ზვიად გამსახურდია

აგვისტო 25, 2019

ზვიად გამსახურდია – ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ბატონ ჯეიმს ბეიკერს

x_2510126d

როგორც ცნობილი გახდა, თქვენ აპირებთ საქართველოში ჩამობრძანებას ქართველი ხალხის სისხლიან ჯალათთან, ედუარდ შევარდნაძესთან ერთად. ედუარდ შევარდნაძე იყო იმ სამხედრო გადატრიალებისა და პუტჩის ორგანიზატორი, რომელმაც სისხლში ჩაახშო ქართველი ხალხის დემოკრატიული მონაპოვარი. ეს ავლენს თქვენს პირდაპირ ალიანსს დანაშაულებრივ ხუნტასთან, რომელიც ყოველდღიურად ღვრის უდანაშაულო ადამიანების სისხლს, ხვრიტავს მშვიდობიან მიტინგებს და დემონსტრანტებს, აპატიმრებს ასობით ადამიანს, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს, თრგუნავს პიროვნების თავისუფლებას. იმუქრება, რომ ადგილზე დახვრეტს ყველას, ვინც კანონიერი ხელისუფლების დასაცავ მიტინგში გაბედავს მონაწილეობის მიღებას.

ყოველივე ეს წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის დისკრედიტაციას, რომელიც თავის თავს დემოკრატიულ ქვეყნად მიიჩნევს. ხუნტასთან და მის ორგანიზატორებთან ურთიერთობით აშშ უგულვებელყოფს ხალხის მიერ კანონიერად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას და შედის საეჭვო ალიანსში დამნაშავეებსა და მაფიასთან.

ამგვარი მოქმედება ხელს უწყობს საქართველოში ტოტალიტარიზმისა და სახელმწიფო ტერორიზმის განვითარებას, რასაც ყოველთვის გმობდა ამერიკის ოფიციალური პოლიტიკა.

მე პროტესტს ვაცხადებ ამ ალიანსის წინააღმდეგ და ვითხოვ, რომ შემხვდეთ მე, საქართველოს კანონიერ პრეზიდენტს და კანონიერი მთავრობისა და პარლამენტის სხვა წევრებს, რომელნიც დღეს იდევნებიან თვითმარქვია ხელისუფლების მიერ.

გთხოვთ შემატყობინოთ პასუხი.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია
8 თებერვალი. 1992 წ.

ქართული აზრი. – 1992.- 26 თებერვალი.- №6. – 2გვ.
წყარო

ზვიად გამსახურდია – განცხადება

11068_1257370391014_6356570_n

საქართველოს დანაშაულებრივი სამხედრო ხუნტის მეთაურმა შევარდნაძემ დაიწყო ფართომასშტაბიანი სადამსჯელო ოპერაციები აფხაზეთში. საბაბად ამისა, გამოყენებულ იქნა ხუნტის დამსჯელების დაკავება დასავლეთ საქართველოში. შსს თვითმარქვია მინისტრისა და მისი დამქაშებისა, რომლებიც თითქოსდა, აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან. სინამდვილეში შევარდნაძის უკანონო რეჟიმი მიზნად ისახავს ავტონომიური რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების დამხობას და ქართველებსა და აფხაზებს შორის ძმათამკვლელი ომის გაჩაღებას, რაც იმპერიის დიდი ხნის მიზანს წარმოადგენდა. ნიშანდობლივია, რომ მოსკოვის ტელევიზია ცდილობს ამ სისხლიან აქციაზე ბრალი მთლიანად ჯალათ კიტოვანს დააკისროს, რომელიც თითქოსდა არ ემორჩილება შევარდნაძეს. სინამდვილეში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შევარდნაძე განუწყვეტლივ გამოდიოდა საქართველოს ტელევიზიით და ემუქრებოდა აფხაზეთს, რომ ყაზბეგიდან ლესელიძემდე დააყენებს ჯარებს და დაამყარებს წესრიგს.

მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს, კავკასიის ხალხებს, მთელი მსოფლიოს საზოგადოებრიობას, ყველა კეთილი ნების ადამიანს გენოციდისაგან დაიცვას მცირერიცხოვანი, მრავალტანჯული აფხაზი ხალხი, აფხაზეთის ქართული მოსახლეობა, მტკიცედ მოვიგერიოთ შევარდნაძის დამსჯელი ბანდები და გამოვააშკარაოთ მისი გენოციდისა და ძარცვის მტაცებლური პოლიტიკა.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
14 აგვისტო, 1992 წ.

ქართული აზრი. – 1992. – 28 აგვისტო. – №28. – 1 გვ.
წყარო

ზვიად გამსახურდია – განცხადება

დასავლეთ საქართველოში შევარდნაძის რეჟიმი აგრძელებს სისხლიან ტერორს და გენოციდს. გადამწვარია სოფლები და ქალაქები.

მოკლული და გაძარცულია ასობით ადამიანი. არ წყდება ლტოლვილთა ნაკადი.

თავდაცვის მიზნით მოსახლეობა მიმართავს უკიდურეს ზომებს. გამოჩნდნენ შურისმაძიებელთა ჯგუფები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ მძევლებად აიყვანეს ე.წ. სახელმწიფო საბჭოს წევრები, ხალხისათვის საძულველი დამსჯელები: თვითმარქვია შსს-ს მინისტრი და სხვა.

მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვაცხადებ, რომ ყოველივე ეს ხდება ჩემგან დამოუკიდებლად. არავითარი მითითებები ჩემის მხრიდან ამ პირებს არ მიუღიათ.

მე ვაცხადებ პროტესტს იმ ცილისწმების წინააღმდეგ, რომელიც გაავრცელა ჩემს მიმართ ტელეკომპანია „ოსტანკინო“-მ და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებმა, რომლებიც ჩემს სახელს უკავშირებენ ამ მოვლენებს.

ზვიად გამსახურდია
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
12 აგვისტო. 1992 წ.

 

ქართული აზრი. – 1992. – 28 აგვისტო. – №28. 1 გვ.
წყარო

ზვიად გამსახურდია – 1992 წლის 14 მაისის მიმართვა აფხაზეთის მოსახლეობისადმი

385445_256159257790521_100001893472949_645753_759097143_n

ძვირფასო თანამემამულენო!

ძმანო და დანო!

მოგმართავთ როგორც ქართველებს, ასევე აფხაზებს, ვინაიდან საფრთხეშია ჩვენი საუკუნოვანი ძმობა. იმპერიულმა ნეოკომუნისტურმა კრიმინალურმა ხუნტამ ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ აფხაზეთში კვლავ გაღვივდეს ეთნოკონფლიქტი, მან მოსკოვის დავალებით „გააუქმა“ საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია, რომელშიც ჩაწერილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, როგორც საქართველოს შემადგენელი ნაწილი, რამაც საბაბი მისცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს გაეძლიერებინა სეპარატისტული კურსი და ქართული ეროვნების კადრების დისკრიმინაცია, ვინაიდან მისი აზრით, საქართველოს ახალი კონსტიტუცია აღარ არსებობს, ძველში კი საერთოდ არ არის ნახსენები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. მის მიერ ანტიკონსტიტუციური აქტების მიღება უპასუხისმგებლო მოქმედებაა, რამაც შეიძლება ეთნოკონფლიქტამდე მიგვიყვანოს, რაც აწყობს როგორც თბილისის ხუნტას, ასევე მოსკოვის იმპერიას. ამიტომ მოგიწოდებთ არ წამოეგოთ პროვოკაციას, არ აჰყვეთ ვნებათაღელვას, მხოლოდ მშვიდობიანი, პოლიტიკური მეთოდებით იბრძოლეთ სამართლიანობის აღდგენისათვის. პროვოკატორებს სურთ იარაღის ძალით გადაჭრა ამ პრობლემებისა, რაც ყოვლად დაუშვებელია. მოგიწოდებთ მშვიდობისაკენ, მე მოვუწოდებ აფხაზ მოსახლეობას იმოქმედოს პარლამენტზე, რათა მან შეწყვიტოს ანტიქართული პოლიტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში აფხაზეთში გარდუვალი იქნება სისხლისღვრა.

კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთადერთი გზაა საქართველოში კანონიერი ხელისუფლების, პარლამენტისა და კონსტიტუციის აღდგენა, რის შედეგადაც ყველაფერი თავის ადგილას დადგება.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია

გაზ. „აღდგომა“, №3, 17 მაისი, 1992 წ.
წყარო

ზვიად გამსახურდია სიტყვა, წარმოთქმული ქალაქ ზუგდიდში 1993 წლის 24 სექტემბერს გამართულ მრავალათასიან მიტინგზე

 

11068_1257370391014_6356570_n

ჩემო საყვარელო ხალხო! ჩემო ძმებო, დებო, შვილებო, თანამებრძოლებო, პირველად ჩემს ცხოვრებაში სიტყვებს ვერ ვპოულობ, როგორ მოგეფეროთ, მოგესიყვარულოთ, როგორ გამოვხატო ჩემი ამჟამინდელი გრძნობა. არ ვიცი, დამუნჯებული ვარ სიხარულისაგან თქვენი დანახვისაგან, საქართველოს დანახვისგან, თავი სიზმარში მგონია. ამდენი ხანია, მეგობრებო, არ შემივლია თვალი საქართველოსთვის, თქვენთვის, ვიყავი ტანჯვაში, ბრძოლაში, გაძევებული სამშობლოდან, მაგრამ ჩემი ფიქრი, ჩემი აზრი ყოველდღე თქვენთან იყო, ყოველდღე თქვენთან ვიყავი უხილავად, მეგობრებო, ერთი წუთი არ მიფიქრია სხვა რამეზე თქვენს გარდა, ჩემი ქვეყნის გარდა, არაფერზე არ მიფიქრია, მეგობრებო!

ეს მეორე წელი მიდის, მეორე წელი სრულდება, რაც მე მომწყვიტეს საქართველოს, მაგრამ ვერ მომწყვიტეს, ხომ ხედავთ, ვერ მომწყვიტეს!

მეგობრებო! არც არის ძალა, რომელიც საქართველოს დააჩოქებს, არ არის ასეთი ძალა დედამიწის ზურგზე, ვინაიდან ქართველი ერის შეგნება არის უმაღლესი, ქართველი ერის ძალისხმევა არის უდიდესი. ვერაფერს დაგვაკლებენ, მეგობრებო, ვერაფერს! თავიანთ თავს დააკლებენ და უკვე დააკლეს. ხომ ხედავთ!

უმძიმესი ჟამი დაგვიდგა. გაპარტახებულია საქართველო, განადგურებულია საქართველო ამ ჯალალედინების, ამ თემურ-ლენგების, ამ ჩინგისხანების მიერ. ასეთი ყოფილა ჩვენი ისტორიული ბედი: ტანჯვა, ბრძოლა, გლოვა, მაგრამ ბოლოს მაინც გამარჯვება.

მრავალჯერ ვღვარე ცრემლი, მრავალჯერ, ეხლაც მეტირება, განა არ მეტირება, როდესაც ვუყურებ აი, ამ სახეებს, განა ჩვენ ყველას არ გვეტირება ეხლა, მეგობრებო. არაერთხელ მივუსამძიმრე, ეხლაც ვუსამძიმრებ, ახლაც მუხლს ვიყრი მათი ხსოვნის წინაშე, ისინი შეეწირნენ საქართველოს, ისინი შეეწირნენ ღვთის საქმეს, ღვთის უდიდეს საქმეს შეეწირნენ ისინი და საუკუნოდ კურთხეული იქნება მათი ხსენება.

ჰოდა, იმას გავიმეორებ, ჩვენი ისტორიული გზა მუდამ ასეთი იყო, არაფერი ახალი დღეს არ ხდება, ასე იყო საუკუნეების განმავლობაში, ვინაიდან „კარგია მუდამ მტრიანი“ ქართული ხალხური ანდაზაა, და ქართველი ერიც იმიტომ არის ესოდენ მტრიანი, „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანიო“. ამიტომ ვართ ყოველის მხრით მტრებით და ყვავ-ყორნებით გარემოცული, მაგრამ ისტორიაში როგორც გავარღვიეთ ყველა რკალი, როგორც დავამარცხეთ ყველა ბარბაროსი, კაციჭამია, ახლაც ისე დავამარცხებთ ამ კაციჭამიებს.

კაციჭამია ხუნტა სულს ღაფავს, თავისი არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლის და დროზე მოეგოს გონს, ვინც გაწირა საკუთარი ერი, ვინც ძმას ძმა გადაჰკიდა, ვინც ძმის სისხლში გაისვარა ხელი, დროზე შეინანონ, დროზე მოინანიონ ღვთის წინაშე და თუ უფალი შეუნდობს, ჩვენც შევუნდობთ, თუ საქმით მოინანიებენ, თუ საქმით შეინანებენ, თუ დაინახავენ, რა დაატრიალეს საქართველოში, რა დღეში ჩააგდეს საქართველო, თუ აეხილებათ ის დაბნელებული თვალები, ის დაბრმავებული თვალები, თუ აეხილებათ, დე დაინახონ, რომ მათ საქართველო ვერ დააჩოქეს, სამეგრელო ვერ დააჩოქეს და ვერც დააჩოქებენ.

მეგობრებო, მტერი, როდესაც უპატრონოდ დაიგულა ჩვენი მამული, ვერაგულად შემოგვესია. მას ეგონა, ამ კაციჭამიებზე გაბოროტებული ხალხი, გამწარებული ხალხი მას არ აღუდგებოდა, შემოგვესია, ვერაგულად, ჟლეტს ჩვენს თანამოძმეებს, არნახული ბარბაროსობით, არაადამიანობით, ანცვიფრებს მთელ მსოფლიოს, ის მტერი წაქეზებულია კიდევ უფრო დიდი მტრის მიერ, მაგრამ ორივე, დამიჯერეთ, ორივე დამარცხდება საქართველოსთან ბრძოლაში.

ჩვენ კი არ დავუშვებთ ჩვენი ძმებისა და დების ჟლეტას! ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი დებისა და ძმების სისხლის ღვრას! ჩვენ საკადრის პასუხს გავცემთ იმას, ვისაც ჰგონია, რომ საქართველო უპატრონოა. არ არის საქართველო უპატრონო, არ არის, ამაოდ გგონიათ, ყვავ-ყორნებო, რომ საქართველო უპატრონოა, საქართველოს ჰყავს პატრონი, და მალე დაინახავენ ისინი იმ პატრონის ძალას!

მეგობრებო! ჩვენ არ გვინდოდა სისხლისღვრა. ჩვენ არ გვინდოდა მოძმე ხალხის სისხლში ხელების გასვრა. აბა გაიხსენეთ 1989 წლის 27 ივლისი, როდესაც მე აქ ვიდექი, სწორედ ამ ადგილზე სწორედ ეს მიკროფონი მეჭირა, თქვენც აქ ბრძანდებოდით აღელვებული, როდესაც აფსუებმა სოხუმში ქართველების სისხლი დაღვარეს პირველად, მაშინ მე ჩამოვედი, აღელვებული ხალხი დავაწყნარე და მოგიწოდეთ სიმშვიდისაკენ. მოვუწოდე მათ, რომ გონს მოგებულიყვნენ, მაგრამ ვაი, რომ არ მოქმედებს მათზე ადამიანური სიტყვა, არ მოქმედებს მათზე შეგონება. რა გაეწყობა, ჩვენ უნდა დავდგეთ ჩვენს მოძმეთა დასაცავად, მტკიცედ უნდა დავდგეთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, საქართველოს დასაცავად, ქართული მიწის დასაცავად. ნურავის ჰგონია, რომ უპატრონო საქართველოს გაავერანებს და მის მიწას მიითვისებს.

ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ მოლაპარაკება, შერიგება, ეხლაც ვთავაზობთ. თუ შეგრჩენიათ გონება, თუ შეგრჩენიათ ელემენტარული კეთილი განსჯა, გონს მოეგეთ, დაანებეთ თავი ამ სამხედრო ავანტურას საქართველოს წინააღმდეგ. ქართულ მიწას თქვენ არავინ დაგითმობთ, შევრიგდეთ! თუ ელემენტარული კეთილგონიერება გააჩნიათ, შეწყვიტონ ეს ომი და გამოგვიწოდონ შერიგების ხელი.

მე შევთავაზე მათ არაერთხელ, სხვათა შორის, ჩვენი მეგობრების – ჩეჩნების მეოხებითაც, მათი შუამავლობითაც, არაერთხელ – გამოვაცხადოთ ეროვნული შერიგება, დავამთავროთ ეს ძმათამკვლელი ომი, მაგრამ ის ავანტურისტები, რომლებიც მათ სათავეში უდგანან, არ ცხრებიან, არ ცხრებიან, ვინაიდან მათ არ სურთ მშვიდობა, ჩვენ კი გვსურს, ჩვენ გვსურს ვუმკურნალოთ ჩვენს დაწყლულებულ, მრავალტანჯულ ქვეყანას, მაგრამ ნურას უკაცრავად, დიდი ვაჟასი არ იყოს:

„სამშობლოს არვის წავართმევთ
ნურც ნურვინ შეგვეცილება,
თორემ ისეთ დღეს დავაყრით
მკვდარსაც კი გაეცინება!“

ალბათ მრავალ თქვენგანს აწუხებდა აზრი – რატომ არ ჩამოდის პრეზიდენტი.

ყველას აწუხებდა ეს, ყველას, ყველა დაფიქრებული იყო. პირდაპირ გეტყვით, ვერ ჩამოვდიოდი, ისეთი ბლოკადა მომიწყო ხუნტამ და მისმა მხარდამჭერმა ძალებმა, რომ ფიზიკურად ვერ გამოვაღწიე, მრავალჯერ ვცადე, მაგრამ ვერ გამოვაღწიე, და აი, ახლა უფალმა ინება, განგებამ ინება, სასწაული მოხდა და ჩამოვედი თქვენთან.

ეხლა მინდა მივმართო ჩვენს მებრძოლებს.

ძმებო, თქვენი შემართება, თქვენი თავდადება, თქვენი ვაჟკაცობა მთელ საქართველოს აოცებს, აღაფრთოვანებს, იმედს აძლევს, ამავე დროს მე, როგორც საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი მთვარსარდალი, რომელსაც ფიცი მაქვს მიცემული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა, მოგიწოდებთ, მტკიცედ დავდგეთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, დავიცვათ ჩვენი ქართული მოსახლეობა!

ამავე დროს გთხოვთ, – თქვენ, მართალია, საყვედური არ გეთქმით, – მაგრამ განვამტკიცოთ დისციპლინა, ვიყოთ ნამდვილი რეგულარული ჯარი, ვინაიდან თქვენ ხართ კანონიერი ჯარი, კანონიერი მხედრობა საქართველოსი და ეს განაპირობებს თქვენს ძლევამოსილებას, ის უკანონო ბანდები ამიტომაც არიან ასე დაქსაქსულნი და უძლურნი, რომ კანონიერება მათ მხარეზე არ დგას, და ჩვენ უნდა განვსხვავდებოდეთ სწორედ ამით – ორგანიზებულობით, დისციპლინურობით, და მე გთხოვთ, რომ დღეიდან განსაკუთრებით ამაზე გავამახვილოთ ყურადღება, ვინაიდან ეს დისციპლინა, ეს ერთიანი შემართება განაპირობებს მომავალში ჩვენს გამარჯვებებს.

დღეს ჩვენი ბიჭები იბრძვიან ოჩამჩირე-სოხუმის მიმართულებით, ჩვენი ძვირფასი ლოთი იქ არის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენმა ჯარმა გაიმარჯვოს და კატეგორიულად ვუცხადებ ხუნტას – რასაკვირველია, მას ესმის ეხლა ჩემი: ამჟამად, როცა საქართველოს უჭირს, მან ხელი არ უნდა შეგვიშალოს და ჩვენ უნდა მოვთხოვოთ მას, რაც ერგება საქართველოს, რაც მას უკანონოდ აქვს მიტაცებული, ყველაფერი ეს გადმოვიდეს ჩვენი კანონიერი ჯარის ხელში და მოხმარდეს საქართველოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში ხუნტას შეაჩვენებს საქართველო კიდევ მრავალჯერ და მომავალშიც შეაჩვენებს მას, თუ ის ხელს შეგვიშლის ჩვენ, თუ ის საბოტაჟს გამოგვიცხადებს, თუ არ დაუთმობს ყოველივე იმას, რაც ჩვენს მებრძოლებს სჭირდება და თუ განაგრძობს მონოპოლიზებას ხელისუფლებისას. ეს მისთვის კატასტროფით დამთავრდება.

ამავე დროს მოვუწოდებ მათ, დროზე გადადგნენ და ადგილი დაუთმონ კანონიერ ხელისუფლებას.

და ბოლოს, დავამთავრებ სახარების სიბრძნით: ქვეყანაზე სიკეთის მქადაგებელი, სათნოების მქადაგებელი ღმერთი, რომელიც მოევლინა დედამიწას და დადიოდა დედამიწაზე, იესო ქრისტე ბრძანებს:

„ვინც მახვილი აღიღოს, მახვილითავე შეიმუსროს!“

აღდგომა. – 1993. – 26 სექტემბერი. – 32 (63). – 2გვ.
წყარო

ზვიად გამსახურდია – 1992 წლის 10 მაისის მიმართვა კახეთის მოსახლეობისადმი

x_2510126d

თანამემამულენო!
ძმანო და დანო!

საქართველოს მრავალტანჯული ისტორიის მანძილზე კახეთი მუდამ იდგა დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში. კახეთი მუდამ იყო სიმბოლო ქართველი ხალხის გაუტეხლობისა, მტრისადმი დაუმორჩილებლობისა, ამის მოწმეა ხორნაბუჯი, ამის მოწმეებია გრემი, უჯარმა, სიღნაღი, ალავერდი და შუამთა. კახეთმა შვა გმირი მეფეები და მხედართმთავრები, კახეთმა შვა ბიძინა ჩოლოყაშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, კახეთმა შვა დიდი ილია – დიდი მოძღვართ-მოძღვარი საქართველოსი.

დღეს დამპყრობელმა იმპერიამ უდიდესი უბედურება დაატეხა საქართველოს. მოსპო ჩვენი დამოუკიდებლობა, რუსული ტანკებით და იარაღით განდევნა ეროვნული ხელისუფლება, დამნაშავეთა ბანდების საჯიჯგნად აქცია საქართველო, რომელნიც ისევე არბევენ და აწიოკებენ ჩვენს ქვეყანას, როგორც მურვან ყრუს, ჯალალ-ედ-დინის, შაჰ-აბასის და აღა მაჰმად-ხანის ურდოები. მაგრამ ძველად თუ უცხო დამპყრობთა ურდოები გვარბევდნენ, დღეს ამას სჩადიან გადაგვარებულნი ქართველნი იმპერიის სამსახურში ჩამდგარნი, მამულის გამყიდველნი. იმპერიის გზირი შევარდნაძე დღეს მეორე ორჯონიკიძედ მოევლინა საქართველოს, რათა ჩაკლას ჩვენს ერში თავისუფლების წყურვილი, მიწასთან გაასწოროს ჩვენი ქვეყანა, აუსრულოს კრემლს ოდინდელი ოცნება; „საქართველო უქართველებოდ“. მტარვალ შევარდნაძეს კახეთს მოგზაურობისას პარტოკრატებმა შეხვედრა მოუწყეს, რამაც მას აფიქრებინა, რომ კახეთის მოსახლეობა კრემლის აგენტებისა და მოღალატეების მხარეზეა, ამიტომაც გათამამდა იგი და ამას წინათ ტელევიზიითაც მოუწოდა კახელებს გვერდზე დაგვიდექითო.

მწამს, რომ კახეთი არასოდეს ამოუდგება გვერდში საკუთარი ხალხის სისხლში ხელებგასვრილ ხუნტას, კახეთი უერთგულებს თავის არჩევანს, თავის ნებას, რომელიც მან გამოხატა 1990 წლის 28 ოქტომბრისა და 1991 წლის 26 მაისის არჩევნებში, მთელ საქართველოსთან ერთად.

მოგიწოდებთ, აქტიურად ჩაებათ საყოველთო ეროვნულ და სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში, უკანონო არჩევნების ბოიკოტში გაფიცვებით, მიტინგებით, დემონსტრაციებით, ყოველგვარი საპროტესტო აქციებით. შეახსენეთ მტარვალებს, რომ თქვენ დიდი ილიას გზას მიჰყვებით და არა ორჯონიკიძე-მახარაძე-შევარდნაძეების მოღალატურ მმართველ გზას! შეახსენეთ მტარვალებს ვისი გორისანი ხართ! შეუერთდით წინააღმდეგობის მოძრაობას!

იბრძოლეთ ხუნტის დამხობისათვის, საქართველოში ეროვნული ხელისუფლების აღდგენისათვის!

გვფარავდეს ღმერთი.
სიყვარულით და პატივისცემით,

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია

გაზეთი “ხმა ერისა”, [1994]. – 66გვ. ; 20სმ.. .- 17-18 გვ.
წყარო

აგვისტო 22, 2019

ზვიად გამსახურდია – ბრძოლით ხელახლა უნდა მოვიპოვოთ თავისუფლებაც და კეთილდღეობაც

gamsakhurdia

მეგობრებო, ჩემი ეს გამოსვლა მიზნად ისახავს პასუხის გაცემას იმ საჭირბოროტო კითხვებზე, რომლებიც აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. რა დასამალია, რომ საინფორმაციო ვაკუუმია შექმნილი ჩემს გარშემო. ვრცელდება უამრავი დეზინფორმაცია ხუნტის მიერ, ამ ე.წ. ტელევიზიის მიერ და სიმართლის გარკვევა, რა თქმა უნდა, უაღრესად საშურია დღეს. მრავალ პრობლემასთან დაკავშირებით მომდის წერილები, მართალია, ამას ყოველნაირად უშლის ხელს ფოსტა, მრავალი ადამიანი მეკითხება საქართველოში შექმნილი დღევანდელი ვითარების შესახებ. მეკითხებიან, თუ რამ მოიტანა ყოველივე, რა გამოსავალი არსებობს, მეკითხებიან ბრძოლის მეთოდების შესახებ, უცხოეთთან დღევანდელი ჩვენი ურთიერთობის შესახებ.

როგორც მოგეხსენებათ, მე ფინეთსა და ავსტრიაში ვიყავი. ასე რომ, ბევრი რამ აწუხებს დღეს ჩვენს საზოგადოებას.

მე დავიწყებ მთავრითა და უმთავრესით. როგორც ხედავთ, მეგობრებო, ამ ერთმა წელმა პუტჩის შემდგომ მიგვიყვანა ეროვნულ კატასტროფამდის, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, – რთულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და ზნეობრივ კატასტროფამდის. ეს ყოველივე, მიუხედავად იმისა, რომ მე წინასწარმეტყველი არ გახლავართ და არც მაქვს არავითარი პრეტენზია, მე არაერთხელ მოგახსენეთ ჯერ კიდევ 1991 წელს საქართველოს ტელევიზიით და, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიაზე 1991 წლის 8 ოქტომბერს, თუ სადამდე მიგვიყვანდა ჩვენ, სადამდე მიიყვანდა საქართველოს ის პუტჩი, რომელიც იმჟამად უკვე დაწყებული იყო. ამ პუტჩის ინსპირატორები იყვნენ საქართველოს უბოროტესი მტრები და უბოროტეს მტერთა შორის უმთავრესი დღეს საქართველოს განაგებს. დღესდღეობით არც გამოჩნდა ძალა, რომ მას დაუპირისპირდეს.

რა არის ყოველივე ამის მიზეზი.

მსოფლიო იმპერიების ბრძოლა ჩვენს წინაღმდეგ, საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ. მაგრამ, საბედნიეროდ, ბოლო წელს, როგორც მოგეხსენებათ, დიდად მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა დასავლეთში და ერთ-ერთი უბოროტესი მტერი საქართველოსი, მისი კანონიერი ხელისუფლების, ქართველი ხალხის, წავიდა პოლიტიკური არენიდან, ღვთის შემწეობით, და, ალბათ, იქნება რაღაც ცვლილებები დასავლეთის პოლიტიკაში, უნდა ვიქონიოთ ამის იმედი. კეთილის მომასწავებელი ნიშნები ჩანს.

ძალიან დაინტერესდნენ საქართველოში შექმნილი მდგომარეობით ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები, კერძოდ, უაღრესად ძლიერი ორგანიზაცია – ინგლისის ჰელსინკის ჯგუფი, რომლის დელეგაციაც იყო ამ ე.წ. არჩევნებზე და რომელმაც მოამზადა დიდი დასკვნა საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, ადამიანის უფლებათა დარღვევების, ამ ცრუ არჩევნების და შევარდნაძის ცრუ, უზურპატორული დიქტატორული რეჟიმის, ყველა იმ ბოროტმოქმედებათა შესახებ, რასაც სჩადის შევარდნაძის რეჟიმი დღეს საქართველოში. აქ, როგორც მოგეხსენებათ, ყოველნაირად ამუხრუჭებდნენ თვით პრესაში ჭეშმარიტი ინფორმაციის გატანასაც. ბუშის ავტორიტეტი ძალიან ძლიერი იყო მსოფლიოში. პირველად ამ ხნის განმავლობაში ინგლისელებმა დასძრეს ხმა წამების ბარბაროსული მეთოდების შესახებ, კერძოდ, ზაზა წიკლაურის თაობაზე. აღწერილია ზაზა წიკლაურის მდგომარეობა. ამ ადამიანებმა შეაღწიეს ციხეში. ისინი განაცვიფრა იმ ამბავმა, რომ ციხეში ფორმიან თანამშრომლებთან ერთად ვიღაც უცნობი ახალგაზრდები, ავტომატიანი ახალგაზრდები იყვნენ, რომელნიც მბრძანებლობდნენ ამ თანამშრომლებზე. მათ სწორი დასკვნა გააკეთეს, რომ ფაქტობრივად კრიმინალური ბანდები მართავენ დღეს საქართველოს. ეს კი არის იგივე, რაც ხდება სომალიში. სომალის პერსპექტივა უკვე თანდათან იკვეთება საქართველოში, თუ გაგრძელდა ეს კრიმინალური ანარქია მთავარი კრიმინალის – შევარდნაძის მეთაურობით. ამ დასკვნამდე უკვე მიდის მსოფლიო და არის ნიშნები (მე ამჟამად არ მინდა წინასწარ ბევრი რამ ვთქვა), რომ დაიწყება ძალზედ სერიოზული მხილება შევარდნაძის ფაშისტურ-კრიმინალური რეჟიმისა, ამ კრიმინალური ბანდების თვითნებობისა საქართველოში და, ადრე თუ გვიან დაედება ზღვარი მათ თვითნებობას.

მაგრამ, მეგობრებო, ყველაფერი, რაც დღეს საქართველოში ხდება, მაინც ძალზედ მაფიქრებს ერთი თვალსაზრისით. კი, ბატონო, გამოავლინეთ ყველა დამნაშავე, მათ თავიანთი თავი უკვე წარმოაჩინეს. ნუთუ ჩვენ უნდა დავდგეთ ანგარიშსწორების გზაზე? არამც და არამც, მეგობრებო! ეს მიგვიყვანს კიდევ უფრო უარეს ანარქიამდე, სისხლისღვრამდე. მაინც უნდა მივცეთ ზოგიერთ მათგანს, ვინც, რა თქმა უნდა, საქმით გამოისყიდის თავის დანაშაულს, უნდა მივცეთ საშუალება, რომ დაადგეს გამოსწორების გზას და შეინანოს ყოველივე ის, რაც ჩაიდინა. არის ნიშნები, რომ ზოგიერთი ადამიანი უკვე დაფიქრდა, თუ რა ჩაიდინა, არის ამის ნიშნები. დაფიქრდა, ამას დიდი სიბრძნე არ სჭირდება, და იცის, რომ საქართველოში არავის შერჩენია ბოროტება ერის წინაშე, მოღალატეობა. არსებობს მთელი რიგი მაგალითები იგივე ორჯონიკიძისა, იგივე მახარაძისა, იგივე ბერბიჭაშვილისა და იგივე სხვების მრავალთა, რომელთა რიგში მათ თავისი თავი ჩააყენეს. ახლა მრავალი ცდილობს, თავის დაღწევას, არ სურს შეირაცხოს მოღალატეთა წყეულ გალერეაში ამ მოღალატეებთან ერთად და, როგორც ჩანს, აპირებს საქმით გამოისყიდოს თავისი დანაშაული. ჩვენ ყოველნირად უნდა შევუწყოთ ხელი ასეთ ადამიანებს. არ არსებობს, მეგობრებო, უპატიებელი ცოდვები. უფალი გვასწავლის, რომ თუ შეინანებთ, შეგინდობთო. და ჩვენც, უფლის მიმბაძავნი უნდა ვიყოთ ამ საშინელ დროში, ამ საშინელ მდგომარეობაში. უნდა მივცეთ საშუალება ამ ადამიანებს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცრუ ფანდი, როგორც იყო მრავალჯერ. ეს უნდა იყოს ნამდვილი, საქმით გამოსყიდვა დანაშაულისა. მე ყველას ვგულისხმობ, არავინ არ არის ღვთისგან საბოლოოდ განწირული. თუ ღმერთი არ წირავს საბოლოოდ ადამიანს, არც ჩვენ გვაქვს უფლება ვინმე საბოლოოდ გავწიროთ. დაფიქრდნენ, კარგად დაფიქრდნენ, რა ჩაიდინეს, კარგად დაფიქრდნენ, რა დანაშული აქვთ საკუთარი ერის წინაშე. ვინც კარგად დაფიქრდება, ვინც დროზე დაადგება სინანულის გზას და ვინც საქმით დაგვიმტკიცებს (ჩვენ დეკლარაციები, ინტერვიუ თუ სხვაგვარი განცხადება არაფერს გვეუბნება, რადგან მთავარია საქმე – „საქმემან შენმამ გამოგაჩინოს“), უკეთუ საქმე მართლა გამოაჩენს, ჩვენ მათი საწინააღმდეგო არაფერი გვექნება, რამეთუ ჩვენ ქრისტიანები ვართ. ჩვენ ცრუ ქრისტიანები კი არა ვართ, 66 წლის ასაკში მონათლულნი ნაძალადევად, რეკლამისათვის და ფარისევლური ნიღბის გაკეთებისათვის. ჩვენ, ნამდვილი ქრისტიანული პრინციპებიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ საჭიროა დავადგეთ საყოველთაო შეწყნარებისა და ეროვნული შერიგების გზას. მაგრამ შერიგება მხოლოდ იმათთან, ვინც შეიგნებს თავის დანაშაულს ერის წინაშე, ვინც მხარში ამოუდგება ერს, ვინც ერის სასიკეთო საქმეს გააკეთებს, ვინც ერის ხსნისათვის გადადებს თავს. მხოლოდ ასეთებთან და არა ცრუ, ფარისევლური განცხადებების ან რაღაც ფანდების საფუძველზე.

გვახსოვს ჩვენ ერთი ასეთი ამბავი – 24 ივნისი, როდესაც მრავალნი გვარწმუნებდნენ, რომ ისინი ეროვნული ძალების, ეროვნული ხელისუფლების მხარეზე გადმოვიდნენ და შემდეგ რითი დამთავრდა ყოველივე: შეიტყუეს ჩვენი მომხრეები ტელევიზიაში და ამოხოცეს, დააპატიმრეს.

ჩვენ სიბრძნე ცხოვრებამ გვასწავლა, უნდა გვასწავლოს. ჩვენ უნდა დავბრძენდეთ უფრო მეტად, მეგობრებო. ახლა ასეთი დრო დადგა, ქვეყანა კრახის წინაშეა.

ერთი წლის წინ იყო ილუზიები: შევარდნაძე ჩამოვა, გადაარჩენს საქართველოს, შემოიტანს დოლარებს, შემოიტანს მარკებს, შემოიტანს ინვესტიციებს, პროდუქტებს, სურსათს და სხვა. დაპირებები მართლაც უხვია დღესაც. ალბათ, ნახავდით, პოლიტიკური არენიდან მიმავალი ბუშის დაპირებას, რომ ის სთხოვს ევროგაერთიანებას და არა ამერიკას, ამერიკის რომელიმე დაწესებულებას, რომ საქართველოს მისცეს ფქვილი. აი, ასეთი დაპირებებით კვებავენ დღემდე საქართველოს.

საქართველოს ვერავითარი ფქვილი ვერ უშველის, ვინაიდან კრიმინალური ბანდები, რომლებსაც ფაქტობრივად ხელში აქვთ ხელისუფლება ჩაგდებული, ყველაფერს მიითვისებენ. საქართველოს მთელი დოვლათი მითვისებული და განიავებულია, გატანილია თურქეთში და გაყიდულია. ფოთი არის მაფიების სათარეშო ადგილი, სადაც ყველაფერი იყიდება. სანამ ეს მაფიები არ აილაგმება, სანამ ეს კრიმინალური ბანდები არ აილაგმება, საქართველოს არაფერი ეშველება არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური თვალსაზრისით; სანამ მთავარი მოღალატე საქართველოს სათავეშია.

ჩამოსვლის პირველივე დღიდან პირდებოდა ქვეყანას სტაბილიზაციას, დამნაშავეობის აღმოფხვრას, ეკონომიკურ კეთილდღეობას. სინამდვილეში, დამნაშავეობა უფრო გააძლიერა, ვინაიდან დამნაშავეთა სამყაროს მიერ არის იგი ჩამოყვანილი და დამნაშავეთა სამყარო არის მისი ერთადერთი დასაყრდენი. ამ პიროვნებას ერთადერთი გამოსავალი აქვს, – უნდა გადადგეს. არავითარი სხვა გამოსავალი მას არ აქვს, თუ სურს გამოისყიდოს თავისი დანაშული ერის წინაშე. მე არავის, რა თქმა უნდა, რეკომენდაციებს არ ვაძლევ. მე რეკომენდაციებს გამოვთქვამ და საქართველოს ხსნისთვისაც სხვა გზა არ არსებობს, გარდა კანონიერი ხელისუფლების აღდგენისა.

მე ვიცი, რომ ბევრი საყვედური გაისმის ჩემს მიმართ, კანონიერი ხელისუფლების მიმართ თვით ჩვენს მომხრეებშიც, რომ ამ დრომდე არ ავლაგმეთ თურმე ეს ბანდები და დავუშვი ამ მოღალატური ხელისუფლების დამყარება საქართველოში. მეგობრებო, „მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო“ – ქართული ანდაზაა. ფაქტობრივად, მე დამტოვეს მარტო. გაიხსენეთ ჩემი მოწოდებები დეკემბრის პუტჩის წინ. მიტინგზეც აღარ მოდიოდა ხალხი. მართალია, დაშინებული იყო, მე მესმის, მაგრამ გაიხსენეთ ლიტვა, როგორ ამოუდგა ლიტველი ხალხი მხარში ლიტვის ხელისუფლებას, ლანდსბერგისს 13 იანვრის მოვლენების დროს. თვეების განმავლობაში მორიგეობდა ათასობით ადამიანი ლიტვის პარლამენტთან. ჩვენთან კი, რა დაინახეს სიცარიელე მთავრობის სასახლის მოედნის წინ, სწორედ მაშინ დაიწყეს პუტჩი. ასე რომ, თავის სინდისში ჩაიხედოს იმან, ვინც ამას ჩვენ გვაბრალებს. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი არ გვაიარაღებდა ჩვენ, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი აიარაღებდა პუტჩისტებს.

შიგნითაც ნახევარზე მეტი მოღალატე იყო. ამ მწარე სიმართლეს დღეს გეუბნებით. მთავრობის სახლის დამცველთა შორის ნახევარზე მეტი და თვით შტაბის უფროსი, მოღალატე იყო. აი, ასეთ მდგომარეობაში ჩამაგდეს მე და ნუ გიკვირთ შედეგები, ვინაიდან, ყოველი ერი იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც მას ჰყავს. ამიტომ უნდა დავიმსახუროთ უკეთესი.

უბრძოლველად მივიღეთ თავისუფლება და ამიტომაც დავკარგეთ ასე მალე. დღეს კი, ბრძოლით ხელახლა უნდა მოვიპოვოთ თავისუფლებაც და კეთილდღეობაც. ბრძოლის გარეშე ვერავინ ვერაფერს ვერ მოიპოვებს.

მეგობრებო! არის გამოცოცხლება ეროვნული მოძრაობისა, მაგრამ დიდი დაქსაქსულობაა. უნდა გაერთიანდეს მოძრაობა, უნდა მოხდეს დიდი კონსოლიდაცია. ეს ყველაფერი შეუძლებელია „მრგვალი მაგიდის“ აღდგენის გარეშე. „მრგვალი მაგიდა“ არის სიმბოლო ჩვენი ერთიანობისა, ჩვენი ბრძოლისა. „მრგვალმა მაგიდამ“ გააუქმა საქართველოში კომუნისტური რეჟიმი ყოველგვარი ძალადობის გარეშე, არჩევნებითა და რეფერენდუმით. „მრგვალი მაგიდა“ არის უდიდესი ძალა დღესაც, თუმც პარალიზებული. „მრგვალი მაგიდა“ უნდა აღსდგეს. მისი პოლიტიკური ორგანიზაციები, დამფუძნებელი ორგანიზაციები უნდა გააქტიურდნენ და ახალი ორგანიზაციები, თუ ისინი ნამდვილი ორგანიზაციებია და არა ხუნტის მიერ ეროვნულ მოძრაობაში შემოგზავნილი, უნდა გაერთიანდნენ „მრგვალ მაგიდაში“. უნდა ავირჩიოთ დროებითი რეგიონული სპიკერები. რიგრიგობით უნდა წარმართონ არჩეულმა სპიკერებმა „მრგვალი მაგიდის“ მუშაობა, თბილისში იქნება ეს, თუ რეგიონებში. „მრგვალი მაგიდის“ სპიკერობიდან მე არ გადავმდგარვარ, მე კვლავ სპიკერი გახლავართ, მაგრამ ცალკეულ ორგანიზაციებს, ცალკეულ განყოფილებებს სჭირდებათ სპიკერები. მათ უნდა დაიწყონ მუშაობა კონსოლიდაციისათვის და ქვეყანა კრიზისიდან, ქაოსიდან უნდა გამოიყვანონ.

ასე რომ, ბრძოლის გარდა, სხვა გზა არ დაგვრჩენია. მე ყოველ ღონეს ვხმარობ, რომ მსოფლიოს ჰქონდეს სწორი ინფორმაცია საქართველოს შესახებ. გავარღვიეთ საინფორმაციო ბლოკადა თურქეთში, ფინეთში, ავსტრიაში წასვლით, მიუხედავად იმისა, რომ ხუნტამ გააყალბა ჩემი მოგზაურობა. ისიც კი სთქვეს, რომ თურქეთში მე ყალბი პასპორტით წავედი, თურქს განაცხადებინეს. ამასთან დაკავშირებით, არსებობს საერთაშორისო სასამართლო სტრასბურგისა, სადაც უახლოეს ხანში შეტანილი იქნება საჩივარი და ჩემი პასპორტის ასლი, სადაც თურქეთის საბაჟოს შტამპია ჩარტყმული. თურქეთში მე შესანიშნავად მიმიღეს, შევხვდი პოლიტიკურ მოღვაწეებს, პარლამენტის წევრებს. მაგრამ, რა თქმა უნდა, შემდეგ ისევ საერთაშორისო პოლიტიკური მაფიის ჩართვით იქაც შემიშალეს ხელი. ავსტრიაში და ფინეთში კი ფრიად ნაყოფიერი იყო ჩემი მოძრაობა. რაც მთავარია, გაირღვა საინფორმაციო ბლოკადა. დიდ ბრიტანეთში უკვე ძალიან დაინტერესებულნი არიან საქართველოში შექმნილი მდგომარეობით. როგორც მოგახსენეთ, ჰელსინკის ჯგუფის შესანიშნავი დასკვნა არსებობს. საბოლოოდ უკვე აეხადა ფარდა ყველაფერს. ყველასთვის ნათელია, რომ დღეს საქართველო ნარკობიზნესის ხიდადაა ქცეული აზიასა და ევროპას შორის, რომ საქართველოში არის ტერორი, კრიმინალური ანარქია, ადამიანის უფლებების დარღვევა, პატიმრების წამება ციხეებში და ყოველგვარი უკეთურება.

ასე, რომ შუბი ხალთაში არ დაიმალება, მეგობრებო! ადრე თუ გვიან მსოფლიო განაჩენს გამოუტანს ამ კრიმინალურ რეჟიმს და სანამ დროა, თავს უშველონ, შეინანონ ერის წინაშე, ღვთის წინაშე, უფალი მოწყალეა.

გფარავდეთ ღმერთი, ფარავდეს ღმერთი საქართველოს და მალე გვეხილოს აღდგენილი კანონიერი ხელისუფლება.

მე ხშირად მეკითხებიან: რა არის საჭირო, რომ თქვენ დაბრუნდეთ საქართველოშიო. მეგობრებო, საერთო-სახალხო მოთხოვნის გარეშე არ დავბრუნდები. აი, ამას მოგახსენებთ. თქვენ მოგეხსენებათ, რა პირობებია შექმნილი იმისათვის, რომ მე არ დავბრუნდე. საერთო-სახალხო მოთხოვნა იქნება წინაპირობა ჩემი დაბრუნებისა. მე პიროვნულ ხელისუფლებას არ ვეჭიდები. თქვენ კარგად იცით, რომ მე საპრეზიდენტო სკამს არ ვეჭიდები. ჩემი მთავარი მიზანია საქართველოს ხსნა. მჯერა, რომ უფალი იხსნის საქართველოს.

საქართველოს იხსნიან მისი საუკეთესო შვილები, თავდადებული და თავგანწირული შვილები.

საქართველოს იხსნის მისი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
გროზნო, 1993 წლის 15 იანვარი
(ტექსტი გადმოღებულია ვიდეოჩანაწერიდან)

ქართული აზრი. – 1993. – 26 იანვარი. – №1 (29). – 1,2 გვ.

წყარო

აგვისტო 8, 2019

ზვიად გამსახურდია კრიმინალური ინტელიგენციის შესახებ

ზვიად გამსახურდია მიწის გაყიდვის და საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

80850

(საუბარი ზაარის მხარის ტელერადიოკორპორაციის კორესპონდენტ მარიელ ზაბეტ დენცერთან)

– ბატონო პრეზიდენტო, თქვენ 26 მაისს ხმების უმრავლესობით აგირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად, როგორია თქენი უახლოესი გეგმები?

– ჩვენი გეგმებია საქართველოს სახელმწიფოებრიობის სრული აღდგენა, რეფორმები ყველა სფეროში, უწინარეს ყოვლისა, ეკონომიკური რეფორმები; პრივატიზაციისა და თავისუფალი ბაზრის დამკვიდრება; სოციალისტური სტრუქტურების შეცვლა და ახალი ეკონომიკური ბერკეტების ჩამოყალიბება, მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობის დამყარება დასავლეთის კაპიტალისტურ ქვეყნებთან. მაგალითად, ჩვენ უკვე გვაქვს გერმანიასთან კონტაქტები და ვაპირებთ ასევე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას სხვადასხვა ქვეყნებთან.

– თქვენ ბრძანეთ ეკონომიკური რეფორმების შესახებ, უკვე 7 თვეა ხელისუფლების სათავეში ბრძანდებით. კონკრეტულად, რა გიშლით ხელს ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში?

– ყველა კანონი საფუძვლიანად უნდა მომზადდეს. ნაუცბათევად ასეთი კანონების მიღება არ შეიძლება. ახლა მომზადდა კანონი მიწის საკუთრების შესახებ. ასევე კანონი მოქალაქეობის შესახებ. ამ კანონებს უახლოეს ხანებში მივიღებთ. ასევე მზადდება კანონები პარტიებისა და პრესის შესახებ.

– კანონები პირველი წაკითხვით იქნება მიღებული?

– დიახ, ალბათ, ყველა ამ კანონს მალე პირველი წაკითხვით მივიღებთ.

– კონკრეტულად, თუ შეიძლება მითხარით, ვის შეუძლია მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა?

– ყველას, ვინც საქართველოში ცხოვრობს მუდმივად, შეუძლია მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა.

– სომხებიც, რომლებიც 10 წელი ცხოვრობენ საქართველოში, მიიღებენ მოქალაქეობას?

– რა თქმა უნდა, სომხებიც, აზერბაიჯანელები და რუსები, ეროვნების მიუხედავად მიიღებენ მოქალაქეობას. მხოლოდ სამომავლოდ, როცა უცხოეთიდანაც ჩამოვლენ ჩვენთან საცხოვრებლად, საჭირო იქნება გარკვეული ვადის შემოღება.

– მაინც რამდენი წელი?

– მე ვფიქრობ, 5 წელი. ამ ვადით აძლევენ მოქალაქეობას დემოკრატიულ ქვეყნებში. როცა უცხოელი ჩამოდის საცხოვრებლად უცხო ქვეყანაში, გარკვეული დრო უნდა დაჰყოს ამ სახელმწიფოში, სანამ მოქალაქეობას მიიღებს.

– თუ შეიძლება მიამბეთ პრივატიზაციის შესახებ. ვინ ისარგებლებს ამ უფლებით?

– მცირე სახის პრივატიზაცია უკვე ხორციელდება საქართველოში: მაღაზიების, პატარა საწარმოების და ქარხნების გარკვეული ნაწილი კერძო საკუთრებაში გადადის, უფრო მასშტაბურად, ერთბაშად შეუძლებელია განხორციელდეს. ყველაფერი საფუძვლიანად უნდა მომზადდეს. საამისოდ აუცილებელია გამოვეყოთ საბჭოთა კავშირს. ახლა ჩვენ საბჭოთა ეკონომიკასთან მჭიდროდ ვართ დაკავშირებული, ჩვენ უნდა გავწყვიტოთ ყველა ეს კონტაქტი და ჩამოვაყალიბოთ ახალი ეკონომიკური სტრუქტურები, დამოუკიდებელი ეკონომიკა.

– მაგრამ მეურნეობა რომ განვითარდეს და ხალხის დაინტერესებაც რომ გაიზარდოს, საჭიროა სრული პრივატიზაცია.

– მთელი მეურნეობა უნდა ეფუძნებოდეს პრივატიზაციას.

– თქვენ ბრძანეთ, რომ პრივატიზაციის კანონს მიიღებთ პირველი წაკითხვით. – როგორია ეს კანონი?

– ამ კანონით პირველ რიგში დამტკიცდება მიწის საკუთრება. მიწა გადაეცემათ ადამიანებს და ასევე აგრარული დარგებიც.

– ვინ იქნებიან მიწის მფლობელები?

– მიწათმოქმედები…

– თქვენ ბრძანეთ, რომ მზადდება კანონი პრესის შესახებ, დღესდღეობით ტელევიზია და რადიო სახელმწიფო დაწესებულებაა. ამ მხრივ თუ იქნება რაიმე სიახლე?

– იქნება კერძო ტელევიზია და რადიო. უკვე არსებობს რამდენიმე არხი. მაგალითად, საკაბელო ტელევიზიები.…

– თქვენ როგორ ფიქრობთ, სადღეისოდ საქართველოს პრესა თავისუფალია?

– ყველა ჩემს მოწინაღმდეგეს შეუძლია თავისი სტატია დაბეჭდოს ამა თუ იმ გაზეთში და იყოს პოლემიკა ჩვენს შორის. მოწინააღმდეგეებს აქვთ, აგრეთვე საკუთარი გამოცემები. დაგისახელებთ ოპოზიციური გაზეთების სათაურებს: „ საქართველო“, „დრონი“, „კაბადონი“, „ერისიონი“, „აიდგილარა“, „სოვეტსკაია ოსეტია“ და სხვა.

– თქვენი მიზანია, საქართველო რაც შეიძლება მალე ჩაებას ხალხთა საერთაშორისო თანამეგობრობაში. ამ გზაზე როგორია თქვენი კონკრეტული ნაბიჯები?

– საქართველო ყოველთვის იყო ქვეყანა, სადაც მრავალი ეროვნების წარმომადგენლები ცხოვრობდნენ და ყველა ხალხს ჰქონდა გარანტირებული უფლებები. სხვა ეროვნების წარმომადგენლებს პრობლემები არა აქვთ. ასევე იქნება მომავალშიც.

– დასავლეთის ქვეყნების მიერ ჯერ კიდევ არ არის აღიარებული საქართველო, რა არის ამის მიზეზი?

– ეს ხდება კრემლის და მიხეილ გორბაჩოვის პოლიტიკის გამო, რადგანაც ჯერ კიდევ მიხეილ გორბაჩოვს დიდი გავლენა აქვს მსოფლიოში. ყველაფერი ეს მოდის კრემლიდან, ცენტრიდან.

– თქვენ აპირებთ შეხვდეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს და შემოდგომაზე აპირებთ ვიზიტს ევროპის ქვეყნებში. რას მოელით ამ შეხვედრებიდან?

– უპირველესი მიზანია საქართველოს დიპლომატიური აღიარება.

– საგარეო საქმეთა მინისტრის ხოშტარიას შეხვედრა საფრანგეთისა და გერმანიის ადმინისტრაციასთან არ შედგა, როგორ გგონიათ, მიგიღებთ კოლი?

– ყველაფერი ეს უნდა მომზადდეს. ახლა არ შემიძლია ვთქვა, თუ რა მოხდება მომავალში, მაგრამ ვფიქრობ, დასავლეთის ქვეყნების დამოკიდებულება ჩვენს მიმართ უნდა შეიცვალოს.

– თქვენი მიზანი როგორია, როგორ უნდა იცნობდნენ საქართველოს დასავლეთში?

– დასავლეთში საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს. ამაზე გავლენას ახდენს მოსკოვი, კრემლი. ყველა ეს არასწორი ინფორმაცია მიდის მოსკოვიდან – დასავლელი ჟურნალისტები აკრედიტებული არიან მოსკოვში. ჩვენ ვებრძვით ამ კამპანიას, დეზინფორმაცია უნდა დავამარცხოთ. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ობიექტური ინფორმაცია გავაგზავნოთ დასავლეთში. მაგალითად, „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ ბეჭდავს „იზვესტიის“ სტატიებს ჩვენს შესახებ. აქვეყნებს ყოველგვარი კრიტიკის გარეშე. ეს, რა თქმა უნდა, არასწორია.

– როგორ გგონიათ, რამდენი წელი დასჭირდება საქართველოს სრულ დამოუკიდებლობამდე? როდის ექნებათ ქართველებს მსოფლიოში თავისუფლად მიმოსვლის უფლება?

– ჩემის აზრით, ეს არის დროის პრობლემა და დამოკიდებულია დასავლეთის პოზიციაზე საბჭოთა რესპუბლიკებისადმი და ამ რესპუბლიკების თავისუფლებისაკენ სწრაფვაზე.

– თქვენ ბრძანეთ, რომ რაც შეიძლება მალე უნდა გამოეყოს საქართველო საბჭოთა კავშირს, კონკრეტულად, როგორ შეიძლება ამის მიღწევა, საბჭოთა კავშირი ხომ დღეს იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია საქართველო ყველა მხრიდან შებოჭოს?

– მართალია, მაგრამ ჩვენ ვიბრძვით და იმედი გვაქვს, რომ დასავლეთის ქვეყნები დაგვეხმარებიან. იმედი გვაქვს, რომ ისინი გვაღიარებენ და ეს ჩვენთვის უდიდესი დახმარება იქნება.

– როგორია თქვენი დამოკიდებულება გორბაჩოვთან?

– ბოლომდე არ არის გარკვეული. გორბაჩოვს არა აქვს ნათელი პოზიცია რესპუბლიკების მიმართ.

– ცოტა ხნის წინათ მან აუწყა მსოფლიოს, რომ რესპუბლიკები, რომლებიც დამოუკიდებლობისათვის იბრძვიან და არ მოაწერენ ხელს სამოკავშირეო ხელშეკრულებას, მოიპოვებენ დამოუკიდებლობას. თქვენ გჯერათ ეს?

– ჯერჯერობით ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვებია, მაგრამ, მე მგონია, ეს მაინც ასე იქნება დასავლეთის ქვეყნების ზეწოლის შედეგად.

– რუსეთის პრეზიდენტად აირჩიეს ელცინი. რა ურთიერთობა გაქვთ ელცინთან?

– ნორმალური ურთიერთობა. მომავალში, ალბათ, ხელს მოვაწერთ საქართველოსა და რუსეთს შორის ხელშეკრულებას.

– რა ხელშეკრულება იქნება ეს?

– სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის შესახებ.

– როგორ გგონიათ, რუსეთსაც უნდა დამოუკიდებლობა? შეუძლია მას დაეხმაროს ამ გზაზე საქართველოს?

– მე მგონი, კი. მოსკოვში ძლიერი დემოკრატიული ძალებია თავმოყრილი. ბორის ელცინიც დემოკრატიული ფრთის წარმომადგენელია, მათი ლიდერია.

– თუ არსებობს საქართველოში ნამდვილი ოპოზიცია?

– არსებობს, მაგალითად, სახალხო ფრონტი, კომპარტია, ბლოკი „თავისუფლება“, თანხმობისა და აღორძინების კავშირი. ისინი ჩემი მოწინააღმდეგენი იყვნენ პრეზიდენტის არჩევნებში, ჩვენ დისკუსიას ვაწარმოებდით, ისინიც მაკრიტიკებდნენ. მაგრამ ვისაც კავშირი აქვთ დამნაშავეებთან, სჩადიან კრიმინალურ ქმედებებს, მათ ოპოზიციად ვერ ჩავთვლით.

– ყოფილი ოსეთის ოლქის შესახებ მინდა გკითხოთ. შეიქმნა კომისია, თუ მიაღწია ამ კომისიამ შედეგს?

– კომისიამ დაწერა ობიექტური დასკვნა. მან აღიარა, რომ ეს არის საქართველოს მიწა, და ოსებს არა აქვთ უფლება გამოაცხადონ ახალი რესპუბლიკა. იქ მოქმედებენ კრიმინალური ბანდები, რომლებიც ხალხის წინააღმდეგ იბრძვიან. ყველა ჭკვიანი ოსი ქართველებთანაა, მათ არ უნდათ ავტონომიური ოლქი, არც რესპუბლიკა. მათ კარგი ურთიერთობა აქვთ ქართველებთან, ასე იქნება მომავალშიც.

– თქვენ აყალიბებთ ეროვნულ გვარდიას. რა მიზანი გაქვთ, როგორი უფლებები ენიჭება არმიას?

– ეს არ არის არმია, ეს არის პოლიციის ჯარები. ეს გამიზნულია კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ. არსებობენ კრიმინალური ჯგუფები და ჩვენ ვიბრძვით მათ წინააღმდეგ, რათა რესპუბლიკაში დამყარდეს წესრიგი. დავაპატიმრეთ ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, ჯაბა იოსელიანი. ეს ხალხი რომ არ დაგვეპატიმრებინა, საქართველოში მოსალოდნელი იყო სამოქალაქო ომი. ისინი პირდაპირ, პრესით იმუქრებოდნენ სამოქალაქო ომით.

– არსებობს ქართული კგბ?

– დიახ, არსებობს. თანდათან კგბ ეროვნული ხდება.

– ვინ აფინანსებს კგბ-ს?

– ჯერჯერობით ნაწილობრივ მოსკოვი. ერთბაშად ამის გადაწყვეტა დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. ამას თანდათანობით გავაკეთებთ.

– …ახლა აფხაზეთის შესახებ. არძინბამ საუბარში მითხრა, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოაწეროს ხელი სამოკავშირეო ხელშეკრულებას.

– გაუჭირდება. მოსახლეობა ამის წინააღმდეგია. არძინბას დიდი ოპოზიცია ჰყავს არა მარტო ხალხში, არამედ პარლამენტშიც. ამიტომ, ეს შეუძლებელია, მე ასე მგონია.

– აფხაზეთს უნდა, რომ გამოეყოს საქართველოს. როგორ ფიქრობთ, ეს შესაძლებელია?

– არა, ეს შეუძლებელია!

– რაიმე სიძნელეები ხომ არა გაქვთ ყოფილ კომუნისტებთან ურთიერთობაში?

– არა, აუგი მხოლოდ ზოგიერთების მიმართ შეიძლება ითქვას, რომლებიც მოსკოვში წავიდნენ და მოქმედებენ, როგორც კრემლის აგენტები. ისინი ახლა ჩვენს წინააღმდეგ იბრძვიან. ესენი არიან ფოფხაძე, მგელაძე, რომლებიც გავლენას ახდენენ მოსკოვისა და საზღვარგარეთის პრესაზე. ისინი არიან კრემლის პირდაპირი აგენტები. აქ მყოფი კომუნისტები კი არ არიან ძალიან მტრულად განწყობილი ჩვენს მიმართ.

– ადვაძეც?

– ადვაძეც კრემლის მებრძოლია.

– ამჟამინდელი თქვენი უდიდესი სურვილი?

– საქართველოს სრული დამოუკიდებლობა და სხვა სახელმწიფოების მიერ საქართველოს დიპლომატიური აღიარება.

– გამსახურდიას, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, რა გატაცება აქვს?

– ომში გატაცება არ არსებობს. ომის დროს ერთადერთი გატაცება ბრძოლაა. დასავლეთის ბედნიერი სახელმწიფოების პრეზიდენტები ბედნიერად ცხოვრობენ და არა ისე, როგორც მე. ჩემი ცხოვრება ბრძოლაა.

საქინფორმი
წყარო

ოქტომბერი 8, 2014

დაზმირ ჯოჯუა – 1991 წლის აგვისტოს პუტჩი და საქართველო

femap

როცა 1870-1871 წლების საფრანგეთ-პრუსიის ომის შემდეგ საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის პირველმა პრეზიდენტმა ა. ტიერმა ცნობილ გერმანელ ისტორიკოსს რანკეს ჰკითხა: “ვის ებრძვის გერმანია ნაპოლეონს III-ის დამხობის შემდეგ? – რანკემ უპასუხა: “გერმანია ებრძვის ლუდოვიკო XIV-ს”. პასუხი სავსებით ნათელია იმათთვის, ვისაც თუნდაც ზედაპირული წარმოდგენა აქვს ევროპის ისტორიაზე: მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ელზასი და ლოთარინგია საფრანგეთმა სწორედ ლუდოვიკო XIV-ის დროს შეიერთა[1]. ამავე ლოგიკით, ვთქვათ, გერმანია 1914-1918 წლებში ებრძოდა ივანე მრისხანესა და პეტრე პირველს.

1991-1993 წლებში რუსეთი ებრძოდა დავით აღმაშენებელსა და გიორგი ბრწყინვალეს, სიმონ I-სა და ილია ჭავჭავაძეს, ე.ი. ებრძოდა არა ზ. გამსახურდიას “დიქტატურას” და “ავტორიტარულ მმართველობას”, არა ოსებისა და აფხაზების “გენოციდის” სურვილით შეპყრობილ ქართულ “ფაშიზმს”, არამედ საქართველოს ერთიანობის სტრატეგიას, მისი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღდგინების იდეას. ამ ბრძოლაში კრემლის იმპეროკრატიას მრავლად ჰყავდა საყრდენი ძალების როლში XX საუკუნის ლიპარიტ ბაღვაშები თუ „ცივის მთაზე გაჟლეტილი ერისთავები“, დაუდ-ხანები თუ სერგო ორჯონიკიძეები. აქ საქმე მხოლოდ იმაში როდია, რომ რუსეთი ცდილობდა და ყოველთვის ეცდება ქართული მიწების მიტაცებას ე.წ. „მცოცავი ანექსიის“ გზით. ეს პრობლემა გაცილებით რთული და მრავალწახნაგოვანია და მისი ობიექტური გააზრება მხოლოდ გეოპოლიტიკის კოგნიტიური სტრუქტურების პრიზმაშია შესაძლებელიც და აუცილებელიც.

XX საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში საბჭოთა კავშირში საგრძნობლად გააქტიურდნენ მძლავრი ტექტონიკური ძალები, რომელთაც შეეძლოთ ამ იმპერიის მთელი გეოპოლიტიკური კონფიგურაციის რადიკალური შეცვლა. მ. გორბაჩოვის „პერესტროიკასთან“ ერთად, მადესტაბილიზებელ ძალებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ქართულმა ეროვნულ-გამათავისუფლებელმა მოძრაობამ. 1990 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ მშვიდობიან ეროვნულ-კონსერვატიულ რევოლუციას, ქართული ეროვნული მოძრაობა გახდა სახელმწიფოს პოლიტიკური ხელისუფლება. 1990 წლის 14 ნოემბერს ახლადარჩეული უზენაესი საბჭოს პირველსავე სესიაზე მის თავმჯდომარედ აირჩიეს ზვიად გამსახურდია. საქართველო გამოცხადდა რესპუბლიკად და აღდგენილ იქნა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სიმბოლიკა. „გარდამავალი პერიოდის შესახებ“ მიღებულ დადგენილებაში ეროვნულმა პარლამენტმა გამოაცხადა გარდამავალი პერიოდი საქართველოს დამოუკიდებლობის სრული (დე-ფაქტო და დე-იურე) აღდგენისათვის საფუძვლების შემზადების მიზნით. თავის საპროგრამო გამოსვლაში ზ. გამსახურდიამ აღნიშნა, რომ „ახალ ეტაპზე ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის თავისებურება იმაში მდგომარეობდა, რომ ამიერიდან ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის სათავეში ჩაუდგა უზენაესი საბჭო, როგორც ხელისუფლების არჩეული ორგანო“[2]. მაშასადამე, მოხდა ეროვნული მოძრაობის ლეგიტიმიზაცია, გასახელმწიფოებრივება. ეროვნულ პარლამენტს ენიჭებოდა დუალისტური ფუნქცია – ის წარმოადგენდა როგორც ლეგიტიმურ საკანონმდებლო ხელისუფლებას, ისევე ეროვნული მოძრაობის წარმმართველ ცენტრსაც, ეროვნული დაუმორჩილებლობის ძირითად იურიდიულ ინსტიტუტს.

ზ. გამსახურდიას გარდამავალი ხელისუფლება არ შეიძლება ჩაითვალოს (ობიექტურად ვერც იქნებოდა) სრულფასოვან ლიბერალურ დემოკრატიად. ის შეიძლება შეფასდეს, როგორც მართვადი დემოკრატია ავტორიტარული და ქარიზმატული ტენდენციებით, როგორც საპრეზიდენტო ხელისუფლების დომინირება ელიტური ურთიერთობების პლურალისტური სტრუქტურების შენარჩუნებით. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკასა და დიპლომატიურ დოქტრინას; 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ეყრდნობოდა რა ამავე წლის 31 მარტის საერთოეროვნული რეფერენდუმის შედეგებს, ოფიციალურად გამოაცხადა სახელმწიფოებრიობის აღდგენის შესახებ და მიიღო შესაბამისი დოკუმენტი – დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. არსებითად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გულისხმობდა რუსეთთან და იმ პერიოდისათვის ჯერ კიდევ არსებულ სსრკ-სთან სუბორდინაციული სახელმწიფოებრივი კავშირების გაწყვეტას და თვისობრივად ახალი ტიპის, თანასწორუფლებიანობასა და საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმების პრიორიტეტზე დამყარებული ურთიერთობებისათვის მზადყოფნას. ამიტომ ცხადია, რომ ახალი ქართული სახელმწიფოს დიპლომატიისა და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ვექტორი, გარკვეული პოზიტიური გაგებით, ჩრდილოეთისაკენ იყო მიმართული.

ქართული დიპლომატიის ამ „ჩრდილოეთის ვექტორის“ მნიშვნელობას ზრდიდა ის გარემოებაც, რომ საქართველოს, როგორც სსრ კავშირის ყოფილი რესპუბლიკის საერთაშორისო ცნობის პერსპექტივა ძირითადად სწორედ საბჭოთა კავშირში განვითარებულ პროცესებზე იყო დამოკიდებული. ამასთან, ზ. გამსახურდია კარგად აცნობიერებდა მოსკოვთან ურთიერთობის რეგიონალურ განზომილებას – ეს ურთიერთობა აქტუალური იყო კავკასიის რეგიონში სტაბილური გეოპოლიტიკური სივრცის შექმნის თვალსაზრისითაც. სსრკ-ის დაშლამდე (1991 წლის დეკემბერი) ქართული დიპლომატიის „ჩრდილოეთის ვექტორი“ ორი მიმართულებით ვითარდებოდა. ეს გამოწვეული იყო იმპერიის სივრცეში ორი დიდი პოლიტიკური ცენტრის – სსრკ-ის ხელისუფლებისა და საკუთრივ რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლების ერთდროული არსებობით.

ზ. გამსახურდიას ურთიერთობა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობასთან მუდმივი დაძაბულობისა და კონფრონტაციის ვითარებაში წარიმართა. ეს გამოწვეული იყო პრეზიდენტ მ. გორბაჩოვის აშკარად ანტიქართული პოლიტიკით „სამაჩაბლოს საკითხში“. ამავე დროს, კრემლის სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევდა საქართველოს კატეგორიული უარი მონაწილეობა მიეღო ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების (ე.წ. „ნოვო-ოგარიოვოს პროცესი“) მომზადებაში და ამ ფორმით არ შეეწყვიტა თავისი წევრობა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. სამაგიეროდ, საწყის ეტაპზე ერთგვარი აღმასვლით ვითარდებოდა ურთიერთობა რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ელიტასთან. მაგ: „სამაჩაბლოს საკითხში“ ბ. ელცინმა მაშინ კონსტრუქციული პოზიცია დაიკავა, რასაც მოჰყვა მისი და ზ. გამსახურდიას შეხვედრა ყაზბეგში 1991წ. 23 მარტს და ე.წ. „ყაზბეგის დეკლარაციის“ ხელმოწერა[3]. დეკლარაციაში ხაზგასმული იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მის საშინაო საქმეებში რუსეთის ყოველგვარი ჩარევის დაუშვებლობა. ამავე პოზიტიური კუთხით შეიძლება განვიხილოთ ზ. გამსახურდიას მონაწილეობა მოსკოვში გამართულ ბ. ელცინის საპრეზიდენტო ინაუგურაციაში (1991წ. ივნისი).

საქართველო-რუსეთის ურთიერთობანი რადიკალურად შეიცვალა 1991 წლის 18-21 აგვისტოს მოსკოვში განვითარებული მოვლენების შემდეგ. ცნობილია, რომ ეს მოვლენები ისტორიოგრაფიასა და პოლიტიკურ პუბლიცისტიკაში „აგვისტოს პუტჩის“ დეფინიციით არის შესული[4]. მოსკოვის პუტჩი, მიუხედავად მცირე ქრონოლოგიური ლოკალიზაციისა, იმდენად რთული და მრავალწახნაგოვანი მოვლენაა, რომ მის შესახებ სრულყოფილი, თუნდაც მხოლოდ მიმოხილვითი ნაშრომის შექმნა დიდ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. ამავე დროს, უაღრესად რთული სამეცნიერო პრობლემაა პუტჩის მიმართ საქართველოს ეროვნული ხელისუფლების დამოკიდებულების სრული
და ამომწურავი ანალიზი. ამიტომ, ჩვენ ხაზი გავუსვით მხოლოდ პროცესის შინაგანი დინამიკის განმაზოგადებელ მომენტებს, რის გამოც საკითხები, რომლებიც პრობლემის მეცნიერული გადაწყვეტისათვის არის საჭირო, ჩვენს მიერ დასმულია საბოლოო გარკვევის პრეტენზიის გარეშე.

პრობლემის სრულფასოვანი მეცნიერული ატრიბუცია აშკარად გაძნელებულია წყაროებრივი ბაზის უაღრესად შეზღუდული რაოდენობით. გარკვეული მიზეზების გამო პუტჩის მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულების ამსახველი საარქივო მასალა ფაქტობრივად არ არსებობს, ხოლო კულუარული ინფორმაციები მათი ავტორების პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიებით და ღრმა ფსიქოლოგიზმით არის აღსავსე, რის გამოც მათი რეპრეზენტატულობის ხარისხი საკმაოზე დაბალია. ამან საშუალება მისცა ოპოზიციურ პოლიტიკურ პუბლიცისტიკას (მაგ., თ. სიგუას ინტერვიუები და მათში აქცენტის გაკეთება ე.წ. „იანაევის დაკითხვის ოქმებზე“, პუტჩისტური „გენერალიტეტის“ წარმომადგენელთა (თ. კიტოვანი, თ. დუმბაძე, გ. ლანჩავა) „მტკიცებები“ გკჩპ-თან ზ. გამსახურდიას თითქოსდა შემთანხმებლურ ურთიერთობებზე და სხვ.) და ისტორიოგრაფიას (მაგ., უ. ბლუაშვილის ფაქტობრივად ცალმხრივი და არაფრისმთქმელი რიტორიკა გ. იანაევის ხუნტასთან თანამშრომლობით(?) ზ. გამსახურდიას მიერ ჩადენილი „დანაშაულის“ შესახებ[5] და ა.შ.), შეექმნა აშკარად მანიპულატორული და პიარტექნოლოგიური სურათი ამ პრობლემატური საკითხის გარშემო. აღნიშნულ „კონცეფციათა“ არადიპლომატიური და დილეტანტური „გნოსისი“ მათ ავტორთა ტენდენციურობის პროდუქტია. „შევარდნაძის ეპოქამ“ მართლაც რომ დიდი მანიპულატორები და კომბინატორები წარმოშვა და არა მხოლოდ პოლიტიკოსთა შორის.

დღემდე განსახილველ პრობლემასთან მიმართებაში შეიმჩნევა ერთგვარი პუბლიცისტური რედუქცია – უაღრესად რთული მოვლენის ერთგვარი გამარტივება, მთელი პროცესის დაყვანა ეროვნული გვარდიის სტატუსი ფორმალურ-იურიდიულ შეცვლაზე და 1991 წ. 19 აგვისტოს შესაბამისი ბრძანებულებების აბსოლუტიზაციაზე. ჩვენი ძირითადი ამოცანა სწორედ ამ რედუქციონიზმის უარყოფა და პრობლემის კომპლექსური ობიექტური ანალიზია. რაც შეეხება ზემოთთქმულ წყაროთმცოდნეობით „სივიწროვეს“, ისტორიოგრაფიაში
აპრობირებულია სპეციფიკური, ასე ვთქვათ, კონტრმეთოდი: სამეცნიერო კვლევა-ძიებისას დასაშვებია და ბუნებრივიც, რომ ესა თუ ის
მოვლენა, რომელიც შეუძლებელია აღდგეს საარქივო და სხვა სახის წყაროებით, რეკონსტრუირებულ იქნეს კონკრეტულ-ისტორიული სიტუაციის გათვალისწინებით და ლოგიკური ანალიზის გზით. ამ შემთხვევაში ისტორიული „ლოგოსი“ აკომპენსირებს ისტორიული ფაქტოგრაფიის არასაკმარისობას.

საქართველოს ეროვნული ხელისუფლება კარგად აცნობიერებდა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის საბჭოთა და რუსული იმპერიალიზმის მხრიდან მომდინარე საფრთხეებს და რისკის ფაქტორებს. მან იმთავითვე აირჩია სრული სუვერენიტეტისა და დეოკუპაციის კურსი და უარი თქვა მ. გორბაჩოვის ადმინისტრაციის ეგიდით მიმდინარე ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების მომზადების პროცესში (ე.წ. „ნოვო-ოგარიოვოს პროცესში“) მონაწილეობაზე[6]. საქართველომ, ბალტიის ქვეყნებმა, სომხეთმა და მოლდოვამ 1991 წ. მაისში დააფუძნეს ალტერნატიული „კიშინიოვის ფორუმი“, როგორც სამოკავშირეო ხელშეკრულების არმომწერ სახელმწიფოთა თანამშრომლობისა და კოორდინაციის სახელმწიფოთაშორისი კოალიცია.

როგორ წარიმართა აგვისტოს პუტჩი, როგორც პოლიტიკური პროცესი? იმთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი წარმოადგენდა არა იმდენად დაპირისპირებას დემოკრატიისა და კონსერვატიული რეაქციის ძალებს შორის, რამდენადაც ბრძოლას ძალაუფლებისათვის პარტიულ-ნომენკლატურულ დაჯგუფებებს შორის და, აქედან გამომდინარე, ნომენკლატურული გადატრიალების, შიდასახელისუფლებო ფრონდის მცდელობას. რაც შეეხება ხსენებულ დაჯგუფებათა გეგმებში საბჭოთა სივრცის პოლიტიკურ-ტერიტორიული მოწყობის პროექტებს, აქ ერთმანეთს დაუპირისპირდა არსებული იმპერიის შენარჩუნებისა და „ელცინის გუნდის“ მიერ შემუშავებული „ლიბერალური იმპერიის“ სტრატეგიები. აგვისტოს მოვლენების შინაგანი არსის ამგვარ დეფინიციას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ზ. გამსახურდიას მიერ გამოჩენილი ნეიტრალიტეტის მართლზომიერების მტკიცებისათვის. მაგრამ ამაზე ქვემოთ.

„ნოვო-ოგარიოვოს პროცესი“ დასასრულს მიუახლოვდა და ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერის დღედ 1991 წ. 20 აგვისტო დადგინდა. 29 ივლისს მ. გორბაჩოვი კონფიდენციალურ ვითარებაში შეხვდა რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებს – ბ. ელცინსა და ნ. ნაზარბაევს და მათთან განიხილა სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომი საკადრო ცვლილებები სსრკ-ს უმაღლეს ხელმძღვანელობაში[7]. დადგენილია, რომ კონკრეტულად საუბარი იყო ვ. პავლოვის (პრემიერ-მინისტრი), ბ. პუგოს (შინაგან საქმეთა მინისტრი), დ. იაზოვის (თავდაცვის მინისტრი) და ვ. კრიუჩკოვის (სუკ-ის თავმჯდომარე) გადაყენებაზე[8]. ამდენად, ცხადზე უცხადესია, რომ 20 აგვისტოს ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების დადებისთანავე ზემოხსენებული პირები ავტომატურად კარგავდნენ თანამდებობრივ სტატუსს საბჭოთა იმპერიის უმაღლეს იერარქიაში. გადატრიალების ორგანიზაციისთვის მათი ნომენკლატურული ინტერესები სავსებით ნათელია. არადა, სწორედ ეს „ოთხეული“ გახდა პუტჩის თავისებური მენტალური ცენტრი.

18 აგვისტოს ფოროსის აგარაკზე მ. გორბაჩოვთან (ის აქ ისვენებდა 5 აგვისტოდან) გამოცხადდნენ ო. ბაკლანოვი, ნ. შენინი, გენ. ვ. ვარენიკოვი და ა. პლეხანოვი. დელეგაციამ გორბაჩოვს უჩვენა მომავალი საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტის (ე.წ. ГКЧП – Государственный комитет по чрезвычайному положению. ჩვენს ტექსტში ქართული აბრევიატურა ვამჯობინეთ – შემდეგში „სმსკ“ – დ.ჯ.) შემადგენლობა და მოსთხოვა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ ბრძანებულების ხელმოწერა[9]. მ. გორბაჩოვმა კატეგორიული უარი განაცხადა ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის სამართლებრივი რეჟიმის დაწესებაზე, რაც ინიციატორებს შეთქმულებად და არალეგიტიმურ დაჯგუფებად აქცევდა. მოსკოვში დაბრუნებისთანავე მათ პრეზიდენტი არაქმედუნარიანად გამოაცხადეს და ჩამოაყალიბეს საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტი, როგორც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში სსრკ-ის მართვის მთავარი ორგანო. სმსკ-ში შევიდნენ: გ. იანაევი – პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ვ. პავლოვ – პრემიერ-მინისტრი, ბ. პუგო-შინაგან საქმეთა მინისტრი, ვ. კრიუჩკოვი – სუკ-ის თავმჯდომარე, დ. იაზოვი – თავდაცვის მინისტრი, ო. ბაკლანოვი – სსრკ-ს თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვ. სტაროდუბცევი – სსრკ-ს აგრარიკოსთა კავშირის თავმჯდომარე და ა. ტიზიაკოვი – სსრკ-ს სახელმწიფო საწარმოების და მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის ობიექტების ასოციაციის პრეზიდენტი[10]. 1991წ. 19 აგვისტოს გამოქვეყნდა სმსკ-ის #1 ბრძანებულება, რომელშიც პუტჩისტები აცხადებდნენ მათ მიერ განხორციელებული აქციის კანონიერებისა და მართლზომიერების შესახებ, ასევე ღიად აფიქსირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების მიზეზებს – ქვეყნის სუვერენიტეტისათვის დამღუპველი პოლიტიკის შეჩერება და სსრკ-ს ერთიანობის შენარჩუნება. სმსკ-მა გამოაცხადა – ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობის შემოღება, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აკრძალვა, მიტინგებისა და დემონსტრაციების აკრძალვა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე სახელმწიფო კონტროლის დაწესება და ა.შ.[11].

ჩვენს მიერ დასმული პრობლემის კონტექსტში განსაკუთრებით აქტუალურია სმსკ-ის #1 ბრძანებულების (სულ იგი შეიცავდა 16 პუნქტს) რამდენიმე პუნქტი, რომლებსაც სრულად მოვიყვანთ:

2.  …. დაუყოვნებლივ გაუქმდეს სსრკ კონსტიტუციისა და კანონების საწინააღმდეგოდ მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოები, გასამხედროებული ფორმირებანი.

  1. ამიერიდან უკანონოდ ითვლება ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოთა ის კანონები და გადაწყვეტილებები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სსრკ კონსტიტუციასა და კანონებს.
  2. შეწყდეს იმ პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მასობრივი მოძრაობების მოღვაწეობა, რომლებიც ხელს უშლიან ვითარების ნორმალიზაციას.
  3. … აუცილებლობის შემთხვევაში შემოღებულ იქნას კომენდანტის საათი, ტერიტორიის პატრულირება, სასაზღვრო და საბაჟო რეჟიმის გამკაცრება. კონტროლქვეშ უნდა იქნას აყვანილი უმთავრესი სახელმწიფო და სამეურნეო და სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტები…“[12]

როგორც ვხედავთ, აგვისტოს პუტჩი ხდებოდა სერიოზული რისკის ფაქტორი საქართველოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებისათვის. მისი თუნდაც დროებითი წარმატება ჩვენს ქვეყანაშიც და მის ირგვლივაც პერმანენტული დაძაბულობის სერიოზულ და სახიფათო კერებს ქმნიდა. ზემოთმოყვანილი #1 გადაწყვეტილების რეალიზაცია საქართველოს მუდმივი დესტაბილიზაციის პერსპექტივით ემუქრებოდა. კერძოდ: მე-2 პუნქტი კანონგარეშე აცხადებდა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს, პრეფექტურის ინსტიტუტს, 1991 წლის იანვარში ჩამოყალიბებულ ეროვნულ გვარდიას, ასევე ოპოზიციურ ეროვნულ კონგრესში ინტეგრირებულ პარამილიტარულ ჯგუფებს; მე-3 პუნქტი ავტომატურ რეჟიმში აუქმებდა საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ 1990 წლის 11 ნოემბრიდან მიღებული კანონების, ნორმატიული აქტებისა და გადაწყვეტილებების უმრავლესობას, მათ შორის, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებს და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს; მე-4 პუნქტი კრძალავდა არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების, არამედ თვით მმართველი ბლოკის ფუნქციონირებას; მე-7 პუნქტი ითვალისწინებდა საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლით საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შენაერთების საჭიროებისამებრ გამოყენებას.

ეროვნული გვარდიის (ისევე, როგორც სხვა რესპუბლიკის ანალოგიური შენაერთების) ლიკვიდაციის მოთხოვნა ხაზგასმით დააფიქსირა სმსკ-ის თავმჯდომარემ გ. იანაევმა თავის 18 აგვისტოს „მიმართვაში“, რომლის ადრესატები იყვნენ გაერო-ს გენერალური მდივანი და მსოფლიოს სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები: „… გათვალისწინებულია იმ ანტიკონსტიტუციური, უკონტროლო და არსებითად დანაშაულებრივი სამხედრო ფორმირებების ლიკვიდაცია, რომლებიც თესავენ მორალურ და ფიზიკურ ტერორს სსრკ-ის მთელ რიგ რეგიონებში და წარმოადგენენ დეზინტეგრაციული პროცესების კატალიზატორებს“[13]. ყველამ კარგად იცის, თუ რა „მორალური და ფიზიკური ტერორი დათესა“ საქართველოს ეროვნულმა გვარდიამ შიდა ქართლში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამაჩაბლოს ქართული მოსახლეობის დაცვისათვის მიმდინარე სამართლიან ომში.

1991წ. 19 აგვისტოს სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ ა. ლუკიანოვმა 26 აგვისტოსთვის მოიწვია საბჭოს რიგგარეშე სესია[14]. ცხადია, რომ რიგგარეშე სესიას უნდა დაემტკიცებინა გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ და ამით მოეხდინა სმსკ-ისა და პუტჩისტური გადატრიალების ლეგიტიმაცია.

აგვისტოს პუტჩის დღეებში გადატრიალების წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი გახდა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა. მიმართვაში „რუსეთის მოქალაქეებს“ პრეზიდენტმა ბ. ელცინმა, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ რ. ხასბულატოვმა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ ი. სილაევმა მომხდარი შეაფასეს, როგორც რეაქტიული ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალება და მოუწოდეს მოსახლეობას არ შეესრულებინა სმსკ-ის გადაწყვეტილებები. ამავე დროს, სპეციალური ბრძანებულებით ბ. ელცინმა საკუთარ დაქვემდებარებაში გადაიყვანა რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სსრკ-ს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, მათ შორის სუკი, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები.

როგორი იყო დასავლეთის რეაქცია? რასაკვირველია, ცალსახად ნეგატიური. 1991 წ. 19 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა სპეციალური განცხადება, რომელშიც მოსკოვში მიმდინარე პროცესს ანტიდემოკრატიული გადატრიალების კვალიფიკაცია მისცა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეთრი სახლი ამ გადატრიალებას მხარს არ დაუჭერდა. ამასთან, ჯ. ბუშმა ჩამოაყალიბა სსრკ-ს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის შემდეგი საბაზისო პრინციპები: სსრკ-ში დემოკრატიისა და რეფორმების პოლიტიკის გაგრძელება; აშშ მხარს უჭერს ყველა კონსტიტუციურად არჩეულ ხელმძღვანელს და გამოდის ძალის გამოყენების წინააღმდეგ; აშშ გამოდის ძალის გამოყენების წინააღმდეგ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში, ასევე ნებისმიერ სხვა რესპუბლიკაში მთავრობათა შეცვლის მიზნით; აშშ მოუწოდებს
სსრკ-ს დაიცვას თავისი საერთაშორისო ხელშეკრულებანი და ვალდებულებანი ჰელსინკის აქტისა და პარიზის ქარტიის შესაბამისად[15]. ანალოგიური განცხადება გააკეთა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მ. ვიორნერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ნატოს ფარგლებში მიღებული იქნება სიფრთხილიდან გამომდინარე ზომები, რათა გარკვეულმა ძალებმა თავი შეიკავონ საგარეოპოლიტიკური ავანტიურებისაგან“[16].

აგვისტოს პუტჩი დამარცხდა. ელცინის დაჯგუფებამ შეძლო მოსახლეობის უდიდესი ნაწილის უპირობო მხარდაჭერის მოპოვება და სიტუაციის კონტროლქვეშ აყვანა. ცხადია, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა არმიისა და სუკ-ის სპეცნაწილების მიერ გამოჩენილ ნეიტრალიტეტს. 21 აგვისტოს ფოროსში გაფრინდნენ დ. იაზოვი, ო. ბაკლანოვი, ვ. კრიუჩკოვი, ა. ლუკიანოვი და სხვა, მაგრამ ისინი მ. გორბაჩოვმა არ მიიღო. რამდენიმე საათში ფოროსში ჩავიდნენ რუსეთის ვიცე-პრეზიდენტი ა. რუცკოი და პრემიერ-მინისტრი ი. სილაევი. მათი გორბაჩოვთან მოლაპარაკების შემდეგ სმსკ-ის წევრები დააპატიმრეს. იმავე ღამეს გორბაჩოვი მოსკოვში დაბრუნდა[17].

აგვისტოს მოვლენების ორი უმთავრესი შედეგია განსაკუთრებით საგულისხმო და მნიშვნელოვანი: 1. გაძლიერდა სსრკ-ის დეზინტეგრაციის პროცესი და საბჭოთა კავშირის დაშლა შეუქცევადი გახდა; 2. იმპერიის მეტროპოლიურ სტრუქტურებში გაძლიერდა „ელცინის დაჯგუფების“ სტატუსი, რომელმაც არსებითად ჩაანაცვლა „გორბაჩოვის დაჯგუფება“ და საკუთარ თავზე აიღო ერთიანი იმპერიული სივრცის შენარჩუნების ამოცანის გადაწყვეტის ფუნქცია.

მოსკოვის პუტჩის შესახებ პირველივე ცნობების მიღებისთანავე პრეზიდენტმა ზ. გამსახურდიამ სასწრაფოდ შეწყვიტა შვებულება დაბა ყაზბეგში და დედაქალაქში დაბრუნდა. 18 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში ის აწარმოებდა პოლიტიკურ კონსულტაციებს თავის უახლოეს გარემოცვასთან და მმართველი ბლოკის საპარლამენტო ფრაქციასთან. როგორც ჩანს, ეს კონსულტაციები წარიმართა გაურკვევლობისა და ერთგვარი დაბნეულობის რეჟიმში, რადგანაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო პუტჩის პირველ საათებში მოსკოვიდან მეტ-ნაკლებად დეტალური ინფორმაციის მიღება. სიტუაციის ზოგადი პარამეტრებისა და საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური რესურსების შეფასების საფუძველზე, სმსკ-თან ღია კონფრონტაციის შემთხვევაში ქვეყნისათვის შესაძლო ტოტალური საშიშროების მასშტაბების გათვალისწინებით ზ. გამსახურდიამ აირჩია აქტიური ნეიტრალიტეტის ტაქტიკა. რაში გამოვლინდა ეს აქტიური ნეიტრალიტეტი?

1991 წ. 19 აგვისტოს გამოქვეყნდა საქართველოს პრეზიდენტის, უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმისა და მინისტრთა საბჭოს ერთობლივი მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი. მასში აღნიშნული იყო, რომ მოსკოვში შექმნილია არასტაბილური სიტუაცია და ახლო მომავალში შესაძლოა იგი უმართავი გახდეს, ამიტომ საქართველოს მოსახლეობამ უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე, გონიერება, შორსმჭვრეტელობა, არ აყვეს მოსალოდნელ პროვოკაციებს. რესპუბლიკის ყველა სახელმწიფო დაწესებულებამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ საქმიანობა უნდა გააგრძელოს ჩვეულებრივ რეჟიმში და ა.შ[18]. როგორც ვხედავთ, ამ ერთობლივ მიმართვაში საკმაოდ ნათლად და ორაზროვნების გარეშე, ამასთან, გარკვეული დიპლომატიური ეტიკეტის დაცვით დაფიქსირდა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია.

19 აგვისტოს თბილისში საგანგებო მისიით ჩამოვიდა სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, არმიის გენერალი ვ. შურავლიოვი, რომელსაც სპეციალური ინსტრუქციები ჰქონდა როგორც გ. იანაევისაგან, ასევე დ. იაზოვისაგან და მარშალ ს. ახრომეევისაგან. რასაკვირველია, ეს ინსტრუქციები ითვალისწინებდა საქართველოს ხელისუფლების დაშინებას სამხედრო ძალის მუქარით და ამის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე სმსკ-ის გადაწყვეტილებათა რეალიზაციის უზრუნველყოფას. გენ. ვ. შურავლიოვს შეხვდნენ პრეზიდენტი ზ. გამსახურდია და უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ა. ასათიანი. მოლაპარაკებაში მონაწილეობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალი გენ. ვ. პატრიკეევი. სამწუხაროდ, მოლაპარაკების ოქმი ან მისი მეტნაკლებად ხელმისაწვდომი აღწერილობა არ არსებობს. მაგრამ შესაძლებელია მისი არსებითი მხარეების რეკონსტრუირება საქართველოს უზენაესი საბჭოს 26 აგვისტოს საგანგებო სესიის ეროვნული გვარდიისადმი მიმართვის ტექსტიდან[19] და საქართველოს პრეზიდენტის პრესმდივნის 1991 წლის 27 აგვისტოს განცხადებიდან[20].

მოლაპარაკებაზე გენ. ვ. შურავლიოვმა წამოაყენა რამდენიმე ულტიმატუმი, რომელთა შორის განსაკუთრებით მძიმე იყო საქართველოს ეროვნული გვარდიის გაუქმების მოთხოვნა. ცხადია, რომ სმსკ-ის #1 ბრძანებულების მე-2 პუნქტის ფონზე ეს მოთხოვნა იყო კატეგორიული და იმპერატიული. თავისთავად, ამ მოთხოვნის ულტიმატური ფორმით ზ. გამსახურდიასათვის წაყენება ნიშნავდა საქართველოს საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევას, თანაც სამხედრო ძალით დამუქრების სახით. საგულისხმოა, რომ სწორედ მოლაპარაკების
მიმდინარეობის დროისათვის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის თბილისის გარნიზონის ნაწილებმა კონტროლი დააწესეს თბილისის აეროპორტსა და რკინიგზის სადგურზე.

შეხვედრაზე გენ. ვ. შურავლიოვმა პირდაპირ გამოაცხადა, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საბჭოთა ჯარის ნაწილებს მიცემული აქვთ ბრძანება საქართველოს ეროვნული გვარდიის განადგურების შესახებ. ვ. შურავლიოვის აღნიშნული მუქარის და საქართველოზე პირდაპირი სამხედრო დარტყმის საშიშროების საფუძვლიანობას ნათელყოფენ სხვა დოკუმენტებიც. მაგალითად, 1991წ. 19 აგვისტოს დილის 4 სთ-სა და 30 წთ-ზე სსრკ თავდაცვის მინისტრმა დ. იაზოვმა სსრკ ჯარების სახეობათა მთავარსარდლებსა და გენერალურ შტაბებს, ფლოტებისა და ოლქების (მათ შორის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის) სარდლებს გაუგზავნა საიდუმლო დაშიფრული ტელეგრამა #8825[21]. შიფროგრამაში იყო სამხედრო მზადყოფნაში („მზადყოფნა #1“) ჯარების მოყვანისა და მათი სიტუაციის შესაბამისად ამოქმედების ბრძანება. მაშასადამე, 19 აგვისტოსთვის საქართველოში დისლოცირებული საბჭოთა არმიის ყველა შენაერთი და ნაწილი იმყოფებოდა #1 მზადყოფნის საგანგებო რეჟიმში. საყურადღებოა ერთი ინტერვიუ, რომელიც ცოტა მოგვიანებით გაზეთ „მოსკოვსკიე ნოვოსტის“ კორესპონდენტს ალ. კაკოტკინს მისცა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ერთ-ერთი დივიზიის ინკოგნიტოდ დარჩენილმა მეთაურმა. მან ჟურნალისტს განუცხადა: „სამხედრო კონფრონტაციის შემთხვევაში, იმწუთსავე საქართველოს ეროვნული გვარდიის წინააღმდეგ გადავისროდით მასზე ოთხჯერ მეტ ძალებს…“[22].

ამდენად, სმსკ-ის მიერ მიღებული ბრძანებულების დეტალური ანალიზი, დ. იაზოვის #8825 ბრძანებისა და გენ. ვ. შურავლიოვის მუქარის
სტრატეგიული ატრიბუცია, საბჭოთა სამხედრო ნაწილების მოქმედება თბილისის აეროპორტსა და ვაგზლის მოედანთან – ყოველივე ეს საფუძველს გვაძლევს ვამტკიცოთ, რომ არსებობდა საქართველოზე პირდაპირი სამხედრო დარტყმის რეალური საფრთხე. ცხადია ისიც, რომ სმსკ-თან სამხედრო კონფრონტაციის შემთხვევაში, საშიშროება ემუქრებოდა არა მხოლოდ ზ. გამსახურდიას ხელისუფლებას, არამედ საერთოდ საქართველოს – კონსტიტუციური წყობილების დამხობით, სამხრეთ ოსეთის სუვერენიზაციით, პარტნომენკლატურის ხელისუფლებაში აღდგენითა და საყოველთაო ანარქიითა და დესტაბილიზაციით.

შექმნილ სიტუაციაში, მოსალოდნელი ძალისმიერი ზეწოლის თავიდან აცილებისა და კრემლისათვის ინტერვენციის საბაბის არმიცემის მიზნით, ზ. გამსახურდიამ გადადგა კომპრომისული ტაქტიკური ნაბიჯი: 1991წ. 19 აგვისტოს მან ხელი მოაწერა ბრძანებულებას „საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების – ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ“[23]. ბრძანებულება დროებით ცვლიდა (და არ აუქმებდა) ეროვნული გვარდიის სტატუსს, რადგანაც იგი არ აუქმებდა 1991წ. 29 იანვრის ორგანულ კანონს გვარდიის შექმნის შესახებ. ფაქტობრივი სტატუს-კვო უცვლელად ტოვებდა გვარდიის შეიარაღებისა და პირადი შემადგენლობის რაოდენობრივ მაჩვენებლებს, დისლოკაციის ზონებს. ცვლილებას დაექვემდებარა მხოლოდ დე იურე სტატუსი – გვარდიას ეძლეოდა „ომონის“ ქვედანაყოფის სტატუსი და ექვემდებარებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ხოლო ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობა და თავდაცვის სამთავრობო კომისია უქმდებოდა. არსებითად, საკუთრივ ეროვნული გვარდიისათვის 19 აგვისტოს ბრძანებულებას მოჰყვებოდა ერთადერთი ნომენკლატურული ცვლილება – თ. კიტოვანი და მისი გარემოცვის ზოგიერთი არაპროფესიონალი გენერალი კარგავდნენ თანამდებობებს.

აღნიშნული გადაწყვეტილებით ზ. გამსახურდიამ გვარდიაც შეინარჩუნა და იმპერიის სამხედრო მანქანას საქართველოს წინააღმდეგ დამსჯელი აქციების ჩატარების საბაბიც მოუსპო. ამავე დროს, სმსკ-ის სამხედრო ემისრებთან კონტაქტებზე თანხმობით მან შექმნა ერთგვარი კომპრომისული ფონი, ერთგვარი პოლიტიკური სივრცე მანევრირებისათვის პუტჩის შესაძლო, თუნდაც დროებითი წარმატების შემთხვევისათვის. მთავარი მაინც ის არის, რომ „19 აგვისტოს კომპრომისს“ საფუძვლად ჰქონდა საქართველოს ეროვნული ხელისუფლების სრულიად ლოგიკური მისწრაფება – მის ქმედებებს არ გამოეწვია „ცენტრის“ ინტერვენცია და სამხედრო რეპრესიები, აღეკვეთა სამხედრო
ოპერაციების პროვოცირების საშიშროება.

1991 წ. 20 აგვისტოს ზ. გამსახურდიამ სპეციალური მიმართვა გაუგზავნა დასავლეთის ქვეყნების ხალხებსა და მთავრობებს[24]. პრეამბულაში მან მოსკოვში შექმნილ ვითარებას „არასტაბილური სიტუაცია“ უწოდა და ხაზი გაუსვა ტოტალიტარულ იმპერიაში ლიბერალიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესების აბსოლუტურ შეუძლებლობას. „პოლიტიკური შეფასება მომხდარი გადატრიალებისა, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, – ძალიან რთულია, ვინაიდან ჯერჯერობით არ არის ნათელი ნამდვილი გადატრიალებაა ეს, თუ მხოლოდ გარიგება ან შოუ, რომლისგანაც პოლიტიკური დივიდენდების მიღებას მიელტვიან ცალკეული სახელმწიფო ლიდერები“.

როგორც ვხედავთ, ზ. გამსახურდიამ აგვისტოს მოვლენები შეაფასა როგორც გადატრიალება, როგორც უკანონო ანტიკონსტიტუციური პუტჩი, თანაც სავსებით ცხადად და არაორაზროვნად. ამასთან, მან ირიბად მიანიშნა კიდეც, რომ ეს იყო არა „ნამდვილი გადატრიალება“, ე.ი. რეალური დაპირისპირება რეაქციულ-ტოტალიტარულ და ლიბერალურ-დემოკრატიულ ძალებს შორის, არამედ ე.წ. „სასახლის გადატრიალება“, ნომენკლატურული პუტჩი, რომლის არსებითი დანიშნულება იმპერიულ ცენტრში ელიტათა ცირკულაციაში, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, გორბაჩოვის ჯგუფის ელცინის ჯგუფით ჩანაცვლებაში მდგომარეობდა. აგვისტოს მოვლენის ამგვარი დეფინიცია, რომელიც ამ მოვლენებიდან სულ რაღაც ნახევარ წელიწადში წინასწარმეტყველური გამოდგა, გამოირჩეოდა ორიგინალურობითა და არადიპლომატიური პირდაპირობით. ამიტომ ბუნებრივია ის ნეგატიური რეაქცია, რაც ამგვარ შეფასებას მოჰყვა რუსეთსა და დასავლეთში, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდანაც.

20 აგვისტოს მიმართვის ცენტრალური თემა იყო მოწოდება სსრკ-ის ნაციონალური რესპუბლიკების დამოუკიდებლობის საერთაშორისო ცნობისაკენ: „შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა, რეაქციული ძალების გამარჯვება საფრთხეს უქადის უწინარეს ყოვლისა სსრკ-ში შემავალ იმ რესპუბლიკებს, რომლებიც იბრძვიან დამოუკიდებლობისათვის… ისინი უშუალო სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშე დგანან. ამიტომ მე მოვუწოდებ დასავლეთის მთავრობებს, უწინარეს ყოვლისა, აშშ-ს, სასწრაფოდ და გადაუდებლად დე ფაქტო და დე იურე ცნონ ამ რესპუბლიკების, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობა და დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარონ მათთან“.

რას გულისხმობდა „კიშინიოვის ფორუმში“ მონაწილე რესპუბლიკების დამოუკიდებლობის სასწრაფო დიპლომატიურ რეჟიმში აღიარების მოწოდება, თუ არა პუტჩის მიმართ აშკარა და სრულიად განსაზღვრულ ოპოზიციას? პუტჩის ძირითადი მიზანი ხომ „ნოვო-ოგარიოვოს პროცესის“ ჩაშლასა და სსრკ-ს არსებული სახით შენარჩუნებაში მდგომარეობდა. არადა თვით აშშ-სა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოების მიერ ეროვნული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობა სწორედ რომ პუტჩის წინააღმდეგ აშკარა და პირდაპირი დიპლომატიური ბრძოლის გაცილებით ძლიერი ბერკეტი იქნებოდა, ვიდრე აშშ-ს ადმინისტრაციის ზემოთმოყვანილი განცხადება იმის შესახებ, რომ აშშ გადატრიალებას მხარს არ დაუჭერდა. ან კიდევ რით ჩამოუვარდება ზ. გამსახურდიას 20 აგვისტოს მიმართვის მოწოდება ესტონეთის მიერ პუტჩის დღეებში დამოუკიდებლობის გამოცხადებას, ან მოლდოვას პრეზიდენტის მ. სნეგურის „ანტიგეკაჩეპისტურ“ გამოსვლას კიშინიოვის 19 აგვისტოს მიტინგზე, თუ, რასაკვირველია, არ აჭარბებს მათ თავისი ანტიპუტჩისტური პათოსით?

ერთი სიტყვით, 20 აგვისტოს მიმართვაში ზ. გამსახურდიამ მოსკოვის მოვლენებს ანტიკონსტიტუციური გადატრიალებაც უწოდა და დასავლეთის მხრიდან პუტჩისტების წინააღმდეგ ქმედითი პოლიტიკურ-დიპლომატიური კონფრონტაციაც მოითხოვა. ამ თვალსაზრისით მიმართვა ერთგვარი გასაღებია მოსკოვის პუტჩთან მიმართებაში საქართველოს ეროვნული ხელისუფლების პოლიტიკის ობიექტური ანალიზისათვის. პოლიტიკოსთა (თ. სიგუა, გ. ჭანტურია და სხვ.) და ისტორიკოსთა (უ. ბლუაშვილი, დ. მჭედლური) და სხვათა მტკიცება, თითქოს ადგილი ჰქონდა სმსკ-თან კოლაბორაციონისტურ შემთანხმებლობას, „გამსახურდიას ალიანსს იმპერიის ყველაზე რეაქციულ წრეებთან“ (sic!), მიუღებლად მიგვაჩნია. მითუმეტეს, როცა მაშინ განვითარებული პროცესების მიმართ პოსტფაქტუმ ანალიტიკური მიდგომის დეფიციტი ნამდვილად არ იგრძნობა.

უნდა ითქვას, რომ ზ. გამსახურდიამ მომავალი სმსკ-ს ზოგიერთი წევრი პუტჩამდე გაცილებით ადრე გააკრიტიკა მათი უაღრესად კონსერვატიული და იმპეროკრატიული შეხედულებების გამო. მაგ., 1991 წ. 3 ივლისს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე მან უარყო გ. იანაევის (მაშინ სსრ კავშირის ვიცე-პრეზიდენტის) მიერ „შპიგელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განცხადებული სიცრუე, თითქოს კრემლი არ ახდენდა არანაირ ზეწოლას სამოკავშირეო ხელშეკრულების არმომწერ რესპუბლიკებზე. იქვე ზ. გამსახურდიამ მკაცრად გააკრიტიკა სსრკ-ს პრემიერ-მინისტრი ვ. პავლოვი, უწოდა რა მას „ძალიან კონსერვატიული და რეაქციული კომუნისტი“[25].

1991 წ. 26 აგვისტოს საქართველოს უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიამ მიიღო დადგენილებათა პაკეტი 19-21 აგვისტოს მოსკოვის მოვლენების შესახებ[26]. დადგენილებაში „1991 წლის 19-21 აგვისტოს მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ“ ეს მოვლენები დახასიათდა როგორც „სსრკ-ში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა“, რომლის მიზანი იყო ტოტალიტარიზმისა და კომუნისტური დიქტატურის აღდგენა, საბჭოთა იმპერიის რღვევის პროცესის შეჩერება. დადგენილებაში „1991 წლის 19-21 აგვისტოს სსრ კავშირში მიმდინარე მოვლენების დროს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს, საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის, საქართველოს კომპარტიის სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა გაუქმებული საბჭოს თვითმარქვია აღმასრულებელი კომიტეტის მოქმედებათა შესახებ“ უზენაესმა საბჭომ მკაცრად დაგმო აღნიშნული სტრუქტურების მოქმედება პუტჩის დღეებში, როგორც „გადატრიალების ორგანიზატორთა ჯგუფის მხარდაჭერა“. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კომპარტიის გაუქმებისა და მისი ქონების ნაციონალიზაციის შესახებ. ცხადია, გაუქმდა კომპარტიის ყველა ინსტიტუციური სტრუქტურა, მათ შორის – საპარლამენტო ფრაქციაც. ამავე დღეს საქართველომ ცნო პუტჩის დროს (21 აგვისტოს) გამოცხადებული ესტონეთისა და ლატვიის დამოუკიდებლობა.

ვფიქრობთ, ცალკე უნდა შევეხოთ საკითხს აგვისტოს პუტჩზე სსრკ-ის შემადგენლობაში შემავალი სხვა რესპუბლიკების ხელმძღვანელი ელიტების რეაქციის შესახებ. ამ რეაქციის რეალური შინაარსის გარკვევას არსებითი მნიშვნელობა აქვს ზ. გამსახურდიას მიერ გადადგმული ტაქტიკური პოლიტიკური ნაბიჯების ინტერპრეტაციისათვის. 1991 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა კრებული „Путч-Хроника тревожных дней“, მისი ერთი ნაწილის ავტორი არის პროელცინური დაჯგუფების ჟურნალისტი, ვინმე ოლგა ვასილიევა, რომელიც თავში – „რესპუბლიკები პუტჩის დროს“ – ეროვნულ რესპუბლიკებს სამ ნაწილად ჰყოფს და ამგვარი დიფერენციაციის საფუძვლად აღებული აქვს მათი ხელმძღვანელობის მიერ სმსკ-თან წარმართული ურთიერთობების სამი ვარიანტი. ო. ვასილიევა ასე „ახარისხებს“ რესპუბლიკებს:

  1. “წინააღმდეგობის ქრონიკა – ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, მოლდოვა.
  2. ლოდინის ქრონიკა – უკრაინა, ბელორუსია, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი.
  3. შემთანხმებლური ქრონიკა – აზერბაიჯანი და საქართველო….“[27].

ამ შესავლის შემდეგ ელცინის „დემოკრატიული“ რუსეთის ველიკოდერჟავული ამბიციებით შეპყრობილი ო. ვასილიევა სრულიად უტიფრად აცხადებს, რომ „ამა თუ იმ ფორმით გკჩპ-სადმი, როგორც ახალი საკავშირო ხელმძღვანელობისადმი, მხარდაჭერა (?) გამოხატეს საქართველომ (sic!) და აზერბაიჯანმა“, რომ „19 აგვისტოს გამსახურდია შეუთანხმდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალს, რომ 24 აგვისტომდე (?) შეასრულებდა გეკაჩეპეს ყველა მოთხოვნას (?!)“[28].

ჩვენ ზემოთ უკვე გავაანალიზეთ ზ. გამსახურდიას ტაქტიკური ნაბიჯები და ვაჩვენეთ მათი უალტერნატივობა და მართლზომიერება. იძულებითი ფორმალური კომპრომისის მიზეზებსაც შევეხეთ. ამიტომ აქ სიტყვას არ გავაგრძელებთ, აღვნიშნავთ მხოლოდ: ო. ვასილიევას ქრონიკალური პასაჟები ქვეტექსტურად მიანიშნებენ ამ ავტორის ანტიქართულ პათოსზე. ხსენებულ თავში არ არის მოყვანილი თუ დამოწმებული არც ერთი ოფიციალური დოკუმენტი და ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხი მოცემულია პრიმიტიული ჟურნალისტური გამოძიების დონეზე. ძირითად წყაროდ აღებულია საინფორმაციო სააგენტოების „რია“-სა და „პოსტფაქტუმის“ ცნობები. ორივე ეს სააგენტო მაშინ ბ. ელცინის გუნდის კონტროლქვეშ იყო და თავისთავად ცხადია მათი ტელეტაიპებიდან და ფაქსაპარატებიდან მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა და გაშიფრვის მექანიზმები.

ნათელია, რომ ბ. ელცინის ბლოკის მხარდამჭერი „დემოკრატი“ ჟურნალისტის პოზიციები, რომლებიც იდენტურია მაშინდელი „დემოკრატიული რუსეთის“ საერთო პოლიტიკური კურსისა და ქართველი პუტჩისტების შეხედულებებისა, გენერირებულია საქართველოს ეროვნული ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკური კურსის მიმართ აშკარად ნეგატიური დამოკიდებულებით. რუსეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტი იმედოვნებდა, რომ პუტჩის შემდეგ რუსეთში მართლაც რეალურად განხორციელებული ლიბერალიზაციის
პოლიტიკის წყალობით ახალი „ელცინური ცენტრი“ მიიზიდავდა რესპუბლიკებს და შეაცვლევინებდა მათ წინანდელ დამოკიდებულებას სამოკავშირეო ხელშეკრულებისადმი. ფორმულა საკმაოზე მარტივი იყო: „გორბაჩოვური ცენტრი“ აღარ არსებობს (ან დასუსტებულია). არსებობს „ელცინური ცენტრი“ და მასთან მოაწერეთ ხელი“.

ზ. გამსახურდიას მიერ სრული სუვერენიტეტის კურსის გაგრძელება არ შედიოდა „ელცინური ცენტრის“ ნეოიმპერიულ ინტერესებში და ო. ვასილიევაც ამ ინტერესების გამომხატველია. საქართველოს ხელისუფლების მიერ პუტჩის დროს გადადგმული ნაბიჯების კრიტიკა მხოლოდ ფონია, მთავარი კი სხვაა, კერძოდ ზ. გამსახურდიას მიერ დსთ-ს პროექტზე უარის თქმა. ეს კარგად ჩანს იმაშიც, რომ იმავე „ქრონიკაში“ ჟურნალისტი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს საქართველოს ხელისუფლების სხვა, პუტჩთან აბსოლუტურად არავითარ კავშირში არმყოფ ისეთ აქციებს, როგორიცაა – „მხედრიონის“ განიარაღება და მისი ლიდერების დაპატიმრება 1991 წ. თებერვალში, ყოფილ სამხრეთ ოსეთში ბოევიკთა განიარაღება, 1991 წ. 10 სექტემბრის ბრძანებულება სსრკ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო კომისარიატების გაუქმების შესახებ. საგულისხმოა და ნიშანდობლივიც, რომ ქართველი პუტჩისტებისა და მათი იმდროინდელი თუ დღევანდელი მხარდამჭერების პოზიციები ზ. გამსახურდიას პუტჩთან დამოკიდებულების საკითხში აშკარად იდენტურია რუსეთის პოლიტიკური ელიტისა და მედიაკრატიის ზემოთმოყვანილი შეხედულებებიდან.

დავუბრუნდეთ საკითხს აგვისტოს მოვლენებზე სხვა რესპუბლიკების რეაქციის შესახებ. მეტი სიცხადისა და რეპრეზენტაციისათვის უმჯობესია ეს რეაქცია მოვიყვანოთ ფაქტოგრაფიული რეტროსპექციის სახით. მაშ ასე: უკრაინა – 19 აგვისტოს დილით პრეზიდენტ ლ. კრავჩუკს შეხვდა გენ. ვ. ვარენიკოვი (ვ. შურავლიოვის თბილისის ვიზიტის სრული ანალოგია და კიევზე სამხედრო-დიპლომატიური ზეწოლა). ამ შეხვედრის შემდეგ უკრაინის ლიდერი გამოვიდა ტელევიზიით და მოსახლეობას „სიბრძნისა და სიმშვიდისაკენ“ მოუწოდა. სიტყვაც არ თქმულა არც გადატრიალების ანტიკონსტიტუციურობაზე და არც სმსკ-ის უკანონობაზე. ერთადერთი, ასე ვთქვათ, ძლიერი ტონი ლ. კრავჩუკის განცხადებაში იყოს ის, რომ „სამართლებრივ სახელმწიფოში ყველაფერი, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის შემოღება, უნდა ხდებოდეს კანონის საფუძველზე“[29].

ყაზახეთი – 19 აგვისტოს განცხადებაში პრეზიდენტმა ნ. ნაზარბაევმა გააკრიტიკა მ. გორბაჩოვი „პერესტროიკის“ კურსის გატარებაში გამოჩენილი მერყეობისა და პასიურობისათვის[30]. არავითარი მომხდარის პირდაპირი პოლიტიკური შეფასება და, მითუმეტეს, დაუმორჩილებლობა.

სომხეთი – 19 აგვისტოს 17.00 სთ-ზე ტელევიზიით გამოვიდა პრეზიდენტი ლ. ტერ-პეტროსიანი და მოსახლეობას სიმშვიდისა და წესრიგისაკენ მოუწოდა[31].

ლატვია – უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ა. გორბუნოვმა ხალხს მოუწოდა სიმშვიდისაკენ და განაცხადა, რომ „მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილებები ლატვიას არ ეხება“[32]. სად არის აქ გადატრიალების ანტიკონსტიტუციურობის დეკლარირება და მისი შედეგების მიმართ პირდაპირი კონფრონტაცია?

ლიტვა – ვილნიუსში იყო სიმშვიდე. ხალხის ნაწილი შეგროვდა უზენაესი საბჭოს შენობის წინ. 19-20 აგვისტოს ღამეს უზენაესმა საბჭომ სასწრაფოდ მოახდინა ლიტვა-რსფსრ-ს ხელშეკრულების რატიფიკაცია, სადაც ლაპარაკი იყო 1940წ. ლიტვის ანექსიაზე[33].

ესტონეთი – მას შემდეგ, რაც ტალინის აეროპორტში დაეშვა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი და მედესანტეთა ორი ასეული გადმოსხა, ხოლო ტალინის ცენტრში შევიდა ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტიორების კოლონა, პარლამენტის სპიკერმა ა. რიუტელმა და პრემიერ-მინისტრმა ე. სავისაარმა ხალხს მოუწოდეს სიმშვიდისაკენ და არ შესულიყვნენ ჯარისკაცებთან კონფლიქტში[34]. სად ჩანს აქ „წინააღმდეგობის ქრონიკა“? სხვათაშორის, სწორედ ესტონეთში განხორციელებული ძალისმიერი აქციის ანალოგიური აქციებით დაემუქრა შურავლიოვი ზ. გამსახურდიას.

მოლდოვა – 19 აგვისტოს კიშინიოვში გამართულ მიტინგზე გამოსვლისას პრეზიდენტმა მ. სნეგურმა გააკრიტიკა პუტჩი და მოსახლეობას მოუწოდა ქალაქისა და მთელი მოლდოვის დასაცავად[35].

ამრიგად, საქართველოს ეროვნული ხელისუფლების პოლიტიკური კურსი 1991წ. 19-21 აგვისტოს პუტჩის პერიოდში შეიძლება ერთმნიშვნელოვნად შეფასდეს, როგორც აქტიური პოზიტიური ნეიტრალიტეტი. ეს კურსი, ერთის მხრივ, მკაფიოდ გამოხატავდა საქართველოს დისტანცირებას იმპერიული ცენტრისაგან, რომელსაც უკვე დე იურე აღარ ეკუთვნოდა (1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმისა და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ძალით), მეორეს მხრივ, აფიქსირებდა გარკვეულ დაპირისპირებას სსრკ-ს ახალ ხელმძღვანელ სტრუქტურასთან (მოწოდება რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობისაკენ ეწინააღმდეგებოდა სმსკ-ის #1 გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულ ფორმულირებებს სსრკ-ის შენარჩუნების შესახებ).

ზ. გამსახურდიას ხელისუფლებას არ უცვნია სმსკ-ის კანონიერება, ხოლო 20 აგვისტოს „მიმართვის“ შესაბამისი ნაწილი ირიბად მოითხოვდა გადატრიალების შედეგების ანულირებას. ზ. გამსახურდიამ იმთავითვე ალღო აუღო აგვისტოს პუტჩის შინაგან რეალურ არსს და მიხვდა, რომ ეს იყო ბრძოლა ძალაუფლებისათვის ორ იმპეროკრატიულ დაჯგუფებას შორის და არა ლიბერალიზმ-ტოტალიტარიზმის დაპირისპირება. საქართველოსთან მიმართებაში ეს ორივე ძალა იდენტური იმპერიული პოლიტიკის მატარებელი გახდა. საქართველოს პრეზიდენტმა თავიდანვე გააცნობიერა ამ „ორი რუსეთის“ ურთიერთგანუსხვავებლობა და ერთ-ერთის ღია მხარდაჭერის სახით საქართველო მეორეს მხრიდან სამხედრო ინტერვენციის საშიშროების წინაშე არ დააყენა. სწორედ ამაშია გამოჩენილი ნეიტრალიტეტის პოლიტოგემა, ნაკარნახევი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების პრიმატით.

არადა, პუტჩიდან სულ რაღაც წელიწადნახევარში პუტჩისდროინდელი „ორივე“ რუსეთი ერთიანად გაერთიანდა საქართველოს წინააღმდეგ. სმსკ-ის მიმართ წინააღმდეგობის მოძრაობის აქტიური ორგანიზატორები შემდგომში გამოირჩეოდნენ ღია და აშკარა იმპერიალისტური მისწრაფებებით საქართველოს წინააღმდეგ. მაგ: ვიცე-პრეზიდენტი ა. რუცკოი არაერთხელ მოითხოვდა თბილისზე საჰაერო თავდასხმას აფხაზეთის კონფლიქტის დროს; უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე რ. ხასბულატოვი უშუალოდ მფარველობდა აფხაზ სეპარატისტებსა და მთიელ ხალხთა კონფედერაციას; პუტჩის დროს რუსეთის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი კ. კობეცი შემდეგში მონაწილეობდა რუსეთის გენერალური შტაბის მიერ სოხუმის აღების ოპერაციის დაგეგმვაში; რუსეთის სახელმწიფო მინისტრი გ. ბურბულისი სათავეში ედგა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების კოორდინაციის საიდუმლო კომიტეტს. აი, ის „დემოკრატიული“ რუსეთი, რომლის მხარდაჭერის გამო ზ. გამსახურდიას სამხედრო დარტყმის საშიშროების წინაშე უნდა დაეყენებინა საქართველო.

და ბოლოს: მოსკოვის პუტჩმა საკუთრივ საქართველოში გამოკვეთა თვისობრივად ახალი შიდაპოლიტიკური სიტუაცია. განხორციელდა ოპოზიციის ადრე ფრაგმენტული, არაერთგვაროვანი დაჯგუფებების კონსოლიდაცია და ანტიეროვნული ოპოზიციის ერთიან სისტემად ჩამოყალიბება. ამ სისტემაში აღმოჩნდნენ სხვადასხვა მოტივაციის განსხვავებული პოლიტიკური სუბკულტურები – პარტნომენკლატურა და მასთან ასოცირებული ინტელიგენციის ნაწილი, ეროვნულ კონგრესში შემავალი პარტიები, პარამილიტარული გასამხედროებული დაჯგუფებები, მარგინალური და დეკლასირებული სოციალური ჯგუფები. ეს იყო საკუთრივ ქართული პუტჩის სოციალური ინფრასტრუქტურა, თამაშის საკუთარი წესებითა და სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერის რუსული წყაროებით. ცოტა მოგვიანებით მთელი ეს პარტოკრატიულ-კრიმინალურ-ინტელიგენტური კლიენტურა რუსეთის მიერ მობილიზებულ იქნა სამხედრო გადატრიალებისათვის და ეროვნული ხელისუფლების დამხობისათვის საბრძოლველად.

სოხუმის უნივერსიტეტის შრომები
ჰუმანიტარულ და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა სერია
ტ. 1, 2007 წ.

———————————————————————————————————————————————————————-

[1]  Ю. С. Пивоваров, А. И. Фурсов. – Проблема НАТО сквозь призму противостояния “Россия – Запад”: конец пятисотлетнего спора?

http://www.e-journal.ru/p–euro-st1-9.-html.

[2]  გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 12 ნოემბერი, 1990წ.

[3]  გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა“, 25 მარტი, 1991წ.

[4]  Новейшая история отечества. XX век. Т. II. Под редакцией проф. Э. Щагина. М., 1999, გვ. 380-384

[5] უ. ბლუაშვილი. პოლიტიკური პარტიები და ეროვნული მოძრაობა საქართველოში 1988-1991 წლებში. თბ., 1994, გვ. 43.

[6] მოლაპარაკებები ფორმულით „9+1“ მიმდინარეობდა მ. გორბაჩოვის ქალაქგარე რეზიდენციაში ნოვო-ოგარიოვოში, 1991წ. 29 აპრილიდან. პროექტის საბოლოო ვარიანტი მიიღეს 17 ივნისს, ხოლო ხელმოწერა დაიგეგმა 20 აგვისტოსათვის.

[7]  Новейшая история отечества. XX век. Т. II.., გვ. 379.

[8]  Новейшая история отечества. XX век. Т. II, გვ. 379.

[9]  М. С. Горбачев. Августовский путч. Причина и следствия. М., 1991, გვ. 34.

[10] А. А. Данилов, Л. Г. Косулина. История России. XX век. М., 2000, გვ. 529.

[11] Новейшая история отечества. XX век. Т. II, გვ. 380.

[12] გაზ. «Правда», 20 Августа, 1991г.

[13] გაზ. «Правда», 20 Августа…

[14] გაზ. «Правда», 20 Августа…

[15] გაზ. «Правда», 21 აвгуста 1991г.

[16] გაზ. «Правда», 21 აвгуста…

[17] Новейшая история отечества. XX век. Т. II, გვ. 381.

[18] საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები. #8, 1991, გვ. 185.

[19] საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, #8, 1991, გვ. 188.

[20] გაზ. `საქართველოს რესპუბლიკა~, 27 აგვისტო, 1991წ.

[21]  Август-9. М., 1991, გვ. 14.

[22] გაზ. «Московские новости», 8 сентября 1991г.

[23] გაზ. `საქართველოს რესპუბლიკა~, 21 აგვისტო, 1991წ.

[24] საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, #8, 1991. გვ. 186.

[25] გაზ. `საქართველოს რესპუბლიკა~, 11 ივლისი, 1991წ.

[26] საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, #8, 1991, გვ. 163-165.

[27] Путч-Хроника тревожных дней. М., 1991, გვ. 106.

[28] Путч-Хроника тревожных дней.., გვ. 119.

[29] გაზ. «Правда», 18 сентября 1991г.

[30] გაზ. «Правда», 18 сентября…

[31] გაზ. «Правда», 21 августа 1991г.

[32] გაზ. «Правда», 21 августа 1991г.

[33] გაზ. «Правда», 21 августа 1991г.

[34] გაზ. «Правда», 21 августа 1991г.

[35] გაზ. «Правда», 21 августа 1991г.

Create a free website or blog at WordPress.com.