ზვიად გამსახურდია

ივლისი 8, 2010

ზვიად გამსახურდია: ძალაუფლებისათვის მებრძოლ 41 პოლიტიკურ პარტიას, საზოგადოებისა და კერძო პირს

წავიკითხე თქვენი განცხადება მრგვალი მაგიდის კონცეფციასთან დაკავშირებით და მსურს დაგისვათ რამდენიმე შეკითხვა და გიპასუხოთ უსაფუძვლო ბრალდებებზე.

თქვენ ეკამათებით ჩვენს პოლიტიკურ კონცეფციას და ამასთან აშკარად  აღშფოთებულნი ხართ იმით, რომ მე მოხსენიებული ვარ, როგორც მრგვალი მაგიდის სპიკერი, რის გამოც მიწოდებთ “ახლადგამომცხვარ დიქტატორს”. განსაცვიფრებელია ის, რომ სიტყვა “სპიკერი” თქვენს ცნობიერებაში გაიგივებულია სიტყვა “დიქტატორთან”, რაც, ჩემის აზრით, უნდა იყოს არა ტერმინოლოგიური უმეცრების შედეგი, არამედ შეგნებული ცდა საზოგადოების დეზინფორმირებისა. ნება მიბოძეთ გკითხოთ: ა.წ. 15-19 მარტს ჩატარებულ ეროვნული მოძრაობის საგანგებო კონფერენციაზე განა თქვენ თავად არ ამირჩიეთ სპიკერად? განა ასეთად არ ვითვლებოდი კონფერენციის მთელი მუშაობის მანძილზე? რად არ მიწოდებდით იმჟამად დიქტატორს? ან როგორ ვიქეცი დიქტატორად სულ რაღაც ორ თვეში? ან იქნებ ვინმემ გიკარნახათ ჩემთვის ამგვარი “ტიტულის” ბოძება? თანაც თქვენ თითქოს არ იცით, რომ მრგვალ მაგიდას სხვა სპიკერებიც ჰყავს და რომ ა.წ. 15 მაისის სხდომაზე სპიკერი იყო ვ. ბახტაძე, 18 მაისის სხდომაზე-თ. ჟორჟოლიანი. როგორ, ნუთუ ესენიც დიქტატორები არიან?

მაგრამ აქ საქმის ვითარება სხვაგვარია. ამას წინათ მოსკოვში გაიმართა ე.წ. თურქი მესხებისა და “პამიატის” გაერთიანებული დემონსტრაცია, სადაც გამოიტანეს ლოზუნგი: “ ძირს დიქტატორი გამსახურდია”. დიქტატორი კი, თურმე, იმის გამო ვარ, რომ წინააღმდეგობას ვუწევ ნახევარი მილიონი თურქის ჩამოსახლებას საქართველოში, რასაც მოითხოვს კრემლი და, სხვათა შორის, თქვენი “საკოორდინაციო საბჭოს” ზოგიერთი წევრი ორგანიზაციაც. საინტერესოა, რას მივაწეროთ ტერმინების ეს ღირსშესანიშნავი დამთხვევა?

ან სად შევაპარეთ ჩვენს კონცეფციაში “ძლიერი ხელის” საჭიროება? ასეთი აზრი იყო სწორედ თქვენს მიერ განცხადებაში, რომელიც ამას წინათ გამოაქვეყნეთ “ახალგაზრდა ივერიელში”. აქაოდა, ეროვნულ მოძრაობას ხელმძღვანელობა არა ჰყავს, მას ძლიერი ხელმძღვანელობა ესაჭიროებაო.

რაც შეეხება დიქტატორს, აქ კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ: ფორუმიდან თავდაპირველად სწორედ იმის გამო გაცედი პიროვნულად, რომ არ მომეწონა ზოგიერთი თქვენგანის ქცევა და ნაცვლად იმისა, მკაცრი მომთხოვნელობა გამომეჩინა, ავირჩიე სწორედ ყველაზე უფრო დემოკრატიული ფორმა პროტესტისა და განგერიდეთ.

ჩვენი პოლიტიკური კონცეფციის გაყალბების ცდაზე ცალკე წერილში გაგცემთ პასუხს მრგვალი მაგიდის ორგანიზაციები, ამიტომ აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებ. რაც შეეხება ჩემს “ახლადგამომცხვარობას”, ამას ნამდვილად არავინ დაგიჯერებთ არც საქართველოში, არც მის ფარგლებს გარეთ. ახლა თურმე იმასაც უარჰყოფთ, რასაც წლების მანძილზე გაჰყვიროდით ყოველ მიტინგზე: ზვიდ გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ ჯერ კიდევ 50-იან წლებში დაიწყესო ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა, ახლა კი თურმე “ახლადგამომცხვარიც” გავმხდარვარ. საოცარია, თქვენი შეხედულებების ესოდენ ელვისებური ტრანსფორმაცია. თუმც რა უნდა მიკვირდეს “პერესტროიკის” შემდეგ მართლაც რომ ახლადგამომცხვარი, ახლადგამოჩეკილი ორგანიზაციებისაგან, რომელთაც არ ჰყოფნით კადნიერება “ეროვნულ მოძრაობაში ჩაბმულ ძალთა აბსოლუტურ უმრავლესობად” გამოაცხადონ თავი, რაოდენობრივი პრინციპი თვისობრივზე მაღლა დააყენონ (ფრჩხილებს აღარ ვხსნი) და ჩვენ “ეროვნული მოძრაობის უმნიშვნელო ნაწილი” გვიწოდონ! თუმცა, მოდით ერს მივანდოთ უახლოეს  ხანში ყოველივე ამის განსჯა და ახლა გადავიდეთ იმ სასამართლოზე, რომლის მოწყობასაც თურმე მიპირებთ და რაც ამ განცხადებაშიც წამოგცდათ: “იგი ან ნებისმიერი სხვა პირი თუ არ დაამტკიცებს ფორუმის წევრთა უზნეობას, ტერორისტობას თუ კორუმპირებულობას, ეროვნულ ფორუმში გაერთიანებული პირები და ორგანიზაციები მოითხოვენ ამ ბრალდების დამტკიცებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ზ. გამსახურდიას დაეკისრება მორალურ-პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ ცილისწამებათა გამო”.

ამასთან დაკავშირებით ჩვენ წერილობით განმარტებას არ გამოვაქვეყნებთ, რადგან მაშინვე ასტეხთ ყიჟინას: არიქა, ოფიციოზს უხსნიანო ხელს ჩვენი რეპრესიებისთვის! მაგრამ რახან ესოდენ გაკადნიერდით, ჩვენ უახლოეს ხანში მოგვიწევს ერთად შეკრება, ამ შეკრებას დაესწრებიან დასავლეთის მოღვაწენი და ჟურნალისტები, რომელთა თანდასწრებით სათანადო დოკუმენტებითა და მოწმეებით დაგიმტკიცებთ ყოველივე იმას, რასაც თქვენ უარყოფთ.

უფალი და ერი იყოს ჩვენი მსაჯული!

1990 წ.

Advertisements

Create a free website or blog at WordPress.com.