ძვირფასო მეგობრებო! დანო და ძმანო! ბედნიერი ვარ დღეს, რომ ამდენი ხნის შემდეგ გხედავთ თქვენ და თქვენთან ვარ ისევ.
აქ, ამ მოედნაზე არაერთხელ ჩამიტარებია მიტინგი, თქვენ ყველას გახსოვთ. მაშინ სხვა პრობლემები გვაღელვებდა, მაგრამ მაინც ერთი უმთავრესი პრობლემა იყო საქართველოს დამოუკიდებლობა და ბედნიერება.
დღეს, როგორც არასოდეს, უჭირს საქართველოს და საფრთხე ემუქრება მის დამოუკიდებლობას, ვინაიდან მოღალატურმა ხუნტამ განდევნა კანონიერი ხელისუფლება, ხელთ იგდო სათავეები ხელისუფლებისა და დაქცევის პირას მიიყვანა საქართველო; და მაინც ხუნტის ყველაზე დიდი დანაშაული ის არის, რისთვისაც მას განსჯის ისტორია და ქართველი ერი, რომ ჩვენი ძირძველი კუთხე – აფხაზეთი, საქართველოს და კოლხეთის განუყოფელი ნაწილი დღეს იკარგება კომუნისტური ხუნტის მოღალატური, დნაშაულებრივი ქმედებების შედეგად. მეგობრებო! გუშინ ხუნტამ და რუსეთის ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ სოხუმი საბოლოოდ დაიკარგა, რომ საქართველომ დაიჩოქა და ქართულმა მოსახლეობამ უნდა დატოვოს ვითომდა აფხაზეთი. ეს სიცრუეა, სოხუმი არ დაკარგულა, არ დაკარგულა და არც დაიკარგება და ხუნტა დაიკარგება! მე ეს-ეს არის მოვდივარ, მეგობრებო, წინა ხაზიდან, მე შემოვიარე მთლიანად ფრონტი და არის ძალიან… კარგი… მდგომარეობა… და არის ბევრი ისეთი ფაქტორი, რომლებიც მოგვიტანს წარმატებებს.
მე მინდა დეტალურად გესაუბროთ. მე მინდა დავიწყო თავიდან. საქართველოში ჩემი ჩამოსვლის პირევლი დღიდან, მართალია დაგვიანდა ეს ჩამოსვლა, მეგობრებო, ალბათ თქვენ ყველას გაინტერესებსთ, რატომ დაგვიანდა. იმიტომ, რომ მე მქონდა უამრავი დაბრკოლებები და ფიზიკურად ვერ ვახერხებდი გამოღწევას იმ ქვეყნიდან, რომელიც აგრეთვე თვითონ არის ბლოკადაში მოქცეული. მაგრამ, ბოლოს მაინც მივაღწიე, მოვახერხე და დღეს თქვენთა ვარ, მეგობრებო. პირველივე დღიდან, პირველივე მიტინგიდან, რომელიც ჩავატარე ზუგდიდში, მე მოვუწოდებ ხალხს, მე მოვუწოდებ ქართველ ერს არ დათმონ აფხაზეთის ძირძველი კუთხე, არ დათმონ მამა-პაპათა საფლავები, გაერთიანდენ კანონიერი ხელისუფლების შეიარაღებული ძალების გარშემო და ერთიანი ძალისხმევით დავიბრუნოთ ის, რასაც გვართმევენ მოღალატენი, ჩვენი სამშობლოს გამყიდველები, ჩვენი სამშობლოს მტერთან ალიანსში მყოფი მოღალატეები.
მეგობრებო! ხუნტა თესავს პანიკას, იგი ცდილობს ჭორებით, ათასგვარი ცრუ ხმების გავრჩელებით, დაამახინჯოს ჩვენი პოზიცია აფხაზეთის მიმართ, დაამახინჯოს კანონიერი ხელისუფლების პოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ მე პირველსავე მიტინგზე მოვუწოდე მთელს სამეგრელოს და მთელს საქართველოს, რომ დავიცვათ აფხაზეთი და გადავისროლე ძალზე მნიშვნელოვანი შეიარაღებული ძალები ოჩამჩირის ფრონტზე, რომლებიც მალე გაარღვევენ, კოდორზე გადავლენ და სოხუმში შევლენ მალე, მიუხედავად ყოველივე ამისა ხუნტა ურცხვად ავრცელებს ჭორებს, ვითომ მე წინააღმდეგი ვარ აფხაზეთში ბრძოლისა და მოვითხოვ ვითომდაც ჯერ თბილისის აღებას. თბილისი უკვე აღებულია, თბილისი უკვე ჩვენია, არასოდეს არ დაიკარგება. ახლა მთავარია აფხაზეთის ფრონტი გავამაგროთ, განვამტკიცოთ და გავარღვიოთ, სადაც საჭიროა და ავიღოთ მთლიანად ინიციატივა მთელი ფრონტის გაყოლებაზე. აი, ამ მიზნით ვარ მე ჩამოსული და ეხლა ბატონი ვახტანგ ქობალია იქ იმყოფება, ბატონი გურამ ლაკია, შესანიშნავი სამხედრო სპეციალისტი და სტრატეგი, იქ იმყოფება – ჩვენი შტაბის უფროსი და მალე ეს შტაბი დაიქვენდებარებს ყველა შეიარაღებულ ძალებს, მათ შორის უკანონო ხელისუფლების შეიარაღებულ ძალებსაც. უნდა მოგახსენოთ რომ ჩემთვის ძალიან საასიამოვნოა, რომ მართალია, უკანონო ხელისუფლების ჯარში მსახურობენ, მაგრამ იქ მრავალი კარგი ქართველი აღმოჩნდა და მრავალი პატრიოტი, რომელიც ჩვენ ამოგვიდგება მხარში და რომელიც არ დაემორჩილა ხუნტის ბრძანებას, არ ემორჩილება!
მოღალატე შევარდნაძემ მოუწოდა ქართულ შეიარაღებულ ძალებს, რომ დატოვონ აფხაზეთი, დატოვონ სოხუმი, დატოვონ ოჩამჩირე და მოუწოდა ქართველ მოსახლეობას, რომ დატოვონ აქაურობა. ვერ ეღირსება ვერასოდეს თავის სიცოცხლეში ამას, ვერასოდეს ვერ ეღირსება. მაგრამ სავალალოდ, მეგობრებო, მან მაინც მიაღწია გარკვეულ წარმატებას იმ მხრივ, რომ სოჭის მოღალატური, კაპიტულანტური ხელშეკრულების დადების შემდეგ, როდესაც მან ხელი მოაწერა აფხაზეთიდან ქართველების გაძევებასა და არძინბას უკანონო ხელისუფლების სოხუმში შემოყვანაზე; და რომ ეს ხელშეკრულება დღეს ხორციელდება; აი, აი, ეს არის უდიდესი უბედურება საქართველოში და ჩვენ არ დავუშვებთ ამ მოღალატური, კაპიტულანტური ხელშეკრულების განხორციელებას. მთელი საქართველო ფეხზე დადგება და ხუნტას ჩაქოლავს და აფხაზეთს დაიბრუნებს. ვერ მოესწრებიან გენშერებთან გარიგების შესრულებას, რომლის ძალითაც რუსეთის ჯარი, გერმანიიდან გამოყვანილი, უნდა დასახლდეს სოხუმში, უნდა დასახლდეს შავი ზღვის სანაპიროზე და ქართველები აქედან უნდა გააძევონ. ამას ვერ ეღირსებიან ვერასოდეს, ვერ მოეწრებიან. აი, ამ მიზნით წამოიწყეს ეს პროვოკაციული ომი მოუმზადებლად ყოველგვარი შემზადების გარეშე, ყოველგვარი სტრატეგიის გარეშე, ყოველგვარი გეგმის გარეშე, ყოველგვარი მომარაგების გარეშე. გაჟლიტეს უამრავი ქართველი, გაანადგურეს ჩვენი გენოფონდი და მიზანი კი თურმე ის ყოფილა, რომ ბოლოს აფხაზეთი უნდა დაეთმოთ და იქ შემოეყვანად ჯარი, რომელიც გამოდის გერმანიიდან და იქ დაესახლებინად. აი, რა ყოფილა, თურმე, მეგობრებო. აი, ამისათვის იბრძვის ეს მოღალატე, მაგრამ ვერ ეღირსება. თავისის თვალით ვერ დაინახავს ვერც ეგ და ვერც სხვა მოღალატენი, რომლებიც დღეს შხამს ანთხევენ აი ამ მოწამლული ტელევიზიიდან და ათასგვარ სიცრუეს და სიბილწეს ავრცელებენ. ისინი პასუხს აგებენ ერის წინაშე და, კანონის წინაშე უახლოეს ხანაში!
მეგობრებო, მათმა ბინძურმა აგიტაციამ გამოიღო ძალზე ცუდი შედეგები, ოჩამჩირეში ქართველობა ტოვებს თავის მშობლიურ სახლებს. ეს ყოვლად დაუშვებელია. არაფერი პანიკისათვის არ არსებობს საფუძველი, მით უმედეს გალში. მე მოგიწოდებთ, არავითარი პანიკა არ უნდა იყოს, არ უნდა დავტოვოთ ჩვენი ძირძველი კუთხე. ჩვენ უნდა დავირაზმოთ, უახლოვეს ხანაში მე გამოვაცხადებ საყოველთაო მობილიზაციას მთელ საქართველოში და ყველგან შევქმნი სამობილიზაციო შტაბებს. გალში იქნება სამობილიზაციო შტაბი. გავაფრთხილებ აქაურ უკანონო ხელისუფლებას, თუ რაიმე დაბრკოლება იქნება, კატასტროფულ შედეგებს მოგვიტანს ეს. ასე, რომ, მეგობრებო, გთხოვთ, ამოგვიდგეთ მხარში, ყველას, ყველას, გთხოვთ მთელი რაიონის მოსახლეობას, მთელი ქალაქის მოსახელობას; უნდა მოხდეს ერთი რამ: მე ვიცი, რომ აქ გარდა იმისა, რომ არის ჩვენი ბატალიონი, არის სამურზაყანოს ჯგუფი, რომელიც აგრეთვე კარგად იბრძვის დღეს იქ. მოსახლეობას აუცილებლად, თავშემონახულ კარგ ვაჟკაცებს აუცილებლად ექნებათ იარაღი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იქმნება სახალხო ლაშქარი. ამ ლაშქარში უნდა შემოვიდეს ყველა, ვინც თავის თავს ქართველად თვლის და ვინც კაცად თვლის, ყველა უნდა შემოვიდეს ამ ლაშქარში და სასურველია, რომ მოხვიდეთ თქვენივე იარაღით. ჩვენ იარაღს კიდევ ვიშოვით, მაგრამ გვჭირდება, თქვენივე იარაღით მოდით, ჩაეწერეთ ლაშქარში, რომელიც დაადგება საქართველოს სადარაჯოზე – დადგება ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე – დადგება ჩვენი მშვენიერი კუთხის სადარაჯოზე და ამ ბრძოლას გამარჯვებით მიიყვანს ჩვენი ძლევამოსილი მხედრობის ხელმძღვანელობით.
წყარო: გამახარია, ჯემალ.
საქართველოს დევნილი ხელისუფლება და
აფხაზეთის ომი, თბილისი (გვერდები 77-80)
კომენტარის დატოვება