ზვიად გამსახურდია

ივლისი 1, 2010

ზვიად გამსახურდია: “ედვინ არლინგტონ რობინსონი”

ამერიკის ლიტერატურულ კრიტიკაში დიდი დავაა იმის გამო, თუ კონკრეტულად, რომელი პოეტი იწყებს ახალ ერას ამერიკული პოეზიისას, ვინ სდგას მეოცე საუკუნის ამერიკული პოეზიის სათავეებთან. ყველაზე ავტორიტეტული ანთოლოგია ახალი ამერიკული პიეზიისა, „პინგვინის“ ანთოლოგიიაა, რომელიც ემილი დიკინსონით იწყებს ამ ახალ ერას. მიუხედავად იმისა, რომ დიკინსონი მეცხრამეტე საუკუნის მიწურულში ცხოვრობდა(1830-1886), ლიტერატურის მკვლევართა იმ აზრისაა, რომ ემილი დიკინსონმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ახალი ამერიკული პოეზიის განვითარებაზე. მაგრამ არიან კრიტიკოსები, რომელნიც თვლიან, რომ ამ ახალი ერის დამწყებია პოეტი-რეალისტების დიდი ხუთეულის ერთ-ერთი წარმომადგენელი-ედვინ არლინგტონ რობინსონი (1889-1935), ყველაზე მეტად „ინგლისელი“ პოეტი ახალ ამერიკელ პოეტებს შორის. შემთხვევითი როდია ის გარემოება, რომ კრიტიკოსის, ჯეფრი მურის თქმით, მისი მშობლიური ქალაქი გარდინერი, სადაც ის აღიზარდა, ყველაზე მეტად ინგლისური ქალაქია აშშ-ში. რობინსონმა განსაკუთრებით ფორმის მხრივ უერთგულა ინგლისურ პოეზიას, მან არ უკუაგდო სხვა ამერიკელი პოეტების მსგავსად მდიდარი ტრადიციები ინგლისური ბოლორითმოვანი ლექსისა. მისი „რეალისტობა“ კი იმაში მდგომარეობს, რომ იგი, რომანტიკოსთა საპირისპიროდ, მხოლოდ აღზევებულ და განყენებულ სინამდვილეს როდი უკავშირებს თავის პოეზიას, – მისთვის შთაგონების ძირითადი წყაროა ადამიანური ცხოვრება მთელი თავისი წყლულებებითა და ტრაგედიებით. მისი ლექსი ამასთან, როგორც ითქვა, გამოირჩევა ფორმის კლასიკური ფორმის კლასიკური დახვეწილობით, ხოლო თემატიკა ხშირად ენეთესავება ინგლისური და საერთოდ, ევროპული ლიტერატურის ტრადიციებს: არტურის ციკლის ლეგენდებს, კელტურ საგებს და ა.შ. მისი ლექსი ერთი შეხედვით მუდამ უბრალოა, მაგრამ ამ უბრალოებით ხდება ერთგვარი შენიღბვა ფარული დრამატიზმის. ხშირად იგი ძლიერ მარტივ თემებს ირჩებს. მას სჩვევია ძლიერ ღრმა ფსიქოლოგიური დაკვირვებები, მას რომანტიკოსი პოეტების მსგავსად მხოლოდ „ძლიერი“ და „რჩეული“ ადამიანები როდი იტაცებს, არამედ უფრო მეტად აინტერესებს უბრალო ადამიანების მნიშვნელობა, მათი განცდები, მათი თავისებურებანი. რობინსონის შემოქმედების ეს მხარე ნაწილობრივ ენათესავება ედგარ ლი მასტერსსაც, რომელმაც არნახული ფსიქოლოგოური დამაჯერებლობით წარმოგვიჩინა შუა დასავლეთის ერთ-ერთი პატარა ქალაქის მკვიდრთა შინაგანი სამყარო. მასტერსის წიგნი „სპუნ რივერის ანთოლოგია“, როგორც უკვე ითქვა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნია ამერიკულ პოეზიაში. მასტერსის თქმით, მისი მიზანი იყო მოეცა ერთგვარი დანტესეული „ღვთაებრივი კომედია“ შუა დასავლეთის პატარა ქალაქის ცხოვრებისა. იგი ამ წიგნში ალაპარაკებს მიცვალებულებს თავიანთ ცხოვრებაზე, თავიანთ განცდებზე, ზოგჯერ კი მათ საუბარში მოისმის მკაცრი მხილება საზოგადოებრივი წყობილებისა, ზოგჯერ კი მოთქმა ამქვეყნიური ამაოებისა და სხვ.

მასტერსი ეკუთვნის პოეტების იმ პლეადას, რომელთაც სცადეს დაპირისპირებოდნენ რომანტიზმის ტრადიციებს და „წმინდა ხელოვნების“ იდეალებს. მან ფართოდ გაუღო კარი ყოველდღიურ, საყოფაცხობრებო თემებს. თავისუფალი ლექსი, რომელსაც მასტერსი მიმართავს, ძლიერ უახლოვდება პროზაულ მეტყველებას. უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ზედმეტად „საყოფაცხოვრები“ მოტივებისა, მასტერსის პოეზია ალაგ-ალაგ მეტად ფაქიზი ლირიზმით სუნთქავს (მაგ: ლექსი „გორაკი“), სადაც უბრალოდ, ხსენებული ლექსის ავტორის პოეტური კონცეფცია ნათელი ხდება. თუ დავუკვირდებით არა მარტო მის სტრუქტურას, არამედ თემასაც და იმ განწყობილებასაც, რომელსაც ეს ლექსი გადმოსცემს. აღსანიშნავია, რომ აქ არ არიან გმირები ან გამოჩენილი ადამიანები, როგორც ეს ხდებოდა ხოლმე ადრინდელ პოეზიაში, მაგრამ უბრალო ადამიანების „უბრალო“ ტრაგედიები არანაკლებ შემძრავ შთაბეჭდილებას ახდენენ ჩვენზე.

ისიც უნდა ითქვას, რომ აქ ცხოვრება არ არის გაშიშვლებული ბანალურ-ნატურალისტურად, ყოფით ამბებთან დაახლოებისას მასტერსი როდი ხდება ვულგარული, ან როდი ჰკარგავს ზომიერებას ყოველდღუირობის დეტალებზე დაკვირვებისას. ადრინდელი პოეტებიდან განსაკუთრებით გვახსენდება ფრანსუა ვიიონი, რომლის ლექსებსაც ჰგავს ეს ლექსი თავისი უშუალობით, პოეტური განცდის სიხალისით. „სპუნ რივერის“ ეპიტაფიებში მჟღავნდება აგრეთვე ავტორის ოსტატობა სახიათების რამდენიმე შტრიხით გამოკვეთისა. ჩვენს წინაშეა ცოცხალი ხასიათების მთელი გალერეა, რომელნიც გვაოცებენ თავიანთი დამაჯერებლობით, ცხოვრებისეული რეალიზმი აქ უმთავრესად ხასიათების რეალისტურ დახატვაში ვლინდება. უნდა ითქვას, რომ მასტერსი ამ მხრივ ენათესავება უფრო დიდ ამერიკელ პროზაიკოსებს, ვიდრე პოეტებს. შესანიშნავად არის დახატული პოეტი პეტიტი, რომლის რაობაზე წარმოდგენას იძლევა უპირველეს ყოვლისა მისი გვარი, კბილის ექიმი სექსმიტი, რომელიც სკეპტიკოსად გვევლინება, როდესაც ისტორიული პროგრესის გამო საუბრობს. იგი მონოლოგს ამთავრებს თავისი პროფესიის ადამიანისათვის დამახასიათებელი შედარებით: „დიახ, მორალური ჭეშმარიტება გამოხრული კბილია, რომელსაც უნდა გადააკრა ოქროს გვირგვინი“. მაგრამ უნდა ითქვას, რომ „სპუნ რივერის ანთოლოგიაში“ ყველა ლექსი ერთნაირი ოსტატობით როდია დაწერილი. ზოგოერთ მათგანს ახასიათებს ლექსური განწყობილების დაკარგავაც კი. საერთოდ, რჩება მხოლოდ პამფლეტის ან საგაზეთო ქრონიკის მსგავსი რამ. ტ. ს. ელიოტი ნაწილობრივ ამიტომაც უარყოფდა მასტერსის გზას, იგი აღნიშნავდა ამ საფრთხეს, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ლექსის ნამეტნავმა გაპროზაულებამ.

ასე რომ, რობინსონიც, მასტერსის მსგავსად, „პატარა“ ადამიანის შინაგანი სამყაროთია დაინტერესებული, რადგან ხშირად ამ „პატარა“ ადამიანებში პოულობს იგი დიდბუნებოვნებას, საოცარ კეთილშობილებას, თავდადებას. ამის საუკეთესო მაგალითია მისი ლექსი „რებენ ბრაიტი“. რებენ ბრაიტი, ყასაბი, საყვარელი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ანგრავს თავის საყასბოს და ხელობას იცვლის. რა დიდი კაცთმოყვარეობა, ადამიანური სიქველის რა ღრმა რწმენა უნდა ჰქონდეს პოეტს, რომელიც ასეთ დეტალებს ამჩნევს ცხოვრებაში! განა როდისმე წარმოიდგენდნენ ადრინდელი რომანტიკოსები, რომ ყასბის ბიოგრაფიიდან რაიმე ფაქტი გამოდგებოდა ასეთი ფაქიზი, ლირიული ლექსის თემად? მაგრამ სწორედ ამაში მდგომარეობს ამერიკელი პოეტი-რეალისტების ნოვატორობა: მათთვის ცხოვრება მხოლოდ იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც იგი გვივიჩვენებს ადამიანური ბუნების სიდიადეს ან სიდუხჭირეს. მათ არ სჩვევიათ იმდაგვარი შიში ცხოვრებისეული მორევის წინაშე, რომელიც კამერულ ესთეტიკოსებს ჰქონდათ. მათში არასდროს იკარგება რწმენა ადამიანისადმი, მაგრამ ამავე დროს ისინი შეძრულნი არიან იმ შავბნელი, დამანგრეველი ინსტიქტების გამოვლინებით, რომელნიც  ჯერაც საცნაურნი არიან ადამიანურ ბუნებაში. მათთვისაც, ისევე როგორც უიტმანისათვის, ერთადერთი განკურნება ყველა ამ წყლულთაგან არის სიყვარული, უნივერსალური, ყოვლისმომცველი სიყვარული ადამიანისადმი:

„ავი თუ კარგი, არ განმიკითხავს, მე მიყვარს ყველა
და არაფერს არ ვსჯი აუგად“

ამბობდა უიტმანი. ამ მხრივ პოეტი-რეალისტები მისი ჭეშმარიტი მიმდევრევბი არიან.

რობინსონი მრავალგვარ ტრაგედიებს ამჩნევს ცხოვრებაში. მან შესანიშნავად დაგვიხატა ახალი დროის დინ-კიხოტი მინივერ ჩივი, ეს მოარული ანაქრონიზმი, ფიზიკურად აწმყოში ხოლო სულიერად წარსულში მცხოვრები ადამიანი. ამ ადამიანში თანამედროვე ცხოვრების ვულგარულობა და უხეშობა იწვევენ ერთგვარ საწინააღმდეგო რეაქციას: იგი ხდება წარსულის მოტრფიალე, აწმყოსი მისი ცხოვრება მხოლოდ ფორმალურია. იგი ვეღარ პოულობს ერთიანობას წარსულსა და აწმყოს შორის, რათა ამ ერთიანობიდან გამომდინარემ შუბლგახსნილად შეხედოს მომავალს:

მინივერ ჩივი ჟამთა მოზარე,
ერკინებოდა საწურთოს მუხთალს.
ქვეყნად გაჩენას მოსთქვამდა მწარედ,
ნიადაგ სწუხდა.

მინევერს სწვავდა წარსულის ეშხი,
ხმალთა კვესება, მხედართ ყიჟინი,
(ლომგულ რაინდთა ზმანებით შეშლა
და ცეკვის ჟინი).

იყო მოაზრე სხვათა დიდების
მრავალ სიბრძნეთა მცნობი, უფალი,
ხან რომანტიკის გაბედითების,
ხან ხელოვნების ჭირისუფალი.

უყვარდა ძლიერ მედიჩის გვარი,
თუმც არ ენახა თვალით აროდეს.
ეზმანებოდა ცოდვილთა ჯარი
აწ და მარადის..

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

მინვერ ჩივი გვიან შობილი
ხშირად ფიქრობდა, ხშირად ფიქრობდა:
ცეცხლი თუ სწვავდა ჩაუქრობელი,
ღვინით იქრობდა.

აქ ჩვენს წინაშეა დასრულებული ხასიათი, რომლის თავისებურებათა გადმოსაცემად პოეტს არ დასჭირვებია მისი ჩვენება სხვადასხვაგვარ რთულ სიტუაციებში: მინევერ ჩივი ტიპიური წარმომადგენელია თანამედროვე დასავლეთის დეზორიენტირებული ინტელიგენციისა, ეს არის ტიპი ადამიანისა, რომელიც ილლუზორულ სამყაროში ცხოვრობს ნაცვლად რეალურისა. აქვს ილლუზორული განცდები და აზრები, იგი უძლიერესია ცხოვრების სირთულეთა დაძლევაში, ასე რომ, წარსულისადმი ცალმხრივი ტრფიალი მხოლოდ ნიღაბია მისი სისუსტისა. დამახასიათებელია აგრეთვე მისი ალკოჰოლიზმი, როგორც სინამდვილისაგან გაქცევის საშუალება. მსგავსი ტრაგედიაა მოცემული ლექსში “ მისტერ ფლადის ქეიფი”, სადაც მოხუცი ებენ ფლადი, რომელიც ისეთსავე ირრეალურ სამყაროში ცხოვრობს, როგორშიაც მინივერ ჩივი, ადის შუაღამისას მთაზე, რომელიც მის მშობლიურ ქალაქს დაჰყურებს და მარტოდმარტო წარმოსთქვამს სადღეგრძელოებს.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პოეტი აშკარა ირონიით გვიხატავს ამგვარ ადამიანებს, ერთი რამ მაინც ნათელია, მას დიდი სიყვარული აქვს თავისი გმირებისა, ღრმა თანაგრძნობა გამოსჭვივის ლექსის თითოეულ სტრიქონში, თავისი ბუნების რომელიღაც ნიშნებით იგი ენათესავება კიდევაც მათ. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ეს გმირები მაინც დადებითი ადამიანები არიან. ისინი ვერ შეეგუენ თანამედროვე საზოგადოების გულარძნილობას, მისთვის უცხოა ახალი ეპოქის ბანალური მერკანტელიზმი. ისინი ვერ ახორციელებენ თანადროულობაში თავიანთ ეთიურ იდეალებს, და ამიტომ ოცნების სამყაროს არჩევენ რეალურ სინამდვილეს.

რობინსონი, როგორც უკვე აღინიშნა, კლასიკურ საზომებს არ ღალატობს ლექსთაწყობაში. ტრიმეტრი და ტეტრამეტრი ყველაზე ხშირად გვხვდება მის ლექსებში. ხშირად უბრუნდება იგი აგრეთვე იტალიური სონეტის ფორმას. მისი ენა განსაკუთრებით უახლოვდება სასაუბრო მეტყველებას დიდ პოემებში “კაპიტანი კრეგი”, “ბენ ჯონსონი ართობს სტრეტოფორდელ სტუმარს”, “წინაღამე” და სხვ. მის შემოქმედებაში აღარ ფიგურირებენ რომანტიზმის გაცვეთილი ტროპები, მისი სტრიქონისათვის სრულიად უცხოა ყოველგვარი მანერიზმი და ხელოვნურობა. მასთან საერთოდ უარყოფილია, ისევე როგორც სხვა პოეტ-რეალისტებსთან, პოეტური მეტყველების რომანტიკული გაგება. უნდა ითქვას, რომ ეს იმით როდია გამოწვეული, რომ რობინსონის პოეზია მხოლოდ ყოველდღიური ცხოვრებით საზრდოობს. მისი პოეზიისათვის არ არის უცხო რომანტიზმისათვის დამახასიათებელი თემები, ოღონდ უნდა ითქვას, რომ იგი სრულიად სხვაგვარი ფორმით გადმოსცემს ღრმა, ზოგადსაკაცობრიო აზრებს. აქ თითქოსდა მოგვესმის განმარტოების ჟამს ღრმა მედიტაციაში ჩაძირული პოეტის შინაგანი ხმა. იგი ბუნებრივია და უშუალო. მის მაღალ გულწრფელობას განაპირობებს გარეგანი უბრალოება – აქ რობინსონი უკვე გვევლინება არა მარტო როგორც მახვილი თვალის მქონე ყოფითი მხატვარი, არამედ, როგორც ზემხედველი პოეტი მოაზროვნე.

რობინსონის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა ემერსონის ტრასცენდენტალიზმმა. უნდა ითქვას, რომ მისი ესთეტიკის ძირითადი დებულებების ამ მსოფლმხედველობიდან გამომდინარეობენ.

“ტრანსცენდენტალიზმი” ეწოდა აზრის მიმართულებას, რომელიც პოპულარული გახდა ამერიკის ინტელიგენციის წრეებში XIX საუკუნის პირველ ნახევარში. ემერსონი, როგორც ითქვა, ცენტრალური ფიგურაა ტრანსცენდენტალისტებს შორის. მან, როგორც მოაზროვნემ, მქადაგებელმა და პოეტმა, დიდი გავლენა მოახდინა ამერიკის კულტურული ცხოვრების განვითარებაზე.

ამერიკული ლიტერატურის განვითარებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ფილოსოფიური აზრის განვითარება ამ ქვეყანაში. ემერსონის ფილოსოფია ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენაა ამ მხრივ, რომლის შესწავლაც აუცილებელია, რათა ნათელი მოეფინოს ამერიკის სულიერი ცხოვრების განვითარების მთავარ ეტაპებს.

ემერსონის ნააზრევი უკავშირდება, ერთი მხრივ, გერმანულ იდეალიზმს, ხოლო, მეორე მხრივ, ინგლისელი პოეტი-ფილოსოფოსის კოლრიჯისა და ისტორიკოსის კარლაილის ნააზრევს. ემერსონის ესსეებში გვესაუბრება თეოლოგი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, ლიტერატურის კრიტიკოსი და ესთეტიკოსი. მრავალი დარგის მრავალ პრობლემას მოჰფინა მან ნათელი თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობის მანძილზე.

თავიდან ემერსონი ბოსტონის სასულიერო წრიდან იყო გამოსული. განათლება მიიღო ბოსტონის ლათინურ სასწავლებლებში, შემდეგ – ჰარვარდის უნივერსიტეტში. აღსანიშნავია, რომ მან ახალგაზრდობაშივე დაიწყო ბრძოლა მონათმფლობელური კანიბალიზმის წინააღმდეგ. 1831 წელს მან თავისი ეკლესია გადააქცია მონათმფლობელობის წინააღმდეგ მქადაგებელთა ტრიბუნად და თავშესაყრელ ადგილად. ამ მხრივ იგი ერთ-ერთი ფუძემდებელთაგანია იმ მოძრაობისა რომელიც დღესაც გრძელდება ამერიკაში და რომელიც მიზნად ისახავს ზანგთა ემანსიპაციას. 1832 წელს იგი ინგლისს მიემგზავრება, რათა მოინახულოს კოლრიჯი, უორდსვორტი და კარლაილი. შემდეგ იგი ბრუნდება კვლავ ამერიკაში და განაგრძობს გაცხოველებულ მოღვაწეობას. ამავე დროს აარსებს ტრასცენდენტალისტების კლუბს.

ემერსონისათვის ცხოვრების უზენაესი მიზანია ადამიანის თვითსრულყოფა და თვითშემეცნება, უმაღლესი გამოცხადებაა მისთვის ის, რომ ღმერთი მკვიდრობს თავად ადამიანშიც. მისი აზრით, გარესამყაროს საგანთა შემეცნებასთან ერთად ადამიანმა უნდა შეიმეცნოს მათი პრინციპები საკუთარ თავშივე, რამდენადაც არსებობს შინაგანი კავშირი ადამიანის სულსა და გარესამყაროს საგნებს შორის. ემერსონი და ტრანსცენდენტალისტები უპირისპირდებიან ფრანგ განმანათლებელთა რაციონალიზმს. ისინი უარყოფენ სამყაროს და ადამიანის სრული რაციონალიზების შესაძლებლობას, მაგრამ ამავე დროს, მათ აქვთ რწმენა აზროვნების ძალისა, რითაც ისინი გერმანულ იდეალიზმს უახლოვდებიან. ემერსონი აკრიტიკებს მისი ეპოქისათვის დამახასიათებელ ისტორიულ თვალთახედვას, რომელიც ფაქტების აღნიშვნითა და თარიღების დადგენითაა გართული. იგი ამბობს, რომ ამ მხრივ პოეზია უარყოფს დაწერილ ისტორიას, იგი ხელახლა ქმნის მას. ისტორიის ცოცხალი აღწერა გავლენას ახდენს თანამედროვეობაზე. ეს ერთ-ერთი ხელისშემწყობი ფაქტორია საზოგადოებრივი პროგრესისა.

კარლაილი ისტორიული პრესპექტივების ჭვრეტისას პესიმისტურ თვალსაზრისამდე მიდის. სევდიანი განწყობილება იშვიათად სტოვებს მას, ვინაიდან იგი გრძნობს ქაოტური ძალების მომძლავრების საფრთხეს ევროპის სოციალურ ცხოვრებაში. “ძველი სამოსელი” თანამედროვე ადამიანის მოთხოვნილებათა პირისპირ. მოძველებული დოგმების საშუალებით შეუძლებელია ადამიანთა შეგნებამდე მიტანა სულიერი ჭეშმარიტებებისა. ემერსონიც ამ თვალსაზრისს ადგას, ოღონდ იგი ჰპოვებს ხსნას “ახალი ინსპირაციის” მიღებაში. იგი ხედავს იმ მანკიერებებს, რომელნიც აღმოცენდნენ ისტორიული ქრისტიანობის განვითარების მანძილზე და მოითხოვს გაბედულ რეფორმებს რელიგიის სფეროში. მაგალითად, მისი აზრით, საიდუმლო სერობა თავდაპირველად არ იყო მოცემული როგორც პერმანენტული საკრამენტი, ღმერთმსახურება თანდათან უნდა გადაქცეულიყო სპირიტუალურ მოგონებად. ამგვარი დებულებები, ცხადია, დიდ უკმაყოფილებას იწვევდნენ ოფიციალური სამღვდელოების წრეებში. ამავე დროს, ემერსონი ხაზს უსვამდა ახალი გამოცხადების მიღების შესაძლებლობას, რასაც ადასტურებდა მისთვის XVIII ს. შვედი მისტიკოსის და საეკლესიო რეფორმატორის, ემანუელ სვერენბორგის მოღვაწეობა.

გერმანული იდეალიზმის გავლენა თვალსაჩინოა XIX საუკუნის ინგლისელ და ამერიკელ პოეტებზე და მოაზროვნეებზე. თავად ტერმინის “ტრანსცენდენტალიზმის” – შემოღება მიუთითებს იმაზე, რომ ემერსონი ღრმად იყო შთაგონებული დიდი გერმანელი ფილოსოფოსის ნააზრევით.

კანტისეული გაგება ტრანსცენდენტალურისა (ტრანსცენდენტულისგან განსხვავებით) გულისხმობს არა იმ ცოდნის შინაარსს, რომელიც რაიმე ობიექტებითაა დაინტერესებული, არამედ ხასიათს ცოდნისას, რამდენადაც ეს ცოდნა შეიძლება იყოს აპრიორული. ასეა მაგალითად, ტრანსცენდენტალურ ესთეტიკაში, რომელიც ცდილობს დაადგინოს, არის თუ არა ჩვენს შეგრძნებებში რაიმე აპრიორული ელემენტები. ასევეა კატეგორიათა ტრანსცენდენტალური დედუქცია, რომელიც ცდილობს დაგვანახოს, რომ არსებობენ a priori კონცეფციები და გვაჩვენოს, თუ როგორია მისი როლი შემეცნებაში, ასე რომ, ტრანსცენდენტალური იდეალიზმი, კანტისეული გაგებით ამგვარი სახელს იმის გამო ღებულობს, რომ კანტს სჯერა: ყოველივე, რაც ჩვენ ვიცით, განპირობებულია ჩვენი შემეცნებითი აპარატიდან გამომდინარე ფაქტორებით.

რაც შეეხება შელინგისეულ გაგებას ტრანსცენდენტალური იდეალიზმისას, იგი განსხვავდება კანტისეული გაგებისაგან: შელინგი ცდილობს დაადგინოს იმ რეალობის ჭეშმარიტება, რომელიც არსებობს ბუნებისმიერი და გონებისმიერი ფენომენების მიღმა; ამას კანტი შეუძლებლად სთვლიდა გონებისათვის, რომელიც მხოლოდ მოვლენათა სამყაროთი უნდა შემოფარგლულიყო, რათა შეექმნა “წმინდა ბუნებისმეტყველება”, თუმც კანტი არ გამორიცხავდა იმის შესაძლებლობას, რომ ამ მიღმული რეალობის, ანუ ნუუმენთა სამყაროს შემეცნება ძალუძს ინტელექტუალურ ინტუიციას ანუ გონს, რომელიც, კანტის აზრით, ადამიანს არ გააჩნია. ამიტომ აღიარა მან “საგანი თავისთავად” შეუმეცნებლად, თუმცა დასტოვა თეორიული შესაძლებლობა გონითი შემეცნებისა. აქედან წარმოსდგა ტერმინი “ნუუმენოს”, ე. ი. გონითი შესამეცნებელი (ნუს-ბერძ.-გონი).

ემერსონი ამბობს, რომ ტრანსცენდენტალურის გაგება კანტის ფილოსოფიიდან შემოვიდა მის მსოფლმხედველობაში, ვინაიდან კანტმა ლოკის სკეპტიურ ფილოსოფიასთან დაპირისპირებით აღმოაჩინა ახალი კლასი იდეებისა, რომელნიც გრძნობადი ციდან არ მომდინარეობენ. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ემერსონისეული გაგება ტრანსცენდენტალიზმისა შელინგისას უფრო უახლოვდება, ვიდრე კანტისას, ვინაიდან კანტი შეუძლებლად სთვლიდა რაიმე ცოდნას ნუუმენალური სამყაროს შესახებ, აქედან გამომდინარეობდა მისი სკეპტიციზმი მისტიკასთან და თეოსოფიასთან დამიკიდებულებაში. მისი აზრით, ადამიანს შეუძლია მხოლოდ რწმენა ჰქონდეს ზენა სამყაროსი და არა ცოდნა. შელინგი კი, “გამოცხადების ფილოსოფიის” ავტორი, აღიარებდა ამგვარი უზენაესი ცოდნის შესაძლებლობას.

ემერსონი ამბობს: “ტრანსცენდენტალისტი ღებულობს მთელი სისრულით სპირიტუალურ დოქტრინას, მას სწამს სასწაული, სწამს ახალი შესაძლებლობები ადამიანური გონიერებისა, სულიერი ნათლისა და ძალის წვდომაში. მას სწამს ინტერპრეტაცია და ექსტაზი. მას სურს, რომ სპირიტუალურმა პრინციპმა გამოავლინოს თავისი თავი ბოლომდის, ყოველგვარი მიმართებით ადამიანთა ყოფაში და გამორიცხოს ყოველივე არასპირიტუალური, ე.ი. ყოველივე პოზიტიური, დოგმატური ან პიროვნული. ამრიგად, ინსპირაციის სპირიტუალური საზომი არის სიღრმე აზრისა”. ყოველივე ზემოთქმულს, ე.ი. ემერსონის რწმენას ზენა სამყართა შემეცნების შესაძლებლობაში, ამოწმებს აგრეთვე მისი ბრწყინვალე ესსე ემანუელ სვედენბორგის შესახებ, სადაც იგი ღრმა მოწიწებით შესცქერის სვედენბორგის გამოცდილებას ყოფიერების ზენა სფეროებში მიღებულს.

ახლა დავუბრუნდეთ ედვინ არლინგტონ რობინსონის შემოქმედებას. სწორედ ამ საზეო თვალსაზრისით უყურებს იგი პოეტის დანიშნულებას ლექსში “poet”, როდესაც ამბობს, რომ პოეტმა უნდა დაინახოს საგანთა მარადიული ძალა, უნდა ჩასწვდეს ამ ძალის მნიშვნელობას. უფრო მეტი სიზუსტისათვის მოვიტანთ პროზაულ თარგმანს ამ ლექსის შესავლისას:

“საგანთა მარადიული ძალის ჩაწვდომა, მის შესახებ უშიშრად, გაბედულად შეთხზვა სიმღერებისა – აი რა არის, ჩემი აზრით, იმ ადამიანის მისია, რომელსაც პოეტი უწოდებს ხალხს. მან შესაძლოა იმღეროს უხეშად, არაგრაციოზულად, მაგრამ თუ იგი განაცხოველებს ერთ ნამდვილ სიმს მაინც, რომელშიაც სთვლემს საღვთო მუსიკა, და ერთ ვინმეს მაინც განუფრთხობს ამბიციის ძილს და შთააგონებს ჭეშმარიტებას, მაშინ იგი მღერის კარგად (აქ უნებლიედ გვახსენდება ჩვენი დიდი ილიას “პოეტი”).

რობინსონის აზრით, პოეტი არის ნათელმხილველი, რომელმაც უნდა განჭვრიტოს მოვლენათა სამყაროს საფარს მიღმა საგანთა რეალობა, და აზიაროს ამ რეალობას დანარჩენი ადამიანები, განუფრთხოს მათ ამბიციის ძილი, გაარღვიოს მათ სულებში მთვლემარე საღვთო სიმები. ემერსონის მსგავსად, მას სჯერა აზროვნების ძალისა, სჯერა, რომ აზროვნებას ძალუძს მიგვიყვანოს რეალობის განცდასთან. შესანიშნავად, ლაკონურად არის ეს აზრი გადმოცემული ოთხსტრიქონიან ლექსში “ერთიანობა”(Unity):

“ისევე, როგორც ურიცხვი ეონების დაჭერა შეიძლება ერთ წამის ხილვაში, ასევე ღვთაებრივად არიან არეკლილნი ცხოვრების ჩვეულებრივი, კონკრეტული ამბები აზრის კედლებზე”.

შემდეგ ამას მოსდევს “პარაფრაზა”, სადაც პოეტი გვეუბნება:

“ჩვენ გავკივით, გვინდაო ცხოვრება, მაგრამ ვერავინ ეზიარება მას, სანამ არ შეწყვეტს ადამიანურ სუნთქვას (არ მოიშორებს აჩრდილს ადამიანური სუნთქვისას); ჩვენ გვეოცნებება სიკვდილი, მაგრამ ვერავინ მოკვდება, ვიდრე არ დატოვებს გზას სიკვდილისაკენ მიმავალს” (აქ უნებლიეთ გვახსენდება ორი ლათინური ანდაზა: – Mors janua Vitae – “სიკვდილი სიცოცხლის კარიბჭეა” და Nascentes Moribur – “დაბადებითვე ვკვდებით”).

მიღმა სამყაროს მისტერიებს კვლავ და კვლავ უბრუნდება რობინსონი თავის ლექსებში. დანტესეული იდუმალების სუნთქვა იგრძნობა სონეტში “ზენა” (Supermacy). აქ აღწერილია პოეტის ვიზიონერული განცდა მიღმა სამყაროში მოგზაურობისა, სადაც მან “იხილა უფლის მარადიული დღე”, რომლის პირისპირ გამკრთალდა მისი საკუღარი დიდების სიზმარი, აქვე მოისმინა მან მიცვალებული ადამიანების სიმღერა მზეში. აქ დანტეს სამოთხის გარდა უნებლიედ გვახსენდება ჩვენი რუსთველი, ნესტან დარეჯანის წერილი, სადაც ნესტანი მოელის ტარიელთან შეხვედრას მზის სფეროში. იგივე განწყობილებაა “მიცვალებული მეგობრების ბალადაში”, სადაც გამოთქმულია ის დიადი აზრი, რომ ყოველივე კვდება სიყვარულის გარდა, და რომ სიყვარული არის უმთავრესი საქმე, რომელიც ღმერთმა მოგვიჩინა ადამიანებს. ამ ბალადაში უჩვეულო ოსტატობითაა მიგნებული ხალხური პოეზიის სული, ხალხური ბალადის ინტონაცია და წყობა. უნდა ითქვას, რომ ეს ნაწარმოები ერთ-ერთი შედევრთაგანია ამერიკული პოეზიისა.

აღსანიშნავია, აგრეთვე რობინსონის ლექსი “ბაღნარი”, სადაც პოეტი ბაღის სიმბოლური გამოყენებით გვაძლევს ცხოველმყოფელი სულიერი სამყაროს სურათს. ბაღი, როგორც სულიერი სამყაროს გამოხატვის საშუალება, ოდითგანვე მოდის საკრალურ ლიტერატურაში და პოეზიაში. საკმარისია გავიხსენოთ ბიბლიიდან სამოთხის ბაღნარი, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ზეგრძნობადი სფეროს ასახვა, ან გავიხსენოთ ბერძნული მითოლოგიის “ესპერიდების ბაღნარი” და სხვ. აღსანიშნავია, აგრეთვე, სახარებაში მარიამ მაგდალინელის ბაღში ყოფნის სცენა, სადაც იგი იხილავს მკვდრეთით აღმდგარ მაცხოვარს მებაღის სახით. ასევე ხვდება პოეტი მებაღეს აზრის ღვთაებრივ წალკოტში: “არსებობს წალკოტი შეუზღუდველი, სადაც ყვავიან მრავალგვარი კოკრები და ყვავილები, ათასფერი ფოთლები და ერთხელ, ვარდებს შორის მე და მებაღე ვიყავით მარტონი, იგი წარმიძღვა და მაჩვენა ადგილი, სადაც მე დავყარე ჩემი ცხოვრების დღენი მწირ ნიადაგზე და სადაც სევდიანი სუროს ტევრში კვლავ ვპოვე ნაყოფი ჩემივე ცხოვრებისა! აჰ, აქ იყო ჩემი ცხოვრება. აქვე იყო ყველა ადამიანთა ცხოვრებანი; ისინი ჰგავდნენ წიგნს, და ყოველ ფურცელს ჰონდა სასწაულებრივი ხელმოწერა, თითოეულის საფუძველი იყო აზრის მარადიული მარცვალი, თითოეულის ფესვი იყო სიყვარული აზრის ღვთაებრივ წალკოტში.”

მსგავსი ფილოსოფიური სიღრმით გამოირჩევიან ლექსები – “საკურთხეველი”, “წინაღამე”, “კაპიტანი კრეგი”, “კოსმოსი”, “ორი სონეტი”, “უოლტ უიტმანი” და სხვანი. ასეთია ედვინ არლინგტონ რობინსონი, ინგლისური ლექსის დიდოსტატი, ღრმა მოაზროვნე პოეზიაში, აზრის ამაღლებულ ემოციად მქცეველი, ამავე დროს ედგარ ლი მასტერსთან და სხვებთან ერთად, იგი არის უფაქიზესი “ყოფითი” ლირიკის შემქმნელი ამერიკულ პოეზიაში, დიდი ფსიქოლოგი და ადამიანის სულის ჭეშმარიტი მესაიდუმლე.

Advertisements

ზვიად გამსახურდია: “რობერტ ფროსტი”

XX საუკუნის ამერიკელ პოეტ-რეალისტებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რობერტ ლი ფროსტს. მისთვის, ისევე როგორც რობინსონისათვის და ლინდზისათვის, უცხოა ის ექსტრავაგანტული სიახლენი თემატიკაში, ვერსიფიკაციაში და პოეტურ სახეთა წყობაში, რაც სხვა თანამედროვე ამერიკელ და ევროპელ პოეტებს ახასიათებთ იმავე თაობისას. ჭეშმარიტი ნოვატორის მოთმინებით აღჭურვილი ფროსტი განსაკუთრებულის სიფრთხილით ნერგავს პოეზიაში ყოველივე ახალს, უჩვეულოსა და ამავე დროს მისაღებსა და ადექვატურს თანამედროვე მკითხველისათვის. ნაწილობრივ ამითაც აიხსნება მის მიერ ბოლორითმოვანი ლექსის კულტივიზაცია, რომელსაც გაემიჯნა სხვა დანარჩენი თანამედროვე პოეტების უმრავლესობა. ფროსტის სტილი სადაა და გამჭირვალე, რაც შერწყმულია მის შემოქმედებაში პოეტურ სახეთა დალაგების ჰარმონიულობასთან და კომპლექსურობასთან. ფროსტის თემატიკაც, ერთის შეხედვით ახალს არაფერს გვაწვდის, ძირითადად იგი შემოფარგლულია პასტორალურ-იდილიური მოტივებით, მაგრამ ყოველთვის საგრძნობია, რომ ეს ყოველივე დანახულია უაღრესად თანამედროვე პოეტის თვალით. მისი ლექსების უმრავლესობას ახასიათებს მშვიდი, მედიტატური განწყობილება, თუმცა, მის სტრიქონებში ხშირად საცნაურია ფარული ემოციური დაძაბულობაც, რომელიც არასდროს არ გეცემათ თვალში.

ფროსტი ახალი ამერიკული პოეზიის ერთ-ერთი ფუძემდებელთაგანია რობინსონთან და სენდბერგთან ერთად. თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იგი დაუცხრომლად იბრძოდა ჭეშმარიტად რეალისტური ხელოვნებისათვის, ჰუმანიზმის მაღალი პრინციპებისათვის.

პოეტის ბიოგრაფია ხშირად განაპირობებს ხასიათს მისი შემოქმედებისას. ფროსტის პოეზიაში ნათლად ჩანს ის დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც მან შეიძინა როგორც თავის ქვეყანაში, ისე ინგლისში ცხოვრებისას. მის ლექსებში იგრძნობა დაკვირვებული თვალი გამრჯე ფერმერისა, ძლიერი ფსიქოლოგიური ალღო პედაგოგისა, სტოიკური სიმშვიდე და მეცნიერული ობიექტურობა ფილოსოფიაში ღრმად განსწავლული კაცისა.

რობერტ ლი ფროსტი დაიბადა 1875 წელს სან-ფრანცისკოში. მამამისი წარმოშობით ნიუ ინგლანდელი იყო, ერთხანს ჟურნალისტურ მუშაობას ეწეოდა სან-ფრანცისკოში. დედა-შოტლანდიელი. 1885 წელს, მამის სიკვდილის შემდეგ ფროსტი დედასთან ერთად ლორენსს გადასახლდა  (მასაჩუსტესის შტატი ), სადაც სწავლობდა საშუალო სკოლებში. 1892 წელს დარტმუტის კოლეჯში შევიდა და იქ ერთი წელი დაჰყო.

1897-99 წლებში ფროსტი ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტია, მაგრამ ახალგაზრდა შემოქმედი ვერ ეგუება აკადემიური დისციპლინის არტახებს და თავს ანებებს სწავლას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მომავალმა პოეტმა განცხრომაში როდი გაატარა სიჭაბუკე,-იგი ხან საფეიქრო ფაბრიკაში მუშაობდა, ხან მოჯამაგირე იყო, ხან გაზეთის გამომშვები. უფრო გვიან, 1905-11 წლებში, ასწავლიდა ინგლისურ ენას პინკერტონის აკადემიაში, ფსიქოლოგიას-ნიუ ჰემპშირის ნორმალურ სასწავლებელში. პარალელურად წერდა ლექსებსაც, მაგრამ რედაქციების კარები მისთვის ნიადაგ დახშული იყო.

1912 წელს ფროსტი ინგლისს გადასახლდა ოჯახითურთ: აქ იგი დაუახლოვდა მოწინავე ინგლისელ პოეტებს – ედუარდ ტომასს, უილფრიდ გიბსონს, რუპერტ ბრუკს და სხვებს. აქვე მიიღო მან პირვეელი ლიტერატურული ნათლობა.

სწორედ, ამ პერიოდში იწყება ამერიკაში პოეტური „რენესანსი“. ფროსტის ინგლისში წასვლის თარიღს ემთხვევა ჰარიეტ მონროს მიერ ჩიკაგოში დაარსება ჟურნალ `პოეზიისა“, რომელმაც მიიზიდა საუკეთესო ძალები ამერიკული და ინგლისური პოეზიიდან. პოეტი-რეალისტების ლექსებთან ერთად აქ იბეჭდება იმაჟისტი პოეტების ლექსები. ამავე დროისათვის ბრუნდება ევროპიდან ეზრა პაუნდი. თუ პოეტი რეალისტები უბრუნდებიან უიტმანისეულ საერთო-სახალხო გაგებას პოეზიისას, პაუნდის შემოქმედებაში ძველი და ახალი ევროპული პოეზიის ექსტრაქტს, სტილიზაციის ნაირგვარ ფორმებს ვხედავთ ამერიკული მოდერნიზმის პრიზმაში. პაუდიეიმი ლოუელთან ერთად ქმნის იმაჟისტი პოეტების მთელ სკოლას. ამავე პერიოდში გამოდის ალფრედ პრუფროკის „სამიჯნურო სიმღერა“ ტომას სტერნზ ელიოტისა, რომელიც პოეტი-რეალისტების მსგავსად, იმთავითვე უპირისპირდება რომანტიზმის პრინციპებს, მაგრამ არა რეალიზმის, არამედ ნეოკლასიციზმის პოზიციებიდან. ელიოტი გვიანდელ ფრანგ სიმბოლისტებზე და ინგლისელ `პოეტ-მეტაფიზიკოსებზე“ გავლით უბრუნდება პოეზიის დანტესეულ გაგებას, მედიტატურ სულს პოეზიაში.

რობერტ ფროსტი ამ დროისათვის ინგლისში იმყოფება. ამასობაშიც ამერიკაში თანდათან იწყება მისი პოეზიის აღიარება. ფროსტის პოეტური პოზიცია კარდინალურად განსხვავდება ზემოთხსენებულ პოეტთა პოზიციებისაგან. მას ნოვატორობა სწამს მხოლოდ ევოლუციური ხასიათისა. მან იცის, რომ მკითხველის ყური თანდათან უნდა შეაჩვიოს ცვლილებებს. ამიტომაც რჩება იგი კლასიკური ლექსის ჩარჩოებში, და არ მიმართავს არავითარ ექსპერიმენტებს ვერსიფიკაციაში. უნდა აღინიშნოს აგრეთვე, რომ თვით პოეტ-რეალისტთა შორის ფროსტი ყველაზე ნაკლებადაა შეპყრობილი ნოვატორობის წყურვილით.

1913 წელს ლონდონში გამოდის ფროსტის პირველი ლექსების კრებული “ბიჭის სურვილი“, სადაც ჯერ კიდევ ნათლად მოსჩანს ფროსტის ორგანული კავშირი ინგლისური პოეზიის ტრადიციებთან. უორდსვორტი და ტომას ჰარდი იყვნენ მისი პირველი მასწავლებლები. უორდსვორტმა უანდერძა მას საოცრად მშვიდი, აუმღვრეველი მანერა ბუნების ჭვრეტისა, ცხოვრებისეული მარტივი დეტალებისა და ასეთივე გრძნობების აყვანა მაღალი პოეზიის დონემდე.

ტომას ჰარდიმ გადაუშალა მას სოფლის ცხოვრების სიმშვენიერე, ასწავლა დანახვა პასტორალურ იდილიებს მიღმა ფარული ტრაგედიებისა. მაგრამ ჰარდისათვის, ისევე როგორც უორდსვორტისათვის, უცხო იყო ის ღრმად სუბიექტური განცდა ბუნების სიმშვენიერისა, როგორც ფროსტს ახასიათებს. იგი არსად არ გვევლინება პასიურ მხატვრად, იგი ბუნებას იშველიებს მხოლოდ და მხოლოდ ს უ ლ ი ე რ ი  გ ა ნ წ ყ ო ბ ი ლ ე ბ ი ს საილუსტრაციოდ. ამავე დროს, შესამჩნევია კიდევ ერთი ნიშნეული რამ: ფილოსოფიური აზრის განვითარება აღმწერლობით ფაქტორთან ერთად. როგორც ჩანს, ფროსტი ამ პერიოდში იუმისა და შოპენჰაუერის სუბიექტურ-იდეალისტური დოქტრინების გავლენის ქვეშ იმყოფება. ამას გვაფიქრებინებს მისი ბრწყინვალე ლექსი `ნოემბრის სტუმარი“, სადაც ფორმის მტკიცე ნაჭედობასთან ერთად და განწყობილების სიწრფელესთან ერთად, გვაოცებს დიდი მხატვრული ტაქტი და ზომიერების შეგრძნება საღებავის ხმარებისას. აქ პოეტი გვესაუბრება თავის გრძნობებზე, რომელიც ეწვევა მას ნოემბრის სევდიანი ლანდშაფტის ნახვისას. მაგრამ ეს ლანდშაფტი არარაა მწუხარების გრძნობის გარეშე, რომელსაც ამ დროს განიცდის პოეტი და რომლის პრიზმაშიც ხედავს იგი რეალობის ამ მონაკვეთს:


“ჩემი მწუხარება როდესაც მეწვევა და ჩემში სახლდება,
ფიქრობს შემოდგომის უბრალო დღეებზე, მომქანცველ წვიმაზე,
როს სიმშვენიერე ბუნების კვდომისა ისევ განახლდება,
მას უყვარს ალვების კვდომა ვერცხლისფერი და ცად ამაღლება,
ჩვენ მიერ მრავალგზის თელილი მინდვრების ნესტი და სინაზე.

მისი სიამტკბილე აროდეს მშორდება და მეც უდრტვინველი,
მისი მოსალბუნე საუბრის სმენისას არასდროს ვიღლები,
და მას უხარია, როდესაც ფერები, რუხნი, საკვირველნი,
და მას უხარია, როდესაც ჯგუფ-ჯგუფად გვტოვებენ ფრინველნი,
ვერცხლად იქცევიან ირგვლივ შემომდგარი ფაფუკი ნისლებით.

მაშინ გაძარცვულიი ხეების მოწყენა, ის ჩემი ნაღველი,
მიწა გადამჭკნარი და შავი ღრუბლებით ცა დამძიმებული,
ყველა ეს მშვენება, მისგან ჭეშმარიტი სისავსით ნახული,
ისევ აღუქმელი ჰგონია ჩემს სულში და ღრმად დამარხული
იდუმალებისათვის მომიხმობს კვლავ და კვლავ, სიამით ვნებული.

რამდენი ხანია, რაც მე შევიყვარე და რაც მე შევითვისე
ნოემბრის დღეები, ჩუმი გაძარცვული ნოემბრის დღეები,
პირველ მოთოვამდე რომ იბინდებიან მდუმარე ტყეები…
მაგრამ ამაოა ყველა დარწმუნება ჩემთვისაც და მისთვისაც,
რადგან მისის თვალით სხვაა ეს ქვეყანა და ეს სივრცეები”

აქ პოეტურად არის რეალიზირებული შოპენჰაუერისეული დებულება: “სამყარო არის ჩემი წარმოდგენა“. აქ არის ნოემბრის პანორამა მხატვრის თვალით დანახული, მხატვრის განცდაში გატარებული მხოლოდ ამის გამო გადაიქცევა იგი პოეტურ სინამდვილედ. იგივე შეიძლება ითქვას ლექსებზე „ოქტომბერი“, „იალაღი“, „მარტონი“ და სხვ.

ფროსტის პოეზია არსებობის იმავე კანონებს ემორჩილება, რომელნიც წარმოადგენენ ბუნებისმიერი ყოფის საფუძველს. ყოველი თვე, ყოველი სეზონი, თავისებურად არის ასახული მის ლექსებში. ფროსტის პოეზიაში ცოცხლობს ნიუ ჰემპშირის პირქუში ბუნება. აღსანიშნავია, რომ სეზონების და თვეების მიხედვით იცვლება მის პოეტურ განცდათა ტონალობაც:

“მშვიდი ოქტომბრის მოალერსე, მყუდრო დილაო,
მომწიფებულან დასაცვენად შენი ფოთლები;
ხვალინდელ ქარში გარინდებულ გზებს დაჩრდილავენ
ჩუმი ოცნებით…
ტყეზე ყვავების ყრანტალია დამაოსები,
ხველინდელ ქარში დასტოვებენ ალბათ ბუდეებს,
მშვიდი ოქტომბრის მოალერსე, მყუდრო დილაო,
დღევანდელი დღის საათები ქმნიან ზღუდეებს,
ო, გაარღვიე ზღუდეები და დღის ნათელი
გაგვიხანგრძლივე, მიეჩვია გარდაქმნას გული,
გარდაქმენ იგი შენებურად და გაამთელე,
ხეს ალიონზე მოაცილე ერთი ფოთოლი,
ხოლო მეორეს – შუადღისას შემოაცილე,
ერთი ჩვენს ხეს და მეორე სხვას. გზები მოთელე,
მზეს მოახვიე გამჭირვალე ბურუსის ბადე,
მიწას მოავლე ამეთვისტოს მსუბუქი ჯადო,
ფრთხილად, ო ფრთხილად!
აი, ეს ვაზი შეიბრალე, დაყურსულს, ჩრდილში,
შეჭირხლებია ნაადრევი ყინვისგან ლერწი.
სულ მცირედიც-და მისი ტანი გახდება ბერწი,
ადროვებს ვაზებს მიბრუნდება კვლავ ზამთრულ ძილში”…

აქ ჯერ არ არის მკვეთრად გამოკვეთილი მწუხარების მოტივი, აქ უფრო გარდამავალი განწყობილებაა საცნაური, რაღაც ახალი გარდაქმნის მოლოდინი, ფარული სინანული, რომელსაც იწვევს ბუნების კვდომა. უმთავრესი მაინც ამ ლექსში ისაა, რომ პოეტი განიცდის ბუნებას, როგორც ცოცხალ არსებას, გრძნობს მასთან ინტიმურ სიახლოვეს, გრძნობს, რომ ბუნებაში გამოვლენილი ძალები ენათესავებიან მისივე არსების უშინაგანეს ძალებს.

აღსანიშნავია, რომ პირველ პერიოდში ფროსტის ენა არ არის ისე სადა და გამჭირვალე, როგორც შემდგომი პერიოდის ლექსებში. სასაუბრო ინტონაციებსაც აქ უფრო იშვიათად ვხვდებით. უფრო ხშირია მღერადი ხასიათის სტრიქონები. შეინიშნება ალაგ-ალაგ პოეტიზმების ხმარებაც. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ფროსტი ამ დროისათვის ჯერ კიდევ მყარად იდგა XX საუკუნის ინგლისური პოეზიის ნიადაგზე.

1915 წელს ფროსტი უბრუნდება სამშობლოს. იგი სახლდება დერიში და ეწევა საფერმო მეურნეობას. იგი უკვე სახელმოხვეჭილი პოეტია. მას იწვევენ ინგლისური ენის პროფესორად ამჰერსტის კოლეჯში. ამავე დროს გამოდის მისი წიგნები: “მინდორი მთაში” (1916 ), `ახალი ჰემპშირი” (1923 ), “დასავლეთისკენ მიმდინარე ნაკადული” (1923 ) და სხვანი.

ამ კრებულებში შეიმჩნევა შედარებით მეტი სიახლე. უპირველეს ყოვლისა, თემატიკის სიახლეა საცნაური. ლირიულ ჩანახატებს აქ უკვე სჭარბობს სცენები სიფლის ცხოვრებიდან. ჩვენს წინაშე წარმოსდგებიან ფერმერები, მათი ცოლები, მოჯამაგირეები, სოფლის ექიმები და სხვ. ჩვენ ვისმენთ მათ ცოცხალ საუბარს, ვეცნობით მათ განცდათა სამყაროს, მათ ფსიქოლოგიას. გარკვეულ სიმპატიასთან ერთად ავტორს არ შეიძლება არ შეამჩნიოთ ერთგვარი გაღიზიანება, რასაც იწვევს ფერმერთა გონებაშეზღუდულობა და რუტინიერობა, სისასტიკე და განურჩევლობა მათზე დაბლა მდგომი ადამიანების ბედისადმი. ამ მხრივ აღსანიშნავია ლექსი `ღობის შეკეთება”, სადაც დახატულია ანტიპატიური სახე ფერმერისა, რომლისთვისაც ცხოვრებაში მთავარ საზომად ქცეულა მიჯნა, ამ მიჯნითაა შემოფარგლული მისი გონებრივი ჰორიზონტი, იგი სტერეოტიპულად იმეორებს ანდაზას: “კარგ მეზობლებს კარგი ღობე უნდა ჰყოფდეს”, და მზად არის, ამ პრინციპიდან გამომდინარემ ჩაიდინოს გულქვაობა. ლექსში “მოჯამაგირის სიკვდილი” ასახულია უბრალო ადამიანის ტრაგედია. აქ გატარებულია აზრი, რომ, კერძო საკუთრება და მდგომარეობის მხრივ უპირატესობა თვით ძმებს შორისაც იწვევს განხეთქილებას  (მოხუცი მოჯამაგირის, სილასის ძმა ბანკის დირექტორია, მაგრამ სილასი ძმის წინაშე თავის დამცირებას მოჯამაგირეობას ამჯობინებს და იღუპება უცხოობაში, იმდენად ძლიერია საკუთარი ღირსების გრძნობა ამ უბრალო ადამიანში ), აქ მთელის ძალითაა მხილებული ბურჟუაზიული ეგოცენტრიზმი, რომელიც თავისი არსით ეწინააღმდეგება მაღალი, ქრისტიანული ჰუმანიზმის პრინციპებს.

თუ ფროსტის პირველი პერიოდის ლექსებში განწყობილება და ლირიული განცდა იყო წინა პლანზე წამოწეული, შემდგომი პერიოდის ნაწარმოებებში უფრო ბრძნული აზრის დომინირება შეიმჩნევა. ამერიკელმა პოეტმა და კრიტიკოსმა მარკ ვან დორენმა მოხდენილად თქვა ფროსტის შესახებ: `იგი ფილოსოფიური პოეტი იყო, რაც მისი გაგებით ნიშნავდა ღრმა და ფაქიზი გულის შერწყმას ინტელექტთან, რომელიც მუდამ დაეძებს ღრმა აზრს ცხოვრებაში”. ასე რომ, აზრის დომინირება როდი ნიშნავს ლექსის ემოციურ გაღარიბებას. უადგილო არ იქნება მიყიყვანოთ თავად ფროსტის შეხედულება პოეტური შემოქმედების პროცესზე: `ლექსი იწყება აღტყინებით და მთავრდება სიბრძნით – განვითარების გზა იგივეა, რაც სიყვარულში. ვერავინ იტყვის რომ ექსტაზი შეიძლება იყოს სტატიური და გაჩერდეს ერთ ადგილას. ასე რომ, იგი იწყება აღტყინებით, შემტეგ მიელტვის პირველად იმპულსს, ღებულობს მიმართულებას, რომელიც მას მისცა პირველმა ფრაზამ, გაივლის ბედნიერ შემთხვევათა წყებას და მთავრდება ცხოვრების კლარიფიკაციით (გასხივოსნებით),- არა თუ დიდი კლარიფიკაციით, რომელსაც ემყარებიან სექტები და რელიგიური კულტები, არამედ გაურკვევლობისადმი წუთიერი დაპირისპირებით… იგი პოულობს თავის სახეს თავისსავე მსვლელობაში, მოელის მას რომელიმე ფინალურ ფრაზაში, რომელიც ბრძნული იქნება და თან სევდიანი.

ეს თქმა შეიძლება შევუსადაგოდ ფროსტის მთელ შემოქმედებას. აქ მოცემულია მისი პოეტიკის არსი. სწორედ ამიტომ არის, რომ ემოცია მის ლექსებში მჟღავნდება განგებისად შეფარული სახით და არსად არ ადის წამყვანი ფაქტორის სიმაღლემდე, თუ ტომას სტერნზ ელიოტი ცდილობს იპოვნოს აზრის ემოციური ექვივალენტი, ფროსტთან შეიმჩნევა საპირისპირო ცდა ემოციის აზროვნული ექვივალენტის პოვნისა. აქაც მის თქმას მოვიშველიებ: “კარგი ლექსი ჰქვია ისეთ ლექსს, სადაც ემოცია აზრითაა გადმოცემული, ხოლო აზრი – სიტყვებით”, ხოლო ელიოტმა ასე გამოხატა თავისი აზრი პოეზიის დანიშნულებაზე: “პოეზია არ არის ფილოსოფიის, რელიგიის ან თეოლოგიის შემცველი (substitute); მას საკუთარი ფუნქცია აქვს. მაგრამ რამდენადაც ეს ფუნქცია ემოციურია და არა ინტელექტუალური, შეუძლებელია მისი გადმოცემა ინტელექტისმიერი ტერმინოლოგიით“.

უნდა ითქვას, რომ ფროსტიც, ისევე როგორც ელიოტი, თავის მიერ შემუშავებული თეორიიდან როდი გამოდის, – იგი საკუთარი შემოქმედების ნიადაგზე აფუძნებს თეორიულ შეხედულებას.

ლექსში “დასავლეთისაკენ მიმდინარე ნაკადული” აირეკლა ფროსტის ფილოსოფიური მსოფლმხედველობის ერთი მხარე. აქ იგი გვევლინება ევოლუციონისტ-დიალექტიკოსად, რომელიც აღიარებს განვითარების უწყვეტელობას. აქვე აშკარად მოჩანს მისი ტელოლოგიზმიც. ძველბერძენი ფილოსოფოსის, თალესის მსგავსად იგი სუბსტრაქტად წყალს აღიარებს, ხოლო აქ განვითარებული დიალექტიკური შეხედულება სამყაროზე ჰერაკლიტე ეფესელის აზრს ენათესავება. როგორც ცნობილია, ჰერაკლიტე სამყაროს განვითარებას განიხილავდა, როგორც წინააღმდეგობათა მუდმივ ჭიდილს. მისი ცნობილი თქმაა: “ყოველივე მიმდინარეობს და არ შეიძლება ორგზის შეხვიდე ერთსა და იმავე ნაკადში”. ამას ემთხვევა ფროსტის მიერ ნაკადულის გამოყენება ყოფიერების სიმბოლური გამოსახვის საშუალებად. ჰერაკლიტე წინააღმდეგობებს განიხილავს ერთიანობაში და ამბობს, რომ სიკვდილი არის სიცოცხლე, ჰადესი არის დიონისე და პირუკუ. ფროსტთანაც ანალოგიური აზრია გატარებული:

“წინააღმდეგობა რომ ვახსენეთ, შეხედე ნაკადი,
იმ თეთრი ტალღით რარიგ ებრძვის იგი თავისთავს.
დასაბამიდან წყალი იყო ჩვენი საწყისი,
სანამ რაიმე არსებისგან წარმოვდგებოდით.
ამჟამად ჩვენ, ამ აჩქარებულ ფეხის ნაბიჯით,
უკან ვაბრუნებთ საწყისების საწყისისაკენ,
ყველაფერ იმას, რაც ნაკადად მიედინება.
ზოგი ამბობს, რომ არსებობა – ვით პოეტი
და პირუოტი მეორდება ერთსავ ადგილას,
ცეკვავს ადგილზე. არა იგი მიედინება,
მიედინება ხან გულდინჯად, ხან სევდიანად,
რათა აღავსოს უფსკრულეთი სიცარიელით.
იგი გვერდს გვივლის ამდაგვარი ნაკადის სახით,
გადადის ჩვენზე, ჩამოდგება ხშირად ჩვენს შორის,
რათა გაგვყაროს პანიური შიშის წუთებში
გადის ჩვენს შორის, ჩვენზე, ჩვენს ქვეშ და ჩვენთან ერთად,
იგია დრო და სიძლიერე, სინათლე, ტონი,
ხედვა, სიცოცხლე, სიყვარული და ამავე დროს
იგი სიკვდილის საამქვეყნო წყალვარდნილია,
არარაობის მომვლენელი, შეუჩერები,
აბრკოლებს მხოლოდ საკუთარი წინააღმდეგობა,
რომელიც უკან ახევინებს განსაცვიფრებლად,
თითქოს სინანულს აღუძრავდეს წმიდათაწმიდას.
იგი შეიცავს თავისთავად ამ უკუგდებას,
ასე რომ, მისი დაქანება არის ამავ დროს
აღმასვლაც თითქოს და მცირედი შემართვაც თითქოს.
ჩვენი საწურთოს უკუსვლაა – საათის წინსვლა,
მზის უკუსვლაა-წინსვლა ისევ ნაკადულისა,
არსებობს ძალა, რომელიც თვით მზის სვლას წარმართავს.
ეს არის ბიძგი სათავისკენ უკუგდებისა,
საწინააღმდეგოდ დინებისა, რომელშიც ჩვენ ვართ,
დინების ხარკი, მიტანილი სათავისადმი,-
აი, რა არის ბუნებაში ჩვენი საწყისი
და ჩვენი არსიც უმთავრესად”.

ძალა, რომელიც თვით “მზის სვლას წარმართავს”, რომელიც განაპირობებს სამყაროს ჰარმონიულ განვითარებას და რომელიც ბუნებაში “ჩვენივე საწყისია” და “ჩვენი არსი”, არის აბსოლუტის ძალა, არის საფუძველი ყოფიერებისა, “უძრავი მამოძრავებელი”, რომელიც იწვევს ყოველგვარ მოძრაობას. აი, რარიგად არის გამოხატული “უძრავი მამოძრავებლის” იდეა შუასაუკუნეების დიდი მოაზროვნის თომას აქვინელის ფილოსოფიაში: “ყოველივე რაც მოძრაობს, უნდა მოძრაობდეს სხვა, გარეშე ძალის ძემოქმედებით. შეგრძნებისათვის ნათელია, რომ რაიმე საგანი, მაგ. მზე, იმყოფება მოძრაობაში. აქედან გამომდინარე, იგი მოძრაობაში მოჰყავს სხვა რაღაცას, მის მამოძრავებელს. ასეთ შემთხვევაში მისი მამოძრავებელი თავად ან მოძრაობს, ან არ მოძრაობს. თუ იგი არ მოძრაობს, მაშინ დამტკიცდება რომ ჩვენ უნდა გამოვიტანნოთ აუცილებელი პოსტულატი, რომ არსებობს უძრავი მამოძრავებელი (Primum Mobile), ანუ ღმერთი; აქედან გამომდინარე, ან უნდა გავყვეთ უსასრულობას, ან მივიდეთ უძრავ მამოძრავებლამდე. უსასრულობაში გადასვლა შეუძლებელია, ამიტომ აუცილებელ პოსტულატად უნდა მივიღოთ უძრავი მამოძრავებლის არსებობა”. ეს არის ის “საწყისთა საწყისი”, რომელსაც ახსენებს ფროსტი ამ ლექსში. ადამიანის უმაღლეს დანიშნულებად პოეტს მიაჩნია მარადიული ღირებულებების შექმნა, წარმავლის, ჟამიერის მარადიულადვე მიქცევა; ეს არის “დინების ხარკი მიტანილი სათავისადმი”. ადამიანი, რომელიც ჩამორჩება ევოლუციას, აღვთაებრივებს ცხოვრებას, რითაც “აბრუნებს საწყისების საწყისისაკენ ყველაფერ იმას, რაც ნაკადად მიედინება”.

ფროსტის ლექსების მოჩვენებითმა სიმშრალემ ზოგიერთი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ იგი გამოფიტული “უხმო” პოეტია, მაგრამ საკმარისია ღრმად დაუკვირდეთ მის შემოქმედებას, რომ მასში ნაცვლად მონოტონური, მშრალი პოეტისა, დავინახოთ სტოიკური შეგნების მოაზროვნე პოეტი, რომელმაც იცის რომ გრძნობების აყოლას პოეზიაში ხშირად სენტიმენტალური პოზიორობისაკენ მივყავართ. ამით აიხსნება მის მიერ ყოველგვარი ყალბი რიტორიკის, მანერიულობის უკუგდება, რაც განაპირობებს ფროსტის თანამედროვეობას. იგი მკითხველთან საუბრისას არასდროს იკეთებს ნიღაბს, ასე რომ, თქვენ მუდამ ხედავთ მის მშვიდ, ნათელ ცისფერ თვალებს, მის მაღალ შუბლს, მის წყნარ მიხრა-მოხრას. იგი უპირველეს ყოვლისა, გულწრფელობით ატყვევებს მკითხველს.
რაც შეეხება ტემპერამენტის მგზნებარებას, ფროსტი ოსტატურად ახერხებს მის შეზავებას გონებისმიერ “ყინულთან”. გავიხსენოთ მისთვის უაღრესად დამახასიათებელი ლექსი “ცეცხლი და ყინული”:

“ერთნი სამყაროს დასასრულად ცეცხლს გვიქადიან,
მეორენი – გამყინვარებას.
როცა ვიხსენებ თუ რა მწადდა და რა მწადიან,
ვემხრობი მათ, ვინც აღსასრულად ცეცხლს გვიქადიან.
მაგრამ თუ ორგზის შეგვეხსნება ნგრევის კარები,
მე სიძულვილსაც კარგად ვიცნობ, ახლა რომელიც
მაფიქრებინებს, რომ ნგრევისთვის გამყინვარება
ძალა არის არანაკლებ განუზომელი.”

ამერიკელმა კრიტიკოსმა ლორენს ტომპსონმა თავის წიგნს ფროსტის შესახებ უწოდა “ცეცხლი და ყინული”. ეს დაწყვილება მართლაც რომ შესანიშნავად ასახავს ფროსტის შემოქმედების არსს.

უნდა ითქვას, რომ რობერტ ფროსტი ძირითადად ოპტიმისტური ბუნების პოეტია, მართალია ეს არ არის უიტმანისეული პროფეტული ოპტიმისტი, ფროსტისათვის უცხოა მომავლის ნათელხილვითი განჭვრეტა, ადამიანის ბუნებრივი სიქველის მტკიცე რწმენა, მაგრამ ფროსტს სჯერა ადამიანის ძალისა. საუკეთესოდ მოჩანს ეს რწმენა ლექსში: “ქვიშის დიუნები:

” ზღვის ტალღები მწვანეა და სველი,
როს ნაპირთან ახალ-ახალ რიგებად
იმსხვრევიან ახლები და ძველით
ყავისფერი მწვანე ბორცვი იგება.

ზღვა ხმელეთის კიდეს აფართოებს,
სად ჰყვავიან მებადურთა ბაღჩები,
და ქვიშაში ჩამარხულად სტოვებს
კაცს, რომელიც გადაურჩა დაღრჩობას.

ალბათ, იცნობს ქვებს დაკუნძულთ რკალებს,
მაგრამ კაცის არ სცოდნია ბუნება,
თუკი ფიქრობს, რომ ცვლილებას ძალუძს
ცხოველმყოფელ აზრთა განადგურება.

კაცმა გემი შეატოვა პირში,
შესაძლოა შეატოვოს სახლებიც,
რათა უფრო თავისუფალ ფიქრში
კვლავ დააწყოს გეგმები განახლების”.

ეს განწყობილება ცნაურდება აგრეთვე ფროსტის სამ სტრიქონიან ლექსში პერტინახ (სიმტკიცე):

“დეე, ქაოსი აღიძრას გოდებით,
დეე, ღრუბლები შედრკენ ცეცხლმოდებით,
მე მაინც ფორმას ველოდები”.

ფროსტის ლექსებში პესიმისტური განწყობილება არასოდეს გეცემათ თვალში. მას არასოდეს ღალატობს ტაქტის შეგრძნება პირადი სევდის გადმოცემისას. პირიქით, სიკვდილ-სიცოცხლის საჭირბოროტო საკითხებზე საუბრისას მას ერთგვარი ირონიაც ახასიათებს. რამდენი პოეტური ტაქტია მის პატარა ლექსში “გართხმულნი”, სადაც პოეტი ისევ თავის საყვარელ ბუნებას მიმართავს, რათა გვაგრძნობინოს თავისი უნუგეშო მდგომარეობა:

“ქარს ეუბნებოდა თქეში:
“გასწი და წამოვალ ჩქარი”.
ბაღს შემოაცალეს ნეშო,
ყვავილთათვის დადგა ზარი.
ცოცხლებს ქვეშ გართხმოდათ მიწის შავი ლები
მე ვიცი, რას გრძნობდნენ ნაშინ ყვავილეები“.

არის ტენდენცია ამერიკულ კრიტიკაში ფროსტის უიტმანიანელად გამოცხადებისა (ჯეფრი მური), მაგრამ ამგვარი მტკიცება მხოლოდ ნაწილობრივ თუ შეესაბამება სიმართლეს. მართალია, ფროსტის პოეზია თავისი ხალხურობით, დიდი თემატური ნაირფეროვნებით შეძლება დავუნათესავოთ ამერიკის ამ დიდი ტრიბუნის შემოქმედებას, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ძირეული განსხვავებანიც, რომელნიც არსებობენ მათ შორის. კერძოდ, ფროსტის მიერ ურბანისტული თემების იგნორირება, მკაცრი კონტროლი სალექსო სტრიქონისა(თვით თავისუფალ ლექსშიც კი), ემოციის შეფარვაა, ან მეორე პლანზე გადატანა (მაშინ, როდესაც უიტმანთან ემოცია მუდამ თვალში საცემია), განგებისად გაფერმკრთალებული ფერების ხმარება და სხვ. უიტმანი მუდამ ფერსავსე ტილოებს გვაძლევს, ხშირად მყვირალა ფერებსაც კი, ფროსტისთვის კი უცხოა ეს ყოველივე. რაც შეეხება სასაუბრო ინტონაციებს, ფროსტის მიერ მათი ვირტუოზული მოთავსება კლასიკური ლექსის ჩარჩოებში უფრო მეტად ენათესავება მას, როგორც უკვე ითქვა, მეორე დიდ ამერიკელ პოეტთან ედვინ არლინგტონ რობინსონთან.

ფროსტის ბოლო პერიოდის ლექსებში შესამჩნებია მიდრეკილება მკაცრი ლაკონიზმისაკენ: თითოეული სტრიქონი აქ უფრო მძიმდება, ხდება უფრო მრავლისმეტყველი (“ქუანტულა”, “ნოქტურნები”, “ათი წისქვილი”), შეიმჩნევა დიდი დახელოვნება აფორისტულ მეტყველებაში, ხშირად იგი ერთი აფორიზმის ჩარჩოებში აქცევს ლექსის მთელ ფაბულას და ვღებულობთ, თუ შეიძლება ითქვას, “მიკროფაბულას” (მაგ: “სიფრთხილე”, “რწმენა”, “პასუხი” და სხვ.). ამავე დროს, გვანცვიფრებს ამ ნიუ ჰემპშირელი ფერმერის ერუდიცია მეცნიერების სხვადასხვა დარგში. მისთვის შემოქმედების მასალაა არა მარტო შეუიარაღებელი თვალით ხილული სამყარო, არამედ მიკროსკოპით და ტელესკოპით დანახული რეალობაც (ლექსები: “ყურადსაღები წერილი”, “ციცაბო მთა”); მითოლოგიურ ელემენტებს და ბუკოლოგიურ მოტივებს მოდერნიზებული სახით ვხვდებით ამ პერიოდის ლექსებში(“ირისე ღამით”, “პოლიტიკური პასტორალი”).
თანამედროვე ამერიკელი კრიტიკოსი კლინტ ბრუსკი თავის წიგნში “თანამედროვე პოეზია და ტრადიცია” ერთ თავს უთმობს ფროსტის შემოქმედებას, სადაც მას უპირისპირებს სხვა თანამედროვე პოეტებს – მაკლიშს, ოდენს, ტეიტცს და სხვათა. “ფროსტი რეგიონალისტია და ტრადიციონალისტი”- ამბობს იგი. “რეგიონალისტის” გაგებაში ოგო გულისხმობს ფროსტის შემოფარგლულობას ნიუ ინგლანდის თემატიკითა და განწყობილებით. მართალია, ფროსტი ტრადიციული პოეტია, ყველაზე მეტად ტრადიციული პოეტი ამერიკულ პოეზიაში და ამიტომ მისთვის “ტრადიციონალისტის” სახელი სრულიად შესაფერისია, მაგრამ ძნელია დავეთანხმოთ ავტორს მის მეორე განსაზღვრებაში, ვინაიდან ფროსტი მხოლოდ გარეგნულადაა რეგიონალისტი. მისი პოეზიის მნიშვნელობა სცილდება ვიწრო ადგილობრივ პრობლემებს და აღწევს ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობას. ნიუ ინგლანდის სპეციფიკით იგი შემოფარგლულია გამომსახველ საშუალებებში და არა პოეტურ აზროვნებაში, ფროსტი გვევლინება როგორც ერთ-ერთი ნ ო ვ ა ტ ო რ ი თანამედროვე პოეზიისა.

შემდგომში ბრუკსი უპირისპირებს ფროსტს რენდომსა და ტეიტს და უწოდებს ამ უკანასკნელთ “განაწამებ ინტელექტუალურ ობსკურანტისტებს” (tortured intellectual obscurantists), აქვე სამართლიანად აღნიშნავს იგი ფროსტის უშუალობას, ნათელ დიქციას, რომლითაც იგი უპირისპირდება ხსენებული პოეტების ბუნდოვანებას.

ფროსტის პოეზიის ღრმა ხალხურობას, მის ფართო დიაპაზონს ამრიგად აღნიშნავდა გაზეთი “ჩიკაგო ტრიბიუნი” მისი გარდაცვალების შემდეგ: “სიკვდილამდე დიდი ხნით ადრე ფროსტმა, მხცოვანმა და სახელოვანმა პოეტმა, ჰპოვა განსაკუთრებული აღიარება და აღფრთოვანება, არა უბრალოდ ლიტერატურული ელიტისა, არამედ ფართო მასებისაც, ამჯერად, მართალია დასრულდა მისი ხანგრძლივი ცხოვრების გზა, მაგრამ მისი საუკეთესო ლექსები კვლავაც განაგრძობენ საუბარს ნათელი სიბრძნისა და სიყვარულის ენაზე”.

Create a free website or blog at WordPress.com.