ზვიად გამსახურდია

ივლისი 1, 2010

ზვიად გამსახურდია: “ქართველ ერს ვპირდები თავისუფლებას!”

მზია ბაქრაძის ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან

საქართველოს რადიოს ოქროს ფონდიდან
(სრული სახით ქვეყნდება პირველად)

მანამდე ზვიად გამსახურდია იტყვის:
-ქართველ ერს ვპირდები თავისუფლებას!

მზია ბაქრაძე:
-ბატონო პრეზიდენტო, სანამ სხვა საკითხებს შევეხებოდეთ, მანამდე ხომ არ გვეტყოდით, რას აკეთებდით დღეს?

-დილით რუსულენოვანი მოსახლეობის დელეგაცია იყო ჩემთან, გრიბოედოვის თეატრის წარმომადგენლები, სხვა და სხვა პროფესიის ადამიანები. ვისაუბრეთ ძალზე კონსტრუქციულად, საინტერესოდ: შემდეგ წავედი მარნეულში და შევხვდი მოსახლეობას, როგორც ქართველებს, ასევე აზერბაიჯანელებს.

-როგორია განწყობა?

ძალიან კარგი, შედარება არ არის, რაც იყო უწინ და სადღაც ამას მივაწერ ჩვენს სწორ პოლიტიკას არაქართველი მოსახლეობის მიმართ. მოიხსნა ყოველგვარი დაძაბულობა, გაუგებრობები, აქაც და სხვა არაქართულ რაიონებშიც. მე ვთვლი, რომ კარგად მიდის საქმე მარნეულში და სხვა მსგავს რაიონებშიც. მოიხსნა შიში, რომელსაც ნერგავდნენ ჩვენი მოწინააღმდეგეები, რომ ჩვენ არაქართველების მტრები ვართ და მათ გაძევებას ვაპირებთ საქართველოდან და ა.შ. ეს ყველაფერი უკვე ჩაბარდა წარსულს… შემდეგ დავბრუნდი, სხვა და სხვა საქმეები იყო… ახლა თქვენთან ვარ სტუმრად…

-პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პირველად რა პრობლემის გადაწყვეტას შეუდგებით და რა კანონებს მიიღებთ?

-მივიღებ იმ კანონებს, რომლებიც უკვე მზადების პროცესშია, კერძოდ, კანონს პოლიტიკური პარტიების შესახებ, პრესის შესახებ. როდესაც ეს პროექტები განხილული იქნება საჯაროობის სრული დაცვით, მოსახლეობის აზრის სრული გათვალისწინებით, მაშინ ამ კანონებს მივიღებთ. იყო ოპონენტების საყვედურები ჩვენს მიმართ-რატომ სასწრაფოდ არ მიიღეთო, მაგრამ მათ არ უწყიან, თუ რამდენად დიდი სამზადისი სჭირდება თითოეული ასეთი სერიოზული კანონის მიღებას.

-ბატონო ზვიად, ალბათ, იგეგმება კრემლში შეხვედრა გორბაჩოვთან, ან მის მაგივრად ვინც იქნება… აუცილებლად დადგება ქონების გაყოფის საკითხი, ისინი კაპიკ-კაპიკ დაგვითვლიან ყველაფერს, ჩვენ თუ გვაქვს დათვლილი (დაახლოებით მაინც) გასაბჭოების შემდეგ საკავშირო ბიუჯეტში რა თანხები შედიოდა საქართველოდან?

-რაც შეეხება შეხვედრას, სწორედ დღეს მივიღე გორბაჩოვის ტელეგრამა-მოსკოვში მიწვევს 24 რიცხვში, მაგრამ მე უარი შევუთვალე, ვინაიდან საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს და ამჟამად არ შემიძლია ჩასვლა. გარდა ამისა, ერთგვარი დიპლომატიური მხარეც არის, ჩემი იქ ჩასვლა ახლა არ იქნება გამართლებული. შეხვედრა მოხდება არჩევნების შემდეგ. იქ იქნება სწორედ პრაქტიკულ საკითხებზე საუბარი. დიახ, ჩვენ გამოთვლილი გვაქვს და ვიცით, რა ზარალი ნახა საქართველომ კრემლის კაბალური პოლიტიკის შედეგად, მისი კოლონიური მძარცველური ეკონომიკური პოლიტიკის გამო და ამას ყველაფერს ჩვენ წავუყენებთ მათ და გვექნება საქმიანი ლაპარაკი ქონების გაყოფაზე.

-ვალში არ დავრჩებით, მე მგონი…

-ნამდვილად არ დავრჩებით. ჩვენ ძალიან საქმიანი, გამოცდილი ეკონომისტები გვყავს, რომლებიც სათანადოდ მოაბამენ თავს ამ საქმეს.

-რადიომსმენელები გვეკითხებიან-საერთაშორისო სამართლის ნორმებით არის თუ არა რაიმე ისეთი კანონი მიღებული, რომელიც რამენაირად ხელს შეუშლის საქართველოს დამოუკიდებლობას?

-არავითარი ასეთი კანონი არ არსებობს. პირიქით, საერთაშორისო სამართალი მოითხოვს ერთა თვითგამორკვევას. ყოველი ერისთვის საკუთარი ბედის გამგებლობის უფლების მინიჭებას, პირველ რიგში ამას ითვალისწინებს ჰელსინკის ხელშეკრულება.

-რუსულ ჟურნალში “ნოვოე ვრემია” ამას წინათ დაიბეჭდა თენგიზ გუდავას მორიგი არასასიამოვნო წერილი: “თავისუფლება სრულწლოვან ასაკამდე”, რომელიც კრემლისა და “კგბ”-ს პოზიციით უფრო არის დაწერილი, ვიდრე საქართველოს კეთილმოსურნე ადამიანისა. მითუმეტეს, ემიგრაციაში მყოფ ქართველს არ შეშვენის მსგავსი პოზიციის დაფიქსირება ახალფეხადგმული, დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოს მიმართ… იგი ე.წ. ოპოზიციის აზრს იზიარებს…

-ესენი არიან კრემლის პროპაგანდისტული მანქანის ჭანჭიკები: გუდავები, ჭანტურიები, კონგრესები, “მხედრიონის” წარმომადგენლები და სხვა და სხვა… ჩვენი ღრმა რწმენით, ესენი აშკარად მართულნი არიან. ყველა სამართლებრივ, დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთ პიროვნებებს პასუხისგებაში მისცემდნენ სამშობლოს ღალატისთვის. ადამიანი, რომელიც მიზნად დაისახავს თავისი ერისათვის სახელის გატეხას საზღვარგარეთ და თავისი ერის ინტერესებისათვის ზიანის მიყენებას, ვერ ჩაითვლება სამშობლოს ერთგულად, ამას ერთი თავად განსჯის. ჩვენ ზედმეტად დემოკრატიული სახელმწიფო ვართ და სამართლებრივ შეფასებას არ ვაძლევთ მსგავს გამოხდომებს… პასუხის მიცემა ხდება პრესისა თუ მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით. ასეთ მძიმე დროში, როდესაც ქვეყანას მხარში ამოდგომა სჭირდება, არავის ეპატიება სახელის გატეხა ერისათვის.

-ძალიან ხშირად იგზავნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში პროტესტის წერილები, უფრო ხშირად, სამაჩაბლოში არსებული რთული მდგომარეობის გამო, იქიდან კი შესაბამისი რეაქცია ან პასუხი არ არის…

-რეაქცია იმიტომ არ არის, რომ ცვენ არა ვართ გაეროს წევრი და გაერო ჩვენ კვლავ მიგვიჩნევს საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ გეოგრაფიულ პროვინციად, მაგრამ ამ წერილებს მაინც დიდი საპროპაგანდო მნიშვნელობა აქვს, ეს ყველაფერი მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღებას იპყრობს, ამიტომ მაინც აქვს შედეგი. მე ვთვლი, რომ ამერიკის კონგრესის ის დიდი გააქტიურება ჩვენს მხარდასაჭერად-ამითაც არის განპირობებული. ადრე თუ გვიან, გავხდებით გაეროს წევრი…

-თქვენ იცით, რომ ედუარდ შევარდნაძე აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას და ფართო კონტაქტები აქვს უცხოეთის წამყვან პოლიტიკოსებთან. მისი ამასწინანდელი ვიზიტი ამერიკაში ჯორჯ ბუშთან ყველასათვის ცნობილია. რა როლი შეუძლია შეასრულოს ედუარდ შევარდნაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხში?

-მას შეუძლია ითამაშოს დადებითი როლი და ეს ყოველივე მის სინდისზეა დამოკიდებული, სინდისზე! სამწუხაროდ, მან ამ რეფერენდუმში ხმა არ მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს შეკითხვა მე მას პირადად დავუსვი და მისგან დუმილი მივიღე. თუმც, კი ის სიტყვიერად აცხადებს, რომ მაინც რაღაცით ცდილობს დაეხმაროს საქართველოს, მაგრამ რეალურ შედეგებს ჯერჯერობით ვერ ვხედავთ.

-როკის გვირაბით მან დაგვასაჩუქრა… თქვენ რომ გიკიჟინებენ ოპონენტები სამაჩაბლოს პრობლემას, ძირისძირი ამ საკითხისა შევარდნაძის პერიოდიდან მოდის (სხვათასორის, აფხაზეთსი არსებული პრობლემებიც ანალოგიურად შეიძლება განვიხილოთ)…

-საქმეც ის არის, რომ ე.წ. ჩემი ოპონენტები, რომლებიც ყოველდღე გამოდიან ტელევიზიით და სამაჩაბლოს დღევანდელ მდგომარეობას მე მაბრალებენ, ყელანი ამ პიროვნების ემისრები არიან. ისინი მალავენ, რომ ფაქტიურად მან გაიყვანა როკის გვირაბი და შექმნა იმის საფუძვლები, რომ დღეს სამაჩაბლოში ასეთი მდგომარეობა იყოს. ამით, ისინი ავლენენ თავიანთ თავს, რომ არიან კრემლის და ხსენებული პიროვნების ემისრები.

-ბატონო ზვიად, რუსეთის საოკუპაციო ჯარი რომ უნდა გავიდეს საქართველოდან-ნათელია, მაგრამ ალბათ, ეს უნდა მოხდეს თანდათანობით, როგორც ევროპის ქვეყნებში მოხდა…

-ეს საკითხი სხვა საკითხებთან ერთად უნდა დავაყენოთ გორბაჩოვის წინაშე. მე რატომღაც მგონია, რომ აქ ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას ადგილი არ ექნება; იმიტომ, რომ ეს მსოფლიოს წინაშე წამგებიანი იქნება.

თუ ისინი ჩვენ გვაღიარებენ როგორც უცხო სახელმწიფოს (როგორც ეს ცხრათა განცხადებაშია), მაშინ ლოგიკური იქნება, გაიყვანონ საოკუპაციო ჯარი საქართველოდან. ადრე თუ გვიან, ეს უნდა მოხდეს მოლაპარაკებების საფუძველზე. ჩვენ ამ მოლაპარაკებისთვის მზადა ვართ და თავდაცვისთვისაც ვემზადებით. გარდა ამისა, თუ საქართელო გახდება გაეროს წევრი, გვეძლევა შესაძლებლობა, გართულების შემთხვევაში გაეროს ჯარების შემოყვანისა.

-დღეს კინოს სახლთან გავიარე, სანამ ჩვენი გადაცემისათვის ვემზადებოდი. იქ ოპოზიციის მიტინგი იმართებოდა და ლოზუნგი ჰქონდათ გამოტანილი: სასწრაფოდ დატოვონო საოკუპაციო ჯარებმა საქართველო. გეგონება, ვინმეს არ უნდოდეს…

-სასაცილოა ასეთი განცხადებები და მუქარა ჯარის მიმართ: თუ არ წახვალთ, აქციებს მოვაწყობთ, ვიშიმშილებთ თქვენი შტაბის წინ… ეს არარეალური ამბავია, ჩვენ უნდა დავუცადოთ პოლიტიკურ პროცესებს.

-რა მდგომარეობაა ამჟამად სამაჩაბლოში, თუ შეიძლება იქ სიტუაციის სტაბილიზაცია?

-ესეც დამოკიდებულია რუსებთან ჩვენი მოლაპარაკების დაწყებაზე. ცენტრის ძირითადი იარაღი ჩვენს წინააღმდეგ არის სამაჩაბლო. ამით მოსკოვს სურს, რომ გვაიძულოს გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რაც ჩვენ არ გვინდა. მაგალითად: ხელი მოგვაწერინოს სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე, მაგრამ საბოლოოდ, მათ ეს იმედი გადაეწურათ. ახლა უკვე ისეთი ექსცესები აღარ ხდება, თუმცა კი არის ცალკეული უსიამოვნო ამბები. დღეს მომივიდა სოფელ ერედვიდან ცნობა, რომ ერთი პიროვნება, ჩვენი კარგი მეგობარი, დაიკარგა, ერთი კიდევ მკვდარი იპოვეს. თუმც, ფართომასშტაბიანი ექსცესები აღარ არის. შამმხრივი კომისიაა შექმნილი, იგი არჩევნების შემდეგ ამოქმედდება და იმედი გვაქვს, რომ რაღაცას მივაღწევთ სტაბილიზაციის თვალსაზრისით. თუმც, ეს ქრონიკული პროცესი იქნება… იურიდიულად სამაჩაბლოს ჩამოშორება ჩვენგან არავის შეუძლია. ეს საკითხიც (სტაბილიზაციის თვალსაზრისით) გადაწყდება გორბაჩოვთან ჩემი შეხვედრის შემდეგ.

-რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამერიკის კონგრესის 94-ე რეზოლუციას?

-ეს არის შედეგი სწორედ იმ ჩვენი ცდებისა საზღვარგარეთ, რომ ყურადღება მოაპყრონ საქართველოს პრობლემებს. ამერიკის კონგრესის თვალსაზრისზე ვერ იმოქმედეს იმ არაკეთილმოსურნე პროვოკატორმა ქართველებმა, რომლებიც იქ აქტიურობენ. დღეს მათ ძალზე ეფექტურად უპირისპირდება, ამხელს აქედან წასული ახალგაზრდა, ქრისტიანულ-დემოკრატიული პატიის წევრი ბატონი ირაკლი კაკაბაძე. მიუხედავად ამ არნახული ვაკხანალიისა, რაც კრემლის მიერ არის უცხოეთში ინსპირირებული, ამერიკის კონგრესი ჩვენ გვიჭერს მხარს.

-თქვენს პატივსაცემად იქ, კაპიტოლიუმზე დროშაც კი აღმართეს.

-იყო ასეთი ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში ყოველდღიურად იბრძვიან ჩემს წინააღმდეგ. მათ კარგად იციან კრემლის პროპაგანდის ხრიკები და ილეთები. ამიტომაც, არ სჯერათ…

-ბატონო ზვიად, როგორ შეაფასებთ ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ხელმძღვანელთა შეხვეედრას ჯორჯ ბუშთან?

-იცით, ამ შეხვედრას ორი მხარე აქვს: ერთი მხრივ სამწუხაროდ, რომ ოფიციალური ამერიკა თავს იკავებს ჩვენი რესპუბლიკების თავისუფლების აღიარებისაგან, მაინც ფრთხილობს და ყოყმანობს, მაგრამ თვით ფაქტი მიღებისა, ეს უკვე ნუგეშიც მომცემია. ივნისის მეორე ნახევარში დაგეგმილია ჩემი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მექნება შეხვედრა ჯორჯ ბუშთან. ამ ვიზიტს კიდევაც რომ არ მოჰყვეს ჩვენი რესპუბლიკის იურიდიული ცნობა (ბუშის ადმინისტრაციის მხრივ), ამას მაინც დადებითი მნიშვნელობა ექნება, ისევე როგორც ბალტიისპირეთის შემთხვევაში.
-ბატონო ზვიად, მგონი, სალვადორ დალის აქვს ასეთი სურათი, ახლა გამახსენდა, როიალის თეთრ კლავიშებზე ყოველი ოქტავის დასაწყისში ლენინის პატარ-პატარა თავებია დახატული. ეს საუკუნე დაიწყო ლენინით (იგულისხმება XX ს-მ.ბ) და ყოველი ათწლეული მისი იდეების ინტერპრეტაცია იყო სხვა და სხვა ტონალობაში. რით დამთავრდება ეს საუკუნე?

-დამთავრდება ლენინიზმის სრული კრახით! უკვე დამთავრდა კიდეც, ჩემი აზრით.
-ალბათ, დამთავრდება ბელადის მავზოლეუმიდან გამოტანით…
-მე მჯერა, რომ ეს დროც დადგება…
-ბატონო ზვიად, გვირეკავენ რადიომსმენელები და მათ რამდენიმე შეკითხვასაც ვუპასუხოთ.

-მეკითხებიან, რა ხდება მთავრობის სასახლესთან, ამ წუთას იქ არაფერი არ ხდება. მოსულები იყვნენ კონგრესისა და მხედრიონის წარმომადგენლები, დაახლოებით სამასი კაცი, ისინი მოითხოვდნენ ჯაბა იოსელიანის გათავისუფლებას და ჩემს მიმართ რაღაც შეურაცხმყოფელ სიტყვებს ყვიროდნენ. ცოტა ხანში დაიშალნენ…
-პედაგოგი ნელი რობაქიძე გვეკითხება, თუკი რუსეთი სუვერენულ ქვეყანად გვაღიარებს, როგორი იქნება საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა, განსაკუთრებით პირველი ერთი წლის განმავლობაში?
-საკმარისია, საბჭოთა კავშირმა გვაღიაროს სუვერენულ ქვეყნად, რომ ქართული ეკონომიკისათვის არნახული პერსპექტივა დაისახება. უცხოეთის ქვეყნებთან დასაკავშირებელი ყველა გზა გაიხსნება, დამყარდება ეკონომიკური კონტაქტები, (ამას უკვე ეყრება საფუძველი). მე ვფიქრობ, თავის რჩენაზე ლაპარაკი არ იქნება…
-გადაცემის დასაწყისში თქვენ უკვე ბრძანეთ ამის თაობაზე, მაგრამ გვირეკავს აზერბაიჯანელი, ბერძენი და სომეხი მოსახლეობა… გვეკითხებიან, როგორი იქნება არაქართველების მდგომარეობა თავისუფალ საქართველოშიო.
-არაქართველი მოსახლეობა ყოველი თვალსაზრისით გაცილებით უკეთ იცხოვრებს თავისუფალ საქართველოში, ვიდრე კომუნისტების დროს ცხოვრობდა-უფლებების თვალსაზრისით, ეკონომიკური თვალსაზრისითაც, ვინაიდან ჩვენი პრინციპი არის ეროვნულ უმცირესობათა უფლებების პატივისცემა. ჩვენ დავაკანონებთ ამ უფლებებს. უახლოეს ხანში ვაპირებთ კანონის მიღებას ეროვნულ უმცირესობათა უფლებების შესახებ. მე ძალიან ვთხოვ არაქართველ მოსახლეობას, ნუ იჯერებენ ჩემი მოწინააღმდეგეების მიერ გავრცელებულ ცრუ ხმებს, თითქოს ჩვენ რაღაც უარყოფითი გეგმები გვაქვს. ჩვენ რომ ასეთი გეგმები გვქონოდა, განვახორციელებდით მათ მაშინვე, როგორც კი მოვედით ხელისუფლებაში-გასული წლის 28 ოქტომბერს, მაგრამ არაფერი მსგავსი არ ჩანს ჩვენს პოლიტიკაში. ვთხოვ მათ, დამშვიდებულნი იყვნენ და იმედიანად.
-ჩვენც უმცირესობა ვართ, ქართველები, თავის დროზე სწორედ ამ უმცირესობის დასაცავად დაიწყეთ თქვენ ეს მოძრაობა და არ შეიძლება, რომ თქვენმა პოლიტიკამ სხვა პატარა ერები დაჩაგროს. ქართველებმა საკუთარ თავზე ვიწვნიეთ, რას ნიშნავს დაჩაგვრა.
-რა თქმა უნდა.
-რადიომსმენელი რიტა თაქთაქიშვილი გვეკითხება კონგრესის არჩევნების შესახებ. ყველა ამბობს: ხმა არ მიგვიცია, საიდან მოგროვდა ამდენი ხმა, შემოწმდა თუ არა ეს სიებიო.
-დიახ, შემოწმდა. ეს იყო ყალბი სიები, არავითარი არჩევნები არ ჩატარებულა, კონგრესი არავის არ აურჩევია. უცხოელი მეთვალყურეები არ ესწრებოდნენ, არჩევნები გრძელდებოდა რამდენიმე დღე, ეს ცნობილია საყოველთაოდ…
-ბატონო ზვიად, საინტერესო იქნებოდა, გაგეხსენებინათ რაიმე თქვენი დისიდენტური წარსულიდან, როგორ გდევნიდან სუკი, როგორც ავიწროებდნენ თქვენს ოჯახს. თითქოს ნაწილობრივ იცის ეს საზოგადოებამ, მაგრამ დეტალების გახსენება მაინც საჭიროა.
-დეტალები ნამდვილად არ იციან. ამას, ალბათ, ერთი ტომიც ვერ დაიტევს. ძალიან ძნელი წარმოსადგენია დღევანდელი ადამიანისათვის ის, რაც ხდებოდა ჩემს გარშემო. ფაქტიური შინაპატიმრობა, ეს რასაკვირველია ოფიციალურად არ ცხადდებოდა. ჩემს სახლთან 24 საათი ყარაულობდნენ ოპერატიული მანქანები, ყველგან დაგყვებიან, აფიქსირებენ ყველა შენს ნაცნობს, ვისაც შეხვდები, დაელაპარაკები, სადაც მიხვალ და შემდეგ ამ ხალხის ტოტალური დარბევა იწყება. ნამდვილი ტერორი იყო გამოცხადებული იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც ჩემთან რაიმე კავშირი ჰქონდა.ასე რომ, ქუჩაში გამვლელთ ან ჩემს სამსახურში, ადამიანებს გამარჯობის თქმაც კი ეშინოდათ. ლიტერატურულ ან სამეცნიერო საქმეზე დავდიოდი სულ რამდენიმე ადგილას. ისინიც კი გაფრთხილებულნი იყვნენ-არ გაეცათ ჩემთვის ხმა… იყო შემთხვევები, როდესაც მიდიოდი დაწესებულებაში, ჩამოვარდებოდა ხოლმე სამარისებური სიჩუმე. თავდაპირველად ვერ ვხვდებოდი, რაში იყო საქმე, შემდეგ უკვე იძულებულნი გახდნენ ეთხოვათ,-ნუღარ მოხვალ ჩვენთან, იმიტომ, რომ გვარბევენ, გვხსნიან სამსახურიდანო. მეც იძულებული ვიყავი, აღარ მივსულიყავი. თუ, ვთქვათ, რედაქციაში რაიმე მქონდა მისატანი, მე კი არ მივდიოდი, სხვას ვატანდი. რაც შეეხება ოჯახს და შვილებს, იძულებული ვიყავი ბავშვები გამომეყვანა სკოლიდან, ვინაიდან საშინლად იდევნებოდნენ. შექმნილი იყო ჯგუფები, ბანდები, რომლებიც ბავშვებს ავიწროებდნენ. გაგიკვირდებათ, მაგრამ ახლაც კი ჭირს. იგივე არ ხდება, მაგრამ გარკვეული უსიამოვნებები მაინც არის. ვფრთხილობთ, თქვენ იცით, რომ ჩვენ კომუნისტური რეჟიმი გავაუქმეთ, მაგრამ აგენტურა მაინც მოქმედებს, კრიმინალებად არიან შენიღბულნი. მათი საფრთხე კიდევ არსებობს, ეს იმავე ძალისაგან მომდინარეობს, იმავე ცენტრისაგან.
ბევრი რამ შემიძლია გავიხსენო. ავარიების მოწყობის მცდელობები, ე.წ. ხულიგნების თავდასხმები ჩემს სახელზე-ამას სისტემატურად აკეთებდნენ. მიზანი ერთი იყო-გამოვსულიყავი წყობიდან და ისეთი რამ ჩამედინა, რომ სისხლის სამართლის დამნაშავესავით გავესამართლებინე.
-ბატონო ზვიად, უფრო ხშირად ახსენებენ ხოლმე მამათქვენს-ბატონ კონსტანტინე გამსახურდიას, ბუნებრივიც არის… მაგრამ დედას-ქალბატონ მირანდას, ნაკლებად…
-დედა ქველმოქმედი ადამიანი იყო და ნიადაგ სხვებზე მზრუნველი, საოცარი ალტრუისტი, რომელმაც შეიძლება ითქვას, საკუთარი ჯანმრთელობაც კი შესწირა სხვა ადამიანების სამსახურს, სხვების კეთილდღეობას. არასოდეს ფიქრობდა თავის თავზე, თითქოს ყოველივე ამას მეც შთამინერგავდა. მახსოვს, დასასვენებლად ვიყავით ზაფხულში, სანატორიუმში (მე ბავშვი ვიყავი), მთელი ზაფხული გაიუფერულა იმით, რომ უვლიდა ერთ უპატრონო ავადმყოფ მრეცხავს, დადიოდა მასთან, წამლები მიჰქონდა… გასაკვირია, მაგრამ თავად სანატორიუმის პერსონალი ამ მრეცხავს ახლოს არ ეკარებოდა, ისე იყო დაავადებული. ასეთი იყო დედა მთელი სიცოცხლე. შაოცარი დემოკრატი, საოცარი… უბრალო, ადამიანების შემწე და ქომაგი, მოყვარული, ეს იყო მთავარი მასში.
-რა გაძლევდათ ძალას ყველაზე უიმედო, ტერორის წლებში ისევ საქართველოს საქმე გეკეთებინათ?
-რწმენა! ხშირად მახსენდებოდა მამაჩემის ნათქვამი: “როგორც XIX საუკუნე იყო საუკუნე პიროვნების საბოლოოდ გათავისუფლებისა, ასევე XX საუკუნე არის საუკუნე ერების გათავისუფლებისა! იცოდე, რომ საბოლოოდ ერები გათავისუფლდებიან და საქართველოც გათავისუფლდება ამ საუკუნის ბოლომდე”,-აი, ამას შთამაგონებდა ყოველთვის და ეს გამომდინარეობდა საერთოდ ისტორიის ლოგიკიდან. ეს ძალიან დიდ ძალას მაძლევდა, ამის რწმენა! მაშინ, ბუნებრივია, იყო უიმედობა, ისეთი ატმოსფერო სუფევდა, მაგრამ ბოლოს მაინც გაიმარჯვა ამ ტენდენციამ, როგორც ხედავთ, ეს არის ერების გათავისუფლების საუკუნე.
-ღვთის შეწევნით და თქვენი მეცადინეობით. ვინ გეხმარებოდათ ამ ძნელბედობის ჟამს?
-ბევრი აღარც არის ცოცხალი. ბევრი შეეწირა ამ ურჩხულთან ბრძოლას. ის ძალა, ის სისტემა ხშირად პირდაპირი ტერორით არ ანადგურებდა ხალხს, მორალურ ტერორს მიმართავდა, ათასგვარ ფარულ მეთოდს. ბევრი დაიღუპა და, რაც მთავარია, აღარ არის ჩემი უახლოესი სულიერი მეგობარი და სულიერი ძმა მერავ კოსტავა. ვინც შემორჩა, არ არის დასამალი, ზოგი გატეხეს კიდევაც; შეიძლება ითქვას, გადამიდგნენ… სხვა და სხვა მიზეზით მოხდა ეს… ზოგი ანგარებით გადამიდგა.
მე დავასახელებ ერთ-ერთ ჩემს ერთგულ თანამებრძოლს, რუსთავის პრეფექტს თემურ ჯანელიძეს. იგი ჩემი და მერაბ კოსტავას გვერდით იდგა, გვეხმარებოდა და დიდი წვლილი აქვს ეროვნულ მოძრაობაში. თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრს, ვინც მაშინ მეხმარებოდა, დღესაც კი არ სურთ, რომ მათზე ღიად ვილაპარაკო (ისეთი ტრავმა და ისეთი საშინელი ცხოვრება გაიარეს). უნებართვოდ შეიძლება გამიჭირდეს კიდეც მათი დასახელება. მართალია, ოფიციალურად გავაუქმეთ, მაგრამ დრაკონი კვლავაც ცოცხალია და ისევ მოქმედებს!…
-ჩვენ ახლა მოვუსმინოთ მერაბ კოსტავას ხმის ჩანაწერს. 1989 წლის 9 აპრილს წარმოთქვა ეს სიტყვა ტელევიზიასთან…
-მერაბი ძალიან დააკლდა ჩვენს ეროვნულ მოძრაობას, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, საქართველოს დააკლდა. საქართველო, ალბათ, სხვა იქნებოდა დღეს, მერაბი რომ გვყოლოდა გვერდით. ჩვენი ბრძოლა!… ეს დიდი გოდოლი შემუსრა მტერმა, ბურჯი და იმედი ჩვენი, საოცარი შემართების კაცი. მართლაც, აი, იმ ძველი ქართველი გმირების დღევანდელი განსახიერება.
-ბატონო ზვიად, კვლავ გვირეკავენ რადიომსმენელები… ერთ-ერთი შეკითხვა ასეთია: რა მდგომარეობაა დღეს ჯავახეთში?
-ჯავახეთში არის გარკვეული უპასუხისმგებლო ელემენტების არამართლზომიერი მოქმედება. ცდილობენ იქ ხელისუფლების უზურპაციას, დაპირისპირებას ჩვენთან; ჩვენ ვგმობთ ამას, იმიტომ, რომ არ გვინდა, ჩვენი ისტორიული მეგობრობა სომეხ ხალხთან შეიბღალოს და რაღაცით ჩრდილი მიადგეს ყოველივე ამას. ჩვენ ყოველნაირად ვცდილობთ, დიპლომატიური და სხვა საშუალებებით ჩავაცხროთ ეს ვითარება.
ვხედავთ, ერთ რადიომსმენელს, ლექსიც კი გამოუგზავნია. დიდი მადლობელი ვარ, მაგრამ ერთ რამეს ვთხოვ ამომრჩევლებს, წინა არჩევნებში-28 ოქტომბერს, ძალიან ბევრ ბიულეტენზე, სადაც ჩემი გვარი იყო შემოხაზული, იმ უბანში, სადაც მე კენჭს ვიყრიდი დეპუტატად, იმის გამო, რომ ბიულეტენებზე დააწერეს ჩემდამი მოძღვნილი ლექსები (იცინის)-ეს ბიულეტენები გაუქმდა. ვის არ ახარებს მისდამი მიძღვნილი ლექსი, მაგრამ ამ შემთხვევაში დიდი ზიანი მომაყენეს. დაახლოებით 1200 ბიულეტენი ბათილად ცნეს (ეს მოხდა ნუცუბიძის პლატოს საარჩევნო უბანზე).
-შემდეგი შეკითხვა ისევ რადიომსმენელს ეკუთვნის და იგი სტალინის პიროვნებას ეხება.
-ყველა ისტორიულ პიროვნებას აქვს თავისი ადგილი. არ შეიძლება სტალინი დღეს განვიხილოთ, როგორც საქართველოს ეროვნული გმირი. ვთქვათ, კომუნისტურმა მოძრაობამ იგი შეიძლება განიხილოს როგორც თავისი გმირი, მარქსისტულ-რევოლუციურმა მოძრაობამ, მაგრამ ჩვენმა ეროვნულ-გამათავისუფლებელმა მოძრაობამ არ შეიძლება ის განიხილოს როგორც გმირი. ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა. სტალინი დიდი პიროვნება რომ იყო, ამას ჩერჩილიც აღიარებდა და სხვა პოლიტიკური მოღვაწეებიც, მაგრამ რა კავშირი ჰქონდა ამას საქართველოსთან და მის ეროვნულ მოძრაობასთან-აი, აქედან უნდა ამოვიდეთ. მესმის იმ ომის ვეტერანების გრძნობები, რომელთაც ახსოვთ ეს ყველაფერი და მე ამას პატივს ვცემ, მე არ მინდა, რომ შეურაცვყო მათი გრძნობები, მაგრამ გავასხვავოთ, გავარჩიოთ და ყველა პიროვნებას ჰქონდეს თავისი ადგილი.
-ძალიან რთულია პოლიტიკური მოღვაწისათვის ყველა ქრისტიანული მცნების დაცვა. დიდი ხანია, საქართველოს არ ღირსებია ქრისტიანი წინამძღოლი… როგორ ახერხებთ ამას პირადად თქვენ, როგორც მორწმუნე ადამიანი, როგორ უმკალვდება ამას თქვენი სული?
-მაქსიმალურად ვცდილობ, რაიმე ისეთი სისასტიკე არ ჩავიდინო, ან ანტიადამიანური კანონი, ან ქმედება. ერთმა კანდიდატმა დაგვაბრალა, თითქოს ჩვენ ვმალავთ სიკვდილის დასჯის სტატისტიკას. არც ერთი ადამიანი არ დასჯილა სიკვდილით მას შემდეგ, რაც მე მოვედი ხელისუფლების სათავეში. კანონით მრავალი დანაშაულისათვის გაუქმდა სიკვდილით დასჯა. ვისაც უყვარს ხოლმე ჩემი პიროვნების შედარება სადამ ჰუსეინთან-ეს გაითვალისწინოს (იცინის).
-არა მხოლოდ პურითა ერთითა ცხონდებისო ადამიანი, ნათქვამია, და, ქართველი ერიც სარწმუნოების, სახარების, ქრისტესმიერი პურით უნდა ცხონდეს. როგორც მორწმუნემ და ქრისტიანობის ღრმად მცოდნემ, ქართველ ხალხს ქრისტეს მიერ ხუთი პურის გამრავლების სასწაულზე, მის მნიშვნელობაზე და მის ღვთიურ არსზე გვითხარით…
-ამ იგავს არ უყურებენ სერიოზულად, მარტო განყენებული ჰგონიათ. არადა, უაღრესად ცხოვრებისეული ამბავია და ამას ადასტურებს ყველა, ვისაც განუცდია ლოცვის ძალა, იცის, რა არის ლოცვა და სულიერი პური. მე გავიხსენებ ჩვენი ოჯახის ახლობელი ადამიანის, პოლიტპატიმრის, გულაგის წამებული ადამიანის-რაულ ნიჟარაძის მონათხრობს. გადასახლებაში მასთან იყო ერთი მეპურე კახელი კაცი. ისეთი შიმშილი იყო ბანაკში, რომ პურის ნამცეცების შოვნა დიდი ბედნიერება იყო! პატიმრების ჯგუფი, როგორც კი იშოვიდა პურის ნარჩენებს, ამ მეპურეს სთხოვდა, ხელახლა გამოეცხო პური. მეპურე გამოაცხობდა პურს, თავად არ ჭამდა, დაურიგებდა პატიმრებს და იტყოდა, წავალ, ვილოცებ და დავნაყრდებიო. პატარა მთაზე ავიდოდა თურმე, ილოცებდა, ჩამოვიდოდა, იყო მაძღარი. ეს კაცი ადასტურებს, რომ ეს მართლაც ასე ხდებოდა. შემდეგ უკვე, როცა ციხეში მოვხვდი, ხშირად ლოცვას ჩემთვის შეუცვლია სასმელ-საწმელი. რწმენით შეიძლება იცხოვროს კაცმა და რწმენამ და ლოცვამ შეიძლება შეცვალოს ფიზიკური საზრდელი. ამიტომაც არის სახარებაში ნათქვამი: ნუ ზრუნავთ, რა შეიმოსოთ, რა ჭამოთ, რა სვათ, ეძიეთ სასუფეველი ღვთისა და ესე ყოველი მოგეცეს თქვენ. ამაშია ქრისტიანობის არსი და ეს მარტო ცალკეულმა ინდივიდმა კი არა, ერმა უნდა გაითვალისწინოს. მთავარია, უფლის სასუფევლის ძიება და დანარჩენი ყველაფერი მოგვეცემა. ხოლო როდესაც მხოლოდ დანარჩენზე ვფიქრობთ და უფლის გზაზე-არა, მასაც დავკარგავთ, რაც გვაქვს. აი, ეს არის ქრისტიანობის არსი.
-რას ჰპირდებით ქართველ ერს პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში?
-მოკლედ ვიტყვი: ქართველ ერს ვპირდები თავისუფლებას!
-არ შემეძლო, რომ ბატონი კონსტანტინეს “მთვარის მოტაცებიდან” ერთი იგავი არ გამეხსენებინა. ლუკაია ლაბახუა თარაშ ემხვარს უამბობს: “მე ერთი ამბავი უნდა გიამბო, შურიგე,-დაიწყო ლუკაიამ,-თორმეტი კაცი მდგარა თურმე ერთ მაღალ, ძლიერ მაღალ ხის ქვეშ. მათ შორის თერთმეტი ბრმა ყოფილა და ამ ერთმა თვალხილულმა შეამჩნია ამ ხის ზეთავზე ცისფერი ფრინველი იჯდა, ტურფა რამ ნაკრტენით მოსილი, სახილველად საშური იყო ფრინველი იგი, მაგრამ დანარჩენნი ვერ ხედავდნენ მშვენებას მისას. თვალხილული აღუტაცნია იმა ფრინველის შეპყრობის წადილს, მაგრამ ვაგლახად კოჭლი ყოფილა კაცი იგი დედის საშოდანვე, ხე მაღალი იყო, ქაცვებიანი. არც თუ კიბე ჩანდა სადმე. მაშინ უქადაგა კოჭლმა ბრბემს, დაიყოლია, კაცი კაცზე შემდგარიყო და მეთერთმეტეს შეადგა ფეხი, სულ ქვევით მიწაზე მდგარმა ზევიდან დათვლით, კაცმა უკანასკნელმა, არ ინდომა თერთმეტივე სულის ტვირთვა. წაიქცა მაშინ განგებისად კაცი იგი უკანასკნელი და ცოცხალი კიბეც ძირს დაენარცხა. თვალხილულმა ხელი ააცდინა იმ საოცარ არსებას, ხის წვერზე შემომჯდარს და ხელშეუხები გაფრინდა თურმე იგი ფრინველი”. “რად ამბობო ამას, ლუკაია”,-შეეკითხა თარაშ ემხვარ. “ისე, ჩემთვის ვამბობო”.
ბატონო ზვიად, მე რაღაცით ეს იგავი ჩვენს დღევანდელ სიტუაციას მაგონებს.
-ჭეშმარიტად. აი, იმ კაცს, ვინც დაბლა დგას, დიდი გამძლეობა უნდა და დიდი ძალა. უმადურობა ზოგჯერ სახიფათოა, შეიძლება ძალა გამოაცალოს. შაბოლოოს, მადლიერება და კეთილი ნება ჩვენი ერისა სძლევს, ეს მაძლევს ძალას.
-უღრმესი მადლობა.
-გმადლობთ თქვენც.

1991 წლის 21 მაისი

ზვიად გამსახურდია: “მე-უოლტ უიტმანი, კოსმოსი”

უოლტ უიტმანი ერთ-ერთ ლექსში მოგვითხრობს, ვით ესწრებოდა ერთხელ ასტრონომი მეცნიერის საჯარო მოხსენებას ნიუ-იორკში. მეცნიერმა გადმოუშალა აუდიტორიას რუქები და დიაგრამები, ფორმულები და ფიგურები, ,,კოლონებივით გამწკრივებულნი”. იგი მთელი საღამო გართული იყო გაზომვით, შეკრებითა და გამოკლებით, გამრავლებით, დახარისხებით და რა დაასრულა მოხსენება, აუდიტორია მქუხარე ტაშით შეეგება მას, ხოლო პოეტი გამოუთქმელმა სევდამ შეიპყრო რატომღაც, მან დაღლილად და ავადმყოფურად იგრძნო თავი, ვერ გადაიყარა უგუნებობა, ვიდრე არ დასტოვა დარბაზი და არ გამოვიდა სუფთა ჰაერზე.

ღამდებოდა. შორს, ისტ რივერის დასავლეთით გადაჭიმულიყო ნახევარკუნძული, რომელსაც პომანოკი შეარქვეს ინდიელებმა უხსოვარ დროში. სამხრეთ ანტლანტიკის ოკეანის მოქცევები ეხლებიან მას, ჩრდილოეთიდან კი ლონგ აილენდ საუნდის წყ*ები, რომელნიც მას პურიტანული კონეკტიკუტისაგან გამოჰყოფენ. აქ დაიბადა პოეტი, აქ გაატარა ბავშვობა. გარშემო ფერმებია და სოფლები, ხვავრიელი მინდვრები. მიჰყვება პოეტი შარაგზას, პომანოკისაკენ მიმავალს. თავშიშველია, მკერდგაღეღილი. შორით მოისმის ზღვის ყრუ ხმაური და ნაგვიანევი თოლიების წივილი. ხანდახან ჩერდება, ყურს მიუგდებს გარემოს. ღამის მისტიური, ნისლოვანი ჰაერი ღრმა მდუმარებით აღავსებს მის სულს. ვარსკვლავეთში ჩაძირულა მისი მზერა. ვარსკვლავეთის სუნთქვით სუნთქავს იგი ამჟამად. და უეცრად მისი სმენა ფართოვდება, თითქოს ღრმავდება და მას მოესმის იდუმალი საყვირის ხმა, მისტიური მესაყვირე აქუხებს საყვირს ღამეულ ეთერში და პოეტის სულში იღვრება კოსმიური მუსიკის ზვირთები. უეცრად იცვლება გარემო, სადღაა ლონგ აილენდი, ურთიერთს ენაცვლებიან წარსულის სურათები.

აჰა, მოჩანან გარდასულ დროთა ბარონები თავიანთ კოშკებში, მანდილოსნები, შეჭურვილი რაინდები, წმინდა გრაალის საძებრად მავალნი, ტურნირები, ფოლადის ელვა, ცხენების ჭიხვინი, ჯვაროსანთა წყებები, ციხეთა შემოწყობა, ბერების მსვლელობანი, ჯვრის ტვირთვა, საკმევლის კმევა… ხილვა ფართოვდება თანდათანობით, ისტორიული კატაკლიზმები სხვა და სხვა ტომების, ერების, რასების, ომები, აჯანყებები, ძველის ნგრევა, ახლის შენება. მსოფლიო ტკივილი და შვება, მსოფლიო წვა და ვედრება… და შინაგანად, არნახულის სიცხოველით და სიდიადით აღმობრწყინდება პოეტის სულიერი ხილვის წინაშე სიყვარულის მზე, რომელიც დგას ამ ხილვის მიღმა, რომელიც მოქმედებს ყოველივე იმაში, რომელიც ადნობს, არღვევს და კვლავ სახედ ქმნის ყოველივეს… მაშინ მოიცავს მის არსებას სიყვარული მაარსებელი და აღმოხდება პოეტს უეცრად: `ო, მესაყვირევ! მე მეჩვენება, რომ შენ ჩემზე უკრავ! მე ვარ საკრავი შენი ამჟამად! შენ ანდობ ჩემს ტვინს, ჩემს გულს, ჩემს თირკმელს, შლი ყოველივეს და გარდაქმნი შენის ნებისებრ! ამადაც იშვის ეს საზეო აღფრთოვანება, სიყვარულის, თავისუფლების, თაყვენების საზეო შვება… კმარა მხოლოდ ყოფნა! კმარა სუნთქვა! შვება, შვება, საზეო შვება! ეს მუსიკა მარად ჩემს გარშემოა, იგი უწყვეტია, დაუსაბამო.

ეს მუსიკა მე ვარ თავად! უეცრად მძაფრდება მისი გუგუნი, გულის კარს მინგრევენ ამ მარად ხმოვანი ოკეანის ზვირთები, ღრმად იჭრებიან ჩემში, და ამ დროს იშვის ჩემი ლექსი, ვითარცა ხსნა, ვითარცა შვება, ვითარცა ლოცვა”

ამგვარად იბადება შვების პოეზია. ამგვარად იბადება შეგნება: მე უოლტ უიტმანი,-კოსმოსი. და ეს შეგნება მოიტანა სულიერი კოსმოსის მცნებამ, მისტიურმა მესაყვირემ (ლექსი ,,The mysticul trumpeter”).

ადამიანური პიროვნების ყოვლისმომცველობა, მარადიულობა აღძრავს ენთუზიაზმს პოეზიისას.  უიტმანის შემოქმედების ცენტრში ადამიანი დგას მუდამ. ადამიანი, ხატი ღვთისა, თავად მიწიერი ღმერთი, მისი ფიზიოლოგია, ფიზიოგნომიკა, მისი ზოგადი კოსმიური არქეტიპები: მარადვაჟური და მარადქალური. მის ვნებათა უსაზღვროება, პულსი და ძალა, მოქმედების თავისუფლება, რომლითაც იგი ახორციელებს ღვთის მარადჟამულ კანონმდებლობას. თანამედროვე ადამიანი, რომელიც მოითხოვს, რათა უზენაესი სრულყოფით გამოავლინოს თავისი შემოქმედებითი მეობა.

დღემდე არსებობდა საფრთხე ადამიანის დაკარგვისა, გაზავებისა მატერიალური და სპირიტუალური კოსმოსის უსაზღვროებაში. ამიტომ აუცილებელია ადამიანმა შეიცნოს სიდიადე თავისი ხატებისა. მან უნდა შეიცნოს და შეიყვაროს სხეულებრიობა ინდივიდუალურ და სოციალურ ყოფაში. საჭიროა ახალი ესთეტიკა, სხეულის ესთეტიკა. ამისთვის საჭიროა სხეულის მგოსანი. მან უნდა უმღეროს სულით განღმრთობას სხეულისას, მან უნდა უმღეროს წარმავლობასა და სიკვდილს  ს ხ ე უ ლ შ ი ვ ე  დაძლევას, მან უნდა უმღეროს  ა ხ ა ლ  ს ხ ე უ ლ ს, სულიერ სხეულს, ღმერთკაცობის უზენაეს იდეალს. ადამიანს სურს ლექსის პური, ეს არის პური არსობისა, ეს არის ყოფის განმართლება, ეს არის პოვნა წარმავლობაში, უსახობაში სრულყოფილი მშვენიერების : ,,არაფერი ისე არ გვჭირდება დღეს შტატებში, როგორც თანამედროვე პოეტი, თანამედროვეობის დიდი ლიტერატუსი. ყველა დროის, ყველა ნაციის ცხოვრების ცენტრალური პუნქტი იყო ნაციონალური ლიტერატურა, განსაკუთრებით კი მისი არქეტიპული პოემები, არქეტიპული პოემაა ინდოელთათვის ,,მაჰაბჰარატა”, ქართველთათვის “ვეფხისტყაოსანი”, იტალიელთათვის “ღვთაებრივი კომედია”, გერმანელთათვის “ფაუსტი”, ხოლო ამერიკელთათვის “ბალახის ფოთლები”.

რატომ უწოდა პოეტმა ამ თავის პოემას “ბალახის ფოთლები”?

რატომ არის ბალახი ლაიტმოტივი უიტმანის პოეზიისა? ბალახი სიმბოლოა კაცის სხეულისა (ამგვარადვე გვხვდება იგი საღმრთო წერილში და მითოლოგიაში), მაგრამ პოეტი ესაიასთან და ფსალმუნის ავტორთან ერთად როდი ამბობს, რომ სხეული ბალახია გამხმარი (რასაც ჩვენი დავითიც იმეოერებს “ხორცი მკვდარ-ხმელ ბალახი, აყვავებულად ნანახი”). ბალახი უიტმანისათვის საწინდარია სხეულის ხელახალი აღორძინებისა (რეინკარნაციისა), სხეულის სულით განღმრთობისადა აღდგომისა. ის ბალახი, რომელიც იზრდება სასაფლაოზე, საწინდარია სულთა ხელახალი სხეულებრივი აღორძინებისა, განა რად შიბილან ისინი ქვეყნად, თუ კვლავ არარაობად უნდა მიიქცენ? “ბალახი უფლის ცხვირსახოცია” “ბავშვი თავადაა ბალახი”. ბალახი იეროგლიფია ერთგვარი, სამყაროს ხელწერა, მარადჟამული მხატვრის კანვასი.

დიდი ლიტერატურა, პროფეტული ლიტერატურა – აი, რა სჭირდება დღევანდელ კაცობრიობას. ახალი ლიტერატურა, ახალი მეტაფიზიკა, ახალი პოეზია – აი, რა სურს ამერიკის დემოკრატიას.

ბუნება, ჭეშმარიტი ბუნება, ბუნების ჭეშმარიტი იდეა, რომელიც გვაკლდა დიდი ხნის მანძილზე, უნდა აღორძინდეს, უსასრულოდ გაიზარდოს, აღავსოს ლექსის ატმოსფერო. – აი, საფუძველი ესთეტიკისა. არა რომანტიული ბაღები, ჭლექიანი სახეები და ბულბულები, არამედ მთელი პლანეტა, მისი გეოლოგიური ისტორია, კოსმოსი, `რომელიც შეიცავს ყოველგვარ ნაირსხვაობას და რომელიც თავადაა ბუნება” მილიონობით ტონა ნივთიერება, მატერიის აზრი და ვნება, უნდა შენივთდეს, ჩამოყალიბდეს, სახედ იქმნას და უკვდავმა ადამიანმა უნდა აქციოს ეს ყოველივე თავისი მორალური და სპირიტუალური ცნობიერებით დიდ პოეზიად, და ამით იხსნას ხრწნადობისაგან, წარმავლობისაგან.

პოეზიას ორი ასპექტი აქვს: ერთი რომელიც უშინაგანეს “მე”-სთან არის დაკავშირებული, რომელსაც მისი სულიერი ცხოვრება აძლევს ტონს და, მეორე, რომლითაც იგი უკავშირდება გარე სამყაროს, კოსმიურ და საზოგადოებრივ ყოფას. უიტმანი ამბობს” დიდ პოეტთა უმრავლესობა იმპრესიონალურია, მე კი პერსონალური ვარ, ჩემს ლექსებში ყოველივე ჩემს გარშემო ტრიალებს, ყოველივე ჩემშია კონცენტრირებული, ყოველივე ჩემგან ასხივებს. მე მხოლოდ ერთი ცენტრალური ფიგურა მყავს, ეს არის ზოგადი ადამიანური პიროვნება, რომელიც ჩემშივეა განსახიერებული. მაგრამ ჩემი წიგნი აუცილებლობის ძალით აიძულებს მკითხველს დააყენოს თავისი თავი ცენტრალურ პოზიციაში და გადაიქცეს ყოველი სუნთქვის, ყოველი გვერდის, ყოველი სტრიქონის წყაროდ და განმცდელად”

ტორო უიტმანს ეხმიანება, როდესაც ამბობს: “მე არ ვისაუბრებდი ჩემს თავზე ამდენს, ვინმე სხვას რომ ვიცნობდე ისევე კარგად, როგორც ჩემს თავს”. მაგრამ უიტმანისათვის პიროვნული “მე” მსოფლიო მეობის განცხადებაა, მისი გამოვლენაა ცალკეულ ინდივიდში ვიცი, რომ სული ღვთისა ჩემივე სულის უფროსი ძმაა და რომ კაცნი ოდესმე შობილნი, ძმანი არიან ჩემნი… ქალნი კი – დანი და მიჯნურნი, და რომ შესაქმის საჭე არის სიყვარული. ღმერთია თავად მიჯნურთა შორის უდიდებულესი, სრულყოფილი მეგობარი, თავად კაცი იდეალური”.

“სიყვარულია საფუძველი ყოველგვარი მეტაფიზიკისა” – მიმართავს იგი სტუდენტებს, პროფესორებს, მეცნიერებისათვის თავდადებულ ადამიანებს. `ბალახის ფოთლებმა” მოულოდნელი ჭექა-ქუხილივით შეაკრთო იმდროინდელი ამერიკა. ლიტერატურული საზოგადოება აღშფოთებული იყო უწინარეს ყოვლისა იმით, რომ ამ წიგნში არნახულის ძალით გამოვლინდა სულის თავისუფლება როგორც ლექსში, ისე მორალური და სოციალური პრობლემების გაშუქებაში. ცნობილია, რომ ყველა დროის ფილისტერებს აღიზიანებდათ ხოლმე გენიის თავისუფალი გამოვლინება, რაც მათი ვიწრო დოგმების რღვევას იწვევდა მუდამ. მაშინდელი ამერიკის ლიტერატურული სიდუხჭირე და ქაოტურობა ჯერ კიდევ ედგარ პომ გაამასხარავა თავის იუმორისტულ მოთხრობაში `კაკვას ტამის, ესკვაირის ლიტერატურული ცხოვრება”, რომლის მთავარი გმირი, რედაქტორი, აღშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ `ვიღაც ბრმა მოხუცი ძველ საბერძნეთში წერდა უნიჭო პოემებს და მუზებს აწუხებდა, ხოლო ინგლისში ასეთივე ბრმა “სინათლის შესახებ წერდა პოემებს” – რაც კიდევ უფრო მეტად აღმაშფოთებელად ეჩვენებოდა მას.

ბუნებრივია, ლიტერატურულმა ფილისტრებმა ვერც ახალი დროის ჰომეროსი იცნეს. ჟურნალ-გაზეთებიდან დაიძრა ლანძღვა-გინების მთელი ნიაღვარი. მაგრამ არა მარტო ფილისტერები და გონებაშეზღუდული ადამიანები იყვნენ აღშფოთებულნი. უიტტიერმა, ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა, ცეცხლში დასწვა “ბალახის ფოთლები”! სამაგიეროდ ემერსონი მიესალმა მას მხურვალედ. ადამიანი, რომელიც ტონს აძლევდა იმდროინდელი ამერიკის სულიერ ცხოვრებას. ემერსონის “ტრანსცენდეტალიზმი” უაღრესად ენათესავება უიტმანის მსოფლმხედველობას. ემერსონი შემდეგნაირად განსაზღვრავს თავისი რეალისტური მსოფლმხედველობის არსს: “ყოველივე რეალური თვითარსულია, ყოველივე ღვთაებრივი იზიარებს თვითარსულობას ღვთისას”.

ამგვარი რეალიზმის პოზიციებიდან აშუქებს იგი მსოფლიო ისტორიას, კულტურას, მეცნიერულ და თეოლოგიურ პრობლემებს. მისთვის უცხოა ზედაპირული თვალსაზრისი ცხოვრებისეულ მოვლენებზე, მისთვის მთავარია მოვლენათა არსის წვდომა, მარადიული ძალის დანახვა არსთა და საგანთა მრავალფეროვნებაში. იგი, როგორც სასულიერო პირი, მოითხოვს გაბედულ რეფორმებს რელიგიის სფეროში. “ღმერთი აგებს ტაძარს თავისას ადამიანთა გულებში, ეკლესიებისა და რელიგიების ნანგრევებზე”- ემერსონი ამგვარად განსაზღვრავს ტრანსცენდენტალიზმის რაობას ” ტრანსცენდენტალიზმი ღებულობს მთელი სისრულით სპირიტუალურ დოქტრინას, მას სწამს სასწაული, სწამს ახალი შესაძლებლობები ადამიანური გონებისა, სულიერი ნათლისა დაძალის წვდომაში. მას სწამს ინსპირაცია და ექსტაზი. მას სურს რომ სპირიტუალურმა პრინციპებმა სრულიად, ყოველგვარი მიმართებით გამოავლინოს თავისი თავი ადამიანთა ყოფაში და გამორიცხოს ყოველივე არასპირიტუალური, ე.ი. ყოველივე პოზიტიური, დოგმატური ან პიროვნული*(ვიწრო, ეგოისტური გაგებით(ავტ)). ასე რომ, ინსპირაციის სულიერი საზომი არის სიღრმე აზრისა”.

და აჰა, გამოჩნდა პოეტი, რომლის შემოქმედებაც დიდებული დადასტურებაა ყოველივე ამისა. ემერსონი მაღალ ნდობას უცხადებს პოეტის ხილვებს, იმ ახალ სულიერ სამყაროს, რომლის მაცნედაც მოევლინა კაცობრიობას ეს ახალი სვვედენბორგი პოეზიისა. იგი მიესალმება აზრის არნახულ გაბედულებას, ემოციის კოსმიურ მასშტაბს.

ემერსონის გარდა უიტმანს მიესალმნენ ამერიკის სხვა გამოჩენილი ადამიანებიც: ჰენრი ტორო, ბრონსონ ოლკოტი, ფრანკ სენბორნი და სხვანი. ტორო მას სთვლიდ “ყველა დროის დემოკრატთა შორის უდიდესად”.

უიტმანს ღრმად სწამდა, რომ ამერიკა მოწოდებულია დაამკვიდროს თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეალი კაცობრიობის სოციალურ ყოფაში. ამისთვისვის იგი მოითხოვდა ყველა ამერიკელისაგან ღრმა და შეუვალ რწმენას დემოკრატიისადმი – `ისეთსავე რწმენას, როგორიც უნდა ჰქონდეს ქრისტიანს, ღვთის მისტერიასთან მიმართებაში”. აბრაამ ლინკოლში იგი ხედავდა მოძღვარს, რომელიც მიიყვანდა ამ იდეალს პრაქტიკულ განხორციელებამდის.

და აი, მონათმფლობელი კოპპერჰედების ვერაგულმა ტყვიამ იმსხვერპლა ამერიკის იმედი, ჭეშმარიტების და სიქველის დიდი რაინდი. ამას მოჰყვა მსოფლიო ელეგიური პოეზიის დიდი შედევრი, გრანდიოზული რეკვიემი “როცა ეზოში, გაზაფხულზე…” და აგრეთვე ლექსი: “ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო”. მაგრამ პოეტმა იცის, რომ როდესაც რაიმე დიდ საქმეს შეეწირება მსხვერპლად მისი მესვეური, ეს მოასწავებს ამ საქმის გამარჯვებას. ამიტომ იგი ახალის ენერგიით ებმება საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში, რათა ამერიკამ შეინარჩუნოს დემოკრატიის მონაპოვარი. დემოკრატიის დიდი გამოცდა იყო სამოქალაქო ომი, ის კატასტროფები, რომელნიც მას მოჰყვნენ და რომელნიც ანარქიის გაბატონებით და ქაოტური ძალების აშვებით ემუქრებოდნენ ამერიკას. უიტმანმა, იმჟამად სამოქალაქო ომის მონაწილემ, თავისი თვალსაზრისი ჩამოაყალიბა დედისადმი წერილებში, ხოლო ამჯერად იგი აქვეყნებს ვრცელ ესსეს “დემოკრატიის პერსპექტივები”, თან განაგრძობს ლექსების წერას. ღრმა სიბერებდის ხმიანდება მისი ჩანგი, თვით პარალიზმაც ვერ ჩაკლა მასში პოეტური ენთუზიაზმი.

უოლტ უიტმანმა პირველმა მოუწოდა ევროპის მუზას გადმოსახლებულიყო `ქალწულ კონტინენტზე”, რითაც მისცა დასაბამი ამერიკის დიდ ლიტერატურას. იგი ფუძემდებელია ახალი პოეზიისა, ახალი პოეტიკისა; ყოველივე ის, რაც მის თანამედროვეებს არაკანონზომიერად ეჩვენებოდათ მასში, დღეს დაკანონდა, აუცილებლობისეულ მოთხოვნად იქცა პოეზიაში.

უოლტ უიტმანი ჩვენი თანამედროვეა. მასში ისევე მძლავრად იგრძნობა მეოცე საუკუნის სულისკვეთება, როგორც სხვა დიდ თანამედროვე პოეტებში.

უოლტ უიტმანი ჭეშმარიტი კოლუმბია ახალი დროისა, იგი უფრო მეტია, ვიდრე კოლუმბი, მან აღმოაჩინა ამერიკის სული.

ივნისი 30, 2010

ზვიად გამსახურდია: სუკ-ი წინ იხედებოდა, როდესაც ცრუ სამღვდელოებას ქმნიდა

ბოროტებისადმი დაუმორჩილებლობა ქრისტიანული ეთიკისა და პრაქსისის საფუძველთა საფუძველია. რა იყო პირველქრისტიანთა ცხოვრება, თუ არა უღმერთობისა და უზნეობისადმი დაუმორჩილებლობა? ქრისტიანობამ გაიმარჯვა ამ ბრძოლაში, რამეთუ საღვთო წერილი გვასწავლის: “საჭურველად გარე მოგადგეს შენ ჭეშმარიტებაი მისი”, ხოლო სიმართლისათვის დევნა სახარების პირველი ნეტარებაა. ის, ვინც არ იბრძვის სიმართლისათვის და არ არის დევნილი, არც ქრისტიანია. ამასთან, ყოველი დროის ტირანები ცდილობენ გაყალბებას მოციქულთა სიბრძნისას – ხელისუფლებისადმი დამორჩილების შესახებ. როგორც ცნობილია, მოციქულები მოგვიწოდებენ ხელისუფლებისადმი დამორჩილებას, რამეთუ, მათი თქმით, ყოველი ხელისუფალი ღვთისგანაა. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ მოციქულთათვის სიტყვა “ხელისუფლება”  ნიშნავს ლეგიტიმურ ხელისუფლებას, კანონიერ ხელისუფლებას და არა უკანონო, ყაჩაღურ, უზურპატორულ ხელისუფლებას, რომელიც ეშმაკისგან არის და არა – ღვთისგან.
რა შეიძლება მოიფიქროს და მოიმოქმედოს დღეს ჭეშმარიტად მართლმადიდებელმა და საკუთარი ერის მოყვარე ქრისტიანმა? მთავარზე უმთავრესია, ბრძოლა ჭეშმარიტი ქრისტიანობის აღორძინებისათვის, რასაც მრავალ დაბრკოლებას უქმნის ჩვენს ქვეყანაში გაბატონებული ანტიქრისტე. ქრისტიანობა არა მხოლოდ ქადაგებით, არამედ საქმით, ბრძოლა სატანასთან როგორც სულიერ, ასევე ფიზიკურ პლანში. უაღრესად საჭიროა ნამდვილი მოძღვარნი, რომელთაც ძალუძთ არა მხოლოდ ლოცვა და ქადაგება, არამედ ეშმაკეულ ადამიანთა განკურნება, მათი სულიერად განწმენდა და გადარჩენა. უნდა გვახსოვდეს, რომ ეგზორციზმი ახასიათებდა არა მხოლოდ კათოლიკურ ეკლესიას, არამედ – მართლმადიდებლურსაც. ამ თვალსაზრისით უნდა ამოქმედდეს ბასილი დიდის კურთხევანი, თუ, რასაკვირველია, ეკლესიაში შეხიზნულმა ანტიქრისტეს მსახურებმა ეს ტექსტები არ გაანადგურეს. გვახსოვდეს, რომ ასურელი მამები, გრიგოლ ხანძთელი, გიორგი, ექვთიმე და იოანე მთაწმინდელები უდიდესი ეგზორცისტები იყვნენ, რაც ჩანს მათი ცხოვრებიდან; ასეთები იყვნენ, აგრეთვე, ჩვენს დიდ მღვდელმთავართა შორის უმეტესნი. მღვდელმთავრის ჩაცმულობაში ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტია “ენქერი“, რომლის დანიშნულება დღეს მრავალმა სამღდველო პირმაც აღარ იცის. ენქერი არის სულიერი მახვილი, რომლითაც მღვდელმთავარმა სულიერ პლანში უნდა განგმიროს ბოროტი არსებანი და დათრგუნოს ისინი ამ დედამიწაზე. დღეს კი, სამწუხაროდ, ჩვენ მღვდელმთავართა უმრავლესობა ამ ბოროტ არსებათა მონებად ქცეულან თავად! აი, რაზე უნდა დავცეთ განგაში უწინარეს ყოვლისა, აი, რას უნდა ვუშველოთ! სანამ ჭეშმარიტი რელიგია არ აღდგება ჩვენში, ჩვენს ერს გადარჩენა არ უწერია.
მინდა შეგახსენოთ ქრისტიანული ღმრთისმეტყველებისა და ჰაგიოგრაფიის უმნიშვნელოვანესი ტერმინი “მართლმხილება“, რაც აგრეთვე ქრისტიანული პრაქსისის საფუძველია. ჭეშმარიტების სამსახური მარტო მის აღიარებაში როდი გამოიხატება. ეს სამსახური, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს სიცრუისა და ბოროტების მხილებას. მაცხოვარი ჩვენი მართლმხილების გამო აცვეს ჯვარს, მართლმხილების ძალამ, ღვთის ძალამ აღადგინა იგი მკვდრეთით და ცად აღამაღლა. მწიგნობართა, ფარისეველთა და ცრუ მღვდელმთავართა მხილება იყო მისი ქადაგების ძირითადი მიზანი. ხალხს უნდა განვუმარტოთ განსხვავება ეკლესიასა და ფიზიკურ ტაძარს შორის. ეკლესია სულიერი გაგებაა, ეკლესია სულიერად არსებობს და ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას ვერასოდეს მოერევიან; ეკლესია მოძღვრებაა, ღვთის, ზეციურ არსებათა და წმინდანთა ერთობლიობაა. ეკლესია იდეაში არსებობს, ხოლო ტაძარი მატერიალურია და ამქვეყნად არსებობს. ყველა ტაძარიც რომ შემუსროს ბოროტმა ძალამ თავისი მსახურებითურთ, ეკლესიას მაინც ვერ გაანადგურებს. ანტიქრისტეს ძალუძს თავისი გადაცმული მსტოვრები შეაგზავნოს ტაძარში. ეკლესიაში ვერ შეაგზავნის. ეკლესიის ისტორიას შეიძლება ეწოდოს “ჭეშმარიტების ისტორია”, ამბობდა პასკალი. “ის დევნულებანი, რომელნიც დაატყდა თავს ეკლესიას, ჰგვანან იმ ქარიშხლის მოქმედებას, რომელიც ებრძვის ჩაუძირავ გემს”.
აი, ეს ეკლესიაა დაფუძნებული “კლდესა ზედა”, ხოლო კლდე – საღვთო ჭეშმარიტებაა. რაც უფრო მიემსგავსება ფიზიკური ტაძარი ეკლესიას, რაც უფრო მიუახლოვდება ამ იდეალს, მით უფრო სრულყოფილია იგი. ღვთის ტაძარში მოკალათებულ ანტიქრისტეს მსახურთა მხილება კი ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანის უპირველესი მოვალეობაა. ამის გამო საუბრობენ ანტიქრისტეს მსახურნი მხოლოდ ტაძარზე (Templum), ეკლესიაზე კი არას ამბობენ, რამეთუ მათთვის მთავარია ნივთიერი და არა სულიერი. სულიერ ეკლესიას კი ებრძვიან აშკარად თუ ფარულად, ამიტომ არის მათი ღმერთი თხის რქებიანი და ჩლიქებიანი ბაფომეტი, ანდროგენული ურჩხული, რომელსაც თავზე ჩირაღდანი ადგას და რომელსაც ისინი უწოდებენ “Templum Omnium Hominum Pacis Abbat” (“ყოველთა კაცთა მშვიდობის ტაძრის მამა”). “თქვენ მამისა ეშმაკისანი “ხართ” – ეუბნებოდა იესო ქრისტე ასეთ ადამიანებს. ჩვენთვის კი მამაა ღმერთი, ეკლესიის თავი და არა ცრუ ტაძრის კერპი. ამისთვისაა საჭირო ქრისტიანული განმანათებლობა, რომელიც განუმარტავს ყოველივე ამას გაუთვითცნობიერებელ ხალხს.
მიწიერი ეკლესია, ამქვეყნიური ადამიანებისგან შემდგარი, უნდა ბაძავდეს ზეციურ ეკლესიას, მაგრამ, სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში ასეთი რამ თითქმის აღარ არსებობს. მიწიერი ეკლესია დაპყრობილია უღმერთო ძალების მიერ. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს – საქართველოში აღდგეს ასეთი ეკლესია.
“ცრუ მოციქულნი, მზაკვარნი, ღებულობენ სახეს ქრისტეს მოციქულისას. ეს არც არის გასაკვირი, რამეთუ სატანაც ღებულობს ნათლის ანგელოსის სახეს… მაგრამ მათი აღსასრული საქმეთა მათთაებრ იქნება” – გვასწავლის პავლე მოციქული. მაცხოვარიც ტაძარში ამხელდა ქვაბავაზაკებს. ალბათ გახსოვთ, თუ ვით აღლესა გრიგოლ ხანძთელმა “მახვილი მხილებისა”, ხოლო, უფრო მოგვიანებით, დავით აღმაშენებელმა მთელი საეკლესიო კრება მიუძღვნა ასეთ მართლმხილებას. ამის გარეშე დღეს წარმოუდგენელია ჩვენი ერის განწმენდა და აღორძინება.
მართლმადიდებლობას მუდამ ახასიათებდა შემწყნარებლობა სხვა რწმენათა მიმართ. მართლმადიდებლობამ არ იცოდა ინკვიზიციის კოცონები, მართლმადიდებელი მღვდელმთავრები, იმპერატორები და მეფეები უფრო დარწმუნების გზას მიმართავდნენ. ანტიქრისტეს დღევანდელმა მძლავრობამ და საყოველთაო აპოსტასიამ (რაც ნაწინასწარმეტყველებია საღვთო წერილში) მრავალი დააბნია და მოსწყვიტა ჭეშმარიტ რწმენას. სამწუხაროდ, მრავალი დადებითი პიროვნება, კარგი მამულიშვილი ან უღმერთოა, ან მცირედ მორწმუნე. ასეთებს უნდა შევაშველოთ ხელი დახმარებისა, ისინი არ უნდა შევიძულოთ, მოთმინებით ვიზრუნოთ მათი გადარჩენისათვის, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცევისათვის. გვახსოვდეს, რომ მაცხოვარიც და მოციქულებიც დიდი ტოლერანტობით გამოირჩეოდნენ. ისინი საბოლოოდ არ წირავდნენ არავის, ღვთისა და სიკეთის აქტიური მტრების გარდა.
გავიხსენოთ ქართველი ერის სიბრძნე: “სიბრძნე ებრძვის სიბრიყვეს უთოფოდ და უზარბაზნოდ”. ეს უაღრესად ქრისტიანული მიდგომაა. არამართლმორწმუნეებს იდეურად უნდა ვეკამათოთ, მათი ადამიანური უფლებების პატივისცემა ჩვენ მხოლოდ გვაძლიერებს. რაჟდენ მოწამეს, ევსტათე მცხეთელს და აბო ტფილელს არავინ ახვევდა თავს ქრისტიანულ სარწმუნოებას, მაგრამ ისინი ქრისტეს მოწამეები გახდნენ. ამაში იყო ძალა ჩვენი სარწმუნოებისა. სხვანი კი ცეცხლით და მახვილით ავრცელებდნენ თავის სარწმუნოებას. თორმეტმა ჭეშმარიტმა მორწმუნემ თითქმის მთელი მსოფლიო მოაქცია თავის რწმენაზე. მაცხოვრის სიტყვებით რომ ვთქვათ, “უკეთუ გვექნება სარწმუნოება თუნდაც ქრთილის ოდენი, მთას რომ ვუბრძანოთ, აღიძრება და ზღვად შთაიფხვრება”! რწმენას სასწაულები ძალუძს.
ანტიქრისტე თავად უდიდესი ცრუწინასწარმეტყველია. ასე რომ, არ არის გასაკვირი, მისი წინამორბედნი და მსახურნი ბიბლიური სიბრძნისა და წინასწარმეტყველთა ნააზრევის პროფანაციას რომ ისახავდნენ ერთ-ერთ მთავარ მიზნად. რელიგიასა და საღვთო წერილის პროფანაცია ანტიქრისტეს უმთავრესი მიზანია. ამიტომ უწყობენ აგრეთვე ხელს ყოველგვარი ბნელი სექტების გავრცელებას. მაგალითად, სამეგრელოში იეღოველებმა ხალხის დიდი უბედურებით ისარგებლეს და გაავრცელეს ხმა: “1993 წელი არმაგედონის წელია, წელს აღდგება მკვდრეთით და გაცოცხლდება ყველა ის, ვინც იეღოვას იწამებსო”. წარმოიდგინეთ, ზოგიერთმა გაუბედურებულმა და სასოწარკვეთილმა შვილდაკარგულმა მშობელმა ირწმუნა ეს და იწყო ყოყმანი მართლმადიდებლურ რწმენაში. აი, რა მეთოდებით მოქმედებენ ბოროტების მსახურნი. დღეს, დარწმუნებული ვარ, პუტჩისტური სუკ-ი დიდ იმედებს ამყარებს მათზე და საქმითაც იყენებს.
ერთმა გამოჩენილმა მოაზროვნემ ასეთი ფორმულა მოგვცა: “ღვთის უარყოფა სულის დაავადებაა, ქრისტეს უარყოფა – სულის უბედურება, ხოლო სულის უარყოფა – თვითმოტყუება”. რა უნდა იყოს უფრო სავალალო, ვიდრე ასეთი ადამიანი? ღმერთი და სულიერი სამყარო ჭეშმარიტი სამშობლოა ადამიანის, მიწიერი სამშობლო კი – მისი ხატი.
თუ მეცნიერება თავია საზოგადოებისა, რელიგია გულია მისი. როდესაც მტერი ჩვენს მოსპობას ცდილობს, თავში ან გულში გვიმიზნებს ტყვიას. სამოცდაათი წლის მანძილზე ანტიქრისტეს ხელისუფლება სწორედ ჩვენი თავისა და გულის განადგურებას ცდილობდა და არცთუ უშედეგოდ. ინტელიგენციის ნაწილი გადააგვარეს, სამღვდელოება კი თითქმის მთლიანად მოსპეს და შექმნეს ცრუ წითელი სამღვდელოება, რამაც თავი იჩინა ყველაზე მეტად პუტჩის ავბედით დღეებში. ნაცვლად იმისა, რომ იერარქები ჯვრით ხელში ჩამდგარიყვნენ სამკვდრო-სასიცოცხლოდ ურთიერთდაპირისპირებულ მოძმეთა შორის, ისინი ანტიქრისტეს მხედრობას ამოუდგნენ მხარში – ეკლესიები იარაღის საწყობებად მისცეს, ქაშუეთის ტაძარი ბლინდაჟად აქციეს, საიდანაც ჭურვებსა და ტყვიას უშენდნენ კანონიერ ხელისუფლებას; წმინდა პანტელეიმონის ტაძარში სნაიპერები ჩასვეს და ნაღმტყორცნები ჩადგეს, რომელნიც “კოლხურ კოშკს” უშენდნენ. ზოგიერთი სამღვდელო პირი ავტომატით ხელში იბრძოდა პუტჩისტებთან ერთად. რამდენიმე პატიოსანი სამღვდელო პირი კი, რომელმაც არ უღალატა კანონიერ ხელისუფლებას და ლოცვითა და ქადაგებით ამხნევებდა უზენაესი საბჭოს შენობაში გამომწყვდეულ მის წარმომადგენლებს, პუტჩისტმა პატრიარქმა განკვეთა და გააძევა საქართველოდანაც კი. ასე რომ, სუკ-ი წინ იხედებოდა, როდესაც ცრუ სამღვდელოებას ქმნიდა. წითელი სამღვდელოება სუკ-ის ყველაზე საშინელი დამკვრელი ძალაა.
როგორც მოგახსენეთ, მოციქულთა დევიზია კანონიერი, ლეგიტიმური ხელისუფლების ერთგულება, რამეთუ ასეთი ხელისუფლება ღვთისგანაა ახალი აღთქმის მიხედვით.
ერის ღალატი იგივე მოყვასის ღალატია. ეს თანაბრად მიუტევებელი ცოდვაა, როგორც სასულიერო, ასევე საერო პირისათვის. მაგრამ სასულიერო პირს სჯულისკანონის მიხედვით ყველაფერში უფრო მკაცრად მოეთხოვება, ვიდრე ერისკაცს, ისევე, როგორც მოზრდილს უფრო მოეთხოვება დანაშაულისათვის, ვიდრე მოზარდს.
მომნანიე ადამიანის შეწყნარება დამოკიდებულია იმაზე, საქმით ინანიებს იგი ჩადენილს, თუ მარტოოდენ ლიტონი სიტყვით.
ეროვნული თუ სამოქალაქო მოძრაობის ძალა მშვიდობიანი ხერხებით ბრძოლაშია. ამით დგას განდიზმი მარქსიზმზე მაღლა.
ღვთის სიყვარული, მოყვასის სიყვარული, სამართლიანობის სიყვარული თანაბრად სჭირდება ყველა რიგით თუ არარიგით ქრისტიანს.
ქვეყნის მმართველი, უწინარეს ყოვლისა, ქრისტეს მბაძავი უნდა იყოს მოყვასის სიყვარულით, სამართლიანობით, შემწყნარებლობით, სიმტკიცითა და ბოროტი ძალებისადმი შეურიგებლობით.
სიყვარული და მკაცრი სამართლიანობა თანაბრად საჭიროა. ერთ-ერთის დომინირება იწვევს ან სენტიმენტალობას და გულჩვილობას, ან უხეშობას და სისასტიკეს.
ვინც მტერს შეისწავლის, ის მას დაამარცხებს. უნდა შევისწავლოთ უღმერთოთა შავბნელი ძალების ტაქტიკა, მათი ფანდების არსენალი და გამუდმებით ვამხილოთ ეს ყოველივე. წარსულში არ გვქონია ამდენი გამოცდილება. დღეს კი, როგორც იტყვიან, “ზოგი ჭირი მარგებელია”, ბევრი რამ გაცხადდა, მრავალი დაფარული გამოვლინდა და ჩვენც უფრო მეტად გავძლიერდით.
ერისა და ეკლესიის ერთგულ შვილებს ვუსურვებ დიდ სიმტკიცეს რწმენაში, ბრძოლაში შეუპოვრობას, დიდ მოთმინებას, რამეთუ “აურაცხელ არიან ჭირნი მართალთანი და ყოველთა მათთაგან იხსნას იგინი უფალმან”. დღეს ჩვენ ყველანი განგებამ უდიდესი გამოცდის წინაშე დაგვაყენა და ეს, უწინარეს ყოვლისა, ჩვენი სარწმუნოების გამოცდაა. ადამიანთა დაცემული ბუნება უწყოდა უფალმა, როდესაც ბრძანა: “მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაითა და არა შემიწყნარებთ. უკუეთუ სხვაი მოვიდეს სახელითა..”

“შანსი”, # 19, 16 სექტემბერი, 2001 წელი

Blog at WordPress.com.