ზვიად გამსახურდია

აპრილი 2, 2020

ზვიად გამსახურდია და დასავლური ორიენტაცია

Filed under: Uncategorized — georgianeli @ 8:26 AM
ZviadGamsakhurdia28

ღია წერილი საქართველოს ტელევიზიისადმი

(ორიენტაციათა შესახებ)

მსურს გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილება უზენაესი საბჭოს დეპუტატის მწერალ გურამ პეტრიაშვილის გამოსვლაზე საქართველოს ტელევიზიით ა.წ. 4 მაისს. ამთავითვე უნდა ითქვას, რომ პოზიტიური ფაქტია ოპონენტისათვის სიტყვის მიცემა, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ეს უკეთური მიზეზებით მოხდა. გადაცემა ტელედაკითხვას უფრო გავდა, ვიდრე გამოსვლას. დაკითხვის ინიციატორი კვარაცხელია მას ყოველნაირად აბნევდა, ხელს უშლიდა საუბარში, ირონიით, ბოროტგანზრახულ პირთა შეკითხვების მიწოდებით, რომლებიც აშკარად წინასწარ იყვნენ კარგად დარიგებულნი. გარდა ამისა, მან ყალბი წარდგინება გაუკეთა გურამ პეტრიაშვილს, როგორც, ვითომდაც ჩვენი ხელისუფლების მთავარ იდეოლოგს. ეს სიცრუე თავად მწერალმა ამხილა, მაგრამ მე მსურს მეტი სიცხადე შევიტანო ამ საკითხში. ბატონ გურამ პეტრიაშვილის ნაუბარი მის პირად მსოფლმხედველობას და შეხედულებებს უფრო გამოხატავდა, ვიდრე ოფიციალური ხელისუფლებისას, გარდა ამისა, ის უჩვეულო სიტუაცია, რომელშიც აღმოჩნდა ეს დევნილი კაცი, იატაკქვეშეთიდან უეცრად ტელეეკრანზე გამოჩენილი, რომელმაც არ იცოდა, ამ გამოსვლის შემდეგ ცოცხალი დაბრუნდებოდა თუ არა შინ, ხელს უშლიდა მას საკუთარი შეხედულებების თანმიმდევრულად და გარკვევით ჩამოყალიბებაში. მიუხედავად ამისა, მან მრავალი მწარე სიმართლე მოგახსენათ, თუმცა კარგად იცის, რომ სიმართლის მთქმელს დღეს არა მხოლოდ ცხენი, თვითმფრინავიც უნდა ჰყავდეს შეკაზმული.

ამთავითვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბატონ გურამ პეტრიაშვილს არ მიუღია უშუალო მონაწილეობა მრგვალი მაგიდის არცერთი საპროგრამო დოკუმენტის შექმნაში. იგი არ არის არც ერთი ჩვენი პოლიტიკური პარტიისა თუ ორგანიზაციის წევრი, მისთვის არავის მიუნიჭებია იდეოლოგის ტიტული ან თანამდებობა. ეს პუტჩისტური „ოპოზიციის” ოინბაზობა გახლავთ, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც ბატონი გურამის, ისე ჩვენი ბლოკის დისკრედიტაციას („გებელსები“ და „ჟდანოვები“ ჩვენ არ გვყოლია). „იდეოლოგია“, ამ სიტყვის ფაშისტური ან კომუნისტური გაგებით, მრგვალ მაგიდას არც გააჩნია. მსოფლმხედველობრივი და იდეური მიმართულება კი, რომელიც ქრისტიანულ-დემოკრატიულ იდეოლოგიას ემყარება ჩამოყალიბებულია ჩვენს საპროგრამო დოკუმენტებში და ვისაც საბოლოოდ არ დაუკარგავს ჭკუა და სინდისი ხუნტის ტერორის ზეგავლენით, მათ უნდა დაეყრდნოს ჩვენი ორიენტაციის დახასიათებისას და არა მარტო ბატონი გურამ პეტრიაშვილის გამოსვლებსა და საუბრებს. რაც შეეხება თქვენს იდეოლოგიას, ანუ ავტომატის იდეოლოგიას, ამას შესანიშნავად გამოხატავს თქვენი მთავარი „იდეოლოგი“ ბ-ნი ჯაბა იოსელიანი ტელევიზიით ყოველდღიურად გამოსვლისას: „დაგხვრეტთ, მოგსპობთ, გაგანადგურებთ“, რითაც შესანიშნავად აგრძელებს თქვენი მთავარი იდეური მამის ლენინის „გენერალურ ხაზს“.

ალბათ ამ დაბნეულობამ და ავტომატების ლულებქვეშ წარმოთქმული აღსარების უჩვეულობამ ათქმევინა ბ-ნ გურამს, რომ ჩვენ უარვყოფთ დასავლურ ორიენტაციას. მეორეც, მას არ აცალეს კარგად განემარტა, თუ რას ნიშნავს დასავლური ორიენტაცია, ან კავკასიური ერთობა, კავკასიური ორიენტაცია. ეწინააღმდეგება თუ არა ურთიერთს – ეს ორი რამ. გარდა ამისა, მას იმდენად უმეცარი ოპონენტი ჰყავდა, რომ მან კავკასიური ერთობის იდეა მხოლოდ „დუდაევის” იდეად დაახასიათა თავის რეპლიკაში. ქართულ მწერლობასთან და მეცნიერებასთან მწყრალად რომ არ ყოფილიყო ოპონენტი, ეცოდინებოდა, რომ ეს იდეა ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, ალ. ყაზბეგის, გრიგოლ რობაქიძის, კონსტანტინე გამსახურდიას, პავლე ინგოროყვას, არნოლდ ჩიქობავას ნააზრევიდან იღებს სათავეს და არა ჯოჰარ დუდაევისაგან ან დღევანდელი კავკასიის სხვა მოღვაწეთაგან. კარგი იქნებოდა ოპონენტს დაფიქრებით წაეკითხა ილიას „ქართვლის დედა“, ვაჟა ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ და “ალუდა ქეთელაური“, გაეგო თუ რად დაირქვა გრიგოლ რობაქიძემ ფსევდონიმი „კავკასიელი“, ან რად შექმნა დრამა „ლამარა“. რად უწოდა კონსტანტინე გამსახურდიამ თავის პირველ ჟურნალს „პრომეთე“ ან რა აზრი ჩადო თავის „ხორგაის მინდიაში“ და სხვა. ასეთი უწიგნური იდეოლოგები რომ ჰყავს პუტჩისტთა ორგანიზაციას, იმიტომ მიდის კარგად საქმე. ასე რომ, კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა.

ახლა კარგად გავერკვეთ თუ რას ნიშნავს დასავლური ორიენტაცია. ზოგიერთს დასავლური ორიენტაცია ჰგონია დასავლეთის პორნოგრაფიული და სადისტური ფილმების კულტი, განგსტერების „ჰეროიკა“, დასვლური მოდების წამხედურობა, დასავლეთის წინაშე ხელგაშვერილი დგომა უცხოური კრედიტების მოლოდინში, საეჭვო პოლიტიკური გარიგებები ზოგიერთ პოლიტიკურ ავანტიურისტებთან, მათი მოწვევა საქართველოში, საქართველოს ბუნებრივ და წიაღისეულ სიმდიდრეთა, კურორტების, პორტებისა და საწარმოო ობიექტების მიყიდვა დასავლეთისათვის და სხვა. აი, ასეთ „დასავლურ“ ორიენტაციას ვგმობთ ჩვენ და გ. პეტრიაშვილიც ამას გულისხმობდა. მაგრამ მას უნდა განემარტა (თუმც, ვინ აცალა), რომ დასავლეთის კულტურა, ცივილიზაცია, ხელოვნება, პოლიტიკური ნააზრევი, ფილოსოფია, სოციალური და სამართლებრივი სისტემები უაღრესად ახლოა ჩვენთვის, რომ ჩვენის თვალსაზრისით, ამის ათვისება და გათავისება დასავლური, ღია დემოკრატიული საზოგადოების აშენება არის დასავლური ორიენტაცია და არა სხვა რამ.

ასევე უნდა ავითვისოთ ყოველივე საუკეთესო აღმოსავლურ და საერთოდ, მსოფლიო კულტურასა და ცივილიზაციაში. ჩვენი მსოფლიო ისტორიული მისიაც ამ ორი სამყაროს სინთეზში მდგომარეობს და ეს სინთეზი იყო ოდითგანვე იბერიულ-კავკასიური სამყარო, მისი ტრადიციები, მისი სულიერი კულტურული ყოფა, მისი ცხოვრების ფილოსოფია. საქართველოს თავისთავადობისა და თვითმყოფადობისთვის ბრძოლაც „იზოლაციონიზმი“ და „ალბანიზაცია“ არ გახლავთ, როგორც ამას გვწამებენ კოსმოპოლიტი და რუსოფილი პუტჩისტები. ჭეშმარიტი მსოფლიო მოქალაქეობა კი, ეროვნული თვითშეგნების გარეშე არ არსებობს. ვინც „გაინგლისელდება“, „გაგერმანელდება“, „გაფრანგდება“, „გარუსდება“, „გაამერიკელდება“, ვერასოდეს გახდება ინგლისელი, გერმანელი, ფრანგი, რუსი ან ამერიკელი და ქართველობასაც დაჰკარგავს. და თუ ქართველებად დავრჩებით და თანაც ვეზიარებით ამ ერების კულტურებს, გავაფართოებთ და გავამდიდრებთ ჩვენ სამყაროს, გავხდებით ნამდვილი მსოფლიო მოქალაქენი. ევროპის ინტეგრაციაც ასე უნდა გავიგოთ და არა როგორც ეროვნული ინდივიდუალობების წაშლა ან გათქვეფა.

რაც შეეხება იბერიულ-კავკასიური მოდგმის ხალხების: ქართველების, ჩეჩნების, ინგუშების, ჩერქეზების, ადიღეელების, აფხაზების, ავარიელების და სხვათა ერთობას, ესეც არ ეწინააღმდეგება არც დასავლურ და არც აღმოსავლურ ორიენტაციებს, ეს არის ძიება საერთო ეთნიური და კულტურული ძირებისა, სულიერი ცხოვრებისა, ტრადიციებისა, ადათ-წესებისა. იბერები უძველესი პროტოევროპული მოდგმის წარმომადგენლები არიან. ერთ დროს მთელს მსოფლიოში განტოტილნი, დღეს კი მხოლოდ პირინეებსა და კავკასიაში შემორჩენილნი, ქართული და, საერთოდ, კავკასიური ცივილიზაცია ძველ იბერთა მსოფლიო ცივილიზაციის გაგრძელებაა, ასე რომ, დასავლეთ-აღმოსავლეთად დაყოფა აქ მხოლოდ პირობითია. კავკასია და საქართველო ამ გაგებით თავად არის ევროპა, ამ სიტყვის პირვანდელი მნიშვნელობით. ამის გამო, შემთხვევით როდი უწოდებენ კავკასიას ხალხთა ცივილიზაციის აკვანს, ხოლო ევროპულ კაცობრიობას – კავკასიურ რასას (ოღონდ ეს არ უნდა აგვერიოს ფაშისტების მონაჩმახ „რასიული უპირატესობის თეორიაში“). თუ ეთნოკულტურული და ცივილიზებული ერთობა დღეს სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ სოლიდარობაში გადაიზრდება, რა უნდა იყოს ამაში ცუდი? აი, ასე გვესმის ჩვენ „კავკასიური სახლი“. ალბათ ამით ჩვენ არც დასავლეთს ვუპირისპირდებით, არც აღმოსავლეთს. ჩვენ მხოლოდ ჩვენს თვითმყოფადობას გამოვხატავთ და ვაღრმავებთ. ყოველივე ამის განმეორება კი ვერ მოასწრო თუ ვერ მოახერხა ბ-მა გ. პეტრიაშვილმა.

თქვენ რომ სიტყვის ჭეშმარიტი თავისუფლება გქონდეთ და სიმართლე გიყვარდეთ, ამ წერილს ტელევიზიითაც გადასცემდით და გამოაქვეყნებდით კიდეც, მაგრამ ვაი რომ „ცარის“ ნაცვალის რისხვა დაგატყდებათ თავს და სკამებს დაკარგავთ. ამიტომ ჩემთვის გასაგებია თქვენი შიში და სიფრთხილე, თუმც, ნუ დაგავიწყდებათ, რომ სიმართლეს საკუთარი ხელ-ფეხი ასხია.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

1992 წ. 12 მაისი

წყარო: ღია წერილი საქართველოს ტელევიზიისადმი (ორიენტაციათა შესახებ) // ქართული აზრი. – 1992. – 1 ივნისი. – № 24

კომენტარის დატოვება »

კომენტარები ჯერ არ არის.

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: