ზვიად გამსახურდია

აგვისტო 25, 2019

ზვიად გამსახურდია სიტყვა, წარმოთქმული ქალაქ ზუგდიდში 1993 წლის 24 სექტემბერს გამართულ მრავალათასიან მიტინგზე

 

11068_1257370391014_6356570_n

ჩემო საყვარელო ხალხო! ჩემო ძმებო, დებო, შვილებო, თანამებრძოლებო, პირველად ჩემს ცხოვრებაში სიტყვებს ვერ ვპოულობ, როგორ მოგეფეროთ, მოგესიყვარულოთ, როგორ გამოვხატო ჩემი ამჟამინდელი გრძნობა. არ ვიცი, დამუნჯებული ვარ სიხარულისაგან თქვენი დანახვისაგან, საქართველოს დანახვისგან, თავი სიზმარში მგონია. ამდენი ხანია, მეგობრებო, არ შემივლია თვალი საქართველოსთვის, თქვენთვის, ვიყავი ტანჯვაში, ბრძოლაში, გაძევებული სამშობლოდან, მაგრამ ჩემი ფიქრი, ჩემი აზრი ყოველდღე თქვენთან იყო, ყოველდღე თქვენთან ვიყავი უხილავად, მეგობრებო, ერთი წუთი არ მიფიქრია სხვა რამეზე თქვენს გარდა, ჩემი ქვეყნის გარდა, არაფერზე არ მიფიქრია, მეგობრებო!

ეს მეორე წელი მიდის, მეორე წელი სრულდება, რაც მე მომწყვიტეს საქართველოს, მაგრამ ვერ მომწყვიტეს, ხომ ხედავთ, ვერ მომწყვიტეს!

მეგობრებო! არც არის ძალა, რომელიც საქართველოს დააჩოქებს, არ არის ასეთი ძალა დედამიწის ზურგზე, ვინაიდან ქართველი ერის შეგნება არის უმაღლესი, ქართველი ერის ძალისხმევა არის უდიდესი. ვერაფერს დაგვაკლებენ, მეგობრებო, ვერაფერს! თავიანთ თავს დააკლებენ და უკვე დააკლეს. ხომ ხედავთ!

უმძიმესი ჟამი დაგვიდგა. გაპარტახებულია საქართველო, განადგურებულია საქართველო ამ ჯალალედინების, ამ თემურ-ლენგების, ამ ჩინგისხანების მიერ. ასეთი ყოფილა ჩვენი ისტორიული ბედი: ტანჯვა, ბრძოლა, გლოვა, მაგრამ ბოლოს მაინც გამარჯვება.

მრავალჯერ ვღვარე ცრემლი, მრავალჯერ, ეხლაც მეტირება, განა არ მეტირება, როდესაც ვუყურებ აი, ამ სახეებს, განა ჩვენ ყველას არ გვეტირება ეხლა, მეგობრებო. არაერთხელ მივუსამძიმრე, ეხლაც ვუსამძიმრებ, ახლაც მუხლს ვიყრი მათი ხსოვნის წინაშე, ისინი შეეწირნენ საქართველოს, ისინი შეეწირნენ ღვთის საქმეს, ღვთის უდიდეს საქმეს შეეწირნენ ისინი და საუკუნოდ კურთხეული იქნება მათი ხსენება.

ჰოდა, იმას გავიმეორებ, ჩვენი ისტორიული გზა მუდამ ასეთი იყო, არაფერი ახალი დღეს არ ხდება, ასე იყო საუკუნეების განმავლობაში, ვინაიდან „კარგია მუდამ მტრიანი“ ქართული ხალხური ანდაზაა, და ქართველი ერიც იმიტომ არის ესოდენ მტრიანი, „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანიო“. ამიტომ ვართ ყოველის მხრით მტრებით და ყვავ-ყორნებით გარემოცული, მაგრამ ისტორიაში როგორც გავარღვიეთ ყველა რკალი, როგორც დავამარცხეთ ყველა ბარბაროსი, კაციჭამია, ახლაც ისე დავამარცხებთ ამ კაციჭამიებს.

კაციჭამია ხუნტა სულს ღაფავს, თავისი არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლის და დროზე მოეგოს გონს, ვინც გაწირა საკუთარი ერი, ვინც ძმას ძმა გადაჰკიდა, ვინც ძმის სისხლში გაისვარა ხელი, დროზე შეინანონ, დროზე მოინანიონ ღვთის წინაშე და თუ უფალი შეუნდობს, ჩვენც შევუნდობთ, თუ საქმით მოინანიებენ, თუ საქმით შეინანებენ, თუ დაინახავენ, რა დაატრიალეს საქართველოში, რა დღეში ჩააგდეს საქართველო, თუ აეხილებათ ის დაბნელებული თვალები, ის დაბრმავებული თვალები, თუ აეხილებათ, დე დაინახონ, რომ მათ საქართველო ვერ დააჩოქეს, სამეგრელო ვერ დააჩოქეს და ვერც დააჩოქებენ.

მეგობრებო, მტერი, როდესაც უპატრონოდ დაიგულა ჩვენი მამული, ვერაგულად შემოგვესია. მას ეგონა, ამ კაციჭამიებზე გაბოროტებული ხალხი, გამწარებული ხალხი მას არ აღუდგებოდა, შემოგვესია, ვერაგულად, ჟლეტს ჩვენს თანამოძმეებს, არნახული ბარბაროსობით, არაადამიანობით, ანცვიფრებს მთელ მსოფლიოს, ის მტერი წაქეზებულია კიდევ უფრო დიდი მტრის მიერ, მაგრამ ორივე, დამიჯერეთ, ორივე დამარცხდება საქართველოსთან ბრძოლაში.

ჩვენ კი არ დავუშვებთ ჩვენი ძმებისა და დების ჟლეტას! ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი დებისა და ძმების სისხლის ღვრას! ჩვენ საკადრის პასუხს გავცემთ იმას, ვისაც ჰგონია, რომ საქართველო უპატრონოა. არ არის საქართველო უპატრონო, არ არის, ამაოდ გგონიათ, ყვავ-ყორნებო, რომ საქართველო უპატრონოა, საქართველოს ჰყავს პატრონი, და მალე დაინახავენ ისინი იმ პატრონის ძალას!

მეგობრებო! ჩვენ არ გვინდოდა სისხლისღვრა. ჩვენ არ გვინდოდა მოძმე ხალხის სისხლში ხელების გასვრა. აბა გაიხსენეთ 1989 წლის 27 ივლისი, როდესაც მე აქ ვიდექი, სწორედ ამ ადგილზე სწორედ ეს მიკროფონი მეჭირა, თქვენც აქ ბრძანდებოდით აღელვებული, როდესაც აფსუებმა სოხუმში ქართველების სისხლი დაღვარეს პირველად, მაშინ მე ჩამოვედი, აღელვებული ხალხი დავაწყნარე და მოგიწოდეთ სიმშვიდისაკენ. მოვუწოდე მათ, რომ გონს მოგებულიყვნენ, მაგრამ ვაი, რომ არ მოქმედებს მათზე ადამიანური სიტყვა, არ მოქმედებს მათზე შეგონება. რა გაეწყობა, ჩვენ უნდა დავდგეთ ჩვენს მოძმეთა დასაცავად, მტკიცედ უნდა დავდგეთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, საქართველოს დასაცავად, ქართული მიწის დასაცავად. ნურავის ჰგონია, რომ უპატრონო საქართველოს გაავერანებს და მის მიწას მიითვისებს.

ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ მოლაპარაკება, შერიგება, ეხლაც ვთავაზობთ. თუ შეგრჩენიათ გონება, თუ შეგრჩენიათ ელემენტარული კეთილი განსჯა, გონს მოეგეთ, დაანებეთ თავი ამ სამხედრო ავანტურას საქართველოს წინააღმდეგ. ქართულ მიწას თქვენ არავინ დაგითმობთ, შევრიგდეთ! თუ ელემენტარული კეთილგონიერება გააჩნიათ, შეწყვიტონ ეს ომი და გამოგვიწოდონ შერიგების ხელი.

მე შევთავაზე მათ არაერთხელ, სხვათა შორის, ჩვენი მეგობრების – ჩეჩნების მეოხებითაც, მათი შუამავლობითაც, არაერთხელ – გამოვაცხადოთ ეროვნული შერიგება, დავამთავროთ ეს ძმათამკვლელი ომი, მაგრამ ის ავანტურისტები, რომლებიც მათ სათავეში უდგანან, არ ცხრებიან, არ ცხრებიან, ვინაიდან მათ არ სურთ მშვიდობა, ჩვენ კი გვსურს, ჩვენ გვსურს ვუმკურნალოთ ჩვენს დაწყლულებულ, მრავალტანჯულ ქვეყანას, მაგრამ ნურას უკაცრავად, დიდი ვაჟასი არ იყოს:

„სამშობლოს არვის წავართმევთ
ნურც ნურვინ შეგვეცილება,
თორემ ისეთ დღეს დავაყრით
მკვდარსაც კი გაეცინება!“

ალბათ მრავალ თქვენგანს აწუხებდა აზრი – რატომ არ ჩამოდის პრეზიდენტი.

ყველას აწუხებდა ეს, ყველას, ყველა დაფიქრებული იყო. პირდაპირ გეტყვით, ვერ ჩამოვდიოდი, ისეთი ბლოკადა მომიწყო ხუნტამ და მისმა მხარდამჭერმა ძალებმა, რომ ფიზიკურად ვერ გამოვაღწიე, მრავალჯერ ვცადე, მაგრამ ვერ გამოვაღწიე, და აი, ახლა უფალმა ინება, განგებამ ინება, სასწაული მოხდა და ჩამოვედი თქვენთან.

ეხლა მინდა მივმართო ჩვენს მებრძოლებს.

ძმებო, თქვენი შემართება, თქვენი თავდადება, თქვენი ვაჟკაცობა მთელ საქართველოს აოცებს, აღაფრთოვანებს, იმედს აძლევს, ამავე დროს მე, როგორც საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი მთვარსარდალი, რომელსაც ფიცი მაქვს მიცემული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა, მოგიწოდებთ, მტკიცედ დავდგეთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, დავიცვათ ჩვენი ქართული მოსახლეობა!

ამავე დროს გთხოვთ, – თქვენ, მართალია, საყვედური არ გეთქმით, – მაგრამ განვამტკიცოთ დისციპლინა, ვიყოთ ნამდვილი რეგულარული ჯარი, ვინაიდან თქვენ ხართ კანონიერი ჯარი, კანონიერი მხედრობა საქართველოსი და ეს განაპირობებს თქვენს ძლევამოსილებას, ის უკანონო ბანდები ამიტომაც არიან ასე დაქსაქსულნი და უძლურნი, რომ კანონიერება მათ მხარეზე არ დგას, და ჩვენ უნდა განვსხვავდებოდეთ სწორედ ამით – ორგანიზებულობით, დისციპლინურობით, და მე გთხოვთ, რომ დღეიდან განსაკუთრებით ამაზე გავამახვილოთ ყურადღება, ვინაიდან ეს დისციპლინა, ეს ერთიანი შემართება განაპირობებს მომავალში ჩვენს გამარჯვებებს.

დღეს ჩვენი ბიჭები იბრძვიან ოჩამჩირე-სოხუმის მიმართულებით, ჩვენი ძვირფასი ლოთი იქ არის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენმა ჯარმა გაიმარჯვოს და კატეგორიულად ვუცხადებ ხუნტას – რასაკვირველია, მას ესმის ეხლა ჩემი: ამჟამად, როცა საქართველოს უჭირს, მან ხელი არ უნდა შეგვიშალოს და ჩვენ უნდა მოვთხოვოთ მას, რაც ერგება საქართველოს, რაც მას უკანონოდ აქვს მიტაცებული, ყველაფერი ეს გადმოვიდეს ჩვენი კანონიერი ჯარის ხელში და მოხმარდეს საქართველოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში ხუნტას შეაჩვენებს საქართველო კიდევ მრავალჯერ და მომავალშიც შეაჩვენებს მას, თუ ის ხელს შეგვიშლის ჩვენ, თუ ის საბოტაჟს გამოგვიცხადებს, თუ არ დაუთმობს ყოველივე იმას, რაც ჩვენს მებრძოლებს სჭირდება და თუ განაგრძობს მონოპოლიზებას ხელისუფლებისას. ეს მისთვის კატასტროფით დამთავრდება.

ამავე დროს მოვუწოდებ მათ, დროზე გადადგნენ და ადგილი დაუთმონ კანონიერ ხელისუფლებას.

და ბოლოს, დავამთავრებ სახარების სიბრძნით: ქვეყანაზე სიკეთის მქადაგებელი, სათნოების მქადაგებელი ღმერთი, რომელიც მოევლინა დედამიწას და დადიოდა დედამიწაზე, იესო ქრისტე ბრძანებს:

„ვინც მახვილი აღიღოს, მახვილითავე შეიმუსროს!“

აღდგომა. – 1993. – 26 სექტემბერი. – 32 (63). – 2გვ.
წყარო

Advertisements

ზვიად გამსახურდია – 1992 წლის 10 მაისის მიმართვა კახეთის მოსახლეობისადმი

x_2510126d

თანამემამულენო!
ძმანო და დანო!

საქართველოს მრავალტანჯული ისტორიის მანძილზე კახეთი მუდამ იდგა დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში. კახეთი მუდამ იყო სიმბოლო ქართველი ხალხის გაუტეხლობისა, მტრისადმი დაუმორჩილებლობისა, ამის მოწმეა ხორნაბუჯი, ამის მოწმეებია გრემი, უჯარმა, სიღნაღი, ალავერდი და შუამთა. კახეთმა შვა გმირი მეფეები და მხედართმთავრები, კახეთმა შვა ბიძინა ჩოლოყაშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, კახეთმა შვა დიდი ილია – დიდი მოძღვართ-მოძღვარი საქართველოსი.

დღეს დამპყრობელმა იმპერიამ უდიდესი უბედურება დაატეხა საქართველოს. მოსპო ჩვენი დამოუკიდებლობა, რუსული ტანკებით და იარაღით განდევნა ეროვნული ხელისუფლება, დამნაშავეთა ბანდების საჯიჯგნად აქცია საქართველო, რომელნიც ისევე არბევენ და აწიოკებენ ჩვენს ქვეყანას, როგორც მურვან ყრუს, ჯალალ-ედ-დინის, შაჰ-აბასის და აღა მაჰმად-ხანის ურდოები. მაგრამ ძველად თუ უცხო დამპყრობთა ურდოები გვარბევდნენ, დღეს ამას სჩადიან გადაგვარებულნი ქართველნი იმპერიის სამსახურში ჩამდგარნი, მამულის გამყიდველნი. იმპერიის გზირი შევარდნაძე დღეს მეორე ორჯონიკიძედ მოევლინა საქართველოს, რათა ჩაკლას ჩვენს ერში თავისუფლების წყურვილი, მიწასთან გაასწოროს ჩვენი ქვეყანა, აუსრულოს კრემლს ოდინდელი ოცნება; „საქართველო უქართველებოდ“. მტარვალ შევარდნაძეს კახეთს მოგზაურობისას პარტოკრატებმა შეხვედრა მოუწყეს, რამაც მას აფიქრებინა, რომ კახეთის მოსახლეობა კრემლის აგენტებისა და მოღალატეების მხარეზეა, ამიტომაც გათამამდა იგი და ამას წინათ ტელევიზიითაც მოუწოდა კახელებს გვერდზე დაგვიდექითო.

მწამს, რომ კახეთი არასოდეს ამოუდგება გვერდში საკუთარი ხალხის სისხლში ხელებგასვრილ ხუნტას, კახეთი უერთგულებს თავის არჩევანს, თავის ნებას, რომელიც მან გამოხატა 1990 წლის 28 ოქტომბრისა და 1991 წლის 26 მაისის არჩევნებში, მთელ საქართველოსთან ერთად.

მოგიწოდებთ, აქტიურად ჩაებათ საყოველთო ეროვნულ და სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში, უკანონო არჩევნების ბოიკოტში გაფიცვებით, მიტინგებით, დემონსტრაციებით, ყოველგვარი საპროტესტო აქციებით. შეახსენეთ მტარვალებს, რომ თქვენ დიდი ილიას გზას მიჰყვებით და არა ორჯონიკიძე-მახარაძე-შევარდნაძეების მოღალატურ მმართველ გზას! შეახსენეთ მტარვალებს ვისი გორისანი ხართ! შეუერთდით წინააღმდეგობის მოძრაობას!

იბრძოლეთ ხუნტის დამხობისათვის, საქართველოში ეროვნული ხელისუფლების აღდგენისათვის!

გვფარავდეს ღმერთი.
სიყვარულით და პატივისცემით,

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია

გაზეთი “ხმა ერისა”, [1994]. – 66გვ. ; 20სმ.. .- 17-18 გვ.
წყარო

Blog at WordPress.com.