ზვიად გამსახურდია

ივლისი 4, 2012

ზვიად გამსახურდია – უძღები შვილი


ვით უძღები შვილი სოფლად, ვერ წაუველ ვერსადაო,
თვალთა შენთა მშანთავ ნათელს, მეუფეო ზეცათაო!

ქვესკნელს დამნთქა სულთა მტერმა, სად შენა და მე სადაო,
მომიძიე კრავი შენი, მეუფეო ზეცათაო!

გულისთქმათა განმგებელო, მსურს, ამლაგმო, მესადავო,
სულთა მწეო, ყოვლისმძლეო, მეუფეო ზეცათაო!

სინანულის ცრემლთა რუებს აწ კი უნდა ესათაო,
მოხვედ ჩვენად სინანულად, მეუფეო ზეცათაო!

აპრილი 16, 2012

ზვიად გამსახურდია: გაქცევა

ღამე დააბოტებს დაუსჯელ მკვლელივით,
ციხის გალავანი საფარად იფარა,
შენ ჩუმი კანკალით გარიჟრაჟს მოელი,
როგორც ნამკვდრევის სულს სვავი უტიფარი.

და ყოველი წუთი, ვით ბასრი ბებუთი
გისერავს გულღვიძლს და გიშფოთებს სულს,
ითვლი მოჩვენებებს მუნჯი გაშმაგებით,
რისხავ ბედისწერას და ღამეს კრულს.

ისმის დერეფანში სიკვდილის ნაბიჯი,
ახლოა კედელი, ნაპრალი ვიწრო,
ვაჰ, თუ ბედისწერამ აგიგდო აბუჩად,
და სულთამხუთავმა ზედ კართან მოგისწრო.

საცაა წაგისწრებს ცისკარი თარსი,
დღე, ვით მებადრაგე, წაგიჭერს არტახებს,
მაშინ არ გიტირებს არავინ მკვდარსაც კი
და შენს გვამს ჩაიკრავს სანაგვე პარტახი.

შენ ძრწოლვით სინჯავ იმედის ჩახმახს,
ხრიალებს ღამე, ვით მომაკვდავი,
ბინდი ჩახვევია სახრჩობელას ახმახს
და ბილწ მოლოდინში ნერწყვს ყლაპავს ყვავი.

აჰა, გადაცოცდი, საცაა ინათებს,
დილას გაუშლია ბურუსის თმები,
ორმო გიმკითხავა მკითხავმა წინათვე
და მაინც იმედით წინასწარ თბები.

გადადგი ნაბიჯი და მუხლი გებმება,
თითქოს უარგყოფსო ქვეყანა ვრცელი.
შენს ირგვლივ ასტეხეს დგრიალი ჩექმებმა
და კვლავ დაგეწია სიკვდილის ცელი.

გათავდა ყოველი… გაგწირა აისმა,
შავად აღმართულა ციხის ყრუ ღობე,
იცინის ცხაური და მალე მოისმენ
სიკვდილის უკანასკნელ ცნობებს.

ციკლიდან “ტერენტი გრანელი” 

იანვარი 16, 2011

ზვიად გამსახურდიას ენობრივი ნორმების შესახებ

ზვიად გამსახურდიას ენობრივი ნორმების შესახებ მნიშვნელოვანი მეცნიერული კვლევა ეკუთვნის პროფ. მანანა ტაბიძეს.

ქართული სალიტერატურო ენის განვითარების, მისი პერიოდიზაციისა და ნორმალიზაციის საკითხები მუდამ იყო ქართველ მწერალთა, თუ ლიტერატორთა ინტერესისა და ზრუნვის საგანი.

ზვიად გამსახურდია პოეტი გახლავთ, მაგრამ ამასთანავე, იგი შესანიშნავი მეცნიერიცაა,. ეს ბედნიერი შეზავება ორგვარი ნიჭისა, რაც საზოგადოდ კულტურისათვის უცხო მოვლენა არ არის, განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის მის ენობრივ პოზიციას. მართებულად აღნიშნავს თავად ზვიადი, რომ მწერლის ენის შეფასებაში “ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი მიმართულება, ორგვარი გზა ინტერპრეტაციისა: მწერლური და მეცნიერული, მაგრამ ამავე დროს, მწერლური დაუდევრობა და მეცნიერული პედანტიზმი ხშირად ხელისშემშლელადაც გვევლინება ტექსტოლოგიური პრობლემების  სწორი გააზრების გზაზე”. შესაბამისად, მწერლისა და მეცნიერის თვალთახედვის შეჯერება უდავოდ საყურადღებოა ენის განვითარების რთული გზის ანალიზისას.  ზვიადის მოსაზრებები ქართული სალიტერატურო ენის განვითარების პროცესთან დაკავშირებით შეიძლება რამდენიმე საკთხად განაწილდეს: არქაული და ახალი ენობრივი მასალა, მწერლის ენა ნორმობრივი თვალსაზრისით, ორთოგრაფიის პრობლემა, ვულგარიზმები ქართულში, ტექსტოლოგიური კვლევა, ენობრივი ნორმები და ა.შ.

ზვიად გამსახურდიას ენობრივ შეხედულებათა ერთი ნაწილი მის ფუნდამენტურ სამეცნიერო შრომებშია განცხადებული, მეორე ნაწილი კი, საპოლემიკო ხასიათის წერილებშია მოცემული. შესაბამისადაა გაფორმებული ამ მოსაზრებათა ფორმულირებანიც – ზოგან ავტორი ანალიტიკოსია და მასალის მარჯვედ შერჩევისა და სათანადო თეორიული წინამძღვრების საფუძველზე ავითარებს აზრს, ზოგან კი მოკამათეა და კონკრეტულ ოპონენტს, ან ოპონენტთა ჯგუფს ეხმიანება.  ამის მიხედვით მისი საუბრის მანერა მონაცვლეობს ლოგიკოს-მეცნიერის თეორიულად დატვირთულ მსჯელობასა და სატირულ-ირონიულ გამონათქვამებს შორის. უნდა ითქვას, რომ ორივე ამ ხელოვნებას ზედმიწვდენით კარგად ფლობს ავტორი.

ზვიად გამსახურდიას ენობრივი იდეალი ქართული სალიტერატურო ენის უწყვეტობაა. იგი არ არის მომხრე ქართული ენის ძველ და ახალ ენებად დაყოფისა, აქ საკითხი თავისთავად გრამატიკული კლასიფიკაციის წინააღმდეგ კი არ არის დასმული, არამედ თანამედროვე სამწერლო ენაში “ძველი” ფორმების კანონიკური შეზღუდვის წინააღმდეგ. შემოქმედებისათვის ზვიადს საჭიროდ მიაჩნია “ენობრივი თავისუფლება”. იგი წერს: “ენა ინსტრუმენტია პოეტის ხელში, იგი ამუშავებს ენობრივ მასალას განწყობილების შესაქმნელად, რიტმი იმოსება ნივთიერ-სიტყვიერი ფაქტურით და იბადება პოეტური ქმნილება… შემოქმედებითი სული ვერ ეგუება ვერავითარ სტატიურ დოგმებს, ვინაიდან შემოქმედება თავად დინამიკაა, იგია თავად დინამიური სულის სინამდვილე”. ზვიადის მართებული  მოსაზრებით ზოგნი აკვიატებულად იჩემებენ, რომ არსებობს ორი ენა: ერთი ძველი (მკვდარი), ხოლო მეორე – ცოცხალი და ახალი: “უკანასკნელ ხანებში ჩვენში გავრცელდა შეხედულება, რომ “მაღალი სტილი მოკვდა” და იგი უნდა შეცვალოს ვულგარულ-ბანალურმა მეტყველებამ. ჰო, მაგრამ ერთი ვიკითხოთ, ვისთვის მოკვდა მაღალი სტილი? უწვრთნელი, ანტიესთეტური, ანტიპოეტური ბრბოსათვის, რომელსაც არ გააჩნია ამაღლებულის შეგრძნების უნარი. თუმც, აქვე უნდა დავსძინოთ, რომ ბრბოსთვის მაღალი სტილი ყოველთვის მკვდარი იყო, მის აღქმასა და დაფასებას სჭირდება “კაცი ვარგი”, რუსთაველის გამოთქმა რომ ვიხმაროთ, ან “ვისაც აქვს სმენა გულისა” (ვახტანგ VI). ხელოვნების დამფასებელიც პიროვნება უნდა იყოს ისევე, როგორც თვით ხელოვანი. ემერსონი იტყოდა, არსებობს შემოქმედებითი კითხვა ისევე, როგორც შემოქმედებითი წერა”.

ზვიადი გულისტკივილით აღნიშნავს იმასაც, რომ პოეტური კულტურის დაკნინების ერთ-ერთი მიზეზი არის “ვულგარიზაცია” ენისა და ის ბანალური მეტყველება, რომელიც მე-19 საუკუნის მიწურულსა და მე-=20 საუკუნის დასაწყისში შემოიპარა ქართულ პოეზიაში – და  ამ ფონზე სასურველად მიიჩნევს ძველი და ახალი ქართულის ენობრივი ფორმების ზომიერ ინტეგრაციას, ორგანულ შერწყმას, რაც სიძველისაკენ დაბრუნება კი არაა, ქართულის მთლიანობის დაცვააო, არნიშნავს მკვლევარი და მაგალითად მოჰყავს კონსტანტინე გამსახურდიასა და გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება. მართალია, ისინი არ იცავდნენ პედანტურად ძველი ქართული გრამატიკის კანონებს, თუმცა, აქტიურად იყენებდნენ ძველ ქართულ ფორმებს. სწორედ, ასეთი დიდი ავტორიტეტები უნდა იყვნენ მისაბაძი მაგალითი დამწყებ შემოქმედთათვის და არა გონებისა და გრძნობის სიდუხჭირის “სისადავედ და უშუალობად” გამსაღებელნი, ტრივიალური პროვინციალური უგემოვნების “ხალხურობად” მომნათვლელნი და “ახალი დროის” უნიჭო და უგერგილო ჰიმნოგრაფნი.

ზვიადი თავისი დროის კიდევ ერთ სენზე ამახვილებს ყურადღებას. ესაა ახალგაზრდა პოეტების განურჩეველი გატაცება ვერლიბრით. “ვერლიბრი ურთულესი ფორმაა ლექსისა, იგი მოითხოვს უდიდეს ვირტუოზობას, მუსიკალურ სმენას და პლასტიკურ შეგრძნებას ლექსის ფორმებისას, თუ იგი ჭეშმარიტი ვერლიბრია და არა მოშვებული პროზა, ვერლიბრის ფორმით დაწერილი. დასავლეთის დიდმა პოეტებმა, რომელთაც ვერლიბრი დანერგეს, ჯერ ბოლორითმოვანი ლექსის ფლობით დაამტკიცეს თავიანთი ოსტატობა… ვერლიბრი არ უნდა იყოს თავშესაფარი კლასიკურ, ბოლორითმოვან ლექსში ხელმოცარული პოეტებისა… ტ.ს. ელიოტის თქმით, ვერლიბრში ასე თუ ისე უნდა მოსჩანდეს ლანდი რომელიმე უბრალო მეტრისა, რასაც საოცრად ემთხვევა გალაკტიონის გამოთქმა “რიტმული ლანდები”. აი, ასეთი ლანდებისა და მაღალი არტისტიზმის გარეშე ვერლიბრი ნონსენსია, იგი ნიღაბია ანტიპოეზიისა. თმცა, ზვიადი მართებულად შენიშნავს, რომ ენის “ვულგარიზაციისა” და “დაკნინების” პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო და სულხან-საბას ლექსიკონი იყო გიგანტური ცდა ამ დაკნინების შესაჩერებლად”.

მკვლევარს სურს ხაზგასმით გამოკვეთოს ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ ყველა დროში საბედისწერო გაუგებრობას იწვევდა ფილოლოგებისა და ენათმეცნიერების ჩარევა ლიტერატურის საქმეებში. მწერალი, შემოქმედი, ენათმეცნიერულ კანონებს არ უნდა უგდებდეს ყურს, არამედ თავის შინაგან ხმას, რომელიც მას ხშირად კარნახობს ენის ჩვეულ ფორმათა დარღვევას.

ზვიად გამსახურდიას ენობრივი ორიენტაცია პრაქტიკულად წარმოჩინდა მის პოეზიასა და სამეცნიერო ნაწერებში. მისი ქართული მდიდარი და ლაღია, მასში დიდებულადაა შეზავებული “ძველი” და “ახალი” ლექსიკა, მოქნილია ფრაზეოლოგია, მთლს მის ნაღვაწს დიდი ნიჭისა და შემოქმედებითი კეთილსინდისიერების ნიშანი ადევს, მისი ქართულიც ასეთია – ნიჭითა და გრძნობით გაჯერებული. ასე წერა მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც ყოველი სიტყვა გულისგულამდე აქვს განცდილი, ვისაც სიყრმიდანვე აზიარებდნენ ქართველობის სიხარულსა და ქართული ენით სიამაყის მშვენიერ გრძნობას.

მისი ზოგი გამონათქვამი მწარე მოსასმენია ადრესატისათვის, მაგრამ “კარგი გამგონე” ასეთ დროსაც შეამჩნევს “კარგ მთქმელს”, რომელსაც ალაპარაკებს არა ვისიმე სიძულვილი, არამედ ყოველგვარ პირადულზე უფრო დიდის –  ქართული ენის სიყვარული, რაც ცხადად გამოჩნდა მისი სიტყვებიდან, რომელიც მან 1970-1971 წლებში ქართული კულტურის  საკითხებზე გამართული დისკუსიის დროს დაწერა თავისი ოპონენტების მისამართით> “ამთავითვე ავღნიშნავ, რომ მე იოტისოდენადაც არ მამოძრავებს ჟინი, ან სპორტული ინტერესი კამათში გამარჯვებისა, არც იმას მიველტვი, ვინმეს მოვუგო სიტყვა. ჩემი მთავარი მიზანია ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა. მე მსურს, უწინარეს ყოვლისა, ჩემს მოწინაღმდეგეებს სწორად გავურკვიო ჩემი პოზიცია, ვინაიდან ჩემის აზრით, მათი დაშვებული შეცდომების უმრავლესობა იმის შედეგია, რომ მათ ვერ განსაზღვრეს სწორად ჩემი პოზიციის არსი. ამანვე გამოიწვია მათი სუბიექტივიზმი და მცდარი წინამძღვრებიდან გამოტანილი მცდარი დასკვნები”.

ამ მოკლე ანალიზით ჩვენ გვსურდა გვეჩვენებინა, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ზ. გამსახურდია ქართველ მწერალთა და პოეტთა მიერ ენის სიწმინდის დაცვას.

წყარო: სოფიო ღლონტი – ზვიად გამსახურდიას ქრისტიანული მრწამსი, თბ, 2007

სექტემბერი 24, 2010

ზვიად გამსახურდია: მითების თარგმანებანი

Filed under: Uncategorized — ტეგები:, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , — georgianeli @ 11:55 PM


“მითოლოგიაში მოცემულია კოსმიური და ადამიანური ყოფის არქეტიპული მოდელები. სწორად გაშიფრული მითი ადამიანური ცხოვრების მრავალ საიდუმლოს ხდის ფარდას”.

“ძველბერძნული მითოსი სინამდვილეში არის არა ძველბერძნული, არამედ პელაზგური მითოსი. ამას აღნიშნავდა დიდი გერმანელი ფილოსოფოსი შელლინგი და პელაზგურ ეპოქას საბერძნეთის განვთარებაში იგი განმარტავდა, როგორც საბიზმს ე.ი. ნათელხილვითი სიბრძნის ეპოქას”.

“მეცნიერებაში მიღებული თვალსაზრისია, რომ ტიტანები და გმირები ეკუთვნიან არაბერძნულ, წინაბერძნულ სამყაროს და წარმართავენ თავდაპირველად პელაზგურ კულტურას, ხოლო შემდეგ-შემოსულ აქაველთა კულტურას. ტიტანები და გმირები ზეკაცებია, რომელთაც მიიღეს ღვთაებრივი მეობის ნაბერწკალი”.

“შემთხვევითი არ არის, რომ კავკასიასთან დაკავშირებულია ბერძნული მითოსის უმთავრესი მომენტები. გაიხსენეთ არგონავტების ლაშქრობა, გაიხსენეთ პრომეთეს მიჯაჭვება კავკასიის ქედზე, რაც უმთავრესი მომენტებია ბერძნულ მითოლოგიაში”.

“მითოსის პერსონაჟთა მისია, მათი სულიერი რაობა ყოველთვის მათი სახელების მიხედვით განიმარტებოდა. სახელები მითოსის პერსონაჟებისა, ღმერთების, ნახევრადღმერთების, ტიტანების, გმირების სახელები იქმნებოდა მათი არსობრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე. კერძოდ, “პრო-მეთეო” ძველბერძნულად ნიშნავს წინასწარმეტყველურ აზროვნებას, წინასწარგანჭვრეტას”.

“იაპეტოსის სახელი ზენონ ელეელის მიერ განიმარტება, როგორც ზენა სამყარო, სულიერი სამყარო. იაპეტოს ე.ი. ის, რაც მიისწრაფის ზევით, სულიერი სამყაროსკენ. ე.ი. პრომეთე არის ზენა სამყაროს, სულიერ სამყაროს ძე, ანუ წინასწარმეტყველური აზროვნება”.

“ზევსი-პერსონიფიცირებული სახე ინდოევროპული კაცობრიობისა, მიმართავს პრომეთეს-პერსონიფიცირებულ სახეს პელაზგური, ანუ პროტოიბერიული კაცობრიობისას. “იაპეტოსის ძეო, უკეთილშობილესო ყველა მეუფეთა შორის, ყველაზე დიდო მცნობო მომავლისა, მეგობარო, რად დაანაწილე ხარი ამგვარად?” ზვიად გამსახურდიასეული თარგმანება: ” პრომეთე და მისი მიმდევარი ქურუმები მოატყუებენ ზევსს და მის ქურუმებს სამსხვერპლო ხარის დანაწილებისას. ეს მოტყუება სიმბოლოა იმისა, რომ მათი ინტელექტი უფრო განვითარებულია, რომ ის უფრო მაღლა იდგა მათ კულტურაზე. უფრო მაღლა იდგა შესაბამისად აზროვნებითი კულტურაც”.

“(ეთნოლოგიურ ასპექტში) პრომეთე არის სიმბოლო იმ მოდგმისა, იმ ხალხისა, რომელმაც უნდა განავითაროს მისტერიათა კულტურა, რომელიც არის შემქმნელი მისტერიათა კულტურისა და ყოველივე იმისა, რაც მოდის ამ მისტერიათა კულტურიდან. სახელდობრ, სულიერი განვითარებისა, ინიციაციისა და სულიერი აზროვნების”.

“ერთ-ერთი მთავარი ახსნა პრომეთეს მითისა კაცობრიობის ევოლუციაში, აზროვნების ევოლუციაში არის ის ეტაპი, როდესაც აზროვნება მიეჯაჭვება ადამიანის ფიზიკურ სხეულს-ადამიანის სულის ფიზიკურ სხეულში ჩამოსვლასთან ერთად და არის დატყვევებული ამ ფიზიკურ სხეულში, ხოლო გათავისუფლება პრომეთესი, რომელიც მიჯაჭვულია კავკასიის ქედზე, არის გათავისუფლება ამ აზროვნებისა სხეულებრივი საწყისისაგან. გათავისუფლებული პრომეთე არის გათავისუფლებული წინასწარმეტყველური აზროვნება, ხოლო მიჯაჭვული პრომეთე ადამიანის ფიზიკურ სხეულზე მიჯაჭვული აზროვნებაა.  ეს არის ეტაპი კაცობრიობის ევოლუციაში, რომელიც ცნობილია ადამიანური არსების, სულის ჩაძირვად ფიზიკურ სხეულში, ხოლო შემდეგ ხდება მატერიისაგან სულის გათავისუფლება. ეს არის პრომეთეს მითის სპირიტუალური, ფილოსოფიური ასპექტი”.

“ოთხ ელემენტს შორის-ცეცხლი, წყალი, მიწა, ჰაერი-ადამიანის “მე”-ს თვითებას, მეობას შეესაბამება ცეცხლი”.

“პრომეთეს მიერ ციდან ცეცხლის მოტაცება  მიკროკოსმული გაგებით თვითების, მეობის შეძენაა, ხოლო ღმერთების მიერ ტიტანების ტარტარში ჩამარხვა ადამიანის სულიერ მატერიაში ჩამოსვლაა, სხეულში ჩაძირვაა და გამკვიდრებაა, რითაც იწყება ადამიანის ინდივიდუალური ცხოვრება, აზროვნება და კულტურა”.

“იაპეტოსის ძე, პრომეთე, ოდესღაც აღზევებული  ტიტანი, ღმერთებისათვის ცეცხლის (ღვთაებრივი მეობის ნაბერწკლის) მომტაცებელი, შემქმნელი და ინსპირატორი კაცობრიობის ცივილიზაციისა და აზროვნებითი კულტურისა, შემოქმედი და წანასწარმხედი მოაზროვნე, მისტერიათა კულტურის ინაუგურატორი (შემომღები) არის სიმბოლო იაფეთური, პროტოქართული, ანუ პროტოევროპული ეთნოსისა, რომელიც ჟამთა ვითარებაში დაამარცხა და გარიყა ზევსმა, ანუ ინდოევროპულმა კაცობრიობამ, მიაჯაჭვა კავკასიაზე, ანუ კავკასიით შემოზღუდა მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის არენა”.

“კავკასიონზე მიჯაჭვული პრომეთე, ანუ მაღალი ცივილიზაციის, კულტურისა და აზროვნების მატარებელი კაცობრიბა არის პროტოქართული მოდგმა კავკასიაში ლოკალიზებული, კავკასიაზე მიჯაჭვული”.

“რა არის პრომეთესეული ცეცხლი, თუ არა ცეცხლი სიყვარულისა, თავგანწირვისა? განა რად მიაჯაჭვეს პრომეთე-ამირანი კავკასიის ქედზე? იქნებ მივიჩნიოთ მითიური ტიტანი ერის სულიერ პერსონიფიკაციად”.

“(გურამ რჩეულიშვილის მთლს არსებაში ხშირად მოვარდნილი სტიქიის მსგავსად ვლინდებოდა ის პრომეთესეული ცეცხლი, რომელსაც განათლებული ევროპელები ერთხმად უწოდებენ კოლხური, ქართული ხასიათის ძირითად მახასიათებელს)”.

“პრომეთე ასახავს მისტერიათა კულტურას, რომელიც იყო პირველადი ძველ საბერძნეთში და შემდეგ ლოკალიზებული კავკასიაში, რაც სიმბოლურად ასახულია პრომეთეს მიჯაჭვით კავკასიის ქედზე”.

“პრომეთეს აწამებს ზევსის არწივი. არწივი ერთის მხრივ, სიმბოლოა სულიერი აღმაფრენისა და შემეცნებისა, ხოლო მეორეს მხრივ, ეს არის სიმბოლო იმპერიული ძლიერებისა და ძალმომრეობისა, რომელიც აწამებს პრომეთეს”.

“პრომეთეს მხსნელი არის მისი საქმის გამგრძელებელი ჰერაკლე-იგი მისტერიათა სინკრეტული კულტურის ახალ საფეხურზე ამყვანი გმირია და ეკუთვნის აგრეთვე წინარებერძნულ, პელაზგურ, იბერიულ სამყაროს, ძველიბერიულ მისტერიებს”.

“ჰერაკლე პერსევსის ძეა, რომელმაც დააფუძნა ნათლმხილველური პელაზგური კულტურა, რომელიც შემდეგ გადაიყვანა ათენელთა ჰელინურ კულტურაზე… ამავე დროს, ჰერაკლე ზევსის ძეა, ვინაიდან მან აითვისა აგრეთვე ზევსური, ე.ი. ინდოევროპული ინიციაციური კულტურაც”.

“რა არის ჰერაკლე? ეს არის ინიციაციის ახალი კულტურა, ნებელობითი ინიციაცია, ჰეროიკული ინიციაცია, რომელიც არის წინასახე ქრისტიანული ინიციაციისა”.

“ჰერაკლეს ჩვეულებრივ ლომისტყაოსნად გამოსახავენ, მცირეაზიული ლომისტყაოსანი და ვეფხისტყაოსანი გმირების კვალობაზე, რაც სიმბოლოა თვითფლობისა და მე-ს მეფური ძალმოსილებისა. მისი ზებუნებრივი ფიზიკური ძალმოსილება, მისი გმირობანი სიმბოლურად ასახავენ მისტის, ანუ ადეპტის სულიერ პოტენციებს, ნებელობის ძალას, მისი “დოდეკალიოს” (12 საქმე) 12 საფეხურია ინიციაციისა”.

” ჰერაკლეს გმირობანი სიმბოლურად უნდა გავიგოთ, როგორც ინიციაციის სხვა და სხვა საფეხური, სულიერი განვითარების სხვა და სხვა დონე, რომლის კულმინაციაც არის პრომეთეს გათავისუფლება, ანუ აზრის გათავისუფლება ფიზიკური სხეულის ტყვეობისაგან და კაცობრიობის გამოხსნა”.

“ჰერაკლეს მიერ კვერთხის დაკვრით კლდიდან წყლის აღმოცენება ითვლება ქრისტესაგან, როგორც სულიერი კლდისაგან წყლის აღმოცენების წინასახედ (1 კორ. 10.4)”.

“მითები პრომეთეს, ჰერაკლესა და არგონავტების  შესახებ განჭვრეტაა ქრისტიანობის მომავალი მისიისა. დორიულ-კოლხური ინიციაცია, რომლის მესვეურნიც არიან ხსენებული გმირები, წინასახეა ქრისტიანული ინიციაციისა. შემთხვევითი როდია, რომ დორიული ინიციაცია კოლხურთან არის დაკავშირებული, ხოლო ჰერაკლე არგონავტების ლაშქრობის ერთ-ერთი მონაწილეა…. ამაზე მეტყველებს აგრეთვე ისიც, რომ სახელი “იასონ” შინაარსობრივად უკავშირდება “იესოს” (“იასის”-წამალი, “იესო”-მკურნალი). ასე რომ, პრომეთეს, ბერძნული მითოლოგიის თვალსაზრისით, ათავისუფლებს მომავლის თეურგია, ინიციაციის ახალი კულტურა, რაც ქრისტიანული თეოსოფიის თვალსაზრისით ქრისტიანულ თეურგიას გულისხმობს”.

“ლაშქრობა კოლხეთში სიმბოლურად, იმაგინატიურად არის ლაშქრობა სულიერი სიბრძნის, მისტერიალური სიბრძნის მოსაპოვებლად, რომელიც იმჟამად შემორჩენილი იყო მხოლოდ კოლხეთში”.

“კოლხეთიდან ოქროს საწმისის გატაცება ბერძნების მიერ უნდა გავიგოთ, როგორც მისტერიალური ცოდნის წაღება, რომელიც ადრე დაჰკარგეს ბერძნებმა და იმ დროისთვის მხოლოდ კოლხეთში იყო შემორჩენილი”.

“ოქროს საწმისი, ვერძის კოსმიური სიბრძნე, ანტიკურ ეპოქაში იგივე შინაარსს ატარებს, რასაც შუა საუკუნეებში ფილოსოფიური ქვა, ან გრაალი. ოქროს საწმისს “კლასიკურ გრაალსაც” უწოდებენ”.

“აგრეთვე არგონავტების ლაშქრობა არის წაინასახე ქრისტიანული ინიციაციისა და შემთხვევითი არ არის, რომ ოქროს საწმისს სულიერ მეცნიერებაში ეწოდება კლასიკური გრაალი. ოქროს საწმისი ანტიურ პერიოდში არის იგივე, რაც შუა საუკუნეებში გრაალი და ფილოსოფიური ქვა. ფილოსოფიური ქვა და გრაალი არის აგრეთვე იდენტური ცნებები. ფილოსოფიური ქვის ძიება არის არა მარტო ფიზიკური ოქროს ძიება, არამედ სულიერი ინიციაციის ძიება, ღვთის ძიება, სულიერი ცნობიერების განვითარების გარკვეული დონის ძიება, რომელიც ანტიურ მისტერიებში, ძველბერძნულ მისტერიებში გადმოცემული იყო, როგორც ოქროს საწმისის ძიება”.

“ოქროს საწმისი ანტიურ მისტერიათა კულტურის სიმბოლოა, გრაალი კი ქრისტიანული მისტერიებისა. ოქროს საწმისის კულტურა ქართველურმა კოლხურმა ტომებმა შექმნეს, ხოლო გრაალის კულტურა მათმა მონათესავე დასავლეთის კელტიბერიულმა ტომემა”.

“პროტო-ქართველებისათვის დამახასიათებელი იყო მცენარეული ტოტემური ვაზი (ვაზის კულტი), მუხა და ცხოველური ტოტემები, ვეფხი და მგელი”.

“ვეფხის ტყავი უძველესი ტოტემური სახეა იაფეტური კაცობრიობისა, კავკასიური რასისა”.

“ცხენი ინტელექტის სიმბოლოა ძველეპიურ პოეზიასა და მითოსში”.

“ქვაბში საუნჯის პოვნა საყოველთაოდ ცნობილი სიმბოლოა მისტერიალურ სიბრძნესთან ზიარებისა”.

“გილგამეშიანში” მოცემულია ინიციაციური შემეცნების გზა პრეისტორიული ხანის შუამდინარეთის ქვეყნებისა”.

“ინიციაციის გზის ალეგორიული ასახვაა ოდისევსისა და მსგავსი გმირების თავგადასავლები. უწინარეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ “ოდისეაში” აღწერილია გმირების ქვესკნელად შთასვლა, რაც ბერძნული მსოფლმხედველობისათვის განუყოფელია ინიციაციისაგან. ეს არის წარმავლობაზე გამარჯვება, მკვდართა საუფლოში, მარადიულ სამყაროში ცნობიერი შესვლა, სულში მარადიული საწყისის გაღვიძება”.

“(ნაცარქექია) სიზარმაცისა და ბაქიაობის განსახიერება კი არ არის, როგორც ზოგიერთ კალმოსანს ჰგონია, არამედ ჭკუისა და მოხერხებისა… ნაცარქექია ქართველი ოდისევსია, იგი ახერხებს ციკლოპის მოტყუებას და დამარცხებას. ოღონდ კარგი იქნებოდა, თუ მის შესახებ მსჯელობას განვავითარებთ და მასში მხოლოდ პოლიტიკურ მებრძოლს და დიპლომატს კი არ დავინახავთ, არამედ სულიერ პლანში მებრძოლს უნივერსალურ ბოროტებასთან. იგი მედიტატორია და მოაზროვნე, იგი ჭვრეტითი ნატურაა (ნაცარი აზრის სიმბოლოდ იშიფრება ვყელა ზღაპარში). აქედანაა მისი გარეგანი პასივობა. ამ თვალსაზრისით იგი ზეეროვნული სახეა, ზოგადსაკაცობრიო სახე… ალბათ, ამიტომაც დაუკავშირა მღვდელმა გრიგოლ ფერაძემ ნაცარქექია წმინდა გიორგის სახეს”

წიგნიდან: “აირჩიე, ქართველო ერო!” ზვიად გამსახურდიას გამონათქვამები

Blog at WordPress.com.