ზვიად გამსახურდია

აგვისტო 25, 2019

ზვიად გამსახურდია – განცხადება

11068_1257370391014_6356570_n

საქართველოს დანაშაულებრივი სამხედრო ხუნტის მეთაურმა შევარდნაძემ დაიწყო ფართომასშტაბიანი სადამსჯელო ოპერაციები აფხაზეთში. საბაბად ამისა, გამოყენებულ იქნა ხუნტის დამსჯელების დაკავება დასავლეთ საქართველოში. შსს თვითმარქვია მინისტრისა და მისი დამქაშებისა, რომლებიც თითქოსდა, აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან. სინამდვილეში შევარდნაძის უკანონო რეჟიმი მიზნად ისახავს ავტონომიური რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების დამხობას და ქართველებსა და აფხაზებს შორის ძმათამკვლელი ომის გაჩაღებას, რაც იმპერიის დიდი ხნის მიზანს წარმოადგენდა. ნიშანდობლივია, რომ მოსკოვის ტელევიზია ცდილობს ამ სისხლიან აქციაზე ბრალი მთლიანად ჯალათ კიტოვანს დააკისროს, რომელიც თითქოსდა არ ემორჩილება შევარდნაძეს. სინამდვილეში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შევარდნაძე განუწყვეტლივ გამოდიოდა საქართველოს ტელევიზიით და ემუქრებოდა აფხაზეთს, რომ ყაზბეგიდან ლესელიძემდე დააყენებს ჯარებს და დაამყარებს წესრიგს.

მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს, კავკასიის ხალხებს, მთელი მსოფლიოს საზოგადოებრიობას, ყველა კეთილი ნების ადამიანს გენოციდისაგან დაიცვას მცირერიცხოვანი, მრავალტანჯული აფხაზი ხალხი, აფხაზეთის ქართული მოსახლეობა, მტკიცედ მოვიგერიოთ შევარდნაძის დამსჯელი ბანდები და გამოვააშკარაოთ მისი გენოციდისა და ძარცვის მტაცებლური პოლიტიკა.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
14 აგვისტო, 1992 წ.

ქართული აზრი. – 1992. – 28 აგვისტო. – №28. – 1 გვ.
წყარო

Advertisements

აგვისტო 22, 2019

ამბავი ლენინისა, წითელი გენერლისა და დისიდენტ გამსახურდიასი

385445_256159257790521_100001893472949_645753_759097143_n

დღევანდელი ოფიციალური ხუნტისტური პრესის თვალიერებისას მრავალ კურიოზს და ურცხვობას წააწყდებით, რისი მხილებაც დიდ დროს წაგვართმევდა. მე მინდა გამოვყო ერთი სასაცილო ვერსია, რაც ხუნტისტებს ხელზე დაუხვევიათ და სერიოზულად უმტკიცებენ ქართველ ერს. დახეთ დისიდენტი გამსახურდია ლენინელი გამხდარა და წითელ გენერალ დუდაევთან ერთად ლენინის ბიუსტის ფონზე ატარებსო პრესკონფერეციებს.

მე, რასაკვირველია, სერიოზულად ვერ ვიმსჯელებ ასეთ კომიკურ განცხადებაზე და ვერ წარმოვიდგენ, რომ დღეს საქართველოში არსებობს ადამიანი, ვინც ირწმუნებს ვერსიას, რომლისაც მის ავტორებსაც კი არ სჯერათ. მაგრამ ურიგო არ იქნება ხალხმა იცოდეს ამ ფაქტის შესახებ.

როდესაც გროზნოში 18 თებერვალს გაიმართა ჩვენი პრეს-კონფერენცია, გაჭირდა შესაფერისი დარბაზის პოვნა, ვინაიდან მოზღვავდა უამრავი მსურველი მასზე დასასწრებად. ერთადერთი კარგი დარბაზი ყოფილ დიაგნოსტიკურ ცენტრში აღმოჩნდა, რომელსაც დღეს არემონტებენ და მალე სამთავრობო შენობად აქცევენ. ცენტრალურ დარბაზში დგას უშველებელი ბიუსტი ლენინისა, იმდენად მასიურ პედესტალზე, რომ მის მონგრევას რამოდენიმე დღის სოლიდური სამუშაოები დასჭირდება. ნაჩქარევმა მონგრევამ კი შეიძლება გამოიწვიოს დარბაზის სერიოზული დაზიანება. ასე, რომ არჩევანის დრო არ იყო და ჩვენ დავსხედით ამ დარბაზში.

პრესკონფერენციის დაწყებისთანავე დარბაზიდან ისმოდა შეკითხვები, რამდენად შეესაბამება ორი ანტიკომუნისტი პრეზიდენტის ჯდომა ლენინის ბიუსტთან – მათ მსოფლმხედველობასო. ჯოჰარ დუდაევი დიდი იუმორის მქონე კაცია და დიდხანს აცინებდა დარბაზს იმ შესაძლო რეაქციაზე, რაც მოჰყვებოდა ამ ფაქტს ჩვენი მტრების ბანაკში. თან ამბობდა. – მაგ უბედურებს ჩვენს წინააღმდეგ არგუმენტები შემოელიათ და მოდით ეს ერთხელ მაინც გავახაროთო.

მე კი მივუგე შეკითხვის დამსმელს: ჩვენ იდეებს ვებრძვით, რამეთუ იდეები ბიუსტზე უფრო საშიშად მიგვაჩნია, ბიუსტები ჩვენ ვერას დაგვაკლებენ მეთქი. ასე ნახევრად ხუმრობით ჩავატარეთ ჩვენი განმარტებითი საუბარი.

ხუნტის მესვეურთა რეაქცია ზუსტად ისეთი გამოდგა, როგორიც ჩვენ წარმოგვედგინა. დისიდენტი გამსახურდიას „გაკომუნისტების” შესახებ იმათ დასცეს დაფდაფი, ვინც კომუნისტური პარტოკრატია აღადგინა დღეს საქართველოში და ვისაც ლენინის ბიუსტი მთელი ცხოვრების მანძილზე, არამარტო ყოველ ქუჩაზე და ყოველ საკუჭნაოში ედგა, არამედ გულშიც და სულშიც ატარებდა, ჭეშმარიტად, მათ შეეძლოთ ემღერათ ლენინისათვის! „გინდ მეძინოს მაინც სულში მიზიხარ……” ასეთნი კი დღეს ლენინელობას სწამებენ კაცს, რომელმაც სსრკ-ში პირველმა მოანგრია ლენინის ძეგლები ჯერ თბილისსა და ბათუმში, მერე მთელს საქართველოში, რომელმაც კომპარტია აკრძალა და კომკავშირი გააუქმა, რაც დღეს გახდა ძირითადი მიზეზი მის წინააღმდეგ პუტჩისა და აჯანყების მოწყობისა. ბარაქალა, თქვენს სიმართლის მოყვარულობას პუტჩისტებო!

ზვიად გამსახურდია
1992 წ. მარტი

ქართული აზრი. – 1992. – 28 მარტი. – №10. – 1გვ.

წყარო

აგვისტო 10, 2018

ზვიად გამსახურდიას შეხვედრა აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან

ნოემბერი 4, 2016

ზვიად გამსახურდია ბათუმის უნივერსიტეტში

ოქტომბერი 24, 2016

პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და ა. სკრიაბინის ინტერვიუ: თბილისი-მოსკოვის ტელეხიდი, 10.11.1991 წ.

Президент Звиад Гамсахурдиа и А.Скрябин: телемост Тбилиси-Москва 10.11.1991 г.

სექტემბერი 21, 2014

ზვიად გამსახურდიას პასუხი ანდრეი სახაროვს

Answer of Zviad Gamsakhurdia to Andrej Sacharov

Answer of Zviad Gamsakhurdia to Andrej Sacharov

ივლისი 4, 2012

ზვიად გამსახურდია – უძღები შვილი


ვით უძღები შვილი სოფლად, ვერ წაუველ ვერსადაო,
თვალთა შენთა მშანთავ ნათელს, მეუფეო ზეცათაო!

ქვესკნელს დამნთქა სულთა მტერმა, სად შენა და მე სადაო,
მომიძიე კრავი შენი, მეუფეო ზეცათაო!

გულისთქმათა განმგებელო, მსურს, ამლაგმო, მესადავო,
სულთა მწეო, ყოვლისმძლეო, მეუფეო ზეცათაო!

სინანულის ცრემლთა რუებს აწ კი უნდა ესათაო,
მოხვედ ჩვენად სინანულად, მეუფეო ზეცათაო!

მარტი 10, 2011

ზვიად გამსახურდია – ქვაბავაზაკი

ის წინაპართა სიწმინდეს ბილწავს
და არის სუკ-ის ერთგული ძაღლი,
ეკლესიისას აფერხებს წინსვლას,
სარწმუნოების მტერია ახლის*.
შენიღბულია წმინდა სამოსით,
როგორც ცხვრის ქურქით მგელ-მტაცებელი,
მიყიდული აქვს მტრისთვის ნამუსი,
არის მზაკვარი, დამტაცებელი.
იგი მამონას სახელით გნათლავს
და ბელზებელის სახელით გლოცავს,
ის ნათლობისთვის წაგგლიჯავს ათმაგს,
ქორწინებისთვის წაგგლიჯავს ოცმაგს.
ამასხარავებს, ამოკლებს წესებს
ლაზღანდარობით, ქილიკით, გესლით,
მისი ბაგენი ჭორს და ღვარძლს თესენ,
მის ყურებს მხოლოდ დასმენა ესმით.
აღსარებაზე ფხიზლობს ჯაშუში,
რათა დოსიე შეავსოს შავი,
ხან იკეტება რწმენის ნაჭუჭში,
რომ მოგაჩვენოს წმინდანად თავი.
ვაჭრობს ხატებით, სოვდაგრობს ჯვრებით,
შავი დღისათვის იძენს ქონებას,
ვისაც ჩაიგდებს ძალით თუ ნებით,
დააკარგვინებს თავს და გონებას.
შემოიკრიბა ირგვლივ მსყიდველნი,
ლესბოსელნი და მამათმავალნი,
ჭორებისა და ღვარძლის მთესველნი,
გესლიანნი და ენამრავალნი.
ტაძარი ღვთისა, მადლისა მფენი
ისე სწამს, როგორც მექა ან ქაბა,
მას წმინდა სახლი მამისა ჩვენის
გარდუქცევია ავაზაკთ ქვაბად.
ის შემოგზავნა აქ ანტიქრისტემ,
რათა დაამხოს ღვთის ეკლესია,
მახე დაუგოს მიამიტ თვისტომს
და დაავიწყოს ღმერთი მესია.
წარწყმედილია სოდომის ცოდვით,
ის არ იხილავს ზეცას აროდეს,
მისი სახელი არის ჰიპოკრიტ*,
მის მწყემსობიდან ზეცა გფარავდეს.

——————————————————

“ახალ სარწმუნოებაში ნაგულისხმებია “ახალი აღქმა”
ჰიპოკრიტ – ბერძნ. ნიშნავს “ხანჟას”, “მოწმინდანოს”.

თებერვალი 22, 2011

ზვიად გამსახურდიას ვიდეომიმართვა, 1993 წელი, გროზნო

თებერვალი 7, 2011

პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია რაჭაში

Older Posts »

Create a free website or blog at WordPress.com.