ზვიად გამსახურდია

თებერვალი 22, 2011

ზვიად გამსახურდიას ეროვნული პროგრამა (ვიდეო)

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საინაგურაციო სიტყვიდან

– საქართველოში, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანულ ქვეყანაში, ტრადიციული იყო კავშირი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის;

– ქართველთა ცხოველი მორწმუნეობა განსაზღვრავდა მტრულ გარემოცვაში საქართველოს სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვან არსებობას. სახელმწიფო კი თავის მხრივ ხელს უწყობდა ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობას;

– საქართველოს სახელმწიფოებრივი აღორძინება, მისი დამოუკიდებლობის აღდგენა ვერ მოხერხდება ქართველთათვის ნიშნეული ცხოველი მორწმუნეობის აღორძინების გარეშე, ზნეობრივი აღორძინების გარეშე – ამას ადასტურებს საქართველოს წარსულიცა და აწმყოც;

– სწორედ ამიტომ ჭეშმარიტად ქართული ეროვნული მოძრაობა მჭიდროდ იყო და არის დაკავშირებული რელიგიურ ცნობიერებასთან, ეკლესიის წიაღთან;

– დღევანდელი (საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი) მოძრაობაც თავისი შინაგანი არსით ეროვნულ-რელიგიური მოძრაობაა, რამდენადაც იგი არ გულისხმობს მხოლოდ ეროვნულ-პოლიტიკური მიზნების განხორციელებას, არამედ უპორველეს ყოვლისა ითვალისწინებს ზნეობრივ აღორძინებას ქრისტიანულ რწმენასა და ცნობიერებაზე დამყარებით;

– ეროვნული ხელისუფლება იღვაწებს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ტრადიციული ერთობის აღსადგენად. ამ ერთობის არსი შემდგომში მდგომარეობს – ეროვნული სახელმწიფოს ავტორიტეტი უნდა დაემყაროს არა მარტო ხელისუფლების სოციალურ-პოლიტიკურ განსაზღვრულობას, არამედ უმეტესწილად ქრისტიანულ ზნეობრივ საწყისებს;

– სახელმწიფოს დამოკიდებულება ეკლესიისადმი უნდა დაეფუძნოს ეკლესიის რელიგიურ-ზნეობრივი ავტორიტეტის უზენაესობისა და ეკლესიის განსაკუთრებული სოციალური ფუნქციის აღიარებას;

– ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობის სულიერი ბუნება თავისთავად გამორიცხავს მის უშუალო მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში, მაგრამ პოლიტიკური სისტემიდან ეკლესიის გამოყოფა არ უნდა ნიშნავდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთგათიშვას;

– სახელმწიფო და ეკლესია არ უნდა ერეოდნენ ურთიერთის საქმიანობაში, მათ ერთობლივად უნდა უზრუნველყონ საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობა. ჩვენ მომხრენი ვართ არა სახელმწიფოსა და ეკლესიის, ეკლესიისა და სკოლის ურთიერთგამიჯვნისა, არამედ მათი ბუნებრივი კავშირისა, რომელიც იმავდროულად პოლიტიკური სისტემისა და ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულებასაც დაემყარება;

– სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად უნდა იქცეს;

– ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ქართულმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეკლესიის უფლება იყოს საერო ცხოვრების აქტიური მონაწილე. სახელმწიფომ უნდა დაიცვას საეკლესიო ქონება, ხელი შეუწყოს ეკლესიას ტრადიციულ სამონასტრო მოღვაწეობაში. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რათა ეკლესიამ მიიღოს საჭირო მატერიალური დახმარება – საგანმანათლებლო საქმიანობის, ტაძრების მშენებლობისა და შეკეთე-ბისათვის. უნდა აღდგეს საეკლესიო საკუთრება მიწაზე;

– მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება არ ხელყოფს სხვა რელიგიების აღმასრულებელთა, აგრეთვე ათეისტთა მოქალაქეობრივ უფლებებს. სახელმწიფოს მიერ გარანტირებული იქნება სინდისის თავისუფლება და თითოეულ პიროვნებას მიეცემა შესაძლებლობა იყოს აღმსარებელი იმ სარწმუნოებისა, რომელსაც თავად აღიარებს. მოქალაქეთა უფლებები არ შეიზღუდება რელიგიური ნიშნით. საქართველოს სახელმწიფო კვლავაც ერთგული დარჩება ტრადიციული რელიგიური შემწყნარებლობისა.

ქალბატონებო და ბატონებო.

– ქართველი ერი გამოირჩევა თანასწორთა შორის თავისი ყოფით, ადგილით და ენით. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა.

– ჩვენი ისტორია, ცხოვრების წესი, ბრძოლა სარწმუნოებისათვის, ეროვნული დამოუკიდებლობისათვის – ეს არის მოწამოებრივი გზა, ქრისტემიერი გზა სიკეთისა, სიქველისა და სიყვარულისა.

– ისტორია გვაძლევს შესაძლებლობას, რათა დავუბრუნდეთ მამაპაპეულ გზას, ავაღორძინოთ თავისუფალი საქართველო. დგება ჟამი როდესაც უკლებლივ ყველას სიცოცხლე მამულს ეკუთვნის.

– ერი უეჭველად მზად არის გადამწყვეტი ბრძოლისათვის – ეს ეროვნული ხელისუფლების ვალია იყოს ღირსი უდიდესი მისსიის – შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა – საქართველოს დაუბრუნოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს ერთა თანამეგობრობაში.

დიდი მიზნები მხოლოდ ღვთაებრივი სიყვარულით აღსრულდებიან.

დაე აღსრულდეს ნება ღვთისა, ნება ერისა.

გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!

(ამონარიდი)

ივლისი 5, 2010

ზვიად გამსახურდიას მიმართვა ახალგაზრდობისადმი 1990

სიტყვა წარმოთმქულია სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტთა კონფერენციაზე 1990 წელს

დიდად სასიამოვნოა ჩვენთვის ამ კონფერენციის მოწვევა, მაგრამ არ არის დასამალი, რომ ჩვენ ახალგაზრდობასთან პრეტენზიები გვაქვს. იცით, რომ ახალგაზრდობა არის ერთ-ერთი დასაყრდენი ჩვენი მოძრაობის. მაგრამ, კარგად გამიგეთ, არ იფიქროთ, რომ აქ ან რექტორს მოველაპარაკე, ან პედაგოგებს. ეს ჩემი აზრია. ვიფიქროთ ძირითადად იმ საქმიანობაზე, რისთვსაც თქვენ ხართ ამ დაწესებულებაში. სხვა საკითხია, რომ განათლების სისტემას სჭირდება რეორგანიზაცია, გაუმჯობესება. ამისთვის ჩვენც ვიბრძვით, თქვენც იბრძოლეთ. მაგრამ აკადემიური მოსწრება რასაც ჰქვია, ეს არანაკლებ სერიოზულია, მეგობრებო, ვიდრე პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობა. ეს არ გეგონოთ ტრადიციული ჭკუის დარიგება თქვენზე ასაკით უფროსი ადამიანის მიერ, არა, მეგობრებო! მე ამას გეუბნებით, როგორც თანამებრძოლებს და კოლეგებს. გახსოვდეთ, რომ ეროვნულ მოძრაობას სჭირდება ყოველმხრივ განათლებული, სპეციალობაში კარგად მომზადებული ადამიანები. ეს არ უნდა იყოს უწიგნურთა მოძრაობა, სხვაგვარად არ გამოვა, მეგობრებო! სასწავლო დაწესებულებების გაფიცვები ჩვენ ნუ გვიტაცებს. არ გვაქვს ჩვენ ისე ცუდად საქმე, მეგობრებო, რომ თქვენს ხარჯზე მოვაწყოთ გაფიცვები. მთელი საქართველო ჩვენთან არის. რა გვიჭირს იმის ფასი, რომ თქვენ ჩამოგარჩინოთ სწავლაში. აი, მე გთხოვთ ყველას, გთხოვთ სერიოზულად, მეტი იფიქროთ პროფესიის დაუფლებაზე. ისე არ გამოვიდეს, რომ ჩვენ ვართ უსაქმურთა და ზარმაცთა თავშესაფარი. მე ეს ნოემბრის შიმშილობაზეც ვთქვი, აპრილის დღეებშიც ვთქვი, ყოველთვის ვამბობდი ამას, მეგობრებო და ეხლაც ვიმეორებ.

მეორე ამბავი ის არის, მეგობრებო, რომ ძალზე მძიმე მდგომარეობაა ზნეობის თვალსაზრისით. ას შვიდი მკვლელობაა ამ უკანასკნელ ხანში თბილისში და ამას სჩადიან უმთავრესად ახალგაზრდა ადამიანები. ჩვენ გადავწყვიტეთ გამოვაცხადოთ ასეთი ადამიანები ერის მოღალატეებად, ეროვნული მოძრაობის მოღალატეებად და მათი ფოტობრალდებებით და ბიოგრაფიებით “უკვდავყოფთ” მათ, როგორც ერის მოღალატეებს. სხვა გამოსავალი არ არის. თან გვაქვს მონაცემები, რომ ჩვენი მოსისხლე მტერი ფარულად წარმართავს ყოველივეს. ძალიან გთხოვთ, აი, ამაში ამოგვიდგეთ მხარში. ჩვენ პოლიტიკური თეორიების შექმნაში მოხმარება არ გვჭირდება. კი, ბატონო, თქვენც შექმენით, მაგრამ მოდით, ზნეობის საკითხებში უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი ერთმანეთს, რომ არ დავღუპოთ ერი, მეგობრებო!

მინდა, კიდევ გისურვოთ, რომ ახალგაზრდობა უფრო ინტენსიურად ჩაებას რელიგიურ ცხოვრებაში. ღვთისმეტყველების და რელიგიის გარეშე არ არსებობს არავითარი განათლება, მეგობრებო! ეს კომუნისტებმა შემოიღეს ანტირელიგიური განათლება. მოვექცეთ რწმენაზე საქმით, პრაქტიკულად, ვინაიდან “სარწმუნოება თვინიერ საქმეთასა მკვდარ არს”, როგორც არის ნათქვამი ბიბლიაში. აი, ეს არის ჩვენი სურვილები.

ისევ ზნეობას დავუბრუნდეთ. საშინელი მდგომარეობაა სკოლებში ზნეობის მხრივ. რა მეტყველებაა, რა მეტყველებაა სკოლებში; რა ენაზე მეტყველებს ჩვენი ახალგაზრდობა?! დაივიწყა წინაპრების ენა, წინაპართა სარწმუნოება, გადავიდა საშინელ მეტყველებაზე, რომელიც ყურით არ მოისმინება. აი, რას უნდა ვებრძოლოთ პირველ რიგში, მეგობრებო, და მერე ვიმსჯელოთ მაღალ პოლიტიკურ საკითხებზე და მერე გავარჩიოთ მსოფლიო პოლიტიკის და თუნდაც შიდა პოლიტიკის საკითხები. შეძრული ვარ, ისეთი სიტყვები მესმის, როდესაც დავდივარ სკოლებში. მეტყველება სულის ანარეკლია, მეგობრებო! ის სულის გამოხატულებაა. ეს ამ კომუნისტურმა წყობამ გადააგვარა ასე ადამიანები, კომუნისტურმა წყობამ წაართვა რელიგია, ზნეობა. ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ ყოველივე ამას, თუ გვინდა, რომ მართლაც ვიბრძოლოთ დამოუკიდებლობისათვის. ჩვენი ერი ვერასოდეს ვერ იქნება დამოუკიდებელი, თუ ის ზნეობრივად არ ამაღლდა, რელიგიურად არ ამაღლდა, მეგობრებო! ესეც უნდა გვახსოვდეს, მეგობრებო, რამეთუ ისტორიამ იცის სასჯელები, მე დიდ დავით გურამიშვილს გაგახსენებთ. როგორ უკავშირებს ის საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობას და მის უბედურებას რელიგიის დაკარგვას და ზნეობის დაცემას. ხომ გვახსოვს ყველას “ქართლის ჭირი”.

მე კიდევ ვიმეორებ და გთხოვთ, რომ ჩვენს მეგობრებს, ნაცნობებს, ყველას მოვუწოდოთ, რომ აღარ მოხდეს ჩვენს თბილისში, მთელ საქართველოში ის მახინჯი მოვლენები, რომლებმაც ჩვენს ახალგაზრდობას სახელი გაუტეხა. აი, ეს არის ჩემი უპირველესი სურვილი.

მასალა ჩაიწერა და მოამზადა დალი ქვირიამ

Create a free website or blog at WordPress.com.