ზვიად გამსახურდია

ივლისი 15, 2010

გორგასლიანთა 1956 წლის პროკლამაცია

ქართველებო!

ხომ არ დაგავიწყდათ ცხრა მარტის სისხლიანი ღამე? ხომ არ დაგავიწყდათ სისხლიანი ოცდაოთხი და ოცდაჩვიდმეტი, ქართველი ხალხის დარბევისა და გაჟლეტის წლები? როდემდის უნდა გვქონდეს ქედი მოხრილი მტარვალი კომუნისტების მახვილქვეშ? ჩვენს წინაპრებს სისხლი არავისთვის შეურჩენიათ და არც ჩვენ უნდა შევირცხვინოთ თავი.

დღეს, როდესაც მთელი შეგნებული კაცობრიობა აღშფოთებულია მოსკოვის საშინელი ბოროტმოქმედებით, ჩვენი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგება, დროა, შევერთდეთ ერთი დროშის ქვეშ ჩვენი სამშობლოს დამპყრობლის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მიმოიხედეთ ირგვლივ, მსოფლიო ბობოქრობს. განკითხვის დღე მზადდება კრემლელი ჯალათებისათვის. თბილისში, პოზნანში, ბუდაპეშტში მათ მიერ დაღლილი უდანაშაულო მოსახლეობის სისხლი სამართალს ითხოვს. მათი აღსასრული მოახლოებულია.

ქართველებო! სხვა არავინაა ჩვენი მშველელი, ჩვენ საკუთარი თავის გარდა. ბრძოლით უნდა მივაღწიოთ თავისუფლებას! ძმური სალამი გმირ უნგრელ ხალხს! დაე, ყველა დამონებული ერისათვის მაგალითად იქცეს უნგრელთა გმირობა! ხელები შორს უნგრეთისაგან!

ძირს ჩვენი ხალხის სისხლში ხელებგასვრილი ოკუპანტები და მათი სამხედრო ხროვა!

ძირს მოღალატე ქართველი კომუნისტები!

გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს!

რომელი მოღალატეც ამას ჩამოხსნის, სიკვდილი ელის!

ზვიად გამსახურდიას დაკითხვის ოქმიდან (1956 წლის 26 დეკემბერი)

1956 წლის 26 დეკემბერი
დაკითხვა დაიწყო 15:45

კითხვა: დაწვრილებით მოყევით, როდის და რა გარემოებაში განეწყვეთ ანტისაბჭოურად?

პასუხი: არ უარვყოფ, რომ მე გამიჩნდა უკმაყოფილება რამდენიმე საკითხში კომპარტიისა და საბჭოთა ხელისუფლებისადმი. ეს მე გამიჩნდა 1956 წლის 9 მარტსა და უნგრეთში მომხდარი მოვლენების შემდეგ. მე აღშფოთებული ვიყავი იმით, რომ თბილისში 1956 წლის 9 მარტს უიარაღო პირთა მიმართ გამოყენებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და მსურს დავუმატო, რომ ჩემი ქმედებანი მიმართული იყო არა საბჭოთა ხელისუფლებისადმი, არამედ სამხედრო სარდლობის მიმართ. სამხედროებში მე ვგულისხმობ იმ პირებს, რომლებმაც გასცეს ბრძანება ესროლათ თბილისში კავშირგაბმულობის სახლთან შეკრებილი ხალხისათვის. კონკრეტულად თუ ვინ გასცა ბრძანება, მე არ ვიცი, მაგრამ მე მათ დამნაშავეებად ვთვლი.

უნგრეთის მოვლენებს მე ვთვლი დანაშაულად უნგრელი ხალხის მიმართ. არამართებულად მივჩნევ საბჭოთა ჯარების მიერ ძალადობას მასებისადმი.

ასეთმა მოვლენებმა მიბიძგეს გადამედგა ეს ნაბიჯი და გამევრცელებინა ანტისაბჭოური ფურცლები.

კითხვა: თქვენ გადაწყვიტეთ მარტო გემოქმედათ?

პასუხი: არა, მე მარტოს არ მემოქმედა.

კითხვა: მაინც როდის გადაწყვიტეთ ეს?

პასუხი: მიმდინარე წლის შემოდგომაზე. უფრო ზუსტი რიცხვის დასახელება გამიჭირდება.

კითხვა: და რა მოიმოქმედეთ?

პასუხი: მე განვუცხადე ჩემს ამხანაგებს ამის შესახებ, რომელთა გვარების დასახელებაზე უარს ვამბობ, რომ აღშფოთებული ვარ ამა წლის 9 მარტის მოვლენებით, რომ ხალხის მიმართ სამხედრო ხელმძღვანელების მიერ გამოყენებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი. მე ამხანაგებს განვუცხადე, რომ საჭიროა ჯგუფურად ჩამოვყალიბდეთ და ერთად გავავრცელოთ ქალაქში ფურცლები სამხედრო სარდლობის წინააღმდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, ანუ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოსაყოფად.

კითხვა: რა მიზეზით აცხადებთ უარს დავასახელოთ, რომელთან გაუზიარეთ თქვენი განზრახვა?

პასუხი: არ შემიძლია იმ პირთა დასახელება და არც ამის ახსნა შემიძლია, თუ რატომ.

კითხვა: სახელდობრ, მაინც როდის შესთავაზეთ ჩამოყალიბებულიყავით ჯგუფად? შად და რა გარემოებაში მიეცით ასეთი წინადადება პირველად?

პასუხი: ეს იყო ამა წლის ზაფხულში, დაახლოებით, როგორც მახსოვს, ივნისის თვეში, სად მოხდა ეს, არ მახსოვს.

კითხვა: მოგვეცით ჩვენება მათი რწმენის შესახებ.

პასუხი: ისინი ყველანი მთლიანად და სავსებით იზიარებდნენ ჩემს დამოკიდებულებას ამა წლის 9 მარტის შესახებ, შემედგ კი საერთო აზრი გვქონდა უნგრეთის მოვლენათა მიიმართ. ჩვენ რწმენით საერთო აზრისანი ვიყავით.

კითხვა: თქვენ მხოლოდ ერთხელ დაგჭირდათ გამოგეთქვათ აზრი ჯგუფად ჩამოყალიბებაზე?

პასუხი: მათ პირველ წინადადებაზე დამიჭირეს მხარი. რა თქმა უნდა, სანამ ჯგუფის ჩამოყალიბებაზე ვიტყოდით რამეს, მანამდე შეხვედრებისას მქონდა მათთან საუბრები და გავბედე კიდეც, გავუმჟღავნე ჩემი განზრახვა, როცა დავრწმუნდი, რომ ჩემდამი სრულ სოლიდარობაში იყნენ.

კითხვა: საბოლოოდ როდის მიიღეთ გადაწყვეტილება ჯგუფად ჩამოყალიბებულიყავით?

პასუხი: მაშივნე, ჩემს მიერ შეთავაზებული წინადადებისთანავე გადავწყვიტეთ შეგვექმნა ჯგუფი, დაგვემზადებინა და გაგვევრცელებინა ანტისაბჭოური ფურცლები

Blog at WordPress.com.