ზვიად გამსახურდია

დეკემბერი 31, 2021

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართვა შავი ზღვის აუზის და შავი ზღვის პრობლემით დაინტერესებული ქვეყნების მთავრობათა მეთაურებს.

Filed under: Uncategorized — georgianeli @ 3:35 PM

შავი ზღვა წარმოადგენს პლანეტის უდიდეს, უნიკალურ მერომიქტიკულ წყალსატევს, რომლის 90 პროცენტს შეადგენს უჟანგბადო გოგირდწყალბადიანი წყლის მასა. ზღვის ფსკერზე მიმდინარეობს მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების – „გვამების წვიმის“ – ინტენსიური დალექვა, რის შედეგადაც გოგირდწყალბადის შემცველობა განუწყვეტლივ მატულობს. მდგომარეობას ამწვავებს ის, რომ საწარმოო და ფეკალური წყლები ჩაედინება შავ ზღვაში.

გოგირდწყალბადის ფენის ზედაპირი გუმბათოვანია, რომლის უმაღლესი წერტილის დაშორება ზღვის ზედაპირიდან მის ცენტრალურ ნაწილში აღწევს კრიტიკულ ზღვარს – 50 მეტრს. მიახლოებითი შეფასებით გოგირდწყალბადის რაოდენობა შეადგენს – 2 მილიარდამდე ტონას. არსებობს მისი აფეთქების რეალური საშიშროება – აფეთქების შედეგად გამოწვეული ნგრევით მიყენებული ზარალი მრავალჯერ გადააჭარბებს ჩერნობილის კატასტროფას და დამღუპველად იმოქმედებს არა მარტო შავი ზღვისპირეთის, არამედ მთლიანად პლანეტის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.

შავი ზღვის წყლის გაწმენდის შედეგად შეიძლება მივიღოთ და სასიკეთოდ გამოვიყენოთ ძვირფასი ქიმიური ნივთიერებები, მათ შორის გოგირდი და წყალბადი, რომელთა მარაგი შესაბამისად 1,8 და 0,1 მილიარდ ტონას შეადგენს (ტონა გოგირდის ფასი საერთაშორისო ბაზარზე დაახლოებით 1000 დოლარს შეადგენს), ასევე 7,6 მილიარდი ტონა საწვავი გაზი. მისი აღდგენითი ნაწილი – დაახლოებით 75 მილიონი ტონა – საკმარისია იმისთვის, რომ ყოველწლიურად თბოელექტროსადგურმა მოგვცეს 80 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია. შავი ზღვის აუზის და შავი ზღვის პრობლემით დაინტერესებულ ქვეყნების მთავრობათა მეთაურებს მოგმართავთ თანამშრომლობისათვის – შემოგვაქვს წინადადება, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან შეიქმნას შავი ზღვის აუზის ეკოლოგიური გარემოს დამცავი სპეციალიზებული სამთავრობათაშორისო დაწესებულება.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა უზრუნველყოფს გაეროს სპეციალიზებული სამთავრობათაშორისო დაწესებულების წევრ სახელმწიფოებისათვის კეთილსასურველ სამუშაო პირობებს და კისრულობს მისი შტაბ-ბინის მოწყობას.

საქართველოს მთავრობა გამოთქვამს რწმენას, რომ აღნიშნული წინადადებები განხილული იქნება.

ზვიად გამსახურდია

18 ივნისი, 1991 წელი

[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№118 (138), გვ. 1, 18 ივნისი, 1991 წ.[.

Create a free website or blog at WordPress.com.