ზვიად გამსახურდია

აგვისტო 25, 2019

ზვიად გამსახურდია – 1992 წლის 14 მაისის მიმართვა აფხაზეთის მოსახლეობისადმი

385445_256159257790521_100001893472949_645753_759097143_n

ძვირფასო თანამემამულენო!

ძმანო და დანო!

მოგმართავთ როგორც ქართველებს, ასევე აფხაზებს, ვინაიდან საფრთხეშია ჩვენი საუკუნოვანი ძმობა. იმპერიულმა ნეოკომუნისტურმა კრიმინალურმა ხუნტამ ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ აფხაზეთში კვლავ გაღვივდეს ეთნოკონფლიქტი, მან მოსკოვის დავალებით „გააუქმა“ საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია, რომელშიც ჩაწერილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, როგორც საქართველოს შემადგენელი ნაწილი, რამაც საბაბი მისცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს გაეძლიერებინა სეპარატისტული კურსი და ქართული ეროვნების კადრების დისკრიმინაცია, ვინაიდან მისი აზრით, საქართველოს ახალი კონსტიტუცია აღარ არსებობს, ძველში კი საერთოდ არ არის ნახსენები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. მის მიერ ანტიკონსტიტუციური აქტების მიღება უპასუხისმგებლო მოქმედებაა, რამაც შეიძლება ეთნოკონფლიქტამდე მიგვიყვანოს, რაც აწყობს როგორც თბილისის ხუნტას, ასევე მოსკოვის იმპერიას. ამიტომ მოგიწოდებთ არ წამოეგოთ პროვოკაციას, არ აჰყვეთ ვნებათაღელვას, მხოლოდ მშვიდობიანი, პოლიტიკური მეთოდებით იბრძოლეთ სამართლიანობის აღდგენისათვის. პროვოკატორებს სურთ იარაღის ძალით გადაჭრა ამ პრობლემებისა, რაც ყოვლად დაუშვებელია. მოგიწოდებთ მშვიდობისაკენ, მე მოვუწოდებ აფხაზ მოსახლეობას იმოქმედოს პარლამენტზე, რათა მან შეწყვიტოს ანტიქართული პოლიტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში აფხაზეთში გარდუვალი იქნება სისხლისღვრა.

კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთადერთი გზაა საქართველოში კანონიერი ხელისუფლების, პარლამენტისა და კონსტიტუციის აღდგენა, რის შედეგადაც ყველაფერი თავის ადგილას დადგება.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია

გაზ. „აღდგომა“, №3, 17 მაისი, 1992 წ.
წყარო

ივნისი 30, 2011

ნაწყვეტი ზვიად გამსახურდიას ინტერვიუდან ჟურნალისტ ედმუნდ სტივენსონთან

“1990 წლის 25 მარტს დანიშნული ერთპარტიული არჩევნები ანტიდემოკრატიულ პრინციპებს ემყარებოდა და ვერ გახდებოდა საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი.. სწორედ ამიტომ გამოვუცხადეთ ჩვენ ბოიკოტი ამ არჩევნებს.. მაგრამ როდესაც ’“მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს“ ბლოკის ძალისხმევისა და აქციების მეოხეობით მიიღეს ახალი საარჩევნო კანონი, შესაძლეელი გახდა გამართულიყო თავისუფალი, მრავალპარტიული და არა საბჭოური არჩევნები. ნხოლოდ ამის შემდეგ მივიღეთ ჩვენ მონაწილეობა ამ არჩევნებში და ღირსეულადაც გავიმარჯვეთ.. ასე რომ, ახლა მე ვთავმჯდომარეობ არა იმ უზენაეს საბჭოს, რომლის ლიკვიდაციისაკენაც მოვუწოდებდი, არამედ მრვალპარტიულ უზენაეს საბჭოს, რომელიც უკვე აღრ არის საბჭოური სტრუქტურა და რომელსაც ღირსეულად უწოდებენ საქართველოს ეროვნულ პარლამენტს.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნებმა წინა არჩევნებისაგან განსხვავებით ჩაიარა საბჭოთა კონსტიტუციის რეგლამენტაციის გარეშე. სხვადასხვა პარტიები რეგისტრაციაში გაატარეს არა მმართველმა საბჭოთა ორგანოებმა, არამედ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. მეთვალყურეებად მოწვეულნი გვყავდნენ საზღვარგარეთელი ექსპერტები. ასეთ პირობეში ჩაიარა თავისუფალმა არჩევნებმა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ნების ერთადერთ გამომხატველად მოგვევლინა“

1990 წლის 7 დეკემბერი

(ქ-ნ დალი ქვირიას არქივიდან)

Blog at WordPress.com.