ნოემბერი 4, 2016
ოქტომბერი 24, 2016
პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და ა. სკრიაბინის ინტერვიუ: თბილისი-მოსკოვის ტელეხიდი, 10.11.1991 წ.
Президент Звиад Гамсахурдиа и А.Скрябин: телемост Тбилиси-Москва 10.11.1991 г.
ოქტომბერი 8, 2014
დაზმირ ჯოჯუა – 1991 წლის აგვისტოს პუტჩი და საქართველო
როცა 1870-1871 წლების საფრანგეთ-პრუსიის ომის შემდეგ საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის პირველმა პრეზიდენტმა ა. ტიერმა ცნობილ გერმანელ ისტორიკოსს რანკეს ჰკითხა: “ვის ებრძვის გერმანია ნაპოლეონს III-ის დამხობის შემდეგ? – რანკემ უპასუხა: “გერმანია ებრძვის ლუდოვიკო XIV-ს”. პასუხი სავსებით ნათელია იმათთვის, ვისაც თუნდაც ზედაპირული წარმოდგენა აქვს ევროპის ისტორიაზე: მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ელზასი და ლოთარინგია საფრანგეთმა სწორედ ლუდოვიკო XIV-ის დროს შეიერთა[1]. ამავე ლოგიკით, ვთქვათ, გერმანია 1914-1918 წლებში ებრძოდა ივანე მრისხანესა და პეტრე პირველს.
1991-1993 წლებში რუსეთი ებრძოდა დავით აღმაშენებელსა და გიორგი ბრწყინვალეს, სიმონ I-სა და ილია ჭავჭავაძეს, ე.ი. ებრძოდა არა ზ. გამსახურდიას “დიქტატურას” და “ავტორიტარულ მმართველობას”, არა ოსებისა და აფხაზების “გენოციდის” სურვილით შეპყრობილ ქართულ “ფაშიზმს”, არამედ საქართველოს ერთიანობის სტრატეგიას, მისი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღდგინების იდეას. ამ ბრძოლაში კრემლის იმპეროკრატიას მრავლად ჰყავდა საყრდენი ძალების როლში XX საუკუნის ლიპარიტ ბაღვაშები თუ „ცივის მთაზე გაჟლეტილი ერისთავები“, დაუდ-ხანები თუ სერგო ორჯონიკიძეები. აქ საქმე მხოლოდ იმაში როდია, რომ რუსეთი ცდილობდა და ყოველთვის ეცდება ქართული მიწების მიტაცებას ე.წ. „მცოცავი ანექსიის“ გზით. ეს პრობლემა გაცილებით რთული და მრავალწახნაგოვანია და მისი ობიექტური გააზრება მხოლოდ გეოპოლიტიკის კოგნიტიური სტრუქტურების პრიზმაშია შესაძლებელიც და აუცილებელიც.
XX საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში საბჭოთა კავშირში საგრძნობლად გააქტიურდნენ მძლავრი ტექტონიკური ძალები, რომელთაც შეეძლოთ ამ იმპერიის მთელი გეოპოლიტიკური კონფიგურაციის რადიკალური შეცვლა. მ. გორბაჩოვის „პერესტროიკასთან“ ერთად, მადესტაბილიზებელ ძალებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ქართულმა ეროვნულ-გამათავისუფლებელმა მოძრაობამ. 1990 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ მშვიდობიან ეროვნულ-კონსერვატიულ რევოლუციას, ქართული ეროვნული მოძრაობა გახდა სახელმწიფოს პოლიტიკური ხელისუფლება. 1990 წლის 14 ნოემბერს ახლადარჩეული უზენაესი საბჭოს პირველსავე სესიაზე მის თავმჯდომარედ აირჩიეს ზვიად გამსახურდია. საქართველო გამოცხადდა რესპუბლიკად და აღდგენილ იქნა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სიმბოლიკა. „გარდამავალი პერიოდის შესახებ“ მიღებულ დადგენილებაში ეროვნულმა პარლამენტმა გამოაცხადა გარდამავალი პერიოდი საქართველოს დამოუკიდებლობის სრული (დე-ფაქტო და დე-იურე) აღდგენისათვის საფუძვლების შემზადების მიზნით. თავის საპროგრამო გამოსვლაში ზ. გამსახურდიამ აღნიშნა, რომ „ახალ ეტაპზე ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის თავისებურება იმაში მდგომარეობდა, რომ ამიერიდან ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის სათავეში ჩაუდგა უზენაესი საბჭო, როგორც ხელისუფლების არჩეული ორგანო“[2]. მაშასადამე, მოხდა ეროვნული მოძრაობის ლეგიტიმიზაცია, გასახელმწიფოებრივება. ეროვნულ პარლამენტს ენიჭებოდა დუალისტური ფუნქცია – ის წარმოადგენდა როგორც ლეგიტიმურ საკანონმდებლო ხელისუფლებას, ისევე ეროვნული მოძრაობის წარმმართველ ცენტრსაც, ეროვნული დაუმორჩილებლობის ძირითად იურიდიულ ინსტიტუტს.
ზ. გამსახურდიას გარდამავალი ხელისუფლება არ შეიძლება ჩაითვალოს (ობიექტურად ვერც იქნებოდა) სრულფასოვან ლიბერალურ დემოკრატიად. ის შეიძლება შეფასდეს, როგორც მართვადი დემოკრატია ავტორიტარული და ქარიზმატული ტენდენციებით, როგორც საპრეზიდენტო ხელისუფლების დომინირება ელიტური ურთიერთობების პლურალისტური სტრუქტურების შენარჩუნებით. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკასა და დიპლომატიურ დოქტრინას; 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ეყრდნობოდა რა ამავე წლის 31 მარტის საერთოეროვნული რეფერენდუმის შედეგებს, ოფიციალურად გამოაცხადა სახელმწიფოებრიობის აღდგენის შესახებ და მიიღო შესაბამისი დოკუმენტი – დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. არსებითად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გულისხმობდა რუსეთთან და იმ პერიოდისათვის ჯერ კიდევ არსებულ სსრკ-სთან სუბორდინაციული სახელმწიფოებრივი კავშირების გაწყვეტას და თვისობრივად ახალი ტიპის, თანასწორუფლებიანობასა და საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმების პრიორიტეტზე დამყარებული ურთიერთობებისათვის მზადყოფნას. ამიტომ ცხადია, რომ ახალი ქართული სახელმწიფოს დიპლომატიისა და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ვექტორი, გარკვეული პოზიტიური გაგებით, ჩრდილოეთისაკენ იყო მიმართული.
ქართული დიპლომატიის ამ „ჩრდილოეთის ვექტორის“ მნიშვნელობას ზრდიდა ის გარემოებაც, რომ საქართველოს, როგორც სსრ კავშირის ყოფილი რესპუბლიკის საერთაშორისო ცნობის პერსპექტივა ძირითადად სწორედ საბჭოთა კავშირში განვითარებულ პროცესებზე იყო დამოკიდებული. ამასთან, ზ. გამსახურდია კარგად აცნობიერებდა მოსკოვთან ურთიერთობის რეგიონალურ განზომილებას – ეს ურთიერთობა აქტუალური იყო კავკასიის რეგიონში სტაბილური გეოპოლიტიკური სივრცის შექმნის თვალსაზრისითაც. სსრკ-ის დაშლამდე (1991 წლის დეკემბერი) ქართული დიპლომატიის „ჩრდილოეთის ვექტორი“ ორი მიმართულებით ვითარდებოდა. ეს გამოწვეული იყო იმპერიის სივრცეში ორი დიდი პოლიტიკური ცენტრის – სსრკ-ის ხელისუფლებისა და საკუთრივ რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლების ერთდროული არსებობით.
ზ. გამსახურდიას ურთიერთობა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობასთან მუდმივი დაძაბულობისა და კონფრონტაციის ვითარებაში წარიმართა. ეს გამოწვეული იყო პრეზიდენტ მ. გორბაჩოვის აშკარად ანტიქართული პოლიტიკით „სამაჩაბლოს საკითხში“. ამავე დროს, კრემლის სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევდა საქართველოს კატეგორიული უარი მონაწილეობა მიეღო ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების (ე.წ. „ნოვო-ოგარიოვოს პროცესი“) მომზადებაში და ამ ფორმით არ შეეწყვიტა თავისი წევრობა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. სამაგიეროდ, საწყის ეტაპზე ერთგვარი აღმასვლით ვითარდებოდა ურთიერთობა რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ელიტასთან. მაგ: „სამაჩაბლოს საკითხში“ ბ. ელცინმა მაშინ კონსტრუქციული პოზიცია დაიკავა, რასაც მოჰყვა მისი და ზ. გამსახურდიას შეხვედრა ყაზბეგში 1991წ. 23 მარტს და ე.წ. „ყაზბეგის დეკლარაციის“ ხელმოწერა[3]. დეკლარაციაში ხაზგასმული იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მის საშინაო საქმეებში რუსეთის ყოველგვარი ჩარევის დაუშვებლობა. ამავე პოზიტიური კუთხით შეიძლება განვიხილოთ ზ. გამსახურდიას მონაწილეობა მოსკოვში გამართულ ბ. ელცინის საპრეზიდენტო ინაუგურაციაში (1991წ. ივნისი).
საქართველო-რუსეთის ურთიერთობანი რადიკალურად შეიცვალა 1991 წლის 18-21 აგვისტოს მოსკოვში განვითარებული მოვლენების შემდეგ. ცნობილია, რომ ეს მოვლენები ისტორიოგრაფიასა და პოლიტიკურ პუბლიცისტიკაში „აგვისტოს პუტჩის“ დეფინიციით არის შესული[4]. მოსკოვის პუტჩი, მიუხედავად მცირე ქრონოლოგიური ლოკალიზაციისა, იმდენად რთული და მრავალწახნაგოვანი მოვლენაა, რომ მის შესახებ სრულყოფილი, თუნდაც მხოლოდ მიმოხილვითი ნაშრომის შექმნა დიდ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. ამავე დროს, უაღრესად რთული სამეცნიერო პრობლემაა პუტჩის მიმართ საქართველოს ეროვნული ხელისუფლების დამოკიდებულების სრული
და ამომწურავი ანალიზი. ამიტომ, ჩვენ ხაზი გავუსვით მხოლოდ პროცესის შინაგანი დინამიკის განმაზოგადებელ მომენტებს, რის გამოც საკითხები, რომლებიც პრობლემის მეცნიერული გადაწყვეტისათვის არის საჭირო, ჩვენს მიერ დასმულია საბოლოო გარკვევის პრეტენზიის გარეშე.
პრობლემის სრულფასოვანი მეცნიერული ატრიბუცია აშკარად გაძნელებულია წყაროებრივი ბაზის უაღრესად შეზღუდული რაოდენობით. გარკვეული მიზეზების გამო პუტჩის მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულების ამსახველი საარქივო მასალა ფაქტობრივად არ არსებობს, ხოლო კულუარული ინფორმაციები მათი ავტორების პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიებით და ღრმა ფსიქოლოგიზმით არის აღსავსე, რის გამოც მათი რეპრეზენტატულობის ხარისხი საკმაოზე დაბალია. ამან საშუალება მისცა ოპოზიციურ პოლიტიკურ პუბლიცისტიკას (მაგ., თ. სიგუას ინტერვიუები და მათში აქცენტის გაკეთება ე.წ. „იანაევის დაკითხვის ოქმებზე“, პუტჩისტური „გენერალიტეტის“ წარმომადგენელთა (თ. კიტოვანი, თ. დუმბაძე, გ. ლანჩავა) „მტკიცებები“ გკჩპ-თან ზ. გამსახურდიას თითქოსდა შემთანხმებლურ ურთიერთობებზე და სხვ.) და ისტორიოგრაფიას (მაგ., უ. ბლუაშვილის ფაქტობრივად ცალმხრივი და არაფრისმთქმელი რიტორიკა გ. იანაევის ხუნტასთან თანამშრომლობით(?) ზ. გამსახურდიას მიერ ჩადენილი „დანაშაულის“ შესახებ[5] და ა.შ.), შეექმნა აშკარად მანიპულატორული და პიარტექნოლოგიური სურათი ამ პრობლემატური საკითხის გარშემო. აღნიშნულ „კონცეფციათა“ არადიპლომატიური და დილეტანტური „გნოსისი“ მათ ავტორთა ტენდენციურობის პროდუქტია. „შევარდნაძის ეპოქამ“ მართლაც რომ დიდი მანიპულატორები და კომბინატორები წარმოშვა და არა მხოლოდ პოლიტიკოსთა შორის.
დღემდე განსახილველ პრობლემასთან მიმართებაში შეიმჩნევა ერთგვარი პუბლიცისტური რედუქცია – უაღრესად რთული მოვლენის ერთგვარი გამარტივება, მთელი პროცესის დაყვანა ეროვნული გვარდიის სტატუსი ფორმალურ-იურიდიულ შეცვლაზე და 1991 წ. 19 აგვისტოს შესაბამისი ბრძანებულებების აბსოლუტიზაციაზე. ჩვენი ძირითადი ამოცანა სწორედ ამ რედუქციონიზმის უარყოფა და პრობლემის კომპლექსური ობიექტური ანალიზია. რაც შეეხება ზემოთთქმულ წყაროთმცოდნეობით „სივიწროვეს“, ისტორიოგრაფიაში
აპრობირებულია სპეციფიკური, ასე ვთქვათ, კონტრმეთოდი: სამეცნიერო კვლევა-ძიებისას დასაშვებია და ბუნებრივიც, რომ ესა თუ ის
მოვლენა, რომელიც შეუძლებელია აღდგეს საარქივო და სხვა სახის წყაროებით, რეკონსტრუირებულ იქნეს კონკრეტულ-ისტორიული სიტუაციის გათვალისწინებით და ლოგიკური ანალიზის გზით. ამ შემთხვევაში ისტორიული „ლოგოსი“ აკომპენსირებს ისტორიული ფაქტოგრაფიის არასაკმარისობას.
საქართველოს ეროვნული ხელისუფლება კარგად აცნობიერებდა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის საბჭოთა და რუსული იმპერიალიზმის მხრიდან მომდინარე საფრთხეებს და რისკის ფაქტორებს. მან იმთავითვე აირჩია სრული სუვერენიტეტისა და დეოკუპაციის კურსი და უარი თქვა მ. გორბაჩოვის ადმინისტრაციის ეგიდით მიმდინარე ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების მომზადების პროცესში (ე.წ. „ნოვო-ოგარიოვოს პროცესში“) მონაწილეობაზე[6]. საქართველომ, ბალტიის ქვეყნებმა, სომხეთმა და მოლდოვამ 1991 წ. მაისში დააფუძნეს ალტერნატიული „კიშინიოვის ფორუმი“, როგორც სამოკავშირეო ხელშეკრულების არმომწერ სახელმწიფოთა თანამშრომლობისა და კოორდინაციის სახელმწიფოთაშორისი კოალიცია.
როგორ წარიმართა აგვისტოს პუტჩი, როგორც პოლიტიკური პროცესი? იმთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი წარმოადგენდა არა იმდენად დაპირისპირებას დემოკრატიისა და კონსერვატიული რეაქციის ძალებს შორის, რამდენადაც ბრძოლას ძალაუფლებისათვის პარტიულ-ნომენკლატურულ დაჯგუფებებს შორის და, აქედან გამომდინარე, ნომენკლატურული გადატრიალების, შიდასახელისუფლებო ფრონდის მცდელობას. რაც შეეხება ხსენებულ დაჯგუფებათა გეგმებში საბჭოთა სივრცის პოლიტიკურ-ტერიტორიული მოწყობის პროექტებს, აქ ერთმანეთს დაუპირისპირდა არსებული იმპერიის შენარჩუნებისა და „ელცინის გუნდის“ მიერ შემუშავებული „ლიბერალური იმპერიის“ სტრატეგიები. აგვისტოს მოვლენების შინაგანი არსის ამგვარ დეფინიციას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ზ. გამსახურდიას მიერ გამოჩენილი ნეიტრალიტეტის მართლზომიერების მტკიცებისათვის. მაგრამ ამაზე ქვემოთ.
„ნოვო-ოგარიოვოს პროცესი“ დასასრულს მიუახლოვდა და ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერის დღედ 1991 წ. 20 აგვისტო დადგინდა. 29 ივლისს მ. გორბაჩოვი კონფიდენციალურ ვითარებაში შეხვდა რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებს – ბ. ელცინსა და ნ. ნაზარბაევს და მათთან განიხილა სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომი საკადრო ცვლილებები სსრკ-ს უმაღლეს ხელმძღვანელობაში[7]. დადგენილია, რომ კონკრეტულად საუბარი იყო ვ. პავლოვის (პრემიერ-მინისტრი), ბ. პუგოს (შინაგან საქმეთა მინისტრი), დ. იაზოვის (თავდაცვის მინისტრი) და ვ. კრიუჩკოვის (სუკ-ის თავმჯდომარე) გადაყენებაზე[8]. ამდენად, ცხადზე უცხადესია, რომ 20 აგვისტოს ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების დადებისთანავე ზემოხსენებული პირები ავტომატურად კარგავდნენ თანამდებობრივ სტატუსს საბჭოთა იმპერიის უმაღლეს იერარქიაში. გადატრიალების ორგანიზაციისთვის მათი ნომენკლატურული ინტერესები სავსებით ნათელია. არადა, სწორედ ეს „ოთხეული“ გახდა პუტჩის თავისებური მენტალური ცენტრი.
18 აგვისტოს ფოროსის აგარაკზე მ. გორბაჩოვთან (ის აქ ისვენებდა 5 აგვისტოდან) გამოცხადდნენ ო. ბაკლანოვი, ნ. შენინი, გენ. ვ. ვარენიკოვი და ა. პლეხანოვი. დელეგაციამ გორბაჩოვს უჩვენა მომავალი საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტის (ე.წ. ГКЧП – Государственный комитет по чрезвычайному положению. ჩვენს ტექსტში ქართული აბრევიატურა ვამჯობინეთ – შემდეგში „სმსკ“ – დ.ჯ.) შემადგენლობა და მოსთხოვა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ ბრძანებულების ხელმოწერა[9]. მ. გორბაჩოვმა კატეგორიული უარი განაცხადა ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის სამართლებრივი რეჟიმის დაწესებაზე, რაც ინიციატორებს შეთქმულებად და არალეგიტიმურ დაჯგუფებად აქცევდა. მოსკოვში დაბრუნებისთანავე მათ პრეზიდენტი არაქმედუნარიანად გამოაცხადეს და ჩამოაყალიბეს საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტი, როგორც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში სსრკ-ის მართვის მთავარი ორგანო. სმსკ-ში შევიდნენ: გ. იანაევი – პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ვ. პავლოვ – პრემიერ-მინისტრი, ბ. პუგო-შინაგან საქმეთა მინისტრი, ვ. კრიუჩკოვი – სუკ-ის თავმჯდომარე, დ. იაზოვი – თავდაცვის მინისტრი, ო. ბაკლანოვი – სსრკ-ს თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვ. სტაროდუბცევი – სსრკ-ს აგრარიკოსთა კავშირის თავმჯდომარე და ა. ტიზიაკოვი – სსრკ-ს სახელმწიფო საწარმოების და მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის ობიექტების ასოციაციის პრეზიდენტი[10]. 1991წ. 19 აგვისტოს გამოქვეყნდა სმსკ-ის #1 ბრძანებულება, რომელშიც პუტჩისტები აცხადებდნენ მათ მიერ განხორციელებული აქციის კანონიერებისა და მართლზომიერების შესახებ, ასევე ღიად აფიქსირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების მიზეზებს – ქვეყნის სუვერენიტეტისათვის დამღუპველი პოლიტიკის შეჩერება და სსრკ-ს ერთიანობის შენარჩუნება. სმსკ-მა გამოაცხადა – ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობის შემოღება, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აკრძალვა, მიტინგებისა და დემონსტრაციების აკრძალვა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე სახელმწიფო კონტროლის დაწესება და ა.შ.[11].
ჩვენს მიერ დასმული პრობლემის კონტექსტში განსაკუთრებით აქტუალურია სმსკ-ის #1 ბრძანებულების (სულ იგი შეიცავდა 16 პუნქტს) რამდენიმე პუნქტი, რომლებსაც სრულად მოვიყვანთ:
2. …. დაუყოვნებლივ გაუქმდეს სსრკ კონსტიტუციისა და კანონების საწინააღმდეგოდ მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოები, გასამხედროებული ფორმირებანი.
- ამიერიდან უკანონოდ ითვლება ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოთა ის კანონები და გადაწყვეტილებები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სსრკ კონსტიტუციასა და კანონებს.
- შეწყდეს იმ პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მასობრივი მოძრაობების მოღვაწეობა, რომლებიც ხელს უშლიან ვითარების ნორმალიზაციას.
- … აუცილებლობის შემთხვევაში შემოღებულ იქნას კომენდანტის საათი, ტერიტორიის პატრულირება, სასაზღვრო და საბაჟო რეჟიმის გამკაცრება. კონტროლქვეშ უნდა იქნას აყვანილი უმთავრესი სახელმწიფო და სამეურნეო და სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტები…“[12]
როგორც ვხედავთ, აგვისტოს პუტჩი ხდებოდა სერიოზული რისკის ფაქტორი საქართველოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებისათვის. მისი თუნდაც დროებითი წარმატება ჩვენს ქვეყანაშიც და მის ირგვლივაც პერმანენტული დაძაბულობის სერიოზულ და სახიფათო კერებს ქმნიდა. ზემოთმოყვანილი #1 გადაწყვეტილების რეალიზაცია საქართველოს მუდმივი დესტაბილიზაციის პერსპექტივით ემუქრებოდა. კერძოდ: მე-2 პუნქტი კანონგარეშე აცხადებდა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს, პრეფექტურის ინსტიტუტს, 1991 წლის იანვარში ჩამოყალიბებულ ეროვნულ გვარდიას, ასევე ოპოზიციურ ეროვნულ კონგრესში ინტეგრირებულ პარამილიტარულ ჯგუფებს; მე-3 პუნქტი ავტომატურ რეჟიმში აუქმებდა საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ 1990 წლის 11 ნოემბრიდან მიღებული კანონების, ნორმატიული აქტებისა და გადაწყვეტილებების უმრავლესობას, მათ შორის, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებს და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს; მე-4 პუნქტი კრძალავდა არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების, არამედ თვით მმართველი ბლოკის ფუნქციონირებას; მე-7 პუნქტი ითვალისწინებდა საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლით საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შენაერთების საჭიროებისამებრ გამოყენებას.
ეროვნული გვარდიის (ისევე, როგორც სხვა რესპუბლიკის ანალოგიური შენაერთების) ლიკვიდაციის მოთხოვნა ხაზგასმით დააფიქსირა სმსკ-ის თავმჯდომარემ გ. იანაევმა თავის 18 აგვისტოს „მიმართვაში“, რომლის ადრესატები იყვნენ გაერო-ს გენერალური მდივანი და მსოფლიოს სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები: „… გათვალისწინებულია იმ ანტიკონსტიტუციური, უკონტროლო და არსებითად დანაშაულებრივი სამხედრო ფორმირებების ლიკვიდაცია, რომლებიც თესავენ მორალურ და ფიზიკურ ტერორს სსრკ-ის მთელ რიგ რეგიონებში და წარმოადგენენ დეზინტეგრაციული პროცესების კატალიზატორებს“[13]. ყველამ კარგად იცის, თუ რა „მორალური და ფიზიკური ტერორი დათესა“ საქართველოს ეროვნულმა გვარდიამ შიდა ქართლში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამაჩაბლოს ქართული მოსახლეობის დაცვისათვის მიმდინარე სამართლიან ომში.
1991წ. 19 აგვისტოს სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ ა. ლუკიანოვმა 26 აგვისტოსთვის მოიწვია საბჭოს რიგგარეშე სესია[14]. ცხადია, რომ რიგგარეშე სესიას უნდა დაემტკიცებინა გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ და ამით მოეხდინა სმსკ-ისა და პუტჩისტური გადატრიალების ლეგიტიმაცია.
აგვისტოს პუტჩის დღეებში გადატრიალების წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი გახდა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა. მიმართვაში „რუსეთის მოქალაქეებს“ პრეზიდენტმა ბ. ელცინმა, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ რ. ხასბულატოვმა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ ი. სილაევმა მომხდარი შეაფასეს, როგორც რეაქტიული ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალება და მოუწოდეს მოსახლეობას არ შეესრულებინა სმსკ-ის გადაწყვეტილებები. ამავე დროს, სპეციალური ბრძანებულებით ბ. ელცინმა საკუთარ დაქვემდებარებაში გადაიყვანა რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სსრკ-ს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, მათ შორის სუკი, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები.
როგორი იყო დასავლეთის რეაქცია? რასაკვირველია, ცალსახად ნეგატიური. 1991 წ. 19 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა სპეციალური განცხადება, რომელშიც მოსკოვში მიმდინარე პროცესს ანტიდემოკრატიული გადატრიალების კვალიფიკაცია მისცა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეთრი სახლი ამ გადატრიალებას მხარს არ დაუჭერდა. ამასთან, ჯ. ბუშმა ჩამოაყალიბა სსრკ-ს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის შემდეგი საბაზისო პრინციპები: სსრკ-ში დემოკრატიისა და რეფორმების პოლიტიკის გაგრძელება; აშშ მხარს უჭერს ყველა კონსტიტუციურად არჩეულ ხელმძღვანელს და გამოდის ძალის გამოყენების წინააღმდეგ; აშშ გამოდის ძალის გამოყენების წინააღმდეგ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში, ასევე ნებისმიერ სხვა რესპუბლიკაში მთავრობათა შეცვლის მიზნით; აშშ მოუწოდებს
სსრკ-ს დაიცვას თავისი საერთაშორისო ხელშეკრულებანი და ვალდებულებანი ჰელსინკის აქტისა და პარიზის ქარტიის შესაბამისად[15]. ანალოგიური განცხადება გააკეთა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მ. ვიორნერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ნატოს ფარგლებში მიღებული იქნება სიფრთხილიდან გამომდინარე ზომები, რათა გარკვეულმა ძალებმა თავი შეიკავონ საგარეოპოლიტიკური ავანტიურებისაგან“[16].
აგვისტოს პუტჩი დამარცხდა. ელცინის დაჯგუფებამ შეძლო მოსახლეობის უდიდესი ნაწილის უპირობო მხარდაჭერის მოპოვება და სიტუაციის კონტროლქვეშ აყვანა. ცხადია, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა არმიისა და სუკ-ის სპეცნაწილების მიერ გამოჩენილ ნეიტრალიტეტს. 21 აგვისტოს ფოროსში გაფრინდნენ დ. იაზოვი, ო. ბაკლანოვი, ვ. კრიუჩკოვი, ა. ლუკიანოვი და სხვა, მაგრამ ისინი მ. გორბაჩოვმა არ მიიღო. რამდენიმე საათში ფოროსში ჩავიდნენ რუსეთის ვიცე-პრეზიდენტი ა. რუცკოი და პრემიერ-მინისტრი ი. სილაევი. მათი გორბაჩოვთან მოლაპარაკების შემდეგ სმსკ-ის წევრები დააპატიმრეს. იმავე ღამეს გორბაჩოვი მოსკოვში დაბრუნდა[17].
აგვისტოს მოვლენების ორი უმთავრესი შედეგია განსაკუთრებით საგულისხმო და მნიშვნელოვანი: 1. გაძლიერდა სსრკ-ის დეზინტეგრაციის პროცესი და საბჭოთა კავშირის დაშლა შეუქცევადი გახდა; 2. იმპერიის მეტროპოლიურ სტრუქტურებში გაძლიერდა „ელცინის დაჯგუფების“ სტატუსი, რომელმაც არსებითად ჩაანაცვლა „გორბაჩოვის დაჯგუფება“ და საკუთარ თავზე აიღო ერთიანი იმპერიული სივრცის შენარჩუნების ამოცანის გადაწყვეტის ფუნქცია.
მოსკოვის პუტჩის შესახებ პირველივე ცნობების მიღებისთანავე პრეზიდენტმა ზ. გამსახურდიამ სასწრაფოდ შეწყვიტა შვებულება დაბა ყაზბეგში და დედაქალაქში დაბრუნდა. 18 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში ის აწარმოებდა პოლიტიკურ კონსულტაციებს თავის უახლოეს გარემოცვასთან და მმართველი ბლოკის საპარლამენტო ფრაქციასთან. როგორც ჩანს, ეს კონსულტაციები წარიმართა გაურკვევლობისა და ერთგვარი დაბნეულობის რეჟიმში, რადგანაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო პუტჩის პირველ საათებში მოსკოვიდან მეტ-ნაკლებად დეტალური ინფორმაციის მიღება. სიტუაციის ზოგადი პარამეტრებისა და საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური რესურსების შეფასების საფუძველზე, სმსკ-თან ღია კონფრონტაციის შემთხვევაში ქვეყნისათვის შესაძლო ტოტალური საშიშროების მასშტაბების გათვალისწინებით ზ. გამსახურდიამ აირჩია აქტიური ნეიტრალიტეტის ტაქტიკა. რაში გამოვლინდა ეს აქტიური ნეიტრალიტეტი?
1991 წ. 19 აგვისტოს გამოქვეყნდა საქართველოს პრეზიდენტის, უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმისა და მინისტრთა საბჭოს ერთობლივი მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი. მასში აღნიშნული იყო, რომ მოსკოვში შექმნილია არასტაბილური სიტუაცია და ახლო მომავალში შესაძლოა იგი უმართავი გახდეს, ამიტომ საქართველოს მოსახლეობამ უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე, გონიერება, შორსმჭვრეტელობა, არ აყვეს მოსალოდნელ პროვოკაციებს. რესპუბლიკის ყველა სახელმწიფო დაწესებულებამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ საქმიანობა უნდა გააგრძელოს ჩვეულებრივ რეჟიმში და ა.შ[18]. როგორც ვხედავთ, ამ ერთობლივ მიმართვაში საკმაოდ ნათლად და ორაზროვნების გარეშე, ამასთან, გარკვეული დიპლომატიური ეტიკეტის დაცვით დაფიქსირდა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია.
19 აგვისტოს თბილისში საგანგებო მისიით ჩამოვიდა სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, არმიის გენერალი ვ. შურავლიოვი, რომელსაც სპეციალური ინსტრუქციები ჰქონდა როგორც გ. იანაევისაგან, ასევე დ. იაზოვისაგან და მარშალ ს. ახრომეევისაგან. რასაკვირველია, ეს ინსტრუქციები ითვალისწინებდა საქართველოს ხელისუფლების დაშინებას სამხედრო ძალის მუქარით და ამის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე სმსკ-ის გადაწყვეტილებათა რეალიზაციის უზრუნველყოფას. გენ. ვ. შურავლიოვს შეხვდნენ პრეზიდენტი ზ. გამსახურდია და უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ა. ასათიანი. მოლაპარაკებაში მონაწილეობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალი გენ. ვ. პატრიკეევი. სამწუხაროდ, მოლაპარაკების ოქმი ან მისი მეტნაკლებად ხელმისაწვდომი აღწერილობა არ არსებობს. მაგრამ შესაძლებელია მისი არსებითი მხარეების რეკონსტრუირება საქართველოს უზენაესი საბჭოს 26 აგვისტოს საგანგებო სესიის ეროვნული გვარდიისადმი მიმართვის ტექსტიდან[19] და საქართველოს პრეზიდენტის პრესმდივნის 1991 წლის 27 აგვისტოს განცხადებიდან[20].
მოლაპარაკებაზე გენ. ვ. შურავლიოვმა წამოაყენა რამდენიმე ულტიმატუმი, რომელთა შორის განსაკუთრებით მძიმე იყო საქართველოს ეროვნული გვარდიის გაუქმების მოთხოვნა. ცხადია, რომ სმსკ-ის #1 ბრძანებულების მე-2 პუნქტის ფონზე ეს მოთხოვნა იყო კატეგორიული და იმპერატიული. თავისთავად, ამ მოთხოვნის ულტიმატური ფორმით ზ. გამსახურდიასათვის წაყენება ნიშნავდა საქართველოს საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევას, თანაც სამხედრო ძალით დამუქრების სახით. საგულისხმოა, რომ სწორედ მოლაპარაკების
მიმდინარეობის დროისათვის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის თბილისის გარნიზონის ნაწილებმა კონტროლი დააწესეს თბილისის აეროპორტსა და რკინიგზის სადგურზე.
შეხვედრაზე გენ. ვ. შურავლიოვმა პირდაპირ გამოაცხადა, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საბჭოთა ჯარის ნაწილებს მიცემული აქვთ ბრძანება საქართველოს ეროვნული გვარდიის განადგურების შესახებ. ვ. შურავლიოვის აღნიშნული მუქარის და საქართველოზე პირდაპირი სამხედრო დარტყმის საშიშროების საფუძვლიანობას ნათელყოფენ სხვა დოკუმენტებიც. მაგალითად, 1991წ. 19 აგვისტოს დილის 4 სთ-სა და 30 წთ-ზე სსრკ თავდაცვის მინისტრმა დ. იაზოვმა სსრკ ჯარების სახეობათა მთავარსარდლებსა და გენერალურ შტაბებს, ფლოტებისა და ოლქების (მათ შორის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის) სარდლებს გაუგზავნა საიდუმლო დაშიფრული ტელეგრამა #8825[21]. შიფროგრამაში იყო სამხედრო მზადყოფნაში („მზადყოფნა #1“) ჯარების მოყვანისა და მათი სიტუაციის შესაბამისად ამოქმედების ბრძანება. მაშასადამე, 19 აგვისტოსთვის საქართველოში დისლოცირებული საბჭოთა არმიის ყველა შენაერთი და ნაწილი იმყოფებოდა #1 მზადყოფნის საგანგებო რეჟიმში. საყურადღებოა ერთი ინტერვიუ, რომელიც ცოტა მოგვიანებით გაზეთ „მოსკოვსკიე ნოვოსტის“ კორესპონდენტს ალ. კაკოტკინს მისცა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ერთ-ერთი დივიზიის ინკოგნიტოდ დარჩენილმა მეთაურმა. მან ჟურნალისტს განუცხადა: „სამხედრო კონფრონტაციის შემთხვევაში, იმწუთსავე საქართველოს ეროვნული გვარდიის წინააღმდეგ გადავისროდით მასზე ოთხჯერ მეტ ძალებს…“[22].
ამდენად, სმსკ-ის მიერ მიღებული ბრძანებულების დეტალური ანალიზი, დ. იაზოვის #8825 ბრძანებისა და გენ. ვ. შურავლიოვის მუქარის
სტრატეგიული ატრიბუცია, საბჭოთა სამხედრო ნაწილების მოქმედება თბილისის აეროპორტსა და ვაგზლის მოედანთან – ყოველივე ეს საფუძველს გვაძლევს ვამტკიცოთ, რომ არსებობდა საქართველოზე პირდაპირი სამხედრო დარტყმის რეალური საფრთხე. ცხადია ისიც, რომ სმსკ-თან სამხედრო კონფრონტაციის შემთხვევაში, საშიშროება ემუქრებოდა არა მხოლოდ ზ. გამსახურდიას ხელისუფლებას, არამედ საერთოდ საქართველოს – კონსტიტუციური წყობილების დამხობით, სამხრეთ ოსეთის სუვერენიზაციით, პარტნომენკლატურის ხელისუფლებაში აღდგენითა და საყოველთაო ანარქიითა და დესტაბილიზაციით.
შექმნილ სიტუაციაში, მოსალოდნელი ძალისმიერი ზეწოლის თავიდან აცილებისა და კრემლისათვის ინტერვენციის საბაბის არმიცემის მიზნით, ზ. გამსახურდიამ გადადგა კომპრომისული ტაქტიკური ნაბიჯი: 1991წ. 19 აგვისტოს მან ხელი მოაწერა ბრძანებულებას „საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების – ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ“[23]. ბრძანებულება დროებით ცვლიდა (და არ აუქმებდა) ეროვნული გვარდიის სტატუსს, რადგანაც იგი არ აუქმებდა 1991წ. 29 იანვრის ორგანულ კანონს გვარდიის შექმნის შესახებ. ფაქტობრივი სტატუს-კვო უცვლელად ტოვებდა გვარდიის შეიარაღებისა და პირადი შემადგენლობის რაოდენობრივ მაჩვენებლებს, დისლოკაციის ზონებს. ცვლილებას დაექვემდებარა მხოლოდ დე იურე სტატუსი – გვარდიას ეძლეოდა „ომონის“ ქვედანაყოფის სტატუსი და ექვემდებარებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ხოლო ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობა და თავდაცვის სამთავრობო კომისია უქმდებოდა. არსებითად, საკუთრივ ეროვნული გვარდიისათვის 19 აგვისტოს ბრძანებულებას მოჰყვებოდა ერთადერთი ნომენკლატურული ცვლილება – თ. კიტოვანი და მისი გარემოცვის ზოგიერთი არაპროფესიონალი გენერალი კარგავდნენ თანამდებობებს.
აღნიშნული გადაწყვეტილებით ზ. გამსახურდიამ გვარდიაც შეინარჩუნა და იმპერიის სამხედრო მანქანას საქართველოს წინააღმდეგ დამსჯელი აქციების ჩატარების საბაბიც მოუსპო. ამავე დროს, სმსკ-ის სამხედრო ემისრებთან კონტაქტებზე თანხმობით მან შექმნა ერთგვარი კომპრომისული ფონი, ერთგვარი პოლიტიკური სივრცე მანევრირებისათვის პუტჩის შესაძლო, თუნდაც დროებითი წარმატების შემთხვევისათვის. მთავარი მაინც ის არის, რომ „19 აგვისტოს კომპრომისს“ საფუძვლად ჰქონდა საქართველოს ეროვნული ხელისუფლების სრულიად ლოგიკური მისწრაფება – მის ქმედებებს არ გამოეწვია „ცენტრის“ ინტერვენცია და სამხედრო რეპრესიები, აღეკვეთა სამხედრო
ოპერაციების პროვოცირების საშიშროება.
1991 წ. 20 აგვისტოს ზ. გამსახურდიამ სპეციალური მიმართვა გაუგზავნა დასავლეთის ქვეყნების ხალხებსა და მთავრობებს[24]. პრეამბულაში მან მოსკოვში შექმნილ ვითარებას „არასტაბილური სიტუაცია“ უწოდა და ხაზი გაუსვა ტოტალიტარულ იმპერიაში ლიბერალიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესების აბსოლუტურ შეუძლებლობას. „პოლიტიკური შეფასება მომხდარი გადატრიალებისა, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, – ძალიან რთულია, ვინაიდან ჯერჯერობით არ არის ნათელი ნამდვილი გადატრიალებაა ეს, თუ მხოლოდ გარიგება ან შოუ, რომლისგანაც პოლიტიკური დივიდენდების მიღებას მიელტვიან ცალკეული სახელმწიფო ლიდერები“.
როგორც ვხედავთ, ზ. გამსახურდიამ აგვისტოს მოვლენები შეაფასა როგორც გადატრიალება, როგორც უკანონო ანტიკონსტიტუციური პუტჩი, თანაც სავსებით ცხადად და არაორაზროვნად. ამასთან, მან ირიბად მიანიშნა კიდეც, რომ ეს იყო არა „ნამდვილი გადატრიალება“, ე.ი. რეალური დაპირისპირება რეაქციულ-ტოტალიტარულ და ლიბერალურ-დემოკრატიულ ძალებს შორის, არამედ ე.წ. „სასახლის გადატრიალება“, ნომენკლატურული პუტჩი, რომლის არსებითი დანიშნულება იმპერიულ ცენტრში ელიტათა ცირკულაციაში, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, გორბაჩოვის ჯგუფის ელცინის ჯგუფით ჩანაცვლებაში მდგომარეობდა. აგვისტოს მოვლენის ამგვარი დეფინიცია, რომელიც ამ მოვლენებიდან სულ რაღაც ნახევარ წელიწადში წინასწარმეტყველური გამოდგა, გამოირჩეოდა ორიგინალურობითა და არადიპლომატიური პირდაპირობით. ამიტომ ბუნებრივია ის ნეგატიური რეაქცია, რაც ამგვარ შეფასებას მოჰყვა რუსეთსა და დასავლეთში, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდანაც.
20 აგვისტოს მიმართვის ცენტრალური თემა იყო მოწოდება სსრკ-ის ნაციონალური რესპუბლიკების დამოუკიდებლობის საერთაშორისო ცნობისაკენ: „შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა, რეაქციული ძალების გამარჯვება საფრთხეს უქადის უწინარეს ყოვლისა სსრკ-ში შემავალ იმ რესპუბლიკებს, რომლებიც იბრძვიან დამოუკიდებლობისათვის… ისინი უშუალო სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშე დგანან. ამიტომ მე მოვუწოდებ დასავლეთის მთავრობებს, უწინარეს ყოვლისა, აშშ-ს, სასწრაფოდ და გადაუდებლად დე ფაქტო და დე იურე ცნონ ამ რესპუბლიკების, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობა და დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარონ მათთან“.
რას გულისხმობდა „კიშინიოვის ფორუმში“ მონაწილე რესპუბლიკების დამოუკიდებლობის სასწრაფო დიპლომატიურ რეჟიმში აღიარების მოწოდება, თუ არა პუტჩის მიმართ აშკარა და სრულიად განსაზღვრულ ოპოზიციას? პუტჩის ძირითადი მიზანი ხომ „ნოვო-ოგარიოვოს პროცესის“ ჩაშლასა და სსრკ-ს არსებული სახით შენარჩუნებაში მდგომარეობდა. არადა თვით აშშ-სა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოების მიერ ეროვნული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობა სწორედ რომ პუტჩის წინააღმდეგ აშკარა და პირდაპირი დიპლომატიური ბრძოლის გაცილებით ძლიერი ბერკეტი იქნებოდა, ვიდრე აშშ-ს ადმინისტრაციის ზემოთმოყვანილი განცხადება იმის შესახებ, რომ აშშ გადატრიალებას მხარს არ დაუჭერდა. ან კიდევ რით ჩამოუვარდება ზ. გამსახურდიას 20 აგვისტოს მიმართვის მოწოდება ესტონეთის მიერ პუტჩის დღეებში დამოუკიდებლობის გამოცხადებას, ან მოლდოვას პრეზიდენტის მ. სნეგურის „ანტიგეკაჩეპისტურ“ გამოსვლას კიშინიოვის 19 აგვისტოს მიტინგზე, თუ, რასაკვირველია, არ აჭარბებს მათ თავისი ანტიპუტჩისტური პათოსით?
ერთი სიტყვით, 20 აგვისტოს მიმართვაში ზ. გამსახურდიამ მოსკოვის მოვლენებს ანტიკონსტიტუციური გადატრიალებაც უწოდა და დასავლეთის მხრიდან პუტჩისტების წინააღმდეგ ქმედითი პოლიტიკურ-დიპლომატიური კონფრონტაციაც მოითხოვა. ამ თვალსაზრისით მიმართვა ერთგვარი გასაღებია მოსკოვის პუტჩთან მიმართებაში საქართველოს ეროვნული ხელისუფლების პოლიტიკის ობიექტური ანალიზისათვის. პოლიტიკოსთა (თ. სიგუა, გ. ჭანტურია და სხვ.) და ისტორიკოსთა (უ. ბლუაშვილი, დ. მჭედლური) და სხვათა მტკიცება, თითქოს ადგილი ჰქონდა სმსკ-თან კოლაბორაციონისტურ შემთანხმებლობას, „გამსახურდიას ალიანსს იმპერიის ყველაზე რეაქციულ წრეებთან“ (sic!), მიუღებლად მიგვაჩნია. მითუმეტეს, როცა მაშინ განვითარებული პროცესების მიმართ პოსტფაქტუმ ანალიტიკური მიდგომის დეფიციტი ნამდვილად არ იგრძნობა.
უნდა ითქვას, რომ ზ. გამსახურდიამ მომავალი სმსკ-ს ზოგიერთი წევრი პუტჩამდე გაცილებით ადრე გააკრიტიკა მათი უაღრესად კონსერვატიული და იმპეროკრატიული შეხედულებების გამო. მაგ., 1991 წ. 3 ივლისს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე მან უარყო გ. იანაევის (მაშინ სსრ კავშირის ვიცე-პრეზიდენტის) მიერ „შპიგელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განცხადებული სიცრუე, თითქოს კრემლი არ ახდენდა არანაირ ზეწოლას სამოკავშირეო ხელშეკრულების არმომწერ რესპუბლიკებზე. იქვე ზ. გამსახურდიამ მკაცრად გააკრიტიკა სსრკ-ს პრემიერ-მინისტრი ვ. პავლოვი, უწოდა რა მას „ძალიან კონსერვატიული და რეაქციული კომუნისტი“[25].
1991 წ. 26 აგვისტოს საქართველოს უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიამ მიიღო დადგენილებათა პაკეტი 19-21 აგვისტოს მოსკოვის მოვლენების შესახებ[26]. დადგენილებაში „1991 წლის 19-21 აგვისტოს მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ“ ეს მოვლენები დახასიათდა როგორც „სსრკ-ში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა“, რომლის მიზანი იყო ტოტალიტარიზმისა და კომუნისტური დიქტატურის აღდგენა, საბჭოთა იმპერიის რღვევის პროცესის შეჩერება. დადგენილებაში „1991 წლის 19-21 აგვისტოს სსრ კავშირში მიმდინარე მოვლენების დროს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს, საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის, საქართველოს კომპარტიის სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა გაუქმებული საბჭოს თვითმარქვია აღმასრულებელი კომიტეტის მოქმედებათა შესახებ“ უზენაესმა საბჭომ მკაცრად დაგმო აღნიშნული სტრუქტურების მოქმედება პუტჩის დღეებში, როგორც „გადატრიალების ორგანიზატორთა ჯგუფის მხარდაჭერა“. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კომპარტიის გაუქმებისა და მისი ქონების ნაციონალიზაციის შესახებ. ცხადია, გაუქმდა კომპარტიის ყველა ინსტიტუციური სტრუქტურა, მათ შორის – საპარლამენტო ფრაქციაც. ამავე დღეს საქართველომ ცნო პუტჩის დროს (21 აგვისტოს) გამოცხადებული ესტონეთისა და ლატვიის დამოუკიდებლობა.
ვფიქრობთ, ცალკე უნდა შევეხოთ საკითხს აგვისტოს პუტჩზე სსრკ-ის შემადგენლობაში შემავალი სხვა რესპუბლიკების ხელმძღვანელი ელიტების რეაქციის შესახებ. ამ რეაქციის რეალური შინაარსის გარკვევას არსებითი მნიშვნელობა აქვს ზ. გამსახურდიას მიერ გადადგმული ტაქტიკური პოლიტიკური ნაბიჯების ინტერპრეტაციისათვის. 1991 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა კრებული „Путч-Хроника тревожных дней“, მისი ერთი ნაწილის ავტორი არის პროელცინური დაჯგუფების ჟურნალისტი, ვინმე ოლგა ვასილიევა, რომელიც თავში – „რესპუბლიკები პუტჩის დროს“ – ეროვნულ რესპუბლიკებს სამ ნაწილად ჰყოფს და ამგვარი დიფერენციაციის საფუძვლად აღებული აქვს მათი ხელმძღვანელობის მიერ სმსკ-თან წარმართული ურთიერთობების სამი ვარიანტი. ო. ვასილიევა ასე „ახარისხებს“ რესპუბლიკებს:
- “წინააღმდეგობის ქრონიკა – ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, მოლდოვა.
- ლოდინის ქრონიკა – უკრაინა, ბელორუსია, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი.
- შემთანხმებლური ქრონიკა – აზერბაიჯანი და საქართველო….“[27].
ამ შესავლის შემდეგ ელცინის „დემოკრატიული“ რუსეთის ველიკოდერჟავული ამბიციებით შეპყრობილი ო. ვასილიევა სრულიად უტიფრად აცხადებს, რომ „ამა თუ იმ ფორმით გკჩპ-სადმი, როგორც ახალი საკავშირო ხელმძღვანელობისადმი, მხარდაჭერა (?) გამოხატეს საქართველომ (sic!) და აზერბაიჯანმა“, რომ „19 აგვისტოს გამსახურდია შეუთანხმდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალს, რომ 24 აგვისტომდე (?) შეასრულებდა გეკაჩეპეს ყველა მოთხოვნას (?!)“[28].
ჩვენ ზემოთ უკვე გავაანალიზეთ ზ. გამსახურდიას ტაქტიკური ნაბიჯები და ვაჩვენეთ მათი უალტერნატივობა და მართლზომიერება. იძულებითი ფორმალური კომპრომისის მიზეზებსაც შევეხეთ. ამიტომ აქ სიტყვას არ გავაგრძელებთ, აღვნიშნავთ მხოლოდ: ო. ვასილიევას ქრონიკალური პასაჟები ქვეტექსტურად მიანიშნებენ ამ ავტორის ანტიქართულ პათოსზე. ხსენებულ თავში არ არის მოყვანილი თუ დამოწმებული არც ერთი ოფიციალური დოკუმენტი და ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხი მოცემულია პრიმიტიული ჟურნალისტური გამოძიების დონეზე. ძირითად წყაროდ აღებულია საინფორმაციო სააგენტოების „რია“-სა და „პოსტფაქტუმის“ ცნობები. ორივე ეს სააგენტო მაშინ ბ. ელცინის გუნდის კონტროლქვეშ იყო და თავისთავად ცხადია მათი ტელეტაიპებიდან და ფაქსაპარატებიდან მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა და გაშიფრვის მექანიზმები.
ნათელია, რომ ბ. ელცინის ბლოკის მხარდამჭერი „დემოკრატი“ ჟურნალისტის პოზიციები, რომლებიც იდენტურია მაშინდელი „დემოკრატიული რუსეთის“ საერთო პოლიტიკური კურსისა და ქართველი პუტჩისტების შეხედულებებისა, გენერირებულია საქართველოს ეროვნული ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკური კურსის მიმართ აშკარად ნეგატიური დამოკიდებულებით. რუსეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტი იმედოვნებდა, რომ პუტჩის შემდეგ რუსეთში მართლაც რეალურად განხორციელებული ლიბერალიზაციის
პოლიტიკის წყალობით ახალი „ელცინური ცენტრი“ მიიზიდავდა რესპუბლიკებს და შეაცვლევინებდა მათ წინანდელ დამოკიდებულებას სამოკავშირეო ხელშეკრულებისადმი. ფორმულა საკმაოზე მარტივი იყო: „გორბაჩოვური ცენტრი“ აღარ არსებობს (ან დასუსტებულია). არსებობს „ელცინური ცენტრი“ და მასთან მოაწერეთ ხელი“.
ზ. გამსახურდიას მიერ სრული სუვერენიტეტის კურსის გაგრძელება არ შედიოდა „ელცინური ცენტრის“ ნეოიმპერიულ ინტერესებში და ო. ვასილიევაც ამ ინტერესების გამომხატველია. საქართველოს ხელისუფლების მიერ პუტჩის დროს გადადგმული ნაბიჯების კრიტიკა მხოლოდ ფონია, მთავარი კი სხვაა, კერძოდ ზ. გამსახურდიას მიერ დსთ-ს პროექტზე უარის თქმა. ეს კარგად ჩანს იმაშიც, რომ იმავე „ქრონიკაში“ ჟურნალისტი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს საქართველოს ხელისუფლების სხვა, პუტჩთან აბსოლუტურად არავითარ კავშირში არმყოფ ისეთ აქციებს, როგორიცაა – „მხედრიონის“ განიარაღება და მისი ლიდერების დაპატიმრება 1991 წ. თებერვალში, ყოფილ სამხრეთ ოსეთში ბოევიკთა განიარაღება, 1991 წ. 10 სექტემბრის ბრძანებულება სსრკ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო კომისარიატების გაუქმების შესახებ. საგულისხმოა და ნიშანდობლივიც, რომ ქართველი პუტჩისტებისა და მათი იმდროინდელი თუ დღევანდელი მხარდამჭერების პოზიციები ზ. გამსახურდიას პუტჩთან დამოკიდებულების საკითხში აშკარად იდენტურია რუსეთის პოლიტიკური ელიტისა და მედიაკრატიის ზემოთმოყვანილი შეხედულებებიდან.
დავუბრუნდეთ საკითხს აგვისტოს მოვლენებზე სხვა რესპუბლიკების რეაქციის შესახებ. მეტი სიცხადისა და რეპრეზენტაციისათვის უმჯობესია ეს რეაქცია მოვიყვანოთ ფაქტოგრაფიული რეტროსპექციის სახით. მაშ ასე: უკრაინა – 19 აგვისტოს დილით პრეზიდენტ ლ. კრავჩუკს შეხვდა გენ. ვ. ვარენიკოვი (ვ. შურავლიოვის თბილისის ვიზიტის სრული ანალოგია და კიევზე სამხედრო-დიპლომატიური ზეწოლა). ამ შეხვედრის შემდეგ უკრაინის ლიდერი გამოვიდა ტელევიზიით და მოსახლეობას „სიბრძნისა და სიმშვიდისაკენ“ მოუწოდა. სიტყვაც არ თქმულა არც გადატრიალების ანტიკონსტიტუციურობაზე და არც სმსკ-ის უკანონობაზე. ერთადერთი, ასე ვთქვათ, ძლიერი ტონი ლ. კრავჩუკის განცხადებაში იყოს ის, რომ „სამართლებრივ სახელმწიფოში ყველაფერი, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის შემოღება, უნდა ხდებოდეს კანონის საფუძველზე“[29].
ყაზახეთი – 19 აგვისტოს განცხადებაში პრეზიდენტმა ნ. ნაზარბაევმა გააკრიტიკა მ. გორბაჩოვი „პერესტროიკის“ კურსის გატარებაში გამოჩენილი მერყეობისა და პასიურობისათვის[30]. არავითარი მომხდარის პირდაპირი პოლიტიკური შეფასება და, მითუმეტეს, დაუმორჩილებლობა.
სომხეთი – 19 აგვისტოს 17.00 სთ-ზე ტელევიზიით გამოვიდა პრეზიდენტი ლ. ტერ-პეტროსიანი და მოსახლეობას სიმშვიდისა და წესრიგისაკენ მოუწოდა[31].
ლატვია – უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ა. გორბუნოვმა ხალხს მოუწოდა სიმშვიდისაკენ და განაცხადა, რომ „მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილებები ლატვიას არ ეხება“[32]. სად არის აქ გადატრიალების ანტიკონსტიტუციურობის დეკლარირება და მისი შედეგების მიმართ პირდაპირი კონფრონტაცია?
ლიტვა – ვილნიუსში იყო სიმშვიდე. ხალხის ნაწილი შეგროვდა უზენაესი საბჭოს შენობის წინ. 19-20 აგვისტოს ღამეს უზენაესმა საბჭომ სასწრაფოდ მოახდინა ლიტვა-რსფსრ-ს ხელშეკრულების რატიფიკაცია, სადაც ლაპარაკი იყო 1940წ. ლიტვის ანექსიაზე[33].
ესტონეთი – მას შემდეგ, რაც ტალინის აეროპორტში დაეშვა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი და მედესანტეთა ორი ასეული გადმოსხა, ხოლო ტალინის ცენტრში შევიდა ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტიორების კოლონა, პარლამენტის სპიკერმა ა. რიუტელმა და პრემიერ-მინისტრმა ე. სავისაარმა ხალხს მოუწოდეს სიმშვიდისაკენ და არ შესულიყვნენ ჯარისკაცებთან კონფლიქტში[34]. სად ჩანს აქ „წინააღმდეგობის ქრონიკა“? სხვათაშორის, სწორედ ესტონეთში განხორციელებული ძალისმიერი აქციის ანალოგიური აქციებით დაემუქრა შურავლიოვი ზ. გამსახურდიას.
მოლდოვა – 19 აგვისტოს კიშინიოვში გამართულ მიტინგზე გამოსვლისას პრეზიდენტმა მ. სნეგურმა გააკრიტიკა პუტჩი და მოსახლეობას მოუწოდა ქალაქისა და მთელი მოლდოვის დასაცავად[35].
ამრიგად, საქართველოს ეროვნული ხელისუფლების პოლიტიკური კურსი 1991წ. 19-21 აგვისტოს პუტჩის პერიოდში შეიძლება ერთმნიშვნელოვნად შეფასდეს, როგორც აქტიური პოზიტიური ნეიტრალიტეტი. ეს კურსი, ერთის მხრივ, მკაფიოდ გამოხატავდა საქართველოს დისტანცირებას იმპერიული ცენტრისაგან, რომელსაც უკვე დე იურე აღარ ეკუთვნოდა (1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმისა და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ძალით), მეორეს მხრივ, აფიქსირებდა გარკვეულ დაპირისპირებას სსრკ-ს ახალ ხელმძღვანელ სტრუქტურასთან (მოწოდება რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობისაკენ ეწინააღმდეგებოდა სმსკ-ის #1 გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულ ფორმულირებებს სსრკ-ის შენარჩუნების შესახებ).
ზ. გამსახურდიას ხელისუფლებას არ უცვნია სმსკ-ის კანონიერება, ხოლო 20 აგვისტოს „მიმართვის“ შესაბამისი ნაწილი ირიბად მოითხოვდა გადატრიალების შედეგების ანულირებას. ზ. გამსახურდიამ იმთავითვე ალღო აუღო აგვისტოს პუტჩის შინაგან რეალურ არსს და მიხვდა, რომ ეს იყო ბრძოლა ძალაუფლებისათვის ორ იმპეროკრატიულ დაჯგუფებას შორის და არა ლიბერალიზმ-ტოტალიტარიზმის დაპირისპირება. საქართველოსთან მიმართებაში ეს ორივე ძალა იდენტური იმპერიული პოლიტიკის მატარებელი გახდა. საქართველოს პრეზიდენტმა თავიდანვე გააცნობიერა ამ „ორი რუსეთის“ ურთიერთგანუსხვავებლობა და ერთ-ერთის ღია მხარდაჭერის სახით საქართველო მეორეს მხრიდან სამხედრო ინტერვენციის საშიშროების წინაშე არ დააყენა. სწორედ ამაშია გამოჩენილი ნეიტრალიტეტის პოლიტოგემა, ნაკარნახევი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების პრიმატით.
არადა, პუტჩიდან სულ რაღაც წელიწადნახევარში პუტჩისდროინდელი „ორივე“ რუსეთი ერთიანად გაერთიანდა საქართველოს წინააღმდეგ. სმსკ-ის მიმართ წინააღმდეგობის მოძრაობის აქტიური ორგანიზატორები შემდგომში გამოირჩეოდნენ ღია და აშკარა იმპერიალისტური მისწრაფებებით საქართველოს წინააღმდეგ. მაგ: ვიცე-პრეზიდენტი ა. რუცკოი არაერთხელ მოითხოვდა თბილისზე საჰაერო თავდასხმას აფხაზეთის კონფლიქტის დროს; უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე რ. ხასბულატოვი უშუალოდ მფარველობდა აფხაზ სეპარატისტებსა და მთიელ ხალხთა კონფედერაციას; პუტჩის დროს რუსეთის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი კ. კობეცი შემდეგში მონაწილეობდა რუსეთის გენერალური შტაბის მიერ სოხუმის აღების ოპერაციის დაგეგმვაში; რუსეთის სახელმწიფო მინისტრი გ. ბურბულისი სათავეში ედგა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების კოორდინაციის საიდუმლო კომიტეტს. აი, ის „დემოკრატიული“ რუსეთი, რომლის მხარდაჭერის გამო ზ. გამსახურდიას სამხედრო დარტყმის საშიშროების წინაშე უნდა დაეყენებინა საქართველო.
და ბოლოს: მოსკოვის პუტჩმა საკუთრივ საქართველოში გამოკვეთა თვისობრივად ახალი შიდაპოლიტიკური სიტუაცია. განხორციელდა ოპოზიციის ადრე ფრაგმენტული, არაერთგვაროვანი დაჯგუფებების კონსოლიდაცია და ანტიეროვნული ოპოზიციის ერთიან სისტემად ჩამოყალიბება. ამ სისტემაში აღმოჩნდნენ სხვადასხვა მოტივაციის განსხვავებული პოლიტიკური სუბკულტურები – პარტნომენკლატურა და მასთან ასოცირებული ინტელიგენციის ნაწილი, ეროვნულ კონგრესში შემავალი პარტიები, პარამილიტარული გასამხედროებული დაჯგუფებები, მარგინალური და დეკლასირებული სოციალური ჯგუფები. ეს იყო საკუთრივ ქართული პუტჩის სოციალური ინფრასტრუქტურა, თამაშის საკუთარი წესებითა და სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერის რუსული წყაროებით. ცოტა მოგვიანებით მთელი ეს პარტოკრატიულ-კრიმინალურ-ინტელიგენტური კლიენტურა რუსეთის მიერ მობილიზებულ იქნა სამხედრო გადატრიალებისათვის და ეროვნული ხელისუფლების დამხობისათვის საბრძოლველად.
სოხუმის უნივერსიტეტის შრომები
ჰუმანიტარულ და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა სერია
ტ. 1, 2007 წ.
———————————————————————————————————————————————————————-
[1] Ю. С. Пивоваров, А. И. Фурсов. – Проблема НАТО сквозь призму противостояния “Россия – Запад”: конец пятисотлетнего спора?
http://www.e-journal.ru/p–euro-st1-9.-html.
[2] გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 12 ნოემბერი, 1990წ.
[3] გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა“, 25 მარტი, 1991წ.
[4] Новейшая история отечества. XX век. Т. II. Под редакцией проф. Э. Щагина. М., 1999, გვ. 380-384
[5] უ. ბლუაშვილი. პოლიტიკური პარტიები და ეროვნული მოძრაობა საქართველოში 1988-1991 წლებში. თბ., 1994, გვ. 43.
[6] მოლაპარაკებები ფორმულით „9+1“ მიმდინარეობდა მ. გორბაჩოვის ქალაქგარე რეზიდენციაში ნოვო-ოგარიოვოში, 1991წ. 29 აპრილიდან. პროექტის საბოლოო ვარიანტი მიიღეს 17 ივნისს, ხოლო ხელმოწერა დაიგეგმა 20 აგვისტოსათვის.
[7] Новейшая история отечества. XX век. Т. II.., გვ. 379.
[8] Новейшая история отечества. XX век. Т. II, გვ. 379.
[9] М. С. Горбачев. Августовский путч. Причина и следствия. М., 1991, გვ. 34.
[10] А. А. Данилов, Л. Г. Косулина. История России. XX век. М., 2000, გვ. 529.
[11] Новейшая история отечества. XX век. Т. II, გვ. 380.
[12] გაზ. «Правда», 20 Августа, 1991г.
[13] გაზ. «Правда», 20 Августа…
[14] გაზ. «Правда», 20 Августа…
[15] გაზ. «Правда», 21 აвгуста 1991г.
[16] გაზ. «Правда», 21 აвгуста…
[17] Новейшая история отечества. XX век. Т. II, გვ. 381.
[18] საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები. #8, 1991, გვ. 185.
[19] საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, #8, 1991, გვ. 188.
[20] გაზ. `საქართველოს რესპუბლიკა~, 27 აგვისტო, 1991წ.
[21] Август-9. М., 1991, გვ. 14.
[22] გაზ. «Московские новости», 8 сентября 1991г.
[23] გაზ. `საქართველოს რესპუბლიკა~, 21 აგვისტო, 1991წ.
[24] საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, #8, 1991. გვ. 186.
[25] გაზ. `საქართველოს რესპუბლიკა~, 11 ივლისი, 1991წ.
[26] საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, #8, 1991, გვ. 163-165.
[27] Путч-Хроника тревожных дней. М., 1991, გვ. 106.
[28] Путч-Хроника тревожных дней.., გვ. 119.
[29] გაზ. «Правда», 18 сентября 1991г.
[30] გაზ. «Правда», 18 сентября…
[31] გაზ. «Правда», 21 августа 1991г.
[32] გაზ. «Правда», 21 августа 1991г.
[33] გაზ. «Правда», 21 августа 1991г.
[34] გაზ. «Правда», 21 августа 1991г.
[35] გაზ. «Правда», 21 августа 1991г.
ივლისი 15, 2010
ზვიად გამსახურდია – ღია წერილი ედუარდ შევარდნაძეს
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
ღია წერილი ედუარდ შევარდნაძეს
”უსამართლო ძლიერებას საუკუნო არ აქვს ძალი,
უძლეველი საბოლოოდ არის მხოლოდ სამართალი”.
აკაკი წერეთელი
გადავწყვიტე, წერილობით მოგმართოთ, ვინაიდან მრავალი ჩვენს ურთიერთობაში გარკვევას საჭიროებს, როგორც ქართველი ხალხისათვის, ასევე მსოფლიოსათვის. ეს წერილი მიზნად არ ისახავს თქვენს განქიქებას, ან თქვენი როგორც პიროვნების შეურაცხყოფას. იგი ასახავს მხოლოდ ობიექტურ რეალობას. მე ვთვლი, რომ ის რაც ხდებოდა თქვენი მმართველობის დროს საბჭოთა პერიოდში, სახეცვლილად გრძელდება დღესაც და ასახავს ურთიერთობას საქართველოსა და იმპერიულ ცენტრს შორის, რომელმაც იმთავითვე დაგაკისრათ ფუნქცია საქართველოს ჟანდარმისა. ამიტომ მსურს გაგახსენოთ ყველაფერი უმცირეს დეტალებში და მოგახსენოთ ჩემი დასკვნები; მზად ვარ აგრეთვე მოვისმინო თქვენი კონტრარგუმენტები. დანარჩენი კი ერმა და საზოგადოებრიობამ განსაჯოს.
მართალია, პიროვნულად ჯერ კიდავ 60-იანი წლებიდან გიცნობდით, მაგრამ ჩვენი პირველი საქმიანი შეხვედრა მოხდა 1970 წელს. იმხანად თქვენ შინაგან საქმეთა მინისტრი იყავით და მამაჩემის, კონსტანტინე გამსახურდიას მეგობრად და კეთილისმსურველად სახავდით თავს. ამან გამაბედინა თქვენთან მოსვლა, როდესაც მამაჩემმა საახალწლოდ მიიღო ანონიმური წერილი ვითომდაც ,,რუსი და სომეხი ნაცისტებისა”; კუთხოვანი ასოებით დაწერილი ქართულ ენეზე, რომელიც ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდა მამაჩემს და მთელ ქრთველ ერს. ამ წერილში ნათქვამი იყო, რომ ქართელი ერი გადაგვარებისა და მოსპობის გზაზეა დამდგარი, და რომ ამას დააჩქარებენ რუსი და სომეხი ,,ნაცისტები”. მათი თქმით, აღმოსავლეთ საქართველო უნდა გადასულიყო სომეხთა და აზერბაიჯანელთა ხელში, დასავლეთ საქართველო კი რუსეთის ხელში. კონსტანტინე გამსახურდია, როგორც ეროვნული მოღვაწე, ამ ,,ნაცისტებს” უმთავრეს დაბრკოლებად ესახებოდათ ამ მიზნის მიღწევის გზაზე და ემუქრებოდნენ სიკვდილით. წერილში იყო ასეთი ფრაზა: “მოველით იმ წუთს, როდესაც დავიწყებთ ქართველთა სისხლის დაღვრას, ხოცვას ახალგაზრდებიდან დავიწყებთ”.
დიდხანს ვცდილობდი თქვენთან დაკავშირებას; მაგრამ ამაოდ. თქვენი მისაღები ხან მპასუხობდა თათბირი აქვსო, ხანაც რაიონშიაო წასული. სჩანს წინდაწინ იცოდით თუ რა საკითხზე მსურდა თქვენთან დაკავშირება. ბოლოს, როგორც იქნა, მწერალთა კავშირიდან მთავრობის აპარატით დაგიკავშირდით და მიმიღეთ. თქვენ წაიკითხეთ წერილი, განცვიფრება გამოხატეთ და დაავალეთ გამოძიება შსს ერთერთ გამომძიებელს. თანაც მითხარით ათიოდე დღეში გამოიარეთო. ამასთან რაოდენ დიდი იყო ჩემი განცვიფრება, რომ თქვენ საუბარზე დაისწარით ქალაქის მილიციის საგამომძიებლო განყოფილების ყოფილი უფროსი (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ), რომელმაც კინაღამ სიცოცხლეს გამოგვასალმა მე და მერაბ კოსტავა 1959 წელს საპატიმროში რეციდივისტი მკვლელების ხელით. აი, ასე გამეცით ,,სიმბოლური “ პასუხი ჩემს კანონიერ მოთხოვნაზე, რომ გამოგეძიებინათ იმ ანონიმური წერილის ავტორის ვინაობა და როგორც ჩანს, გამოხატეთ თქვენი პოზიცია. ცხადია, შემდგომში არც არაფერი გამოიძიეთ და მიაფუჩეჩეთ საქმე. მრავალი რამ ამ ,,ნაცისტების” მუქარიდან თანდათან რეალობად იქცა მომდევნო წლებში, განსაკუთრებით კი უკანასკნელ წელს (1992 წ-ს.), საქართველოში დატრიალებული სისხლიანი მოვლენების დროს, მაგრამ ამაზე ქვემოთ ვისაუბრებ. ახლა კი, ჩვენი ურთიერთდამოკიდებულების სხვა მომენტებს დავუბრუნდები.
მჟავანაძისეული პერიოდის კორუფციისა და განუკითხაობის დროს ქართველი საზოგადოება გამოსავალს ეძებდა. თქვენ აცხადებდით, რომ იბრძოლებდით პატიოსნებისა და პრინციპულობისთვის, უშველიდით ქართულ კულტურას, მოუღებდით ბოლოს მაფიის თარეშს (ცხადია, დამოუკიდებლობასა და თაისუფლებაზე ოცნებაც კი გამორიცხული იყო მაშინ). ამიტომ მრავალი მიესალმა თქვენს მოსვლას ხელისუფლების სათავეში 1972 წელს და მეც იმედი გამიჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი დისიდენტი და საბჭოთა სისტემის მტერი. ახლა ვხედავ, რომ ეს იყო ახალგაზრდული გამოუცდელობა და კომუნისტური დემაგოგიის ვერშეცნობა ჩემის მხრით. რა უნდოდა იმის დანახვას, რომ კორუფციასთან ბრძოლის დროშა ააფრიალა ყველაზე მეტად კორუმპირებული სამინისტროს ხელმძღვანელმა და რომ პოლიტბიურო მხოლოდ საგანგებოდ შერჩეულ და შემოწმებულ კარიერისტ კოლაბორაციონისტებსა და რუსიფიკატორებს ნიშნავდა ნაციონალური რესპუბლიკების ხელმძღვანელებად? თურმე თვით მჟავანაძეც კი ,,ნაციონალისტად” მიაჩნდათ თქვენთან შედარებით, ვინაიდან მან (თავისი სისუსტით და არა პატრიოტიზმით) ვერ გამოუცხადა ომი საკუთარ ერს, მის ენასა და კულტურას, მის თვითმყოფადობას. ამიტომ იყო აღნიშნული პოლიტბიუროს ცნობილ დადგენილებაში მისი პერიოდის ,,ნაციონალისტური” გადახრები. ხელისუფლებლის სათავეში თქვენი მოსვლის შემდეგ მალე გაქარწყლდა ილუზია, რომ თქვენ კომუნისტური და რუსოფილური ნიღაბი გჭირდებოდათ მოსკოვის მისატყუებლად, რათა ეროვნული საქმისათვის მიგეხედათ. თქვენ დაიწყეთ რუსიფიკაციის კამპანია ისეთი მასშტაბით, როგორიც არ მოსწრებია ჩვენს მრავანტანჯულ საქართველოს თვით ცარიზმის შავბნელი რეაქციის წლებშიც კი. თქვენ განდევნეთ ქართული ყველა სახელმწიფო დაწესებულებიდან, რუსული ენა კი ფაქტიურად სახელმწიფო ენად აქციეთ. დაიწყეთ კამპანია ეროვნული სულის ყოველგვარი გამოვლინების წინააღმდეგ; თვით ისტორიულ თემაზე წერასაც კი ,,ნაციონალიზმად” ნათლავდით, ხოლო თქვენი მწერლები და კინორეჟისორები აშკარად გადავიდნენ ისტორიის გაყალბებაზე, საქართველოს რუსეთთან შეერთების, როგორც უაღრესად პროგრესული მოვლენის აპოლოგიაზე, ,,საბჭოთა პატრიოტიზმის”, შერეული ქორწინებების პროპაგანდაზე. ,,ინტერნაციონალიზმის” დროშით დაიწყო ქართული მოსახლეობის არნახული შევიწროება, სოფლად თუ ქალაქად, არაქართველთა პრივილეგიების პარალელურად. დაიწყო ბრძოლა ,,მავნე ჩვეულებებისა და ტრადიციების (!)” წინააღმდეგ, რაც ფაქტობრივად ნიშნავდა რელიგიურ წეს-ჩვეულებებთან ბრძოლასაც; პარალელურად კი ნერგავდით კომუნისტურ, საბჭოთა ,,დღესასწაულებს”, სადაც ღრეობისა და მუცელღმერთობის გარდა არაფერი ხდებოდა, ნერგავდით ,,ახალ რიტუალებს”, ე.ი. ახალ საბჭოთა, კომუნისტურ რელიგიას.
დღეს, კრიმინალიურ – ტერორისტული ხუნტის მოწვევით საქართველოში ჩამოსულს თქვენ და თქვენისთანა პარტოკრატებს ხშირად გხედავენ ეკლესიებში, სადაც სანთლებს ანთებთ ხოლმე. შთამომავლობამ უნდა იცოდეს, თუ როგორი იყო თქვენი დამოკიდებულება საქართველოს ეკლესიასთან; როგორ მართავდა მას თქვენი რწმუნებული, როგორ ფიქრობდა მის გადაქცევს სუკ-ის ფილიალად, როგორ არბევდნენ თქვენი კომკავშირლები მორწმუნე ახალგაზრდობას, განსაკუთრებით აღდგომის დღესასწაულებზე. მათ, ეკლესიების გვერდით გახსნილ კომკავშირულ შტაბებში შეჰყავდათ ახალგაზრდები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულზე ეკლესიაში ბედავდნენ მოსვლას. ამ შტაბებში ხდებოდა მათი ტერორიზება, ,,დამუშავება”, აღტიცხვაზე აყვანა, ხოლო შემდგ ამას მოსდევდა რეპრესიები, სასწავლებლებიდან გარიცხვა, ოჯახების დაწიოკება და სხვა. როგორ დაიწყეთ ეკლესია-მონასტრების გადაკეტება თეატრებად, საკონცერტო დარბაზებად, როგორ გააუქმეთ, მაგალითად, შიო-მღვიმის მონასტერი 1980 წელს, როგორ დაამწყვდიეთ მისი წინამძღვარი, მოხუცი კაცი ეკლესიის შენობაში, ზამთრის ყინვაში, რის შედეგადაც მას კინაღამ სული აღმოხდა, როგორ იმსხვერპლა სუკ-ის ტერორმა მრავალი სამღვდელო პირი და ეკლესიის მსახური, როგორ უწყობდით ხელს ,,ზაკვო”-ს სამხედროებს ჩვენი კულტურის უნიკალური ძეგლების, განსაკუთებით დავით-გარეჯისა და გელათის განდგურებაში, რაც იმპერიის გეგმის მიხედვით ხორციელდებოდა.
საყოველთაოდ ცნობილია, თუ როგორ თანდათანობით ზრდიდით რუსული ენის საათებს ქართულ სკოლებში ქართული ენის ხარჯზე; როგორ კრძალავდით საქართველოს ისტორიის სწავლებას, როგორ დააპირეთ 1976 წელს უმაღლესი სასწავლებლების რუსიფიკაცია, ძირითად საგნებში ლექციების რუსულ ენაზე კითხვის დაკანონება, რამაც გამოიწვია დიდი აღშფოთება შეგნებული ქართული საზოგადოებისა. ამავე წლებში ბრეჟნევისეულ გიგანტომანიას, გიგანტური ჰესებისა და საწარმოო ობიექტების მშენებლობას ყველაზე აქტიურად თქვენ დაუჭირეთ მხარი, რაც იყო გამოვლინება საქართველოს წინააღმდეგ ეკოლოგიური ომისა და საბოლოო ჯამში მიზნად ისახავდა ქართველი ხალხის გენოციდს. ეს აჩქარებდა აგრეთვე ქართველი ხალხის ასიმილაციას, ვინაიდან ასეთი მასშტაბების მშენებლობებს ეროვნული კადრებით არა თუ საქართველო, არამედ თვით უკრაინა და ყაზახეთიც ვერ აუდიოდა. თქვენ იყავით ერთერთი ინიციატორი ავადსახსენებელი როკის გვირაბის გაყვანისა, რის შედეგაბსაც ახლა იმკის საქართველო და რამაც დაგვაკარგინა შიდა ქართლი და სამაჩაბლო. თქვენ, ავადსახსენებელი სუსლოვის ინსტრუქციების შესაბამისად, ყველაფერი იღონეთ იმისათვის, რომ აფხაზეთში ყოველნაირად გაძლიერებულიყო სეპარატისტული მოძრაობა და მომზადებულიყო სისხლიანი ეთნოკონფლიქტი.
თქვენს მიერ გაჩაღებულმა კამპანიამ ნეგატიური მოვლენების წინააღმდეგ, კორუფციასთან მოჩვენებითბა ბრძოლამ, საშუალო და დაბალი ფენა დააზარალა, მსხვილ მექრთამეთა ,,ელიტა” კი ხელშეუხებლად დატოვა. იმ დროს, როდესაც ხაბეიშვილისა და მგელაძის კორუმპირებული მაფია მილიონებს ატრიალებდა, რომელსაც უხვად უგზავნიდით პოლიტბიუროს. თქვენ წონაში მოტყუებისა და უმცირესი სამეურნეო დანაშაულისათვის ციხეებში ყრიდით და აციმბირებდით ათასობით უბრალო ადამიანს. როგორც ერთმა პოეტმა შეგნიშნათ, თქვენს დროს აქლემის ქურდი ნემსის ქურდს ასამართლებდა, ხოლო თქვენ ამ აქლემის ქურდებს სხვადსხვა დიდი თანამდებობებით ჯილდოებდით, ციხეებში დანერგეთ არნახული სადისტური წამების მეთოდები, თქვენს მიერ შექმნილ სპეციალურ მეორე კორპუსში სადისტმა გამომძიებლებმა და აგენტმა პატიმრებმა დაასახიჩრეს და დახოცეს ასობით ადამიანი, ჩვენებისა და ფულის გამოძალვის მიზნით, გააუბედურეს ასობით ოჯახი (ცირეკიძე – უსუპიანის საქმე, ფროლოვის საქმე, ოპერის საქმე და სხვა). დღეს ბევრი მათგანი აღდგენილია და იმავე ადგილზე მუშაობს; ალბათ, ახალ დატვირთვებს მისცემთ მათაც. ,,ნეგატიურ მოვლენებთან” ბრძოლის პარალელურად თქვენ თავად ნერგავდით კრიმინალურ პრაქტიკას საწარმოო-სამეურნეო სფეროში. კახეთში თქვენს მიერ ღვინის ფალსიფიკაციის მიზნით შეტანილმა შაქარმა სახელი გაუტეხა ქართულ ღვინოსა და ქართველ მეღვინეს. სამაგიეროდ ამგვარმა ფალსიფიკაციამ და მიწერებმა მოგიტანათ გარდამავალი დროშები, სოციალისტური შრომის გმირის ორდენები და გზა გაგიკაფათ კრემლის დიდებისაკენ.
იმ წლებში საზოგადოების მორალური დეგრადაცია იმითაც დაჩქარდა, რომ თქვენ თანამდებობის მოპოვების თუ საზღვარგარეთ მივლინებით წასვლის მთავარ პირობად სუკ-ის აგენტობა აქციეთ, რის შედეგადაც სუკის აგენტურულ ქსელში ჩაითრიეთ ქართველი ინტელიგენციის, ახალგაზრდობის და სამღვდელოების მნიშვნელოვანი ნაწილი. საერთოდ, სუკ-ის აგენტების რაოდენობამ თქვენი მმართველობის პერიოდში რეკორდულ ციფრს მიაღწია, რასაც თქვენ ,,პიროვნების სოციალიზაციას” უწოდებდით და როგორც ჩანს განზრახული გქონდათ უდიდესი ნაწილის ჩაბმა ამ შავბნელი ორგანიზაციის სამსახურში.
თქვენ აღმართეთ თბილისის ცენტრში მოღალატე ორჯონიკიძის უდიდესი ძეგლი, ხოლო ოზურგეთში ძეგლი დაუდგით ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ორგანიზატორს ფილიპე მახარაძეს, ყოველნაირად ნერგავდით კომუნისტი ძმათამკვლელებისა და რენეგატების კულტს, ლენინის ძეგლების რაოდენობით ხომ საქართველომ ყველა საბჭოთა რესპუბლიკას გადააჭარბა. სტალინის კულტსაც ფარულად უწყობდით ხელს, ვინაიდან სტალინი ოფიციალურად დაგმობილი იყო. თქვენ არაერთხელ გითქვამთ ვიწრო წრეში, რომ სტალინი თქვენი მოძღვარი იყო, რასაც საქმით ამტკიცებთ ყოველ ნაბიჯზე. ამავე დროს საქართველოში ძეგლები არ ეღირსათ დავით აღმაშენებელს, თამარ მეფეს, გიორგი ბრწყინვალეს და მრავალ დიდ საზოგადო მოღვაწეს.
საბჭოთა კავშირში და მთელს მსოფლიოში თქვენ სიტყვა ,,ქართველი” ხაზინის ქურდის, მექრთამის, სპეკულანტის სიმბოლოდ აქციეთ, იმ დროს როდესაც კორუფცია და სპეკულაცია იმპერიის სხვა რეგიონებში კიდევ უფრო მეტად ყვაოდა.
თქვენ ებრძოდით საქართველოში ჭეშმარიტ ეროვნულ მწერლობასა და მეცნიერებას, სამაგიეროთ აყვავეთ ,,მურტალო-კუკარაჩებისა” და ,,შემწვარი ნეკების” ცრუ ლიტერატურა და ანტიეროვნული მეცნიერება. თქვენ არნახული სისასტიკით სდევნიდით არა მარტო დისიდენტურ მოძრაობას, არამედ თვით უმცირეს მისწრაფებასაც თავისუფლებისადმი, რაზეც აქ განსაკუთრებით უნდა შევჩერდე.
1976 წელს თქვენ დახვრიტეთ ქართველი პატრიოტი ვლადიმერ ჟვანია, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი, რომელმაც მოაწყო საპროტესტო აფეთქებები მთავრობის შენობის წინ თბილისში, ქუთაისში და სოხუმში; 1983 წელს თქვენი ბრძანებით წამებით მოკლეს ქ. თბილისის ფსიქიატრიულ სავადმყოფოში პირუთვნელი ჟურნალისტი ქალი ნაზი შამანაური, თქვენი მაფიის მხილებისათვის; 1983 წელს დაახვრეტინეთ ცნობილი ,,თვითმფრინავის საქმეზე” დაპატიმრებული ახალგაზრდები, თუმცა სხვა რესპუბლიკებში მინიმალურ სასჯელს აძლევდნენ ასეთი დანაშაულისათვის; მათთან ერთად დახვრიტეთ უდანაულო მღვდელი თევდორე ჩიხლაძე, როგორც ვითომდაც მათი ,,იდეური ხელმძღვანელი”, სინამდვილეში კი იმის გამო, რომ არ ისურვა სუკ-ის აგენტობა.
საქართველოს სავალალო მდგომარეობამ, თქვენმა დრაკონულმა რეპრესიებმა, ანტიქართულმა და ანტიდემოკრატიულმა პოლიტიკამ გამოიწვია საპროტესტო მოძრაობა, რომელსაც მე და მერაბ კოსტავა ჩავუდექით სათავეში. ერთხანს ჩვენ ვცდილობდით იატაკქვეშა მოძრაობის პარალელურად გამოგვეთქვა ჩვენი აზრი, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალ-გაზეთების რედაქციები დაკეტილი იყო ჩვენთვის, გწერდით წერილებს, განცხადებებს, ქართული ენის, კულტურის ძეგლების, ქართული ეკლესიის მდგომარეობაზე.
მიღებაზე მუდამ უარს გვეუბნებოდით, განცხადებებზე კი არავითარი რეაქცია არ ჩანდა, გარდა იმისა რომ, თქვენს გამოსვლებში დაუსახელებლად ხშირად გვიწოდებდით ანტისაბჭოთა დემაგოგებს, სამშობლოს მოღალატეებს (ცხადია სოციალისტურ სამშობლოს გულისხმობდით, რადგანაც სხვა სამშობლო არასოდეს გწამდათ და არც გწამთ). ბოლოს მთლიანად გადავედით იატაკქვეშა ბრძოლაზე და დავუკავშირდით საბჭოთა კავშირის დემოკრატიულ მოძრაობას, ვინაიდან მაშინ ჩვენი ბრძოლა ერთ მიზანს ისახავდა. ამას მოჰყვა ჩვენი დევნა სუკ-ის მიერ, დაბარებები, გაჩხრეკები, დაკავებები, ბოლოს კი ჩვენს წინააღმდეგ გაჩაღდა უპრეცენდენტო ცილისმწამებლური კამპანია პრესითა და ტელევიზიით, ხოლო 1977 წელს დაგვაპატიმრეთ. სუკ-ის ჯურღმულები არ გვაკმარეთ და ფსიქიატრიულ ციხეებში გვიკარით თავი: მე მოსკოვში, სერბსკის ჯალათ-ფსიქიატრთა ,,ინსტიტუტში”, ხოლო მერაბ კოსტავას თბილისის ორთაჭალის ციხის საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში. შეშლილებად გსურდათ ჩვენი გამოცხადება თქვენი დრაკონული რეჟიმისა და სიმართლის თქმისათვის. ბოლოს ჰონოლულუს ფსიქიატრთა მსოფლიო კონგრესზე საბჭოთა სადამსჯელო ფსიქიატრიის დაგმობამ გვიშველა, აგრეთვე საფრანგეთის ფსიქიატრთა პროტესტმა, წინააღმდეგ შემთხვევაში დნეპროპეტროვსკის ფსიქიატრიულ ციხეში ამოგვხდიდნენ ორივეს სულს.
სუკ-ში პატიმრობისას წელიწადნახევრის მანძილზე მიწევდნენ შანტაჟს, მემუქრებოდნენ ამერიკის დაზვერვის აგენტად გამოცხადებით, სამშობლოს ღალარის მუხლით გასამართლებით, ოჯახის წევრების ფიზიკური განადგურებით, მოსალოდნელი ახალგაზრდული დემონსტრაციების გაჟლეტით, ხოლო მოსკოვში პატიმრობისას ავადსახსენებელი სუსლოვის ემისრები საქართველოდან აფხაზეთის ჩამოშორებითაც კი მემუქრებოდნენ თუ არ მოვინანიებდი. ჩემი მეუღლე კი, ძუძუთა ბავშვის დედა, დეკრეტულ შვებულებაში მყოფი სამსახურიდან მოახსნევინეთ, რაც არც ჰიტლერს და არც სტალინს არ ჩაუდენიათ. დღეს თქვენი აგენტები აყალბებენ ჩემი ე.წ. ,,მონანიების” არსს, იყენებენ ამას ჩემი დისკრედიტაციისათვის, თითქოს არ იცოდნენ საქმის რეალური ვითარება. ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია კიდევ ერთხელ განვმარტო ჩემი ტაქტიკური უკანდახევა სასამრთლოზე 1978 წელს.
ჩემი დაპატიმრების შემდეგ ეროვნულ მოძრაობას განადგურების საფრთხე დაემუქრა. აღარავინ რჩებოდა გარეთ დასავლეთის ქვეყნებთან ხიდის გამდები, თვითგამოცემებისა და იატაკქვეშა მუშაობის ორგანიზატორი. ბოლოს მე და მერაბ კოსტავამ მოვილაპარაკეთ, რომ მე ,,მოვინანიებდი” ჩემს ზოგიერთ ქმედებას, გამოვიდოდი ციხიდან და გარეთ გავაგრძელებდი საქმიანობას, შევინარჩუნებდი თვითგამოცემას, შევინარჩუნებდი საინფორმაციო ხიდს დასავლეთთან, ხოლო მერაბ კოსტავამ თავად იტვირთა ციხეში დარჩანა, თანაც გააკეთა წერილობითი განცხადება, რომ ჩემი ე.წ. ,,მონანიება” აუცულებლობით იყო გამოწვეული ჩვენი საერთო საქმის ინტერესებიდან გამომდინარე. მე გამოვიტანე ეს განცხადება ციხიდან, მაგრამ არ გამომიქვეყნებია, ვშიშობდი რამე ზიანი არ მიმეყენებინა მეგობრისთვის. ბოლოს, განთავისუფლების შემდეგ მან თავად გამოაქვეყნა იგი 1987 წელს მოსკოვის ჟურნალ ,,გლასნოსტის” მეხუთე ნომერში (რედაქტორი ს. გრიგორიანცი). ამგვარი შინაარსის წერილი მისწერა მან ე. ბონერსაც სახაროვისათვის გადასაცემად ქსნის კოლონიიდან იმავე წელს. მაგრამ ჰოი საოცრებავ, დღეს თქვენ და თქვენი დამქაშები ჩემს ამ ტაქტიკურ უკანდახევას ,,ღალატად” ნათლავთ, თითქოს მერაბ კოსტავაზე დიდი მორალური ავტორიტეტები იყოთ და ეროვნული მოძრაობის თავკაცები. მაგრამ თქვენ სულ სხვა მიზეზის გამო არ გასვენებთ ჩემი ,,მონანიება”. საქმე ის გახლავთ, ჩემი ,,მონანიება” და ციხიდან გამოსვლა რომ არ მომხდარიყო, არ იქნებოდა არც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობა, არც 9 აპრილი და არც იმპერიის ბატონობის დასარული 1990 წლის 28 ოქტომბრის თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების სახით, ამიტომაც ვერ მოგინელებიათ ჩემი ,,მონანიება” და კბილებს აღრჭიალებთ მისი გახსენებისას.
ბოლოს გადამასახლეთ ნოღაეთის ნახევარუდაბნოში, სადაც ქართველმა მწყემსებმა გადამარჩინეს შიმშილითა და სიცივით სიკვდილს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თქვენმა დამქაშებმა გამივრცელეს ჭორი, თითქოს მე თქვენი აგენტი გავხდი, რაც ერთხანს ირწმუნა საზოგადოების ნაწილმა და რასაც დიდხანს იმეორებდნენ ჭანტურია და სხვა მოღალატენი, ვიდრე თავად არ გამოვლინდნენ, როგორც თქვენი აგენტები. თანაც საზოგადოებამ დაინახა, რომ ისევ მე ვიყავი ერთადერთი კაცი რომელიც მსოფლიო საზოგადოებას ვაწვდიდი ინფორმაციას საქართველოს შესახებ, ვახერხებდი თვითგამოცემას, ვაწყობდი საპროტესტო აქციებს ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად. ბოლოს ის ახალგაზრდებიც ჩამომაშორეთ და მტრებად მიქციეთ ისინი სუკ-ის ჯოჯოხეთური მანქანის მეშვეობით. გარდა ამისა ყველა ხედავდა, რომ სუკის ყველაზე დიდი დევნისა და მეთვალყურეობის ობიექტი ისევ მე ვიყავი, ხელახალ დაპატიმრებას კი ვეღარ ბედავდით, რადგანაც უცხოეთში ძალზე გახმაურდა ჩემი სახელი.
ჰო, მაგრამ, მეტყვიან თქვენი დამქაშები, თქვენ შევარდნაძის წარსულზე საუბრობთ, მაგრამ დღეს იგი აღარ არის ის, რაც იყო, შევარდნაძე გადემოკრატდა. იგი ხომ ,,პერესტროიკის” ერთ-ერთი ავტორია. მან თავისი წარსული შეცდომები დაგმო, კომპარტიიდან გავიდა, ნუღარ იხსენებთ მის წარსულს, მის აწმყოზე ილაპარაკეთ. კეთილი და პატიოსანი.
განვიხილოთ თქვენი მოღვაწეობა ,,პერესტროიკის” შემდეგ. მართალია, თქვენ და გორბაჩოვი იძულებული გახდით მსოფლიო საზოგადოებრიობის დაწოლით დაგეწყოთ შედარებითი ლიბერალიზაცია, მაგრამ მიუხედავად პოლიტპატიმრებისა და რუსი დისიდენტების რეაბილიტაციისა, გრძელდებოდა ქართველი დისიდენტების დევნა და საზოგადოებიდან იზოლაცია. ჩემს წინააღმდეგ ისევ მძვინვარებდა კამპანია 1987-89 წლების საბჭოთა პრესაში, მაგრამ ამანაც ვერ შეაჩერა ეროვნული ძალების აზვირთება საქართველოში, რისი კულმინაციაც იყო 9 აპრილი, როდესაც თქვენ და გორბაჩოვმა უკანასკნელად სცადეთ სამხედრო ძალით გაგენადგურებინათ ეროვნული მოძრაობა საქართველოში. დამახასიატებელია ის, რომ თქვენ 9 აპრილს დამსჯელი ოპერაციის ერთ-ერთი ავტორი და დამგეგმავი, საქართველოში მოგავლინეს და მოგახსნევინეს კომენდანტის საათი (თუმც დღეს მოსკოვის მიერ მოწყობილი პუტჩის შემდეგ ისევ თქვენ დააწესეთ უსასრულო კომენდანტის საათი, რომლის მოხსნასაც აღარ აპირებთ). ბოლოს საქართველოში გაიმარჯვა დემოკრატიამ, ჩატარდა თავისუფალი, მრავალპარტიული არჩევნები, რომელიც თქვენი და თქვენი პარტიისათვის კრახით დამთავრდა. იმ დღიდან თქვენ გულში ჩაიდეთ რევანში და ყველაფერი იღონეთ იმისთვის, რომ ეს მონაპოვარი გაგენადგურებინათ და მიაღწიეთ კიდეც ამას იმპერიული ძალების დახმარებით. ხალხისათვის თვალის ასახვევად თქვენ მომილოცეთ ტელეგრამით არჩევნებში გამარჯვება, მაგრამ რამდენად გულწრფელი იყო ეს მოლოცვა დაადასტურა შემდგომი დროის მოვლენებმა. თქვენ შექმენით მოსკოვში შტაბი, რომელშიც გააერთიანეთ საქართველოდან გაქცეული ყველა რენეგატი-პარტოკრატი და გააჩაღეთ უპრეცენდენტო კამპანია მთელს მსოფლიოში საქართველოს ახალი ხელისუფლებისა და პირადად ჩემს წინააღმდეგ. თქენს მიერ მოსყიდულ ყოფილ დისიდენტებტან და ეროვნული მოძრაობის მოღალატეებთან ერთად არწმუნებდით მსოფლიოს, რომ საქართველოში დამყარდა ტოტალიტარული რეჟიმი, ფაშისტური დიქტატურა, რომლის დამხობაც აუცილებელია. რა დიქტატურაზე შეიძლებოდა საუბარი, როდესაც გამოდიოდა 20-ზე მეტი ოპოზიციური გაზეთი, ტელევიზიით იკრძალებოდა მხოლოდ ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, თავისუფლად დათარეშობდნენ უკანონო შეიარაღებული ფორმირებები და პარტიები, დავაპატიმრეთ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც სჩადიოდნენ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს, ბანდიტიზმს, ქუჩების გადახერგვას ბარიკადებით, ტელევიზიის აღების მცდელობას.
თქვენ იყენებდით საბჭოთა იმპერიასა და დასავლეთს შორის დამყარებულ ალიანსს საკუთარი ქვეყნის გასანადგურებლად, მისი ლიბანიზაციის დასაჩქარებლად, სისხლიანი პუტჩისა და გადატრიალების მოსაწყობად. თქვენი მეცადინეობით ჩვენს წინააღდეგ ამოქმედდა კრემლის უზარმაზარი პროპაგანდისტული მანქანა, რომლის პირისპირ ჩვენი საინფორმაციო საშუალებები უძლური აღმოჩნდა. პარალელურად კრემლი აძლიერებდა საქართველოში თავის მიერ შექმნილ შეიარაღებულ ,,ოპოზიციას” და მის მოკავშირე კრიმინალურ ბანდებს, რომელთაც აიარაღებდნენ საოცარი ინტენსივობით. ხოლო როდესაც ჩვენ კანონი ავამოქმედეთ, დასცეს განგაში პოლიტიკური რეპრესიების შესახებ.
ამასთან თქვენ და გორბაჩოვი ყოველნაირად უჭერდით მხარს ოს სეპარატისტებს, რაც ხელს უწყობდა შიდა ქართლის კონფლიქტის გაღვივებას და საუკეთესო საშუალება იყო ჯარის შემოყვანისა და საქართველოს ხელახალი ანექსიისა. ამასთან ყოველნაირად ინიღბებოდით და მალავდით კავშირს ამ მოვლენებთან. თქვენ თითიც არ გაანძრიეთ იმისათვის, რომ ეს საფრთხე აშორებოდა საქართველოს. შეგახსენებთ ერთადერთ სატელეფონო საუბარს, რომელიც შედგა ჩვენს შორის 1991 წლის გაზაფხულზე, როდესაც გორბაჩოვმა დააპირა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება შიდა ქართლის მთელს ტერიტორიაზე, რაც საქართველოს ხელახალ ოკუპაციას მოასწავებდა. მაშინ ჯერ კიდევ ვფიქრობდი რომ შეგებრალებოდათ თქვენი ქვეყანა და სწორ ინფორმაციას მაინც მივიღებდი თქვენგან ამ საშინელი საფრთხის შესახებ. როდესაც ტელეფონით დაგიკავშირდით თქვენ მითხარით, რომ მე უნდა დამერეკა გორბაჩოვისადმი და მეთხოვა შეეჩერებინა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ეს იმას მოასწავებდა, რომ გორბაჩოვი სანაცვლოდ მომთხოვდა საკავშირო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას, ამიტომ ცხადია, აღარ დავურეკე მას. შემდეგ მე მოვითხოვე თქვენგან დაგვხმარებოდით საქართველოს გამოყოფაში სსრ კავშირიდან, თანაც შეგახსენეთ, რომ თქვენ თქვენი სამშობლოს მეტი არაფერი დაგრჩენოდათ და უნდა გეფიქრათ მის კეთიდღეობაზე. ,,დამანებეთ თავი, მე ერთი პენსიონერი კაცი ვარ და ნუ მთხოვთ იმაზე მეტს, რაც შემიძლია”- ასეთი იყო თქვენი პასუხი; მე გკითხეთ აგრეთვე, მიეცით თუ არა ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას 31 მარტის რეფერენდუმზე, რაზედაც თქვენ დუმილით მიპასუხეთ. ახლა საყოველთაოდ ცნობილია, რომ თქვენ მხოლოდ 17 მარტის ე.წ. საკავშირო რეფერენდუმში მიიღეთ მონაწილეობა და ხმა მიეცით საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას, ხოლო 31 მარტს საქართველო და მისი დამოუკიდებლობა არც გაგხსენებიათ. მაგრამ თქვენი ყველაზე დიდი დანაშაული მაინც არის საქართველოში კრიმინალური რევოლუციის შემზადება და განხორციელება, რასაც პრეცენდენტი არ გააჩნია მსოფლიო ისტორიაში. თქვენ, ერთდროს დამნაშავეობასთან ვითომდაც მებრძოლი, დაუკავშირდით დამნაშავეთა სამყაროს და მისი მეშვეობით მოახდინეთ გადატრიალება საქართველოში. დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლები _ ჯ. იოსელიანი თავისი ,,მხედრიონით” და თ. კიტოვანი თავისი კრიმინალური ,,გვარდიით”, რომელმაც უღალატა კანონიერ ხელისუფლებას, თქვენი დადასაყრდენი არიან დღესაც. თქვენს მიერ შექმნილმა კრიმინალურმა ხუნტამ, საქართველოში ,,ზაკვო”-ს ჯარების დახმარებით, დაატრიალა იგივე რასაც სჩადიოდნენ მურვან-ყრუს, ჯალაჯედინის, თემურ-ლენგის, შაჰაბასისა და აღა-მაჰმად ხანის ურდოები. ხუნტაში დამნაშავე სამყაროსთან ერთად გაერთიანდენენ მაფიოზი პარტოკრატები და თქვენს მიერ პრივილეგირებული კომუნისტური ინტელიგენციის წარმომადგენლები, ის ინტელიგენტები, რომელთა მიერ იარაღის ხელში აღებას თქვენ მიესალმეთ თვითმფრინავის ტრაპიდანვე საქართველოში ჩამოსვლისას. აი, ის სოციალური ფენები, რომელთაც თქვენ ეყრდნობით დღეს და რომელთა ხელითაც აპირებთ საქართველოს მომავლის ,,აშენებას”. საქართველოს ციხეებიდან და კოლონიებიდან თქვენი ,,ამნისტიით” გამოშვებული 4 ათასამდე კრიმინალის დიქტატის ქვეშ არის დღეს მილიცია და პროკურატურა, მთელი სამართალდამცავი ორგანოები, რომელნიც ხელს უწყობენ მათ ახალ-ახალი სისხლიანი დანაშაულების ჩადენაში. თქვენი და ამ კრიმინალების დავალებით შეთითხნა პროკურატურამ ,,საქმეები” ჩემს წინააღმდეგ, უზენაესი საბჭოს დეპუტატებისა და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ, ხოლო ნამდვილ დამნაშავეთა საქმეები გააუქმა და მათი რეაბილიტაცია მოახდინა. პატიმრობიდან გაათავისუფლა ქართველი ხალხის მოსისხლე მტერი, ბოროტმოქმედი ტ. ყულუმბეგოვი, რამაც ახალი აღმავლობა გამოიწვია ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ-ტერორისტული მოძრაობისა და საბოლოოდ დაგვაკარგვინა შიდა ქართლი.
თქვენი ხუნტა პირველი დღეებიდან არბევდა და არბევს მშვიდობიან საპროტესტო მიტინგებსა და დემონსტრაციებს. საქართველოში იანვარ-თებერვალში ,,გვარდიისა” და ,,მხედრიონის” კრიმინალებმა დახოცეს და დაჭრეს ასობით დემონსტრანტი, ხოლო შემდეგ დამალეს მათ მიერ დაღვრილი სისხლი, აუკრძალეს რა ჯანმრთელობის სამინისტროს გარდაცვლილთა გვარების გახმაურება. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ეს გვარები ყველასათვის ცნობილია და ადრე თუ გვიან მათი მხეცური მკვლელობისათვის მოგეთხოვებათ პასუხი ყველას.
თქვენმა ხუნტამ საქართველოში გააჩაღა ძმათამკვლელი სამოქალაქო ომი და, რაც ყველაზე საგანგაშოა, არნახულად გააღვივა კუთხური შუღლი. ფოთის, სენაკის და ზუგდიდის ,,დასალაშქრავად” თქვენ გურულებს, იმერლებს და კახელებს აგზავნით, თითქოს უცხო ქვეყანას ოპყრობდეთ, ძარცვავთ, არბევთ და აწიოკებთ მოსახლეობას, ხოლო როდესაც ზუგდიდის მოსახლეობა აჯანყდა და ქალაქი გაათავისუფლა ,,მხედრიონის” და ,,გვარდიის” ბანდებისაგან, თანაც ტყვედ აიყვანა მრავალი მათგანი, ამის საპასუხოდ თქვენ თბილისში დააწვევინეთ კონსტანტინე გამსახურდიას სახლმუზეუმი, თითქოს იგი მარტო სამეგრელოს კუთვნილება ყოფილიყოს. როდესაც ზუგდიდის მკვიდრი 50-მდე შვილმკვდარი დედა დემონსტრაციაზე გამოვიდა დაღუპული შვილების პორტრეტებით ხელში, თქვენმა ,,შეიარაღებულმა” ძალებმა ისინი დაარბიეს, სასტიკად სცემეს და შვილების პორტრეტები თავზე დაამტვრიეს. აი თქვენი ,,ჰუმანიზმის”, ,,პატრიოტოზმისა” და ,,დემოკრატიის” დამადასტურებელი ნიშნები.
დღეს მოსკოვის საინფორმაციო საშუალებებით ხდება თქვენი რეკლამირება, როგორც პოლიტიკოსისა, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში. თქვენი განცხადება იმის შესახებ, რომ თქვენ დაიწყეთ ,,გარადქმნა”, გაანთავისუფლეთ აღმოსავლეთ ევროპა და ბალტიისპირეთი, გააერთიანეთ გერმანია, განუზომლად გადაჭარბებული შეფასებაა თქვენი პიროვნული როლისა. ეგ ყველაფერი რონალდ რეიგანის, ,,სოი”-ს და დასავლეთის პოლიტიკის, აგრათვე საბჭოთა კავშირის დისიდენტური მოძრაობის დიდი გამარჯვებაა უწინარესყოვლისა, რამაც აიძულა გორბაჩოვის მთავრობა წასულიყო უდიდეს დათმობებზე. თქვენ და გორბაჩოვმა, ფაქტობრივად მხოლოდ უკან დაიხიეთ ძალის წინაშე და ხელი მოაწერეთ ფაქტობრივ კაპიტულაციაზე, რაც დიდ დიპლომატიურ გამარჯვებაზე ვერ მეტყველებს. სასაცილოა თქვენს მიერ დღეს იმის გაცხადება, რომ ეგ ყოველივე თქვენ გააკეთეთ, რათა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მიეღწია. საქართველოს დამოუკიდებლობა რომ გდომოდათ, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას ესოდენ თავგამოდებით არ იბრძოლებდით საბჭოთა კავშირის შენარჩუნებისათვის, ნებაყოფლობით არ დაბრუნდებოდით შემდგომში ისევ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე და არ განაცხადებდით, რომ საჭიროა სამშობლოს (ე.ი. სსრკ-ს) ხსნა. საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრე რომ ყოფილიყავით, მონაწილეობას მიიღებდით 31 მარტის დამოუკიდებლობის რეფერენდუმში. ამასთან, დასავლეთის ქვეყნებში დიპლომატიური მისიით მოგზაურობისას ერთხელ მაინც განაცხადებდით, რომ ეროვნებით ქართველი ხართ და რომ საქართველო დაპყრობილი ქვეყანაა და იბრძვის დამოუკიდებლობისათვის; მაგრამ თქვენ ქართველად არასოდეს ჩაგითვლიათ თავი, ვინაიდან მუდამ იყავით ნამდვილი ,,ჰომო სოვიეტიკუსი”, რაც თქვენ თავად აღიარეთ იტალიური გაზეთის ,,კორიერე დე ლა სერასათვის” მიცემულ ინტერვიუში.
სასაცილოა აგრეთვე იმის მტკიცება, რომ თურმე გენშერის მიერ ჩამოტანილი 10 მილიონი მარკის ოდენობით კრედიტი მოხმარდება ,,დემოკრატიული ინსტიტუტების” განმტკიცებას, რაც თქვენმა მოკავშირემ, ოსტანკინოს დეზინფორმატორმა გვამცნო. ყველასათვის ცნობილია, თუ რა ,,ინსტიტუტებია” ,,მხედრიონი”, ,,გვარდია”, ,,სამხედრო საბჭო” ანუ ხუნტა, რომელიც ცეცხლითა და მახვილით ანადგურებს დემოკრატიას საქართველოში, ძარცვავს და არბევს მოსახლეობას, რამაც საქართველო მსოფლიოში ეკონომიურად ყველაზე გაღატაკებულ ქვეყნად აქცია, სადაც ყოველდღიურად უკვე მრავალი ადამიანი იღუპება შიმშილით (საქართველოს რადიოს ცნობა). რაც შეეხება დღევანდელი საქართველოს უკანონო რეჟიმის ცნობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მიერ, ეს იმპერიის მხარდაჭერისა და თქვენი დემაგოგიისა და დეზინფორმაციის ხელოვნების შედეგია. მაგრამ გახსოვდეთ: ჯერ საკუთარმა ხალხმა უნდა გცნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არავითარი ფასი არ აქვს უცხო ქვეყნების მხრივ ცნობას.
სანუგეშოა, რომ ის ქვეყნები, რომელთაც გადატრიალებამდე სცნეს საქართველოს კანონიერი ხელისუფლება, აღარ აპირებენ თქვენი უკანონო რეჟიმის ცნობას, საკუთარი ხალხი კი თქვენ არ გცნობთ არასოდეს.
ყველასათვის ცნობილია, რომ დღეს საქართველოში თქვენს მიერ მოხდა ნარკომანიისა და ნარკობიზნესის ლეგალიზაცია. ნარკომანია ღია, ლამის ოფიციალურ პრაქტიკად იქცა, ვინაიდან თქვენი ძირითადი დასაყრდენი ძალების, ,,მხედრიონისა” და ,,გვარდიის” წევრთა უმრავლესობა ნარკომანები არიან; თითოეულ მათგანს სჭირდება დღეში რამდენიმე ათასი მანეთი მაინც ნარკოტიკული ნივთიერებებისათვის, რის შედეგადაც მათ მიერ იძარცვება საქართველოს მოსახლეობა, იტაცებენ ათასობით კერძო და სახელმწიფო მანქანებს და ყიდიან საქართველოს ფარგლებს გარეთ სრულიად ლეგალურად. ასე გაძარცვეს თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, სენაკი და სხვა ქალაქები, ახლა კი ქართული მოსახლეობის გაძარცვის შემდეგ, არაქართველ მოსახლეობაზე გადავიდნენ, რაც გვიქადის ახალ ეთნოკონფლიქტებს. დაბა ყაზბეგი, ჩვენი დიდი ალექსანდრე ყაზბეგის სამშობლო, გადაქცეულია ნარკობიზნესის ცენტრად, მეორე ჰონკონგად, აზიისა და ევროპის ნარკობიზნესის ხიდად. ამის შედეგად იძარცვება სახელმწიფო ხაზინაც, რის გამოც ვეღარ არიგებთ ჯამაგირებს, პენსიებს, ჰონორარებს, თუმც პუტჩისტები მაინც ღებულობენ პრემიებს თავიანთი სისხლიანი დანაშაულობებისათვის, როგორც ,,დემოკრატისათვის მებრძოლნი”. აი თქვენი ,,დემოკრატიის” დიდი მიღწევები.
თქვენ ხედავთ, რომ საქართველოს მხოლოდ ,,მხედრიონისა” და ,,გვარდიის” ხელით ვერ იმორჩილებთ და ამიტომ, ფართოდ ჩააბით სამხედრო ოპერაციაში სნგ-ს ჯარები, რომლებიც დღეს ხუნტის ჯარებთან ერთად დაბანაკებულნი არიან სოფ. რუხთან და ლამობენ აფხაზეთში შეჭრას, რათა იქ გააჩაღონ ახალი ეთნოკონფლიქტი. 23 მარტს (1992წ), სამტრედიის სადგურზე ეშელონიდან გადმოტვირთეს თქვენი ,,გვარდიის” ჯავშანტრანსპორტიორები, რუსი ჯარისკაცებით სავსე, რომელნიც გაემართნენ ცხენისწყლის ხიდისკენ სადამსჯელო ოპერაციის ჩასატარებლად. სნგ-გს სამხედრო ვერტმფრენები თავს დასტრიალებენ წალენჯიხასა და ცელავენ ყველას, ვინც საეჭვოდ მიაჩნიათ. მათ მიერ განადგურებულია მშვენიერი კურურტი სქური. ასე, რომ თქვენ საქართველოში იწყებთ მეორე ავღანეთის ომს და ნუ გგონიათ, მსოფლიო ბრმა იყოს და ვერ ხედავდეს ამას.
,,დემოკრატიული ინსტიტუტების” ჩამოყალიბების პარალელურად თქვენ საქართველოში მასობრივი ტერორი და 37 წლის დარი რეპრესიები გსურთ ააღორძინოთ. გრძელდება დაპატიმრებები შეთითხნილი ბრალდებებით, რაც თქვენი ხელწერაა. ყალბი ბრალდებებით არიან დაპატიმრებული უზენაესი საბჭოს საბიუჯეტო კომიის თავმჯდომარე ტარიელ გელანტია, პუტჩისტების 6 ტყვიით დაჭრილი, მომაკვდავი კაცი, ფინანსთა მინისტრი გურამ აბსანძე, უზენაესი საბჭოს სადეპუტატო ეთიკის კომიისის თავმჯდომარე ბიძინა დანგაძე, დიდხანს ტანჯეს ციხეში ქუთაისის დეპუტატი ფირუზ დიაკონიძე, ჰელსინკის კავშირის გამგეობის წევრი, დეპუტატი ვახტანგ ჭითავა და სხვანი. ახლა შემოიღეთ მიტინგებზე სასიკვდილოდ ცემა და დანით დჭრა უდანაშაულო ადამიანებისა, რასაც განსაკუთრებით ეფექტურად ნერგავთ უკანასკნელ ხანებში. თქვენი ხელქვეითი კრიმინალები განსაკუთრებით არაადამიანურად ექცევიან ქალებსა და მოხუცებს, მთელი ქალთა სქესი ლამის მტრად გამოაცხადოთ პირუთვნელობისა და შეუპოვრობისათვის.
თქვენ, ,,გარდაქმნისა” და ,,საჯაროობის” მედაფდაფემ საქართველოში მოსპეთ ყოველგვარი საჯაროობა, დააწესეთ უსასტიკესი ცენზურა პრესაში და ტელევიიზიაში, აკრძალეთ ყველა თავისუფალი გამოცემა. ერთადერთი დამოუკიდებელი გაზეთის, ,,იბერია-სპექტირის” რედაქტორს, პრინციპულ და მოუსყიდავ ჟურნალისტს, ირაკლი გოცირიძეს მოუკალით შვილი, შესანიშნავი მხატვარი გიორგი გოცირიძე და ახლა მეორე შვილზე ემუქრებით, ჟურნალისტური სინდისის ერთგულებისათვის. ა.წ. 30 მარტს, როდესაც მოსკოვის ტელევიზიით უნდა გადმოცემულიყო ჩემი იტერვიუ, საერთოდ გააუქმეთ მოსკოვის პირველი არხი. ნუთუ ეს არის თქვენი დემოკრატია და საჯაროობა? რატომ არ უჩვენებთ ტელევიზიით ყოველივე იმას, რაც ხდებოდა და ხდება საქართველოში უკანასკნელი ოთხი თვის მანძილზე? რატომ არ უჩვენებთ თბილისის დანგრევასა და დაწვას თქვენი ზარბაზნებითა და რეკეტებით, მიტინგების დარბევას, უდანაშაულო მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას თქვენი ბანდების მიერ, დასავლეთ საქართველოს აწიოკებას, ხალხის ძარცვა-გლეჯას? რატომ არ აძლევთ სიტყვას თქვენს ოპონენტებს, ან იქნებ ფიქრობთ, რომ ამ გზით ჩაახშობთ სიმართლის ხმას?
ახლა ვნახოთ რას წარმოადგენს საქართველოში თქვენი ,,მოღვაწეობა” სამართლებრივი თვალსაზრისით, ხელისუფლების უზურპაცია. თქვენს მიერ, კომპარტიის ცკ-ს მსგავსი უკანონო ორგანოს, ე.წ. სახელმწიფო საბჭოს შექმნა და საკუთარი თავის დანიშვნა მის თავმჯდომარედ, არის უდიდესი უკანონობა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევა, ვინაიდან ქვეყანას ჰყავს კანონიერი ხელისუფლება, ხალხის მიერ არჩეული, ხოლო თქვენ არავის აურჩევიხართ და არც დაუნიშნიხართ ამ თანამდებობაზე. თქვენ აცხადებთ, რომ საქართველოში უახლოეს ხანში ჩატარდება ვითომდაც თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად. ასეთი არჩევნები საქართველოში უკვე ჩატარდა 1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს ჰყავს კანონიერი პრეზიდენტი და პარლამენტი, რომელთა გარეშეც არავის აქვს უფლება ახალი არჩევნების დანიშვნისა, ასე რომ თქვენი ,,არჩევნები” იქნება ყალბი და უკანონო. ხოლო ახალ საარჩევნო კანონს, თქვენს მიერ შექმნილს, არ ექნება არავითარი იურიდიული უფლებამოსილება. ამგვარ ,,არჩევნებს” ხალხი ბოიკოტით შეხვდება, ვინაიდან მან ერთხელ უკვე გამოხატა თავისი ნება. გარდა ამისა, ისეთ პირობებში, როდესაც თითქმის მთელს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათია, არავითარ არჩევნებზე არ შეიძლება ფიქრიც კი, თუნდაც იგივე მსოფლიო სტანდარტების მიხედვით. ასე რომ, უზურპატორთა ხუნტის მიერ ,,არჩევნების” დანიშვნა საგანგებო მდგომარეობის პირობებში არცერთ მსოფლიო სტანდარტს არ შეესაბამება. თქვენმა ხუნტამ გამოაცხადა 1921 წლის კონსტიტუციის აღდგენა, რომლითაც იგი ვითომდაც ხელმძღვანელობს თავის პოლიტიკაში. თქვენ რომ გესმოდეთ, თუ რას ნიშნავს ამ კონსტიტუციის აღდგენა, იმ დღესვე გადადგებოდით და გამოაცხადებდით თვითლიკვიდაციას, ვინაიდან დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ქვეყანას უნდა მართავდეს არჩევითი ხელისუფლება და არა უკანონო ხუნტა.
ახლა ვნახოთ როგორ გესმით თქვენ რუსეთ-საქართველოს დღევანდელი ურთიერთობა. როგორც აღვნიშნე, თქვენ გაქვთ პრეტენზია, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე იბრძოდით საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. საქართველოს დამოუკიდებლობის რა მოგახსენოთ, მაგრამ მთელს თქვენს ძალებს მუდამ ახმარდით საბჭოთა იმპერიის მთლიანობის შენარჩუნებას, ხოლო ამჟამად, როდესაც დაიმსხვრა ეს თიხისფეხებიანი კერპი, იბრძვით მომაკვდავი რუსეთის იმპერიის შესანარჩუნებლად, რომლის დაშლაც გარდაუვალია, როგორც ყველა იმპერიისა. თქვენ კი ყოველნაირად ცდილობთ, საქართველო კვლავ აქციოთ რუსეთის კოლონიად. რატომ არ სცნობს დღევანდელი რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას და არ ამყარებს მასთან დიპლომატიურ ურთიერთობას? იმის გამო, რომ საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და აღარ სურს იყოს რუსეთის კოლონია და სამხედრო პლაცდარმი. ამასთან რუსეთს მიაჩნია, რომ საქართველომ რუსეთის ფედერაციის ნაწილებად უნდა სცნოს შიდა ქართლი და აფხაზეთი. ,,თქვენ წახვალთ, ოღონდ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე” გვეუბნებოდა გორბაჩოვის მთავრობა. დღევანდელი რუსეთის პოზიციაც ბევრით არაფრით განსხვავდება წინამორბედთაგან.
თქვენ განაცხადეთ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა დიპლომატიურზე უფრო მეტია. დიპლომატიურზე ,,მეტი” ურთიერთობა საერთაშორისო პრაქტიკამ და სამართალმა არ იცის. რა უნდა ვიგულისხმოთ ამგვარ ურთიერთობაში, კოლონიალური მონობა ხომ არა? მაგრამ გახსოვდეთ, რომ რუსეთის იმპერია განწირულია, ისევე როგორც თქვენი ცდები საქართველოში რუსოფილური ნეოკომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის დამყარებისა. საქართველომ 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ერთგული დარჩება თავის არჩევანისა (სხვათაშორის წელს ეს თარიღი ოფიციალურად არც კი აღნიშნეთ). აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ცინიზმი და მკრეხელობაა თქვენის მხრით სამფეროვანი დროშისა და მერაბ კოსტავას სურათის ფონზე ჯდომა. იმ დროშისა, რომლის ეთგულებისათვის მრავალი ადამიანი გაგიგზავნიათ ციხეში. იმ მერაბ კოსტავასი, რომელიც 10 წლის განმავლობაში აწამეთ გულაგის საპყრობილეებში და რომელსაც თქვენმა აგენტებმა მოუსწრაფეს სიცოცხლე.
ახლა ვნახოთ ვით ემთხვევა ურთიერთს თქვენი სიტყვა და საქმე საოკუპაციო ჯარებთან დაკავშირებით. თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის უნდა გაიმართოს მოლაპარაკება ჯარების გაყვანის თაობაზე და საქართველო არასოდეს გახდება სნგ-ს წევრი. ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს, იმ დროს, როდესაც ამ თანამეგობრობის სხვა წევრები თავისი ტერიტორიებიდან აძევებენ საოკუპაციო ჯარებს, ან თავის იურისდიქციას უმორჩილებენ, თქვენ დღითი დღე უმატებთ მათ რაოდენობას საქართველოში.; გაირკვა, რომ თქვენი ჩამოსვლის პირველსავე დღეებში დაგირეკიათ მოსკოვში და გითხოვიათ ამ ჯარების საქართველოში დატოვება, რაც თავისი დაუფიქრებლობით მოსკოვის ტელევიზიით გამოაცხადა თქვენმა მეგობარმა ,,დემოკრატმა” გ.პოპოვმა. თქვენი ხუნტის დასტურით შემოიყვანეს ყარაბაღიდან გამოძევებული 366 მოტომსროლელი პოლკი. ამჟამად, როგორც სჩანს, გენშერთან გარიგების საფუძველზე გეგმავთ გერმანიიდან დემობილიზებული რუსი სამხედროებისათვის ბინების
მშენებლობას. ბუნებრივია, ის ვისაც არ გააჩნია საკუთარი ხალხის მხარდაჭერა, დასაყრდენს ეძებს მტრის საოკუპაციო ჯარებში. ასე ყოფილა ოდითგან ჩვენს ავბედით ისტორიაში, ასე იყო ,,საბჭოთა” პერიოდში, ასე იქნება მანამ, სანამ საქართველოში იქნება სნგ-ს, ანუ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი თქვენი ხუნტის სახით.
არ შემიძლია არ ვახსენო ჩვენი ახალგაზრდობის სავალალო მდგომარეობა საქართველოში შექმნილი ვითარების შედეგად. თქვენ და თქვენი ,,წითელი” პროფესორები დღენიადაგ ნერგავთ ახალგაზრდობაში კრიმინალების, ნარკომანების, ,,კანონიერი ქურდების” მგლურ ჰეროიკას, შეაძულეთ ახალგაზრდებს წიგნი და შეაყვარეთ ნარკოტიკული ნივთიერებები, ავტომატი, ძარცვა-გლეჯა და ყაჩაღობა. ბოლოს, მრავალი მათგანი დამნაშავე რეჟიმის პატარა მონსტრებად აქციეთ, რომელნიც დღეს შეუბრალებლად არბევენ მშვიდობიან მიტინგებს, მხეცურად უსწორდებიან დიდსა და პატარას, ქალსა და ბავშვს, სიმართლის საქმისათვის. მაგრამ, გახსოვდეთ, სიმართლეს ვერავითარი ციხე, ვერავითარი ტყვია და კოცონი ვერ დაამარცხებს. საბედნიეროდ კარგი ახალგაზრდობაც გვყავს, რომელნიც თქვენ პასუხს გაგებინებენ ყველაფრისათვის. ,,უსამართლო ძლიერებას საუკუნო არ აქვს ძალი, უძლეველი საბოლოოდ არის მხოლოდ სამართალი”, როგორც იტყოდა დიდი აკაკი.
ახლა საბოლოოდ უნდა დაგისვათ მთავარ შეკითხვა: ვინ მოგიხმოთ ჩვენ წინამძღვრად? ვინ მოგიწვიათ საქართველოში, სად არიან ის მშრომელები, ის ახალგაზრდები, რომელნიც თურმე მოსკოვში მოსვენებას არ გაძლევდნენ განცხადებებითა და პეტიციებით, არიქა ჩამოდით საქართველოში და გვიშველეთო? სად არის ეს დოკუმენტები? მაგრამ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოში მოგიწვიათ ერთადერთმა კაცმა, კრიმინალმა და რეციდივისტმა, ავადსახსენებელმა ჯაბა იოსელიანმა, რომელსაც საკუთარი ხალხის სისხლში აქვს ხელები გასვრილი და რომლის სახელსაც შეაჩვენებს ქართველი ხალხი თქვენს სახელთან ერთად. დიახ, მისმა ემისრებმა ჩამოგიყვანეს თქვენ თბილისში და აეროპორტში დაგხვდათ მოღალატეთა და კრიმინალთა მცირე ჯგუფი. სამაგიეროდ ქართველმა ხალხმა შეგარქვათ იუდა და ამ სახელის სკანდირება არ შეწყდება სანამ თქვენ მის მიწა-წყალზე დააბიჯებთ.
რატომ გეშინიათ სიმართლისა, რატომ არ პასუხობთ სტუდენტთა და ჟურნალისტთა შეკითხვებზე, რომლებიც გზეთშიც კი გამოგიქვეყნეს? რატომ არ ღებულობთ ჟურნალისტებს? ან იქნებ გგონიათ, რომ დღეს შუა საუკუნეებია და თქვენი ბნელი საქმეები საბოლოოდ მიჩქმალული დარჩება? მერწმუნეთ მალე შეიტყობს დასავლეთი თუ ვის შეუქმნა დემოკრატის იმიჯი და ვისი ხელით ცდილობს თავისი კავკასიური პოლიტიკის განხორციელებას. თქვენ კი აუცილებლად დამარცხდებით საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში, როგორც დამარცხდენ ნაჯიბულა და ბაბრაქ ქარმალი. ასეთივე დამარცხება გელით კავკასიის ხალხების წინააღმდეგ ომში, რომელსაც გეგმავთ იმპერიულ ძალებთან ერთად.
ამრიგად, თქვენი ,,გადემოკრატება” მარტოოდენ ფასადის შეცვლა ყოფილა, არსით კი თქვენ იგივე დარჩით, რაც იყავით, ტოტალიტარიზმის, სახელმწიფო ტერორიზმის ერთგული, სულით კომუნისტი, რაც მტკიცთება საქართველოში თქვენი ამჟამინდელი საქმიანობით, სადაც ააღორძინეთ პარტოკრატია და რეპრესიული, ტოტალიტარული რეჟიმი.
მახსენდება კანტის ცნობილი სენტენცია: ,,გადაფხიკეთ გერმანელი ფილოსოფოსი და თქვენ თეოლოგს აღმოაჩენთ მასში”. რასაც მე ასე მივუსადაგებდი ჩვენს სინამდვილეს: ,,გადაფხიკეთ ,,პერესტროიკის” ნებისმიერი დემოკრატი და თქვენ კომუნისტ-პარტოკრატს აღმოაჩენთ მასში”.
ვით ვირწმუნო თქვენი გარდაქმნა, როდესაც თქვენ, ნაცვლად იმისა, რომ შეინანოთ ერის წინაშე თქვენი უმძიმესი დანაშაულები, კვლავ ცოდვას ცოდვაზე უმატებთ და ყოველივე ძველებურად განაგრძობთ? თქვენ იმპერიამ მოგავლინათ თავისი შავბნელი ზრახვების განსახორციელებლად, ეს იცის ყველამ საქართველოში და ამის გამო დაგიხვდათ მტრულად მთელი ერი. გახსოვდეთ, ქართველი ერი პოლიტბიურო არ არის, მარკებითა და დოლარებით რომ შეიძლებოდეს მისი მოსყიდვა.
ახლა დავუბრუნდეთ იმ ანონიმურ წერილს, რომელიც დასაწყისში ვახსენე. ახლა ვრწმუნდები, რომ ეს არავითარი რუსი და სომეხი ,,ნაცისტების” წერილი არ ყოფილა. ეს იყო იმპერიული სუკ-ისა და თქვენი წერილი, სადაც მოკლედ იყო ჩამოყალიბებული გეგმა საქართველოს განადგურებისა. ბევრი რამ შესრულდა ამ გეგმიდან, დაიწყო ქართველი ერის გენოციდი, საქართველოს ტრიტორიული მთლიანობის დაირღვა, მაგრამ ამასთან ერთი იმპერია დაიშალა, ხოლო მეორე დაშლის პირას დგას. ასე, რომ თქვენს გეგმას ასრულება არ უწერია. ქართველმა ერმა გამოიღვიძა და ამიერიდან მას ვერავინ მოახვევს მონობის უღელს. იმპერია მოისპობა, ხოლო საქართველო იარსებებს სამარადჟამოდ.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მე თქვენ ბრალს გდებთ:
1. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სისტემატურ დევნასა და ჩახშობაში უსასტიკესი რეპრესიების გზით, მის დისკრედიტაციაში შინ და გარეთ. ქართველი პატრიოტების და ადამიანის უფლებათა დამცველების დევნადაპატიმრებაში, ქართველი პატრიოტის ვ.ჟვანიას დახვრეტაში, ,,თვითმფრინავის საქმეზე” დაპატიმრებული ახალგაზრდების და მათთან ერთად ცრუ ბრალდებით დაპატიმრებული უდანაშაულო მღვდელის, თევდორე ჩიხლაძის დახვრეტაში, ჟურნალისტ ნაზი შამანაურის მკვლელობაში 1983 წელს ქ.თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
2. საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ საერთაშორისო შეთქმულების მოწყობაში, უპრეცენდენტო
ცილისწამებლური კამპანიის ორგანიზებაში მსოფლიოს მასშტაბით.
3. დასავლეთის ქვეყნების დეზინფორმირებასა და დეზორიენტირებაში საქართველოში მიმდინარე პროცესებთან
დაკავშირებით.
4. საქართველოში კრიმინალური რევოლუციისა და სამხედრო გადატრიალების მოწყობაში, უკანონო, დანაშაულებრივი ხუნტის შექმნაში, ხელისუფლების უზურპაციაში, ქ.თბილისის ცენტრის დანგრევასა და დაწვაში.
5. საქართველოში დემოკრატიის ნაცვლად კლეპტოკრატიის დამყარებაში, დამნაშავეთა სამყაროსადმი სამართალდამცავი ორგანოების დაქვემდებარებაში, კრიმინალებისათვის ხელისუფლების გადაცემაში.
6. საქართველოში 1990 წლის 28 ოქტომბრისა და 1991 წლის 26 მაისის დემოკრატიული არჩევნების მიღწევების განადგურებაში, კანონიერი პარლამენტისა და პრეზიდენტის დევნაში.
7. საქართველოში რუსეთის იმპერიის საოკუპაციო ჯარების ყოფნის დაკანონებაში, მათთვის საოკუპაციო ჯარების სტატუსის მოხსნაში, საქართველოში ამგვარი ჯარების ახალი კონტინგენტის შემოყვანაში ყარაბაღის 366 მოტომსროლელი პოლკის სახით, გერმანიიდან დემობილიზებული სამხედრო მოსამსახურეებისათვის განკუთვნილი სახლების მშენებლობის დაგაგმვაში ჩვენს ტრიტორიაზე.
8. საქართველოში კომუნისტური პარტოკრატიისა და მაფიის კვლავ აღორძინებაში.
9. იმპერიული სუკ-ის აგენტობაში და მის თავდადებულ სამსახურში წლების მანძილზე.
10. იმპერიული სუკ-ის აგენტურულ ქსელში საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ჩათრევაში.
11. სახელმწიფო ტრორიზმში, 1992 წლის იანვარ-თებერვლის მშვიდობიანი მიტინგებისა და დემონსტაციების დარბევადახვრეტაში კრიმინალების ხელით.
12. დასავლეთ საქართველოს დალაშქვრა-დარბევაში, მოსახლეობის ძარცვასა და გენოციდში, კუთხური შუღლისა და სეპარატიზმის არნახულ გაღვივებაში.
13. საქართველოში ნარკომანიისა და ნარკობიზნესის ლეგალიზაციასა და წახალისებაში, თბილისის ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილის ნარკომანებად, კრიმინალებად ქცევაში.
14. პიროვნულად ჩემი და ჩემი ოჯახის, თვით მცირეწლოვანი ბავშვების, დევნაში 20 წლის მანძილზე.
15. კონსტანტინე გამსახურდიას მემორიალური სახლ-მუზეუმების გაძარცვასა და დაწვაში (ქ.თბილისი და დაბა ბიჭვინთა).
16. კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა მასობრივ რეპრესიებსა და ტერორიზებაში.
17. გერმანიასთან საძრახის გარიგებაში საქართველოს ინტერესების ხარჯზე.
18. იმპერიის ცენტრის დავალებით ქართველი ერის გენოციდში.
19. სამშობლოს ღალატში.
ყოველივე ზემოთთქმულთან დაკავშირებით, მოვითხოვ თქვენგან დაუყოვნებლივ წერილობით პასუხს და ახსნა-განმარტებას. გიწვევთ ტელედებატებში (როგორც საბჭოთა კავშირის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს და არა როგორც არარსებული სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს), თქვენი საყვარელი მოსკოვის ტელევიზიით, რომელიც ყოველ ნაბიჯზე ამჟღავნებს თქვენს მიმართ სოლიდარობას, თანადგომასა და მიკერძოებას. ტელედებატებს ექნება ტელეხიდის ხასიათი.
მზად ვარ უკან წავიღო ჩემი სიტყვები, თუ დამტკიცდება ჩემს ნათქვამში უმცირესი გაყალბება, უზუსტობა ან გადაჭარბება.
პოსტ სკრიპტუმი: თქვენდამი ღია წერილი უკვე დასრულებული მქონდა, როდესაც ხელში ჩამივარდა თქვენი ინტერვიუ ,,შპიგელისადმი”, სადაც ირკვევა, რომ თქვენ ყველაფერთან ერთად უწიგნურიც ყოფილხართ. კერძოდ, თქვენ, გერმანიის საქმეების ესოდენ დიდმა ,,ექსპერტმა” ,,შპიგელის” კორესპოდენტის განსაცვიფრებლად განაცხადეთ, რომ თურმე ჰიტლერიც დემოკრატიულად ყოფილა არჩეული, ისევე როგორც გამსახურდია. მან ზრდილობიანად შეგნიშნათ, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, მაგრამ სხვა გვერდზე ფრჩხილებში ჩასვა ეს თქვენი ,,აღმოჩენა” და გაგამასხარავათ (,,შპიგელი”, 14 აპრილი, 1992წ). არ ვიცი სკოლაში რა ნიშანი გქონდათ ისტორიაში, მაგრამ ასეთი რამ დღეს საშუალო სკოლის მოსწავლესაც არ ეპატიება. ცნობილია, რომ ჰიტლერი დანიშნა გერმანიის რაიხსკანცლერად პრეზიდენტმა ჰინდენბურგმა, ისევე, როგორც ერთ დროს თქვენ დაგნიშნათ ბრეჟნევმა
საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველ მდივნად, ამაშია თქვენი სულიერი ნათესაობა, ხოლო ჰიტლერის პარტიამ ისევე ვერ შესძლო რაიხსტაგში უმრავლესობის მოპოვება, როგორც თქვენმა პარტიამ საქართველოში, 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში. ასე, რომ ანალოგიები უფრო სხვაგან უნდა ეძიოთ. საერთოდ, გირჩევთ ხშირად ჩაიხედოთ პოპულარულ სახელმძღვანელოებში და ენციკლოპედიებში, მსოფლიო მნიშვნელობის ინტერვიუს მიცემამადე.
1992 წელი 19 აპრილი
ივლისი 2, 2010
ზვიად გამსახურდიას სიტყვა, წარმოთქმული 1990 წლის 26 მაისს (სრული ტექსტი)
დღეს შევიკრიბეთ ამ მიწაზე, სადაც დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის ხანაში იმართებოდა მიტინგები და შეკრებები. დღეს ჩვენთან არიან ის სულები, საქართველოს თავისუფლებისათვის მრავალი მათგანი შემდგომში წამებულნი, საქართველოს დამოუკიდებლობის სულის ჩამდგმენლი და ამ დღეს გვმართებს დიდი დაფიქრება და დიდი ანალიზი ჩვენი ბრძოლის, ჩვენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სწორი კურსის განსაზღვრისათვის.
მეგობრებო! გილოცავთ ყველა ქართველისათვის ამ ღირსსახსოვარ დღეს. და დღეს, მეგობრებო, უნდა ითქვას სიმართლე, რამეთუ სიმართლისათვის მოგვავლინა უფალმა ჩვენ, სიმართლისათვის მოავლინა ქართველი ერი, რათა მან სწამოს ჭეშმარიტი, რათა მან სწამოს ქრისტესთვის, რათა იგი გაბრწყინდეს მსოფლიო ხალხთა წინაშე, ვითარცა ქომაგი ჭეშმარიტებისა. მეგობრებო, ნუ იყოფინ ორპირობა და გულაღრძილობა ამ დღეს, ამ წმინდა მიწაზე, სადაც წინაპართა აჩრდილები თავს დაგვტრიალებენ, სადაც სულმნათი მერაბ კოსტავა გადმოგვცქერის ზეციური საქართველოდან, სადაც წმინდა ილია მართალი დაგვცქერის ჩვენ, ჩვენს მირვე წამებული ილია მართალი.
ძმანო და დანო! ქართველი ერი ქრისტეს მცნებით ვიდოდა ისტორიის ეკლიან გზაზე და მე მინდა შეგახსენოთ იგავი იოანეს სახარებისა, რამეთუ ეს იგავი მიესადაგება ჩვენს დღევანდელ მფგომარეობას, ჩვენს გუშინდელ დღეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს დამოუკიდებლობას – იმჟამად წართმეულს, იმჟამად დამარცხებულს და ჩვენ დღეს უნდა გავაცნობიეროთ, თუ რა არჩევანის წინაშე ვდგავართ. ეს იგავი სახარებისა არის შემდეგი: როდესაც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე გამოიყვანეს ებრაელი ხალხის წინაშე რომაელებმა და მისმა მტანჯველებმა, ისრაელს ჰქონდა წეს-ჩვეულება: სიკვდილით დასჯილი ერთ-ერთი ადამიანი ამ დღეს, უნდა მიეტევებინათ ხალხისათვის. მაშინ რომაელთა ხელისუფლებამ მიმართა ისრაელის ერს: ვინ მოგიტევოთ? და წარუდგინა ქრისტე – ღმერთკაცი და ბარაბა – ავაზაკი. მაშინ იხუვლა ისრაელის ერმა: ჯვარს აცუ ეგე და მოგვიტევე ჩვენ ბარაბა, მოგვიტევე ავაზაკი და ის ავაზაკი გულში ჩაიხუტა და ჯვარცმად გაუშვა ქვეყნად მოვლენილი მესია-ღმერთკაცი!
ძმანო! უსაშინელესი ტრაგედია დაატყდა ისრაელს ამის შემდეგ, რომელიც გრძელდებოდა ოცი საუკუნის მანძილზე, მათ დაკარგეს სახელმწიფოებრივობა, დაკარგეს ენა, დაკარგეს ტერიტორია, გაიფანტნენ მთელს მსოფლიოში, არნახული ტანჯვით ვიდოდნენ და მხოლოდ ორი ათასი წლის შემდეგ შეუნდო უფალმა ის, რომ მათ აირჩიეს ავაზაკი, ავაზაკის გზა და უარყვეს ქრისტე. და, აი, ქართველი ერი, ღვთის ერი, ასევე ღვთის რჩეული, ვით ისრაელი, ვიდოდა ქრისტეს ეკლიანი გზით. მოვიდა მეოცე საუკენემდე და მის წინაშე წარდგა არჩევანი. აი ეროვნული მოძრაობა დიდი ილიასი, დიდი ჰუმანისტებისა, დიდი დემოკრატებისა და, აჰა მოძრაობა ყაჩაღებისა, ავაზაკებისა და უღმერთო ერისა, ბარაბასი. და როდესაც ისტორიამ სამსჯავროზე ჩვენს წინაშე გამოიყვანა დიდი ილია და გამოიყვანა ავაზაკი, ჩვენ ავირჩიეთ ავაზაკი, ჩვენ უარვყავით დიდი ილია და ჩვენ ტყვია ვესროლეთ მას.
და, აი, დადგა ჟამი ჩვენი განთავისუფლებისა, ჩვენ მივიღეთ თავისუფლება, მაგრამ ბარაბას გზით. ბარაბას გზა ავირჩიეთ და ეს თავისუფლებაც უფალმა ისე წაგვართვა, ვით მოგვივლინა, და დაგვატეხა თავს არნახული სასჯელი, რომელიც სამოცდაათი წელი გვანადგურებს.
აი, ამის გამო მივიღეთ, ძმანო, ეს სასჯელი, რამეთუ უარვყავით ქრისტე, ქრისტეს მოვლენილი კაცი, მესიად მოვლენილი კაცი და ავირჩიეთ ბარაბა ავაზაკის, სოციალ-დემოკრატიის და მსგავსთა მისთა გზა.
აი მიზეზი ჩვენი კატასტროფისა, აი მიზეზი 26 მაისის დამარცხებისა, აი მიზეზი იმისა, რომ ვიქმენით ჩვენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი, მტერთაგან ძლეულნი. მამული ჩვენი მტერთა ჩვენთა ფეხქვეშ გაითელა და ჩვენ დღეს უფსკრულის პირას ვართ. და, აი მოდის ახალი არჩევანი, ძმანო და დანო, წარმოგიდგათ უფალი და გეუბნებათ: ქართველო ერო, შენ წინაშე არის ორი გზა. შენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა მივიდა გზაგასაყართან. აი გზა ილია მართლისა, აი გზა სიწმინდისა, ზნეობისა, აი გზა დემოკრატიისა, აი გზა ჭეშმარიტებისა და უმანკოებისა და აი გზა ყაჩაღობისა და მზაკვრობისა, აი გზა ტერორიზმისა! აირჩიე, ქართველო ერო, აირჩიეთ, ქართველებო, აირჩიეთ ქრისტეს გზა და კეთილის გზა, აირჩიეთ ილია მართლის გზა, რამეთუ ეს გზა განსაწმენდელთან მიგვიყვანს! და ვინც წავა წარწყმედის გზით, ბარაბას გზით, შეჩვენებული იყოს უკუნისამდე.
ჩვენ, ძმანო, ვდგავართ პირისპირ სატანასთან, გველეშეპთან. ან ჩვენ დავამარცხებთ მას წმინდა გიორგის ძალისხმევით, ან ის შთანთქავს ჩვენს ისტორიულ ბედ-იღბალს და გაგვთელავს ჩვენ ეს კოსმიური გველეშაპი, ეს პლანეტარული მხეცი – ანტიქრისტე, რომელიც წარმოგვიდგება და გვეუბნება: აი ეროვნული მოძრაობა და ეროვნული მოძრაობის ნიღბით და საფარით მოდის ანტიქრისტე, მოდის ბარაბა და მოდის შეჩვენება.
გაუმარჯოს ილია მართლის გზას, მერაბ კოსტავას გზას!
კურთხეულ იყოს ილია მართალის გზა!
გაიღვიძე, ქართველო ერო! გაიღვიძე და გაჰყევი გზას ჭეშმარიტებისას, სიკეთისას, ღვთისას, ამინ!