ზვიად გამსახურდია

ოქტომბერი 8, 2014

დაზმირ ჯოჯუა – 1991 წლის აგვისტოს პუტჩი და საქართველო

femap

როცა 1870-1871 წლების საფრანგეთ-პრუსიის ომის შემდეგ საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის პირველმა პრეზიდენტმა ა. ტიერმა ცნობილ გერმანელ ისტორიკოსს რანკეს ჰკითხა: “ვის ებრძვის გერმანია ნაპოლეონს III-ის დამხობის შემდეგ? – რანკემ უპასუხა: “გერმანია ებრძვის ლუდოვიკო XIV-ს”. პასუხი სავსებით ნათელია იმათთვის, ვისაც თუნდაც ზედაპირული წარმოდგენა აქვს ევროპის ისტორიაზე: მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ელზასი და ლოთარინგია საფრანგეთმა სწორედ ლუდოვიკო XIV-ის დროს შეიერთა[1]. ამავე ლოგიკით, ვთქვათ, გერმანია 1914-1918 წლებში ებრძოდა ივანე მრისხანესა და პეტრე პირველს.

1991-1993 წლებში რუსეთი ებრძოდა დავით აღმაშენებელსა და გიორგი ბრწყინვალეს, სიმონ I-სა და ილია ჭავჭავაძეს, ე.ი. ებრძოდა არა ზ. გამსახურდიას “დიქტატურას” და “ავტორიტარულ მმართველობას”, არა ოსებისა და აფხაზების “გენოციდის” სურვილით შეპყრობილ ქართულ “ფაშიზმს”, არამედ საქართველოს ერთიანობის სტრატეგიას, მისი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღდგინების იდეას. ამ ბრძოლაში კრემლის იმპეროკრატიას მრავლად ჰყავდა საყრდენი ძალების როლში XX საუკუნის ლიპარიტ ბაღვაშები თუ „ცივის მთაზე გაჟლეტილი ერისთავები“, დაუდ-ხანები თუ სერგო ორჯონიკიძეები. აქ საქმე მხოლოდ იმაში როდია, რომ რუსეთი ცდილობდა და ყოველთვის ეცდება ქართული მიწების მიტაცებას ე.წ. „მცოცავი ანექსიის“ გზით. ეს პრობლემა გაცილებით რთული და მრავალწახნაგოვანია და მისი ობიექტური გააზრება მხოლოდ გეოპოლიტიკის კოგნიტიური სტრუქტურების პრიზმაშია შესაძლებელიც და აუცილებელიც.

XX საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში საბჭოთა კავშირში საგრძნობლად გააქტიურდნენ მძლავრი ტექტონიკური ძალები, რომელთაც შეეძლოთ ამ იმპერიის მთელი გეოპოლიტიკური კონფიგურაციის რადიკალური შეცვლა. მ. გორბაჩოვის „პერესტროიკასთან“ ერთად, მადესტაბილიზებელ ძალებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ქართულმა ეროვნულ-გამათავისუფლებელმა მოძრაობამ. 1990 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ მშვიდობიან ეროვნულ-კონსერვატიულ რევოლუციას, ქართული ეროვნული მოძრაობა გახდა სახელმწიფოს პოლიტიკური ხელისუფლება. 1990 წლის 14 ნოემბერს ახლადარჩეული უზენაესი საბჭოს პირველსავე სესიაზე მის თავმჯდომარედ აირჩიეს ზვიად გამსახურდია. საქართველო გამოცხადდა რესპუბლიკად და აღდგენილ იქნა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სიმბოლიკა. „გარდამავალი პერიოდის შესახებ“ მიღებულ დადგენილებაში ეროვნულმა პარლამენტმა გამოაცხადა გარდამავალი პერიოდი საქართველოს დამოუკიდებლობის სრული (დე-ფაქტო და დე-იურე) აღდგენისათვის საფუძვლების შემზადების მიზნით. თავის საპროგრამო გამოსვლაში ზ. გამსახურდიამ აღნიშნა, რომ „ახალ ეტაპზე ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის თავისებურება იმაში მდგომარეობდა, რომ ამიერიდან ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის სათავეში ჩაუდგა უზენაესი საბჭო, როგორც ხელისუფლების არჩეული ორგანო“[2]. მაშასადამე, მოხდა ეროვნული მოძრაობის ლეგიტიმიზაცია, გასახელმწიფოებრივება. ეროვნულ პარლამენტს ენიჭებოდა დუალისტური ფუნქცია – ის წარმოადგენდა როგორც ლეგიტიმურ საკანონმდებლო ხელისუფლებას, ისევე ეროვნული მოძრაობის წარმმართველ ცენტრსაც, ეროვნული დაუმორჩილებლობის ძირითად იურიდიულ ინსტიტუტს.

ზ. გამსახურდიას გარდამავალი ხელისუფლება არ შეიძლება ჩაითვალოს (ობიექტურად ვერც იქნებოდა) სრულფასოვან ლიბერალურ დემოკრატიად. ის შეიძლება შეფასდეს, როგორც მართვადი დემოკრატია ავტორიტარული და ქარიზმატული ტენდენციებით, როგორც საპრეზიდენტო ხელისუფლების დომინირება ელიტური ურთიერთობების პლურალისტური სტრუქტურების შენარჩუნებით. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკასა და დიპლომატიურ დოქტრინას; 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ეყრდნობოდა რა ამავე წლის 31 მარტის საერთოეროვნული რეფერენდუმის შედეგებს, ოფიციალურად გამოაცხადა სახელმწიფოებრიობის აღდგენის შესახებ და მიიღო შესაბამისი დოკუმენტი – დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. არსებითად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გულისხმობდა რუსეთთან და იმ პერიოდისათვის ჯერ კიდევ არსებულ სსრკ-სთან სუბორდინაციული სახელმწიფოებრივი კავშირების გაწყვეტას და თვისობრივად ახალი ტიპის, თანასწორუფლებიანობასა და საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმების პრიორიტეტზე დამყარებული ურთიერთობებისათვის მზადყოფნას. ამიტომ ცხადია, რომ ახალი ქართული სახელმწიფოს დიპლომატიისა და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ვექტორი, გარკვეული პოზიტიური გაგებით, ჩრდილოეთისაკენ იყო მიმართული.

ქართული დიპლომატიის ამ „ჩრდილოეთის ვექტორის“ მნიშვნელობას ზრდიდა ის გარემოებაც, რომ საქართველოს, როგორც სსრ კავშირის ყოფილი რესპუბლიკის საერთაშორისო ცნობის პერსპექტივა ძირითადად სწორედ საბჭოთა კავშირში განვითარებულ პროცესებზე იყო დამოკიდებული. ამასთან, ზ. გამსახურდია კარგად აცნობიერებდა მოსკოვთან ურთიერთობის რეგიონალურ განზომილებას – ეს ურთიერთობა აქტუალური იყო კავკასიის რეგიონში სტაბილური გეოპოლიტიკური სივრცის შექმნის თვალსაზრისითაც. სსრკ-ის დაშლამდე (1991 წლის დეკემბერი) ქართული დიპლომატიის „ჩრდილოეთის ვექტორი“ ორი მიმართულებით ვითარდებოდა. ეს გამოწვეული იყო იმპერიის სივრცეში ორი დიდი პოლიტიკური ცენტრის – სსრკ-ის ხელისუფლებისა და საკუთრივ რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლების ერთდროული არსებობით.

ზ. გამსახურდიას ურთიერთობა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობასთან მუდმივი დაძაბულობისა და კონფრონტაციის ვითარებაში წარიმართა. ეს გამოწვეული იყო პრეზიდენტ მ. გორბაჩოვის აშკარად ანტიქართული პოლიტიკით „სამაჩაბლოს საკითხში“. ამავე დროს, კრემლის სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევდა საქართველოს კატეგორიული უარი მონაწილეობა მიეღო ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების (ე.წ. „ნოვო-ოგარიოვოს პროცესი“) მომზადებაში და ამ ფორმით არ შეეწყვიტა თავისი წევრობა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. სამაგიეროდ, საწყის ეტაპზე ერთგვარი აღმასვლით ვითარდებოდა ურთიერთობა რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ელიტასთან. მაგ: „სამაჩაბლოს საკითხში“ ბ. ელცინმა მაშინ კონსტრუქციული პოზიცია დაიკავა, რასაც მოჰყვა მისი და ზ. გამსახურდიას შეხვედრა ყაზბეგში 1991წ. 23 მარტს და ე.წ. „ყაზბეგის დეკლარაციის“ ხელმოწერა[3]. დეკლარაციაში ხაზგასმული იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მის საშინაო საქმეებში რუსეთის ყოველგვარი ჩარევის დაუშვებლობა. ამავე პოზიტიური კუთხით შეიძლება განვიხილოთ ზ. გამსახურდიას მონაწილეობა მოსკოვში გამართულ ბ. ელცინის საპრეზიდენტო ინაუგურაციაში (1991წ. ივნისი).

საქართველო-რუსეთის ურთიერთობანი რადიკალურად შეიცვალა 1991 წლის 18-21 აგვისტოს მოსკოვში განვითარებული მოვლენების შემდეგ. ცნობილია, რომ ეს მოვლენები ისტორიოგრაფიასა და პოლიტიკურ პუბლიცისტიკაში „აგვისტოს პუტჩის“ დეფინიციით არის შესული[4]. მოსკოვის პუტჩი, მიუხედავად მცირე ქრონოლოგიური ლოკალიზაციისა, იმდენად რთული და მრავალწახნაგოვანი მოვლენაა, რომ მის შესახებ სრულყოფილი, თუნდაც მხოლოდ მიმოხილვითი ნაშრომის შექმნა დიდ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. ამავე დროს, უაღრესად რთული სამეცნიერო პრობლემაა პუტჩის მიმართ საქართველოს ეროვნული ხელისუფლების დამოკიდებულების სრული
და ამომწურავი ანალიზი. ამიტომ, ჩვენ ხაზი გავუსვით მხოლოდ პროცესის შინაგანი დინამიკის განმაზოგადებელ მომენტებს, რის გამოც საკითხები, რომლებიც პრობლემის მეცნიერული გადაწყვეტისათვის არის საჭირო, ჩვენს მიერ დასმულია საბოლოო გარკვევის პრეტენზიის გარეშე.

პრობლემის სრულფასოვანი მეცნიერული ატრიბუცია აშკარად გაძნელებულია წყაროებრივი ბაზის უაღრესად შეზღუდული რაოდენობით. გარკვეული მიზეზების გამო პუტჩის მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულების ამსახველი საარქივო მასალა ფაქტობრივად არ არსებობს, ხოლო კულუარული ინფორმაციები მათი ავტორების პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიებით და ღრმა ფსიქოლოგიზმით არის აღსავსე, რის გამოც მათი რეპრეზენტატულობის ხარისხი საკმაოზე დაბალია. ამან საშუალება მისცა ოპოზიციურ პოლიტიკურ პუბლიცისტიკას (მაგ., თ. სიგუას ინტერვიუები და მათში აქცენტის გაკეთება ე.წ. „იანაევის დაკითხვის ოქმებზე“, პუტჩისტური „გენერალიტეტის“ წარმომადგენელთა (თ. კიტოვანი, თ. დუმბაძე, გ. ლანჩავა) „მტკიცებები“ გკჩპ-თან ზ. გამსახურდიას თითქოსდა შემთანხმებლურ ურთიერთობებზე და სხვ.) და ისტორიოგრაფიას (მაგ., უ. ბლუაშვილის ფაქტობრივად ცალმხრივი და არაფრისმთქმელი რიტორიკა გ. იანაევის ხუნტასთან თანამშრომლობით(?) ზ. გამსახურდიას მიერ ჩადენილი „დანაშაულის“ შესახებ[5] და ა.შ.), შეექმნა აშკარად მანიპულატორული და პიარტექნოლოგიური სურათი ამ პრობლემატური საკითხის გარშემო. აღნიშნულ „კონცეფციათა“ არადიპლომატიური და დილეტანტური „გნოსისი“ მათ ავტორთა ტენდენციურობის პროდუქტია. „შევარდნაძის ეპოქამ“ მართლაც რომ დიდი მანიპულატორები და კომბინატორები წარმოშვა და არა მხოლოდ პოლიტიკოსთა შორის.

დღემდე განსახილველ პრობლემასთან მიმართებაში შეიმჩნევა ერთგვარი პუბლიცისტური რედუქცია – უაღრესად რთული მოვლენის ერთგვარი გამარტივება, მთელი პროცესის დაყვანა ეროვნული გვარდიის სტატუსი ფორმალურ-იურიდიულ შეცვლაზე და 1991 წ. 19 აგვისტოს შესაბამისი ბრძანებულებების აბსოლუტიზაციაზე. ჩვენი ძირითადი ამოცანა სწორედ ამ რედუქციონიზმის უარყოფა და პრობლემის კომპლექსური ობიექტური ანალიზია. რაც შეეხება ზემოთთქმულ წყაროთმცოდნეობით „სივიწროვეს“, ისტორიოგრაფიაში
აპრობირებულია სპეციფიკური, ასე ვთქვათ, კონტრმეთოდი: სამეცნიერო კვლევა-ძიებისას დასაშვებია და ბუნებრივიც, რომ ესა თუ ის
მოვლენა, რომელიც შეუძლებელია აღდგეს საარქივო და სხვა სახის წყაროებით, რეკონსტრუირებულ იქნეს კონკრეტულ-ისტორიული სიტუაციის გათვალისწინებით და ლოგიკური ანალიზის გზით. ამ შემთხვევაში ისტორიული „ლოგოსი“ აკომპენსირებს ისტორიული ფაქტოგრაფიის არასაკმარისობას.

საქართველოს ეროვნული ხელისუფლება კარგად აცნობიერებდა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის საბჭოთა და რუსული იმპერიალიზმის მხრიდან მომდინარე საფრთხეებს და რისკის ფაქტორებს. მან იმთავითვე აირჩია სრული სუვერენიტეტისა და დეოკუპაციის კურსი და უარი თქვა მ. გორბაჩოვის ადმინისტრაციის ეგიდით მიმდინარე ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების მომზადების პროცესში (ე.წ. „ნოვო-ოგარიოვოს პროცესში“) მონაწილეობაზე[6]. საქართველომ, ბალტიის ქვეყნებმა, სომხეთმა და მოლდოვამ 1991 წ. მაისში დააფუძნეს ალტერნატიული „კიშინიოვის ფორუმი“, როგორც სამოკავშირეო ხელშეკრულების არმომწერ სახელმწიფოთა თანამშრომლობისა და კოორდინაციის სახელმწიფოთაშორისი კოალიცია.

როგორ წარიმართა აგვისტოს პუტჩი, როგორც პოლიტიკური პროცესი? იმთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი წარმოადგენდა არა იმდენად დაპირისპირებას დემოკრატიისა და კონსერვატიული რეაქციის ძალებს შორის, რამდენადაც ბრძოლას ძალაუფლებისათვის პარტიულ-ნომენკლატურულ დაჯგუფებებს შორის და, აქედან გამომდინარე, ნომენკლატურული გადატრიალების, შიდასახელისუფლებო ფრონდის მცდელობას. რაც შეეხება ხსენებულ დაჯგუფებათა გეგმებში საბჭოთა სივრცის პოლიტიკურ-ტერიტორიული მოწყობის პროექტებს, აქ ერთმანეთს დაუპირისპირდა არსებული იმპერიის შენარჩუნებისა და „ელცინის გუნდის“ მიერ შემუშავებული „ლიბერალური იმპერიის“ სტრატეგიები. აგვისტოს მოვლენების შინაგანი არსის ამგვარ დეფინიციას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ზ. გამსახურდიას მიერ გამოჩენილი ნეიტრალიტეტის მართლზომიერების მტკიცებისათვის. მაგრამ ამაზე ქვემოთ.

„ნოვო-ოგარიოვოს პროცესი“ დასასრულს მიუახლოვდა და ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერის დღედ 1991 წ. 20 აგვისტო დადგინდა. 29 ივლისს მ. გორბაჩოვი კონფიდენციალურ ვითარებაში შეხვდა რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებს – ბ. ელცინსა და ნ. ნაზარბაევს და მათთან განიხილა სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომი საკადრო ცვლილებები სსრკ-ს უმაღლეს ხელმძღვანელობაში[7]. დადგენილია, რომ კონკრეტულად საუბარი იყო ვ. პავლოვის (პრემიერ-მინისტრი), ბ. პუგოს (შინაგან საქმეთა მინისტრი), დ. იაზოვის (თავდაცვის მინისტრი) და ვ. კრიუჩკოვის (სუკ-ის თავმჯდომარე) გადაყენებაზე[8]. ამდენად, ცხადზე უცხადესია, რომ 20 აგვისტოს ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების დადებისთანავე ზემოხსენებული პირები ავტომატურად კარგავდნენ თანამდებობრივ სტატუსს საბჭოთა იმპერიის უმაღლეს იერარქიაში. გადატრიალების ორგანიზაციისთვის მათი ნომენკლატურული ინტერესები სავსებით ნათელია. არადა, სწორედ ეს „ოთხეული“ გახდა პუტჩის თავისებური მენტალური ცენტრი.

18 აგვისტოს ფოროსის აგარაკზე მ. გორბაჩოვთან (ის აქ ისვენებდა 5 აგვისტოდან) გამოცხადდნენ ო. ბაკლანოვი, ნ. შენინი, გენ. ვ. ვარენიკოვი და ა. პლეხანოვი. დელეგაციამ გორბაჩოვს უჩვენა მომავალი საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტის (ე.წ. ГКЧП – Государственный комитет по чрезвычайному положению. ჩვენს ტექსტში ქართული აბრევიატურა ვამჯობინეთ – შემდეგში „სმსკ“ – დ.ჯ.) შემადგენლობა და მოსთხოვა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ ბრძანებულების ხელმოწერა[9]. მ. გორბაჩოვმა კატეგორიული უარი განაცხადა ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის სამართლებრივი რეჟიმის დაწესებაზე, რაც ინიციატორებს შეთქმულებად და არალეგიტიმურ დაჯგუფებად აქცევდა. მოსკოვში დაბრუნებისთანავე მათ პრეზიდენტი არაქმედუნარიანად გამოაცხადეს და ჩამოაყალიბეს საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტი, როგორც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში სსრკ-ის მართვის მთავარი ორგანო. სმსკ-ში შევიდნენ: გ. იანაევი – პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ვ. პავლოვ – პრემიერ-მინისტრი, ბ. პუგო-შინაგან საქმეთა მინისტრი, ვ. კრიუჩკოვი – სუკ-ის თავმჯდომარე, დ. იაზოვი – თავდაცვის მინისტრი, ო. ბაკლანოვი – სსრკ-ს თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვ. სტაროდუბცევი – სსრკ-ს აგრარიკოსთა კავშირის თავმჯდომარე და ა. ტიზიაკოვი – სსრკ-ს სახელმწიფო საწარმოების და მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის ობიექტების ასოციაციის პრეზიდენტი[10]. 1991წ. 19 აგვისტოს გამოქვეყნდა სმსკ-ის #1 ბრძანებულება, რომელშიც პუტჩისტები აცხადებდნენ მათ მიერ განხორციელებული აქციის კანონიერებისა და მართლზომიერების შესახებ, ასევე ღიად აფიქსირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების მიზეზებს – ქვეყნის სუვერენიტეტისათვის დამღუპველი პოლიტიკის შეჩერება და სსრკ-ს ერთიანობის შენარჩუნება. სმსკ-მა გამოაცხადა – ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობის შემოღება, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აკრძალვა, მიტინგებისა და დემონსტრაციების აკრძალვა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე სახელმწიფო კონტროლის დაწესება და ა.შ.[11].

ჩვენს მიერ დასმული პრობლემის კონტექსტში განსაკუთრებით აქტუალურია სმსკ-ის #1 ბრძანებულების (სულ იგი შეიცავდა 16 პუნქტს) რამდენიმე პუნქტი, რომლებსაც სრულად მოვიყვანთ:

2.  …. დაუყოვნებლივ გაუქმდეს სსრკ კონსტიტუციისა და კანონების საწინააღმდეგოდ მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოები, გასამხედროებული ფორმირებანი.

  1. ამიერიდან უკანონოდ ითვლება ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოთა ის კანონები და გადაწყვეტილებები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სსრკ კონსტიტუციასა და კანონებს.
  2. შეწყდეს იმ პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მასობრივი მოძრაობების მოღვაწეობა, რომლებიც ხელს უშლიან ვითარების ნორმალიზაციას.
  3. … აუცილებლობის შემთხვევაში შემოღებულ იქნას კომენდანტის საათი, ტერიტორიის პატრულირება, სასაზღვრო და საბაჟო რეჟიმის გამკაცრება. კონტროლქვეშ უნდა იქნას აყვანილი უმთავრესი სახელმწიფო და სამეურნეო და სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტები…“[12]

როგორც ვხედავთ, აგვისტოს პუტჩი ხდებოდა სერიოზული რისკის ფაქტორი საქართველოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებისათვის. მისი თუნდაც დროებითი წარმატება ჩვენს ქვეყანაშიც და მის ირგვლივაც პერმანენტული დაძაბულობის სერიოზულ და სახიფათო კერებს ქმნიდა. ზემოთმოყვანილი #1 გადაწყვეტილების რეალიზაცია საქართველოს მუდმივი დესტაბილიზაციის პერსპექტივით ემუქრებოდა. კერძოდ: მე-2 პუნქტი კანონგარეშე აცხადებდა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს, პრეფექტურის ინსტიტუტს, 1991 წლის იანვარში ჩამოყალიბებულ ეროვნულ გვარდიას, ასევე ოპოზიციურ ეროვნულ კონგრესში ინტეგრირებულ პარამილიტარულ ჯგუფებს; მე-3 პუნქტი ავტომატურ რეჟიმში აუქმებდა საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ 1990 წლის 11 ნოემბრიდან მიღებული კანონების, ნორმატიული აქტებისა და გადაწყვეტილებების უმრავლესობას, მათ შორის, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებს და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს; მე-4 პუნქტი კრძალავდა არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების, არამედ თვით მმართველი ბლოკის ფუნქციონირებას; მე-7 პუნქტი ითვალისწინებდა საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლით საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შენაერთების საჭიროებისამებრ გამოყენებას.

ეროვნული გვარდიის (ისევე, როგორც სხვა რესპუბლიკის ანალოგიური შენაერთების) ლიკვიდაციის მოთხოვნა ხაზგასმით დააფიქსირა სმსკ-ის თავმჯდომარემ გ. იანაევმა თავის 18 აგვისტოს „მიმართვაში“, რომლის ადრესატები იყვნენ გაერო-ს გენერალური მდივანი და მსოფლიოს სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები: „… გათვალისწინებულია იმ ანტიკონსტიტუციური, უკონტროლო და არსებითად დანაშაულებრივი სამხედრო ფორმირებების ლიკვიდაცია, რომლებიც თესავენ მორალურ და ფიზიკურ ტერორს სსრკ-ის მთელ რიგ რეგიონებში და წარმოადგენენ დეზინტეგრაციული პროცესების კატალიზატორებს“[13]. ყველამ კარგად იცის, თუ რა „მორალური და ფიზიკური ტერორი დათესა“ საქართველოს ეროვნულმა გვარდიამ შიდა ქართლში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამაჩაბლოს ქართული მოსახლეობის დაცვისათვის მიმდინარე სამართლიან ომში.

1991წ. 19 აგვისტოს სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ ა. ლუკიანოვმა 26 აგვისტოსთვის მოიწვია საბჭოს რიგგარეშე სესია[14]. ცხადია, რომ რიგგარეშე სესიას უნდა დაემტკიცებინა გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ და ამით მოეხდინა სმსკ-ისა და პუტჩისტური გადატრიალების ლეგიტიმაცია.

აგვისტოს პუტჩის დღეებში გადატრიალების წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი გახდა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა. მიმართვაში „რუსეთის მოქალაქეებს“ პრეზიდენტმა ბ. ელცინმა, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ რ. ხასბულატოვმა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ ი. სილაევმა მომხდარი შეაფასეს, როგორც რეაქტიული ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალება და მოუწოდეს მოსახლეობას არ შეესრულებინა სმსკ-ის გადაწყვეტილებები. ამავე დროს, სპეციალური ბრძანებულებით ბ. ელცინმა საკუთარ დაქვემდებარებაში გადაიყვანა რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სსრკ-ს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, მათ შორის სუკი, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები.

როგორი იყო დასავლეთის რეაქცია? რასაკვირველია, ცალსახად ნეგატიური. 1991 წ. 19 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა სპეციალური განცხადება, რომელშიც მოსკოვში მიმდინარე პროცესს ანტიდემოკრატიული გადატრიალების კვალიფიკაცია მისცა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეთრი სახლი ამ გადატრიალებას მხარს არ დაუჭერდა. ამასთან, ჯ. ბუშმა ჩამოაყალიბა სსრკ-ს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის შემდეგი საბაზისო პრინციპები: სსრკ-ში დემოკრატიისა და რეფორმების პოლიტიკის გაგრძელება; აშშ მხარს უჭერს ყველა კონსტიტუციურად არჩეულ ხელმძღვანელს და გამოდის ძალის გამოყენების წინააღმდეგ; აშშ გამოდის ძალის გამოყენების წინააღმდეგ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში, ასევე ნებისმიერ სხვა რესპუბლიკაში მთავრობათა შეცვლის მიზნით; აშშ მოუწოდებს
სსრკ-ს დაიცვას თავისი საერთაშორისო ხელშეკრულებანი და ვალდებულებანი ჰელსინკის აქტისა და პარიზის ქარტიის შესაბამისად[15]. ანალოგიური განცხადება გააკეთა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მ. ვიორნერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ნატოს ფარგლებში მიღებული იქნება სიფრთხილიდან გამომდინარე ზომები, რათა გარკვეულმა ძალებმა თავი შეიკავონ საგარეოპოლიტიკური ავანტიურებისაგან“[16].

აგვისტოს პუტჩი დამარცხდა. ელცინის დაჯგუფებამ შეძლო მოსახლეობის უდიდესი ნაწილის უპირობო მხარდაჭერის მოპოვება და სიტუაციის კონტროლქვეშ აყვანა. ცხადია, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა არმიისა და სუკ-ის სპეცნაწილების მიერ გამოჩენილ ნეიტრალიტეტს. 21 აგვისტოს ფოროსში გაფრინდნენ დ. იაზოვი, ო. ბაკლანოვი, ვ. კრიუჩკოვი, ა. ლუკიანოვი და სხვა, მაგრამ ისინი მ. გორბაჩოვმა არ მიიღო. რამდენიმე საათში ფოროსში ჩავიდნენ რუსეთის ვიცე-პრეზიდენტი ა. რუცკოი და პრემიერ-მინისტრი ი. სილაევი. მათი გორბაჩოვთან მოლაპარაკების შემდეგ სმსკ-ის წევრები დააპატიმრეს. იმავე ღამეს გორბაჩოვი მოსკოვში დაბრუნდა[17].

აგვისტოს მოვლენების ორი უმთავრესი შედეგია განსაკუთრებით საგულისხმო და მნიშვნელოვანი: 1. გაძლიერდა სსრკ-ის დეზინტეგრაციის პროცესი და საბჭოთა კავშირის დაშლა შეუქცევადი გახდა; 2. იმპერიის მეტროპოლიურ სტრუქტურებში გაძლიერდა „ელცინის დაჯგუფების“ სტატუსი, რომელმაც არსებითად ჩაანაცვლა „გორბაჩოვის დაჯგუფება“ და საკუთარ თავზე აიღო ერთიანი იმპერიული სივრცის შენარჩუნების ამოცანის გადაწყვეტის ფუნქცია.

მოსკოვის პუტჩის შესახებ პირველივე ცნობების მიღებისთანავე პრეზიდენტმა ზ. გამსახურდიამ სასწრაფოდ შეწყვიტა შვებულება დაბა ყაზბეგში და დედაქალაქში დაბრუნდა. 18 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში ის აწარმოებდა პოლიტიკურ კონსულტაციებს თავის უახლოეს გარემოცვასთან და მმართველი ბლოკის საპარლამენტო ფრაქციასთან. როგორც ჩანს, ეს კონსულტაციები წარიმართა გაურკვევლობისა და ერთგვარი დაბნეულობის რეჟიმში, რადგანაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო პუტჩის პირველ საათებში მოსკოვიდან მეტ-ნაკლებად დეტალური ინფორმაციის მიღება. სიტუაციის ზოგადი პარამეტრებისა და საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური რესურსების შეფასების საფუძველზე, სმსკ-თან ღია კონფრონტაციის შემთხვევაში ქვეყნისათვის შესაძლო ტოტალური საშიშროების მასშტაბების გათვალისწინებით ზ. გამსახურდიამ აირჩია აქტიური ნეიტრალიტეტის ტაქტიკა. რაში გამოვლინდა ეს აქტიური ნეიტრალიტეტი?

1991 წ. 19 აგვისტოს გამოქვეყნდა საქართველოს პრეზიდენტის, უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმისა და მინისტრთა საბჭოს ერთობლივი მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი. მასში აღნიშნული იყო, რომ მოსკოვში შექმნილია არასტაბილური სიტუაცია და ახლო მომავალში შესაძლოა იგი უმართავი გახდეს, ამიტომ საქართველოს მოსახლეობამ უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე, გონიერება, შორსმჭვრეტელობა, არ აყვეს მოსალოდნელ პროვოკაციებს. რესპუბლიკის ყველა სახელმწიფო დაწესებულებამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ საქმიანობა უნდა გააგრძელოს ჩვეულებრივ რეჟიმში და ა.შ[18]. როგორც ვხედავთ, ამ ერთობლივ მიმართვაში საკმაოდ ნათლად და ორაზროვნების გარეშე, ამასთან, გარკვეული დიპლომატიური ეტიკეტის დაცვით დაფიქსირდა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია.

19 აგვისტოს თბილისში საგანგებო მისიით ჩამოვიდა სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, არმიის გენერალი ვ. შურავლიოვი, რომელსაც სპეციალური ინსტრუქციები ჰქონდა როგორც გ. იანაევისაგან, ასევე დ. იაზოვისაგან და მარშალ ს. ახრომეევისაგან. რასაკვირველია, ეს ინსტრუქციები ითვალისწინებდა საქართველოს ხელისუფლების დაშინებას სამხედრო ძალის მუქარით და ამის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე სმსკ-ის გადაწყვეტილებათა რეალიზაციის უზრუნველყოფას. გენ. ვ. შურავლიოვს შეხვდნენ პრეზიდენტი ზ. გამსახურდია და უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ა. ასათიანი. მოლაპარაკებაში მონაწილეობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალი გენ. ვ. პატრიკეევი. სამწუხაროდ, მოლაპარაკების ოქმი ან მისი მეტნაკლებად ხელმისაწვდომი აღწერილობა არ არსებობს. მაგრამ შესაძლებელია მისი არსებითი მხარეების რეკონსტრუირება საქართველოს უზენაესი საბჭოს 26 აგვისტოს საგანგებო სესიის ეროვნული გვარდიისადმი მიმართვის ტექსტიდან[19] და საქართველოს პრეზიდენტის პრესმდივნის 1991 წლის 27 აგვისტოს განცხადებიდან[20].

მოლაპარაკებაზე გენ. ვ. შურავლიოვმა წამოაყენა რამდენიმე ულტიმატუმი, რომელთა შორის განსაკუთრებით მძიმე იყო საქართველოს ეროვნული გვარდიის გაუქმების მოთხოვნა. ცხადია, რომ სმსკ-ის #1 ბრძანებულების მე-2 პუნქტის ფონზე ეს მოთხოვნა იყო კატეგორიული და იმპერატიული. თავისთავად, ამ მოთხოვნის ულტიმატური ფორმით ზ. გამსახურდიასათვის წაყენება ნიშნავდა საქართველოს საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევას, თანაც სამხედრო ძალით დამუქრების სახით. საგულისხმოა, რომ სწორედ მოლაპარაკების
მიმდინარეობის დროისათვის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის თბილისის გარნიზონის ნაწილებმა კონტროლი დააწესეს თბილისის აეროპორტსა და რკინიგზის სადგურზე.

შეხვედრაზე გენ. ვ. შურავლიოვმა პირდაპირ გამოაცხადა, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საბჭოთა ჯარის ნაწილებს მიცემული აქვთ ბრძანება საქართველოს ეროვნული გვარდიის განადგურების შესახებ. ვ. შურავლიოვის აღნიშნული მუქარის და საქართველოზე პირდაპირი სამხედრო დარტყმის საშიშროების საფუძვლიანობას ნათელყოფენ სხვა დოკუმენტებიც. მაგალითად, 1991წ. 19 აგვისტოს დილის 4 სთ-სა და 30 წთ-ზე სსრკ თავდაცვის მინისტრმა დ. იაზოვმა სსრკ ჯარების სახეობათა მთავარსარდლებსა და გენერალურ შტაბებს, ფლოტებისა და ოლქების (მათ შორის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის) სარდლებს გაუგზავნა საიდუმლო დაშიფრული ტელეგრამა #8825[21]. შიფროგრამაში იყო სამხედრო მზადყოფნაში („მზადყოფნა #1“) ჯარების მოყვანისა და მათი სიტუაციის შესაბამისად ამოქმედების ბრძანება. მაშასადამე, 19 აგვისტოსთვის საქართველოში დისლოცირებული საბჭოთა არმიის ყველა შენაერთი და ნაწილი იმყოფებოდა #1 მზადყოფნის საგანგებო რეჟიმში. საყურადღებოა ერთი ინტერვიუ, რომელიც ცოტა მოგვიანებით გაზეთ „მოსკოვსკიე ნოვოსტის“ კორესპონდენტს ალ. კაკოტკინს მისცა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ერთ-ერთი დივიზიის ინკოგნიტოდ დარჩენილმა მეთაურმა. მან ჟურნალისტს განუცხადა: „სამხედრო კონფრონტაციის შემთხვევაში, იმწუთსავე საქართველოს ეროვნული გვარდიის წინააღმდეგ გადავისროდით მასზე ოთხჯერ მეტ ძალებს…“[22].

ამდენად, სმსკ-ის მიერ მიღებული ბრძანებულების დეტალური ანალიზი, დ. იაზოვის #8825 ბრძანებისა და გენ. ვ. შურავლიოვის მუქარის
სტრატეგიული ატრიბუცია, საბჭოთა სამხედრო ნაწილების მოქმედება თბილისის აეროპორტსა და ვაგზლის მოედანთან – ყოველივე ეს საფუძველს გვაძლევს ვამტკიცოთ, რომ არსებობდა საქართველოზე პირდაპირი სამხედრო დარტყმის რეალური საფრთხე. ცხადია ისიც, რომ სმსკ-თან სამხედრო კონფრონტაციის შემთხვევაში, საშიშროება ემუქრებოდა არა მხოლოდ ზ. გამსახურდიას ხელისუფლებას, არამედ საერთოდ საქართველოს – კონსტიტუციური წყობილების დამხობით, სამხრეთ ოსეთის სუვერენიზაციით, პარტნომენკლატურის ხელისუფლებაში აღდგენითა და საყოველთაო ანარქიითა და დესტაბილიზაციით.

შექმნილ სიტუაციაში, მოსალოდნელი ძალისმიერი ზეწოლის თავიდან აცილებისა და კრემლისათვის ინტერვენციის საბაბის არმიცემის მიზნით, ზ. გამსახურდიამ გადადგა კომპრომისული ტაქტიკური ნაბიჯი: 1991წ. 19 აგვისტოს მან ხელი მოაწერა ბრძანებულებას „საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების – ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ“[23]. ბრძანებულება დროებით ცვლიდა (და არ აუქმებდა) ეროვნული გვარდიის სტატუსს, რადგანაც იგი არ აუქმებდა 1991წ. 29 იანვრის ორგანულ კანონს გვარდიის შექმნის შესახებ. ფაქტობრივი სტატუს-კვო უცვლელად ტოვებდა გვარდიის შეიარაღებისა და პირადი შემადგენლობის რაოდენობრივ მაჩვენებლებს, დისლოკაციის ზონებს. ცვლილებას დაექვემდებარა მხოლოდ დე იურე სტატუსი – გვარდიას ეძლეოდა „ომონის“ ქვედანაყოფის სტატუსი და ექვემდებარებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ხოლო ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობა და თავდაცვის სამთავრობო კომისია უქმდებოდა. არსებითად, საკუთრივ ეროვნული გვარდიისათვის 19 აგვისტოს ბრძანებულებას მოჰყვებოდა ერთადერთი ნომენკლატურული ცვლილება – თ. კიტოვანი და მისი გარემოცვის ზოგიერთი არაპროფესიონალი გენერალი კარგავდნენ თანამდებობებს.

აღნიშნული გადაწყვეტილებით ზ. გამსახურდიამ გვარდიაც შეინარჩუნა და იმპერიის სამხედრო მანქანას საქართველოს წინააღმდეგ დამსჯელი აქციების ჩატარების საბაბიც მოუსპო. ამავე დროს, სმსკ-ის სამხედრო ემისრებთან კონტაქტებზე თანხმობით მან შექმნა ერთგვარი კომპრომისული ფონი, ერთგვარი პოლიტიკური სივრცე მანევრირებისათვის პუტჩის შესაძლო, თუნდაც დროებითი წარმატების შემთხვევისათვის. მთავარი მაინც ის არის, რომ „19 აგვისტოს კომპრომისს“ საფუძვლად ჰქონდა საქართველოს ეროვნული ხელისუფლების სრულიად ლოგიკური მისწრაფება – მის ქმედებებს არ გამოეწვია „ცენტრის“ ინტერვენცია და სამხედრო რეპრესიები, აღეკვეთა სამხედრო
ოპერაციების პროვოცირების საშიშროება.

1991 წ. 20 აგვისტოს ზ. გამსახურდიამ სპეციალური მიმართვა გაუგზავნა დასავლეთის ქვეყნების ხალხებსა და მთავრობებს[24]. პრეამბულაში მან მოსკოვში შექმნილ ვითარებას „არასტაბილური სიტუაცია“ უწოდა და ხაზი გაუსვა ტოტალიტარულ იმპერიაში ლიბერალიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესების აბსოლუტურ შეუძლებლობას. „პოლიტიკური შეფასება მომხდარი გადატრიალებისა, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, – ძალიან რთულია, ვინაიდან ჯერჯერობით არ არის ნათელი ნამდვილი გადატრიალებაა ეს, თუ მხოლოდ გარიგება ან შოუ, რომლისგანაც პოლიტიკური დივიდენდების მიღებას მიელტვიან ცალკეული სახელმწიფო ლიდერები“.

როგორც ვხედავთ, ზ. გამსახურდიამ აგვისტოს მოვლენები შეაფასა როგორც გადატრიალება, როგორც უკანონო ანტიკონსტიტუციური პუტჩი, თანაც სავსებით ცხადად და არაორაზროვნად. ამასთან, მან ირიბად მიანიშნა კიდეც, რომ ეს იყო არა „ნამდვილი გადატრიალება“, ე.ი. რეალური დაპირისპირება რეაქციულ-ტოტალიტარულ და ლიბერალურ-დემოკრატიულ ძალებს შორის, არამედ ე.წ. „სასახლის გადატრიალება“, ნომენკლატურული პუტჩი, რომლის არსებითი დანიშნულება იმპერიულ ცენტრში ელიტათა ცირკულაციაში, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, გორბაჩოვის ჯგუფის ელცინის ჯგუფით ჩანაცვლებაში მდგომარეობდა. აგვისტოს მოვლენის ამგვარი დეფინიცია, რომელიც ამ მოვლენებიდან სულ რაღაც ნახევარ წელიწადში წინასწარმეტყველური გამოდგა, გამოირჩეოდა ორიგინალურობითა და არადიპლომატიური პირდაპირობით. ამიტომ ბუნებრივია ის ნეგატიური რეაქცია, რაც ამგვარ შეფასებას მოჰყვა რუსეთსა და დასავლეთში, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდანაც.

20 აგვისტოს მიმართვის ცენტრალური თემა იყო მოწოდება სსრკ-ის ნაციონალური რესპუბლიკების დამოუკიდებლობის საერთაშორისო ცნობისაკენ: „შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა, რეაქციული ძალების გამარჯვება საფრთხეს უქადის უწინარეს ყოვლისა სსრკ-ში შემავალ იმ რესპუბლიკებს, რომლებიც იბრძვიან დამოუკიდებლობისათვის… ისინი უშუალო სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშე დგანან. ამიტომ მე მოვუწოდებ დასავლეთის მთავრობებს, უწინარეს ყოვლისა, აშშ-ს, სასწრაფოდ და გადაუდებლად დე ფაქტო და დე იურე ცნონ ამ რესპუბლიკების, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობა და დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარონ მათთან“.

რას გულისხმობდა „კიშინიოვის ფორუმში“ მონაწილე რესპუბლიკების დამოუკიდებლობის სასწრაფო დიპლომატიურ რეჟიმში აღიარების მოწოდება, თუ არა პუტჩის მიმართ აშკარა და სრულიად განსაზღვრულ ოპოზიციას? პუტჩის ძირითადი მიზანი ხომ „ნოვო-ოგარიოვოს პროცესის“ ჩაშლასა და სსრკ-ს არსებული სახით შენარჩუნებაში მდგომარეობდა. არადა თვით აშშ-სა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოების მიერ ეროვნული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობა სწორედ რომ პუტჩის წინააღმდეგ აშკარა და პირდაპირი დიპლომატიური ბრძოლის გაცილებით ძლიერი ბერკეტი იქნებოდა, ვიდრე აშშ-ს ადმინისტრაციის ზემოთმოყვანილი განცხადება იმის შესახებ, რომ აშშ გადატრიალებას მხარს არ დაუჭერდა. ან კიდევ რით ჩამოუვარდება ზ. გამსახურდიას 20 აგვისტოს მიმართვის მოწოდება ესტონეთის მიერ პუტჩის დღეებში დამოუკიდებლობის გამოცხადებას, ან მოლდოვას პრეზიდენტის მ. სნეგურის „ანტიგეკაჩეპისტურ“ გამოსვლას კიშინიოვის 19 აგვისტოს მიტინგზე, თუ, რასაკვირველია, არ აჭარბებს მათ თავისი ანტიპუტჩისტური პათოსით?

ერთი სიტყვით, 20 აგვისტოს მიმართვაში ზ. გამსახურდიამ მოსკოვის მოვლენებს ანტიკონსტიტუციური გადატრიალებაც უწოდა და დასავლეთის მხრიდან პუტჩისტების წინააღმდეგ ქმედითი პოლიტიკურ-დიპლომატიური კონფრონტაციაც მოითხოვა. ამ თვალსაზრისით მიმართვა ერთგვარი გასაღებია მოსკოვის პუტჩთან მიმართებაში საქართველოს ეროვნული ხელისუფლების პოლიტიკის ობიექტური ანალიზისათვის. პოლიტიკოსთა (თ. სიგუა, გ. ჭანტურია და სხვ.) და ისტორიკოსთა (უ. ბლუაშვილი, დ. მჭედლური) და სხვათა მტკიცება, თითქოს ადგილი ჰქონდა სმსკ-თან კოლაბორაციონისტურ შემთანხმებლობას, „გამსახურდიას ალიანსს იმპერიის ყველაზე რეაქციულ წრეებთან“ (sic!), მიუღებლად მიგვაჩნია. მითუმეტეს, როცა მაშინ განვითარებული პროცესების მიმართ პოსტფაქტუმ ანალიტიკური მიდგომის დეფიციტი ნამდვილად არ იგრძნობა.

უნდა ითქვას, რომ ზ. გამსახურდიამ მომავალი სმსკ-ს ზოგიერთი წევრი პუტჩამდე გაცილებით ადრე გააკრიტიკა მათი უაღრესად კონსერვატიული და იმპეროკრატიული შეხედულებების გამო. მაგ., 1991 წ. 3 ივლისს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე მან უარყო გ. იანაევის (მაშინ სსრ კავშირის ვიცე-პრეზიდენტის) მიერ „შპიგელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განცხადებული სიცრუე, თითქოს კრემლი არ ახდენდა არანაირ ზეწოლას სამოკავშირეო ხელშეკრულების არმომწერ რესპუბლიკებზე. იქვე ზ. გამსახურდიამ მკაცრად გააკრიტიკა სსრკ-ს პრემიერ-მინისტრი ვ. პავლოვი, უწოდა რა მას „ძალიან კონსერვატიული და რეაქციული კომუნისტი“[25].

1991 წ. 26 აგვისტოს საქართველოს უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიამ მიიღო დადგენილებათა პაკეტი 19-21 აგვისტოს მოსკოვის მოვლენების შესახებ[26]. დადგენილებაში „1991 წლის 19-21 აგვისტოს მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ“ ეს მოვლენები დახასიათდა როგორც „სსრკ-ში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა“, რომლის მიზანი იყო ტოტალიტარიზმისა და კომუნისტური დიქტატურის აღდგენა, საბჭოთა იმპერიის რღვევის პროცესის შეჩერება. დადგენილებაში „1991 წლის 19-21 აგვისტოს სსრ კავშირში მიმდინარე მოვლენების დროს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს, საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის, საქართველოს კომპარტიის სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა გაუქმებული საბჭოს თვითმარქვია აღმასრულებელი კომიტეტის მოქმედებათა შესახებ“ უზენაესმა საბჭომ მკაცრად დაგმო აღნიშნული სტრუქტურების მოქმედება პუტჩის დღეებში, როგორც „გადატრიალების ორგანიზატორთა ჯგუფის მხარდაჭერა“. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კომპარტიის გაუქმებისა და მისი ქონების ნაციონალიზაციის შესახებ. ცხადია, გაუქმდა კომპარტიის ყველა ინსტიტუციური სტრუქტურა, მათ შორის – საპარლამენტო ფრაქციაც. ამავე დღეს საქართველომ ცნო პუტჩის დროს (21 აგვისტოს) გამოცხადებული ესტონეთისა და ლატვიის დამოუკიდებლობა.

ვფიქრობთ, ცალკე უნდა შევეხოთ საკითხს აგვისტოს პუტჩზე სსრკ-ის შემადგენლობაში შემავალი სხვა რესპუბლიკების ხელმძღვანელი ელიტების რეაქციის შესახებ. ამ რეაქციის რეალური შინაარსის გარკვევას არსებითი მნიშვნელობა აქვს ზ. გამსახურდიას მიერ გადადგმული ტაქტიკური პოლიტიკური ნაბიჯების ინტერპრეტაციისათვის. 1991 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა კრებული „Путч-Хроника тревожных дней“, მისი ერთი ნაწილის ავტორი არის პროელცინური დაჯგუფების ჟურნალისტი, ვინმე ოლგა ვასილიევა, რომელიც თავში – „რესპუბლიკები პუტჩის დროს“ – ეროვნულ რესპუბლიკებს სამ ნაწილად ჰყოფს და ამგვარი დიფერენციაციის საფუძვლად აღებული აქვს მათი ხელმძღვანელობის მიერ სმსკ-თან წარმართული ურთიერთობების სამი ვარიანტი. ო. ვასილიევა ასე „ახარისხებს“ რესპუბლიკებს:

  1. “წინააღმდეგობის ქრონიკა – ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, მოლდოვა.
  2. ლოდინის ქრონიკა – უკრაინა, ბელორუსია, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი.
  3. შემთანხმებლური ქრონიკა – აზერბაიჯანი და საქართველო….“[27].

ამ შესავლის შემდეგ ელცინის „დემოკრატიული“ რუსეთის ველიკოდერჟავული ამბიციებით შეპყრობილი ო. ვასილიევა სრულიად უტიფრად აცხადებს, რომ „ამა თუ იმ ფორმით გკჩპ-სადმი, როგორც ახალი საკავშირო ხელმძღვანელობისადმი, მხარდაჭერა (?) გამოხატეს საქართველომ (sic!) და აზერბაიჯანმა“, რომ „19 აგვისტოს გამსახურდია შეუთანხმდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალს, რომ 24 აგვისტომდე (?) შეასრულებდა გეკაჩეპეს ყველა მოთხოვნას (?!)“[28].

ჩვენ ზემოთ უკვე გავაანალიზეთ ზ. გამსახურდიას ტაქტიკური ნაბიჯები და ვაჩვენეთ მათი უალტერნატივობა და მართლზომიერება. იძულებითი ფორმალური კომპრომისის მიზეზებსაც შევეხეთ. ამიტომ აქ სიტყვას არ გავაგრძელებთ, აღვნიშნავთ მხოლოდ: ო. ვასილიევას ქრონიკალური პასაჟები ქვეტექსტურად მიანიშნებენ ამ ავტორის ანტიქართულ პათოსზე. ხსენებულ თავში არ არის მოყვანილი თუ დამოწმებული არც ერთი ოფიციალური დოკუმენტი და ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხი მოცემულია პრიმიტიული ჟურნალისტური გამოძიების დონეზე. ძირითად წყაროდ აღებულია საინფორმაციო სააგენტოების „რია“-სა და „პოსტფაქტუმის“ ცნობები. ორივე ეს სააგენტო მაშინ ბ. ელცინის გუნდის კონტროლქვეშ იყო და თავისთავად ცხადია მათი ტელეტაიპებიდან და ფაქსაპარატებიდან მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა და გაშიფრვის მექანიზმები.

ნათელია, რომ ბ. ელცინის ბლოკის მხარდამჭერი „დემოკრატი“ ჟურნალისტის პოზიციები, რომლებიც იდენტურია მაშინდელი „დემოკრატიული რუსეთის“ საერთო პოლიტიკური კურსისა და ქართველი პუტჩისტების შეხედულებებისა, გენერირებულია საქართველოს ეროვნული ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკური კურსის მიმართ აშკარად ნეგატიური დამოკიდებულებით. რუსეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტი იმედოვნებდა, რომ პუტჩის შემდეგ რუსეთში მართლაც რეალურად განხორციელებული ლიბერალიზაციის
პოლიტიკის წყალობით ახალი „ელცინური ცენტრი“ მიიზიდავდა რესპუბლიკებს და შეაცვლევინებდა მათ წინანდელ დამოკიდებულებას სამოკავშირეო ხელშეკრულებისადმი. ფორმულა საკმაოზე მარტივი იყო: „გორბაჩოვური ცენტრი“ აღარ არსებობს (ან დასუსტებულია). არსებობს „ელცინური ცენტრი“ და მასთან მოაწერეთ ხელი“.

ზ. გამსახურდიას მიერ სრული სუვერენიტეტის კურსის გაგრძელება არ შედიოდა „ელცინური ცენტრის“ ნეოიმპერიულ ინტერესებში და ო. ვასილიევაც ამ ინტერესების გამომხატველია. საქართველოს ხელისუფლების მიერ პუტჩის დროს გადადგმული ნაბიჯების კრიტიკა მხოლოდ ფონია, მთავარი კი სხვაა, კერძოდ ზ. გამსახურდიას მიერ დსთ-ს პროექტზე უარის თქმა. ეს კარგად ჩანს იმაშიც, რომ იმავე „ქრონიკაში“ ჟურნალისტი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს საქართველოს ხელისუფლების სხვა, პუტჩთან აბსოლუტურად არავითარ კავშირში არმყოფ ისეთ აქციებს, როგორიცაა – „მხედრიონის“ განიარაღება და მისი ლიდერების დაპატიმრება 1991 წ. თებერვალში, ყოფილ სამხრეთ ოსეთში ბოევიკთა განიარაღება, 1991 წ. 10 სექტემბრის ბრძანებულება სსრკ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო კომისარიატების გაუქმების შესახებ. საგულისხმოა და ნიშანდობლივიც, რომ ქართველი პუტჩისტებისა და მათი იმდროინდელი თუ დღევანდელი მხარდამჭერების პოზიციები ზ. გამსახურდიას პუტჩთან დამოკიდებულების საკითხში აშკარად იდენტურია რუსეთის პოლიტიკური ელიტისა და მედიაკრატიის ზემოთმოყვანილი შეხედულებებიდან.

დავუბრუნდეთ საკითხს აგვისტოს მოვლენებზე სხვა რესპუბლიკების რეაქციის შესახებ. მეტი სიცხადისა და რეპრეზენტაციისათვის უმჯობესია ეს რეაქცია მოვიყვანოთ ფაქტოგრაფიული რეტროსპექციის სახით. მაშ ასე: უკრაინა – 19 აგვისტოს დილით პრეზიდენტ ლ. კრავჩუკს შეხვდა გენ. ვ. ვარენიკოვი (ვ. შურავლიოვის თბილისის ვიზიტის სრული ანალოგია და კიევზე სამხედრო-დიპლომატიური ზეწოლა). ამ შეხვედრის შემდეგ უკრაინის ლიდერი გამოვიდა ტელევიზიით და მოსახლეობას „სიბრძნისა და სიმშვიდისაკენ“ მოუწოდა. სიტყვაც არ თქმულა არც გადატრიალების ანტიკონსტიტუციურობაზე და არც სმსკ-ის უკანონობაზე. ერთადერთი, ასე ვთქვათ, ძლიერი ტონი ლ. კრავჩუკის განცხადებაში იყოს ის, რომ „სამართლებრივ სახელმწიფოში ყველაფერი, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის შემოღება, უნდა ხდებოდეს კანონის საფუძველზე“[29].

ყაზახეთი – 19 აგვისტოს განცხადებაში პრეზიდენტმა ნ. ნაზარბაევმა გააკრიტიკა მ. გორბაჩოვი „პერესტროიკის“ კურსის გატარებაში გამოჩენილი მერყეობისა და პასიურობისათვის[30]. არავითარი მომხდარის პირდაპირი პოლიტიკური შეფასება და, მითუმეტეს, დაუმორჩილებლობა.

სომხეთი – 19 აგვისტოს 17.00 სთ-ზე ტელევიზიით გამოვიდა პრეზიდენტი ლ. ტერ-პეტროსიანი და მოსახლეობას სიმშვიდისა და წესრიგისაკენ მოუწოდა[31].

ლატვია – უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ა. გორბუნოვმა ხალხს მოუწოდა სიმშვიდისაკენ და განაცხადა, რომ „მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილებები ლატვიას არ ეხება“[32]. სად არის აქ გადატრიალების ანტიკონსტიტუციურობის დეკლარირება და მისი შედეგების მიმართ პირდაპირი კონფრონტაცია?

ლიტვა – ვილნიუსში იყო სიმშვიდე. ხალხის ნაწილი შეგროვდა უზენაესი საბჭოს შენობის წინ. 19-20 აგვისტოს ღამეს უზენაესმა საბჭომ სასწრაფოდ მოახდინა ლიტვა-რსფსრ-ს ხელშეკრულების რატიფიკაცია, სადაც ლაპარაკი იყო 1940წ. ლიტვის ანექსიაზე[33].

ესტონეთი – მას შემდეგ, რაც ტალინის აეროპორტში დაეშვა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი და მედესანტეთა ორი ასეული გადმოსხა, ხოლო ტალინის ცენტრში შევიდა ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტიორების კოლონა, პარლამენტის სპიკერმა ა. რიუტელმა და პრემიერ-მინისტრმა ე. სავისაარმა ხალხს მოუწოდეს სიმშვიდისაკენ და არ შესულიყვნენ ჯარისკაცებთან კონფლიქტში[34]. სად ჩანს აქ „წინააღმდეგობის ქრონიკა“? სხვათაშორის, სწორედ ესტონეთში განხორციელებული ძალისმიერი აქციის ანალოგიური აქციებით დაემუქრა შურავლიოვი ზ. გამსახურდიას.

მოლდოვა – 19 აგვისტოს კიშინიოვში გამართულ მიტინგზე გამოსვლისას პრეზიდენტმა მ. სნეგურმა გააკრიტიკა პუტჩი და მოსახლეობას მოუწოდა ქალაქისა და მთელი მოლდოვის დასაცავად[35].

ამრიგად, საქართველოს ეროვნული ხელისუფლების პოლიტიკური კურსი 1991წ. 19-21 აგვისტოს პუტჩის პერიოდში შეიძლება ერთმნიშვნელოვნად შეფასდეს, როგორც აქტიური პოზიტიური ნეიტრალიტეტი. ეს კურსი, ერთის მხრივ, მკაფიოდ გამოხატავდა საქართველოს დისტანცირებას იმპერიული ცენტრისაგან, რომელსაც უკვე დე იურე აღარ ეკუთვნოდა (1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმისა და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ძალით), მეორეს მხრივ, აფიქსირებდა გარკვეულ დაპირისპირებას სსრკ-ს ახალ ხელმძღვანელ სტრუქტურასთან (მოწოდება რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობისაკენ ეწინააღმდეგებოდა სმსკ-ის #1 გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულ ფორმულირებებს სსრკ-ის შენარჩუნების შესახებ).

ზ. გამსახურდიას ხელისუფლებას არ უცვნია სმსკ-ის კანონიერება, ხოლო 20 აგვისტოს „მიმართვის“ შესაბამისი ნაწილი ირიბად მოითხოვდა გადატრიალების შედეგების ანულირებას. ზ. გამსახურდიამ იმთავითვე ალღო აუღო აგვისტოს პუტჩის შინაგან რეალურ არსს და მიხვდა, რომ ეს იყო ბრძოლა ძალაუფლებისათვის ორ იმპეროკრატიულ დაჯგუფებას შორის და არა ლიბერალიზმ-ტოტალიტარიზმის დაპირისპირება. საქართველოსთან მიმართებაში ეს ორივე ძალა იდენტური იმპერიული პოლიტიკის მატარებელი გახდა. საქართველოს პრეზიდენტმა თავიდანვე გააცნობიერა ამ „ორი რუსეთის“ ურთიერთგანუსხვავებლობა და ერთ-ერთის ღია მხარდაჭერის სახით საქართველო მეორეს მხრიდან სამხედრო ინტერვენციის საშიშროების წინაშე არ დააყენა. სწორედ ამაშია გამოჩენილი ნეიტრალიტეტის პოლიტოგემა, ნაკარნახევი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების პრიმატით.

არადა, პუტჩიდან სულ რაღაც წელიწადნახევარში პუტჩისდროინდელი „ორივე“ რუსეთი ერთიანად გაერთიანდა საქართველოს წინააღმდეგ. სმსკ-ის მიმართ წინააღმდეგობის მოძრაობის აქტიური ორგანიზატორები შემდგომში გამოირჩეოდნენ ღია და აშკარა იმპერიალისტური მისწრაფებებით საქართველოს წინააღმდეგ. მაგ: ვიცე-პრეზიდენტი ა. რუცკოი არაერთხელ მოითხოვდა თბილისზე საჰაერო თავდასხმას აფხაზეთის კონფლიქტის დროს; უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე რ. ხასბულატოვი უშუალოდ მფარველობდა აფხაზ სეპარატისტებსა და მთიელ ხალხთა კონფედერაციას; პუტჩის დროს რუსეთის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი კ. კობეცი შემდეგში მონაწილეობდა რუსეთის გენერალური შტაბის მიერ სოხუმის აღების ოპერაციის დაგეგმვაში; რუსეთის სახელმწიფო მინისტრი გ. ბურბულისი სათავეში ედგა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების კოორდინაციის საიდუმლო კომიტეტს. აი, ის „დემოკრატიული“ რუსეთი, რომლის მხარდაჭერის გამო ზ. გამსახურდიას სამხედრო დარტყმის საშიშროების წინაშე უნდა დაეყენებინა საქართველო.

და ბოლოს: მოსკოვის პუტჩმა საკუთრივ საქართველოში გამოკვეთა თვისობრივად ახალი შიდაპოლიტიკური სიტუაცია. განხორციელდა ოპოზიციის ადრე ფრაგმენტული, არაერთგვაროვანი დაჯგუფებების კონსოლიდაცია და ანტიეროვნული ოპოზიციის ერთიან სისტემად ჩამოყალიბება. ამ სისტემაში აღმოჩნდნენ სხვადასხვა მოტივაციის განსხვავებული პოლიტიკური სუბკულტურები – პარტნომენკლატურა და მასთან ასოცირებული ინტელიგენციის ნაწილი, ეროვნულ კონგრესში შემავალი პარტიები, პარამილიტარული გასამხედროებული დაჯგუფებები, მარგინალური და დეკლასირებული სოციალური ჯგუფები. ეს იყო საკუთრივ ქართული პუტჩის სოციალური ინფრასტრუქტურა, თამაშის საკუთარი წესებითა და სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერის რუსული წყაროებით. ცოტა მოგვიანებით მთელი ეს პარტოკრატიულ-კრიმინალურ-ინტელიგენტური კლიენტურა რუსეთის მიერ მობილიზებულ იქნა სამხედრო გადატრიალებისათვის და ეროვნული ხელისუფლების დამხობისათვის საბრძოლველად.

სოხუმის უნივერსიტეტის შრომები
ჰუმანიტარულ და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა სერია
ტ. 1, 2007 წ.

———————————————————————————————————————————————————————-

[1]  Ю. С. Пивоваров, А. И. Фурсов. – Проблема НАТО сквозь призму противостояния “Россия – Запад”: конец пятисотлетнего спора?

http://www.e-journal.ru/p–euro-st1-9.-html.

[2]  გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 12 ნოემბერი, 1990წ.

[3]  გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა“, 25 მარტი, 1991წ.

[4]  Новейшая история отечества. XX век. Т. II. Под редакцией проф. Э. Щагина. М., 1999, გვ. 380-384

[5] უ. ბლუაშვილი. პოლიტიკური პარტიები და ეროვნული მოძრაობა საქართველოში 1988-1991 წლებში. თბ., 1994, გვ. 43.

[6] მოლაპარაკებები ფორმულით „9+1“ მიმდინარეობდა მ. გორბაჩოვის ქალაქგარე რეზიდენციაში ნოვო-ოგარიოვოში, 1991წ. 29 აპრილიდან. პროექტის საბოლოო ვარიანტი მიიღეს 17 ივნისს, ხოლო ხელმოწერა დაიგეგმა 20 აგვისტოსათვის.

[7]  Новейшая история отечества. XX век. Т. II.., გვ. 379.

[8]  Новейшая история отечества. XX век. Т. II, გვ. 379.

[9]  М. С. Горбачев. Августовский путч. Причина и следствия. М., 1991, გვ. 34.

[10] А. А. Данилов, Л. Г. Косулина. История России. XX век. М., 2000, გვ. 529.

[11] Новейшая история отечества. XX век. Т. II, გვ. 380.

[12] გაზ. «Правда», 20 Августа, 1991г.

[13] გაზ. «Правда», 20 Августа…

[14] გაზ. «Правда», 20 Августа…

[15] გაზ. «Правда», 21 აвгуста 1991г.

[16] გაზ. «Правда», 21 აвгуста…

[17] Новейшая история отечества. XX век. Т. II, გვ. 381.

[18] საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები. #8, 1991, გვ. 185.

[19] საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, #8, 1991, გვ. 188.

[20] გაზ. `საქართველოს რესპუბლიკა~, 27 აგვისტო, 1991წ.

[21]  Август-9. М., 1991, გვ. 14.

[22] გაზ. «Московские новости», 8 сентября 1991г.

[23] გაზ. `საქართველოს რესპუბლიკა~, 21 აგვისტო, 1991წ.

[24] საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, #8, 1991. გვ. 186.

[25] გაზ. `საქართველოს რესპუბლიკა~, 11 ივლისი, 1991წ.

[26] საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, #8, 1991, გვ. 163-165.

[27] Путч-Хроника тревожных дней. М., 1991, გვ. 106.

[28] Путч-Хроника тревожных дней.., გვ. 119.

[29] გაზ. «Правда», 18 сентября 1991г.

[30] გაზ. «Правда», 18 сентября…

[31] გაზ. «Правда», 21 августа 1991г.

[32] გაზ. «Правда», 21 августа 1991г.

[33] გაზ. «Правда», 21 августа 1991г.

[34] გაზ. «Правда», 21 августа 1991г.

[35] გაზ. «Правда», 21 августа 1991г.

Advertisements

2 Comments »

  1. კომენტარი by georgianeli — ოქტომბერი 8, 2014 @ 2:58 PM

  2. კომენტარი by georgianeli — ოქტომბერი 8, 2014 @ 2:59 PM


RSS feed for comments on this post. TrackBack URI

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: