ზვიად გამსახურდია

მარტი 10, 2011

ზვიად გამსახურდია – ქვაბავაზაკი

ის წინაპართა სიწმინდეს ბილწავს
და არის სუკ-ის ერთგული ძაღლი,
ეკლესიისას აფერხებს წინსვლას,
სარწმუნოების მტერია ახლის*.
შენიღბულია წმინდა სამოსით,
როგორც ცხვრის ქურქით მგელ-მტაცებელი,
მიყიდული აქვს მტრისთვის ნამუსი,
არის მზაკვარი, დამტაცებელი.
იგი მამონას სახელით გნათლავს
და ბელზებელის სახელით გლოცავს,
ის ნათლობისთვის წაგგლიჯავს ათმაგს,
ქორწინებისთვის წაგგლიჯავს ოცმაგს.
ამასხარავებს, ამოკლებს წესებს
ლაზღანდარობით, ქილიკით, გესლით,
მისი ბაგენი ჭორს და ღვარძლს თესენ,
მის ყურებს მხოლოდ დასმენა ესმით.
აღსარებაზე ფხიზლობს ჯაშუში,
რათა დოსიე შეავსოს შავი,
ხან იკეტება რწმენის ნაჭუჭში,
რომ მოგაჩვენოს წმინდანად თავი.
ვაჭრობს ხატებით, სოვდაგრობს ჯვრებით,
შავი დღისათვის იძენს ქონებას,
ვისაც ჩაიგდებს ძალით თუ ნებით,
დააკარგვინებს თავს და გონებას.
შემოიკრიბა ირგვლივ მსყიდველნი,
ლესბოსელნი და მამათმავალნი,
ჭორებისა და ღვარძლის მთესველნი,
გესლიანნი და ენამრავალნი.
ტაძარი ღვთისა, მადლისა მფენი
ისე სწამს, როგორც მექა ან ქაბა,
მას წმინდა სახლი მამისა ჩვენის
გარდუქცევია ავაზაკთ ქვაბად.
ის შემოგზავნა აქ ანტიქრისტემ,
რათა დაამხოს ღვთის ეკლესია,
მახე დაუგოს მიამიტ თვისტომს
და დაავიწყოს ღმერთი მესია.
წარწყმედილია სოდომის ცოდვით,
ის არ იხილავს ზეცას აროდეს,
მისი სახელი არის ჰიპოკრიტ*,
მის მწყემსობიდან ზეცა გფარავდეს.

——————————————————

“ახალ სარწმუნოებაში ნაგულისხმებია “ახალი აღქმა”
ჰიპოკრიტ – ბერძნ. ნიშნავს “ხანჟას”, “მოწმინდანოს”.

თებერვალი 22, 2011

ზვიად გამსახურდიას ეროვნული პროგრამა (ვიდეო)

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საინაგურაციო სიტყვიდან

– საქართველოში, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანულ ქვეყანაში, ტრადიციული იყო კავშირი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის;

– ქართველთა ცხოველი მორწმუნეობა განსაზღვრავდა მტრულ გარემოცვაში საქართველოს სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვან არსებობას. სახელმწიფო კი თავის მხრივ ხელს უწყობდა ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობას;

– საქართველოს სახელმწიფოებრივი აღორძინება, მისი დამოუკიდებლობის აღდგენა ვერ მოხერხდება ქართველთათვის ნიშნეული ცხოველი მორწმუნეობის აღორძინების გარეშე, ზნეობრივი აღორძინების გარეშე – ამას ადასტურებს საქართველოს წარსულიცა და აწმყოც;

– სწორედ ამიტომ ჭეშმარიტად ქართული ეროვნული მოძრაობა მჭიდროდ იყო და არის დაკავშირებული რელიგიურ ცნობიერებასთან, ეკლესიის წიაღთან;

– დღევანდელი (საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი) მოძრაობაც თავისი შინაგანი არსით ეროვნულ-რელიგიური მოძრაობაა, რამდენადაც იგი არ გულისხმობს მხოლოდ ეროვნულ-პოლიტიკური მიზნების განხორციელებას, არამედ უპორველეს ყოვლისა ითვალისწინებს ზნეობრივ აღორძინებას ქრისტიანულ რწმენასა და ცნობიერებაზე დამყარებით;

– ეროვნული ხელისუფლება იღვაწებს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ტრადიციული ერთობის აღსადგენად. ამ ერთობის არსი შემდგომში მდგომარეობს – ეროვნული სახელმწიფოს ავტორიტეტი უნდა დაემყაროს არა მარტო ხელისუფლების სოციალურ-პოლიტიკურ განსაზღვრულობას, არამედ უმეტესწილად ქრისტიანულ ზნეობრივ საწყისებს;

– სახელმწიფოს დამოკიდებულება ეკლესიისადმი უნდა დაეფუძნოს ეკლესიის რელიგიურ-ზნეობრივი ავტორიტეტის უზენაესობისა და ეკლესიის განსაკუთრებული სოციალური ფუნქციის აღიარებას;

– ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობის სულიერი ბუნება თავისთავად გამორიცხავს მის უშუალო მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში, მაგრამ პოლიტიკური სისტემიდან ეკლესიის გამოყოფა არ უნდა ნიშნავდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთგათიშვას;

– სახელმწიფო და ეკლესია არ უნდა ერეოდნენ ურთიერთის საქმიანობაში, მათ ერთობლივად უნდა უზრუნველყონ საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობა. ჩვენ მომხრენი ვართ არა სახელმწიფოსა და ეკლესიის, ეკლესიისა და სკოლის ურთიერთგამიჯვნისა, არამედ მათი ბუნებრივი კავშირისა, რომელიც იმავდროულად პოლიტიკური სისტემისა და ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულებასაც დაემყარება;

– სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად უნდა იქცეს;

– ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ქართულმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეკლესიის უფლება იყოს საერო ცხოვრების აქტიური მონაწილე. სახელმწიფომ უნდა დაიცვას საეკლესიო ქონება, ხელი შეუწყოს ეკლესიას ტრადიციულ სამონასტრო მოღვაწეობაში. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რათა ეკლესიამ მიიღოს საჭირო მატერიალური დახმარება – საგანმანათლებლო საქმიანობის, ტაძრების მშენებლობისა და შეკეთე-ბისათვის. უნდა აღდგეს საეკლესიო საკუთრება მიწაზე;

– მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება არ ხელყოფს სხვა რელიგიების აღმასრულებელთა, აგრეთვე ათეისტთა მოქალაქეობრივ უფლებებს. სახელმწიფოს მიერ გარანტირებული იქნება სინდისის თავისუფლება და თითოეულ პიროვნებას მიეცემა შესაძლებლობა იყოს აღმსარებელი იმ სარწმუნოებისა, რომელსაც თავად აღიარებს. მოქალაქეთა უფლებები არ შეიზღუდება რელიგიური ნიშნით. საქართველოს სახელმწიფო კვლავაც ერთგული დარჩება ტრადიციული რელიგიური შემწყნარებლობისა.

ქალბატონებო და ბატონებო.

– ქართველი ერი გამოირჩევა თანასწორთა შორის თავისი ყოფით, ადგილით და ენით. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა.

– ჩვენი ისტორია, ცხოვრების წესი, ბრძოლა სარწმუნოებისათვის, ეროვნული დამოუკიდებლობისათვის – ეს არის მოწამოებრივი გზა, ქრისტემიერი გზა სიკეთისა, სიქველისა და სიყვარულისა.

– ისტორია გვაძლევს შესაძლებლობას, რათა დავუბრუნდეთ მამაპაპეულ გზას, ავაღორძინოთ თავისუფალი საქართველო. დგება ჟამი როდესაც უკლებლივ ყველას სიცოცხლე მამულს ეკუთვნის.

– ერი უეჭველად მზად არის გადამწყვეტი ბრძოლისათვის – ეს ეროვნული ხელისუფლების ვალია იყოს ღირსი უდიდესი მისსიის – შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა – საქართველოს დაუბრუნოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს ერთა თანამეგობრობაში.

დიდი მიზნები მხოლოდ ღვთაებრივი სიყვარულით აღსრულდებიან.

დაე აღსრულდეს ნება ღვთისა, ნება ერისა.

გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!

(ამონარიდი)

ივნისი 30, 2010

ზვიად გამსახურდია: სუკ-ი წინ იხედებოდა, როდესაც ცრუ სამღვდელოებას ქმნიდა

ბოროტებისადმი დაუმორჩილებლობა ქრისტიანული ეთიკისა და პრაქსისის საფუძველთა საფუძველია. რა იყო პირველქრისტიანთა ცხოვრება, თუ არა უღმერთობისა და უზნეობისადმი დაუმორჩილებლობა? ქრისტიანობამ გაიმარჯვა ამ ბრძოლაში, რამეთუ საღვთო წერილი გვასწავლის: “საჭურველად გარე მოგადგეს შენ ჭეშმარიტებაი მისი”, ხოლო სიმართლისათვის დევნა სახარების პირველი ნეტარებაა. ის, ვინც არ იბრძვის სიმართლისათვის და არ არის დევნილი, არც ქრისტიანია. ამასთან, ყოველი დროის ტირანები ცდილობენ გაყალბებას მოციქულთა სიბრძნისას – ხელისუფლებისადმი დამორჩილების შესახებ. როგორც ცნობილია, მოციქულები მოგვიწოდებენ ხელისუფლებისადმი დამორჩილებას, რამეთუ, მათი თქმით, ყოველი ხელისუფალი ღვთისგანაა. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ მოციქულთათვის სიტყვა “ხელისუფლება”  ნიშნავს ლეგიტიმურ ხელისუფლებას, კანონიერ ხელისუფლებას და არა უკანონო, ყაჩაღურ, უზურპატორულ ხელისუფლებას, რომელიც ეშმაკისგან არის და არა – ღვთისგან.
რა შეიძლება მოიფიქროს და მოიმოქმედოს დღეს ჭეშმარიტად მართლმადიდებელმა და საკუთარი ერის მოყვარე ქრისტიანმა? მთავარზე უმთავრესია, ბრძოლა ჭეშმარიტი ქრისტიანობის აღორძინებისათვის, რასაც მრავალ დაბრკოლებას უქმნის ჩვენს ქვეყანაში გაბატონებული ანტიქრისტე. ქრისტიანობა არა მხოლოდ ქადაგებით, არამედ საქმით, ბრძოლა სატანასთან როგორც სულიერ, ასევე ფიზიკურ პლანში. უაღრესად საჭიროა ნამდვილი მოძღვარნი, რომელთაც ძალუძთ არა მხოლოდ ლოცვა და ქადაგება, არამედ ეშმაკეულ ადამიანთა განკურნება, მათი სულიერად განწმენდა და გადარჩენა. უნდა გვახსოვდეს, რომ ეგზორციზმი ახასიათებდა არა მხოლოდ კათოლიკურ ეკლესიას, არამედ – მართლმადიდებლურსაც. ამ თვალსაზრისით უნდა ამოქმედდეს ბასილი დიდის კურთხევანი, თუ, რასაკვირველია, ეკლესიაში შეხიზნულმა ანტიქრისტეს მსახურებმა ეს ტექსტები არ გაანადგურეს. გვახსოვდეს, რომ ასურელი მამები, გრიგოლ ხანძთელი, გიორგი, ექვთიმე და იოანე მთაწმინდელები უდიდესი ეგზორცისტები იყვნენ, რაც ჩანს მათი ცხოვრებიდან; ასეთები იყვნენ, აგრეთვე, ჩვენს დიდ მღვდელმთავართა შორის უმეტესნი. მღვდელმთავრის ჩაცმულობაში ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტია “ენქერი“, რომლის დანიშნულება დღეს მრავალმა სამღდველო პირმაც აღარ იცის. ენქერი არის სულიერი მახვილი, რომლითაც მღვდელმთავარმა სულიერ პლანში უნდა განგმიროს ბოროტი არსებანი და დათრგუნოს ისინი ამ დედამიწაზე. დღეს კი, სამწუხაროდ, ჩვენ მღვდელმთავართა უმრავლესობა ამ ბოროტ არსებათა მონებად ქცეულან თავად! აი, რაზე უნდა დავცეთ განგაში უწინარეს ყოვლისა, აი, რას უნდა ვუშველოთ! სანამ ჭეშმარიტი რელიგია არ აღდგება ჩვენში, ჩვენს ერს გადარჩენა არ უწერია.
მინდა შეგახსენოთ ქრისტიანული ღმრთისმეტყველებისა და ჰაგიოგრაფიის უმნიშვნელოვანესი ტერმინი “მართლმხილება“, რაც აგრეთვე ქრისტიანული პრაქსისის საფუძველია. ჭეშმარიტების სამსახური მარტო მის აღიარებაში როდი გამოიხატება. ეს სამსახური, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს სიცრუისა და ბოროტების მხილებას. მაცხოვარი ჩვენი მართლმხილების გამო აცვეს ჯვარს, მართლმხილების ძალამ, ღვთის ძალამ აღადგინა იგი მკვდრეთით და ცად აღამაღლა. მწიგნობართა, ფარისეველთა და ცრუ მღვდელმთავართა მხილება იყო მისი ქადაგების ძირითადი მიზანი. ხალხს უნდა განვუმარტოთ განსხვავება ეკლესიასა და ფიზიკურ ტაძარს შორის. ეკლესია სულიერი გაგებაა, ეკლესია სულიერად არსებობს და ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას ვერასოდეს მოერევიან; ეკლესია მოძღვრებაა, ღვთის, ზეციურ არსებათა და წმინდანთა ერთობლიობაა. ეკლესია იდეაში არსებობს, ხოლო ტაძარი მატერიალურია და ამქვეყნად არსებობს. ყველა ტაძარიც რომ შემუსროს ბოროტმა ძალამ თავისი მსახურებითურთ, ეკლესიას მაინც ვერ გაანადგურებს. ანტიქრისტეს ძალუძს თავისი გადაცმული მსტოვრები შეაგზავნოს ტაძარში. ეკლესიაში ვერ შეაგზავნის. ეკლესიის ისტორიას შეიძლება ეწოდოს “ჭეშმარიტების ისტორია”, ამბობდა პასკალი. “ის დევნულებანი, რომელნიც დაატყდა თავს ეკლესიას, ჰგვანან იმ ქარიშხლის მოქმედებას, რომელიც ებრძვის ჩაუძირავ გემს”.
აი, ეს ეკლესიაა დაფუძნებული “კლდესა ზედა”, ხოლო კლდე – საღვთო ჭეშმარიტებაა. რაც უფრო მიემსგავსება ფიზიკური ტაძარი ეკლესიას, რაც უფრო მიუახლოვდება ამ იდეალს, მით უფრო სრულყოფილია იგი. ღვთის ტაძარში მოკალათებულ ანტიქრისტეს მსახურთა მხილება კი ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანის უპირველესი მოვალეობაა. ამის გამო საუბრობენ ანტიქრისტეს მსახურნი მხოლოდ ტაძარზე (Templum), ეკლესიაზე კი არას ამბობენ, რამეთუ მათთვის მთავარია ნივთიერი და არა სულიერი. სულიერ ეკლესიას კი ებრძვიან აშკარად თუ ფარულად, ამიტომ არის მათი ღმერთი თხის რქებიანი და ჩლიქებიანი ბაფომეტი, ანდროგენული ურჩხული, რომელსაც თავზე ჩირაღდანი ადგას და რომელსაც ისინი უწოდებენ “Templum Omnium Hominum Pacis Abbat” (“ყოველთა კაცთა მშვიდობის ტაძრის მამა”). “თქვენ მამისა ეშმაკისანი “ხართ” – ეუბნებოდა იესო ქრისტე ასეთ ადამიანებს. ჩვენთვის კი მამაა ღმერთი, ეკლესიის თავი და არა ცრუ ტაძრის კერპი. ამისთვისაა საჭირო ქრისტიანული განმანათებლობა, რომელიც განუმარტავს ყოველივე ამას გაუთვითცნობიერებელ ხალხს.
მიწიერი ეკლესია, ამქვეყნიური ადამიანებისგან შემდგარი, უნდა ბაძავდეს ზეციურ ეკლესიას, მაგრამ, სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში ასეთი რამ თითქმის აღარ არსებობს. მიწიერი ეკლესია დაპყრობილია უღმერთო ძალების მიერ. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს – საქართველოში აღდგეს ასეთი ეკლესია.
“ცრუ მოციქულნი, მზაკვარნი, ღებულობენ სახეს ქრისტეს მოციქულისას. ეს არც არის გასაკვირი, რამეთუ სატანაც ღებულობს ნათლის ანგელოსის სახეს… მაგრამ მათი აღსასრული საქმეთა მათთაებრ იქნება” – გვასწავლის პავლე მოციქული. მაცხოვარიც ტაძარში ამხელდა ქვაბავაზაკებს. ალბათ გახსოვთ, თუ ვით აღლესა გრიგოლ ხანძთელმა “მახვილი მხილებისა”, ხოლო, უფრო მოგვიანებით, დავით აღმაშენებელმა მთელი საეკლესიო კრება მიუძღვნა ასეთ მართლმხილებას. ამის გარეშე დღეს წარმოუდგენელია ჩვენი ერის განწმენდა და აღორძინება.
მართლმადიდებლობას მუდამ ახასიათებდა შემწყნარებლობა სხვა რწმენათა მიმართ. მართლმადიდებლობამ არ იცოდა ინკვიზიციის კოცონები, მართლმადიდებელი მღვდელმთავრები, იმპერატორები და მეფეები უფრო დარწმუნების გზას მიმართავდნენ. ანტიქრისტეს დღევანდელმა მძლავრობამ და საყოველთაო აპოსტასიამ (რაც ნაწინასწარმეტყველებია საღვთო წერილში) მრავალი დააბნია და მოსწყვიტა ჭეშმარიტ რწმენას. სამწუხაროდ, მრავალი დადებითი პიროვნება, კარგი მამულიშვილი ან უღმერთოა, ან მცირედ მორწმუნე. ასეთებს უნდა შევაშველოთ ხელი დახმარებისა, ისინი არ უნდა შევიძულოთ, მოთმინებით ვიზრუნოთ მათი გადარჩენისათვის, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცევისათვის. გვახსოვდეს, რომ მაცხოვარიც და მოციქულებიც დიდი ტოლერანტობით გამოირჩეოდნენ. ისინი საბოლოოდ არ წირავდნენ არავის, ღვთისა და სიკეთის აქტიური მტრების გარდა.
გავიხსენოთ ქართველი ერის სიბრძნე: “სიბრძნე ებრძვის სიბრიყვეს უთოფოდ და უზარბაზნოდ”. ეს უაღრესად ქრისტიანული მიდგომაა. არამართლმორწმუნეებს იდეურად უნდა ვეკამათოთ, მათი ადამიანური უფლებების პატივისცემა ჩვენ მხოლოდ გვაძლიერებს. რაჟდენ მოწამეს, ევსტათე მცხეთელს და აბო ტფილელს არავინ ახვევდა თავს ქრისტიანულ სარწმუნოებას, მაგრამ ისინი ქრისტეს მოწამეები გახდნენ. ამაში იყო ძალა ჩვენი სარწმუნოებისა. სხვანი კი ცეცხლით და მახვილით ავრცელებდნენ თავის სარწმუნოებას. თორმეტმა ჭეშმარიტმა მორწმუნემ თითქმის მთელი მსოფლიო მოაქცია თავის რწმენაზე. მაცხოვრის სიტყვებით რომ ვთქვათ, “უკეთუ გვექნება სარწმუნოება თუნდაც ქრთილის ოდენი, მთას რომ ვუბრძანოთ, აღიძრება და ზღვად შთაიფხვრება”! რწმენას სასწაულები ძალუძს.
ანტიქრისტე თავად უდიდესი ცრუწინასწარმეტყველია. ასე რომ, არ არის გასაკვირი, მისი წინამორბედნი და მსახურნი ბიბლიური სიბრძნისა და წინასწარმეტყველთა ნააზრევის პროფანაციას რომ ისახავდნენ ერთ-ერთ მთავარ მიზნად. რელიგიასა და საღვთო წერილის პროფანაცია ანტიქრისტეს უმთავრესი მიზანია. ამიტომ უწყობენ აგრეთვე ხელს ყოველგვარი ბნელი სექტების გავრცელებას. მაგალითად, სამეგრელოში იეღოველებმა ხალხის დიდი უბედურებით ისარგებლეს და გაავრცელეს ხმა: “1993 წელი არმაგედონის წელია, წელს აღდგება მკვდრეთით და გაცოცხლდება ყველა ის, ვინც იეღოვას იწამებსო”. წარმოიდგინეთ, ზოგიერთმა გაუბედურებულმა და სასოწარკვეთილმა შვილდაკარგულმა მშობელმა ირწმუნა ეს და იწყო ყოყმანი მართლმადიდებლურ რწმენაში. აი, რა მეთოდებით მოქმედებენ ბოროტების მსახურნი. დღეს, დარწმუნებული ვარ, პუტჩისტური სუკ-ი დიდ იმედებს ამყარებს მათზე და საქმითაც იყენებს.
ერთმა გამოჩენილმა მოაზროვნემ ასეთი ფორმულა მოგვცა: “ღვთის უარყოფა სულის დაავადებაა, ქრისტეს უარყოფა – სულის უბედურება, ხოლო სულის უარყოფა – თვითმოტყუება”. რა უნდა იყოს უფრო სავალალო, ვიდრე ასეთი ადამიანი? ღმერთი და სულიერი სამყარო ჭეშმარიტი სამშობლოა ადამიანის, მიწიერი სამშობლო კი – მისი ხატი.
თუ მეცნიერება თავია საზოგადოებისა, რელიგია გულია მისი. როდესაც მტერი ჩვენს მოსპობას ცდილობს, თავში ან გულში გვიმიზნებს ტყვიას. სამოცდაათი წლის მანძილზე ანტიქრისტეს ხელისუფლება სწორედ ჩვენი თავისა და გულის განადგურებას ცდილობდა და არცთუ უშედეგოდ. ინტელიგენციის ნაწილი გადააგვარეს, სამღვდელოება კი თითქმის მთლიანად მოსპეს და შექმნეს ცრუ წითელი სამღვდელოება, რამაც თავი იჩინა ყველაზე მეტად პუტჩის ავბედით დღეებში. ნაცვლად იმისა, რომ იერარქები ჯვრით ხელში ჩამდგარიყვნენ სამკვდრო-სასიცოცხლოდ ურთიერთდაპირისპირებულ მოძმეთა შორის, ისინი ანტიქრისტეს მხედრობას ამოუდგნენ მხარში – ეკლესიები იარაღის საწყობებად მისცეს, ქაშუეთის ტაძარი ბლინდაჟად აქციეს, საიდანაც ჭურვებსა და ტყვიას უშენდნენ კანონიერ ხელისუფლებას; წმინდა პანტელეიმონის ტაძარში სნაიპერები ჩასვეს და ნაღმტყორცნები ჩადგეს, რომელნიც “კოლხურ კოშკს” უშენდნენ. ზოგიერთი სამღვდელო პირი ავტომატით ხელში იბრძოდა პუტჩისტებთან ერთად. რამდენიმე პატიოსანი სამღვდელო პირი კი, რომელმაც არ უღალატა კანონიერ ხელისუფლებას და ლოცვითა და ქადაგებით ამხნევებდა უზენაესი საბჭოს შენობაში გამომწყვდეულ მის წარმომადგენლებს, პუტჩისტმა პატრიარქმა განკვეთა და გააძევა საქართველოდანაც კი. ასე რომ, სუკ-ი წინ იხედებოდა, როდესაც ცრუ სამღვდელოებას ქმნიდა. წითელი სამღვდელოება სუკ-ის ყველაზე საშინელი დამკვრელი ძალაა.
როგორც მოგახსენეთ, მოციქულთა დევიზია კანონიერი, ლეგიტიმური ხელისუფლების ერთგულება, რამეთუ ასეთი ხელისუფლება ღვთისგანაა ახალი აღთქმის მიხედვით.
ერის ღალატი იგივე მოყვასის ღალატია. ეს თანაბრად მიუტევებელი ცოდვაა, როგორც სასულიერო, ასევე საერო პირისათვის. მაგრამ სასულიერო პირს სჯულისკანონის მიხედვით ყველაფერში უფრო მკაცრად მოეთხოვება, ვიდრე ერისკაცს, ისევე, როგორც მოზრდილს უფრო მოეთხოვება დანაშაულისათვის, ვიდრე მოზარდს.
მომნანიე ადამიანის შეწყნარება დამოკიდებულია იმაზე, საქმით ინანიებს იგი ჩადენილს, თუ მარტოოდენ ლიტონი სიტყვით.
ეროვნული თუ სამოქალაქო მოძრაობის ძალა მშვიდობიანი ხერხებით ბრძოლაშია. ამით დგას განდიზმი მარქსიზმზე მაღლა.
ღვთის სიყვარული, მოყვასის სიყვარული, სამართლიანობის სიყვარული თანაბრად სჭირდება ყველა რიგით თუ არარიგით ქრისტიანს.
ქვეყნის მმართველი, უწინარეს ყოვლისა, ქრისტეს მბაძავი უნდა იყოს მოყვასის სიყვარულით, სამართლიანობით, შემწყნარებლობით, სიმტკიცითა და ბოროტი ძალებისადმი შეურიგებლობით.
სიყვარული და მკაცრი სამართლიანობა თანაბრად საჭიროა. ერთ-ერთის დომინირება იწვევს ან სენტიმენტალობას და გულჩვილობას, ან უხეშობას და სისასტიკეს.
ვინც მტერს შეისწავლის, ის მას დაამარცხებს. უნდა შევისწავლოთ უღმერთოთა შავბნელი ძალების ტაქტიკა, მათი ფანდების არსენალი და გამუდმებით ვამხილოთ ეს ყოველივე. წარსულში არ გვქონია ამდენი გამოცდილება. დღეს კი, როგორც იტყვიან, “ზოგი ჭირი მარგებელია”, ბევრი რამ გაცხადდა, მრავალი დაფარული გამოვლინდა და ჩვენც უფრო მეტად გავძლიერდით.
ერისა და ეკლესიის ერთგულ შვილებს ვუსურვებ დიდ სიმტკიცეს რწმენაში, ბრძოლაში შეუპოვრობას, დიდ მოთმინებას, რამეთუ “აურაცხელ არიან ჭირნი მართალთანი და ყოველთა მათთაგან იხსნას იგინი უფალმან”. დღეს ჩვენ ყველანი განგებამ უდიდესი გამოცდის წინაშე დაგვაყენა და ეს, უწინარეს ყოვლისა, ჩვენი სარწმუნოების გამოცდაა. ადამიანთა დაცემული ბუნება უწყოდა უფალმა, როდესაც ბრძანა: “მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაითა და არა შემიწყნარებთ. უკუეთუ სხვაი მოვიდეს სახელითა..”

“შანსი”, # 19, 16 სექტემბერი, 2001 წელი

მარტი 2, 2010

ქრისტიანული სარწმუნოება და ქართველი ერი

* * *
“სარწმუნოების აღორძინება იხსნის საქართველოს”

* * *
“სანამ ჭეშმარიტი რელიგია არ აღდგება ჩვენში, ჩვენს ერს გადარჩენა არ უწერია”.

* * *
“სამწუხაროდ, მრავალი დადებითი პიროვნება, კარგი მამულიშვილი ან უღმერთოა, ან მცირედ მორწმუნე. ასეთებს უნდა შევაშველოთ ხელი დახმარებისა. ისინი არ უნდა შევიძულოთ, მოთმინებით უნდა ვიზრუნოთ მათი გადარჩენისათვის, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცევისათვის”.

* * *
“ქართველობა გააერთიანა ქრისტიანობამ”.

* * *
“ჩვენი მტრები დღესაც ანგარიშს უწევენ იმ გარემოებას, რომ ეკლესია მუდამ იყო და არის საქართველოს კულტურულ-ეროვნული ერთიანობის დიდი ფაქტორი”.

* * *
“მტრის სადაზვერვო სამსახურების აგენტების ადგილი ეკლესიაში არ არის. ჩვენი ეკლესია უნდა განიწმინდოს მათგან, რათა ერთი არ დაიღუპოს. საჭიროა ახალი რუის-ურბნისი”.

* * *
“ჩვენს ეკლესიას სჭირდება განწმენდა. ძველი კომუნისტური დროიდან ბევრი უარყოფითი მოვლენა და პიროვნება გადმოჰყვა ამ ახალ პერიოდს. საბოლოოდ იგი უნდა იქცეს ჭეშმარიტად წმინდა ეკლესიად. საერთოდ, ვთვლი, საჭიროა საეკლესიო კრების მოწვევა და დიდი წმენდა კადრების სფეროში. საჭიროა ახალი რუის-ურბნისის კრება!”-

* * *
“ხალხს უნდა განვუმარტოთ განსხვავება ეკლესიასა და ფიზიკურ ტაძარს შორის. ეკლესია სულიერი გაგებაა, ეკლესია სულიერად არსებობს და ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას ვერასოდეს მოერევიან; ეკლესია მოძღვრებაა, ღვთის, ზეციურ არსებათა და წმინდანთა ერთობლიობაა. ეკლესია იდეაში არსებობს, ხოლო ტაძარი მატერიალურია და ამქვეყნად არსებობს. ყველა ტაძარიც რომ შემუსროს ბოროტმა ძალამ თავისი მსახურებითურთ, ეკლესიას მაინც ვერ გაანადგურებს. ანტიქრისტეს ძალუძს თავისი გადაცმული მსტოვრები შეგზავნოს ტაძარში, ეკლესიაში კი ვერ შეგზავნის”.

* * *
“ქრისტიანული იდეალი ადამიანობისა, ქველმოქმედებისა, კეთილშობილებისა იმდენად შეესისხლხორცა ქართულ ბუნებას, რომ ცხოვრებისეულ სინამდვილეში ვლინდებოდა როგორც მისი თანდაყოლილი თვისება და არა როგორც სწავლითა და წვრთნით შეძენილი”.

* * *
“ქართველი ადამიანი ორგანულად, თანდაყოლილად შეიგრძნობდა ევანგელური მოძღვრების სისწორეს და ცხოვრებისეულად ახორციელებდა მას”.

* * *
“ხანჟობა”, როგორც ასეთი, უცხო იყო იმ ერისათვის, რომელიც მთლიანად, როგორც ერთი კაცი, ეწამა ქრისტიანული რწმენისათვის, რომელმაც წარმოსვა ასიათასობით მოწამეები, რომელმაც თავის ისტორიულ ამოცანად დაისახა ქრისტიანული იდეალის განხორციელება ცხოვრებაში, აზროვნებასა და ხელოვნებაში”.

* * *
“საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ჩვენი ისტორია, ცხოვრების წესი, ბრძოლა სარწმუნოებისათვის, ეროვნული დამოუკიდებლობისათვის, ეს არის მოწამეობრივი, ქრისტესმიერი გზა სიკეთისა, სიქველისა და სიყვარულისა”.

* * *
“დიახ, უპრეცენდენტოა ქართველი ერის მარტვილობა ქრისტიანული კულტურის სახელით”.

* * *
“(ვერაფერი” დააკნინებს სიდიადეს და შარავანდედს ჯვარცმული ქართველი ერისას, რომელმაც გამოიარა ისტორიის გოლგოთა და დღეს ახალ სულიერ-კულტურული აღორძინების გზაზე დგას”.

* * *
“მსხვერპლის უნარიანობა, იდეისათვის თავგანწირვა, მოყვასისათვის თავგანწირვა-აი, რა არის ძირითადი ჩვენს ეროვნულ ხასიათში”.

* * *
“მოყვასისათვის თავგანწირვაშია ქართული ისტორიის პათოსი და როდესაც დაუფიქრდები: რამ მოიყვანა ქართველი ერი დღემდის, რამ გადაარჩინა ისტორიის შემზარავ ქარტეხილებს, რწმუნდები, რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ თავისებურებამ. ეს თვისება სისხლში ჰქონდა გამჯდარი ერს. ეს თითქოსდა თანდაყოლილი, შესისხლხორცებული რამ იყო და არა გარეგანი, ეთიკური აღზრდის მიღწევა”.

* * *
“რა შობს მოყვასისათვის თავგანწირვას? სიყვარული, ყოვლისმომცველი, უსაზღვრო სიყვარული ადამიანისადმი. რა შობს თავისუფლებას? იგივე სიყვარული, ოღონდ სიყვარული უზენაესი ჭეშმარიტებისადმი”.

* * *
“მართლმადიდებლური ზნეობა ჩვენი ისტორიული ზნეობაა და ამას არ უნდა ვუღალატოთ”

* * *
“დღევანდელი ფართო გაგებით მართლმადიდებლობა უნდა იყოს ერის ცხოვრების საფუძველი… ეს ჩვენი ეროვნული იდეოლოგია იყო და დღესაც უნდა დარჩეს ეროვნულ იდეოლოგიად”.

* * *
“მე არ მიმაჩნია ჯანსაღ მოვლენად მოდერნიზმი და დღევანდელი გაგებით ეკუმენიზმი. ამას უნდა ვებრძოლოთ და ვამხილოთ”.

* * *
“სექტანტობა შეუთავსებადია ქართულ ცნობიერებასთან. უწინარეს ყოვლისა თავისი დაკნინებული, მწვალებლური აზროვნებით, ზნეობრივი დეგრადაციით. სექტანტობა ჩვენი მტრის მთავარი იარაღია”.

* * *
“მართლმადიდებლობა ქართული ცნობიერების საფუძველთა საფუძველია. შემთხვევითი როდია, რომ წმინდა გიორგის გვერდით დგას წმინდა ნიკოლოზი, კონფესიური მართლმადიდებლობის ბურჯი”.

* * *
“მართლმადიდებელ წმინდანთა და მოწამეთა სიმრავლითაც საქართველო პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში”.

* * *
“ქრისტიანობა არ გახლავთ მარტოოდენ სულიერი სიმაღლეების წვდომა, ჭეშმარიტი მორწმუნე პრაქტიკული საქმიანობითაცაა დაკავებული. სწორედ, ასეთი იყო კეთილი სამარიტელი, რომელიც ბოროტს სჭვრეტდა და ებრძოდა”.

* * *
“რა შეიძლება მოიფიქროს და მოიმოქმედოს დღეს ჭეშმარიტად მართლმადიდებელმა და საკუთარი ერის მოყვარე ქრისტიანმა? მთავარზე უმთავრესია ბრძოლა ჭეშმარიტი ქრისტიანობის აღორძინებისათვის. ქრისტიანობა არა მხოლოდ ქადაგებით, არამედ საქმით, ბრძოლა სატანასთან როგორც სულიერ, ასევე, ფიზიკურ პლანში”.

* * *
“ბოროტებისადმი დაუმორჩილებლობა ქრისტიანული ეთიკისა და პრაქსისის საფუძველთა საფუძველია. რა იყო პირველქრისტიანთა ცხოვრება, თუ არა უღმერთობისა და უზნეობისადმი დაუმორჩილებლობა?… ის, ვინც არ იბრძვის სიმართლისათვის და არ არის დევნილი, არც ქრისტიანია ამასთან”.

* * *
“ჭეშმარიტების სამსახური მარტო მის აღიარებაში როდი გამოიხატება. ეს სამსახური, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს სიცრუისა და ბოროტების მხილებას. მაცხოვარი ჩვენი მართლმხილებისათვის აცვეს ჯვარს, მართლმხილების ძალამ, ღვთის ძალამ აღადგინა იგი მკვდრეთით და ცად ამაღლდა”.

წიგნიდან: “აირჩიე, ქართველო ერო!” ზვიად გამსახურდიას გამონათქვამები

Blog at WordPress.com.