ზვიად გამსახურდია

იანვარი 18, 2011

ზვიად გამსახურდია – გელათის აკადემიის სულიერი იდეალები


ძვირფასაო მეგობრებო! ჩვენი წინაპრები თვით უკიდურესი პოლიტიკური ვნებათაღელვის დროსაც არ ივიწყებდნენ მეცნიერებას, პოეზიას, შემეცნებას. თვით ომის დროსაც კი ისინი ზრუნავდნენ სულიერი კულტურის განვითარებაზე. ასეთი იყო საქართველოს ისტორია. ჩვენ რომ დღეს თავი იმით გავიმართლოთ, პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ ჩაბმულნი და მეცნიერებისა და კულტურისათვის არა გვცალიაო, ამით ჩვენს ისტორიულ ტრადიციებს ვუღალატებთ, ჭეშმარიტად.

ყოველივე ეს მსურს დავასაბუთო იმ პიროვნების მაგალითით, რომელსაც მინდა მივუძღვნა დღევანდელი ლექცია, რომლის სახელმწიფოებრივი, ეროვნული ღვაწლი საქართველოში განუზომელია და რაც უმთავრესია, რომელიც იყო მაგალითი ყოველივე ამისა: რომლის სატახტო ქალაქი იყო ქუთაისი და რომლის მიერ არის დაარსებული უდიდესი სულიერი ცენტრი – გელათი. ეს პიროვნება უნდა იყოს მაგალითი ჩვენთვის დღესაც იმით, რომ საქართველოს მტერთან ომს, საქართველოს სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას ათავსებდა უდიდეს რელიგიურ, ფილოსოფიურ, მეცნიერულ მოღვეწეობასთან და ეს ჭეშმარიტად განსაცვიფრებელია. სხვა ასეთი მაგალითი ჩვენს ისტორიაში არ მოგვეპოვება, რომ მეფე, მხედართმთავარი ამავე დროს ყოფილიყო ესოდენ დიდი მეცნიერი, ესოდენ დიდი სწავლული, პოეტი და სულიერი კულტურის შემქმნელი.

და ჩვენი იდეალი დღესაც ამგვარი საქმიანობა, ამგვარი მოღვაწეობა უნდა იყოს. ჩვენი დიდი მეფეებიც ხომ ამ ტრადიციას მისდევდნენ არა მხოლოდ იმ დროს, როდესაც საქართველო ბედნიერი და თავისუფალი, ძლიერი სახელმწიფო იყო, არამედ თვით მისი ისტორიის შავბნელ ხანაშიც კი. მაგალითად, მეფე-პოეტი ვახტანგ VI, რომელიც იყო მეცნიერი, „ვეფხისტყაოსნის“ კომენტარების ავტორი, მისი გამომცემელი. ე. ი. თვით უკიდურესი ისტორიული ძნელბედობის დროსაც კი არ ცივდებოდა მეცნიერული და სულიერი კულტურის კერა საქართველოში და დღეს, როდესაც საქართველო მოიცვა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ, პოლიტიკურმა მოძრაობამ, არც დღეს უნდა დავივიწყოთ ეს, მეგობრებო. თუ დავით აღმაშენებელი, ომის დროს ცხენზე მჯდომი თან დაატარებდა გრიგოლ ნაზიანზელის, გრიგოლ ნოსელის წიგნებს, ფილოსოფოსთა ნაშრომებს და საფარში მჯდომი, შეჭურვილი, მტრისთვის მოდარაჯე კითხულობდა და ამუშავებდა ამ წიგნებს, ცალ ხელში მშვილდ-ისარი ეჭირა, მეორეში – კალამი.

იყო ერთი შეთხვევა ასეთ დროს, როდესაც მტერი კინაღამ საფარში შეეჭრა და მეფემ იქვე განგმირა ერთ-ერთი მათგანი. ასეთი სიტუაციაა დაახლოებით დღეს. ჩვენ გვიხდება ომი მრავალ ფრონტზე, გვიხდება ომი საქართველოს თავისუფლებისათვის, მისი სახელმწიფოებრივი აღორძინებისათვის და ამავე დროს ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ რელიგია, კულტურა, ფილოსოფია, მეცნიერება. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გავიმარჯვებთ და შევინარჩუნებთ ერის სახეს, ერის იმგვარ სახეს, რომელიც მას ჰქონდა ისტორიულად, რომელიც ჰქონდა პრეისტორიულ ხანიდან მოყოლებული. თქვენ მოგეხსენებათ, რომ კოლხეთი იყო უძველესი კულტურის კერა, უძველესი სიბრძნის კერა. ელინური კულტურა, შეიძლება ითქვას, ზედნაშენია კოლხური კულტურისა, ელინური კულტურა აღმოცენდა კოლხური კულტურიდან. ეს შესანიშნავად ჩანს არგონავტების მითში.

რა არის ოქროს საწმისი? ოქროს საწმისი არის სიმბოლო ძველი სიბრძნისა, მისტერიალური სიბრძნისა, რომელიც იმჟამად შემონახული იყო მხოლოდ კოლხეთში. ოქრო სიმბოლოა უმაღლესი სულიერებისა, უმაღლესი სიწმინდისა, ხოლო ვერძი სიმბოლოა აგრეთვე უზენაესი სიწმინდისა, აზრის სიწმინდისა, აზროვნების კულტურისა და ოქროს საწმისი არის იმ ქვეყანაში, რომელიც ფლობს ამ სიბრძნეს. იგი ჰკიდია მუხაზე და ეს მუხა არის უძველესი კულტის გამოხატულება, რომელიც დაიწყო კოლხეთიდან და შემდეგ გავრცელდა მთელს მსოფლიოში და მათ შორის საბერძნეთშიც. მუხის კულტი, მოგეხსენებათ, ევროპაშიც გვხვდება, შემდეგ საბერძნეთშიც, მაგრამ ის უძველესი კოლხური მუხა, რომელზედაც იყო დაკიდებული ოქროს საწმისი და რომლის მოსაპოვებლად საბერძნეთის უდიდეს გმირს იაზონს უნდა გაევლო მრავალი ეტაპი თვითგანვითარებისა, განწმენდისა, რათა შემდგომ ზიარებოდა ამ სიბრძნეს. აი, სიმბოლურად ეს არის მოთხრობილი ამ მითში. და უძველესი დროის ბრძენნი, ბრძენკაცნი თავის სარქმელს სიმბოლურად გამოხატავდნენ.

სინი პირდაპირ არასოდეს გვთავაზობდნენ ამ სიბრძნეს, ისინი ამას გვაძლევდნენ სიმბოლურად. აი, რისი სიმბოლოებია ეს დიდი მუხა, ეს ოქროს საწმისი და ის გამოცდები, რომელიც გაიარა საბერძნეთის უდიდესმა გმირმა იაზონმა, რათა ზიარებოდა ოქროს საწმისს. რა დახვდა მას კოლხეთში? მას კოლხეთში დახვდა სამყარო ანტიური სიბრძნისა, უძველესი პრეისტორიული სიბრძნისა, შეიძლება ვთქვათ, კაცობრიობის ყველაზე უფრო ძველი სიბრძნისა.

იმჟამად საბერძნეთში ეს ყოველივე დაკარგული იყო. საბერძნეთი იმჟამად გაცილებით უფრო დაბალ საფეხურზე იდგა, კულტურისა და განვითარების გაცილებით უფრო დაბალ საფეხურზე, ვიდრე კოლხეთი. მაგრამ ის ფაქტი, რომ იაზონი შეიყვანეს კოლხურ მისტერიაში, მას ჩაუტარეს გარკვეული გამოცდები იქ, მას დახვდნენ მებრძოლნი, მას დახვდა დრაკონი, მას დახვდა ცეცხლისმფრქვეველი ხარები – ყოველივე ეს მოწმობს იმაზე, რომ კოლხებმა, უძველესმა კოლხებმა აღზარდეს საბერძნეთი, აღზარდეს ელინური კულტურა და არა მარტო კოლხებმა, არამედ ქართველური მოდგმის სხვა ხალხებმა, ვინაიდან ქართველური მოდგმა იმ უძველეს ხანაში ლოკალიზებული იყო არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ გადაჭიმული იყო პირინეებიდან ინდოეთამდე და უძველესი ქართველური მოდგმა, ეს უძველესი იბერიული მოდგმა წარმოდგენილია სხვადასხვა კულტურების სახით, სხვადასხვა ხალხების სახით, რომლებიც არიან ამ ერთი ძირითადი იბერიული რასსის განშტოება.

ეს იყო პირინეების ისტორიული სამყარო, ეს იყო ხმელთაშუა ზღვის სამყარო, მინოსის კულტურა, ეს იყო ტროას სამყარო, ეს იყო პელაზგების სამყარო, რომლებიც იყვნენ პირველადი მოსახლეობა დღევანდელი საბერძნეთისა, ელადისა და რომლებიც დახვდნენ იქ ელადაში მისულ ვედურ ბერძნებს და რომელთაც უფრო უმაღლესი კუოტურა ჰქონდათ, ვიდრე ბერძნებს და ყოველივე ეს გამოხატულია პრომეთეს მითში; პრომეთე არის სწორედ სიმბოლო იმ უძველესი სიბრძნისა, იმ უძველესი ქართველური ტომების – პელაზგების სიბრძნისა, რომელიც კოლხეთთან ერთად ქმნიდა ერთიან სამყაროს. ვერავინ იფიქრებს, რომ კოლხეთი და კავკასია იყო ერთადერთი კერა ამ კულტურებისა და, საერთოდ, ქართველური ტომებისა. ქართველური ტომები, ვიმეორებ, გაბნეულნი იყვნენ პირინეებიდან ხმელთაშუა ზღვის სამყაროში, ეგეოსურ სამყაროში, მცირე აზიაში, სადაც მოგვიანებით იყო კაპადოკიური და მესხური, ანუ მოსხური ტომები, რომლებიც იხსენიება ბიბლიაში.

კავკასიის უძველესი ბრძენნი, უძველესი მისტერიების ქურუმნი იყვნენ ალქიმიკოსები, რომლებიც ამ მისტერიული სიბძნიდან იყვნენ წამოსულნი და ამ მისტერიული სიბრძნის პრაქტიკა გამოიტანეს შუა საუკუნეებში. ალქიმია იყო არა მარტო ფიზიკური ოქროს მოპოვება, არამედ იყო სულიერი ოქროს მოპოვება, ეს იყო იგივე, რაც ოქროს საწმისის მოპოვება. ალქიმიას ჰქონდა იდეალი ოქროს ქვისა. ეს ფილოსოფიური ქვა იგივეა რაც ოქროს საწმისი, რომელსაც მიელტვოდნენ იმ წარმართულ ეპოქაში საბერძნეთის ბრძენნი და შუასაუკუნეთა ალქიმიკოსები, ჰერმეტული ალქიმიკოსები (ამას ერქვა ჰერმეტული გზა, ვინაიდან ჰერმესის სიბრძნიდან მომდინარეობდა).

კავკასიას უწოდებდნენ ფილოსოფოსთა მთას, სადაც, მათი სიმბოლური გამოთქმით, იყო ზეციური რწმენის მადანი, ანუ ოქროს საწმისი. ე. ი. შუა საუკუნეებში კავკასია ითვლებოდა ზეციური სიბრძნის ქვეყნად, ვინაიდან იქ იყო ზეციური რწმენის მადანი. მადანი, რა თქმა უნდა, სიმბოლურად ნიშნავდა ამ სიბრძნეს და ამ სიბრძნეში იგულისხმებოდა ძველი კოლხური მისტერიების სიბრძნე, ოქროს საწმისის სიბრძნე. და ტროაშიც იმიტომ ილაშქრეს ბერძნებმა, მეგობრებო, ტროა იგივეა, რაც კოლხური სამყარო, იქაც იმიტომ ილაშქრეს, ბერძნებმა, ის სიბრძნე წამოეღოთ, ის სიბრძნე აეთვისებინათ, რომელიც ბერძნებს არ ჰქონდათ და ეს სიბრძნე გამოხატულია სიმბოლურად პალადიუმის სახით, ანუ ათენას ქანდაკების სახით, რომელიც იყო მხოლოდ და მხოლოდ ტროაში და არ იყო საბერძნეთში. აი, ასე არის ანტიურ მითოსში, ანტიურ პოემებში საქართველო, ქართული სამყარო, ძველკოლხური სამყარო. თქვენ იცით, ოდისევსის მოგზაურობაში როგორ მოხვდება ოდისევსი კირკესთან, აეტესის დასთან და ლატინოსი, ანუ ლათინთა წინაპარი, რომაელთა წინაპარი არის კირკესა და ოდისევსის შვილი. სიმბოლურად მიუთითებს იმაზე, რომ ლათინებიც, რომაელებიც წარმოშობია ნახევრად ქართველური მოდგმისანი არიან, ვინაიდან კოლხი კირკე, მედეას მამიდა, აეტესის დაი არის მშობელი ლატინოსისა, ანუ ლათინთა წინაპრისა.

ასევე ჩავიდა ათენელი თეზეოსი კრეტაზე, მინოსის სამეფოში, სადაც მან დაამარცხა ურჩხული მინოტავრი. რომელიც იქ მკვიდრობდა ლაბირინთოსში. და იგი გამოვიდა ლაბირინთოსიდან იმ ძაფით, რომელიც მას არიადნემ მისცა. ეს მინოსი, როგორც ცნობილია, არის აეტესის სიძე, აეტესის დაი პასიფეა იყო ცოლი ამ მინოსისა – ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს დაახლოებით ერთი და იგივე პერიოდია და ერთი და იგივე მონათესავე ხალხებია. მინოსის კულტურა არის უძველესი, ძვ. წ. ა. III ათასწლეულის კულტურა და კოლხეთის კულტურაც არის ასეთივე ძველი კულტურა. და როდესაც განსაზღვრავენ, თითქოს ქუთაისი არის დაახლოებით სამიათასი წლისა (ზოგიერთი 2500 ასახელებს), ეს არის აშკარა ბავშვური შეცდომა. ქუთაისის ასაკის განსაზღვრა შეუძლებელია. ქუთაისი არის გაცილებით უფრო ძველი ქალაქი, გაცილებით უფრო ძველი ცენტრი და ჩვენი მოსაზრებებით ძვ. წ. ა. ათასწლეულობით განისაზღვრება მისი ასაკი, თუმც ზუსტად ვერ განვსაზღვრავთ ამ ასაკს. აქ უკვე ლაპარაკი არის არა 4000-5000 წელზე, არამედ გაცილებით უფრო მეტ ხანზე და პირველი სახელი ქუთაისისა, თქვენ კარგად იცით, ეს არის აია. აია არის მისტერიების კულტურის სიმბოლო, ეს ბგერები გამოხატავენ ძველ მისტერიებს. ძველ მისტერიებში იყო ბგერათა შეხამება და აი ეს შეხამება გამოხატავდა გარკვეულ სიბრძნეს, გარკვეულ ხასიათს მისტერიებისას და ამიტომ ერქვა აია. ეს იყო უძველესი კერა მისტერიებისა, ანუ სიბრძნის ცერტრებისა.

კოლხეთი, მისი დედაქალაქი და მისი წარმოშობა უნდა ვეძიოთ ჩვ. წ. ა. მრავალი ათასწლეულით ადრე, ხოლო ის ხანა, როდესაც შეიქმნა ოქროს საწმისის მითი, არის ხანა, შეიძლება ითქვას, უკვე გვიანდელი, ძალზე გვიანდელი, როდესაც კნინდება ის სიბრძნე, ის კულტურა აღარ იყო იმ უძველეს დონეზე, მაგრამ, რასაკვირველია, გაცილებით მაღლა იდგა მის თანამედროვე ბერძნულ კულტურაზე. ე. ი. უკვე მწუხრი იყო დამდგარი, უკვე დეკადანსის გზაზე იდგა ეს კოლხური მისტერიები და ეს ქალაქი აია, როდესაც მასში მოვიდა იაზონი. კვიტ-აია – ეს ორი ფუძე ერთმანეთს შეერწყა. ასე რომ, უძველესი კოლხური დედაქალაქი, როგორც ჩანს, იყო აქ.

მოგეხსენებათ, რომ მეცნიერებაში არის დიდი დავა იმის შესახებ, სად მდებარეობდა ფაზისი. ფაზისის ლოკალიზაცია შეუძლებელია დღესდღეობით იმიტომ, რომ ზღვამ იცვალა თავისი ადგილმდებარეობა. მაგრამ არქეოლოგიური გათხრები გვაძლევენ იმის საშუალებას, განვსაზღვროთ, რომ ეს იყო დაახლოებით ის ზონა, რომელიც იწყება ვანიდან. დაახლოებით ნოქალაქევის, ვანის და ქუთაისის მიდამოები. ეს არე იყო სწორედ ამ უძველესი კოლხური კულტურის ცენტრი და როგორც ჩანს ფაზისი იწყებოდა სწორედ იქიდან და არა იმ ზოლიდან, სადაც დღეს არის ზღვის ნაპირი. ეს გვიანდელი ფაზისი სხვა არის, მეგობრებო, და უძველესი, პრეისტორიული ფაზისი კიდევ სხვა. ზღვა იცვლიდა თავის ადგილმდებარეობას. I და II საუკუნეების ავტორები გვესაუბრებიან იმ ფაზისზე, რომელიც, რასაკვირველია, ფოთის მიდამოებში იყო. პალიასტომის ფსკერზეც აღმოჩენილია ძველი ნაქალაქარი, მაგრამ უძველესი ფაზისი იყო დაახლოებით რკინიგზის მარჯვენა მხარეს. რკინიგზის მარცხენა მხარეს, როგორც ჩანს, იყო უფრო ზღვა, ხოლო მარჯვენა მხარეს იწყებოდა ხმელეთი. სწორედ ამ მიდამოებში იწყებოდა ფაზისი, კოლხური დასახლებები და უძველესი კულტურის ცენტრები. ასეთი ვითარება იყო პრეისტორიულ ხანაში.

შემდეგ, როგორც მოგახსენთ, ეს ტრადიცია შუა საუკუნეებშიც გაგრძელდა. ანტიურ სამყაროში ცნობილი იყო, რომ კოლხეთი არის ოქროს საწმისის ქვეყანა, უძველესი მისტერიების ქვეყანა, აიეტ მეფის ქვეყანა, მედეას ქვეყანა, რომელიც არის შემქმნელი პირველადი მისტერიალური მეცნიერებისა, რომელიც საფუძვლად დაედო მედიცინას და ამის გამო თვით მედიცინის სახელი მედეასთან არის დაკავშირებული, გამომდინარე მედეას სახელიდან, იმიტომ რომ ის იყო პირველი ფუძემდებელი ამ მეცნიერებისა. რასაკვირველია, იმჟამად მედიცინა ბალახებით მკურნალობის დონეზე იყო და უმაღლესი დონე სწორედ აქ, კოლხეთში იყო. აქ დახვდათ არგონავტებს ის ბალახი – პრომეთეს სისხლი, რომლითაც მედეა კურნავდა; ის ჰეკატეს ბაღი, რომელიც იყო უძველესი სამკურნალო მცენარეების სამკურნალო ბაღი, სადაც მედეამ შეიყვანა არგონავტები და სადაც ისინი აზიარა იმ ცოდნას, იმ სიბრძნეს, იმ სამკურნალო სიბრძნეს, რომელიც კოლხეთში არსებობდა. და ეს უძველესი სამკურნალო სიბრძნე სწორედ აქედან გავრცელდა მთელს მსოფლიოში, ისევე როგორც მეტალურგიის კულტურა გავრცელდა კოლხეთიდან და ქართველური ტომებიდან, მცირე აზიის ქართველური ტომებიდან, ტუბალებიდან და შუა საუკუნეებში გადმოვიდა ეს ტრადიცია.

ასე რომ, თუ ადრეულ სამყაროში იცოდნენ, რომ პირველადი მისტერიალური სიბრძნის სამშობლო იყო კოლხეთი, შუა საუკუნეებშიაც კავკასიას, როგორც მოგახსენეთ, უწოდებდნენ ფილოსოფოსთა მთას, სადაც იყო ზეციური რწმენის მადანი და ფილოსოფიური ქვის სამშობლო, ანუ მონს ფილოსოფორუმ. და ამ ფილოსოფიურ ქვას მეორენაირად ევროპაში, ევროპის ქრისტიანულ მიმდინარეობაში ეწოდებოდა გრაალი. გრაალი სემანტიურად არის იგივე, რაც ფილოსოფიური ქვა. ეს არის წმინდა თასი, რომელიც ედგა მაცხოვარს უკანასკნლი საიდუმლო სერობის დროს და რომელშიც ესხა ღვინო, რომელშიც იყო პური და როდესაც მან მიმართა მოწაფეებს: მიიღეთ, სჭამეთ – ესე არს სისხლი ჩემი, თქვენთვის და მრავალთათვის დანთხეული მისატევებლად ცოდვათა და როდესაც უთხრა პურზე – ესე არს ხორცი ჩემი, სვით ამისგან ყოველთა, მაშინ მან აღმართა ეს თასი და უჩვენა თავის მოწაფეებს და ეს თასი ჩვეულებრივი თასი კი არ იყო, ეს იყო ძვირფასი ქვისაგან შექმნილი თასი, იასპის ძვირფასი ქვის სუბსტანციისაგან შექმნილი თასი, რომელიც მისი ჯვარცმის შემდეგ მისმა ფარულმა მოწაფემ იოსებ არიმათიელმა მართლაც აღავსო მაცხოვრის სისხლით. ჯვარცმის დროს ჯვარცმას ესწრებოდნენ არა მზოლოდ მოციქულები და მენელსაცხებლე დედანი, არამედ მისი ფარული მოწაფე იოსებიც, რომელიც სახარებაში მოხსენიებულია როგორც ფარული მოწაფე მაცხოვრისა და ჩვენს ფრესკებზე, ჩვენს ხატებზე იოსებ არიმათიელი თასით ხელში (ხშირია ეს მოტივი ჩვენს ჭედურ ხელოვნებაშიც) დგას და აგროვებს მაცხოვრის სისხლს ამ თასში.

შემდეგ, გადმოცემის თანახმად, იოსებ არიმათიელმა ეს თასი წაიღო დასავლეთში, ირლანდიაში. შემდეგ შუა საუკუნეების ევროპაში ეს თასი ჰქონდათ ევროპელ რაინდებს, მრგვალი მაგიდის რაინდებს და ევროპის გრაალის რაინდებს, ხოლო მას შემდეგ, როდესაც დაიწყო ჯვაროსნული ლაშქრობები, ევროპელი რაინდები ჩამოვიდნენ იერუსალიმში და ეზიარნენ იერუსალიმის სიბრძნეს, აღმსავლურ სიბრძნეს და ეს სიბრძნე შეერთდა. ისინი მოადგნენ კავკასიასაც და მჭიდრო ურთიერთობა დაამყარეს დავით აღმაშენებლის საქართველოსთან. სწორედ ამ ურთიერთობის შედეგად შეერთდა ეს ორი სიბრძნე – ის სიბრძნე, რომელიც მათ აქ დახვდათ და ევროპული სიბრძნე. ისინი მოვიდნენ სწორედ იმ კავკასიაში, რომელიც იყო ფილოსოფოსთა მთა, სადაც იყო ზეციური რწმენის მადანი და სწორედ აქ შეერთდა ეს ორი მიმდინარეობა და როგორც ჯვაროსანთა ქრონიკებში ვხვდებით, როგორც ვოლფრამ ფონ ეშენბახის – XII საუკუნის გერმანელი პოეტის შემოქმედებაში ვხვდებით ამას, ეს გრაალის თასი, რომელიც ედგა მაცხოვარს უკანასკნელი საიდუმლო სერობის დროს, გადმოტანილ იქნა საქართველოში, დავით აღმაშენებლის საქართველოში.

ამას ჩვენ ვხვდებით ვოლფრამ ფონ ეშენბახის პოემაში, სადაც დავით აღმაშენებელს ეწოდება მეფე-ხუცესი იოანე. ე. ი. ვოლფრამ ფონ ეშენბახის „პარციფალი“ არის ნაწარმოები, სადაც ყოველივე აღწერილია სიმბოლურად, მინიშნებით. იქ ქვეყნების სახელი არ არის მოხსენიებული, იქ არის ლეგენდარული, მითიუოი ქვეყნები. პირდაპირი დასახელებით არც ერთი ქვეყანა არ ფიგურირებს და მათ შორის არც საქართველო, მაგრამ საქართველოზე არის ნათქვამი, რომ ის არის ქვეყანა კავკასიის ქედის მიმდებარე, სადაც არის საწყისი სულიერი სიბრძნისა, სადაც არის საწყისი ყოველივესი, რაც შემდეგ განვითარდა ევროპაში, მსოფლიოში და რომ გრაალის თასი – ეს უმაღლესი სიმბოლო ქრისტიანობისა, ეს უზენაესი სიმბოლო არის სწორედ ამ ქვეყანაში, სადაც მეფობს მეფე-ხუცესი იოანე, რომელიც თავის თავზე აერთიანებს მეფეს და ხუცესს.

რას ნიშნავს მეფის და ხუცესის შეერთება? გავიხსენოთ, რომ გელათის ფრესკაზე დავით აღმაშენებელს ხელზე უდგას ეკლესია. რატომ უდგას დავით აღმაშენებელს ხელზე ეკლესია? იმიტომ, რომ იგი იყო ისეთივე დიდი სახელმწიფო მოღვაწე, როგორც სასულიერო მოღვაწე. ის იყო ისეთივე დიდი მეფე, როგორც ღვთისმეტყველი, როგორც სასულიერო პიროვნება, ოღონდ ჩვენ ოფიციალური ცნობა მისი სასულიერო წოდების შესახებ არ გაგვაჩნია. როგორც ჩანს, ეს იყო უფრო საიდუმლოდ. ღიად და აშკარად ამას არ ჰქონია ადგილი, თუმცა შემორჩა ჯვაროსნების ქრონიკებში, სადაც მას უწოდებენ მეფე-ხუცეს იოანეს და იმ ხანად იყო ტრადიცია საიდუმლო მონაზვნობისა, საიდუმლო ბერობისა. ხშირად მეფეები ფარულად ხდებოდნენ ბერები და ირქმევდნენ საიდუმლო სახელს. როგორც ჩანს, ასეთი საიდუმლო სახელი ჰქონდა დავით აღმაშენებელსაც, ვინაიდან ჯვაროსნები მას ერთხმად უწოდებენ იოანეს და თან მეფე-ხუცეს იოანეს. ეს მოასწავებს იმას, რომ იგი იყო ისეთივე ბურჯი რელიგიისა, როგორც სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა, როგორც პოლიტიკური ცხოვრებისა საქართველოში და მან ეს ორი საწყისი შეაერთა.

ვინ იყო დავით აღმაშენებელის მოძღვარი? ვინ იყო დავითის სახელმწიფოში, ასე ვთქვათ წამყვანი პიროვნება, მამა მეფისა, მამა სახელმწიფოსი? ეს იყო ჭყონდიდელი ეპისკოპოსი. რატომ მაინც და მაინც ეს სახელი დაერქვა ჭყონდიდელის ინსტიტუტს, ე. ი. სასულიერო და პოლიტიკური ძალაუფლების გამაერთიანებელ ინსტიტუტს, რომელიც იყო ფაქტიურად უმაღლესი ხელისუფლება იმდროინდელ საქართველოში? მართალია, მეფე იყო აბსოლუტური მონარქი, მაგრამ უმაღლესი ხელისუფლების სიმბოლო იყო ჭყონდიდელი და ამიტომ იყო ნათქვამი კარზე, რომ ჭყონდიდელი მამაა მეფისა და როგორც მამა მეფისა არის იგი მოხსენიებული დავით აღმაშენებლის ისტორიკოსთან.

ასე ვიცით ჩვენ ისტორიიდან და ამიტომ არის, რომ სახელი ჭყონდიდი, დიდი მუხის (ჭყონი ნიშნავს მუხას) კულტის სახელი ეწოდებოდა უკვე ქრისტიანულ ეპოქაში ამ ინსტიტუტს. ეს იმის გამო ხდებოდა, რომ საქართველოში, კერძოდ, კოლხეთში ამ უძველესი კულტურის ქვეყანაში შემონახული იყო ამ დიდი მუხის კულტი და ქრისტიანულ ეპოქაში ეს უკვე იყო ეპარქიის წოდება. და იმ ტრადიციული ერთიანობის გამოსახატავად, რომელიც არსებობდა წარმართული ეპოქის სიბრძნესა და ქრისტიანული ეპოქის სიბრძნეს შორის, შემორჩო სახელი ჭყონდიდელი. მათ ამ თანამდებობისათვის შეეძლოთ ეწოდებინათ, ვთქვათ, მარტვილი ან რაიმე ქრისტიანული სახელი, მაგრამ მათ შემოინახეს ეს იმ ტრადიციული, ორგანული ერთიანობის გამოსახატავად, რომელიც იყო იმ ანტიურ მიბრძნესა და ქრისტიანულ სიბრძნეს შორის და ამიტომ დავით აღმაშენებელმა სწორედ შეგნებულად ჭყონდიდელს მიანიჭა ასეთი პრიორიტეტი, რომელიც მას თითქოს მეფის ხელისუფლებაზე მაღლა აყენებდა, მაგრამ აქ მთავარი იყო არა მაღლა დაყენება, არამედ ორგანული შერწყმა სასულიერო და საერო ხელისუფლებისა.

და, აი, ეს ორგანული შერწყმა საცნაურია თვით დავით აღმაშენებლის პიროვნებაში და ამიტომაც არის იგი ფრესკაზე გამოხატული ეკლესიით ხელზე. ასეთი პატივი არც ერთ მეფეს არ რგებია, მეგობრებო. გადახედეთ მეფეების გამოსახულებებს ფრესკებზე. თქვენ ვერსად ვერ ნახავთ, რომ საქართველოს რომელიმე მეფეს ხელზე ედგას ეკლესია, ვინაიდან ჩვენ სხვა მსგავსი მეფე არ გვყოლია, რომელმაც ამრიგად გააერთიანა სასულიერო და საერო სიბრძნე. დიახ, სასულიერო და საერო სიბრძნის კერა იყო გელათი, გელათი იყო ის კერა, სადაც აღორძინდა ეს ყოველივე. გელათი იყო კერა, სადაც ქრისტიანული, ბიბლიური სიბრძნე შეუერთდა, დაუკავშირდა ანტიურ, წარმართულ სიბრძნეს, ვინაიდან ეს საქართველოში არასოდეს იყო განთვისებული, განცალკევებული.
ჩემი ლექცია დღეს მე გელათს იმის გამო დავუკავშირე, რომ ქუთათურებმა იცოდნენ, თუ სად ცხოვრობენ, რა ქალაქში ცხოვრობენ და რა ადგილია გელათი. მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მსგავსი ცენტრი შუასაუკუნეობრივი სიბრძნისა, შუასაუკუნეობრივი განათლებისა მსოფლიოში არ არსებულა და ამას ვაღიარებთ არა მარტო ჩვენ, არა მარტო ქართველი მეცნიერები, არამედ უცხოელებიც და თქვენ წარმოიდგინეთ, რუსებიც. მე წაგიკითხავთ ყველაზე დიდი თანამედროვე რუსი მეცნიერის აკადემიკოს ლოსევის აზრს გელათისა და ქართული ნეოპლატონიზმის შესახებ, რომელიც საერთოდ უპრეცედენტოა მსოფლიოში. ეს პიროვნება, ღრმა მოხუცებულ ასაკს მიღწეული, იყო ჩამოსული გელათში, მას შემდეგ იგი შემხვდა მე, მესაუბრა და გამოაქვეყნა წერილი საქართველოს ერთ-ერთ ჟურნალში.

მე მინდა თქვენ გაეცნოთ ამას. და ვიდრე გაგაცნობდეთ, მოგახსენებთ, რომ იმჟამინდელ ევროპაში არსად არ იყო მსგავსი კულტურის კერა, მსგავსი სიბრძნის კერა, არც ბიზანტიაში. ევროპაში დაახლოებით იმავე პერიოდში იყო შარტრის აკადემია, შარტრის პლატონური აკადემია, იგი ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც შეიძლება შეედაროს გელათს, მაგრამ იოანე პეტრიწის დარი ფილოსოფოსი არ ჰყოლია იმ აკადემიას და არც ერთ კულტურულ კერას იმჟამინდელ მსოფლიოში. რას გვამცნობს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი? დავუკვირდეთ ჩვენ ამ გამოთქმებს: „მუნვე შეკრიბნა კაცნი პატიოსანნი ცხოვრებითა და შემკულნი ყოვლითა სათნოებითა, არა თვისთა ოდენ სამეფოთა პოვნილნი, არამედ ქვეყნის კიდეთა, სადაც ესმის ვიეთმე სიწმინდე, სიკეთე, სისრულე სულიერთა და ხორციელთა სათნოებათა აღსავსეობა.

იძინა და ყველათ გამოიძინა, მოიყვანა და დაამკვიდრა მას შინა და მამული ლიპარიტეთი უმკვიდროთ დარჩენილი იყო, არამედ სხვა მრავალთა სოფლებთა თანა მისცა დედასა ღვთისასა და უზრუნველი ტრაპეზი განუჩინა, რომელიცა წინამდებარე არს ყოველი აღმოსავლისა მეორედ იერუსალიმად, სასწავლოდ ფრიად უაღრეს მისსა საღვთოთა შინა წესთა“. ე. ი. გელათი იყო ისეთი რელიგიური ცენტრი, ისეთი დონის სასულიერო ცენტრი, როგორც იერუსალიმია ქრისტიანული კულტურის თვალსაზრისით და მეორე მხრივ ანტიური ელინური სიბრძნის ისეთი უდიდესი კერა, როგორიც იყო ათინა, ათენი – საბერძნეთის დედაქალაქი და თან „ფრიად უაღრეს მისსა“, ე. ი. მასზე უფრო დიდი, ვინაიდან ათენი იყო წარმართული, ხოლო გელათი საღვთო წესებით, ქრისტიანული წესებით გამდიდრებული და აღზევებული. ე. ი. ათენი, ათინა მოცემული ქრისტიანულ დონეზე. აი, ეს იყო გელათი.

რა ისწავლებოდა გელათში და რით არის დიდი ეს კულტურული ცენტრი? თქვენ იცით, რომ შუა საუკუნეებში ქრისტიანობა, კერძოდ დასავლეთის ქრისტიანობა, ჩრდილავდა ყოველივე ადამიანურს, იგი ადამიანის პიროვნების ემანსიპაციის წინააღმდეგი იყო, მხოლოდ საღვთო მომენტი გამოჰქონდა წინა პლანზე და ადამიანური სიბრძნე იჩრდილებოდა; ასევე იჩრდილებოდა ანტიური სიბძნე, იგი გამოცხადებული იყო კანონგარეშე, თუმც დიდი ქრიტიანი მამები, მაგალითად, ბასილი დიდი, მოითხოვდნენ ანტიური სიბრძნის შესწავლასაც და ამბობდნენ, რომ ამ წიგნებიდანაც შეიძლება მივიღოთ ის სიბრძნე, რომელიც დაგვეხმარება სულის ხსნაშიო.
იუსტინე ფილოსოფოსი, პირველი ქრისტიანი მამა, ამბობდა, რომ სოკრატე და პლატონიც ისეთივე ლოგოსის, ქრისტეს მსახურები იყვნენ, როგორც ჩვენო, ოღონდ ისინი იმჟამად წარმართულ ეპოქაში ცხოვრობდნენ და მათ მხოლოდ ნაწილობრივ ჰქონდათო ამის საშუალება. ამას ყოველივეს ებრძოდა ბიზანტიის ეკლესია, მაგრამ იმ ეპოქაში, როდესაც გელათი აღმოცენდა, ბიზანტიაში უკვე დაძლეული იყო ეს და იგრძნობოდა უდიდესი ინტერესი ანტიური სიბრძნისადმი, ანტიური ფილოსოფიისადმი და დოგმატური წარმომადგენლები ეკლესიისა ვეღარ ახერხებდნენ ამასთან ბრძოლას და სასულიერო აკადემიებში ბიზანტიისა უკვე დაიწყო ანტიური სიბრძნის შესწავლა, ანტიური ფილოსოფიის შესწავლა. მაგრამ იმ დონეზე, როგორც ამას ვხედავთ გელათში, ეს წარმოუდგენელი იყო გინდ ბიზანტიაში, გინდ ევროპაში, ვინაიდან აქ მოხდა გაერთიანება მთელი ანტიური სიბრძნისა, როგორც ამას ჩვენ ვხედავთ პეტრიწის ნაშრომებიდან. მთელი ანტიური სიბრძნე ისწავლებოდა გელათში.

აღორძინდა არა მხოლოდ ბერძნული ანტიური ტრადიციები, არამედ ქალდეური, ეგვიპტური, ძველი მსოფლიოს ყველა ის კულტურის კერები, მისტერიული სიბრძნის კერები, რომლებიც უწინ არსებობდნენ, და გელათის ბრძენნი ყოველივე ამას ორგანულად უთავსებდნენ ქრისტიანობას, ბიბლიას. მათთვის ბიბლიური სიბრძნე განუყოფელი იყო ამ ანტიური სიბრძნისაგან. აი, ამიტომ იყო ეს „ახალი ათინა ფრიად უაღრეს მისსა“, როგორც ამბობს ამას დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი.

ახლა მე გაგაცნობთ აკადემიკოს ლოსევის სიტყვებს გელათის შესახებ:

„ქართული ნეოპლატონიზმი ანთროპოცენტრიზმი გახლავთ. აქ ადამიანი ყველაფრის საფუძველია, მაგრამ აქვეა ღრმა განსხვავება ერთი მხრივ ქართულ ნეოპლატონიზმსა და გერმანულ ნეოპლატონიზმს შორის, აღმოსავლურ და დასავლურ ნეოპლატონიზმს შორის. ნეოპლატონიზმი, რომელსაც მისდევდნენ ქართული რენესანსის წარმომადგენლები (და სხვათა შორის ეს მეცნიერი იზიარებს აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის მოსაზრებებს, რომ რენესანსი გაცილებით ადრე დაიწყო საქართველოში, ვიდრე ევროპაში, რომ ის აქ დაიწყო უკვე XI საუკუნის მიწურულში, XII საუკუნის დასაწყისში, მაშინ როდესაც ევროპაში დაიწყო XIII-XIV სს-დან) – იოანე პეტრიწი და რუსთველი – ანთროპოცენტრიზმია, მაგრამ ამასთან იგი როდი აუქმებს ბუნების მეუფებას, იმ ბუნებისას, რომელსაც თაყვანს სცემდა ანტიურობა, იმ ბუნებისას, იმ ვარსკვლავებისას, მასი სწორი მიმოქცევისას. აქ ანთროპოცენტრიზმი ბუნებას როდი ანადგურებს, როგორც ამას დასავლეთში ჰქონდა ადგილი, არამედ ბუნება მდიდრდება იმით, რომ ადამიანი იქცა პიროვნებად, რომელსაც სურს შეგრძნება ყოველივესი, თავისებურად გარდაქმნა ყოველივესი. იყო ცალკეული კვლევა ნეოპლატონიზმისა, მაგრამ არ ყოფილა ასეთი მაღალი, სიღრმისეული წვდომა ამ ფილოსოფიური მოძღვრებისა, ასეთი გაგება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ქართველებისაგან და რაც უფრო მეტს ვისწავლით, მით უფრო გაიზრდება რუს-ქართველთა მეგობრობა“.

აი, რას აღნიშნავს რუსი მეცნიერი, რომ რუსეთი ჩვენ ზევიდან კი არ უნდა დაგვცქეროდეს, როგორც უფროსი ძმა, არამედ პირიქით – ჩვენ უნდა დავცქერდეთ მას, როგორც უფროსი ძმა. აი, თვით რუსი აღიარებს ამას, უდიდესი მეცნიერი, უდიდესი სპეციალისტი ძველბერძნული ფილოსოფიისა, საერთოდ ძველი საბერძნეთის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპეციალისტი თანამედროვე მსოფლიოში. ამასვე აღიარებდა უდიდესი რუსი მწერალი ანდრეი ბელი, რომელიც ძალიან ხშირად ჩამოდიოდა ქუთაისში. მას ძლიერ იზიდავდა ქუთაისი, რამეთუ იცოდა, რომ ეს არის უძველესი კოლხური კულტურის ცენტრი. ანდრეი ბელი ამბობდა: როდესაც ჩვენ ტყეებში დავეხეტებოდით, ქართველები უმაღლეს კულტურას ქმნიდნენ და ჩვენ უნდა ვისწავლოთ ქართველებისგან და ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ყოველგვარი საუბარი მათ ვითომდაც ნაციონალიზმზე, შოვინიზმზე და ყურად ვიღოთ ის ყოველივე, რაც მოდის რუსთველიდან, რაც მოდის ქართული კულტურიდან. აი, ასეთი არის შეგნებული და მაღალგანვითარებული რუსების შეხედულება საქართველოზე, განსხვავებით იმ იმპერიული და ბოგანო რუსეთისაგან, რომელიც ზევიდან დასცქერის საქართველოს.

აი, ეს არის ჭეშმარიტება და ამას კიდევ იმიტომ მოგახსენებთ, რომ მეგობრებო, რომ იცოდეთ, რა კულტურის ცენტრია ქუთაისი, რომ შეწყდეს ეს დენა ინტელიგენციისა ქუთაისიდან თბილისში და რომ აღარ იყოს ეს ტენდენცია, რომ ყველა ინტელექტუალური ძალები საქართველოსი მხოლოდ თბილისში გაერთიანდნენ. ეს არის ეროვნული ტრაგედია. ასეთი უძველესი სიბრძნის ცენტრი, ინტელექტუალური კულტურის ასეთი ცენტრი, როგორიც არის ქუთაისი, რატომ უნდა დაიცალოს ინტელიგენციისაგან? ეს არ არის განა ეროვნული ტრაგედია? თუ ყველამ თბილისში მოვიყარეთ თავი, რა ეშველება დანარჩენ საქართველოს? აი, ესაა საკითხავი. და ბოლოს ის თბილისიც აღარ დაგვრჩება, იმიტომ რომ იქაც გაძლიერდა ანტიქართული ტენდენციები და არაქართველთა მოძალება. სწორედ ამიტომ მე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება, რომ ის ტრადიცია, რომელიც მომდინარეობს უძველესი კოლხიდან, რომელიც მომდინარეობს გელათიდან, აქ არ უნდა შეწყდეს.

ეხლა მე მინდა დეტალურად გესაუბროთ, თუ რა სახის დისციპლინები ისწავლებლდა გელათის აკადემიაში და რა გვაძლევს საფუძველს იმის თქმისა, რომ მართლაც უპრეცედენტო იყო სიბრძნისა და სწავლულობის ეს კერა შუა საუკუნეების მსოფლიოში. აქ, უწინარეს ყოვლისა, ისწავლებოდა 7 დარგი მეცნიერებისა, რომელიც იყო გავრცელებული იმჟამინდელ მსოფლიოში, კერძოდ, ბიზანტიაშიც, დასავლეთ ევროპაშიც და ამ 7 დარგს ეწოდებოდა ტრივიუმი და კვადრივიუმი, ანუ სამეული და ოთხეული, ე. ი. შვიდეული. სამეული არის: გეომეტრია, არითმეტიკა, და მუსიკა. ოთხეული: გრამატიკა, ფილოსოფია, როტორიკა და ასტრონომია. აი, დარგები, რომლებიც ისწავლებოდა ისეთ დონეზე, როგორც არსად. და ეს ყოველივე იყო იმ დიდი მეფის, დიდი ბრძენი მეფის დამსახურება, რომელმაც თავი მოუყარა მსოფლიოში ყველა უდიდეს მეცნიერს იმ დროისას, უდიდეს ბრძენთ და მათ მოძღვართ-მოძღვრად დაუყენა იოანე პეტრიწი, უდიდესი მნათობი მსოფლიო ფილოსოფიისა და მეცნიერებისა. სხვათა შორის, როდესაც თვით აკადემიკოსი ლოსევი იყო ჩამოსული თბილისში, მე მას ვესაუბრე მათი ფილოსოფოსის სოლოვიოვის შესახებ დიდი აღტაცებითა და დიდი პატივისცემით.

სოლოვიოვი იყო XIX საუკუნის დიდი მართლმადიდებელი ქრისტიანი ფილოსოფოსი, ღვთისმეტყველი, რომელიც მართლაც უბადლოა ამ ეპოქაში (ეს ჩემი მხრივ ტაქტი იყო, რომ მე მათი მეცნიერებისა და ფილოსოფიის წარმომადგენელი შემექო). მან გაიღიმა და მითხრა: თქვენ, პეტრიწის პატრონნი, ვისზე ლაპარაკობთ საერთოდ. მე ეს ძალიან კარგად ვიცოდი, მაგრამ ტაქტის გამო უფროს ადამიანს მე ეს პირველმა ვერ ვუთხარი. მაგრამ მან ეს თვითონ თქვა და მითხრა, გუშინ ვიყავი გელათში, მივედი აკადემიაში, დავიჩოქე და ვლოცულობდი (ის ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო ამავე დროს), ვლოცულობდი და ვამბობდი: ღირსო მამაო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩემთვის. იოანე პეტრიწის სულს შევევედრე და იმისთვის ჩავედი გელათში, რომ მენახა ის ადგილი, სადაც ეს უდიდესი ადამიანი მოღვაწეობდა. სხვათა შორის, აკადემიკოს ლოსევის დამსახურებაა, რომ „პროკლეს კავშირნი“ პეტრიწის კომენტარებითურთ გამოვიდა რუსულად, მაგრამ, სამწუხაროდ, თარგმანი არასრულყოფილია. ამას ყველაფერს ეშველება, თუმც უნდა ითქვას, რომ პეტრიწის შესწავლა ჯერ არ დაწყებულა.

ეს არის, შეიძლება ითქვას, უდიდესი სფინქსი ყველა ჩვენგანის წინაშე, ვინც ვსწავლობთ, ვიკვლევთ მას და იმდენად დიდი და განდიოზული, რომ მიახლოებულიც არ ვართ მის სიმაღლესთან და მის სამყაროსთან, ვინაიდან ეს არის ურთულესი სამყარო და უძნელესია ის გზა, რომელიც მიდის პეტრიწისაკენ, თუნდაც იმიტომ, რომ მისი ენა, მისი ტერმინოლოგია არის იმდენად რთული, რომ დღეს, სამწუხაროდ, მთლიანად ვერც ხერხდება განსაზღვრა მისი ზოგიერთი ტერმინისა და გამოთქმისა და ვერც ხერხდება ამაღლება იმ დონემდე, რა დონეზეც იდგა პეტრიწი.

ამრიგად, მეცნიერების შვიდი დარგი ისწავლებოდა აქ, თან ისწავლებოდა ისე, როგორც ეს შუა საუკუნეებს ახასიათებდათ და, ამავე დროს, ადამიანის პიროვნებისადმი ინტერესი, ადამიანის უნარებისადმი ინტერესი იყო ძირითადი, განსხვავებით იმდროინდელი შუასაუკუნეობრივი სქოლასტიკური ქრისტიანობისაგან, რომელიც მხოლოდ ღმერთზე აკეთებდა აქცენტს და ადამიანის პიროვნებას ივიწყებდა. გარკვეული გაგებით შუასაუკუნეობრივი სქოლასტიკა მონოფიზიტობისკენ იხრებოდა, ვინაიდან მხოლოდ ღვთისადმი ინტერესი არ არის სრული ქრისტიანობა. სრული ქრისტიანობა მოითხოვს ღვთისა და ადამიანის გაერთიანებას, ვინაიდან მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე იყო ღმერთკაცი და არა მხოლოდ ღმერთი. ორივე ეს მხარე თანაბრად მახლობელი უნდა იყოს ქრისტიანული სიბრძნისათვის და ეს ყოველივე გამოჩნდა სწორედ გელათში. გელათის სკოლის წარმომადგენელი გახლავთ დიდი რუსთველიც.
ის, შეიძლება ითქვას, გელათის სკოლის ისეთივე დიდი წარმომადგენელია, როგორც იოანე პეტრიწი და ადამიანის პიროვნება, ყოველივე ადამიანური მოგეხსენებათ როგორ არის რუსთველთან ყველაფრის ცენტრში. ქრისტიანული მოძღვრების ეს მხარე არის ჭეშმარიტი დიოფიზიტიზმი, სადაც ღვთაებრივი და ადამიანური სრულყოფილ ჰარმონიაშია მოცემული და, როგორც მოგეხსენებათ, რენესანსმაც ეს წამოსწია წინა პლანზე – ადამიანის პიროვნებისადმი ინტერესი, ადამიანური სიბრძნე საერთოდ. და ეს რენესანსი დაიწყო სწორედ რუსთველიდან, დაიწყო პეტრიწთან. უფრო გვიან განვითარდა ყოველივე ეს ევროპაში. ეს სიბრძნე ამ შვიდ მეცნიერებას უსახავს სწორედ მიზნად ღმერთის, ადამიანისა და სამყაროს ჰარმონიულ შემეცნებას, რომ ღვთის შემეცნება არ უნდა იყოს გათიშული ადამიანის შემეცნებისაგან, როგორც ამას ადგილი ჰქონდა ევროპის სქოლასტურ ფილოსოფიაში, რომ ღვთის შემეცნება და ადამიანის შემეცნება განუყოფელია და, ამავე დროს, ეს ყოველივე განუყოფელია სამყაროს შემეცნებისაგან, რომ სამყაროს შემეცნება, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, ევროპაში XVI-XVII საუკუნეებში დაიწყო ნამდვილად და რეალურად, გელათში უკვე ჰყვაოდა XII საუკუნეში. ამას გვაძლევს ჩვენ ისევ იოანე პეტრიწის შრომების შესწავლა. აქედან ჩანს, თუ სამყაროს შემეცნება, ვარსკვლავთა შემეცნება რა დონეზე იდგა გელათის აკადემიაში.

უკვე პეტრიწი საუბრობს ქალდეველთა სიბრძნეზე, აბრაამის სიბრძნეზე, რომელიც იყო აგრეთვე ვარსკვლავური სიბრძნე და ყოველივე ამას მიზნად უსახავს აკადემიას; რომ ქალდეველთა სიბრძნე არ ეწინააღმდეგება ბიბლიას, ვინაიდან ბიბლიაში და ფსალმუნებში მოხსენებულია მნათობები ცისა, რომელთაც აქვთ გონება, რომელთაც აქვთ სული და რომ „მზემან სცნა ჟამი დასლვისა თვისისა“ და უკეთუ მან სცნო დასლვისა თვისისა ჟამი, აღმოსლვისაცა უმეცარ არ იქნებოდაო. ე. ი. მზე გონიერი არსებაა, ვარსკვლავები გონიერი არსებები არიან და ეს ყოველივე მოცემულია ბიბლიაში. ეს ყოველივე არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ, ბიბლიურ სიბრძნე. „ცანი უთხრობენ დიდებასა ღვთისასაო“ – მოცემულია ფსალმუნში, რასაც პეტრიწი იშველიებს სწორედ იმათ წინააღმდეგ, ვისაც მიაჩნია იმჟამად (როგორც ჩანს, იყო გარკვეული დოგმატური მოსაზრებები), რომ ასტროლოგია, ვარსკვლავთა სიბრძნე მიუღებელია და ჩვენ ეს უნდა უკუვაგდოთ. რასაკვირველია, ასტროლოგია მიუღებელი იყო ქრისტიანობისათვის, მაგრამ ასტროსოფია – ვარსკვლავური სიბრძნე ლეგალიზებული იყო საქართველოში და ქრისტიანობა ამას არ ებრძოდა იმიტომ, რომ მამა იოანე იყო წინამძღვარი გელათის მონასტრისა.

ამავე დროს იგი იყო არა მხოლოდ ბრძენი, ფილოსოფოსი, მასწავლებელი, არამედ მოძღვარი, სასულიერო პირი და საკმაოდ დოგმატიკოსი ქრისტიანი, კარგი გაგებით. დოგმატიზმი ყოველთვის ცუდი გაგებით კი არ უნდა გავიგოთ, არსებობს შეზღუდული დოგმატიზმი, ხოლო დოგმების პატივისცემა – ეს არ არის უარყოფითი მოვლენა და იოანე ყოველივე ამას ათავსებდა. ადამიანურ სიბრძნეს პეტრიწი ათავსებდა საღვთო სიბრძნესთან და ამავე დროს მოითხოვდა რომ შევისწავლოთ ანტიური მითოლოგია, ანტიური სამყარო, ანტიური სიბრძნე, რომ გავამთლიანოთ კაცობრიობის სიბრძნე. აი, ამას მოითხოვდა პეტრიწი თავის შრომებში და მე შემიძლია წაგიკითხოთ რამოდენიმე ადგილი მისი შრომებიდან, თუ რით მტკიცდება ეს ყოველივე.

თავის განმარტებებში პეტრიწი გვესაუბრება ძველ ბერძნული და, კერძოდ, ორფიული მისტერიების როლზე. ვინ იყო ორფეოსი? დღესდღეობით არ არის კარგად ცნობილი მეცნიერული საზოგადოებისათვის ის ჭეშმარიტება, რომ ძველბერძნული კულტურა, ძველბერძნული მითოლოგია და მისტერიები მომდინარეობენ წინაბერძნული სამყაროდან, ანუ პელაზგური სამყაროდან, რომელიც იყო სინამდვილეში ქართველური სამყარო, კოლხურის მონათესავე. ძველბერძნული პანთეონის ღმერთები იგივე ქართველური წარრმოშობის ღმერთებია, პელაზგური წარმოშობის ღმერთებია და ძველბერძნული გმირები ყველანი დაკავშირებულნი არიან პრეისტორიულ საქართველოსთან: ჰერაკლე დაკავშირებულია პრეისტორიულ იბერიასთან, ის ლაშქრობს, ის მიდის და ეს არის იმ უზენაესი სიბრძნის სიმბოლო. თეზეოსი მიდის ისევ ქართველურ სამყაროში, კუნძულ კრეტაზე, მინოსის სამყაროში, რათა მოიპოვოს ის სიბრძნე ისევ და ისევ ლაბირინთოსის სახით.

იაზონი და სხვა ბერძენი გმირებიც მოდიან კოლხეთში, რათა მოიპოვონ ეს სიბრძნე. ორფეოსიც სწორებ ის გმირია, რომელიც დაკავშირებულია ძველ კოლხეთთან, კერძოდ ეგროსთან. ორფეოსის მამა მოხსენიებულია როგორც ეგროსი, ეგრი. ორფეოსის მიზანი იყო სწორედ იმ უძველესი პელაზგური, ანუ პროტოქართული სიბრძნის აღორძინება და საბერძნეთისათვის გადაცემა. ამიტომ პეტრიწისათვის ანტიურობის ეს დიდი ხელოვანი ყველაზე მახლობელია და ის ორფიული სიბრძნისა და ქრისტიანული სიბრძნის შერწყმის მომხრეა და პავლე მოციქულს „ჩემს ორფეოსს“ უწოდებს.

ასეთი რამ უპრეცედენტო იყო იმ ხანაში, იმიტომ რომ ყოველივე წარმართული დაგმობილი იყო ეკლესიის მიერ ერთ პერიოდში, მაგრამ სწორედ პეტრიწის მსგავსი დიდი სასულიერო პირები ახერხებდნენ იმას, რომ წარმართული სიბრძნე, ანტიური სიბრძნე აეღორძინებინათ და ის ქრისტიანობისათვის მიესადაგებინათ, ისევე როგორც წარმართული ფილოსოფია, ნეოპლატონიზმი მიესადაგებინათ ქრისტიანობისათვის და ქრისტიანულად განემარტათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ხედავდნენ საფრთხეს, რომ ქრისტიანული სიბრძნე მოსწყდებოდა ანტიურ სიბრძნეს და ეს იქნებოდა დაუშვებელი გახლეჩა. ქრისტესთან პარალელურად პეტრიწი საუბრობს ორფეოსზე, მაშინ როდესაც ის საუბრობს ლოცვის სიკეთეზე და გვეუბნება:

„ვინაიცა ამის სიბრძნისა ორღანოისა თქვას სატყვამან ვითარმცა შეწყობა ორფეოსის წიგნსა, სიკეთენი რაი რამდენი ვინ გარდასცნეს, ვითარ რაი ზესთა მძლისანი“. ე. ი. უდიდესი სიკეთე არისო ორფეოსის წიგნში. შემდგომ ამისა იგი გადადის ძვთის სულის მიერ ძის დავითის არჩევაზე, მის მიერ დავითნის შექმნაზე და ამბობს:

„და ამას წიგნსა შორის კაცსა და მეფესა შესძრა სამოსთა თვისთა ძალები მოსლუად წიგნსა ამას შორის გზასა სულთა მამისა მიმართ“ და აქვეა ნახსენები „ზენაი სიბრძნე“ აბრაამისა, ქალდეველთა და ბოლოს ეკლესიისა ჩვენისა მემოძღვრე პავლე მოციქული ქადაგებდაო „სიბრძნესა ღვთისასა საიდუმლოდ დაფარულსა მას, რომელ იგი პირველადვე განაჩინა ღმერთმან უწინარეს საუკუნოთა სადიდებლად ჩვენდა, რომელი იგი არავინ მთავართაგან ამის სოფლისაგან იცნა“ – აი, რას ამბობს პავლე მოციქული, რომ ეს სიბრძნე არსებობდა სამყაროს დასაბამიდან და იყო დაფარულიო, ე. ი. ეს არის ის სიბრძნე რომელიც ჰქონდა კაცობრიობას, რომელიც იყო კოლხეთში, რომელიც იყო ძველ მისტერიებში და ამას უწლდებს პავლე მოციქული დასაბამიერ, დაფარულ სიბრძნეს და ეს სიბრძნე კი არ უნდა უკუვაგდოთ, არამედ უნდა განვაახლოთ და ამ დასაბამიერ სიბრძნეში არა მხოლოდ ძველი აღთქმის სიბრძნე იგულისხმება, არამედ წარმართული, ანტიური სიბრძნე, ორფიზმი, ქალდეველთა მოძღვრება, პლატონიზმი, ნეოპლატონიზმი. პავლეო, ამბობს პეტრიწი – „ზე ერთ ჰყოფს გონებითთა ამათ გოდლებთა“. გოდოლი – ციხე-სიმაგრეა. ამ გონებისმიერ ციხე-სიმაგრეებს, ამ გოდოლებს პავლე აერთიანებსო.

პავლე მოციქული, რომელიც ნაზიარები იყო სწორედ ანტიურ, ბერძნულ კულტურას, როდესაც ის მივიდა არეოპაგში და იქ ბერძენ ფილოსოფოსებს უქადაგა ქრისტიანობა, მას გვერდით დაუდგა დიონისე არეოპაგელი, სწორედ ამ არეოპაგის წევრი, სწორედ ამ პავლე მოციქულზე ამბობს, რომ დღე ერთ ყოფს ყოველივე ამას და აერთიანებს. ე. ი. ქრისტიანული სიბრძნე აერთიანებს ყოველივე იმას, რაც იყო წარმათობაში, ანტიურობაში და ეს ყოველივე გაერთიანებული არის გელათის აკადემიაში და იოანე პეტრიწის პიროვნებაში.
ამ თვალსაზრისით ღვთის სიტყვაა სწორედ დასაბამი ორფეოსის წიგნის შეწყობისა, ე. ი. ორფეული ჰიმნებისა, რომელიც ხელთ ჰქონდა იოანე პეტრიწს, დავითის ფსალმუნთა საღვთო პოეზიისა, აბრაამისა და ქალდეველთა სიბრძნისა და ყოველივე ეს დაგვირგვინებულია ქრისტიანობით, პავლე მოციქულის მოძღვრებით და თვით პავლეს პეტრიწი ორფეოსს უწოდებდა – ჩემი ორფეოს, რაც სავსებით უჩვეულოა სასულიერო მოღვაწის პირიდან. „ხოლო ქალდეველთაი, რომელიმე ჭეშმარიტეობდა და ნაღბლი თნებისა მათისაი ვითარ მსხვერპლთათვის, ვითარ შვიდთა ამათ მნათთათვის, რამეთუ ესეცა იტყვის ვითარმედ მზემან იმეცნა დასვლაი თვისი, ვინაი ვინათგან იმეცნა დასვლასა არცა თუ აღმოსვლასა უმეცარ ექმნა და ამათ შორის მექმე დრეკათა თვისთა ქცევითა, რომელთა დრეკათა მიერ განუკავდების ყოველივე. ჟამი საზომთ მიერ დრეკასა და მთვარე ქმნაო ჟამთათვის“. ფსალმუნში, მოგეხსენებათ, ნათქვამია, რომ მთვარე არის მზომელი ჟამისა, ე. ი. დროისა და ეს ყოველივე არის საფუძველი ასტრონომიისა. „ესეობს ძალი სიტყვაი, რამეთუ ყოველთა ზენათგან თავის შორის მიმთვალველი მთოვარე ესე ვითავე ნათელთა და ეგრეცათა ძალთა“ (ე. ი. მთვარის როლი ჟამის მზომელისა).

ახლა, როგორც ხმარობს პეტრიწი ანტიური მითოსის სახელებს და პერსონაჟებს. მე მოგახსენეთ წეღან, რომ მისი მიზანია შექმნას სიბრძნე ადამიანის შესახებ და ეს სიბრძნე მოცემულია არა ისეთი მშრალი ტერმინებით, როგორც თანამედროვე მეცნიერებაში – ციფრებით და ფორმულებით, არამედ მოცემულია მითოლოგიური სახელებით, მათოლოგიური შესატყვისებით და აგრეთვე მოცემული არის იმ დისციპლინების გადმოცემისას იმის საჭიროება, რომ ამ დისციპლინებმა დაასაბუთონ ღვთის არსებობა, სამების არსებობა და სამების ჭეშმარიტება. გეომეტრია იმჟამად ისწავლებოდა არა ისე, როგორც თანამედროვე კაცობრიობა სწავლობს მას, მშრალად – ფორმულებით და სქემებით, არამედ გეომეტრიის მიზანი იყო სწორედ ღვთის არსებობის დასაბუთება. როგორ ასაბუთებდა გეომეტრია ღვთის არსებობას?

პეტრიწს მოჰყავს სფეროს მაგალითი, ყველაზე უფრო მარტივი გეომეტრიული მაგალითი: რამდენი ელემენტი აქვს სფეროს? ცენტრი, რადიუსი და გარშემოწერილობა. ცენტრი არის მამა ღმერთი, რადიუსი არის ძე-ღმერთი, ხოლო გარშემოწერილობა არის სულიწმიდა ღმერთი. სინამდვილეში ეს მთელი სფერო არის ერთობა ამ სამებისა. ამიტომაც არის ნათქვამი, რომ სამება არის ერთი, ერთარსება და მას აქვს სამი ელემენტი. სამება სამი ღმერთი კი არ არის, ერთი ღმერთია, ოღონდ განსხვავებულ მოდუსებში, განსხვავებულ ჰიპოსტასებში მოცემული. აი ამ გზით ასაბუთებს გეომეტრია სამების არსებობას, ვინაიდან ცენტრის გარეშე არ არსებობს განფენილობა წერტილისა და აი ამ სფეროს მოცულობის გარეშე არ არსებობს სივრცე, ე. ი. სივრცის ამ სამ ელემენტში მჟღავნდება სამება. სამება არის ის, რაც მოცემულია ცენტრის, რადიუსის და გარშემოწერილობის ურთიერთობაში. ამით მტკიცდება ის, რომ სამყაროს აქვს საწყისი, რომ სამყაროს აქვს სამაბრივი საწყისი და რომ სამყაროს საფუძველი არის სამება. მართალი რომ იყოს ის, რასაც მატერიალისტები და ათეისტები ამტკიცებენ, მაშინ არც ცენტრი იარსებებდა, არც რადიუსი იარსებებდა, არც სფერო იარსებებდა და ყოველივე იქნებოდა არარაობა.

როგორ ამტკიცებს ღვთის არსებობას შამდეგი დისციპლინა – არითმეტიკა, რომელიც ისწავლებოდა გელათში და როგორ ისწავლებოდა იგი? არა იმგვარად, როგორც დღეს ასწავლიან ბავშვებს მშრალად შეკრება-გამოკლებას და ა. შ. პირველი სამი რიცხვი არის თუ არა საფუძველი ყველა რიცხვისა? წარმოიდგინეთ რიცხვი, შესაძლებელი რიცხვი სამყაროში, რომელიც არ შედგებოდეს ერთისგან, ორისგან, სამისგან. არის თუ არა ყოველივეს საფუძველი ერთი, მისგან ნაწარმოები ორი, ვინაიდან ერთისაგან იწარმოება ორი, ორისგან იწარმოება სამი და სამისგან იწარმოება ყველა რიცხვი. ე. ი. რიცხვთა მთელი სამყარო იწარმოება ამ სამი ელემენტისაგან: ერთისგან, ორისგან და სამისგან. ისევე როგორც მამისგან, ძისგან და სულიწმინდისაგან. სამება აქ არის ერთი, ორი, სამი, როგორც საფუძველი ყველა რიცხვისა, საფუძველი სამყაროსი. მათემატიკა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სამყაროში რეალურია მხოლოდ რიცხვები, რომ სამყარო დაფუძნებულია რიცხვებზე, რომ მთელი ვარსკვლავეთი – პლანეტები, გალაქტიკები, ყველაფერი შეიძლება რიცხობრივად გამოისახოს. ყველაფერს აქვს თავისი რიცხვი, ყველა ატომს აქვს თავისი რიცხვი. მთელი შემადგენლობა მატერიისა, სამყაროსი არის რიცხვი და ერთადერთი რეალობა არის რიცხვი, რომ ყოველივე შეიძლება გაქრეს, მაგრამ რიცხვი არ გაქრება, ვერ გაქრება, იმიტომ რომ რიცხვი არის მარადიული, პირველი სამი არის მარადიული საწყისი და ეს არის სამება. სწორედ პეტრიწისეული არითმეტიკის საფუძველი არის სამების არითმეტიკული, მათემატიკური გადმოცემა და მისი როლი სამყაროს შექმნაში.

ახლა, როგორ ისწავლებოდა მუსიკა გელათის აკადემიაში. ეს ტრივიუმი – სამი დარგი მეცნიერებისა და მუსიკაც, როგორც ხელოვნებნების დარგი, ისე არის მოცემული, ე. ი. არა მხოლოდ როგორც ხელოვნება, ვინაიდან იმჟამად დღევანდელ მსოფლიოშია. პეტრიწი ახსენებს სამ ხმას: მზახ, ჟირ და ბამ. ჟირ, შეხეთ ორი – ჟირ მეგრულ ენაში როგორ ემთხვევა. ჟირ უძველესი კოლხური ძირია ორის გამომხატველი. მეორე ხმას მუსიკაში ჰქვია ძველქართულად ჟირ, მზახ ჰქვია პირველ ხმას, ხოლო ბამ, ანუ ბან – მესამე ხმას. აბა წარმოიდგინეთ თუ არსებობს რამე მუსიკა სამი ხმის გარეშე, სამხმოვანების გარეშე? მთელი მუსიკის საფუძველი არის სამი ხმა. ე. ი. ის რაც იყო იქ – წერტილი, რადიუსი და გარემოცულობა, რაც იყო როცხვი 1, რიცხვი 2, რიცხვი 3, მუსიკაში არის ეს სამი ხმა, ანუ სამ-ხმოვანება: მზახ, ჟირ და ბამ და ამით საბუთდება ის, რომ მუსიკის საფუძველიც არის სამება. მუსიკაც ადასტურებს იმას, რომ სამება არის საფუძველი ყოველგვარი ყოფიერებისა და სამების პრინციპზე არის დამყარებული ყოფიერება. ამრიგად, ეს სამი მეცნიერება ასაბუთებს ღვთის არსებობას.

შემდეგ მოთხრობილია, თუ როგორ ასაბუთებს ღვთის არსებობას გრამატიკა, რომელიც, სხვათა შორის, ისე კი არ ისწავლებოდა, როგორც დღეს, მხოლოდ გრამატიკული კანონები, დოგმები, წესები. გრამატიკა სწორედ გამომდინარეობდა სიტყვის სიღრმიდან, სიტყვის პირველადი მნიშვნელობიდან, არსიდან, გრამატიკა მოიცავდა ყოველივეს, რაც შეიძლება სიტყვას და მეტყველებას დაუკავშირო და ყველაფრის საფუძველი იყო პირველი საფუძველი – ღვთაებრივი სიტყვა. არსებობს პირველსიტყვა. ყველა სიტყვას, ისევე როგორც ყველა რიცხვს, აქვს თავისი საფუძველი, თავისი პირველსიტყვა. პირველსიტყვისგან იშვა ყველა სიტყვა და ეს პირველი სიტყვა იყო ის, რომელიც იოანეს სახარებაში მოცემულია როგორც ქრისტე, როგორც ლოგოსი, როგორც ღმერთი. „პირველითგანვე იყო სიტყვაი და სიტყვაი იგი იყო ღვთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი“ – აი ამას ასაბუთებდა გრამატიკა.
რას ასაბუთებდა ფილოსოფია, ანუ დიალექტიკა? ისევ და ისევ ღვთის არსებობას.

რას ემსახურებოდა რიტორიკა? რიტორიკა ემსახურებოდა სწორედ ღვთის არსებობის დასაბუთებას და ადამიანში ღვთაებრივი საწყისისა და ნაპერწკლის გაღვიძებას და ამგვარი თვალსაზრისით ისწავლებოდა ის.

და ბოლოს ყველაზე უმნიშვნელოვანესი დარგი – ასტრონომია, რომელიც აგრეთვე მიზნად ისახავდა არა ისეთი მშრალი ასტრონომიის შექმნას, რომელიც დღეს აქვს კაცობრიობას, არამედ განსულიერებული ასტრონომიისას. ეს იყო უკვე არა ასტრონომია, არამედ ასტროსოფია. თქვენ ყველას გახსოვთ „ვეფხისტყაოსნიდან“, რომ რუსთველი მნათობებს ისე მიმართავს, როგორც ცოცხალ არსებებს. რომ ავთანდილი თავის წიგნებში მნათობებს ესაუბრება როგორც ცოცხლებს, როგორც სულებს, რომელნიც მას უნდა დაეხმარონ ცხოვრების გზაზე და მზეს მიმართავს, როგორც ყველაზე უმაღლეს მნათობს, ოღონდ არა იმ მზეს, რომელიც თვალით სახილველია, არამედ სულიერ მზეს – ქრისტეს, რომელიც არის სამყაროს შემოქმედი და ყოველივეს საწყისი. აი ასეთი ასტრონომია ისწავლებოდა იმჟამად გელათის აკადემიაში, რომელიც მნათობების არსებობით ასაბუთებდა ღვთის არსებობას, რომ შეუძლებელია ეს უშველებელი, გონიერი სამყარო, გონიერი კოსმოსი იყოს უაზრო, რომ მას არ ჰყავდეს წარმმართველი, არ ჰქონდეს საფუძველი, გონიერი საფუძველი, რომ გონება არ იყოს გაბატონებული ამ კოსმოსში.

აი ამას ისახავდა მიზნად გელათში ასტრონომიის შესწავლა, იმ ასტრონომიისა, რომელიც ისევ და ისევ ღვთის არსებობას ასაბუთებდა.

შეიძლება მრავალი რამ ითქვას იმ სიბრძნეზე, რომელიც ჰყვაოდა გელათში, მეგობრებო, და როგორც მოგახსენეთ, სწორედ უპრეცედენტო იყო ეს ყოველივე და დავით აღმაშენებლის დარი მონარქიც ნამდვილად იმჟამინდელ მსოფლიოს არ ჰყავდა, არ ჰყავდა არც მისი განათლების დონით, მისი ცოდნის დონით და მისი მეცნიერული განსწავლულობით და არც, სხვათა შორის, იმით, რომ ის აერთიანებდა ორ უზენაეს ხელისუფლებას თავის თავში – სასულიეროს და საეროს. დასავლეთ ევროპაში ამ დროს ჩვენ ვხვდებით მონარქებს, რომლებმაც წერა-კითხვა ძლივს იცოდნენ. ერთადერთი გამონაკლისია ალბერტ დიდი, ინგლისის მეფე, რომელიც შეიძლება შეედაროს, მხოლოდ დავით აღმაშენებელს. ისიც მწიგნობარი იყო, მთარგმნელი იყო, მაგრამ როგორც მოაზროვნე, როგორც ფილოსოფოსი და განმმარტებელი საღვთო წერილისა ნამდვილად იმ დონის ვერ არის. ეს ყოველივე აირეკლა, როგორც გითხარით, ჯვაროსნების ქრონიკებში, დასავლეთ ევროპის იმჟამინდელ პოემებში, სადაც დავით აღმაშენებელი იხსენიება როგორც მეფე-ხუცესი იოანე და ჯვაროსნულ ქრონიკებში ნათქვამია პირდაპირ – მეფე დავითი, რომელიც ცნობილია ჩვენ შორის როგორც მეფე-ხუცესი იოანე. ეს ორი რამ გაერთიანებულია.

გრაალის ბარძიმის წამოღება საქართველოში ფაქტია და ჩვენის ვარაუდით გელათი უნდა ყოფილიყო სწორედ ის ცენტრი, სადაც იყო გრაალის ბარძიმი დასვენებული და ამიტომაც როდესაც მოიხსნება ის ხარაჩოები, აბრძანდით და ნახეთ – ყოველი ფრესკული ანსამბლი დაკავშირებულია ამ ბარძიმთან. მთავარანგელოზებს ხელში უჭირავთ ბარძიმი და მიჰყვებათ უკან პროცესია, მოციქულებს ხელში უჭირავთ ბარძიმი და ყველა მოტივი დაკავშირებული არის ამ ბარძიმთან და მაცხოვარს, რომელიც ხელში უჭირავს ღვთისმშობელს, შუბლზე თასი ახატია. ეს თასი არის სწორედ გრაალის ბარძიმი. ეს არის სიმბოლო თასისა, რომელიც უთუოდ აქ იყო წამოღებული და რაც აღნიშნული არის დასავლურ პოემებში და ჯვაროსანთა ქრონიკებში. ამ თასის აქ არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო უმთავრესი ცენტრი ქრისტიანული კულტურისა შუა საუკუნეებში, უმთავრესი კერა სასულიერო და საერო განათლებისა. ვიმეორებ, სასულიერო და საერო არ იყო განყოფილი, არ იყო გათიშული და აქ საერო ცოდნასაც ისევე ღებულობდა ადამიანი, როგორც სასულიერო ცოდნას და ღებულობდა ამას ყოველივეს ერთ მალიანობაში, ერთ ჰარმონიაში.

აი ძირითადად ის ყოველივე, რაც უნდა მეთქვა თქვენთვის გელათის, როგორც სიბრძნის ცენტრის შესახებ, იმ დიდი ტრადიციების შესახებ, რომელიც აქვს კოლხეთს, ანტიური და ქრისტიანული სიბრძნისა, საქართველოს და მის უძველეს კულტურის ცენტრს, გელათს.

ივლისი 15, 2010

კონსტანტინე გამსახურდიას წერილი ზვიადს

მე სულ მგონია, როცა შენს ახლოს არა ვარ, შენ ჭკვიანად იქნები. მე, ერთის მხრივ, გული მტკივა, როცა შენი ბავშვობა თავდება. მეორეს მხრივ, მიხარია, რომ შენ, სადაცაა, ყველა ჩემს სურვილს გაიგებ და მხარში ამომიდგები. ალბათ, შენთვის დამიწერია და მითარგმნია მე ჰომეროსის სიტყვები: “ზევსს გეფიცები, აგელაი, ზევსს და მამაჩემის ტკივილებს”. ჩვენ ვცხოვრობთ ძლიერ სერიოზულ დროში და აწი დროა, შენ სერიოზულად ემზადო, რათა გახდე ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილი.

გზაში გადავიკითხე შენი საყვარელი მუსიკოსების ბიოგრაფიები, ყველანი სიყრმიდანვე ემზადებოდნენ დიდი ამბებისათვის. გახსოვდეს, ეს ცხოვრება მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწევს რაიმე მაღალი და ზემყარი ამბებისათვის. ამის გარეშე სხვა ყველაფერი ემსგავსებოდა იმ საცოდავ და უშინაარსო ცხოვრებას, რომელსაც ეწევიან ხოლმე მცენარეები და ცხოველები. თუნდაც, ჩემი გამწარებული ცხოვრებაც რომ აიღო, მე რომ დიდი იდეებისათვის მოლაშქრედ არ წარმომედგინა თავი, ვეღარ გავუძლებდი იმ ქარიშხლებს, რომელთა გადატანაც ასე თუ ისე შევძელი.

შენი მამიკო.”

1955 წლის 8 დეკემბერი

ივნისი 29, 2010

ზვიად გამსახურდია – პალადიუმის რაინდისადმი

(ბაირონისადმი)

ჰა, ლუციფერი გაეკრა ზეციურ კამარას ცეცხლოვან
გველების სისინში,
სამყარო დადრიკა მზის კატაკომბებში გრიგალთა გარებად,
ზღვა აბორგებული შეჰღმუის პლანეტას სატანის გაბასრულ
სამსჭვალთა სიცილში,
დათალხულ სივრცეში ასვეტილ ვულკანთა შავ ნიაგარებად.

იქცევა გუმბათი მაშვრალთა ცრემლით და გოდებით გებული –
ძრწოდეთ ტირანებო!
ჰა, თავისუფლების მზემ არე გახლიჩა არმურმორეული…
ხარობდეთ ბარდებო, მტარვალთა ფეხთაქვეშ გათელილ ერთათვის
ოდენ მტირალებო:
ციური დასების მუსიკად გაისმა ჰანგი შორეული,

განიხვნენ ბჭეები ზათქით და ზეიმით, რაშმან მოაგელვა
ქარცეცხლისმფრქვეველმან,
ეჰა, მეომარო, ეოსის ნათელის გშვენის დიადემა,
ბნელ საუკუნეთა საშო განანათლა შავეთის ძალთათვის
შიშის დამთეველმან,
პელაზგთა დევგმირო, შენმა სიალფემან და სიდიადემან!

ვენუსის რაინდი ოდეს დაიფერფლა და წვათა სიმძიმით
დადუმდა ებანი,
მუზებმა დასტოვეს მაშინ შესუდრული დარდებით პარნასი,
იგლოვეს სალარო მაღალი სიბრძნისა და აწ დაშრეტილნი
გრძნობათ სავსებანი
და დაჰგმეს არესი, ვინაც აღასრულა პარკების კარნასი.

შორი ალბიონი ტალღათა ხმაურში სთვლემდა და ბარდები
უმღერდნენ ოსანას
და სადღაც ჩამწყდარი სიმები გულისა სტიროდნენ მალულად,
აროდეს შობილა მის მშობელ მიწაზე დიდების რაყიფად
არცერთი მგოსანი,
ფატუმის ეტლისთვის მსგავსი გაემართოს ორგიის მარულა!


ივნისი 26, 2010

ზვიად გამსახურდია: “უდაბნოსა და უდაბნოს შორის”


ლევ ტოლსტოი-მებრძოლი გიგანტი, დადუდგრომელი მეამბოხე სული! იგი ორი ასწლეულის მიჯნაზე მსოფლმხედველობრივი კატაკლიზმებისა და სოციალური ძვრების ფონზე კაცობრიობის სულიერი მოწამეობის საოცარი პერსონიფიკაციაა. მის ტიტანურ აზროვნებაში ევროპა და რუსეთი ხარისხობრივი თვალსაზრისით ახალ ამალგამად იქცა. კაცობრიობის ინტელექტუალური ძიებები, ყველა აღმასვლა თუ დაცემა ბეჭდად აზის მის შემოქმედებას. ამასთან, როგორც თავისი ცხოვრების ნირით, ისე შემოქმედებით, იგი უპირისპირდება როგორც ევროპას, ისე ტრადიციულ რუსეთს. თუმც, იმავდროულად, ამ სიტყვის სრული გაგებით, იგი გახლდათ როგორც ევროპელი, ისე რუსი.

ტოლსტოი ომს უცხადებს ფილოსოფიის, რელიგიისა და ეთიკის ტრადიციულ გაგებას და ქმნის ახალ, ზეეროვნულ, ზოგადსაკაცობრიო კრიტერიუმებს. იგი ახალი დროის დიდი ერეტიკოსია, ერეტიკოსი სულისა. მისი მძლავრი ინდივიდუალურობა ვერ ჰგუობს ვერანაირ კალაპოტსა და ჩარჩოებს. ტოლსტოის ბრძოლა შექსპირთან, გოეთესთან, ბეთჰოვენთან-ეს გახლავთ ტიტანის ღმერთებთან შერკინება. ამ გენიოსთან ჭეშმარიტი შეცნობისა და შეფასებისათვის ამგვარ ბრძოლას ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მონურ თაყვანისცემას ასობით ერთგული კრიტიკოსის, ლიტერატურის მცოდნის, ფილოლოგის, აკადემიკოსისა, რომელნიც მათი ავტორიტეტის წინაშე ოთხად მოკეცილნი მათი მისამართით მარტოოდენ უსასრულო დითირამბებს აფრქვევენ. მართლაც სასაცილო იქნებოდა, სისტემატური შრომების ავტორი რომელიმე შრომისმოყვარე ფილოლოგიური მატლი, აბჯარში გამოწყობილი, შექსპირს ან გოეთეს რომ შებმოდა. ტოლსტოი კი თავის სწორს იწვევს ორთაბრძოლაში, ეს არის თანაბარ ძალთა ტურნირი, სასტიკი, დაუნდობელი შერკინება. ამ ბრძოლასა და უარყოფაში ბევრად უფრო დიდი აღიარებაა, ვიდრე მთელი თაობების მიერ მათი მისამართით გამოთქმულ ტრაფარეტულ ქება-დიდებაში. აქ არნახული სიცხადით ისახება არა მარტო საკუთრივ ტოლსტოის, არამედ ამ ავტორთა ინდივიდუალობა. ტოლსტოის შეურიგებელი მრისხანების ცეცხლი ანათებს მათ და საკუთრივ ტოლსტოის. ეს ჰგავს აგრეთვე იმ მითიური გველეშაპის კბილებიდან ამოზრდილ რაინდთა ბრძოლას, რომელიც არგონავტთა მბრძანებელმა იასონმა იხილა კოლხეთში.

ბეთჰოვენსა და ტოლსტოის ისიც აახლოვებს, რომ ვერცერთი ვერ ფასდება ადამიანური ხელონების კრიტერიუმებით. ბეთჰოვენი ამბობდა: “არ არსებობს ჰარმონიისა და კონტრაპუნქტის არც ერთი კანონი, რომელიც არ შეიძლება დაირღვეს უფრო სრულქმნილის, ამაღლებულის და მშვენიერის ძიებისას”. იგი შეიზლება იქცეს ტოლსტოის მთელი შემოქმედების დევიზად. ბეთჰოვენსა და ტოლსტოისაც ერთი ტრაგედია აქვთ: ამ გიგანტური სულებისატვის მეტად ვიწროა ადამიანური წარმავალი ყოფიერების დილეგი. მეტად ბორკავს მათ ადამიანური ხორციელება. მატერიის მარწუხებში ტანჯვა-ზეადამიანთა საერთო ტრაგედია.
”შენ მიშველე რა ტყვე-ქმნილსა, ჯაჭვნი მაბიან, რკინანი”-ასე ევედრებოდა ღმერთს ავთანდილი, გამოხატავდა რა ამით საკუთრივ რუსთაველის ტრაგედიას.

ბეთჰოვენი ცდილობს ადამიანური, სმენადი მუსიკიდან კოსმიურ მუსიკაში, უნივერსალურ ჰარმონიაში ნავარდს, რომლის ანარეკლი-მიწიერი სმენადი მუსიკა-ზღუდავს და ბორკავს მას. მისი მუსიკის სმენისას ლენინსაც კი, რომელიც უარჰყოფდა ყოველივე ზემიწიერს, ზეადამიანურს, ასეთი რამ წამოსცდა: “არაადამიანური მუსიკა!”. ბეთჰოვენი ებრძვის საგნობრივ, მატერიალურ ბორკილებს და მისი მეცხრე სიმფონია ამ ბორკილების მსხვრევის მეხისებური გამოძახილია, მისი “აპასიონატა” და 32-ე სონატა მატერიალური ხუნდებით შებორკილ-მიჯაჭვული პრომეტეს ტიტანური ბორგვაა. ტოლსტოის კი ბორკავს ადამიანური მორალისა და ეთიკის, სხვა და სხვა ეთიკურ მიმდინარეობათა პირობითობა. ტიტანის სული ეძებს ახალ, უნივერსალურ ზნეობრიობას. თუმც, ქრისტიანული ზნეობის საფუძველზე. იგი გააფთრებით ებრძვის ტრადიციული მორალისა და რელიგიის დოგმებს, მაგრამ ამაოდ. ამ ზღურბლის გადალახვა მოკვდავს არ ძალუძს ამპარტავნობის, ღვთისმგმობელობის ცოდვის გარეშე, რამეთუ “ვერ სცნობენ, ვაგლახ, მოკვდავნი განგებას ციურს!” (ნ. ბარათაშვილი), ხოლო ღმერთი, წმინდა მამათა სწავლების თანახმად, “ზომიერად გვიწილადებს თავის უსაზღვრობას და იმდენად გამჟღავნდება ჩვენს წინაშე, რამდენის დატევაც გვძალუძს”. მაგრამ ამასთან შეგუება უაღრესად რთულია ისეთ სულთატვის, რომელნიც ლამობენ ზვარის გადაბიჯებას. აქედან იწყება დოგმების, ადამიანური პირობითობის მსხვრევა, მაგრამ იმავდროულად ჩნდება საფრთხე დემონური ანარქიოზმისა. ამას აუცილებლად მოჰყვება ზეციური შურისგება: ბეთჰოვენი კარგავს მუსიკის სმენადი აღქმის უნარს, ტოლსტოი კი-რელიგიის, ეკლესიის შეცნობის უნარს, რამეთუ უარჰყოფს უკვე არსებულ კონვენციურ, მისთვის დრომორჭმულ რელიგიურობას, ეთიკას და ახლის ძიებაში იღუპება ღვთის მიერ დასჯილი იკაროსის დარად. იგი, როგორც თავად ამბობს საკუთარ თავზე, არწივია ნაჭრილობევი ფრთებით, რომელიც ამაოდ ელოდება ცაში კვლავ ნავარდისათვის იარის შეხორცებას. ბეთჰოვენს ახალი, მანამდე გაუგონარი არნახული მუსიკა სწყურია, როგორც ტოლსტოის-ახალი, არნახული ზნეობა, რელიგია და რელიგიისმცოდნეობა.

ტოლსტოისა და ბეთჰოვენს შორის კონფლიქტს აქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი-ეს არის კონფლიქტი ზნეობასა და მუსიკას შორის. ტოლსტოი, ზნეობრიობის გენიოსი, აღშფოთებულია მუსიკის ზნეობრივი სიმწირით, რაც მას განსაკუთრებით აშკარად მოხვდა თვალში ბეთჰოვენის “კროიცერის სონატის” სმენისას. აქ თვით ზნეობის სულმა გამოუცხადა ომი მუსიკის დიონისოს სულს. ურთიერთს ორი გენიოსი შეეჯახა: ზნეობრივი და მუსიკალური. თუმცა, როგორც ჩანს, ტოლსტოი შესანიშნავად აფასებდა მუსიკის როლს ადამიანური სულის კათარზისში. ამიტომ იგი აუგად როდი იხსენიებდა, პირიქით: ქება-დიდებას ასხამდა ბახს და მის სავიოლინო არიას. ტოლსტოის მუსიკაში პირველყოვსლისა აშინებს დიონისური საწყისი, ვნებათა ანარქიის მძლავრი აფეთქება. რომენ როლანმა მოხერხებულად შენიშნა, რომ ამით იყო განპირობებული ბეთჰოვენის წინააღმდეგ გოეთეს ამბოხიც (გოეთე აპოლონური, ჭვრეტითი ბუნების მხატვარი, შეაცბუნა ბეთჰოვენის მუსიკის დიონისურმა ქარბორბალამ, მისმა მომნუსხველმა, დამმონებელმა ძალამ). ტოლსტოის, როგორც შემოქმედს, ასევე ახასიათებს აპოლონური ბუნება; ამიტომ არის მისთვის ესოდენ უცხო შექსპირისა და ბეთჰოვენის დიონისოსეული ტრაგიზმის ბნელით მოცული სიღრმეები.

ტოლსტოის მხრივ ახალი ევროპული კულტურის უარყოფაში, ისევე, როგორც დოსტოევსკის შემთხვევაში, თავს იჩენს სლავიანოფილური კულტუროფობია. თუმცა, როგორც ინტელექტუალური, ისე ეროვნულ-პოლიტიკური თვალსაზრისით. ტოლსტოი უგულებელყოფდა სლავიანოფილობას. “უნდა ვიხსნათ არა რუსეთი,-ეპაექრება იგი სლავიანოფილებს-არამედ, ჩვენი საკუთარი სულები”. ამას უპირისპირდებოდა სლავიანოფილთა დევიზი: “ვიხსნათ რუსეთიც და საკუთარი სულებიც, ვინაიდან რუსეთი ჩვენი სულია”. ტოლსტოისატვის იმდენად უცხო იყო სლავიანოფილურ მესიანიზმთან მართლმადიდებლობის იდენტიფიცირება, რომ მავანნი მის შემოქმედებას ანტიპატრიოტიზმად აღიქვამდნენ.

თუმცა, ქვეშეცნეულად, ტოლსტოი მაინც რჩება კულტუროფობად, რითაც ენათესავება მაქს ნორდაუს ევროპულ მიმდინარეობას. ამასთან მასში, ისევე როგორცდოსტოევსკის არსებაში, უაღრესად ძლიერია ლტოლვა სალოსობისადმი, უბრალო ხალხის ტრადიციული რუსული რელიგიურობისადმი (“მამა სერგი”), რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ტოლსტოის ოჯახიდან წასვლაში. შალოსი გრიშა მისთვის ქრისტიანული სულის იდეალური გამოვლინებაა. აქედანვე მომდინარეობს მისი სიმპათია დუხობორებისადმი. დოსტოევსკის ალიოშა “ძმები კარამაზოვები”-დან , აგრეთვე მისი სხვა გმირები სალოსობის ნიშნის მატარებელნი არიან. სალოსობა-ეს არის გულის გზა მისტიკისაკენ, რომელიც მკვეთრად განირჩევა ინტელექტუალური მისტიციზმისაგან, რომელიც განვითარებულია ისეთ მოაზროვნეთა თხზულებებში, როგორნიც იყვნენ სოლოვიოვი, ბერდიაევი, ილინი და სხვანი.

ტოლსტოი მოგზაურობს ევროპაში, მაგრამ ისევე, როგორც დოსტოევსკი,-მარტოოდენ გეოგრაფიულად. გოეთეს “სპირიტუალური მოგზაურობა იტალიაში” უცხოა მისთვის. საფრანგეთში მას მარტოოდენ სკოლები აინტერესებს. მისი ინტერესების თვალსაწიერში არ შედის ლუვრი ან ახალი იმპრესიონიზმი. ახალ პოეზიაში მას არავინ იზიდავს ჰიუგოს გარდა (სტენდალი და ფლობერი მისთვის ახალი საფრანგეთის განსახიერებაა. თუმც, მის რომენებში საგრძნობია მატი ზეგავლენა). მას არ უყვარს მიქელანჯელო იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც არ სწყალობს ბეთჰოვენს. იგი მისთვის ისეთივე მოწინააღმდეგეა ქვის სტიქიაში, როგორც შექსპირი სიტყვის, ან ბეთჰოვენი მუსიკის სტიქიაში. საყოველთაოდ ცნობილია გენიოსებს შორის ქიშპი და დაპირისპირება.

ტოლსტოის მსოფლმხედველობრივი კატასტროფა განაპირობა იმ ასწლეულის რელიგიური შემეცნების სიმწირემ. ეს გახლდათ ჟამი, როდესაც თეოლოგიაში საბოლოო გამარჯვება ჰპოვა კანტისეულმა რაციონალიზმმა და აგნოსტიციზმმა, რამაც გამოიწვია დომინირება პროტესტანტული თეოლოგიური სკოლისა, რომელმაც ქრისტიანობას მოსტაცა სულიერი დედაარსი და ხელი მიჰყო ქრისტიანულ დოგმათა რაციონალიზებას. პროტესტანტობა უარჰყოფდა ქრისტეს აღდგომას, ვითარცა კოსმიურ ფაქტს. უარჰყოფდა თვით ღმერთის ადამიანად ქმნის იდეას, იდეას ღმერთკაცის არსებობისა; მან დაასრულა ქრისტე ჯვარზე, ვითარცა ჩვეულებრივი მოკვდავი. იგი უგულებელყოფდა სულიერი ირარქიის რსებობას და მის როლს გოლგოთის მისტერიაში; აღდგომასა და ევქარისტიას მარტოოდენ სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებდა. სავსებით ცხადია საღვთისმეტყველო შეხედულებებზე გერმანული პროტესტანტული კონცეფციების ზეგავლენა. ეს აისახა ტოლსტოის რომანში “აღდგომა”, რომელშიც ნეხლუდოვი ბიბლიაში მხოლოდ ზნეობრივ მოძღვრებას ხედავს, გაოცებას გამოთქვამს “ანგელოზთა რაღაც გამოცხადების” გამო, ხოლო ქრისტეს მხოლოდ და მხოლოდ ზნეობრივ ადამიანად მიიჩნევს და არა ღმერთკაცად. ქრისტიანობისადმი ასეთმა მიდგომამ ტოლსტოის ეკლესიისაგან მოკვეთა გამოიწვია.

ისტორიოგრაფიაში ტოლსტოი შოპენჰაუერის ფატალიზმის ანტიქრისტიანული იდეის გავლენის ქვეშ მოექცა, რაც სრული სიცხადიტ მის გრანდიოზულ ეპოპეაში “ომსა და მშვიდობა”-ში გამოვლინდა, სადაც მასონი პიერ ბეზუხოვი წინ აღუდგა პლატონ კარატაევის სახით წარმოდგენილ რუსულ ხალხურ ქრისტიანობას.

ქრისტიანობისადმი კანტისეული და რენანისეული მიდგომა ინტელექტუალური თვალსაზრისით ტოლსტოისათვის ბევრად უფრო ახლოს აღმოჩნდა, ვიდრე მაისტერ ეკჰარტის, ჰეგელის, შელინგის ან ლაფატერის მიდგომა. ინდურ და ჩინურ სიბრძნეში ისევე, როგორც სოკრატესეულ სიბრძნეში, იგი ეთიკურ მოძღვრებებს ეძებს და არა მისტიკურ იდეებს. მეორის მხრივ, როგორც ავღნიშნეთ, მას იზიდავს რუსული ხალხური რელიგიურობა, სალოსობა.

ამასთან, მსოფლმხედველობრივმა რაციონალიზმმა ვერ შეძლო გენიალური შემოქმედის ინტუიციის ბოლომდე მოდუნება. ქვეშეცნეული მისტიციზმი აისახა რომანში “ომი და მშვიდობა”. იგი წამოჩენილია აგრეთვე ვრონსკის საოცარ სიზმარში ანა კარენინას სიკვდილის წინ, რომელიც აღწერილია იმქვეყნიური სამყაროს ღრმადშემცნობი, მაგრამ თეორიულად მისი ჭეშმარიტად ვერ აღმქმელი ადამიანის მიერ.

რაც შეეხება დოსტოევსკის, მას უსიტყვოდ სწამდა მართლმადიდებლობისა, მას, როგორც უფრო ღრმა მისტიკოსსა და მოაზროვნეს, რომელმაც ტანჯვის დიდი გზა განვლო, მისი “ძმები კარამაზოვები” არის მხატვრული განსახიერება “სიკეტისმოყვარეობისა”, წმიდა მამათა მოძღვრებისა, რომელშიც მწერალმა განაჩენი გამოუტანა ივანე კარამაზოვის სახით წარმოდგენილ რაციონალიზმს, ვითარცა სატანისტურ მოძღვრებას და სმერდიაკოვის სახით წარმოდგენილ მის პირმშოს-სოციალიზმს. ალიოშას და ივანეს ურთიერთდაპირისპირება-ეს არის მართლმადიდებლობისა და ევროპული კანტიანური რაციონალიზმის თეზა და ანტითეზა, რომელშიც მწერალი აშკარად იხრება პირველისაკენ, კიცხავს რა მეორეს. ეს ორი საწყისი ტოლსტოის არსებაშიც ებრძოდა ურთიერთს. თუმც, საბოლოო გამარჯვების მოპოვება ვერცერთმა მათგანმა ვერ შესძლო. მაგრამ საბოლოოდ, მწერლის დიდი ინტუიციის, მისი ბუნებრივი ქრისტიანობის, აგრეთვე მონასტერში მყოფი მისი დის-მაშას წერილებისა და ლოცვების წყალობით მოხდა მოულოდნელი რამ: ეკლესიის უარმყოფელმა ტოლსტოიმ ოპტინას უდაბნოს მიაშურა. თუმც, შუაგზაში აღესრულა.

რომენ როლანი ცდება, როდესაც მიუთითებს, რომ ტოლსტოის მსოფლმხედველობის მისი გადაულახავი ცხოვრებისეული გარემოცვისადმი შეუთავსებლობა მისი სისუსტით იყო განპირობებული და, რომ შუასაუკუნეთა ნებისმიერი ბერი, რომელიც ტოვებდა ოჯახს, მიწიერ ამაოებას და მონასტერს შეაფარებდა თავს, ტოლსტოიზე უფრო ძლიერი იყო. გაოცებას იწვევს ამგვარი აზრი იმ ადამიანისაგან, რომელიც ზედმიწვდენით იცნობდა როგორც ტოლსტოის პიროვნებას, ისე იმ ეპოქასა და გარემოცვას, რომელიშიც უხდებოდა ცხოვრება. რომენ როლანმა ვერ გაითვალისწინა მთავარი: თუ ის ეპოქა და საზოგადოება, რომელშიც ცხოვრობდა ტოლსტოი, რაოდენ განსხვავდებოდა შუასაუკუნეთა ყოფისა და ფსიქოლოგიისაგან. ის, რაც იოლი იყო შუასაუკუნეების ადამიანისათვის, მეტად რთული გახლდათ XX ასწლეულის ცივილიზებული პიროვნებისათვის. შუასაუკუნეეში გაბატონებული მორალი, მსოფლმხედველობა და აზრი თავად უბიძგებდნენ ადამიანს მსოფლიოსაგან განმარტოებისაკენ. მიუხედავად იმისა, რომ ტოლსტოის ეპოქის რუსეთში არსებობას განაგრძობდნენ მონასტრები და სამონასტრო ცხოვრება, განმარტოების გზაზე დადგომა ბევრ სირთულესთან და წინააღმდეგობასთან იყო დაკავშირებული. მეტადრე გრაფისათვის, ინტელიგენციისა და არისტოკრატიის უმაღლესი წრის წარმომადგენლისათვის. იმხანად, ეს ნიშნავდა საზოგადოებრივი მდინარების წინააღმდეგ წასვლას. შემთხვევით როდი მიუთითებს ტოლსტოი თავის დღიურში: “ბერად რომ შვედგე, იტყვიან ჭკუიდან გადადგა ბერიკაციო”. შუასაუკუნეთა ცხოვრებაში კი ეს ცხოვრებისეული ნორმა, ცხოვრების მდინარებისადმი მიყოლა გახლდათ. არჩევანის გაკეთებას ადამიანს თავად გაბატონებული ეკლესია და საზოგადოება უწყობდნენ ხელს. თქმა იმისა, რომ მცურავი, რომელიც დინების მიმართულებით ცურავს, უფრო ძლიერია, ვიდრე დინების საწინააღმდეგოდ ცურვის მოსურნე, უდიდესი შეცდომაა. პირიქით, ტოლსტოის საოცარ ძალისხმევად დაუჯდა ამ მდინარებაში ერთ ადგილზე თავის შეკავება. დინების საწინააღმდეგოდ ცურვისათვის მისი ზეადამიანური ძალაც კი უძლური აღმოჩნდა. აი, რაშია ტოლსტოის ტრაგედიის არსი.

ცხოვრების პირობების და ე.წ. “უმაღლესი წრის” საზოგადოებრივი აზრის გარდა უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი მომენტი. შუასაუკუნეებში არ იყო გაბატონებული მატერიალისტური მსოფლმხედველობა, სკეპტიციზმი, ნიჰილიზმი, რაციონალიზმი, რომელთაც შეეძლოთ წინ აღსდგომოდნენ ადამიანს მონასტრისაკენ მიმავალ გზაზე. ხოლო მეოცე საუკუეში ისეთი მოაზროვნეებისათვისაც კი, როგორიც ტოლსტოი გახლდათ, უაღრესად რთული აღმოჩნდა საკუთარ არსებაში სკეპტიციზმის მატლის წინააღმდეგ ბრძოლა. ასეთ დროს ინტელიგენციის უმარლესი წრის წარმომადგენელნი იშვიათად მიმართავდნენ სულიერ გზას. ხალხის წიაღიდან გამოსული, ეპოქის ინტელექტუალური შხამისაგან შორს მდგომი ადამიანები ყოვლად უმტკივნეულოდ მიაშურებენ ხოლმე ოპტინას უდაბნოს, რომელზეც ოცნებობდა ტოლსტოი. ტოლსტოის დისთვის, მაშასთვის ძნელი არ იყო მონაზვნად აღკვეცა, ვინაიდან შორს იდგა შემეცნებითი ცხოვრებისაგან. ნუთუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაშა უფრო ძლიერი პიროვნება იყო, ვიდრე ლევ ნიკოლოზის ძე? თოლსტოის დღიურები, მისი სტატია “რაშია ჩემი რწმენა?” წარმოადგენს მატიანეს ამ ტრაგიკული და ტიტანური ბრძოლისა.

ტოლსტოის მიმდევარმა რუსეთის ბევრმა უბრალო ადამიანმა გაცილებით იოლად მოახერხა ცხოვრებაში იმ იდეალის ხორცშესხმა, რომელსაც ქადაგებდა, მაგრამ რომლის აღსრულებაც ვერ შესძლო ტოლსტოიმ. ნუთუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ბევრად უფრო ძლიერები იყვნენ, ვიდრე თვით ტოლტსოი? უნდა გვახსოვდეს, რომ მათ განგება არ ბორკავდა ისეთი ხუნდებით, როგორიცაა გრაფობა, მამულები, მსოფლიო სახელი, მრავალრიცხოვან მკითხველთა და თაყვანისმცემელთა წინაშე მოვალეობა, ლიტერატურული გეგმები და ა. შ. და ბოლოს, თავის როლს ასრულებდა მბრძანებლობის მოყვარე “ქსანტიპა”, ტოლსტოის მეუღლე სოფიო ანდრიას ასული, საოცრად ძლიერი ხასიათის პიროვნება, რომელიც ტოლსტოის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იქცა მისი დილეგის ასთვალა დარაჯად, მის უსაშინელეს იდეურ მოწინააღმდეგედ. ყოველივე ამის წინააღმდეგ ბრძოლა უხდებოდა მოხუც, ფიზიკურად დავრდომილ ადამიანს და, რაოდენ დიდი იყო მისი სულიერი ძალა, რომ მან მოახერხა სასწორის თავისკენ გადაზიდვა და მიატოვა ოჯახი. ამით მან საბოლოოდ გადალახა პოლარობა ორ უდაბნოს შორის-“უმაღლესი” საზოგადოების უდაბნოსა და ოპტინას უდაბნოს შორის. თუმც, გზის შუაგულში დაეცა. დიდი ადამიანები იმითაც გამოირჩევიან, რომ მათში ეპოქის ტრაგედია ცხოვრებისუელ, პირად ტრაგედიად გარდაისახება ხოლმე. ხშირად, მათშივე ისახება მთელი სიდიადე და ბიწიერება დროისა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ.

ასე რომ, ტოლსტოიმ ოპტინას უდაბნოში გაქცევით, საბოლოოდ გაიმარჯვა თავის ბრძოლაში. მან სძლია ასთავიან ჰიდრას-საზოგადოებას, ოჯახს, სკეპტიციზმს, მეშჩანურ “კეთილგონიერებას” და ტიტანური ნებისყოფის წყალობით სულიერი სიყვარული პირად ცხოვრებისეულ კეთილდღეობაზე მაღლა დააყენა. ამით, მან უფრო ძლიერ შეიყვარა თავისი მოკეთენი და ის საზოგადოება, რომელსაც ადრე ესოდენ ვერ იტანდა, ვინაიდანმათ დაუმტკიცა სიმცდარე და დამღუპველობა მათ მიერ არჩეული გზისა.

ტოლსტოიმ მოწამეობრივად დაასრულა თავისი სიცოცხლე. მან იდეას შესწირა თავი და მით გმირობა ჩაიდინა, სადარი ბუდას გმირობისა: ბუდა და ფრანცისკ ასიზელი-აი, მისი უსაყვარლესი იდეალები. საკუთარი სულის წიაღში მათ აუგო ფარული ტაძრები. იგი იყო მათი მიმდევარი მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის რუსეთის აბსოლუტისტურ წყვდიადში, ინტელექტუალურ ცხოვრებაში პოზიტივიზმის, რაციონალიზმისა და სკეპტიციზმის სრული ტრიუმფის ეპოქაში, ზნეობისა და რელიგიის დაცემის ხანაში, იგი იყო მათი მიმდევარი სიტყვით, აზრით, შემოქმედებით, ქველმოქმედებით და სიცოცხლის დაისის ჟამს გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯით გულგრილ საზოგადოებას დაუმტკიცა თავისი ქადაგების გულწრფელობა და სისწორე, რითაც გაამართლა თავისი არსებობა.

1977-1978 წლები
მოსკოვი, სუკ-ის ლეფორტოვის ციხე

Blog at WordPress.com.