ზვიად გამსახურდია

ივლისი 1, 2010

ზვიად გამსახურდია: “მე-უოლტ უიტმანი, კოსმოსი”

უოლტ უიტმანი ერთ-ერთ ლექსში მოგვითხრობს, ვით ესწრებოდა ერთხელ ასტრონომი მეცნიერის საჯარო მოხსენებას ნიუ-იორკში. მეცნიერმა გადმოუშალა აუდიტორიას რუქები და დიაგრამები, ფორმულები და ფიგურები, ,,კოლონებივით გამწკრივებულნი”. იგი მთელი საღამო გართული იყო გაზომვით, შეკრებითა და გამოკლებით, გამრავლებით, დახარისხებით და რა დაასრულა მოხსენება, აუდიტორია მქუხარე ტაშით შეეგება მას, ხოლო პოეტი გამოუთქმელმა სევდამ შეიპყრო რატომღაც, მან დაღლილად და ავადმყოფურად იგრძნო თავი, ვერ გადაიყარა უგუნებობა, ვიდრე არ დასტოვა დარბაზი და არ გამოვიდა სუფთა ჰაერზე.

ღამდებოდა. შორს, ისტ რივერის დასავლეთით გადაჭიმულიყო ნახევარკუნძული, რომელსაც პომანოკი შეარქვეს ინდიელებმა უხსოვარ დროში. სამხრეთ ანტლანტიკის ოკეანის მოქცევები ეხლებიან მას, ჩრდილოეთიდან კი ლონგ აილენდ საუნდის წყ*ები, რომელნიც მას პურიტანული კონეკტიკუტისაგან გამოჰყოფენ. აქ დაიბადა პოეტი, აქ გაატარა ბავშვობა. გარშემო ფერმებია და სოფლები, ხვავრიელი მინდვრები. მიჰყვება პოეტი შარაგზას, პომანოკისაკენ მიმავალს. თავშიშველია, მკერდგაღეღილი. შორით მოისმის ზღვის ყრუ ხმაური და ნაგვიანევი თოლიების წივილი. ხანდახან ჩერდება, ყურს მიუგდებს გარემოს. ღამის მისტიური, ნისლოვანი ჰაერი ღრმა მდუმარებით აღავსებს მის სულს. ვარსკვლავეთში ჩაძირულა მისი მზერა. ვარსკვლავეთის სუნთქვით სუნთქავს იგი ამჟამად. და უეცრად მისი სმენა ფართოვდება, თითქოს ღრმავდება და მას მოესმის იდუმალი საყვირის ხმა, მისტიური მესაყვირე აქუხებს საყვირს ღამეულ ეთერში და პოეტის სულში იღვრება კოსმიური მუსიკის ზვირთები. უეცრად იცვლება გარემო, სადღაა ლონგ აილენდი, ურთიერთს ენაცვლებიან წარსულის სურათები.

აჰა, მოჩანან გარდასულ დროთა ბარონები თავიანთ კოშკებში, მანდილოსნები, შეჭურვილი რაინდები, წმინდა გრაალის საძებრად მავალნი, ტურნირები, ფოლადის ელვა, ცხენების ჭიხვინი, ჯვაროსანთა წყებები, ციხეთა შემოწყობა, ბერების მსვლელობანი, ჯვრის ტვირთვა, საკმევლის კმევა… ხილვა ფართოვდება თანდათანობით, ისტორიული კატაკლიზმები სხვა და სხვა ტომების, ერების, რასების, ომები, აჯანყებები, ძველის ნგრევა, ახლის შენება. მსოფლიო ტკივილი და შვება, მსოფლიო წვა და ვედრება… და შინაგანად, არნახულის სიცხოველით და სიდიადით აღმობრწყინდება პოეტის სულიერი ხილვის წინაშე სიყვარულის მზე, რომელიც დგას ამ ხილვის მიღმა, რომელიც მოქმედებს ყოველივე იმაში, რომელიც ადნობს, არღვევს და კვლავ სახედ ქმნის ყოველივეს… მაშინ მოიცავს მის არსებას სიყვარული მაარსებელი და აღმოხდება პოეტს უეცრად: `ო, მესაყვირევ! მე მეჩვენება, რომ შენ ჩემზე უკრავ! მე ვარ საკრავი შენი ამჟამად! შენ ანდობ ჩემს ტვინს, ჩემს გულს, ჩემს თირკმელს, შლი ყოველივეს და გარდაქმნი შენის ნებისებრ! ამადაც იშვის ეს საზეო აღფრთოვანება, სიყვარულის, თავისუფლების, თაყვენების საზეო შვება… კმარა მხოლოდ ყოფნა! კმარა სუნთქვა! შვება, შვება, საზეო შვება! ეს მუსიკა მარად ჩემს გარშემოა, იგი უწყვეტია, დაუსაბამო.

ეს მუსიკა მე ვარ თავად! უეცრად მძაფრდება მისი გუგუნი, გულის კარს მინგრევენ ამ მარად ხმოვანი ოკეანის ზვირთები, ღრმად იჭრებიან ჩემში, და ამ დროს იშვის ჩემი ლექსი, ვითარცა ხსნა, ვითარცა შვება, ვითარცა ლოცვა”

ამგვარად იბადება შვების პოეზია. ამგვარად იბადება შეგნება: მე უოლტ უიტმანი,-კოსმოსი. და ეს შეგნება მოიტანა სულიერი კოსმოსის მცნებამ, მისტიურმა მესაყვირემ (ლექსი ,,The mysticul trumpeter”).

ადამიანური პიროვნების ყოვლისმომცველობა, მარადიულობა აღძრავს ენთუზიაზმს პოეზიისას.  უიტმანის შემოქმედების ცენტრში ადამიანი დგას მუდამ. ადამიანი, ხატი ღვთისა, თავად მიწიერი ღმერთი, მისი ფიზიოლოგია, ფიზიოგნომიკა, მისი ზოგადი კოსმიური არქეტიპები: მარადვაჟური და მარადქალური. მის ვნებათა უსაზღვროება, პულსი და ძალა, მოქმედების თავისუფლება, რომლითაც იგი ახორციელებს ღვთის მარადჟამულ კანონმდებლობას. თანამედროვე ადამიანი, რომელიც მოითხოვს, რათა უზენაესი სრულყოფით გამოავლინოს თავისი შემოქმედებითი მეობა.

დღემდე არსებობდა საფრთხე ადამიანის დაკარგვისა, გაზავებისა მატერიალური და სპირიტუალური კოსმოსის უსაზღვროებაში. ამიტომ აუცილებელია ადამიანმა შეიცნოს სიდიადე თავისი ხატებისა. მან უნდა შეიცნოს და შეიყვაროს სხეულებრიობა ინდივიდუალურ და სოციალურ ყოფაში. საჭიროა ახალი ესთეტიკა, სხეულის ესთეტიკა. ამისთვის საჭიროა სხეულის მგოსანი. მან უნდა უმღეროს სულით განღმრთობას სხეულისას, მან უნდა უმღეროს წარმავლობასა და სიკვდილს  ს ხ ე უ ლ შ ი ვ ე  დაძლევას, მან უნდა უმღეროს  ა ხ ა ლ  ს ხ ე უ ლ ს, სულიერ სხეულს, ღმერთკაცობის უზენაეს იდეალს. ადამიანს სურს ლექსის პური, ეს არის პური არსობისა, ეს არის ყოფის განმართლება, ეს არის პოვნა წარმავლობაში, უსახობაში სრულყოფილი მშვენიერების : ,,არაფერი ისე არ გვჭირდება დღეს შტატებში, როგორც თანამედროვე პოეტი, თანამედროვეობის დიდი ლიტერატუსი. ყველა დროის, ყველა ნაციის ცხოვრების ცენტრალური პუნქტი იყო ნაციონალური ლიტერატურა, განსაკუთრებით კი მისი არქეტიპული პოემები, არქეტიპული პოემაა ინდოელთათვის ,,მაჰაბჰარატა”, ქართველთათვის “ვეფხისტყაოსანი”, იტალიელთათვის “ღვთაებრივი კომედია”, გერმანელთათვის “ფაუსტი”, ხოლო ამერიკელთათვის “ბალახის ფოთლები”.

რატომ უწოდა პოეტმა ამ თავის პოემას “ბალახის ფოთლები”?

რატომ არის ბალახი ლაიტმოტივი უიტმანის პოეზიისა? ბალახი სიმბოლოა კაცის სხეულისა (ამგვარადვე გვხვდება იგი საღმრთო წერილში და მითოლოგიაში), მაგრამ პოეტი ესაიასთან და ფსალმუნის ავტორთან ერთად როდი ამბობს, რომ სხეული ბალახია გამხმარი (რასაც ჩვენი დავითიც იმეოერებს “ხორცი მკვდარ-ხმელ ბალახი, აყვავებულად ნანახი”). ბალახი უიტმანისათვის საწინდარია სხეულის ხელახალი აღორძინებისა (რეინკარნაციისა), სხეულის სულით განღმრთობისადა აღდგომისა. ის ბალახი, რომელიც იზრდება სასაფლაოზე, საწინდარია სულთა ხელახალი სხეულებრივი აღორძინებისა, განა რად შიბილან ისინი ქვეყნად, თუ კვლავ არარაობად უნდა მიიქცენ? “ბალახი უფლის ცხვირსახოცია” “ბავშვი თავადაა ბალახი”. ბალახი იეროგლიფია ერთგვარი, სამყაროს ხელწერა, მარადჟამული მხატვრის კანვასი.

დიდი ლიტერატურა, პროფეტული ლიტერატურა – აი, რა სჭირდება დღევანდელ კაცობრიობას. ახალი ლიტერატურა, ახალი მეტაფიზიკა, ახალი პოეზია – აი, რა სურს ამერიკის დემოკრატიას.

ბუნება, ჭეშმარიტი ბუნება, ბუნების ჭეშმარიტი იდეა, რომელიც გვაკლდა დიდი ხნის მანძილზე, უნდა აღორძინდეს, უსასრულოდ გაიზარდოს, აღავსოს ლექსის ატმოსფერო. – აი, საფუძველი ესთეტიკისა. არა რომანტიული ბაღები, ჭლექიანი სახეები და ბულბულები, არამედ მთელი პლანეტა, მისი გეოლოგიური ისტორია, კოსმოსი, `რომელიც შეიცავს ყოველგვარ ნაირსხვაობას და რომელიც თავადაა ბუნება” მილიონობით ტონა ნივთიერება, მატერიის აზრი და ვნება, უნდა შენივთდეს, ჩამოყალიბდეს, სახედ იქმნას და უკვდავმა ადამიანმა უნდა აქციოს ეს ყოველივე თავისი მორალური და სპირიტუალური ცნობიერებით დიდ პოეზიად, და ამით იხსნას ხრწნადობისაგან, წარმავლობისაგან.

პოეზიას ორი ასპექტი აქვს: ერთი რომელიც უშინაგანეს “მე”-სთან არის დაკავშირებული, რომელსაც მისი სულიერი ცხოვრება აძლევს ტონს და, მეორე, რომლითაც იგი უკავშირდება გარე სამყაროს, კოსმიურ და საზოგადოებრივ ყოფას. უიტმანი ამბობს” დიდ პოეტთა უმრავლესობა იმპრესიონალურია, მე კი პერსონალური ვარ, ჩემს ლექსებში ყოველივე ჩემს გარშემო ტრიალებს, ყოველივე ჩემშია კონცენტრირებული, ყოველივე ჩემგან ასხივებს. მე მხოლოდ ერთი ცენტრალური ფიგურა მყავს, ეს არის ზოგადი ადამიანური პიროვნება, რომელიც ჩემშივეა განსახიერებული. მაგრამ ჩემი წიგნი აუცილებლობის ძალით აიძულებს მკითხველს დააყენოს თავისი თავი ცენტრალურ პოზიციაში და გადაიქცეს ყოველი სუნთქვის, ყოველი გვერდის, ყოველი სტრიქონის წყაროდ და განმცდელად”

ტორო უიტმანს ეხმიანება, როდესაც ამბობს: “მე არ ვისაუბრებდი ჩემს თავზე ამდენს, ვინმე სხვას რომ ვიცნობდე ისევე კარგად, როგორც ჩემს თავს”. მაგრამ უიტმანისათვის პიროვნული “მე” მსოფლიო მეობის განცხადებაა, მისი გამოვლენაა ცალკეულ ინდივიდში ვიცი, რომ სული ღვთისა ჩემივე სულის უფროსი ძმაა და რომ კაცნი ოდესმე შობილნი, ძმანი არიან ჩემნი… ქალნი კი – დანი და მიჯნურნი, და რომ შესაქმის საჭე არის სიყვარული. ღმერთია თავად მიჯნურთა შორის უდიდებულესი, სრულყოფილი მეგობარი, თავად კაცი იდეალური”.

“სიყვარულია საფუძველი ყოველგვარი მეტაფიზიკისა” – მიმართავს იგი სტუდენტებს, პროფესორებს, მეცნიერებისათვის თავდადებულ ადამიანებს. `ბალახის ფოთლებმა” მოულოდნელი ჭექა-ქუხილივით შეაკრთო იმდროინდელი ამერიკა. ლიტერატურული საზოგადოება აღშფოთებული იყო უწინარეს ყოვლისა იმით, რომ ამ წიგნში არნახულის ძალით გამოვლინდა სულის თავისუფლება როგორც ლექსში, ისე მორალური და სოციალური პრობლემების გაშუქებაში. ცნობილია, რომ ყველა დროის ფილისტერებს აღიზიანებდათ ხოლმე გენიის თავისუფალი გამოვლინება, რაც მათი ვიწრო დოგმების რღვევას იწვევდა მუდამ. მაშინდელი ამერიკის ლიტერატურული სიდუხჭირე და ქაოტურობა ჯერ კიდევ ედგარ პომ გაამასხარავა თავის იუმორისტულ მოთხრობაში `კაკვას ტამის, ესკვაირის ლიტერატურული ცხოვრება”, რომლის მთავარი გმირი, რედაქტორი, აღშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ `ვიღაც ბრმა მოხუცი ძველ საბერძნეთში წერდა უნიჭო პოემებს და მუზებს აწუხებდა, ხოლო ინგლისში ასეთივე ბრმა “სინათლის შესახებ წერდა პოემებს” – რაც კიდევ უფრო მეტად აღმაშფოთებელად ეჩვენებოდა მას.

ბუნებრივია, ლიტერატურულმა ფილისტრებმა ვერც ახალი დროის ჰომეროსი იცნეს. ჟურნალ-გაზეთებიდან დაიძრა ლანძღვა-გინების მთელი ნიაღვარი. მაგრამ არა მარტო ფილისტერები და გონებაშეზღუდული ადამიანები იყვნენ აღშფოთებულნი. უიტტიერმა, ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა, ცეცხლში დასწვა “ბალახის ფოთლები”! სამაგიეროდ ემერსონი მიესალმა მას მხურვალედ. ადამიანი, რომელიც ტონს აძლევდა იმდროინდელი ამერიკის სულიერ ცხოვრებას. ემერსონის “ტრანსცენდეტალიზმი” უაღრესად ენათესავება უიტმანის მსოფლმხედველობას. ემერსონი შემდეგნაირად განსაზღვრავს თავისი რეალისტური მსოფლმხედველობის არსს: “ყოველივე რეალური თვითარსულია, ყოველივე ღვთაებრივი იზიარებს თვითარსულობას ღვთისას”.

ამგვარი რეალიზმის პოზიციებიდან აშუქებს იგი მსოფლიო ისტორიას, კულტურას, მეცნიერულ და თეოლოგიურ პრობლემებს. მისთვის უცხოა ზედაპირული თვალსაზრისი ცხოვრებისეულ მოვლენებზე, მისთვის მთავარია მოვლენათა არსის წვდომა, მარადიული ძალის დანახვა არსთა და საგანთა მრავალფეროვნებაში. იგი, როგორც სასულიერო პირი, მოითხოვს გაბედულ რეფორმებს რელიგიის სფეროში. “ღმერთი აგებს ტაძარს თავისას ადამიანთა გულებში, ეკლესიებისა და რელიგიების ნანგრევებზე”- ემერსონი ამგვარად განსაზღვრავს ტრანსცენდენტალიზმის რაობას ” ტრანსცენდენტალიზმი ღებულობს მთელი სისრულით სპირიტუალურ დოქტრინას, მას სწამს სასწაული, სწამს ახალი შესაძლებლობები ადამიანური გონებისა, სულიერი ნათლისა დაძალის წვდომაში. მას სწამს ინსპირაცია და ექსტაზი. მას სურს რომ სპირიტუალურმა პრინციპებმა სრულიად, ყოველგვარი მიმართებით გამოავლინოს თავისი თავი ადამიანთა ყოფაში და გამორიცხოს ყოველივე არასპირიტუალური, ე.ი. ყოველივე პოზიტიური, დოგმატური ან პიროვნული*(ვიწრო, ეგოისტური გაგებით(ავტ)). ასე რომ, ინსპირაციის სულიერი საზომი არის სიღრმე აზრისა”.

და აჰა, გამოჩნდა პოეტი, რომლის შემოქმედებაც დიდებული დადასტურებაა ყოველივე ამისა. ემერსონი მაღალ ნდობას უცხადებს პოეტის ხილვებს, იმ ახალ სულიერ სამყაროს, რომლის მაცნედაც მოევლინა კაცობრიობას ეს ახალი სვვედენბორგი პოეზიისა. იგი მიესალმება აზრის არნახულ გაბედულებას, ემოციის კოსმიურ მასშტაბს.

ემერსონის გარდა უიტმანს მიესალმნენ ამერიკის სხვა გამოჩენილი ადამიანებიც: ჰენრი ტორო, ბრონსონ ოლკოტი, ფრანკ სენბორნი და სხვანი. ტორო მას სთვლიდ “ყველა დროის დემოკრატთა შორის უდიდესად”.

უიტმანს ღრმად სწამდა, რომ ამერიკა მოწოდებულია დაამკვიდროს თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეალი კაცობრიობის სოციალურ ყოფაში. ამისთვისვის იგი მოითხოვდა ყველა ამერიკელისაგან ღრმა და შეუვალ რწმენას დემოკრატიისადმი – `ისეთსავე რწმენას, როგორიც უნდა ჰქონდეს ქრისტიანს, ღვთის მისტერიასთან მიმართებაში”. აბრაამ ლინკოლში იგი ხედავდა მოძღვარს, რომელიც მიიყვანდა ამ იდეალს პრაქტიკულ განხორციელებამდის.

და აი, მონათმფლობელი კოპპერჰედების ვერაგულმა ტყვიამ იმსხვერპლა ამერიკის იმედი, ჭეშმარიტების და სიქველის დიდი რაინდი. ამას მოჰყვა მსოფლიო ელეგიური პოეზიის დიდი შედევრი, გრანდიოზული რეკვიემი “როცა ეზოში, გაზაფხულზე…” და აგრეთვე ლექსი: “ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო”. მაგრამ პოეტმა იცის, რომ როდესაც რაიმე დიდ საქმეს შეეწირება მსხვერპლად მისი მესვეური, ეს მოასწავებს ამ საქმის გამარჯვებას. ამიტომ იგი ახალის ენერგიით ებმება საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში, რათა ამერიკამ შეინარჩუნოს დემოკრატიის მონაპოვარი. დემოკრატიის დიდი გამოცდა იყო სამოქალაქო ომი, ის კატასტროფები, რომელნიც მას მოჰყვნენ და რომელნიც ანარქიის გაბატონებით და ქაოტური ძალების აშვებით ემუქრებოდნენ ამერიკას. უიტმანმა, იმჟამად სამოქალაქო ომის მონაწილემ, თავისი თვალსაზრისი ჩამოაყალიბა დედისადმი წერილებში, ხოლო ამჯერად იგი აქვეყნებს ვრცელ ესსეს “დემოკრატიის პერსპექტივები”, თან განაგრძობს ლექსების წერას. ღრმა სიბერებდის ხმიანდება მისი ჩანგი, თვით პარალიზმაც ვერ ჩაკლა მასში პოეტური ენთუზიაზმი.

უოლტ უიტმანმა პირველმა მოუწოდა ევროპის მუზას გადმოსახლებულიყო `ქალწულ კონტინენტზე”, რითაც მისცა დასაბამი ამერიკის დიდ ლიტერატურას. იგი ფუძემდებელია ახალი პოეზიისა, ახალი პოეტიკისა; ყოველივე ის, რაც მის თანამედროვეებს არაკანონზომიერად ეჩვენებოდათ მასში, დღეს დაკანონდა, აუცილებლობისეულ მოთხოვნად იქცა პოეზიაში.

უოლტ უიტმანი ჩვენი თანამედროვეა. მასში ისევე მძლავრად იგრძნობა მეოცე საუკუნის სულისკვეთება, როგორც სხვა დიდ თანამედროვე პოეტებში.

უოლტ უიტმანი ჭეშმარიტი კოლუმბია ახალი დროისა, იგი უფრო მეტია, ვიდრე კოლუმბი, მან აღმოაჩინა ამერიკის სული.

Advertisements

Create a free website or blog at WordPress.com.