ზვიად გამსახურდია

აგვისტო 8, 2019

ზვიად გამსახურდია მიწის გაყიდვის და საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

80850

(საუბარი ზაარის მხარის ტელერადიოკორპორაციის კორესპონდენტ მარიელ ზაბეტ დენცერთან)

– ბატონო პრეზიდენტო, თქვენ 26 მაისს ხმების უმრავლესობით აგირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად, როგორია თქენი უახლოესი გეგმები?

– ჩვენი გეგმებია საქართველოს სახელმწიფოებრიობის სრული აღდგენა, რეფორმები ყველა სფეროში, უწინარეს ყოვლისა, ეკონომიკური რეფორმები; პრივატიზაციისა და თავისუფალი ბაზრის დამკვიდრება; სოციალისტური სტრუქტურების შეცვლა და ახალი ეკონომიკური ბერკეტების ჩამოყალიბება, მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობის დამყარება დასავლეთის კაპიტალისტურ ქვეყნებთან. მაგალითად, ჩვენ უკვე გვაქვს გერმანიასთან კონტაქტები და ვაპირებთ ასევე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას სხვადასხვა ქვეყნებთან.

– თქვენ ბრძანეთ ეკონომიკური რეფორმების შესახებ, უკვე 7 თვეა ხელისუფლების სათავეში ბრძანდებით. კონკრეტულად, რა გიშლით ხელს ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში?

– ყველა კანონი საფუძვლიანად უნდა მომზადდეს. ნაუცბათევად ასეთი კანონების მიღება არ შეიძლება. ახლა მომზადდა კანონი მიწის საკუთრების შესახებ. ასევე კანონი მოქალაქეობის შესახებ. ამ კანონებს უახლოეს ხანებში მივიღებთ. ასევე მზადდება კანონები პარტიებისა და პრესის შესახებ.

– კანონები პირველი წაკითხვით იქნება მიღებული?

– დიახ, ალბათ, ყველა ამ კანონს მალე პირველი წაკითხვით მივიღებთ.

– კონკრეტულად, თუ შეიძლება მითხარით, ვის შეუძლია მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა?

– ყველას, ვინც საქართველოში ცხოვრობს მუდმივად, შეუძლია მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა.

– სომხებიც, რომლებიც 10 წელი ცხოვრობენ საქართველოში, მიიღებენ მოქალაქეობას?

– რა თქმა უნდა, სომხებიც, აზერბაიჯანელები და რუსები, ეროვნების მიუხედავად მიიღებენ მოქალაქეობას. მხოლოდ სამომავლოდ, როცა უცხოეთიდანაც ჩამოვლენ ჩვენთან საცხოვრებლად, საჭირო იქნება გარკვეული ვადის შემოღება.

– მაინც რამდენი წელი?

– მე ვფიქრობ, 5 წელი. ამ ვადით აძლევენ მოქალაქეობას დემოკრატიულ ქვეყნებში. როცა უცხოელი ჩამოდის საცხოვრებლად უცხო ქვეყანაში, გარკვეული დრო უნდა დაჰყოს ამ სახელმწიფოში, სანამ მოქალაქეობას მიიღებს.

– თუ შეიძლება მიამბეთ პრივატიზაციის შესახებ. ვინ ისარგებლებს ამ უფლებით?

– მცირე სახის პრივატიზაცია უკვე ხორციელდება საქართველოში: მაღაზიების, პატარა საწარმოების და ქარხნების გარკვეული ნაწილი კერძო საკუთრებაში გადადის, უფრო მასშტაბურად, ერთბაშად შეუძლებელია განხორციელდეს. ყველაფერი საფუძვლიანად უნდა მომზადდეს. საამისოდ აუცილებელია გამოვეყოთ საბჭოთა კავშირს. ახლა ჩვენ საბჭოთა ეკონომიკასთან მჭიდროდ ვართ დაკავშირებული, ჩვენ უნდა გავწყვიტოთ ყველა ეს კონტაქტი და ჩამოვაყალიბოთ ახალი ეკონომიკური სტრუქტურები, დამოუკიდებელი ეკონომიკა.

– მაგრამ მეურნეობა რომ განვითარდეს და ხალხის დაინტერესებაც რომ გაიზარდოს, საჭიროა სრული პრივატიზაცია.

– მთელი მეურნეობა უნდა ეფუძნებოდეს პრივატიზაციას.

– თქვენ ბრძანეთ, რომ პრივატიზაციის კანონს მიიღებთ პირველი წაკითხვით. – როგორია ეს კანონი?

– ამ კანონით პირველ რიგში დამტკიცდება მიწის საკუთრება. მიწა გადაეცემათ ადამიანებს და ასევე აგრარული დარგებიც.

– ვინ იქნებიან მიწის მფლობელები?

– მიწათმოქმედები…

– თქვენ ბრძანეთ, რომ მზადდება კანონი პრესის შესახებ, დღესდღეობით ტელევიზია და რადიო სახელმწიფო დაწესებულებაა. ამ მხრივ თუ იქნება რაიმე სიახლე?

– იქნება კერძო ტელევიზია და რადიო. უკვე არსებობს რამდენიმე არხი. მაგალითად, საკაბელო ტელევიზიები.…

– თქვენ როგორ ფიქრობთ, სადღეისოდ საქართველოს პრესა თავისუფალია?

– ყველა ჩემს მოწინაღმდეგეს შეუძლია თავისი სტატია დაბეჭდოს ამა თუ იმ გაზეთში და იყოს პოლემიკა ჩვენს შორის. მოწინააღმდეგეებს აქვთ, აგრეთვე საკუთარი გამოცემები. დაგისახელებთ ოპოზიციური გაზეთების სათაურებს: „ საქართველო“, „დრონი“, „კაბადონი“, „ერისიონი“, „აიდგილარა“, „სოვეტსკაია ოსეტია“ და სხვა.

– თქვენი მიზანია, საქართველო რაც შეიძლება მალე ჩაებას ხალხთა საერთაშორისო თანამეგობრობაში. ამ გზაზე როგორია თქვენი კონკრეტული ნაბიჯები?

– საქართველო ყოველთვის იყო ქვეყანა, სადაც მრავალი ეროვნების წარმომადგენლები ცხოვრობდნენ და ყველა ხალხს ჰქონდა გარანტირებული უფლებები. სხვა ეროვნების წარმომადგენლებს პრობლემები არა აქვთ. ასევე იქნება მომავალშიც.

– დასავლეთის ქვეყნების მიერ ჯერ კიდევ არ არის აღიარებული საქართველო, რა არის ამის მიზეზი?

– ეს ხდება კრემლის და მიხეილ გორბაჩოვის პოლიტიკის გამო, რადგანაც ჯერ კიდევ მიხეილ გორბაჩოვს დიდი გავლენა აქვს მსოფლიოში. ყველაფერი ეს მოდის კრემლიდან, ცენტრიდან.

– თქვენ აპირებთ შეხვდეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს და შემოდგომაზე აპირებთ ვიზიტს ევროპის ქვეყნებში. რას მოელით ამ შეხვედრებიდან?

– უპირველესი მიზანია საქართველოს დიპლომატიური აღიარება.

– საგარეო საქმეთა მინისტრის ხოშტარიას შეხვედრა საფრანგეთისა და გერმანიის ადმინისტრაციასთან არ შედგა, როგორ გგონიათ, მიგიღებთ კოლი?

– ყველაფერი ეს უნდა მომზადდეს. ახლა არ შემიძლია ვთქვა, თუ რა მოხდება მომავალში, მაგრამ ვფიქრობ, დასავლეთის ქვეყნების დამოკიდებულება ჩვენს მიმართ უნდა შეიცვალოს.

– თქვენი მიზანი როგორია, როგორ უნდა იცნობდნენ საქართველოს დასავლეთში?

– დასავლეთში საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს. ამაზე გავლენას ახდენს მოსკოვი, კრემლი. ყველა ეს არასწორი ინფორმაცია მიდის მოსკოვიდან – დასავლელი ჟურნალისტები აკრედიტებული არიან მოსკოვში. ჩვენ ვებრძვით ამ კამპანიას, დეზინფორმაცია უნდა დავამარცხოთ. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ობიექტური ინფორმაცია გავაგზავნოთ დასავლეთში. მაგალითად, „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ ბეჭდავს „იზვესტიის“ სტატიებს ჩვენს შესახებ. აქვეყნებს ყოველგვარი კრიტიკის გარეშე. ეს, რა თქმა უნდა, არასწორია.

– როგორ გგონიათ, რამდენი წელი დასჭირდება საქართველოს სრულ დამოუკიდებლობამდე? როდის ექნებათ ქართველებს მსოფლიოში თავისუფლად მიმოსვლის უფლება?

– ჩემის აზრით, ეს არის დროის პრობლემა და დამოკიდებულია დასავლეთის პოზიციაზე საბჭოთა რესპუბლიკებისადმი და ამ რესპუბლიკების თავისუფლებისაკენ სწრაფვაზე.

– თქვენ ბრძანეთ, რომ რაც შეიძლება მალე უნდა გამოეყოს საქართველო საბჭოთა კავშირს, კონკრეტულად, როგორ შეიძლება ამის მიღწევა, საბჭოთა კავშირი ხომ დღეს იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია საქართველო ყველა მხრიდან შებოჭოს?

– მართალია, მაგრამ ჩვენ ვიბრძვით და იმედი გვაქვს, რომ დასავლეთის ქვეყნები დაგვეხმარებიან. იმედი გვაქვს, რომ ისინი გვაღიარებენ და ეს ჩვენთვის უდიდესი დახმარება იქნება.

– როგორია თქვენი დამოკიდებულება გორბაჩოვთან?

– ბოლომდე არ არის გარკვეული. გორბაჩოვს არა აქვს ნათელი პოზიცია რესპუბლიკების მიმართ.

– ცოტა ხნის წინათ მან აუწყა მსოფლიოს, რომ რესპუბლიკები, რომლებიც დამოუკიდებლობისათვის იბრძვიან და არ მოაწერენ ხელს სამოკავშირეო ხელშეკრულებას, მოიპოვებენ დამოუკიდებლობას. თქვენ გჯერათ ეს?

– ჯერჯერობით ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვებია, მაგრამ, მე მგონია, ეს მაინც ასე იქნება დასავლეთის ქვეყნების ზეწოლის შედეგად.

– რუსეთის პრეზიდენტად აირჩიეს ელცინი. რა ურთიერთობა გაქვთ ელცინთან?

– ნორმალური ურთიერთობა. მომავალში, ალბათ, ხელს მოვაწერთ საქართველოსა და რუსეთს შორის ხელშეკრულებას.

– რა ხელშეკრულება იქნება ეს?

– სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის შესახებ.

– როგორ გგონიათ, რუსეთსაც უნდა დამოუკიდებლობა? შეუძლია მას დაეხმაროს ამ გზაზე საქართველოს?

– მე მგონი, კი. მოსკოვში ძლიერი დემოკრატიული ძალებია თავმოყრილი. ბორის ელცინიც დემოკრატიული ფრთის წარმომადგენელია, მათი ლიდერია.

– თუ არსებობს საქართველოში ნამდვილი ოპოზიცია?

– არსებობს, მაგალითად, სახალხო ფრონტი, კომპარტია, ბლოკი „თავისუფლება“, თანხმობისა და აღორძინების კავშირი. ისინი ჩემი მოწინააღმდეგენი იყვნენ პრეზიდენტის არჩევნებში, ჩვენ დისკუსიას ვაწარმოებდით, ისინიც მაკრიტიკებდნენ. მაგრამ ვისაც კავშირი აქვთ დამნაშავეებთან, სჩადიან კრიმინალურ ქმედებებს, მათ ოპოზიციად ვერ ჩავთვლით.

– ყოფილი ოსეთის ოლქის შესახებ მინდა გკითხოთ. შეიქმნა კომისია, თუ მიაღწია ამ კომისიამ შედეგს?

– კომისიამ დაწერა ობიექტური დასკვნა. მან აღიარა, რომ ეს არის საქართველოს მიწა, და ოსებს არა აქვთ უფლება გამოაცხადონ ახალი რესპუბლიკა. იქ მოქმედებენ კრიმინალური ბანდები, რომლებიც ხალხის წინააღმდეგ იბრძვიან. ყველა ჭკვიანი ოსი ქართველებთანაა, მათ არ უნდათ ავტონომიური ოლქი, არც რესპუბლიკა. მათ კარგი ურთიერთობა აქვთ ქართველებთან, ასე იქნება მომავალშიც.

– თქვენ აყალიბებთ ეროვნულ გვარდიას. რა მიზანი გაქვთ, როგორი უფლებები ენიჭება არმიას?

– ეს არ არის არმია, ეს არის პოლიციის ჯარები. ეს გამიზნულია კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ. არსებობენ კრიმინალური ჯგუფები და ჩვენ ვიბრძვით მათ წინააღმდეგ, რათა რესპუბლიკაში დამყარდეს წესრიგი. დავაპატიმრეთ ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, ჯაბა იოსელიანი. ეს ხალხი რომ არ დაგვეპატიმრებინა, საქართველოში მოსალოდნელი იყო სამოქალაქო ომი. ისინი პირდაპირ, პრესით იმუქრებოდნენ სამოქალაქო ომით.

– არსებობს ქართული კგბ?

– დიახ, არსებობს. თანდათან კგბ ეროვნული ხდება.

– ვინ აფინანსებს კგბ-ს?

– ჯერჯერობით ნაწილობრივ მოსკოვი. ერთბაშად ამის გადაწყვეტა დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. ამას თანდათანობით გავაკეთებთ.

– …ახლა აფხაზეთის შესახებ. არძინბამ საუბარში მითხრა, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოაწეროს ხელი სამოკავშირეო ხელშეკრულებას.

– გაუჭირდება. მოსახლეობა ამის წინააღმდეგია. არძინბას დიდი ოპოზიცია ჰყავს არა მარტო ხალხში, არამედ პარლამენტშიც. ამიტომ, ეს შეუძლებელია, მე ასე მგონია.

– აფხაზეთს უნდა, რომ გამოეყოს საქართველოს. როგორ ფიქრობთ, ეს შესაძლებელია?

– არა, ეს შეუძლებელია!

– რაიმე სიძნელეები ხომ არა გაქვთ ყოფილ კომუნისტებთან ურთიერთობაში?

– არა, აუგი მხოლოდ ზოგიერთების მიმართ შეიძლება ითქვას, რომლებიც მოსკოვში წავიდნენ და მოქმედებენ, როგორც კრემლის აგენტები. ისინი ახლა ჩვენს წინააღმდეგ იბრძვიან. ესენი არიან ფოფხაძე, მგელაძე, რომლებიც გავლენას ახდენენ მოსკოვისა და საზღვარგარეთის პრესაზე. ისინი არიან კრემლის პირდაპირი აგენტები. აქ მყოფი კომუნისტები კი არ არიან ძალიან მტრულად განწყობილი ჩვენს მიმართ.

– ადვაძეც?

– ადვაძეც კრემლის მებრძოლია.

– ამჟამინდელი თქვენი უდიდესი სურვილი?

– საქართველოს სრული დამოუკიდებლობა და სხვა სახელმწიფოების მიერ საქართველოს დიპლომატიური აღიარება.

– გამსახურდიას, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, რა გატაცება აქვს?

– ომში გატაცება არ არსებობს. ომის დროს ერთადერთი გატაცება ბრძოლაა. დასავლეთის ბედნიერი სახელმწიფოების პრეზიდენტები ბედნიერად ცხოვრობენ და არა ისე, როგორც მე. ჩემი ცხოვრება ბრძოლაა.

საქინფორმი
წყარო

დეკემბერი 27, 2018

ზვიად გამსახურდია – რესპუბლიკის ყოველი მუდმივი მცხოვრები საქართველოს მოქალაქე იქნება

 

x_f434f166

გამჭოლავი მზერა, მტკიცედ მოკუმული ტუჩები და ზეაღმართული მუშტი: დღევანდელი საქართველოს ცოცხალი სიმბოლო ზვიად გამსახურდიაა. წარსულში დისიდენტი, სამართალდამცველი, რომელმაც იწვნია პოლიტიკური საპატიმროები და გადასახლებანი. ახლა – მეცნიერი, პუბლიცისტი, პოეტი და რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტია. მისი მრავალი პორტრეტი გამოკიდებულია მაღაზიების, კაფეებისა და სასადილოების ვიტრინებში. იგი გულწრფელად უყვარს ხალხს და მისი მისამართით გამოთქმულ ყოველ კრიტიკას აღიქვამს ეროვნული ღირსების გრძნობის შეურაცხყოფად, თუმცა ბევრი მაინც აკრიტიკებს დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტს, მაგრამ ძირითადად რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ.

– ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს ფარგლებს გარეთ, როგორც ჟურნალისტები იტყვიან ხოლმე „ცუდი პრესა“ გაქვთ. რატომ არის, რომ დასავლეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და დამოუკიდებელი დემოკრატიული პრესა ჩვენში ასე ერთსულოვნად უჭერენ მხარს ბალტიისპირეთის რესპუბლიკებს დამოუკიდებლობისადმი მისწრაფებაში და ასე კრიტიკულად არიან განწყობილი დამოუკიდებელი საქართველოსა და პირადად თქვენდამი?

მთავარი მიზეზი ის არის, რომ ეს დემოკრატიული პრესა, ისევე როგორც, სხვათა შორის, რუსეთის ბევრი დემოკრატიც და ეს სამწუხაროა, შოვინისტურად არის განწყობილი საქართველოს მიმართ. ცენტრი საქართველოს წინააღმდეგ ეწევა ნამდვილ საინფორმაციო ომს, მარჯვედ ამახინჯებს ფაქტებს, დეზინფორმაციას აწვდის მთელ მსოფლიოს. ბევრი ხვდება მის გავლენაში.

– მეც ვფიქრობ, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი იძლება დაბნეული იყოს. ალბათ არ შიძლება ერთი საზომით ვუდგებოდეთ ბალტიისპირეთსა და კავკასიას – ყველგან თავისი სპეციფიკაა.

– მოვიყვან კონკრეტულ მაგალითს: ჟურნალისტმა ტოლნიკოვმა დაწერა ფრიად ობიექტური სტატია ეგრეთწოდებული სამხრეთ ოსეთის შესახებ. მაგრამ ყველაზე დამოუკიდებლმა დემოკრატიულმა გაზეთმა – „ნეზავისიმაია გაზეტამ“, რომელსაც ჩვენ დიდ პატივს ვცემთ, ეს სტატია არ დაბეჭდა. ამის უკან რაღაც იმალება, როგორც ჰამლეტი ამბობს: „დანიის სამეფოში რაღაც იხრწნება…“ ეტყობა დემოკრატიული მოძრაობის შიგნით რაღაც ხდება, რაც ჩვენ არ ვიცით. რატომ არ ქვეყნდება ობიექტური ინფორმაცია, მით უფრო, თუ იგი არაქართველმა, არაკავკასიელმა დაწერა? მაშასადამე, რაღაც წინასწარ შექმნილი აზრი მაინც არსებობს! სპეციფიკა კი, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ, ის არის, რომ აქ ძალიან მარჯვედ ქმნიან ეთნიკურ კონფლიქტებს, რომლებსაც შემდეგ ჩვენზე ზეგავლენისათვის იყენებენ. ცენტრში აყალიბებენ აზრს, რომ ამ კონფლიქტებში ბრალი მიუძღვით სწორედ იმ ძალებს, რომლებიც დამოუკიდებლობისათვის იბრძვიან და ამ ხელოვნების ამოცნობა ზოგჯერ ძალიან ჭირს.

– თქვენ საჯარო გამოსვლებში ხშირად გაისმის ისეთი სიტყვები, როგორიცაა – „მოღლატენი“, „ხალხის მტრები“, „პროვოკატორები“ და ა.შ. რა არის ეს – ტრადიციული კავკასიური ემოციურობა თუ რეალური პოლიტიკური პოზიცია საკუთრი ოპონენტების მიმართ?

– მე მიყვარს, როცა საგნებს თავიანთ სახელებს ვარქმევ, და ეს ყველას თვალში ხვდება. რას მიბრძანებთ, რა დავარქვა იმას, რასაც მათი ქართველი კორესპონდენტები წერენ გაზეთ „მეგაპოლის ექსპრესში“ – თითქოს საქართველოს ჰელსინკის კავშირი გაერიცხოთ ჰელსინკის საერთაშორისო კავშირიდან და ამას წერენ ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ეს ასე არ არის! და ეს იმ დროს, როცა საქართველო დგას ინტერვენციის საფრთხის წინაშე და საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება! განა ეს ღალატი არ არის? თქვენ თუ იცით, რაიმე სხვა სიტყვა, მას ხალისით გამოვიყენებდი. მოღალატენი ყოველთვის ჰყავდა და ეყოლება ნებისმიერ ხალხს, და მათ თავიანთი სახელები უნდა დავარქვათ, მაგრამ ამას უადგილოდ არასოდეს არ ვამბობ, არასოდეს არ ვაზვიადებ.

– თქვენ ინტელიგენციის ცნობილი ოჯახის წარმომადგენელი ბრძანდებით, მაგრამ სწორედ ინტელიგენციის გარემოში გყავთ ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე. თქვენი აზრით, რა არის წინააღმდეგობათა თავი და თავი?

– აი, კვლავ დეზინფორმაცია, რომელსაც ცენტრი ავრცელებს ჩვენი ადგილობრივი მოღალატეების მეშვეობით! არავითარი ინტელიგენცია არ მებრძვის! არიან ცალკეული ინტელიგენტები, რომლებსაც პოლიტიკაში ხელი მოეცარათ. მათ მთავრობასა და პარლამენტში მოხვედრა ეწადათ, მაგრამ ხალხმა ისინი არ აირჩია. განა ეს ჩემი ბრალია? ახლა ისინი გაბოროტდნენ, დღე და ღამ ცილს სწამებენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხელისუფლებას, იყენებენ სხვადასხვა „ხმებს“. აი, ის რამდენიმე ინტელიგენტი, რომლებიც შეიძლება დავასახელო: ნიკოლოზ ჭავჭავაძე, ჭაბუა ამირეჯიბი და ა.შ. ხალხი მათ არ ენდობა, ისინი მუშაობდნენ კომუნისტური რეჟიმის დროს, ჰქონდათ პრივილეგიები, თუ რისთვის – ესეც ცნობილია, ამიტომ ისინი ხალხს არ უყვარს. ახლა მთელი თავიანთი ღვარძლი ჩემზე გადმოანთხიეს, თითქოს მე ვიყო მათი ხელმოცარულობის მიზეზი.

– ერთ-ერთ თქვენს ამასწინანდელ ინტერვიუში ბრძანეთ, მთლიანად ვერ ვენდობი რუსეთის პარლამენტს, რადგან მასში ძალიან ბევრია პარტოკრატი და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მუშაკიო. ამავე დროს აზერბაიჯანის პარლამენტთან ძალიან გულითადი ურთიერთობა გაქვთ, თუმცა იქ ასეთი დეპუტატი ნაკლები როდია.

არავისათვის არ არის საიდუმლო, რომ რუსეთის პარლამენტში არიან სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ადამიანები. იგივე კრიუჩკოვის მოადგილე ბობკოვი, რომელიც დღესაც გაზეთ „პრავდაში“ წერს, გამსახურდია უნდა დაეპატიმრებინათო და ა.შ. დღესაც ადგას იმ გეზს, რომელიც სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას ჰქონდათ. მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ ვთანამშრომლობთ რუსეთის პარლამენტთანაც და აზერბაიჯანის პარლამენტთანაც. კვლავაც ასე ვითანამშრომლებთ.

– საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა. მზად არის თუ არა რესპუბლიკა, ანგარიში გაუსწოროს დანარჩენ რესპუბლიკებს თავისუფლად კონვერტირებული ვალუტით და მსოფლიო ბაზრის ფასებით, როგორც ეს რუსეთის საგარეო ეკონომიკური კავშირურთიერთობის მინისტრმა განაცხადა?

– ამისათვის კი მზად არიან კავშირი ან რუსეთი, რომელიც უფასოდ ეწეოდა ჩვენი კურორტების, ჩვენი წიაღისეულის და ყოველივე დანარჩენის ექსპლოატაციას – მზად არის თუ არა იგი გადაგვიხადოს ამისთვის საზღაური?

მზად არის იგი გადაგვიხადოს იგივე მანგანუმის ვალი, რომლებიც ასობით მილიარდ დოლარს შეადგენს? იცით თუ არა თქვენ ეს? საქართველო სატრანზიტო გზაა ევროპიდან აზიისკენ, და ყველა გზა უფასოა. მზად ხართ თუ არა გადაიხადოთ ყოველივე ამისათვის საერთაშორისო ფასებით? აი, თავიდანვე ასე უნდა დაისვას საკითხი.

– მთელი გნებული ცხოვრების მანძილზე იბრძოდით. დღეს, როგორც პრეზიდენტს, გეხმარებათ თუ ხელს გიშლით შეძენილი, მებრძოლის ფსიქოლოგია?

– რა თქმა უნდა, მეხმარება!

– რა აზრის ბრძანდებით ისტორიაში პიროვნების როლზე?

– თვით ყველაზე ღირსეული, ბრძენი და ხალხის საყვარელი ადამიანები მარადიულნი არ არიან.

– რაიმეს ღონობთ თუ არა მმართველობის სამართლებრივი, დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნისათვის?

– რა თქმა უნდა! ჩვენი პარლამენტის მთელი საქმიანობის მიზანი ის არის, რომ პროცესი შეუქცევადი იყოს, რომ აქ არასოდეს არ დამყარდეს კომუნისტური ან სხვა ტოტალიტარული წყობილება.

– როცა ადამიანებს ვხვდებოდი, ვთხოვდი აეხსნათ თქვენი კოლოსალური პოპულარობის მიზეზები. ბევრი ფიქრობს, გარდა იმისა, რომ აბსოლუტურად პატიოსანი კაცი ბრძანდებით, რომელიც მათ ნდობას იმსახურებს, ამავე დროს უზრუნველყოფილი კაციც ხართ, მხედველობაში აქვთ თქვენი განთქმული მამის – მწერლის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა. როცა ხმას გაძლევდნენ, მათ მიაჩნდათ, რომ „ხელეჩოსავით თქვენსკენ კი არ მიითვლიდით, როგორც წინანდელი ხელმძღვანელები, არამედ იზრუნებდით საკუთრი ხალხის, სამშობლოს კეთლდღობისათვის“. მართლა ასეთი მდიდარი ხართ?

– ლიტერატურული საქმიანობა შესაძლებლობას მაძლევს საკმაოდ შეძლებულად ვიცხოვრო. რაც შეეხება შვეიცარიის ბანკში დადებულ მილიონებს, ეს ხმები, როგორც იტყვიან, ძალიან გაზვიადებულია.

– შეხვედრები მქონდა საქართველოს საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან. ისინი ახლა ძალიან აქტიურები არიან. ბევრ რამეს ელიან რესპუბლიკაში მიმდინარე ცვლილებებისაგან. მაგრამ ამავე დროს შიშობენ, რომ ჩაიკეტება საქართველოს საზღვრები, რამაც მათი აზრით შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს მოკავშირე რესპუბლიკებთან ეკონომიკურ კავშირურთიერთობაზე.

– დამოუკიდებელი სახელმწიფო ვერ იარსებებს საზღვრების, საბაჟოს და სხვათა გარეშე. ყოველივე ეს ბუნებრივია, შეიქმნება, და თანაც უახლოეს მომავალში.

– რა გავლენას მოახდენს ეს სხვა რესპუბლიკებთნ ურთიერთობაზე?

– მე მგონია, ისინიც თავის მხრივ ასევე მოიქცევიან.

– ასეთ შემთხვევაში, რა ელის სსრ კავშირის პრეზიდენტის აგარაკს გუდაუთის რაიონის დაბა მიუსერაში?

– ეს საკითხი, ალბათ, გადაწყდება ჩვენი დაგეგმილი პირადი შეხვედრის დროს.

– რა შეგიძლიათ გვითხრათ რამდენიმე თვის წინ დაპატიმრებული სამხრეთ ოსეთის ლიდერის – კულუმბეგოვის ბედზე?

– ტორეზ კულუმბეგოვის ბედი მთლიანად არის დამოკიდებული საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურასა და სასამართლოზე, სადაც მისი საქმე ამჟამად იხილება.

– თქვენზე ამბობენ, ღრმად მორწმუნე კაციაო, რას შესთხოვთ ღმერთს ლოცვისას?

– ამას წინათ დასავლეთის ერთმა გაზეთმა წარწერიანად დაბეჭდა ფოტო, სადაც მე თითქოს არჩევნებში ჩემი გამარჯვებისათვის ვლოცულობდი. ჩემი პირადი წარმატებისათვის არასოდეს არ ვლოცულობ. ვლოცულობ კაცობრიობისათვის, ჩემი ხალხისათვის.

– გვითხარით, რას ეძღვნება თვენი ლექსები?

– მოკლედ თუ ვიტყვით – ღმერთს, კაცობრიობას და ჩემს სამშობლოს.

– თქვენ სამი ვაჟი გყავთ. როგორ გესახებათ მათი მომავალი?

– ორი პატარაა – მოსწავლეები არიან. მათ ჰუმანიტარული მიდრეკილებანი აქვთ. უყვართ ლიტერატურა და ენები, მისდევენ სპორტს. უფროსი ვაჟი აღმოსავლეთმცოდნეა – ირანისტი.

– გყავთ თუ არა პოლიტიკური მოღვაწის იდეალი?

– დიახ, გენერალი შარლ დე გოლი.

საუბარს უძღვებოდა ვ. სავიჩევი
გაზ. „არგუმენტი ი ფაქტი“ 25

 

გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№130 (150) 1991 „…რესპუბლიკის ყოველი მუდმივი მცხოვრები საქართველოს მოქალაქე იქნება“ : საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინტერვიუ გაზეთთან „არგუმენტი ი ფაქტი“ / გამსახურდია ზ. ; [ჩაიწერა] ვ. სავიჩევმა // საქართველოს რესპუბლიკა. – 1991. – 4 ივლისი. – №130 (150). – 1გვ.

 

 

ივლისი 2, 2010

ზვიად გამსახურდია: “ღია წერილი ფაზილ ისკანდერისადმი”

პატივცემულო ფაზილ აბდულის ძევ!

მე გავეცანი თქვენს ინტერვიუს დასავლეთგერმანულ ჟურნალ “შპიგელში”, რის შემდეგაც ორმაგი გრძნობა გამიჩნდა. ერთის მხრივ, თქვენ ობიექტურად გააშუქეთ მესხთა რეპატრიაციის საკითხი, ქართველი ეროვნების ადამიანებისა, რომელნიც გადაასახლეს შუა აზიაში 1944 წელს, ხოლო მეორე მხრივ, მე განმაცვიფრა თქვენმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ თითქოს 40-იან წლებში დაიწყო იძულებითი “გაქართველება” აფხაზური სკოლებისა. რატომ არაფერს ბრძანებთ იმის შესახებ, რომ აფხაზური სკოლა წმინდა სახით, როგორც ასეთი, არასოდეს არ არსებობდა და არც ახლა არსებობს, ვინაიდან ე.წ. აფხაზურ სკოლაში მხოლოდ პირველი 4 კლასია აფხაზური, ხოლო დანარჩენ კლასებში სწავლება მიმდინარეობს რუსულ ენაზე? რატომ არ წუხხართ რუსიფიკაციაზე, რომელიც ნამდვილი  საფრთხეა აფხაზეთისათვის, ან იქნებ “ქართველიზაციაზე” საუბარი ნაკლებ რისკთან არის დაკავშირებული?

უკანასკნელ ხანებში აფხაზეთის ისტორიის ზოგი ფალსიფიკატორის მიერ გავრცელდა დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს თანამედროვე აფხაზეთის ასსრ-ს ტერიტორია მუდამ ადიღეური მოდგმის აფსუების ტომის კუთვნილება იყო (რომელთაც დღეს შეცდომით “აფხაზებს” უწოდებენ), ხოლო ქართველებმა ვითომდაც XX საუკუნეში “დაიპყრეს” აფხაზეთი. ამასთან დაკავშირებით მე შეგახსენებთ თქვენთვის კარგად ცნობილ ბესლეთის XII საუკუნის ხიდს სოხუმში, რომელიც თამარ მეფის ეპოქაშია აგებული. ამ ხიდზე მიკრულია განმარტებითი დაფა, რომელზეც წერია, რომ ხიდი ძველქართული არქიტექტურის ძეგლია და მასზე შემონახულია ქართული წარწერა, მაგრამ სიტყვა “ქართული” წაშლილია (არსებობს ფოტო ამ დაფისა). ვის დასჭირდა ამ სიტყვის წაშლა? ცხადია იმას, ვინც ესოდენ გულმოდგინედ აყალბებს აფხაზეთის ისტორიას და ავრცელებს ხმებს მისი ვითომდაც გვიანდელი “დაპყრობის” შესახებ ქართველთა მიერ. ამგვარი ადამიანები ჩქმალავენ იმასაც, რომ ამ ხიდის გარდა მთელს აფხაზეთში უამრავი ქართული ძეგლია და რომ არაქართული ძეგლები აქ საერთოდ არ მოიპოვება (რუსული ძეგლები ჩნდება XIX-XX საუკუნიდან), რაც იმაზე მიუთითებს, რომ აფხაზეთი მუდამ საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო, ხოლო თავად სიტყვა “აფხაზეთი” იყო სახელწოდება დასავლეთ საქართველოსი ისევე, როგორც ეგრისი და კოლხეთი, აფხაზები ქართული ტომის სახელწოდება იყო, ხოლო ამ მხარის დღევანდელი მკვიდრნი, ადიღეური აფსუები აქ ჩამოსახლდნენ XVII-XVIII საუკუნეებში, შეერივნენ ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას და მიიღეს “აფხაზების” სახელწოდება. ეს თანამედროვე ისტორიოგრაფიის ანბანური ჭეშმარიტებებია; ასე, რომ ამის დამალვა ან საწინააღმდეგოს მტკიცება მიგვითითებს მხოლოდ უმეცრებაზე ან ისტორიის ბოროტგანზრახულ ფალსიფიკაციაზე.

არ უნდა დავხუჭოთ აგრეთვე თვალები იმ ფაქტზეც, რომ საბჭოთა პერიოდში დაიწყო ხელოვნურად შუღლის გაღვივება ისტორიულად ურთიერთმონათესავე, მოძმე ხალხებს შორის და თქვენს მიერ აღნიშნული ფაქტებიც ამ შუღლის გაღვივებას ისახავდა მიზნად. ყოველივე ამან კულმინაციას მიაღწია 1978 წელს, როდესაც დაიწყო მასობრივი ანტიქართული აქციები, რასაც ქართველთა ხოცვა-ჟლეტაც კი მოჰყვა. ყოველივე ეს პროვოცირებული იყო მოსკოვიდან ველიკორუსული შოვინიზმის მიერ. აგრეთვე, პროთურქული ელემენტების მიერ, რომელნიც აფხაზეთის რუსეთთან შეერთების ნიღაბქვეშ მალავდნენ ოცნებას აფხაზეთის თურქეთთან შეერთებისას, რაზედაც მოწმობს 70-იან წლებში თურქეთში ოფიციალურად გამოცემული რუკა, სადაც თანამედროვე აფხაზეთი შეერთებულია ჩრდილოეთ კავკასიასთან, რომელიც თავის მხრივ თურქეთის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

მე ვიცი, რომ მოწინავე და გონიერი ნაწილი თანამედროვე აფხაზი ინტელიგენციისა არ იწონებს ამგვარ ავანტურისტულ კურსს. ფრიად სასურველი იქნებოდა თქვენი თვალსაზრისი გაგება ამ საკითხზე.

პატივისცემით,
ზვიად გამსახურდია.

1988 წლის აპრილი.

Blog at WordPress.com.