ზვიად გამსახურდია

ივლისი 15, 2010

ზვიად გამსახურდია – დროა ბოლო მოეღოს

საქართველოს სსრ ძეგლთა დაცვის საზოგადოების ყრილობის პრეზიდიუმისადმი

მსურს მივაპყრო თქვენი ყურადღება დღევანდელი აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურის ძეგლთა სავალალო მდგომარეობას.

კულტურის ძეგლთა დაცვის აფხაზეთის განყოფილებას განაგებს უვარგისი და არაკომპეტენტური მუშაკი ფაჩულია, რომელმაც თავისი დანაშაულებრივი ინდიფერენტიზმით აფხაზეთში ქართული კულტურის ძეგლთა დაცვის საქმე კატასტროფამდის მიიყვანა. მისი მთელი “საქმიანობა” ძირითადად იმით ამოიწურება, რომ მისი სისტემა იჯარით აქირავებს ეკლესიების შენობებს, სადაც კონცერტებს აწყობენ აფხაზეთის ასსრ ფილარმონიაც და სხვა და სხვა ორგანიზაციები. ეს კი ძეგლთა მტრობა უფროა, ვიდრე ძეგლთა დაცვა. ფაჩულიასაგან საქ. სსრ ძეგლთა დაცვის მთავარ სამმართველოში არ მოდის არავითარი სიგნალები აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურის ძეგლთა მდგომარეობის შესახებ, რომელთა ხსნა, როგორც სჩანს, მის ინტერესებში არც შედის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთის ასსრ კულტურის სამინისტროს აფხაზეთში ძეგლთა დაცვის საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებით, მაგრამ სათანადო რეაგირება არ ყოფილა. ასე მაგალითად, 1976 წელს აფხაზეთის ასსრ კულტურის მინისტრის მოადგილემ შ. აბუთიძემ საქმის კურსში ჩააყენა საქ. სსრ კულტურის მინისტრყ ო. თაქთაქიშვილი შემდეგი წერილით: “აფხაზეთის ასსრ კულტურის სამინისტრო გაცნობებთ, რომ აფხაზეთის ასსრ არქიტექტურულ ძეგლებზე გაკეთებული ანოტაციები, რომელნიც დამზადებულნი იყვნენ არამყარი მასალისაგან, გამოვიდნენ წყობიდან. ანოტაციების შინაარსსაც განახლება ესაჭიროება. გთხოვთ, მოაწესრიგოთ საკითხი ტურიზმისა და ექსკურსიების საზაფხულო სეზონის დადგომამდის. აქვე წარმოგიდგენთ სიას კულტურის ძეგლებისას, რომელთაც სჭირდებათ ასეთი ანოტაციები”. ამ წერილზე აფხაზეთის ასსრ კულტურის სამინისტროს არავითარი პასუხი არ მიუღია. წერილი ვნახე საქ. სსრ კულტურის სამინისტროში, სადაც მაშინ ვმსახურობდი. მართალია, აბუთიძის წერილშიც შეიძლება მოიძებნოს ხარვეზები, კერძოდ, იქ ქართული არქიტექტურული ძეგლების აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე იწოდება “აფხაზეთის ასსრ არქიტექტურის ძეგლებად”, რაც დიდი შეცდომაა, მაგრამ ეს შედეგია აფხაზეთის ასსრ-ში დამკვიდრებული მცდარი ნომენკლატურისა და ისტორიის იმ გაყალბებისა, რომელსაც ეწევიან აფხაზეთის ზოგი ვაიმეცნიერები. მაგრამ საქართველოს სსრ კულტურის სამინისტრო უნდა გამოხმაურებოდა ამ წერილს და უნდა ჩამოესხა სათანადო დაფები მეცნიერულად დასაბუთებული ტექსტით და არა იმგვარი ტექსტით, როგორიც აქვს დღეს, სამწუხაროდ, კულტურის ძეგლთა უმრავლესობას, როგორც, მაგალითად, ბესლეთის ხიდს, სადაც სიტყვა “ქართული” წაშლილია და დატოვებულია მხოლოდ “წარწერა”, ან ბედიის ტაძარს, რომელსაც უბრალოდ აწერია “არქიტექტურული ძეგლი” და არა “ძეგლი ქართული არქიტექტურისა”. საერთოდ, დროა ბოლო მოეღოს აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურის ძეგლთა შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას და იმის მტკიცებას პრესაში და ლიტერატურაში, თითქოს ეს ძეგლები შექმნეს არა ქართველებმა, არამედ ადიღეური მოდგმის აფსუებმა, რომელნიც ამ ტერიტორიაზე სინამდვილეში დამკვიდრდნენ XVII-XVIII საუკუნეებში, შეერევნენ ადგილობრივ მოსახლეობას და რომელთაც დღეს აფხაზები ეწოდებათ. ასე მაგალითად, გ. გულია მოსკოვში 1972 წელს გამოცემულ კულტურის ძეგლთა ღია ბარათის წინასიტყვაობაში (“გოვორიაშჩიე კამნი აბხაზიი”) ბედიის, მოქვის, ლიხნის, ბიჭვინთის, დრანდის ქართულ ტაძრებს “აფხაზურ ძეგლებს” უწოდებს იმის საფუძველზე, რომ თურმე ამას ამტკიცებდა მისი 118 წლის ბებია ასინეთი. ასეთი დეზინფორმაციების გავრცელება დიდ ზიანს აყენებს ქართველი და აფხაზი ხალხების მეგობრობას, საერთოდ სსრკ ხალხთა მეგობრობას, ამიტომ ძირფესვიანად უნდა აღმოიფხვრას ეს მავნე ტენდენცია.

ძალზე ცუდად მიმდინარეობს აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურის ძეგლთათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხების ათვისება, რასაც ადასტურებს აგრეთვე აფხაზეთის ასსრ კულტურის მინისტრის მოადგილის შ. აბუთიძის წერილი 1976 წ. მარტისა საქ. სსრ კულტურის მინისტრის მოადგილისადმი. თბილისიდან არ იგზავნება სათანადო სპეციალისტები ძელგთა მდგომარეობის შესასწავლად და სათანადო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შესადგენად. იმჟამად იყო მოთხოვნა შემდეგი 10 ძეგლის სასწრაფო რესტავრაციისა:

გალის რაიონი: სათანჯოს ციხე, ოცარცეს კოშკი;  ოჩამჩირის რაიონი: ბედიის არქიტექტურული კომპლექსი, ილორის ეკლესია, მოქვის ტაძარი; ქ. სოხუმი: ბაგრატის ციხე, დიოსკურიის ციხე-სიმაგრე; გულრიფშის რ-ნი: დრანდის ტაძარი, კელასურის კედელი; სოხუმის რ-ნი: დოლმენების ჯგუფი (ზემო ეშერა), ბესლეთის ხიდი; გაგრის ზონა: ძვ. გაგრა-ა) ციხე, ბ) ქართული ეკლესია შუა საუკუნეთა, რომელშიც დღეს აფხაზური იარაღის მუზეუმია. ბიჭვინთის ტაძარი, აკვედუკი, ყორე და კუთხის კოშკი; გუდაუთის რ-ნი: ამბარის ტალარი (მუჰუძირის ს. საბჭო), სვიმონ კანანელის ეკლესია, ანაკოფიის არქიტექტურული კომპლექსი (“ივერიის მთა”), ლიხნის ტაძარი, ლიხნის სასახლე, ახალი ათონის ტაძარი.

ამ ძეგლების მდგომარეობა (დრანდის გარდა) დღესაც საგანგაშოა. საქართველოს სსრ კულტურის ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს დღევანდელი მესვეურნი გვპირდებიან, რომ ლიხნის, მოქვის, ბედიის ტაძრები შეკეთდებიან მომავალ წელს, მაგრამ სატიტულო სიაში მათი ხსენებაც არ არის. გარდა ამისა, ე.წ. “აფხაზეთის ასსრ-ში” მისახედია სხვა მრავალი უნიკალური ძეგლი ქართული კულტურისა, როგორც მაგალითად, გალის რაიონში: შუასაუკუნეთა ძეგლები-მუხურის ეკლესია, საბერიოს ეკლესია, კულანურხვას ეკლესია; გულრიფშის რაიონში-ბაღმარანის სამონასტრო კომპლექსი, კელასურის კოშკი და ეკლესია, ოქტომბრის (ოლგინსკოეს) კოშკი, გვირაბი და გალავანის ეკლესია, ჩიახიშის მთის ეკლესია (XII ს.), ჩხალთის ეკლესია; ოჩამჩირის რაიონში-აბააჟვახუს ციხე და ეკლესია, აძიუბჟის ბაზილიკური ეკლესია “მარმალაბაა” (XIII ს.), ბესლახუბის ეკლესია, ზაგანის ეკლესია, მიშველის “ფიჭვის ეკლესია” (“ფიჭუ ოხამე”), ჭლოუს ეკლესია და გალავანი, ჯღერდის ეკლესია (VI ს.), ჯირღულის ეკლესია; სოხუმის რაიონში-ბესლეთის ეკლესია, ზემო ეშერის აბგირზიხის ეკლესია (XII ს.) და სხვა ეკლესიები, ციხეები და კოშკები. აქედან გამომდინარე, საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების ყრილობის პრეზიდიუმს ვთხოვ:

1. შეარჩიოს სათანადო კომპეტენტური და საქმიანი მუშაკი კულტურის ძეგლთა დაცვის აფხაზეთის განყოფილების ხელმძღვანელად;

2. დაავალოს საქ. სსრ კულტურის ძეგლთა დაცვის მთავარ სამმართველოს და საზოგადოებას მომზადება სათანადოდ მეცნიერულად დასაბუთებული დაცვითი დაფებისა აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურის ძეგლებისათვის და უახლოეს ხანში უზრუნველყოს მათი გაკეთება სახელმწიფო დაცვაზე აყვანილ ძეგლებზე.

3. აღმოფხვრას სახელმწიფოს მიერ აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურის ძეგლთა შესახებ.

4. უზრუნველყოს სახელმწიფოს მიერ აფხაზეთის ასსრ ძეგლთათვის გამოყოფილი თანხის ათვისება ოჩამჩირის სამეცნიერო-სარესტავრაციო სამუშაოებისათვის, ასევე ძელგთა გასამაგრებელი სამუშაოებისათვის.

5. დაწესდეს აფხაზეთის ასსრ-ში მდიდარი ორგანიზაციების შეფობა კულტურის მნიშვნელოვან ძეგლებზე, რითაც ისინი შეიძლება გადაურჩნენ საბოლოო დაშლასა და განადგურებას.

გთხოვთ, წაიკითხოთ ამ წერილის ტექსტი ყრილობაზე საჯაროდ. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება მიღებული ზომები, მე მივმართავ საკავშირო მთავრობას და ფართო საზოგადოებას.
ზვიად გამსახურდია

საქართველოს სსრ ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს მუშაკი საზოგადოებრივ საწყისებზე
1980 წელი

ივლისი 8, 2010

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიერ წარმოთქმული სიტყვა გალის მიტინგზე – ენკენისთვე 28, 1993 წელი

ძვირფასო მეგობრებო! დანო და ძმანო! ბედნიერი ვარ დღეს, რომ ამდენი ხნის შემდეგ გხედავთ თქვენ და თქვენთან ვარ ისევ.

აქ, ამ მოედნაზე არაერთხელ ჩამიტარებია მიტინგი, თქვენ ყველას გახსოვთ. მაშინ სხვა პრობლემები გვაღელვებდა, მაგრამ მაინც ერთი უმთავრესი პრობლემა იყო საქართველოს დამოუკიდებლობა და ბედნიერება.

დღეს, როგორც არასოდეს, უჭირს საქართველოს და საფრთხე ემუქრება მის დამოუკიდებლობას, ვინაიდან მოღალატურმა ხუნტამ განდევნა კანონიერი ხელისუფლება, ხელთ იგდო სათავეები ხელისუფლებისა და დაქცევის პირას მიიყვანა საქართველო; და მაინც ხუნტის ყველაზე დიდი დანაშაული ის არის, რისთვისაც მას განსჯის ისტორია და ქართველი ერი, რომ ჩვენი ძირძველი კუთხე – აფხაზეთი, საქართველოს და კოლხეთის განუყოფელი ნაწილი დღეს იკარგება კომუნისტური ხუნტის მოღალატური, დნაშაულებრივი ქმედებების შედეგად. მეგობრებო! გუშინ ხუნტამ და რუსეთის ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ სოხუმი საბოლოოდ დაიკარგა, რომ საქართველომ დაიჩოქა და ქართულმა მოსახლეობამ უნდა დატოვოს ვითომდა აფხაზეთი. ეს სიცრუეა, სოხუმი არ დაკარგულა, არ დაკარგულა და არც დაიკარგება და ხუნტა დაიკარგება! მე ეს-ეს არის მოვდივარ, მეგობრებო, წინა ხაზიდან, მე შემოვიარე მთლიანად ფრონტი და არის ძალიან… კარგი… მდგომარეობა… და არის ბევრი ისეთი ფაქტორი, რომლებიც მოგვიტანს წარმატებებს.

მე მინდა დეტალურად გესაუბროთ. მე მინდა დავიწყო თავიდან. საქართველოში ჩემი ჩამოსვლის პირევლი დღიდან, მართალია დაგვიანდა ეს ჩამოსვლა, მეგობრებო, ალბათ თქვენ ყველას გაინტერესებსთ, რატომ დაგვიანდა. იმიტომ, რომ მე მქონდა უამრავი დაბრკოლებები და ფიზიკურად ვერ ვახერხებდი გამოღწევას იმ ქვეყნიდან, რომელიც აგრეთვე თვითონ არის ბლოკადაში მოქცეული. მაგრამ, ბოლოს მაინც მივაღწიე, მოვახერხე და დღეს თქვენთა ვარ, მეგობრებო. პირველივე დღიდან, პირველივე მიტინგიდან, რომელიც ჩავატარე ზუგდიდში, მე მოვუწოდებ ხალხს, მე მოვუწოდებ ქართველ ერს არ დათმონ აფხაზეთის ძირძველი კუთხე, არ დათმონ მამა-პაპათა საფლავები, გაერთიანდენ კანონიერი ხელისუფლების შეიარაღებული ძალების გარშემო და ერთიანი ძალისხმევით დავიბრუნოთ ის, რასაც გვართმევენ მოღალატენი, ჩვენი სამშობლოს გამყიდველები, ჩვენი სამშობლოს მტერთან ალიანსში მყოფი მოღალატეები.

მეგობრებო! ხუნტა თესავს პანიკას, იგი ცდილობს ჭორებით, ათასგვარი ცრუ ხმების გავრჩელებით, დაამახინჯოს ჩვენი პოზიცია აფხაზეთის მიმართ, დაამახინჯოს კანონიერი ხელისუფლების პოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ მე პირველსავე მიტინგზე მოვუწოდე მთელს სამეგრელოს და მთელს საქართველოს, რომ დავიცვათ აფხაზეთი და გადავისროლე ძალზე მნიშვნელოვანი შეიარაღებული ძალები ოჩამჩირის ფრონტზე, რომლებიც მალე გაარღვევენ, კოდორზე გადავლენ და სოხუმში შევლენ მალე, მიუხედავად ყოველივე ამისა ხუნტა ურცხვად ავრცელებს ჭორებს, ვითომ მე წინააღმდეგი ვარ აფხაზეთში ბრძოლისა და მოვითხოვ ვითომდაც ჯერ თბილისის აღებას. თბილისი უკვე აღებულია, თბილისი უკვე ჩვენია, არასოდეს არ დაიკარგება. ახლა მთავარია აფხაზეთის ფრონტი გავამაგროთ, განვამტკიცოთ და გავარღვიოთ, სადაც საჭიროა და ავიღოთ მთლიანად ინიციატივა მთელი ფრონტის გაყოლებაზე. აი, ამ მიზნით ვარ მე ჩამოსული და ეხლა ბატონი ვახტანგ ქობალია იქ იმყოფება, ბატონი გურამ ლაკია, შესანიშნავი სამხედრო სპეციალისტი და სტრატეგი, იქ იმყოფება  – ჩვენი შტაბის უფროსი და მალე ეს შტაბი დაიქვენდებარებს ყველა შეიარაღებულ ძალებს, მათ შორის უკანონო ხელისუფლების შეიარაღებულ ძალებსაც. უნდა მოგახსენოთ რომ ჩემთვის ძალიან საასიამოვნოა, რომ მართალია, უკანონო ხელისუფლების ჯარში მსახურობენ, მაგრამ იქ მრავალი კარგი ქართველი აღმოჩნდა და მრავალი პატრიოტი, რომელიც ჩვენ ამოგვიდგება მხარში და რომელიც არ დაემორჩილა ხუნტის ბრძანებას, არ ემორჩილება!

მოღალატე შევარდნაძემ მოუწოდა ქართულ შეიარაღებულ ძალებს, რომ დატოვონ აფხაზეთი, დატოვონ სოხუმი, დატოვონ ოჩამჩირე და მოუწოდა ქართველ მოსახლეობას, რომ დატოვონ აქაურობა. ვერ ეღირსება ვერასოდეს თავის სიცოცხლეში ამას, ვერასოდეს ვერ ეღირსება. მაგრამ სავალალოდ, მეგობრებო, მან მაინც მიაღწია გარკვეულ წარმატებას იმ მხრივ, რომ სოჭის მოღალატური, კაპიტულანტური ხელშეკრულების დადების შემდეგ, როდესაც მან ხელი მოაწერა აფხაზეთიდან ქართველების გაძევებასა და არძინბას უკანონო ხელისუფლების სოხუმში შემოყვანაზე; და რომ ეს ხელშეკრულება დღეს ხორციელდება; აი, აი, ეს არის უდიდესი უბედურება საქართველოში და ჩვენ არ დავუშვებთ ამ მოღალატური, კაპიტულანტური ხელშეკრულების განხორციელებას. მთელი საქართველო ფეხზე დადგება და ხუნტას ჩაქოლავს და აფხაზეთს დაიბრუნებს. ვერ მოესწრებიან გენშერებთან გარიგების შესრულებას, რომლის ძალითაც რუსეთის ჯარი, გერმანიიდან გამოყვანილი, უნდა დასახლდეს სოხუმში, უნდა დასახლდეს შავი ზღვის სანაპიროზე და ქართველები აქედან უნდა გააძევონ. ამას ვერ ეღირსებიან ვერასოდეს, ვერ მოეწრებიან. აი, ამ მიზნით წამოიწყეს ეს პროვოკაციული ომი მოუმზადებლად ყოველგვარი შემზადების გარეშე, ყოველგვარი სტრატეგიის გარეშე, ყოველგვარი გეგმის გარეშე, ყოველგვარი მომარაგების გარეშე. გაჟლიტეს უამრავი ქართველი, გაანადგურეს ჩვენი გენოფონდი და მიზანი კი თურმე ის ყოფილა, რომ ბოლოს აფხაზეთი უნდა დაეთმოთ და იქ შემოეყვანად ჯარი, რომელიც გამოდის გერმანიიდან და იქ დაესახლებინად. აი, რა ყოფილა, თურმე, მეგობრებო. აი, ამისათვის იბრძვის ეს მოღალატე, მაგრამ ვერ ეღირსება. თავისის თვალით ვერ დაინახავს ვერც ეგ და ვერც სხვა მოღალატენი, რომლებიც დღეს შხამს ანთხევენ აი ამ მოწამლული ტელევიზიიდან და ათასგვარ სიცრუეს და სიბილწეს ავრცელებენ. ისინი პასუხს აგებენ ერის წინაშე და, კანონის წინაშე უახლოეს ხანაში!

მეგობრებო, მათმა ბინძურმა აგიტაციამ გამოიღო ძალზე ცუდი შედეგები, ოჩამჩირეში ქართველობა ტოვებს თავის მშობლიურ სახლებს. ეს ყოვლად დაუშვებელია. არაფერი პანიკისათვის არ არსებობს საფუძველი, მით უმედეს გალში. მე მოგიწოდებთ, არავითარი პანიკა არ უნდა იყოს, არ უნდა დავტოვოთ ჩვენი ძირძველი კუთხე. ჩვენ უნდა დავირაზმოთ, უახლოვეს ხანაში მე გამოვაცხადებ საყოველთაო მობილიზაციას მთელ საქართველოში და ყველგან შევქმნი სამობილიზაციო შტაბებს. გალში იქნება სამობილიზაციო შტაბი. გავაფრთხილებ აქაურ უკანონო ხელისუფლებას, თუ რაიმე დაბრკოლება იქნება, კატასტროფულ შედეგებს მოგვიტანს ეს. ასე, რომ, მეგობრებო, გთხოვთ, ამოგვიდგეთ მხარში, ყველას, ყველას, გთხოვთ მთელი რაიონის მოსახლეობას, მთელი ქალაქის მოსახელობას; უნდა მოხდეს ერთი რამ: მე ვიცი, რომ აქ გარდა იმისა, რომ არის ჩვენი ბატალიონი, არის სამურზაყანოს ჯგუფი, რომელიც აგრეთვე კარგად იბრძვის დღეს იქ. მოსახლეობას აუცილებლად, თავშემონახულ კარგ ვაჟკაცებს აუცილებლად ექნებათ იარაღი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იქმნება სახალხო ლაშქარი. ამ ლაშქარში უნდა შემოვიდეს ყველა, ვინც თავის თავს ქართველად თვლის და ვინც კაცად თვლის, ყველა უნდა შემოვიდეს ამ ლაშქარში და სასურველია, რომ მოხვიდეთ თქვენივე იარაღით. ჩვენ იარაღს კიდევ ვიშოვით, მაგრამ გვჭირდება, თქვენივე იარაღით მოდით, ჩაეწერეთ ლაშქარში, რომელიც დაადგება საქართველოს სადარაჯოზე – დადგება ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე – დადგება ჩვენი მშვენიერი კუთხის სადარაჯოზე და ამ ბრძოლას გამარჯვებით მიიყვანს ჩვენი ძლევამოსილი მხედრობის ხელმძღვანელობით.

წყარო: გამახარია, ჯემალ.
საქართველოს დევნილი ხელისუფლება და
აფხაზეთის ომი, თბილისი (გვერდები 77-80)

Create a free website or blog at WordPress.com.