საკუთარი ხალხის სისხლში აქვს ხელები გასვრილი და რომლის სახელსაც შეაჩვენებს ქართველი ხალხი თქვენს სახელთან ერთად. დიახ, მისმა ემისრებმა ჩამოგიყვანეს თქვენ თბილისში და აეროპორტში დაგხვდათ მოღალატეთა და კრიმინალთა მცირე ჯგუფი. სამაგიეროდ ქართველმა ხალხმა შეგარქვათ იუდა და ამ სახელის სკანდირება არ შეწყდება სანამ თქვენ მის მიწა-წყალზე დააბიჯებთ.

რატომ გეშინიათ სიმართლისა, რატომ არ პასუხობთ სტუდენტთა და ჟურნალისტთა შეკითხვებზე, რომლებიც გზეთშიც კი გამოგიქვეყნეს? რატომ არ ღებულობთ ჟურნალისტებს? ან იქნებ გგონიათ, რომ დღეს შუა საუკუნეებია და თქვენი ბნელი საქმეები საბოლოოდ მიჩქმალული დარჩება? მერწმუნეთ მალე შეიტყობს დასავლეთი თუ ვის შეუქმნა დემოკრატის იმიჯი და ვისი ხელით ცდილობს თავისი კავკასიური პოლიტიკის განხორციელებას. თქვენ კი აუცილებლად დამარცხდებით საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში, როგორც დამარცხდენ ნაჯიბულა და ბაბრაქ ქარმალი. ასეთივე დამარცხება გელით კავკასიის ხალხების წინააღმდეგ ომში, რომელსაც გეგმავთ იმპერიულ ძალებთან ერთად.

ამრიგად, თქვენი ,,გადემოკრატება” მარტოოდენ ფასადის შეცვლა ყოფილა, არსით კი თქვენ იგივე დარჩით, რაც იყავით, ტოტალიტარიზმის, სახელმწიფო ტერორიზმის ერთგული, სულით კომუნისტი, რაც მტკიცთება საქართველოში თქვენი ამჟამინდელი საქმიანობით, სადაც ააღორძინეთ პარტოკრატია და რეპრესიული, ტოტალიტარული რეჟიმი.

მახსენდება კანტის ცნობილი სენტენცია: ,,გადაფხიკეთ გერმანელი ფილოსოფოსი და თქვენ თეოლოგს აღმოაჩენთ მასში”. რასაც მე ასე მივუსადაგებდი ჩვენს სინამდვილეს: ,,გადაფხიკეთ ,,პერესტროიკის” ნებისმიერი დემოკრატი და თქვენ კომუნისტ-პარტოკრატს აღმოაჩენთ მასში”.

ვით ვირწმუნო თქვენი გარდაქმნა, როდესაც თქვენ, ნაცვლად იმისა, რომ შეინანოთ ერის წინაშე თქვენი უმძიმესი დანაშაულები, კვლავ ცოდვას ცოდვაზე უმატებთ და ყოველივე ძველებურად განაგრძობთ? თქვენ იმპერიამ მოგავლინათ თავისი შავბნელი ზრახვების განსახორციელებლად, ეს იცის ყველამ საქართველოში და ამის გამო დაგიხვდათ მტრულად მთელი ერი. გახსოვდეთ, ქართველი ერი პოლიტბიურო არ არის, მარკებითა და დოლარებით რომ შეიძლებოდეს მისი მოსყიდვა.

ახლა დავუბრუნდეთ იმ ანონიმურ წერილს, რომელიც დასაწყისში ვახსენე. ახლა ვრწმუნდები, რომ ეს არავითარი რუსი და სომეხი ,,ნაცისტების” წერილი არ ყოფილა. ეს იყო იმპერიული სუკ-ისა და თქვენი წერილი, სადაც მოკლედ იყო ჩამოყალიბებული გეგმა საქართველოს განადგურებისა. ბევრი რამ შესრულდა ამ გეგმიდან, დაიწყო ქართველი ერის გენოციდი, საქართველოს ტრიტორიული მთლიანობის დაირღვა, მაგრამ ამასთან ერთი იმპერია დაიშალა, ხოლო მეორე დაშლის პირას დგას. ასე, რომ თქვენს გეგმას ასრულება არ უწერია. ქართველმა ერმა გამოიღვიძა და ამიერიდან მას ვერავინ მოახვევს მონობის უღელს. იმპერია მოისპობა, ხოლო საქართველო იარსებებს სამარადჟამოდ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მე თქვენ ბრალს გდებთ:

1. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სისტემატურ დევნასა და ჩახშობაში უსასტიკესი რეპრესიების გზით, მის დისკრედიტაციაში შინ და გარეთ. ქართველი პატრიოტების და ადამიანის უფლებათა დამცველების დევნადაპატიმრებაში, ქართველი პატრიოტის ვ.ჟვანიას დახვრეტაში, ,,თვითმფრინავის საქმეზე” დაპატიმრებული ახალგაზრდების და მათთან ერთად ცრუ ბრალდებით დაპატიმრებული უდანაშაულო მღვდელის, თევდორე ჩიხლაძის დახვრეტაში, ჟურნალისტ ნაზი შამანაურის მკვლელობაში 1983 წელს ქ.თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

2. საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ საერთაშორისო შეთქმულების მოწყობაში, უპრეცენდენტო
ცილისწამებლური კამპანიის ორგანიზებაში მსოფლიოს მასშტაბით.

3. დასავლეთის ქვეყნების დეზინფორმირებასა და დეზორიენტირებაში საქართველოში მიმდინარე პროცესებთან
დაკავშირებით.

4. საქართველოში კრიმინალური რევოლუციისა და სამხედრო გადატრიალების მოწყობაში, უკანონო, დანაშაულებრივი ხუნტის შექმნაში, ხელისუფლების უზურპაციაში, ქ.თბილისის ცენტრის დანგრევასა და დაწვაში.

5. საქართველოში დემოკრატიის ნაცვლად კლეპტოკრატიის დამყარებაში, დამნაშავეთა სამყაროსადმი სამართალდამცავი ორგანოების დაქვემდებარებაში, კრიმინალებისათვის ხელისუფლების გადაცემაში.

6. საქართველოში 1990 წლის 28 ოქტომბრისა და 1991 წლის 26 მაისის დემოკრატიული არჩევნების მიღწევების განადგურებაში, კანონიერი პარლამენტისა და პრეზიდენტის დევნაში.

7. საქართველოში რუსეთის იმპერიის საოკუპაციო ჯარების ყოფნის დაკანონებაში, მათთვის საოკუპაციო ჯარების სტატუსის მოხსნაში, საქართველოში ამგვარი ჯარების ახალი კონტინგენტის შემოყვანაში ყარაბაღის 366 მოტომსროლელი პოლკის სახით, გერმანიიდან დემობილიზებული სამხედრო მოსამსახურეებისათვის განკუთვნილი სახლების მშენებლობის დაგაგმვაში ჩვენს ტრიტორიაზე.

8. საქართველოში კომუნისტური პარტოკრატიისა და მაფიის კვლავ აღორძინებაში.

9. იმპერიული სუკ-ის აგენტობაში და მის თავდადებულ სამსახურში წლების მანძილზე.

10. იმპერიული სუკ-ის აგენტურულ ქსელში საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ჩათრევაში.

11. სახელმწიფო ტრორიზმში, 1992 წლის იანვარ-თებერვლის მშვიდობიანი მიტინგებისა და დემონსტაციების დარბევადახვრეტაში კრიმინალების ხელით.

12. დასავლეთ საქართველოს დალაშქვრა-დარბევაში, მოსახლეობის ძარცვასა და გენოციდში, კუთხური შუღლისა და სეპარატიზმის არნახულ გაღვივებაში.

13. საქართველოში ნარკომანიისა და ნარკობიზნესის ლეგალიზაციასა და წახალისებაში, თბილისის ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილის ნარკომანებად, კრიმინალებად ქცევაში.

14. პიროვნულად ჩემი და ჩემი ოჯახის, თვით მცირეწლოვანი ბავშვების, დევნაში 20 წლის მანძილზე.

15. კონსტანტინე გამსახურდიას მემორიალური სახლ-მუზეუმების გაძარცვასა და დაწვაში (ქ.თბილისი და დაბა ბიჭვინთა).

16. კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა მასობრივ რეპრესიებსა და ტერორიზებაში.

17. გერმანიასთან საძრახის გარიგებაში საქართველოს ინტერესების ხარჯზე.

18. იმპერიის ცენტრის დავალებით ქართველი ერის გენოციდში.

19. სამშობლოს ღალატში.

ყოველივე ზემოთთქმულთან დაკავშირებით, მოვითხოვ თქვენგან დაუყოვნებლივ წერილობით პასუხს და ახსნა-განმარტებას. გიწვევთ ტელედებატებში (როგორც საბჭოთა კავშირის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს და არა როგორც არარსებული სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს), თქვენი საყვარელი მოსკოვის ტელევიზიით, რომელიც ყოველ ნაბიჯზე ამჟღავნებს თქვენს მიმართ სოლიდარობას, თანადგომასა და მიკერძოებას. ტელედებატებს ექნება ტელეხიდის ხასიათი.

მზად ვარ უკან წავიღო ჩემი სიტყვები, თუ დამტკიცდება ჩემს ნათქვამში უმცირესი გაყალბება, უზუსტობა ან გადაჭარბება.

პოსტ სკრიპტუმი: თქვენდამი ღია წერილი უკვე დასრულებული მქონდა, როდესაც ხელში ჩამივარდა თქვენი ინტერვიუ ,,შპიგელისადმი”, სადაც ირკვევა, რომ თქვენ ყველაფერთან ერთად უწიგნურიც ყოფილხართ. კერძოდ, თქვენ, გერმანიის საქმეების ესოდენ დიდმა ,,ექსპერტმა” ,,შპიგელის” კორესპოდენტის განსაცვიფრებლად განაცხადეთ, რომ თურმე ჰიტლერიც დემოკრატიულად ყოფილა არჩეული, ისევე როგორც გამსახურდია. მან ზრდილობიანად შეგნიშნათ, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, მაგრამ სხვა გვერდზე ფრჩხილებში ჩასვა ეს თქვენი ,,აღმოჩენა” და გაგამასხარავათ (,,შპიგელი”, 14 აპრილი, 1992წ). არ ვიცი სკოლაში რა ნიშანი გქონდათ ისტორიაში, მაგრამ ასეთი რამ დღეს საშუალო სკოლის მოსწავლესაც არ ეპატიება. ცნობილია, რომ ჰიტლერი დანიშნა გერმანიის რაიხსკანცლერად პრეზიდენტმა ჰინდენბურგმა, ისევე, როგორც ერთ დროს თქვენ დაგნიშნათ ბრეჟნევმა
საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველ მდივნად, ამაშია თქვენი სულიერი ნათესაობა, ხოლო ჰიტლერის პარტიამ ისევე ვერ შესძლო რაიხსტაგში უმრავლესობის მოპოვება, როგორც თქვენმა პარტიამ საქართველოში, 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში. ასე, რომ ანალოგიები უფრო სხვაგან უნდა ეძიოთ. საერთოდ, გირჩევთ ხშირად ჩაიხედოთ პოპულარულ სახელმძღვანელოებში და ენციკლოპედიებში, მსოფლიო მნიშვნელობის ინტერვიუს მიცემამადე.

1992 წელი 19 აპრილი

ზვიად გამსახურდია – წალენჯიხა საქართველოს სიმბოლოა

ბატონო პრეზიდენტო, უკვე ნათლად ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლებას კრიზისის დღეები უდგას. ეროვნული ძალების წინაშე მოქმედების ახალი ამოცანები ისახება. გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით.

-რაც უფრო ახლოვდება ხუნტის აღსასრული, მით უფრო მეტ ბოროტმოქმედებებს სჩადის იგი. ახლა ჩვენი ბრძოლა ძირითადად უნდა წარიმართოს ხალხის მობილიზაციისაკენ, ჩვენი ორგანიზაციების გაფართოებისა და განმტკიცებისაკენ “მრგვალი მაგიდის” ეგიდის ქვეშ. სრულიად საქართველო უნდა დაირაზმოს, რათა ვიხსნათ ჩვენი ერი.

-დაინტერესებული პირები ხალხში ავრცელებენ ხმას, რომ საქართველოს მზე ჩაესვენა, რომ მას არა აქვს შანსი აღორძინებისა. რას იტყოდით ამის თაობაზე?

საქართველო ფენიქსი. ისტორიაში მრავალგზის ყოფილა ისეთი პერიოდი, როდესაც ჩვენი მტრები ამბობდნენ, საქართველოს მზე ჩაესვენაო, მაგრამ საქართველო ისევ იკრებდა ძალას და ფენიქსისებრ აღსდგებოდა ხოლმე. “ვინც შეჰნატრის იმის სიკვდილს, უმალ მასვე დაამიწებს”,-ტყუილად როდი თქვა აკაკიმ. მთავარია, ჩვენ არ დავკარგოთ იმედი და გულხელი არ დავიკრიფოთ. ვიბრძოლოთ და გავიმარჯვებთ.

-ბატონო ზვიად! როგორია დღევანდელი მსოფლიოსათვის დამახასიათებელი ორი ურთიერთსაწინააღმდეგო-ინტეგრაციისა და ნაციონალიზაციის-პროცესების თქვენეული მოკლე შეფასება?

-მსოფლიოს ინტეგრაცია იმ ფორმით, როგორიც ჩაფიქრებული ჰქონდათ ანაციონალურ კოსმოპოლიტებს, ჩაიშალა. სულ უფრო ძლიერდება დიდ და მცირე ერებში ეროვნული სახის შენარჩუნების ტენდენცია. მაასტრიხტის იდეაც აღარ არის იმდენად პოპულარული, უნიფიცირებული მსოფლიო სახელმწიფოს შექმნა ვეღარ ხერხდება, “ატლანტიკიდან ვლადივოსტოკამდე”, პირიქით, ამ სივრცეში უამრავი ახალი ერთეული წარმოიქმნება ალბათ.

-ბევრი ითქვა და დაიწერა აფხაზეთის ომის შესახებ. მიუხედავად ამისა, ხუნტა კვლავ ცდილობს ისარგებლოს ამ ომთან დაკავშირებული სიძნელეებით. ამასთან მოსახლეობა დაინტერესეულია უფრო ნათლად წარმოიდგინოს აფხაზეთის პერსპექტივა. თქვენს რჩევას ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს.

-მთავარია, ვამხილოთ ამ ომის ანტიეროვნული და პროვოკაციული არსი, შევარდნაძის მოღალატური პოლიტიკა, რომელმაც აფხაზეთის ნახევარი უკვე ჩააბარა ისევე, როგორც მთელი სამაჩაბლო. შევარდნაძე და კომუნისტ-სეპარატისტები ერთობლივად მოქმედებენ, ამაზე უნდა ავუხილოთ თვალი როგორც ქართველებს, ისე აფხაზებს. უნდა ვეძებოთ დიალოგის გზები ისეთ აფხაზებთან, რომლებიც ხედავენ სეპარატიზმის დამღუპველობას.

-ბატონო პრეზიდენტო! პატარა წალენჯიხას სისხლიანმა ხუნტამ უდიდესი უბედურება დაატეხა თავს. წამებით დახოცილია ათობით ახალგაზრდა, გადამწვარია სახლები და გაძარცულია მთელი რაიონი. მიუხედავად ამისა, ხალხი მაინც არ შემდრკალა, არ უღალატია კანონიერი პრეზიდენტისა და ეროვნული იდეისათვის. ისინი გამოსავალს პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებასა და კანონიერების აღდგენაში ხედავენ.

-წალენჯიხა საქართელოს სიმბოლოდ მესახება-მასავით დარბეული და გაძარცვული, მასავით გაუტეხელი და მედგარი. “წალენჯიხის ზარებიც” ალბათ იმ გატაცებულ ზარებს გვახსენებენ. იმ ზარების გამტაცებლები ხომ დღეს მთელ საქართველოს ძარცვავენ. მინდა მივუსამძიმრო ყველა ჭირისუფალს-დედებს, დებს, მშობლებს, მეუღლეებს, მათთან ერთად ვგლოვობ ყველა დაღუპულს. მაოცებს გმირობა და სიმტკიცე ჩვენი ხალხისა, რომელსაც ვერავითარმა უბედურებამ ვერ ააღებინა ხელი სამართლიანობისათვის ბრძოლაზე.

-რას უსურვებდით საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას?

-ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას ვუსურვებ ერთიანობას, სიმტკიცეს, შეუპოვრობას. გული მტკივა, როდესაც მესმის განხეთქილებებზე, დავაზე, შუღლზე ჩვენს ბანაკში.გვახსოვდეს, უნდა მივუტევოთ ურთიერთს, რათა არ დავიქსაქსოთ და არ დავძაბუნდეთ. იდეის ერთგულება, ჭეშმარიტების ერთგულება, ურთიერთის სიყვარული-აი, რა მიგვიყვანს გამარჯვებამდე.

-ბატონო პრეზიდენტო, როგორ შეფასებას აძლევთ ჩვენს გაზეთს და რას უსურვებდით მომავალში?

-დიდად მომეწონა თქვენი გაზეთის ორი ნომერი, რომელიც გამაცნეს. პრესა დიდი ძალაა, დიდად გამახარა ამ ახალმა გაზეთმა. გისურვებთ წარმატებას, მეტი დოკუმენტური მასალა გამოგექვეყნებინოთ ხუნტის ბარბაროსობაზე, მისი არცერთი დანაშაული არ უნდა დარჩეს მხილების გარეშე. მასალებს მეც მოგაწოდებთ.

1993

ივლისი 8, 2010

ზვიად გამსახურდიას სიტყვა 1989 წლის 26 მაისს


“საქართველოს ძენო და ასულნო!

ძმანო და დანო! გეორგიანნო!

ქრისტეს აღსდგა! ჩვენთან არს ღმერთი!

ჩვენი არსებობა, ჩვენი ყოფა დღიდან დასაბამისა ადასტურებს რომ ჩვენთან არს ღმერთი და რომ ჩვენთან მარადის იქნება ღმერთი. და ამ რწმენით, და ამ შეგნებით ვძლიეთ უთვალავ მტრებს, ბნელეთის ძალებს, ბნელეთის იმპერიებს და ბნელეთის იმპერიათა შორის უდიდესსა და უბოროტესსაც დავამარცხებთ! რამეთუ ჩვენთან არს წმინდა გიორგი, რამეთუ ჩვენთან არს წმინდა სისხლი ჩვენი მოწამეებისა, რომელიც დაიღვარა საქართველოსთვის, დაიღვარა ქრისტესთვის, კვლავაც დაიღვარა 9 აპრილს! დიახ, მოწამეთა სისხლი, რომელიც შეუერთდა იმ წმინდა მოწამეთა სისხლს, ასიათასთა და მრავალთა ბევრთა მოწამეთა სისხლს და ეს მოწამეთა სისხლი გვიხსნის ჩვენ, მეგობრებო!

ეს არის ჩვენი ერის გზა. სხვა გზა ჩვენს ერს არ გააჩნია. ჩვენი გზა არის მოწამეობრივი გზა, გზა ქრისტესი, გზა ეკლის გვირგვინისა, ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა!

წმინდა გიორგის ხატზე, ქართულ ხატებზე, დრაკონის ადგილას გამოხატულია რომის იმპერიის სიმბოლო — დიოკლეტიანე, რომელსაც წმინდა გიორგი გმირავს სიმართლის და ვაჟკაცობის შუბით. ასევე განგმირავს საქართველო დრაკონის ახალ იმპერიას!

გაუმარჯოს, დამოუკიდებელ, თავისუფალ, ქრისტიანულ, უძლეველ საქართველოს!”

Older Posts »

Create a free website or blog at WordPress.com.