ზვიად გამსახურდია

აგვისტო 8, 2019

ზვიად გამსახურდია მიწის გაყიდვის და საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

80850

(საუბარი ზაარის მხარის ტელერადიოკორპორაციის კორესპონდენტ მარიელ ზაბეტ დენცერთან)

– ბატონო პრეზიდენტო, თქვენ 26 მაისს ხმების უმრავლესობით აგირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად, როგორია თქენი უახლოესი გეგმები?

– ჩვენი გეგმებია საქართველოს სახელმწიფოებრიობის სრული აღდგენა, რეფორმები ყველა სფეროში, უწინარეს ყოვლისა, ეკონომიკური რეფორმები; პრივატიზაციისა და თავისუფალი ბაზრის დამკვიდრება; სოციალისტური სტრუქტურების შეცვლა და ახალი ეკონომიკური ბერკეტების ჩამოყალიბება, მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობის დამყარება დასავლეთის კაპიტალისტურ ქვეყნებთან. მაგალითად, ჩვენ უკვე გვაქვს გერმანიასთან კონტაქტები და ვაპირებთ ასევე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას სხვადასხვა ქვეყნებთან.

– თქვენ ბრძანეთ ეკონომიკური რეფორმების შესახებ, უკვე 7 თვეა ხელისუფლების სათავეში ბრძანდებით. კონკრეტულად, რა გიშლით ხელს ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში?

– ყველა კანონი საფუძვლიანად უნდა მომზადდეს. ნაუცბათევად ასეთი კანონების მიღება არ შეიძლება. ახლა მომზადდა კანონი მიწის საკუთრების შესახებ. ასევე კანონი მოქალაქეობის შესახებ. ამ კანონებს უახლოეს ხანებში მივიღებთ. ასევე მზადდება კანონები პარტიებისა და პრესის შესახებ.

– კანონები პირველი წაკითხვით იქნება მიღებული?

– დიახ, ალბათ, ყველა ამ კანონს მალე პირველი წაკითხვით მივიღებთ.

– კონკრეტულად, თუ შეიძლება მითხარით, ვის შეუძლია მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა?

– ყველას, ვინც საქართველოში ცხოვრობს მუდმივად, შეუძლია მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა.

– სომხებიც, რომლებიც 10 წელი ცხოვრობენ საქართველოში, მიიღებენ მოქალაქეობას?

– რა თქმა უნდა, სომხებიც, აზერბაიჯანელები და რუსები, ეროვნების მიუხედავად მიიღებენ მოქალაქეობას. მხოლოდ სამომავლოდ, როცა უცხოეთიდანაც ჩამოვლენ ჩვენთან საცხოვრებლად, საჭირო იქნება გარკვეული ვადის შემოღება.

– მაინც რამდენი წელი?

– მე ვფიქრობ, 5 წელი. ამ ვადით აძლევენ მოქალაქეობას დემოკრატიულ ქვეყნებში. როცა უცხოელი ჩამოდის საცხოვრებლად უცხო ქვეყანაში, გარკვეული დრო უნდა დაჰყოს ამ სახელმწიფოში, სანამ მოქალაქეობას მიიღებს.

– თუ შეიძლება მიამბეთ პრივატიზაციის შესახებ. ვინ ისარგებლებს ამ უფლებით?

– მცირე სახის პრივატიზაცია უკვე ხორციელდება საქართველოში: მაღაზიების, პატარა საწარმოების და ქარხნების გარკვეული ნაწილი კერძო საკუთრებაში გადადის, უფრო მასშტაბურად, ერთბაშად შეუძლებელია განხორციელდეს. ყველაფერი საფუძვლიანად უნდა მომზადდეს. საამისოდ აუცილებელია გამოვეყოთ საბჭოთა კავშირს. ახლა ჩვენ საბჭოთა ეკონომიკასთან მჭიდროდ ვართ დაკავშირებული, ჩვენ უნდა გავწყვიტოთ ყველა ეს კონტაქტი და ჩამოვაყალიბოთ ახალი ეკონომიკური სტრუქტურები, დამოუკიდებელი ეკონომიკა.

– მაგრამ მეურნეობა რომ განვითარდეს და ხალხის დაინტერესებაც რომ გაიზარდოს, საჭიროა სრული პრივატიზაცია.

– მთელი მეურნეობა უნდა ეფუძნებოდეს პრივატიზაციას.

– თქვენ ბრძანეთ, რომ პრივატიზაციის კანონს მიიღებთ პირველი წაკითხვით. – როგორია ეს კანონი?

– ამ კანონით პირველ რიგში დამტკიცდება მიწის საკუთრება. მიწა გადაეცემათ ადამიანებს და ასევე აგრარული დარგებიც.

– ვინ იქნებიან მიწის მფლობელები?

– მიწათმოქმედები…

– თქვენ ბრძანეთ, რომ მზადდება კანონი პრესის შესახებ, დღესდღეობით ტელევიზია და რადიო სახელმწიფო დაწესებულებაა. ამ მხრივ თუ იქნება რაიმე სიახლე?

– იქნება კერძო ტელევიზია და რადიო. უკვე არსებობს რამდენიმე არხი. მაგალითად, საკაბელო ტელევიზიები.…

– თქვენ როგორ ფიქრობთ, სადღეისოდ საქართველოს პრესა თავისუფალია?

– ყველა ჩემს მოწინაღმდეგეს შეუძლია თავისი სტატია დაბეჭდოს ამა თუ იმ გაზეთში და იყოს პოლემიკა ჩვენს შორის. მოწინააღმდეგეებს აქვთ, აგრეთვე საკუთარი გამოცემები. დაგისახელებთ ოპოზიციური გაზეთების სათაურებს: „ საქართველო“, „დრონი“, „კაბადონი“, „ერისიონი“, „აიდგილარა“, „სოვეტსკაია ოსეტია“ და სხვა.

– თქვენი მიზანია, საქართველო რაც შეიძლება მალე ჩაებას ხალხთა საერთაშორისო თანამეგობრობაში. ამ გზაზე როგორია თქვენი კონკრეტული ნაბიჯები?

– საქართველო ყოველთვის იყო ქვეყანა, სადაც მრავალი ეროვნების წარმომადგენლები ცხოვრობდნენ და ყველა ხალხს ჰქონდა გარანტირებული უფლებები. სხვა ეროვნების წარმომადგენლებს პრობლემები არა აქვთ. ასევე იქნება მომავალშიც.

– დასავლეთის ქვეყნების მიერ ჯერ კიდევ არ არის აღიარებული საქართველო, რა არის ამის მიზეზი?

– ეს ხდება კრემლის და მიხეილ გორბაჩოვის პოლიტიკის გამო, რადგანაც ჯერ კიდევ მიხეილ გორბაჩოვს დიდი გავლენა აქვს მსოფლიოში. ყველაფერი ეს მოდის კრემლიდან, ცენტრიდან.

– თქვენ აპირებთ შეხვდეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს და შემოდგომაზე აპირებთ ვიზიტს ევროპის ქვეყნებში. რას მოელით ამ შეხვედრებიდან?

– უპირველესი მიზანია საქართველოს დიპლომატიური აღიარება.

– საგარეო საქმეთა მინისტრის ხოშტარიას შეხვედრა საფრანგეთისა და გერმანიის ადმინისტრაციასთან არ შედგა, როგორ გგონიათ, მიგიღებთ კოლი?

– ყველაფერი ეს უნდა მომზადდეს. ახლა არ შემიძლია ვთქვა, თუ რა მოხდება მომავალში, მაგრამ ვფიქრობ, დასავლეთის ქვეყნების დამოკიდებულება ჩვენს მიმართ უნდა შეიცვალოს.

– თქვენი მიზანი როგორია, როგორ უნდა იცნობდნენ საქართველოს დასავლეთში?

– დასავლეთში საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს. ამაზე გავლენას ახდენს მოსკოვი, კრემლი. ყველა ეს არასწორი ინფორმაცია მიდის მოსკოვიდან – დასავლელი ჟურნალისტები აკრედიტებული არიან მოსკოვში. ჩვენ ვებრძვით ამ კამპანიას, დეზინფორმაცია უნდა დავამარცხოთ. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ობიექტური ინფორმაცია გავაგზავნოთ დასავლეთში. მაგალითად, „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ ბეჭდავს „იზვესტიის“ სტატიებს ჩვენს შესახებ. აქვეყნებს ყოველგვარი კრიტიკის გარეშე. ეს, რა თქმა უნდა, არასწორია.

– როგორ გგონიათ, რამდენი წელი დასჭირდება საქართველოს სრულ დამოუკიდებლობამდე? როდის ექნებათ ქართველებს მსოფლიოში თავისუფლად მიმოსვლის უფლება?

– ჩემის აზრით, ეს არის დროის პრობლემა და დამოკიდებულია დასავლეთის პოზიციაზე საბჭოთა რესპუბლიკებისადმი და ამ რესპუბლიკების თავისუფლებისაკენ სწრაფვაზე.

– თქვენ ბრძანეთ, რომ რაც შეიძლება მალე უნდა გამოეყოს საქართველო საბჭოთა კავშირს, კონკრეტულად, როგორ შეიძლება ამის მიღწევა, საბჭოთა კავშირი ხომ დღეს იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია საქართველო ყველა მხრიდან შებოჭოს?

– მართალია, მაგრამ ჩვენ ვიბრძვით და იმედი გვაქვს, რომ დასავლეთის ქვეყნები დაგვეხმარებიან. იმედი გვაქვს, რომ ისინი გვაღიარებენ და ეს ჩვენთვის უდიდესი დახმარება იქნება.

– როგორია თქვენი დამოკიდებულება გორბაჩოვთან?

– ბოლომდე არ არის გარკვეული. გორბაჩოვს არა აქვს ნათელი პოზიცია რესპუბლიკების მიმართ.

– ცოტა ხნის წინათ მან აუწყა მსოფლიოს, რომ რესპუბლიკები, რომლებიც დამოუკიდებლობისათვის იბრძვიან და არ მოაწერენ ხელს სამოკავშირეო ხელშეკრულებას, მოიპოვებენ დამოუკიდებლობას. თქვენ გჯერათ ეს?

– ჯერჯერობით ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვებია, მაგრამ, მე მგონია, ეს მაინც ასე იქნება დასავლეთის ქვეყნების ზეწოლის შედეგად.

– რუსეთის პრეზიდენტად აირჩიეს ელცინი. რა ურთიერთობა გაქვთ ელცინთან?

– ნორმალური ურთიერთობა. მომავალში, ალბათ, ხელს მოვაწერთ საქართველოსა და რუსეთს შორის ხელშეკრულებას.

– რა ხელშეკრულება იქნება ეს?

– სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის შესახებ.

– როგორ გგონიათ, რუსეთსაც უნდა დამოუკიდებლობა? შეუძლია მას დაეხმაროს ამ გზაზე საქართველოს?

– მე მგონი, კი. მოსკოვში ძლიერი დემოკრატიული ძალებია თავმოყრილი. ბორის ელცინიც დემოკრატიული ფრთის წარმომადგენელია, მათი ლიდერია.

– თუ არსებობს საქართველოში ნამდვილი ოპოზიცია?

– არსებობს, მაგალითად, სახალხო ფრონტი, კომპარტია, ბლოკი „თავისუფლება“, თანხმობისა და აღორძინების კავშირი. ისინი ჩემი მოწინააღმდეგენი იყვნენ პრეზიდენტის არჩევნებში, ჩვენ დისკუსიას ვაწარმოებდით, ისინიც მაკრიტიკებდნენ. მაგრამ ვისაც კავშირი აქვთ დამნაშავეებთან, სჩადიან კრიმინალურ ქმედებებს, მათ ოპოზიციად ვერ ჩავთვლით.

– ყოფილი ოსეთის ოლქის შესახებ მინდა გკითხოთ. შეიქმნა კომისია, თუ მიაღწია ამ კომისიამ შედეგს?

– კომისიამ დაწერა ობიექტური დასკვნა. მან აღიარა, რომ ეს არის საქართველოს მიწა, და ოსებს არა აქვთ უფლება გამოაცხადონ ახალი რესპუბლიკა. იქ მოქმედებენ კრიმინალური ბანდები, რომლებიც ხალხის წინააღმდეგ იბრძვიან. ყველა ჭკვიანი ოსი ქართველებთანაა, მათ არ უნდათ ავტონომიური ოლქი, არც რესპუბლიკა. მათ კარგი ურთიერთობა აქვთ ქართველებთან, ასე იქნება მომავალშიც.

– თქვენ აყალიბებთ ეროვნულ გვარდიას. რა მიზანი გაქვთ, როგორი უფლებები ენიჭება არმიას?

– ეს არ არის არმია, ეს არის პოლიციის ჯარები. ეს გამიზნულია კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ. არსებობენ კრიმინალური ჯგუფები და ჩვენ ვიბრძვით მათ წინააღმდეგ, რათა რესპუბლიკაში დამყარდეს წესრიგი. დავაპატიმრეთ ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, ჯაბა იოსელიანი. ეს ხალხი რომ არ დაგვეპატიმრებინა, საქართველოში მოსალოდნელი იყო სამოქალაქო ომი. ისინი პირდაპირ, პრესით იმუქრებოდნენ სამოქალაქო ომით.

– არსებობს ქართული კგბ?

– დიახ, არსებობს. თანდათან კგბ ეროვნული ხდება.

– ვინ აფინანსებს კგბ-ს?

– ჯერჯერობით ნაწილობრივ მოსკოვი. ერთბაშად ამის გადაწყვეტა დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. ამას თანდათანობით გავაკეთებთ.

– …ახლა აფხაზეთის შესახებ. არძინბამ საუბარში მითხრა, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოაწეროს ხელი სამოკავშირეო ხელშეკრულებას.

– გაუჭირდება. მოსახლეობა ამის წინააღმდეგია. არძინბას დიდი ოპოზიცია ჰყავს არა მარტო ხალხში, არამედ პარლამენტშიც. ამიტომ, ეს შეუძლებელია, მე ასე მგონია.

– აფხაზეთს უნდა, რომ გამოეყოს საქართველოს. როგორ ფიქრობთ, ეს შესაძლებელია?

– არა, ეს შეუძლებელია!

– რაიმე სიძნელეები ხომ არა გაქვთ ყოფილ კომუნისტებთან ურთიერთობაში?

– არა, აუგი მხოლოდ ზოგიერთების მიმართ შეიძლება ითქვას, რომლებიც მოსკოვში წავიდნენ და მოქმედებენ, როგორც კრემლის აგენტები. ისინი ახლა ჩვენს წინააღმდეგ იბრძვიან. ესენი არიან ფოფხაძე, მგელაძე, რომლებიც გავლენას ახდენენ მოსკოვისა და საზღვარგარეთის პრესაზე. ისინი არიან კრემლის პირდაპირი აგენტები. აქ მყოფი კომუნისტები კი არ არიან ძალიან მტრულად განწყობილი ჩვენს მიმართ.

– ადვაძეც?

– ადვაძეც კრემლის მებრძოლია.

– ამჟამინდელი თქვენი უდიდესი სურვილი?

– საქართველოს სრული დამოუკიდებლობა და სხვა სახელმწიფოების მიერ საქართველოს დიპლომატიური აღიარება.

– გამსახურდიას, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, რა გატაცება აქვს?

– ომში გატაცება არ არსებობს. ომის დროს ერთადერთი გატაცება ბრძოლაა. დასავლეთის ბედნიერი სახელმწიფოების პრეზიდენტები ბედნიერად ცხოვრობენ და არა ისე, როგორც მე. ჩემი ცხოვრება ბრძოლაა.

საქინფორმი
წყარო

ივლისი 27, 2014

მერაბ კიკნაძე: ზვიად გამსახურდიას მოგზაურობა ევროპაში

385445_256159257790521_100001893472949_645753_759097143_n

საქართველოს კანონიერი ხელისუფლების გროზნოში ყოფნის პერიოდში მუდმივად იგრძნობოდა პრეზიდენტ გამსახურდიას ევროპაში მოგზაურობის აუცილებლობა. ეს ყურადღებას მიაპყრობდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ხელს შეუწყობდა მათ ობიექტურ გაშუქებას, კანონიერი ხელისუფლების ირგვლივ არსებული საინფორმაციო ბლოკადის გარღვევას და ნაწილობრივ მაინც გაანეიტრალებდა კარგად ორგანიზებულ ცილისმწამებლურ კამპანიას. ყველაფერი ამის გროზნოდან მოხერხება თითქმის შეუძლებელი იყო, რადგან ჯოჰარ დუდაევის გამარჯვების შემდეგ მოსკოვმა ჩეჩნეთი თავად მოაქცია ბლოკადაში და დასავლური საინფორმაციო საშუალებათა წარმომადგენლებისათვის იქ მოხვედრა უკიდურესად გაძნელდა. თავის მხრივ, დასავლური მედიაც დიდად არ აქტიურობდა, რადგან იმთავითვე წინასწარ შემუშავებული “დემოკრატი ელცინისა” და “აბრაგი დუდაევის” შტამპებით იფარგლებოდა. ამასთან, დუდაევის ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდანვე ჩეჩნეთში განუწყვეტლად ეწყობოდა პროვოკაციები – ხან რუსეთის უშუალო მონაწილეობით, ხან შინაგანი “ოპოზიციის” საშუალებით, რომელიც მოსკოვის მეხუთე კოლონას წარმოადგენდა. სიტუაცია უკიდურესად ფეთქებადსაშიში იყო.

უდავოა (და ამაში მოგვიანებით დავრწმუნდებით), რომ ზვიად გამსახურდია არ აპირებდა ჩეჩნეთს გარიდებოდა და უფრო უსაფრთხო ადგილას გადაენაცვლა. ამას ორი მიზეზი ჰქონდა: პირველი ისაა, რომ ჩეჩნეთში ყოფნა სანახევროდ საქართველოში ყოფნას ნიშნავდა ფიზიკურადაც და სულიერადაც; მეორე კი ის, რომ ჩეჩნეთში ყოფნით ზვიადი ჩეჩნებსაც ამაგრებდა და საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში შეუპოვრობას ჰმატებდა. ეს ყველაფერი ერთად კი ორასი წლის განმავლობაში მინავლებული კავკასიური ერთიანობის გრძნობის არნახულ გაცხოველებას იწვევდა. ამდენად, ლაპარაკი მხოლოდ ხანმოკლე მოგზაურობას ეხებოდა.

ასეთი მოგზაურობის პირველ, უშედეგო მცდელობას 1992 წლის ზაფხულში ჰქონდა ადგილი, როდესაც საქართველოს ეუთო-ში გაწევრიანების საკითხი დაისვა. ეს ჰელსინკში, ეუთოს უმაღლესი დონის შეხვედრაზე უნდა მომხდარიყო., რომელიც ივლისში შედგა. ამას წინ უსწრებდა ეუთოს დამკვირვებლების ვიზიტი საქართველოში (ხელმძღვანელი – ბელგიელი ეიკენსონი), რომლებმაც “დემოკრატიული რევოლუციის” შემდეგ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის საბანკეტო დარბაზიდან შეისწავლეს და შემდეგ დასავლეთ საქართველოში გაემგზავრნენ. იქ ‘მხედრიონის” სადამსჯელო რეიდების შედეგად გაუბედურებულ შავოსან დედებთან შეხვედრაზე უარი თქვეს; დელეგაციის მეთაურმა განაცხადა: ეს შოუა, რომელიც ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს საერთო შთაბეჭდილებაზეო.

პარალელურად გროზნოში, ეუთოს ეგიდით, ჩეხოსლოვაკიის მოსკოვის საელჩოს ორი საშუალო რანგის მოხელე, ორივე ეროვნებით სლოვაკი – მილან ტოკარი და იოზეფ ვრობეცა ჩამოვიდნენ პრეზიდენტ გამსახურდიასთან შესახვედრად (1992 წელს ჩეხოსლოვაკია ეუთოს თავმჯდომარეობდა). ზვიადმა დეტალურად აღუწერა მათ საქართველოში მომხდარი გადატრიალება და მის შედეგად შექმნილი მდგომარეობა, აჩვენა თბილისში მიტინგების დარბევა-დახვრეტისა და სამეგრელოში ჩატარებული სადამსჯელო ოპერაციების ამსახველი ვიდეომასალა, რასაც სტუმრებმა ლამის მთქნარებით ადევნეს თვალი. ზვიად გამსახურდიამ კატეგორიულად განაცხადა, რომ ეუთოს მისიის დასკვნა ვერანაირად ვერ ჩაითვლება სრულფასოვნად, თუ ის არ შეხვდება კანონიერ პრეზიდენტს და პარლამენტს, რომლებიც არ გადამდგარან და დევნილობაში აგრძელებენ ფუნქციონირებას (ამ დროისათვის გროზნოში უკვე ჩატარებული იყო დევნილი უზენაესი საბჭოს სესია). სლოვაკებმა განაცხადეს: ეუთოს მისიასაც ძალიან სურს ამ შეხვედრის მოწყობა, მაგრამ ეს შეუძლებელია – საქართველოდან გროზნოში მოხვედრა პრაქტიკულად გამორიცხულიაო. ზვიადი მათი თანდასწრებით ურეკავს ჯოჰარ დუდაევს და ეკითხება, ხომ არაა შესაძლებელი დასავლეთ საქართველოში მყოფი ეუთოს მისიის გროზნოში ჩამოყვანა. რამდენიმე წუთში დუდაევი პასუხობს, რომ უკვე გასცა ბრძანება და კიევიდან გროზნოსაკენ მომავალი სარეისო თვითმფრინავი სოხუმის აეროპორტში საგანგებო დაშვებას შეასრულებს ერთ საათში, რათა იქ მყოფი ეუთოს მისია თან გამოიყოლოს. სლოვაკებს ფერი ეცვალათ და იძულებულნი გახდნენ, ეს ინფორმაცია ტელეფონით ეცნობებინათ საქართველოში მყოფი მისიისათვის, საიდანაც ცივი უარი მიიღეს, რაშიც წინასწარვე არავის ეჭვი არ ეპარებოდა. ამას მოჰყვა საცოდავი ლუღლუღი: “ჩვენ ყველაფერი ვიცით, მაგრამ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ, გარემოებები ხშირად სიმართლეზე ძლიერია “ და ა.შ.

ეს ორი დიპლომატი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს, შამილ ბენოს შევახვედრე. ჩეჩნები ნებისმიერ საგარეო კონტაქტს ძალიან აფასებდნენ – გასაგები მიზეზების გამო. სლოვაკებმა ბენოს ინფორმაცია ინდიფერენტულად მოისმინეს. შეხვედრა უაზროდ გაიჭიმა. ბოლოს ერთერთმა სარკასტული ღიმილით გადმომილაპარაკა: როგორც ჩანს, კავკასიაში პროტოკოლს პატივს არ სცემენო. მე ვუპასუხე: კავკასიაში პროტოკოლზე მეტად სტუმრის პატივისცემა ფასობს და აქ ცოცხს არავინ გამოგიტანთ-მეთქი. შეხვედრა  დამთავრდა და ორივე მხარემ შვებით ამოისუნთქა.

ჰელსინკში ეუთოს სამიტზე “სამხედრო საბჭოს” მეთაურ შევარდნაძესთან ერთდროულად ზვიად გამსახურდიას გამოჩენას რა სკანდალი მოჰყვებოდა, ძნელი წარმოსადგენი არ არის. მიუხედავად ფინეთ-საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარის – აილა ნიინიმაას, ფინეთის პარლამენტის წევრის, ჰეიკი რიიჰიარვისდაუღალავი მეცადინეობისა, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არა მარტო ოფიციალური მიწვევა არ გამოუგზავნა პრეზიდენტ გამსახურდიას, არამედ კერძო მიწვევით ვიზაზეც კი უარი უთხრა. ეჭვგარეშეა, რომ ეს გადაწყვეტილება ფინეთის მთავრობას არ მიუღია – ასეთი გადაწყვეტილების მიღება შორს სცდება ერთი პატარა, თუნდაც დამოუკიდებელი ქვეყნის მთავრობის კომპეტენციას. ამის შედეგად ეუთოს ისტორიაში ყველაზეუფრო სამარცხვინო და სასაცილო ფურცელი ჩაიწერა: საქართველოს სახელითჰელსინკისდოკუმენტზესაბჭოთა კავშირში პირველიჰელსინკის ჯგუფისდამფუძნებლის, ყოფილისაბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პირველ თავისუფალ არჩევნებში არჩეული პრეზიდენტისნაცვლად დისიდენტების დევნაში გაწაფულ სუკის გენერალსა დასამხედრო საბჭოსმეთაურსმოაწერინეს ხელი, რომელსაც იმ დროისათვის ლეგიტიმურობის მოჩვენებითი ნიშნებიც კი არგააჩნდა.

1992 წლის აგვისტოში გროზნოდან ლიტვაში გავემგზავრე, სადაც პრეზიდენტის დავალებით სეიმის თავმჯდომარეს, ვიტაუტას ლანდსბერგისს შევხვდი. ლანდსბერგისმა და აზერბაიჯანის ლიდერმა აბულფაზელჩიბეიმ პრინციპულობა გამოიჩინეს საქართველოში მომხდარი მოვლენების შეფასებისას, რაც საყოველთაო დუმილისა და მითუმეტეს – “დემოკრატიული რევოლუციით” აღტაცების ფონზე განსაკუთრებით დასაფასებებლი იყო. ლანდსბერგისმა საქართველოში შევარდნაძის დაბრუნების შემდეგ საჯაროდ განაცხადა: “საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. ვეჭვობ, რომ შევარდნაძის საერთაშორისო ავტორიტეტი საკმარისი აღმოჩნდება რეჟიმის ლეგიტიმიზაციისათვის.” ელჩიბეიმ 1992 წელს, სტამბოლის სამიტის დროს, შევარდნაძისაგან თავი შორს დაიჭირა: “თქვენ ქვეყნის არჩეული ლიდერი არ ხართ და იძულებული ვარ, თქვენთან ურთიერთობისაგან თავი შევიკავო.” (ეს ამბავი ბაქოში ყოფნისას მილიმეჯლისის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ისა ღამბარმა მიამბო 1992 წლის შემოდგომაზე.) ლიტვა ერთ-ერთი უკანასკნელია ევროპულ ქვეყნებს შორის, რომელმაც დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა შევარდნაძის მთავრობასთან. 1992 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ოპოზიციაში გადასულმა ლანდსბერგისმა კიდევ უფრო გაამძაფრა თავისი დამოკიდებულება უკანონო რეჟიმის მიმართ.

შეხვედრისას ლანდსბერგისს გადავეცი პრზიდენტის მადლობა აღმოჩენილი მხარდაჭერისათვის. მან თქვა, რომ ეს მაქსიმუმია რისი გაკეთებაც შეუძლია, რადგან დასავლეთის დიდი სახელმწიფოების დამოკიდებულება საქართველოში განვითარებული მოვლენების მიმართ არასახარბიელოა; საპარლამენტო არჩევნებიც კარზე იყო მომდგარი და ლიტვის სახეცვლილი კომუნისტური ოპოზიციის ხმაურიც ამძიმებდა მდგომარეობას; აღნიშნა, რომ კატეგორიულად წინააღმდეგია ძალადობის გზით ხელისუფლებაში მოსულ რეჟიმთან ყოველგვარი ურთიერთობისა; თბილად გაიხსენა საქართველოს თანადგომა ლიტვისათვის მძიმე დღეებში 1991 წლის იანვარში, როდესაც სეიმის ირგვლივ, ბარიკადებზე, შტურმის მოლოდინში ხალხი მორიგეობდა (მათ შორის – თითქმის უცვლელად – საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელისმომწერი, ბ-ნი შალვა წიკლაური); გაიხსენა საქართველოდან გაგზავნილი მედიკამენტებითა და სხვა ჰუმანიტარული დახმარებით დატვირტული თვითმფრინავიც; დაწვრილებით გამომკითხა საქართველოში შექმნილი  მდგომარეობა; თქვა, რომ პარლამენტის დევნილობაში ფუნქციონირების სხვა შემთხვევას არ იცნობს; ძალიან აინტერესებდა სიტუაცია ჩეჩნეთში. ჩემი ჩასვლის ერთ-ერთი მიზანი იმის გარკვევა იყო, თუ რამდენად უსაფრთხო იქნებოდა პრეზიდენტ გამსახურდიასათვის ლიტვის ტერიტორიის სატრანზიტოდ გამოყენება (იმ დროისათვის გროზნოს აეროპორტი რუსების მიერ პრაქტიკულად ბლოკირებული იყო, ერთადერთი თვითმფრინავი ვილნიუსის მიმართულებით დაფრინავდა). პასუხი ასე ჟღერდა: “ მოხარული ვიქნები დაგეხმაროთ. საპატიო ყარაულს ვერ შეგპირდებით, მეგობრული შეხვედრა და თავშესაფარი კი გარანტირებული გაქვთ…” ბოლოს წარმატება უსურვა საქართველოს და ჩეჩნეთს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ ლანდსბერგისის საპარლამენტო ფრაქციის წევრებმა ლიტვის სეიმში ჩეჩნეთის მხარდამჭერი ჯგუფი შექმნეს, რომელიც ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის აღიარებას მოითხოვდა, რისთვისაც ათეულ ათასობით ხელმოწერა მოაგროვა; მათივე მხარდაჭერით ლიტვაში გაიხსნა ჩეჩნეთის რესპუბლიკა-იჩქერიის მუდმივი წარმომადგენლობა, რომელსაც წლების განმავლობაში ქ-ნი ამენათ საიიევა ხელმძღვანელობდა.

1992 წლის ნოემბერის შუა რიცხვებში პრეზიდენტმა მითხრა, საერთაშორისო მივლინებისათვის მოვმზადებულიყავი. მე ვუთხარი, რომ არანაირი საბუთი არა მაქვს, გარდა ჩეჩნეთის შსს მიერ შედგენილი პირადობის დამადასტურებელი დროებითი ცნობისა, რომელსაც ჩვეულებრივი პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში გასცემენ ხოლმე. ზვიადის თხოვნით ჩეჩნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთ დღეში დამიმზადა საბჭოთა “ნამგალ-უროიანი” უცხოური პასპორტი. ამ დროისათვის საჰაერო ბლოკადა მოიხსნა და გროზნოდან სტამბოლში მეტნაკლები სიხშირით ჩარტერული რეისი დაფრინავდა. მივლინების შესახებ ცოლის გარდა არავისთვის მითქვამს. გაფრენის დღეს, 23 ნოემბერს, დილით, ჩეხოვის ქუჩაზე “კოშკში” მივედი დეტალური ინსტრუქციების მისაღებად. გამოირკვა, რომ მარტო არ მივფრინავ და ჩემი თანამგზავრი თავად პრეზიდენტი გამსახურდიაა. გავემართეთ აეროპორტში, ავედით ცარიელ თვითმფრინავში და მფრინავების კაბინაში მოვთავსდით. ცოტა ხანში ჩეჩნეთის იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი შამსუდდინიუსეფი* შემოგვიერთდა, რომელიც სტამბოლში დუდაევის საგანგებო დავალებით მიფრინავდა. ეს რეისი ნახევრადლეგალური იყო და ხან ბაქოს გავლით დაფრინავდა, ხან – პირდაპირ სტამბოლში. ამჯერად საქართველოს სადისპეჩერო სამსახურმა თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცეში არ შეუშვა და შემოვლითი გზით – კავკასიონის გაყოლებით – შავი ზღვის გავლით ვიფრინეთ.

სტამბოლში მსხვილი კომპანიის, Aslan Transmarin Shipping Trading and Industry Co. Inc., გენერალური დირექტორი, აიდინ კუტლუგი დაგვხვდა და VIP სალონში მიგვიწვია. პასპორტები გამოგვართვეს და რამდენიმე წუთში ჩარტყმული ვიზებით დაგვიბრუნეს. იმ დროს თურქეთში პოსტ-საბჭოური სივრცის მოქალაქეებისათვის გამარტივებული, გამოცხადებითი სავიზო რეჟიმი მოქმედებდა. აეროპორტიდან კომპანიის სათაო ოფისისაკენ გავემართეთ, სადაც კომპანიის მფლობელი იბრაჰიმ ასლანი, თურქეთის მეჯლისის რამდენიმე წევრი და კომპანიის “თოფ-მენეჯმენტის” სხვა წარმომადგენლები დაგვხვდენ. გაიმართა სახელდახელო სადილი. ასლანი, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტის, ტურგუტ ოზალის ოჯახთან ახლო ურთიერთობა აკავშირებდა, რამდენჯერმე იყო ნამყოფი გროზნოში, ერთხელ – ოზალის ვაჟთან ერთად. როგორც ჩანს, ჩეჩნეთთან სერიოზული ინტერესები აკავშირებდა. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტის შესაფერისი დახვედრა მოუწყვეს. კომპანიის მფლობელმა ჰკითხა პრეზიდენტს, თუ რა გეგმები ჰქონდა. ზვიადმა უპასუხა, რომ აქვს მიწვევა გერმანიაში IGFM**-ისაგან და შეძლებისდაგვარად სწრაფად სურს იქ მოხვედრა. თურქმა მასპინძელმა იქვე გაატანა ჩვენი პასპორტები კომპანიის ერთერთ დირექტორს გერმანიის საკონსულოში ვიზების მისაღებად.

სადილზე ერთი საინტერესო ეპიზოდი მოხდა: კომპანიის წარმომადგენელმა გაერთიანებულ სამეფოში, ახალგაზრდა კაცმა სახელად ზაქარია გუნდოგდუმ ზვიადს ჰკითხა: “მე წარმოშობით ლაზი ვარ. მართალია, რომ ჩვენ და გურჯები ბიძაშვილები ვართ?” ამაზე ზვიადმა უპასუხა: “მე თავად ლაზი გახლავარ ნახევრად, დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი ლაზებითაა დასახლებული და გურჯები და ლაზები ბიძაშვილები კი არა, ერთნი ვართ.” აღმოჩნდა, რომ  დამხვდურთა ლამის ნახევარი ლაზია, მათ შორის – მეჯლისის წევრებიც. ამ განცხადებით გაამაყებულნი საგრძნობლად გაიშალნენ მხრებში, რაც იბრაჰიმ ასლანს, მგონი, დიდად არ ეპიტნავა. ამასობაში ვიზებზე გაგზავნილი კაცი გაოცებული დაბრუნდა და ამბობს: “კონსულს პირადად შევხვდი. გამსახურდიას გაგონებაზე ნირი ეცვალა და პირდაპირ წამოროშა: მე ამ საკითხს მარტო ვერ გადავწყვეტ, მოსკოვს (და არა ბონს!) უნდა შევუთანხმოო.” საერთაშორისო თანამშრომლობის ამ მარგალიტმა საყოველთაო მხიარულება გამოიწვია და ზვიადს გაორმაგებული პატივისცემით მიაჩერდნენ. მასპინძელმა ფრანკფურტში თავის წარმომადგენელს დაურეკა, რომელმაც განაცხადა – პირდაპირ ფრანკფურტში ჩამოფრინდეს და ვიზას აქვე გავაკეთებო. ზვიადმა ეს გაუმართლებელ “ხულიგნობად” ჩათვალა.

დავურეკეთ აილა ნიინიმას ჰელსინკში. მან ყურებს არ დაუჯერა, რომ ზვიადი სტამბოლშია. “თავი დაანებეთ გერმანიას, ჯერ ფინეთში ჩამოდით და მერე ვნახოთ. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო იმდენადაა დარცხვენილი წინა უარის გამო, რომ რეაბილიტაციის ამ საშუალებას ხელიდან არ გაუშვებს და ვიზას დაუყოვნებლივ მოგცემთ…” მართლაც, დღის ბოლომდე ფინეთის საკონსულოში ვიზები მოგვცეს, მგონი აპლიკაციებიც კი არ შეგვივსია.

ღამე SWISS HOTEL -ში გავათიეთ. დილით, სასტუმროში, საუზმისას, მიმტან კაცს, რომელიც გვემსახურებოდა, სახეზე გაოცება შევამჩნიე, რომელსაც ვერ მალავდა. შემდეგ ჩვენი თანმხლები აიდინ კუტლუგი როგორღაც დაუმარტოხელებია და უკითხავს: ეს მართლა გამსახურდიაა თუ მისი ორეულიაო. საკმაოდ უჩვეულო შემთხვევაა ამ კლასის სასტუმროსათვის, სადაც მომსახურე პერსონალი არავის და არაფერს “არ ამჩნევს”.

მასპინძელმა დაგვახვედრა ორი ღია წრიული ავიაბილეთი სტამბოლი – ფრანკფურტი – ჰელსინკი -სტამბოლი (ჩეჩნეთში დაბრუნების ერთადერთ შესაძლებლობად ხომ სტამბოლი რჩებოდა). ამას თან მოჰყვა მოულოდნელი შეთავაზება: უცხოეთიდან ანკარაში დაბრუნებისას პრეზიდენტი ოზალი სტამბოლში რამდენიმე საათით გაჩერდება და შესაძლებელია ხანმოკლე შეხვედრის მოწყობა. ზვიადი სიამოვნებით დათანხმდა და მცირე ხნის შემდეგ იბრაჰიმ ასლანის თანხლებით სტამბოლის სამხედრო აეროდრომისაკენ გავეშურეთ, სადაც ოზალის თვითმფრინავი დაეშვა. ადგილზე რომ მივედით, თვითმფრინავს უკვე ანკარაში გასაფრენად ამზადებდნენ. ასაფრენ ბილიკზე რამდენიმე წუთიანი გულთბილი შეხვედრა შედგა. მე შორიახლოს ვიდექი. ზვიადის გვერდით ტანმორჩილი ოზალი ოდნავ კომიკურად გამოიყურებოდა. “ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან შეხვედრის საშუალება მომეცა” – თქვა ოზალმა და ასლანს მიუბრუნდა: “ყველაფერი გააკეთეთ, რაც ძალგიძთ. მეზობელს გაჭირვებაში უნდა დაეხმარო.” აეროდრომიდან რომ ვბრუნდებოდით, მასპინძელმა, რომელიც ძალიან კმაყოფილი ჩანდა, ზვიადს უთხრა: “დაბრუნებისას პრეზიდენტ ოზალთან უფრო ხანგრძლივ და სერიოზულ შეხვედრას მოგიწყობთ ანკარაში.”

საღამოს ფრანკფურტის გავლით ჰელსინკში გავფრინდით და დანიშნულების ადგილზე ნაშუაღამევს, 25 ნოემბერს ჩავედით. ჰელსინკის აეროპორტში ზვიად გამსახურდიას რეპორტიორების დიდი ჯგუფი, აილა ნიინიმაა და სხვა ფინელი მეგობრები, იქაური ქართველი ემიგრანტი რენო სირაძე და ფინეთში სამკურნალოდ მყოფი პრიმადონნა და უზენაესი საბჭოს წევრი მაია თომაძე ელოდებოდნენ.

ზვიადმა კორესპონდენტებს განუცხადა: ”ბედნიერი ვარ იმით, რომ ჰელსინკის ვსტუმრობ. ამ ქალაქის სახელთან ბევრი რამ მაკავშირებს, ჰელსინკის შეხვედრის დასკვნით აქტში დეკლარირებულ პრინციპებისათვის ბრძოლას მთელი ცხოვრება შევალიე… იმედი მაქვს, რომ ბოლოს და ბოლოს მოვახერხებთ გავაგებინოთ სიმართლე მსოფლიოს საქართველოში და კავკასიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ…”…არცერთი, თუნდაც ირიბი საყვედურის სიტყვა ფინეთის მთავრობის მიმართ.

საქართველოს და ფინეთის ალმებიანი ავტომობილით სატუმრო Holiday Inn –ისაკენ გავემართეთ. მეორე დილით სასტუმროს კონფერენც-დარბაზში დიდი პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მთლიანად იყო წარმოდგენილი ფინური და ფინეთში აკრედიტებული საინფორმაციო საშუალებები. ზვიადმა განცხადა, რომ საქართველოში მომხდარი გადატრიალება არის ბუშის, “მხედრიონის” საპატიო წევრის – ბეიკერისა და გორბაჩოვისშეთქმულება მის წინააღმდეგ, რომლის უშუალო შემსრულებლები კომუნისტური ნომენკლატურა და ЗакВо-ს საჯარისო ნაწილები იყვნენ. “ესაა ნომენკლატურის რევანში”- თქვა ზვიადმა  და მოაყოლა, რომ ეს რევანში არა მარტო ქართული მოვლენაა. “დააკვირდით” – თქვა მან – “თითქმის ყველგან, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ხელისუფლებაში ისევ კომუნისტები დაბრუნდნენ, ამის უახლესი მაგალითი ლიტვაა. დასავლეთის დემოკრატიებს მეტი სიფხიზლე მართებთ.” ფინეთში ჩასვლამდე რამდენიმე დღით ადრე ლიტვაში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, სადაც ბრაზაუსკასმა გაიმარჯვა. (თუ არ ვცდები, ტერმინი “ნომენკლატურის რევანში” ზვიადმა პირველად კრისტოფერ სტორის Soviet Analys -ში გამოქვეყნებულ სტატიაში გამოიყენა, რომელიც ასე იყო დასათაურებული.)

ზვიადმა ვრცლად ისაუბრა იმაზე, რომ შევარდნაძის ხუნტამ დაშალა ხელისუფლებისა და მმართველობის ყველა დონის ორგანო, შეაჩერა კონსტიტუციის მოქმედება, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას; რომ რეჟიმი უმოწყალოდ უსწორდება კანონიერი ხელისუფლების მომხრეებს მთელ საქართველოში; რომ აფხაზეთში ჯარის შეყვანის ერთადერთი მიზანი იქ ქართული მოსახლეობის მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის კამპანიის დათრგუნვაა; ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი და პარლამენტი არ გადამდგარან და დევნილობაში აგრძელებენ ფუნქციონირებას, რომ ამ ბრძოლის მიზანი არა ხელისუფლების დაბრუნება, არამედ ქვეყანაში კანონიერების აღდგენაა; თქვა, რომ დასავლური პრესა და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები იშვიათი გამონაკლისების გარდა ყველაფერ ამაზე თვალს ხუჭავენ. “თუ ასე გაგრძელდა, საქართველო მალე სომალის მდგომარეობაში აღმოჩნდება. ერთადერთი გამოსავალი დანაშაულებრივი რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციაა.”

ფინეთში ჩასვლისთანავე ზვიადმა შეიტყო ზუგდიდის პოლიციის შენობაში მოწყობილი აფეთქების შედეგად კანონიერი ხელისუფლების რამდენიმე მომხრის, მათ შორის სლავა მინჯიას ვერაგული განადგურების ამბავი, რაც ძალიან განიცადა. პირადი პასუხისმგებლობის ეს გამძაფრებული გრძნობა – ხშირად სრულიად უცნობი ადამიანების მიმართ – მისთვის ბევრჯერ შემიმჩნევია. ეს შემთხვევა ზვიადმა პრესკონფერენციაზეც მოიყვანა, როგორც არსებული რეჟიმის ტერორისტული ხასიათის საილუსტრაციო მაგალითი. AP-ს კორესპონდენტის შეკითხვაზე – ”რა რეაქცია გქონდათ ეუთოს შეხვედრაზე ფინეთმა ვიზა რომ არ მოგცათ?”- ზვიადმა უპასუხა -”ეს ფინეთის მთავრობის ბრალი არ არის, მსოფლიო მთავრობის გადაწყვეტილებაა.”

ფინურმა მედიამ პრესკონფერენცია დეტალურად გააშუქა – იქაურების თქმით – საკმაოდ ობიექტურადაც. ფინური საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველმა არხმა ასეთი კომენტარი მოაყოლა: “გამსახურდიას გადაწყვეტილი აქვს ხელისუფლებაში მშვიდობიანი გზით დაბრუნება. საინტერესოა, არის თუ არა მისი პოზიციები საქართველოში ისეთივე ძლიერი, როგორც მისი სიტყვებია?” პრეს-კონფერენციის ანგარიში და მასალები საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ყველა გაზეთმა გამოაქვეყნა.

ფინეთში პრეზიდენტ გამსახურდიას ჩასვლას წინ უსწრებდა საინტერესო ეპიზოდი. გავლენით მეორე გაზეთისIlta Sanomat –ის მთავარმა რედაქტორმა, მარტტი ბაკმანმა ხანგრძლივ სატელევიზიო გამოსვლაში აღწერა, თუ როგორ გახდა “დიქტატორი” გამსახურდიასა და საქართველოს ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ გაჩაღებული ცილისმწამებლური საერთაშორისო კამპანიის მსხვერპლი და უნებლიე მონაწილე. ამ სატელევიზიო გადაცემის ვიდეოჩანაწერი აილა ნიინიმაამ დაგვახვედრა, რომლის დამსახურება საკუთარ “მოქცევაში” თვით ბაკმანმა დაადასტურა. მისი სიტყვებით, შეხედულების ასეთ მკვეთრ ცვლილებაში ძირითადი როლი იმ ფაქტმა ითამაშა, რომ სუკ-ის გენერლის და “დასავლეთის ფავორიტის” საქართველოში დაბრუნების შემდეგ დასავლურ მედიაში საქართველოზე, სადაც ხალხს პირდაპირ ქუჩაში ხვრეტენ, მხოლოდ პოზიტიური ინფორმაცია ვრცელდება. “ახლა ვხვდები, რომ გამსახურდიას “დიქტატორობა” გულუბრყვილო ხალხზე გათვლილი მედია-ხრიკი იყო. ვწუხვარ, რომ ამ გულუბრყვილო ხალხის სიაში თავად აღმოვჩნდი. არადა, თავს ასეთად ნამდვილად არ მივიჩნევდი.”

საკუთარი გულუბრყვილობის მსხვერპლი ბაკმანი ამჯერად  გულახდილობისა და პატიოსნების გამო დაზარალდა. ამ სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ ის მთავარი რედაქტორის თანამდებობიდან გადადგა. როგორც ჩანს, “დინების საწინააღმდეგოდ ცურვა” არსად არაა იოლი.

“ფინეთ-საქართველოს საზოგადოების” ოფისში პრეზიდენტ გამსახურდიასა და მარტი ბაკმანს შორის ხანგრძლივი მეგობრული საუბარი შედგა. აისახა თუ არა ეს საუბარი შემდგომ რაიმე სახის პუბლიკაციაში, არ ვიცი.

ფინეთში ერთკვირიანი სტუმრობისას ბევრი საინტერესო შეხვედრა გაიმართა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი პარლამენტში გამართული მიღება იყო, რომელიც ფინეთის პარლამენტის საქართველოს ჯგუფის თავმჯდომარემ, აწ გარდაცვლილმა ჰეიკკი რიიჰიიარვიმ საქართველოს დევნილი პრეზიდენტის პატივსაცემად მოაწყო. თავად ჰეიკკი ძალიან საინტერესო ადამიანი იყო ჯავშანსაწინააღმდეგო ქვედანაყოფის თადარიგის კაპიტანი, ლუთერანული ეკლესიის არქიეპისკოპოსი, ფინეთის პარლამენტის ოთხი მოწვევის წევრი, ჰეიკკი რიიჰიიარვი პროფესიონალ პოლიტიკოსთა იმ იშვიათ რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებიც არა ყბადაღებული “პრაგმატიზმის” მოსაზრებებით, არამედ საკუთარი სინდისის კარნახით მოქმედებენ. რა გასაკვირია, რომ ასეთ ადამიანს ზვიად გამსახურდიას მიმართ დიდი პატივისცემა გაუჩნდა, რომელიც მათი პირადი შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, ჟურნალისტები, ფინეთ-საქართველოს საზოგადოების წევრები, მათ შორის ცნობილი ჟურნალისტი და დისიდენტი ჰეიკკი ესკილინენი, რომელიც პრეზიდენტმა კეკკონენმა60-იან წლებში ციხეში გამოამწყვდია, აგრეთვე ფინეთის ჰელსინკის ჯგუფის უცვლელი თავმჯდომარე ჰეიმორანტალა. ჰეიკკი რიიჰიიარვი და ჰეიკკი ესკილინენი მოკლე მოხსენებებით გამოვიდნენ, სადაც სრულ მხარდაჭერას უცხადებდნენ პრეზიდენტ გამსახურდიას. აღნიშნეს, რომ ფინელებს საკუთარი მწარე ისტორიული გამოცდილების წყალობით განსაკუთრებით კარგად ესმით, თუ ვინ უქმნის პრობლემებს საქართველოს დამოუკიდებლობას, და რომ ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ ეს სწორედაც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაა. საერთოდ, ფინეთის პარლამენტის საქართველოს ჯგუფმა, ფინეთ–საქართველოს საზოგადოებამ, ფინეთის ჰელსინკის ჯგუფმა არაერთი საპროტესტოO განცხადებით მიმართეს დასავლეთის მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, აგრეთვე შევარდნაძის რეჟიმს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ჰეიკკი რიიჰიიარვიმ ზვიადს ასე მიმართა: “ჩემთვის, როგორც სასულიერო პირისათვის, განსაკუთრებულად ძვირფასია ის ჭეშმარიტად ქრისტიანული თავშეკავება და მარადიული ღირებულებების პატივისცემა, რომლებითაც თქვენს ბრძოლაში ხელმძღვანელობთ.” ზვიადის გარდაცვალების შემდეგ, ფინეთში ყოფნისას, ჰეიკკის ბევრჯერ შევხვედრივარ. ერთხელ მეგობრულ საუბარში მითხრა: “ზვიადი ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო და ასევე იბრძოდა, მაგათ წინააღმდეგ კი სხვანაირი მოქმედებაა საჭირო. ფინეთის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის (1918 წ) შეუდარებლად უფრო დაუნდობელი იყო. ამ ომში “წითლების” მხარეს რამდენიმე ჩემი უახლოესი ნათესავი დაიღუპა, მაგრამ ვთვლი, რომ თავისუფლება ამად ნამდვილად ღირდა; თუმც, ახლა უკვე ჩვენში ბევრი სხვანაირად ფიქრობს…” როგორც ჩანს, მის ამ სიტყვებში სასულიერო პირზე უფრო თადარიგის კაპიტანმა იჩინა თავი.

ამ შეხვედრაზე რამდენიმე სიტყვა მეც ვთქვი იმის შესახებ, რომ საქართველოში პრეზიდენტთან ერთად პარლამენტიც დაამხეს; რომ პარლამენტი დევნილობაში აგრძელებს მუშაობას; და რომ ამ ფაქტებს დასავლური მედია ჩქმალავს, რადგან ეს აშკარა შეუსაბამობაშია დიქტატორის გამოგონილ ხატთან.

გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროშიც – კორექტული და არაფრისმთქმელი. პრეზიდენტ გამსახურდიას მოკლე განცხადება ზრდილობიანად და უკომენტაროდ მოისმინეს და “დახმარება აღუთქვეს”.

ფინელმა ბიზნესმენმა იუსსი X-მა, რომელმაც ფინეთში ჩვენს ყოფნასთან დაკავშირებული ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი გაიღო, ზვიადის საპატივცემულოდ თავის კერძო კლუბში ვახშამი გამართა, რომელსაც ათამდე ადამიანი ესწრებოდა. ვახშამი ცალკე ოთახში იყო სერვირებული. მეზობლად განლაგებული დიდი დარბაზიდან სიმღერის ხმა შემოდიოდა, რაც ფინეთისათვის საკმაოდ უჩვეულოა. ზვიადი დაინტერესდა, რა ხდებოდა. გამოირკვა, რომ ჰელსინკის უნივერსიტეტის უძველესი და ფინეთში საუკეთესო გუნდი ტრადიციულ ყოველწლიურ შეხვედრას მართავს. გუნდი “ფინელი” შვედებითაა დაკომპლექტებული. მასპინძელი დაინტერესდა: ხმაურმა ხომ არ შეგაწუხათო? ზვიადმა უპასუხა:  პირიქით, ხმაური კი არა, შესანიშნავად მღერიანო. როგორც ჩანს, აილას მეშვეობით ეს ამბავი გუნდის წევრებმა გაიგეს და ცოტა ხნის შემდეგ ნებართვა ითხოვეს: პრეზიდნტ გამსახურდიას საპატივცემულოდ ვიმღერებთო. ზვიადი სიამოვნებით დათანხმდა და პატარა ოთახი სხვადასხვა ასაკის, ფრაკებში გამოწყობილი შექეიფიანებული მომღერლებით აივსო. სიმღერას სიმღერა მოჰყვა. შესანიშნავად იმღერეს. საოცრად ამაღელვებელი, ამაღლებული განწყობა შეიქმნა.

დასამახსოვრებელი იყო ცნობილი ფინეთის დირიჟორის, კარი ტიკკას ოჯახში გამართული საღამო, სადაც ზვიადმა ყველა მოხიბლა. საღამოს მაია თომაძე ესწრებოდა. კარი ძალიან დაეხმარა მაიას, რომელიც უკურნებელი სენით იყო დაავადებული და მკურნალობის კურსი ახალდამთავრებული ჰქონდა. საღამოზე მაიამ შესანიშნავად იმღერა. აკომპანიატორი კარი ტიკკა იყო. ზვიადმა ჰკითხა მაიას, ჰქონდა თუ არა რეპერტუარში შუბერტის Ave Maria – აღმოჩნდა, რომ არა. “ვეცდებოდი აკომპანემენტი გამეწია”- უთხრა ზვიადმა. დუეტი სამწუხაროდ არ შედგა.

ვიყავით სტუმრად ჰეიმო რანტალას ოჯახშიც. სხვათაშორის, ამ საღამოზე ჩამოვარდა საუბარი იმის შესახებ, რომ იმპერიის წინააღმდეგ ჩვენი გუშინდელი მოკავშირე ბალტელები, განსაკუთრებით – ესტონელები და ლატვიელები სამარცხვინო გულგრილობას იჩენენ საქართველოში განვითარებული მოვლენების მიმართ. მასპინძელი ამან ძალიან აღაშფოთა: “რა სწრაფად დაავიწყდა ზოგიერთ ახლანდელ ესტონელ პარლამენტარს, რომ სამშობლოდან გამოქცეული ჩემს სახლში ემალებოდა ფინეთის მთავრობისაგან მოსალოდნელ ექსტრადიციას!”

მოვინახულეთ XIX საუკუნის შუა წლებში აშენებული “უსპენსკი” კათედრალი, რომელსაც ამჟამად ფინეთის მართმადიდებელი ეპარქია განაგებს. ტაძარი, რომელიც ჰელსინკის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნავობაა, დაკეტილი არმოჩნდა, მაგრამ ზვიადის ხათრით გააღეს. ზვიადმა სანთლები დაანთო და ილოცა.

თითქმის ერთი სრული დღით განმარტოვდა ზვიადი ჰელსინკის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.

მოვინახულეთ ევროპაში უდიდესი Suomen Akateeminen Kirijakauppa – “ფინეთის აკადემიური წიგნის მაღაზია”, სადაც ზვიადს რამდენიმე სოლიდური გამოცემა უსახსოვრეს. გამვლელები ხშირად ცნობდნენ, მოკრძალებულად – როგორც ფინელებს სჩვევიათ – ესალმებოდნენ და წარმატებას უსურვებდნენ.

გერმანიის საკონსულოს ჰელსინკში ვიზებისათვის განმეორებით მივმართეთ. კონსულმა აილა ნიინიმაას პრივატულად განუცხადა, რომ აპლიკაციების შეტანას აზრი არა აქვს, ოფიციალურ, წერილობით პასუხზე კი ცივი უარი განაცხადა. ამის პასუხად ზვიადმა კანცლერ კოლს ფაქსით წერილი გაუგზავნა – დაახლოებით ასეთი სულისკვეთების: “კომუნისტური რეჟიმის დროიდან ვცდილობ გერმანიაში მოხვეედრას, სადაც მამაჩემმა – ქართული ლიტერატურის კლასიკოსმა – განათლება მიიღო და რომელთან მეც, როგორც მკვლევარს, უამრავი რამ მაკავშირებს. კომუნისტები ჩემი ქვეყნიდან არ მიშვებდნენ, ახლა თქვენ თქვენს ქვეყანაში არ მიშვებთ. რამ შეგაშინათ, არანაირი პოლიტიკური, მით უმეტეს “დესტრუქტიული” მოქმედების გაშლას მანდ არ ვაპირებ. კერძო მოწვევით მსურს ჩამოსვლა”. წერილი, რა თქმა უნდა, უპასუხოდ დარჩა, ამიტომ ვერ შევიტყეთ, თუ რისი ეშინოდა კოლს. ეს ფაქტი გახმაურდა და სკანდალის ხასიათი შეიძინა, როცა უმსხვილესმა Frankfurter Algemain-მ გამოაქვეყნა წერილი “მეტერნიხი ბონში” – დაახლოებით ასეთი ხასიათის: “ზვიად გამსახურდიას თავის სიმართლე აქვს. მისაღებია ეს სიმართლე თუ არა, ჩვენი განსჯის საგანი არ არის. ცხადი ისაა, რომ ამ სიმართლეში რაღაც ძალზე უსიამოვნოა კანცლერი კოლისათვის. სხვანაირად რომ იყოს, რატომ შეეეწინააღმდეგებოდა ერთი კაცის ქვეყანაში შემოშვებას?” – ავტორს ეჭვიც არ შეპარვია იმაში, რომ ზვიადის შეშვება-არშეშვების საკითხს კოლი წყვეტდა. მოგვიანებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უტიფრად განაცხადა: ვიზაზე უარი არ გვითქვამს, უბრალოდ აპლიკაცია არ შემოუტანიაო(!).

ზვიად გამსახურდიას ევროპაში გამოჩენამ “დიდი დემოკრატი” და მისი “მეგობრები” საკმაოდ ააფორიაქა. ამის პირველი სიმპტომები უკვე ფინეთში იგრძნობოდა, მთელი სისრულით კი ეს ავსტრიაში გამოვლინდა.

ამასობაში IGFM –მა ზვიადს ახალი მოწვევა – ამჯერად ამ ორგანიზაციის ავსტრიის განყოფილების სახელით (ქ-ნიკატარინა გრიბ) გამოუგზავნა. ავსტრიის საკონსულომ ათდღიანი ერთჯერადი ვიზები მოგვცა და 1 დეკემბერს, ღამით, ვენაში ჩავფრინდით.

აეროპორტში ზვიადს დახვდნენ: შვეიცარიიდან ჩამოსული ვაჟი კონსტანტინე, კატარინა გრიბი, IGFM –ის აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების კურატორი ვანდა ვანზიდლერი და ზვიადის მხურვალე მხარდამჭერი ქალბატონი, გერმანიაში გათხოვილი რუსუდან შმიდტი.

მოკრძალებულ სასტუმრო „კუგელ“–ში დავბინავდით. სასტუმროს მფლობელი, 70 წლის იოჰანეს როლერი, ძალიან ამაყია იმით, რომ საქართველოს პრეზიდენტის მასპინძლობს. ახოვანი მოხუცი იერით და ჟესტიკულაციით ძალიან ჰგავს ქართული ფილმის პერსონაჟს – პიპინია ერისთავს. სასტუმროს გაძღოლა სრულიად უსახური ვაჟისათვის გადაუბარებია და თავად ნახევარ განაკვეთზე აგრძელებს სამსახურს: “One ship – one cap” – ხშირად იმეორებს. დილით, საუზმეს თავად გვიშლის. მას შემდეგ, რაც ზვიადმა პარიზიდან მის სანახავად საგანგებოდ ჩამოსული კოკი გუგუშვილის ჩამოტანილი ერთი ბოთლი შესანიშნავი კონიაკი აჩუქა, ამ რიტუალს რეგულარული, სასტუმროს სხვა მოსაუზმე ბინადართა გასაგონად თავის დაკვრით წარმოთქმული სადღეგრძელოც დაემატა: “Herr President!…” – იშვიათი სანახაობა გახლდათ!

ვანდა ვანზიდლერი და კატარინა გრიბი ავსტრიის მთავრობის გამბედაობით აღფრთოვანებულნი იყვნენ: “პატარა ავსტრიამ ძველებურად კუდი მოიქნია და გერმანიას სილა გააწნა…” ვანდასთან სატელეფონო ნაცნობობა გროზნოდან მაკავშირებდა, საიდანაც საქართველოში ადამიანთა უფლებების დარღვევების შესახებ მასალებს რეგულარულად ვაწვდიდი. ხშირად პირიქითაც ხდებოდა – დარბეული მიტინგების შესახებ ინფორმაციას ვანდა დამოუკიდებლად მოიპოვებდა თბილისში – ნანა ზუმბურიძის, ზურაბ შანიძის, მაია კერესელიძის და სხვათა თავგანწირვისა და დაუღალავი გარჯის წყალობით და გროზნოში გვატყობინებდა. ვანდა თავისუფლად ლაპარაკობდა რუსულად და საბჭოეთს ზედმიწევნით კარგად იცნობდა – ინტერნირებული გერმანელი კოლონისტების შვილი გულაგის ერთერთ ბანაკში იყო დაბადებული. საერთოდ, IGFM –ის როლი საქართველოს მოვლენების გაშუქებაში უმაგალითოა: ეს პრაქტიკულად ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა (გარდა ბრიტანეთის ჰელსინკის ჯგუფის (მარკ ალმონდი) და ფინული მხარდამჭერი ორგანიზაციებისა), რომელმაც თვალები ძალით არ დაიბრმავა. სწორედ ამ პრინციპულობის შედეგი უნდა იყოს ის, რომ გაეროში ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის აკრედიტაცია ორჯერ დაბლოკეს – ერთხელ საბჭოთა კავშირმა (კუბის გამო), მეორედ – აშშ-მ (ისრაელის გამო). ვანდამ მითხრა: “ჩვენ “მემარჯვენეების” პარტიული იარლიყი მოგვაწებეს, რაც ძალიან გვიშლის ხელს მუშაობაში.”

2 დეკემბერს ტელეკომპანია ÖRF 2200 საინფორმაციო გამოშვების პირველ 10-წუთიან მონაკვეთს მთლიანად უთმობს ზვიადს. მასპინძლების თქმით, ძალიან კარგი გაშუქებაა. ზვიადიც კმაყოფილია.

დღის მეორე ნახევარში პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტის სპიკერს, ქრისტიანული პარტიის წარმომადგენელს დოქტორ ჰოჰტლს შევხვდით, რომელიც ძალიან კეთილგანწყობილი ჩანდა, “დინების საწინააღმდეგო ცურვა” გაიხსენა. ამას მოჰყვა ხუმრობა იმაზე, თუ რა მიაქვს თან დინებას. დოქტორმა ჰოჰტლმა ჩამოგვართვა ყველა ჩვენს ხელთ არსებული მასალები საგარეო და თავდაცვის მინისტრებისათვის გადასაცემად და ზვიადს ყველანაირი დახმარება აღუთქვა.

3 დეკემბერს ორსაათიანი პრესკონფერენცია გაიმართა პრესსკლუბ Concordia -ში. დასაწყისში ვანდა ვანზიდლერმა წარმოადგინა IGFM –ის მიერ მოძიებული მასალები. მნიშვნელოვანი ნაწილი “მხედრიონის” სამეგრელოში ჩატარებულ რეიდებს დაეთმო, განსაკუთრებით – წალენჯიხაში განვითარებულ მოვლენებს; წარმოდგენილი იყო მდიდარი ვიდეო- და ფოტომასალა, პოლიტპატიმართა დეტალური სია. ამის შემდეგ ზვიადმა მრავალრიცხოვან შეკითხვებს უპასუხა. პრესკონფერენციის დამთავრების შემდეგ იყო ცალკეული ინტერვიუები, მათ შორის – ИТАР-ТАСС-ის კორესპონდენტთან, იაპონურ The Sehai Nippo -სთან, ვატიკანის გამოცემასთან, ავსტრიულ ÖVP-სთან – ყველა არ მახსოვს.

3 დეკემბერს, დაახლოებით 17 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში მიგვიღეს. შეხვედრას სახელმწიფო მდივანი და რამდენიმე სხვა მოხელე ესწრებოდა. ესენი შეშინებულები და იერიშის მოსაგერიებლად გამზადებულები ჩანდნენ, თანაც თავი მოისულელეს – საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი ვიცითო. ზვიადმა “დააწყნარა”: ძალიან ვაფასებ, რომ თქვენი მთავრობა გერმანელებზე უფრო პრინციპულად იქცევა, ჩემთვის პატარა ქვეყნის პრობლემები გასაგებია, ვიცი, რა წნეხის ქვეშაც ხართ, ფინეთშიც ანალოგიური მდგომარეობააო… შერჩათ საჩხუბრად მომართული მუშტები ჰაერში.

ამასობაში ინტერვიუები გრძელდებოდა. 3 დეკემბერს, 18 საათზე Rundfunk -მა ვრცელი რადიოინტერვიუ გადასცა. 4 დეკემბერს დილით – Deutsche Funk -მა – პირდაპირ ეთერში – ძალიან კარგი ინტერვიუ, 13 საათზე – Osterreich Funk -მა ზვიადს ერთსაათიანი გადაცემა მიუძღვნა პრეს-კონფერენციის დეტალური ანალიზით და ცალკე ინტერვიუთი. რედაქციის კომენტარი: ”საქართველოში პუტჩი მაფიასთან და მოსკოვთან დაპირისპირების გამო მოხდა…” ეს უკანასკნელი ყველაზე პოპულარული ახალგაზრდული რადიოსადგურია. ზვიადის სიტყვები: “ჩვენ თავისუფალ არჩევნებში დავამარცხეთ კომუნისტები… საპრეზიდენტო არჩევნებში 5 მოწინააღმდეგე მყავდა… მე მსახავენ აღმოსავლური ტიპის დიქტატორად, ფაშისტად… ჩემს წინააღმდეგ საშინელი კამპანია გაჩაღდა დასავლეთის პრესაში… პუტჩს გორბაჩოვი და შევარდნაძე ამზადებდნენ და ხელმძღვანელობდნენ… პუტჩისტებს იარაღითა და სპეციალისტებით ЗакВО ამარაგებდა… საქართველოში სახელმწიფო მაფიამ ჩაანაცვლა… “

ვენაში ყოფნისას მოგვაწოდეს ბრიტანელი დოკუმენტალისტის კრის ვენერის ფილმი “Shevardnadze Unveile” რომლის გერმანულ ვერსიას “ნომენკლატურის რევანში” ჰქვია. ჩემი აზრით, ეს ნაშრომი პროფესიული სინდისიერებისა და სამოქალაქო გმირობის ნიმუშია. განსაკუთრებით იმედის მომცემი ის იყო, რომ ფილმიDicovery–მ აჩვენა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ყინული დაიძრა…

4 დეკემბერს ვანდა ვანზიდლერი დაგვემშვიდობა და გერმანიაში დაბრუნდა.

ერთი დღე დაეთმო მოგზაურობას ზალცბურგში, სადაც ზვიადმა მოცარტის მუზეუმი მოინახულა, ზალცბურგის გოეთეანუმში კი იმპროვიზებული ლექცია წაიკითხა გერმანულად. ლექცია ეხებოდა ზვიადისა და მერაბის ბრძოლას სულიერებისათვის ტოტალიტარიზმის ეპოქაში, ანტროპოსოფიის როლს ამ ბრძოლაში. ლექციას ასამდე მსმენელი დაესწრო.

ფინეთისა და ავსტრიის გამოცდილებამ აჩვენა, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების თვალსაზრისით პრეზიდენტ გამსახურდიას ევროპული ტურნე ძალიან წარმატებული აღმოჩნდა (ოფიციალურ დონეზე წარმატებას არავინ ელოდა), ამიტომ ზვიადმა გადაწყვიტა, რომ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა მოეცვა. ვენაში მივმართეთ გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის საკონსულოებს, საიდანაც მიწვევები გვქონდა მიღებული (ინგლისიდან – ჩარლზ ჩქოტუასაგან). მივმართეთ აგრეთვე შვეიცარიის საკონსულოს, სადაც იმ დროს ზვიადის ვაჟი – კონსტანტინე ცხოვრობდა ოჯახთან ერთად პოლიტიკური დევნილის სტატუსით.

აქ იწყება მოგზაურობის “დეტექტიური” ნაწილი, რომელიც კალეიდოსკოპური სისწრაფით დატრიალდა.

შვეიცარიის კონსულმა ზვიადი საკონსულოში მიიპატიჟა და ძალიან დელიკატურად მოგზაურობის მიზეზი ჰკითხა. ზვიადმა უპასუხა, რომ ძირითადი მიზეზი – შვილიშვილების მონახულებაა, მათგან უმცროსი – ზვიადი ემიგრაციაში დაიბადა და ამიტომ ნანახი საერთოდ არ ჰყავდა. კონსულმა თქვა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი სტუმრის მიღება ქვეყნისათვის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული, ამიტომ სასურველია იმის ცოდნა, თუ სად აპირებს შემდეგ ეს სტუმარი გამგზავრებას. პასუხი: “სტამბოლის გავლით ჩეჩნეთში”. კონსული კითხულობს: “თურქეთის ვიზები გაქვთ?” პასუხი: ”თურქეთში გამოცხადებითი სავიზო რეჟიმია” – ვაჩვენებთ პასპორტებს. კონსული (ძალიან კმაყოფილი გამომეტყველებით): “მე ამის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია მაქვს.”(!)

სიტუაცია მართლაც საინტერესოა! საიდან უნდა იცოდეს, ან რაში სჭირდება ვენაში შვეიცარიის კონსულს იმის ცოდნა, თუ როგორი სავიზო რეჟიმი მოქმედებს თურქეთში საქართველოს მოქალაქეებისათვის? “ჩვენ არავითარ პრობლემებს არ შეგიქმნით, დადებითი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. სულ უბრალო რამ არის საჭირო: მაჩვენეთ თურქული ვიზები და შვეიცარულსაც დაუყოვნებლივ მიიღებთ…” მომაჯადოებელი ღიმილით კონსული შენობიდან გვაცილებს.

ცხადია, რომ მახეა. ზვიადი ამბობს: “წავიდეთ თურქეთის საკონსულოში!”. მე ვეხვეწები: “ბატონო ზვიად, თქვენ სასტუმროში დაბრუნდით, მე ვეცდები გავარკვიო, რა ხდება.” “არა.” წავედით თურქეთის საკონსულოში. ზვიადი საკონსულოში შესვლისთანავე იცნეს და ატყდა აქეთ-იქეთ სირბილი და ჩურჩული: “გამსახურდია, გამსახურდია…” ნათელია, რომ ელოდებოდნენ. ზვიადმა მოითხოვა კონსულთან დაუყოვნებლივ შეეხვედრა. რამდენიმე წუთში კონსულმა ქალმა – გვარად სოისალ – მიგვიღო. “რაშია საქმე?”- ვეკითხებით. “თქვენი პასპორტები თურქეთის ტერიტორიაზე ძალდაკარგულია”- გვპასუხობს. “როდიდან?” – ვეკითხებით. ”დიდი ხანია.” “კი მაგრამ, ამ პასპორტებით არ შეგვიშვეს 23 ნოემბერს?” – ვაჩვენებ ვიზებს. მხრებს იჩეჩავს… “200 მილიონი ადამიანისათვის ძალაშია და ჩვენთვის არა?” მხრებს იჩეჩავს… ზვიადი დადუმდა… კონსულს ვეკითხები:”სტამბოლში პრეზიდენტი გამსახურდია პრეზიდენტ ოზალს შეხვდა. გსმენიათ ამაზე რამე?” პასუხი: “პრეზიდენტი ამჟამად თურქეთში არ იმყოფება. ამასთან, მთავრობას პრეზიდენტი კი არა, პრემიერი ხელმძღვანელობს, მე მთავრობის მოხელე ვარ” (მაშინ პრემიერი დემირელი იყო)… “სტამბოლის აეროპორტის სატრანზიტო ნაწილში ვიზა სავალდებულოა თუ არა?”- ვეკითხები. მხრებს იჩეჩავს: ”ამაზე ახლა ვერ გიპასუხებთ(!). ამის დასადგენად დრო მჭირდება. დამიტოვეთ თქვენი კოორდინატები და პასუხს შეგატყობინებთ”… საუბრის გაგრძელებას აზრი ეკარგება. კონსულის ბოლო ფრაზა მოულოდნელად გულახდილია: ”მე მხოლოდ მოხელე ვარ და გადაწყვეტილებებს არ ვიღებ”.

დავბრუნდით სატუმროში. ზვიადის დავალებით ვრეკავ სტამბოლში – იქაურ მასპინძელთან, რომელსაც დაბრუნებისას ოზალთან ანკარაში უნდა მოეწყო შეხვედრა. მეუბნებიან, რომ რუსეთშია წასული და ტელეფონი არ დაუტოვებია(!). ძლივს მივაკვლიე კომპანიის დირექტორს, რომელიც სტამბოლში გვერდიდან არ გვცილდებოდა; ავუხსენი სიტუაცია. ვეკითხები: “იქნებ ამიხსნათ, რა შეიცვალა?” “არ ვიცი” – აშკარად შეშინებულია. ვერაფერი ვერ დავადგინე. ზვიადი მეუბნება:”იქნებ იმ ლაზ კაცს, ზაქარიას დაუკავშირდე”. ბედად, იმის სავიზიტო ბარათი ვიპოვე და ძლივს დავუკავშირდი. ზაქარიაც ძალიან შეშინებულია, მაგრამ პატიოსნად მეუბნება:”ძალიან ცუდი ამბებია: თქვენი აქედან წასვლიდან რამდენიმე დღეში სტამბოლის წამყვანმა გაზეთმა (თუ არ ვცდები, Milliet) გამოაქვეყნა მასალა იმის შესახებ, თითქოს გამსახურდიამ არალეგალურად შემოაღწია თურქეთში… რომ გამსახურდია და დუდაევი ქურთ სეპარატისტებთან თანამშრომლობენ და მათ იარაღით ამარაგებენ (!)… ყველას ესმის, რომ ეს აბსურდია, მაგრამ როგორც ჩანს, კამპანია ძალიან გავლენიანი ძალების მიერაა ორგანიზებული…” ზაქარიას ვეკითხები, საჭიროა თუ არა სტამბოლის აეროპორტის სატრანზიტო ნაწილში მოსახვედრად სატრანზიტო ვიზა. მპასუხობს, რომ ჩვეულებრივ შემთხვევებში – არა.

ეს ყველაფერი 7 დეკემბერს ხდება, 10 რიცხვში კი ავსტრიაში ყოფნის ვადა იწურება. ჩეჩნეთიდან გვატყობინებენ, რომ ჩარტერული რეისი გროზნოდან სტამბოლში ისეთი რეგულარობით ვეღარ დაფრინავს ICAO –ს აკრძალვის გამო. უახლოესი ასეთი რეისი, უკვე აზერბაიჯანის დროშით – ბაქოს გავლით – 12 დაკემბერს იგეგმება.

სიტუაცია თანდათან მძიმდება. კატარინა გრიბმა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვიზების გაგრძელების თხოვნით მიმართა და უარი მიიღო. ჩარლზ ჩქოტუა ლონდონიდან იტყობინება, რომ სამინისტრო ვიზების გაცემას უარობს, თუმცა ოფიციალურ პასუხს არ იძლევა. საფრანგეთიდანაც იგივე პასუხია. ამასობაში მასპინძელი – კატარინა გრიბი დაიკარგა: IGFM-ის ოფისში აღარ მიდის. ვრეკავ სახლში – შვილი მეუბნება: “ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ვიცოდე, სადაა დედაჩემი”- მოკლედ, დაიმალა, ან დამალეს. ზვიადს გაეცინა: “ადამიანის უფლებების დაცვას რომ ხელობად გაიხდის, იმ ადამიანს ბევრი არ მოეთხოვება…” რუსუდან შმიდტის ქმარი ერვინი გერმანიაში რამდენიმე უცნობმა სასტიკად სცემა, ურტყამდნენ და თან აყოლებდნენ: შენი ცოლი სად დაბრძანდებაო. პოლიციაში “დააწყნარეს” – ალბათ სკინჰედები იყვნენო. ვანდას ვურეკავ – გაოგნებულია და არაფერი არ შეუძლია. ვცდილობთ უნგრეთის პრეზიდენტს არპად გენცს დავუკავშირდეთ, რომელთანაც ზვიადმა ჰელსიკიდან ტელეფონით ისაუბრა და მიპატიჟებაც მიიღო – იმალება. ვრეკავ ბაქოში – ვერც ელჩიბეის, ვერც გამიდოვს (შინაგან საქმეთა მინისტრს) ვერ ვუკავშირდები.

ამის პარალელურად “უცნაურობების” მეორე ტალღა დაიწყო: სხვადასხვა მხრიდან არ წყდება ზარები: კოტენადირაშვილი – “რადიო თავისუფლებიდან”, კლოდ კემულარია – პარიზიდან, (ეს – რაც მე ვიცი) შევარდნაძესთან მოლაპარაკების გამართვის შეთავაზებით, გარანტიებით და ა.შ. ზვიადის პასუხი ერთია: ”მე შევარდნაძეს არაფერს ვერჩი. აღიაროს რაც ჩაიდინა, გადადგეს და ხელშეუხებლობის გარანტიას მივცემ…” როგორც ჩანს, ამ ტიპის შეთავაზებები მისთვის ახალი არ იყო. შედარებით შემაშფოთებელია შამსუდინ იუსეფისაგან მოსული იგივე წინადადება, რომელმაც ამასობაში წარუმატებელი არაბული ვოიაჟიდან გროზნოში დაბრუნება მოასწრო. ეს შამსუდინის თვითშემოქმედების ნაყოფი იყო, თუ საერთო ტალღის ნაწილი, ძნელი სათქმელია.

10 დეკემბერს, დილით, ზაქარია სტამბოლდან იტყობინება: “თურქეთის მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა – არ შემოვუშვებთო”. ოტტო ფონ ჰაბსბურგმა***, რომელთანაც ზვიადს მუდმივი სატელეფონო კავშირი ჰქონდა, ავსტრიული ვიზის გაგრძელებაში დახმარება აღუთქვა: “ყველაფერ ვიღონებ, ბატონო პრეზიდენტო. რაც უფრო ბნელია ღამე, მით უფრო ახლოა განთიადი…”

თითქმის გამოუვალი სიტუაცია შეიქმნა. დავუშვათ, თურქეთის მთავრობის მუქარას ყური არ ვათხოვეთ, სტამბოლში ჩავფრინდით და სატრანზიტო ნაწილიდან არ გამოვდივართ. რა გარანტიაა, რომ გროზნოდან თვითმფრინავს ჩამოუშვებენ? ეს რომ რეგულარული რეისი ყოფილიყო, იტყოდი რომ ამა და ამ რეისს ელოდები… მართლაც, 12 დეკემბერს გროზნოდან აზერბაიჯანის დროშით გამოფრენილი თვითმფრინავი ბაქოში ჩაფრინდა, მაგრამ იქ გაურკვეველი დროით გაიჭედა, რადგან თურქეთმა აღარ შეუშვა!

როგორც ჩანს, პრეზიდენტ გამსახურდიას დაკავებას ან მითუმეტეს, ექსტრადირებას ვერ გაბედავდნენ. სხვანაირად, რით აიხსნებოდა შვეიცარიისა და თურქეთის საკონსულოების მიერ ერთობლივად გათამაშებული ფარსი? ყველაფერ ამაში სხვა ჩანაფიქრი ჩანდა: რამენაირად მოეცილებინათ ზვიადი კავკასიას. რადგან ჩეჩნეთში დასაბრუნებელი გზა მოჭრილია, ზვიად გამსახურდიას ერთადერთი ლოგიკური გამოსავალი რჩება – მოითხოვოს პოლიტიკური თავშესაფარი, მაგ. ავსტრიაში ან სხვა ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, რომ დაუყოვნებლივ მისცემდნენ. მაგრამ ზვიადმა ეს “ლოგიკური” გამოსავალი კატეგორიულად უარყო: “ეს კაპიტულაციის ტოლფასია…”

ვრეკავთ გროზნოში – თვითმფრინავი ბაქოშია გაჭედილი – არც იქით, არც აქეთ. ასე გაგრძელდა 13 დეკემბრის (შაბათი დღე იყო) ღამემდე. ვიზებს ყავლი გაუვიდა. დარეკა ჰაბსბურგმა: “საგარეო საქმეთა სამინისტროში დამპირდნენ – ორშაბათს ვიზებს გავაგრძელებთო.”

ამასობაში გროზნოში ვიტაუტას ეიდუკაიტისი გამოჩნდა. ავიაციის პოლკოვნიკი, რომელიც დუდაევის სტრატეგიული ბომბდამშენების დივიზიაში მსახურობდა, თადარიგში გასვლის შემდეგ ჯოჰარის თანამებრძოლად დარჩა, ხშირად ჩამოდიოდა გროზნოში და ჩეჩნებს რითაც შეეძლო, ეხმარებოდა. ვიტასმა შესთავაზა ზვიადს: “ჩაფრინდით ვილნიუსში, არანაირი ვიზები არ გინდათ, იქ თქვენს მიღებას მე უზრუნველვყოფ, ჯოჰარი კი თვითმფრინავს გამოგიგზავნით.” ვიტასი საკმაოდ დაახლოებული იყო ლანდსბერგისთან, მაგრამ ლიტვაში ხელისუფლება არჩევნების შედეგად ხომ ყოფილმა (არსებობს კი ასეთი?) კომუნისტებმა დაიბრუნეს? მიუხედავად ამისა, ვიტასი ამბობს, რომ ყველაფერს თავის თავზე იღებს – თანაც გროზნოდან, ვილნიუსში მაინც იყოს!. მომცა იმ ხალხის კოორდინატები, რომლებიც იქ დაგვხვდებიან. ზვიადმა თქვა, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია.

ნაშუაღამევს, უკვე 14 დეკემბერს, წავედი ვენის აეროპორტში და ვენა-სტამბოლის ღია ბილეთიები ვენა-ვილნიუსის მიმართულებაზე გადავცვალე. დავბრუნდი სასტუმროში. დაახლოებით საათნახევარში გროზნოდან გვატყობინებენ, რომ ბაქოში 2 დღით შეჩერებული თვითმფრინავი სტამბოლის მიმართულებით გაფრინდა!

დილით დავემშვიდობეთ კონსტანტინე ზ.გამსახურდიას, რუსუდან შმიდტს და 14 დეკემბერს, 1155-ზე OS 633 რეისით ვილნიუსში გავფრინდით. საპასპორტო კონტროლი ვადაგასული ვიზებით გავიარეთ. როგორც ჩანს, ვერ შეამჩნიეს.

ვილნიუსში 1450 ჩავფრინდით. წვიმს. თვითმფრინავს ტრაპი მოადგეს. ტრაპთან ახლოს ორი შავი მანქანა და რამდენიმე საყელოაწეულ ლაბადიანი და “შლაპიანი” ფიგურა ჩანს – ტიპიური “სამოქალაქოში გამოწყობილი ბიჭები”. ზვიადს ვთხოვე: ”ბატონო ზვიად, თქვენ ცოტა ხანს აქ დაიცადეთ – რაც გინდა იყოს, თვითმფრინავი ავსტრიის ტერიტორიაა – მე გადავალ და სიტუაციაში გავერკვევი”. თავი დამიქნია. კარები გააღეს თუ არა – გარეთ პირველი გავიდა. ერთი დამხვდურთაგანი მოგვიახლოვდა. “ბატონი გამსახურდია?” “დიახ.” “მევიტაუტას რამანაუსკასი ვარ (სახელი ისაა, რაც ეიდუკაიტისმა თქვა). კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება ლიტვაში.”

უსიტყვოდ ჩავჯექით მანქანებში – ზვიადი, მე, რამანაუსკასი და მძღოლი – პირველში. დანარჩენები – მეორეში. რამანაუსკასმა პასპორტები გვთხოვა და ვიღაცას გაატანა. რამდენიმე წუთში უკან მოიტანეს – შიგნით მხოლოდ ქვეყანაში შესვლის ბეჭედია ჩარტყმული. დავიძარით. ასაფრენი ბილიკიდან ჭიშკრის გავლით პირდაპირ ქალაქში გამოვედით – არც საპასპორტო, არც საბაჟო კონტროლი არ გაგვივლია. რამდენიმე წუთმა დუმილში გაიარა – ზვიადი გაყუჩებულია, ლიტველებიც არ არიან დიდი მოლაპარაკე ხალხი. მივადექით ქალაქის ცენტრში განლაგებულ ყოფილ სამთავრობო რეზიდენციას. რამანაუსკასი გვიხსნის, რომ რეზიდენცია ახლახან გააპრივატეს – სასტუმრო Draugist–ს გადასცეს, ახალ პატრონს ჯერ არ აუთვისებია, ამიტომ სრულიად ცარიელია – არც მაცხოვრებელი, არც მომსახურე პერსონალი არ ჩანს, მაღალი გალავანი აქვს შემოვლებული და შესასვლელში შეიარაღებული ჯარისკაცი დგას. ორსართულიან სასტუმრო სახლში მოგვათავსეს, რამანაუსკასმა ამიხსნა, სად რა არის და ხვალამდე დაგვემშვიდობა.

სიტუაცია, ცოტა არ იყოს, კომიკურია. სად ვართ, მეგობრებთან სტუმრად თუ კომფორტულ შინაპატიმრობაში? ზვიადს ვუთხარი: სიგარეტი გამითავდა და ვიყიდი-მეთქი. გამოვედი გარეთ და ჭიშკრისაკენ გავემართე. ჯარისკაცმა უსიტყვოდ გამიღო კარები. იქვე ახლოს, პირველსავე ჯიხურში სიგარეტი ვიყიდე და უკან დავბრუნდი. გულზე მომეშვა.

დავრეკე გროზნოში. მითხრეს, რომ ეიდუკაიტისი 16 დეკემბერს ჩამოფრინდება. ვენაში დარჩენილებს შევატყობინე, რომ სამშვიდობოს ვართ. სხვათაშორის, ჩვენი წამოსვლის შემდეგ თურქეთის კონსულს დაურეკავს და სატრანზიტო ვიზაზეც უარი უთქვამს.

მეორე დღეს რამანაუსკასი დილით მოვიდა და სადილობამდე ვილნიუსს გვათვალიერებინებდა. მერე ზვიადს ჰკითხა: ჩემმა მეუღლემ ოჯახური სადილი მოგიმზადათ, თანაც შემჭამა, ზვიად გამსახურდიას ნახვა მინდა და კადნიერებაში ხომ არ ჩამომართმევთ, რომ მოვიყვანოო? ზვიადი სიამოვნებით დათანხმდა და ჩვენს სასტუმრო სახლში რამანაუსკასი ცოლთან ერთად გვეწვია. ერთად ვისადილეთ.

გვიან საღამოს უეცრად ლანდსბერგისი მოვიდა. ძალიან დაღლილი და მობერებული ჩანდა. თბილი შეხვედრა ჰქონდათ. “კომუნისტებთან არჩევნებში როგორ წააგეთ?”- პირდაპირ ჰკითხა ზვიადმა. ოთახიდან ჩუმად გამოვედი და ლანდსბერგისის ახსნა-განმარტება აღარ მომისმენია. დაახლოებით ორი საათი ისაუბრეს.

16 დეკემბერს, დაპირებისამებრ, ვილნიუსში გროზნოდან ჩარტერული რეისით ტუ-134 ჩამოფრინდა, რომელსაც ვიტას ეიდუკაიტისი და სოსო თორია ჩამოჰყვნენ. ვიტასი ტრაბახობდა: კომუნისტებს მაგარი ფანდი ჩავუტარე, ახლაც აზრზე არ არიან, ზვიადი რომ აქ არისო! არ ჰქონდა სატრაბახო?

17 დეკემბერს ვიტასმა გროზნოდან ჩამოსული თვითმფრინავისათვის ახალი საფრენი ნომერი და მარშრუტი გააფორმა – ვითომ ვილნიუსი-ბაქოს ჩარტერული რეისი სრულდებოდა. ცარიელ თვითმფრინავში ზვიადი, მე და სოსო თორია ჩავსხედით და ვილნიუსიდან “ბაქოსკენ” 1845-ზე გამოვფრინდით. სამი საათის შემდეგ გროზნოსთან მოახლოვებულმა თვითმფრინავმა საჰაერო-სადისპეჩერო სამსახურისათვის მოულოდნელი მანევრი შეასრულა და გროზნოს აეროპორტში დაეშვა.  თვითმფრინავიდან გადმოსვლისას ზვიადმა თქვა: “აქ დაბრუნება თივის ზვინში ნემსის პოვნას ჰგავს.”

ზვიადის გროზნოში დაბრუნებიდან რამდენიმე თვეში თურქეთის პრეზიდენტი ტურგუტ ოზალი უეცარი გულის შეტევით გარდაიცვალა…

მერაბ კიკნაძე
დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი
გროზნო-სტამბოლი-ჰელსინკი-ვენა-ვილნიუსი-თბილისი
1992-2005 წწ

———————————————————————————
შამსუდდინ იუსეფი
იორდანული წარმოშობის ჩეჩენია. იორდანიაში მუჰაჯირობის დროიდან ჩეჩნების კომპაქტური დიასპორა არსებობს, რომელიც განსაკუთრებული პატივით სარგებლობს, კერძოდ, იორდანიის მეფის პირადი გვარდია ჩეჩნებითაა დაკომპლექტებული, ტანსაცმელიც – კავკასიური ჩოხაა. შამსუდდინ იუსეფის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა არაბულ სამყაროში მისმა კავშირებმა (არსებულმა თუ არარსებულმა?) განაპირობა. იგულისხმებოდა, რომ ამას გარკვეული როლი უნდა ეთამაშა იმ საერთაშორისო იზოლაციის გარღვევაში, რომელშიც ჩეჩნეთი დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და საქართველოში ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ აღმოჩნდა. იუსეფმა ამ თანამდებობაზე შამილ ბენო შეცვალა, რომელიც გარეგნულად უსაქმური ადამიანის შთაბეჭდილებას ახდენდა, ხოლო როგორც მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, უბრალოდ მოსკოვის სუკ-ის მიერ ჩანერგილი კაცი აღმოჩნდა. ჩეჩნეთის პირველი ომის დაწყებისთანავე შამსუდდინ იუსეფი ღიად განუდგა დუდაევს და დაგმო მისი პოლიტიკა. ის ხალხი, რომელიც ნაკლებად იცნობს ჩეჩნეთს და ჩეჩნურ ხასიათს, ხშირად საუბრობს “პანისლამურ” და “ფუნდამენტალისტურ” განწყობაზე ჩეჩნებში, სადაც ეროვნული სიამაყისა და კავკასიური ერთიანობის განცდა უძლიერესი და წამყვანია (ყოველ შემთხვევაში, იყო ჩემს იქ ყოფნისას). ამის ნათელი ილუსტრაციაა შამსუდდინის “მოღვაწეობასთან” დაკავშირებული ასეთი ეპიზოდი: საერთოკავკასიური “წესის” თანახმად, დანიშვნისთანავე მან სამინისტრო იორდანული წარმოშობის ჩეჩნებით აავსო, რამაც იქაურების ხუმრობანარევი გულისწყრომა გამოიწვია. ეს ხალხი იმწამსვე “ბედუინებად” მონათლეს და სხვანაირად აღარც ახსენებდნენ. მაგ. ერთი ნაცნობი ჩეჩენი მეკითხება: “სლუშაი, ტი ნე ვიდელ ნაშიხ ბედუინოვ?”

** International Geselschaft Fur Menchenrehte – ფრანკფურტში განლაგებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციაა, უფრო ზუსტად – სხვადასხვა ეროვნულ ორგანიზაციათა გაერთიანება.

*** დოქტორი ოტტო ფონ ჰაბსბურგი – ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ავსტრიის კრონპრინცი – საქართველოს უანგარო და ერთგული მეგობარი. ერთადერთი საერთაშორისო რანგის პოლიტიკოსი, რომელსაც უპასუხოდ არ დაუტოვებია პრეზიდენტ გამსახურდიას არცერთი ოფიციალული მიმართვა თუ მეგობრული თხოვნა და ყველაფერი იღონა შევარდნაძის დანაშაულებრივი რეჟიმის სამხილებლად. ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შემდეგ, ფინეთიდან ორჯერ მივმართე დახმარებისათვის. ერთხელ – პეტრე გელბახიანისა და ირაკლი დოკვაძის განაჩენის გამო, მეორედ – პატიმრობაში მყოფი ნუგზარ მოლოდინაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით. როგორც ყოველთვის, მისმა სამეფო უმაღლესობამ (ასე მიმართავდა ხოლმე პრეზიდენტი გამსახურდია და მეც არ დამირღვევია ტრადიცია) ყველაფერი მოიმოქმედა იმისათვის, რომ მიეპყრო ამ მოვლენებისათვის საერთაშორისო ყურადღება – ერთადერთი რამ, რასაც მაშინდელ საქართველოში ანგარიშს უწევდნენ. ვშიშობ, რომ ამ თვალსაზრისით ბევრი არაფერი შეცვლილა.

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ინტერვიუ ფინეთის ტელევიზიას ჰელსინკში საერთაშორისო შეხვედრაზე ხუნტის მიღების თაობაზე – როდესაც შევარდნაძე მიიღეს როგორც საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი – პრეზიდენტი ამხელს ხუნტის კრიმინალურ ხასიათს და მოუწოდებს ევროპის ქვეყნებს არ იქონიონ კავშირი ამ რეჟიმთან.

იანვარი 18, 2011

ზვიად გამსახურდია – ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი

1. ფილოლოგიური პრობლემები

უკანასკნელ წლებში მრავალი მოსაზრება გამოითქვა ძველი ქართული თეოსოფიური მწერლობის ძეგლის „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი„-ს შესახებ. მკვლევარნი სხვადასხვა თვალსაზრისით განიხილავენ ძეგლს, მაგრამ აშკარაა, რომ ისინი სიძნელეთა წინაშე დგანან. მრავალი საკითხი, ძეგლთან დაკავშირებული, კვლავაც ბუნდოვანია და გაურკვეველი. არც ჩვენ გვაქვს პრეტენზია ძეგლთან დაკავშირებული ყველა საჭირბოროტო საკითხისათვის შუქის მოფენისა. ჩვენი მიზანია მხოლოდ და მხოლოდ აზრის გამოთქმა ზოგიერთ პრობლემაზე.

დავიწყოთ იმით, რომ თვით ტრადიციული წაკითხვა ძეგლის ტექსტისა გვაყენებს დიდი სიძნელის წინაშე. გავიხსენოთ პირველივე წინადადება: „დამარხულ არს ენაი ქართული დღედმდე მეორედ მოსლვისა მისისა, საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა“. ამ სიტყვებს და, კერძოდ, სიტყვა „ენას“ იგებენ მხოლოდ და მხოლოდ თანამედროვე მნიშვნელობით. სინამდვილეში საკმრისია ღრმად ჩავუკვირდეთ წინადადების შინაარსს და ნათელი გახდება ამგვარი ინტარპრეტაციის ცალმხრივობა, ვინაიდან „ენა“ ძველ ქართულში, ისევე როგორც სხვა ძველ ენებში, მხოლოდ ენას კი არ ნიშნავდა, არამედ ხალხს, ეროვნებას, მოდგმას. ასე მაგალითად, იოანეს „აპოკალიპსის“-ის ტექსტში: „შემდგომად ვიხილე და აჰა ერი ფრიადი, რომლისა აღრიცხვად ვერავინ შემძლებელ იყო, ყოველთაგან წარმართთა და ტომთა და ერთა და ენათა, მდგომარენი წინაშე კრავისა“ (გამოცხ. 7. 9). აქ ბერძნულ ტექსტში „ენას“ შეესაბამება „გლოსსა“. ვგონებ სადავო არ უნდა იყოს, რომ აქ ცოცხალ ადამიანთა კრებულზეა საუბარი, რომელნიც არიან „ყოველთაგან ენათა და ტომთა“, ე. ი. ყველა ხალხების, ყველა ეროვნების წარმომადგენლებზე. ასევეა „გამოცხადების“ მეთოთხმეტე თავშიც: „ანგელოსსა აქუნდა სახარებაი ხარებაი ხარებად მკვიდრთა ქუეყანისათა და ყოველსა ერსა ზედა და ტომთა და ენათა“ (14. 7). ვგონებ ნათელია, რომ ანგელოსი, ვერაფერს ახარებდა „ენას“ (გინდ სალიტერატუროს, გინდ სასაუბროს), ვინაიდან ენა ცოცხალი არსება არ არის. ცოცხალი არსებანი არიან ადამიანები, რომელნიც ამ ენათა, ანუ ეროვნებათა წარმოათდგენლები არიან და მათ ახარებდა ანგელოსი. ასევე იხმარება ეს „ენა“ ძველ აღთქმაშიც: „ესე ძენი სემისნი – ენათა შინა მათთა, სოფელთა შინა მათთა, და ნათესავთა შინა მათთა“ (დაბად. 10.31 დან. 3,4-7, 5.19, 29-31). სხვათა შორის, ბიბლიის მცხეთურ ხელნაწერში აქ „ენის“ ადგილზე ნახმარია „ტომი“. „ენის“ მსგავსი მნიშვნელობით ხმარებას ვხვდებით „ქართლის ცხოვრებაშიც“: „სკვითნი, ხაზარნი, აბაშნი, არაბნი, მიდნი, ელამიტელნი და შუამდინარელნი და ყოველნი ენანი და ნათესავნი“ (ქ.ც.ტ. II, 1959, გვ. 562). ს. ყაუხჩიშვილის მიერ ამ ტომისათვის დართულ ლექსიკონშიც ორგვარი განმარტებაა „ენისა“: 1) ენა – („ენა“) „ენა ვერ მიძრავს“. 2) ენა – (ტომი, ნათესავი) – „ყოველნი ენანი და ნათესავნი“. „ყოველმან ენამან მხოლოსა ღმერთსა თაყუანის გცეს“ და ა. შ.

ამრიგად, იოანე-ზოსიმეს „ქებაი“ ეხება არა მხოლოდ ქართულ ენას, როგორც ასეთს, არამედ ქართველ ერს, ქართულ ეთნოსს, მის კულტურულ ისტორიულ მისსიას, როგორც ეს ესმოდათ საქართველოს ეზოტერულ-ქრისტიანულ წრეებში (რომელნიც ეკლესიისაგან განცალკევებით როდი არსებობდნენ).

ახლა განვიხილოთ, თუ რას ნიშნავს „საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა“. ზოგი მკვლევარი აქაც თანამედროვე მნიშვნელობით იგებს სიტყვას „საწამებლად“, როგორც „წამებას“, „ტანჯვას“. სინამდვილეში „საწამებლად“ აქ ძველი ქართული მნიშვნელობით არის ნახმარი, ისევე როგორც სახარებაში: „და სწამა იოანე და თქუა“ (იოანე, 1,32). ე.ი. „დაამოწმა“, „სვიდეტელსტვოვალ“. თუ ჩვენ „ენას“ ვიგულისხმებთ მხოლოდ მისი თანამედროვე მნიშვნელობით, მაშინ გამოდის აბსურდი, თითქოს ენამ, როგორც ასეთმა, უნდა სწამოს ქრისტესათვის. ენა თავისთავად ვერავისთვის ვერაფერს სწამებს, ვინაიდან იგი არ არის ცოცხალი არსება, პიროვნება. სიტყვა „საწამებლად“, „სწამა“ და მისგან ნაწარმოები სხვა სიტყვები საღვთო წერილშიც და ქრისტიანულ ლიტერატურაშიც მუდამ იხმარებიან ადამიანთან, პიროვნებასთან ან ადამიანთა ჯგუფთან (თუნდაც ერთან) დაკავშირებით.

შემდეგი და კიდევ უფრო დიდი გაუგებრობა იბადება იმ შემთხვევაში, თუ „ენას“ მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელი მნიშვნელობით წარმოვიდგენთ, როგორც მამხილებელს სხვა ენებისას: „რაითა ყოველთა ენათა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა“. ე.ი. გამოდის, რომ ქართული ენა არა მხოლოდ სწამებს ქრისტესათვის, არამედ ამხელს სხვა ენებს, ვინაიდან სხვა ენები ცოდვილნი არიან, ქართული ენა კი უცოდველია და ამხელს მათ. რაში უნდა გამოიხატებოდეს ენის ცოდვიანობა თუ უცოდველობა? ვით შეუძლია ენას, განყენებულ გაგებას, იმოქმედოს ისე, რომ სცოდოს ან არ სცოდოს, ამხილოს ვინმე ცოდვაში ან არ ამხილოს? „მხილება“ აქ „გამხელას“ რომ ნიშნავდეს, როგორც ზოგიერთ ავტორს მიაჩნია , მაშინ იქნებოდა „უმხილოს“, როგორც ამას ვხვდებით მოციქულთა საქმეში: „ესე უმხილა ვინმე სავლეს“–სხვა ვარიანტია „ეუწყა სავლეს“ (იხ. ი. აბულაძის ლექსიკონი). „მხილება“ იოანე-ზოსიმესთან ნახმარია სახარებისეული მნიშვნელობით: „რომელმან თქვენთაგანმან მამხილოს მე ცოდვისათვის?“ ეუბნება ქრისტე ფარისევლებს. ენა შესაძლოა მეტნაკლები ადექვატურობით გადმოსცემდეს გარკვეულ ცნებებს, გარკვეულ სულიერ გაგებებს, მეტნაკლებად ღვთაებრივ–სულიერი იყოს ან მეტნაკლებად მდიდარი, მაგრამ მისი „ცოდვიანობა“ ან „მამხილებლობა“ გაუგებარია. შეუძლებელია იოანე–ზოსიმეს ასეთი ამბები არ სცოდნოდა.

ეს ორივე წინააღმდეგობა მოიხსნება, თუ სიტყვა „ენას“ გავიგებთ ისე, როგორც იგი იხმარებოდა იმ ეპოქაში, როდესაც შეიქმნა სახარებები და აპოკალიპსისი, ან როდესაც აღმოცენდა ქრისტიანობა და ჰაგიოგრაფიული და ჰიმნოგრაფიული ლიტერატურა. საკმარისია დაშვება ყოველივე ამისა, რომ ყოველგვარი წინააღმდეგობა მოიხსნება ძეგლის პირველივე წინადადების გაგებაში. ამასთან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იოანე-ზოსიმე ქართულ ეროვნებას არ იგულისხმებდა ქართული ენის გარეშე, ვინაიდან ქართული ენისა და ქართული კულტურის გარეშე მხოლოდ ერის მიღწევას მეორედ მოსვლამდე არ ექნებოდა არავითარი მნიშვნელობა. ასე რომ, ეს წინადადება დღევანდელ ქართულ ენაზე შემდეგნაირად უნდა გადმოითარგმნოს: „ქართული ეროვნება და მისი ენა (ქართველი ერი) შენარჩუნებულ იქნება მისი (ქრისტეს) მეორედ მოსვლის დღედმდე, რათა მან სწამოს (ქრისტესთვის), რათა ყოველი ერი ღმერთმა ამხილოს ამ ერის მეშვეობით“.

ახლა უკვე გასაგები ხდება ყოველივე: ერთი ერი, შესაძლოა იყოს უფრო მეტად ცოდვილი, მეორე – ნაკლებად, ერთი ერი შესაძლოა უფრო ახლოს იდგეს ღმერთთან, მეორე – ნაკლებად. მამხილებელიც შესაძლოა იყოს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, ან ერი და არამც და არამც მხოლოდ მისი ენა.

გარდა ამისა, ნუთუ შესაძლებელია, რომ მეათე საუკუნის (ან თუნდაც უფრო ადრინდელ) ქართველ მწიგნობარს, თავისი ეპოქისათვის განათლებულ ადამიანს არ სცოდნოდა ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ არა მხოლოდ ქართული, არამედ ყველა ენა, ყველა დამწერლობა შენარჩუნებულ იქნება („დამარხულ იქნება“) ქვეყნის დასასრულამდე, ე. ი. ქრისტეს მეორედ მოსვლამდე? რა აღმოჩენა, რა წინასწარმეტყველება უნდა ყოფილიყო ეს ფაქტი, რომელსაც იგი ესოდენ საზეიმოდ ამცნობს თავის თანამემამულეებს? განა არ იქნება ასევე შენარჩუნებული ძველბერძნული, ლათინური ან რომელიც გნებავთ ის მკვდარი ენა, რომელსაც გააჩნია დამწერლობა? რა სიბრძნე უნდა ყოფილიყო ამის აღნიშვნაში?

რაც შეეხება ერს, ეროვნებას, აქ სხვაგვარად უნდა ყოფილიყო საქმე. ენა შეიძლება დარჩეს, ერი კი განადგურდეს. ქრისტიანული ესქატოლოგიის მიხედვით მომავლის კატაკლიზმების დროს ზოგი ერი დაიღუპება, აღიგვება პირისაგან მიწისა, ზოგი კი გადარჩება. აი, აქ კი საჭირო იყო პროფეტული ოპტიმიზმი, რომელსაც ამჟღავნებს იოანე-ზოსიმე, როდესაც ამხნევებს თავის თანამემამულეებს: ქართველი ერი გადარჩება, იარსებებსო მეორედ მოსვლამდე. იოანე-ზოსიმე ამ შემთხვევაში ვერ იხმარდა ტერმინ „ეროვნებას“, ვინაიდან ეს ტერმინი იმ ეპოქაში ჯერაც არ არსებობდა, იგი უფრო გვიანდელი ხანის პროდუქტია. ამიტომ იხმარა მან „ენა“, რომელიც მის ეპოქაში ნიშნავდა „ერს“, „ეროვნებას“, „მოდგმას“.

იოანეს აპოკალიპსისში ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველი ერი, ყოველი ქვეყანა როდი მიაღწევს უფლის მეორედ მოსვლამდე. მაგალითად, ღვთის რისხვის მეშვიდე ლანკნის დანთხევისას (გამოცხ. 16, 17), რომელიც მეორედ მოსვლასა და მკვდართა აღდგომაზე გაცილებით ადრე ხდება, აღწერილია ბაბილონისა და სხვა წარმართთა და ენათა (ერთა) განადგურება. ბაბილონი იქ სიმბოლურ-კრებითი სახეა ყველა იმპერიისა, რომელზედაც შეგვიძლია ვთქვათ აპოკალიპსისისა და „ქებაი“ გაგებით, რომ ეს „ენა“ არ არის დამარხულ დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა: „დაეცა ბაბილონი დიდი და იქმნა სამკვიდრებელ ეშმაკთა და საყოფელ ყოვლისავე სულისა არაწმიდისა და საყოფელ ყოვლისა მფრინველისა არაწმიდისა და მოძულებულისა“ (გამოცხ. 18. 2). ეს ყოველივე კი მოხდა მეორედ მოსვლაზე ადრე.
ასე რომ, იოანე-ზოსიმე წინასწარმეტყველებს: ქართველი ეროვნება, ქართული მოდგმა მიაღწევს მეორედ მოსვლამდე. მხოლოდ ენის მიღწევას კი არ დასჭირდებოდა არავითარი წინასწარმეტყველება.

აპოკალიპსისის ფინალში ჩვენ ვხედავთ, რომ ერები, ანუ ენანი ორად არიან განყოფილნი. ერთნი არიან ვითარცა წყალნი, რომელზედაც დგას ბაბილონი, ე. ი. წარმოადგენენ ბაბილონის იმპერიის დასაყრდენს: „წყალნი იგი რომელ იხილენ, ერნი არიან და წარმართნი და ენანი“ (გამოცხ. 17. 15). ისინი დაინთქმიან ქვესკნელში ბაბილონთან ერთად. ხოლო მეორენი იშვებენ ცათა შინა, კრავის ქორწილზე: „შემდგომად მესმა, ვითარცა ხმაი დიდი ერისა მრავლისაი ცათა შინა, რომელნი იტყოდეს: ალელუია, მაცხოვრებაი და ძალი და დიდებაი ღმრთისა ჩუენისაი“ (გამოცხ. 19. 1). ვინ არის ამ დროს იგი, ვინც სწამებს იესოსათვის? ამის პასუხად ანგელოზი ეუბნება იოანეს: „და დავვარდი წინაშე ფერხთა მისთა თაყვანისცემად მისა, და მრქუა მე: „იხილე ნუ, შენ თანა მონაი ვარ მე და ძმათა შენთა, რომელთა აქუს წამებაი იესოისი; ღმერთსა თაყუანის ეც, რამეთუ წამებაი იესოსი არს სული იგი წინასწარმეტყველებისაი“ (გამოცხ. 19. 10).

ესე იგი, ისინი, ვინც სწამებენ იესოსათვის, არიან ძმანი იოანე მოციქულისა, რომელიც სწამებს აგრეთვე მათთან ერთად და მათაც აქვთ სული წინასწარმეტყველებისაი, ანუ სულიწმიდა. აი, როგორ ჭვრეტს იოანე-ზოსიმე ქართული მოდგმის მომავალს, რომელიც „დამარხულ არს საწამებლად მისა“: მას ექნება სული წინასწარმეტყველებისაი, სულიწმიდა, ისევე როგორც იოანეს და მის ძმებს, ანუ მართალთ, რომელნიც იშვებენ კრავის ქორწილზე ღვთის სასუფეველში ისრაელის 12 მუხლის რჩეულებთან ერთად. თუმც ეჭვგარეშეა, რომ იოანე-ზოსიმე ამგვარ ქართველებში ჭეშმარიტ ქრისტიან ქართველებს გულისხმობს, რომელთაც უნდა „სწამონ“ ქრისტესათვის. მხოლოდ ასეთნი შეიძლება გაუთანაბრდნენ აპოკალიპსურ „ძმებს“ იოანესას. იოანეს ეს ძმები, ამავე დროს, მამხილებელნი არიან ყველა ენათა და წარმართთა, რასაც აპოკალიპსისში სიმბოლური ზეციური თეთრტაიჭოსანი მხედრის სახით ვხედავთ: „და ვიხილენ ცანი განხუმულნი და აჰა ცხენი სპეტაკი და მჯდომარესა მას ზედა ეწოდებოდა სარწმუნოი და ჭეშმარიტი და სიმართლით სჯის და იბრძვის. და თუალნი მისნი იყვნეს, ვითარცა ალი ცეცხლისაი, და თავსა ზედა მისსა გვირგვინნი მრავალნი, რომელთა ზედა წერილ იყო სახელები და სახელი წერილი, რომელი არავინ უწყის, გარნა მან თავადმან. და ემოსა სამოსელი შეღებული სისხლითა და წოდებულ არს სახელი მისი: სიტყუაი ღმრთისაი და მხედრობანი ცათანი შეუდგეს მას, მსხდომარენი ცხენთა ზედა სპეტაკთა, შემოსილნი ბისონითა სპეტაკითა და ბრწყინვალითა და პირისა მისისაგან გამოვიდოდა მახვილი ორპირი აღლესული, რაითა მით მოსრნეს წარმართნი და იგი ჰმწყსიდეს მათ კუერთხითა რკინისაითა“ (გამოცხ. 19. 11–15).

„ორპირი მახვილი აღლესული“ არის სიმბოლურად „მახვილი მხილებისა“, საღმრთო მხილება კაცობრიობის ცოდვათა, „რკინის კვერთხით მწყემსვა“ კი არის გასამართლება ცოდვილ წარმართთა (კვერთხი სიმართლის სიმბოლოა). აი, რომელ ესქატოლოგიურ სახეს უკავშირდება იოანე-ზოსიმესეული გაგება ქართული მოდგმის, ქართული ეთნოსის მომავალი მამხილებელი მისსიისა!
თეთრ ცხენზე მჯდარი ზეციური მხედარი არის არხისტრატეგოსი ზეციური მხედრობისა, მთავარანგელოზი მიქაელ, ძალი ღვთისა, ანუ პირი ღვთისა, აგრეთვე, პროფეტული განჭვრეტა მიქაელის მიწიერი რაინდის, წმინდა გიორგის მსახურებისა, რომელსაც უკავშირებს იოანე-ზოსიმე ქართველ ერს, როგორც ჭეშმარიტი ქართველი ქრისტიან-გეორგიანი. საქართველოს სახეს იგი სჭვრეტს ზეციურ ძლევამოსილ მხედარში, რომელიც ასრულებს საღვთო მისსიას წარმართთა ერთა და ენათა მხილებისას და მათი მწყემსვისას რკინის კვერთხით, ანუ გასამართლებისას. აი, სიტყვა „მხილების“ ნამდვილი მნიშვნელობა (აპოკალიპსური მამხილებელი სულიწმიდაა და მისი თეთრტაიჭოსანი რაინდი).

ახლა გადავიდეთ შემდეგ წინადადებაზე: „და ესე ენაი მძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამა ენასა ლაზარე ჰქვიან“.
ზემოა უკვე დავინახეთ იდუმალი კავშირი ქართული ენისა, ანუ ეროვნებისა იოანე მოციქულთან, რომელსაც მეორედ მოსვლისას აქვს „წამებაი ქრისტესი“, ისევე როგორც ქართულ ენას (ეროვნებას). ახლა კი ვხედავთ, რომ ქართული ენა იდენტიფიცირებულია ლაზარესთან, რომელიც ქრისტემ აღადგინა მკვდრეთით. ლაზარესთან, რომელიც ქრისტემ აღადგინა მკვდრეთით. ლაზარე კი, ზოგი თეოლოგის თვალსაზრისით, არის იგივე იოანე მოციქული . ახალ დროში არა მხოლოდ თეოსოფოსებმა, არამედ სახარების ტექსტის მკვლევარმა ფილოლოგებმაც მიაქციეს ყურადღება იმ გარემოებას, რომ როდესაც იოანეს სახარებაში საუბარია იოანე მოციქულზე, როგორც მაცხოვრის საყვარელ მოწაფეზე, ნახმარია ზმნა „ფილეო“, სულიერი სიყვარული, იგივე ზმნა ნახმარია აგრეთვე მხოლოდ და მხოლოდ ლაზარესთან დაკავშირებით (იოანე 11. 3), რაც სიყვარულის გარდა, სახარებისეული გაგებით, ნიშნავს უმაღლეს სულიერ მეგობრობასაც (იხ. ფ. ვ. ფარრარ, იესო ქრისტეს ცხოვრება, ლონდონი, 1880, ინგ. ენაზე), ვინაიდან ცნობილია, რომ სახარება განასხვავებს სიყვარულის სამ სახეობას: ეროსს, აგაპეს და ფილიას. სხვა მოწაფეებთან დაკავშირებით სიტყვა „ფილეო“ არ იხმარება. სხვა შემთხვევაში და სხვა მოწაფეებზე ნახმარია ზმნა „ეგაპა“, ნაწარმოები „აგაპედან“. ამ იდენტიფიკაციის საკითხებზე აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ ამ შემთხვევაში ორი პიროვნების გაიგივება როდია მთავარი, არამედ ის, რომ იოანე მახარობელს თავის სახარებაში ქრისტესეული (და არა იოანესეული) ნათლისღების, ანუ ინიციაციის პარადიგმად მოჰყავს ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება. ლაზარესთან ქართული ენის იდენტიფიკაციის შემდეგ ხომ იოანე-ზოსიმეც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქართული ენა არის „მისთანავე (ქრისტესთანვე) დაფლული სიკვდილითა ნათლისღებისა მისისაითა“, ე. ი. ღებულობს ქრისტესეულ ნათლისღებას. რას ნიშნავს ქრისტეს ნათლისღება და რით განსხვავდება იგი იოანესეული ნათლისღებისაგან (წყლით ნათლისღებისაგან)? ამაზე პასუხს გვაძლევს თავად იოანე ნათლისმცემელი, რომელიც მასთან მოსულ ხალხს ეუბნება: „მე უკვე ნათელგცემ თქუენ წყლითა სინანულად; ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერს ჩემსა არს, რომლისა ვერ შემძლებელ ვარ ხამლთა მისთა ტვირთვად. მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა“ (მათე 3. 4). ამაზე პასუხს გვაძლევს აგრეთვე თავად მაცხოვარი, როდესაც იგი, უკვე იოანესაგან ნათელღებული, ეუბნება თავის მოწაფეებს: „ხოლო ნათლისღებაი მაქუს ნათლის ღებად და ვითარ შეურვებულ ვარ, ვიდრემდე აღესრულოს!“ (ლუკა 12. 50) ე. ი. იოანეს ნათლისღების გარდა სხვა ნათლისღება უნდა გაიაროს ჯერ თავად იესო ქრისტემ. ამ ნათლისღებაში იგულისხმება ჯვარცმა, სიკვდილი და დაფლვა იესო ქრისტესი, რომელსაც მოსდევს გარდაუვალი აღდგომა. ამავე ნათლისღების წინასახეა ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება. იგივე ნათლისღებაზე ესაუბრება იესო ქრისტე იაკობს და იოანეს, რომელნიც მოვიდნენ მასთან და სთხოვეს ნება მიეცა მათთვის, რათა ერთი მის მარჯვნივ დამჯდარიყო, ხოლო მეორე მარცხნივ. იესომ ჰკითხა მათ: „არა იცით, რასა ითხოვთ. ძალგიცა სასუმელისა, რომელსაც მე შევსვამ, შესუმად, და მათლისღებისა, რომელსა მე ნათელვიღებ, ნათლის ღებად?“ (მარკ. 10. 38) მოციქულნი ეუბნებიან ქრისტეს, რომ მათ ძალუძთ ეს ყოველივე. ამას მოსდევს პროფეტული სიტყვები, რომელნიც ცხადყოფენ, რომ ეს ორი მოციქული მართლაც მიიღებს მომავალში ქრისტესეულ ნათლისღებას: „სასუმელი სამე, რომელსა მე ვსუამ, ჰსუათ, და ნათლისღებაი რომელი მე ნათელ ვიღო, ნათელ იღოთ“ (მარკ. 10. 39). ეს სიტყვები გამართლდა ლაზარეს მკვდრეთით აღდგომაზე, რომელმაც მიიღო ქრისტესეული ნათლისღება სიკვდილითა და აღდგომით, აგრეთვე სულიწმიდის მომადლებით. ასევე განმარტავს ამ ნათლისღების არსს პავლე მოციქული: „ ანუ არა უწყოითა, რამეთუ რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესოს მიერ, სიკვდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ? და თანა-დავეფლენით მას ნათლის ღებითა მით სიკუდილსა მისსა, რაითა ვითარცა იგი აღდგა ქრისტე მკვდრეთით დიდებითა მამისაითა, ეგრეცა ჩვენ განახლებითა ცხოვრებისაითა ვიდოდით. რამეთუ უკუეთუ თანანერგ ვიქმნენით მსგავსებასა მას სიკვდილისა მისისასა ეგრეთცა აღდგომასა მას მისსა ვიყვნეთ“ (რომ. 6.3-5). აი, ამგვარი ქრისტესეული მათლისღება პირველად განხორციელდა ლაზარეზე, რომელიც მოკვდა და აღდგა, ე. ი. ლაზარე პირველი მოინათლა სულიწმიდითა და ცეცხლით, ანუ ქრისტესეული ნათლისღებით. მაგრამ მის სნეულებაზე ხომ მაცხოვარი თავიდანვე ამბობს, რომ ეს არ არის ნამდვილი, სასიკვდინე სნეულება: „სნეულებაი ესე არა არს სასიკვდინე, არამედ დიდებისათვის ღმრთისა, რაითა იდიდოს ძე ღმრთისა მისგან“ (იოანე 11.4). ძე ღმრთისა იდიდა იოანე მოციქულისაგან, მისი სახარებითა და აპოკალიპსისით. ქრისტესეულ ნათლისღებას ქართული ენა ღებულობს, რათა მომავალში აღასრულოს ქრისტეს მისსია. რაში მდგომარეობს ეს მისსია? გავიხსენოთ, თუ ვით ახასიათებს თავის მისსიას იესო-ქრისტე პილატეს სამსჯავროს წინაშე: „ამისთვის შობილ ვარ და ამისთვის მოვივლინე სოფლად, რაითა ვწამო ჭეშმარიტი. ყოველი რომელი ჭეშმარიტებისაგან იყოს, ისმინოს ხმისა ჩემისაი“ (იოანე 18.37). ხოლო ქართულ ენაზე იოანე-ზოსიმესეულ ძეგლში ნათქვამია: „დამარხულ არს ენაი ქართული დღედმდე მეორედ მოსლვისა მისისა, საწამებლად“. რის საწამებლად? ცხადია, ჭეშმარიტების საწამებლად. ქართულმა ენამ, ქართულმა მოდგმამ უნდა სწამოს ჭეშმარიტი, ისევე როგორც იესო ქრისტემ. მან უნდა ადიდოს ქრისტე, ისევე როგორც იოანე-ლაზარემ. ასე სწამს იოანე-ზოსიმეს.

იოანე-ზოსიმეს ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მიჩნია ქართული ენის სიმბოლოდ, რომელიც არს „შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული“. თანაც იგი იქვე იმოწმებს დავით წმიდა წინასწარმეტყველს, რომელიც ამბობს: „წელი ათასი ვითარცა ერთი დღე“. „ოთხი ათასის“ შესახებ ჩვენ დაწვრილებით ვისაუბრებთ ქვემოთ, ახლა კი ვნახოთ, რას გულისხმობს ავტორი, როდესაც ამბობს: „და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი ვითარცა მარიამ და მართაი“.
წარმოვიდგინოთ კვლავ, რომ სიტყვა „ენა“ ძეგლში ნახმარია მარტოოდენ მისი დღევანდელი მნიშვნელობით. გამოდის, რომ ქართული ენა მოაქცია ნინოს გარდა ჰელენე დედოფამაც. დავუშვათ, რომ წმ. ნინო საქართველოში მოსვლის შემდეგ დაეუფლა ქართულ ენას, როგორც წარმოშობით მოსხი კაპადოკიელი და ქრისტიანული გაგებებით გაამდიდრა იგი, რითაც „მოაქცია“, მაგრამ აბა ჰელენე დედოფალი როგორ მოაქცევდა ქართულ ენას? ან ნუთუ ქართული ენა ნინოს მიერ ქართლის მონათვლისთანავე წარმართული ენიდან ქრისტიანულ ენად იქცეოდა უმალვე? ნინოს ხომ არ შეუქმნია რაიმე ნაწარმოებები ქართულ ენაზე? ან რა გარსხვავებაა წარმართულ ენასა და ქრისტიანულ ენას შორის? მაგრამ საქმეც ის გახლავთ, რომ აქ კვლავ საქმე ეხება ერის, ეროვნების მოქცევას. მარტოდენ „ენის მოქცევა“ აშკარად ნაძალადევი წარმოდგენაა, ერის მოქცევა კი ბუნებრივია. ჰელენე დედოფლის წვლილიც გასაგებია: მან ხელი შეუწყო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას რომში, რის შედეგადაც მომზადდა ნიადაგი საქართველოს გაქრისტიანებისათვისაც, გარდა ამისა, ჰელენე დედოფლის ზრუნვა ქართლის მოქცევისათვის და ნინოსთან მეგობრობა ისტორიული ფაქტია.

რატომ არის ნინო მარიამი, ხოლო ჰელენე მართა? ამასთან დაკავშირებით გავიხსენოთ მარიამთან და მართასთან დაკავშირებული ეპიზოდი ლუკას სახარებიდან: „და თავადი შევიდა დაბასა რომელსამე და იყო ვინმე მუნ დედაკაცი, რომლისაი სახელი მართა და შეიყვანა თავადი სახიდ თვისა და იყო დაი მისი რომელსა ერქუა მარიამ, რომელი დაჯდა ფერხთა თანა იესოისთა და ისმენდა სიტყვათა მისთა. ხოლო მართა მიმოდაზრუნვიდა მრავლისა მსახურებისათვის, ზედა მიადგა და ჰრქუა: უფალო, არა იღუწი, რამეთუ დამან ჩემმან მარტოი დამიტევა მე მსახურებად? არქუ მას, რაითა შემეწეოდის მე. მიუგო იესო და ჰრქუა მას: მართა! ჰზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათვის; აქა ერთისა არს სახმარ. ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან“ (ლუკა 10. 38-42). მარიამი, რომელიც ნიადაგ მაცხოვარს უსმენდა და საოჯახო საქმეს არ აკეთებდა, არის სიმბოლო სულის შინაგანი მედიტაციური აქტივობისა, მარადის ღვთის ჭვრეტისა, მისტიკისა, ხოლო მართა, რომელიც ნიადაგ საოჯახო საქმეს აკეთებს, სიმბოლოა სულის გარეგანი აქტივობისა სოციალური ყოფისა და ქველმოქმედების სფეროში. ერთი მისტიური ჭვრეტის გზაა, მეორე სოციალური განვითარებისა, სახელმწიფოებრივი მოღვაწეობისა და პოზიტიური თეოლოგიის ამ ორ გზას შორის პრიორიტეტს თავად მაცხოვარი ანიჭებს პირველს, ე. ი. მარიამს. ამის გამო ნინო, მისტიკოსი ქალი, ნათელმხილველი, მარადის მლოცველი და მმარხველი და მით სულიწმიდის მადლის მომპოვებელი, შედარებულია მარიამთან, ხოლო ჰელენე დედოფალი, იმპერატრისსა რომისა, სოციალურ სფეროში მოღვაწე, შედარებულია მართასთან. ამით ავტორი მიგვანიშნებს აგრეთვე იმ ორი იმპულსის თავისებურებაზე, რომელიც შემოვიდა საქართველოში მათი მეშვეობით. ერთთან დაკავშირებულია ღვთის მისტიური ჭვრეტა, მიტიური თეოლოგია, მეორესთან – ქველმოქმედება და სამართლიანობა სოციალურ სფეროში, აგრეთვე ოფიციალური დოგმატური თეოლოგია, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფო იდეოლოგიას. ამითვეა განმარტებული იმ ორი მოდგმის მისსიის თავისებურება, რომლის წარმომადგენლებიც არიან ნინო და ჰელენე დედოფალი.

რას ნიშნავს გამოთქმა „ახალმან ნინო“? გულისხმობს თუ არა ეს გამოთქმა რომელიღაც სხვა, უფრო გვიანდელ ნინოს? არამც და არამც. საქმე ის არის, რომ სიტყვა „ახალი“ ძველ ქართულში ნიშნავს რიგით პირველსაც. ასე მაგალითად, ბიბლიაში ახალი, „ახალთაი“ ეწოდება ებრაელთა პირველ თვეს, ნისანს: „დღეს გამოხუალთ თქუენ თუესა ახალსა“ (გამოსვლ. 13. 4). „თთუესა შინა ახალთასა გამოხვედ ეგვიპტით“ G 11. შჯ. 16. 1. „ახალკვირიაკე“, „ახალკვირა“ ნიშნავს აღდგომის შემდეგ პირველ კვირას: „მოვიდეს კაცხსა… დღესა ახალკვირიაკესა“ A – 484. ე. ი. „ახალ ნინოში“ იგულისხმება თავდაპირველი ნინო, წმიდა ნინო, საქართველოს განმანათლებელი. ეს გამოთქმა ნინოსთან დაკავშირებით იხმარება იმის გამო, რათა იგი არ დავუკავშიროთ სხვა, შემდეგდროინდელ პიროვნებებს ამ სახელის მატარებელთ. გარდა ამისა, ნინო მეათე საუკუნისათვისაც ახალია, ვინაიდან ახალი სჯულის შემომტანია .
თუ ჩვენ კვლავაც იმ თვალსაზრისზე დავრჩებით, რომ ძეგლში სიტყვა „ენა“ ნახმარია მხოლოდ მისი პირველადი მნიშვნელობით, მაშინ სავსებით ზედმეტად მოგვეჩვენება შემდეგი ფრაზაც: „და მეგობრობაი ამისთვის თქვა, ვითარმედ „ყოველივე საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს„. ვინ თქუა „მეგობრობაი“ ან რისთვის თქვა? („ამისათვის“). ვის ეხება ეს სიტყვა „მეგობრობაი?“ კონტექსტიდან ირკვევა, რომ იგი ეხება როგორც ლაზარეს, ასევე ქართულ ენას. მაგრამ განა ენა შეიძლება იყოს ვინმეს მეგობარი? ეს წინააღმდეგობაც მოიხსნება, თუ „ენას“ მისი ნამდვილი მნიშვნელობით გავიგებთ. ე. ი. ქართული მოდგმა, ქართველი ერი არის მეგობარი ქრისტესი, ისევე როგორც ლაზარე, ისევე როგორც იოანე, რომლის შესახებაც ნათქვამია სახარებაში, რომ იგი უყვარდა იესოს „ფილიას“ გაგებით, რაც სხვა მოციქულებზე არ არის ნათქვამი, თუმც მათაც მეგობრები ეწოდებათ (ლუკა 12. 4). აი, რა იგულისხმება გამონათქვამში „და მეგობრობაი ამისთვის თქუა“. წინადადების გაგრძელება ნათელს ჰფენს ამ მეგობრობის არსსაც: „ყოველივე საიდუმლოი ამას ენასა შინა დამარხულ ერს“. როგორც ლაზარე-იოანე იყო მფლობელი კაცობრიობის ყოველი ეზოტერული საიდუმლოსი, ანუ საიდუმლო სიბრძნისა, ასევეა დამარხული, ე. ი. შემონახული ყველა ეს საიდუმლო საქართველოში, ქართველ ერში და არეკლილია მის ენასა და კულტურაში. მაგრამ გადაჭარბება იქნებოდა იმის თქმა, რომ ლაზარე და საქართველო იყვნენ მფლობელნი იესო ქრისტეს ყველა ეზოტერული საიდუმლოსი, როგორც ამას ამტკიცებს ზოგი მკვლევარი , ვინაიდან იოანეს სახარების თვალსაზრისით, ვერც ლაზარე და ვერც რომელიმე მოციქული ვერ იქნებოდა მფლობელი ქრისტეს ყველა ეზოტერული საიდუმლოსი, რამეთუ თავად მაცხოვარი ეუბნება თავის რჩეულ მოწაფეთა წრეს იოანეს სახარების ფინალში: „ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ აწ არღა ძალგიც ტვირთუად“ (იოანე 16. 12), რაც იმას ნიშნავს, რომ იესო ქრისტემ შესძლო გადაცემა თავის მოწაფეთათვის თავისი ეზოტერული სიბრძნის მხოლოდ ნაწილისა. მას სურდა მეტის გადაცემა, მაგრამ ისინი ჯერ არ იყვნენ ამისთვის მომწიფებულნი (ეს ლაზარესაც ეხება). გარდა ამისა, იოანესეული თვალსაზრისით, ქრისტეს ყველა საიდუმლოს არა თუ მისი მოწაფენი, მთელი სამყაროც ვერ დაიტევს: „და არიან სხუანიცა მრავალ, რომელი იქმნა იესო, რომელნი, თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები. ამინ“ (იოანე 12. 25).

ასე რომ, საუბარია არა ქრისტეს ყველა ეზოტერულ საიდუმლოზე, არამედ იმ სიმდუმლოებაზე, რომელთა გადაცემაც მან შეძლო თავის მოწაფეთათვის და კაცობრიობისათვის საერთოდ. მართალია, ძეგლში ნახსენები ნათლისღება ქრისტიანული ინიციაციაა, საიდუმლო სიბრძნესთან ზიარებაა, მაგრამ აშკარად ნაძალადევად გვეჩვენება ცდა „ქებაის“ გნოსტიკური ხასიათის ძეგლად გამოცხადებისა და მისი IV საუკუნით დათარიღება. სხვა რომ არ იყოს რა, გნოსტიკური ძეგლი წმ. ნინოსა და წმ. ელენე დედოფალს, ორთოდოქსული ეკლესიის ბურჯებს, ავტორიტეტებად არ მოიხსენიებდა, არამედ დაიმოწმებდა ბასილიდეს, ვალენტინუსს ან სხვა გნოსტიკოსებს და არა ეკლესიის შვილებს. გნოსტიციზმი მართალია, სწვდებოდა სახარების სულიერ სიღრმეებს და საიდუმლოებებს, მაგრამ ვერ იაზრებდა სწორად იესო ნაზარეველის მიწიერი ცხოვრების ფაქტებს, განსაკუთრებით კი მის ფიზიკურ სიკვდილს ჯვარზე. გნოსტიკოსნი ხედავდნენ ქრისტეს ღვთაებრივ მხარეს, მაგრამ ვერ ამჩნევდნენ მის ადამიანურ მხარეს. ამის შედეგად, მათი აზრით, ჯვარს ეცვა არა რეალური სხეული ქრისტესი, არამედ ე. წ. „მოჩვენებითი სხეული“, ხოლო ზოგი გნოსტიკოსის აზრით, ჯვარს ეცვა სვიმონ კვირინელი და არა ქრისტე. ასე ასწავლიდა, მაგ., გნოსტიკოსი ბასილიდეს (იხ. ე. ბოკი, სახარების კომენტარები, ტ. II, შტუტგარტი, 1971, გერმ. ენაზე). ყოველივე ამის გამო გნოსტიციზმში ვერ იარსებებდა ქრისტესეული ნათლისღების, სიკვდილით ნათლისღების იმგვარი გაგება, როგორიც გვხვდება იოანე-ზოსიმესეულ ძეგლში. გარდა ამისა, ძეგლში გვხვდება კიდევ ერთი ნიუანსი, რომლისთვისაც დღემდე არც ერთ მკვლევარს არ მიუქცევია ყურადღება და რომელიც გამორიცხავს მის მიკუთვნებას რომელიმე არაორთოდოქსული მიმდინარეობისადმი. ეს არის ძეგლის ყველა ხელნაწარში დავით წინასწარმეტყველის მოხსენიება „წ. წინასწარმეტყველად“, ე. ი. წმინდანად, რაც პირწმინდა ეკლესიური სპეციფიკაა და გნოსტიკოსთა ნომენკლატურისათვის უცხოა. გარდა ამისა, თუ „ქებაი“ ერეტიკული მოძღვრების შემცველია, მაშ რა საწაულით გადარჩენილა და შემონახულა საუკუნეთა მანძილზე ეს ნაწარმოები, ისიც სინას მთის მონასტერში ღიად, აშკარად, ნუთუ იქ არ აღმოჩნდა არც ერთი მცნობი ერეტიკული მოძღვრებისა? ვით „შეეპარა“ „ყოვლისგამანადგურებელ“ ეკლესიას ერეტიკული თხზულება?

ხსენებული გამოკვლევის ავტორი „ქებაის“ უწოდებს ესქატოლოგიური მისტიკის ნიმუშს. ეს გამოთქმა უნდა დაზუსტდეს. კერძოდ, „ქებაი“ არის იოანეს სახარებისა და აპოკალიპსისის კომენტარი, ეგზეგეზა ესქატოლოგიური მისტიკის თვალსაზრისით. არსებობს თვალსაზრისი, თითქოს ორთოდოქსია ებრძოდა ყოველგვარ ეზოტერიზმს და ინიცინაციურ სიბრძნეს. ამგვარი მტკიცებისას საჭიროა მეტი სიფრთხილე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია აღმოსავლეთის ეკლესიაზე . უწინარეს ყოვლისა არ უნდა დავივიწყოთ, რომ არეოპაგიტული ტრაქტატები შეიქმნა აღმოსავლური ეკლესიის წიაღშივე, ხოლო „საიდუმლო ღვთისმეტყველება“, რომელზედაც საუბრობს დიონისე არეოპაგელი, არის იგივე ეზოტერული მოძღვრება, ანუ საიდუმლო სიბრძნე, რომელიც ყოველთვის დაწერილი სახით როდი არსებობდა, არამედ ზეპირი გადმოცემის, ე. წ. „ლოგიას“ სახით, აგრეთვე წიგნების სახით, რომელთაც ეწოდებათ „დაფარული“ წიგნები, ე.წ. „აპოკრიფები“.

აღსანიშნავია, რომ სიტყვა დოგმატიც თავდაპირველად ეკლესიურ ენაზე აღნიშნავდა საიდუმლო მოძღვრებას. მაგალითად, ეკლესიის ერთ-ერთი ბურჯი ბასილი დიდი აბობდა: „ეკლესიაში არსებული დოგმატებიდან და ქადაგებებიდან ზოგიერთი გვაქვს საღვთო წერილის მოძღვრებაში, ხოლო ზოგიერთი გადმოცემული გვაქვს საიდუმლოდ, მოციქულთა ტრადიციით… დოგმატის შესახებ ვდუმვართ, ქადაგებას კი ხალხს ვამცნობთ“ (სულიწმინდის შესახებ, გვ. 322). მეორე მამა ეკლესიისა, წმ. კირილე იერუსალიმელი აღნიშნავს: „წარმართებს არ ვუქადაგებთ სიდუმლო მოძღვრებას მამაზე, ძეზე და სულიწმიდაზე, თვით კათაკმევლებსაც კი საიდუმლოთა შესახებ ვესაუბრებით ბუნდოვნად, ბევრ რამეზე გადატანით მივანიშნებთ, რათა მცოდნენი და მორწმუნენი ჩასწვდნენ, ხოლო უცოდინარნი არ დაზიანდნენ (თხზულებანი, XXV, § 29, გვ. 103). მსგავსი თვალსაზრისი აქვს აგრეთვე გამოთქმული იოანე ოქროპირს ზიარების შესახებ, გრიგოლ ღვთისმეტყველს ნათლისღების შესახებ თავის მეორმოცე ჰომილიაში, ასევე სხვა მამებს ეკლესიისას. გერმანელი მეცნიერი ავგუსტი ჩამოთვლის ბერძნულ ტერმინებს, რომელთაც ხმარობდნენ ეკლესიის მამები ეზოტერული წესის აღსანიშნავად: ეპიკრიფის, სიოპე, გნოზის, მისტერიოკრიფია, დოგმა, ტროპოს, პაიდეას და სხვა. ასევე ლათინი მამების ტერმინებს: ოკულტაციო, რეტიცენცია საკრორუმ, სილენციუმ საკრუმ, არკანუმ და სხვა. არსებობს აგრეთვე შუა საუკუნეობრივი საეკლესიო ტერმინი ეზოტერიზმის აღსანიშნავად „დისციპლინა არკანი“, ე. ი. საიდუმლო დისციპლინა. ყოველივე ამის საუკეთესო დადასტურებაა „ქებაი“-ს დარი ძეგლის არსებობა ეკლესიის წიაღშივე.

ამრიგად, როგორც ვხედავთ, „გნოზისი“ ეკლესიის მამების ერთ-ერთი ტერმინია მათი ეზოტერიზმის აღმნიშვნელი, თუ ამგვარ გნოზისს დავუკავშირებთ იოანე-ზოსიმეს „ქებაის“, მაშინ ეს მისაღები იქნება, ეკლესიასთან დაპირისპირებულ გნოსტიკოსთა მოძღვრებას კი ვერ გავაიგივებთ ამ ძეგლთან. მაგალითად, თვით ანტონ პირველიც კი ხმარობდა ტერმინ „გნოზისს“ ანალოგიური მნიშვნელობით თავის „ღვთისმეტყველებაში“, სადაც ამბობს, რომ „გონება-მზე“ პეტრიწმა შემოიღო – „გნოსისინი აზნაურთა და თავისუფალთა ცნობათანი“. ასე რომ, ამ სიტყვას თვით ანტონ კათალიკოსიც არ თვლიდა ეკლესიისათვის უცხოდ. ხსენებული გამოკვლევის ავტორის (ე. ჭელიძის) თქმით, III-IV საუკუნის ორთოდოქსიმ მთლად მოსპო გაგება ნათლისღებისა ვითარცა საიდუმლოსი და რომ მას შემდეგ ქრისტიანულმა ნათლისღებამ ეკლესიაში მიიღო მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა (გვ. 12-128). სინამდვილეში მეოთხე საუკუნის ეკლესიის მამა კირილე იერუსალიმელი თავის „მისტაგოგიურ კათეხიზმოში“ წერს, რომ, მართალია, ნათლისღებისას სამგზის წყალში ჩაძირვა სიმბოლურად განასახიერებს ქრისტეს სამ დღეს საფლავში ყოფნას, მაგრამ ეს მიბაძვა ქრისტესი არ არის მხოლოდ ხატი, სახე, „ეიკონ ჰე მიმეზის“, ვინაიდან თავად ნათლისღება არის რეალობა, რომლითაც ჩვენ რეალურად ვღებულობთ ხსნას (კირილე იერუსალიმელი, მისტაგოგიური კათეხიზმო, პარიზი, 1966. ფრანგ. ენაზე, გვ. 114). შემდეგ კირილე იერუსალიმელი განაგრძობს, რომ ნათლისღება არის ცოდვათა მიტევება რეალურად და განწმენდა რეალურად და ა. შ. ასე რომ, ნათლისღება მართლმადიდებლური ეკლესიისათვის ერთ-ერთი საიდუმლოა, მისტერიონია. ნათლისღება სიმბოლურ ხასიათს ატარებს მხოლოდ პროტესტანტულ ეკლესიაში, ისევე როგორც სხვა საიდუმლონი, ხოლო პროტესტანტული და მართლმადიდებლური ეკლესიების პრაქტიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ.

ავტორი ადამიანის არსების სამწევროვნების შესახებ მოძღვრებას, ანუ ტრიქოტომიას (რომელსაც იგი შეცდომით ადამიანის პიროვნების სამნაწილოვნებას უწოდებს) გნოსტიკოსტა საკუთრებად თვლის. სინამდვილეში ეს მოძღვრება უფრო ადრე ჩამოყალიბებულია პავლე მოციქულის ეპისტოლეებში (1 კორ. 2. 14, 5. 44-17) და მას იზიარებს აღმოსავლეთის ეკლესიაც, ხოლო კათოლიკურმა ეკლესიამ დაგმო იგი მხოლოდ მერვე საეკლესიო კრებაზე მეცხრე საუკუნეში და დატოვა დიქოტომია, ანუ ორწევროვნება (სამშვინველისა და სხეულისა). უცნაურად ისმის, აგრეთვე, ავტორის მტკიცება იმის შესახებ, რომ თურმე „ქრისტიანობის მიღებით ქართული ენა მოკვდა“ (გვ. 138), მაშინ როდესაც სწორედ ქრისტიანობის მიღების შემდეგ დაიწყო ქართული ენისა და მწერლობის არნახული აღორძინება. ხოლო ქართული ენის ქრისტიანობამდელი სიცოცხლისა და აყვავების რაიმე დოკუმენტი თუ ეგულება ავტორს სადმე, ეს უდიდესი აღმოჩენა იქნებოდა. ასეთი შეხედულება არც იოანე-ზოსიმეს უნდა მივაწეროთ, ვინაიდან შეუძლებელია მას არ სცოდნოდა, თუ რა მოუტანა ქართველ ერს, ქართულ ენასა და მწერლობას ქრისტიანობამ.

ახლა დავუბრუნდეთ ისევ გამოთქმას „ყოველივე საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს“. როგორც ითქვა, საუბარია არა ქრისტეს ყველა ეზოტერულ საიდუმლოზე, არამედ იმ საიდუმლოებაზე, რომელთა გადაცემაც მან შესძლო თავის მოწაფეთათვის და კაცობრიობისათვის. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ როგორც მოციქულნი, ასევე ეკლესიის მამები ხედავდნენ ერთიანობას ქრისტიანულ საიდუმლო სიბრძნესა და ანტიკურ მისტერიალურ სიბრძნეს შორის – რომელიც აგრეთვე ღვთისაგან მომადლებულად მიაჩნდათ. ამ სიბრძნის არსს ასე განმარტავდა პავლე მოციქული: „არამედ ვიტყვი სიბრძნესა ღმრთისას საიდუმლოდ დაფარულსა მას, რომელი პირველადვე განაჩინა ღმერთმან უწინარეს საუკუნეთა სიდიდებლად ჩუენდა“(1კორ.2. 7). ასევე ესმოდათ ეს ერთიანობა იუსტინე ფილოსოფოსს, ბასილი დიდს, ნეტარ ავგუსტინეს და სხვათა. სიმბოლიკა ქრისტიანობის პირველი საუკუნეების ხელოვნებისა ნათელყოფს. თუ რაოდენ ღრმა კავშირს ხედავდნენ პირველქრისტიანები ანტიკურ მისტერიებსა და ქრისტიანობას შორის. ასე მაგალითად, კატაკომბების ფერწერაში გავრცელებულია მოტივი, სადაც ქრისტე ფიგურირებს როგორც მისტერიათა იეროფანტი კვერთხით ხელში, რომელითაც იგი აცოცხლებს მიცვალებულ ლაზარეს, რაც ასახავს იმ ფაქტს, რომ ანტიკური ინიციაციის კერების პრაქტიკა ინიციატის სამდღიანი სატაძრო სიკვდილისმაგვარი ძილისა, რომლისგანაც მას აცოცხლებდა იეროფანტი (რაც ხდებოდა მისტერიებში დაფარულად), ქრისტემ სახალხოდ განახორციელა ლაზარეს აღდგინებით . ასე რომ, ლაზარეს ინიციაცია ანტიური ინიციაციის გზის ახალი ეტაპი იყო. ასეთივე ღრმა კავშირი არსებობდა მზის („სოლ ინვიქტუსის“) ანტიკურ კულტსა და ქრისტიანულ კულტს შორის. არსებობს ადრექრისტიანული გამოსახულებები, სადაც „სოლ ინვიქტუს“ ფიგურირებს როგორც ქრისტე, სააღდგომო ლიტურგიის შემსრულებელი (იხ. ე. ზაუსერი, ადრექრისტიანული ხელოვნება, მიუნხენი, 1966 წ. გვ. 393, გერმ. ენაზე).
პროტო-ქართული მოდგმა და კულტურა პრეისტორიული ხანიდან უაღრესად მჭიდროდ იყო დაკავშირებული მისტერიათა კულტურასთან. უფრო მეტიც, იგი იყო შემქმნელი ამ მისტერიათა, იყო მათი კულტურტრეგერი, რაც მოსჩანს არგონავტების მითიდან, აგრეთვე ანტიურობის მწერალთა და ისტორიკოსთა სხვა წყაროებიდან, აგრეთვე „ქართლის ცხოვრებიდან“, სადაც მოთხრობილია ფარნავაზის ინიციაცია სულიერი მზის მიერ, აგრეთვე ქვაბში საუნჯის პოვნა, რაც საყოველთაოდ ცნობილი სიმბოლოა მისტერიალურ სიბრძნესთან ზიარებისა. შემდგომში საქართველო ეზიარა ახალ, ქრისტიანულ სიბრძნეს, ქრისტიანულ ინიციაციას „ახალი ნინოს“ მეშვეობით.

აი, რას გულისხმობს იოანე-ზოსიმე, როდესაც ამბობს, რომ „ყოველივე საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს“. საქართველო გადმოცემით ღვთისმშობლის წილხვდომილია. ღვთისმშობელი, სოფია, ანუ ზეციური დედა ეზოტერული თვალსაზრისით არის დედა მისტერიებისა, იზიდა, „მაგნა მატერ“ ყველა ანტიური რელიგიებისა და კულტებისა. ხოლო პირველქრისტიანთა და ეკლესიის მამათა გაგებით იგი არის სულიწმიდის მიწიერი გამოცხადება , სულიწმიდისა, რომელიც არის მომცემელი ჭეშმარიტი საღვთო სიბრძნისა (სოფიასი) და ამავე დროს ცოდვათაგან განწმენდის მადლისა. სახარებაში მას ეწოდება აგრეთვე პარაკლეტი, ანუ ნუგეშინისმცემელი (იხ. მ.პარმენტიერი, წმ.გრიგოლ ნოსელისეული დოქტრინა სულიწმიდისა. „ეკლეზიასტიკოს ფაროს“, ალექსანდრიის საპატრიარქოს ჟურნალი, 1976, ტ. 60, გვ. 697)

იოანეს სახარებაში მაცხოვარი ამცნობს თავის მოწაფეებს, რომ მომავალში სულიწმიდამ უნდა ამხილოს სოფელი ცოდვისათვის და ამავე დროს უნდა მოჰმადლოს რჩეულებს ჭეშმარიტი საღვთო სიბრძნე: „არამედ ჭეშმარიტსა გეტყვი თქუენ: უმჯობეს არს თქუენდა, რაითა მე წარვიდე. უკუეთუ მე არა წარვიდე ნუგეშისმცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა; უკუეთუ მე წარვიდე, მოვავლინო იგი თქუენდა. და მოვიდეს იგი და ამხილოს სოფელსა ცოდვისათვის და სიმართლისათვის და სასჯელისათვის. ცოდვისათვის ესრეთ, რამეთუ არა ჰრწმენა ჩემდა მომართ, ხოლო სიმართლისათვის, რამეთუ მე მამისა ჩემისა მივალ და არღარა მხედვიდეთ მე. ხოლო სასჯელისათვის, რამეთუ მთავარი იგი ამის სოფლისაი დასჯილ არს“ (იოანე 16. 7-11).

ამრიგად, სახარების მიხედვით, სულიწმიდის მისსია არის კაცობრიობის ცოდვათა, ანუ „ყველა ენათა“ ცოდვათა მხილება. იგივე მისსია ეკისრება ქართველ ერს მოსავალში იოანე-ზოსიმეს თვალსაზრისით. ეჭვგარეშეა, იგი, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი, სულიწმიდის მიერ კაცობრიობის მომავალ მხილებას ქართველ ერს იმის გამო უკავშირებს, რომ საქართველო არის წილხვდომილი ღვთისმშობლისა, ხოლო ღვთისმშობელი არის სულიწმიდის მიწიერი გამოცხადება. შემთხვევითი როდია ის გარემოება, რომ გადმოცემით ღვთისმშობელს წილად ერგო საქართველო სულიწმიდის გადმოსვლის დღეს, ანუ მარტვილიას.

ამრიგად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქრისტემ თავისი მიწიერი მსახურების მანძილზე გადასცა საღვთო სიბრძნე თავის მოწაფეებს, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ, ვინაიდან ისინი არ იყვნენ ჯერაც მომწიფებულნი საამისოდ, არ ძალედვათ „ტვირთვა“ ამ სიბრძნისა. მაგრამ იგი ამცნობს მათ, რომ მომავალში სულიწმიდა, ანუ სული ჭეშმარიტებისა გადასცემს მათ ამ სიბრძნეს: „ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ აწ არღარა ძალგიც ტვირთვად, ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაი, გიძღოდის თქუენ ჭეშმარიტებასა ყოველსა, რამეთუ არა იტყოდის თავით თვისით, არამედ რაოდენი რაი ესმის, იტყოდის და მომავალი იგი გითხრას თქუენ“ (იოანე 16.12–13). ამრიგად, სულიწმიდა არის კაცობრიობის მამხილებელი და ამავე დროს „ყოველი საიდუმლოს“, ანუ საიდუმლო სიბრძნის მომმადლებელი. ასევეა ქართული ენა, ქართული მოდგმა, ვინაიდან მისი მისსია იგივე სულიწმიდის მისსიაა, ე. ი. სულიწმიდა ქართული ენის, ანუ ქართული მოდგმის მეშვეობით განახორციელებს თავის მისსიას, როდესაც ამხელს კაცობრიობას მეორედ მოსვლის ჟამს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მეორედ მოსვლისას ქართველ ერსა და მის ენას ეკისრება იმ მისსიის აღსრულება, რომელიც გააჩნიათ, იოანეს სახარებისა და აპოკალიპსისის გაგებით, ერთი მხრივ, ქრისტესა და მიქაელ მთავარანგელოზს, ხოლო მეორე მხრივ, სულიწმიდას და გაბრიელ მთავარანგელოზს, ვინაიდან სულიწმიდის ნების განმცხადებელი, მისი „პირი“ არის გაბრიელ მთავარანგელოზი, რომელმაც ახარა ღვთისმშობელს სულიწმიდით ჩასახვა და რომელიც დაკავშირებულია აგრეთვე სულიწმიდის მომავალ მისსიასთან. ასევე ითვლება მიქაელი ძის, ანუ ქრისტეს „პირად“. აი, რატომ არიან დავითის IV საუკუნის სტელებზე გამოსახულნი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები, რომელთაც სასოებით უპყრიათ ხელთ დაფა ქართული ანბანის გამოსახულებით! სხვათა შორის, ხსენებული აღმოჩენის შესახებ გ. აბრამიშვილი და ზ. ალექსიძე გაკვრით აღნიშნავდნენ, რომ ძველი ქართული მწერლობის ძეგლებში „ენა“ ხალხსაც ნიშნავს, თუმცა ამ დებულებას აღარ უკავშირებენ იოანე-ზოსიმეს „ქებაის“.
ბრდაძორის მეექვსე საუკუნის სტელაზე, როგორც ავტორები აღნიშნავენ, ვხვდებით იკონოგრაფიისათვის სავსებით უჩვეულო თემას: სუდარაში გახვეულ ლაზარეს ამაღლებასა და განდიდებას მეორედ მოსვლის დროს, როდესაც მიქაელ მთავარანგელოზი ამცნობს საყვირით კაცობრიობას მეორედ მოსვლის დადგომას. ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ იმ ეპოქის საქართველოში იცოდნენ ეზოტერული საიდუმლო ლაზარესა და იოანეს იგივეობისა, ვინაიდან აპოკალიპსისში მეორედ მოსვლის მოვლენების აღწერისას ლაზარე სავსაბით არ არის ნახსენები, ხოლო იოანე ესქატოლოგიური ხილვით ჭვრეტს თავისთავს მიქაელ მთავარანგელოზის გვერდით მეორედ მოსვლის დადგომის ჟამს (გამოცხ. 19, 9-21). ასე რომ, ბრდაძორის სტელაზე გამოსახული ლაზარე იგივე იოანეა.

2. „ოთხი დღისა მკვდარი“

რას უნდა ნიშნავდეს გამოთქმა „ოთხისა დღისა მკუდარი“ ქართულ ენასთან, ქართულ მოდგმასთან დაკავშირებით? ამას ნაწილობრივ თავად ავტორი განგვიმარტავს დავით წინასწარმეტყველის ციტატით: „წელი ათასი ვითარცა ერთი დღე“, თანაც ქართული სახარების ასო წილი მას მიაჩნია ოთხი ათასს „მარაგის“ აღმნიშვნელად (სიტყვა „მარაგი“ ძველ ქართულად ნიშნავს „წინასწარმეტყველურ განჭვრეტას“). ე. ი. ავტორი საუბრობს ოთხ ათას წელზე ქართულ მოდგმასთან დაკავშირებით, ოთხი ათასი წლის წინასწარმეტყველურ მნიშვნელობაზე ქართული მოდგმისთვის. ეს სავსებით ნათელია, მაგრამ ბუნდოვანია, თუ რომელი პერიოდი იგულისხმევა ქართული ენისათვის ოთხ ათასიან პერიოდად, როდის იწყება ათვლა ოთხი ათასისა და როდის მთავრდება. ჩვენს პრესაში გამოთქმულია სხვადასხვა, ერთურთის გამომრიცხველი მოსაზრებები ამის თაობაზე, რომელნიც, ჩვენის აზრით, ვერ იძლევიან დამაკმაყოფილებელ ახსნას ამ გამოთქმისას.

რამდენადაც „ქებაი“ შუასაუკუნეობრივ ქრისტიანულ თეოსოფიურ ლიტერატურას ეკუთვნის, მისი ახსნისათვის უნდა მოვიშველიოთ თეოსოფიური გაგებები კაცობრიობის განვითარების პერიოდების შესახებ, ვინაიდან მარტოოდენ თეოლოგიური და ეგზოტერულ-ეკლესიური მონაცემებით შეუძლებელია ზემოხსენებული ადგილის ახსნა.

თეოსოფიურ მოძღვრებაში არსებობს გაგება კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა პერიოდებისა, ანუ კულტურული ეპოქებისა, რომელნიც მოსდევენ ურთიერთს. ტერმინი „ათასი“ თეოსოფიაში უფრო ფართო გაგებით იხმარება და სცილდება მარტოდენ რიცხვით მნიშვნელობას ამ ციფრისას. ასე მაგალითად, სახარებაში აღწერილია ქრისტეს მიერ დაპურება ჯერ ოთხი ათასი კაცისა შვიდი პურით და ორი თევზით. თეოსოფიური გაგებით „ათასი“ ნიშნავს დიდ რაოდენობას ადამიანებისას და არა მხოლოდ ათას კაცს (ამის ანალოგია გაგვაჩნია ქართულ ენაში, სადაც „ცხრა“ ნიშნავს არა მხოლოდ რიცხვ ცხრას, არამედ „ბევრს“, – ცხრაწყარო, ცხრამუხა და სხვა.). ხოლო, როდესაც იხმარებოდა მაგ., ტერმინი „ოთხი ათასი“, იგულისხმებოდა ადამიანები მეოთხე კულტურული ეპოქისა. რაც შეეხება „შვიდ პურს“, თეოსოფიური თვალსაზრისით, სახარებაში იგი არის სიმბოლო ზეციური საზრდოსი, რომელიც მომდინარეობს ღამის 7 ზოდიაქოდან, ხოლო 5 პური, რომელიც აპურებს “5 ათასს“, ანუ მეხუთე ეპოქის ადამიანებს, არის 5 ზოდიაქო დღისა (იქვე, გვ. 239).
„ათასების“ ამგვარი გაგება საერთოა ქრისტიანულ და ინდურ თეოსოფიაში. გარდა ამისა, თეოსოფიაში არსებობს გაგება კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ბნელი და ნათელი პერიოდებისა: კრიტა იუგა, ტრეტა იუგა, დვაპარა იუგა, კალი იუგა (ინდური ტერმინები). თეოსოფიის თვალსაზრისით თითოეული მათგანი გრძელდება რამდენიმე ათას წელს და დაყოფილია ათასწლიან პერიოდებადაც. ასე მაგალითად, თეოსოფიის მიხედვით უკანასკნელი კალი იუგა, ანუ ბნელი პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში დაიწყო ძვ. წ. 3121 წელს და გაგრძელდა 5 ათას წელს. „ბნელი პერიოდის“ გაგებაში იგულისხმება ისეთი პერიოდი, როდესაც კაცობრიობა თანდათან წყდება ღვთაებრივ-სულიერ ყოფას, მისთვის ბნელდება ზესთა სულიერი სამყარო, იგი უფრო და უფრო ეშვება მატერიაში და იმეცნებს მატერიალურ სამყაროს, მისი კავშირი ღვთაებრივ სულიერ სამყაროსთან და არსებებთან თანდათან სუსტდება, მაგრამ სანაცვლოდ ამისა ძლიერდება მისი მე-ცნობიერება, რომელიც კალი იუგას პირველ ათასწლეულში (ე. ი. ძვ. წ. მესამე ათასწლეულში), რომელსაც აბრაამის ეპოქასაც უწოდებენ, ღებულობს და აცნობიერებს ერთი ღმერთის, ვითარცა მსოფლიო მეობის გამოცხადებას.

შემდგომი ათასწლეული კალი იუგასი არის მეორე ათასწლეული ძველი წელთაღრიცხვისა, ან ეპოქა მოსესი, როდესაც კაცობრიობა კიდევ უფრო წყდება ღვთაებრივ სულიერ სამყაროს და სჭირდება კიდევ უფრო დიდი ძალისხმევა, რათა მიიღოს გამოცხადება ღვთისა, როგორიც მიიღო მოსემ შეუწველ მაყვალზე და სინას მთაზე. ამ ეპოქაში ერთი ღმერთი, ვითარცა მსოფლიო მეობა, უკვე ცხადდება ბუნებისმიერ ელემენტებში: ელვა-ქუხილში, შეუწველ მაყვალში და ა. შ. იგი ცხადდება როგორც წარმმართველი ბუნებისმიერი არსებობისა და ადამიანისათვის კანონის მომცემი. შესაბამისად ძლიერდება აგრეთვე ადამიანის უნარი გარე სამყაროსა და ნივთიერი ყოფის შემეცნებისა.

მესამე ათასწლეული კალი იუგასი (ძვ. წ. პირველი ათასწლეული) არის ეპოქა სოლომონისა, როდესაც ერთი ღმერთი, ვითარცა მსოფლიო მეობა, ცხადდება არა მხოლოდ ბუნებისმიერ ელემენტებში, არა მხოლოდ კანონსა და ღმერთმსახურებაში, არამედ კაცებრივ სიბრძნეში, სოლომონისეულ სიბრძნეში.

ეს სამასწლიანი პერიოდი მოსდევს იმ პერიოდს, როდესაც ბიბლიის მიხედვით მოხდა დაცემა ბაბილონის გოდლისა და დაიწყო ენათა აღრევა, ანუ დიფერენცირება (დაბად. 11). ბაბილონის გოდლის დაცემამდე კაცობრიობა საუბრობდა ერთ საყოველთაო ენაზე, წინარე-ენაზე, ხოლო ბაბილონის გოდლის დაცემის შემდეგ თანდათანობით აღმოცენდა ენათა და ენაკავთა სიმრავლე.

იოანე-ზოსიმეს გაგებით ქართული ენა ოთხი დღის, ანუ ოთხი ათასი წლის მკვდარია, მისი სიკვდილი, დამდაბლება-დაწუნება 4 ათას წელს გრძელდება. თუ დავუშვებთ, რომ ძეგლი დაახლოებით მეათე საუკუეშია შექმნილი, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ძეგლის ავტორი ამ ოთხი ათასწლიანი პერიოდის განსაზღვრისას ითვალისწინებდა თეოსოფიურ ტრადიციას კალი იუგას შესახებ, რომელმაც მის ეპოქაში უკვე 4 ათას წელს მიაღწია (ძვ. წ. პირველი სამი ათასწლეული პლიუს ქრისტიანული წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეული უდრის ოთხ ათას წელს). მეათე საუკუნიდან კი იწყება ქართული ენისა და ლიტერატურის, სულიერი ცხოვრების, ქართული სახელმწიფოებრიობის აღორძინება; იწყება საქართველოს გაერთიანება. აი, ეს არის აღდგომა ქართული მოდგმისა, რომელიც „ქებაის“ ავტორს წარმოუდგენია მეორედ მოსვლის წინა პერიოდში.

3. „ქებაი“ და ენათმეცნიერულ-ეთნოლოგიური მონაცემები

თეოსოფიურ მონაცემებთან ერთად იოანე-ზოსიმეს გამოთქმის „ოთხი ათასის“ გაგებაში გვეხმარება მოშველიება თანამედროვე ენათმეცნიერებისა და ეთნოლოგიის მონაცემებისა, რომელნიც არცთუ დიდად ეწინააღმდეგებიან თეოსოფიის მონაცემებს და აგრეთვე ავითარებენ თეორიას საყოველთაო წინარეენისა, ფუძეენის შესახებ, როგორც ამას ვხედავთ მაგ. თ. გამყრელიძისა და ვ. ივანოვის ახლახან გამოცემულ ორტომიან ნაშრომში „ინდოევროპული ენა და ინდოევროპელები“ (თბილისი, 1985. რუსულ ენაზე). მონოგრაფია მიზნად ისახავს წინარეენისა და წინარეკულტურის რეკონსტრუქციას და ისტორიულ-ტიპოლოგიურ ანალიზს. ამ ნაშრომის მიხედვით ზოგადქართველური ფუძე-ენის დიფერენციაცია, ანუ ცალკე ენაკავებად და ენებად განთვისება გლოტოქრონოლოგიური მონაცემების საფუძველზე შეიძლება დათარიღდეს ძვ. წ II ათასწლეულით ან, შესაძლოა, გაცილებით ადრინდელი ეპოქითაც (ე. ი. III ათასწლეულით (გვ. 904), რაც სავსებით შეესაბამება ჩვენს მიერ გამოთქმულ ვარაუდს იმის შესახებ, რომ იოანე-ზოსიმეს „4 ათასის“ პირველი სამათასწლიანი პერიოდი ძვ. წ. ბოლო სამ ათასწლეულს გულისხმობს, რომლის განმავლობაშიც ხდება ქართული ენის, ქართული მოდგმის „დამდაბლება-დაწუნება“. რაც იოანე-ზოსიმეს გაგებით სიკვდილს უთანაბრდება. ამრიგად, უნდა დავასკვნათ, რომ „ქებაის“ შექმნის ეპოქაში საქართველოში არსებობდა რაღაც ცოდნა პრეისტორიული ხანის შესახებ, პროტოქართული მოდგმისა და ენის შესახებ, რაზედაც გვესაუბრება თანამედროვე მეცნიერება. ამასვე გვიდასტურებს ექვთიმე ათონელის მიერ ბასკების მოხსენიება როგორც „სპანიის ქართველთა“, რომელნიც არიან შთამომავალნი უძველესი იაფეტიდებისა, პირინეების იბერებისა. ამას გვაფიქრებინებს აგრეთვე ბასილი დიდის „ექუსთა დღეთაის“ თარგმანში ნახმარი ტერმინი „ქართველნი დასავლისა“, რაც შეესატყვისება ესპანეთის იბერებს („ექუსთა დღეთაი“, 57. 20).

ასე რომ, პროტოქართული (იაფეტური) მოდგმა და მისი ენა „დამდაბლებული“ და „დაწუნებული“ ხდება სწორედ ძვ. წ. მესამე ათასწლეულიდან, ანუ, თეოსოფიური ტერმინოლოგიით, კალი-იუგას დასაწყისიდან, როდესაც ევრაზიაში იწყება ინდოევროპელთა ექსპანსია და გაბატონება, რაც ბერძნულ მითოლოგიაში სიმბოლიზებულია იაპეტის ძის ტიტან პრომეთეს („წინასწარმეტყველური აზრის“) მიჯაჭვით კავკასიონზე და დედამიწაზე ზევსისა და მისი პანთეონის დომინირებით (პრომეთე – იაფეტური კაცობრიობა, ზევსი – ინდოევროპული კაცობრიობა). აკად. ს. ყაუხჩიშვილის აზრით, აქ საქმე გვაქვს ორი სხვადასხვა კულტურის ბრძოლასთან და უკთიერთდაპირისპირებასთან. სახელდობრ, პრომეთე არ არის ბერძნული ღვთაება, იგი იმ ხალხის ღმერთია, რომელიც ბერძნების მოსვლამდე ცხოვრობდა და მაღალი კულტურის მატარებელი იყო. ხოლო ოლიმპიული ზევსი წმინდა ბერძნული ღვთაებაა, ზევსი იმ ბერძნების ღმერთია, რომელნისც კულტურის საკმაოდ დაბალ საფეხურზე იდგნენ, როდესაც მოვიდნენ და დასახლდნენ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ეგეოსის არქიპელაგზე და მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროებზე. ახალმოსული ბერძნული მოსახლეობა (დაბალი კულტურის მატარებელი) ებრძოდა დიდი კულტურის მქონე ძველ მოსახლეობას, პროტოქართულს (იხ. ს. ყაუხჩიშვილი, რას გვიამბობდნენ ძველი ბერძნები საქართველოს შესახებ, თბილისი, 1964, გვ. 34). ასე რომ, კავკასიონზე მიჯაჭვული პრომეთე, ანუ მაღალი ცივილიზაციისა, კულტურისა და აზროვნების მატარებელი კაცობრიობა არის პროტო-ქართული მოდგმა კავკასიაში ლოკალიზებული, კავკასიაზე მიჯაჭვული. უფრო ადრინდელ ხანაში ეს მოდგმა აღავსებდა არა მხოლოდ კავკასიას, არამედ ინდოეთს, ხმელთაშუაზღვის აუზს, ჩრდილო და სამხრეთ ევროპას, პირინეებს, ეგეოსის არქიპელაგს და მცირე აზიას. ამ მოდგმას ზოგი ევროპელი მეცნიერი უწოდებს ლიგურ-იბერიულ, ანუ ეუსკარო-ალაროდიულ მოდგმას, ხოლო ჩვენი მეცნიერება იაფეტურს, ან იბერიულ-კავკასიურს. მეცნიერებაში მიღებული თვალსაზრისია, რომ ძვ. წ. IV ათასწლეულში ინდოევროპულ ტომებს ეკავათ ტერიტორია შუა ევროპიდან ურალსა და არალის ზღვამდე, ხოლო III ათასწლეულის დასაწყისიდან ისინი იწყებენ ექსპანსიას სამხრეთისაკენ, კერძოდ, ხეთურ-ლუვიური ტომები იპყრობენ მცირე აზიას III ათასწლეულის მეორე ნახევარში, ხოლო II ათასწლეულის დასაწყისში აღმოსავლეთიდან მოდის ახალი ტალღა ინდოევროპელებისა არიელების სახით, რასაც მოჰყვა საბოლოო დაშლა ერთიანი ხმელთაშუაზღვისა და ეგეოსური კულტურებისა და ეთნიკური კოლექტივებისა (პროტოქართველებისა), რომლებიც მანამდე ბატონობდნენ ხმელთაშუაზღვის აუზსა და მცირე აზიაში და ხელს უშლიდნენ ინდოევროპულ ექსპანსიას. გარდა ამისა, ისინი განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე იდგნენ, ვიდრე ინდოევროპელნი და თავად ახდენდნენ მათზე გავლენას (იხ. რ. გორდეზიანი, „ილიადა“ და ეგეოსური მოსახლეობის ისტორიისა და ეთნოგენეზისის საკითხები, თბილისი, 1970, გვ. 194). ნ. მარრის გამოკვლევების მიხედვით თვით დღევანდელი არარატი, „ურარტუდან“ ნაწარმოები, გვიანდელი სახელწოდებაა ამ მთისა, უფრო ადრინდელ ხანაში კი ეს იყო მთა კარდუ (სუმერული ნასირი) იაფეტიდ პროტო-ქართველთა (ნ. მარრის დასკვნით, ქართული წმინდა იაფეტური ენაა, ხოლო სომხური ჰიბრიდული იაფეტურ-ინდოევროპული ენა).

პროტო-ქართველების ეთნიური სტრუქტურა იყო მატრიარქატი, მათ ახასიათებდათ პანთეონში ქალური ღვთაებების დომინირება, რაც განაპირობებდა ბუნების დიდი დედის ნანას, დედა უფლის კულტს (ბერძნული დემეტრაც აქედან იღებს სათავეს). აქედანვე მოდის ქალის კულტი ძველი იბერებისა: მამაკაცების მოხსენიება არა მამის სახელით, არამედ დედის სახელით, რაც შემორჩა შუასაუკუნეთა ლანგდოკში, პირინეებში, სადაც კელტიბერიული ტრადიციები ჯერაც ცოცხალი იყო (მამაკაცები აქ მოიხსენებოდნენ როგორც „ბელისენის ძე“, „ოლივერიას ძე“, (იხ. ო. რან, ჯვაროსნული ლაშქრობა გრაალის წინააღმდეგ. შტუტგარტი, 1964, გვ. 64). უთუოდ ამის მსგავსი მოვლენაა ჩვენში მაგ. ამირანის მოხსენიება „დარეჯანის ძედ“. ამგვარად ვლინდებოდა ქალის კულტი, რამაც ნიადაგი შეუმზადა მომავალში ღვთისმშობლის კულტს.

პროტო-ქართული ფუძე-ენათა აღრევით, ანუ დიფერენცირებით, მოჰყვა, ბიბლიური ენით, ბაბილონის გოდოლის დაცემას, თეოსოფიური ენით, კალი-იუგას (ბნელი პერიოდის) დასაწყისს, ხოლო ენათმეცნიერული და ეთნოგრაფიული ენით III ათასწლეულის ინდოევროპულ ექსპანსიას. ეს არის დასაწყისი პროტო-ქართული მოდგმის კრიზისისა, განცალკევება-დაქსაქსვისა, იაფეტიდების დეკადანსისა, რაც პერიის პერიოდში, როდესაც ინდოევროპეიზებული რომი აადგურებს კართაგენს, პონტოს, ცდილობს ანტიური იბერიის დაპყრობას, იმპერიაში პატრიციები ინდოევროპელები ხდებიან, ხოლო პლებეები – იაფეტიდები. ნ. მარრის მოსაზრებით, კართაგენი და რომი თავდაპირველად ერთი და იგივე ეთნიური (იაფეტური) წარმომავლობის ქალაქელი იყვნენ ხმელთაშუაზღვის ორსავე მხარეს, ვიდრე მოხდებოდა რომის ინდოევროპიზაცია და კართაგენის სემიტიზაცია (ფინიკიელი პუნები), რამაც გამოიწვია სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება ამ ორ ქალაქს შორის. ნ. მარრი პელაზგებისა და ეტრუსკების ბედს იმ ლომის ბედს ადარებს, რომელსაც არ აღმოაჩნდა მაქებარი და დაიჩრდილა ადამიანის დიდებით. აი, ეს არის „დამდაბლება-დაწუნება“ ქართული (იაფეტური) ენისა, ან მოდგმისა, რომლის პარალელურად მიმდინარეობს სემიტურ და ინდოევროპულ მოდგმათა აღორძინება.

მატრიარქატის გარდა პროტო-ქართველებისათვის დამახასიათებელი იყო მცენარეული ტოტემები – ვაზი (ვაზის კულტი), მუხა და ცხოველური ტოტემები – ვეფხი და მგელი. ვეფხისტყაოსანი და ლომისტყაოსანი ღვთაებები და გმირები უძველეს მცირეაზიურ იაფეტურ პანთეონს ახასიათებს. მეცნიერებაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ რუსთველის „ვეფხისტყაოსანი“ გამოძახილია უძველესი, პრეისტორიული პროტოქართული საგისა, რომელიც აირეკლა აგრეთვე „გილგამეშიანში“ და სხვა ლომისტყაოსან და ვეფხისტყაოსან ჰეროსებში (იხ. ტ. მარგველაშვილი, „გეორგიკა“. ლონდონი. 1936 წ.). ვეფხის უძველეს მცირეაზიულ კულტს უკავშირებენ რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“ აგრეთვე თ. გამყრელიძე და ვ. ივანოვი ზემოთ დასახელებულ ნაშრომში (გვ. 506, 507).

მეცნიერებაში მიღებული თვალსაზრისია, რომ ბასკი ხალხი არის ნაშთი ევროპის უძველესი იბერიული რასსისა და ცივილიზაციისა, რომელიც მოსპეს ინდოევროპელებმა თავიანთი ექსპანსიის პერიოდში, ისევე როგორც ხმელთაშუაზღვისა, ეგეოსული და მცირეაზიური კულტურები. ასე რომ, ამ ერთიანი ცივილიზაციის ნაშთები შემორჩა მხოლოდ პირინეებსა და კავკასიაში (საქართველოის სახით). თანამედროვე მეცნიერებაში ნ. მარრმა ჩაუყარა სოლიდური საფუძველი ბასკებისა და ქართველების პრეისტორიული ნათესაობის თეორიას. ჰ. გ. უელსის აზრით, ძველი იბერები, რომელთა ჩამომავლებიც არიან ბასკები, ეკუთვნოდნენ ნეოლითურ ხმელთაშუა ზღვის მოდგმას (ჰ. გ. უელსი, ისტორიის კურსი, ინგ. ენაზე, გვ. 91), ხოლო ვ. ჰუმბოლდტისა და ნ. მარრის გამოკვლევების მიხედვით, იაფეტიდი იბერები აღავსებდნენ ხმელთაშუა ზღვის აუზს. სუმერული, მინოსური, პელაზგური, ეტრუსკული და სხვ. კულტურები მათი შექმნილია. ნ. მარრის აზრით, პროტო-ქართული, ანუ იაფეტური ფუძე-ენა არის ერთიანი, გლოტოგონიური ფენომენი, საერთო საფუძველი ყველა ენებისა, რომელნიც წარმოიშვნენ მისგან დიფერენციაციის პროცესში. ამიტომაც საუბრობს აგრეთვე ცნობილი საბჭოთა მეცნიერი ა. ლოსევი „ქართული და სხვა ქართველური ენების მსოფლიო როლზე“ (იხ. ა. ლოსევი, ნიშანი, სიმბოლო, მითი, მოსკოვი, 1956). ნ. მარრი იმოწმებს ფრ. მიულერს, რომლის მიხედვითაც კავკასიური ენები წარმოადგენენ ნაშთს ერთი, ოდესღაც ძლიერი და მნიშვნელოვანი ენათა ოჯახისა, რომელიც გავრცელებული იყო კავკასიაში და მის სამხრეთით, ვიდრე მოვიდოდნენ სემიტური, არიული და ურალო-ალტაური ტომები. ნ. მარრის დასკვნით, ქართული ენა წარმოიშვა კაცობრიობის საერთო წინარეენიდან, რომელიც ისევე ჰგავდა სემიტურ ენებს, როგორც ისინი ჰგვანან ურთიერთს (რჩეული ნაშრომები, ტ. I, 1933, რუსულ ენაზე). ამიტომაც მოიხსენიებიან ბიბლიაში მოსოხი და თუბალი იაფეტის (სემის ძმის ) შვილებად (დაბად. 10.2).

გვიანდელი იაფეტური ენები გადმონაშთებია ენათა უშველებელი შტოსი (იაფეტური ფუძეენისა), რომელიც ვრცელდებოდა დასავლეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთით, სემიტურ სამყარომდე. ხოლო ქართულ ენას, ნ. მარრის თქმით, იაფეტურ ენებში უკავია ისეთივე პოზიცია, როგორიც არაბულს სემიტურ ენებში. ნ. მარრი ჰ. ჯონსტონთან ერთად ვარაუდობდა, რომ პრეისტორიულ ხანაში არსებობდა პირველადი ბასკურ-კავკასიურ-დრავიდული ენა სუმერულისა და ელამურის პარალელურად და რომ სუმერული, შესაძლოა, ყოფილიყო შემაერთებელი რგოლი პირველად ბასკურ-კავკასიურსა და პირველად მონგოლურ ჯგუფებს შორის, ვინაიდან არსებობდა პირველადი და უძველესი ბასკურ-კავკასიურ-დრავიდულ-სუმერულ-მონგოლური უადრესი წინაპარი ფუძე-ენა ქამიტურ ძირეულზე ძველი, ანუ „ეოლითური კულტურის“ ენა, ხოლო სუმერები, ტუბალები და ტიბარენები ეკუთვნოდნენ ძველ იბერთა ტომებს.

უფრო გვიან, ბრინჯაოს ხანის შემდგომ პერიოდში, იაფეტიდებმა (პროტოქართველებმა) დასაბამი მისცეს რკინის კულტურას მიკენის ეპოქის დასასრულს (ჰალიძონები, ანუ ხალიბები, ბიბლიაში: ტუბალ-კაენის მოდგმის ხალხები). იაფეტიდი პელაზგები იყვნენ აგრეთვე ცივილიზაციის ინიციატორები ძველ საბერძნეთშიც, რომელიც თავდაპირველად პელაზგური იყო, ხოლო შემდგომში მოხდა მისი ელინიზაცია. ჰომეროსის „ილიადაში“ ნაჩვენებია ინდოევროპული ხალხების ექსპანსია და იაფეტიდების დეკადანსი. ერთი მხრივ ურთიერთს უპირისპირდებიან ინდოევროპელი აქაველები და იაფეტური ტროა, ხოლო მეორე მხრივ, თვით აქაველთა ბანაკში მომხდარი განხეთქილება აგამემნონსა და პელაზგ აქილევსს შორის დაპირისპირებაა იმავე ნიადაგზე. იაფეტურ კოლხეთთან საბერძნეთის ურთიერთობა აირეკლა „არგონავტების მითში“.

როგორც ზემოთ აღინიშნა, ბერძნულ მითოლოგიაში აირეკლა სხვადასხვა ეთნიური კოლექტივების როლი საბერძნეთის ცივილიზაციის განვითარებაში. მეცნიერებაში მიღებული თვალსაზრისია, რომ ტიტანები და გმირები ეკუთვნიან არაბერძნულ, წინაბერძნულ სამყაროს და წარმართავენ თავდაპირველად პელაზგურ კულტურას, ხოლო შემდეგ – შემოსულ აქაველთა კულტურას (ო. ნეერახერი, საბერძნეთის სულიერ გზებზე, ბაზელი, 1966, გვ. 24, გერმან. ენაზე). ტიტანები და გმირები ზეკაცებია, რომელთაც მიიღეს ღვთაებრივი მეობის ნაპერწკალი. პრომეთეს მიერ ციდან ცეცხლის მოტატება მიკროკოსმული გაგებით თვითების, მეობის შეძენაა, ხოლო ღმერთების მიერ ტიტანების ტარტარში ჩამარხვა, ადამიანის სულის მატერიაში ჩამოსვლაა, სხეულში ჩაძირვა და გამკვრივებაა, რითაც იწყება ადამიანის ინდივიდუალური ცხოვრება, აზროვნება და კულტურა. მეობის შემდგომი განვითარებაა ტანტალოსი, სიზიფუსი და ჰერაკლე, ანუ ნებელობითი ინიციაციის შერწყმა სიყვარულთან (მედეასთან), რომლითაც ხდება მოპოვება ოქროს საწმისისა, ვერძის კოსმიური სიბრძნისა, რაც ანტიურ ეპოქაში იგივე შინაარსს ატარებს, რასაც შუასაუკუნეებში ფილოსოფიური ქვა და გრაალი (ოქროს საწმისს „კლასიკურ გრაალსაც“ უწოდებენ).

პრომეთეს მითში ანტიური მითოლოგიისა და მისტერიოსოფიის ენაზე მოთხრობილია იგივე, რასაც გვაუწყებს „ქებაი“-ს ავტორი ქრისტიანული თეოსოფიის ენაზე. იაპეტოსი ძე, პრომეთე, ოდესღაც აღზევებული ტიტანი (იგივე, რაც ინდური მითოლოგიის პრამათუსა და მატარიშვა), ღმერთებისთვის ცეცხლის (ღვთაებრივი მეობის ნაპერწკლის) მომტაცებელი, შემქმნელი და ინსპირატორი კაცობრიობის ცივილიზაციისა და აზროვნებათა კულტურისა, შემოქმედი და წინასწარმხედი მოაზროვნე, მისტერიათა კულტურის ინაუგურატორი (შემომღები) არის სიმბოლო იაფეტური, პროტოქართული, ანუ პროტოევროპული ეთნოსისა, რომელიც ჟამთა ვითარებაშ დაამარცხა და გარიყა ზევსმა, ანუ ინდოევროპულმა კაცობრიობამ, მიაჯაჭვა კავკასიაზე, ანუ კავკასიით შემოზღუდა მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის არენა (მეორე თვალსაზრისით, პრომეთეს მხსნელი არის მისი საქმის გამგრძელებელი ჰერაკლე. იგი მისტერიათა სინკრეტული კულტურის ახალ საფეხურზე ამყვანი გმირია და ეკუთვინის აგრეთვე წინარე-ბერძნულ, პელაზგურ-იბერიულ სამყაროს, ძველიბერიულ მისტერიებს. ჰერაკლე – ძველ იბერთა უძველესი მზიური ღვთაება – გმირი, ძველ იბერთა ბელადი, მჭიდროდ არის დაკავშირებული პირინეებთან. მითი ჰერაკლესა და მისი სატრფოს პირენეს შესახებ, რომელიც დაიღუპა პირინეებზე, ასახავს მის კავშირს ამ არეალთან ისევე, როგორც მეათე და მეთერთმეტე გმირობის ისტორია (შემთხვევით როდი ეწოდება გიბრალტარს ჰერაკლეს კარიბჭე). გარდა ამისა, ჰერაკლე პელაზგური არგოსიდან არის გამოსული. შემთხვევითი როდია, რომ ფუძე „არგო“ უკავშირდება არა მხოლოდ იმ ხომალდს, რომელმაც არგონავტები მიიყვანა კოლხეთში, არამედ თვით კოლხეთის ტოპონიმებისა და ეთნიური ჯგუფების სახელწოდებებს: „არგუეთი, მარგუეთი, ეგრისი, მარგ“-ალი და სხვ. ჰერაკლე პერსევსის ძეა, რომელმაც დააფუძნა ნათელმხილველური პელაზგური კულტურა, რომელიც შემდეგ გადაიყვანა ათენელთა ჰელენურ კულტურაზე. ჰერაკლე ცხებულია ჰერასი (ჰაერასი), უძველესი პელაზგურ-იბერიულ ქალღმერთისა, რომელიც წინასახეა იზიდასი, სოფიასი, ქრისტიანული გაგებით – ღვთისმშობლისა. ამავე დროს ჰერაკლე ზევსის ძეა, ვინაიდან მან აითვისა აგრეთვე ზევსური, ე. ი. ინდოევროპული ინიციაციური კულტურაც. ჰერაკლეს ჩვეულებრივ ლომისტყაოსნად გამოსახავენ მცირეაზიური ლომისტყაოსანი და ვეფხისტყაოსანი გმირების კვალობაზე, რაც სიმბოლოა თვითფლობისა და მე-ს მეფურ ძალმოსილებისა. მისი ზებუნებრივი ფიზიკური ძალმოსილება, მისი გმირობანი სიმბოლურად ასახავენ მისტის, ანუ ადეპტის სულიერ პოტენციებს, ნებელობის ძალას, მისი „დოდეკაილოს“ (12 საქმე) 12 საფეხურია ინიციაციისა (ჰერაკლეს დასახვა მარტოდენ ფიზიკური ღონის პატრონ გმირად უმეცრებაა).

ჰერაკლეს მიერ მიჯაჭვული პრომეთეს განთავისუფლება და ზევსის არწივის მოკვლა მისტერიათა ენაზე მიშნავს შემდეგს: იაფეტურ-პრომეთესეული, ანუ პროტო-ქართული, პროტოევროპული მოდგმა, რომელიც დათრგუნა და შეავიწროვა ინდოევროპულმა მოდგმამ (ზევსმა), ამჟამად მიჯაჭვულია კავკასიაზე, დამდაბლებული და დაწუნებული, მტრული მოდგმით გარშემორტყმული. მას გულ-ღვიძლს უღადრავს არწივი (ინდოევროპელთა იმპერიული ძლიერების სიმბოლო). მაგრამ მომავალში პრომეთე განთავისუფლდება, აღორძინდება და დაიბრუნებს თავის თავდაპირველ ძალასა და პოზიციას მსოფლიოში, როლს ცივილიზაციისა და კულტურის შემქმნელისას, მისტერიათა კულტურ-ტრეგერის და კაცობრიობის მსაჯულისას. მას გაათავისუფლებს ჰერაკლეს, ანუ ინიციაციის ახალი კულტურა, რომელსაც პრომეთემ თავადვე მისცა დასაბამი, რომელიც მომავალში მიაღწევს სულიერი განვითარების უმაღლეს საფეხურს, სულიერ ყოვლისმძლეობას (ჰერაკლეს ყოვლისმძლეობა) და იქცევა უზენაეს თეურგიად. ეს უზენაესი თეურგია არის ქრისტიანული თეურგია, ქრისტესეული ინიციაცია, რომლითაც მან აღადგინა ლაზარე, რომელიც გაგრძელებაა ანტიური მისტერიებისა, ახალი და უმაღლესი ეტაპია თეურგიისა და ინიციაციისა. აი, რა იხსნის დამდაბლებულ და დაწუნებულ, მიჯაჭვულ პრომეთე-ამირანს, აი, რა გაანადგურებს იმ იმპერიულ ძლიერებას (ზევსის არწივს), რომელიც მას აწამებს.

მითები პრომეთეს, ჰერაკლესა და არგონავტების შესახებ პროფეტული განჭვრეტაა ქრისტიანობის მომავალი მისსიისა. დორიულ-კოლხური ინიციაცია, რომლის მესვეურნიც არიან ხსენებული გმირები, წინასახეა ქრისტიანული ინიციაციისა. შემთხვევითი როდია, რომ დორიული ინიციაცია კოლხეთთან არის დაკავშირებული, ხოლო ჰერაკლე არგონავტების ლაშქრობის ერთ-ერთი მონაწილეა. ამ ექსპედიციის დროს ჰერაკლეს მიერ კვერთხის დაკვრით კლდიდან წყლის აღმოცენება ითვლება ქრისტესაგან, როგორც სულიერი კლდისაგან წყლის აღმოცენების წინასახედ (1. კორ. 10. 4, იხ. ო. ნეერახერი, საბერძნეთის სულიერ გზებზე, გვ. 274). ამაზე მეტყველებს აგრეთვე ისიც, რომ სახელი „იასონ“ შინაარსობრივად უკავშირდება „იესოს“ („იასის“ – წამალი, „იესო“ – მკურნალი). ასე რომ, პრომეთეს, ბერძნული მითოლოგიის თვალსაზრისით, ათავისუფლებს მომავლის თეურგია, ინიციაციის ახალი კულტურა, რაც ქრისტიანული თეოსოფიის თვალსაზრისით ქრისტიანულ თეურგიას გულისხმობს.

შეთხვევითი როდია, რომ გერმანე პატრიარქის (წარმოშობით ლაზის) ნაშრომში „თხრობაი სასწაულთათვის მთავარანგელოზისა მიქაელისა“ არგონავტების ლაშქრობას მფარველობს მიქაელი, პირი ქრისტესი, „ცით მოვლენილი ძლიერებაი საზარელი“, რომელიც მათ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს. ე. ი. არა მხოლოდ ეზოტერიზმს, არამედ ეგზოლერულ ეკლესიასაც ჰქონდა ტრადიცია ანტიური კოლხური ინიციაციის, როგორც ქრისტიანობის წინამორბედის შესახებ.

ამრიგად, „ქებაის“ ავტორი იგივეს გვამცნობს ქრისტიანული ტერმინოლოგიით, რასაც ანტიური მისტერიებიდან გამოსული მითი: ოდესღაც აღზევებული და მძლავრი ქართული მოდგმა და მისი ენა ოთხი ათასი წლის განმავლობაში დამდაბლებულია და დაწუნებული, მაგრამ ეს დამდაბლება მისთვის ქრისტესეული ნათლისღებაა სიკვდილისა და დაფლვისა (ამით იგი არის „ოთხისა დღისა მკვდარი“), რასაც გარდუვალად მოსდევს აღდგომა და ამაღლება.

ქართული მოდგმაც აღდგება ამ ოთხდღიანი ნათლისღების შემდეგ, ხოლო მეორედ მოსვლისას კვლავ დაიბრუნებს უნივერსალური სულიერი ლიდერისა და კაცობრიობის მსაჯულის პოზიციას, როგორიც გააჩნდა მას წარსულში. ყოველივე ამას ქართულ მოდგმას დაუბრუნებს ის, ვინც აღადგინა და განადიდა ლაზარე. ამიტომაც არის ქართული მოდგმა ლაზარესთან შედარებული. თანაც ის როდია ნათქვამი, რომ ქართული მოდგმა მეორედ მოსვლამდე დამდაბლებული, დაწუნებული და მკვდარი იქნება, არამედ ის, რომ იგი ოთხდღიანი (ოთხათასწლიანი) სიკვდილისა და დაფლვის პერიოდის შემდეგ აღდგება ლაზარეს მსგავსად. გაცილებით ადრე ქრისტეს მეორედ მოსვლამდე იგი სწამებს ქრისტესთვის, მისი ისტორია იქნება ქრისტესთვის არნახული მოწამეობა, ხოლო მეორედ მოსვლისას იგი ამხელს ცოდვილ კაცობრიობას.

აღსანიშნავია, რომ პროტოქართული (იაფეტური) მოდგმა ჯერ კიდევ ანტიური მითოლოგიური წარმოდგენების მიხედვით აღიარებულია მიღმა სამყაროში გარდასული კაცობრიობის მსაჯულად. ამას ნათელყოფენ მითები იაპეტოსის, რადამანთისისა და მინოსის შესახებ. იაფეტიდი პირველმეფე მინოსი (მინოსი „აზრის მატარებელს“ ნიშნავს), რომელსაც კოლხი აეტის დაი ჰყავდა ცოლად, ჰომეროსის „ოდისეაში“ ფიგურირებს, როგორც ჰადესში მკვდართა მსაჯული, რაც შემდეგ შუასაუკუნეობრივ ტრადიციაშიც გადავიდა (იხ. დანტეს „ჯოჯოხეთი“), ხოლო მინოსის ძმა, რადამანთისი ელისეს ნეტართა ველის მსაჯულია კრონოსთან და იაპეტოსთან ერთად (რადამანთისი არის აგრეთვე სისხის აღების წესის დამკანონებელი). თანამედროვე მეცნიერებაში გარკვეულია, რომ მინოსელნი ეკუთვნოდნენ ხმელთაშუაზღვის მოდგმას, ისევე როგორც პროტოქართველები. მათ შეჰქმნეს უძველესი ცივილიზაცია, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მიკენზე და ძველ საბერძნეთზე (აღსანიშნავია რომ „ენციკლოპედია ბრიტანიკა“ დღევანდელ ქართველებსაც ხმელთაშუაზღვის მოდგმას აკუთვნებს). ასე რომ, იოანე-ზოსიმეს კონცეფცია ქართული მოდგმის, როგორც კაცობრიობის მამხილებლის, მსაჯულის შესახებ ჯერ კიდევ პრეისტორიული ხანიდან იღებს სათავეს.

ახლა ისევ პირველთქმულს მივუბრუნდეთ. რა იგულისხმება ქართული მოდგმისა და ენის სიკვდილში, დამდაბლება-დაწუნებაში? რამდენადაც იაფეტური წინარეენა ქურუმთა, ანუ მოგვთა ენა იყო, რომლითაც ისინი სულიერ არსებებს და ტოტემებს უკავშირდებოდნენ, მას იმთავითვე საკრალური, მისტერიალური ხასიათი და დანიშნულება ჰქონდა, ხოლო იაფეტიდები, პროტო-ქართველები (იგივე პროტოევროპელები და პროტოარიელები) წარმოადგენდნენ რელიგიურ ელიტას კაცობრიობისას, სულიერი ცხოვრების ლიდერებს, უნივერსალურ კულტურტრეგერებს, რაც იოანე-ზოსიმესეული გაგებით უნდა ყოფილიყო ნამდვილი სიცოცხლე ამ მოდგმისა და მისი საკრალური ენისა, რაც გრძელდება უხსოვარი დროიდან ძვ. წ. III ათასწლეულის, ანუ კალი იუგას დასაწყისამდე. III ათასწლეულიდან კი იწყება ამ მოდგმისა და მისი საკრალური ენის პროფანირების, აღრევის, დამდაბლება-დაწუნების პერიოდი, რაც გამოიწვია კაცობრიობის მატერიაში ჩაძირვამ, ინდოევროპელთა მოძალებამ, ისტორიულმა ბედუკუღმართობამ. ამავე პერიოდში პროტო-ქართული მოდგმა იწყებს რიცხობრივად შემცირებას, რასაც სიმბოლურად განასახიერებს ნიობეს შვილების დახოცვა (ნიობე იაფეტური მოდგმის დედაა). იწყება იაფეტური მისტერიების დეკადანსი. რის გამოც ეს მისტერიები ალაგ-ალაგ არაკანონზომიერიც ხდება, ხოლო ერთიანი ფუძე-ენა განიცდის დიფერენცირებას ენებად და ენაკავებად, რაც გაგრძელებაა ბაბილონის გოდლის დაცემის შემდგომი ენათა აღრევის პროცესისა.

იოანე-ზოსიმეს გაგებით „ყოველი საიდუმლო“ ქართულ მოდგმაში და მის ენაში „დამარხულ არს“ ჯერ კიდევ იმ პრეისტორიული ხანიდან, როდესაც ქართული ენა იყო მოგვთა ენა, პირველადი მისტერიების ენა ღმერთებთან ურთიერთობისათვის შექმნილი. ამიტომაც არის შემონახული მისტერიების „ყოველი საიდუმლო“ ქართულ ენაში, ქართულ კულტურაში. ამიტომ ქართულ ენა ლაზარეა ყველა ენებს შორის, იგი პირველადი ენაა, მთავარი ენაა, ისევე როგორც ლაზარე-იოანე იყო მთავარი მოციქული იესო ქრისტესი, მოწაფე „რომელი უყვარდა იესოს“ და რომელიც იყო მისი უახლოესი სულიერი მეგობარი, იგი იყო ამავე დროს ძეობილი ღვთისმშობლისა, ისევე როგორც საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილი.

როდესაც ქვეყნად მოვიდა იესო ქრისტე, დადგა ქრისტიანული ერა. აღორძინების სტიმული მიეცათ რასებს, ერებს, ადამიანებს. ყოველივე დამდაბლებულისა და დაწუნებულის აღდგომისა და ამაღლების საწინდარი გახდა ქრისტეს იმპულსი. იოანე ნათლისმცემლის სიტყვისამებრ: „ყოველი ხევნები ამოივსოს და ყოველნი მთანი და ბორცუნი დამდაბლდნენ“ (ლუკა IV. 5). ყველაზე მეტად დამდაბლებულ და დაწუნებულ ქართულ მოდგმას, ქართულ ენას მიეცა სტიმული აღდგომისა ლაზარეს მსგავსად. ისევე როგორც ჯვართან მდგარ ლაზარე-იოანეს ჯვარცმულმა მაცხოვარმა ანიშნა ღვთისმშობელზე და უთხრა: „აჰა, დედაი შენი“, ხოლო ღვთისმშობელს უთხრა: „აჰა ძე შენი“ (იოანე 19. 26-27), ასევე გახდა საქართველო, იბერია, ღვთისმშობლის წილხვდომილი აღდგომიდან მეერგასისე დღეს, მარტვილიას. ასე რომ, ლაზარე-იოანე და საქართველო თითქმის ერთდროულად იშვილა ღვთისმშობელმა მაცხოვრის ნებისამებრ. აი კიდევ რატომ ჰქვია ქართულ ენას ლაზარე სახარებასა შინა!

„და ენაი ესე შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა“ კურთხეულია ჯერ კიდევ ბიბლიაში, დაბადების წიგნში, სადაც შექებულია სემისა და იაფეტის კეთილშობილება, მშობლის პატივისცემა, რომელთაც დაფარეს თავიანთი ნასმურევი მამის, ნოეს სირცხვილი, რისთვისაც შეჩვენებულია ქამის მოდგმა, ქანაანი (დაბად. 9. 32, 33). იაფეტის ძენი მოსოხი, თუბალი, იოავანი მოხსენიებულნი არიან მომავლის კურთხეულ ხალხთა შორის (ესაია, 66. 19). ხოლო სახელი „იოანე“, მოდის „იოავანიდან“, იაფეტური მოდგმის თავკაციდან.

რომელი მოდგმის ხალხები უნდა ჩაითვალონ წამყვანად ქრისტიანობის განვითარებაში? იოანე-ზოსიმეს კონცეფციით, ეს ხალხებია ქართველური და ინდოევროპული (ბერძნული) მოდგმის ხალხები, ვინაიდან სემიტურმა ხალხებმა პირველ საუკუნეშივე შეასრულეს თავიანთი როლი ქრისტიანობის აღმოცენებისა და დაფუძნებაში, მაგრამ შემდგომ საუკუნეებში მათი მისსია აღარ გაგრძელებულა ამ მიმართულებით. ქართველური მოდგმის ხალხებმა კი იტვირთეს ძირითადი როლი როგორც ეგზოტერული, ასევე ეზოტერული ქრისტიანობის, როგორც თეოლოგიის, ისე თეოსოფიის განვითარებაში. აღმოსავლეთის ეკლესიის უდიდესი ბურჯები წმ. გიორგი კაპადოკიელი, წმ. ნიკოლოზ მირონ-ლუკიელი (ლიკიელი). კაპადოკიელი მამები: ბასილი დიდი, გრიგოლ ნაზიანზელი, გრიგოლ ნოსელი და მრავალნი სხვანი იაფეტური, ქართველური მოდგმისანი იყვნენ. ხსენებული მამების ბერძნულენოვნება კიდევ უფრო ნათლად მეტყველებს ქართული ენის „დამდაბლება-დაწუნებაზე“ იმ ეპოქაში. ქრისტიანული თეოლოგიისა და თეოსოფიის უდიდესი ბურჯი იყო პეტრე იბერი, არეოპაგიტული ტრაქტატების ავტორი. ეს ტრაქტატები საფუძვლად დაედო როგორც აღმოსავლეთის, ისევე დასავლეთის ეკლესიების ღვთისმეტყველებას, მისტიკას, აგრეთვე ეზოტერულ ქრისტიანობას. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ მისიონერული მოღვაწეობაც კაპადოკიელ და ქართველ ქრისტიანებს უფრო ახასიათებთ, ვიდრე ბერძნებს.

ეზოტერული ქრისტიანობის უმთავრესი მიმდინარეობაა გრაალის ქრისტიანობა, რომელიც აღმოცენდა კელტიბერული მოდგმის ხალხებში, პირინეებში, ლანგდოკსა და პროვანსში, ხოლო აქედან გავრცელდა მთელს ევროპაში.გრაალის ძიება იგივე ოქროს საწმისის ძიებაა, რომელსაც „კლასიკურ გრაალსაც “ უწოდებენ მეცნიერებაში, როგორც ზემოთ აღვნიშნე. ოქროს საწმისი ანტიურ მისტერიათა კულტურის სიმბოლოა, გრაალი კი ქრისტიანული მისტერიებისა. ოქროს საწმისის კულტურა ქართველურმა, კოლხურმა ტომებმა შექმნეს, ხოლო გრაალის კულტურა მათმა მონათესავე დასავლეთის კელტიბერიულმა ტომებმა. შუასაუკუნეებში გრაალი დასავლეთ ევროპიდან საქართველოში იქნა ფარულად გადმოტანილი, რაც აღნიშნულია მეფე-ხუცეს იოანეს შესახებ ლეგენდაში, რომელსაც ჯვროსნული ქრონიკები დავით აღმაშენებელთან აიგივებენ. ქართულ, კერძოდ ფშავ-ხევსურულ ფოლკლორში აირეკლა გრაალის ინიციაციის მოტივები, წმ. გიორგის და მისი ძმადნაფიცი ღვთისშვილების მიერ ქაჯავეთიდან სამძივარის წამოყვანისა და თასის წამოღების მოტივში, რაც საფუძვლად დაედო რუსთაველის ვეფხისტყაოსანს, გრაალის პოემების მონათესავე ქართულ პოემას. გელათი გრაალისადმი მიძღვნილი ტაძარია, რომლის ფრესკული მოტივები ასახავენ გრაალის მისტერიებს. ყოველივე ეს სიმბოლურად აირეკლა აგრეთვე ბაგრატიონთა სამეფო გერბზე, რომელზედაც გამოსახულია დავითის ქნარი და შურდული (იესიან-დავითიანობის სიმბოლო), წმ. გიორგი, ქრისტეს საუფლო კვართი (შიდა სამოსი) და წმ. გრაალის სფერული ბარძიმი (ეზოტერული ქრისტიანობის სიმბოლოები).

როგორც აღინიშნა, იოანე-ზოსიმე წმ. ნინოს, ქართული ქრისტიანობის სიმბოლოს, ლაზარეს დას, მარიამს ადარებს, ვინაიდან მარიამის გზაა ქრისტიანობის სულიერ-ჭვრეტითი ხაზის განვითარება, თეოსოფია და ეზოტერიზმი. ასევეა შადარებული ნინო მარიამთან „მოქცევაი ქართლისაი“-ში, სადაც ზაბილონ ეუბნება მას: „ხოლო შენ მარიამ მაგდალინელისა შური აღიღე ქრისტეს სიყვარულისათვის და დათა მათ ლაზარესთა“ (ქართლის ცხოვრება, 1955. ტ.I . გვ. 76).

გარდა ამისა, ნინოსთვის ანგელოსის მიერ გადაცემულ წიგში ერთ-ერთი მუხლი ზ. ასეთია: „რამეთუ ფრიად უყუარდა მარიამ უფალსა, რამეთუ მარად ისმენდა სიტყვასა მისსა ჭეშმარიტსა“ (გვ. 87). ასე რომ, წმ. ნინოს შედარება მარიამთან ზოგადი ტრადიცია ყოფილა ქართულ ეკლესიაში და მწერლობაში, ამის გამო „ქებაის“ „ახალ ნინოში“ რომელიღაც სხვა ნინოს ძიება გზააბნევაა. ბერძნული ქრისტიანობის მისსია კი, რომლის სიმბოლოც არის ჰელენე დედოფალი, ძეგლში მართასთან არის შედარებული, ვინაიდან ბერძნულმა მოდგმამ შექმნა სახელმწიფოებრივი ქრისტიანობა, სოციალური ქრისტიანობა და ეგზოტერული ღვთისმეტყველება. შემთხვევითი როდია აგრეთვე, რომ ქართული მოდგმა მოაქცია სწორედ იაფეტურ-მოსხურ-ზანური კაპადოკიიდან გამოსულმა ქალწულმა წმ. ნინომ, ხოლო წმ. გიორგი კაპადოკიელი უმთავრესი წმინდანია საქართველოს ეკლესიისა, იგი არის აგრეთვე ეროვნული ღვთაება ქართველი ხალხისა, ქრისტესა და სამების ატრიბუტების მატარებელი.

ქრისტიანობის ქველი მისსია იმაშიც გამოვლინდა, რომ მან შეარიგა სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებული ქართველური და ინდოევროპული მოდგმის ხალხები, დაამყარა მათ შორის ჰარმონია და აწ ისინი გვევლინებიან როგორც ორნი დანი, წმ. ნინო და ჰელენე დედოფალი, ერთი იდეალისა და ერთი მიზნის მსახურნი მთელი კაცობრიობის საკეთილდღეოდ. ასე სწამს იოანე-ზოსიმეს.ქართული მოდგმის, ქართული ენის კურთხეულობისა და ღვთისმშობლის წილხვდომილობის იდეა მარტოდენ ქართული მესსიანიზმის შედეგი არ გახლავთ, როგორც ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია. ამ იდეას იზიარებდნენ ბერძნული და რუსული ეკლესიებიც, როგორც ამაში ქვემოთ დავრწმუნდით. მაგალითად, ბასილი ფილოსოფოსის „ილირიონ ქართველის ცხოვრებაში“ ვხვდებით ასეთ ადგილს: როდესაც წმ. ილარიონ ქართველი და მისი თანმხლებნი ულუმბოს მონასტრის მამასახლისმა (იკონომოსმა) გააძევა ეკვდერიდან ვითარცა არაბერძენნი, მან მასვე ღამეს იხილა ჩვენებით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, რომელმაც უთხრა: „რაისთვის საწყალობელო, დიდი იგი მოღუაწე ილარიონ და მისთანანი უპატიოდ განასხენ… ჰგონებ ვითარმედ ელინთა ენაი მარტოდ შეწყნარებულ არს, ვითარ არა უწყი ვითარმედ ყოველთაგან ნათესავთა, რომელიცა არს მოშიში უფლისა და მოქმედი მცნებათა მისითა, სათნო მისა არს იგი, არა ჰხედავ, რაოდენნი ნათესავისაგან მათისა სათნო ეუყუნეს ღმერთსა, ვითარ საწყალობელო უცხო ჰყავ თავი შენი, ლოცვისაგან მეგობრისა ჩემისა და კურთხევისაგან მისისა, რამეთუ რომელი ამათ არ შეიწყნარებს, იგი მტერი არს ჩემი“. ვგონებ ნათელია, რომ ამ სტრიქონების ავტორს, ეროვნებით ბერძენს, სწამდა ივერიის წილხვდომილობა. უფრო ადრინდელი ძეგლი კვიპროსის მთავარეპისკოპოსის არკადის მიერ აღწერილი „ცხოვრებაი სვიმეონ მესვეტისა“ მოგვითხრობს, რომ სვიმეონ მესვეტემ „განკვირვებასა შინა იხილა ერი დიდძალი ფრიად მამათა და დედათა და ყრმათაი და აქუნდა ხელთა მათთა ჯვრები და მოვიდოდეს იგინი აღმოსავლეთით მისსა და სული წმიდაი ჰფარვიდა მათ“, შემდეგ სულიწმიდამ უჩვენა მას, რომ „ესე არს ნათესავი ქართველთაი“. მეორე დღეს მართლაც მოვიდნენ მასთან ქართველები ჯვრებით ხელში (კ. კეკელიძე, ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები, კიმენი, I ტფილისი, 1918, გვ. 260). უთუოდ ამ ხილვამ განაპირობა ის, რომ სვიმეონ მესვეტე დაუმეგობრდა ქართველებს, ხოლო შემდგომში საქართველოში წარმოგზავნა ათსამმეტი „ასურელი“ მამა ქრისტიანობის საქადაგებლად და განსამტკიცებლად. ამრიგად, ამ ძეგლში სულიწმიდა გვევლინება საქართველოს მფარველად, სულიწმიდის მიწიერი გამოცხადება კი ღვთისმშობელია, როგორც დავინახეთ. ასე რომ, საქართველოს წილხვდომილობის იდეის გამოძახილს ჯერ კიდევ სვიმეონ მესვეტის „ცხოვრებაში“ ვხვდებით (ძეგლი მეშვიდე საუკუნეს ეკუთვნის).

ახლა ვნახოთ, როგორი ტრადიცია ჰქონდა ამასთან დაკავშირებით რუსულ ეკლესიას. ცნობილია ქართველი და რუსი ბერების მეგობრობა და ურთიერთთანამშრომლობა ათონის ივერთა მონასტერში, რომელთაგან მრავალნი ქართველობდნენ და ათონის მონასტრებში რჩებოდნენ სამოღვაწეოდ, როგორც მაგალითად იოანე რუსყოფილი (იხ. კირიონ კათალიკოსის „ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში“. რუს. ენაზე, ტფილისი, 1910 წ.).

ცნობილი ძველსლავიანური დაუჯდომელი (აკათისტი) ივერიის ღვთისმშობლისა, პორტაიტისასი, რომლის ბოლო რედაქცია XVII საუკუნეს ეკუთვნის, მოგვითხრობს ივერიის წილხვდომილობაზე, ათონის ივერთა მონასტრის დიდებაზე, წმ. ექვთიმეს ოქროპირობაზე, წმ. თორნიკეს უძლეველობაზე, წმ. გაბრიელ ხატის მიმრქმელზე და აგრეთვე ივერთა მოდგმის მომავალ დიდებაზე, ისევე როგორც იოანე-ზოსიმეს „ქებაი“. დაუჯდომელის პირველსავე იკოსში ნათქვამია: „ანგელოსი წინაშემდგომელი გაეგზავნა ღვთისმშობელს, როდესაც მას წილად ხვდა სამოციქულო მოღვაწეობა ივერიის მიწაზე: „ნუ განეშორები იერუსალიმს, შენი წილხვდომილი ქვეყანა განბრწყინდება უკანასკნელ დღეებში (ე. ი. მეორედ მოსვლის წინ), შენ კი უნდა იღვაწო სხვა ქვეყნებში, სადაც წარგგზავნის უფალი“. შემდეგ დაუჯდომელი მოგვითხრობს: „იმეია პრომიშლენიე ო ჟრებიი სვოემ, ლიუდიახ ივერსკიე ზემლი, უსტროილა ესი ვ მესტე, პრისტანიშჩე იშჩუშჩიმ სპასენიე, ხოტია დაროვატი ეი ვ შჩიტ ი ოგრაჟდენიე იკონუ სვოიუ… პროპოვედნიკა ტვორია გავრიილა ვოლი სვოეა, რეკლა ესი კ ნემუ ვლადიჩიცე: ნე პრიიდოხ ხრანიმა ბიტი ოტ ვას, ნო და ბუდუ აზ ხრანიტელნიცა ვაშა ნე ტოკმო ვ ნასტოიაშჩემ, ნო ი ვ ბუდუშჩემ ვეცე, სე დაიუ ვამ ზნამენიე: დონდეჟე ზრიტე ვ მონასტირე იკონუ მოუ, ნე ოსკუდეეტ ვამ ბლაგოდატ სინა მოეგო ი მილოსტ და ვოპიუტ ესი ალილულია“. იკოსი 3 კონდაკი ამავე ტრადიციიდან გამომდინარე ეხმაურება აგრეთვე იოანე-ზოსიმეს XVIII საუკუნის რუსი წმინდანი სერაფიმ საროველი, რომლის თქმითაც, მრავალი ერი აღიხოცება პირისაგან მიწისა, მაგრამ ივერია, ვითარცა ღვთისმშობლის წილხვდომილი, იარსებებს ქვეყნის დასასრულამდე, ივერიის წილხვდომილობის იდეა გვხვდება აგრეთვე დავით გარეჯელის ძველ სლავურ დაუჯდომელში.

პატრიარქმა ნიკონმა (XVII)ივერიის ღვთისმშობლის ხატის პირი დიდი პატივით გადმოასვენებინა რუსეთში. შეუქმნა მას სპეციალური ტაძარი („ნოვაია ივერსკაია ობიტელ“), ხოლო ამჟამად იგი დასვენებულია მოსკოვში სოკოლნიკის აღდგომის ტაძარში და აქვს სპეციალური სადღესასწაულო დღე (12 თებერვალი). ამის გამო ივერიის ღვთისმშობლის ხატი ერთ-ერთი უმთავრესი სიწმინდეა რუსული ეკლესიისა, იგი უდიდეს როლს ასრულებდა ოფიციალურ კულტშიც, რაც იქიდანაც ჩანს, რომ ოფიციალური საკულტო ცენტრის, მოსკოვის კრემლის ერთ-ერთ უმთავრეს კარიბჭეს მის პატივსაცემად ივერიის კარიბჭე ეწოდება (ივერსკიე ვრატა).

ახლა ვნახოთ, რას ნიშნავს „ოთხმოცდაათოთხმეტი წელი ქრისტეს მოსვლითგან ვიდრე დღესამომდე“, რომელიც სასწაულად აქვს ქართულ ენას „უმეტეს სხვათა ენათა“. იყო ცდები „ოთხმოცდაათოთხმეტის“ გადამწერის შეცდომად გამოცხადებისა, მისი 104-შთ შეცვლისა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ რატომღაც მინცდამაინც მიაჩნდათ, რომ ამ რიცხვის ხსენება ნიშნავს ქართული კალენდრის მეტობას სხვა კალენდრებზე. ამ გზააბნევას კი იწვევდა სიტყვა „უმეტესის“ არასწორი, მხოლოდ თანამედროვე მნიშვნელობით გაგება. ძეგლში ნათლად წერია, რომ „ოთხმოცდათოთხმეტი“ სხვა ერების კალენდრებზე მეტნაკლებობას კი არ გულისხმობს, არამედ გარკვეულ თარიღს ქრისტეს მოსვლის შემდგომ. რაც შეეხება გამოთქმას „უმეტეს“ ძველ ქართულში მხოლოდ მომატებულობას, დამატებულობას როდი ნიშნავს, არამედ უპირატესობასაც (იხ. ი. აბულაძე, ძვ. ქართული ენის ლექსიკონი). ასე რომ, „უმეტეს სხვათა ენათა“ ნიშნავს სიტყვასიტყვით: „სხვა ენებზე უპირატესობით“. ახლა განვიხილოთ წინადადება მთლიანობაში: „და ესე ენაი, შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსლვისა უფლისასა და საწაულად ესე აქუს: ოთხმოცდაათოთხმეტი წელი ქრისტეს მოსლვითგან ვიდრე დღესამომდე“. ე. ი. ავტორს სურს გვამცნოს: ქართული ენის უპირატესობა სხვა ენებთან ის არის, რომ მას დღემდე სასწაულად აქვს ქრისტიანული წელთაღრიცხვის თარიღი 94 წელი. რა წელია ეს? ეს არის იოანეს აპოკალიპსისის შექმნის თარიღი, რომელიც დღევანდელი მეცნიერების მიხედვით 94-95 წლებში დაიწერა და შესაძლოა იოანეს სახარებისაც, რომელიც აგრეთვე 90-100 წლებს შორის უნდა იყოს შექმნილი. შესაძლოა იოანე-ზოსიმეს დროს არსებობდა უფრო ზუსტი ცოდნა ამ თარიღის შესახებ. ამიტომაც არის ეს თარიღი უაღრესად მნიშვნელოვანი ლაზარე-იოანესათვისაც და მაშასადამე ქართული ენისთვისაც, რამეთუ ამ წელს აღსრულდა ის, რაც იწინასწარმეტყველა იესო ქრისტემ ლაზარეს დაძინებისას: „სნეულებაი ესე არა არს სასიკვდინე, არამედ დიდებისათვის ღმრთისა, რაითა იდიდოს ძე ღმრთისაი მისგან“ (იოანე 11. 4). ძე ღმრთისაი იდიდა იოანეს სახარებაში და აპოკალიპსისში ლაზარე-იოანეს მიერ, ამიტომ არის ეს წელი სასწაული მისთვისაც და ქართული ერისთვისაც. ამაშია ლაზარეს უპირატესობა სხვა მოციქულებთან და ქართული ენის უპირატესობა სხვა ენებთან შედარებით, ვინაიდან იოანეს სახარებასა და აპოკალიპსისში გახსნილია ლაზარე-იოანეს მისსია, რომელიც იოანე-ზოსიმეს თვალსაზრისით უღრმესად არის დაკავშირებული ქართული მოდგმის, ქართული ენის მისსიასთან, გარდა ამისა თავად „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ სხვა არაფერია თუ არა და ეგზეგეზა იოანეს სახარებისა და აპოკალიპსისისა.

ამის გამო ბუნებრივია, რომ ავტორი ესოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ თარიღს. იოანეს სახარებამ და აპოკალიპსისმა იგავურად გამოაცხადა, ხოლო იოანე იოანე-ზოსიმემ განმარტა, რომ ქართული მოდგმა, ქართული ენა შემკულია და კურთხეული სახელითა უფლისაითა, ლაზარე ერთა და ენათა შორის, ოთხი დღის (4 ათასი წლის) მკვდარი, დამდაბლებული და დაწუნებული, რომელმაც უნდა აღასრულოს ქრისტესათვის არნახული მოწამეობა, მომავალში აღდგება, დაიბრუნებს უნივერსალურ პოზიციას კაცობრიობის სულიერი მოძღვრისას, ხოლო ქრისტეს მეორედ მოსვლისას გახდება მამხილებელი (მსაჯული) ცოდვილი კაცობრიობისა, რითაც აღასრულებს ქრისტე-მიქაელის და სულიწმიდა-გაბრიელის მისსიას, რასაც სიმბოლურად ასახავს დავითის VI ს. სტელლებზე გამოსახული მიქაელისა და გაბრიელის მიერ ქართული ანბანის ამაღლება-განდიდება.

სექტემბერი 24, 2010

ზვიად გამსახურდია: მითების თარგმანებანი

Filed under: Uncategorized — ტეგები:, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , — georgianeli @ 11:55 PM


“მითოლოგიაში მოცემულია კოსმიური და ადამიანური ყოფის არქეტიპული მოდელები. სწორად გაშიფრული მითი ადამიანური ცხოვრების მრავალ საიდუმლოს ხდის ფარდას”.

“ძველბერძნული მითოსი სინამდვილეში არის არა ძველბერძნული, არამედ პელაზგური მითოსი. ამას აღნიშნავდა დიდი გერმანელი ფილოსოფოსი შელლინგი და პელაზგურ ეპოქას საბერძნეთის განვთარებაში იგი განმარტავდა, როგორც საბიზმს ე.ი. ნათელხილვითი სიბრძნის ეპოქას”.

“მეცნიერებაში მიღებული თვალსაზრისია, რომ ტიტანები და გმირები ეკუთვნიან არაბერძნულ, წინაბერძნულ სამყაროს და წარმართავენ თავდაპირველად პელაზგურ კულტურას, ხოლო შემდეგ-შემოსულ აქაველთა კულტურას. ტიტანები და გმირები ზეკაცებია, რომელთაც მიიღეს ღვთაებრივი მეობის ნაბერწკალი”.

“შემთხვევითი არ არის, რომ კავკასიასთან დაკავშირებულია ბერძნული მითოსის უმთავრესი მომენტები. გაიხსენეთ არგონავტების ლაშქრობა, გაიხსენეთ პრომეთეს მიჯაჭვება კავკასიის ქედზე, რაც უმთავრესი მომენტებია ბერძნულ მითოლოგიაში”.

“მითოსის პერსონაჟთა მისია, მათი სულიერი რაობა ყოველთვის მათი სახელების მიხედვით განიმარტებოდა. სახელები მითოსის პერსონაჟებისა, ღმერთების, ნახევრადღმერთების, ტიტანების, გმირების სახელები იქმნებოდა მათი არსობრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე. კერძოდ, “პრო-მეთეო” ძველბერძნულად ნიშნავს წინასწარმეტყველურ აზროვნებას, წინასწარგანჭვრეტას”.

“იაპეტოსის სახელი ზენონ ელეელის მიერ განიმარტება, როგორც ზენა სამყარო, სულიერი სამყარო. იაპეტოს ე.ი. ის, რაც მიისწრაფის ზევით, სულიერი სამყაროსკენ. ე.ი. პრომეთე არის ზენა სამყაროს, სულიერ სამყაროს ძე, ანუ წინასწარმეტყველური აზროვნება”.

“ზევსი-პერსონიფიცირებული სახე ინდოევროპული კაცობრიობისა, მიმართავს პრომეთეს-პერსონიფიცირებულ სახეს პელაზგური, ანუ პროტოიბერიული კაცობრიობისას. “იაპეტოსის ძეო, უკეთილშობილესო ყველა მეუფეთა შორის, ყველაზე დიდო მცნობო მომავლისა, მეგობარო, რად დაანაწილე ხარი ამგვარად?” ზვიად გამსახურდიასეული თარგმანება: ” პრომეთე და მისი მიმდევარი ქურუმები მოატყუებენ ზევსს და მის ქურუმებს სამსხვერპლო ხარის დანაწილებისას. ეს მოტყუება სიმბოლოა იმისა, რომ მათი ინტელექტი უფრო განვითარებულია, რომ ის უფრო მაღლა იდგა მათ კულტურაზე. უფრო მაღლა იდგა შესაბამისად აზროვნებითი კულტურაც”.

“(ეთნოლოგიურ ასპექტში) პრომეთე არის სიმბოლო იმ მოდგმისა, იმ ხალხისა, რომელმაც უნდა განავითაროს მისტერიათა კულტურა, რომელიც არის შემქმნელი მისტერიათა კულტურისა და ყოველივე იმისა, რაც მოდის ამ მისტერიათა კულტურიდან. სახელდობრ, სულიერი განვითარებისა, ინიციაციისა და სულიერი აზროვნების”.

“ერთ-ერთი მთავარი ახსნა პრომეთეს მითისა კაცობრიობის ევოლუციაში, აზროვნების ევოლუციაში არის ის ეტაპი, როდესაც აზროვნება მიეჯაჭვება ადამიანის ფიზიკურ სხეულს-ადამიანის სულის ფიზიკურ სხეულში ჩამოსვლასთან ერთად და არის დატყვევებული ამ ფიზიკურ სხეულში, ხოლო გათავისუფლება პრომეთესი, რომელიც მიჯაჭვულია კავკასიის ქედზე, არის გათავისუფლება ამ აზროვნებისა სხეულებრივი საწყისისაგან. გათავისუფლებული პრომეთე არის გათავისუფლებული წინასწარმეტყველური აზროვნება, ხოლო მიჯაჭვული პრომეთე ადამიანის ფიზიკურ სხეულზე მიჯაჭვული აზროვნებაა.  ეს არის ეტაპი კაცობრიობის ევოლუციაში, რომელიც ცნობილია ადამიანური არსების, სულის ჩაძირვად ფიზიკურ სხეულში, ხოლო შემდეგ ხდება მატერიისაგან სულის გათავისუფლება. ეს არის პრომეთეს მითის სპირიტუალური, ფილოსოფიური ასპექტი”.

“ოთხ ელემენტს შორის-ცეცხლი, წყალი, მიწა, ჰაერი-ადამიანის “მე”-ს თვითებას, მეობას შეესაბამება ცეცხლი”.

“პრომეთეს მიერ ციდან ცეცხლის მოტაცება  მიკროკოსმული გაგებით თვითების, მეობის შეძენაა, ხოლო ღმერთების მიერ ტიტანების ტარტარში ჩამარხვა ადამიანის სულიერ მატერიაში ჩამოსვლაა, სხეულში ჩაძირვაა და გამკვიდრებაა, რითაც იწყება ადამიანის ინდივიდუალური ცხოვრება, აზროვნება და კულტურა”.

“იაპეტოსის ძე, პრომეთე, ოდესღაც აღზევებული  ტიტანი, ღმერთებისათვის ცეცხლის (ღვთაებრივი მეობის ნაბერწკლის) მომტაცებელი, შემქმნელი და ინსპირატორი კაცობრიობის ცივილიზაციისა და აზროვნებითი კულტურისა, შემოქმედი და წანასწარმხედი მოაზროვნე, მისტერიათა კულტურის ინაუგურატორი (შემომღები) არის სიმბოლო იაფეთური, პროტოქართული, ანუ პროტოევროპული ეთნოსისა, რომელიც ჟამთა ვითარებაში დაამარცხა და გარიყა ზევსმა, ანუ ინდოევროპულმა კაცობრიობამ, მიაჯაჭვა კავკასიაზე, ანუ კავკასიით შემოზღუდა მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის არენა”.

“კავკასიონზე მიჯაჭვული პრომეთე, ანუ მაღალი ცივილიზაციის, კულტურისა და აზროვნების მატარებელი კაცობრიბა არის პროტოქართული მოდგმა კავკასიაში ლოკალიზებული, კავკასიაზე მიჯაჭვული”.

“რა არის პრომეთესეული ცეცხლი, თუ არა ცეცხლი სიყვარულისა, თავგანწირვისა? განა რად მიაჯაჭვეს პრომეთე-ამირანი კავკასიის ქედზე? იქნებ მივიჩნიოთ მითიური ტიტანი ერის სულიერ პერსონიფიკაციად”.

“(გურამ რჩეულიშვილის მთლს არსებაში ხშირად მოვარდნილი სტიქიის მსგავსად ვლინდებოდა ის პრომეთესეული ცეცხლი, რომელსაც განათლებული ევროპელები ერთხმად უწოდებენ კოლხური, ქართული ხასიათის ძირითად მახასიათებელს)”.

“პრომეთე ასახავს მისტერიათა კულტურას, რომელიც იყო პირველადი ძველ საბერძნეთში და შემდეგ ლოკალიზებული კავკასიაში, რაც სიმბოლურად ასახულია პრომეთეს მიჯაჭვით კავკასიის ქედზე”.

“პრომეთეს აწამებს ზევსის არწივი. არწივი ერთის მხრივ, სიმბოლოა სულიერი აღმაფრენისა და შემეცნებისა, ხოლო მეორეს მხრივ, ეს არის სიმბოლო იმპერიული ძლიერებისა და ძალმომრეობისა, რომელიც აწამებს პრომეთეს”.

“პრომეთეს მხსნელი არის მისი საქმის გამგრძელებელი ჰერაკლე-იგი მისტერიათა სინკრეტული კულტურის ახალ საფეხურზე ამყვანი გმირია და ეკუთვნის აგრეთვე წინარებერძნულ, პელაზგურ, იბერიულ სამყაროს, ძველიბერიულ მისტერიებს”.

“ჰერაკლე პერსევსის ძეა, რომელმაც დააფუძნა ნათლმხილველური პელაზგური კულტურა, რომელიც შემდეგ გადაიყვანა ათენელთა ჰელინურ კულტურაზე… ამავე დროს, ჰერაკლე ზევსის ძეა, ვინაიდან მან აითვისა აგრეთვე ზევსური, ე.ი. ინდოევროპული ინიციაციური კულტურაც”.

“რა არის ჰერაკლე? ეს არის ინიციაციის ახალი კულტურა, ნებელობითი ინიციაცია, ჰეროიკული ინიციაცია, რომელიც არის წინასახე ქრისტიანული ინიციაციისა”.

“ჰერაკლეს ჩვეულებრივ ლომისტყაოსნად გამოსახავენ, მცირეაზიული ლომისტყაოსანი და ვეფხისტყაოსანი გმირების კვალობაზე, რაც სიმბოლოა თვითფლობისა და მე-ს მეფური ძალმოსილებისა. მისი ზებუნებრივი ფიზიკური ძალმოსილება, მისი გმირობანი სიმბოლურად ასახავენ მისტის, ანუ ადეპტის სულიერ პოტენციებს, ნებელობის ძალას, მისი “დოდეკალიოს” (12 საქმე) 12 საფეხურია ინიციაციისა”.

” ჰერაკლეს გმირობანი სიმბოლურად უნდა გავიგოთ, როგორც ინიციაციის სხვა და სხვა საფეხური, სულიერი განვითარების სხვა და სხვა დონე, რომლის კულმინაციაც არის პრომეთეს გათავისუფლება, ანუ აზრის გათავისუფლება ფიზიკური სხეულის ტყვეობისაგან და კაცობრიობის გამოხსნა”.

“ჰერაკლეს მიერ კვერთხის დაკვრით კლდიდან წყლის აღმოცენება ითვლება ქრისტესაგან, როგორც სულიერი კლდისაგან წყლის აღმოცენების წინასახედ (1 კორ. 10.4)”.

“მითები პრომეთეს, ჰერაკლესა და არგონავტების  შესახებ განჭვრეტაა ქრისტიანობის მომავალი მისიისა. დორიულ-კოლხური ინიციაცია, რომლის მესვეურნიც არიან ხსენებული გმირები, წინასახეა ქრისტიანული ინიციაციისა. შემთხვევითი როდია, რომ დორიული ინიციაცია კოლხურთან არის დაკავშირებული, ხოლო ჰერაკლე არგონავტების ლაშქრობის ერთ-ერთი მონაწილეა…. ამაზე მეტყველებს აგრეთვე ისიც, რომ სახელი “იასონ” შინაარსობრივად უკავშირდება “იესოს” (“იასის”-წამალი, “იესო”-მკურნალი). ასე რომ, პრომეთეს, ბერძნული მითოლოგიის თვალსაზრისით, ათავისუფლებს მომავლის თეურგია, ინიციაციის ახალი კულტურა, რაც ქრისტიანული თეოსოფიის თვალსაზრისით ქრისტიანულ თეურგიას გულისხმობს”.

“ლაშქრობა კოლხეთში სიმბოლურად, იმაგინატიურად არის ლაშქრობა სულიერი სიბრძნის, მისტერიალური სიბრძნის მოსაპოვებლად, რომელიც იმჟამად შემორჩენილი იყო მხოლოდ კოლხეთში”.

“კოლხეთიდან ოქროს საწმისის გატაცება ბერძნების მიერ უნდა გავიგოთ, როგორც მისტერიალური ცოდნის წაღება, რომელიც ადრე დაჰკარგეს ბერძნებმა და იმ დროისთვის მხოლოდ კოლხეთში იყო შემორჩენილი”.

“ოქროს საწმისი, ვერძის კოსმიური სიბრძნე, ანტიკურ ეპოქაში იგივე შინაარსს ატარებს, რასაც შუა საუკუნეებში ფილოსოფიური ქვა, ან გრაალი. ოქროს საწმისს “კლასიკურ გრაალსაც” უწოდებენ”.

“აგრეთვე არგონავტების ლაშქრობა არის წაინასახე ქრისტიანული ინიციაციისა და შემთხვევითი არ არის, რომ ოქროს საწმისს სულიერ მეცნიერებაში ეწოდება კლასიკური გრაალი. ოქროს საწმისი ანტიურ პერიოდში არის იგივე, რაც შუა საუკუნეებში გრაალი და ფილოსოფიური ქვა. ფილოსოფიური ქვა და გრაალი არის აგრეთვე იდენტური ცნებები. ფილოსოფიური ქვის ძიება არის არა მარტო ფიზიკური ოქროს ძიება, არამედ სულიერი ინიციაციის ძიება, ღვთის ძიება, სულიერი ცნობიერების განვითარების გარკვეული დონის ძიება, რომელიც ანტიურ მისტერიებში, ძველბერძნულ მისტერიებში გადმოცემული იყო, როგორც ოქროს საწმისის ძიება”.

“ოქროს საწმისი ანტიურ მისტერიათა კულტურის სიმბოლოა, გრაალი კი ქრისტიანული მისტერიებისა. ოქროს საწმისის კულტურა ქართველურმა კოლხურმა ტომებმა შექმნეს, ხოლო გრაალის კულტურა მათმა მონათესავე დასავლეთის კელტიბერიულმა ტომემა”.

“პროტო-ქართველებისათვის დამახასიათებელი იყო მცენარეული ტოტემური ვაზი (ვაზის კულტი), მუხა და ცხოველური ტოტემები, ვეფხი და მგელი”.

“ვეფხის ტყავი უძველესი ტოტემური სახეა იაფეტური კაცობრიობისა, კავკასიური რასისა”.

“ცხენი ინტელექტის სიმბოლოა ძველეპიურ პოეზიასა და მითოსში”.

“ქვაბში საუნჯის პოვნა საყოველთაოდ ცნობილი სიმბოლოა მისტერიალურ სიბრძნესთან ზიარებისა”.

“გილგამეშიანში” მოცემულია ინიციაციური შემეცნების გზა პრეისტორიული ხანის შუამდინარეთის ქვეყნებისა”.

“ინიციაციის გზის ალეგორიული ასახვაა ოდისევსისა და მსგავსი გმირების თავგადასავლები. უწინარეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ “ოდისეაში” აღწერილია გმირების ქვესკნელად შთასვლა, რაც ბერძნული მსოფლმხედველობისათვის განუყოფელია ინიციაციისაგან. ეს არის წარმავლობაზე გამარჯვება, მკვდართა საუფლოში, მარადიულ სამყაროში ცნობიერი შესვლა, სულში მარადიული საწყისის გაღვიძება”.

“(ნაცარქექია) სიზარმაცისა და ბაქიაობის განსახიერება კი არ არის, როგორც ზოგიერთ კალმოსანს ჰგონია, არამედ ჭკუისა და მოხერხებისა… ნაცარქექია ქართველი ოდისევსია, იგი ახერხებს ციკლოპის მოტყუებას და დამარცხებას. ოღონდ კარგი იქნებოდა, თუ მის შესახებ მსჯელობას განვავითარებთ და მასში მხოლოდ პოლიტიკურ მებრძოლს და დიპლომატს კი არ დავინახავთ, არამედ სულიერ პლანში მებრძოლს უნივერსალურ ბოროტებასთან. იგი მედიტატორია და მოაზროვნე, იგი ჭვრეტითი ნატურაა (ნაცარი აზრის სიმბოლოდ იშიფრება ვყელა ზღაპარში). აქედანაა მისი გარეგანი პასივობა. ამ თვალსაზრისით იგი ზეეროვნული სახეა, ზოგადსაკაცობრიო სახე… ალბათ, ამიტომაც დაუკავშირა მღვდელმა გრიგოლ ფერაძემ ნაცარქექია წმინდა გიორგის სახეს”

წიგნიდან: “აირჩიე, ქართველო ერო!” ზვიად გამსახურდიას გამონათქვამები

ივლისი 28, 2010

ზვიად გამსახურდია – ეროვნება არა აქვს ცხოველს

ინტერვიუ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდიასთან:

სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში

როცა სადღაც აფრიკაში ამხობენ მორიგ დიქტატორს, დაახლოებით ბოკასას ტიპისას, კაციჭამიაობაში მხილებულს, დასავლეთის განვითარებული ქვეყნების მთავრობები ამას განიხილავენ, როგორც “ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლების უხეშ დარღვევას” და დიქტატორის საწინააღმდეგოდ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჯარებს გზავნიან. მაგრამ როცა საქართველოში იარაღის ძალით დაამხეს კანონიერი ხელისუფლება, მსოფლიო საზოგადოებრიობამ ეს ფაქტი შეაფასა, როგორც ქართველი ხალხის თავისუფალი ნების გამოვლინება.

იმის გასარკვევად, თუ რით აიხსნება დასავლური დემოკრატიის ესოდენი გულგრილობა სახელმწიფოს კანონიერი ხელისუფლების ბედისადმი, მივმართეთ თავად საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას.

-მთავრობები, რომელთაც თქვენ დემოკრატიულს უწოდებთ, სინამდვილეში კარგა ხანია განუდგნენ დემოკრატიას. დემოკრატია იქცა ცარიელ სიტყვად, რომელსაც თავის ნებაზე ატრიალებენ დასავლეთის მთავრობათა ამა თუ იმ პოლიტიკური ინტერესების შესანიღბავად. როცა ამ მთავრობებს სურთ გააძლიერონ თავიანთი გალენა და სამხედრო ყოფნა რომელიმე რეგიონში, თავდაპირველად ცდილობენ მოისყიდონ ამ ქვეყნის ხელისფლება და თუ წინააღმდეგობას წააწყდნენ, უბრალოდ, ამხობენ მას. ასეთ შემთხვევაში მათთვის არა აქვს მნიშვნელობა დამხობილი რეჟიმის ხასიათს: დემოკრატიულია იგი, თუ ავტორიტარული. ეს მტაცებლური მიდგომა სხვა ქვეყნებისადმი დღეს საბოლოოდ დამკვიდრდა ნატოს სახელმწიფოებში.

აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ყველაზე მძლავრი სახელმწიფოები უკვე აღარც კი ცდილობენ შენიღბონ თავიანთი ზრახვები და აშკარად და ცინიკურად თრგუნავენ სხვა ხალხთა ნებას. სწორედ, ეს მოხდა საქართველოში.

ბატონო პრეზიდენტო, რას წარმოადგენენ ეს მსოფლიო ძალები, ესოდენ თავისუფლად რომ ერევიან უცხო სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში?

— კაცობრიობის მტრებს-ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით: ისინი მიზნად ისახავენ ყველა სხვა ხალხის გენოციდს; პლანეტის მთელი მოსახლეობის ერთი განსაზღვრული ჯგუფის გამოკლებით. ეს ჯგუფი მჭიდროდ არის დაკავშირებული შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან და მთელი ძალით მიილტვის მსოფლიო ბატონობისაკენ. ძოგადად, მე მას ევროამერიკულ იმპერიალიზმს ვუწოდებდი. მთავარ დამკვრელ ძალას მასში წარმოადგენს აშშ. შეიძლება ითქვას, სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში იმართებოდა ოკეანის გაღმიდან. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯ. ბეიკერის პირადი მონაწილეობით და ბუშის ლოცვა-კურთხევით.

ბეიკერმა პირდაპირ მოუწოდა პუტჩისადმი საქართველოს ბანდიტურ-ოპოზიციურ დაჯგუფებებს (ამერიკაში ჩინებულად იცოდნენ, რომ ოპოზიცია საქართველოში კრიმინალური მაფიისა და ყოფილი პარტოკრატებისაგან შედგებოდა). ბეიკერმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ უჭერდა მხარს საქართველოში არსებულ რეჟიმს და არაფრით დაეხმარებოდა მას. სცენარი გადატრიალებისა, რომელიც აშშ-მ მოაწყო საქართველოში, ადრე არაერთგზის გამოუყენებია ამ ქვეყანას პლანეტის სხვა რეგიონებში.

— რით ვერ დაიმსახურა თქვენმა ხელისუფლებამ დასავლეთის კეთილგანწყობა?

— ჩვენ მივესწრაფვოდით დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას, არ დავემორჩილეთ დასავლური სახელმწიფოების დიქტატს, არ ვიქეცით მათი ინტერესების მსახურად, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ არ დავუშვით, რომ საქართველო დასავლეთის კოლონიად ქცეულიყო.

დასავლეთს კი მხოლოდ ისეთი ხელისუფლება აძლევდა ხელს, რომელიც უსიტყვოდ აღასრულებდა მის ნებას. ეს იქცა ერთ-ერთ მიზეზად სამხედრო გადატრიალებისა და ხელისუფლებაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (ცრუ) აგენტისა და ევროამერიკული იმპერიალიზმის პირდაპირი აგენტის მოსვლისა.

მაგრამ დასავლეთის წყრომას ჩვენს მიმართ კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა. სახელმწიფოს სათავეში მოსულნი, ჩვენ ვესწრაფვოდით ეროვნული კულტურის აღორძინებას, ხალხის შეკავშირებას ეროვნული სულისკვეთებით, რათა მას მთელი სიღრმით გაეცნობიერებინა, რომ გაცილებით ძველი ისტორია აქვს, ვიდრე ბევრ ევროპელ ხალხს… ჩვენი პოლიტიკის ეს ეროვნული ორიენტაცია არ იწვევდა სწორედ საერთოევროპული სახლის მესვეურთა აღტაცებას, რადგან ოფიციალური დასავლეთი (მხედველობაში მაქვს ხელისუფლებანი და არა ხალხები) ებრძვის ყოველგვარ ეროვნულ მოძრაობას. მათი მიზანია, გაანადგურონ ერის ნება საერთოდ და შექმნან ერთიანი მსოფლიო კონგლომერატი, სათავეში-მსოფლიო ხელისუფლებით. ამ მსოფლიო მთავრობამ უნდა განაგოს ქვეყნიერება და დაამყაროს ე.წ. ახალი მსოფლიო წესრიგი. ახალი მსოფლიოს წესრიგის არსია: განადგურება ყველა სახელმწიფოს (ქრისტიანული იქნება ის თუ მუსულმანური, რელიგიას  ისინი არ ანიჭებენ ნმიშვნელობას) დამოუკიდებლობისა, გენოციდი ამ ქვეყნების მოსახლეობისა და საბოლოო დამორჩილება მთელი პლანეტისა.

ძალები, რომელთაც ეკისრება მსოფლიო ხელისუფლების ბატონობის შემზადება, სხვა ქვეყნებს განიხილავენ მხოლოდ რესურსების თვალსაზრისით. მათი მიზანია, ეს ქვეყნები თავიანთი ხალხებით, მთავრობებით, კულტურებითურთ აქციონ უბრალოდ ტერიტორიებად, სადაც მოსახლეობას დატოვებენ მხოლოდ მსოფლიო ელიტისათვის საჭირო რაოდენობით. ამასთან, სრულიად დემორალიზებულს, მზადმყოფს მისი ინტერესების სამსახურისადმი. ამ ზრახვათა განცხორციელებას მხოლოდ ხალხთა ეროვნული თვითშეგნება და ეროვნული სახელმწიფოების შექმნა შეიძლება აღუდგეს წინ. ამიტომ ებრძვის დასავლეთი ეროვნულ მოძრაობებს, ამიტომ ცდილობს ეთნიკური კონფლიქტების გაჩაღებას და ომების პროვოცირებას. მაგალითად, იუგოსლავიაში მიმდინარე ომი მათი ნამოქმედარია. ეს შემთხვევით სტიქიურად აალებული კონფლიქტი კი არ არის, არამედ მიზანმიმართულად გაჩაღებული ომი, რომელშიც უნდა დაიფერფლოს ეროვნული იდეის მატარებელი ხალხი. დღეს დასავლეთს იუგოსლავიის მოდელი დასავლეთიდან გადააქვს კავკასიაში, ხელოვნურად მწვავდება ეროვნებათაშორისი დაძაბულობა. შემდგომში ხან აქ, ხან იქ აფეთქებული ლოკალური კონფლიქტები დასავლეთს მისცემენ საბაბს პირდაპირი სამხედრო ჩარევისათვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძალთა სახით. სულ ახლახან გაკეთდა განცხადება, რომ ნატო ქმნის სწრაფი რეაგირების ძალებს, ასი ათასი კაცის შემადგენლობით, რომელიც ჩაერევა მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში მიმდინარე მოვლენებში. ფრიად საყურადღებოა, რომ ამასთან დაკავშირებით მოხსენებულ იქნა კავკასია და იუგოსლავია.

— ბატონო პრეზიდენტო, თქვენ განზრახული გქონდათ ისეთი სახელმწიფოს აშენება საქართველოში, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა ეროვნული ინტერესებისაკენ. რა მიგაჩნიათ უმთავრეს პირობად ეროვნული სახელმწიფოს აშენებისათვის?

— პირველ რიგში, აუცილებელია შემუშავება ისეთი მექანიზმისა, რომელიც უზრუნველჰყოფს ქვეყანაში მოსახლე ყველა ეროვნების ურთიერთთანხმობის მიღწევას, ეროვნულ უმცირესობათა უფლების განუხრელ დაცვას.

ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ შინაგანი სტაბილურობის მიღწევა შეუძლებელია ძალადობისა და ეროვნულ უმცირესობათა დათრგუნვის გზით. აუცილებელია გადასვლა ერთ სახელმწიფოში ეროვნებათა თანაარსებობის ისეთ ფორმაზე, რომელიც ხელსაყრელი იქნება ყველასათვის, როგორც ეკონომიკის სფეროში, ისე ეროვნული კულტურის შენარჩუნების უსაფრთხოების თვალსაზრისით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო კოსმოპოლიტური ძალები, რომლებზედაც ვლაპარაკობთ, უსათუოდ შეეცდებიან რომელიმე ეროვნების უკმაყოფილება გამოიყენონ სახელმწიფოს დარღვევისათვის. ეს მათი ნაცადი და ქმედითი ხერხია. თვითგამორკვევის პრინციპი რასაკვირველია, არ უნდა დავიდეს აბსურდამდე; მაგალითად, თუ დღეს რუსეთში ვოლგისპირელმა გერმანელებმა გერმანული სახელმწიფოს შექმნა მოინდომეს, ეს ყოვლად დაუშვებელ მოთხოვნად უნდა შეფასდეს.

— რატომ ქმნიდით მაინც და მაინც ეროვნულ სახელმწიფოს? საერთოდ, რაში სჭირდება ადამიანს ეროვნება, თქვენი თვალსაზრისით?

— სწორედ, ეროვნული თვითსეგნება აქცევს ადამიანს ადამიანად. ეროვნება არა აქვს ცხოველს, სარწმუნოება და ეროვნება ის ძირითადი თვისებებია, რომელნიც ადამიანს სხვა სულიერისაგან განასხვავებენ და მისთვის ამ განმასხვავებელი თვისებების წართმევა უმძიმესი დანაშაულია ადამიანის წინაშე, დასაწყისი მისი, როგორც პიროვნების, დეგრადაციისა. დენაციონალიზაცია წინაპართა და წარსულის უარყოფა, ადამიანის სრული მოკვეთაა ეროვნული ფესვებისაგან. კაცი ადამიანურ აზრს მხოლოდ თავისი ეროვნული კულტურის წიაღში ინარჩუნებს, ამიტომ ადამიანის კულტურა განუყრელად არის დაკავშირებული მის ეროვნებასთან; იგი მშობლიური კულტურის მეშვეობით ეზიარება მსოფლიო ცივილიზაციას. ამდენად დენაციონალიზაცია ადამიანისა და დენაციონალიზაცია ქვეყნისა წყვეტენ მათ კავშირებს დანარჩენ სამყაროსთან და დაუცველს ტოვებენ მსოფლიო მასშტაბით ორგანიზებული კოსმოპოლიტური ძალების წინაშე.

რა ძალები აღუდგნენ სახელმწიფოს შექმნას თვით საქართველოში?

 

— საქართველოში ინტელიგენციის გარკვეულ ნაწილს ნომენკლატურულს უწოდებენ. კულტურის ეს მოღვაწენი დიდი პრივილეგიებით სარგებლობდნენ საბჭოურ წლებში და ახლაც ახალ პრივილეგიებს გამოდევნებულები მზად არიან ზურგი აქციონ მშრომელი ხალხის ინტერესებს. ამჯერად ისინი ე. შევარდნაძის გარშემო დაირაზმნენ. იგივე ნაწილი ინტელიგენციისა ძალზედ მჭიდროდაა დაკავშირებული ჩრდილოვანი ეკონომიკის სამყაროსთან, მაფიასთან. არსებითად, ჩვენთან, საქართველოში, მათ შორის არც არის რაიმე განსხვავება. ისინი ისე განუყრელად შეზრდიან ერთმანეთს, რომ ერთ პიროვნებაში ხშირად შერწყმულია ინტელიგენტიც და დანაშაულებრივი სამყაროს ავტორიტეტიც. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების წლებში წარმოიქმნა მთელი კლასი ასეთი ჰიბრიდებისა. სწორედ, ისინი ჩაუდგნენ სათავეში და განახორციელეს გადატრიალება.

ერთნი საქართველოში მომხდარს ახასიათებენ, როგორც “ბურჟუაზიულ რევოლუციას”, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს; საქართველოში არ არსებობს ბურჟუაზია, არის მხოლოდ მაფია და საქართველოში სწორედ “მაფიოზური რევოლუცია” მოხდა.

— რით აიხსნება დასავლეთის ესოდენ გაზრდილი ინტერესი კავკასიის მიმართ?

 

— ეს რეგიონი ძალზედ მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, კავკასიის მფლობელი ფლობს ახლო აღმოსავლეთსაც და აზიასაც. ეს, სხვათაშორის, მუდამ ესმოდათ დასავლეთის ქვეყნებს, რის გამოც ბრძოლა კავკასიისათვის უძველესი დროიდან მიმდინარეობდა მათსა და რუსეთს შორის.

წმინდა სამხედრო თვალსაზრისით კავკასია წარმოადგენს ხიდს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, რომელიც მეტად აუცილებელია ორივე მხარისათვის.

რუსეთიც კავკასიას ოდითგანვე განიხილავდა, როგორც მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ პლაცდარმს, მაგრამ რუსეთი დღეს სუსტდება და ამიტომ დასავლეთი მიისწრაფვის ხელიდან გამოსტაცოს მას ინიციატივა, თავისი გავლენა გაავრცელოს ამ რეგიონში და ბოლოს და ბოლოს მოახდინოს მისი ოკუპაცია. მაგრამ ეს შეუძლებელია კავკასიის სრული “ბალკანიზაციის” გარეშე. საკმარისია, რუსეთმა სცნოს მთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რომ მათი სახით მყისვე შეიძენს ყველაზე ერთგულ მეგობრებს, რადგან აქ მკაფიოდ განასხვავებენ ელცინსა და რუსეთის სახელმწიფოს, როგორც მფარველს დასავლური ექსპანსიისაგან.

— ბატონო პრეზიდენტო, თავად თქვენ როგორ ეკიდებით რუსეთს?

 

— ძალიან კარგად. ვიმედოვნებ, არც თქვენ აიგივებთ ელცინსა და რუსეთს! მმართველები მოდიან და მიდიან, ქვეყანა კი რჩება. მე მიმაჩნია, რომ როლი, რომელსაც დღეს რუსეთი ასრულებს კავკასიაში, არ შეესაბამება მისსავე ინტერესებს და ოკეანის გაღმიდან აქვს თავსმოხვეული.

ჩემთვის არ არის უცხო პრორუსული განწყობა. მე მუდამ მივესწრაფვოდი მჭიდრო კავშირს რუსეთთან და ვოცნებობდი, საქართველოს ჰყოლოდა ბუნებრივი მოკავშირე ამ თავისი დიდი აღმოსავლელი მეზობლის სახით. მაგრამ ეს არ აძლევდა ხელს დასავლურ სამყაროს და მის მორჩილ ხელისუფლებას რუსეთისა. ისინი განაგრძობენ ეთნიკური კონფლიქტების გაჩაღებას კავკასიაში. შედეგად, ჩვენ ვდგავართ ამ კონფლიქტების დიდ ომში გადაზრდის სავსებით რეალური საფრთხის წინაშე.

მე იმედი მაქვს კონფლიქტებში ჩათრეული ხალების; პირველ რიგში, რუსი ხალხის საღი აზრისა და გონიერებისა. ვიმედოვნებ, იგი შეიგნებს, თუ ვინ და რა ინტერესების კარნახით უბიძგებს რუს ჯარისკაცებს ახალი კავკასიური ომის უფსკრულსაკენ. ამ ომში ვერც ერთი მხარე ვერ იქნება გამარჯვებული. მხოლოდ დასავლეთი მოითბობს ხელს ახალი ომის ალზე.

მე მწამს ხალხთა სიბრძნისა. ეს არის უკანასკნელი, რამაც უნდა გვიხსნას კატასტროფისაგან.

“ნაროდნაია პრავდა”
1992 წელი
სანკტ-პეტერბურგი

zv-dj

ივლისი 1, 2010

ზვიად გამსახურდია: “მე-უოლტ უიტმანი, კოსმოსი”

უოლტ უიტმანი ერთ-ერთ ლექსში მოგვითხრობს, ვით ესწრებოდა ერთხელ ასტრონომი მეცნიერის საჯარო მოხსენებას ნიუ-იორკში. მეცნიერმა გადმოუშალა აუდიტორიას რუქები და დიაგრამები, ფორმულები და ფიგურები, ,,კოლონებივით გამწკრივებულნი”. იგი მთელი საღამო გართული იყო გაზომვით, შეკრებითა და გამოკლებით, გამრავლებით, დახარისხებით და რა დაასრულა მოხსენება, აუდიტორია მქუხარე ტაშით შეეგება მას, ხოლო პოეტი გამოუთქმელმა სევდამ შეიპყრო რატომღაც, მან დაღლილად და ავადმყოფურად იგრძნო თავი, ვერ გადაიყარა უგუნებობა, ვიდრე არ დასტოვა დარბაზი და არ გამოვიდა სუფთა ჰაერზე.

ღამდებოდა. შორს, ისტ რივერის დასავლეთით გადაჭიმულიყო ნახევარკუნძული, რომელსაც პომანოკი შეარქვეს ინდიელებმა უხსოვარ დროში. სამხრეთ ანტლანტიკის ოკეანის მოქცევები ეხლებიან მას, ჩრდილოეთიდან კი ლონგ აილენდ საუნდის წყ*ები, რომელნიც მას პურიტანული კონეკტიკუტისაგან გამოჰყოფენ. აქ დაიბადა პოეტი, აქ გაატარა ბავშვობა. გარშემო ფერმებია და სოფლები, ხვავრიელი მინდვრები. მიჰყვება პოეტი შარაგზას, პომანოკისაკენ მიმავალს. თავშიშველია, მკერდგაღეღილი. შორით მოისმის ზღვის ყრუ ხმაური და ნაგვიანევი თოლიების წივილი. ხანდახან ჩერდება, ყურს მიუგდებს გარემოს. ღამის მისტიური, ნისლოვანი ჰაერი ღრმა მდუმარებით აღავსებს მის სულს. ვარსკვლავეთში ჩაძირულა მისი მზერა. ვარსკვლავეთის სუნთქვით სუნთქავს იგი ამჟამად. და უეცრად მისი სმენა ფართოვდება, თითქოს ღრმავდება და მას მოესმის იდუმალი საყვირის ხმა, მისტიური მესაყვირე აქუხებს საყვირს ღამეულ ეთერში და პოეტის სულში იღვრება კოსმიური მუსიკის ზვირთები. უეცრად იცვლება გარემო, სადღაა ლონგ აილენდი, ურთიერთს ენაცვლებიან წარსულის სურათები.

აჰა, მოჩანან გარდასულ დროთა ბარონები თავიანთ კოშკებში, მანდილოსნები, შეჭურვილი რაინდები, წმინდა გრაალის საძებრად მავალნი, ტურნირები, ფოლადის ელვა, ცხენების ჭიხვინი, ჯვაროსანთა წყებები, ციხეთა შემოწყობა, ბერების მსვლელობანი, ჯვრის ტვირთვა, საკმევლის კმევა… ხილვა ფართოვდება თანდათანობით, ისტორიული კატაკლიზმები სხვა და სხვა ტომების, ერების, რასების, ომები, აჯანყებები, ძველის ნგრევა, ახლის შენება. მსოფლიო ტკივილი და შვება, მსოფლიო წვა და ვედრება… და შინაგანად, არნახულის სიცხოველით და სიდიადით აღმობრწყინდება პოეტის სულიერი ხილვის წინაშე სიყვარულის მზე, რომელიც დგას ამ ხილვის მიღმა, რომელიც მოქმედებს ყოველივე იმაში, რომელიც ადნობს, არღვევს და კვლავ სახედ ქმნის ყოველივეს… მაშინ მოიცავს მის არსებას სიყვარული მაარსებელი და აღმოხდება პოეტს უეცრად: `ო, მესაყვირევ! მე მეჩვენება, რომ შენ ჩემზე უკრავ! მე ვარ საკრავი შენი ამჟამად! შენ ანდობ ჩემს ტვინს, ჩემს გულს, ჩემს თირკმელს, შლი ყოველივეს და გარდაქმნი შენის ნებისებრ! ამადაც იშვის ეს საზეო აღფრთოვანება, სიყვარულის, თავისუფლების, თაყვენების საზეო შვება… კმარა მხოლოდ ყოფნა! კმარა სუნთქვა! შვება, შვება, საზეო შვება! ეს მუსიკა მარად ჩემს გარშემოა, იგი უწყვეტია, დაუსაბამო.

ეს მუსიკა მე ვარ თავად! უეცრად მძაფრდება მისი გუგუნი, გულის კარს მინგრევენ ამ მარად ხმოვანი ოკეანის ზვირთები, ღრმად იჭრებიან ჩემში, და ამ დროს იშვის ჩემი ლექსი, ვითარცა ხსნა, ვითარცა შვება, ვითარცა ლოცვა”

ამგვარად იბადება შვების პოეზია. ამგვარად იბადება შეგნება: მე უოლტ უიტმანი,-კოსმოსი. და ეს შეგნება მოიტანა სულიერი კოსმოსის მცნებამ, მისტიურმა მესაყვირემ (ლექსი ,,The mysticul trumpeter”).

ადამიანური პიროვნების ყოვლისმომცველობა, მარადიულობა აღძრავს ენთუზიაზმს პოეზიისას.  უიტმანის შემოქმედების ცენტრში ადამიანი დგას მუდამ. ადამიანი, ხატი ღვთისა, თავად მიწიერი ღმერთი, მისი ფიზიოლოგია, ფიზიოგნომიკა, მისი ზოგადი კოსმიური არქეტიპები: მარადვაჟური და მარადქალური. მის ვნებათა უსაზღვროება, პულსი და ძალა, მოქმედების თავისუფლება, რომლითაც იგი ახორციელებს ღვთის მარადჟამულ კანონმდებლობას. თანამედროვე ადამიანი, რომელიც მოითხოვს, რათა უზენაესი სრულყოფით გამოავლინოს თავისი შემოქმედებითი მეობა.

დღემდე არსებობდა საფრთხე ადამიანის დაკარგვისა, გაზავებისა მატერიალური და სპირიტუალური კოსმოსის უსაზღვროებაში. ამიტომ აუცილებელია ადამიანმა შეიცნოს სიდიადე თავისი ხატებისა. მან უნდა შეიცნოს და შეიყვაროს სხეულებრიობა ინდივიდუალურ და სოციალურ ყოფაში. საჭიროა ახალი ესთეტიკა, სხეულის ესთეტიკა. ამისთვის საჭიროა სხეულის მგოსანი. მან უნდა უმღეროს სულით განღმრთობას სხეულისას, მან უნდა უმღეროს წარმავლობასა და სიკვდილს  ს ხ ე უ ლ შ ი ვ ე  დაძლევას, მან უნდა უმღეროს  ა ხ ა ლ  ს ხ ე უ ლ ს, სულიერ სხეულს, ღმერთკაცობის უზენაეს იდეალს. ადამიანს სურს ლექსის პური, ეს არის პური არსობისა, ეს არის ყოფის განმართლება, ეს არის პოვნა წარმავლობაში, უსახობაში სრულყოფილი მშვენიერების : ,,არაფერი ისე არ გვჭირდება დღეს შტატებში, როგორც თანამედროვე პოეტი, თანამედროვეობის დიდი ლიტერატუსი. ყველა დროის, ყველა ნაციის ცხოვრების ცენტრალური პუნქტი იყო ნაციონალური ლიტერატურა, განსაკუთრებით კი მისი არქეტიპული პოემები, არქეტიპული პოემაა ინდოელთათვის ,,მაჰაბჰარატა”, ქართველთათვის “ვეფხისტყაოსანი”, იტალიელთათვის “ღვთაებრივი კომედია”, გერმანელთათვის “ფაუსტი”, ხოლო ამერიკელთათვის “ბალახის ფოთლები”.

რატომ უწოდა პოეტმა ამ თავის პოემას “ბალახის ფოთლები”?

რატომ არის ბალახი ლაიტმოტივი უიტმანის პოეზიისა? ბალახი სიმბოლოა კაცის სხეულისა (ამგვარადვე გვხვდება იგი საღმრთო წერილში და მითოლოგიაში), მაგრამ პოეტი ესაიასთან და ფსალმუნის ავტორთან ერთად როდი ამბობს, რომ სხეული ბალახია გამხმარი (რასაც ჩვენი დავითიც იმეოერებს “ხორცი მკვდარ-ხმელ ბალახი, აყვავებულად ნანახი”). ბალახი უიტმანისათვის საწინდარია სხეულის ხელახალი აღორძინებისა (რეინკარნაციისა), სხეულის სულით განღმრთობისადა აღდგომისა. ის ბალახი, რომელიც იზრდება სასაფლაოზე, საწინდარია სულთა ხელახალი სხეულებრივი აღორძინებისა, განა რად შიბილან ისინი ქვეყნად, თუ კვლავ არარაობად უნდა მიიქცენ? “ბალახი უფლის ცხვირსახოცია” “ბავშვი თავადაა ბალახი”. ბალახი იეროგლიფია ერთგვარი, სამყაროს ხელწერა, მარადჟამული მხატვრის კანვასი.

დიდი ლიტერატურა, პროფეტული ლიტერატურა – აი, რა სჭირდება დღევანდელ კაცობრიობას. ახალი ლიტერატურა, ახალი მეტაფიზიკა, ახალი პოეზია – აი, რა სურს ამერიკის დემოკრატიას.

ბუნება, ჭეშმარიტი ბუნება, ბუნების ჭეშმარიტი იდეა, რომელიც გვაკლდა დიდი ხნის მანძილზე, უნდა აღორძინდეს, უსასრულოდ გაიზარდოს, აღავსოს ლექსის ატმოსფერო. – აი, საფუძველი ესთეტიკისა. არა რომანტიული ბაღები, ჭლექიანი სახეები და ბულბულები, არამედ მთელი პლანეტა, მისი გეოლოგიური ისტორია, კოსმოსი, `რომელიც შეიცავს ყოველგვარ ნაირსხვაობას და რომელიც თავადაა ბუნება” მილიონობით ტონა ნივთიერება, მატერიის აზრი და ვნება, უნდა შენივთდეს, ჩამოყალიბდეს, სახედ იქმნას და უკვდავმა ადამიანმა უნდა აქციოს ეს ყოველივე თავისი მორალური და სპირიტუალური ცნობიერებით დიდ პოეზიად, და ამით იხსნას ხრწნადობისაგან, წარმავლობისაგან.

პოეზიას ორი ასპექტი აქვს: ერთი რომელიც უშინაგანეს “მე”-სთან არის დაკავშირებული, რომელსაც მისი სულიერი ცხოვრება აძლევს ტონს და, მეორე, რომლითაც იგი უკავშირდება გარე სამყაროს, კოსმიურ და საზოგადოებრივ ყოფას. უიტმანი ამბობს” დიდ პოეტთა უმრავლესობა იმპრესიონალურია, მე კი პერსონალური ვარ, ჩემს ლექსებში ყოველივე ჩემს გარშემო ტრიალებს, ყოველივე ჩემშია კონცენტრირებული, ყოველივე ჩემგან ასხივებს. მე მხოლოდ ერთი ცენტრალური ფიგურა მყავს, ეს არის ზოგადი ადამიანური პიროვნება, რომელიც ჩემშივეა განსახიერებული. მაგრამ ჩემი წიგნი აუცილებლობის ძალით აიძულებს მკითხველს დააყენოს თავისი თავი ცენტრალურ პოზიციაში და გადაიქცეს ყოველი სუნთქვის, ყოველი გვერდის, ყოველი სტრიქონის წყაროდ და განმცდელად”

ტორო უიტმანს ეხმიანება, როდესაც ამბობს: “მე არ ვისაუბრებდი ჩემს თავზე ამდენს, ვინმე სხვას რომ ვიცნობდე ისევე კარგად, როგორც ჩემს თავს”. მაგრამ უიტმანისათვის პიროვნული “მე” მსოფლიო მეობის განცხადებაა, მისი გამოვლენაა ცალკეულ ინდივიდში ვიცი, რომ სული ღვთისა ჩემივე სულის უფროსი ძმაა და რომ კაცნი ოდესმე შობილნი, ძმანი არიან ჩემნი… ქალნი კი – დანი და მიჯნურნი, და რომ შესაქმის საჭე არის სიყვარული. ღმერთია თავად მიჯნურთა შორის უდიდებულესი, სრულყოფილი მეგობარი, თავად კაცი იდეალური”.

“სიყვარულია საფუძველი ყოველგვარი მეტაფიზიკისა” – მიმართავს იგი სტუდენტებს, პროფესორებს, მეცნიერებისათვის თავდადებულ ადამიანებს. `ბალახის ფოთლებმა” მოულოდნელი ჭექა-ქუხილივით შეაკრთო იმდროინდელი ამერიკა. ლიტერატურული საზოგადოება აღშფოთებული იყო უწინარეს ყოვლისა იმით, რომ ამ წიგნში არნახულის ძალით გამოვლინდა სულის თავისუფლება როგორც ლექსში, ისე მორალური და სოციალური პრობლემების გაშუქებაში. ცნობილია, რომ ყველა დროის ფილისტერებს აღიზიანებდათ ხოლმე გენიის თავისუფალი გამოვლინება, რაც მათი ვიწრო დოგმების რღვევას იწვევდა მუდამ. მაშინდელი ამერიკის ლიტერატურული სიდუხჭირე და ქაოტურობა ჯერ კიდევ ედგარ პომ გაამასხარავა თავის იუმორისტულ მოთხრობაში `კაკვას ტამის, ესკვაირის ლიტერატურული ცხოვრება”, რომლის მთავარი გმირი, რედაქტორი, აღშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ `ვიღაც ბრმა მოხუცი ძველ საბერძნეთში წერდა უნიჭო პოემებს და მუზებს აწუხებდა, ხოლო ინგლისში ასეთივე ბრმა “სინათლის შესახებ წერდა პოემებს” – რაც კიდევ უფრო მეტად აღმაშფოთებელად ეჩვენებოდა მას.

ბუნებრივია, ლიტერატურულმა ფილისტრებმა ვერც ახალი დროის ჰომეროსი იცნეს. ჟურნალ-გაზეთებიდან დაიძრა ლანძღვა-გინების მთელი ნიაღვარი. მაგრამ არა მარტო ფილისტერები და გონებაშეზღუდული ადამიანები იყვნენ აღშფოთებულნი. უიტტიერმა, ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა, ცეცხლში დასწვა “ბალახის ფოთლები”! სამაგიეროდ ემერსონი მიესალმა მას მხურვალედ. ადამიანი, რომელიც ტონს აძლევდა იმდროინდელი ამერიკის სულიერ ცხოვრებას. ემერსონის “ტრანსცენდეტალიზმი” უაღრესად ენათესავება უიტმანის მსოფლმხედველობას. ემერსონი შემდეგნაირად განსაზღვრავს თავისი რეალისტური მსოფლმხედველობის არსს: “ყოველივე რეალური თვითარსულია, ყოველივე ღვთაებრივი იზიარებს თვითარსულობას ღვთისას”.

ამგვარი რეალიზმის პოზიციებიდან აშუქებს იგი მსოფლიო ისტორიას, კულტურას, მეცნიერულ და თეოლოგიურ პრობლემებს. მისთვის უცხოა ზედაპირული თვალსაზრისი ცხოვრებისეულ მოვლენებზე, მისთვის მთავარია მოვლენათა არსის წვდომა, მარადიული ძალის დანახვა არსთა და საგანთა მრავალფეროვნებაში. იგი, როგორც სასულიერო პირი, მოითხოვს გაბედულ რეფორმებს რელიგიის სფეროში. “ღმერთი აგებს ტაძარს თავისას ადამიანთა გულებში, ეკლესიებისა და რელიგიების ნანგრევებზე”- ემერსონი ამგვარად განსაზღვრავს ტრანსცენდენტალიზმის რაობას ” ტრანსცენდენტალიზმი ღებულობს მთელი სისრულით სპირიტუალურ დოქტრინას, მას სწამს სასწაული, სწამს ახალი შესაძლებლობები ადამიანური გონებისა, სულიერი ნათლისა დაძალის წვდომაში. მას სწამს ინსპირაცია და ექსტაზი. მას სურს რომ სპირიტუალურმა პრინციპებმა სრულიად, ყოველგვარი მიმართებით გამოავლინოს თავისი თავი ადამიანთა ყოფაში და გამორიცხოს ყოველივე არასპირიტუალური, ე.ი. ყოველივე პოზიტიური, დოგმატური ან პიროვნული*(ვიწრო, ეგოისტური გაგებით(ავტ)). ასე რომ, ინსპირაციის სულიერი საზომი არის სიღრმე აზრისა”.

და აჰა, გამოჩნდა პოეტი, რომლის შემოქმედებაც დიდებული დადასტურებაა ყოველივე ამისა. ემერსონი მაღალ ნდობას უცხადებს პოეტის ხილვებს, იმ ახალ სულიერ სამყაროს, რომლის მაცნედაც მოევლინა კაცობრიობას ეს ახალი სვვედენბორგი პოეზიისა. იგი მიესალმება აზრის არნახულ გაბედულებას, ემოციის კოსმიურ მასშტაბს.

ემერსონის გარდა უიტმანს მიესალმნენ ამერიკის სხვა გამოჩენილი ადამიანებიც: ჰენრი ტორო, ბრონსონ ოლკოტი, ფრანკ სენბორნი და სხვანი. ტორო მას სთვლიდ “ყველა დროის დემოკრატთა შორის უდიდესად”.

უიტმანს ღრმად სწამდა, რომ ამერიკა მოწოდებულია დაამკვიდროს თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეალი კაცობრიობის სოციალურ ყოფაში. ამისთვისვის იგი მოითხოვდა ყველა ამერიკელისაგან ღრმა და შეუვალ რწმენას დემოკრატიისადმი – `ისეთსავე რწმენას, როგორიც უნდა ჰქონდეს ქრისტიანს, ღვთის მისტერიასთან მიმართებაში”. აბრაამ ლინკოლში იგი ხედავდა მოძღვარს, რომელიც მიიყვანდა ამ იდეალს პრაქტიკულ განხორციელებამდის.

და აი, მონათმფლობელი კოპპერჰედების ვერაგულმა ტყვიამ იმსხვერპლა ამერიკის იმედი, ჭეშმარიტების და სიქველის დიდი რაინდი. ამას მოჰყვა მსოფლიო ელეგიური პოეზიის დიდი შედევრი, გრანდიოზული რეკვიემი “როცა ეზოში, გაზაფხულზე…” და აგრეთვე ლექსი: “ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო”. მაგრამ პოეტმა იცის, რომ როდესაც რაიმე დიდ საქმეს შეეწირება მსხვერპლად მისი მესვეური, ეს მოასწავებს ამ საქმის გამარჯვებას. ამიტომ იგი ახალის ენერგიით ებმება საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში, რათა ამერიკამ შეინარჩუნოს დემოკრატიის მონაპოვარი. დემოკრატიის დიდი გამოცდა იყო სამოქალაქო ომი, ის კატასტროფები, რომელნიც მას მოჰყვნენ და რომელნიც ანარქიის გაბატონებით და ქაოტური ძალების აშვებით ემუქრებოდნენ ამერიკას. უიტმანმა, იმჟამად სამოქალაქო ომის მონაწილემ, თავისი თვალსაზრისი ჩამოაყალიბა დედისადმი წერილებში, ხოლო ამჯერად იგი აქვეყნებს ვრცელ ესსეს “დემოკრატიის პერსპექტივები”, თან განაგრძობს ლექსების წერას. ღრმა სიბერებდის ხმიანდება მისი ჩანგი, თვით პარალიზმაც ვერ ჩაკლა მასში პოეტური ენთუზიაზმი.

უოლტ უიტმანმა პირველმა მოუწოდა ევროპის მუზას გადმოსახლებულიყო `ქალწულ კონტინენტზე”, რითაც მისცა დასაბამი ამერიკის დიდ ლიტერატურას. იგი ფუძემდებელია ახალი პოეზიისა, ახალი პოეტიკისა; ყოველივე ის, რაც მის თანამედროვეებს არაკანონზომიერად ეჩვენებოდათ მასში, დღეს დაკანონდა, აუცილებლობისეულ მოთხოვნად იქცა პოეზიაში.

უოლტ უიტმანი ჩვენი თანამედროვეა. მასში ისევე მძლავრად იგრძნობა მეოცე საუკუნის სულისკვეთება, როგორც სხვა დიდ თანამედროვე პოეტებში.

უოლტ უიტმანი ჭეშმარიტი კოლუმბია ახალი დროისა, იგი უფრო მეტია, ვიდრე კოლუმბი, მან აღმოაჩინა ამერიკის სული.

ივნისი 26, 2010

ზვიად გამსახურდია: “უდაბნოსა და უდაბნოს შორის”


ლევ ტოლსტოი-მებრძოლი გიგანტი, დადუდგრომელი მეამბოხე სული! იგი ორი ასწლეულის მიჯნაზე მსოფლმხედველობრივი კატაკლიზმებისა და სოციალური ძვრების ფონზე კაცობრიობის სულიერი მოწამეობის საოცარი პერსონიფიკაციაა. მის ტიტანურ აზროვნებაში ევროპა და რუსეთი ხარისხობრივი თვალსაზრისით ახალ ამალგამად იქცა. კაცობრიობის ინტელექტუალური ძიებები, ყველა აღმასვლა თუ დაცემა ბეჭდად აზის მის შემოქმედებას. ამასთან, როგორც თავისი ცხოვრების ნირით, ისე შემოქმედებით, იგი უპირისპირდება როგორც ევროპას, ისე ტრადიციულ რუსეთს. თუმც, იმავდროულად, ამ სიტყვის სრული გაგებით, იგი გახლდათ როგორც ევროპელი, ისე რუსი.

ტოლსტოი ომს უცხადებს ფილოსოფიის, რელიგიისა და ეთიკის ტრადიციულ გაგებას და ქმნის ახალ, ზეეროვნულ, ზოგადსაკაცობრიო კრიტერიუმებს. იგი ახალი დროის დიდი ერეტიკოსია, ერეტიკოსი სულისა. მისი მძლავრი ინდივიდუალურობა ვერ ჰგუობს ვერანაირ კალაპოტსა და ჩარჩოებს. ტოლსტოის ბრძოლა შექსპირთან, გოეთესთან, ბეთჰოვენთან-ეს გახლავთ ტიტანის ღმერთებთან შერკინება. ამ გენიოსთან ჭეშმარიტი შეცნობისა და შეფასებისათვის ამგვარ ბრძოლას ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მონურ თაყვანისცემას ასობით ერთგული კრიტიკოსის, ლიტერატურის მცოდნის, ფილოლოგის, აკადემიკოსისა, რომელნიც მათი ავტორიტეტის წინაშე ოთხად მოკეცილნი მათი მისამართით მარტოოდენ უსასრულო დითირამბებს აფრქვევენ. მართლაც სასაცილო იქნებოდა, სისტემატური შრომების ავტორი რომელიმე შრომისმოყვარე ფილოლოგიური მატლი, აბჯარში გამოწყობილი, შექსპირს ან გოეთეს რომ შებმოდა. ტოლსტოი კი თავის სწორს იწვევს ორთაბრძოლაში, ეს არის თანაბარ ძალთა ტურნირი, სასტიკი, დაუნდობელი შერკინება. ამ ბრძოლასა და უარყოფაში ბევრად უფრო დიდი აღიარებაა, ვიდრე მთელი თაობების მიერ მათი მისამართით გამოთქმულ ტრაფარეტულ ქება-დიდებაში. აქ არნახული სიცხადით ისახება არა მარტო საკუთრივ ტოლსტოის, არამედ ამ ავტორთა ინდივიდუალობა. ტოლსტოის შეურიგებელი მრისხანების ცეცხლი ანათებს მათ და საკუთრივ ტოლსტოის. ეს ჰგავს აგრეთვე იმ მითიური გველეშაპის კბილებიდან ამოზრდილ რაინდთა ბრძოლას, რომელიც არგონავტთა მბრძანებელმა იასონმა იხილა კოლხეთში.

ბეთჰოვენსა და ტოლსტოის ისიც აახლოვებს, რომ ვერცერთი ვერ ფასდება ადამიანური ხელონების კრიტერიუმებით. ბეთჰოვენი ამბობდა: “არ არსებობს ჰარმონიისა და კონტრაპუნქტის არც ერთი კანონი, რომელიც არ შეიძლება დაირღვეს უფრო სრულქმნილის, ამაღლებულის და მშვენიერის ძიებისას”. იგი შეიზლება იქცეს ტოლსტოის მთელი შემოქმედების დევიზად. ბეთჰოვენსა და ტოლსტოისაც ერთი ტრაგედია აქვთ: ამ გიგანტური სულებისატვის მეტად ვიწროა ადამიანური წარმავალი ყოფიერების დილეგი. მეტად ბორკავს მათ ადამიანური ხორციელება. მატერიის მარწუხებში ტანჯვა-ზეადამიანთა საერთო ტრაგედია.
”შენ მიშველე რა ტყვე-ქმნილსა, ჯაჭვნი მაბიან, რკინანი”-ასე ევედრებოდა ღმერთს ავთანდილი, გამოხატავდა რა ამით საკუთრივ რუსთაველის ტრაგედიას.

ბეთჰოვენი ცდილობს ადამიანური, სმენადი მუსიკიდან კოსმიურ მუსიკაში, უნივერსალურ ჰარმონიაში ნავარდს, რომლის ანარეკლი-მიწიერი სმენადი მუსიკა-ზღუდავს და ბორკავს მას. მისი მუსიკის სმენისას ლენინსაც კი, რომელიც უარჰყოფდა ყოველივე ზემიწიერს, ზეადამიანურს, ასეთი რამ წამოსცდა: “არაადამიანური მუსიკა!”. ბეთჰოვენი ებრძვის საგნობრივ, მატერიალურ ბორკილებს და მისი მეცხრე სიმფონია ამ ბორკილების მსხვრევის მეხისებური გამოძახილია, მისი “აპასიონატა” და 32-ე სონატა მატერიალური ხუნდებით შებორკილ-მიჯაჭვული პრომეტეს ტიტანური ბორგვაა. ტოლსტოის კი ბორკავს ადამიანური მორალისა და ეთიკის, სხვა და სხვა ეთიკურ მიმდინარეობათა პირობითობა. ტიტანის სული ეძებს ახალ, უნივერსალურ ზნეობრიობას. თუმც, ქრისტიანული ზნეობის საფუძველზე. იგი გააფთრებით ებრძვის ტრადიციული მორალისა და რელიგიის დოგმებს, მაგრამ ამაოდ. ამ ზღურბლის გადალახვა მოკვდავს არ ძალუძს ამპარტავნობის, ღვთისმგმობელობის ცოდვის გარეშე, რამეთუ “ვერ სცნობენ, ვაგლახ, მოკვდავნი განგებას ციურს!” (ნ. ბარათაშვილი), ხოლო ღმერთი, წმინდა მამათა სწავლების თანახმად, “ზომიერად გვიწილადებს თავის უსაზღვრობას და იმდენად გამჟღავნდება ჩვენს წინაშე, რამდენის დატევაც გვძალუძს”. მაგრამ ამასთან შეგუება უაღრესად რთულია ისეთ სულთატვის, რომელნიც ლამობენ ზვარის გადაბიჯებას. აქედან იწყება დოგმების, ადამიანური პირობითობის მსხვრევა, მაგრამ იმავდროულად ჩნდება საფრთხე დემონური ანარქიოზმისა. ამას აუცილებლად მოჰყვება ზეციური შურისგება: ბეთჰოვენი კარგავს მუსიკის სმენადი აღქმის უნარს, ტოლსტოი კი-რელიგიის, ეკლესიის შეცნობის უნარს, რამეთუ უარჰყოფს უკვე არსებულ კონვენციურ, მისთვის დრომორჭმულ რელიგიურობას, ეთიკას და ახლის ძიებაში იღუპება ღვთის მიერ დასჯილი იკაროსის დარად. იგი, როგორც თავად ამბობს საკუთარ თავზე, არწივია ნაჭრილობევი ფრთებით, რომელიც ამაოდ ელოდება ცაში კვლავ ნავარდისათვის იარის შეხორცებას. ბეთჰოვენს ახალი, მანამდე გაუგონარი არნახული მუსიკა სწყურია, როგორც ტოლსტოის-ახალი, არნახული ზნეობა, რელიგია და რელიგიისმცოდნეობა.

ტოლსტოისა და ბეთჰოვენს შორის კონფლიქტს აქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი-ეს არის კონფლიქტი ზნეობასა და მუსიკას შორის. ტოლსტოი, ზნეობრიობის გენიოსი, აღშფოთებულია მუსიკის ზნეობრივი სიმწირით, რაც მას განსაკუთრებით აშკარად მოხვდა თვალში ბეთჰოვენის “კროიცერის სონატის” სმენისას. აქ თვით ზნეობის სულმა გამოუცხადა ომი მუსიკის დიონისოს სულს. ურთიერთს ორი გენიოსი შეეჯახა: ზნეობრივი და მუსიკალური. თუმცა, როგორც ჩანს, ტოლსტოი შესანიშნავად აფასებდა მუსიკის როლს ადამიანური სულის კათარზისში. ამიტომ იგი აუგად როდი იხსენიებდა, პირიქით: ქება-დიდებას ასხამდა ბახს და მის სავიოლინო არიას. ტოლსტოის მუსიკაში პირველყოვსლისა აშინებს დიონისური საწყისი, ვნებათა ანარქიის მძლავრი აფეთქება. რომენ როლანმა მოხერხებულად შენიშნა, რომ ამით იყო განპირობებული ბეთჰოვენის წინააღმდეგ გოეთეს ამბოხიც (გოეთე აპოლონური, ჭვრეტითი ბუნების მხატვარი, შეაცბუნა ბეთჰოვენის მუსიკის დიონისურმა ქარბორბალამ, მისმა მომნუსხველმა, დამმონებელმა ძალამ). ტოლსტოის, როგორც შემოქმედს, ასევე ახასიათებს აპოლონური ბუნება; ამიტომ არის მისთვის ესოდენ უცხო შექსპირისა და ბეთჰოვენის დიონისოსეული ტრაგიზმის ბნელით მოცული სიღრმეები.

ტოლსტოის მხრივ ახალი ევროპული კულტურის უარყოფაში, ისევე, როგორც დოსტოევსკის შემთხვევაში, თავს იჩენს სლავიანოფილური კულტუროფობია. თუმცა, როგორც ინტელექტუალური, ისე ეროვნულ-პოლიტიკური თვალსაზრისით. ტოლსტოი უგულებელყოფდა სლავიანოფილობას. “უნდა ვიხსნათ არა რუსეთი,-ეპაექრება იგი სლავიანოფილებს-არამედ, ჩვენი საკუთარი სულები”. ამას უპირისპირდებოდა სლავიანოფილთა დევიზი: “ვიხსნათ რუსეთიც და საკუთარი სულებიც, ვინაიდან რუსეთი ჩვენი სულია”. ტოლსტოისატვის იმდენად უცხო იყო სლავიანოფილურ მესიანიზმთან მართლმადიდებლობის იდენტიფიცირება, რომ მავანნი მის შემოქმედებას ანტიპატრიოტიზმად აღიქვამდნენ.

თუმცა, ქვეშეცნეულად, ტოლსტოი მაინც რჩება კულტუროფობად, რითაც ენათესავება მაქს ნორდაუს ევროპულ მიმდინარეობას. ამასთან მასში, ისევე როგორცდოსტოევსკის არსებაში, უაღრესად ძლიერია ლტოლვა სალოსობისადმი, უბრალო ხალხის ტრადიციული რუსული რელიგიურობისადმი (“მამა სერგი”), რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ტოლსტოის ოჯახიდან წასვლაში. შალოსი გრიშა მისთვის ქრისტიანული სულის იდეალური გამოვლინებაა. აქედანვე მომდინარეობს მისი სიმპათია დუხობორებისადმი. დოსტოევსკის ალიოშა “ძმები კარამაზოვები”-დან , აგრეთვე მისი სხვა გმირები სალოსობის ნიშნის მატარებელნი არიან. სალოსობა-ეს არის გულის გზა მისტიკისაკენ, რომელიც მკვეთრად განირჩევა ინტელექტუალური მისტიციზმისაგან, რომელიც განვითარებულია ისეთ მოაზროვნეთა თხზულებებში, როგორნიც იყვნენ სოლოვიოვი, ბერდიაევი, ილინი და სხვანი.

ტოლსტოი მოგზაურობს ევროპაში, მაგრამ ისევე, როგორც დოსტოევსკი,-მარტოოდენ გეოგრაფიულად. გოეთეს “სპირიტუალური მოგზაურობა იტალიაში” უცხოა მისთვის. საფრანგეთში მას მარტოოდენ სკოლები აინტერესებს. მისი ინტერესების თვალსაწიერში არ შედის ლუვრი ან ახალი იმპრესიონიზმი. ახალ პოეზიაში მას არავინ იზიდავს ჰიუგოს გარდა (სტენდალი და ფლობერი მისთვის ახალი საფრანგეთის განსახიერებაა. თუმც, მის რომენებში საგრძნობია მატი ზეგავლენა). მას არ უყვარს მიქელანჯელო იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც არ სწყალობს ბეთჰოვენს. იგი მისთვის ისეთივე მოწინააღმდეგეა ქვის სტიქიაში, როგორც შექსპირი სიტყვის, ან ბეთჰოვენი მუსიკის სტიქიაში. საყოველთაოდ ცნობილია გენიოსებს შორის ქიშპი და დაპირისპირება.

ტოლსტოის მსოფლმხედველობრივი კატასტროფა განაპირობა იმ ასწლეულის რელიგიური შემეცნების სიმწირემ. ეს გახლდათ ჟამი, როდესაც თეოლოგიაში საბოლოო გამარჯვება ჰპოვა კანტისეულმა რაციონალიზმმა და აგნოსტიციზმმა, რამაც გამოიწვია დომინირება პროტესტანტული თეოლოგიური სკოლისა, რომელმაც ქრისტიანობას მოსტაცა სულიერი დედაარსი და ხელი მიჰყო ქრისტიანულ დოგმათა რაციონალიზებას. პროტესტანტობა უარჰყოფდა ქრისტეს აღდგომას, ვითარცა კოსმიურ ფაქტს. უარჰყოფდა თვით ღმერთის ადამიანად ქმნის იდეას, იდეას ღმერთკაცის არსებობისა; მან დაასრულა ქრისტე ჯვარზე, ვითარცა ჩვეულებრივი მოკვდავი. იგი უგულებელყოფდა სულიერი ირარქიის რსებობას და მის როლს გოლგოთის მისტერიაში; აღდგომასა და ევქარისტიას მარტოოდენ სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებდა. სავსებით ცხადია საღვთისმეტყველო შეხედულებებზე გერმანული პროტესტანტული კონცეფციების ზეგავლენა. ეს აისახა ტოლსტოის რომანში “აღდგომა”, რომელშიც ნეხლუდოვი ბიბლიაში მხოლოდ ზნეობრივ მოძღვრებას ხედავს, გაოცებას გამოთქვამს “ანგელოზთა რაღაც გამოცხადების” გამო, ხოლო ქრისტეს მხოლოდ და მხოლოდ ზნეობრივ ადამიანად მიიჩნევს და არა ღმერთკაცად. ქრისტიანობისადმი ასეთმა მიდგომამ ტოლსტოის ეკლესიისაგან მოკვეთა გამოიწვია.

ისტორიოგრაფიაში ტოლსტოი შოპენჰაუერის ფატალიზმის ანტიქრისტიანული იდეის გავლენის ქვეშ მოექცა, რაც სრული სიცხადიტ მის გრანდიოზულ ეპოპეაში “ომსა და მშვიდობა”-ში გამოვლინდა, სადაც მასონი პიერ ბეზუხოვი წინ აღუდგა პლატონ კარატაევის სახით წარმოდგენილ რუსულ ხალხურ ქრისტიანობას.

ქრისტიანობისადმი კანტისეული და რენანისეული მიდგომა ინტელექტუალური თვალსაზრისით ტოლსტოისათვის ბევრად უფრო ახლოს აღმოჩნდა, ვიდრე მაისტერ ეკჰარტის, ჰეგელის, შელინგის ან ლაფატერის მიდგომა. ინდურ და ჩინურ სიბრძნეში ისევე, როგორც სოკრატესეულ სიბრძნეში, იგი ეთიკურ მოძღვრებებს ეძებს და არა მისტიკურ იდეებს. მეორის მხრივ, როგორც ავღნიშნეთ, მას იზიდავს რუსული ხალხური რელიგიურობა, სალოსობა.

ამასთან, მსოფლმხედველობრივმა რაციონალიზმმა ვერ შეძლო გენიალური შემოქმედის ინტუიციის ბოლომდე მოდუნება. ქვეშეცნეული მისტიციზმი აისახა რომანში “ომი და მშვიდობა”. იგი წამოჩენილია აგრეთვე ვრონსკის საოცარ სიზმარში ანა კარენინას სიკვდილის წინ, რომელიც აღწერილია იმქვეყნიური სამყაროს ღრმადშემცნობი, მაგრამ თეორიულად მისი ჭეშმარიტად ვერ აღმქმელი ადამიანის მიერ.

რაც შეეხება დოსტოევსკის, მას უსიტყვოდ სწამდა მართლმადიდებლობისა, მას, როგორც უფრო ღრმა მისტიკოსსა და მოაზროვნეს, რომელმაც ტანჯვის დიდი გზა განვლო, მისი “ძმები კარამაზოვები” არის მხატვრული განსახიერება “სიკეტისმოყვარეობისა”, წმიდა მამათა მოძღვრებისა, რომელშიც მწერალმა განაჩენი გამოუტანა ივანე კარამაზოვის სახით წარმოდგენილ რაციონალიზმს, ვითარცა სატანისტურ მოძღვრებას და სმერდიაკოვის სახით წარმოდგენილ მის პირმშოს-სოციალიზმს. ალიოშას და ივანეს ურთიერთდაპირისპირება-ეს არის მართლმადიდებლობისა და ევროპული კანტიანური რაციონალიზმის თეზა და ანტითეზა, რომელშიც მწერალი აშკარად იხრება პირველისაკენ, კიცხავს რა მეორეს. ეს ორი საწყისი ტოლსტოის არსებაშიც ებრძოდა ურთიერთს. თუმც, საბოლოო გამარჯვების მოპოვება ვერცერთმა მათგანმა ვერ შესძლო. მაგრამ საბოლოოდ, მწერლის დიდი ინტუიციის, მისი ბუნებრივი ქრისტიანობის, აგრეთვე მონასტერში მყოფი მისი დის-მაშას წერილებისა და ლოცვების წყალობით მოხდა მოულოდნელი რამ: ეკლესიის უარმყოფელმა ტოლსტოიმ ოპტინას უდაბნოს მიაშურა. თუმც, შუაგზაში აღესრულა.

რომენ როლანი ცდება, როდესაც მიუთითებს, რომ ტოლსტოის მსოფლმხედველობის მისი გადაულახავი ცხოვრებისეული გარემოცვისადმი შეუთავსებლობა მისი სისუსტით იყო განპირობებული და, რომ შუასაუკუნეთა ნებისმიერი ბერი, რომელიც ტოვებდა ოჯახს, მიწიერ ამაოებას და მონასტერს შეაფარებდა თავს, ტოლსტოიზე უფრო ძლიერი იყო. გაოცებას იწვევს ამგვარი აზრი იმ ადამიანისაგან, რომელიც ზედმიწვდენით იცნობდა როგორც ტოლსტოის პიროვნებას, ისე იმ ეპოქასა და გარემოცვას, რომელიშიც უხდებოდა ცხოვრება. რომენ როლანმა ვერ გაითვალისწინა მთავარი: თუ ის ეპოქა და საზოგადოება, რომელშიც ცხოვრობდა ტოლსტოი, რაოდენ განსხვავდებოდა შუასაუკუნეთა ყოფისა და ფსიქოლოგიისაგან. ის, რაც იოლი იყო შუასაუკუნეების ადამიანისათვის, მეტად რთული გახლდათ XX ასწლეულის ცივილიზებული პიროვნებისათვის. შუასაუკუნეეში გაბატონებული მორალი, მსოფლმხედველობა და აზრი თავად უბიძგებდნენ ადამიანს მსოფლიოსაგან განმარტოებისაკენ. მიუხედავად იმისა, რომ ტოლსტოის ეპოქის რუსეთში არსებობას განაგრძობდნენ მონასტრები და სამონასტრო ცხოვრება, განმარტოების გზაზე დადგომა ბევრ სირთულესთან და წინააღმდეგობასთან იყო დაკავშირებული. მეტადრე გრაფისათვის, ინტელიგენციისა და არისტოკრატიის უმაღლესი წრის წარმომადგენლისათვის. იმხანად, ეს ნიშნავდა საზოგადოებრივი მდინარების წინააღმდეგ წასვლას. შემთხვევით როდი მიუთითებს ტოლსტოი თავის დღიურში: “ბერად რომ შვედგე, იტყვიან ჭკუიდან გადადგა ბერიკაციო”. შუასაუკუნეთა ცხოვრებაში კი ეს ცხოვრებისეული ნორმა, ცხოვრების მდინარებისადმი მიყოლა გახლდათ. არჩევანის გაკეთებას ადამიანს თავად გაბატონებული ეკლესია და საზოგადოება უწყობდნენ ხელს. თქმა იმისა, რომ მცურავი, რომელიც დინების მიმართულებით ცურავს, უფრო ძლიერია, ვიდრე დინების საწინააღმდეგოდ ცურვის მოსურნე, უდიდესი შეცდომაა. პირიქით, ტოლსტოის საოცარ ძალისხმევად დაუჯდა ამ მდინარებაში ერთ ადგილზე თავის შეკავება. დინების საწინააღმდეგოდ ცურვისათვის მისი ზეადამიანური ძალაც კი უძლური აღმოჩნდა. აი, რაშია ტოლსტოის ტრაგედიის არსი.

ცხოვრების პირობების და ე.წ. “უმაღლესი წრის” საზოგადოებრივი აზრის გარდა უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი მომენტი. შუასაუკუნეებში არ იყო გაბატონებული მატერიალისტური მსოფლმხედველობა, სკეპტიციზმი, ნიჰილიზმი, რაციონალიზმი, რომელთაც შეეძლოთ წინ აღსდგომოდნენ ადამიანს მონასტრისაკენ მიმავალ გზაზე. ხოლო მეოცე საუკუეში ისეთი მოაზროვნეებისათვისაც კი, როგორიც ტოლსტოი გახლდათ, უაღრესად რთული აღმოჩნდა საკუთარ არსებაში სკეპტიციზმის მატლის წინააღმდეგ ბრძოლა. ასეთ დროს ინტელიგენციის უმარლესი წრის წარმომადგენელნი იშვიათად მიმართავდნენ სულიერ გზას. ხალხის წიაღიდან გამოსული, ეპოქის ინტელექტუალური შხამისაგან შორს მდგომი ადამიანები ყოვლად უმტკივნეულოდ მიაშურებენ ხოლმე ოპტინას უდაბნოს, რომელზეც ოცნებობდა ტოლსტოი. ტოლსტოის დისთვის, მაშასთვის ძნელი არ იყო მონაზვნად აღკვეცა, ვინაიდან შორს იდგა შემეცნებითი ცხოვრებისაგან. ნუთუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაშა უფრო ძლიერი პიროვნება იყო, ვიდრე ლევ ნიკოლოზის ძე? თოლსტოის დღიურები, მისი სტატია “რაშია ჩემი რწმენა?” წარმოადგენს მატიანეს ამ ტრაგიკული და ტიტანური ბრძოლისა.

ტოლსტოის მიმდევარმა რუსეთის ბევრმა უბრალო ადამიანმა გაცილებით იოლად მოახერხა ცხოვრებაში იმ იდეალის ხორცშესხმა, რომელსაც ქადაგებდა, მაგრამ რომლის აღსრულებაც ვერ შესძლო ტოლსტოიმ. ნუთუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ბევრად უფრო ძლიერები იყვნენ, ვიდრე თვით ტოლტსოი? უნდა გვახსოვდეს, რომ მათ განგება არ ბორკავდა ისეთი ხუნდებით, როგორიცაა გრაფობა, მამულები, მსოფლიო სახელი, მრავალრიცხოვან მკითხველთა და თაყვანისმცემელთა წინაშე მოვალეობა, ლიტერატურული გეგმები და ა. შ. და ბოლოს, თავის როლს ასრულებდა მბრძანებლობის მოყვარე “ქსანტიპა”, ტოლსტოის მეუღლე სოფიო ანდრიას ასული, საოცრად ძლიერი ხასიათის პიროვნება, რომელიც ტოლსტოის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იქცა მისი დილეგის ასთვალა დარაჯად, მის უსაშინელეს იდეურ მოწინააღმდეგედ. ყოველივე ამის წინააღმდეგ ბრძოლა უხდებოდა მოხუც, ფიზიკურად დავრდომილ ადამიანს და, რაოდენ დიდი იყო მისი სულიერი ძალა, რომ მან მოახერხა სასწორის თავისკენ გადაზიდვა და მიატოვა ოჯახი. ამით მან საბოლოოდ გადალახა პოლარობა ორ უდაბნოს შორის-“უმაღლესი” საზოგადოების უდაბნოსა და ოპტინას უდაბნოს შორის. თუმც, გზის შუაგულში დაეცა. დიდი ადამიანები იმითაც გამოირჩევიან, რომ მათში ეპოქის ტრაგედია ცხოვრებისუელ, პირად ტრაგედიად გარდაისახება ხოლმე. ხშირად, მათშივე ისახება მთელი სიდიადე და ბიწიერება დროისა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ.

ასე რომ, ტოლსტოიმ ოპტინას უდაბნოში გაქცევით, საბოლოოდ გაიმარჯვა თავის ბრძოლაში. მან სძლია ასთავიან ჰიდრას-საზოგადოებას, ოჯახს, სკეპტიციზმს, მეშჩანურ “კეთილგონიერებას” და ტიტანური ნებისყოფის წყალობით სულიერი სიყვარული პირად ცხოვრებისეულ კეთილდღეობაზე მაღლა დააყენა. ამით, მან უფრო ძლიერ შეიყვარა თავისი მოკეთენი და ის საზოგადოება, რომელსაც ადრე ესოდენ ვერ იტანდა, ვინაიდანმათ დაუმტკიცა სიმცდარე და დამღუპველობა მათ მიერ არჩეული გზისა.

ტოლსტოიმ მოწამეობრივად დაასრულა თავისი სიცოცხლე. მან იდეას შესწირა თავი და მით გმირობა ჩაიდინა, სადარი ბუდას გმირობისა: ბუდა და ფრანცისკ ასიზელი-აი, მისი უსაყვარლესი იდეალები. საკუთარი სულის წიაღში მათ აუგო ფარული ტაძრები. იგი იყო მათი მიმდევარი მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის რუსეთის აბსოლუტისტურ წყვდიადში, ინტელექტუალურ ცხოვრებაში პოზიტივიზმის, რაციონალიზმისა და სკეპტიციზმის სრული ტრიუმფის ეპოქაში, ზნეობისა და რელიგიის დაცემის ხანაში, იგი იყო მათი მიმდევარი სიტყვით, აზრით, შემოქმედებით, ქველმოქმედებით და სიცოცხლის დაისის ჟამს გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯით გულგრილ საზოგადოებას დაუმტკიცა თავისი ქადაგების გულწრფელობა და სისწორე, რითაც გაამართლა თავისი არსებობა.

1977-1978 წლები
მოსკოვი, სუკ-ის ლეფორტოვის ციხე

ზვიად გამსახურდია: “ძველირლანდიური საგა და მითოსი”


ირლანდიის ისტორიის უძველესი ხანა დაკავშირებულია ევროპის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილებში მცხოვრები ხალხის, კელტების ექსპანსიასთან. ბერძნები Keltoi-ს უწოდებდნენ ალპების ჩრდილოეთით მცხოვრებ ხალხებს და მათ საერთო წარმოშობის ხალხებად სთვლიდნენ. როგორც ბრიტანული ენციკლოპედია გვეუბნება, ტერმინების “კელტის” და “კელტურის” არასწორმა ხმარებამ გამოიწვია მრავალი გაუგებრობა. ჩვეულებისამებრ, კელტებს უწოდებდნენ კელტურად მოლაპარაკე ხალხებს ადრინდელ საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, ისინი შავგვრემანები იყვნენ და ტანმორჩილნი, ხოლო ძველი დროის მწერლები კელტებს უწოდებდნენ გოლიათური აღნაგობის ქერა და ცისფერთვალება ხალხს, რომელიც მკვიდრობდა ევროპაში.

ამრიგად, კელტები ფიზიკური გარეგნობის მიხედვით განიყოფებიან ორ ჯგუფად: პირველი ჯგუფი მკვიდრობდა ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში, ძირითადად სკანდინავიაში. მათ ჰქონდათ გრძელი თავები, ვიწრო, არწივისებური ცხვირი, ცისფერი თვალები, ღია თმა. ისინი ტანმაღლობით გამოირჩეოდნენ. ეს გახლავთ წინაპრები, საერთოდ, ჩრდილოეთის ხალხებისა. მეორე ჯგუფი გამოირჩევა უფრო მრგვალი თავით, ფართო სახით, მოზრდილი ცხვირით, მორუხო თვალებით, ღია-წაბლისფერი თმით. ამ ჯგუფის წარმომადგენელნი ბრგენი არან და საშუალო ტანისა. ამ მოდგმას ხშირად უწოდებენ კელტურს ანუ ალპინურს (Alpine), ვინაიდან ისინი გვხვდებიან ალპების გაყოლებით სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, სავოიში, შვეიცარიაში, ბრეტანში, ბურგუნდიაში, ვოგეზებში და სხვ. ასე რომ, არის განსხვავება როგორც ანთროპოლოგიური, ასევე გეოგრაფიული სკანდინავურსა და ე.წ ხმელთაშუაზღვის კელტებს შორის. ე.წ. ლა ტენის (La Tene) კულტურის განვითარების პერიოდში კელტები უაღრესად გაძლიერდნენ (500 წ. ქრისტემდე და 1 წ. ქრისტეს შემდეგ). ამას მოჰყვა ამ ხალხების დიდი ექსპანსია მთელ ევროპაში და მცირე აზიაში. მეცნიერები მათ ძლიერებას მიაწერენ მეტალურგიის მაღალ განვითარებას, კერძოდ, რ კ ი ნ ი ს წ ა რ მ ო ე ბ ა ს. ქრისტემდემესამე საუკუნე იყო დასაწყისი მძლავრი კელტური ექსპანსიისა, რომელიც კიდევ უფრო ადრეც მიმდინარეობდა. ამ დროისათვის კელტებმა დაიკავეს საფრანგეთის ხმელთაშუაზღვის სანაპირო და ესპანეთი გადიზამდე (Gadiz). აქ ისინი შეერიენ ადგილობრივ იბერიელებს. აქედან წარმოსდგა სახელწოდება “კელტ-იბერები”, შემდეგ კელტები გადავიდნენ იტალიაში, შვეიცარიაში, დაამარცხეს ეტრუსკები და აიღეს რომი (390 წ. ქრისტემდე), აქ მათ მიიღეს ოქროს ხარკი, შემდეგ გადავიდნენ ბალკანებზე, დაგალახეს ჰელესპონტი და დაიპყრეს თრაკია, მარშით გაიარეს მცირე აზია და შეჩერდნენ იქ, სადაც არის ისტორიული გალატია, რომელიც მოხსენიებულია ახალ აღთქმაში (იხ. გალატელთა მიმართ ეპისტოლე წმ. პავლე მოციქულისა), შემდეგ მათ გზა განაგრძეს აღმოსავლეთისკენ. აუხვიეს ჩრდილოეთით, გაიარეს კ ო ლ ხ ე თ ი, შავი ზღვის მთელი სანაპირო და გადავიდნენ სკვითეთში, აზოვის ზღვამდე, და აქ შეერივნენ სკვითებს. რა თქმა უნდა, კელტების მსვლელობა არ იყო ერთწამიერი, იმჟამინდელი ტექნიკისა და გადაადგილების საშუალებათა არასრულყოფილებას ზედ ერთვოდა მათი ინტერესი ადგილობრივ მოსახლეობასთან ვაჭრობისა და სხვადასხვაგვარი აღებ-მიცემობისა. ამიტომ მათი ნაწილი ყოველთვის ყოვნდებოდა ამა თუ იმ დაპყრობილ ადგილზე. ჰიპოთეზურად შესაძლოა დავუშვათ, რომ იგივე მოხდა იმჟამინდელ საქართველოშიც. როგორც ჩანს, კელტური მოსახლეობის ნაწილი შეერია იმჟამინდელი საქართველოს მოსახლეობას ისევე, როგორც ეს სკვითებში მოხდა. შესაძლოა, ეს იყოს მიზეზი იმ მაღალი მეტალურგიული კულტურისა, კერძოდ, რკინის წარმოების ხელოვნებისა, რომელიც გვხვდება კულტურულ ხალხებში.

დასავლეთისაკენ კელტებმა ილაშქრეს ბრიტანეთის კუნძულებამდე, ესენი იყვნენ ბრიტონები და გოიდელები. ბრიტონები დაეფუძნენ ინგლისში და უელსშსი, ხოლო გოიდელები დაახლ. მე-4 საუკუნეში ქრისტემდე – ირლანდიაში, სადაც მალე დაიკავეს მმართველი კასტის პოზიცია. ირლანდიის უადრეს მემკვიდრებს კი “პიქტებს” უწოდებდნენ. აი, ამ ორი ეთნიური ერთეულისაგან წამოდგა შემდგომი ირლანდიური მოსახლეობა. აღსანიშნავია, რომ ეს პიქტების ძველ იბერებს ენათესავებოდნენ.

კელტური ენა, რომელზედაც ლაპარაკობდნენ ირლანდიაში, უხსოვარი დროიდან, იწოდებოდა “გაელიკურად” (Gaelic) ან “გოიდელიკურად”, რაც ნიშნავდა “ირლანდიელს”. ბრიტონული ენები წარმოადგენენ ამ ენის მონათესავე ენებს (ალფაბეტის უძველესი ნიმუშებია IV, V საუკუნის საფლავთა წარწერები).

V საუკუნეში კი აქ ვრცელდება ლათინური ალფაბეტი, რომის მისიონერების მიერ შემოტანილი. VIII, IX საუკუნეებიდან უკვე შემორჩენილია მანუსკრიპტები, რომელთა ენა მიღებულია ძველ ირლანდიურ ენად.

მიახლოებით დადგენილია 4 პერიოდი ირლანდიური ლიტერატურის განვითარებისა:
1. ადრინდელი პერიოდი, როდესაც ლიტერატურას ჰქმნიდა  “ფილიდების” (ნათელმხილველების) ფენა, ხოლო მოგვიანებით სამღვდელოება და როდესაც ლიტერატურული ნაწარმოებები ინახებოდა მონასტრებში.
2. შუა პერიოდი, როდესაც მოქმედებდა უფრო ბარდების ტრადიცია, მემკვიდრეობის წესით გადმოცემული.
3. გვიანი პერიოდი (XII-XVII საუკ.), როდესაც ლიტერატურის შემქმნელნიც და პატრონებიც გაუჩინარდნენ და იგი გადაიქცა ხალხურ სიტყვიერებად; ეს გრძელდებოდა XVII საუკუნიდან XIX საუკ. დასასრულამდე.
4. ახალი პერიოდი XIX საუკუნიდან დღემდე.

ირლანდიური ლიტერატურა ოდითგანვე არისტოკრატიული იყო; “ფილიდების” პერსონალური კლასი ჰქმნიდა და ინახავდა მას. ამ პრივიეგირებულ კასტას ეკუთვნებოდნენ აგრეთვე brithem-ები (მსაჯულნი), Senchaid-ები, (მემატიანენი) და drui-დრუიდები. შემდგომში დრუიდები შესცვალა ქრისტიანულმა სამღვდელოებამ, თუმც დრუიდები მაინც ფიგურირებენ გვიანდელ საგებშიც.

ადრინდელი ირლანდიული ეპოსი პროზაულია, თუმც ალაგ-ალაგ იგი შეიცავს უაღრესად ამაღლებული სტილით დაწერილ ლექსებს ან რიტორიულ პასაჟებს. ასეთ პასაჟებს ხშირას აქვთ დიალოგის ფორმა. სპეციალისტების აზრით, არის მსგავსება ამ ფორმასა და ადრინდელ სანსკრიტულ წყაროებს შორის, ასე რომ, ეს საერთოდ ინდო-ევროპული ტრადიციაა, სახელდობრ, კელტური. ამგვარი დამთხვევებისა და ზოგიერთი ლინგვისტური მონაცემების ბაზისზე აგებულია თეორია, რომ ადრინდელი ზეპირსიტყვიერი ტრადიციები საერთო იყო ამ ორ ხალხს შორის და რომ ეს ყოველივე შემორჩა ადრინდელ ირლანდიულ ეპოსს, რომელიც თავის მხრივ გამოძახილია უძვველესი კელტური თქმულებებისა და მითებისა.

ამავე საფუძველზე აღნიშნავენ ფრანგი მეცნიერები რამიდული ციკლის ნაციების კელტურ წარმოშობას, ვინაიდან კელტები, როგორც უკვე აღინიშნა, წარმოადგენენ ძლიერ, გავრცელებულ ეროვნებას ადრეულ, წინაისტორიულ ხანაში*.

რაც შეხება წერილობით დოკუმენტებს, ისინი მხოლოდ შუა-ირლანდიური პერიოდით თარიღდებიან. ამგვარად, ჩვენამდე მოღწეულ საგებს ახასიათებთ რიტმული პროზა და უაღრესად ზეაწეული თხრობის ინტონაცია. დიდმნიშვნელოვანია მათ შორის ულადთა ანუ ულაიდთა ციკლი (Ulaid). ულადები ერქვა ტომს, რომელიც მკვიდრობდა თანამედროვე ოლსტერის პროვინციის ადგილას. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში, როდესაც საგები ჩამოყალიბდნენ, ულადებს დაკარგული ჰქონდათ ძველი მნიშვნელობა, მაგრამ ფილიტები მაინც ნერგავდნენ ისეთ გმირების კულტს, როგორიც იყო კუხულაინდი ანუ კუხულაინი (Cu Chulain), კონხობარი და სხვ.

სპეციალისტებს შორის სადაოდ ქცეულა, არიან თუ არა საგებში მოხსენიებული პერსონაჟები ისტორიული პირები. ირლანდიული საგების რუსულად მთარგმნელისა და კომენტატორის ა. ა. სმირნოვის აზრით კუხულაინდის შესახებ მოთხრობილ ამბებს ისტორიული საფუძველი აქვთ, კერძოდ, ჩვენი ერის დასაწყისში მომხდარი ამბები. ამას ყოველივეს ამოწმებს აგრეთვე XIX საუკუნეში წარმოებული არქეოლოგიური გათხრები. ასე რომ, კუხულაინდის შესახებ თქმულებები უძველეს ირლანდიულ თქმულებებს უნდა მივაკუთვნოთ უფრო გვიანდელია ფინის, ანუ მაკფერსონისეული ფინგალის შესახებ არსებული საგმირო ციკლი, რომელიც დაახლოებით IX საუკუნეში ჩამოყალიბდა.

***

ძველი კელტური თქმულებების როლი უაღრესად დიდია შუასაუკუნეთა ევროპული ლიტერატურის განვითარებაში. თითქმის ყველა ძირითადი პერსონაჟი და მოტივი, რომელნიც ფიგურირებენ რაინდულ რომანებში, კელტური თქმულებებიდან მოდიან. მეფე არტური თავის თორმეტი რაინდითურთ, მერლინი, ტრისტან და იზოლდე, კელტური და კელტიბერული წარმომავლობის გმირებია. რაც შეეხება გერმანულ ჩრდილოურ მითოლოგიას და საგებს, აქაც კელტური ძირებია საძებნელი, ვინაიდან სკანდინავიელი ხალხებიც ძველთაგანვე ენათესავებოდნენ კელტებს. ამიტომ გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას: ადრეული და შუასაუკუნეობრივი ევროპული სიტყვიერების პირველწყარო ძველი კელტური სიტყვიერებაა, ქრისტიანული და ბერძნულ-ლათინური ელემენტების შერწყმამ ძველ კელტურ ელემენტებთან მოგვცა შუასაუკუნოებრივი ევროპული ლიტერატურა. კელტოლოგიის ძირითადი ამოცანაა არა მარტო ამ ლინგვისტურ-ისტორიული ფონის ცხადყოფა, არამედ განსაზღვრა იმ სულიერ-კულტურული ფაქტორებისა, რომელნიც ენათესავებიან კელტურ კულტურას შუასაუკუნოებრივი და ახალი ევროპის კულტურასთან.

მითოლოგიისა და რელიგიის საკითხების შესწავლა ძირითადი ფაქტორია ძველი ხალხების კულტურის პრობლემების გაშუქებისას. რამდენადაც ამა თუ იმ ხალხების კულტურის დონე რელიგიურ შეგნების დონით განისაზღვრება, უაღრესად მნიშვნელოვანია შესწავლა რელიგიის იმ ფორმებისა, რომელნიც ჰქონდათ ადრინდელ ხალხებს. რამდენადაც რელიგია და მითოსი განუყოფელი იყო ანტიურ ხანაში, სწორედ ეს მომენტი უნდა იქცეს ამოსავალ წერტილად ძველი ლიტერატურიების შესწავლის დროსაც. ძველ ირლანდიურ ლიტერატურაში ისევე, როგორც ძველ ბერძნულში, ძველ ინდურში და სხვა ლიტერატურებში, გვხვდება ურთიერთშერწყმა ისტორიული და მითოლოგიური ელემენტებისა. ხშირად ძნელია გარჩევა, სად ეხება საქმე გრძნობად-ფიზიკურ სამყაროს და სად ზეგრძნობად–სულიერს. გმირები თითქოს ორივე სამყაროს სრულუფლებიანი მოქალაქენი არიან, მათი მოქმედება ორივე სამყაროს ფაქტებთან და არსებებთანააშეთანხმებული და ტრაგიკული მომენტებიც იქ აღმოცენდება, სადაც ი რ ღ ვ ე ვ ა ნებსით თუ უნებლიედ ეს ჰარმონია. რამდენადაც საგები იქმნებოდა “ფილიდების” ანუ ნათელმხილველების მიერ, რომელთაც უაღრესად მჭიდრო კავშირი ჰქონდათ რელიგიურ პრაქტიკასთან. ისინი წარმოადგენენ არა მარტო ჩვენი გაგებით “ლიტერატურულ”, არამედ რელიგიური თვალსაზრისით შექმნილ თხზულებებს. მეცნიერთა აზრით, პრეკელტურ, იბერიულ მოსახლეობაში იყო ნათელმხილველთა და მოგვთა კლასი, რომლისგანაც გამოვიდა დრუიდთა კლასი. კელტური რეჟიმის დროს** დრუიდებს გააჩნდათ ცოდნა ღმერთების შესახებ, მიღმა სამყაროს შესახებ, მიწისა და ციური სხეულების შესახებ, კაცობრიობის ისტორიის შესახებ. რელიგია და კანონმდებლობა მათ ხელში იყო, მათ ჰქონდათ აგრეთვე ოკულტური და წინასწარმეტყველური უნარები. ქრისტიანულ ირლანდიაში, დრუიდები განაგრძობდნენ არსებობას. მაგრამ მათ უკვე “ფილიდები” ერქვათ, რაც იმ დროისათვის უფრო “პოეტის” მნიშვნელობას იძენს, მაშინ როდესაც ადრე ეს სიტყვა მეტწილად “მხილველს” ნიშნავდა. ამ დროისათვის ისინი უკვე წარმოადგენენ ავტორიტეტს რელიგიის სფეროში, მაგრამ ოკულტური და მაგიური პრაქტიკა ჯერაც მათ ხელში იყო. ისინი ასრულებდნენ წინასწარმეტყველების, ენვოლტაციის რიტუალებს და სხვა. ამავე დროს ისინი იყვნენ საგებისა და სიმღერების შემთხზველნი, რასაც დიდი სახალხო მნიშვნელობა ჰქონდა. სიმღერას-მაგიური ძალა ჰქონდა, რითაც მას შეეძლო ზეგავლენის მოხდენა ამა თუ იმ პიროვნების ქცევაზე, ჯანმრთელობაზე და თვით ბედზეც. გავიხსენოთ “კუხულაინდის სიკვდილიდან” ბოროტი ჯადოქარი, რომელიც ემუქრება კუხულაინდს ბოროტი სიმღერის შეთხზვით. ან ის მომენტი, როდესაც მიჯნურობისაგან შმაგქმნილ კუხულაინდს დრუიდები უმღერიან და არჩენენ სიშმაგისაგან. ასე რომ, პოეზია ძველ ირლანდიაში სიბრძნის ერთი დარგი იყო, ისევე როგორც ძველ საქართველოში (გავიხსენოთ შ. რუსთველისეული განსაზღვრა: “შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი”). თან, ამავე დროს “საღმრთო საღმრთოდ გასაგონი”, ე.ი. რელიგიური პრაქტიკის შემადგენელი ნაწილი. თუმც ირლანდიაში ამავე დროს არსებობდნენ “ბოროტი სიმღერების” შემთხზველნიც, როგორც ზემოთ აღინიშნა.

როგორც ძველი ხალხების კულტურათა და რელიგიური კონცეფციების შესწავლა ცხადყოფს, ოდითგანვე არსებობდა რელიგიის შინაგანი (ეზოტერული) და გარეგანი (ეგზოტერული) მხარე. აქედან გამომდინარე რელიგიას აქვს შინაგანი და გარეგანი ისტორია. ჩვენს ეპოქაში გაღრმავდა რელიგიისა და შემეცნების ურთიერთდამოკიდებულების შესწავლა, რამაც ცხადყო, რომ რელიგიის ადრინდელი ფორმები წარმოადგენდნენ ხალხის მასებისათვის გამარტივებულ, ხატოვნად, იგავურად მოცემულ ღრმააზროვან ჭეშმარიტებებს ადამიანისა და სამყაროს ევოლუციის შესახებ. რელიგიები ეძლეოდა კაცობრიობას შემეცნების მაღალ საფეხურზე მდგარი ადამიანების მიერ, რომელთაც გააჩნიათ უაღრესად ღრმა ცოდნა სამყაროსა და ადამიანების შესახებ. ამგვარ ცოდნას ნაზიარები ადამიანები ერთიანდებოდნენ ე.წ. მისტერიებში, რომელთა პრაქტიკაც უცნობი იყო ხალხისათვის და შეუვალი. იდუმალი მეცნიერების ანუ ოკულტიზ მის (occultus-დაფარული) ამგვარი კერები არსებობდნენ ძველი მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც(კოლხური მისტერიები). კოლხეთიდან ოქროს საწმისის გატაცება ბერძნების მიერ სიმბოლურად უნდა გავიგოთ, როგორც მისტერიალური ცოდნის წაღება, რომელიც ადრე დაჰკარგეს ბერძნებმა და იმ დროისათვის მხოლოდ კოლხეთში იყო შემორჩენილი. “ფარული რელიგია არსებობდა სახალხო რელიგიის გვერდით. მისი დასაწყისი ეკარგება ჩვენს ისტორიულ თვალთახედვას ხალხთა წარმოშობის გარიჟრაჟზე. ჩვენ ვპოულობთ ამგვარ ფარულ რელიგიას ყველა ძველ ხალხებთან, სადაც კი მისწვდება ჩვენი ცნობიერება. ჩვენ ვხედავთ, თუ რა მოწიწებით გვესაუბრებიან ამ ხალხთა ბრძენკაცნი მისტერიის შესახებ”***.

მისტერიებში ოდითგანვე გადმოცემული ცოდნის ათვისების გარდა ხდებოდა ახალი ცოდნის მიღებაც. აქ ეძლეოდა მოწაფეს ინიციაციის, სულის უზენაესი ნათლისღების გზა, რომელიც სხვადასხვაგვარი იყო სხვადასხვა მისტიურ სკოლებში. მაგრამ ერთი რამ მაინც საერთო იყო ყველა მათგანში: ეს იყო ხანგრძლივი მორალურ-ეთიური შემზადება და წინასწარი გამოცდების გავლა, რომლებიც მით უფრო შემზარავნი იყვნენ, ცნობიერების რაც უფრო მაღალი საფეხური უნდა გახსნოდა მოწაფეს. ამ ფათერაკებს სხვადასხვაგვარი სიმბოლური სახეებით გვიხატავენ მისტერიებიდან გამოსული მითები. მაგ. ჰერაკლეს ბრძოლა ჰიდრასთან, ცერბერთან, კენტავრებთან, სხვადასხვაგვარ ურჩხულებთან ბრძოლა ინიციაციის მაძიებელი გმირებისა ზემოთხსენებულ დაბრკოლებათა დაძლევის ანარეკლია. “ყოფიერების საიდუმლოებათა შემეცნების გზა გაივლის საშინელებათა სამყაროს”- როგორც გვეუბნება რუდოლფ შტაინერი.

უმაღლესი ჭეშმარიტების შემეცნება დაკავშირებულია მაღალი ეთიური იდეალის გამარჯვებასთან. ამიტომ ამგვარი გმირები მუდამ ხალხისათვის თავდადებული ადამიანები არიან, რომელნიც ხშირად მსხვერპლად ეწირებიან ხალხის კეთილდღეობას (მითოლოგიური გმირების ერთგვარი გამოძახილია ხალხური ზღაპრების გმირები, რომელნიც დაახლოებით იგივე თვისებებს ატარებენ). ასეთი გმირებია ირლანდიურ საგებში კუხულაინდი, მაილდიუნი, დიარმად ო დუივნეს ძე, კორმაკი და სხვანი.


გმირებისათვის ინიციაციის იდეალი განუყოფელია მოყვასის სამსახურის მაღალ ეთიურ იდეალთან. კუხულაინდი ეუბნება ემერს: ”მე განვიკითხავ ყოველთაა უპოვართა და ყოველი ძლიერი მებრძოლის საბრძოლო ბლისკინი ვარ მე. მე ვიცავ შეურაცხოფილთ და სასჯელს ვადებ ბრალისათვის ძლიერთა ამა ქვეყნისათა…, კატბად პირმშვენიერმა გამწვრთნა მე იმგვარად, რომ მე დავხელოვნდი დრუიდულ საქმეებში და განვისწავლე მაღალ სიბრძნეში”. აქაც გვახსენდება დიდი რუსთველის ნათქვამი: “არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა, მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა მწყობრისა”.

ინიციაციის იდეალის განხორციელება ყველაზე მკაფიოდ მოსჩანს ისეთ ადგილებში, სადაც გმირები ს ი ც ო ც ხ ლ ე შ ი ვ ე აღწევენ სულეთს, “მარად ცოცხალთა საუფლოს”, “ნეტართა საუფლოს”, რომელიც ჯადოსნურ კუნძულზე მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ეს მოტივი გაბატონებულია ანტიურ მწერლობაში. საკმარისია გავიხსენოთ ოდისევსისა და ენეასის ჩასვლა მკვდართა საუფლოში, ჰადესში, გილგამეშის გადასვლა სულეთში და სხვა. თუმც კელტური საგების ზემოთხსენებული სულეთი ბერძნების “ელისეს მინდვრებს” და „ჰესპერიდების ბაღნარს“ უფრო უახლოვდება (რომელსაც აღწევს ჰერეკლე, ვიდრე ჰადესს, რომელიც უფრო ქტონიურ, ქვესკნელურ ძალთა საუფლოა. ყველაზე მკაფიოდ ეს მოტივი იკვეთება მაილ დუინის, ამ ირლანდიელი ოდისებსის მოგზაურობაში (აქვე დავსძენთ, რომ ინიციაციის სიმბოლური ქვეტექსტი უნდა უნდა ვიგულისხმოთ რუსთველთან ქაჯეთის აღებაშიც, სადაც ნესტან-დარეჯანის სახით სიმბოლოზირებულია საზეო სიბრძნე, ქალწული სოფია, რომლის გამოხსნაც ხდება შავეთის ძალთა ტყვეობიდან), რაც შეეხება ჰადესს, მისი პარალელია ირლანდიურ საგებში სკატახის საუფლო, სადაც კუხულაინდი, საფრთხეთა დაძლევის გზით სწავლობს საბრძოლო ხელოვნებას. შესაძლოა ითქვას, რომ არც ერთი ხალხის მისტერიებში არ ასრულებდა საბრძოლო ხელოვნება და სიმამაცე ისეთ დიდ როლს, როგორც კელტებთან. იგივე შეიძლება ითქვას კოლხურ მისტერიებზე, სადაც იაზონს ამდენი ფათერაკის დაძლევა მოუხდა. “ვეფხისტყაოსანიც” უთუოდ ადრინდელი კოლხური და იბერიული მისტერიების გამოძახილია, სადაც ვაჟკაცობა თამაშობდა ძირითად როლს ინიციაციის გზაზე. ტარიელი ვეფხის (ქვენა ბუნების) დამმარცხებელი გმირია, რომელიც თავისი შეუპოვრობით ამარცხებს დევებსა და ქაჯებს და ახორციელებს ინიციაციის უზენაეს იდეალს.

***

ირლანდიური საგების მომხიბვლელ სამყაროში ქართველი მკითხველი შეჰყავს შოთა ჩანტლაძის მაღალი პროფესიონალიზმითა და მხატვრული ოსტატობით შესრულებულ თარგმანს. ის სტილისმიერი კამერტონი, რომელიც შეარჩია მთარგმნელმა, ხელს უწყობს ამ უჩვეულო ნაწარმოებთა გაცოცხლებას ქართულ ენაში. რთული ფერწერული და ბგერწერითი ოსტატობა, რომელიც გამოავლინა მთარგმნელმა, ინტონაციათა ეს ნაირგვარობა, ქართული ენის ულევ შესაძლებლობათა დიად აღლუმად წარმოსდგება ჩვენს წინაშე.. შოთა ჩანტლაძე თავისუფალი, იმპროვიზაციული მანერით ჰქმნის ხელახლა ირლანდიულ საგებს, იგი ცხოვრობს გმირთა ცხოვრებით, მისი უშუალო განცდიდან იშვის ირლანდიის პანორამები, ფერწერულ-ჟანრული სურათები, ბატალური სცენები, მისტიური ზმანებები. მას, როგორც ჭეშმარიტად პოეტს, სიტყვის პლასტიკური და მუსიკალური მხარე უფრო აინტერესებს, ვიდრე სემანიტური მნიშვნელობა, ამიტომ ალაგ-ალაგ სცვლის კიდევაც ამ მნიშვნელობის ნიუანსებს. შოთა ჩანტლაძე არნახული სიცხოვლით გრძნობს რიტმს პროზისას, და ამავე დროს იგი წარმოსდგება ჩვენს წინაშე, როგორც ქართული ლექსის ბრწყინვალე ოსტატი. ლექსის ვოკალურობასთან, ალიტერირებული კადანსების კეთილხმოვანებისმიერი მჭახე აკორდების შემოჭრა, განსაკუთრებით საბრძოლო სცენებში და კატასტროფულ პასაჟებში. ამავე დროს გვხიბლავს მკაცრი ლაპიდარობა ენისა, რითაც აღდგენილია დედაენის ძირითადი განწყობილება. და ბოლოს, ისეთი შთავეჭდილება გვრჩება, თითქოს ირლანდიელი მთქმელი – ოქროპირი გაცოცხლებულაო ქართულ ნიადაგზე, თითქოს კელტი ხალხის გენია თავისი მონათესავე ქართული გენიის პირით გვაუწყებსო გადასულ დროთა ამბებს, რათა აღაგზნოს ჩვენს გულში ღრმად მიძინებული წყურვილი გმირობისა.

Create a free website or blog at WordPress.com.