ზვიად გამსახურდია

იანვარი 1, 2020

ზვიად გამსახურდიას საახალწლო მიმართვა – 1990 წლის 31 დეკემბერი

აგვისტო 25, 2019

ზვიად გამსახურდია – 1992 წლის 10 მაისის მიმართვა კახეთის მოსახლეობისადმი

x_2510126d

თანამემამულენო!
ძმანო და დანო!

საქართველოს მრავალტანჯული ისტორიის მანძილზე კახეთი მუდამ იდგა დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში. კახეთი მუდამ იყო სიმბოლო ქართველი ხალხის გაუტეხლობისა, მტრისადმი დაუმორჩილებლობისა, ამის მოწმეა ხორნაბუჯი, ამის მოწმეებია გრემი, უჯარმა, სიღნაღი, ალავერდი და შუამთა. კახეთმა შვა გმირი მეფეები და მხედართმთავრები, კახეთმა შვა ბიძინა ჩოლოყაშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, კახეთმა შვა დიდი ილია – დიდი მოძღვართ-მოძღვარი საქართველოსი.

დღეს დამპყრობელმა იმპერიამ უდიდესი უბედურება დაატეხა საქართველოს. მოსპო ჩვენი დამოუკიდებლობა, რუსული ტანკებით და იარაღით განდევნა ეროვნული ხელისუფლება, დამნაშავეთა ბანდების საჯიჯგნად აქცია საქართველო, რომელნიც ისევე არბევენ და აწიოკებენ ჩვენს ქვეყანას, როგორც მურვან ყრუს, ჯალალ-ედ-დინის, შაჰ-აბასის და აღა მაჰმად-ხანის ურდოები. მაგრამ ძველად თუ უცხო დამპყრობთა ურდოები გვარბევდნენ, დღეს ამას სჩადიან გადაგვარებულნი ქართველნი იმპერიის სამსახურში ჩამდგარნი, მამულის გამყიდველნი. იმპერიის გზირი შევარდნაძე დღეს მეორე ორჯონიკიძედ მოევლინა საქართველოს, რათა ჩაკლას ჩვენს ერში თავისუფლების წყურვილი, მიწასთან გაასწოროს ჩვენი ქვეყანა, აუსრულოს კრემლს ოდინდელი ოცნება; „საქართველო უქართველებოდ“. მტარვალ შევარდნაძეს კახეთს მოგზაურობისას პარტოკრატებმა შეხვედრა მოუწყეს, რამაც მას აფიქრებინა, რომ კახეთის მოსახლეობა კრემლის აგენტებისა და მოღალატეების მხარეზეა, ამიტომაც გათამამდა იგი და ამას წინათ ტელევიზიითაც მოუწოდა კახელებს გვერდზე დაგვიდექითო.

მწამს, რომ კახეთი არასოდეს ამოუდგება გვერდში საკუთარი ხალხის სისხლში ხელებგასვრილ ხუნტას, კახეთი უერთგულებს თავის არჩევანს, თავის ნებას, რომელიც მან გამოხატა 1990 წლის 28 ოქტომბრისა და 1991 წლის 26 მაისის არჩევნებში, მთელ საქართველოსთან ერთად.

მოგიწოდებთ, აქტიურად ჩაებათ საყოველთო ეროვნულ და სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში, უკანონო არჩევნების ბოიკოტში გაფიცვებით, მიტინგებით, დემონსტრაციებით, ყოველგვარი საპროტესტო აქციებით. შეახსენეთ მტარვალებს, რომ თქვენ დიდი ილიას გზას მიჰყვებით და არა ორჯონიკიძე-მახარაძე-შევარდნაძეების მოღალატურ მმართველ გზას! შეახსენეთ მტარვალებს ვისი გორისანი ხართ! შეუერთდით წინააღმდეგობის მოძრაობას!

იბრძოლეთ ხუნტის დამხობისათვის, საქართველოში ეროვნული ხელისუფლების აღდგენისათვის!

გვფარავდეს ღმერთი.
სიყვარულით და პატივისცემით,

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია

გაზეთი “ხმა ერისა”, [1994]. – 66გვ. ; 20სმ.. .- 17-18 გვ.
წყარო

აგვისტო 3, 2010

ზვიად გამსახურდია – მიმართვა აფხაზი ხალხისადმი

ძვირფასო თანამემამულენო!

აფხაზთა და ქართველთა ძმობა უხსოვარი დროიდან იწყება. ჩვენი საერთო კოლხური წარმოშობა, გენეტიკური ნათესაობა ჩვენს ხალხებსა და ენებს შორის, საერთო ისტორია, საერთო კულტურა გვავალებს დღეს დიდ დაფიქრებას ჩვენი ხალხების მომავალ ბედ-იღბალზე. ჩვენ ერთ მიწა-წყალზე ვცხოვრობდით მუდამ და ერთმანეთის ჭირ-ვარამს ვიზიარებდით. ჩვენ საერთო სამეფო გვქონდა საუკუნეთა განმავლობაში, ერთ ტაძარში ვლოცულობდით და ერთ ბრძოლის ველზე ვიბრძოდით საერთო მტრების წინააღმდეგ.

უძველესი აფხაზური გვარების წარმომადგენლები დღესაც არ ანსხვავებენ ურთიერთისაგან აფხაზსა და ქართველს. აფხაზთა მთავრები შერვაშიძეები, საკუთარ თავს არა მხოლოდ აფხაზ, არამედ ქართველ თავადებსაც უწოდებდნენ, ქართული ენა მათთვის დედა ენა იყო, ისევე როგორც იმჟამინდელი აფხაზი მწერლებისათვის. ,,ვეფხისტყაოსნის” კულტურა გვაკავშირებდა ჩვენ და უძველესი ქართული ტაძრები, ძველი ქართული წარწერებით დამშვენებულნი, დღესაც რომ დგანან აფხაზეთში და ხიბლავენ მნახველს, ჩვენს შორის იყო გადებული თამარის ხიდი მდინარე ბესლეთზე, სოხუმის მახლობლად, დღესაც რომ ამშვენებს უძველესი ქართული წარწერა. ბედია და მოქვი, ამბრა, ბიჭვინთა და მრავალნი სხვანი მოწმენი არიან ამ ძმობისა და ერთობისა.

აფხაზი მუდამ ამაღლებული, რაინდული კეთილშობილების სიმბოლო იყო ქართველის ცნობიერებაში. ამას მოწმობს აკაკის ,,გამზრდელი~ და სხვა მრავალი შედევრი ქართული მწერლობისა. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ სწორედ ქართველმა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ კიდევ მეტად გაუთქვა სახელი მთელს ქვეყანაზე აფხაზურ კულტურასა და ყოფას, აფხაზი ხალხის გმირობასა და კეთილშობილებას თავისი ,,მთვარის მოტაცებით~. ქართველმა მეცნიერებმა _ ნიკო მარმა, არნოლდ ჩიქობავამ, ქეთევან ლომთათიძემ გადამწყვეტი როლი შეასრულეს აფხაზოლოგიის დაფუძნებაში, აფხაზური ენის გრამატიკის სისტემატიზაციის საქმეში; ქართველმა ისტორიკოსებმა _ ივანე ჯავახიშვილმა, სიმონ ჯანაშიამ, ნიკო ბერძენიშვილმა და სხვებმა კი აფხაზეთის ისტორიის საკვანძო საკითხების კვლევაში, ხოლო აფხაზები ყოველთვის დიდ როლს ასრულებდნენ ჩვენი საერთო სამეფოსა განმტკიცებასა და კულტურულ აღმშენებლობაში.

ჩვენ მრავალი იმპერიის შემოტევას გავუძელით, ჩვენი ძმობა და მეგობრობა ვერ დაარღვიეს ვერც რომაელებმა, ვერც ბიზანტიელებმა, ვერც არაბებემა, ვერც თურქაბმა, მაგრამ აი მეცხრამეტე _ მეოცე საუკუნეში ჩვენ დაგვიპირისპირდა იმპერიათა შორის უვერაგესი და უბოროტესი _ რუსეთის იმპერია, რომელმაც არნახული უბედურება მოუტანა ჩვენს ხალხებს. რუსეთის იმპერიამ თურქეთში გადაასახლა აფხაზი ხალხის დიდი ნაწილი, მანვე გააუქმა აფხაზეთის სამთავრო, გააუქმა საქართველოს სამეფო და მიზნად დაისახა ჩვენი ხალხების სრული ასიმილაცია და მოსპობა. მან დაინახა, რომ ამას ვერ განახორციელებდა მხოლოდ სისხლიანი რეპრესიებით და გენოციდით, ამიტომ გამოიყენა ყველა იმპერიის ნაცადი ხერხი ,,Divide et impera”  – გათიშე და იბატონე და ყოველგვარ ღონეს ხმარობდა აფხაზი და ქართველი ხალხების ურთიერთდასაპირისპირებლად. თუმცა, მიუხედავად ამისა, როგორც ამას აღნიშნავდა თვით ნესტორ ლაკობა, ცარიზმმაც ვერ შესძლო აფხაზებსა და ქართველებს შორის შუღლის ჩამოგდება. მაგრამ დღევანდელმა მოდერნიზებულმა კომუნისტურმა იმპერიამ, საუბედუროდ, მიაღწია ამას თავისი მეშვეობით, რაც მისი გეგმით დასაწყისი უნდა გახდეს კავკასიის ბალკანიზაციისა და ლიბანიზაციისა, რათა ცენტრმა შეინარჩუნოს თავისი პოზიციები და ჰეგემონია ამიერკავკასიაში.

ჩვენ პატივს ვცემთ აფხაზი ხალხის ეროვნულ და კულტურულ უფლებებს: თქვენს სახელმწიფოებრიობას, თქვენს ენას, კულტურას, აფხაზურ სკოლას, თეატრს, ყოველნაირად ვცდილობთ საკითხების მოლაპარაკების გზით გადაჭრას; მაგრამ, სამწუხაროდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოფიციალური ხელმძღვანელობა არ ამჟღავნებს სათანადო მზადყოფნას მოლაპარაკებისთვის, ადგას ჩვენს მიმართ კონფრონტაციის გზას, ამჟღავნებს სეპარატისტულ ტენდენციებს, საფრთხეში აგდებს მშვიდობას აფხაზეთის ტერიტორიაზე.

დღეს დიდი ხმაურია ატეხილი გალში ჩვენს მიერ პრეფექტის დანიშვნასთან დაკავშირებით. როგორც იცით, ჩვენი კანონის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ უნდა წარმოადგინოს პრეფექტის კანდიდატურები, რომლებიც ჩვენ უნდა დავამტკიცოთ. ამავე კანონის თანახმად, განმარტების მიხედვით, თუ ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა არ წარმოადგენს ასეთ კანდიდატურებს, საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს უფლება აქვს თავად დანიშნოს პრეფექტი. მიუხედავად ჩვენი არაერთგზის თხოვნისა, ბატონი არძინბა არ ჩამოვიდა თბილისში, არ დაესწრო პრეზიდიუმის სხდომებს, რომლის წევრადაც იგი ითვლება და არ წარმოადგინა პრეფექტის კანდიდატურა, ამიტომაც დაინიშნა გალში პრეფექტი. ამჟამად ჩვენ მას მივეცით ვადა სხვა კანდიდატურების წარმოდგენისა, რასაც იგი კვლავ აჭიანურებს.

ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ იგი ბოიკოტს უცხადებს ჩვენს პარლამენტს, ჩვენს პოლიტიკას პრეფექტურებთან დაკავშირებით და სურს აფხაზეთში შენარჩუნება კომუნისტური წყობილებისა, მმართველობის კომუნისტური სისტემისა. მაგრამ ჩვენ უნდა შევახსენოთ მას, რომ კომუნისტური სისტემა და საბჭოთა იმპერია დღეს განწირულია და ამაოდ ცდილობენ მავანნი და მავანნი ისტორიის ჩარხის უკუღმა დატრიალებას. ადრე თუ გვიან საბჭოთა კავშირის დამონებული ხალხები გადაიგდებენ კომუნისტური დიქტატურის უღელს და მაშინ არძინბას მსგავსი მოღვაწეები შეფასდებიან, როგორც საკუთარი ხალხის მოღალატენი.

დღეს მთელი მსოფლიო გმობს გორბაჩოვის რეპრესიულ პოლიტიკას დაპყრობილი ერების მიმართ, ლიტვაში და ლატვიაში ჩადენილ ბარბაროსობას. ასე, რომ საბჭოთა ტანკების იმედი ნუღარავის ექნება. მსოფლიო გმობს, აგრეთვე, ცენტრის მიერ ინტერფრონტების და ,,ხსნის კომიტეტების~ შექმნის მცდელობას ხალხის მიერ არჩეული მთავრობების დამხობის მიზნით. და აი, ასეთ დროს აფხაზეთში შეიქმნა ინტერფრონტი, რომელსაც სურს გაიმეოროს ბალტიისპირეთის მოდელი, ხოლო არძინბა გამუდმებით იწვევს იმპერიის ჯარს, რათა სისხლისღვრა გამოიწვიოს აფხაზეთში. მან უკვე მიაღწია შინაგანი ჯარის შემოყვანას ბაბუშერაში, მაგრამ მას უნდა ახსოვდეს, რომ მსოფლიო ისევე დაგმობს მის საქციელს, როგორც დაგმო ბალტიისპირეთის ,,ხსნის კომიტეტები~. ამით არძინბას სურს აფხაზი ხალხი ჩაითრიოს სახიფათო ავანტურაში, რომელიც მას სირცხვილსა და უბედურებას მოუტანს. ასევე სახიფათო იქნება აფხაზეთის მოსახლეობისათვის მონაწილეობა 17 მარტის საკავშირო რეფერენდუმში, რაც მიზნად ისახავს ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივებას აფხაზეთში, ქართველების, აფხაზების, სომხების, რუსების და სხვა ეროვნებების ურთიერთდაპირისპირებას, ხალხთა შორის სისხლისღვრის პროვოცირებას. ამიტომ მოგიწოდებთ: ნუ აყვებით პროკომუნისტებს, ჩვენი ისტორიული მტრების აგენტებს და პროვოკატორებს, ბოიკოტი გამოუცხადეთ საბჭოთა რეფერენდუმს და მონაწილეობა მიიღეთ საქართველოს რესპუბლიკის 31 მარტის რეფერენდუმში, რომელიც დაკავშირებული იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან. დამოუკიდებელი საქართველო თქვენ უფრო მეტს მოგცემთ, ვიდრე მოდერნიზებული საბჭოთა იმპერია, რომლის მიზანიც არის ყველა პატარა ხალხის ასიმილაცია და რუსიფიკაცია. თვითმყოფად საქართველოში იარსებებს ჭეშმარიტად თვითმყოფადი აფხაზეთი, ჭეშმარიტი თვითმმართველობით, როგორიც მას ჰქონდა აფხაზთა და ქართველთა ერთიანი სამეფოს არსებობის დროს სუკუნეთა განმავლობაში.

გაუმარჯოს ჩვენს ისტორიულ ძმობას, ერთობას და დამოუკიდებლობას!

გვფარავდეს ღმერთი სიყვარულისა და ჭეშმარიტებისა!

სიყვარულით და პატივისცემით

ზვიად გამსახურდია.
თბილისი, 1991 წ. მარტი

ივლისი 8, 2010

ზვიად გამსახურდია: ძალაუფლებისათვის მებრძოლ 41 პოლიტიკურ პარტიას, საზოგადოებისა და კერძო პირს

წავიკითხე თქვენი განცხადება მრგვალი მაგიდის კონცეფციასთან დაკავშირებით და მსურს დაგისვათ რამდენიმე შეკითხვა და გიპასუხოთ უსაფუძვლო ბრალდებებზე.

თქვენ ეკამათებით ჩვენს პოლიტიკურ კონცეფციას და ამასთან აშკარად  აღშფოთებულნი ხართ იმით, რომ მე მოხსენიებული ვარ, როგორც მრგვალი მაგიდის სპიკერი, რის გამოც მიწოდებთ “ახლადგამომცხვარ დიქტატორს”. განსაცვიფრებელია ის, რომ სიტყვა “სპიკერი” თქვენს ცნობიერებაში გაიგივებულია სიტყვა “დიქტატორთან”, რაც, ჩემის აზრით, უნდა იყოს არა ტერმინოლოგიური უმეცრების შედეგი, არამედ შეგნებული ცდა საზოგადოების დეზინფორმირებისა. ნება მიბოძეთ გკითხოთ: ა.წ. 15-19 მარტს ჩატარებულ ეროვნული მოძრაობის საგანგებო კონფერენციაზე განა თქვენ თავად არ ამირჩიეთ სპიკერად? განა ასეთად არ ვითვლებოდი კონფერენციის მთელი მუშაობის მანძილზე? რად არ მიწოდებდით იმჟამად დიქტატორს? ან როგორ ვიქეცი დიქტატორად სულ რაღაც ორ თვეში? ან იქნებ ვინმემ გიკარნახათ ჩემთვის ამგვარი “ტიტულის” ბოძება? თანაც თქვენ თითქოს არ იცით, რომ მრგვალ მაგიდას სხვა სპიკერებიც ჰყავს და რომ ა.წ. 15 მაისის სხდომაზე სპიკერი იყო ვ. ბახტაძე, 18 მაისის სხდომაზე-თ. ჟორჟოლიანი. როგორ, ნუთუ ესენიც დიქტატორები არიან?

მაგრამ აქ საქმის ვითარება სხვაგვარია. ამას წინათ მოსკოვში გაიმართა ე.წ. თურქი მესხებისა და “პამიატის” გაერთიანებული დემონსტრაცია, სადაც გამოიტანეს ლოზუნგი: “ ძირს დიქტატორი გამსახურდია”. დიქტატორი კი, თურმე, იმის გამო ვარ, რომ წინააღმდეგობას ვუწევ ნახევარი მილიონი თურქის ჩამოსახლებას საქართველოში, რასაც მოითხოვს კრემლი და, სხვათა შორის, თქვენი “საკოორდინაციო საბჭოს” ზოგიერთი წევრი ორგანიზაციაც. საინტერესოა, რას მივაწეროთ ტერმინების ეს ღირსშესანიშნავი დამთხვევა?

ან სად შევაპარეთ ჩვენს კონცეფციაში “ძლიერი ხელის” საჭიროება? ასეთი აზრი იყო სწორედ თქვენს მიერ განცხადებაში, რომელიც ამას წინათ გამოაქვეყნეთ “ახალგაზრდა ივერიელში”. აქაოდა, ეროვნულ მოძრაობას ხელმძღვანელობა არა ჰყავს, მას ძლიერი ხელმძღვანელობა ესაჭიროებაო.

რაც შეეხება დიქტატორს, აქ კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ: ფორუმიდან თავდაპირველად სწორედ იმის გამო გაცედი პიროვნულად, რომ არ მომეწონა ზოგიერთი თქვენგანის ქცევა და ნაცვლად იმისა, მკაცრი მომთხოვნელობა გამომეჩინა, ავირჩიე სწორედ ყველაზე უფრო დემოკრატიული ფორმა პროტესტისა და განგერიდეთ.

ჩვენი პოლიტიკური კონცეფციის გაყალბების ცდაზე ცალკე წერილში გაგცემთ პასუხს მრგვალი მაგიდის ორგანიზაციები, ამიტომ აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებ. რაც შეეხება ჩემს “ახლადგამომცხვარობას”, ამას ნამდვილად არავინ დაგიჯერებთ არც საქართველოში, არც მის ფარგლებს გარეთ. ახლა თურმე იმასაც უარჰყოფთ, რასაც წლების მანძილზე გაჰყვიროდით ყოველ მიტინგზე: ზვიდ გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ ჯერ კიდევ 50-იან წლებში დაიწყესო ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა, ახლა კი თურმე “ახლადგამომცხვარიც” გავმხდარვარ. საოცარია, თქვენი შეხედულებების ესოდენ ელვისებური ტრანსფორმაცია. თუმც რა უნდა მიკვირდეს “პერესტროიკის” შემდეგ მართლაც რომ ახლადგამომცხვარი, ახლადგამოჩეკილი ორგანიზაციებისაგან, რომელთაც არ ჰყოფნით კადნიერება “ეროვნულ მოძრაობაში ჩაბმულ ძალთა აბსოლუტურ უმრავლესობად” გამოაცხადონ თავი, რაოდენობრივი პრინციპი თვისობრივზე მაღლა დააყენონ (ფრჩხილებს აღარ ვხსნი) და ჩვენ “ეროვნული მოძრაობის უმნიშვნელო ნაწილი” გვიწოდონ! თუმცა, მოდით ერს მივანდოთ უახლოეს  ხანში ყოველივე ამის განსჯა და ახლა გადავიდეთ იმ სასამართლოზე, რომლის მოწყობასაც თურმე მიპირებთ და რაც ამ განცხადებაშიც წამოგცდათ: “იგი ან ნებისმიერი სხვა პირი თუ არ დაამტკიცებს ფორუმის წევრთა უზნეობას, ტერორისტობას თუ კორუმპირებულობას, ეროვნულ ფორუმში გაერთიანებული პირები და ორგანიზაციები მოითხოვენ ამ ბრალდების დამტკიცებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ზ. გამსახურდიას დაეკისრება მორალურ-პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ ცილისწამებათა გამო”.

ამასთან დაკავშირებით ჩვენ წერილობით განმარტებას არ გამოვაქვეყნებთ, რადგან მაშინვე ასტეხთ ყიჟინას: არიქა, ოფიციოზს უხსნიანო ხელს ჩვენი რეპრესიებისთვის! მაგრამ რახან ესოდენ გაკადნიერდით, ჩვენ უახლოეს ხანში მოგვიწევს ერთად შეკრება, ამ შეკრებას დაესწრებიან დასავლეთის მოღვაწენი და ჟურნალისტები, რომელთა თანდასწრებით სათანადო დოკუმენტებითა და მოწმეებით დაგიმტკიცებთ ყოველივე იმას, რასაც თქვენ უარყოფთ.

უფალი და ერი იყოს ჩვენი მსაჯული!

1990 წ.

Blog at WordPress.com.