ზვიად გამსახურდია

აპრილი 16, 2012

ზვიად გამსახურდია: გაქცევა

ღამე დააბოტებს დაუსჯელ მკვლელივით,
ციხის გალავანი საფარად იფარა,
შენ ჩუმი კანკალით გარიჟრაჟს მოელი,
როგორც ნამკვდრევის სულს სვავი უტიფარი.

და ყოველი წუთი, ვით ბასრი ბებუთი
გისერავს გულღვიძლს და გიშფოთებს სულს,
ითვლი მოჩვენებებს მუნჯი გაშმაგებით,
რისხავ ბედისწერას და ღამეს კრულს.

ისმის დერეფანში სიკვდილის ნაბიჯი,
ახლოა კედელი, ნაპრალი ვიწრო,
ვაჰ, თუ ბედისწერამ აგიგდო აბუჩად,
და სულთამხუთავმა ზედ კართან მოგისწრო.

საცაა წაგისწრებს ცისკარი თარსი,
დღე, ვით მებადრაგე, წაგიჭერს არტახებს,
მაშინ არ გიტირებს არავინ მკვდარსაც კი
და შენს გვამს ჩაიკრავს სანაგვე პარტახი.

შენ ძრწოლვით სინჯავ იმედის ჩახმახს,
ხრიალებს ღამე, ვით მომაკვდავი,
ბინდი ჩახვევია სახრჩობელას ახმახს
და ბილწ მოლოდინში ნერწყვს ყლაპავს ყვავი.

აჰა, გადაცოცდი, საცაა ინათებს,
დილას გაუშლია ბურუსის თმები,
ორმო გიმკითხავა მკითხავმა წინათვე
და მაინც იმედით წინასწარ თბები.

გადადგი ნაბიჯი და მუხლი გებმება,
თითქოს უარგყოფსო ქვეყანა ვრცელი.
შენს ირგვლივ ასტეხეს დგრიალი ჩექმებმა
და კვლავ დაგეწია სიკვდილის ცელი.

გათავდა ყოველი… გაგწირა აისმა,
შავად აღმართულა ციხის ყრუ ღობე,
იცინის ცხაური და მალე მოისმენ
სიკვდილის უკანასკნელ ცნობებს.

ციკლიდან “ტერენტი გრანელი” 

იანვარი 15, 2011

ზვიად გამსახურდია ჟურნალ “ოქროს საწმისის” სახელწოდების გამო


საწმისი, საწომისი, ღრუბელს ნიშნავს ქართულად. მეცხრე საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი ღაღადებს:

“ვადიდებდეთ საიდუმლოსა შენსა ღვთისმშობელო,
რამეთუ რომელი იგი უხილავ არს ძალთაგან
ზეცისაითა, გარდამოხდა შენ ზედა,
ვითარცა წვიმაი საწმისსა ზედა
ხსნისათვის ჩუენისა, მაქებელთა შენთან”.

საწმისი, საწვიმისი, წვიმის მშობელია, ვითარცა ღვთისმშობელი ქრისტესი, ლოგოსის, რომელიც გარდამოხდა უღვთობის გვალვით გადამხდარ მიწაზე, ვითარცა წვიმა განმაცხოველებელი. სანუკვარია წვიმა ხანგრძლივი გვალვის შემდგომ, ასევე სანუკვარია სიტყვა ხანგრძლივი იძულებითი მდუმარების შემდგომ. აი, რატომ დაერქვა ჩვენს ჟურნალს “ოქროს საწმისი”.

“ოქროს საწმისი” მარადჟამული სიმბოლოა კოლხური, ქართული კულტურისა. ცივილიზებული მსოფლიოს მკვიდრნი კოლხეთად უფრო იცნობენ საქართველოს, ვინაიდან ყველას ახსენდება არგონავტების მითი, მედეა,  ოქროს საწმისი.

ოქროს საწმისი მისტერიათა სიბრძნის სიმბოლოა, რომელიც კაცობრიობის მიწიერი გზასვლის გარიჟრაჟზე ჰყვაოდა ჩვენს მიწაზე; არგონავტებიც ამ სიბრძნეს ეზიარნენ და ამ სიბრძნის გადატანამ ბერძნულ მიწაზე აღმოაცენა დიდი ბერძნული კულტურა.

ვერძის ზოდიაქოს განმგებლობის ეპოქაში ზეცით გარდმოვლენილი კოსმიურ ძალებთან ზიარების სიმბოლოა ოქროს ვერძი, ხოლო ამ ზიარების შედეგად აღმოცენებული სიბრძნე საწმისია ცხოველმყოფელი წვიმის მომდენი. დაე, ნუმც შეეწყვიტოს არსთა მხადს ეს წვიმა”

 

წყარო: ჟურნალი “ოქროს საწმისი” (არალეგალური გამოცემა), თბილისი, 1975, N°1

Create a free website or blog at WordPress.com.