ზვიად გამსახურდია

მარტი 10, 2011

ზვიად გამსახურდია – ქვაბავაზაკი

ის წინაპართა სიწმინდეს ბილწავს
და არის სუკ-ის ერთგული ძაღლი,
ეკლესიისას აფერხებს წინსვლას,
სარწმუნოების მტერია ახლის*.
შენიღბულია წმინდა სამოსით,
როგორც ცხვრის ქურქით მგელ-მტაცებელი,
მიყიდული აქვს მტრისთვის ნამუსი,
არის მზაკვარი, დამტაცებელი.
იგი მამონას სახელით გნათლავს
და ბელზებელის სახელით გლოცავს,
ის ნათლობისთვის წაგგლიჯავს ათმაგს,
ქორწინებისთვის წაგგლიჯავს ოცმაგს.
ამასხარავებს, ამოკლებს წესებს
ლაზღანდარობით, ქილიკით, გესლით,
მისი ბაგენი ჭორს და ღვარძლს თესენ,
მის ყურებს მხოლოდ დასმენა ესმით.
აღსარებაზე ფხიზლობს ჯაშუში,
რათა დოსიე შეავსოს შავი,
ხან იკეტება რწმენის ნაჭუჭში,
რომ მოგაჩვენოს წმინდანად თავი.
ვაჭრობს ხატებით, სოვდაგრობს ჯვრებით,
შავი დღისათვის იძენს ქონებას,
ვისაც ჩაიგდებს ძალით თუ ნებით,
დააკარგვინებს თავს და გონებას.
შემოიკრიბა ირგვლივ მსყიდველნი,
ლესბოსელნი და მამათმავალნი,
ჭორებისა და ღვარძლის მთესველნი,
გესლიანნი და ენამრავალნი.
ტაძარი ღვთისა, მადლისა მფენი
ისე სწამს, როგორც მექა ან ქაბა,
მას წმინდა სახლი მამისა ჩვენის
გარდუქცევია ავაზაკთ ქვაბად.
ის შემოგზავნა აქ ანტიქრისტემ,
რათა დაამხოს ღვთის ეკლესია,
მახე დაუგოს მიამიტ თვისტომს
და დაავიწყოს ღმერთი მესია.
წარწყმედილია სოდომის ცოდვით,
ის არ იხილავს ზეცას აროდეს,
მისი სახელი არის ჰიპოკრიტ*,
მის მწყემსობიდან ზეცა გფარავდეს.

——————————————————

“ახალ სარწმუნოებაში ნაგულისხმებია “ახალი აღქმა”
ჰიპოკრიტ – ბერძნ. ნიშნავს “ხანჟას”, “მოწმინდანოს”.

Advertisements

ივლისი 2, 2010

ზვიად გამსახურდიას სიტყვა, წარმოთქმული 1990 წლის 26 მაისს (სრული ტექსტი)

დღეს შევიკრიბეთ ამ მიწაზე, სადაც დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის ხანაში იმართებოდა მიტინგები და შეკრებები. დღეს ჩვენთან არიან ის სულები, საქართველოს თავისუფლებისათვის მრავალი მათგანი შემდგომში წამებულნი, საქართველოს დამოუკიდებლობის სულის ჩამდგმენლი და ამ დღეს გვმართებს დიდი დაფიქრება და დიდი ანალიზი ჩვენი ბრძოლის, ჩვენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სწორი კურსის განსაზღვრისათვის.

მეგობრებო! გილოცავთ ყველა ქართველისათვის ამ ღირსსახსოვარ დღეს. და დღეს, მეგობრებო, უნდა ითქვას სიმართლე, რამეთუ სიმართლისათვის მოგვავლინა უფალმა ჩვენ, სიმართლისათვის მოავლინა ქართველი ერი, რათა მან სწამოს ჭეშმარიტი, რათა მან სწამოს ქრისტესთვის, რათა იგი გაბრწყინდეს მსოფლიო ხალხთა წინაშე, ვითარცა ქომაგი ჭეშმარიტებისა. მეგობრებო, ნუ იყოფინ ორპირობა და გულაღრძილობა ამ დღეს, ამ წმინდა მიწაზე, სადაც წინაპართა აჩრდილები თავს დაგვტრიალებენ, სადაც სულმნათი მერაბ კოსტავა გადმოგვცქერის ზეციური საქართველოდან, სადაც წმინდა ილია მართალი დაგვცქერის ჩვენ, ჩვენს მირვე წამებული ილია მართალი.

ძმანო და დანო! ქართველი ერი ქრისტეს მცნებით ვიდოდა ისტორიის ეკლიან გზაზე და მე მინდა შეგახსენოთ იგავი იოანეს სახარებისა, რამეთუ ეს იგავი მიესადაგება ჩვენს დღევანდელ მფგომარეობას, ჩვენს გუშინდელ დღეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს დამოუკიდებლობას – იმჟამად წართმეულს, იმჟამად დამარცხებულს და ჩვენ დღეს უნდა გავაცნობიეროთ, თუ რა არჩევანის წინაშე ვდგავართ. ეს იგავი სახარებისა არის შემდეგი: როდესაც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე გამოიყვანეს ებრაელი ხალხის წინაშე რომაელებმა და მისმა მტანჯველებმა, ისრაელს ჰქონდა წეს-ჩვეულება: სიკვდილით დასჯილი ერთ-ერთი ადამიანი ამ დღეს, უნდა მიეტევებინათ ხალხისათვის. მაშინ რომაელთა ხელისუფლებამ მიმართა ისრაელის ერს: ვინ მოგიტევოთ? და წარუდგინა ქრისტე – ღმერთკაცი და ბარაბა – ავაზაკი. მაშინ იხუვლა ისრაელის ერმა: ჯვარს აცუ ეგე და მოგვიტევე ჩვენ ბარაბა, მოგვიტევე ავაზაკი და ის ავაზაკი გულში ჩაიხუტა და ჯვარცმად გაუშვა ქვეყნად მოვლენილი მესია-ღმერთკაცი!

ძმანო! უსაშინელესი ტრაგედია დაატყდა ისრაელს ამის შემდეგ, რომელიც გრძელდებოდა ოცი საუკუნის მანძილზე, მათ დაკარგეს სახელმწიფოებრივობა, დაკარგეს ენა, დაკარგეს ტერიტორია, გაიფანტნენ მთელს მსოფლიოში, არნახული ტანჯვით ვიდოდნენ და მხოლოდ ორი ათასი წლის შემდეგ შეუნდო უფალმა ის, რომ მათ აირჩიეს ავაზაკი, ავაზაკის გზა და უარყვეს ქრისტე. და, აი, ქართველი ერი, ღვთის ერი, ასევე ღვთის რჩეული, ვით ისრაელი, ვიდოდა ქრისტეს ეკლიანი გზით. მოვიდა მეოცე საუკენემდე და მის წინაშე წარდგა არჩევანი. აი ეროვნული მოძრაობა დიდი ილიასი, დიდი ჰუმანისტებისა, დიდი დემოკრატებისა და, აჰა მოძრაობა ყაჩაღებისა, ავაზაკებისა და უღმერთო ერისა, ბარაბასი. და როდესაც ისტორიამ სამსჯავროზე ჩვენს წინაშე გამოიყვანა დიდი ილია და გამოიყვანა ავაზაკი, ჩვენ ავირჩიეთ ავაზაკი, ჩვენ უარვყავით დიდი ილია და ჩვენ ტყვია ვესროლეთ მას.

და, აი, დადგა ჟამი ჩვენი განთავისუფლებისა, ჩვენ მივიღეთ თავისუფლება, მაგრამ ბარაბას გზით. ბარაბას გზა ავირჩიეთ და ეს თავისუფლებაც უფალმა ისე წაგვართვა, ვით მოგვივლინა, და დაგვატეხა თავს არნახული სასჯელი, რომელიც სამოცდაათი წელი გვანადგურებს.

აი, ამის გამო მივიღეთ, ძმანო, ეს სასჯელი, რამეთუ უარვყავით ქრისტე, ქრისტეს მოვლენილი კაცი, მესიად მოვლენილი კაცი და ავირჩიეთ ბარაბა ავაზაკის, სოციალ-დემოკრატიის და მსგავსთა მისთა გზა.

აი მიზეზი ჩვენი კატასტროფისა, აი მიზეზი 26 მაისის დამარცხებისა, აი მიზეზი იმისა, რომ ვიქმენით ჩვენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი, მტერთაგან ძლეულნი. მამული ჩვენი მტერთა ჩვენთა ფეხქვეშ გაითელა და ჩვენ დღეს უფსკრულის პირას ვართ.  და, აი მოდის ახალი არჩევანი, ძმანო და დანო, წარმოგიდგათ უფალი და გეუბნებათ: ქართველო ერო, შენ წინაშე არის ორი გზა. შენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა მივიდა გზაგასაყართან. აი გზა ილია მართლისა, აი გზა სიწმინდისა, ზნეობისა, აი გზა დემოკრატიისა, აი გზა ჭეშმარიტებისა და უმანკოებისა და აი გზა ყაჩაღობისა და მზაკვრობისა, აი გზა ტერორიზმისა! აირჩიე, ქართველო ერო, აირჩიეთ, ქართველებო, აირჩიეთ ქრისტეს გზა და კეთილის გზა, აირჩიეთ ილია მართლის გზა, რამეთუ ეს გზა განსაწმენდელთან მიგვიყვანს! და ვინც წავა წარწყმედის გზით, ბარაბას გზით, შეჩვენებული იყოს უკუნისამდე.

ჩვენ, ძმანო, ვდგავართ პირისპირ სატანასთან, გველეშეპთან. ან ჩვენ დავამარცხებთ მას წმინდა გიორგის ძალისხმევით, ან ის შთანთქავს ჩვენს ისტორიულ ბედ-იღბალს და გაგვთელავს ჩვენ ეს კოსმიური გველეშაპი, ეს პლანეტარული მხეცი – ანტიქრისტე, რომელიც წარმოგვიდგება და გვეუბნება: აი ეროვნული მოძრაობა და ეროვნული მოძრაობის ნიღბით და საფარით მოდის ანტიქრისტე, მოდის ბარაბა და მოდის შეჩვენება.

გაუმარჯოს ილია მართლის გზას, მერაბ კოსტავას გზას!

კურთხეულ იყოს ილია მართალის გზა!

გაიღვიძე, ქართველო ერო! გაიღვიძე და გაჰყევი გზას ჭეშმარიტებისას, სიკეთისას, ღვთისას, ამინ!

Create a free website or blog at WordPress.com.