ზვიად გამსახურდია

აგვისტო 3, 2010

ზვიად გამსახურდია : 1993 წლის 29 თებერვლის მიმართვა სტუდენტი ახალგაზრდობისადმი

ყველა მოწინავე და ცივილიზებულ ქვეყანაში სტუდენტი ახალგაზრდობა ბარომეტრია ერის პოლიტიკური ცხოვრებისა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანას უჭირს. საქართველოში ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა ახალგაზრდული მოძრაობა იყო, სტუდენტი ახალგაზრდობა ძირითადი საყრდენი იყო ჩვენთვის საბჭოთა პერიოდში, შევარდნაძის კომუნისტურ, რუსიფიკატორულ, ტოტალიტარულ რეჟიმთან ბრძოლაში.

თუმც, იმპერიის აგენტურა საქართველოში ყოველნაირად ცდილობდა ეროვნული მოძრაობისათვისდა საერთოდ, ეროვნული იდეოლოგიისათვის ჩამოეშორებინა სტუდენტი ახალგაზრდობა, დაენერგა მასში პოლიტიკური ინდიფერენტიზმი, ეროვნული ნიჰილიზმი, ყალბად გაგებული კოსმოპოლიტიზმი, ხოლო ახალგაზრდობის ნაკლებად მოაზროვნე ნაწილში-კრიმინალური იდეოლოგია.

ეროვნული იდეალების ერთგულება ახალგაზრდობის ამ ცრუ მოძღვრებმა პროვინცალიზმად და ჩამორჩენილობად მონათლეს, რწმენის ერთგულება-ფანატიზმად, ნერგავდნენ დასავლეთის ფსევდოკულტურას, ფსევდომონდიალიზმს, უინტელექტო პროვინციალებს უწოდებდნენ ეროვნული მოძრაობის თავკაცებს, თავად პროვინციელები. ისინი ახალგაზრდობას უმალავდნენ, ან შესაძლოა, თავადაც არ უწყოდნენ, რომ ყოველ დროში თვით უნივერსალური, კოსმოპოლიტიურად მოაზროვნე გენიოსები ლიტერატურის, მეცნიერების, ხელოვნების თუ პოლიტიკის დარგში, თავისი ერის გულმხურვალე პატრიოტები იყვნენ მუდამ და რომ კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი ურთიერთგამომრიცხავი არ გახლავთ, როგორც ეს შესანიშნავად აღნიშნა ჩვენმა დიდმა ვაჟა-ფშაველამ.

მიუხედავად ამისა, კრემლის ზემოთხსენებული ემისრები განაგრძობდნენ თავის ბნელ საქმიანობას და ერთხანს მათ დიდ შედეგებს მიაღწიეს იმით, რომ ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოაშორეს ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას და, უფრო მეტიც, ეროვნული ხელისუფლებისადმი მტრულად განაწყეს და ფსევდოოპოზიციურ საქმიანობაში ჩაითრიეს.

ეს ყოველივე გამოვლინდა ოპოზიციური ახალგაზრდობის ჩემთან შეხვედრისას 1991 წლის შემოდგომაზე.

მაგრამ განვლილმა ერთმა წელმა კარგად დაანახა ჩვენს ახალგაზრდობას, თუ ვინ არის ის პიროვნება, ვის ჩამოსაყვანადაც მათ ზურგი აქციეს კანონიერ ხელისუფლებას და იდეური პლატფორმა გაუმარგეს პუტჩისტებს. ახლა, ვგონებ, ყველასათვის ნათელია, თუ რა მისიით იქნა იგი მოვლენილი საქართველოში და რას უქადის ჩვენს ქვეყანას მისი შემდგომი საქმიანობა პოლიტიკურ ასპრეზზე: დაქცეული საქართველო, დანგრეული და იავარქმნილი თბილისი, დაკარგული სამაჩაბლო და აფხაზეთი. კატასტროფის პირას მისური ეკონომიკა, ცრუ არჩევნები, ხელისუფლებაში დაბრუნებული ნომენკლატურულ-კომუნისტური მაფია კარგად მეტყველებენ მის როლზე და ამოცანებზე. დღეს მის გვერდით მხოლოდ დოლარებზე გაყიდული “პოლიტიკოსები” და პარტოკრატი მაფიოზები დგანან.

უკანასკნელ ხანებში სანუგეშო ძვრებს ვხედავ ჩვენი ახალგაზრდობის აზროვნებაში ამ მიმართულებით და იმედი მაქვს, რომ სტუდენტობა საბოლოოდ გაარჩევს თეთრს და შავს, დაუბრუნდება ეროვნულ-გამათავისუფლებელ ბრძოლას და იხსნას საქართველო დაღუპვისაგან.

მსურს, აგრეთვე, ყველას ვამცნო, რომ ჩვენი მიზანია არა თანამდებობის დაბრუნება, არამედ ჩვენს ქვეყანაში კანონიერებისა და სამართლიანობის, კანონიერი ხელისუფლების აღდგენა. მჯერა, რომ ჩვენი ახალგაზრდობის ჯანსაღი ნაწილი კვლავ მხარში ამოგვიდგება საქართველოს ხსნისათვის ბრძოლაში.

ივლისი 8, 2010

ზვიად გამსახურდიას სიტყვა 1989 წლის 26 მაისს


“საქართველოს ძენო და ასულნო!

ძმანო და დანო! გეორგიანნო!

ქრისტეს აღსდგა! ჩვენთან არს ღმერთი!

ჩვენი არსებობა, ჩვენი ყოფა დღიდან დასაბამისა ადასტურებს რომ ჩვენთან არს ღმერთი და რომ ჩვენთან მარადის იქნება ღმერთი. და ამ რწმენით, და ამ შეგნებით ვძლიეთ უთვალავ მტრებს, ბნელეთის ძალებს, ბნელეთის იმპერიებს და ბნელეთის იმპერიათა შორის უდიდესსა და უბოროტესსაც დავამარცხებთ! რამეთუ ჩვენთან არს წმინდა გიორგი, რამეთუ ჩვენთან არს წმინდა სისხლი ჩვენი მოწამეებისა, რომელიც დაიღვარა საქართველოსთვის, დაიღვარა ქრისტესთვის, კვლავაც დაიღვარა 9 აპრილს! დიახ, მოწამეთა სისხლი, რომელიც შეუერთდა იმ წმინდა მოწამეთა სისხლს, ასიათასთა და მრავალთა ბევრთა მოწამეთა სისხლს და ეს მოწამეთა სისხლი გვიხსნის ჩვენ, მეგობრებო!

ეს არის ჩვენი ერის გზა. სხვა გზა ჩვენს ერს არ გააჩნია. ჩვენი გზა არის მოწამეობრივი გზა, გზა ქრისტესი, გზა ეკლის გვირგვინისა, ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა!

წმინდა გიორგის ხატზე, ქართულ ხატებზე, დრაკონის ადგილას გამოხატულია რომის იმპერიის სიმბოლო — დიოკლეტიანე, რომელსაც წმინდა გიორგი გმირავს სიმართლის და ვაჟკაცობის შუბით. ასევე განგმირავს საქართველო დრაკონის ახალ იმპერიას!

გაუმარჯოს, დამოუკიდებელ, თავისუფალ, ქრისტიანულ, უძლეველ საქართველოს!”

ზვიად გამსახუდია: ჰელსინკის პრინციპების დასაცავად

Filed under: ზვიად გამსახურდია — ტეგები:, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , — georgianeli @ 7:40 PM

კონფერენციის პატივცემულო მონაწილენო!

მოგმართავთ თქვენ, როგორც საქართველოს ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარე და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი.

ჩვენი კავშირი შეიქმნა 1976 წელს, მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირში იქმნებოდა ჰელსინკის ჯგუფები. მან გამოიარა წარმოუდგენელი დევნის წლები. კავშირის წევრებმა არაერთგზის განიცადეს რეპრესიები, მაგრამ იგი განაგრძობდა ბრძოლას ადამიანის უფლებებისათვის, ერთა დამოუკიდებლობისათვის, დემოკრატიული არჩევნების დამკვიდრებისათვის.

1990 წლის ოქტომბერში ჩვენ მივაღწიეთ საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებს, გავაუქმეთ კომუნისტური რეჟიმი და ავირჩიეთ საბჭოთა კავშირში პირველი მრავალპარტიული პარლამენტი. 1991 წლის 31 მარტს ჩავატარეთ პირველი რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხზე, ხოლო 1991 წლის 26 მაისს. პირველი თავისუფალი არჩევნები, რომელზეც ამირჩიეს მე ხმათა 87 პროცენტით.

მსურს გაგიზიაროთ მოსაზრებანი ჰელსინკის მოძრაობის პერსპექტივებთან და მის წინაშე მდგომ ამოცანებთან დაკავშირებით, რამეთუ ამ მოძრაობაში გახლავართ ჩართული დღიდან 1975 წლის ხელშეკრულების ხელმოწერისა. ჰელსინკის ჯგუფების პატიმრობაში მყოფ სხვა წევრებთან ერთად წარდგენილი გახლდით მშვიდობის ნობელის პრემიაზე.

1985 წლიდან, როდესაც სსრკ-ის ახალმა კომუნისტურმა ხელმძღვანელობამ გამოაცხადა “პერესტროიკა”, მისი საქმიანობის მთავარ ასპარეზად იქცა საგარეო პოლიტიკა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მსოფლიოში მოხდა ისტორიული ძვრები-ბერლინის კედლის დანგრევა და გერმანიის გაერთიანება, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან საბჭოთა ჯარების გაყვანა, « ვარშავის პაქტის » დაშლა და სხვა ქმედებანი მნიშვნელოვანწილად უკავშირდება « პერესტროიკას », რომელიც გამოწვეულია საბჭოთა კავშირისადმი დასავლეთის სახელმწიფოთა, პირველყოვლისა, აშშ-ის დამოკიდებულებით. საბჭოთა კავშირი არ გარდაქმნილა საკუთარი სურვილით, იგი აიძულეს საგარეო პოლიტიკაში  “ახალი აზროვნების” მიმართულებით ემოქმედა. რაც შეეხება სსრკ-ის საშინაო, მას არ განუცდია არანაირი, თუნდაც მცირედი ცვლილება. საგარეო დათმობების ხარჯზე საკუთრივ საბჭოთა კავშირში იმრავლა შიდა იმპერიის შენარჩუნების მცდელობებმა, რაც ფაქტობრივად მხოლოდ ერთგვარ გადახალისებას წარმოადგენს და სხვას არაფერს.

ერის თავისუფლება გულისხმობს მის თვითგამორკვევას, უფლებას თავად იყოს საკუთარი ბედის განმგებელი . სსრკ-ს ტერიტორიაზე მოსახლე დამონებულ ერებს ორად ჰყოფს : ხელისუფლებისათვის საიმედო და არასაიმედო, მეამბოხე ერებად.

შესაბამისად, ხელისუფლების დამოკიდებულებაც მეამბოხე და ქედუხრელ ერთა წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოუცხადებელი ომი ყოველგვარი არსებული ხერხებით. ფართოა ამ მეთოდების არსენალიც.

ა) რესპუბლიკებში იქმნება კომუნისტების მიერ ინსპირირებული ინტერფრონტები, რომელნიც ყოველმხრივ ცდილობენ ეთნოკონფლიქტების გაღვივებას, რათა ეს გახდეს საბაბი კრემლის მხრიდან შეიარაღებული ჩარევისა. არსებობს მრავალი მაგალითი : მოლდავეთში « გაგაუზებისა და დნესტრისპირეთის რესპუბლიკების” შექმნა, ბალტიისპირეთში-რუსულენოვანი მოსახლეობის “თხოვნით” ჯარების შეყვანა, საქართველოში-აფხაზი და ოსი სეპარატისტებისადმი პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერა, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის “რეგულირება” და მრავალი სხვა;

ბ) დაუმორჩილებელი რესპუბლიკების მიმართ ეკონომიკური ბლოკადის შემოღება ;

გ) ტასს-ის, იმპერიის სიცრუის უშველებელი მანქანის საშუალებით საბჭოთა კავშირში და საზღვარგარეთ ტენდენციური ინფორმაციის გავრცელება “ზოგიერთ” რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენები შესახებ. რესპუბლიკების დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებებისათვის ბირთვული იარაღის ღილაკის დაუფლების სურვილის მიწერა, მათთვის ფაშისტობისა და დიქტატორობის, ადამიანის უფლებების შეზღუდვის დაბრალება… და ყოველივე ამას სჩადის რეჟიმი, რომლისთვისაც კლასობრივი სიძულვილი და კაცთა კვლა იდეოლოგიურ მიზანს წარმოადგენს. იმავდროულად ბრალდებულ ხალხებს არ გააჩნიათ არავითარი შესაძლებლობა მათ წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდისათვის პასუხის გაცემისა.

თუ ყოველივე ამას დავუმატებთ სსრკ-დან რესპუბლიკების გასვლის შესახებ დრაკონულ კანონს, რომელიც სინამდვილეში გაუსვლელობის კანონს წარმოადგენს, სრული სიცხადით ვიხილავთ ერთა თვითგამორკვევის საბჭოურ მოდელს.

სსრკ-ის შესახებ ზემოთქმულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მასშტაბური და ღრმა რეფორმების გარეშე შეუძლებელია ჰელსინკის პრინციპების გამარჯვებაზე ფიქრიც კი, 1991 წლის კონფერენციაზე ყურადღება უნდა დაეთმოს შემდეგ პრობლემებს :

1. სსრიკ-ში დემოკრატიული რეფორმებისათვის საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ბაზისის შექმნა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ერთა სრული თვითგამორკვევის გარანტიას, იმპერიალიზმისა და ნეოკოლონიალიზმის აღმოფხვრას ;

2. დაპყრობილ ხალხთა წინააღმდეგ ეკოლოგიუირ ომის შეწყვეტა, ე.ი. მათი ბუნების, მიწის, ჰაერის, წყლის რესურსების და სასარგებლო წიაღისეულის ბარბაროსული ექსპლუატაციისა და განადგურების აღკვეთა ;

3. ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობათა წინააღმდეგ ტერორის შეწყვეტა, სრული საჯაროობის პირობებში ამ ტერორის ინიციატორთა და შემსრულებელთა სამსჯავროსათვის გადაცემა;

4. იმ ჯგუფების ოფიციალურად ცნობა, რომელნიც იღვწიან ჰელსინკის და ვენის დასკვნითი დოკუმენტების დებულებათა ხორცშესხმისათვის, მათი ხელშეუხებლობის, დაცვისა და მათდამი თანადგომის გარანტირება. ამ პრობლემის გადაჭრისათვის აუცილებელია რეალიზაციის მქეანიზმის შემუშავება, რისთვისაც საჭიროდ გვესახება :

ა) სსრკ-ში მიმდინარე პროცესებზე, განსაკუთრებით, ეთნოკონფლიქტებზე, გაეროს, ევროპარლამენტის და საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციების მხრიდან მუდმივი კონტროლის დაწესება ;

ბ) სსრკ-ს ყოფილ რესპუბლიკებსა და დასავლეთის სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ;

გ) დასავლეთის სახელმწიფოებისა და რესპუბლიკების დედაქალაქებში საინფორმაციო ცენტრების შექმნა ;

დ) გაეროს და სხვა ორგანიზაციების ექსპერტთა მიერ საქართველოში, ლიტვაში, ლატვიაში და სხვა რესპუბლიკებში მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევების, პროვოცირებული ეთნოკონფლიქტების, სხვა ანტიჰუმანური ქმედებებისა და მათი შედეგების შესწავლა.

Create a free website or blog at WordPress.com.