ზვიად გამსახურდია

აგვისტო 3, 2010

ზვიად გამსახურდია : 1993 წლის 29 თებერვლის მიმართვა სტუდენტი ახალგაზრდობისადმი

ყველა მოწინავე და ცივილიზებულ ქვეყანაში სტუდენტი ახალგაზრდობა ბარომეტრია ერის პოლიტიკური ცხოვრებისა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანას უჭირს. საქართველოში ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა ახალგაზრდული მოძრაობა იყო, სტუდენტი ახალგაზრდობა ძირითადი საყრდენი იყო ჩვენთვის საბჭოთა პერიოდში, შევარდნაძის კომუნისტურ, რუსიფიკატორულ, ტოტალიტარულ რეჟიმთან ბრძოლაში.

თუმც, იმპერიის აგენტურა საქართველოში ყოველნაირად ცდილობდა ეროვნული მოძრაობისათვისდა საერთოდ, ეროვნული იდეოლოგიისათვის ჩამოეშორებინა სტუდენტი ახალგაზრდობა, დაენერგა მასში პოლიტიკური ინდიფერენტიზმი, ეროვნული ნიჰილიზმი, ყალბად გაგებული კოსმოპოლიტიზმი, ხოლო ახალგაზრდობის ნაკლებად მოაზროვნე ნაწილში-კრიმინალური იდეოლოგია.

ეროვნული იდეალების ერთგულება ახალგაზრდობის ამ ცრუ მოძღვრებმა პროვინცალიზმად და ჩამორჩენილობად მონათლეს, რწმენის ერთგულება-ფანატიზმად, ნერგავდნენ დასავლეთის ფსევდოკულტურას, ფსევდომონდიალიზმს, უინტელექტო პროვინციალებს უწოდებდნენ ეროვნული მოძრაობის თავკაცებს, თავად პროვინციელები. ისინი ახალგაზრდობას უმალავდნენ, ან შესაძლოა, თავადაც არ უწყოდნენ, რომ ყოველ დროში თვით უნივერსალური, კოსმოპოლიტიურად მოაზროვნე გენიოსები ლიტერატურის, მეცნიერების, ხელოვნების თუ პოლიტიკის დარგში, თავისი ერის გულმხურვალე პატრიოტები იყვნენ მუდამ და რომ კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი ურთიერთგამომრიცხავი არ გახლავთ, როგორც ეს შესანიშნავად აღნიშნა ჩვენმა დიდმა ვაჟა-ფშაველამ.

მიუხედავად ამისა, კრემლის ზემოთხსენებული ემისრები განაგრძობდნენ თავის ბნელ საქმიანობას და ერთხანს მათ დიდ შედეგებს მიაღწიეს იმით, რომ ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოაშორეს ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას და, უფრო მეტიც, ეროვნული ხელისუფლებისადმი მტრულად განაწყეს და ფსევდოოპოზიციურ საქმიანობაში ჩაითრიეს.

ეს ყოველივე გამოვლინდა ოპოზიციური ახალგაზრდობის ჩემთან შეხვედრისას 1991 წლის შემოდგომაზე.

მაგრამ განვლილმა ერთმა წელმა კარგად დაანახა ჩვენს ახალგაზრდობას, თუ ვინ არის ის პიროვნება, ვის ჩამოსაყვანადაც მათ ზურგი აქციეს კანონიერ ხელისუფლებას და იდეური პლატფორმა გაუმარგეს პუტჩისტებს. ახლა, ვგონებ, ყველასათვის ნათელია, თუ რა მისიით იქნა იგი მოვლენილი საქართველოში და რას უქადის ჩვენს ქვეყანას მისი შემდგომი საქმიანობა პოლიტიკურ ასპრეზზე: დაქცეული საქართველო, დანგრეული და იავარქმნილი თბილისი, დაკარგული სამაჩაბლო და აფხაზეთი. კატასტროფის პირას მისური ეკონომიკა, ცრუ არჩევნები, ხელისუფლებაში დაბრუნებული ნომენკლატურულ-კომუნისტური მაფია კარგად მეტყველებენ მის როლზე და ამოცანებზე. დღეს მის გვერდით მხოლოდ დოლარებზე გაყიდული “პოლიტიკოსები” და პარტოკრატი მაფიოზები დგანან.

უკანასკნელ ხანებში სანუგეშო ძვრებს ვხედავ ჩვენი ახალგაზრდობის აზროვნებაში ამ მიმართულებით და იმედი მაქვს, რომ სტუდენტობა საბოლოოდ გაარჩევს თეთრს და შავს, დაუბრუნდება ეროვნულ-გამათავისუფლებელ ბრძოლას და იხსნას საქართველო დაღუპვისაგან.

მსურს, აგრეთვე, ყველას ვამცნო, რომ ჩვენი მიზანია არა თანამდებობის დაბრუნება, არამედ ჩვენს ქვეყანაში კანონიერებისა და სამართლიანობის, კანონიერი ხელისუფლების აღდგენა. მჯერა, რომ ჩვენი ახალგაზრდობის ჯანსაღი ნაწილი კვლავ მხარში ამოგვიდგება საქართველოს ხსნისათვის ბრძოლაში.

2 Comments »

  1. სამწუხაროა, რომ კანონიერების და სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარის და რამდენიმე ადამიანის მოთხოვნად რჩება. დღესაც დასავლეთის ფსევდოკულტურას არ ნერგავს უკანონოდ გაბატონებული ანტიეროვნული რეჟიმი?

    კომენტარი ავტორი იოსებ — აგვისტო 4, 2010 @ 4:56 PM

    • მაშ, გამოდის, რომ რაღაც ისე არ კეთდება, ან არასაკმარისად კეთდება (ან ორივე ერთად), რათა ეროვნული მთავრობის თავმჯდომარისა და რამდენიმე ადამიანის მოთხოვნა სწვდეს ეროვნული ძალების გულს და კონკრეტული შედეგი გამოიღოს.

      შეიძლება, თვითონ ეროვნული ძალების ხმა ვერ სწვდება ეროვნული მთავრობის თავჯდომარისა და რამდენიმე ადამიანის მოთხოვნას და ვერ კვეთს მას.

      სამწუხაროა.

      კომენტარი ავტორი georgianeli — აგვისტო 5, 2010 @ 1:03 AM


RSS feed for comments on this post. TrackBack URI

Leave a reply to georgianeli კომენტარის გაუქმება

Blog at WordPress.com.