ზვიად გამსახურდია

აგვისტო 22, 2019

ამბავი ლენინისა, წითელი გენერლისა და დისიდენტ გამსახურდიასი

385445_256159257790521_100001893472949_645753_759097143_n

დღევანდელი ოფიციალური ხუნტისტური პრესის თვალიერებისას მრავალ კურიოზს და ურცხვობას წააწყდებით, რისი მხილებაც დიდ დროს წაგვართმევდა. მე მინდა გამოვყო ერთი სასაცილო ვერსია, რაც ხუნტისტებს ხელზე დაუხვევიათ და სერიოზულად უმტკიცებენ ქართველ ერს. დახეთ დისიდენტი გამსახურდია ლენინელი გამხდარა და წითელ გენერალ დუდაევთან ერთად ლენინის ბიუსტის ფონზე ატარებსო პრესკონფერეციებს.

მე, რასაკვირველია, სერიოზულად ვერ ვიმსჯელებ ასეთ კომიკურ განცხადებაზე და ვერ წარმოვიდგენ, რომ დღეს საქართველოში არსებობს ადამიანი, ვინც ირწმუნებს ვერსიას, რომლისაც მის ავტორებსაც კი არ სჯერათ. მაგრამ ურიგო არ იქნება ხალხმა იცოდეს ამ ფაქტის შესახებ.

როდესაც გროზნოში 18 თებერვალს გაიმართა ჩვენი პრეს-კონფერენცია, გაჭირდა შესაფერისი დარბაზის პოვნა, ვინაიდან მოზღვავდა უამრავი მსურველი მასზე დასასწრებად. ერთადერთი კარგი დარბაზი ყოფილ დიაგნოსტიკურ ცენტრში აღმოჩნდა, რომელსაც დღეს არემონტებენ და მალე სამთავრობო შენობად აქცევენ. ცენტრალურ დარბაზში დგას უშველებელი ბიუსტი ლენინისა, იმდენად მასიურ პედესტალზე, რომ მის მონგრევას რამოდენიმე დღის სოლიდური სამუშაოები დასჭირდება. ნაჩქარევმა მონგრევამ კი შეიძლება გამოიწვიოს დარბაზის სერიოზული დაზიანება. ასე, რომ არჩევანის დრო არ იყო და ჩვენ დავსხედით ამ დარბაზში.

პრესკონფერენციის დაწყებისთანავე დარბაზიდან ისმოდა შეკითხვები, რამდენად შეესაბამება ორი ანტიკომუნისტი პრეზიდენტის ჯდომა ლენინის ბიუსტთან – მათ მსოფლმხედველობასო. ჯოჰარ დუდაევი დიდი იუმორის მქონე კაცია და დიდხანს აცინებდა დარბაზს იმ შესაძლო რეაქციაზე, რაც მოჰყვებოდა ამ ფაქტს ჩვენი მტრების ბანაკში. თან ამბობდა. – მაგ უბედურებს ჩვენს წინააღმდეგ არგუმენტები შემოელიათ და მოდით ეს ერთხელ მაინც გავახაროთო.

მე კი მივუგე შეკითხვის დამსმელს: ჩვენ იდეებს ვებრძვით, რამეთუ იდეები ბიუსტზე უფრო საშიშად მიგვაჩნია, ბიუსტები ჩვენ ვერას დაგვაკლებენ მეთქი. ასე ნახევრად ხუმრობით ჩავატარეთ ჩვენი განმარტებითი საუბარი.

ხუნტის მესვეურთა რეაქცია ზუსტად ისეთი გამოდგა, როგორიც ჩვენ წარმოგვედგინა. დისიდენტი გამსახურდიას „გაკომუნისტების” შესახებ იმათ დასცეს დაფდაფი, ვინც კომუნისტური პარტოკრატია აღადგინა დღეს საქართველოში და ვისაც ლენინის ბიუსტი მთელი ცხოვრების მანძილზე, არამარტო ყოველ ქუჩაზე და ყოველ საკუჭნაოში ედგა, არამედ გულშიც და სულშიც ატარებდა, ჭეშმარიტად, მათ შეეძლოთ ემღერათ ლენინისათვის! „გინდ მეძინოს მაინც სულში მიზიხარ……” ასეთნი კი დღეს ლენინელობას სწამებენ კაცს, რომელმაც სსრკ-ში პირველმა მოანგრია ლენინის ძეგლები ჯერ თბილისსა და ბათუმში, მერე მთელს საქართველოში, რომელმაც კომპარტია აკრძალა და კომკავშირი გააუქმა, რაც დღეს გახდა ძირითადი მიზეზი მის წინააღმდეგ პუტჩისა და აჯანყების მოწყობისა. ბარაქალა, თქვენს სიმართლის მოყვარულობას პუტჩისტებო!

ზვიად გამსახურდია
1992 წ. მარტი

ქართული აზრი. – 1992. – 28 მარტი. – №10. – 1გვ.

წყარო

Create a free website or blog at WordPress.com.