ზვიად გამსახურდია

ივლისი 8, 2010

ზვიად გამსახუდია: ჰელსინკის პრინციპების დასაცავად

Filed under: ზვიად გამსახურდია — ტეგები:, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , — georgianeli @ 7:40 PM

კონფერენციის პატივცემულო მონაწილენო!

მოგმართავთ თქვენ, როგორც საქართველოს ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარე და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი.

ჩვენი კავშირი შეიქმნა 1976 წელს, მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირში იქმნებოდა ჰელსინკის ჯგუფები. მან გამოიარა წარმოუდგენელი დევნის წლები. კავშირის წევრებმა არაერთგზის განიცადეს რეპრესიები, მაგრამ იგი განაგრძობდა ბრძოლას ადამიანის უფლებებისათვის, ერთა დამოუკიდებლობისათვის, დემოკრატიული არჩევნების დამკვიდრებისათვის.

1990 წლის ოქტომბერში ჩვენ მივაღწიეთ საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებს, გავაუქმეთ კომუნისტური რეჟიმი და ავირჩიეთ საბჭოთა კავშირში პირველი მრავალპარტიული პარლამენტი. 1991 წლის 31 მარტს ჩავატარეთ პირველი რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხზე, ხოლო 1991 წლის 26 მაისს. პირველი თავისუფალი არჩევნები, რომელზეც ამირჩიეს მე ხმათა 87 პროცენტით.

მსურს გაგიზიაროთ მოსაზრებანი ჰელსინკის მოძრაობის პერსპექტივებთან და მის წინაშე მდგომ ამოცანებთან დაკავშირებით, რამეთუ ამ მოძრაობაში გახლავართ ჩართული დღიდან 1975 წლის ხელშეკრულების ხელმოწერისა. ჰელსინკის ჯგუფების პატიმრობაში მყოფ სხვა წევრებთან ერთად წარდგენილი გახლდით მშვიდობის ნობელის პრემიაზე.

1985 წლიდან, როდესაც სსრკ-ის ახალმა კომუნისტურმა ხელმძღვანელობამ გამოაცხადა “პერესტროიკა”, მისი საქმიანობის მთავარ ასპარეზად იქცა საგარეო პოლიტიკა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მსოფლიოში მოხდა ისტორიული ძვრები-ბერლინის კედლის დანგრევა და გერმანიის გაერთიანება, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან საბჭოთა ჯარების გაყვანა, « ვარშავის პაქტის » დაშლა და სხვა ქმედებანი მნიშვნელოვანწილად უკავშირდება « პერესტროიკას », რომელიც გამოწვეულია საბჭოთა კავშირისადმი დასავლეთის სახელმწიფოთა, პირველყოვლისა, აშშ-ის დამოკიდებულებით. საბჭოთა კავშირი არ გარდაქმნილა საკუთარი სურვილით, იგი აიძულეს საგარეო პოლიტიკაში  “ახალი აზროვნების” მიმართულებით ემოქმედა. რაც შეეხება სსრკ-ის საშინაო, მას არ განუცდია არანაირი, თუნდაც მცირედი ცვლილება. საგარეო დათმობების ხარჯზე საკუთრივ საბჭოთა კავშირში იმრავლა შიდა იმპერიის შენარჩუნების მცდელობებმა, რაც ფაქტობრივად მხოლოდ ერთგვარ გადახალისებას წარმოადგენს და სხვას არაფერს.

ერის თავისუფლება გულისხმობს მის თვითგამორკვევას, უფლებას თავად იყოს საკუთარი ბედის განმგებელი . სსრკ-ს ტერიტორიაზე მოსახლე დამონებულ ერებს ორად ჰყოფს : ხელისუფლებისათვის საიმედო და არასაიმედო, მეამბოხე ერებად.

შესაბამისად, ხელისუფლების დამოკიდებულებაც მეამბოხე და ქედუხრელ ერთა წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოუცხადებელი ომი ყოველგვარი არსებული ხერხებით. ფართოა ამ მეთოდების არსენალიც.

ა) რესპუბლიკებში იქმნება კომუნისტების მიერ ინსპირირებული ინტერფრონტები, რომელნიც ყოველმხრივ ცდილობენ ეთნოკონფლიქტების გაღვივებას, რათა ეს გახდეს საბაბი კრემლის მხრიდან შეიარაღებული ჩარევისა. არსებობს მრავალი მაგალითი : მოლდავეთში « გაგაუზებისა და დნესტრისპირეთის რესპუბლიკების” შექმნა, ბალტიისპირეთში-რუსულენოვანი მოსახლეობის “თხოვნით” ჯარების შეყვანა, საქართველოში-აფხაზი და ოსი სეპარატისტებისადმი პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერა, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის “რეგულირება” და მრავალი სხვა;

ბ) დაუმორჩილებელი რესპუბლიკების მიმართ ეკონომიკური ბლოკადის შემოღება ;

გ) ტასს-ის, იმპერიის სიცრუის უშველებელი მანქანის საშუალებით საბჭოთა კავშირში და საზღვარგარეთ ტენდენციური ინფორმაციის გავრცელება “ზოგიერთ” რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენები შესახებ. რესპუბლიკების დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებებისათვის ბირთვული იარაღის ღილაკის დაუფლების სურვილის მიწერა, მათთვის ფაშისტობისა და დიქტატორობის, ადამიანის უფლებების შეზღუდვის დაბრალება… და ყოველივე ამას სჩადის რეჟიმი, რომლისთვისაც კლასობრივი სიძულვილი და კაცთა კვლა იდეოლოგიურ მიზანს წარმოადგენს. იმავდროულად ბრალდებულ ხალხებს არ გააჩნიათ არავითარი შესაძლებლობა მათ წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდისათვის პასუხის გაცემისა.

თუ ყოველივე ამას დავუმატებთ სსრკ-დან რესპუბლიკების გასვლის შესახებ დრაკონულ კანონს, რომელიც სინამდვილეში გაუსვლელობის კანონს წარმოადგენს, სრული სიცხადით ვიხილავთ ერთა თვითგამორკვევის საბჭოურ მოდელს.

სსრკ-ის შესახებ ზემოთქმულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მასშტაბური და ღრმა რეფორმების გარეშე შეუძლებელია ჰელსინკის პრინციპების გამარჯვებაზე ფიქრიც კი, 1991 წლის კონფერენციაზე ყურადღება უნდა დაეთმოს შემდეგ პრობლემებს :

1. სსრიკ-ში დემოკრატიული რეფორმებისათვის საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ბაზისის შექმნა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ერთა სრული თვითგამორკვევის გარანტიას, იმპერიალიზმისა და ნეოკოლონიალიზმის აღმოფხვრას ;

2. დაპყრობილ ხალხთა წინააღმდეგ ეკოლოგიუირ ომის შეწყვეტა, ე.ი. მათი ბუნების, მიწის, ჰაერის, წყლის რესურსების და სასარგებლო წიაღისეულის ბარბაროსული ექსპლუატაციისა და განადგურების აღკვეთა ;

3. ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობათა წინააღმდეგ ტერორის შეწყვეტა, სრული საჯაროობის პირობებში ამ ტერორის ინიციატორთა და შემსრულებელთა სამსჯავროსათვის გადაცემა;

4. იმ ჯგუფების ოფიციალურად ცნობა, რომელნიც იღვწიან ჰელსინკის და ვენის დასკვნითი დოკუმენტების დებულებათა ხორცშესხმისათვის, მათი ხელშეუხებლობის, დაცვისა და მათდამი თანადგომის გარანტირება. ამ პრობლემის გადაჭრისათვის აუცილებელია რეალიზაციის მქეანიზმის შემუშავება, რისთვისაც საჭიროდ გვესახება :

ა) სსრკ-ში მიმდინარე პროცესებზე, განსაკუთრებით, ეთნოკონფლიქტებზე, გაეროს, ევროპარლამენტის და საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციების მხრიდან მუდმივი კონტროლის დაწესება ;

ბ) სსრკ-ს ყოფილ რესპუბლიკებსა და დასავლეთის სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ;

გ) დასავლეთის სახელმწიფოებისა და რესპუბლიკების დედაქალაქებში საინფორმაციო ცენტრების შექმნა ;

დ) გაეროს და სხვა ორგანიზაციების ექსპერტთა მიერ საქართველოში, ლიტვაში, ლატვიაში და სხვა რესპუბლიკებში მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევების, პროვოცირებული ეთნოკონფლიქტების, სხვა ანტიჰუმანური ქმედებებისა და მათი შედეგების შესწავლა.

კომენტარის დატოვება »

კომენტარები ჯერ არ არის.

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: