ზვიად გამსახურდია

ივლისი 15, 2010

ზვიად გამსახურდია – წალენჯიხა საქართველოს სიმბოლოა

ბატონო პრეზიდენტო, უკვე ნათლად ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლებას კრიზისის დღეები უდგას. ეროვნული ძალების წინაშე მოქმედების ახალი ამოცანები ისახება. გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით.

-რაც უფრო ახლოვდება ხუნტის აღსასრული, მით უფრო მეტ ბოროტმოქმედებებს სჩადის იგი. ახლა ჩვენი ბრძოლა ძირითადად უნდა წარიმართოს ხალხის მობილიზაციისაკენ, ჩვენი ორგანიზაციების გაფართოებისა და განმტკიცებისაკენ “მრგვალი მაგიდის” ეგიდის ქვეშ. სრულიად საქართველო უნდა დაირაზმოს, რათა ვიხსნათ ჩვენი ერი.

-დაინტერესებული პირები ხალხში ავრცელებენ ხმას, რომ საქართველოს მზე ჩაესვენა, რომ მას არა აქვს შანსი აღორძინებისა. რას იტყოდით ამის თაობაზე?

საქართველო ფენიქსი. ისტორიაში მრავალგზის ყოფილა ისეთი პერიოდი, როდესაც ჩვენი მტრები ამბობდნენ, საქართველოს მზე ჩაესვენაო, მაგრამ საქართველო ისევ იკრებდა ძალას და ფენიქსისებრ აღსდგებოდა ხოლმე. “ვინც შეჰნატრის იმის სიკვდილს, უმალ მასვე დაამიწებს”,-ტყუილად როდი თქვა აკაკიმ. მთავარია, ჩვენ არ დავკარგოთ იმედი და გულხელი არ დავიკრიფოთ. ვიბრძოლოთ და გავიმარჯვებთ.

-ბატონო ზვიად! როგორია დღევანდელი მსოფლიოსათვის დამახასიათებელი ორი ურთიერთსაწინააღმდეგო-ინტეგრაციისა და ნაციონალიზაციის-პროცესების თქვენეული მოკლე შეფასება?

-მსოფლიოს ინტეგრაცია იმ ფორმით, როგორიც ჩაფიქრებული ჰქონდათ ანაციონალურ კოსმოპოლიტებს, ჩაიშალა. სულ უფრო ძლიერდება დიდ და მცირე ერებში ეროვნული სახის შენარჩუნების ტენდენცია. მაასტრიხტის იდეაც აღარ არის იმდენად პოპულარული, უნიფიცირებული მსოფლიო სახელმწიფოს შექმნა ვეღარ ხერხდება, “ატლანტიკიდან ვლადივოსტოკამდე”, პირიქით, ამ სივრცეში უამრავი ახალი ერთეული წარმოიქმნება ალბათ.

-ბევრი ითქვა და დაიწერა აფხაზეთის ომის შესახებ. მიუხედავად ამისა, ხუნტა კვლავ ცდილობს ისარგებლოს ამ ომთან დაკავშირებული სიძნელეებით. ამასთან მოსახლეობა დაინტერესეულია უფრო ნათლად წარმოიდგინოს აფხაზეთის პერსპექტივა. თქვენს რჩევას ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს.

-მთავარია, ვამხილოთ ამ ომის ანტიეროვნული და პროვოკაციული არსი, შევარდნაძის მოღალატური პოლიტიკა, რომელმაც აფხაზეთის ნახევარი უკვე ჩააბარა ისევე, როგორც მთელი სამაჩაბლო. შევარდნაძე და კომუნისტ-სეპარატისტები ერთობლივად მოქმედებენ, ამაზე უნდა ავუხილოთ თვალი როგორც ქართველებს, ისე აფხაზებს. უნდა ვეძებოთ დიალოგის გზები ისეთ აფხაზებთან, რომლებიც ხედავენ სეპარატიზმის დამღუპველობას.

-ბატონო პრეზიდენტო! პატარა წალენჯიხას სისხლიანმა ხუნტამ უდიდესი უბედურება დაატეხა თავს. წამებით დახოცილია ათობით ახალგაზრდა, გადამწვარია სახლები და გაძარცულია მთელი რაიონი. მიუხედავად ამისა, ხალხი მაინც არ შემდრკალა, არ უღალატია კანონიერი პრეზიდენტისა და ეროვნული იდეისათვის. ისინი გამოსავალს პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებასა და კანონიერების აღდგენაში ხედავენ.

-წალენჯიხა საქართელოს სიმბოლოდ მესახება-მასავით დარბეული და გაძარცვული, მასავით გაუტეხელი და მედგარი. “წალენჯიხის ზარებიც” ალბათ იმ გატაცებულ ზარებს გვახსენებენ. იმ ზარების გამტაცებლები ხომ დღეს მთელ საქართველოს ძარცვავენ. მინდა მივუსამძიმრო ყველა ჭირისუფალს-დედებს, დებს, მშობლებს, მეუღლეებს, მათთან ერთად ვგლოვობ ყველა დაღუპულს. მაოცებს გმირობა და სიმტკიცე ჩვენი ხალხისა, რომელსაც ვერავითარმა უბედურებამ ვერ ააღებინა ხელი სამართლიანობისათვის ბრძოლაზე.

-რას უსურვებდით საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას?

-ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას ვუსურვებ ერთიანობას, სიმტკიცეს, შეუპოვრობას. გული მტკივა, როდესაც მესმის განხეთქილებებზე, დავაზე, შუღლზე ჩვენს ბანაკში.გვახსოვდეს, უნდა მივუტევოთ ურთიერთს, რათა არ დავიქსაქსოთ და არ დავძაბუნდეთ. იდეის ერთგულება, ჭეშმარიტების ერთგულება, ურთიერთის სიყვარული-აი, რა მიგვიყვანს გამარჯვებამდე.

-ბატონო პრეზიდენტო, როგორ შეფასებას აძლევთ ჩვენს გაზეთს და რას უსურვებდით მომავალში?

-დიდად მომეწონა თქვენი გაზეთის ორი ნომერი, რომელიც გამაცნეს. პრესა დიდი ძალაა, დიდად გამახარა ამ ახალმა გაზეთმა. გისურვებთ წარმატებას, მეტი დოკუმენტური მასალა გამოგექვეყნებინოთ ხუნტის ბარბაროსობაზე, მისი არცერთი დანაშაული არ უნდა დარჩეს მხილების გარეშე. მასალებს მეც მოგაწოდებთ.

1993

Advertisements

Create a free website or blog at WordPress.com.