ზვიად გამსახურდია

აგვისტო 25, 2019

ზვიად გამსახურდია – ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ბატონ ჯეიმს ბეიკერს

x_2510126d

როგორც ცნობილი გახდა, თქვენ აპირებთ საქართველოში ჩამობრძანებას ქართველი ხალხის სისხლიან ჯალათთან, ედუარდ შევარდნაძესთან ერთად. ედუარდ შევარდნაძე იყო იმ სამხედრო გადატრიალებისა და პუტჩის ორგანიზატორი, რომელმაც სისხლში ჩაახშო ქართველი ხალხის დემოკრატიული მონაპოვარი. ეს ავლენს თქვენს პირდაპირ ალიანსს დანაშაულებრივ ხუნტასთან, რომელიც ყოველდღიურად ღვრის უდანაშაულო ადამიანების სისხლს, ხვრიტავს მშვიდობიან მიტინგებს და დემონსტრანტებს, აპატიმრებს ასობით ადამიანს, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს, თრგუნავს პიროვნების თავისუფლებას. იმუქრება, რომ ადგილზე დახვრეტს ყველას, ვინც კანონიერი ხელისუფლების დასაცავ მიტინგში გაბედავს მონაწილეობის მიღებას.

ყოველივე ეს წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის დისკრედიტაციას, რომელიც თავის თავს დემოკრატიულ ქვეყნად მიიჩნევს. ხუნტასთან და მის ორგანიზატორებთან ურთიერთობით აშშ უგულვებელყოფს ხალხის მიერ კანონიერად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას და შედის საეჭვო ალიანსში დამნაშავეებსა და მაფიასთან.

ამგვარი მოქმედება ხელს უწყობს საქართველოში ტოტალიტარიზმისა და სახელმწიფო ტერორიზმის განვითარებას, რასაც ყოველთვის გმობდა ამერიკის ოფიციალური პოლიტიკა.

მე პროტესტს ვაცხადებ ამ ალიანსის წინააღმდეგ და ვითხოვ, რომ შემხვდეთ მე, საქართველოს კანონიერ პრეზიდენტს და კანონიერი მთავრობისა და პარლამენტის სხვა წევრებს, რომელნიც დღეს იდევნებიან თვითმარქვია ხელისუფლების მიერ.

გთხოვთ შემატყობინოთ პასუხი.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია
8 თებერვალი. 1992 წ.

ქართული აზრი. – 1992.- 26 თებერვალი.- №6. – 2გვ.
წყარო

დეკემბერი 27, 2018

ზვიად გამსახურდია – რესპუბლიკის ყოველი მუდმივი მცხოვრები საქართველოს მოქალაქე იქნება

 

x_f434f166

გამჭოლავი მზერა, მტკიცედ მოკუმული ტუჩები და ზეაღმართული მუშტი: დღევანდელი საქართველოს ცოცხალი სიმბოლო ზვიად გამსახურდიაა. წარსულში დისიდენტი, სამართალდამცველი, რომელმაც იწვნია პოლიტიკური საპატიმროები და გადასახლებანი. ახლა – მეცნიერი, პუბლიცისტი, პოეტი და რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტია. მისი მრავალი პორტრეტი გამოკიდებულია მაღაზიების, კაფეებისა და სასადილოების ვიტრინებში. იგი გულწრფელად უყვარს ხალხს და მისი მისამართით გამოთქმულ ყოველ კრიტიკას აღიქვამს ეროვნული ღირსების გრძნობის შეურაცხყოფად, თუმცა ბევრი მაინც აკრიტიკებს დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტს, მაგრამ ძირითადად რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ.

– ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს ფარგლებს გარეთ, როგორც ჟურნალისტები იტყვიან ხოლმე „ცუდი პრესა“ გაქვთ. რატომ არის, რომ დასავლეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და დამოუკიდებელი დემოკრატიული პრესა ჩვენში ასე ერთსულოვნად უჭერენ მხარს ბალტიისპირეთის რესპუბლიკებს დამოუკიდებლობისადმი მისწრაფებაში და ასე კრიტიკულად არიან განწყობილი დამოუკიდებელი საქართველოსა და პირადად თქვენდამი?

მთავარი მიზეზი ის არის, რომ ეს დემოკრატიული პრესა, ისევე როგორც, სხვათა შორის, რუსეთის ბევრი დემოკრატიც და ეს სამწუხაროა, შოვინისტურად არის განწყობილი საქართველოს მიმართ. ცენტრი საქართველოს წინააღმდეგ ეწევა ნამდვილ საინფორმაციო ომს, მარჯვედ ამახინჯებს ფაქტებს, დეზინფორმაციას აწვდის მთელ მსოფლიოს. ბევრი ხვდება მის გავლენაში.

– მეც ვფიქრობ, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი იძლება დაბნეული იყოს. ალბათ არ შიძლება ერთი საზომით ვუდგებოდეთ ბალტიისპირეთსა და კავკასიას – ყველგან თავისი სპეციფიკაა.

– მოვიყვან კონკრეტულ მაგალითს: ჟურნალისტმა ტოლნიკოვმა დაწერა ფრიად ობიექტური სტატია ეგრეთწოდებული სამხრეთ ოსეთის შესახებ. მაგრამ ყველაზე დამოუკიდებლმა დემოკრატიულმა გაზეთმა – „ნეზავისიმაია გაზეტამ“, რომელსაც ჩვენ დიდ პატივს ვცემთ, ეს სტატია არ დაბეჭდა. ამის უკან რაღაც იმალება, როგორც ჰამლეტი ამბობს: „დანიის სამეფოში რაღაც იხრწნება…“ ეტყობა დემოკრატიული მოძრაობის შიგნით რაღაც ხდება, რაც ჩვენ არ ვიცით. რატომ არ ქვეყნდება ობიექტური ინფორმაცია, მით უფრო, თუ იგი არაქართველმა, არაკავკასიელმა დაწერა? მაშასადამე, რაღაც წინასწარ შექმნილი აზრი მაინც არსებობს! სპეციფიკა კი, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ, ის არის, რომ აქ ძალიან მარჯვედ ქმნიან ეთნიკურ კონფლიქტებს, რომლებსაც შემდეგ ჩვენზე ზეგავლენისათვის იყენებენ. ცენტრში აყალიბებენ აზრს, რომ ამ კონფლიქტებში ბრალი მიუძღვით სწორედ იმ ძალებს, რომლებიც დამოუკიდებლობისათვის იბრძვიან და ამ ხელოვნების ამოცნობა ზოგჯერ ძალიან ჭირს.

– თქვენ საჯარო გამოსვლებში ხშირად გაისმის ისეთი სიტყვები, როგორიცაა – „მოღლატენი“, „ხალხის მტრები“, „პროვოკატორები“ და ა.შ. რა არის ეს – ტრადიციული კავკასიური ემოციურობა თუ რეალური პოლიტიკური პოზიცია საკუთრი ოპონენტების მიმართ?

– მე მიყვარს, როცა საგნებს თავიანთ სახელებს ვარქმევ, და ეს ყველას თვალში ხვდება. რას მიბრძანებთ, რა დავარქვა იმას, რასაც მათი ქართველი კორესპონდენტები წერენ გაზეთ „მეგაპოლის ექსპრესში“ – თითქოს საქართველოს ჰელსინკის კავშირი გაერიცხოთ ჰელსინკის საერთაშორისო კავშირიდან და ამას წერენ ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ეს ასე არ არის! და ეს იმ დროს, როცა საქართველო დგას ინტერვენციის საფრთხის წინაშე და საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება! განა ეს ღალატი არ არის? თქვენ თუ იცით, რაიმე სხვა სიტყვა, მას ხალისით გამოვიყენებდი. მოღალატენი ყოველთვის ჰყავდა და ეყოლება ნებისმიერ ხალხს, და მათ თავიანთი სახელები უნდა დავარქვათ, მაგრამ ამას უადგილოდ არასოდეს არ ვამბობ, არასოდეს არ ვაზვიადებ.

– თქვენ ინტელიგენციის ცნობილი ოჯახის წარმომადგენელი ბრძანდებით, მაგრამ სწორედ ინტელიგენციის გარემოში გყავთ ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე. თქვენი აზრით, რა არის წინააღმდეგობათა თავი და თავი?

– აი, კვლავ დეზინფორმაცია, რომელსაც ცენტრი ავრცელებს ჩვენი ადგილობრივი მოღალატეების მეშვეობით! არავითარი ინტელიგენცია არ მებრძვის! არიან ცალკეული ინტელიგენტები, რომლებსაც პოლიტიკაში ხელი მოეცარათ. მათ მთავრობასა და პარლამენტში მოხვედრა ეწადათ, მაგრამ ხალხმა ისინი არ აირჩია. განა ეს ჩემი ბრალია? ახლა ისინი გაბოროტდნენ, დღე და ღამ ცილს სწამებენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხელისუფლებას, იყენებენ სხვადასხვა „ხმებს“. აი, ის რამდენიმე ინტელიგენტი, რომლებიც შეიძლება დავასახელო: ნიკოლოზ ჭავჭავაძე, ჭაბუა ამირეჯიბი და ა.შ. ხალხი მათ არ ენდობა, ისინი მუშაობდნენ კომუნისტური რეჟიმის დროს, ჰქონდათ პრივილეგიები, თუ რისთვის – ესეც ცნობილია, ამიტომ ისინი ხალხს არ უყვარს. ახლა მთელი თავიანთი ღვარძლი ჩემზე გადმოანთხიეს, თითქოს მე ვიყო მათი ხელმოცარულობის მიზეზი.

– ერთ-ერთ თქვენს ამასწინანდელ ინტერვიუში ბრძანეთ, მთლიანად ვერ ვენდობი რუსეთის პარლამენტს, რადგან მასში ძალიან ბევრია პარტოკრატი და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მუშაკიო. ამავე დროს აზერბაიჯანის პარლამენტთან ძალიან გულითადი ურთიერთობა გაქვთ, თუმცა იქ ასეთი დეპუტატი ნაკლები როდია.

არავისათვის არ არის საიდუმლო, რომ რუსეთის პარლამენტში არიან სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ადამიანები. იგივე კრიუჩკოვის მოადგილე ბობკოვი, რომელიც დღესაც გაზეთ „პრავდაში“ წერს, გამსახურდია უნდა დაეპატიმრებინათო და ა.შ. დღესაც ადგას იმ გეზს, რომელიც სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას ჰქონდათ. მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ ვთანამშრომლობთ რუსეთის პარლამენტთანაც და აზერბაიჯანის პარლამენტთანაც. კვლავაც ასე ვითანამშრომლებთ.

– საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა. მზად არის თუ არა რესპუბლიკა, ანგარიში გაუსწოროს დანარჩენ რესპუბლიკებს თავისუფლად კონვერტირებული ვალუტით და მსოფლიო ბაზრის ფასებით, როგორც ეს რუსეთის საგარეო ეკონომიკური კავშირურთიერთობის მინისტრმა განაცხადა?

– ამისათვის კი მზად არიან კავშირი ან რუსეთი, რომელიც უფასოდ ეწეოდა ჩვენი კურორტების, ჩვენი წიაღისეულის და ყოველივე დანარჩენის ექსპლოატაციას – მზად არის თუ არა იგი გადაგვიხადოს ამისთვის საზღაური?

მზად არის იგი გადაგვიხადოს იგივე მანგანუმის ვალი, რომლებიც ასობით მილიარდ დოლარს შეადგენს? იცით თუ არა თქვენ ეს? საქართველო სატრანზიტო გზაა ევროპიდან აზიისკენ, და ყველა გზა უფასოა. მზად ხართ თუ არა გადაიხადოთ ყოველივე ამისათვის საერთაშორისო ფასებით? აი, თავიდანვე ასე უნდა დაისვას საკითხი.

– მთელი გნებული ცხოვრების მანძილზე იბრძოდით. დღეს, როგორც პრეზიდენტს, გეხმარებათ თუ ხელს გიშლით შეძენილი, მებრძოლის ფსიქოლოგია?

– რა თქმა უნდა, მეხმარება!

– რა აზრის ბრძანდებით ისტორიაში პიროვნების როლზე?

– თვით ყველაზე ღირსეული, ბრძენი და ხალხის საყვარელი ადამიანები მარადიულნი არ არიან.

– რაიმეს ღონობთ თუ არა მმართველობის სამართლებრივი, დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნისათვის?

– რა თქმა უნდა! ჩვენი პარლამენტის მთელი საქმიანობის მიზანი ის არის, რომ პროცესი შეუქცევადი იყოს, რომ აქ არასოდეს არ დამყარდეს კომუნისტური ან სხვა ტოტალიტარული წყობილება.

– როცა ადამიანებს ვხვდებოდი, ვთხოვდი აეხსნათ თქვენი კოლოსალური პოპულარობის მიზეზები. ბევრი ფიქრობს, გარდა იმისა, რომ აბსოლუტურად პატიოსანი კაცი ბრძანდებით, რომელიც მათ ნდობას იმსახურებს, ამავე დროს უზრუნველყოფილი კაციც ხართ, მხედველობაში აქვთ თქვენი განთქმული მამის – მწერლის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა. როცა ხმას გაძლევდნენ, მათ მიაჩნდათ, რომ „ხელეჩოსავით თქვენსკენ კი არ მიითვლიდით, როგორც წინანდელი ხელმძღვანელები, არამედ იზრუნებდით საკუთრი ხალხის, სამშობლოს კეთლდღობისათვის“. მართლა ასეთი მდიდარი ხართ?

– ლიტერატურული საქმიანობა შესაძლებლობას მაძლევს საკმაოდ შეძლებულად ვიცხოვრო. რაც შეეხება შვეიცარიის ბანკში დადებულ მილიონებს, ეს ხმები, როგორც იტყვიან, ძალიან გაზვიადებულია.

– შეხვედრები მქონდა საქართველოს საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან. ისინი ახლა ძალიან აქტიურები არიან. ბევრ რამეს ელიან რესპუბლიკაში მიმდინარე ცვლილებებისაგან. მაგრამ ამავე დროს შიშობენ, რომ ჩაიკეტება საქართველოს საზღვრები, რამაც მათი აზრით შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს მოკავშირე რესპუბლიკებთან ეკონომიკურ კავშირურთიერთობაზე.

– დამოუკიდებელი სახელმწიფო ვერ იარსებებს საზღვრების, საბაჟოს და სხვათა გარეშე. ყოველივე ეს ბუნებრივია, შეიქმნება, და თანაც უახლოეს მომავალში.

– რა გავლენას მოახდენს ეს სხვა რესპუბლიკებთნ ურთიერთობაზე?

– მე მგონია, ისინიც თავის მხრივ ასევე მოიქცევიან.

– ასეთ შემთხვევაში, რა ელის სსრ კავშირის პრეზიდენტის აგარაკს გუდაუთის რაიონის დაბა მიუსერაში?

– ეს საკითხი, ალბათ, გადაწყდება ჩვენი დაგეგმილი პირადი შეხვედრის დროს.

– რა შეგიძლიათ გვითხრათ რამდენიმე თვის წინ დაპატიმრებული სამხრეთ ოსეთის ლიდერის – კულუმბეგოვის ბედზე?

– ტორეზ კულუმბეგოვის ბედი მთლიანად არის დამოკიდებული საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურასა და სასამართლოზე, სადაც მისი საქმე ამჟამად იხილება.

– თქვენზე ამბობენ, ღრმად მორწმუნე კაციაო, რას შესთხოვთ ღმერთს ლოცვისას?

– ამას წინათ დასავლეთის ერთმა გაზეთმა წარწერიანად დაბეჭდა ფოტო, სადაც მე თითქოს არჩევნებში ჩემი გამარჯვებისათვის ვლოცულობდი. ჩემი პირადი წარმატებისათვის არასოდეს არ ვლოცულობ. ვლოცულობ კაცობრიობისათვის, ჩემი ხალხისათვის.

– გვითხარით, რას ეძღვნება თვენი ლექსები?

– მოკლედ თუ ვიტყვით – ღმერთს, კაცობრიობას და ჩემს სამშობლოს.

– თქვენ სამი ვაჟი გყავთ. როგორ გესახებათ მათი მომავალი?

– ორი პატარაა – მოსწავლეები არიან. მათ ჰუმანიტარული მიდრეკილებანი აქვთ. უყვართ ლიტერატურა და ენები, მისდევენ სპორტს. უფროსი ვაჟი აღმოსავლეთმცოდნეა – ირანისტი.

– გყავთ თუ არა პოლიტიკური მოღვაწის იდეალი?

– დიახ, გენერალი შარლ დე გოლი.

საუბარს უძღვებოდა ვ. სავიჩევი
გაზ. „არგუმენტი ი ფაქტი“ 25

 

გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№130 (150) 1991 „…რესპუბლიკის ყოველი მუდმივი მცხოვრები საქართველოს მოქალაქე იქნება“ : საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინტერვიუ გაზეთთან „არგუმენტი ი ფაქტი“ / გამსახურდია ზ. ; [ჩაიწერა] ვ. სავიჩევმა // საქართველოს რესპუბლიკა. – 1991. – 4 ივლისი. – №130 (150). – 1გვ.

 

 

ივლისი 28, 2010

ზვიად გამსახურდია – ეროვნება არა აქვს ცხოველს

ინტერვიუ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდიასთან:

სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში

როცა სადღაც აფრიკაში ამხობენ მორიგ დიქტატორს, დაახლოებით ბოკასას ტიპისას, კაციჭამიაობაში მხილებულს, დასავლეთის განვითარებული ქვეყნების მთავრობები ამას განიხილავენ, როგორც “ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლების უხეშ დარღვევას” და დიქტატორის საწინააღმდეგოდ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჯარებს გზავნიან. მაგრამ როცა საქართველოში იარაღის ძალით დაამხეს კანონიერი ხელისუფლება, მსოფლიო საზოგადოებრიობამ ეს ფაქტი შეაფასა, როგორც ქართველი ხალხის თავისუფალი ნების გამოვლინება.

იმის გასარკვევად, თუ რით აიხსნება დასავლური დემოკრატიის ესოდენი გულგრილობა სახელმწიფოს კანონიერი ხელისუფლების ბედისადმი, მივმართეთ თავად საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას.

-მთავრობები, რომელთაც თქვენ დემოკრატიულს უწოდებთ, სინამდვილეში კარგა ხანია განუდგნენ დემოკრატიას. დემოკრატია იქცა ცარიელ სიტყვად, რომელსაც თავის ნებაზე ატრიალებენ დასავლეთის მთავრობათა ამა თუ იმ პოლიტიკური ინტერესების შესანიღბავად. როცა ამ მთავრობებს სურთ გააძლიერონ თავიანთი გალენა და სამხედრო ყოფნა რომელიმე რეგიონში, თავდაპირველად ცდილობენ მოისყიდონ ამ ქვეყნის ხელისფლება და თუ წინააღმდეგობას წააწყდნენ, უბრალოდ, ამხობენ მას. ასეთ შემთხვევაში მათთვის არა აქვს მნიშვნელობა დამხობილი რეჟიმის ხასიათს: დემოკრატიულია იგი, თუ ავტორიტარული. ეს მტაცებლური მიდგომა სხვა ქვეყნებისადმი დღეს საბოლოოდ დამკვიდრდა ნატოს სახელმწიფოებში.

აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ყველაზე მძლავრი სახელმწიფოები უკვე აღარც კი ცდილობენ შენიღბონ თავიანთი ზრახვები და აშკარად და ცინიკურად თრგუნავენ სხვა ხალხთა ნებას. სწორედ, ეს მოხდა საქართველოში.

ბატონო პრეზიდენტო, რას წარმოადგენენ ეს მსოფლიო ძალები, ესოდენ თავისუფლად რომ ერევიან უცხო სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში?

— კაცობრიობის მტრებს-ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით: ისინი მიზნად ისახავენ ყველა სხვა ხალხის გენოციდს; პლანეტის მთელი მოსახლეობის ერთი განსაზღვრული ჯგუფის გამოკლებით. ეს ჯგუფი მჭიდროდ არის დაკავშირებული შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან და მთელი ძალით მიილტვის მსოფლიო ბატონობისაკენ. ძოგადად, მე მას ევროამერიკულ იმპერიალიზმს ვუწოდებდი. მთავარ დამკვრელ ძალას მასში წარმოადგენს აშშ. შეიძლება ითქვას, სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში იმართებოდა ოკეანის გაღმიდან. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯ. ბეიკერის პირადი მონაწილეობით და ბუშის ლოცვა-კურთხევით.

ბეიკერმა პირდაპირ მოუწოდა პუტჩისადმი საქართველოს ბანდიტურ-ოპოზიციურ დაჯგუფებებს (ამერიკაში ჩინებულად იცოდნენ, რომ ოპოზიცია საქართველოში კრიმინალური მაფიისა და ყოფილი პარტოკრატებისაგან შედგებოდა). ბეიკერმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ უჭერდა მხარს საქართველოში არსებულ რეჟიმს და არაფრით დაეხმარებოდა მას. სცენარი გადატრიალებისა, რომელიც აშშ-მ მოაწყო საქართველოში, ადრე არაერთგზის გამოუყენებია ამ ქვეყანას პლანეტის სხვა რეგიონებში.

— რით ვერ დაიმსახურა თქვენმა ხელისუფლებამ დასავლეთის კეთილგანწყობა?

— ჩვენ მივესწრაფვოდით დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას, არ დავემორჩილეთ დასავლური სახელმწიფოების დიქტატს, არ ვიქეცით მათი ინტერესების მსახურად, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ არ დავუშვით, რომ საქართველო დასავლეთის კოლონიად ქცეულიყო.

დასავლეთს კი მხოლოდ ისეთი ხელისუფლება აძლევდა ხელს, რომელიც უსიტყვოდ აღასრულებდა მის ნებას. ეს იქცა ერთ-ერთ მიზეზად სამხედრო გადატრიალებისა და ხელისუფლებაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (ცრუ) აგენტისა და ევროამერიკული იმპერიალიზმის პირდაპირი აგენტის მოსვლისა.

მაგრამ დასავლეთის წყრომას ჩვენს მიმართ კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა. სახელმწიფოს სათავეში მოსულნი, ჩვენ ვესწრაფვოდით ეროვნული კულტურის აღორძინებას, ხალხის შეკავშირებას ეროვნული სულისკვეთებით, რათა მას მთელი სიღრმით გაეცნობიერებინა, რომ გაცილებით ძველი ისტორია აქვს, ვიდრე ბევრ ევროპელ ხალხს… ჩვენი პოლიტიკის ეს ეროვნული ორიენტაცია არ იწვევდა სწორედ საერთოევროპული სახლის მესვეურთა აღტაცებას, რადგან ოფიციალური დასავლეთი (მხედველობაში მაქვს ხელისუფლებანი და არა ხალხები) ებრძვის ყოველგვარ ეროვნულ მოძრაობას. მათი მიზანია, გაანადგურონ ერის ნება საერთოდ და შექმნან ერთიანი მსოფლიო კონგლომერატი, სათავეში-მსოფლიო ხელისუფლებით. ამ მსოფლიო მთავრობამ უნდა განაგოს ქვეყნიერება და დაამყაროს ე.წ. ახალი მსოფლიო წესრიგი. ახალი მსოფლიოს წესრიგის არსია: განადგურება ყველა სახელმწიფოს (ქრისტიანული იქნება ის თუ მუსულმანური, რელიგიას  ისინი არ ანიჭებენ ნმიშვნელობას) დამოუკიდებლობისა, გენოციდი ამ ქვეყნების მოსახლეობისა და საბოლოო დამორჩილება მთელი პლანეტისა.

ძალები, რომელთაც ეკისრება მსოფლიო ხელისუფლების ბატონობის შემზადება, სხვა ქვეყნებს განიხილავენ მხოლოდ რესურსების თვალსაზრისით. მათი მიზანია, ეს ქვეყნები თავიანთი ხალხებით, მთავრობებით, კულტურებითურთ აქციონ უბრალოდ ტერიტორიებად, სადაც მოსახლეობას დატოვებენ მხოლოდ მსოფლიო ელიტისათვის საჭირო რაოდენობით. ამასთან, სრულიად დემორალიზებულს, მზადმყოფს მისი ინტერესების სამსახურისადმი. ამ ზრახვათა განცხორციელებას მხოლოდ ხალხთა ეროვნული თვითშეგნება და ეროვნული სახელმწიფოების შექმნა შეიძლება აღუდგეს წინ. ამიტომ ებრძვის დასავლეთი ეროვნულ მოძრაობებს, ამიტომ ცდილობს ეთნიკური კონფლიქტების გაჩაღებას და ომების პროვოცირებას. მაგალითად, იუგოსლავიაში მიმდინარე ომი მათი ნამოქმედარია. ეს შემთხვევით სტიქიურად აალებული კონფლიქტი კი არ არის, არამედ მიზანმიმართულად გაჩაღებული ომი, რომელშიც უნდა დაიფერფლოს ეროვნული იდეის მატარებელი ხალხი. დღეს დასავლეთს იუგოსლავიის მოდელი დასავლეთიდან გადააქვს კავკასიაში, ხელოვნურად მწვავდება ეროვნებათაშორისი დაძაბულობა. შემდგომში ხან აქ, ხან იქ აფეთქებული ლოკალური კონფლიქტები დასავლეთს მისცემენ საბაბს პირდაპირი სამხედრო ჩარევისათვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძალთა სახით. სულ ახლახან გაკეთდა განცხადება, რომ ნატო ქმნის სწრაფი რეაგირების ძალებს, ასი ათასი კაცის შემადგენლობით, რომელიც ჩაერევა მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში მიმდინარე მოვლენებში. ფრიად საყურადღებოა, რომ ამასთან დაკავშირებით მოხსენებულ იქნა კავკასია და იუგოსლავია.

— ბატონო პრეზიდენტო, თქვენ განზრახული გქონდათ ისეთი სახელმწიფოს აშენება საქართველოში, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა ეროვნული ინტერესებისაკენ. რა მიგაჩნიათ უმთავრეს პირობად ეროვნული სახელმწიფოს აშენებისათვის?

— პირველ რიგში, აუცილებელია შემუშავება ისეთი მექანიზმისა, რომელიც უზრუნველჰყოფს ქვეყანაში მოსახლე ყველა ეროვნების ურთიერთთანხმობის მიღწევას, ეროვნულ უმცირესობათა უფლების განუხრელ დაცვას.

ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ შინაგანი სტაბილურობის მიღწევა შეუძლებელია ძალადობისა და ეროვნულ უმცირესობათა დათრგუნვის გზით. აუცილებელია გადასვლა ერთ სახელმწიფოში ეროვნებათა თანაარსებობის ისეთ ფორმაზე, რომელიც ხელსაყრელი იქნება ყველასათვის, როგორც ეკონომიკის სფეროში, ისე ეროვნული კულტურის შენარჩუნების უსაფრთხოების თვალსაზრისით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო კოსმოპოლიტური ძალები, რომლებზედაც ვლაპარაკობთ, უსათუოდ შეეცდებიან რომელიმე ეროვნების უკმაყოფილება გამოიყენონ სახელმწიფოს დარღვევისათვის. ეს მათი ნაცადი და ქმედითი ხერხია. თვითგამორკვევის პრინციპი რასაკვირველია, არ უნდა დავიდეს აბსურდამდე; მაგალითად, თუ დღეს რუსეთში ვოლგისპირელმა გერმანელებმა გერმანული სახელმწიფოს შექმნა მოინდომეს, ეს ყოვლად დაუშვებელ მოთხოვნად უნდა შეფასდეს.

— რატომ ქმნიდით მაინც და მაინც ეროვნულ სახელმწიფოს? საერთოდ, რაში სჭირდება ადამიანს ეროვნება, თქვენი თვალსაზრისით?

— სწორედ, ეროვნული თვითსეგნება აქცევს ადამიანს ადამიანად. ეროვნება არა აქვს ცხოველს, სარწმუნოება და ეროვნება ის ძირითადი თვისებებია, რომელნიც ადამიანს სხვა სულიერისაგან განასხვავებენ და მისთვის ამ განმასხვავებელი თვისებების წართმევა უმძიმესი დანაშაულია ადამიანის წინაშე, დასაწყისი მისი, როგორც პიროვნების, დეგრადაციისა. დენაციონალიზაცია წინაპართა და წარსულის უარყოფა, ადამიანის სრული მოკვეთაა ეროვნული ფესვებისაგან. კაცი ადამიანურ აზრს მხოლოდ თავისი ეროვნული კულტურის წიაღში ინარჩუნებს, ამიტომ ადამიანის კულტურა განუყრელად არის დაკავშირებული მის ეროვნებასთან; იგი მშობლიური კულტურის მეშვეობით ეზიარება მსოფლიო ცივილიზაციას. ამდენად დენაციონალიზაცია ადამიანისა და დენაციონალიზაცია ქვეყნისა წყვეტენ მათ კავშირებს დანარჩენ სამყაროსთან და დაუცველს ტოვებენ მსოფლიო მასშტაბით ორგანიზებული კოსმოპოლიტური ძალების წინაშე.

რა ძალები აღუდგნენ სახელმწიფოს შექმნას თვით საქართველოში?

 

— საქართველოში ინტელიგენციის გარკვეულ ნაწილს ნომენკლატურულს უწოდებენ. კულტურის ეს მოღვაწენი დიდი პრივილეგიებით სარგებლობდნენ საბჭოურ წლებში და ახლაც ახალ პრივილეგიებს გამოდევნებულები მზად არიან ზურგი აქციონ მშრომელი ხალხის ინტერესებს. ამჯერად ისინი ე. შევარდნაძის გარშემო დაირაზმნენ. იგივე ნაწილი ინტელიგენციისა ძალზედ მჭიდროდაა დაკავშირებული ჩრდილოვანი ეკონომიკის სამყაროსთან, მაფიასთან. არსებითად, ჩვენთან, საქართველოში, მათ შორის არც არის რაიმე განსხვავება. ისინი ისე განუყრელად შეზრდიან ერთმანეთს, რომ ერთ პიროვნებაში ხშირად შერწყმულია ინტელიგენტიც და დანაშაულებრივი სამყაროს ავტორიტეტიც. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების წლებში წარმოიქმნა მთელი კლასი ასეთი ჰიბრიდებისა. სწორედ, ისინი ჩაუდგნენ სათავეში და განახორციელეს გადატრიალება.

ერთნი საქართველოში მომხდარს ახასიათებენ, როგორც “ბურჟუაზიულ რევოლუციას”, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს; საქართველოში არ არსებობს ბურჟუაზია, არის მხოლოდ მაფია და საქართველოში სწორედ “მაფიოზური რევოლუცია” მოხდა.

— რით აიხსნება დასავლეთის ესოდენ გაზრდილი ინტერესი კავკასიის მიმართ?

 

— ეს რეგიონი ძალზედ მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, კავკასიის მფლობელი ფლობს ახლო აღმოსავლეთსაც და აზიასაც. ეს, სხვათაშორის, მუდამ ესმოდათ დასავლეთის ქვეყნებს, რის გამოც ბრძოლა კავკასიისათვის უძველესი დროიდან მიმდინარეობდა მათსა და რუსეთს შორის.

წმინდა სამხედრო თვალსაზრისით კავკასია წარმოადგენს ხიდს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, რომელიც მეტად აუცილებელია ორივე მხარისათვის.

რუსეთიც კავკასიას ოდითგანვე განიხილავდა, როგორც მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ პლაცდარმს, მაგრამ რუსეთი დღეს სუსტდება და ამიტომ დასავლეთი მიისწრაფვის ხელიდან გამოსტაცოს მას ინიციატივა, თავისი გავლენა გაავრცელოს ამ რეგიონში და ბოლოს და ბოლოს მოახდინოს მისი ოკუპაცია. მაგრამ ეს შეუძლებელია კავკასიის სრული “ბალკანიზაციის” გარეშე. საკმარისია, რუსეთმა სცნოს მთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რომ მათი სახით მყისვე შეიძენს ყველაზე ერთგულ მეგობრებს, რადგან აქ მკაფიოდ განასხვავებენ ელცინსა და რუსეთის სახელმწიფოს, როგორც მფარველს დასავლური ექსპანსიისაგან.

— ბატონო პრეზიდენტო, თავად თქვენ როგორ ეკიდებით რუსეთს?

 

— ძალიან კარგად. ვიმედოვნებ, არც თქვენ აიგივებთ ელცინსა და რუსეთს! მმართველები მოდიან და მიდიან, ქვეყანა კი რჩება. მე მიმაჩნია, რომ როლი, რომელსაც დღეს რუსეთი ასრულებს კავკასიაში, არ შეესაბამება მისსავე ინტერესებს და ოკეანის გაღმიდან აქვს თავსმოხვეული.

ჩემთვის არ არის უცხო პრორუსული განწყობა. მე მუდამ მივესწრაფვოდი მჭიდრო კავშირს რუსეთთან და ვოცნებობდი, საქართველოს ჰყოლოდა ბუნებრივი მოკავშირე ამ თავისი დიდი აღმოსავლელი მეზობლის სახით. მაგრამ ეს არ აძლევდა ხელს დასავლურ სამყაროს და მის მორჩილ ხელისუფლებას რუსეთისა. ისინი განაგრძობენ ეთნიკური კონფლიქტების გაჩაღებას კავკასიაში. შედეგად, ჩვენ ვდგავართ ამ კონფლიქტების დიდ ომში გადაზრდის სავსებით რეალური საფრთხის წინაშე.

მე იმედი მაქვს კონფლიქტებში ჩათრეული ხალების; პირველ რიგში, რუსი ხალხის საღი აზრისა და გონიერებისა. ვიმედოვნებ, იგი შეიგნებს, თუ ვინ და რა ინტერესების კარნახით უბიძგებს რუს ჯარისკაცებს ახალი კავკასიური ომის უფსკრულსაკენ. ამ ომში ვერც ერთი მხარე ვერ იქნება გამარჯვებული. მხოლოდ დასავლეთი მოითბობს ხელს ახალი ომის ალზე.

მე მწამს ხალხთა სიბრძნისა. ეს არის უკანასკნელი, რამაც უნდა გვიხსნას კატასტროფისაგან.

“ნაროდნაია პრავდა”
1992 წელი
სანკტ-პეტერბურგი

zv-dj

ივლისი 15, 2010

ზვიად გამსახურდია – ღია წერილი ედუარდ შევარდნაძეს

Filed under: ზვიად გამსახურდია — ტეგები:, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , — georgianeli @ 2:34 AM

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია

ღია წერილი ედუარდ შევარდნაძეს

”უსამართლო ძლიერებას საუკუნო არ აქვს ძალი,
უძლეველი საბოლოოდ არის მხოლოდ სამართალი”.

აკაკი წერეთელი

გადავწყვიტე, წერილობით მოგმართოთ, ვინაიდან მრავალი ჩვენს ურთიერთობაში გარკვევას საჭიროებს, როგორც ქართველი ხალხისათვის, ასევე მსოფლიოსათვის. ეს წერილი მიზნად არ ისახავს თქვენს განქიქებას, ან თქვენი როგორც პიროვნების შეურაცხყოფას. იგი ასახავს მხოლოდ ობიექტურ რეალობას. მე ვთვლი, რომ ის რაც ხდებოდა თქვენი მმართველობის დროს საბჭოთა პერიოდში, სახეცვლილად გრძელდება დღესაც და ასახავს ურთიერთობას საქართველოსა და იმპერიულ ცენტრს შორის, რომელმაც იმთავითვე დაგაკისრათ ფუნქცია საქართველოს ჟანდარმისა. ამიტომ მსურს გაგახსენოთ ყველაფერი უმცირეს დეტალებში და მოგახსენოთ ჩემი დასკვნები; მზად ვარ აგრეთვე მოვისმინო თქვენი კონტრარგუმენტები. დანარჩენი კი ერმა და საზოგადოებრიობამ განსაჯოს.

მართალია, პიროვნულად ჯერ კიდავ 60-იანი წლებიდან გიცნობდით, მაგრამ ჩვენი პირველი საქმიანი შეხვედრა მოხდა 1970 წელს. იმხანად თქვენ შინაგან საქმეთა მინისტრი იყავით და მამაჩემის, კონსტანტინე გამსახურდიას მეგობრად და კეთილისმსურველად სახავდით თავს. ამან გამაბედინა თქვენთან მოსვლა, როდესაც მამაჩემმა საახალწლოდ მიიღო ანონიმური წერილი ვითომდაც ,,რუსი და სომეხი ნაცისტებისა”; კუთხოვანი ასოებით დაწერილი ქართულ ენეზე, რომელიც ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდა მამაჩემს და მთელ ქრთველ ერს. ამ წერილში ნათქვამი იყო, რომ ქართელი ერი გადაგვარებისა და მოსპობის გზაზეა დამდგარი, და რომ ამას დააჩქარებენ რუსი და სომეხი ,,ნაცისტები”. მათი თქმით, აღმოსავლეთ საქართველო უნდა გადასულიყო სომეხთა და აზერბაიჯანელთა ხელში, დასავლეთ საქართველო კი რუსეთის ხელში. კონსტანტინე გამსახურდია, როგორც ეროვნული მოღვაწე, ამ ,,ნაცისტებს” უმთავრეს დაბრკოლებად ესახებოდათ ამ მიზნის მიღწევის გზაზე და ემუქრებოდნენ სიკვდილით. წერილში იყო ასეთი ფრაზა: “მოველით იმ წუთს, როდესაც დავიწყებთ ქართველთა სისხლის დაღვრას, ხოცვას ახალგაზრდებიდან დავიწყებთ”.

დიდხანს ვცდილობდი თქვენთან დაკავშირებას; მაგრამ ამაოდ. თქვენი მისაღები ხან მპასუხობდა თათბირი აქვსო, ხანაც რაიონშიაო წასული. სჩანს წინდაწინ იცოდით თუ რა საკითხზე მსურდა თქვენთან დაკავშირება. ბოლოს, როგორც იქნა, მწერალთა კავშირიდან მთავრობის აპარატით დაგიკავშირდით და მიმიღეთ. თქვენ წაიკითხეთ წერილი, განცვიფრება გამოხატეთ და დაავალეთ გამოძიება შსს ერთერთ გამომძიებელს. თანაც მითხარით ათიოდე დღეში გამოიარეთო. ამასთან რაოდენ დიდი იყო ჩემი განცვიფრება, რომ თქვენ საუბარზე დაისწარით ქალაქის მილიციის საგამომძიებლო განყოფილების ყოფილი უფროსი (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ), რომელმაც კინაღამ სიცოცხლეს გამოგვასალმა მე და მერაბ კოსტავა 1959 წელს საპატიმროში რეციდივისტი მკვლელების ხელით. აი, ასე გამეცით ,,სიმბოლური “ პასუხი ჩემს კანონიერ მოთხოვნაზე, რომ გამოგეძიებინათ იმ ანონიმური წერილის ავტორის ვინაობა და როგორც ჩანს, გამოხატეთ თქვენი პოზიცია. ცხადია, შემდგომში არც არაფერი გამოიძიეთ და მიაფუჩეჩეთ საქმე. მრავალი რამ ამ ,,ნაცისტების” მუქარიდან თანდათან რეალობად იქცა მომდევნო წლებში, განსაკუთრებით კი უკანასკნელ წელს (1992 წ-ს.), საქართველოში დატრიალებული სისხლიანი მოვლენების დროს, მაგრამ ამაზე ქვემოთ ვისაუბრებ. ახლა კი, ჩვენი ურთიერთდამოკიდებულების სხვა მომენტებს დავუბრუნდები.

მჟავანაძისეული პერიოდის კორუფციისა და განუკითხაობის დროს ქართველი საზოგადოება გამოსავალს ეძებდა. თქვენ აცხადებდით, რომ იბრძოლებდით პატიოსნებისა და პრინციპულობისთვის, უშველიდით ქართულ კულტურას, მოუღებდით ბოლოს მაფიის თარეშს (ცხადია, დამოუკიდებლობასა და თაისუფლებაზე ოცნებაც კი გამორიცხული იყო მაშინ). ამიტომ მრავალი მიესალმა თქვენს მოსვლას ხელისუფლების სათავეში 1972 წელს და მეც იმედი გამიჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი დისიდენტი და საბჭოთა სისტემის მტერი. ახლა ვხედავ, რომ ეს იყო ახალგაზრდული გამოუცდელობა და კომუნისტური დემაგოგიის ვერშეცნობა ჩემის მხრით. რა უნდოდა იმის დანახვას, რომ კორუფციასთან ბრძოლის დროშა ააფრიალა ყველაზე მეტად კორუმპირებული სამინისტროს ხელმძღვანელმა და რომ პოლიტბიურო მხოლოდ საგანგებოდ შერჩეულ და შემოწმებულ კარიერისტ კოლაბორაციონისტებსა და რუსიფიკატორებს ნიშნავდა ნაციონალური რესპუბლიკების ხელმძღვანელებად? თურმე თვით მჟავანაძეც კი ,,ნაციონალისტად” მიაჩნდათ თქვენთან შედარებით, ვინაიდან მან (თავისი სისუსტით და არა პატრიოტიზმით) ვერ გამოუცხადა ომი საკუთარ ერს, მის ენასა და კულტურას, მის თვითმყოფადობას. ამიტომ იყო აღნიშნული პოლიტბიუროს ცნობილ დადგენილებაში მისი პერიოდის ,,ნაციონალისტური” გადახრები. ხელისუფლებლის სათავეში თქვენი მოსვლის შემდეგ მალე გაქარწყლდა ილუზია, რომ თქვენ კომუნისტური და რუსოფილური ნიღაბი გჭირდებოდათ მოსკოვის მისატყუებლად, რათა ეროვნული საქმისათვის მიგეხედათ. თქვენ დაიწყეთ რუსიფიკაციის კამპანია ისეთი მასშტაბით, როგორიც არ მოსწრებია ჩვენს მრავანტანჯულ საქართველოს თვით ცარიზმის შავბნელი რეაქციის წლებშიც კი. თქვენ განდევნეთ ქართული ყველა სახელმწიფო დაწესებულებიდან, რუსული ენა კი ფაქტიურად სახელმწიფო ენად აქციეთ. დაიწყეთ კამპანია ეროვნული სულის ყოველგვარი გამოვლინების წინააღმდეგ; თვით ისტორიულ თემაზე წერასაც კი ,,ნაციონალიზმად” ნათლავდით, ხოლო თქვენი მწერლები და კინორეჟისორები აშკარად გადავიდნენ ისტორიის გაყალბებაზე, საქართველოს რუსეთთან შეერთების, როგორც უაღრესად პროგრესული მოვლენის აპოლოგიაზე, ,,საბჭოთა პატრიოტიზმის”, შერეული ქორწინებების პროპაგანდაზე. ,,ინტერნაციონალიზმის” დროშით დაიწყო ქართული მოსახლეობის არნახული შევიწროება, სოფლად თუ ქალაქად, არაქართველთა პრივილეგიების პარალელურად. დაიწყო ბრძოლა ,,მავნე ჩვეულებებისა და ტრადიციების (!)” წინააღმდეგ, რაც ფაქტობრივად ნიშნავდა რელიგიურ წეს-ჩვეულებებთან ბრძოლასაც; პარალელურად კი ნერგავდით კომუნისტურ, საბჭოთა ,,დღესასწაულებს”, სადაც ღრეობისა და მუცელღმერთობის გარდა არაფერი ხდებოდა,  ნერგავდით ,,ახალ რიტუალებს”, ე.ი. ახალ საბჭოთა, კომუნისტურ რელიგიას.

დღეს, კრიმინალიურ – ტერორისტული ხუნტის მოწვევით საქართველოში ჩამოსულს თქვენ და თქვენისთანა პარტოკრატებს ხშირად გხედავენ ეკლესიებში, სადაც სანთლებს ანთებთ ხოლმე. შთამომავლობამ უნდა იცოდეს, თუ როგორი იყო თქვენი დამოკიდებულება საქართველოს ეკლესიასთან; როგორ მართავდა მას თქვენი რწმუნებული, როგორ ფიქრობდა მის გადაქცევს სუკ-ის ფილიალად, როგორ არბევდნენ თქვენი კომკავშირლები მორწმუნე ახალგაზრდობას, განსაკუთრებით აღდგომის დღესასწაულებზე. მათ, ეკლესიების გვერდით გახსნილ კომკავშირულ შტაბებში შეჰყავდათ ახალგაზრდები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულზე ეკლესიაში ბედავდნენ მოსვლას. ამ შტაბებში ხდებოდა მათი ტერორიზება, ,,დამუშავება”, აღტიცხვაზე აყვანა, ხოლო შემდგ ამას მოსდევდა რეპრესიები, სასწავლებლებიდან გარიცხვა, ოჯახების დაწიოკება და სხვა. როგორ დაიწყეთ ეკლესია-მონასტრების გადაკეტება თეატრებად, საკონცერტო დარბაზებად, როგორ გააუქმეთ, მაგალითად, შიო-მღვიმის მონასტერი 1980 წელს, როგორ დაამწყვდიეთ მისი წინამძღვარი, მოხუცი კაცი ეკლესიის შენობაში, ზამთრის ყინვაში, რის შედეგადაც მას კინაღამ სული აღმოხდა, როგორ იმსხვერპლა სუკ-ის ტერორმა მრავალი სამღვდელო პირი და ეკლესიის მსახური, როგორ უწყობდით ხელს ,,ზაკვო”-ს სამხედროებს ჩვენი კულტურის უნიკალური ძეგლების, განსაკუთებით დავით-გარეჯისა და გელათის განდგურებაში, რაც იმპერიის გეგმის მიხედვით ხორციელდებოდა.

საყოველთაოდ ცნობილია, თუ როგორ თანდათანობით ზრდიდით რუსული ენის საათებს ქართულ სკოლებში ქართული ენის ხარჯზე; როგორ კრძალავდით საქართველოს ისტორიის სწავლებას, როგორ დააპირეთ 1976 წელს უმაღლესი სასწავლებლების რუსიფიკაცია, ძირითად საგნებში ლექციების რუსულ ენაზე კითხვის დაკანონება, რამაც გამოიწვია დიდი აღშფოთება შეგნებული ქართული საზოგადოებისა. ამავე წლებში ბრეჟნევისეულ გიგანტომანიას, გიგანტური ჰესებისა და საწარმოო ობიექტების მშენებლობას ყველაზე აქტიურად თქვენ დაუჭირეთ მხარი, რაც იყო გამოვლინება საქართველოს წინააღმდეგ ეკოლოგიური ომისა და საბოლოო ჯამში მიზნად ისახავდა ქართველი ხალხის გენოციდს. ეს აჩქარებდა აგრეთვე ქართველი ხალხის ასიმილაციას, ვინაიდან ასეთი მასშტაბების მშენებლობებს ეროვნული კადრებით არა თუ საქართველო, არამედ თვით უკრაინა და ყაზახეთიც ვერ აუდიოდა. თქვენ იყავით ერთერთი ინიციატორი ავადსახსენებელი როკის გვირაბის გაყვანისა, რის შედეგაბსაც ახლა იმკის საქართველო და რამაც დაგვაკარგინა შიდა ქართლი და სამაჩაბლო. თქვენ, ავადსახსენებელი სუსლოვის ინსტრუქციების შესაბამისად, ყველაფერი იღონეთ იმისათვის, რომ აფხაზეთში ყოველნაირად გაძლიერებულიყო სეპარატისტული მოძრაობა და მომზადებულიყო სისხლიანი ეთნოკონფლიქტი.

თქვენს მიერ გაჩაღებულმა კამპანიამ ნეგატიური მოვლენების წინააღმდეგ, კორუფციასთან მოჩვენებითბა ბრძოლამ, საშუალო და დაბალი ფენა დააზარალა, მსხვილ მექრთამეთა ,,ელიტა” კი ხელშეუხებლად დატოვა. იმ დროს, როდესაც ხაბეიშვილისა და მგელაძის კორუმპირებული მაფია მილიონებს ატრიალებდა, რომელსაც უხვად უგზავნიდით პოლიტბიუროს. თქვენ წონაში მოტყუებისა და უმცირესი სამეურნეო დანაშაულისათვის ციხეებში ყრიდით და აციმბირებდით ათასობით უბრალო ადამიანს. როგორც ერთმა პოეტმა შეგნიშნათ, თქვენს დროს აქლემის ქურდი ნემსის ქურდს ასამართლებდა, ხოლო თქვენ ამ აქლემის ქურდებს სხვადსხვა დიდი თანამდებობებით  ჯილდოებდით, ციხეებში დანერგეთ არნახული სადისტური წამების მეთოდები, თქვენს მიერ შექმნილ სპეციალურ მეორე კორპუსში სადისტმა გამომძიებლებმა და აგენტმა პატიმრებმა დაასახიჩრეს და დახოცეს ასობით ადამიანი, ჩვენებისა და ფულის გამოძალვის მიზნით, გააუბედურეს ასობით ოჯახი (ცირეკიძე – უსუპიანის საქმე, ფროლოვის საქმე, ოპერის საქმე და სხვა). დღეს ბევრი მათგანი აღდგენილია და იმავე ადგილზე მუშაობს; ალბათ, ახალ დატვირთვებს მისცემთ მათაც. ,,ნეგატიურ მოვლენებთან” ბრძოლის პარალელურად თქვენ თავად ნერგავდით კრიმინალურ პრაქტიკას საწარმოო-სამეურნეო სფეროში. კახეთში თქვენს მიერ ღვინის ფალსიფიკაციის მიზნით შეტანილმა შაქარმა სახელი გაუტეხა ქართულ ღვინოსა და ქართველ მეღვინეს. სამაგიეროდ ამგვარმა ფალსიფიკაციამ და მიწერებმა მოგიტანათ გარდამავალი დროშები, სოციალისტური შრომის გმირის ორდენები და გზა გაგიკაფათ კრემლის დიდებისაკენ.

იმ წლებში საზოგადოების მორალური დეგრადაცია იმითაც დაჩქარდა, რომ თქვენ თანამდებობის მოპოვების თუ საზღვარგარეთ მივლინებით წასვლის მთავარ პირობად სუკ-ის აგენტობა აქციეთ, რის შედეგადაც სუკის აგენტურულ ქსელში ჩაითრიეთ ქართველი ინტელიგენციის, ახალგაზრდობის და სამღვდელოების მნიშვნელოვანი ნაწილი. საერთოდ, სუკ-ის აგენტების რაოდენობამ თქვენი მმართველობის პერიოდში რეკორდულ ციფრს მიაღწია, რასაც თქვენ ,,პიროვნების სოციალიზაციას” უწოდებდით და როგორც ჩანს განზრახული გქონდათ უდიდესი ნაწილის ჩაბმა ამ შავბნელი ორგანიზაციის სამსახურში.

თქვენ აღმართეთ თბილისის ცენტრში მოღალატე ორჯონიკიძის უდიდესი ძეგლი, ხოლო ოზურგეთში ძეგლი დაუდგით ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ორგანიზატორს ფილიპე მახარაძეს, ყოველნაირად ნერგავდით კომუნისტი ძმათამკვლელებისა და რენეგატების კულტს, ლენინის ძეგლების რაოდენობით ხომ საქართველომ ყველა საბჭოთა რესპუბლიკას გადააჭარბა. სტალინის კულტსაც ფარულად უწყობდით ხელს, ვინაიდან სტალინი ოფიციალურად დაგმობილი იყო. თქვენ არაერთხელ გითქვამთ ვიწრო წრეში, რომ სტალინი თქვენი მოძღვარი იყო, რასაც საქმით ამტკიცებთ ყოველ ნაბიჯზე. ამავე დროს საქართველოში ძეგლები არ ეღირსათ დავით აღმაშენებელს, თამარ მეფეს, გიორგი ბრწყინვალეს და მრავალ დიდ საზოგადო მოღვაწეს.

საბჭოთა კავშირში და მთელს მსოფლიოში თქვენ სიტყვა ,,ქართველი” ხაზინის ქურდის, მექრთამის, სპეკულანტის სიმბოლოდ აქციეთ, იმ დროს როდესაც კორუფცია და სპეკულაცია იმპერიის სხვა რეგიონებში კიდევ უფრო მეტად ყვაოდა.

თქვენ ებრძოდით საქართველოში ჭეშმარიტ ეროვნულ მწერლობასა და მეცნიერებას, სამაგიეროთ აყვავეთ ,,მურტალო-კუკარაჩებისა” და ,,შემწვარი ნეკების” ცრუ ლიტერატურა და ანტიეროვნული მეცნიერება. თქვენ არნახული სისასტიკით სდევნიდით არა მარტო დისიდენტურ მოძრაობას, არამედ თვით უმცირეს მისწრაფებასაც თავისუფლებისადმი, რაზეც აქ განსაკუთრებით უნდა შევჩერდე.

1976 წელს თქვენ დახვრიტეთ ქართველი პატრიოტი ვლადიმერ ჟვანია, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი, რომელმაც მოაწყო საპროტესტო აფეთქებები მთავრობის შენობის წინ თბილისში, ქუთაისში და სოხუმში; 1983 წელს თქვენი ბრძანებით წამებით მოკლეს ქ. თბილისის ფსიქიატრიულ სავადმყოფოში პირუთვნელი ჟურნალისტი ქალი ნაზი შამანაური, თქვენი მაფიის მხილებისათვის; 1983 წელს დაახვრეტინეთ ცნობილი ,,თვითმფრინავის საქმეზე” დაპატიმრებული ახალგაზრდები, თუმცა სხვა რესპუბლიკებში მინიმალურ სასჯელს აძლევდნენ ასეთი დანაშაულისათვის; მათთან ერთად დახვრიტეთ უდანაულო მღვდელი თევდორე ჩიხლაძე, როგორც ვითომდაც მათი ,,იდეური ხელმძღვანელი”, სინამდვილეში კი იმის გამო, რომ არ ისურვა სუკ-ის აგენტობა.

საქართველოს სავალალო მდგომარეობამ, თქვენმა დრაკონულმა რეპრესიებმა, ანტიქართულმა და ანტიდემოკრატიულმა პოლიტიკამ გამოიწვია საპროტესტო მოძრაობა, რომელსაც მე და მერაბ კოსტავა ჩავუდექით სათავეში. ერთხანს ჩვენ ვცდილობდით იატაკქვეშა მოძრაობის პარალელურად გამოგვეთქვა ჩვენი აზრი, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალ-გაზეთების რედაქციები დაკეტილი იყო ჩვენთვის, გწერდით წერილებს, განცხადებებს, ქართული ენის, კულტურის ძეგლების, ქართული ეკლესიის მდგომარეობაზე.

მიღებაზე მუდამ უარს გვეუბნებოდით, განცხადებებზე კი არავითარი რეაქცია არ ჩანდა, გარდა იმისა რომ, თქვენს გამოსვლებში დაუსახელებლად ხშირად გვიწოდებდით ანტისაბჭოთა დემაგოგებს, სამშობლოს მოღალატეებს (ცხადია სოციალისტურ სამშობლოს გულისხმობდით, რადგანაც სხვა სამშობლო არასოდეს გწამდათ და არც გწამთ). ბოლოს მთლიანად გადავედით იატაკქვეშა ბრძოლაზე და დავუკავშირდით საბჭოთა კავშირის დემოკრატიულ მოძრაობას, ვინაიდან მაშინ ჩვენი ბრძოლა ერთ მიზანს ისახავდა. ამას მოჰყვა ჩვენი დევნა სუკ-ის მიერ, დაბარებები, გაჩხრეკები, დაკავებები, ბოლოს კი ჩვენს წინააღმდეგ გაჩაღდა უპრეცენდენტო ცილისმწამებლური კამპანია პრესითა და ტელევიზიით, ხოლო 1977 წელს დაგვაპატიმრეთ. სუკ-ის ჯურღმულები არ გვაკმარეთ და ფსიქიატრიულ ციხეებში გვიკარით თავი: მე მოსკოვში, სერბსკის ჯალათ-ფსიქიატრთა ,,ინსტიტუტში”, ხოლო მერაბ კოსტავას თბილისის ორთაჭალის ციხის საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში. შეშლილებად გსურდათ ჩვენი გამოცხადება თქვენი დრაკონული რეჟიმისა და სიმართლის თქმისათვის. ბოლოს ჰონოლულუს ფსიქიატრთა მსოფლიო კონგრესზე საბჭოთა სადამსჯელო ფსიქიატრიის დაგმობამ გვიშველა, აგრეთვე საფრანგეთის ფსიქიატრთა პროტესტმა, წინააღმდეგ შემთხვევაში დნეპროპეტროვსკის ფსიქიატრიულ ციხეში ამოგვხდიდნენ ორივეს სულს.

სუკ-ში პატიმრობისას წელიწადნახევრის მანძილზე მიწევდნენ შანტაჟს, მემუქრებოდნენ ამერიკის დაზვერვის აგენტად გამოცხადებით, სამშობლოს ღალარის მუხლით გასამართლებით, ოჯახის წევრების ფიზიკური განადგურებით, მოსალოდნელი ახალგაზრდული დემონსტრაციების გაჟლეტით, ხოლო მოსკოვში პატიმრობისას ავადსახსენებელი სუსლოვის ემისრები საქართველოდან აფხაზეთის ჩამოშორებითაც კი მემუქრებოდნენ თუ არ მოვინანიებდი. ჩემი მეუღლე კი, ძუძუთა ბავშვის დედა, დეკრეტულ შვებულებაში მყოფი სამსახურიდან მოახსნევინეთ, რაც არც ჰიტლერს და არც სტალინს არ ჩაუდენიათ. დღეს თქვენი აგენტები აყალბებენ ჩემი ე.წ. ,,მონანიების” არსს, იყენებენ ამას ჩემი დისკრედიტაციისათვის, თითქოს არ იცოდნენ საქმის რეალური ვითარება. ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია კიდევ ერთხელ განვმარტო ჩემი ტაქტიკური უკანდახევა სასამრთლოზე 1978 წელს.

ჩემი დაპატიმრების შემდეგ ეროვნულ მოძრაობას განადგურების საფრთხე დაემუქრა. აღარავინ რჩებოდა გარეთ დასავლეთის ქვეყნებთან ხიდის გამდები, თვითგამოცემებისა და იატაკქვეშა მუშაობის ორგანიზატორი. ბოლოს მე და მერაბ კოსტავამ მოვილაპარაკეთ, რომ მე ,,მოვინანიებდი” ჩემს ზოგიერთ ქმედებას, გამოვიდოდი ციხიდან და გარეთ გავაგრძელებდი საქმიანობას, შევინარჩუნებდი თვითგამოცემას, შევინარჩუნებდი საინფორმაციო ხიდს დასავლეთთან, ხოლო მერაბ კოსტავამ თავად იტვირთა ციხეში დარჩანა, თანაც გააკეთა წერილობითი განცხადება, რომ ჩემი ე.წ. ,,მონანიება” აუცულებლობით იყო გამოწვეული ჩვენი საერთო საქმის ინტერესებიდან გამომდინარე. მე გამოვიტანე ეს განცხადება ციხიდან, მაგრამ არ გამომიქვეყნებია, ვშიშობდი რამე ზიანი არ მიმეყენებინა მეგობრისთვის. ბოლოს, განთავისუფლების შემდეგ მან თავად გამოაქვეყნა იგი 1987 წელს მოსკოვის ჟურნალ ,,გლასნოსტის” მეხუთე ნომერში (რედაქტორი ს. გრიგორიანცი). ამგვარი შინაარსის წერილი მისწერა მან ე. ბონერსაც სახაროვისათვის გადასაცემად ქსნის კოლონიიდან იმავე წელს. მაგრამ ჰოი საოცრებავ, დღეს თქვენ და თქვენი დამქაშები ჩემს ამ ტაქტიკურ უკანდახევას ,,ღალატად” ნათლავთ, თითქოს მერაბ კოსტავაზე დიდი მორალური ავტორიტეტები იყოთ და ეროვნული მოძრაობის თავკაცები. მაგრამ თქვენ სულ სხვა მიზეზის გამო არ გასვენებთ ჩემი ,,მონანიება”. საქმე ის გახლავთ, ჩემი ,,მონანიება” და ციხიდან გამოსვლა რომ არ მომხდარიყო, არ იქნებოდა არც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობა, არც 9 აპრილი და არც იმპერიის ბატონობის დასარული 1990 წლის 28 ოქტომბრის თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების სახით, ამიტომაც ვერ მოგინელებიათ ჩემი ,,მონანიება” და კბილებს აღრჭიალებთ მისი გახსენებისას.

ბოლოს გადამასახლეთ ნოღაეთის ნახევარუდაბნოში, სადაც ქართველმა მწყემსებმა გადამარჩინეს შიმშილითა და სიცივით სიკვდილს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თქვენმა დამქაშებმა გამივრცელეს ჭორი, თითქოს მე თქვენი აგენტი გავხდი, რაც ერთხანს ირწმუნა საზოგადოების ნაწილმა და რასაც დიდხანს იმეორებდნენ ჭანტურია და სხვა მოღალატენი, ვიდრე თავად არ გამოვლინდნენ, როგორც თქვენი აგენტები. თანაც საზოგადოებამ დაინახა, რომ ისევ მე ვიყავი ერთადერთი კაცი რომელიც მსოფლიო საზოგადოებას ვაწვდიდი ინფორმაციას საქართველოს შესახებ, ვახერხებდი თვითგამოცემას, ვაწყობდი საპროტესტო აქციებს ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად. ბოლოს ის ახალგაზრდებიც ჩამომაშორეთ და მტრებად მიქციეთ ისინი სუკ-ის ჯოჯოხეთური მანქანის მეშვეობით. გარდა ამისა ყველა ხედავდა, რომ სუკის ყველაზე დიდი დევნისა და მეთვალყურეობის ობიექტი ისევ მე ვიყავი, ხელახალ დაპატიმრებას კი ვეღარ ბედავდით, რადგანაც უცხოეთში ძალზე გახმაურდა ჩემი სახელი.

ჰო, მაგრამ, მეტყვიან თქვენი დამქაშები, თქვენ შევარდნაძის წარსულზე საუბრობთ, მაგრამ დღეს იგი აღარ არის ის, რაც იყო, შევარდნაძე გადემოკრატდა. იგი ხომ ,,პერესტროიკის” ერთ-ერთი ავტორია. მან თავისი წარსული შეცდომები დაგმო, კომპარტიიდან გავიდა, ნუღარ იხსენებთ მის წარსულს, მის აწმყოზე ილაპარაკეთ. კეთილი და პატიოსანი.

განვიხილოთ თქვენი მოღვაწეობა ,,პერესტროიკის” შემდეგ. მართალია, თქვენ და გორბაჩოვი იძულებული გახდით მსოფლიო საზოგადოებრიობის დაწოლით დაგეწყოთ შედარებითი ლიბერალიზაცია, მაგრამ მიუხედავად პოლიტპატიმრებისა და რუსი დისიდენტების რეაბილიტაციისა, გრძელდებოდა ქართველი დისიდენტების დევნა და საზოგადოებიდან იზოლაცია. ჩემს წინააღმდეგ ისევ მძვინვარებდა კამპანია 1987-89 წლების საბჭოთა პრესაში, მაგრამ ამანაც ვერ შეაჩერა ეროვნული ძალების აზვირთება საქართველოში, რისი კულმინაციაც იყო 9 აპრილი, როდესაც თქვენ და გორბაჩოვმა უკანასკნელად სცადეთ სამხედრო ძალით გაგენადგურებინათ ეროვნული მოძრაობა საქართველოში. დამახასიატებელია ის, რომ თქვენ 9 აპრილს დამსჯელი ოპერაციის ერთ-ერთი ავტორი და დამგეგმავი, საქართველოში მოგავლინეს და მოგახსნევინეს კომენდანტის საათი (თუმც დღეს მოსკოვის მიერ მოწყობილი პუტჩის შემდეგ ისევ თქვენ დააწესეთ უსასრულო კომენდანტის საათი, რომლის მოხსნასაც აღარ აპირებთ). ბოლოს საქართველოში გაიმარჯვა დემოკრატიამ, ჩატარდა თავისუფალი, მრავალპარტიული არჩევნები, რომელიც თქვენი და თქვენი პარტიისათვის კრახით დამთავრდა. იმ დღიდან თქვენ გულში ჩაიდეთ რევანში და ყველაფერი იღონეთ იმისთვის, რომ ეს მონაპოვარი გაგენადგურებინათ და მიაღწიეთ კიდეც ამას იმპერიული ძალების დახმარებით. ხალხისათვის თვალის ასახვევად თქვენ მომილოცეთ ტელეგრამით არჩევნებში გამარჯვება, მაგრამ რამდენად გულწრფელი იყო ეს მოლოცვა დაადასტურა შემდგომი დროის მოვლენებმა. თქვენ შექმენით მოსკოვში შტაბი, რომელშიც გააერთიანეთ საქართველოდან გაქცეული ყველა რენეგატი-პარტოკრატი და გააჩაღეთ უპრეცენდენტო კამპანია მთელს მსოფლიოში საქართველოს ახალი ხელისუფლებისა და პირადად ჩემს წინააღმდეგ. თქენს მიერ მოსყიდულ ყოფილ დისიდენტებტან და ეროვნული მოძრაობის მოღალატეებთან ერთად არწმუნებდით მსოფლიოს, რომ საქართველოში დამყარდა ტოტალიტარული რეჟიმი, ფაშისტური დიქტატურა, რომლის დამხობაც აუცილებელია. რა დიქტატურაზე შეიძლებოდა საუბარი, როდესაც გამოდიოდა 20-ზე მეტი ოპოზიციური გაზეთი, ტელევიზიით იკრძალებოდა მხოლოდ ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, თავისუფლად დათარეშობდნენ უკანონო შეიარაღებული ფორმირებები და პარტიები, დავაპატიმრეთ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც სჩადიოდნენ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს, ბანდიტიზმს, ქუჩების გადახერგვას ბარიკადებით, ტელევიზიის აღების მცდელობას.

თქვენ იყენებდით საბჭოთა იმპერიასა და დასავლეთს შორის დამყარებულ ალიანსს საკუთარი ქვეყნის გასანადგურებლად, მისი ლიბანიზაციის დასაჩქარებლად, სისხლიანი პუტჩისა და გადატრიალების მოსაწყობად. თქვენი მეცადინეობით ჩვენს წინააღდეგ ამოქმედდა კრემლის უზარმაზარი პროპაგანდისტული მანქანა, რომლის პირისპირ ჩვენი საინფორმაციო საშუალებები უძლური აღმოჩნდა. პარალელურად კრემლი აძლიერებდა საქართველოში თავის მიერ შექმნილ შეიარაღებულ ,,ოპოზიციას” და მის მოკავშირე კრიმინალურ ბანდებს, რომელთაც აიარაღებდნენ საოცარი ინტენსივობით. ხოლო როდესაც ჩვენ კანონი ავამოქმედეთ, დასცეს განგაში პოლიტიკური რეპრესიების შესახებ.

ამასთან თქვენ და გორბაჩოვი ყოველნაირად უჭერდით მხარს ოს სეპარატისტებს, რაც ხელს უწყობდა შიდა ქართლის კონფლიქტის გაღვივებას და საუკეთესო საშუალება იყო ჯარის შემოყვანისა და საქართველოს ხელახალი ანექსიისა. ამასთან ყოველნაირად ინიღბებოდით და მალავდით კავშირს ამ მოვლენებთან. თქვენ თითიც არ გაანძრიეთ იმისათვის, რომ ეს საფრთხე აშორებოდა საქართველოს. შეგახსენებთ ერთადერთ სატელეფონო საუბარს, რომელიც შედგა ჩვენს შორის 1991 წლის გაზაფხულზე, როდესაც გორბაჩოვმა დააპირა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება შიდა ქართლის მთელს ტერიტორიაზე, რაც საქართველოს ხელახალ ოკუპაციას მოასწავებდა. მაშინ ჯერ კიდევ ვფიქრობდი რომ შეგებრალებოდათ თქვენი ქვეყანა და სწორ ინფორმაციას მაინც მივიღებდი თქვენგან ამ საშინელი საფრთხის შესახებ. როდესაც ტელეფონით დაგიკავშირდით თქვენ მითხარით, რომ მე უნდა დამერეკა გორბაჩოვისადმი და მეთხოვა შეეჩერებინა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ეს იმას მოასწავებდა, რომ გორბაჩოვი სანაცვლოდ მომთხოვდა საკავშირო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას, ამიტომ ცხადია, აღარ დავურეკე მას. შემდეგ მე მოვითხოვე თქვენგან დაგვხმარებოდით საქართველოს გამოყოფაში სსრ კავშირიდან, თანაც შეგახსენეთ, რომ თქვენ თქვენი სამშობლოს მეტი არაფერი დაგრჩენოდათ და უნდა გეფიქრათ მის კეთიდღეობაზე. ,,დამანებეთ თავი, მე ერთი პენსიონერი კაცი ვარ და ნუ მთხოვთ იმაზე მეტს, რაც შემიძლია”- ასეთი იყო თქვენი პასუხი; მე გკითხეთ აგრეთვე, მიეცით თუ არა ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას 31 მარტის რეფერენდუმზე, რაზედაც თქვენ დუმილით მიპასუხეთ. ახლა საყოველთაოდ ცნობილია, რომ თქვენ მხოლოდ 17 მარტის ე.წ. საკავშირო რეფერენდუმში მიიღეთ მონაწილეობა და ხმა მიეცით საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას, ხოლო 31 მარტს საქართველო და მისი დამოუკიდებლობა არც გაგხსენებიათ. მაგრამ თქვენი ყველაზე დიდი დანაშაული მაინც არის საქართველოში კრიმინალური რევოლუციის შემზადება და განხორციელება, რასაც პრეცენდენტი არ გააჩნია მსოფლიო ისტორიაში. თქვენ, ერთდროს დამნაშავეობასთან ვითომდაც მებრძოლი, დაუკავშირდით დამნაშავეთა სამყაროს და მისი მეშვეობით მოახდინეთ გადატრიალება საქართველოში. დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლები _ ჯ. იოსელიანი თავისი ,,მხედრიონით” და თ. კიტოვანი თავისი კრიმინალური ,,გვარდიით”, რომელმაც უღალატა კანონიერ ხელისუფლებას, თქვენი დადასაყრდენი არიან დღესაც. თქვენს მიერ შექმნილმა კრიმინალურმა ხუნტამ, საქართველოში ,,ზაკვო”-ს ჯარების დახმარებით, დაატრიალა იგივე რასაც სჩადიოდნენ მურვან-ყრუს, ჯალაჯედინის, თემურ-ლენგის, შაჰაბასისა და აღა-მაჰმად ხანის ურდოები. ხუნტაში დამნაშავე სამყაროსთან ერთად გაერთიანდენენ მაფიოზი პარტოკრატები და თქვენს მიერ პრივილეგირებული კომუნისტური ინტელიგენციის წარმომადგენლები, ის ინტელიგენტები, რომელთა მიერ იარაღის ხელში აღებას თქვენ მიესალმეთ თვითმფრინავის ტრაპიდანვე საქართველოში ჩამოსვლისას. აი, ის სოციალური ფენები, რომელთაც თქვენ ეყრდნობით დღეს და რომელთა ხელითაც აპირებთ საქართველოს მომავლის ,,აშენებას”. საქართველოს ციხეებიდან და კოლონიებიდან თქვენი ,,ამნისტიით” გამოშვებული 4 ათასამდე კრიმინალის დიქტატის ქვეშ არის დღეს მილიცია და პროკურატურა, მთელი სამართალდამცავი ორგანოები, რომელნიც ხელს უწყობენ მათ ახალ-ახალი სისხლიანი დანაშაულების ჩადენაში. თქვენი და ამ კრიმინალების დავალებით შეთითხნა პროკურატურამ ,,საქმეები” ჩემს წინააღმდეგ, უზენაესი საბჭოს დეპუტატებისა და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ, ხოლო ნამდვილ დამნაშავეთა საქმეები გააუქმა და მათი რეაბილიტაცია მოახდინა. პატიმრობიდან გაათავისუფლა ქართველი ხალხის მოსისხლე მტერი, ბოროტმოქმედი ტ. ყულუმბეგოვი, რამაც ახალი აღმავლობა გამოიწვია ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ-ტერორისტული მოძრაობისა და საბოლოოდ დაგვაკარგვინა შიდა ქართლი.

თქვენი ხუნტა პირველი დღეებიდან არბევდა და არბევს მშვიდობიან საპროტესტო მიტინგებსა და დემონსტრაციებს. საქართველოში იანვარ-თებერვალში ,,გვარდიისა” და ,,მხედრიონის” კრიმინალებმა დახოცეს და დაჭრეს ასობით დემონსტრანტი, ხოლო შემდეგ დამალეს მათ მიერ დაღვრილი სისხლი, აუკრძალეს რა ჯანმრთელობის სამინისტროს გარდაცვლილთა გვარების გახმაურება. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ეს გვარები ყველასათვის ცნობილია და ადრე თუ გვიან მათი მხეცური მკვლელობისათვის მოგეთხოვებათ პასუხი ყველას.

თქვენმა ხუნტამ საქართველოში გააჩაღა ძმათამკვლელი სამოქალაქო ომი და, რაც ყველაზე საგანგაშოა, არნახულად გააღვივა კუთხური შუღლი. ფოთის, სენაკის და ზუგდიდის ,,დასალაშქრავად” თქვენ გურულებს, იმერლებს და კახელებს აგზავნით, თითქოს უცხო ქვეყანას ოპყრობდეთ, ძარცვავთ, არბევთ და აწიოკებთ მოსახლეობას, ხოლო როდესაც ზუგდიდის მოსახლეობა აჯანყდა და ქალაქი გაათავისუფლა ,,მხედრიონის” და ,,გვარდიის” ბანდებისაგან, თანაც ტყვედ აიყვანა მრავალი მათგანი, ამის საპასუხოდ თქვენ თბილისში დააწვევინეთ კონსტანტინე გამსახურდიას სახლმუზეუმი, თითქოს იგი მარტო სამეგრელოს კუთვნილება ყოფილიყოს. როდესაც ზუგდიდის მკვიდრი 50-მდე შვილმკვდარი დედა დემონსტრაციაზე გამოვიდა დაღუპული შვილების პორტრეტებით ხელში, თქვენმა ,,შეიარაღებულმა” ძალებმა ისინი დაარბიეს, სასტიკად სცემეს და შვილების პორტრეტები თავზე დაამტვრიეს. აი თქვენი ,,ჰუმანიზმის”, ,,პატრიოტოზმისა” და ,,დემოკრატიის” დამადასტურებელი ნიშნები.

დღეს მოსკოვის საინფორმაციო საშუალებებით ხდება თქვენი რეკლამირება, როგორც პოლიტიკოსისა, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში. თქვენი განცხადება იმის შესახებ, რომ თქვენ დაიწყეთ ,,გარადქმნა”, გაანთავისუფლეთ აღმოსავლეთ ევროპა და ბალტიისპირეთი, გააერთიანეთ გერმანია, განუზომლად გადაჭარბებული შეფასებაა თქვენი პიროვნული როლისა. ეგ ყველაფერი რონალდ რეიგანის, ,,სოი”-ს და დასავლეთის პოლიტიკის, აგრათვე საბჭოთა კავშირის დისიდენტური მოძრაობის დიდი გამარჯვებაა უწინარესყოვლისა, რამაც აიძულა გორბაჩოვის მთავრობა წასულიყო უდიდეს დათმობებზე. თქვენ და გორბაჩოვმა, ფაქტობრივად მხოლოდ უკან დაიხიეთ ძალის წინაშე და ხელი მოაწერეთ ფაქტობრივ კაპიტულაციაზე, რაც დიდ დიპლომატიურ გამარჯვებაზე ვერ მეტყველებს. სასაცილოა თქვენს მიერ დღეს იმის გაცხადება, რომ ეგ ყოველივე თქვენ გააკეთეთ, რათა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მიეღწია. საქართველოს დამოუკიდებლობა რომ გდომოდათ, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას ესოდენ თავგამოდებით არ იბრძოლებდით საბჭოთა კავშირის შენარჩუნებისათვის, ნებაყოფლობით არ დაბრუნდებოდით შემდგომში ისევ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე და არ განაცხადებდით, რომ საჭიროა სამშობლოს (ე.ი. სსრკ-ს) ხსნა. საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრე რომ ყოფილიყავით, მონაწილეობას მიიღებდით 31 მარტის დამოუკიდებლობის რეფერენდუმში. ამასთან, დასავლეთის ქვეყნებში დიპლომატიური მისიით მოგზაურობისას ერთხელ მაინც განაცხადებდით, რომ ეროვნებით ქართველი ხართ და რომ საქართველო დაპყრობილი ქვეყანაა და იბრძვის დამოუკიდებლობისათვის; მაგრამ თქვენ ქართველად არასოდეს ჩაგითვლიათ თავი, ვინაიდან მუდამ იყავით ნამდვილი ,,ჰომო სოვიეტიკუსი”, რაც თქვენ თავად აღიარეთ იტალიური გაზეთის ,,კორიერე დე ლა სერასათვის” მიცემულ ინტერვიუში.

სასაცილოა აგრეთვე იმის მტკიცება, რომ თურმე გენშერის მიერ ჩამოტანილი 10 მილიონი მარკის ოდენობით კრედიტი მოხმარდება ,,დემოკრატიული ინსტიტუტების” განმტკიცებას, რაც თქვენმა მოკავშირემ, ოსტანკინოს დეზინფორმატორმა გვამცნო. ყველასათვის ცნობილია, თუ რა ,,ინსტიტუტებია” ,,მხედრიონი”, ,,გვარდია”, ,,სამხედრო საბჭო” ანუ ხუნტა, რომელიც ცეცხლითა და მახვილით ანადგურებს დემოკრატიას საქართველოში, ძარცვავს და არბევს მოსახლეობას, რამაც საქართველო მსოფლიოში ეკონომიურად ყველაზე გაღატაკებულ ქვეყნად აქცია, სადაც ყოველდღიურად უკვე მრავალი ადამიანი იღუპება შიმშილით (საქართველოს რადიოს ცნობა). რაც შეეხება დღევანდელი საქართველოს უკანონო რეჟიმის ცნობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მიერ, ეს იმპერიის მხარდაჭერისა და თქვენი დემაგოგიისა და დეზინფორმაციის ხელოვნების შედეგია. მაგრამ გახსოვდეთ: ჯერ საკუთარმა ხალხმა უნდა გცნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არავითარი ფასი არ აქვს უცხო ქვეყნების მხრივ ცნობას.

სანუგეშოა, რომ ის ქვეყნები, რომელთაც გადატრიალებამდე სცნეს საქართველოს კანონიერი ხელისუფლება, აღარ აპირებენ თქვენი უკანონო რეჟიმის ცნობას, საკუთარი ხალხი კი თქვენ არ გცნობთ არასოდეს.

ყველასათვის ცნობილია, რომ დღეს საქართველოში თქვენს მიერ მოხდა ნარკომანიისა და ნარკობიზნესის ლეგალიზაცია. ნარკომანია ღია, ლამის ოფიციალურ პრაქტიკად იქცა, ვინაიდან თქვენი ძირითადი დასაყრდენი ძალების, ,,მხედრიონისა” და ,,გვარდიის” წევრთა უმრავლესობა ნარკომანები არიან; თითოეულ მათგანს სჭირდება დღეში რამდენიმე ათასი მანეთი მაინც ნარკოტიკული ნივთიერებებისათვის, რის შედეგადაც მათ მიერ იძარცვება საქართველოს მოსახლეობა, იტაცებენ ათასობით კერძო და სახელმწიფო მანქანებს და ყიდიან საქართველოს ფარგლებს გარეთ სრულიად ლეგალურად. ასე გაძარცვეს თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, სენაკი და სხვა ქალაქები, ახლა კი ქართული მოსახლეობის გაძარცვის შემდეგ, არაქართველ მოსახლეობაზე გადავიდნენ, რაც გვიქადის ახალ ეთნოკონფლიქტებს. დაბა ყაზბეგი, ჩვენი დიდი ალექსანდრე ყაზბეგის სამშობლო, გადაქცეულია ნარკობიზნესის ცენტრად, მეორე ჰონკონგად, აზიისა და ევროპის ნარკობიზნესის ხიდად. ამის შედეგად იძარცვება სახელმწიფო ხაზინაც, რის გამოც ვეღარ არიგებთ ჯამაგირებს, პენსიებს, ჰონორარებს, თუმც პუტჩისტები მაინც ღებულობენ პრემიებს თავიანთი სისხლიანი დანაშაულობებისათვის, როგორც ,,დემოკრატისათვის მებრძოლნი”. აი თქვენი ,,დემოკრატიის” დიდი მიღწევები.

თქვენ ხედავთ, რომ საქართველოს მხოლოდ ,,მხედრიონისა” და ,,გვარდიის” ხელით ვერ იმორჩილებთ და ამიტომ, ფართოდ ჩააბით სამხედრო ოპერაციაში სნგ-ს ჯარები, რომლებიც დღეს ხუნტის ჯარებთან ერთად დაბანაკებულნი არიან სოფ. რუხთან და ლამობენ აფხაზეთში შეჭრას, რათა იქ გააჩაღონ ახალი ეთნოკონფლიქტი. 23 მარტს (1992წ), სამტრედიის სადგურზე ეშელონიდან გადმოტვირთეს თქვენი ,,გვარდიის” ჯავშანტრანსპორტიორები, რუსი ჯარისკაცებით სავსე, რომელნიც გაემართნენ ცხენისწყლის ხიდისკენ სადამსჯელო ოპერაციის ჩასატარებლად. სნგ-გს სამხედრო ვერტმფრენები თავს დასტრიალებენ წალენჯიხასა და ცელავენ ყველას, ვინც საეჭვოდ მიაჩნიათ. მათ მიერ განადგურებულია მშვენიერი კურურტი სქური. ასე, რომ თქვენ საქართველოში იწყებთ მეორე ავღანეთის ომს და ნუ გგონიათ, მსოფლიო ბრმა იყოს და ვერ ხედავდეს ამას.

,,დემოკრატიული ინსტიტუტების” ჩამოყალიბების პარალელურად თქვენ საქართველოში მასობრივი ტერორი და 37 წლის დარი რეპრესიები გსურთ ააღორძინოთ. გრძელდება დაპატიმრებები შეთითხნილი ბრალდებებით, რაც თქვენი ხელწერაა. ყალბი ბრალდებებით არიან დაპატიმრებული უზენაესი საბჭოს საბიუჯეტო კომიის თავმჯდომარე ტარიელ გელანტია, პუტჩისტების 6 ტყვიით დაჭრილი, მომაკვდავი კაცი, ფინანსთა მინისტრი გურამ აბსანძე, უზენაესი საბჭოს სადეპუტატო ეთიკის კომიისის თავმჯდომარე ბიძინა დანგაძე, დიდხანს ტანჯეს ციხეში ქუთაისის დეპუტატი ფირუზ დიაკონიძე, ჰელსინკის კავშირის გამგეობის წევრი, დეპუტატი ვახტანგ ჭითავა და სხვანი. ახლა შემოიღეთ მიტინგებზე სასიკვდილოდ ცემა და დანით დჭრა უდანაშაულო ადამიანებისა, რასაც განსაკუთრებით ეფექტურად ნერგავთ უკანასკნელ ხანებში. თქვენი ხელქვეითი კრიმინალები განსაკუთრებით არაადამიანურად ექცევიან ქალებსა და მოხუცებს, მთელი ქალთა სქესი ლამის მტრად გამოაცხადოთ პირუთვნელობისა და შეუპოვრობისათვის.

თქვენ, ,,გარდაქმნისა” და ,,საჯაროობის” მედაფდაფემ საქართველოში მოსპეთ ყოველგვარი საჯაროობა, დააწესეთ უსასტიკესი ცენზურა პრესაში და ტელევიიზიაში, აკრძალეთ ყველა თავისუფალი გამოცემა. ერთადერთი დამოუკიდებელი გაზეთის, ,,იბერია-სპექტირის” რედაქტორს, პრინციპულ და მოუსყიდავ ჟურნალისტს, ირაკლი გოცირიძეს მოუკალით შვილი, შესანიშნავი მხატვარი გიორგი გოცირიძე და ახლა მეორე შვილზე ემუქრებით, ჟურნალისტური სინდისის ერთგულებისათვის. ა.წ. 30 მარტს, როდესაც მოსკოვის ტელევიზიით უნდა გადმოცემულიყო ჩემი იტერვიუ, საერთოდ გააუქმეთ მოსკოვის პირველი არხი. ნუთუ ეს არის თქვენი დემოკრატია და საჯაროობა? რატომ არ უჩვენებთ ტელევიზიით ყოველივე იმას, რაც ხდებოდა და ხდება საქართველოში უკანასკნელი ოთხი თვის მანძილზე? რატომ არ უჩვენებთ თბილისის დანგრევასა და დაწვას თქვენი ზარბაზნებითა და რეკეტებით, მიტინგების დარბევას, უდანაშაულო მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას თქვენი ბანდების მიერ, დასავლეთ საქართველოს აწიოკებას, ხალხის ძარცვა-გლეჯას? რატომ არ აძლევთ სიტყვას თქვენს ოპონენტებს, ან იქნებ ფიქრობთ, რომ ამ გზით ჩაახშობთ სიმართლის ხმას?

ახლა ვნახოთ რას წარმოადგენს საქართველოში თქვენი ,,მოღვაწეობა” სამართლებრივი თვალსაზრისით, ხელისუფლების უზურპაცია. თქვენს მიერ, კომპარტიის ცკ-ს მსგავსი უკანონო ორგანოს, ე.წ. სახელმწიფო საბჭოს შექმნა და საკუთარი თავის დანიშვნა მის თავმჯდომარედ, არის უდიდესი უკანონობა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევა, ვინაიდან ქვეყანას ჰყავს კანონიერი ხელისუფლება, ხალხის მიერ არჩეული, ხოლო თქვენ არავის აურჩევიხართ და არც დაუნიშნიხართ ამ თანამდებობაზე. თქვენ აცხადებთ, რომ საქართველოში უახლოეს ხანში ჩატარდება ვითომდაც თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად. ასეთი არჩევნები საქართველოში უკვე ჩატარდა 1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს ჰყავს კანონიერი პრეზიდენტი და პარლამენტი, რომელთა გარეშეც არავის აქვს უფლება ახალი არჩევნების დანიშვნისა, ასე რომ თქვენი ,,არჩევნები” იქნება ყალბი და უკანონო. ხოლო ახალ საარჩევნო კანონს, თქვენს მიერ შექმნილს, არ ექნება არავითარი იურიდიული უფლებამოსილება. ამგვარ ,,არჩევნებს” ხალხი ბოიკოტით შეხვდება, ვინაიდან მან ერთხელ უკვე გამოხატა თავისი ნება. გარდა ამისა, ისეთ პირობებში, როდესაც თითქმის მთელს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათია, არავითარ არჩევნებზე არ შეიძლება ფიქრიც კი, თუნდაც იგივე მსოფლიო სტანდარტების მიხედვით. ასე რომ, უზურპატორთა ხუნტის მიერ ,,არჩევნების” დანიშვნა საგანგებო მდგომარეობის პირობებში არცერთ მსოფლიო სტანდარტს არ შეესაბამება. თქვენმა ხუნტამ გამოაცხადა 1921 წლის კონსტიტუციის აღდგენა, რომლითაც იგი ვითომდაც ხელმძღვანელობს თავის პოლიტიკაში. თქვენ რომ გესმოდეთ, თუ რას ნიშნავს ამ კონსტიტუციის აღდგენა, იმ დღესვე გადადგებოდით და გამოაცხადებდით თვითლიკვიდაციას, ვინაიდან დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ქვეყანას უნდა მართავდეს არჩევითი ხელისუფლება და არა უკანონო ხუნტა.

ახლა ვნახოთ როგორ გესმით თქვენ რუსეთ-საქართველოს დღევანდელი ურთიერთობა. როგორც აღვნიშნე, თქვენ გაქვთ პრეტენზია, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე იბრძოდით საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. საქართველოს დამოუკიდებლობის რა მოგახსენოთ, მაგრამ მთელს თქვენს ძალებს მუდამ ახმარდით საბჭოთა იმპერიის მთლიანობის შენარჩუნებას, ხოლო ამჟამად, როდესაც დაიმსხვრა ეს თიხისფეხებიანი კერპი, იბრძვით მომაკვდავი რუსეთის იმპერიის შესანარჩუნებლად, რომლის დაშლაც გარდაუვალია, როგორც ყველა იმპერიისა. თქვენ კი ყოველნაირად ცდილობთ, საქართველო კვლავ აქციოთ რუსეთის კოლონიად. რატომ არ სცნობს დღევანდელი რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას და არ ამყარებს მასთან დიპლომატიურ ურთიერთობას? იმის გამო, რომ საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და აღარ სურს იყოს რუსეთის კოლონია და სამხედრო პლაცდარმი. ამასთან რუსეთს მიაჩნია, რომ საქართველომ რუსეთის ფედერაციის ნაწილებად უნდა სცნოს შიდა ქართლი და აფხაზეთი. ,,თქვენ წახვალთ, ოღონდ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე” გვეუბნებოდა გორბაჩოვის მთავრობა. დღევანდელი რუსეთის პოზიციაც ბევრით არაფრით განსხვავდება წინამორბედთაგან.

თქვენ განაცხადეთ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა დიპლომატიურზე უფრო მეტია.  დიპლომატიურზე ,,მეტი” ურთიერთობა საერთაშორისო პრაქტიკამ და სამართალმა არ იცის. რა უნდა ვიგულისხმოთ ამგვარ ურთიერთობაში, კოლონიალური მონობა ხომ არა? მაგრამ გახსოვდეთ, რომ რუსეთის იმპერია განწირულია, ისევე როგორც თქვენი ცდები საქართველოში რუსოფილური ნეოკომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის დამყარებისა. საქართველომ 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ერთგული დარჩება თავის არჩევანისა (სხვათაშორის წელს ეს თარიღი ოფიციალურად არც კი აღნიშნეთ). აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ცინიზმი და მკრეხელობაა თქვენის მხრით სამფეროვანი დროშისა და მერაბ კოსტავას სურათის ფონზე ჯდომა. იმ დროშისა, რომლის ეთგულებისათვის მრავალი ადამიანი გაგიგზავნიათ ციხეში. იმ მერაბ კოსტავასი, რომელიც 10 წლის განმავლობაში აწამეთ გულაგის საპყრობილეებში და რომელსაც თქვენმა აგენტებმა მოუსწრაფეს სიცოცხლე.

ახლა ვნახოთ ვით ემთხვევა ურთიერთს თქვენი სიტყვა და საქმე საოკუპაციო ჯარებთან დაკავშირებით. თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის უნდა გაიმართოს მოლაპარაკება ჯარების გაყვანის თაობაზე და საქართველო არასოდეს გახდება სნგ-ს წევრი. ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს, იმ დროს, როდესაც ამ თანამეგობრობის სხვა წევრები თავისი ტერიტორიებიდან აძევებენ საოკუპაციო ჯარებს, ან თავის იურისდიქციას უმორჩილებენ, თქვენ დღითი დღე უმატებთ მათ რაოდენობას საქართველოში.; გაირკვა, რომ თქვენი ჩამოსვლის პირველსავე დღეებში დაგირეკიათ მოსკოვში და გითხოვიათ ამ ჯარების საქართველოში დატოვება, რაც თავისი დაუფიქრებლობით მოსკოვის ტელევიზიით გამოაცხადა თქვენმა მეგობარმა ,,დემოკრატმა” გ.პოპოვმა. თქვენი ხუნტის დასტურით შემოიყვანეს ყარაბაღიდან გამოძევებული 366 მოტომსროლელი პოლკი. ამჟამად, როგორც სჩანს, გენშერთან გარიგების საფუძველზე გეგმავთ გერმანიიდან დემობილიზებული რუსი სამხედროებისათვის ბინების
მშენებლობას. ბუნებრივია, ის ვისაც არ გააჩნია საკუთარი ხალხის მხარდაჭერა, დასაყრდენს ეძებს მტრის საოკუპაციო ჯარებში. ასე ყოფილა ოდითგან ჩვენს ავბედით ისტორიაში, ასე იყო ,,საბჭოთა” პერიოდში, ასე იქნება მანამ, სანამ საქართველოში იქნება სნგ-ს, ანუ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი თქვენი ხუნტის სახით.

არ შემიძლია არ ვახსენო ჩვენი ახალგაზრდობის სავალალო მდგომარეობა საქართველოში შექმნილი ვითარების შედეგად. თქვენ და თქვენი ,,წითელი” პროფესორები დღენიადაგ ნერგავთ ახალგაზრდობაში კრიმინალების, ნარკომანების, ,,კანონიერი ქურდების” მგლურ ჰეროიკას, შეაძულეთ ახალგაზრდებს წიგნი და შეაყვარეთ ნარკოტიკული ნივთიერებები, ავტომატი, ძარცვა-გლეჯა და ყაჩაღობა. ბოლოს, მრავალი მათგანი დამნაშავე რეჟიმის პატარა მონსტრებად აქციეთ, რომელნიც დღეს შეუბრალებლად არბევენ მშვიდობიან მიტინგებს, მხეცურად უსწორდებიან დიდსა და პატარას, ქალსა და ბავშვს, სიმართლის საქმისათვის. მაგრამ, გახსოვდეთ, სიმართლეს ვერავითარი ციხე, ვერავითარი ტყვია და კოცონი ვერ დაამარცხებს. საბედნიეროდ კარგი ახალგაზრდობაც გვყავს, რომელნიც თქვენ პასუხს გაგებინებენ ყველაფრისათვის. ,,უსამართლო ძლიერებას საუკუნო არ აქვს ძალი, უძლეველი საბოლოოდ არის მხოლოდ სამართალი”, როგორც იტყოდა დიდი აკაკი.

ახლა საბოლოოდ უნდა დაგისვათ მთავარ შეკითხვა: ვინ მოგიხმოთ ჩვენ წინამძღვრად? ვინ მოგიწვიათ საქართველოში, სად არიან ის მშრომელები, ის ახალგაზრდები, რომელნიც თურმე მოსკოვში მოსვენებას არ გაძლევდნენ განცხადებებითა და პეტიციებით, არიქა ჩამოდით საქართველოში და გვიშველეთო? სად არის ეს დოკუმენტები? მაგრამ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოში მოგიწვიათ ერთადერთმა კაცმა, კრიმინალმა და რეციდივისტმა, ავადსახსენებელმა ჯაბა იოსელიანმა, რომელსაც საკუთარი ხალხის სისხლში აქვს ხელები გასვრილი და რომლის სახელსაც შეაჩვენებს ქართველი ხალხი თქვენს სახელთან ერთად. დიახ, მისმა ემისრებმა ჩამოგიყვანეს თქვენ თბილისში და აეროპორტში დაგხვდათ მოღალატეთა და კრიმინალთა მცირე ჯგუფი. სამაგიეროდ ქართველმა ხალხმა შეგარქვათ იუდა და ამ სახელის სკანდირება არ შეწყდება სანამ თქვენ მის მიწა-წყალზე დააბიჯებთ.

რატომ გეშინიათ სიმართლისა, რატომ არ პასუხობთ სტუდენტთა და ჟურნალისტთა შეკითხვებზე, რომლებიც გზეთშიც კი გამოგიქვეყნეს? რატომ არ ღებულობთ ჟურნალისტებს? ან იქნებ გგონიათ, რომ დღეს შუა საუკუნეებია და თქვენი ბნელი საქმეები საბოლოოდ მიჩქმალული დარჩება? მერწმუნეთ მალე შეიტყობს დასავლეთი თუ ვის შეუქმნა დემოკრატის იმიჯი და ვისი ხელით ცდილობს თავისი კავკასიური პოლიტიკის განხორციელებას. თქვენ კი აუცილებლად დამარცხდებით საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში, როგორც დამარცხდენ ნაჯიბულა და ბაბრაქ ქარმალი. ასეთივე დამარცხება გელით კავკასიის ხალხების წინააღმდეგ ომში, რომელსაც გეგმავთ იმპერიულ ძალებთან ერთად.

ამრიგად, თქვენი ,,გადემოკრატება” მარტოოდენ ფასადის შეცვლა ყოფილა, არსით კი თქვენ იგივე დარჩით, რაც იყავით, ტოტალიტარიზმის, სახელმწიფო ტერორიზმის ერთგული, სულით კომუნისტი, რაც მტკიცთება საქართველოში თქვენი ამჟამინდელი საქმიანობით, სადაც ააღორძინეთ პარტოკრატია და რეპრესიული, ტოტალიტარული რეჟიმი.

მახსენდება კანტის ცნობილი სენტენცია: ,,გადაფხიკეთ გერმანელი ფილოსოფოსი და თქვენ თეოლოგს აღმოაჩენთ მასში”. რასაც მე ასე მივუსადაგებდი ჩვენს სინამდვილეს: ,,გადაფხიკეთ ,,პერესტროიკის” ნებისმიერი დემოკრატი და თქვენ კომუნისტ-პარტოკრატს აღმოაჩენთ მასში”.

ვით ვირწმუნო თქვენი გარდაქმნა, როდესაც თქვენ, ნაცვლად იმისა, რომ შეინანოთ ერის წინაშე თქვენი უმძიმესი დანაშაულები, კვლავ ცოდვას ცოდვაზე უმატებთ და ყოველივე ძველებურად განაგრძობთ? თქვენ იმპერიამ მოგავლინათ თავისი შავბნელი ზრახვების განსახორციელებლად, ეს იცის ყველამ საქართველოში და ამის გამო დაგიხვდათ მტრულად მთელი ერი. გახსოვდეთ, ქართველი ერი პოლიტბიურო არ არის, მარკებითა და დოლარებით რომ შეიძლებოდეს მისი მოსყიდვა.

ახლა დავუბრუნდეთ იმ ანონიმურ წერილს, რომელიც დასაწყისში ვახსენე. ახლა ვრწმუნდები, რომ ეს არავითარი რუსი და სომეხი ,,ნაცისტების” წერილი არ ყოფილა. ეს იყო იმპერიული სუკ-ისა და თქვენი წერილი, სადაც მოკლედ იყო ჩამოყალიბებული გეგმა საქართველოს განადგურებისა. ბევრი რამ შესრულდა ამ გეგმიდან, დაიწყო ქართველი ერის გენოციდი, საქართველოს ტრიტორიული მთლიანობის დაირღვა, მაგრამ ამასთან ერთი იმპერია დაიშალა, ხოლო მეორე დაშლის პირას დგას. ასე, რომ თქვენს გეგმას ასრულება არ უწერია. ქართველმა ერმა გამოიღვიძა და ამიერიდან მას ვერავინ მოახვევს მონობის უღელს. იმპერია მოისპობა, ხოლო საქართველო იარსებებს სამარადჟამოდ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მე თქვენ ბრალს გდებთ:

1. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სისტემატურ დევნასა და ჩახშობაში უსასტიკესი რეპრესიების გზით, მის დისკრედიტაციაში შინ და გარეთ. ქართველი პატრიოტების და ადამიანის უფლებათა დამცველების დევნადაპატიმრებაში, ქართველი პატრიოტის ვ.ჟვანიას დახვრეტაში, ,,თვითმფრინავის საქმეზე” დაპატიმრებული ახალგაზრდების და მათთან ერთად ცრუ ბრალდებით დაპატიმრებული უდანაშაულო მღვდელის, თევდორე ჩიხლაძის დახვრეტაში, ჟურნალისტ ნაზი შამანაურის მკვლელობაში 1983 წელს ქ.თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

2. საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ საერთაშორისო შეთქმულების მოწყობაში, უპრეცენდენტო
ცილისწამებლური კამპანიის ორგანიზებაში მსოფლიოს მასშტაბით.

3. დასავლეთის ქვეყნების დეზინფორმირებასა და დეზორიენტირებაში საქართველოში მიმდინარე პროცესებთან
დაკავშირებით.

4. საქართველოში კრიმინალური რევოლუციისა და სამხედრო გადატრიალების მოწყობაში, უკანონო, დანაშაულებრივი ხუნტის შექმნაში, ხელისუფლების უზურპაციაში, ქ.თბილისის ცენტრის დანგრევასა და დაწვაში.

5. საქართველოში დემოკრატიის ნაცვლად კლეპტოკრატიის დამყარებაში, დამნაშავეთა სამყაროსადმი სამართალდამცავი ორგანოების დაქვემდებარებაში, კრიმინალებისათვის ხელისუფლების გადაცემაში.

6. საქართველოში 1990 წლის 28 ოქტომბრისა და 1991 წლის 26 მაისის დემოკრატიული არჩევნების მიღწევების განადგურებაში, კანონიერი პარლამენტისა და პრეზიდენტის დევნაში.

7. საქართველოში რუსეთის იმპერიის საოკუპაციო ჯარების ყოფნის დაკანონებაში, მათთვის საოკუპაციო ჯარების სტატუსის მოხსნაში, საქართველოში ამგვარი ჯარების ახალი კონტინგენტის შემოყვანაში ყარაბაღის 366 მოტომსროლელი პოლკის სახით, გერმანიიდან დემობილიზებული სამხედრო მოსამსახურეებისათვის განკუთვნილი სახლების მშენებლობის დაგაგმვაში ჩვენს ტრიტორიაზე.

8. საქართველოში კომუნისტური პარტოკრატიისა და მაფიის კვლავ აღორძინებაში.

9. იმპერიული სუკ-ის აგენტობაში და მის თავდადებულ სამსახურში წლების მანძილზე.

10. იმპერიული სუკ-ის აგენტურულ ქსელში საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ჩათრევაში.

11. სახელმწიფო ტრორიზმში, 1992 წლის იანვარ-თებერვლის მშვიდობიანი მიტინგებისა და დემონსტაციების დარბევადახვრეტაში კრიმინალების ხელით.

12. დასავლეთ საქართველოს დალაშქვრა-დარბევაში, მოსახლეობის ძარცვასა და გენოციდში, კუთხური შუღლისა და სეპარატიზმის არნახულ გაღვივებაში.

13. საქართველოში ნარკომანიისა და ნარკობიზნესის ლეგალიზაციასა და წახალისებაში, თბილისის ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილის ნარკომანებად, კრიმინალებად ქცევაში.

14. პიროვნულად ჩემი და ჩემი ოჯახის, თვით მცირეწლოვანი ბავშვების, დევნაში 20 წლის მანძილზე.

15. კონსტანტინე გამსახურდიას მემორიალური სახლ-მუზეუმების გაძარცვასა და დაწვაში (ქ.თბილისი და დაბა ბიჭვინთა).

16. კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა მასობრივ რეპრესიებსა და ტერორიზებაში.

17. გერმანიასთან საძრახის გარიგებაში საქართველოს ინტერესების ხარჯზე.

18. იმპერიის ცენტრის დავალებით ქართველი ერის გენოციდში.

19. სამშობლოს ღალატში.

ყოველივე ზემოთთქმულთან დაკავშირებით, მოვითხოვ თქვენგან დაუყოვნებლივ წერილობით პასუხს და ახსნა-განმარტებას. გიწვევთ ტელედებატებში (როგორც საბჭოთა კავშირის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს და არა როგორც არარსებული სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს), თქვენი საყვარელი მოსკოვის ტელევიზიით, რომელიც ყოველ ნაბიჯზე ამჟღავნებს თქვენს მიმართ სოლიდარობას, თანადგომასა და მიკერძოებას. ტელედებატებს ექნება ტელეხიდის ხასიათი.

მზად ვარ უკან წავიღო ჩემი სიტყვები, თუ დამტკიცდება ჩემს ნათქვამში უმცირესი გაყალბება, უზუსტობა ან გადაჭარბება.

პოსტ სკრიპტუმი: თქვენდამი ღია წერილი უკვე დასრულებული მქონდა, როდესაც ხელში ჩამივარდა თქვენი ინტერვიუ ,,შპიგელისადმი”, სადაც ირკვევა, რომ თქვენ ყველაფერთან ერთად უწიგნურიც ყოფილხართ. კერძოდ, თქვენ, გერმანიის საქმეების ესოდენ დიდმა ,,ექსპერტმა” ,,შპიგელის” კორესპოდენტის განსაცვიფრებლად განაცხადეთ, რომ თურმე ჰიტლერიც დემოკრატიულად ყოფილა არჩეული, ისევე როგორც გამსახურდია. მან ზრდილობიანად შეგნიშნათ, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, მაგრამ სხვა გვერდზე ფრჩხილებში ჩასვა ეს თქვენი ,,აღმოჩენა” და გაგამასხარავათ (,,შპიგელი”, 14 აპრილი, 1992წ). არ ვიცი სკოლაში რა ნიშანი გქონდათ ისტორიაში, მაგრამ ასეთი რამ დღეს საშუალო სკოლის მოსწავლესაც არ ეპატიება. ცნობილია, რომ ჰიტლერი დანიშნა გერმანიის რაიხსკანცლერად პრეზიდენტმა ჰინდენბურგმა, ისევე, როგორც ერთ დროს თქვენ დაგნიშნათ ბრეჟნევმა
საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველ მდივნად, ამაშია თქვენი სულიერი ნათესაობა, ხოლო ჰიტლერის პარტიამ ისევე ვერ შესძლო რაიხსტაგში უმრავლესობის მოპოვება, როგორც თქვენმა პარტიამ საქართველოში, 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში. ასე, რომ ანალოგიები უფრო სხვაგან უნდა ეძიოთ. საერთოდ, გირჩევთ ხშირად ჩაიხედოთ პოპულარულ სახელმძღვანელოებში და ენციკლოპედიებში, მსოფლიო მნიშვნელობის ინტერვიუს მიცემამადე.

1992 წელი 19 აპრილი

ივლისი 8, 2010

ზვიად გამსახუდია: ჰელსინკის პრინციპების დასაცავად

Filed under: ზვიად გამსახურდია — ტეგები:, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , — georgianeli @ 7:40 PM

კონფერენციის პატივცემულო მონაწილენო!

მოგმართავთ თქვენ, როგორც საქართველოს ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარე და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი.

ჩვენი კავშირი შეიქმნა 1976 წელს, მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირში იქმნებოდა ჰელსინკის ჯგუფები. მან გამოიარა წარმოუდგენელი დევნის წლები. კავშირის წევრებმა არაერთგზის განიცადეს რეპრესიები, მაგრამ იგი განაგრძობდა ბრძოლას ადამიანის უფლებებისათვის, ერთა დამოუკიდებლობისათვის, დემოკრატიული არჩევნების დამკვიდრებისათვის.

1990 წლის ოქტომბერში ჩვენ მივაღწიეთ საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებს, გავაუქმეთ კომუნისტური რეჟიმი და ავირჩიეთ საბჭოთა კავშირში პირველი მრავალპარტიული პარლამენტი. 1991 წლის 31 მარტს ჩავატარეთ პირველი რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხზე, ხოლო 1991 წლის 26 მაისს. პირველი თავისუფალი არჩევნები, რომელზეც ამირჩიეს მე ხმათა 87 პროცენტით.

მსურს გაგიზიაროთ მოსაზრებანი ჰელსინკის მოძრაობის პერსპექტივებთან და მის წინაშე მდგომ ამოცანებთან დაკავშირებით, რამეთუ ამ მოძრაობაში გახლავართ ჩართული დღიდან 1975 წლის ხელშეკრულების ხელმოწერისა. ჰელსინკის ჯგუფების პატიმრობაში მყოფ სხვა წევრებთან ერთად წარდგენილი გახლდით მშვიდობის ნობელის პრემიაზე.

1985 წლიდან, როდესაც სსრკ-ის ახალმა კომუნისტურმა ხელმძღვანელობამ გამოაცხადა “პერესტროიკა”, მისი საქმიანობის მთავარ ასპარეზად იქცა საგარეო პოლიტიკა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მსოფლიოში მოხდა ისტორიული ძვრები-ბერლინის კედლის დანგრევა და გერმანიის გაერთიანება, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან საბჭოთა ჯარების გაყვანა, « ვარშავის პაქტის » დაშლა და სხვა ქმედებანი მნიშვნელოვანწილად უკავშირდება « პერესტროიკას », რომელიც გამოწვეულია საბჭოთა კავშირისადმი დასავლეთის სახელმწიფოთა, პირველყოვლისა, აშშ-ის დამოკიდებულებით. საბჭოთა კავშირი არ გარდაქმნილა საკუთარი სურვილით, იგი აიძულეს საგარეო პოლიტიკაში  “ახალი აზროვნების” მიმართულებით ემოქმედა. რაც შეეხება სსრკ-ის საშინაო, მას არ განუცდია არანაირი, თუნდაც მცირედი ცვლილება. საგარეო დათმობების ხარჯზე საკუთრივ საბჭოთა კავშირში იმრავლა შიდა იმპერიის შენარჩუნების მცდელობებმა, რაც ფაქტობრივად მხოლოდ ერთგვარ გადახალისებას წარმოადგენს და სხვას არაფერს.

ერის თავისუფლება გულისხმობს მის თვითგამორკვევას, უფლებას თავად იყოს საკუთარი ბედის განმგებელი . სსრკ-ს ტერიტორიაზე მოსახლე დამონებულ ერებს ორად ჰყოფს : ხელისუფლებისათვის საიმედო და არასაიმედო, მეამბოხე ერებად.

შესაბამისად, ხელისუფლების დამოკიდებულებაც მეამბოხე და ქედუხრელ ერთა წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოუცხადებელი ომი ყოველგვარი არსებული ხერხებით. ფართოა ამ მეთოდების არსენალიც.

ა) რესპუბლიკებში იქმნება კომუნისტების მიერ ინსპირირებული ინტერფრონტები, რომელნიც ყოველმხრივ ცდილობენ ეთნოკონფლიქტების გაღვივებას, რათა ეს გახდეს საბაბი კრემლის მხრიდან შეიარაღებული ჩარევისა. არსებობს მრავალი მაგალითი : მოლდავეთში « გაგაუზებისა და დნესტრისპირეთის რესპუბლიკების” შექმნა, ბალტიისპირეთში-რუსულენოვანი მოსახლეობის “თხოვნით” ჯარების შეყვანა, საქართველოში-აფხაზი და ოსი სეპარატისტებისადმი პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერა, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის “რეგულირება” და მრავალი სხვა;

ბ) დაუმორჩილებელი რესპუბლიკების მიმართ ეკონომიკური ბლოკადის შემოღება ;

გ) ტასს-ის, იმპერიის სიცრუის უშველებელი მანქანის საშუალებით საბჭოთა კავშირში და საზღვარგარეთ ტენდენციური ინფორმაციის გავრცელება “ზოგიერთ” რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენები შესახებ. რესპუბლიკების დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებებისათვის ბირთვული იარაღის ღილაკის დაუფლების სურვილის მიწერა, მათთვის ფაშისტობისა და დიქტატორობის, ადამიანის უფლებების შეზღუდვის დაბრალება… და ყოველივე ამას სჩადის რეჟიმი, რომლისთვისაც კლასობრივი სიძულვილი და კაცთა კვლა იდეოლოგიურ მიზანს წარმოადგენს. იმავდროულად ბრალდებულ ხალხებს არ გააჩნიათ არავითარი შესაძლებლობა მათ წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდისათვის პასუხის გაცემისა.

თუ ყოველივე ამას დავუმატებთ სსრკ-დან რესპუბლიკების გასვლის შესახებ დრაკონულ კანონს, რომელიც სინამდვილეში გაუსვლელობის კანონს წარმოადგენს, სრული სიცხადით ვიხილავთ ერთა თვითგამორკვევის საბჭოურ მოდელს.

სსრკ-ის შესახებ ზემოთქმულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მასშტაბური და ღრმა რეფორმების გარეშე შეუძლებელია ჰელსინკის პრინციპების გამარჯვებაზე ფიქრიც კი, 1991 წლის კონფერენციაზე ყურადღება უნდა დაეთმოს შემდეგ პრობლემებს :

1. სსრიკ-ში დემოკრატიული რეფორმებისათვის საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ბაზისის შექმნა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ერთა სრული თვითგამორკვევის გარანტიას, იმპერიალიზმისა და ნეოკოლონიალიზმის აღმოფხვრას ;

2. დაპყრობილ ხალხთა წინააღმდეგ ეკოლოგიუირ ომის შეწყვეტა, ე.ი. მათი ბუნების, მიწის, ჰაერის, წყლის რესურსების და სასარგებლო წიაღისეულის ბარბაროსული ექსპლუატაციისა და განადგურების აღკვეთა ;

3. ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობათა წინააღმდეგ ტერორის შეწყვეტა, სრული საჯაროობის პირობებში ამ ტერორის ინიციატორთა და შემსრულებელთა სამსჯავროსათვის გადაცემა;

4. იმ ჯგუფების ოფიციალურად ცნობა, რომელნიც იღვწიან ჰელსინკის და ვენის დასკვნითი დოკუმენტების დებულებათა ხორცშესხმისათვის, მათი ხელშეუხებლობის, დაცვისა და მათდამი თანადგომის გარანტირება. ამ პრობლემის გადაჭრისათვის აუცილებელია რეალიზაციის მქეანიზმის შემუშავება, რისთვისაც საჭიროდ გვესახება :

ა) სსრკ-ში მიმდინარე პროცესებზე, განსაკუთრებით, ეთნოკონფლიქტებზე, გაეროს, ევროპარლამენტის და საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციების მხრიდან მუდმივი კონტროლის დაწესება ;

ბ) სსრკ-ს ყოფილ რესპუბლიკებსა და დასავლეთის სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ;

გ) დასავლეთის სახელმწიფოებისა და რესპუბლიკების დედაქალაქებში საინფორმაციო ცენტრების შექმნა ;

დ) გაეროს და სხვა ორგანიზაციების ექსპერტთა მიერ საქართველოში, ლიტვაში, ლატვიაში და სხვა რესპუბლიკებში მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევების, პროვოცირებული ეთნოკონფლიქტების, სხვა ანტიჰუმანური ქმედებებისა და მათი შედეგების შესწავლა.

ივლისი 5, 2010

ზვიად გამსახურდია – დილემა კაცობრიობის წინაშე

Filed under: ზვიად გამსახურდია — ტეგები:, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , — georgianeli @ 1:32 AM

„რარიგ ვეუცხოვე სამყაროს ცივ დენას, ნექტარიც წავიღე და შხამიც რამდენი…”
ეპიტაფია

არაერთგზის თქმულა და დაწერილა, რომ მე-20 საუკუნე თვისობრივად ახალი საუკუნეა, სხვა წინამორბედ საუკუნეებთან შედარებით. თვით ზედაპირული დაკვირვებითაც ცხადია, რომ იგი, ახალი ეპოქის, ახალი ერის დასაწყისია კაცობრიობის ისტორიაში. ამ ახალი ერის გარიჟრარჟზე საუკუნის, ეპოქის სულმა ახალი, სრულიად განსხვავებული მოთხოვნები წამოუყენა ერებსა და ადამიანებს. შეიცვალა არა მარტოოდენ გარეგანი სახე ჩვენი ცივილიზაციისა, არამედ ინტელექტუალური რელიეფი, კულტურის სპეციფიკა, შეიცვალა არამარტო აზროვნებისა და მეცნიერული თუ მხატვრული ძიებების მიმართულება, შეიცვალა ჩვენი ფსიქიკა, აღმოცენდა ახალი გაგება მოქალაქეობრივი თუ ინტელექტუალური სინდისისა.

უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ საცნაურია კაცობრიობის მანამდე არნახული დიფერენციაცია. რაც უფრო ვუახლოვდებით საუკუნის დასასრულს, მით უფრო იკვეთება საშინელი დილემა, რომელიც დგას დღევანდელი საზოგადოებრიობის თუ პიროვნების წინაშე.

რა დილემაა ეს? იგი, ცხადია, უეცრად, თავისთავად არ აღმოცენებულა. მან განიცადა ევოლუცია, როგორც ყველაფერმა გასულ საუკუნეებში, განსაკუთრებით მე-19 საუკუნეში; მას მხოლოდ რჩეული გენიოსები აღიქვამდნენ და განიცდიდნენ მთელი სიმწვავით. მათ შორის უდიდესთა წვა და მარტვილობა, ხოლო ზოგჯერ კატასტროფაც ამ დილემასთან იყო დაკავშირებული. მათ დაინახეს მთელი სიცხადით, რომ ამ დილემისათვის გვერდის ავლა, ან მისთვის თვალის ვერგამართვა გამოიწვევს პიროვნების თუ საზოგადოების სრულ დეგრადაციას, მიგვიყვანს სამყაროს სრულ დეჰუმანიზაციამდე და დაღუპვამდე. ასევე შემზარავი იყო მათთვის გაცნობიერება იმისა, რომ ამ დილემის დიდმნიშვნელოვანების მიფუჩეჩებას და ყოველგვარ ნიველირებას ცდილობდა არაერთი წამყვანი მეცნიერული თუ აზროვნებისმიერი მიმართულება იმ საუკუნისა.

ხოლო ის ერთეულები, ვინც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას უმართავდა გაბატონებულ გაგებას მორალისას, სულიერი ღირებულებებისა თუ აზროვნებისმიერ ჩვევებისას, როგორც წესი ფიასკოს განიცდიდა და საუბარს იწყებდა საუკუნისათვის გაუგებარ ენაზე, რითაც კარგავდა კაცობრიობის ბედ-იღბალზე ზემოქმედების რეალურ საშუალებას.

რა დილემაა ეს დილემა, რომელიც ისტორიულად ესოდენ აღაშფოთებდა ადამიანურ სინდისს, ხოლო დღეს ჩვენი ყოფნა-არყოფნის ძირითად ფაქტორად ქცეულა? ამ დილემას სჭვრეტდნენ ჯერაც უძველეს ხალხთა ბრძენნი და მოძღვართ მოძღვარნი, რომელთა ნააზრევი და ნაგრძნობი ესოდენ დიდებულად აისახა კაცობრიობის საკრალურ წიგნებში. ოღონდ სიმწვავე ამ დილემისა მაშინ როდი იყო ესოდენ საცნაური. შეიძლება ითქვას, რომ იმჟამად ადამიანისათვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა გადაწყვეტა ამ დილემისა; მართებული, ცხოვრებისეულად გამართლებული გზის არჩევა პიროვნულ ან საზოგადოებრივ ყოფაში უნებურად ხდებოდა. იმჟამად ბრძენთა ავტორიტეტი, დიდი რელიგიების ფუძემდებელთა საკრალური პრაქტიკა საჩინოს ჰყოფდა გზას სიქველისას, ჭეშმარიტებისა, რომელსაც მხოლოდ შლეგი, ან მორალურად გადაგვარებული თუ შეაქცევდა შეგნებულად ზურგს; ამიტომაც ფსალმუნთა შექმნის ეპოქაში ათეიზმი და უგნურება სინონიმად ითვლებოდა: “სთქვა უგნურმა გულსა თვისსა შიგან – არ არს ღმერთი”. (თუმცა დღევანდელ ეპოქაში,  ფსევდოინტელექტუალური ”ინტელიგენციისათვის” უგნურების სინონიმად რწმენა ქცეულა).

ჟამთა ვითარებაში შეიცვალა განგების მიმართება კაცთა მოდგმისადმი. ადამიანთა ევოლუციისათვის საჭირო გახდა ჭეშმარიტებისა და სიკეთის გარდა თავისუფლების გაგება და განვითარება. ამანვე გამოიწვია თავად დილემის შესაძლებლობა. უფრო მეტიც, საბედისწერო გახდა ეს დილემა: რწმენისა და ურწმუნოების, სულიერ ღირებულებათა აღიარებისა ადამიანთა მიერ და მეორეს მხრივ, ამავე ღირებულებათა ზურგის შექცევისა და მათი მივიწყებისა.

განგებამ და ეპოქამ მოიტანა აუცილებლობა იმისა, რომ ადამიანი თავისუფალ არსებად იქცეს. ამიტომაც გაქრნენ ისტორიის არენიდან დიდი წმინდანნი და მოძღვართ მოძღვარნი, ამიტომ შესუსტდა რელიგია, ამიტომ გაძლიერდნენ ყოველგვარი ცთომილებანი აზროვნებისა და მსოფლმხედველობისმიერნი. გაძლიერდა ჯერ სკეპტიციზმი, შემდეგ კი ნიჰილიზმი, საბუნებისმეტყველო აზროვნების სფეროში ფეხი მოიდგა მატერიალისტურმა ცთომილებამ, ფილოსოფიაში რაციონალიზმმა, პოზიტივიზმმა და ,,იზმებმა”, სახელი მათი ლეგიონია.

ყოველივე ამან გამოიწვია დილემა აზროვნების, მორალის, ეთიკის, კულტურის, საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზროვნების სფეროში. თუმცა მე-20 საუკუნემდე, როგორც ვამბობდი, ყოველი ადამიანისათვის ცნობიერად თუ ქვეცნობიერად როდი გამოკვეთილა ამ დილემის სიმწვავე.

დღეს კი საკმარისია თვალი გადავავლოთ ცხოვრებას ჩვენი საუკუნის ცივილიზებული კაცობრიობისა, ნათელი გახდება თუ რაოდენ გამწვავდა ცნობიერი თუ ქვეცნობიერი აღქმა ზემოხსენებული დილემისა. დღეს ეს დილემა ამგვარად გამოიკვეთა აზროვნების, ეთიკის თუ მორალის სფეროში: ან ვაღიაროთ, რომ დიდი სამყარო, უნივერსუმი და ჩვენ კაცობრიობა შექმნილი ვართ აბსოლუტურად კეთილი გონიერი უნივერსალური ძალის მიერ, რომ ჩვენ გვაქვს მაღალი დანიშნულება, დიადი მიზნები, რომ ჩვენი ისტორია და კულტურა არ არის მარტოოდენ რაღაც მექანიკური და ობიექტურად აუცილებელი ,,კანონზომიერების” შედეგი, რომ ის არ აღმოცენებულა შემთხვევით თუ უაზროდ და არ არის მატერიის ქაოტურ ძალთა მოძრაობის პროდუქტი, რომელსაც, შესაძლოა ასეთივე შემთხვევითი განადგურება უწერია; ამასთან თეორიულად ყოველივე ამის აღიარებამ უნდა მიგვიყვანოს ჩვენი ცხოვრების პრაქტიკულ გარდაქმნამდე. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ იდეისთვის და არა ამქვეყნიური კეთილდღეობისთვის. ჩვენ უდა გავიღოთ მსხვერპლი, არ უნდა ვუღალატოთ ჩვენს  მაღალ მრწამსს, თუნდაც რომ სიკვდილის წიაშე მოგვიხდეს წარდგომა. ეს იქნება პრაქტიკული დადასტურება ჩვენს მიერ ჩვენი უმაღლესი მოვალეობის გაგებისა. ამით მიეცემა ჩვენს ყოფას აზრი (პირველქრისტიანების კრედო); ან ვაღიაროთ საპირისპირო – ადამიანი შემთხვევითობის ან მკვდარი, უმიზეზო აუცილებლობის პროდუქტია, რომ არავითარი რეალური გონიერება არ არსებობს სამყაროს ევოლუციასა და ადამიანთა ისტორიაში. ვაღიაროთ, რომ კოსმოსი არის შემთხვევითობათა უსასრულო ქაოსის დროებითი, შემთხვევითი მოწესრიგებული ფორმა, ისე როგორც ჩვენ ვართ დროებითი, შეკოწიწებული ფორმა მატერიის უმიზნო გავითარებისა და რომ ეს ფორმა ჩვენთვის ისეთივე შემთხვევითი და წარმავალია, როგორც სფერული ფორმა საპნის ბუშტისათვის; ხოლო ამგვარმა თეორიულმა შეხედულებამ პრაქტიკაში უნდა მიგვიყვანოს შემდეგ დასკვნებამდე: რახან ყველაფერი შემთხვევითობაა, რახან ჩვენს ცხოვრებას არავითარი უზენაესი აზრი არ გააჩნია, ზურგი უნდა ვაქციოთ ყოველგვარ იდეალებს, უზენაესზე ფიქრს, ვიცხოვროთ მხოლოდ დღევანდელი დღით, ჩვენი სონატური მოთხოვნილებების, სურვილებისა და ვნებების დაკმაყოფილებებისათვის, ამსოფლიური კეთილდღეობისა და კომფორტისათვის, თავი არ შევიწუხოთ მოქალაქეობრივ ვალზე, ღმერთზე და მოყვარეზე ფიქრით, მივყვეთ ცხოვრების დინებას, ვეძებოთ “მშვიდი ცხოვრება”, ამქვეყნიური ბედნიერება, ვინაიდან ჩვენს არსებობას სხვა არავითარი დანიშნულება არ გააჩნია:

“ვაი ჩვენს პატრონს, ჩვენი
ყოფის თავი და ბოლო
ჭამა და საჭმლის მონელება
თუ არის მხოლოდ”.

მ. მაჭავარიანი

ან ვაღიაროთ, რომ უზენაესი რეალურად არსებობს, არსებობს მორალის გაგება, სრულყოფილი ეთიკა, რომლის განხორციელებასაც უნდა მიელტვოდეს ადამიანი, რომელსაც სურს აღსრულება თავისი ამსოფლიური მაღალი დანიშნულებისა. ან ვაღიაროთ, საპირისპირო: მორალი და ეთიკა მხოლოდ ცარიელი, უაზრო ცნებებია, ისეთ ადამიანთა მიერ გამოგონილი, რომელთაც სურთ ამ გზით დამონება და დათრგუნვა დანარჩენი კაცობრიობისა და რომელნიც თავიანთი ქვენა მიზნების განხორციელებისათვის იყენებენ ამ ცნებებს. ერთადერთი მისაღები და ცხოვრებისეულად გამართლებული ფორმაა ადამიანთა ყოფისა ცხოველურ ყოფასთან დაახლოება: ბუნებისმიერი და მატერიალური მოთხოვნილებების, პირუტყვული ინსტიქტების და ვნებების დაკმაყოფილება.

აქედან გამომდინარე, დგას დილემა საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. ერთის მხრივ მოქალაქეობრივი თავგანწირვა, ნიადაგ სინდისის კარნახით მოქმედება, სულიერი იდეალების პირველ პლანზე დაყენება, ხოლო მეორეს მხრივ, ფილისტერული, თვითკმაყოფილი ფსევდოპრაგმატიზმი, სინდისის ხმის ჩახშობა საკუთარ სულში, თვალის დახუჭვა ყოველგვარ უმსგავსოებაზე, რომელსაც სჩადის ესა თუ ის საზოგადოებრივი წყობა თუ ცალკეული ადამიანი. ეს გახლავთ ის მწვავე დილემა, რომელიც დგას დღეს ყოველი ჩვენგანის წინაშე. აი ის კითხვები, რომლებზეც პასუხის გაუცემლობა აუცილებლად მიგვიყვანს სავალალო მდგომარეობამდე. აი მთავარი ფესვი ყველა დღევანდელი სოციალური და ადამიანური ბოროტებისა! ჩვენ ვამტკიცებთ: მე¬20 საუკუნის ადამიანს გაუმწვავდა აღქმა შეგრძნება ამ დილემისა. ამავე დროს ცხადია: ადამიანური ცნობიერების ამ განვითარების სხვადასხვა დონეებზე ამ დილემის აღქმა სხვადასხვაგვარია და მასზე რეაგირებაც. ამას განაპირობებს აგრეთვე სოციალური მდგომარეობაც, ბიოლოგიური სრულფასოვნება – არასრულფასოვნება, მატერიალური და ეკონომიური პირობები, რასული თუ ეთნიკური წარმომავლობა და ა.შ. ცხადია, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება აბსოლუტიზირება რომელიმე ფაქტორისა. ყველა შემთხვევაში ინდივიდუალობასთან გვაქვს საქმე და ამიტომ სურათიც უაღრესად ნაირგვარია.

ჩვენი გაგებით ამ დილემის გაუცნობიერებლობა არანაკლებ დამღუპველია ადამიანისათვის, ვიდრე მისთვის შეგნებულად ზურგის შექცევა, ვინაიდან ქვეცნობიერად, ინსტიქტურად ყველა ადამიანი გრძნობს მის დიდმნიშვნელობას და ბედითობას.

არსებობს ადამიანთა განვითარების უსასრულოდ ნაირგვარი დონეები. დღევადელი დიდი ადამიანისათვის კი დილემის პირისპირ არ არსებობს ჭოჭმანი. მათ იმთავითვე აირჩიეს ამ დილემის პირველი მხარე (ცხადია, მათაც ინდივიდუალური მიდგომითა და ნიუანსებით). ღრმა რელიგიურობა, ჭეშმარიტად იდეალისტური მსოფლმხედველობა დამახასიათებელია მათი უმრავლესობისათვის. მათი მორალი, ეთიკური სრულყოფა, მათი თავდადება იდეალისათვის, მათი ცხოვრებისეული მარტვილობა მისაბაძია კაცობრიობის შეგნებული ნაწილისათვის. ეს დიდი ადამიანები იმგვარად როდი იტანჯებიან, როდი განიცდიან იმგვარ ქენჯნას, როგორც ნიცშე ან ტოლსტოი, რომელთა შინაგანი ბრძოლა იმაზე მიგვანიშნებდა, რომ ისინი მაინც ვერ იდგნენ მყარად თავის ნიადაგზე, მაინც მსხვერპლნი იყვნენ იმ გაორებისა, რომელმაც საუკუნის სენად იჩინა იმჟამად თავი. მე-20 საუკუნის მნათობნი კი ტიტანური ურყეობითა და იდეალის სამსახურში თანმიმდევრობით გვაოცებენ. მათი მარტვილობა არა მათი პირადული ქენჯაა, არამედ ურვაა კაცობრიობისათვის. მათი  აზროვნება  არ ვარდება ურთიერთის გამომრიცხავ უკიდურესობებში და შემდეგ ქაოტურად არ იბინდება კვლავ ახალი სინთეზის ძიებაში. მათი მოქალაქეობრივი მრწამსი უქცევია ისევე, როგორც მათი გადაწყვეტილება საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებისა კაცობრიობის საკურთხეველზე. აი როგორია დღევანდელი დიდი ადამიანების მიმართება კაცობრიობის წინაშე მდგარი დღევანდელი დილემისადმი. ამით ისინი უფრო ძველი ეპოქის მოძღვრებსა და წმინდანებს ჰგვანან, ვიდრე მე-19 საუკუნის გაორებულ გენიოსებს. ე.წ. დისიდენტური მოძრაობა დღევანდელ  საბჭოეთში ამ დიდი ადამიანების კვალს მისდევს. დისიდენტებმა აირჩიეს პირველი მხარე ამ დილემისა, მაგრამ არა ერთნაირი წარმატებითა და გაბედულებით. უთუოდ ეს არის მიზეზი იმისა, რომ მათ შორისაც არის დონეები მსხვერპლის გაღებისა, ჭეშმარიტი გზის არჩევისა, ამ გზაზე გამბედაობისა თუ შორსმჭვრეტელობისა. იგივე გახლავთ მიზეზი მათ შორის პაექრობისა და ზოგჯერ შუღლისა. ჩვენ აქ კონკრეტულ მაგალითებს აღარ მოვყვებით, რათა რომელიმე პიროვნება არ გავანაწყენოთ ან შეცდომა არ დავუშვათ კონკრეტულ შეფასებაში.

საბედისწერო დილემის წინაშე გმირულად იდგნენ აგრეთვე მე-20 საუკუნის მისიონერები. ისინი, ვინც საკუთარი კეთილდღეობისა და სიცოცხლის ფასად დღესაც აგრძელებენ მაცხოვრის მიბაძვას და ნერგავენ სიყვარულისა და ჭეშმარიტების სახარებას არაცივილიზებულ, ჩამორჩენილ ტომებში… ჩვენ მოწმენი გავხდით უკანასკნელ ხანებში უგანდის მთავარეპისკოპოსისა და სხვა მრავალი მისიონერის მხეცური მკვლელობისა. ისინი ჭეშმარიტად პირველქრისტიანი მოწამეებისა და შუასაუკუნეთა რჩეულ მარტვილთა დიდ საქმეთა გამგრძელებელნი არიან ჩვენს რთულსა და ტრაგიკულ დროში. იგივე ითქმის ზოგიერთი ბუდისტი მისიონერის გამო. განსაკუთრებით საბჭოთა ციხის ჯალათთა მიერ მხეცურად მოკლული ბურიატელი მისიონერის, შესანიშნავი მოქალაქისა და მოაზროვნის ბიდია დანდარონისშესახებ.

ასეთივე ნათელი და მაღალი მაგალითია ცხოვრება და მოქალაქეობა ჯონ ბრაუნისამარტინ ლუთერ კინგისა, ალბერტ შვაიცერისა, ამროსი ხელაიასი და სხვათა. ყოველივე ამით ცხადი ხდება, რომ მე-20 საუკუნის კაცობრიობის მასის ტოტალური გადაგვარება და განურჩევლობა ერთი მხარეა სასწორისა, რომელსაც უპირისპირდება მაღალი მორალური შეგნება დღევანდელი კაცობრიობის რჩეულთა. ტოტალიტარულ სახელმწიფოებში სამართლიანობისათვის მებრძოლნი, თუნდაც დიდი ცდომილებებითა და გზააბნეულობით რომ გამოირჩევიან, მაინც მიედრებიან ამ რჩეულებს, უკეთუ მათი ბრძოლა და მარტვილობა გულწრფელია და ქვენა მიზნებისაგან კიდეგან მდგარი.

შესაძლოა გაგვაოცოს მცირერიცხოვანობამ დასახელებული მაგალითებისა, მაგრამ ჩვენ შევახსენებთ მკითხველს, თუ რაოდენ ვიწროა გზა ხსნისა და რაოდენ ფართოა გზა წარწყმენდისა და გადაგვარებისა, სახარების ფორმულით რომ ვთქვათ. იგივე გახლავთ მიზეზი საბჭოთა კავშირში დისიდენტთა მცირერიცხოვანებისა, რომელიც ხელზე აქვს დახვეული ჭეშმარიტებისა და სიკეთის მარადიულ მტრებს, რომელნიც ნიადაგ გაჰყვირიან: ,,შეხედეთ ამ ერთი მუჭა გროვას, გზააბნეული და ხალხსმოწყვეტილი ადამიანებისა! ნუთუ ისინი გამოხატავენ მრავალმილიონიანი მასების ნებას? ნუთუ მათ გააჩნიათ უფლება ილაპარაკონ ხალხის სახელით? ხალხისა, რომელმაც არც კი იცის მათი არსებობა, მათი ფიქრები და მიზანზრახვანი?»[7]

დიახ, დიახ მეგობრებო, ბნელეთის მოციქულთა მრავალრიცხოვანო ლეგიონერებო, ისტორიაში მუდამ მცირენი იყვნენ უმაღლესი სიკეთისა და ჭეშმარიტებისათვის თავდადებულნი, მაგრამ მათი სულიერი ძალა და შემართება მარად სძლევდა მრავალრიცხოვანებას წყვდიადისას! დიახ, მარად ასე იყო: ჭეშმარიტების მშვენება და სიდიადე იმით როდი  განისაზღვრებოდა, თუ იმთავითვე რამდენი იგებდნენ ან აფასებდნენ მას! მაგრამ განგების კეთილი ნება ისტორიის საჭეს სწორედ ამ მცირერიცხოვანთა გეზს უქვემდებარებდა და არა ქაოსის უზომობასა და უსახობას.

გადავხედოთ კაცობრიობის დღევანდელ ყოფას. განა ახსოვს რომელიმე საუკუნეს 2 საბედისწერო მსოფლიო ომი, მესამე მსოფლიო ომის ესოდენ რეალური საფრთხე, გამუდმებული შფოთისა და სისხლისღვრის ამდენი კერები?! რას მივაწეროთ დღევანდელი ადამიანის უგუნურება, სასოწარკვეთა, გაველურება ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით? რას მივაწეროთ ის, რომ ამ ნიჰილიზმმა, თვითუარყოფამ, ყოველგვარ სულიერ ღირებულებათა იგნორირებამ ფილოსოფიურად შექმნა საკუთარი, ათეისტური ეგზისტენციალიზმის სახით, ხოლო ადამიანის პირუტყვული მოთხოვნილებელის აბსოლუტიზაციამ, ეკონომიკურ ღირებულებათა განვითარების მიხედვით ქცევამ – შექმნა თავისი ფილოსოფია მარქსიზმის სახით? რას მივაწეროთ ის, რომ დღეს ბიოლოგიური სრულყოფისაკენ სწრაფვას, შეიქმნა იდეოლოგია ბიოლოგიური და რასული უპირატესობისა.

ყოველივე ეს შედეგია იმისა, რომ კაცობრიობის მასა უძლური  აღმოჩდა ამ უმძიმესი დილემის წინაშე, მასას დილემის მეორე მხარე აარჩევიეს, ზურგი აქცევინეს ყოველგვარი სულიერი იდეალებისგან და ამის შედეგად მან ღმერთკაცობის წილ არჩია გზა მხეცკაცობისა, ბესტილიზმისა, თუმცა ამ დამღუპველი გზისათვის გამოგონილ იქნა ათასგვარი სახელები: “სოციალური პროგრესი”, “ეკონომიკური კეთილდღეობა”, “კაცობრიობის რასული დახვეწა” და სხვა.

საგულისხმოა, რომ ამ ტენდენციებმა უმთავრესად სოციალურ-პოლიტიკურ სტრუქტურებს დაასვეს დაღი, თუმცა ლიტერატურა, მეცნიერება და თვით რელიგიაც არ  დარჩენილა მათი გამხრწნელი ზეგავლენის კიდეგან: ლიტერატურაში ვულგარული ნატურალიზმი, უხეში სოციოლოგიზმი, ფსიქოანალიზურ ჭუჭყში ქექვა, ფროიდიზმი, რასიზმი და ყოველგვარი პათოლოგიის აპოლოგია, ფსევდომოდერნიზმის, “ანტილიტერატურის” აღმოცენება. აი, საგანგაშო მეტასტაზები ამ სენისა. ფილოსოფიასა და მეცნიერებაში ვულგარული მატერიალიზმი და მარქსიზმი, მატერიალური დარვინიზმი, ე.წ. რასისტული ეთნოგრაფია, ტექნოლოგიური პროგრესის იდეალიზაცია, კიბერნეტიზმის ცალმხრივი, არასპირიტუალური განვითარება, გენური ინჟინერია, ნუკლეანური ფიზიკის უკონტროლო განვითარება და სხვანი – აი, სავალალო შედეგი ამ სენისა.

ყოველივე ეს პიროვნებაში ქვეცნობიერ პროტესტსა და ამბოხს ბადებს, მიუხედავად ამ პიროვნების განვითარების დონისა, ასაკისა, ინტელექტუალურ-მორალური მონაცემებისა. როგორც ზემოთ ვამბობდით, კაცობრიობის მასსამ ან ვერ აღიქვა, ან – ცნობიერად აქცია ზურგი ზემოხსენებულ მწვავე დილემას. მაგრამ განა იგი განთავისუფლდა ამ დილემისგან? სწორედ ამის შემდეგ იქცა მისთვის ეს დილემა დამღუპველ ძალად, მისი პიროვნების გადამგვარებელ ფაქტორად; სწორედ ამან განაპირობა მის ცხოვრებაში რთული ქაოსი და ანარქია და აი, ღირსშესანიშნავმა შედეგმაც არ დააგვიანა. განა შემთხვევითია, რომ სწორედ მე-20 საუკუნეში აღმოცენდა ჰიპებისა და ბიტნიკების მოძრაობა, არნახულად გაგვრცელდა ნარკომანია ათასგვარი სახით (დასავლეთის ქვეყნებსა და აზიაში), ალკოჰოლოზმი(საბჭოთა კავშირში), გამრავლდა თვითმკვლელობა, არნახულად გაიზარდა დამნაშავეობა, ტერორიზმი (ესპანეთი, აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი, ორივე ამერიკა), დივერსიებისა და ხანძრებისაკენ მიდრეკილება (საბჭოთა კავშირი), არნახული პათოლოგიური გარყვნილება (დასავლეთ ევროპა) და სხვა.

სახის ამგვარი დაკარგვა ადამიანის მიერ გახლავთ შედეგი სწორედ იმისა, რომ დღევანდელმა ადამიანმა ვერ ჰპოვა გამოსავალი ამ რთული დილემის წინაშე, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილ ქმედებაში იგი ავლენს ქვეცნობიერ პროტესტს საკუთარი თავის წინააღმდეგ. იგი სასოწარკვეთილია იმით, რომ ვერ ჰპოვა გზა ჭეშმარიტი, რომელიც წილად ჰხვდა მას დაბადებით, რამეთუ კაცი ყოველი ხატი არის ღვთისა.

დიახ, ყოველი ადამიანი მოწოდებულია იმისაკენ, რომ აირჩიოს პირველი გზა, გზა ღმერთკაცობისა, მაღალი სულიერი იდეალის სამსახურისა, გზა საღვთო ქალაქის მოქალაქეობისა, სადაც უნდა გამეფდეს სიყვარული, ჭეშმარიტება და სამართლიანობა.

მაგრამ კაცობრიობა გზას ააცდინეს მტრულმა ძალებმა, მცდარმა მსოფლმხედველობებმა, დემაგოგიურმა სოციალურ-პოლიტიკურმა მიმდინარეობებმა. ნაცვლად ამ იდეალებისა მას დაუსახეს იდეალი ამსოფლიური კეთილდღეობისა, პრაქტიკული სარგებლიანობისა, სოციალურ-ეკონომიკური “სამოთხისა”. აი რამ დააბნია იგი და სასოწარუკვეთა მას ესოდენ ძლიერ!

სოციალიზმის დემაგოგია, უწინარეს ყოვლისა, ყოველი ადამიანის სულის კუნჭულში და დაშვებულ პატივმოყვარეობაზე  მოქმედებს. თანასწორუფლებიანობის ქველი იდეა მასას მიაწოდეს იმგვარად, თითქოს ადამიანს დაბადებითვე არ სჭირდებოდეს ინტელექტუალური და მორალური ევოლუცია და , მაგალითად ყოველ მზარეულს იმთავითვე გააჩნდეს თითქოს სახელმწიფოს მმართველის უნარი და გამოცდილება. ამან დაბადა საოცარი თვითკმაყოფილება და რეალობის გრძნობის დაკარგვა. ადამიანმა თავისი თავი დაინახა მოჩვენებით მწვერვალზე და ამით დაკარგა აღმასვლის ყოველგვარი სურვილი და მოთხოვნილება. თვით უკიდურეს სიღატაკეს შეექმნა ილუზია უკიდურესი სიმდიდრისა. დემაგოგთა ეს ილუზიონიზმი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ სულიერ გაღატაკებას რომ თავი დავანებოთ, ხორციელად უკიდურესად გაღატაკებულნი თავს უმდიდრესად თვლიან მატერიალური თვალსაზრისითაც კი. თუმც აპათია უფრო გაძლიერდა და ველურმა ინსტიქტებმა უფრო აიშვეს. სოციალიზმმა ადამიანს მისცა მოჩვენებითი და მზამზარეული კაცღმერთობა, რითაც დააკმაყოფილა პატივმოყვარეობა, ხოლო ღმერთკაცობის ნამდვილი გზისკენ სამუდამოდ დაუხშო გზა.

განა ეს დილემა არ სტანჯავდა შავნაღვლიან პრინცს დანიისას? განა მას არ აეჭვებდა შესაძლებლობა უმაღლესთან სპირიტუალური ზიარებისა, საიქიოს რეალობისა, განა იმიტომ არ ქენჯნიდა იგი საკუთარ თავს, რომ ამქვეყნიური საწუთრო კეთილდღეობის სრულ დათმობას მოითხოვდა მისგან, ვალი მოყვასის წინაშე, ვალი სამართლიანი შურისძიების აღსრულებისა? განა ამიტომ არ აირჩია მაშინ დროებითი ყოფნა, განა არყოფნისაკენ ნაბიჯი იმპულსურად არ გადადგა სისხლისღვრის ექსტაზში შესულმა?

განა ამ დილემის სიმწვავემ არ გალია ლამანჩელი რაინდი და ლანდს არ დაამსგავსა იგი, საოცნებო აჩრდილთა სამყაროდან გადმოხვეწილს ამ ცოდვილ დედამიწაზე? განა ამ დილემას არ ანაცვალა ფაუსტმა მაგიით მოპოვებული უმაღლესი სპირიტუალური კეთილდღეობა, განა ამიტომ არ დასდო პაქტი სატანასთან, რათა ზიარებოდა საწუთროს წარმავალ ბედნიერებას? განა დონ-ჟუანს საიქიოდან მობრუნებულმა კომანდორმა არ შეაცვლევინა გეზი ჩვეული ყოფა-ცხოვრებისა, რომელსაც იგი მანამდის ერთადერთ გამართლებულ გზად სთვლიდა? განა ამ დილემასთან ბრძოლაში არ გადაიჩეხა ფრიდრიხ ნიცშე კაცთმძულვარებისა და ღვთის უარყოფის უფსკრულში? განა ლევ ტოლსტოისათვის ეს მარადიული დილემაც ამსოფლიურად არ გამოიხატა ერთის მხრივ საგრაფო მამულისა და მეორეს მხრივ, ოპტინას უდაბნოს სახით? განა ამ დილემას არ გაექცა იგი ოპტინას უდაბნოში? ყოველივე ამის შედეგად განა ცხადი არ არის რომ ახალი დროის გარიჟრაჟზე ადამიანის განწყობილება და ქმედება სხვაგვარი იყო მარადიული დილემის წინაშე, ვიდრე ძველი ეპოქის კაცთათვის? დავაკვირდეთ ჩვენს თანამედროვეობას და ცხადი გახდება, რომ დღესაც სხვაგვარია სპეციფიკა დილემის წინაშე დგომისა და მისი განცდისა.

შეიქმნა უკიდურესობები პიროვნულ და სამოქალაქო თავისუფლების გაგების სფეროში.

ერთის მხრივ ტოტალიტარიზმის მიერ ვნებადახშული უხეში ძალადობით გაოგნებული და აპათიაში ჩავარდნილი მასა, რომელსაც თავისუფლების არათუ შეგნება, არამედ იოტისოდენა მოთხოვნილებაც კი არ გააჩნია. დოსტოევსკის დიდი ინკვიზიტორის მიერ მონუსხული ბრბოს მსგავსად, თავისუფლებისაკენ სწრაფვას იგი უკეთეს შემთხვევაში უცნაურობად, სიგიჟედ ან კიდევ უფრო უარეს რამედ სთვლის. ნურავინ იფიქრებს, რომ, მაგალითად, საბჭოთა კავშირში მხოლოდ მმართველ წრეებს დაებადათ იდეა თავისუფლებისმოყვარე ადამიანების სულიერ ავადმყოფებად გამოცხადებისა. ეს ფსიქოლოგია თავად მასაში შემუშავდა თავდაპირველად, იმდენად წარმოუდგენელი იყო სახელმწიფო ტერორისა და ტოტალიტარიზმის ხუნდების წინააღმდეგ რაიმე ამბოხი “ჭკუათმყოფელი” ადამიანისათვის. სახელმწიფოს მესვეურებმაც კარგად გაუგეს მასის ამგვარ ფსიქოლოგიას და არ დააგვიანეს ფსიქიატრიული რეპრესიები, რაც საქმით “განამტკიცებს” მასში მოარულ ვერსიას იმის შესახებ, რომ ვინც აღიმაღლებს ხმას სამართლიანობისა და თავისუფლებისათვის, სულით ავადმყოფია.

მეორეს მხრივ, დასავლეთში შეიქმნა უკიდურესობანი დემოკრატიული თავისუფლების სფეროში, მწარმოებლობის სფეროში, რამაც გზა მისცა არა მხოლოდ პიროვნების აღვირახსნილობას, არამედ სოციალურ ქაოსს, იდეოლოგიურ კრიზისს დასავლეთისას, რომელმაც უკვე დაყარა ფარ-ხმალი ტოტალიტარიზმთან იდეოლოგიურ ბრძოლაში და ე.წ.  ”დეტანტის” მეშვეობით იმედოვნებს საკუთარი სტატუს ქვო-ს შენარჩუნებას. საყოველთაო, უსაზღვრო დემოკრატიზმი გამართლებული იქნებოდა მაშინ, კაცობრიობის თითქმის ნახევარი რომ არ იყოს გამომწყვდეული ტოტალიტარიზმის მარწუხებში, იმ ტოტალიტარიზმისა, რომელიც წალეკვას უქადის ცივილიზაციისა და კულტურის ყველა მონაპოვარს. დემოკრატიული სისტემები თავისდაუნებურად ხელს უწყობენ ტოტალიტარიზმის ძლევამოსილ თვითნებობას მთელს მსოფლიოში, რითაც საკუთარი იდეებისა და პრინციპების საწინააღმდეგო საქმეს ემსახურებიან უნებლიედ. უახლოესმა ისტორიულმა გამოცდილებამ ცხადჰყო, რომ ისინი უძლურნი არიან იხსნან კაცობრიობა ამ უმთავრესი სოციალური ბოროტებისაგან. დემოკრატიისა და ტოტალიტარიზმის დაპირისპირება საბოლოოა. სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაა დასავლეთისა და აღმოსავლეთისა, ევროპული ჰუმანიტარული ტრადიციების ერთის მხრივ და აზიური, თურანულ-მონღოლური ბარბაროსობისა და ტირანიისა, მეორეს მხრივ.  თუმცა ეს უკანასკნელი დღეს ევროპიდან ფილოსოფიური სუროგატით და სოციალური ყალიბით ინიღბება. ტოტალიტარიზმსა და დიქტატურას უნდა დაუპირისპირდეს სამართლიანი, ახალი ტიპის დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული წყობილება, ვინაიდან დასავლური ტიპის წყობილებანი მხოლოდ აძლიერებდნენ ტოტალიტარიზმსა და ძირს უთხრიდნენ საკუთარ თავს.

შემთხვევითი როდია ის გარემოება, რომ მაგალითად საბჭოთა კავშირის სამხედრო ეკონომიკაც კი დასავლეთის ფინანსებითა და ტექნოლოგიებით იკვებება. რაოდენ კეთილშობილური და პრინციპული არ უნდა იყოს ისეთი პიროვნებების მცდელობა, როგორიცაა პრეზიდენტი კარტერი, მისთვის შეუძლებელი იქნება მოქმედება იმ სისტემის პირობებში, რომელსაც იგი ემსახურება დღეს. კარტერის კეთილშობილური იდეები ასეთივე ქველი და თანამიმდევრული საქმეებით არ განმტკიცდებიან, ამაო დარჩება მისი ღაღადისი ნებამოშლილი დასავლეთის უდაბნოსა შინა. მთავარი საკითხი კი მაინც ის არის, შესძლებს თუ არა იგი ამ დიდი საქმეების რეალიზაციას თავისი სისტემის პირობებში, თავისი პარტნიორებით გარემოცული? საზოგადოებაში, სადაც COMMONWELTH-ისა და PROSPERITY-ს გაგებები დღესაც რჩებიან მთავარ ღირებულებებად. განა შეიძლება ადამიანის ესოდენ მაღალ ალტრუისტულ პრინციპებზე ოცნება? რამდენადაც ადამიანის უფლებები გარანტირებული აქვს ამ საზოგადოებას, განა ისურვებს იგი საკუთარი COMMONWELTH -ისა და PROSPERITY-ს დათმობის ფასად ჯვაროსნულ ლაშქრობაში გაჰყვეს კარტერს სხვათათვის, სრულიად უცხოთათვის, ადამიანური უფლების მოსაპოვებლად? ამგვარად კარტერი უწინარეს ყოვლისა უნდა ებრძოლოს დასავლეთის სოციალურ ეგოიზმს და თვითკმაყოფილებას, თუ სურს იმ მიზნის მიღწევა, რომელთა თეორიულ დეკლარირებას იგი ეწევა.

სხვა საკითხია, რამდენად გააღვიძებს კარტერი სინდისს თავის მოყვასთა და თანამემამულეთა წიაღში, რამდენად შესძრავს იგი მათ გულებს მსოფლიოში გამეფებული ტირანიისა და უსამართლობის მხილებით. რამდენად ცხადად დაანახვებს იგი თავის ერს დღევანდელი დილემის სიმწვავეს, პრაგმატიზმის, პრაქტიკული მატერიალიზმის და უტილიტარიზმის ჭაობიდან ამოსვლის აუცილებლობას და თუ იგი ამას შესძლებს დღევანდელი ამერიკის სხვა პოლიტიკურ მოღვაწეებთან და ჰუმანისტებთან ერთად, აგრეთვე იქ მყოფ ემიგრანტ დისიდენტებთან ერთად. კაცობრიობის მომავლის პერსპექტივა აღარ იქნება ესოდენ შავი და უნუგეშო, როგორც დღეს.

დღევანდელი ადამიანისთვის მთავარია, რომ მან შეიგნოს დილემის არსი, დილემისა, რომელიც თავად განგებამ წამოუყენა.

დღეს პიროვნებებსა და ერებს: ან თვითდათმობა იდეალისთვის, საწუთრო კეთილდღეობისა და კომფორტის არად ჩაგდება, მსხვერპლი და თავგანწირვა ჭეშმარიტებისათვის, მოქლაქეობრივი თავდადება, ან მიყოლა ცხოვრების დინებისა, განდგომა ყოველგვარი სულიერი იდეალებისგან და აპათიისა და დეგრადაციის გზაზე დადგომა. პირველი გამოიწვევს კაცობრიობის სპირიტუალურ და სოციალურ აღორძინებას, მეორე კი – ტოტალურ დეჰუმანიზაციასა და ქაოსს, რისი აშკარა ნიშნების წინაშე უკვე ვდგავართ დღეს. ტოტალიტარიზმის სცილასა და აღვირახსნილი “დემოკრატიზმის” ქარიბდას შორის მშვიდობით გავლა კაცობრიობის მთავარ მიზნად უნდა იქცეს დღეს.

სოციალიზმმა გააბატონა ცრუ იდეალი ფიზიკური შრომის გმირობისა, რათა მოესპო გაგება ჭეშმარიტი გმირობის, ადამიანთა მოდგმის სულიერი აღორძინებისთვის ბრძოლის ასპარეზზე. მან მოითხოვა ადამიანებისაგან თვითდათმობა ფიზიკური შრომის ასპარეზზე, რათა ფარულად დაეგმო ის გმირობა, რომელსაც მოითხოვდა სინდისის ხმა ადამიანში. დიახ, სწორედ სინდისის კატეგორიის ნიველირება და უარყოფა საუკეთესო საშუალებაა ადამიანის გამძლე მანქანად ქცევისა, მანქანად, რომელსაც გარედან მართავს სოციალური ნება და არა შინაგანი სულიერი თვითშეგნება.

სოციალისტურმა ტოტალიტარიზმმა კირკესეული ჯადოქრობით ღორებად აქცია მასა, მაგრამ მან ვერ შესძლო ერთგულ პიროვნებათა ამგვარი ტრანსფორმაცია. ამ პიროვნებებმა  შეინარჩუნეს კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარი, შეინარჩუნეს ნათელი თვალთახედვა გარემო მოვლენებზე. მათი დეზორიენტაცია ვერ შესძლო თვით დახვეწილმა დემაგოგმაც კი. აქედან გამომდინარე, ტოტალიტარული რეჟიმების პირობებში მაინც არსებობს ინტელიგენცია, თუმცა არცთუ შორეულ წარსულში ადგილი ჰქონდა მისი საყოველთაო განადგურების ცდებს. და აი, სწორედ ამ ინტელიგენციას დასჭირდა ყველა ფენაზე მეტი პასუხისმგებლობა დილემის წინაშე, ვინაიდან იგი გაბრუებული, დეზორიენტირებული მასების მსგავსად ვეღარ იტყვის, რომ ვერ ხედავს ან არ ხედავს ამ დილემას. ინტელიგენცია, თუნდაც [2×7]სოლჟენიცინისეული “ობრაზოვშჩინა”, თვით ე.წ. “პარტიული”. ე.ი. “კომუნისტური ინტელიგენცია” აშკარად ხედავს ამ დილემას, ვინაიდან მის დანახვას დღეს არ სჭირდება არც ფრიდრიხ ნიცშესეული ინტუიცია, არც ილია ჭავჭავაძისეული, ან ტოლსტოისეული მორალური პასუხისმგებლობის მაღალი შეგნება.

ამრიგად, თანამედროვე დემოკრატიის უძლურებისა და კრიზისის მთავარი მომენტი იმაში გამოიხატება, რომ იგი თავადვე კვებავს იმ ურჩხულს, რომელმაც საბოლოოდ უნდა შთანთქას იგი (არსებობს ლენინისეული თეზა: «კაპიტალიზმი თავადვე მოგვყიდის თავისავე ჩამოსახჩობ თოკს»).

და აი, ამ დილემის დამნახველი ინტელიგენციის მხოლოდ მცირე ნაწილი ირჩევს გზას მარტვილობისას, თვითდათმობისას, უთანასწორო ბრძოლისას ციხეებისა და ფსიქიატრიული საავადმყოფოების ჭანგებით აღჭურვილ ურჩხულთან. ეს გასაგებიცაა. უფრო იოლია თვალის დახუჭვა, საკუთარი პოზიციის გამაგრება «კეთილგონიერებით», «შორსმჭვრეტელობით», ან თუნდაც დევიზით: «სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისა მამაცისაგან». უფრო მეტიც, ოპორტუნისტულად განწყობილი ინტელიგენცია დღეს კი ინიღბება «გონივრული ინტელიგენციის» ნიღბით, ვითომდა ბრძოლის უფრო ეფექტური საშუალებებით, ვიდრე «კედლისათვის თავის შეხლაა». ამიტომ გამრავლდა ჩვენში «მინიშნებითი, წამყოფითი ლიტერატურა», ყველასათვის უჩინარი და შეუმჩნეველი დაპირისპირება რეჟიმის უსამართლობასთან და ა.შ. თუმცა უნდა ითქვას, რომ ყოველივე ამას თვით ტოტალიტარული ხელისუფლება ზოგჯერ ფარულად თავად უწყობს ხელს, რათა შექმნას ილუზია სიტყვის თავისუფლებისა, ლიბერალიზაციისა, რათა ხალხში აღძრას სურვილი ოპოზიციური ჟინის მოკვლისა იმგვარად ნათქვამი და უმისამართო გამოხტომებით, რომლებიც ვიღაც-ვიღაცეების მიხედვით «რეჟიმის წინააღმდეგ არიან მიმართული». ეს უფრო ეფექტური საშუალებაა დისიდენტურ გამოსვლებთან ბრძოლისა, ვიდრე უხეში ადმინისტრირება ან პირდაპირი რეპრესირება ნამდვილი ოპოზიციონერებისა, დისიდენტების დისკრედიტაცია, როგორც «უტაქტო», «დიპლომატიას მოკლებული ადამიანებისა», ან ფრთხილი შეფასება, როგორც «ოდნავ ჭკუაზე გადამცდარი ხალხისა», ზემოხსენებულ «ბრძენ ოპოზიციონერთაგან» განსხვავებით, იგი რეჟიმის მიზნებს საუკეთესოდ ემსახურება, ვინაიდან რეჟიმი კვლავ განაგრძობს არსებობას, ხოლო ოპოზიციური ვნებები, რომელიც უფრო და უფრო იზრდება ხალხში, ამგვარი სათამაშო თოფის სროლით კმაყოფილდებიან. ბოლოს იქმნება ილუზია დემოკრატიული საზოგადოებისა, სადაც დისიდენტები რეალობის გრძნობას მოწყვეტილი ხორცმეტები, ან “დემაგოგი ავისმჩხრეკელი ნაძირალები” არიან, ხოლო სუკ-ის აგენტები – “ჭეშმარიტ ინტელიგენციას” წარმოადგენენ.

ისევე, როგორც, მაგალითად, იაპონიის საწარმოთა ხელისუფალთ ურჩევნიათ  დადგან რეზინის ქანდაკებები მუშებისათვის საძულველი მექარხნისა, რომელსაც ყოველი მუშა უროს ურტყამს თავში, ვიდრე მოხდეს ნამდვილი გაფიცვები, ასევე ურჩევნია საბჭოთა რეჟიმს მოჩვენებითი, აღვირამოდებული ოპოზიციის არსებობა ჭეშმარიტი ოპოზიციისათვის დასაპირისპირებლად. აი, ფარისევლური აზრი ფსევდოოპოზიციისა ტოტალიტარულ ქვეყნებში (თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ზოგჯერ ტოტალიტარული ცენზურა ზომებს ვერ იცავს ჯეროვნად, ზოგჯერ მასაც ღალატობს ალღო და სათანადო ზღვარს ვერ უწესებს თავის მიერვე სტიმულირებულ ფსევდოოპოზიციურ გამოხდომებს, რის შედეგადაც ხშირად, მათი ხელით, უნტეროფიცრის ცოლივით, საკუთარ თავს გაიროზგავენ ხოლმე). აქვე უნდა დავსძინოთ, რომ ეს მოვლენა მაინც ფრიად საგანგაშოა ტოტალიტარიზმისათვის და კრიზისს მოასწავებს მის შიდაპოლიტიკურ ფრონტზე, ვინაიდან ამან შესაძლოა გამოიწვიოს რეჟიმისათვის არასასურველი შედეგები. საერთოდ, დემოკრატიული სისტემების შიდაპოლიტიკურ სტაბილურობას უპირისპირდება მათი საგარეო-პოლიტიკური და სამხედრო არასტაბილურობა, ხოლო ტოტალიტარულ ქვეყნებში პირიქითაა საქმე: შინაპოლიტიკური არასტაბილურობა სულ უფრო და უფრო საცნაური ხდება მაშინ, როდესაც საგარეო-პოლიტიკური თვალსაზრისით მათი ექსპანსიონიზმი და გარეგანი ძლიერება ყველასათვის თვალსაჩინოა.

რაც შეეხება კაპიტალიზმს, იგი, ყოველგვარი თეორიისა და დემაგოგიური ქადაგების გარეშე, პრაქტიკულად ნერგავს კულტს სიმდიდრისა და კომფორტისა, ამსოფლიური კეთილდღეობისა, რითაც უნებლიეთ, მაგრამ მაინც მტრობს კაცობრიობის მაღალ იდეალებს.  ადამიანში აჩლუნგებს წყურვილს თავგანწირვისას, მსხვერპლის გაღებას, ანვითარებს ეგოიზმს, ანგარებასა და პატივმოყვარეობას. კაპიტალისტთა შორის მრავალს ურჩევნია არაფრით დაზარალდეს მისი ბიზნესის მწარმოებლური ინტერესები, ვიდრე ამის ფასად გადადგან თუნდაც ერთი მორალური ნაბიჯი, გაიღონ მცირე მსხვერპლი მაინც ზნეობის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე. პრეზიდენტი კარტერი, როგორც აღმზრდელი, სწორედ ამ სფეროზე ზეგავლენით თუ შეფასდება. აქ გამოჩნდება მისი ავტორიტეტის ძალა, შთაგონების უნარი. მან უნდა გარდაქმნას კაპიტალის მსახურნი თავისუფლების იდეის მსახურებად. კაპიტალი უნდა გახდეს ხელშემწყობი კაცობრიობის ზნეობრივი გარდაქმნისა.

ასე, რომ კაპიტალიზმის ქვეყნებში ადამიანებმა უნდა დასთმონ სნობიზმი, კომფორტის სიყვარული, მოგებისა და სარგებლიანობის კულტი. სოციალისტურ ქვეყნებში კი ადამიანებმა უნდა დასთმონ შიში, ვიწრო ეგოისტური კარჩაკეტილობა, ასოციალურობა, მოქალაქეობრივი დეზერტირობა, ფილისტერული თვითკმაყოფილება და აგრეთვე თვითმოტყუება ფსევდოოპოზიციონერობით. შენ დაბრძანდები დიდი ქალაქის ქუჩებში, ვიწრო მეგობართა წრეში ოპოზიციურად ყბედობ, სიტყვით გმირი ხარ, საქმით კი, ყოველნაირად თავს არიდებ სიმართლისათვის ომს, რომელსაც აწარმოებენ შენი მოყვასნი, ნიადაგ ციხისა და სიკვდილის საფრთხის ქვეშ მდგომნი. შენ არად გენაღვლება ციხეებსა და ბანაკებში ჩაყრილი ადამიანების ბედი, რომელთაც ნელი წამებით კლავენ, აავადებენ, შენ მათზე ფიქრსაც კი თავს არიდებ, შენ განდევნე ისინი შენი ცნობიერების ველიდან, შენთვის ისინი «არაპიროვნებანი» არიან. როგორც ეს ორუელის ცნობილ რომანში ხდება, ამით კი შენ თავად ხდები ფიტული კაცისა, სნობი სნობთა შორის, ყბედობის სენით დაავადებული. თანდათან შენი ცხოვრების წესი მიგიყვანს დეგრადაციამდე, ამორალიზმამდე, ბოლოს შენ შესაძლოა შეიძულო შენი მოყვასი, რომელიც თავს სწირავს სიმართლისა და სიკეთისათვის ბრძოლაში, შენ მისთვის იწყებ ათასგვარი ატრიბუტების გამოგონებასაც: ,,უცნაური”, ,,დონ-კიხოტი”, ,,პოზიორი »; იწყებ მის წვრილმან ნაკელში ქექვას, მის კრიტიკას, მოკლედ, გსურს დაასაბუთო შენი გზის სისწორე, რომელსაც დაღუპვისაკენ მიჰყავხარ…[17]

სამწუხაროა, მაგრამ ამგვარ გზას დღეს ჩვენში უპრინციპო ან უმსოფლმხედველო ხალხი როდი მიყვება მხოლოდ. აქ “ქრისტიანთა” ხმებიც გაისმის, კვიეტიზმის მქადაგებელთა, ისინი გმობენ ხმის ყოველგვარ ამაღლებას ბოროტების წინააღმდეგ. ეს სიტყვით ქრისტიანები, ხოლო საქმით გაიძვერა ფარისევლები საღმრთო წერილსაც კი იშველიებენ თავიანთი სილაჩრისა და სიბილწის გასამართლებლად, თან ავიწყდებათ უზენაესი ცოცხალი მაგალითი საღმრთო წერილისა, იესო ქრისტე, რომელიც ადამიანთა მოდგმის ხსნისათვის, სიმართლისა და სიქველის იდეალებისათვის, ბოროტების მხილებისათვის ჯვარს ეცვა. ამ ადამიანებს კი ჯვარცმა უკიდიათ ხშირად თავიანთ ოჯახში მოოქროვილი, ვითარცა კედლის სამკაული, ხოლო თავად არ სურთ ეცვან ჯვარს, ასეთ “ქრისტიანებს” ჭეშმარიტად ათეისტები სჯობიან, რომლებიც ადამიანის ღირსებებისათვის და უფლებებისათვის იბრძვიან უშიშრად. ამ ათეისტებმა, მართალია სულიერად ვერ გააცნობიერეს დილემა, მაგრამ იგრძნეს იგი ესოდენ ძალუმად, რომ მათი ცხოვრება მთლიანად გარდაიქმნა, მათი ნებელობა ღვთის სამსახურში ჩადგა, ისინი დიდი გულისა და შეგრძნებების ადამიანები არიან, რომლებიც ხშირად, საღვთო გზასაც პოულობენ ხოლმე თავიანთი მაღალი იდეალის სამსახურში ან იმ ცხოვრებისეული ტანჯვის შედეგად, რომელიც გარდაუვალი ხდება მათთვის ამ გზაზე. სიმართლისათვის თავდადებამ არ შეიძლება არ მიგვიყვანოს სიმართლისა და სიკეთის წყარომდე – ღმერთამდე.

 

 

P.S. “დილემა კაცობრიობის წინაშე” თავის ავტორთან ერთად დააპატიმრეს 1977 წლის 7 აპრილს, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით იგი განთავისუფლდა პატიმრობიდან მხოლოდ 1991 წლის იანვარში. ვფიქრობ, მას დღესაც არ დაუკარგავს აქტუალურობა და თუ ეს ასე არ არის, მაშინ კულტურულ-ისტორიული ღირებულებების თვალსაზრისით მაინც იქნება საინტერესო ჩემი იმდროინდელი ნაფიქრ-ნატანჯი. (ზ.გ.)

 

ივლისი 1, 2010

ზვიად გამსახურდია: “მე-უოლტ უიტმანი, კოსმოსი”

უოლტ უიტმანი ერთ-ერთ ლექსში მოგვითხრობს, ვით ესწრებოდა ერთხელ ასტრონომი მეცნიერის საჯარო მოხსენებას ნიუ-იორკში. მეცნიერმა გადმოუშალა აუდიტორიას რუქები და დიაგრამები, ფორმულები და ფიგურები, ,,კოლონებივით გამწკრივებულნი”. იგი მთელი საღამო გართული იყო გაზომვით, შეკრებითა და გამოკლებით, გამრავლებით, დახარისხებით და რა დაასრულა მოხსენება, აუდიტორია მქუხარე ტაშით შეეგება მას, ხოლო პოეტი გამოუთქმელმა სევდამ შეიპყრო რატომღაც, მან დაღლილად და ავადმყოფურად იგრძნო თავი, ვერ გადაიყარა უგუნებობა, ვიდრე არ დასტოვა დარბაზი და არ გამოვიდა სუფთა ჰაერზე.

ღამდებოდა. შორს, ისტ რივერის დასავლეთით გადაჭიმულიყო ნახევარკუნძული, რომელსაც პომანოკი შეარქვეს ინდიელებმა უხსოვარ დროში. სამხრეთ ანტლანტიკის ოკეანის მოქცევები ეხლებიან მას, ჩრდილოეთიდან კი ლონგ აილენდ საუნდის წყ*ები, რომელნიც მას პურიტანული კონეკტიკუტისაგან გამოჰყოფენ. აქ დაიბადა პოეტი, აქ გაატარა ბავშვობა. გარშემო ფერმებია და სოფლები, ხვავრიელი მინდვრები. მიჰყვება პოეტი შარაგზას, პომანოკისაკენ მიმავალს. თავშიშველია, მკერდგაღეღილი. შორით მოისმის ზღვის ყრუ ხმაური და ნაგვიანევი თოლიების წივილი. ხანდახან ჩერდება, ყურს მიუგდებს გარემოს. ღამის მისტიური, ნისლოვანი ჰაერი ღრმა მდუმარებით აღავსებს მის სულს. ვარსკვლავეთში ჩაძირულა მისი მზერა. ვარსკვლავეთის სუნთქვით სუნთქავს იგი ამჟამად. და უეცრად მისი სმენა ფართოვდება, თითქოს ღრმავდება და მას მოესმის იდუმალი საყვირის ხმა, მისტიური მესაყვირე აქუხებს საყვირს ღამეულ ეთერში და პოეტის სულში იღვრება კოსმიური მუსიკის ზვირთები. უეცრად იცვლება გარემო, სადღაა ლონგ აილენდი, ურთიერთს ენაცვლებიან წარსულის სურათები.

აჰა, მოჩანან გარდასულ დროთა ბარონები თავიანთ კოშკებში, მანდილოსნები, შეჭურვილი რაინდები, წმინდა გრაალის საძებრად მავალნი, ტურნირები, ფოლადის ელვა, ცხენების ჭიხვინი, ჯვაროსანთა წყებები, ციხეთა შემოწყობა, ბერების მსვლელობანი, ჯვრის ტვირთვა, საკმევლის კმევა… ხილვა ფართოვდება თანდათანობით, ისტორიული კატაკლიზმები სხვა და სხვა ტომების, ერების, რასების, ომები, აჯანყებები, ძველის ნგრევა, ახლის შენება. მსოფლიო ტკივილი და შვება, მსოფლიო წვა და ვედრება… და შინაგანად, არნახულის სიცხოველით და სიდიადით აღმობრწყინდება პოეტის სულიერი ხილვის წინაშე სიყვარულის მზე, რომელიც დგას ამ ხილვის მიღმა, რომელიც მოქმედებს ყოველივე იმაში, რომელიც ადნობს, არღვევს და კვლავ სახედ ქმნის ყოველივეს… მაშინ მოიცავს მის არსებას სიყვარული მაარსებელი და აღმოხდება პოეტს უეცრად: `ო, მესაყვირევ! მე მეჩვენება, რომ შენ ჩემზე უკრავ! მე ვარ საკრავი შენი ამჟამად! შენ ანდობ ჩემს ტვინს, ჩემს გულს, ჩემს თირკმელს, შლი ყოველივეს და გარდაქმნი შენის ნებისებრ! ამადაც იშვის ეს საზეო აღფრთოვანება, სიყვარულის, თავისუფლების, თაყვენების საზეო შვება… კმარა მხოლოდ ყოფნა! კმარა სუნთქვა! შვება, შვება, საზეო შვება! ეს მუსიკა მარად ჩემს გარშემოა, იგი უწყვეტია, დაუსაბამო.

ეს მუსიკა მე ვარ თავად! უეცრად მძაფრდება მისი გუგუნი, გულის კარს მინგრევენ ამ მარად ხმოვანი ოკეანის ზვირთები, ღრმად იჭრებიან ჩემში, და ამ დროს იშვის ჩემი ლექსი, ვითარცა ხსნა, ვითარცა შვება, ვითარცა ლოცვა”

ამგვარად იბადება შვების პოეზია. ამგვარად იბადება შეგნება: მე უოლტ უიტმანი,-კოსმოსი. და ეს შეგნება მოიტანა სულიერი კოსმოსის მცნებამ, მისტიურმა მესაყვირემ (ლექსი ,,The mysticul trumpeter”).

ადამიანური პიროვნების ყოვლისმომცველობა, მარადიულობა აღძრავს ენთუზიაზმს პოეზიისას.  უიტმანის შემოქმედების ცენტრში ადამიანი დგას მუდამ. ადამიანი, ხატი ღვთისა, თავად მიწიერი ღმერთი, მისი ფიზიოლოგია, ფიზიოგნომიკა, მისი ზოგადი კოსმიური არქეტიპები: მარადვაჟური და მარადქალური. მის ვნებათა უსაზღვროება, პულსი და ძალა, მოქმედების თავისუფლება, რომლითაც იგი ახორციელებს ღვთის მარადჟამულ კანონმდებლობას. თანამედროვე ადამიანი, რომელიც მოითხოვს, რათა უზენაესი სრულყოფით გამოავლინოს თავისი შემოქმედებითი მეობა.

დღემდე არსებობდა საფრთხე ადამიანის დაკარგვისა, გაზავებისა მატერიალური და სპირიტუალური კოსმოსის უსაზღვროებაში. ამიტომ აუცილებელია ადამიანმა შეიცნოს სიდიადე თავისი ხატებისა. მან უნდა შეიცნოს და შეიყვაროს სხეულებრიობა ინდივიდუალურ და სოციალურ ყოფაში. საჭიროა ახალი ესთეტიკა, სხეულის ესთეტიკა. ამისთვის საჭიროა სხეულის მგოსანი. მან უნდა უმღეროს სულით განღმრთობას სხეულისას, მან უნდა უმღეროს წარმავლობასა და სიკვდილს  ს ხ ე უ ლ შ ი ვ ე  დაძლევას, მან უნდა უმღეროს  ა ხ ა ლ  ს ხ ე უ ლ ს, სულიერ სხეულს, ღმერთკაცობის უზენაეს იდეალს. ადამიანს სურს ლექსის პური, ეს არის პური არსობისა, ეს არის ყოფის განმართლება, ეს არის პოვნა წარმავლობაში, უსახობაში სრულყოფილი მშვენიერების : ,,არაფერი ისე არ გვჭირდება დღეს შტატებში, როგორც თანამედროვე პოეტი, თანამედროვეობის დიდი ლიტერატუსი. ყველა დროის, ყველა ნაციის ცხოვრების ცენტრალური პუნქტი იყო ნაციონალური ლიტერატურა, განსაკუთრებით კი მისი არქეტიპული პოემები, არქეტიპული პოემაა ინდოელთათვის ,,მაჰაბჰარატა”, ქართველთათვის “ვეფხისტყაოსანი”, იტალიელთათვის “ღვთაებრივი კომედია”, გერმანელთათვის “ფაუსტი”, ხოლო ამერიკელთათვის “ბალახის ფოთლები”.

რატომ უწოდა პოეტმა ამ თავის პოემას “ბალახის ფოთლები”?

რატომ არის ბალახი ლაიტმოტივი უიტმანის პოეზიისა? ბალახი სიმბოლოა კაცის სხეულისა (ამგვარადვე გვხვდება იგი საღმრთო წერილში და მითოლოგიაში), მაგრამ პოეტი ესაიასთან და ფსალმუნის ავტორთან ერთად როდი ამბობს, რომ სხეული ბალახია გამხმარი (რასაც ჩვენი დავითიც იმეოერებს “ხორცი მკვდარ-ხმელ ბალახი, აყვავებულად ნანახი”). ბალახი უიტმანისათვის საწინდარია სხეულის ხელახალი აღორძინებისა (რეინკარნაციისა), სხეულის სულით განღმრთობისადა აღდგომისა. ის ბალახი, რომელიც იზრდება სასაფლაოზე, საწინდარია სულთა ხელახალი სხეულებრივი აღორძინებისა, განა რად შიბილან ისინი ქვეყნად, თუ კვლავ არარაობად უნდა მიიქცენ? “ბალახი უფლის ცხვირსახოცია” “ბავშვი თავადაა ბალახი”. ბალახი იეროგლიფია ერთგვარი, სამყაროს ხელწერა, მარადჟამული მხატვრის კანვასი.

დიდი ლიტერატურა, პროფეტული ლიტერატურა – აი, რა სჭირდება დღევანდელ კაცობრიობას. ახალი ლიტერატურა, ახალი მეტაფიზიკა, ახალი პოეზია – აი, რა სურს ამერიკის დემოკრატიას.

ბუნება, ჭეშმარიტი ბუნება, ბუნების ჭეშმარიტი იდეა, რომელიც გვაკლდა დიდი ხნის მანძილზე, უნდა აღორძინდეს, უსასრულოდ გაიზარდოს, აღავსოს ლექსის ატმოსფერო. – აი, საფუძველი ესთეტიკისა. არა რომანტიული ბაღები, ჭლექიანი სახეები და ბულბულები, არამედ მთელი პლანეტა, მისი გეოლოგიური ისტორია, კოსმოსი, `რომელიც შეიცავს ყოველგვარ ნაირსხვაობას და რომელიც თავადაა ბუნება” მილიონობით ტონა ნივთიერება, მატერიის აზრი და ვნება, უნდა შენივთდეს, ჩამოყალიბდეს, სახედ იქმნას და უკვდავმა ადამიანმა უნდა აქციოს ეს ყოველივე თავისი მორალური და სპირიტუალური ცნობიერებით დიდ პოეზიად, და ამით იხსნას ხრწნადობისაგან, წარმავლობისაგან.

პოეზიას ორი ასპექტი აქვს: ერთი რომელიც უშინაგანეს “მე”-სთან არის დაკავშირებული, რომელსაც მისი სულიერი ცხოვრება აძლევს ტონს და, მეორე, რომლითაც იგი უკავშირდება გარე სამყაროს, კოსმიურ და საზოგადოებრივ ყოფას. უიტმანი ამბობს” დიდ პოეტთა უმრავლესობა იმპრესიონალურია, მე კი პერსონალური ვარ, ჩემს ლექსებში ყოველივე ჩემს გარშემო ტრიალებს, ყოველივე ჩემშია კონცენტრირებული, ყოველივე ჩემგან ასხივებს. მე მხოლოდ ერთი ცენტრალური ფიგურა მყავს, ეს არის ზოგადი ადამიანური პიროვნება, რომელიც ჩემშივეა განსახიერებული. მაგრამ ჩემი წიგნი აუცილებლობის ძალით აიძულებს მკითხველს დააყენოს თავისი თავი ცენტრალურ პოზიციაში და გადაიქცეს ყოველი სუნთქვის, ყოველი გვერდის, ყოველი სტრიქონის წყაროდ და განმცდელად”

ტორო უიტმანს ეხმიანება, როდესაც ამბობს: “მე არ ვისაუბრებდი ჩემს თავზე ამდენს, ვინმე სხვას რომ ვიცნობდე ისევე კარგად, როგორც ჩემს თავს”. მაგრამ უიტმანისათვის პიროვნული “მე” მსოფლიო მეობის განცხადებაა, მისი გამოვლენაა ცალკეულ ინდივიდში ვიცი, რომ სული ღვთისა ჩემივე სულის უფროსი ძმაა და რომ კაცნი ოდესმე შობილნი, ძმანი არიან ჩემნი… ქალნი კი – დანი და მიჯნურნი, და რომ შესაქმის საჭე არის სიყვარული. ღმერთია თავად მიჯნურთა შორის უდიდებულესი, სრულყოფილი მეგობარი, თავად კაცი იდეალური”.

“სიყვარულია საფუძველი ყოველგვარი მეტაფიზიკისა” – მიმართავს იგი სტუდენტებს, პროფესორებს, მეცნიერებისათვის თავდადებულ ადამიანებს. `ბალახის ფოთლებმა” მოულოდნელი ჭექა-ქუხილივით შეაკრთო იმდროინდელი ამერიკა. ლიტერატურული საზოგადოება აღშფოთებული იყო უწინარეს ყოვლისა იმით, რომ ამ წიგნში არნახულის ძალით გამოვლინდა სულის თავისუფლება როგორც ლექსში, ისე მორალური და სოციალური პრობლემების გაშუქებაში. ცნობილია, რომ ყველა დროის ფილისტერებს აღიზიანებდათ ხოლმე გენიის თავისუფალი გამოვლინება, რაც მათი ვიწრო დოგმების რღვევას იწვევდა მუდამ. მაშინდელი ამერიკის ლიტერატურული სიდუხჭირე და ქაოტურობა ჯერ კიდევ ედგარ პომ გაამასხარავა თავის იუმორისტულ მოთხრობაში `კაკვას ტამის, ესკვაირის ლიტერატურული ცხოვრება”, რომლის მთავარი გმირი, რედაქტორი, აღშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ `ვიღაც ბრმა მოხუცი ძველ საბერძნეთში წერდა უნიჭო პოემებს და მუზებს აწუხებდა, ხოლო ინგლისში ასეთივე ბრმა “სინათლის შესახებ წერდა პოემებს” – რაც კიდევ უფრო მეტად აღმაშფოთებელად ეჩვენებოდა მას.

ბუნებრივია, ლიტერატურულმა ფილისტრებმა ვერც ახალი დროის ჰომეროსი იცნეს. ჟურნალ-გაზეთებიდან დაიძრა ლანძღვა-გინების მთელი ნიაღვარი. მაგრამ არა მარტო ფილისტერები და გონებაშეზღუდული ადამიანები იყვნენ აღშფოთებულნი. უიტტიერმა, ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა, ცეცხლში დასწვა “ბალახის ფოთლები”! სამაგიეროდ ემერსონი მიესალმა მას მხურვალედ. ადამიანი, რომელიც ტონს აძლევდა იმდროინდელი ამერიკის სულიერ ცხოვრებას. ემერსონის “ტრანსცენდეტალიზმი” უაღრესად ენათესავება უიტმანის მსოფლმხედველობას. ემერსონი შემდეგნაირად განსაზღვრავს თავისი რეალისტური მსოფლმხედველობის არსს: “ყოველივე რეალური თვითარსულია, ყოველივე ღვთაებრივი იზიარებს თვითარსულობას ღვთისას”.

ამგვარი რეალიზმის პოზიციებიდან აშუქებს იგი მსოფლიო ისტორიას, კულტურას, მეცნიერულ და თეოლოგიურ პრობლემებს. მისთვის უცხოა ზედაპირული თვალსაზრისი ცხოვრებისეულ მოვლენებზე, მისთვის მთავარია მოვლენათა არსის წვდომა, მარადიული ძალის დანახვა არსთა და საგანთა მრავალფეროვნებაში. იგი, როგორც სასულიერო პირი, მოითხოვს გაბედულ რეფორმებს რელიგიის სფეროში. “ღმერთი აგებს ტაძარს თავისას ადამიანთა გულებში, ეკლესიებისა და რელიგიების ნანგრევებზე”- ემერსონი ამგვარად განსაზღვრავს ტრანსცენდენტალიზმის რაობას ” ტრანსცენდენტალიზმი ღებულობს მთელი სისრულით სპირიტუალურ დოქტრინას, მას სწამს სასწაული, სწამს ახალი შესაძლებლობები ადამიანური გონებისა, სულიერი ნათლისა დაძალის წვდომაში. მას სწამს ინსპირაცია და ექსტაზი. მას სურს რომ სპირიტუალურმა პრინციპებმა სრულიად, ყოველგვარი მიმართებით გამოავლინოს თავისი თავი ადამიანთა ყოფაში და გამორიცხოს ყოველივე არასპირიტუალური, ე.ი. ყოველივე პოზიტიური, დოგმატური ან პიროვნული*(ვიწრო, ეგოისტური გაგებით(ავტ)). ასე რომ, ინსპირაციის სულიერი საზომი არის სიღრმე აზრისა”.

და აჰა, გამოჩნდა პოეტი, რომლის შემოქმედებაც დიდებული დადასტურებაა ყოველივე ამისა. ემერსონი მაღალ ნდობას უცხადებს პოეტის ხილვებს, იმ ახალ სულიერ სამყაროს, რომლის მაცნედაც მოევლინა კაცობრიობას ეს ახალი სვვედენბორგი პოეზიისა. იგი მიესალმება აზრის არნახულ გაბედულებას, ემოციის კოსმიურ მასშტაბს.

ემერსონის გარდა უიტმანს მიესალმნენ ამერიკის სხვა გამოჩენილი ადამიანებიც: ჰენრი ტორო, ბრონსონ ოლკოტი, ფრანკ სენბორნი და სხვანი. ტორო მას სთვლიდ “ყველა დროის დემოკრატთა შორის უდიდესად”.

უიტმანს ღრმად სწამდა, რომ ამერიკა მოწოდებულია დაამკვიდროს თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეალი კაცობრიობის სოციალურ ყოფაში. ამისთვისვის იგი მოითხოვდა ყველა ამერიკელისაგან ღრმა და შეუვალ რწმენას დემოკრატიისადმი – `ისეთსავე რწმენას, როგორიც უნდა ჰქონდეს ქრისტიანს, ღვთის მისტერიასთან მიმართებაში”. აბრაამ ლინკოლში იგი ხედავდა მოძღვარს, რომელიც მიიყვანდა ამ იდეალს პრაქტიკულ განხორციელებამდის.

და აი, მონათმფლობელი კოპპერჰედების ვერაგულმა ტყვიამ იმსხვერპლა ამერიკის იმედი, ჭეშმარიტების და სიქველის დიდი რაინდი. ამას მოჰყვა მსოფლიო ელეგიური პოეზიის დიდი შედევრი, გრანდიოზული რეკვიემი “როცა ეზოში, გაზაფხულზე…” და აგრეთვე ლექსი: “ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო”. მაგრამ პოეტმა იცის, რომ როდესაც რაიმე დიდ საქმეს შეეწირება მსხვერპლად მისი მესვეური, ეს მოასწავებს ამ საქმის გამარჯვებას. ამიტომ იგი ახალის ენერგიით ებმება საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში, რათა ამერიკამ შეინარჩუნოს დემოკრატიის მონაპოვარი. დემოკრატიის დიდი გამოცდა იყო სამოქალაქო ომი, ის კატასტროფები, რომელნიც მას მოჰყვნენ და რომელნიც ანარქიის გაბატონებით და ქაოტური ძალების აშვებით ემუქრებოდნენ ამერიკას. უიტმანმა, იმჟამად სამოქალაქო ომის მონაწილემ, თავისი თვალსაზრისი ჩამოაყალიბა დედისადმი წერილებში, ხოლო ამჯერად იგი აქვეყნებს ვრცელ ესსეს “დემოკრატიის პერსპექტივები”, თან განაგრძობს ლექსების წერას. ღრმა სიბერებდის ხმიანდება მისი ჩანგი, თვით პარალიზმაც ვერ ჩაკლა მასში პოეტური ენთუზიაზმი.

უოლტ უიტმანმა პირველმა მოუწოდა ევროპის მუზას გადმოსახლებულიყო `ქალწულ კონტინენტზე”, რითაც მისცა დასაბამი ამერიკის დიდ ლიტერატურას. იგი ფუძემდებელია ახალი პოეზიისა, ახალი პოეტიკისა; ყოველივე ის, რაც მის თანამედროვეებს არაკანონზომიერად ეჩვენებოდათ მასში, დღეს დაკანონდა, აუცილებლობისეულ მოთხოვნად იქცა პოეზიაში.

უოლტ უიტმანი ჩვენი თანამედროვეა. მასში ისევე მძლავრად იგრძნობა მეოცე საუკუნის სულისკვეთება, როგორც სხვა დიდ თანამედროვე პოეტებში.

უოლტ უიტმანი ჭეშმარიტი კოლუმბია ახალი დროისა, იგი უფრო მეტია, ვიდრე კოლუმბი, მან აღმოაჩინა ამერიკის სული.

Blog at WordPress.com.