ივლისი 22, 2014
თებერვალი 22, 2011
ზვიად გამსახურდიას ეროვნული პროგრამა (ვიდეო)
პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საინაგურაციო სიტყვიდან
– საქართველოში, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანულ ქვეყანაში, ტრადიციული იყო კავშირი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის;
– ქართველთა ცხოველი მორწმუნეობა განსაზღვრავდა მტრულ გარემოცვაში საქართველოს სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვან არსებობას. სახელმწიფო კი თავის მხრივ ხელს უწყობდა ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობას;
– საქართველოს სახელმწიფოებრივი აღორძინება, მისი დამოუკიდებლობის აღდგენა ვერ მოხერხდება ქართველთათვის ნიშნეული ცხოველი მორწმუნეობის აღორძინების გარეშე, ზნეობრივი აღორძინების გარეშე – ამას ადასტურებს საქართველოს წარსულიცა და აწმყოც;
– სწორედ ამიტომ ჭეშმარიტად ქართული ეროვნული მოძრაობა მჭიდროდ იყო და არის დაკავშირებული რელიგიურ ცნობიერებასთან, ეკლესიის წიაღთან;
– დღევანდელი (საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი) მოძრაობაც თავისი შინაგანი არსით ეროვნულ-რელიგიური მოძრაობაა, რამდენადაც იგი არ გულისხმობს მხოლოდ ეროვნულ-პოლიტიკური მიზნების განხორციელებას, არამედ უპორველეს ყოვლისა ითვალისწინებს ზნეობრივ აღორძინებას ქრისტიანულ რწმენასა და ცნობიერებაზე დამყარებით;
– ეროვნული ხელისუფლება იღვაწებს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ტრადიციული ერთობის აღსადგენად. ამ ერთობის არსი შემდგომში მდგომარეობს – ეროვნული სახელმწიფოს ავტორიტეტი უნდა დაემყაროს არა მარტო ხელისუფლების სოციალურ-პოლიტიკურ განსაზღვრულობას, არამედ უმეტესწილად ქრისტიანულ ზნეობრივ საწყისებს;
– სახელმწიფოს დამოკიდებულება ეკლესიისადმი უნდა დაეფუძნოს ეკლესიის რელიგიურ-ზნეობრივი ავტორიტეტის უზენაესობისა და ეკლესიის განსაკუთრებული სოციალური ფუნქციის აღიარებას;
– ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობის სულიერი ბუნება თავისთავად გამორიცხავს მის უშუალო მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში, მაგრამ პოლიტიკური სისტემიდან ეკლესიის გამოყოფა არ უნდა ნიშნავდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთგათიშვას;
– სახელმწიფო და ეკლესია არ უნდა ერეოდნენ ურთიერთის საქმიანობაში, მათ ერთობლივად უნდა უზრუნველყონ საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობა. ჩვენ მომხრენი ვართ არა სახელმწიფოსა და ეკლესიის, ეკლესიისა და სკოლის ურთიერთგამიჯვნისა, არამედ მათი ბუნებრივი კავშირისა, რომელიც იმავდროულად პოლიტიკური სისტემისა და ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულებასაც დაემყარება;
– სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად უნდა იქცეს;
– ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ქართულმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეკლესიის უფლება იყოს საერო ცხოვრების აქტიური მონაწილე. სახელმწიფომ უნდა დაიცვას საეკლესიო ქონება, ხელი შეუწყოს ეკლესიას ტრადიციულ სამონასტრო მოღვაწეობაში. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რათა ეკლესიამ მიიღოს საჭირო მატერიალური დახმარება – საგანმანათლებლო საქმიანობის, ტაძრების მშენებლობისა და შეკეთე-ბისათვის. უნდა აღდგეს საეკლესიო საკუთრება მიწაზე;
– მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება არ ხელყოფს სხვა რელიგიების აღმასრულებელთა, აგრეთვე ათეისტთა მოქალაქეობრივ უფლებებს. სახელმწიფოს მიერ გარანტირებული იქნება სინდისის თავისუფლება და თითოეულ პიროვნებას მიეცემა შესაძლებლობა იყოს აღმსარებელი იმ სარწმუნოებისა, რომელსაც თავად აღიარებს. მოქალაქეთა უფლებები არ შეიზღუდება რელიგიური ნიშნით. საქართველოს სახელმწიფო კვლავაც ერთგული დარჩება ტრადიციული რელიგიური შემწყნარებლობისა.
ქალბატონებო და ბატონებო.
– ქართველი ერი გამოირჩევა თანასწორთა შორის თავისი ყოფით, ადგილით და ენით. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა.
– ჩვენი ისტორია, ცხოვრების წესი, ბრძოლა სარწმუნოებისათვის, ეროვნული დამოუკიდებლობისათვის – ეს არის მოწამოებრივი გზა, ქრისტემიერი გზა სიკეთისა, სიქველისა და სიყვარულისა.
– ისტორია გვაძლევს შესაძლებლობას, რათა დავუბრუნდეთ მამაპაპეულ გზას, ავაღორძინოთ თავისუფალი საქართველო. დგება ჟამი როდესაც უკლებლივ ყველას სიცოცხლე მამულს ეკუთვნის.
– ერი უეჭველად მზად არის გადამწყვეტი ბრძოლისათვის – ეს ეროვნული ხელისუფლების ვალია იყოს ღირსი უდიდესი მისსიის – შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა – საქართველოს დაუბრუნოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს ერთა თანამეგობრობაში.
დიდი მიზნები მხოლოდ ღვთაებრივი სიყვარულით აღსრულდებიან.
დაე აღსრულდეს ნება ღვთისა, ნება ერისა.
გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!
(ამონარიდი)
ზვიად გამსახურდიას საგანგებო სიტყვა წარმოთქმული 1991წ .7 ივნისი (ვიდეო)
28 ოქტომბრის შემდეგ განვლილი პერიოდი გახლდათ ურთულესი გამოცდა როგორც ხალხის ისევე მის მიერ არჩეული ხელისუფლების და მთავრობისათვის. ვინაიდან მძიმე და ეკლიანია თვისუფლებისაკენ მიმავალი გზა. მითუმეტეს ძნელია ამ გზაზე ყოველდღიური სიარული — როდესაც გაივლის პირველადი ენთუზიაზმი, გამოჩნდებიან პირველი, და სამწუხაროდ არა უკანასკნელი შეცთომილნი და გზააბნეულნი, როდესაც — ფიზიკური შეზღუდულობა ადამიანისა, ამქვეყნიური ხორცისმიერი პრობლემები თითქოს-და შურს იძიებენ შინაგანად უკვე თავისუფალ ერზე.
უნდა ვაღიაროთ, რომ ოცნება თავისუფლებაზე, სტიქიური მოქმედება მისი სახელით შეუდარებლად უფრო იოლი იყო, ვიდრე სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი, რეალურ სამუშაოდ ქცეული ეროვნული აღორძინება.
დღეს უკვე გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ურყევია ქართველი ერის ნება დააღწიოს თავი იმპერიულ ბორკილებს. იგი თანმიმდევრულად და მტკიცედ ადგას ამ გზას. ეს არ გახლავთ მოულოდნელი: ჩვენ ვდგავართ საქართველოს ისტორიის დიდ გზის გასაყარზე, სადაც ქართველი კაცი კიდევ ერთხელ ამბობს უარს ამქვეყნიურ, ფიზიკურ კეთილდღეობაზე, სულისმიერი ეროვნული აღორძინების სახელით. აღორძინება კი განახლებისა და საკუთარი ჭეშმარიტი მეობისაკენ დაბრუნებას ნიშნავს. მხოლოდ ღვთის შეწევნითა და თითეული ჩვენგანის თავდაუზოგავი საქმიანობით შეიძლება მივაღწიოთ მას.
ქართველი ერის ისტორია, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორია, ქართული კულტურა და ტრადიციული ღირებულებანი ეს არის ჩვენი წარსული, ეს არის ჩვენი სიამაყე. თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის მებრძოლი ხალხი, რელიგიური მსოფლმხედველობისა და ეროვნული ცნობიერების აღორძინების საზოგადოება — ეს არის ჩვენი აწმყო, ჩვენი ბრძოლის შედეგი.
– საქართველოში, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანულ ქვეყანაში, ტრადიციული იყო კავშირი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის;
– ქართველთა ცხოველი მორწმუნეობა განსაზღვრავდა მტრულ გარემოცვაში საქართველოს სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვან არსებობას. სახელმწიფო კი თავის მხრივ ხელს უწყობდა ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობას;
– საქართველოს სახელმწიფოებრივი აღორძინება, მისი დამოუკიდებლობის აღდგენა ვერ მოხერხდება ქართველთათვის ნიშნეული ცხოველი მორწმუნეობის აღორძინების გარეშე, ზნეობრივი აღორძინების გარეშე – ამას ადასტურებს საქართველოს წარსულიცა და აწმყოც;
– სწორედ ამიტომ ჭეშმარიტად ქართული ეროვნული მოძრაობა მჭიდროდ იყო და არის დაკავშირებული რელიგიურ ცნობიერებასთან, ეკლესიის წიაღთან;
– დღევანდელი [საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი – რედ.] მოძრაობაც თავისი შინაგანი არსით ეროვნულ-რელიგიური მოძრაობაა, რამდენადაც იგი არ გულისხმობს მხოლოდ ეროვნულ-პოლიტიკური მიზნების განხორციელებას, არამედ უპირველეს ყოვლისა ითვალისწინებს ზნეობრივ აღორძინებას ქრისტიანულ რწმენასა და ცნობიერებაზე დამყარებით;
– ეროვნული ხელისუფლება იღვაწებს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ტრადიციული ერთობის აღსადგენად. ამ ერთობის არსი შემდგომში მდგომარეობს – ეროვნული სახელმწიფოს ავტორიტეტი უნდა დაემყაროს არა მარტო ხელისუფლების სოციალურ-პოლიტიკურ განსაზღვრულობას, არამედ უმეტესწილად ქრისტიანულ ზნეობრივ საწყისებს;
– სახელმწიფოს დამოკიდებულება ეკლესიისადმი უნდა დაეფუძნოს ეკლესიის რელიგიურ-ზნეობრივი ავტორიტეტის უზენაესობისა და ეკლესიის განსაკუთრებული სოციალური ფუნქციის აღიარებას;
– ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობის სულიერი ბუნება თავისთავად გამორიცხავს მის უშუალო მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში, მაგრამ პოლიტიკური სისტემიდან ეკლესიის გამოყოფა არ უნდა ნიშნავდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთგათიშვას;
– სახელმწიფო და ეკლესია არ უნდა ერეოდნენ ურთიერთის საქმიანობაში, მათ ერთობლივად უნდა უზრუნველყონ საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობა. ჩვენ მომხრენი ვართ არა სახელმწიფოსა და ეკლესიის, ეკლესიისა და სკოლის ურთიერთგამიჯვნისა, არამედ მათი ბუნებრივი კავშირისა, რომელიც იმავდროულად პოლიტიკური სისტემისა და ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულებასაც დაემყარება;
– სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად უნდა იქცეს;
– ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ქართულმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეკლესიის უფლება იყოს საერო ცხოვრების აქტიური მონაწილე. სახელმწიფომ უნდა დაიცვას საეკლესიო ქონება, ხელი შეუწყოს ეკლესიას ტრადიციულ სამონასტრო მოღვაწეობაში. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რათა ეკლესიამ მიიღოს საჭირო მატერიალური დახმარება – საგანმანათლებლო საქმიანობის, ტაძრების მშენებლობისა და შეკეთებისათვის. უნდა აღდგეს საეკლესიო საკუთრება მიწაზე;
– მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება არ ხელყოფს სხვა რელიგიების აღმასრულებელთა, აგრეთვე ათეისტთა მოქალაქეობრივ უფლებებს. სახელმწიფოს მიერ გარანტირებული იქნება სინდისის თავისუფლება და თითოეულ პიროვნებას მიეცემა შესაძლებლობა იყოს აღმსარებელი იმ სარწმუნოებისა, რომელსაც თავად აღიარებს. მოქალაქეთა უფლებები არ შეიზღუდება რელიგიური ნიშნით. საქართველოს სახელმწიფო კვლავაც ერთგული დარჩება ტრადიციული რელიგიური შემწყნარებლობისა.
ქალბატონებო და ბატონებო
– ქართველი ერი გამოირჩევა თანასწორთა შორის თავისი ყოფით, ადგილით და ენით. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა.
– ჩვენი ისტორია, ცხოვრების წესი, ბრძოლა სარწმუნოებისათვის, ეროვნული დამოუკიდებლობისათვის – ეს არის მოწამოებრივი გზა, ქრისტემიერი გზა სიკეთისა, სიქველისა და სიყვარულისა.
– ისტორია გვაძლევს შესაძლებლობას, რათა დავუბრუნდეთ მამაპაპეულ გზას, ავაღორძინოთ თავისუფალი საქართველო. დგება ჟამი როდესაც უკლებლივ ყველას სიცოცხლე მამულს ეკუთვნის.
– ერი უეჭველად მზად არის გადამწყვეტი ბრძოლისათვის – დღეს ეროვნული ხელისუფლების ვალია იყოს ღირსი უდიდესი მისსიის – შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა – საქართველოს დაუბრუნოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს ერთა თანამეგობრობაში.
დიდი მიზნები მხოლოდ ღვთაებრივი სიყვარულით აღსრულდებიან.
დაე აღსრულდეს ნება ღვთისა, ნება ერისა.
გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!
1991 წლის 7 ივნისი
იანვარი 16, 2011
ზვიად გამსახურდიას მხატვრული მემკვიდრეობისა და სამეცნიერო შრომების არასრული სია
ზვიად გამსახურდიამ მისი თარგმანებისა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება ჯერ კიდევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისას დაიწყო. მისი სადიპლომო ნაშრომი მიეძღვნა უილიამ მორისის შემოქმედებას, სადაც განხილულია შრომების კავშირი ინგლისის პრე-რაფაელისტურ (pre-Raphaelite movement) მოძრაობასთან. იმავე პერიოდში მან თარგმნა ოსკარ უაილდის ზღაპრები, რომელიც გამოიცა 1960 წელს (ნაკადული). ამავე პერიოდს ეკუთვნის ნაშრომები: “პრე-რაფაელიტიზმი და ოსკარ უაილდის ზღაპრები”, “შექსპირის ჰენრი IV-ის ისტორიული ქრონიკა”, “მ. ქარჩავას მიერ შესრულებული ჯონათან სვიფტის “გულივერის მოგზაურობის” თარგმანის შესახებ”.
1962 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ (რომანულ-გერმანული ენებისა და ლიტერატურის სპეციალობით), თარგმნის შექსპირის “მეფე ლირს” (მნათობი, 1969, 8-9), “ზამთრის ზღაპარს” (ნაკადული, 1970) და “რომეო და ჯულიეტას” ნაწილს; მუშაობს შექსპირის პოეტური სკოლისა და მისი ქართული ექვივალენტის შექმნის პრობლემაზე.
ამ წლებში მან სპეციალური ნარკვევი (ესსე) მიუძღვნა შელის ნაწარმოებებს ( Cor Cordiumდა ლირიკას) და თარგმნა მისი “გათავისუფლებული პრომეთე”, “ღრუბელი” და “სიყვარულის ფილოსოფია”. ყველა ეს ნაწარმოები და თარგმანი გამოქვეყნდა სამოციან წლებში.
თანამედროვე ინგლისურ ლიტერატურაში ზვიად გამსახურდიას განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენდს თ. ს. ელიოტის შემოქმედება. მან თარგმნა ელიოტის პოემები: “ცარიელი (უსაგნო, არაწრფელი) ადამიანები”, “ჰიპოპოტამუსი”, “დაკარგული ქვეყანა”, “ქარიანი ღამის რაფსოდია”, “ბოსტონის საღამოს ტრანსკრიპტი” და შექმნა განსაკუთრებული ნარკვევი.
“ტრადიციის კონცეფცია ელიოტის შემოქმედებაში”, რომელშიც იგი იკვლევდა ელიოტის პოეტური ენის სათავეებს ინგლისური მეტაფიზიკური პოეზიის, განსაკუთრებით, ჯონ დონის ტრადიციებში (იხ. “ლიტერატურული თხზულებანი”, საბჭოთა საქართველო, 1976), ზვიად გამსახურდიამ შექმნა ნარკვევები უოლტ უიტმენის, მეოცე საუკუნის ამერიკული პოეზიის რენესანსისა და ამერიკელი პოეტების ე.ა. რობინსონის, კარლ სენდბერგის, რობერტ ფროსტის, ე.ლ. მასტერსის, ვ. ლინდსის შესახებ. თარგმნა მათი და აგრეთვე ე. დიკინსონის, უ. სტივენსის, რ. ჯეფერსის, ე. ფაუნდის და სხვათა პოემები.
1971 წელს გამომცემლობა “საბჭოთა საქართველომ” გამოსცა ზვიად გამსახურდიას მიერ თარგმნილი ამერიკელი პოეტების ანთოლოგია. 1972 წელს გამოიცა მისი მონოგრაფია “მე-20 საუკუნის ამერიკული პოეზია” (გამომც. “განათლება”).
ამავე დროს, იგი იკვლევს ირლანდიურ საგასა და მითოსს, მსოფლმხედველობის კონცეფციას გოეთეს შემოქმედებაში, თარგმნის ბოდლერის პროზას.
70-იან წლებში ზ. გამსახურდია მუშაობს რუსთველოლოგიასა და ინგლისურ-ქართული ლიტერატურული კავშირების კვლევის დარგში. მისი სადისერტაციო ნაშრომი ეძღვნება “ვეფხისტყაოსნის” მეცნიერულ და კრიტიკულ კვლევას: კერძოდ, მ. უორდროპისა და ვ. ურუშაძის თარგმანებს. ნაშრომში ძირითადად შესწავლილია რუსთაველის ფილოსოფიური და თეოლოგიური კონცეფცია და მათი ინგლისური ექვივალენტი.
მოგვიანებით ის იკვლევს აგრეთვე რ. სტივენსონისა და კ. ვივიანის თარგმანებს, რასაც უძვღნის მონოგრაფიას “ვეფხისტყაოსანი ინგლისურ ენაზე” (“მეცნიერება”, მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1984).
1976 წლიდან ზვიად გამსახურდია აგრძელებს რუსთველოლოგიურ კვლევებს, რომელიც თავმოყრილია მის სადოქტორო დისერტაციაში “ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება”.
იგი, ასევე, აქტიურად იკვლევს ანტიკური ხანის მითოლოგიას, ბერძენი ფილოსოფოსებისა და პოეტების ნაწარმოებებს, ქრისტიანულ და ისლამურ თეოლოგიასა და მისტიციზმს, ისმაილიტელთა თეოსოფიას, პლატონიზმსა და ნეოპლატონიზმს, სუფიზმს, ფრანგულ კურტუაზიულ პოეზიას, შუა საუკუნეთა გერმანულ პოეზიას, არტურის რომანსებს, დანტეს “ღვთაებრივ კომედიას”, ნიზამისა და ფირდოუსის პოეზიას, შარტრის (საფრანგეთი) შუა საუკუნოვანი ფილოსოფიური სკოლის პოეზიასა და ფილოსოფიას, ძველ ქართულ პოეზიასა და თეოლოგიას და ცდილობს განსაზღვროს რუსთველის ადგილი მსოფლიო ლიტერატურაში.
სამეცნიერო გამოკვლევაში “რუსთაველი და ანტონ I” (გამომც. “მაცნე”, ენისა და ლიტერატურის სერია, 1984, N°1,3,4) ზვიად გამსახურდია იკვლევს რუსთველის ქმნილებას ქრისტიანული თეოლოგიის თვალსაზრისით და მის კავშირს ანტონ პირველის თეოლოგიურ შრომებთან.
ფილოლოგიური გამოკვლევა – “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი” (“ცისკარი”, 1987, N° 3) ნათელს ჰფენს მე-10 საუკუნის ქართული თეოლოგიური ლიტერატურის ძეგლს.
ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის სხვა თარგმანები და ნაშრომები:
ნ.ვ. გოგოლი – “საშინელი შურისგება” (“საუნჯე”, 1983, N°3);
ლეონარდ კოტრელი – “ანტიკურობის საოცრებანი” (გამომც. “განათლება”, 1987);
ნაშრომი – “ღარიბი ადამიანები გოგოლის შემოქმედებაში” *რუსულ ენაზე, 1967, გამოუქვეყნებელი, არქივი);
ნაშრომი – “გოეთეს მსოფლმხედველობა” (ცისკარი, 1987, N°3);
ზვიად გამსახურდია – “ლიტერატურული წერილები” ქართულ ენაზე (გამომც. “საბჭოთა საქართველო”, 1976);
ზვიად გამსახურდიას გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე “იგავები და ზღაპრები” (“ნაკადული”, 1987, თბ); ზ. გამსახურდიასეული ტექსტოლოგიური კვლევები რუსთაველის პოემისა თავმოყრილია ნაშრომში “ვეფხისტყაოსნის” სრულყოფილი გამოცემისათვის” (“მაცნე”, ენისა და ლიტერატურის სერია, 1989, N°4);
1990 წელს გამოქვეყნდა ზვიად გამსახურდიას წიგნი “საქართველოს სულიერი მისია”, სადაც თავმოყრილია მისი ლექციები ქართველი ერის ეთნოგენეზისის, ქართული კულტურის, ფილოსოფიისა და ლიტერატურის შესახებ (იგივე წიგნი გამოიცა ინგლისურად 1991 წელს);
1991 წელს გამოქვეყნდა ზვიად გამსახურდიას წიგნი “წერილები, ესსეები”, რომელშიც თავმოყრილია მისი მრავალი ნაწარმოები და ნარკვევი ლიტერატურის, ფილოსოფიისა და რელიგიის სფეროში;
1991 წელს გამომცემლობა “საქართველომ” გამოსცა ზვიად გამსახურდიას მიერ თარგმნილი შარლ ბოდლერის ლექსბი პროზად.
ამავე წელს გამოიცა მისი წიგნი “ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება” (გამომც. “მეცნიერება”, 1991);
ქალაქ მოსკოვში რუსულ ენაზე გამოიცა ზ. გამსახურდიას წიგნები “კაცობრიობა დილემის წინაშე” (1993) და ავტობიოგრაფია “დამოუკიდებელი საქართველოსთვის” (1996 წ.)
წყარო: სოფიო ღლონტი – ზვიად გამსახურდიას ქრისტიანული მრწამსი, თბილისი, 2007
სექტემბერი 24, 2010
ზვიად გამსახურდია: მითების თარგმანებანი
“მითოლოგიაში მოცემულია კოსმიური და ადამიანური ყოფის არქეტიპული მოდელები. სწორად გაშიფრული მითი ადამიანური ცხოვრების მრავალ საიდუმლოს ხდის ფარდას”.
“ძველბერძნული მითოსი სინამდვილეში არის არა ძველბერძნული, არამედ პელაზგური მითოსი. ამას აღნიშნავდა დიდი გერმანელი ფილოსოფოსი შელლინგი და პელაზგურ ეპოქას საბერძნეთის განვთარებაში იგი განმარტავდა, როგორც საბიზმს ე.ი. ნათელხილვითი სიბრძნის ეპოქას”.
“მეცნიერებაში მიღებული თვალსაზრისია, რომ ტიტანები და გმირები ეკუთვნიან არაბერძნულ, წინაბერძნულ სამყაროს და წარმართავენ თავდაპირველად პელაზგურ კულტურას, ხოლო შემდეგ-შემოსულ აქაველთა კულტურას. ტიტანები და გმირები ზეკაცებია, რომელთაც მიიღეს ღვთაებრივი მეობის ნაბერწკალი”.
“შემთხვევითი არ არის, რომ კავკასიასთან დაკავშირებულია ბერძნული მითოსის უმთავრესი მომენტები. გაიხსენეთ არგონავტების ლაშქრობა, გაიხსენეთ პრომეთეს მიჯაჭვება კავკასიის ქედზე, რაც უმთავრესი მომენტებია ბერძნულ მითოლოგიაში”.
“მითოსის პერსონაჟთა მისია, მათი სულიერი რაობა ყოველთვის მათი სახელების მიხედვით განიმარტებოდა. სახელები მითოსის პერსონაჟებისა, ღმერთების, ნახევრადღმერთების, ტიტანების, გმირების სახელები იქმნებოდა მათი არსობრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე. კერძოდ, “პრო-მეთეო” ძველბერძნულად ნიშნავს წინასწარმეტყველურ აზროვნებას, წინასწარგანჭვრეტას”.
“იაპეტოსის სახელი ზენონ ელეელის მიერ განიმარტება, როგორც ზენა სამყარო, სულიერი სამყარო. იაპეტოს ე.ი. ის, რაც მიისწრაფის ზევით, სულიერი სამყაროსკენ. ე.ი. პრომეთე არის ზენა სამყაროს, სულიერ სამყაროს ძე, ანუ წინასწარმეტყველური აზროვნება”.
“ზევსი-პერსონიფიცირებული სახე ინდოევროპული კაცობრიობისა, მიმართავს პრომეთეს-პერსონიფიცირებულ სახეს პელაზგური, ანუ პროტოიბერიული კაცობრიობისას. “იაპეტოსის ძეო, უკეთილშობილესო ყველა მეუფეთა შორის, ყველაზე დიდო მცნობო მომავლისა, მეგობარო, რად დაანაწილე ხარი ამგვარად?” ზვიად გამსახურდიასეული თარგმანება: ” პრომეთე და მისი მიმდევარი ქურუმები მოატყუებენ ზევსს და მის ქურუმებს სამსხვერპლო ხარის დანაწილებისას. ეს მოტყუება სიმბოლოა იმისა, რომ მათი ინტელექტი უფრო განვითარებულია, რომ ის უფრო მაღლა იდგა მათ კულტურაზე. უფრო მაღლა იდგა შესაბამისად აზროვნებითი კულტურაც”.
“(ეთნოლოგიურ ასპექტში) პრომეთე არის სიმბოლო იმ მოდგმისა, იმ ხალხისა, რომელმაც უნდა განავითაროს მისტერიათა კულტურა, რომელიც არის შემქმნელი მისტერიათა კულტურისა და ყოველივე იმისა, რაც მოდის ამ მისტერიათა კულტურიდან. სახელდობრ, სულიერი განვითარებისა, ინიციაციისა და სულიერი აზროვნების”.
“ერთ-ერთი მთავარი ახსნა პრომეთეს მითისა კაცობრიობის ევოლუციაში, აზროვნების ევოლუციაში არის ის ეტაპი, როდესაც აზროვნება მიეჯაჭვება ადამიანის ფიზიკურ სხეულს-ადამიანის სულის ფიზიკურ სხეულში ჩამოსვლასთან ერთად და არის დატყვევებული ამ ფიზიკურ სხეულში, ხოლო გათავისუფლება პრომეთესი, რომელიც მიჯაჭვულია კავკასიის ქედზე, არის გათავისუფლება ამ აზროვნებისა სხეულებრივი საწყისისაგან. გათავისუფლებული პრომეთე არის გათავისუფლებული წინასწარმეტყველური აზროვნება, ხოლო მიჯაჭვული პრომეთე ადამიანის ფიზიკურ სხეულზე მიჯაჭვული აზროვნებაა. ეს არის ეტაპი კაცობრიობის ევოლუციაში, რომელიც ცნობილია ადამიანური არსების, სულის ჩაძირვად ფიზიკურ სხეულში, ხოლო შემდეგ ხდება მატერიისაგან სულის გათავისუფლება. ეს არის პრომეთეს მითის სპირიტუალური, ფილოსოფიური ასპექტი”.
“ოთხ ელემენტს შორის-ცეცხლი, წყალი, მიწა, ჰაერი-ადამიანის “მე”-ს თვითებას, მეობას შეესაბამება ცეცხლი”.
“პრომეთეს მიერ ციდან ცეცხლის მოტაცება მიკროკოსმული გაგებით თვითების, მეობის შეძენაა, ხოლო ღმერთების მიერ ტიტანების ტარტარში ჩამარხვა ადამიანის სულიერ მატერიაში ჩამოსვლაა, სხეულში ჩაძირვაა და გამკვიდრებაა, რითაც იწყება ადამიანის ინდივიდუალური ცხოვრება, აზროვნება და კულტურა”.
“იაპეტოსის ძე, პრომეთე, ოდესღაც აღზევებული ტიტანი, ღმერთებისათვის ცეცხლის (ღვთაებრივი მეობის ნაბერწკლის) მომტაცებელი, შემქმნელი და ინსპირატორი კაცობრიობის ცივილიზაციისა და აზროვნებითი კულტურისა, შემოქმედი და წანასწარმხედი მოაზროვნე, მისტერიათა კულტურის ინაუგურატორი (შემომღები) არის სიმბოლო იაფეთური, პროტოქართული, ანუ პროტოევროპული ეთნოსისა, რომელიც ჟამთა ვითარებაში დაამარცხა და გარიყა ზევსმა, ანუ ინდოევროპულმა კაცობრიობამ, მიაჯაჭვა კავკასიაზე, ანუ კავკასიით შემოზღუდა მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის არენა”.
“კავკასიონზე მიჯაჭვული პრომეთე, ანუ მაღალი ცივილიზაციის, კულტურისა და აზროვნების მატარებელი კაცობრიბა არის პროტოქართული მოდგმა კავკასიაში ლოკალიზებული, კავკასიაზე მიჯაჭვული”.
“რა არის პრომეთესეული ცეცხლი, თუ არა ცეცხლი სიყვარულისა, თავგანწირვისა? განა რად მიაჯაჭვეს პრომეთე-ამირანი კავკასიის ქედზე? იქნებ მივიჩნიოთ მითიური ტიტანი ერის სულიერ პერსონიფიკაციად”.
“(გურამ რჩეულიშვილის მთლს არსებაში ხშირად მოვარდნილი სტიქიის მსგავსად ვლინდებოდა ის პრომეთესეული ცეცხლი, რომელსაც განათლებული ევროპელები ერთხმად უწოდებენ კოლხური, ქართული ხასიათის ძირითად მახასიათებელს)”.
“პრომეთე ასახავს მისტერიათა კულტურას, რომელიც იყო პირველადი ძველ საბერძნეთში და შემდეგ ლოკალიზებული კავკასიაში, რაც სიმბოლურად ასახულია პრომეთეს მიჯაჭვით კავკასიის ქედზე”.
“პრომეთეს აწამებს ზევსის არწივი. არწივი ერთის მხრივ, სიმბოლოა სულიერი აღმაფრენისა და შემეცნებისა, ხოლო მეორეს მხრივ, ეს არის სიმბოლო იმპერიული ძლიერებისა და ძალმომრეობისა, რომელიც აწამებს პრომეთეს”.
“პრომეთეს მხსნელი არის მისი საქმის გამგრძელებელი ჰერაკლე-იგი მისტერიათა სინკრეტული კულტურის ახალ საფეხურზე ამყვანი გმირია და ეკუთვნის აგრეთვე წინარებერძნულ, პელაზგურ, იბერიულ სამყაროს, ძველიბერიულ მისტერიებს”.
“ჰერაკლე პერსევსის ძეა, რომელმაც დააფუძნა ნათლმხილველური პელაზგური კულტურა, რომელიც შემდეგ გადაიყვანა ათენელთა ჰელინურ კულტურაზე… ამავე დროს, ჰერაკლე ზევსის ძეა, ვინაიდან მან აითვისა აგრეთვე ზევსური, ე.ი. ინდოევროპული ინიციაციური კულტურაც”.
“რა არის ჰერაკლე? ეს არის ინიციაციის ახალი კულტურა, ნებელობითი ინიციაცია, ჰეროიკული ინიციაცია, რომელიც არის წინასახე ქრისტიანული ინიციაციისა”.
“ჰერაკლეს ჩვეულებრივ ლომისტყაოსნად გამოსახავენ, მცირეაზიული ლომისტყაოსანი და ვეფხისტყაოსანი გმირების კვალობაზე, რაც სიმბოლოა თვითფლობისა და მე-ს მეფური ძალმოსილებისა. მისი ზებუნებრივი ფიზიკური ძალმოსილება, მისი გმირობანი სიმბოლურად ასახავენ მისტის, ანუ ადეპტის სულიერ პოტენციებს, ნებელობის ძალას, მისი “დოდეკალიოს” (12 საქმე) 12 საფეხურია ინიციაციისა”.
” ჰერაკლეს გმირობანი სიმბოლურად უნდა გავიგოთ, როგორც ინიციაციის სხვა და სხვა საფეხური, სულიერი განვითარების სხვა და სხვა დონე, რომლის კულმინაციაც არის პრომეთეს გათავისუფლება, ანუ აზრის გათავისუფლება ფიზიკური სხეულის ტყვეობისაგან და კაცობრიობის გამოხსნა”.
“ჰერაკლეს მიერ კვერთხის დაკვრით კლდიდან წყლის აღმოცენება ითვლება ქრისტესაგან, როგორც სულიერი კლდისაგან წყლის აღმოცენების წინასახედ (1 კორ. 10.4)”.
“მითები პრომეთეს, ჰერაკლესა და არგონავტების შესახებ განჭვრეტაა ქრისტიანობის მომავალი მისიისა. დორიულ-კოლხური ინიციაცია, რომლის მესვეურნიც არიან ხსენებული გმირები, წინასახეა ქრისტიანული ინიციაციისა. შემთხვევითი როდია, რომ დორიული ინიციაცია კოლხურთან არის დაკავშირებული, ხოლო ჰერაკლე არგონავტების ლაშქრობის ერთ-ერთი მონაწილეა…. ამაზე მეტყველებს აგრეთვე ისიც, რომ სახელი “იასონ” შინაარსობრივად უკავშირდება “იესოს” (“იასის”-წამალი, “იესო”-მკურნალი). ასე რომ, პრომეთეს, ბერძნული მითოლოგიის თვალსაზრისით, ათავისუფლებს მომავლის თეურგია, ინიციაციის ახალი კულტურა, რაც ქრისტიანული თეოსოფიის თვალსაზრისით ქრისტიანულ თეურგიას გულისხმობს”.
“ლაშქრობა კოლხეთში სიმბოლურად, იმაგინატიურად არის ლაშქრობა სულიერი სიბრძნის, მისტერიალური სიბრძნის მოსაპოვებლად, რომელიც იმჟამად შემორჩენილი იყო მხოლოდ კოლხეთში”.
“კოლხეთიდან ოქროს საწმისის გატაცება ბერძნების მიერ უნდა გავიგოთ, როგორც მისტერიალური ცოდნის წაღება, რომელიც ადრე დაჰკარგეს ბერძნებმა და იმ დროისთვის მხოლოდ კოლხეთში იყო შემორჩენილი”.
“ოქროს საწმისი, ვერძის კოსმიური სიბრძნე, ანტიკურ ეპოქაში იგივე შინაარსს ატარებს, რასაც შუა საუკუნეებში ფილოსოფიური ქვა, ან გრაალი. ოქროს საწმისს “კლასიკურ გრაალსაც” უწოდებენ”.
“აგრეთვე არგონავტების ლაშქრობა არის წაინასახე ქრისტიანული ინიციაციისა და შემთხვევითი არ არის, რომ ოქროს საწმისს სულიერ მეცნიერებაში ეწოდება კლასიკური გრაალი. ოქროს საწმისი ანტიურ პერიოდში არის იგივე, რაც შუა საუკუნეებში გრაალი და ფილოსოფიური ქვა. ფილოსოფიური ქვა და გრაალი არის აგრეთვე იდენტური ცნებები. ფილოსოფიური ქვის ძიება არის არა მარტო ფიზიკური ოქროს ძიება, არამედ სულიერი ინიციაციის ძიება, ღვთის ძიება, სულიერი ცნობიერების განვითარების გარკვეული დონის ძიება, რომელიც ანტიურ მისტერიებში, ძველბერძნულ მისტერიებში გადმოცემული იყო, როგორც ოქროს საწმისის ძიება”.
“ოქროს საწმისი ანტიურ მისტერიათა კულტურის სიმბოლოა, გრაალი კი ქრისტიანული მისტერიებისა. ოქროს საწმისის კულტურა ქართველურმა კოლხურმა ტომებმა შექმნეს, ხოლო გრაალის კულტურა მათმა მონათესავე დასავლეთის კელტიბერიულმა ტომემა”.
“პროტო-ქართველებისათვის დამახასიათებელი იყო მცენარეული ტოტემური ვაზი (ვაზის კულტი), მუხა და ცხოველური ტოტემები, ვეფხი და მგელი”.
“ვეფხის ტყავი უძველესი ტოტემური სახეა იაფეტური კაცობრიობისა, კავკასიური რასისა”.
“ცხენი ინტელექტის სიმბოლოა ძველეპიურ პოეზიასა და მითოსში”.
“ქვაბში საუნჯის პოვნა საყოველთაოდ ცნობილი სიმბოლოა მისტერიალურ სიბრძნესთან ზიარებისა”.
“გილგამეშიანში” მოცემულია ინიციაციური შემეცნების გზა პრეისტორიული ხანის შუამდინარეთის ქვეყნებისა”.
“ინიციაციის გზის ალეგორიული ასახვაა ოდისევსისა და მსგავსი გმირების თავგადასავლები. უწინარეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ “ოდისეაში” აღწერილია გმირების ქვესკნელად შთასვლა, რაც ბერძნული მსოფლმხედველობისათვის განუყოფელია ინიციაციისაგან. ეს არის წარმავლობაზე გამარჯვება, მკვდართა საუფლოში, მარადიულ სამყაროში ცნობიერი შესვლა, სულში მარადიული საწყისის გაღვიძება”.
“(ნაცარქექია) სიზარმაცისა და ბაქიაობის განსახიერება კი არ არის, როგორც ზოგიერთ კალმოსანს ჰგონია, არამედ ჭკუისა და მოხერხებისა… ნაცარქექია ქართველი ოდისევსია, იგი ახერხებს ციკლოპის მოტყუებას და დამარცხებას. ოღონდ კარგი იქნებოდა, თუ მის შესახებ მსჯელობას განვავითარებთ და მასში მხოლოდ პოლიტიკურ მებრძოლს და დიპლომატს კი არ დავინახავთ, არამედ სულიერ პლანში მებრძოლს უნივერსალურ ბოროტებასთან. იგი მედიტატორია და მოაზროვნე, იგი ჭვრეტითი ნატურაა (ნაცარი აზრის სიმბოლოდ იშიფრება ვყელა ზღაპარში). აქედანაა მისი გარეგანი პასივობა. ამ თვალსაზრისით იგი ზეეროვნული სახეა, ზოგადსაკაცობრიო სახე… ალბათ, ამიტომაც დაუკავშირა მღვდელმა გრიგოლ ფერაძემ ნაცარქექია წმინდა გიორგის სახეს”
წიგნიდან: “აირჩიე, ქართველო ერო!” ზვიად გამსახურდიას გამონათქვამები
ივლისი 28, 2010
ზვიად გამსახურდია – ეროვნება არა აქვს ცხოველს
ინტერვიუ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდიასთან:
სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში
როცა სადღაც აფრიკაში ამხობენ მორიგ დიქტატორს, დაახლოებით ბოკასას ტიპისას, კაციჭამიაობაში მხილებულს, დასავლეთის განვითარებული ქვეყნების მთავრობები ამას განიხილავენ, როგორც “ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლების უხეშ დარღვევას” და დიქტატორის საწინააღმდეგოდ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჯარებს გზავნიან. მაგრამ როცა საქართველოში იარაღის ძალით დაამხეს კანონიერი ხელისუფლება, მსოფლიო საზოგადოებრიობამ ეს ფაქტი შეაფასა, როგორც ქართველი ხალხის თავისუფალი ნების გამოვლინება.
იმის გასარკვევად, თუ რით აიხსნება დასავლური დემოკრატიის ესოდენი გულგრილობა სახელმწიფოს კანონიერი ხელისუფლების ბედისადმი, მივმართეთ თავად საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას.
-მთავრობები, რომელთაც თქვენ დემოკრატიულს უწოდებთ, სინამდვილეში კარგა ხანია განუდგნენ დემოკრატიას. დემოკრატია იქცა ცარიელ სიტყვად, რომელსაც თავის ნებაზე ატრიალებენ დასავლეთის მთავრობათა ამა თუ იმ პოლიტიკური ინტერესების შესანიღბავად. როცა ამ მთავრობებს სურთ გააძლიერონ თავიანთი გალენა და სამხედრო ყოფნა რომელიმე რეგიონში, თავდაპირველად ცდილობენ მოისყიდონ ამ ქვეყნის ხელისფლება და თუ წინააღმდეგობას წააწყდნენ, უბრალოდ, ამხობენ მას. ასეთ შემთხვევაში მათთვის არა აქვს მნიშვნელობა დამხობილი რეჟიმის ხასიათს: დემოკრატიულია იგი, თუ ავტორიტარული. ეს მტაცებლური მიდგომა სხვა ქვეყნებისადმი დღეს საბოლოოდ დამკვიდრდა ნატოს სახელმწიფოებში.
აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ყველაზე მძლავრი სახელმწიფოები უკვე აღარც კი ცდილობენ შენიღბონ თავიანთი ზრახვები და აშკარად და ცინიკურად თრგუნავენ სხვა ხალხთა ნებას. სწორედ, ეს მოხდა საქართველოში.
— ბატონო პრეზიდენტო, რას წარმოადგენენ ეს მსოფლიო ძალები, ესოდენ თავისუფლად რომ ერევიან უცხო სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში?
— კაცობრიობის მტრებს-ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით: ისინი მიზნად ისახავენ ყველა სხვა ხალხის გენოციდს; პლანეტის მთელი მოსახლეობის ერთი განსაზღვრული ჯგუფის გამოკლებით. ეს ჯგუფი მჭიდროდ არის დაკავშირებული შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან და მთელი ძალით მიილტვის მსოფლიო ბატონობისაკენ. ძოგადად, მე მას ევროამერიკულ იმპერიალიზმს ვუწოდებდი. მთავარ დამკვრელ ძალას მასში წარმოადგენს აშშ. შეიძლება ითქვას, სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში იმართებოდა ოკეანის გაღმიდან. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯ. ბეიკერის პირადი მონაწილეობით და ბუშის ლოცვა-კურთხევით.
ბეიკერმა პირდაპირ მოუწოდა პუტჩისადმი საქართველოს ბანდიტურ-ოპოზიციურ დაჯგუფებებს (ამერიკაში ჩინებულად იცოდნენ, რომ ოპოზიცია საქართველოში კრიმინალური მაფიისა და ყოფილი პარტოკრატებისაგან შედგებოდა). ბეიკერმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ უჭერდა მხარს საქართველოში არსებულ რეჟიმს და არაფრით დაეხმარებოდა მას. სცენარი გადატრიალებისა, რომელიც აშშ-მ მოაწყო საქართველოში, ადრე არაერთგზის გამოუყენებია ამ ქვეყანას პლანეტის სხვა რეგიონებში.
— რით ვერ დაიმსახურა თქვენმა ხელისუფლებამ დასავლეთის კეთილგანწყობა?
— ჩვენ მივესწრაფვოდით დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას, არ დავემორჩილეთ დასავლური სახელმწიფოების დიქტატს, არ ვიქეცით მათი ინტერესების მსახურად, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ არ დავუშვით, რომ საქართველო დასავლეთის კოლონიად ქცეულიყო.
დასავლეთს კი მხოლოდ ისეთი ხელისუფლება აძლევდა ხელს, რომელიც უსიტყვოდ აღასრულებდა მის ნებას. ეს იქცა ერთ-ერთ მიზეზად სამხედრო გადატრიალებისა და ხელისუფლებაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (ცრუ) აგენტისა და ევროამერიკული იმპერიალიზმის პირდაპირი აგენტის მოსვლისა.
მაგრამ დასავლეთის წყრომას ჩვენს მიმართ კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა. სახელმწიფოს სათავეში მოსულნი, ჩვენ ვესწრაფვოდით ეროვნული კულტურის აღორძინებას, ხალხის შეკავშირებას ეროვნული სულისკვეთებით, რათა მას მთელი სიღრმით გაეცნობიერებინა, რომ გაცილებით ძველი ისტორია აქვს, ვიდრე ბევრ ევროპელ ხალხს… ჩვენი პოლიტიკის ეს ეროვნული ორიენტაცია არ იწვევდა სწორედ საერთოევროპული სახლის მესვეურთა აღტაცებას, რადგან ოფიციალური დასავლეთი (მხედველობაში მაქვს ხელისუფლებანი და არა ხალხები) ებრძვის ყოველგვარ ეროვნულ მოძრაობას. მათი მიზანია, გაანადგურონ ერის ნება საერთოდ და შექმნან ერთიანი მსოფლიო კონგლომერატი, სათავეში-მსოფლიო ხელისუფლებით. ამ მსოფლიო მთავრობამ უნდა განაგოს ქვეყნიერება და დაამყაროს ე.წ. ახალი მსოფლიო წესრიგი. ახალი მსოფლიოს წესრიგის არსია: განადგურება ყველა სახელმწიფოს (ქრისტიანული იქნება ის თუ მუსულმანური, რელიგიას ისინი არ ანიჭებენ ნმიშვნელობას) დამოუკიდებლობისა, გენოციდი ამ ქვეყნების მოსახლეობისა და საბოლოო დამორჩილება მთელი პლანეტისა.
ძალები, რომელთაც ეკისრება მსოფლიო ხელისუფლების ბატონობის შემზადება, სხვა ქვეყნებს განიხილავენ მხოლოდ რესურსების თვალსაზრისით. მათი მიზანია, ეს ქვეყნები თავიანთი ხალხებით, მთავრობებით, კულტურებითურთ აქციონ უბრალოდ ტერიტორიებად, სადაც მოსახლეობას დატოვებენ მხოლოდ მსოფლიო ელიტისათვის საჭირო რაოდენობით. ამასთან, სრულიად დემორალიზებულს, მზადმყოფს მისი ინტერესების სამსახურისადმი. ამ ზრახვათა განცხორციელებას მხოლოდ ხალხთა ეროვნული თვითშეგნება და ეროვნული სახელმწიფოების შექმნა შეიძლება აღუდგეს წინ. ამიტომ ებრძვის დასავლეთი ეროვნულ მოძრაობებს, ამიტომ ცდილობს ეთნიკური კონფლიქტების გაჩაღებას და ომების პროვოცირებას. მაგალითად, იუგოსლავიაში მიმდინარე ომი მათი ნამოქმედარია. ეს შემთხვევით სტიქიურად აალებული კონფლიქტი კი არ არის, არამედ მიზანმიმართულად გაჩაღებული ომი, რომელშიც უნდა დაიფერფლოს ეროვნული იდეის მატარებელი ხალხი. დღეს დასავლეთს იუგოსლავიის მოდელი დასავლეთიდან გადააქვს კავკასიაში, ხელოვნურად მწვავდება ეროვნებათაშორისი დაძაბულობა. შემდგომში ხან აქ, ხან იქ აფეთქებული ლოკალური კონფლიქტები დასავლეთს მისცემენ საბაბს პირდაპირი სამხედრო ჩარევისათვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძალთა სახით. სულ ახლახან გაკეთდა განცხადება, რომ ნატო ქმნის სწრაფი რეაგირების ძალებს, ასი ათასი კაცის შემადგენლობით, რომელიც ჩაერევა მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში მიმდინარე მოვლენებში. ფრიად საყურადღებოა, რომ ამასთან დაკავშირებით მოხსენებულ იქნა კავკასია და იუგოსლავია.
— ბატონო პრეზიდენტო, თქვენ განზრახული გქონდათ ისეთი სახელმწიფოს აშენება საქართველოში, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა ეროვნული ინტერესებისაკენ. რა მიგაჩნიათ უმთავრეს პირობად ეროვნული სახელმწიფოს აშენებისათვის?
— პირველ რიგში, აუცილებელია შემუშავება ისეთი მექანიზმისა, რომელიც უზრუნველჰყოფს ქვეყანაში მოსახლე ყველა ეროვნების ურთიერთთანხმობის მიღწევას, ეროვნულ უმცირესობათა უფლების განუხრელ დაცვას.
ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ შინაგანი სტაბილურობის მიღწევა შეუძლებელია ძალადობისა და ეროვნულ უმცირესობათა დათრგუნვის გზით. აუცილებელია გადასვლა ერთ სახელმწიფოში ეროვნებათა თანაარსებობის ისეთ ფორმაზე, რომელიც ხელსაყრელი იქნება ყველასათვის, როგორც ეკონომიკის სფეროში, ისე ეროვნული კულტურის შენარჩუნების უსაფრთხოების თვალსაზრისით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო კოსმოპოლიტური ძალები, რომლებზედაც ვლაპარაკობთ, უსათუოდ შეეცდებიან რომელიმე ეროვნების უკმაყოფილება გამოიყენონ სახელმწიფოს დარღვევისათვის. ეს მათი ნაცადი და ქმედითი ხერხია. თვითგამორკვევის პრინციპი რასაკვირველია, არ უნდა დავიდეს აბსურდამდე; მაგალითად, თუ დღეს რუსეთში ვოლგისპირელმა გერმანელებმა გერმანული სახელმწიფოს შექმნა მოინდომეს, ეს ყოვლად დაუშვებელ მოთხოვნად უნდა შეფასდეს.
— რატომ ქმნიდით მაინც და მაინც ეროვნულ სახელმწიფოს? საერთოდ, რაში სჭირდება ადამიანს ეროვნება, თქვენი თვალსაზრისით?
— სწორედ, ეროვნული თვითსეგნება აქცევს ადამიანს ადამიანად. ეროვნება არა აქვს ცხოველს, სარწმუნოება და ეროვნება ის ძირითადი თვისებებია, რომელნიც ადამიანს სხვა სულიერისაგან განასხვავებენ და მისთვის ამ განმასხვავებელი თვისებების წართმევა უმძიმესი დანაშაულია ადამიანის წინაშე, დასაწყისი მისი, როგორც პიროვნების, დეგრადაციისა. დენაციონალიზაცია წინაპართა და წარსულის უარყოფა, ადამიანის სრული მოკვეთაა ეროვნული ფესვებისაგან. კაცი ადამიანურ აზრს მხოლოდ თავისი ეროვნული კულტურის წიაღში ინარჩუნებს, ამიტომ ადამიანის კულტურა განუყრელად არის დაკავშირებული მის ეროვნებასთან; იგი მშობლიური კულტურის მეშვეობით ეზიარება მსოფლიო ცივილიზაციას. ამდენად დენაციონალიზაცია ადამიანისა და დენაციონალიზაცია ქვეყნისა წყვეტენ მათ კავშირებს დანარჩენ სამყაროსთან და დაუცველს ტოვებენ მსოფლიო მასშტაბით ორგანიზებული კოსმოპოლიტური ძალების წინაშე.
— რა ძალები აღუდგნენ სახელმწიფოს შექმნას თვით საქართველოში?
— საქართველოში ინტელიგენციის გარკვეულ ნაწილს ნომენკლატურულს უწოდებენ. კულტურის ეს მოღვაწენი დიდი პრივილეგიებით სარგებლობდნენ საბჭოურ წლებში და ახლაც ახალ პრივილეგიებს გამოდევნებულები მზად არიან ზურგი აქციონ მშრომელი ხალხის ინტერესებს. ამჯერად ისინი ე. შევარდნაძის გარშემო დაირაზმნენ. იგივე ნაწილი ინტელიგენციისა ძალზედ მჭიდროდაა დაკავშირებული ჩრდილოვანი ეკონომიკის სამყაროსთან, მაფიასთან. არსებითად, ჩვენთან, საქართველოში, მათ შორის არც არის რაიმე განსხვავება. ისინი ისე განუყრელად შეზრდიან ერთმანეთს, რომ ერთ პიროვნებაში ხშირად შერწყმულია ინტელიგენტიც და დანაშაულებრივი სამყაროს ავტორიტეტიც. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების წლებში წარმოიქმნა მთელი კლასი ასეთი ჰიბრიდებისა. სწორედ, ისინი ჩაუდგნენ სათავეში და განახორციელეს გადატრიალება.
ერთნი საქართველოში მომხდარს ახასიათებენ, როგორც “ბურჟუაზიულ რევოლუციას”, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს; საქართველოში არ არსებობს ბურჟუაზია, არის მხოლოდ მაფია და საქართველოში სწორედ “მაფიოზური რევოლუცია” მოხდა.
— რით აიხსნება დასავლეთის ესოდენ გაზრდილი ინტერესი კავკასიის მიმართ?
— ეს რეგიონი ძალზედ მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, კავკასიის მფლობელი ფლობს ახლო აღმოსავლეთსაც და აზიასაც. ეს, სხვათაშორის, მუდამ ესმოდათ დასავლეთის ქვეყნებს, რის გამოც ბრძოლა კავკასიისათვის უძველესი დროიდან მიმდინარეობდა მათსა და რუსეთს შორის.
წმინდა სამხედრო თვალსაზრისით კავკასია წარმოადგენს ხიდს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, რომელიც მეტად აუცილებელია ორივე მხარისათვის.
რუსეთიც კავკასიას ოდითგანვე განიხილავდა, როგორც მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ პლაცდარმს, მაგრამ რუსეთი დღეს სუსტდება და ამიტომ დასავლეთი მიისწრაფვის ხელიდან გამოსტაცოს მას ინიციატივა, თავისი გავლენა გაავრცელოს ამ რეგიონში და ბოლოს და ბოლოს მოახდინოს მისი ოკუპაცია. მაგრამ ეს შეუძლებელია კავკასიის სრული “ბალკანიზაციის” გარეშე. საკმარისია, რუსეთმა სცნოს მთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რომ მათი სახით მყისვე შეიძენს ყველაზე ერთგულ მეგობრებს, რადგან აქ მკაფიოდ განასხვავებენ ელცინსა და რუსეთის სახელმწიფოს, როგორც მფარველს დასავლური ექსპანსიისაგან.
— ბატონო პრეზიდენტო, თავად თქვენ როგორ ეკიდებით რუსეთს?
— ძალიან კარგად. ვიმედოვნებ, არც თქვენ აიგივებთ ელცინსა და რუსეთს! მმართველები მოდიან და მიდიან, ქვეყანა კი რჩება. მე მიმაჩნია, რომ როლი, რომელსაც დღეს რუსეთი ასრულებს კავკასიაში, არ შეესაბამება მისსავე ინტერესებს და ოკეანის გაღმიდან აქვს თავსმოხვეული.
ჩემთვის არ არის უცხო პრორუსული განწყობა. მე მუდამ მივესწრაფვოდი მჭიდრო კავშირს რუსეთთან და ვოცნებობდი, საქართველოს ჰყოლოდა ბუნებრივი მოკავშირე ამ თავისი დიდი აღმოსავლელი მეზობლის სახით. მაგრამ ეს არ აძლევდა ხელს დასავლურ სამყაროს და მის მორჩილ ხელისუფლებას რუსეთისა. ისინი განაგრძობენ ეთნიკური კონფლიქტების გაჩაღებას კავკასიაში. შედეგად, ჩვენ ვდგავართ ამ კონფლიქტების დიდ ომში გადაზრდის სავსებით რეალური საფრთხის წინაშე.
მე იმედი მაქვს კონფლიქტებში ჩათრეული ხალების; პირველ რიგში, რუსი ხალხის საღი აზრისა და გონიერებისა. ვიმედოვნებ, იგი შეიგნებს, თუ ვინ და რა ინტერესების კარნახით უბიძგებს რუს ჯარისკაცებს ახალი კავკასიური ომის უფსკრულსაკენ. ამ ომში ვერც ერთი მხარე ვერ იქნება გამარჯვებული. მხოლოდ დასავლეთი მოითბობს ხელს ახალი ომის ალზე.
მე მწამს ხალხთა სიბრძნისა. ეს არის უკანასკნელი, რამაც უნდა გვიხსნას კატასტროფისაგან.
“ნაროდნაია პრავდა”
1992 წელი
სანკტ-პეტერბურგი
ივლისი 17, 2010
ზვიად გამსახურდია – გამოცხადების, სამების და სამოთხიდან გამოძევების შესახებ
ლექციიდან “სამყაროს ევოლუცია, ანუ კაცობრიობის სულიერი ბიოგრაფია”
ადამიანის მიღწევები მეცნიერებაში, ხელოვნებაში და, საერთოდ, ყოველგვარი მიღწევა კაცობრიობისა, შედეგია ადამიანის გონების მოღვაწეობისა, მაგრამ გონების გარდა ადამიანს აქვს უნარი, რომელიც ამ გონებაზე მაღლა დგას და ეს უნარი არის, კერძოდ, ნათელხილვის ანუ ინტუიციის უნარი. გონების მოღვაწეობას ემყარება მეცნიერული შემეცნება გარემო სამყაროსი, ფილოსოფიური შემეცნება, ხოლო რელიგია ემყარება გამოცხადებას. გამოცხადება არის ადამიანის სულის უნარი, რომელიც გონებაზე მაღლა დგას. იგი უცხადებს ადამიანს ისეთ სამყაროს, რომელსაც გონება ვერ სწვდება. გონება სწვდება მხოლოდ მატერიალურ სამყაროს დროისა და სივრცის ფარგლებში მოცემულს, ამ სამგანზომილებიან სამყაროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. გონება იაზრებს და ქმნის კატეგორიებს ამ სამყაროს შესამეცნებლად და მხოლოდ თავისი კრიტერიუმებით უდგება მას, ხოლო გამოცხადებით მიღებული ცოდნა გონების მიერ ყოველთვის ვერ შეიმეცნება და ვერ გაანალიზდება, იმიტომ რომ ეს უფრო მაღალი უნარია ადამიანში და ის უცხადებს უფრო მაღალ სამყაროს, ვიდრე გონებით შიძლება შემეცნება. კერძოდ, იგი გვიცხადებს ღვთის სამყაროს, თვითონ ღმერთს და რაც ღმერთთან არის დაკავშირებული, ე.ი. ღმერთი ადამიანს გონებით ვერ ეძლება, რადგან ის გონება, რომელიც მას აქვს, მხოლოდ და მხოლოდ ხილული სამყაროს შემეცნებისათვის არის მომზადებული. ადამიანის გონებრივი უნარი ვერ სწვდება უფრო მეტს–მრავალგანზომილებიან აბსოლუტურ სამყაროს. დიდმა გერმანელმა ფილოსოფოსმა, კანტმა დაამტკიცა, რომ გონებით შეიმეცნება მხოლოდ ის სამყარო, რომელიც მოცემულია ჩვენთვის, როგორც ხილული სინამდვილე, ხოლო ღვთის სამყაროს, კანტისავე გამოთქმით, გონება ვერ სწვდება და ვერც ასაბუთებს. მხოლოდ გონებისმიერი მტკიცებებით ღვთის არსებობის დასაბუთება შეუძლებელია. გონებით შეიძლება დაამტკიცო ღვთის არსებობა და ასევე, გონებით შეიძლება უარყო ღვთის არსებობა ე.ი. გონება ერთმანეთის გამომრიცხავ მონაცემებს იძლევა ღმერთის შესახებ. იგი თანაბრად ამტკიცებს და უარყოფს კიდეც ღვთის არსებობას. ხოლო რაც შეეხება გამოცხადებას, გამოცხადებით ხდება მიღება ცოდნისა, ან ინფორმაციისა ღვთის შესახებ, ღვთაებრივი სამყაროს შესახებ, რომელიც ამ ემპირიულ სამყაროზე მაღლა დგას. აი, ამ ემპირიულ სამყაროზე მაღლა მდგომი არსება, რომელსაც ფილოსოფია უწოდებს აბსოლუტს, ხოლო რელიგია–ღმერთს, ვერაფრით ვერ გაიაზრება ჩვენს მიერ, ჩვენი ინტელექტის მიერ, გონების მიერ. ამის გამო რელიგიის წყარო და დასაყრდენი არის გამოცხადება, ე.ი. ადამიანის სულიერი სამყარო და ღმერთი. ღმერთი თავის გამოცხადებას აძლევს ადამიანს არა გონებაში, არამედ მის ნათელმხილველურ უნარში, ე.ი. ღმერთი ადამიანს ეძლევა, როგორც გამოცხადება და არა როგორც ლოგიკური და ფილოსოფიური სისტემა.
გამოცხადებაზე დაყრდნობილია მისტიკა, თეოსოფია, ხოლო თეოლოგია დაყრდნობილია გონებისმიერ უნარზე. თეოლოგია არის ისეთი მეცნიერება, რომელიც აზროვნებით ცდილობს ღვთის არსებობის დასაბუთებას. თეოლოგია ორგვარია–რაციონალური, ე.ი. დოგმატური და ირაციონალური თეოლოგია, ანუ მისტიკური თეოლოგია. დოგმატიკოსი თეოლოგი ღვთის არსებობას გონებისმიერი მსჯელობით, ლოგიკით ასაბუთებს, ხოლო მისტიკოსი არის ადამიანი, რომელიც ღვთის არსებობას ნათელხილვით ჭვრეტს. ეს ორი მიმდინარეობა ყოველთვის იყო წყარო ჭეშმარიტი რელიგიისა, თეოლოგიისა. ეს იმას ნიშნავს, რომ რელიგიაში გონების მომენტი არ არის გამორიცხული, ე.ი. რელიგია გონებას მოკლებული რამ კი არ არის, უბრალოდ, გონებას რელიგიაში არა აქვს პრიორიტეტი, ის უპირატესობას, მთავარ როლს გამოცხადებას ანიჭებს, ხოლო გონება არის მაკონტროლებელი ყოველივე ამისა, რასაც იძლევა გამოცხადება.
ყოველი დიდი რელიგიის ფუძემდებლები რელიგიურ ჭეშმარიტებებს ჭვრეტდნენ გამოცხადებით, ისინი გონებისმიერი მსჯელობებით (ტვინის ჭყლეტით) კი არ მიდიოდნენ ღვთის არსებობის უდავობამდე, არამედ გამოცხადებით, ნათელხილვით ჭვრეტდნენ ღმერთს.
* * *
… მამა შეუმეცნებელი საწყისია ყველაფრისა. ძე არის იგივე მამა ყოფიერებაში, ქმედებაში, ხოლო სულიწმინდა არის ის, რაც აძლევს ყოფიერებას სიწმინდეს, რაც განწმენდს ყოფიერებას და აძლევს სიბრძნეს, თრგუნავს და ამარცხებს ყოველგვარ უარყოფითს. აი, ეს არის ქრისტიანული სამება. ფაქტობრივად, აქაც ერთი და იგივე ღმერთია, რომელიც სამ სხვა და სხვა ასპექტში გვევლინება: მამის, ძის და სულიწმინდის ასპექტში. ამას ჰქვია ღმერთი სამი ჰიპოსტასი. სამება არ ნიშნავს რიცხობრივად სამობას, სამ სხვა და სხვა საგანს, არამედ ნიშნავს გვამოვნებას, ანუ თვისობრივად სამს, ე.ი. ღმერთი რიცხობრივად კი არ არის სამი, არამედ თვისობრივად არის სამი , სამგვარია მისი გამოვლინება, თორემ არსებით ის ერთია (უნდა განვასხვავოთ არითმეტიკული სამება და რელიგიური სამება).
ახლა ვნახოთ, თუ როგორ არის ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში მოცემული სამების არსი. მაქსიმე აღმსაარებელი არის ის ღვთისმეტყველი, რომელმაც ჩამოაყალიბა მართლმადიდებლური აღმსარებლობა, ანუ სარწმუნოებრივი კრედო, ჩამოაყალიბა ძირითადი დებულებები და მოგვცა, როგორც თეოლოგიური სისტემა. მას აქვს სამების ასეთი განსაზღვრება: “მწამს ერთი ღმერთი, მამა უშობელი, ერთი ძე და სიტყვა ღმრთისა მამისაგან შობილი და ერთი სულიწმინდა, მამისაგან გამომავალი”. მამა უშობელი ნიშნავს, რომ მამა არის ისეთი საწყისი, რომელსაც თავად საწყისი არა აქვს. ძე არის ისეთი საწყისი, რომელსაც საწყისად მამა აქვს, მაგრამ ეს გარეგნულად, ფიგურალურად, არსით კი არა, არამედ ჩვენი შემეცნებისათვის გასაგებად. ღმერთი შემოქმედებაში არის ძე, მამის მიერ დაბადებული ჩვენთვის, ამ გაგების ის არის შობილი და არა ქმნილი. ქმნილი ჰქვია არარაობისაგან შექმნილს. რადგან ძე მუდამ არსებობდა, ღმერთი მუდამ არსებობდა, ამიტომ ის არის მამისაგან შობილი. “…სამგვამოვნება გაყოფილი რიცხვით, გვამოვნების თვითებით და განუყოფელი ღვთაებით…”-თეოლოგიური ტერმინოლოგია ზოგჯერ ისეთია, რომ გარეგნულად ლოგიკას ეწინააღმდეგება, რადგან როგორც უკვე ვთქვით, ლოგიკა ამქვეყნიურ, მიწიერ სამყაროზე გვესაუბრება, ხოლო თეოლოგია გვესაუბრება ღვთაებრივ სამყაროზე, რომელზედაც საუბარი რთულია ჩვენი ლოგიკური კატეგორიებით. ამიტომ, ლოგიკა ირღვევა და ერთმანეთის გამომრიცხავი, ერთმანეთის საწინააღმდეგო ცნებებით ხდება ამის გადმოცემა. “… სამება, ღვთის სამპიროვნება, განიყოფებიან განუყოფლად და შეიერთებიან შეურევნელად. ამადაც ვიტყვით ღვთაების ერთარსებას, ერთბუნებას და სამგვამოვნებას, რამეთუ სამთავეს საერთო აქვს ღვთაება და საღმრთო ბუნება. თითოეულის თვითება შეუცვალებელია, მამისა მამობა უშობელი, ძისა ძეობა შობილი და სულიწმინდისა გამოსვლა. ვინაიდან არც მამა შეიცვალება ძედ, ანუ სულად, არც ძე–მამად, ანუ სულად, არც სულიწმინდა მამად, ანუ ძედ. ღმრთად ვაღიარებ თვითეულს”. მართალია, ძე შობილია მამისაგან, მაგრამ ძე ნაკლები კი არ არის მამაზე, ერთი და იგივეა, ღვთაება ერთი და იგივეა, დონე ერთი და იგივეა. ე.ი. თქმა იმისა, რომ მამა უფრო დიდია, ძე უფრო პატარა, არ შეიძლება. იყვნენ ერეტიკოსები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მამა უფრო დიდია, ძე უფრო პატარა და დაქვემდებარებულია მამაზე, სულიწმინდა კი–უმნიშვნელო ღმერთი. ამაზე იყო დავა და მთელი რიგი სექტები გამოეყვო მართლმადიდებლობას. ერთ–ერთი ასეთი სექტა იყო რუსების სექტა “დუხობორები”-სულიწმინდასთან მებრძოლები. მათი აზრით, სულიწმინდა არ იყო ღმერთი. ამის შესახებ ბასილი დიდმა დაწერა სპეციალური ტრაქტატი, სადაც ამტკიცებს, რომ სულიწმინდა ისეთივე ღმერთია, როგორიც მამა და ძე. სულიწმინდის ღვთაების უარმყოფელებს არ ესმოდათ, თუ როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო სამი თანაბარი, ერთმანეთისაგან არაფრით გამორჩეული, თან გარჩეული. ადამიანური ლოგიკა ამას ვერ აცნობიერებდა, სექტები ხშირად იმიტომ წარმოიშვნენ, რომ ლოგიკით ვერ აცნობირებდნენ გამოცხადების ჭეშმარიტებებს, რომელიც უფრო მაღლა დგას ლოგიკაზე, გონებაზე. უნდოდათ ყველაფრის რაციონალიზირება, გონებით გადმოცემა. ამის გააზრებას რომ ვერ ახერხებდნენ, მაშინ ქმნიდნენ თავიანთ რელიგიურ სისტემებს და უპირისპირდებოდნენ ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას და გამოცხადებას.
ე.ი. სრული ღმერთია მამა, სრული ღმერთია ძე და სრული ღმერთია სულიწმინდა. “არამედ არა სამი ღმერთი, რამეთუ ერთია ღმერთი და ერთია ღვთაება სამი თანაარსი გვამით”, არსით ერთი, მაგრამ გვამებით, ან გვარებით სხვა და სხვა. ამაზე ამბობს რუსთაველი პროლოგში: “ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა”. აქ ლაპარაკია ზენა გვარებზე. ყველაზე ზენა გვარი არის სწორედ ეს სამი გვარი, რუსულად “ვიდ”, ლათინურად” გენუს”.
“… ესენი არც ბუნებით განიყოფებიან, არც ადგილით, რამეთუ სადაც არის მამა, იქვეა ძეც და სულიწმინდაც, სადაც არის ძე, იქვეა მამაც და სულიწმინდაც და სადაც არის სულიწმინდა, იქვეა მამაც და ძეც…” ეს არის მთავარი. “…თაყვანს ვცემ სამებას ერთარსებით და ერთარსებას სამებით. ერთარსებას სამგვამოვანს, სამებას ერთარსებას, თანადაუსაბამოს, თანასწორს ძლიერებით და პატივით…”-აქ თანადაუსაბამო ნიშნავს იმას, რომ თითოეული მათგანი არის დაუსაბამო, შეუქმნელი, უსაწყისო. ე.ი. არ შეიძლება ითქვას, რომ იყო დრო, როდესაც ძე არ იყო, ან იყო დრო, როდესაც სულიწმინდა არ იყო. ძე ყოველთვის იყო, მამა თავისთავად, სულიწმინდაც ყოველთვის იყო. ამას ნიშნავს თითოეულის დაუსაბამობა იმიტომ, რომ თანაარსნი არიან-”… გაღიარებ ერთღვთაებას წმინდისა სამებისა, ერთარსებას, ერთბუნებას, ერთძალას, ერთხელმწიფებას, ერთუფლებიანობას, ერთმეუფებას, დაუსრულებელს დაუსაბამოისას, დაუბადებელს, გარეშემოუწერელს, მიუგონებელს…”. გარეშემოუწერელი ნიშნავს უსაზღვროს, საზღვარდაუდებელს. მოუგონებელი ნიშნავს გონებით მიუწვდომელს. შემდეგ მაქსიმე აღმსაარებელი ამბობს-”…ცისა და ქვეყნისა და ზღვისა და ყოველთა ხილულთა და უხილავთა არაარსისაგან არსად მიმყვანებელსა, შემოქმედსა და დამბადებელსა, რომელმაც დაბადა თავდაპირველად ზეცისა ძალნი და მხედრობანი ბევრეულნი აურაცხელნი. სიტყვითა დაბადა და სულითა წმინდითა სრულ ჰქმნა…”-ყველა სხვა რელიგიაში, გარდა ქრისტიანობისა, ღმერთი, აბსოლუტი კი არ ბადებს, კი არ ქმნის არარაობისაგან, არამედ უკვე არსებულს აძლევს სახეს. ასეთი არის პლატონის ღმერთი, ნეოპლატონიკოსების ღმერთი, ყელა ნებისმიერი რელიგიის ღმერთი. ძველ ბერძნულ რელიგიებში უკვე არსებული ქაოსის მომწესრიგებელნი არიან ღმერთები: კრონოსი, ზევსი და სხვ. ხოლო რაც შეეხება ბიბლიასა და ქრისტიანობას, აქ უკვე არარაობიდან, არაარსიდან არსად ბადებს ღმერთი ყველაფერს და მათ შორის პირველად ბადებს ზეციურ მხედრობას, ანგელოზთა, მთავარანგელოზთა და საერთოდ, ზეციურ იერარქიებს, შემდეგ–ხილულ სამყაროს.
განვიხილოთ შემდეგი ფრაზა: “სიტყვითა დაბადა და სულიწმინდითა სრულ ჰქმნა…” – ღმერთის მეორე ჰიპოსტასს – ძეს თოლოგიაში აქვს მეორე სახელი – “სიტყვა” იმიტომ, რომ სიტყვა არის ისეთი რამ, რაც შეიცავს მნიშვნელობას, აზრს. როგორც არიან ერთმანეთთან დაკავშირებული სიტყვა და აზრი, ე.ი. ადამიანს ჯერ ებადება აზრი და ამ აზრს იტყვის სიტყვით, ასეთივე კავშირია ღმერთის პირველ და მეორე ჰიპოსტასებს შორის. სამყაროში სიმბოლურად მამა არის აზრი და ძე არის სიტყვა. ღვთის აზრი არის მამა, ღვთის სიტყვა არის ძე. ხატოვნად შეიძლება ითქვას, რომ ღმერთს მოუვიდა აზრად ეს სამყარო და თქვა ეს სამყარო.
ფიზიკაშიც ცნობილია, რომ სამყაროში ყველაფერს საფუძვლად უდევს რხევა, ე.ი. სიტყვა, ბგერათა სისტემა. რომ წარმოვიდგინოთ კოსმოსი, ეს არის სიბრძნეც, აზრიც, ოღონდ უკვე გამოთქმული, უკვე ქცეული სამყაროს ფიზიკურ საფუძვლად. ამიტომ არის ნათქვამი “სიტყვით დაბადა”. აგრეთვე ძის მეორე სახელი არის “ძალი”, “ძალი ღვთისა” იმიტომ, რომ ეს ღვთის ძალაზე არის დაფუძნებული – “ძალით დაბადა”.
სულიწმინდა არის ის, რომელიც ამ დაბადებულ სამყაროს – უშველებელ მასას, კოსმოსს აძლევს სრულყოფას, სრულქმნილებას და ინდივიდუალურობას. როგორც ყველა ადამიანს აქვს თავისი სული, ასევე სამყაროს, კოსმოსს აქვს ერთი სული. ეს სული არის ღმერთი. ეს სული არის სულიწმინდა, რომელიც სრულყოფს მთელ კოსმოსს და განწმენდს სამყაროს.
ე.ი. ღმერთი გვევლინება სამი ასპექტით: როგორც აზრი – მამა, როგორც სიტყვა – ძე, ყველაფრის საფუძველი და როგორც სული, როგორც ინდივიდუალობა, მეობა ყველასი. აი, ეს არის სამება, სამი ასპექტი ღმერთისა. ამიტომ ლოცვაში არის ასეთი გამოთქმა: – “… სულითა წმინდითა ყოველი სული ცხოველ იქმნების და სიწმინდით ამაღლდების და განბრწყინდების სამებისა მიერ ერთარსებისა ღვთივმშვენიერად და საიდუმლოდ” ე.ი. ყოველი სული გაცოცხლდება სულიწმინდის ძალით, მისივე ძალით განიწმინდება. სულიწმინდა არის სულიერი მრავლობითობა, მამა და ძე არის სულიერი მხოლობითობა, ჯერ იყო ღმერთის ერთი ჰიპოსტასი, შემდეგ გამოვლინდა მეორე ჰიპოსტასი – გაორდა. სულიწმინდაში უკვე მრავალი გახდა. ასე არის წარმოდგენილი.
“… შემდეგ თქვა, თქვა და შეიქმნა ცა და ქვეყანა. ზღვა და ყოველივე, რაც არს მას შინა…”. ბიბლიაშიც მოცემულია: “და სთქვა ღმერთმან: იქმენინ ნათელი”. ესეც იმიტომ არის, რომ სამყაროში ყველაფერს საფუძვლად უდევს რხევა. დღევანდელი ფიზიკა ძალიან ახლოს მიდის ბიბლიასთან. ფიზიკამ დაადასტურა იგივე ჭეშმარიტებები, რაც ნათქვამია ბიბლიაში, კერძოდ ის, რომ სამყაროს საფუძველია რხევა. სამყაროს საფუძველი არის იდეა. თავდაპირველად სამყაროს იდეური პლანი არსებობდა, შემდეგ შეიქმნა მატერიალური პლანი ე.ი. რხევა, მუსიკა, რიცხვი. შეიძლება ითქვას, ღვთაებრივი მუსიკა არის სამყაროს საფუძველი, რომელსაც ძველ საბერძნეთში პითაგორელები სფეროთა ჰარმონიას უწოდებდნენ. ამით თანამედროვე ფიზიკა მივიდა პითაგორელებამდე, პლატონამდე, უარყო ყოველგვარი მატერიალიზმი, ათეიზმი და ამბობს, რომ მათი მოსაზრება სწორი იყო – სამყაროს საფუძველია რხევა, რიცხვი, მუსიკა, ეს არის რეალობა, ხოლო მატერია არ არის რეალობა, მატერია – ეს არის დროებითი არსებობა, ყველაფერი ამის გარეგანი მხარე. აი, ეს ყველაფერი ბიბლიაში არის მოცემული. კოსმოგონია ბიბლიისა იგივეა, რაც დღევანდელი ფიზიკისა და ასტრონომიის კოსმოგონია.
* * *
ასე შეიქმნა სამყარო: “…ბოლოს დაბადა კაცი ხატად თვისა და მსგავსად, თვითმფლობელად, თვისითა ნებითა მოარულად და გამომრჩევლად კეთილისა და ბოროტისა და დაადგინა იგი სამოთხესა განცხრომისასა…” ე.ი. ღმერთმა ჯერ შექმნა ზეციური იერარქიები, ანგელოზთა და მთავარანგელოზთა სამყარო, შემდეგ მატერიალური სამყარო, ანუ ხილული კოსმოსი, შემდეგ შექმნა კაცი “ხატად თვისა”. იმიტომ, რომ როგორც ღმერთია თავისუფალი და თავისი ნებით მოარული, თვითმფლობელი, ისეთი შექმნა კაცი, გამომრჩეველი კეთილისა და ბოროტისა, ე.ი. ამდენად, ღვთის ხატი არის კაცი. ასევე, გარეგნულადაც: ამერიკელმა ასტრონომებმა შეისწავლეს კოსმოსის აგებულება და გადაიღეს ჩვენი მეზობელი გალაქტიკა უდიდესი რადიოტელესკოპით. გარეგნული ფორმით მთელი ეს გალაქტიკა მსგავსია მოხუცი კაცის თმიანი და წვერიანი თავისა. არსებობს ეს საკმაოდ გავრცელებული ფოტო. ესეც იმაზე მეტყველებს, რომ რელიგიური ჭეშმარიტებები უახლოვდება ასტრონომიულს. “ხატად თვისა”, ე.ი. პირდაპირი ფიზიკური გაგებით ადამიანი არის ხატი ღვთაებისა და კოსმოსიც არის ხატი ღვთაებისა.
“…და დაადგინა სამოთხესა განცხრომისასა”. სიტყვა სამოთხე აქ ნახმარი არის შედარებით, გადატანით, რაც ძველქართულად ნიშნავს ბაღს, წალკოტს. ე.ი. დაადგინა კაცი ისეთ სამყაროში, სადაც არის მარტო განცხრომა, ნეტარება, ე.ი. სულიერ სამყაროში. მატერიალური სამყარო მაშინ არ არსებობდა. ამიტომ არის გადატანით, ალეგორიულად ნათქვამი ბაღის სახით, რომ გადმოსცენ ღვთაებრივი ყოფის მდგომარეობა, სადაც არ იყო ბოროტება, არ იყო სიკვდილი. იყო მარტო განცხრომა, ნეტარება.
“… ხოლო შურითა ეშმაკისათა შეცდა იგი და ღვთის მიერ მოცემული მცნება ნებსით დაარღვია. გამოვიდა იმ დიდებისაგან, სამოთხის საშობელისაგან, თანამდებ სიკვდილისა შეიქმნა და დაემორჩილა განდგომილ მტერს…”
როდესაც კაცი დაადგინა განცხრომის სამყაროში, კაცმა არ იცოდა, რა იყო სიკვდილი, რადგან სამოთხეში ის არ არსებობდა და ის ჭვრეტდა ღმერთს. ეს ჩანს ბიბლიის პირველ თავებში. უარყოფითი ძალები ადრე მოწყდა ღმერთს, ადამიანის შესაქმემდე. ანგელოზთა და მთავარანგელოზთა სამყაროს მოწყდა უარყოფითი ძალების მთელი ნაწილი და კერძოდ, ის ბოროტი არსება, რომელიც განსაზღვრულია, როგორც ეშმაკი, ლუციფერი, სატანა. ის დაუპირისპირდა ღმერთს, ადამიანის შესაქმის შემდეგ დაუკავშირდა ადამიანს, ადამიანიც მოსწყვიტა ღვთაებრივ სამყაროს და ღვთის უშუალო ჭვრეტას. აი, ეს არის მოცემული ბიბლიაში, რა თქმა უნდა, სიმბოლურად, იგავურად, ალეგორიულად, თორემ იქ არავითარი ხე არ იყო ფიზიკური გაგებით და არც შეიძლება ყოფილიყო. ბოროტმა ძალამ გადაწყვიტა კაცობრიობის დაღუპვა; როგორც თვითონ გახდა ბოროტების საწყისი და სათავე, ასევე მან მოისურვა კაცობრიობის თავის სამსახურში ჩაყენება. დაჰპირდა კაცობრიობას, რომ “შენ იქნები შემმეცნებელი ბოროტისა და კეთილისა, ამიტომ მოწყვიტე ნაყოფი აი, ამ ბოროტისა და სიკეთის გარჩევის ხისგან, ცნობადის ხისგან”. იქ იყო ორი ხე, ცხოვრების ხე და ცნობადის ხე. ცხოვრების ხეს ფლობდა ადამი ე.ი. ფლობდა ღმერთის ჭვრეტის უნარს, მაგრამ მას არ ჰქონდა გარჩევის უნარი, მას ჰქონდა მხოლოდ ჭვრეტა ღვთისა და ნეტარება. გარჩევის უნარი – ეს იქნებოდა უკვე გონების მიღება, ინტელექტის მიღება, ინტელექტი იმჟამად კაცობრიობას არ ჰქონდა, ადამს არ ჰქონდა. ამიტომ ამ ბოროტმა ძალამ გადაწყვიტა ადამს შთააგონოს, რომ მას სჭირდება არა მარტო ღვთის ჭვრეტა, არამედ ბოროტისა და კეთილის გარჩევა, ინტელექტიც. “ამიტომ დამემორჩილე მე, დამექვემდებარე მე და შენ იქნები, როგორც ღმერთი შემმეცნებელი კეთილისა და ბოროტისა” ე.ი. ამით აცდუნა. ფაქტიურად, ეშმაკის მიერ ადამიანის შეცდენა გამოიხატა იმაში, რომ მან მისცა მას ინტელექტი, ამქვეყნიური ინტელექტი, ლოგიკა და ყველაფერი ის, რაც ღმერთს აშორებს ადამიანს.
მანამდე კაცობრიობას არ ჰქონდა ინტელექტი, გარჩევის უნარი. ის იყო პირდაპირ ღვთისმჭვრეტელი. შეიძლება იქვას, მაშინ კაცობრიობა იყო სულიერი ბავშვობის მდგომარეობაში და მას არ სჭირდებოდა გარჩევა, რადგან ყოველგვარი გააზრების გარეშე ჭვრეტდა ღმერთს. უარყოფითი ძალების, ლუციფერული ძალების ზეგავლენით ადამიანი დაექვემდებარა მეორე გზას, შემეცნების გზას. როგორც კი ადამიანმა მიიღო ეშმაკის მიერ შემოთავაზებული შემეცნება, მაშინვე დაკარგა ღმერთი, მოსწყდა ღმერთს და ჩამოქვეითდა უფრო დაბალ, მატერიალურ ყოფიერებაში. აი, ეს არის სიმბოლურად გამოძევება სამოთხიდან.
ღმერთმა რომ ჰკითხა ადამს, ვინ მოსწყვიტა ნაყოფი ამ ცნობადის ხიდანო, ადამს შერცხვა და დაიმალა. ეს არის პირველი სირცხვილი. მანამდე ადამს არ ჰქონდა სირცხვილიც. არც ევას არ ჰქონდა სირცხვილი იმიტომ, რომ ესენი იყვნენ სულიერი ბავშვობის მდგომარეობაში. ბავშვსაც ხომ არა აქვს სირცხვილი? სირცხვილი იბადება მაშინ, როდესაც ადამიანი ასაკში შედის. სიმბოლურია ესეც. ე.ი. კაცობრიობა იყო ისეთ ასაკში, ადამიანი იყო ისეთ ასაკში, როდესაც ის ბავშვივით უმანკო, ბავშვივით უშუალო, ბავშვივით კეთილი, ბავშვივით ღვთაებრივი იყო, ის ჭვრეტდა ღმერთს, მან არ იცოდა რა არის სიკვდილი. მას შემდეგ, რაც ბოროტი გველის გავლენით მოწყვიტა ნაყოფი ცნობადის ხიდან, ისწავლა გარჩევა ბოროტისა და კეთილისა, მან უკვე სირცხვილის გრძნობაც გაიგო, თურმე სირცხვილი არის ისეთი ყოფა, რომელშიც ის არის. გარდა ამისა, როდესაც გაიგო, რომ მან დაარღვია ღვთის მცნება, შერცხვა, შეეშინდა და დაიმალა, მაგრამ სად დაემალებოდა ღმერთს?! ღმერთმა უთხრა, რომ “ამიერიდან შენ გაძევებული იქნები სამოთხიდან” და ფაქტობრივად მან ის სამყარო, სადაც ღმერთმა ის თავდაპირველად დაადგინა, დაკარგა…
ივნისი 30, 2010
ზვიად გამსახურდია: სუკ-ი წინ იხედებოდა, როდესაც ცრუ სამღვდელოებას ქმნიდა
“შანსი”, # 19, 16 სექტემბერი, 2001 წელი
ივნისი 25, 2010
საქართველოს სულიერი მისია

ლექცია წაკითხული „იდრიატის“ ფესტივალზე თბილისში.
ფილარმონია, 2 მაისი, 1990 წელი
ძვირფსო მეგობრებო! ერთი ლექციის ფარგლებში ყოვლად შეუძლებელია ესოდენ რთული თემის ჩატევა და ამიტომ ამ ლექციას ექნება უფრო მიმოხილვითი ხასიათი, უფრო ზოგადად მოგახსენებთ ყოველივე იმას, რაზეც გვიფიქრია, გვიმუშავია მე და ჩემს მეგობრებს წლების მანძილზე, აგრეთვე ცალკეული გამოკვლევების შედეგებს როგორც აქ, საქართველოში, ასევე დასავლეთში.
ლექციის გეგმა ასეთი იქნება: თავდაპირველად ვისაუბრებთ ქართველთა ეთნოგენეზისზე. მე ვიცი, რომ დასავლელი სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესებული არიან ამით და გავაშუქებთ უფრო ისეთ მომენტებს, რომლებიც შეიძლება მათთვის არ იყოს ცნობილი და რომლებიც ნაკლებად შუქდება დასავლეთის დღევანდელ მეცნიერებაში. და, გარდა ამისა, უნდა მოგახსენოთ, რომ საბჭოთა იდეოლოგიური დიქტატურის მრავალწლიანი ბატონობის პერიოდში მრავალი რამ ქართული კულტურის ისტორიაში იყო მიჩქმალული, დამახინჯებული და ტაბუირებული. ერთგვარი მეცნიერული ტაბუ იყო ამ საკითხზე დადებული, რაც, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება, ვინაიდან არც ისე ადვილია იმ ავადსახსენებელი ეპოქის ჰიპნოზის შედეგების მოცილება თავიდან. მრავალი საკითხი გაყალბებულია და საბჭოთა იმპერიული მეცნიერების მიერ უზურპირებული, თავისი ინტერესებისადმი დაქვემდებარებული. ყოველივე ამის გავლენის ქვეშ, სამწუხაროდ, მოქცეულნი არიან ქართველი მეცნიერებიც. მე არ მინდა მათი კონკრეტულად დასახელება, ისინი ჯერ ვერ ბედავენ კვლევა განავითარონ იმ მიმართულებით, რაც ნათელს მოჰფენდა ამ საკითხებს. ამას ყველაფერს ძალიან დიდი და შორს მიმავალი მიზეზები ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით დიდი კამპანია იყო გაჩაღებული ქართველი მეცნიერების ივანე ჯავახიშვილისა და ნიკო მარრის წინააღმდეგ.
აგრეთვე მიჩქმალულია დასავლეთის ისეთი დიდი მეცნიერების გამოკვლევები იბერთა ეთნოგენეზისის სფეროში, როგორიც არის ვილჰელმ ჰუმბოლდტი და სხვანი. ეს იმის გამო ხდებოდა, მეგობრებო, რომ სურდათ ქართველი ერისათვის შთაენერგათ არასრულფასოვნების კომპლექსი. საბჭოთა მეცნიერებამ, კერძოდ მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსებმა, შექმნეს თეორია იმის შესახებ (არსებობს სტალინის თეორია ამასთან დაკავშირებით), რომ თურმე ქართველი ერი, როგორც ასეთი, შეიქმნა და ჩამოყალიბდა ერად მეცხრამეტე საუკუნეში, რომ მანამდე იგი თურმე არც ერი ყოფილა და არც არსებობდა. მეცხრამეტე საუკუნეში შემოვიდა ჩვენში კაპიტალიზმი და ვითომდაც ამან განაპირობა ქართველი ერის ერად ქცევა. ეს არის მარქსისტული თეორია, რომელიც დღემდე ბატონობს და რომელიც ზოგიერთ ჩვენს მეცნიერს დღემდე ვერ მოუცილებია თავიდან და კვლავ ამ მიმართულებით აგრძელებს მუშაობას. ეს ყველაფერი ისახავდა შორს მიმავალ მიზნებს.
სინამდვილეში როგორია ვითარება ქართველთა ეთნოგენეზისთან დაკავშირებით? მეოცე საუკუნეში ჩვენი მეცნიერების დიდი კორიფეების აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილისა და ნიკო მარრის მიერ გამოკვლეული იქნა გენეტიკური ძირები ქართული მოდგმისა, ქართველი ერისა და გამოტანილი იქნა შემდეგი დასკვნები, რასაც სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ორთოდოქსული საბჭოთა მეცნიერება. ამავე დროს, როგორც მოგახსენეთ, მიჩქმალული იყო დიდი გერმანელი მეცნიერის ვილჰელმ ჰუმბოლდტის გამოკვლევები. რაში მდგომარეობს ამ გამოკვლევათა არსი და რად არ ვითარდება თანამედროვე ეთნოლოგიური, ენათმეცნიერული კვლევა ამ მიმართულებით?
საქმე ის გახლავთ, რომ ვილჰელმ ჰუმბოლდტი მისმა გამოკვლევებმა ბასკური ენის სფეროში და პირინეის ნახევარკუნძულის უძველესი მოსახლეობის ვინაობის კვლევის ვფეროში მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ სამხრეთ ევროპის: პირინეების, იტალიის, ხმელთაშუა ზღვის კუნძულების პირველადი ავტოქტონური მოსახლეობა იყო იბერიული მოსახლეობა. ამ მოსახლეობას უწოდებენ პროტოიბერებს, მათგან მომდინარეობს გვიანდელი ევროპული მოსახლეობა. მეცნიერებაში მიღებულია აგრეთვე ტერმინი – ხმელთაშუა ზღვის რასსა, მედიტერანული რასსა, ანუ მედიტერანული მოდგმა. იმ მოდგმის აღსანიშნავად, რომელიც იდენტურია ტერმინისა კავკასიური რასსა, არის აგრეთვე ტერმინები: პალეოკავკასიური რასსა, ანუ უძველესი კავკასიური რასსა, უძველესი მედიტერიანული რასსა, რაც ურთიერთის იდენტურია. საუბარია იმ მოსახლეობაზე, იმ მოდგმაზე, რომელიც სახლობდა პირინეების ნახევარკუნძულიდან ხმელთაშუა ზღვის აუზში, ბალკანებზე, თანამედროვე საბერძნეთში, კავკასიაში და ინდოეთის თანამედროვე ტერიტორიაზე, აგრეთვე, მცირე აზიაში და პალესტინაში.
ეს არის გავრცელების არეთლი იმ პროტოიბერიული მოდგმისა, რომელსაც ვილჰელმ ჰუმბოლდტის გამოკვლევების მიხედვით ჰქონდა მრავალი განშტოება. ენა ამ მოდგმისა, ამ რასსისა იყო ერთი ძირითადი, რომელსაც ჰქონდა მრავალი დიალექტური განშტოება და თუ ეს ენაკავები ღებულობდნენ ცალკე ენების ხასიათს, ისინი იყვნენ მონათესავენი და ვითარდებოდნენ როგორც ურთიერთმონათესავე ენები. ამიტომ დამკვიდრდა ტერმინი პროტოიბერიული, რომელთანაც არის დაკაშირებული უცველესი მოსახლეობა, როგორც მოგახსენეთ, პირინეებისა, იტალიისა, კერძოდ, ბასკური, ლუზიტანური, ტურდეტანული, ეტრუსკული, პელაზგური და სხვა, რასაც ნიკო მარრის შტუდიებით დაემატა მცირე აზიაში, მესოპოტამიაში უძველესი იბერიული ტომების – სუმერების ენის გამოკვლევა და, აგრეთვე, დიდი ქართველი მეცნიერის მიხეილ წერეთლის გამოკვლეული გენეტიური ნათესაობა შუმერულსა და თანამედროვე ქართულს შორის.
ნიკო მარრის და, სხვათაშორის, სომეხი მეცნიერების ობიექტური წარმომადგენლების გამოკვლევითაც (მაგალითად, ღაფანციანის გამოკვლევით) მცირე აზიის მოსახლეობის დიდი ნაწილი მიეკუთვნებოდა ამ მოდგმას და მესხები, ანუ მოსხები, კაპადოკიელები, კოლხები, ტაოხები და სხვანი არიან ამ მოდგმის წარმომადგენლები. როგორც ხედავთ, ეს არის სხვადასხვა განშტოებები ერთი და იმავე მოდგმისა, რომელსაც მეცნიერებაში ქართველური ან პროტოიბერიული მოდგმა ეწოდება, ხოლო საკუთრივ საქართველო, საკუთრივ ქართველი ერი, ლოკალიზებული კავკასიის მასშტაბით, დაკავშირებულია იბერიულ-კავკასიურ განშტოებასთან. იბერიულს აქვს მრავალი განშტოება და დღესდღეობით შემორჩენილია პირინეულ-იბერიული, ანუ ბასკური და კავკასიურ-იბერიული, ანუ ქართული და მისი მონათესავე ტომები ჩრდილოეთ კავკასიაში. დანარჩენი კი ამჟამად ასიმილირებულია ინდოევროპული კაცობრიობის მიერ, რომელიც, როგორც ჩანს, არის გვიან მოსული ევროპის კონტინენტზე. კერძოდ მეორე ათასწლეულის შემდეგ, ხოლო პროტოიბერიული კაცობრიობის, ანუ პალეომედიტერანული, პალეოკავკასიური კაცობრიობის მოღვაწეობის, მისი ზნეობის ხანად მიჩნეულია ეპოქა უძველესი დროიდან მესამე ათასწლეულამდე. მესამე ათასწლეულში იწყება დაკნინება ამ რასსისა, მისი რიცხობრივი შემცირება, მისი ასიმილირება მოსული ინდოევროპელების მიერ.
ამ დროიდან და უფრო გვიან წამოიწევს წინ ხეთური და ძველბერძნული, ელინური სამყაროები. მაგრამ აქ ხდება კულტურათა სინთეზირება: პალიომედიტერანულ, ანუ პროტოიბერიულ მოდგმასთან დაკავშირებულია პირველადი კულტურები მინოსისა, ეგეოსური კულტურები, კოლხური (ძველკოლხური), რომელიც უაღრესად მჭიდროდ არის მინოსურთან დაკავშირებული. ხოლო შემდგომ, უკვე მეორე ათასწლეულიდან იწყება წამოწევა ხეთური სამყაროსი, რომელიც უკვე ინდოევროპული სამყაროა, აგრეთვე ძველბერძნული სამყაროსი, რომელიც ვედური ტომიდან მომდინარეობს და მოსულია იმ ტერიტორიაზე, რომელზედაც შემდგომ აღმოცენდა ძველბერძნული კულტურა და ძველბერძნული სამყარო, ხოლო პირველადი მოსახლეობა ძველი საბეძნეთისა, ძველბერძენი ისტორიკოსების მონაცემებზე დაყრდნობით, განასზღვრულია როგორც პელაზგური, პელაზგური, ანუ პროტოიბერიული. პელაზგები არიან ერთ-ერთი განშტოება პროტოიბერებისა, ისევე როგორც ეტრუსკები და სხვა ხალხები, ისევე როგორც კოლხები. კოლხური, პელაზგური, ტროული, მინოსური სამყაროები მონათესავე სამყაროებია, უფრო სწორად, ერთ სამყაროს წარმოადგენენ და ეს ყოველივე აირეკლა ჰომეროსის დიად ეპოსში და ამის შესახებ უკვე ძალზე სერიოზული გამოკვლევებია თანამედროვე მეცნიერებაში, რომელსაც რატომღაც სათანადო პოპულარიზებას არ უწევენ.
დასავლეთში ამ მიმართულებით მოღვაწეობს ცნობილი მეცნიერი ფურნეე, რომელსაც ეკუთვნის მნიშვნელოვანი გამოკვლევა წინა ბერძნულის, ანუ პულაზგურის და ქართველურის შესახებ. საქართველოში ნაყოფიერად მოღვაწეობს ამ მიმართულებით პროფესორი რისმაგ გორდეზიანი, რომელსაც აქვს აგრეთვე მნიშვნელოვანი მიგნებები „ილიადაში“ მოხსენებულ ტომთა ეთნოგენეზისის გამოკვლევისა, თუ როგორ იყო როლი ქართველური, პროტოქართული ტომებისა ტროას ომში, “ილიადაში“, და გამოვლენილია გენეტიური ნათესაობა ქართული ენისა ეტრუსკულთან, ქართველური ტომებისა ლიკიელებთან, კარიელებთან და მცირე აზიისა და ეგეოსის მთელ სამყაროსთან და, უპირველეს ყოვლისა–ტროასთან. ტროა უფრო ძველი კულტურული სამყაროა, ვიდრე ელინური სამყარო, ვინაიდან ელინები ლაშქრობენ ტროაში საკრალური, მისტერიული სიბრძნისა, ანუ პალადიუმის მოპოვებისათვის. ტროა არის იგივე კოლხური სამყარო, ვინაიდან ტროელებთან აქაელების დავის დროს ტროელები ხსნიან ელენეს მოტაცებას, როგორც ერთგვარ შურისძიებას ადრე მათ მიერ მედეას მოტაცებისათვის.
ტროელები უხსნიან აქაველებს, რომ ისევე როგორც ადრე მათ მოიტაცეს ქალი, ე. ი. მედეა, ამჟამად მათ მოიტაცეს ელენე, რომელიც ამდენად კოლხების მიერ არის მოტაცებული. ტროელები და კოლხები ერთი და იმავე მოდგმის ხალხია და მთელი ხმელთაშუა ზღვის აუზი, მცირე აზიის მოსახლეობის დიდი ნაწილი ეკუთვნის ამ მოდგმას. აი, ასეთი შორს მიმავალი დასკვნები აქვს თანამედროვე მეცნიერებას, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, ხდება ყოველივე ამის ტაბუირება და ხდება ინდოევროპელების როლის წინ წამოწევა იმ არქაულ, პრეისტორიულ ეპოქაში, არადა ჩვენ ვიცით, რომ ინდოევროპული მოდგმა ძირითადად აღზევდა მეორე ათასწლეულიდან. და ტროას ომი, „ილიადა“ ფაქტიურად არის პერიოდი, როდესაც ინდოევროპული მოდგმა უკვე მძლავრობს მცირე აზიაშიც და საბერძნეთშიც და პელაზგურ მოდგმას უკვე დეკადანსი ემუქრება, თუმც ტროას ომის უდიდესი გმირი–აქილევსი წარმოშობით პელაზგია, ე. ი. ქართველური მოდგმის წარმომადგენელია, ხოლო აგამენონი და მენელაოსი არიან წმინდა ელინური წარმოშობის ადამიანები და ელინური სამყაროს წარმომადგენლები. აქ არის აშკარა კონფლიქტი ელინურ სამყაროსა და პროტოქართულ სამყაროს შორის. ტროა ეს არის პროტოქართული სამყარო, ელინური სამყარო კი აქაველებია.
ამ კონფლიქტში იკვეთება ერთი რამ, რომ ამ ლაშქრობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი არის პალადიუსის მოტაცება, რომელიც სიმბოლურად ტროასეული ცხენის მეშვეობით ხორციელდება. მართალია, სიმბოლურად აქ არის ქალის მოტაცების მოტივი, მაგრამ ელენე, ანუ ელენე არის სიმბოლო ძველი წარმართული სოფიისა (სიბრძნის, სოფიას მოტაცება და შემდეგ მისი კვლავ გამოხსნა გავრცელებული მოტივია ანტიურ პოემებში), ხოლო ცხენი, როგორც მოგეხსენებათ, ინტელექტის სიმბოლოა ძველ ეპიურ პოეზიასა და მითოსში. აქაველთა, ელინთა მისსია–ინტელექტის განვითარება–არის უკვე ახალი ეტაპი ცნობიერებისა, ხოლო ძველკოლხური, ტროიანული, პელაზგური კულტურა ეს არის ნათელმხილველური კულტურა, რომელიც უსწრებს წინ ინტელექტისმიერ, აზროვნებით კულტურას. ძველბერძნული მითოსი. ამას აღნიშნავდა დიდი გერმანელი ფილოსოფოსი შელინგი და პელაზგურ ეპოქას საბერძნეთის განვითარებაში იგი განმარტავდა როგორც საიზმს, ე. ი. ნათელხილვითი სიბრძნის ეპოქას. შემდგომდროინდელი ბერძნული მითოლოგიიდან ჩვენ ვიცით, რომ პერსევსმა და სხვა გმირებმა ნათელხილველური, პელაზგური კულტურა გადაიყვანეს აზროვნებით კულტურაზე, კერძოდ, ინტელექტისმიერ ელინურ კულტურაზე.
ყოველივე ამასთან არის დაკავშირებული აგრეთვე პრომეთეს მითი. ვინ არის პრომეთე? საერთოდ უნდა მოგახსენოთ, რომ მითოსი და მითოლოგია არ არის იდენტური ცნებები. მითოსი არის მითების სამყარო, ხოლო მითოლოგია არის ამ მითების სამყაროს განმარტება, მნიშვნელობა, ანუ ლოგოსი, მითოსის ლოგოსი. ასე რომ, ძველბერძნული მითების სინამდვილე შექმნილია პელაზგების მიერ, ხოლო ელინების მიერ იგი არის სისტემატიზებული და ინტერპრეტირებული. ჰომეროსი და ჰესიოდე არ არიან შემოქმედნი ძველბერძნული მითებისა, ისინი არიან პელაზგური ეპოქის მითოსის სისტემატიზატორები, განმმარტებელნი. ისინი არიან მითოლოგოსები, ხოლო პელაზგური ეპოქის მითოსის შემოქმედთა, მითოგრაფოსთა სახელებმა ჩვენამდე არ მოაღწია, მაგრამ მოაღწიეს ღვთაებებმა, მითოსის პერსონაჟებმა. ძირითადი ღვთაებები ძველბერძნული პანთეონისა წარმოშობით პელაზგურნი არიან.
მათ შორისაა ზევსი. არსებობს პელაზგური ქტონური ზევსი, რომლის კულტიც მუხასთან არის დაკავშირებული; ჰერა ანუ ჰაერა, რომელიც არის უძველესი პელაზგურ-იბერიული ქალღმერთი; აგრეთვე დემეტრე, რომლის ფუძის განმარტებისას აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი მიანიშნებდა იმაზე, რომ „დე“ ფუძე სავსებით უცხოა ძველბერძნული ენისათვის. „მეტერ“ მართალია დედას ნიშნავს, მაგრამ „დე“ არის სუფთა იბერიული წარმოშობის ფუძე, „დე“, ანუ „დედა“, დედა-ქალღმერთის აღმნიშვნელი. ამრიგად დემეტრე არის ის სახე, რომელშიც უძველესი კოლხური, პელაზგური დედა-ქალღმერთის აღმნიშვნელი. ამრიგად დემეტრე არის ის სხე, რომელშიც უძველესი კოლხური, პელაზგური დედა-ქალღმერთი შეერწყა ძველბერძნულ ქალღმერთს. ეს არის ძველბერძნული პანთეონი, თუ შეიძლება ითქვას, დამყნილი პროტოქართულ, პროტოიბერიულ, ანუ პელაზგურ პანთეონზე.
ახლა რაც შეეხება პრომეთეს. პრომეთეს მითი უმნიშვნელოვანესია კაცობრიობის ევოლუციის თვალსაზრისით და, ამავე დროს, ქართველთა ეთნოგენეზისის თვალსაზრისით, ვინაიდან პრომეთეს მითი, როგორც მოგეხსენებათ, დაკავშირებულია კავკასიასთან და შემთხვევითი არ არის, რომ კავკასიასთან დაკავშირებულია ბერძნული მითოსის უმთავრესი მომენტები. გაიხსენეთ არგონავტების ლაშქრობა, გაიხსენეთ პრომეთეს მიჯაჭვა კავკასიის ქედზე, რაც უმთავრესი მომენტია ბერძნულ მითოლოგიაში. მითოსის პერსონაჟთა მისსია, მათი სულიერი რაობა ყოველთვის მათი სახელების მიხედვით განიმარტებოდა. სახელები მითოსის პერსონაჟებისა (როგორც მოგეხსენებათ, მითები იქმნებოდა ძველ მისტერიებში ქურუმების, ხელდასხმულების, ადეპტების მიერ) ღმერთების, ნახევრადღმერთების, ტიტიანების, გმირების სახელები იქმნებოდა მათი არსობრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე. კერძოდ, „პრო-მეთელ“ ძველბერძნულად ნიშნავს წინასწარმეტყველურ აზროვნებას, წინასწარგანჭვრეტას, ეპიმეთე–მისი ძმა–ნიშნავს თანადროულ, განსჯისმიერ აზროვნებას.
რა არის პრომეთე? პრომეთე არის იმ კაცობრიობის წარმომადგენელი, რომელმაც უნდა განავითაროს წინასწარმეტყველური, ანუ ინტუიტიური აზროვნება, ხოლო ეპიმეთე, რომელმაც უნდა განავითაროს განსჯითი, ანუ ინტელექტუალური აზროვნება. ვისი ძეა პრომეთე? იგი არის ძე იაპეტოსისა. იაპეტოსის სახელი ზენონ ელეელის მიერ განიმარტება როგორც ზენა სამყარო, სულიერი სამყარო. იაპეტოს, ე. ი. ის, რაც მიისწრაფვის ზევით, სულიერი სამყაროსაკენ. ე. ი. პრომეთე არის ზენა სამყაროს, სულიერი სამყაროს ძე, ანუ წინასწარმეტყველური აზროვნება. როგორც პლუტარქე აღნიშნავს, ძველბერძნული და საერთოდ მითები შეიძლებოდა განემარტათ თორმეტ სხვადასხვა დონეზე. ე. ი. თითოეულ მითს შეიძლება ჰქონდეს 12 სხვადასხვა ახსნა. ერთ-ერთი მთავარი ახსნა პრომეთეს მითისა კაცობრიობის ევოლუციაში, აზროვნების ევოლუციაში არის ის ეტაპი, როდესაც აზროვნება მიეჯაჭვება ადამიანის ფიზიკურ სხეულს ადამიანის სულის ფიზიკურ სხეულში ჩამოსვლასთან ერთად და არის დატყვევებული ამ ფიზიკურ სხეულში. ხოლო განთავისუფლება პრომეთესი, რომელიც მიჯაჭვულია კავკასიის ქედზე, არის დატყვევებული ამ აზროვნებისა სხეულებრივი საწყისისაგან. განთავისუფლებული პრომეთე არის განთავისუფლებული წინასწარმეტყველური აზროვნება, ხოლო მიჯაჭვული პრომეთე ადამიანის ფიზიკურ სხეულზე მიჯაჭვული აზროვნებაა. ეს არის ეტაპი კაცობრიობის ევოლუციაში, რომელიც ცნობილია ადამიანური არსების, სულის ჩაძირვად ფიზიკურ სხეულში, ხოლო შემდეგ ხდება მატერიისაგან სულის განთავისუფლება. ეს არის ერთი ასპექტი პრომეთეს მითისა, მისი სპირიტუალური, ფილოსოფიური ასპექტი.
მეორე ასპექტი არის ეთნოლოგიური ასპექტი. კერძოდ, პრომეთე არის სიმბოლო იმ მოდგმისა, იმ ხალხისა, რომელმაც უნდა განავითაროს მისტერიათა კულტურა, რომელიც არის შემქმნელი მისტერიათა კულტურისა და ყოველივე იმისა, რაც მოდის ამ მისტერიათა კულტურიდან. სახელდობრ, სულიერი განვითარებისა, ინიციაციისა და სულიერი აზროვნებისა. ასეთია ეს მოდგმა. ხოლო ზევსი, ამ თვალსაზრისით, განასახიერებს იმ მოდგმას, რომელიც უფრო გვიან არის მოსული საბერძნეთში და რომელიც ძალადობით ამკვიდრებს თავის კულტს და მიაჯაჭვავს პრომეთეს კავკასიის კლდეზე. რა იყო მიზეზი პრომეთეს მიჯაჭვისა კავკასიის ქედზე? მიზეზი იყო ის, რომ კორინთოში ურთიერთს შეხვდნენ ორი კულტურის, ორი რასსის წარმომადგენელნი–ერთნი პრომეთესთან, ხოლო მეორენი ზევსთან დაკავშირებულნი. ე. ი. აქ სიმბოლურად აირეკლა შეხვედრა ორ კულტურას შორის, ორ რასსას შორის; ერთი იყო მკვიდრი, პირველადი მოსახლეობა იმჟამინდელი საბერძნეთისა, ხოლო მეორე–მოსული, ანუ ინდოევროპული, ელინური. პრომეთე და მისი მიმდევარი ქურუმები ამ შეხვედრის დროს მოატყუებენ ზევსს და მის ქურუმებს სამსხვერპლო ხარის დანაწილებისას.
მოატყუებენ იმ გაგებით, რომ მათი ინტელექტი, მათი აზროვნება იყო უფრო წინ წასული, ამიტომ მათ შესძლეს ზევსის ქურუმთა მოტყუება. ეს მოტყუება სიმბოლოა იმისა, რომ მათი ინტელექტი უფრო განვითარებულია, რომ ის კულტურა, რომელიც მოსულ ინდოევროპელებს დახვდათ – პელაზგური კულტურა – უფრო მაღლა იდგა მათზე. უფრო მაღლა იდგა შესაბამისად აზროვნებითი კულტურაც. შემდეგ კი ინდოევროპელებმა ელინური აზროვნებითი კულტურა უმაღლეს საფეხურამდე განავითარეს, მაგრამ ჯერ ის პერიოდია, როდესაც პირველად შეხვდა ეს ორი რასსა, ორი მოდგმა ერთმანეთს და პრომეთეს ქურუმები დაანაწილებენ ხარს იმგვარად, რომ ზევსის ქურუმებს და ზევსს შეხვდებათ ძვლები და ქონი, ხოლო მათ ხარის საუკეთესო ნაწილები. ესეც სიმბოლურია. სიმბოლურია, ვინაიდან აქ მსხვერპლის ორგვარ გაგებასთან გვაქვს საქმე და ამ დროს ზევსის ქურუმები ისე წარმოსახავენ საქმეს, თითქოს მათ შეგნებულად მოიტყუეს თავი. შემდეგ ზევსი მიმართავს პრომეთეს:
–იაპეტოსის ძეო, უკეთილშობილესო ყველა მეუფეთა შორის, ყველაზე დიდო მცნობო მომავლისა, მეგობარო, რად დაანაწილე ხარი ამდაგვარად?
ზევსი გვიან ხვდება იმას, რაც პრომეთემ ქმნა. აქედან გამომდინარე, განსაზღვრულია პრომეთეს რაობა და შემდგომ ამისა ზევსი აღარ აძლევს ცეცხლს კაცობრიობას და პრომეთეს მიაჯაჭვავს კავკასიის ქედზე, ვინაიდან მან კაცობრიობას მისცა ის ცეცხლი. ცეცხლი ამ შემთხვევაში არის სიმბოლო ადამიანის „მე“-სი. თქვენ იცით, რომ ოთხ ელემენტს შორის – ცეცხლი, წყალი, მიწა, ჰაერი – ადამიანის „მე“-ს, თვისებას, მეობას შეესაბამება ცეცხლი. ის, რომ ზევსი აღარ აძლევს მეობას კაცობრიობას, რომ კაცობრიობა მოკლებულია „მე“-ს, ხოლო პრომეთე აძლევს ცეცხლს კაცობრიობას, ე. ი. მეობას, ასახავს მისტერიალური კულტურის განვითარების გარკვეულ საფეხურს, როდესაც ადამიანებმა მიიღეს „მე“ ფიზიკურ სხეულში ჩამოსვლით და პრომეთეს მიჯაჭვა არის სწორედ ის ეტაპი (სხვათა შორის, ამას ნიშნავს აგრეთვე ტიტანების დამარხვაც ტარტაროსში ღმერთებისა და ტიტანების ბრძოლის შემდეგ), როდესაც ადამიანის სული და მისი „მე“ ჩამოდის სულიერი სამყაროდან ფიზიკურ სხეულში და ადამიანს ებადება „მე“ ცნობიერება. აი, ეს არის პრომეთეს მიერ კაცობრიობისათვის ცეცხლის მიცემა, ვინაიდან „მე“-სგან მოდის ყოველგვარი კულტურა, ისევე როგორც ცივილიზაცია მოდის ცეცხლის გამოყენების სწავლისაგან და ამგვარი სიმბოლოებით ჩვენ ვხვდებით, რომ პრომეთე ასახავს მისტერიათა კულტურას, რომელიც იყო პირველადი ძველ საბერძნეთში და შემდეგ ლოკალიზებული კავკასიაში, რაც სიმბოლურად ასახულია პრომეთეს მიჯაჭვით კავკასიის ქედზე.
პრომეთეს აწამებს ზევსის არწივი. არწივი, ერთი მხრივ, სიმბოლოა სულიერი აღმაფრენისა და შემეცნებისა და ძალმომრეობისა, რომელიც აწამებს პრომეთეს. კლდეზე მიჯაჭვული პრომეთე, ანუ ფიზიკურზე მიჯაჭვული აზროვნება გაანთავისუფლა ჰერაკლემ.
რა არის ჰერაკლე? ეს არის ინიციაციის ახალი კულტურა, ნებელობითი ინიციაცია, ჰეროიკული ინიციაცია, რომელიც არის წინასახე ქრისტიანული ინიციაციისა. საერთოდ, ძველბერძნული მისტერიები თავისი ხასიათით პროფეტური იყო. ძველი საბერძნეთის ცენტრალური მისტერიები „ელოიზისის“ მისტერიები იყო. სიტყვა „ელიოზის“ ძველბერძნული სიტყვაა, ნიშნავს მოწევნადს, მოვლინებადს, წინასწარ განჭვრეტას მომავლისას. ჰერაკლეს სახე არის წინასახე ქრისტიანული ინიციაციისა, რომელიც დაკავშირებულია ნელეოლობასთან, სულის აქტივობასთან და კერძოდ იმასთან, რასაც ქრისტიანობაში სასუფევლის ძალით აღება ჰქვია, ვინაიდან ქრისტიანული ინიციაციის არსი იესო ქრისტემ განმარტა როგორც სასუფევლის აღექა ძალისხმევით („სასუფეველი იიძულების“). ამრიგად, ჰერაკლეს გმირობანი სიმბოლურად უნდა გავიგოთ როგორც ინიციაციის სხვადასხვა საფეხურები, სულიერი განვითარების სხვადასხვა დონეები, რომლის კულმინაციაც არის პრომეთეს განთავისუფლება, ანუ აზრის განთავისუფლება ფიზიკური სხეულის ტყვეობისაგან და კაცობრიობის გამოხსნა.
ეთნოლოგიური თვალსზრისით, როგორც მოგახსენეთ, მითებს აქვს ასეთი განმარტებაც და მითოლოგია და ეთნოლოგია უაღრესად მჭიდრო კაშირშია. ეს არის განთავისუფლება იმ მოდგმისა, რომელიც ზევსის, ანუ ინდოევროპული მოდგმის მიერ იქნა მიჯაჭვული, ანუ ლოკალიზებული კავკასიაზე. ე. ი. პრომეთეს მითში აირეკლა აგრეთვე პროტოქართული მოდგმის, პროტოიბერიული მოდგმის წარსული და მომავალიც. ჰერაკლე, როგორც მოგახსენეთ, არის სიმბოლური გამოხატულება ახალი ინიციაციური კულტურისა, კერძოდ, ქრისტიანული კულტურისა და, სხვათა შორის, ეს არა მხოლოდ თანამედროვე სულიერ მეცნიერებაში არის ასე, არამედ შუასაუკუნოებრივ ღვთისმეტყველებაშიც. ბიზანტიურ ღვთისმეტყველებაშიც კი ვხვდებით ჩვენ ისეთ ძეგლებს, სადაც მინიშნებულია, რომ ჰერაკლე არის წინასახე ქრისტესი. კერძოდ, მის მიერ კვერთხით კლდიდან წყლის აღმოცენება ითვლება ქრისტიანობის წინასახედ. აგრეთვე არგონავტების ლაშქრობა არის წინასახე ქრისტიანული ინიციაციისა და შემთხვევითი არ არის, რომ ოქროს საწმისს სულიერ მეცნიერებაში ეწოდება კლასიკური გრაალი. ოქროს საწმისი კლასიკურ პერიოდში, ანტიურ პერიოდში არის იგივე, რაც შუა საუკუნეებში გრაალი და ფილოსოფიური ქვა. ფილოსოფიური ქვა და გრაალი არის აგრეთვე იდენტური ცნებები.
ფილოსოფიური ქვის ძიება არის არა მარტო ფიზიკური ოქროს ძიება, არამედ სულიერი ინიციაციის ძიება, ღვთის ძიება, სულიერი ცნობიერების განვითარების გარკვეული დონის ძიება, რომელიც ანტიურ მისტერიებში, ძველბერძნულ მისტერიებში გადმოცემული იყო როგორც ოქროს საწმისის ძიება. ხოლო ოქროს საწმისი, როგოც მოგეხსენებათ, იყო კოლხეთში. თავდაპირველად ოქროს ვერძი საბერძნეთიდან არის წასული კოლხეთში, მაგრამ ეს იმ პერიოდის საბერძნეთია, როდესაც იქ ყვავის პელაზგური კულტურა, კერძოდ, პელაზგური არგოსის კულტურა. შემთხვევითი არ არის, რომ ხომალდსაც „არგო“ ჰქვია და „არგო“ თავისი ძირით კოლხეთიდან მომდინარეობს–არგო, არგვეთი, ეგრისი, „გრ“ – ფუძე; ესეც კოლხეთია. ლაშქრობა კოლხეთში სიმბოლურად, იმაგინატიურად არის ლაშქრობა სულიერი სიბრძნის, მისტერიალური სიბრძნის მოსაპოვებლად, რომელიც იმჟამად შემონახული იყო მხოლოდ კოლხეთში და აღარ არსებობდა უკვე საბერძნეთის ტერიტორიაზე, აღარც ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში. ისევე როგორც კრეტაზე წასვლა თეზეოსის არის აგრეთვე იმ სიბრძნის მოპოვება, რომელიც ელინურ საბერძნეთში იმჟამად აღარ არსებობდა.
აი, დავუკვირდეთ, უდიდესი გმირები საბერძნეთისა – თეზეოსი, ჰერაკლე და იაზონი (სხვათა შორის , ჰერაკლეც ახლავს არგონავტების ხომალდს) იმ ქვეყნებში ლაშქრობენ სულიერი სიბრძნის მოსაპოვებლად, რომელნიც წარმოშობით პროტოქართული, პროტოიბერიული იყო. ასეთი არის მისონური კრეტა (სხვათა შორის, „მინოს“ ნიშნავს აზრის მატარებელს, მოაზროვნეს) და თეზეოსის ჩასვლა მინოსში, მის მიერ მინოტავრის მოკვლა, ლაბირინთოსში შესვლა და მისი ლაბირინთოსიდან გამოსვლა არის სწორედ იმ მისონურ კულტურასთან ზიარება, რომელიც უფრო ძველია, ვიდრე ძველბერძნული კულტურა, უფრო ამაღლებულია მასზე. ასევეა ძველკოლხური კულტურა, რომელიც რომელიც იმჟამად უფრო მაღალ დონეზე იყო, ვიდრე საბერძნეთის კულტურა. (შემთხვევითი როდია, რომ მინოსს ცოლად ჰყავდა აეტესის დაი, პასიფაე). ასე რომ ამ გმირების ლაშქრობები მუდამ ქართველურ ქვეყნებთანაა დაკავშირებული. ჰერაკლეც ასევე მიდის პირინეის იბერიაში ჰესპერიდების ბაღნარში ვაშლების მოსაპოვებლად.
ამავე დროს, ორფეოსის შესახებ მითიც მოგვითხრობს, რომ ორფეოსის მთავარი მიზანი იყო პელაზგი წინაპრების კულტის აღორძინება. ორფეოსი წარმოშობით პელაზგია, ძე ვაგრისი (ორფეოსის მამის სახელი, სხვათაშორის, პირდაპირ ემთხვევა კოლხეთის სახელს: ეგრისი – ეგრი). მისი მიზანი იყო აღორძინება იმ პელაზგური კულტურისა, რომელიც ელინურ პერიოდში გადაგვარდა და დაკნინდა.
რაც შეეხება არგონავტების ლაშქრობას, როგორც წეღან მოგახსენეთ, აქ არის მოცემული ძველბერძნული, დორიული ინიციაციის სხვადასხვა ეტაპები და შემთხვევით არ არის, რომ დირიული, აქტიური ინიციაცია დაკავშირებულია კოლხეთთან და კოლხურ სამყაროსთან. ხოლო შუა საუკუნეებში თვით ბიზანტიურ ღვთისმეტყველებაშიც კი გერმანე კონსტანტინოპოლელ პატრიარქის მიერ არის შექმნილი ძეგლი „სასწაულნი მთავარანგელოზთანი“, რომელშიც აღწერილია არგონავტების ლაშქრობა კოლხეთში, რომელსაც მფარველობს მიქაელი, ქრისტიანული მთავარანგელოზი, და არგონავტებს გამოეცხადებათ „ცით მოვლენილი ძლიერებაი საზარელი“, ანუ მიქაელ მთავარანგელოზი და ჯწინასწარმეტყველებს მათ მომავალში გამარჯვებას. აი, დაუკვირდით, როგორი გაგებაა წარმართული მითისა ერთი შეხედვით ეგზოტერული ეკლესიის წარმომადგენელთან – გერმანე პატრიარქთან. ე. ი. „ცით მოვლენილი ძლიერებაი საზარელი“ არის მიქაელ მთავარანგელოზი და არგონავტების ლაშქრობა დაკავშირებულია მიქაელის მისსიასთან, რომელიც არის უმთავრესი მზიური მთავარანგელოზი ქრისტიანობისა, ძალი ღვთისა, როგორც მას განმარტავენ (მნიშვნელოვანია, რომ გერმანე პატრიარქი წარმოშობით კოლხი, ლაზი იყო).
აი, ასეთი კავშირები არსებობს წარმართულ და ქრისტიანულ ინიციაციას შორის, რაც დაკავშირებულია უძველეს პროტოქართულ მისტერიალურ ცენტრებთან.
იაზონი, როგორც ფიგურა, როგორც გმირი, პინდარეს მეოთხე ოდაში მოხსენიებულია ვეფხისტყაოსნად.
ე. ი. იაზონი არის აგრეთვე ვეფხისტყაოსნის გმირი. ის არა მხოლოდ ოქროს საწმისის მომპოვებელა, არამედ ვეფხისტყაოსნიც გმირი არის და, საერთოდ, ვეფხისტყაოსანი გმირებიც დაკავშირებული არიან უძველეს, პროტოქართულ სამყაროსთან, თუმც ვეფხისტყაოსანი ქურუმები ეგვიპტის მისტერიებშიც გვხვდება. სხვათა შორის, ტროელი პარისიც ვეფხისტყაოსანია, ტროაშიც გმირებს ვეფხის ტყავი მშსავთ. დიონისეს პროცესიებს, სხვათა შორის, მიუძღვის ვეფხი. თავად დიონისეც ვეფხისტყაოსანია. ასე რომ, ვეფხის ტყავი უძველესი ტოტემური სახეა იაფეტური კაცობრიობისა, კავკასიური რასსისა.
ახლა მინდა დავუბრუნდე დასაწყისს, როდესაც ვმსჯელობდით უძველეს პროტოიბერიულ მოდგმაზე. უნდა მოგახსენოთ, რომ მეცნიერებაში დამკვიდრდა აკადემიკოს ნიკო მარრის ტერმინი – იაფეტური მოდგმა, იაფეტური ენა. რას ნიშნავს ეს?
თქვენ მოგეხსენებათ, რომ არსებობს გაგება სემიტური კაცობრიობის, სემიტური ენებისა, სემიტური მოდგმისა. არსბობს გაგება ქამიტური მოდგმისა, რომელიც უკავშირდება ძველ ეგვიპტეს, აფრიკას. და არსებობს აგრეთვე საფეტური მოდგმა. ეს სამი ძმა ბიბლიაში სიმბოლურად ასახავს ატლანტურ, წარღვნამდელ კაცობრიობისას. კერძოდ, ნოე ასახავს ატლანტუურ, წარღვნამდელ კაცობრიობას, ე. ი. კაცობრიობის განვითარების იმ ეტაპს, რომელიც ატლანტიდის წარღვნამდე არსებობდა. ხოლო მისი ძენი არიან უკვე ატლანტიდის შემდგომი კახობრიობის წარმომადგენლები. ერთ-ერთი ამათი შტო არის იაფეტური და, სხვათა შორის, იაფეტი ძველი აღთქმისა დაკავშირებულია ძველი ბერძნული მითოლოგიის იაპეტოსთან. შემთხვევითი არ არის, რომ პრომეთეს მამა იაპეტოსია. მისი იდენტურია იაფეტი და ყოველივე ამასთან დაკავშირებულია აგრეთვე პლანეტა იუპიტერი და იუპიტერის რასსა, ანუ თეთრი რასსა.
თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეზოტერიზმში რასსები დაკავშირებულნი არიან მნათობებთან. იუპიტერთან დაკავშირებულია თეთრი რასსა, მერკურთან – შავი, ვენერასთან – წითელი, ხოლო მარსთან ყვითელი, ანუ მონგოლური რასსა. იუპიტერის რასსის პირველადი რასსობრივი სუბსტრატი არის სწორედ სწორედ ეს იაფეტური, პროტოევროპული, პროტოიბერიული კაცობრიობა. აი, ასე უკავშირდება იუპიტერის რასსის მისსიას პროტოევროპული, ანუ პალეოკავკასიური, მედიტერანული რასსის მისსია. ეს ყოველივე, რაც შეეხება ანტიურ, წარმართულ ეპოქას, პერიოდს.
ახლა რაც შეეხება ქრისტიანულ პერიოდს. ქრისტიანობის შემოსვლა საქართველოში დაკავშირებულია პირველსავე საუკუნეებთან. არ არის შემთხვევითი, საქართველოში ორი მოციქული რომ იმყოფებოდა – ანდრსია და სვიმონ კანანელი – პირველი და უკანასკნელი მოციქულები. ანდრია იყო პირველწოდებული, სვიმონ კანანელი კი ყველაზე ბოლოს მივიდა ქრისტესთან. ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ისინი გამოხატავენ ალფას და ომეგას, ე. ი. დასაწყისსა და დასასრულს. რა როლი აქვა ქართველური მოდგმის ხალხებს ქრისტიანობის განვითარებაში, კერძლდ, მიქაელური ქრისტიანობის განვითარებაში და რატომ ეწოდება გეორგია საქართველოს?
თქვენ მოგეხსენებათ, რომ მიქაელ მთავარანგელოზი არის არსება, რომელსაც ჰყავს პროტოტიპები ანტიურ ეპოქაში, ქრისტემდელ ეპოქაში. ეს არის არსება, რომელიც გვევლინება ნაყოფიერების ღვთაებათა მცველ, ამინდის, ჭექა-ქუხილის ღვთებათა სახით, როგორც ძველ ინდოეთში ინდრა, მესოპოტამიურ სამყაროში მარდუკი, პალეოკავკასიურ სამყაროში ტარჰუ, ამინდისა და ჭექა-ქუხილის ვეფხისტყაოსანი ღვთაება. მას გამოქვაბულებში ყოველთვის ვეფხის ტყავით მოსილად გამოსახავდნენ. ვეფხის ტყავი არის ატრიბუტი იმ არსებისა, რომელსაც ანტიურობაში იცნობდნენ როგორც ინდრას, მარდუკს, ტარჰუს, ქრისტიანობის ეპოქაში კი იცნობენ როგორც მიქაელს და წმინდა გიორგის. წმინდა გიორგი არის მიწიერი ასპექტი მიქაელისა. მიქაელი არის სულიერი სამყაროს ასპექტი, აზროვნებათა ასპექტი, ხოლო წმინდა გიორგი არის მიქაელის ასპექტი ისტორიულ პლანში, ფიზიკურ სამყაროში. რატომ უკავშირდება საქართველოს სახელი გეორგიას? წინადადების გაგრძელება ნათელს ჰფენს ამ მეგობრობის არსსაც: „ყოველივე საიდუმლოი ამას ენასა შინა დამარხულ ერს“. როგორც ლაზარე-იოანე იყო მფლობელი კაცობრიობის ყოველი ეზოტერული საიდუმლოსი, ანუ საიდუმლო სიბრძნისა, ასევეა დამარხული, ე. ი. შემონახული ყველა ეს საიდუმლო საქართველოში, ქართველ ერში და არეკლილია მის ენასა და კულტურაში. მაგრამ გადაჭარბება იქნებოდა იმის თქმა, რომ ლაზარე და საქართველო იყვნენ მფლობელნი იესო ქრისტეს ყველა ეზოტერული საიდუმლოსი, როგორც ამას ამტკიცებს ზოგი მკვლევარი, ვინაიდან იოანეს სახარების თვალსაზრისით, ვერც ლაზარე და ვერც რომელიმე მოციქული ვერ იქნებოდა მფლობელი ქრისტეს ყველა ეზოტერული საიდუმლოსი, რამეთუ თავად მაცხოვარი ეუბნება თავის რჩეულ მოწაფეთა წრეს იოანეს სახარების ფინალში:
„ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ აწ არღა ძალგიც ტვირთუად“ (იოანე 16. 12), რაც იმას ნიშნავს, რომ იესო ქრისტემ შესძლო გადაცემა თავის მოწაფეთათვის თავისი ეზოტერული სიბრძნის მხოლოდ ნაწილისა. მას სურდა მეტის გადაცემა, მაგრამ ისინი ჯერ არ იყვნენ ამისთვის მომწიფებულნი (ეს ლაზარესაც ეხება). გარდა ამისა, იოანესეული თვალსაზრისით, ქრისტეს ყველა საიდუმლოს არა თუ მისი მოწაფენი, მთელი სამყაროც ვერ დაიტევს: „და არიან სხუანიცა მრავალ, რომელი იქმნა იესო, რომელნი, თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები. ამინ“ (იოანე 12. 25).
ასე რომ, საუბარია არა ქრისტეს ყველა ეზოტერულ საიდუმლოზე, არამედ იმ სიმდუმლოებაზე, რომელთა გადაცემაც მან შეძლო თავის მოწაფეთათვის და კაცობრიობისათვის საერთოდ. მართალია, ძეგლში ნახსენები ნათლისღება ქრისტიანული ინიციაციაა, საიდუმლო სიბრძნესთან ზიარებაა, მაგრამ აშკარად ნაძალადევად გვეჩვენება ცდა „ქებაის“ გნოსტიკური ხასიათის ძეგლად გამოცხადებისა და მისი IV საუკუნით დათარიღება. სხვა რომ არ იყოს რა, გნოსტიკური ძეგლი წმ. ნინოსა და წმ. ელენე დედოფალს, ორთოდოქსული ეკლესიის ბურჯებს, ავტორიტეტებად არ მოიხსენიებდა, არამედ დაიმოწმებდა ბასილიდეს, ვალენტინუსს ან სხვა გნოსტიკოსებს და არა ეკლესიის შვილებს.
გნოსტიციზმი მართალია, სწვდებოდა სახარების სულიერ სიღრმეებს და საიდუმლოებებს, მაგრამ ვერ იაზრებდა სწორად იესო ნაზარეველის მიწიერი ცხოვრების ფაქტებს, განსაკუთრებით კი მის ფიზიკურ სიკვდილს ჯვარზე. გნოსტიკოსნი ხედავდნენ ქრისტეს ღვთაებრივ მხარეს, მაგრამ ვერ ამჩნევდნენ მის ადამიანურ მხარეს. ამის შედეგად, მათი აზრით, ჯვარს ეცვა არა რეალური სხეული ქრისტესი, არამედ ე. წ. „მოჩვენებითი სხეული“, ხოლო ზოგი გნოსტიკოსის აზრით, ჯვარს ეცვა სვიმონ კვირინელი და არა ქრისტე. ასე ასწავლიდა, მაგ., გნოსტიკოსი ბასილიდეს (იხ. ე. ბოკი, სახარების კომენტარები, ტ. II, შტუტგარტი, 1971, გერმ. ენაზე). ყოველივე ამის გამო გნოსტიციზმში ვერ იარსებებდა ქრისტესეული ნათლისღების, სიკვდილით ნათლისღების იმგვარი გაგება, როგორიც გვხვდება იოანე-ზოსიმესეულ ძეგლში. გარდა ამისა, ძეგლში გვხვდება კიდევ ერთი ნიუანსი, რომლისთვისაც დღემდე არც ერთ მკვლევარს არ მიუქცევია ყურადღება და რომელიც გამორიცხავს მის მიკუთვნებას რომელიმე არაორთოდოქსული მიმდინარეობისადმი. ეს არის ძეგლის ყველა ხელნაწარში დავით წინასწარმეტყველის მოხსენიება „წ. წინასწარმეტყველად“, ე. ი. წმინდანად, რაც პირწმინდა ეკლესიური სპეციფიკაა და გნოსტიკოსთა ნომენკლატურისათვის უცხოა.
გარდა ამისა, თუ „ქებაი“ ერეტიკული მოძღვრების შემცველია, მაშ რა საწაულით გადარჩენილა და შემონახულა საუკუნეთა მანძილზე ეს ნაწარმოები, ისიც სინას მთის მონასტერში ღიად, აშკარად, ნუთუ იქ არ აღმოჩნდა არც ერთი მცნობი ერეტიკული მოძღვრებისა? ვით „შეეპარა“ „ყოვლისგამანადგურებელ“ ეკლესიას ერეტიკული თხზულება?
ხსენებული გამოკვლევის ავტორი „ქებაის“ უწოდებს ესქატოლოგიური მისტიკის ნიმუშს. ეს გამოთქმა უნდა დაზუსტდეს. კერძოდ, „ქებაი“ არის იოანეს სახარებისა და აპოკალიპსისის კომენტარი, ეგზეგეზა ესქატოლოგიური მისტიკის თვალსაზრისით. არსებობს თვალსაზრისი, თითქოს ორთოდოქსია ებრძოდა ყოველგვარ ეზოტერიზმს და ინიცინაციურ სიბრძნეს. ამგვარი მტკიცებისას საჭიროა მეტი სიფრთხილე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია აღმოსავლეთის ეკლესიაზე . უწინარეს ყოვლისა არ უნდა დავივიწყოთ, რომ არეოპაგიტული ტრაქტატები შეიქმნა აღმოსავლური ეკლესიის წიაღშივე, ხოლო „საიდუმლო ღვთისმეტყველება“, რომელზედაც საუბრობს დიონისე არეოპაგელი, არის იგივე ეზოტერული მოძღვრება, ანუ საიდუმლო სიბრძნე, რომელიც ყოველთვის დაწერილი სახით როდი არსებობდა, არამედ ზეპირი გადმოცემის, ე. წ. „ლოგიას“ სახით, აგრეთვე წიგნების სახით, რომელთაც ეწოდებათ „დაფარული“ წიგნები, ე.წ. „აპოკრიფები“.
აღსანიშნავია, რომ სიტყვა დოგმატიც თავდაპირველად ეკლესიურ ენაზე აღნიშნავდა საიდუმლო მოძღვრებას. მაგალითად, ეკლესიის ერთ-ერთი ბურჯი ბასილი დიდი აბობდა: „ეკლესიაში არსებული დოგმატებიდან და ქადაგებებიდან ზოგიერთი გვაქვს საღვთო წერილის მოძღვრებაში, ხოლო ზოგიერთი გადმოცემული გვაქვს საიდუმლოდ, მოციქულთა ტრადიციით… დოგმატის შესახებ ვდუმვართ, ქადაგებას კი ხალხს ვამცნობთ“ (სულიწმინდის შესახებ, გვ. 322). მეორე მამა ეკლესიისა, წმ. კირილე იერუსალიმელი აღნიშნავს: „წარმართებს არ ვუქადაგებთ სიდუმლო მოძღვრებას მამაზე, ძეზე და სულიწმიდაზე, თვით კათაკმევლებსაც კი საიდუმლოთა შესახებ ვესაუბრებით ბუნდოვნად, ბევრ რამეზე გადატანით მივანიშნებთ, რათა მცოდნენი და მორწმუნენი ჩასწვდნენ, ხოლო უცოდინარნი არ დაზიანდნენ (თხზულებანი, XXV, § 29, გვ. 103).
მსგავსი თვალსაზრისი აქვს აგრეთვე გამოთქმული იოანე ოქროპირს ზიარების შესახებ, გრიგოლ ღვთისმეტყველს ნათლისღების შესახებ თავის მეორმოცე ჰომილიაში, ასევე სხვა მამებს ეკლესიისას. გერმანელი მეცნიერი ავგუსტი ჩამოთვლის ბერძნულ ტერმინებს, რომელთაც ხმარობდნენ ეკლესიის მამები ეზოტერული წესის აღსანიშნავად: ეპიკრიფის, სიოპე, გნოზის, მისტერიოკრიფია, დოგმა, ტროპოს, პაიდეას და სხვა. ასევე ლათინი მამების ტერმინებს: ოკულტაციო, რეტიცენცია საკრორუმ, სილენციუმ საკრუმ, არკანუმ და სხვა. არსებობს აგრეთვე შუა საუკუნეობრივი საეკლესიო ტერმინი ეზოტერიზმის აღსანიშნავად „დისციპლინა არკანი“, ე. ი. საიდუმლო დისციპლინა. ყოველივე ამის საუკეთესო დადასტურებაა „ქებაი“-ს დარი ძეგლის არსებობა ეკლესიის წიაღშივე.
ამრიგად, როგორც ვხედავთ, „გნოზისი“ ეკლესიის მამების ერთ-ერთი ტერმინია მათი ეზოტერიზმის აღმნიშვნელი, თუ ამგვარ გნოზისს დავუკავშირებთ იოანე-ზოსიმეს „ქებაის“, მაშინ ეს მისაღები იქნება, ეკლესიასთან დაპირისპირებულ გნოსტიკოსთა მოძღვრებას კი ვერ გავაიგივებთ ამ ძეგლთან. მაგალითად, თვით ანტონ პირველიც კი ხმარობდა ტერმინ „გნოზისს“ ანალოგიური მნიშვნელობით თავის „ღვთისმეტყველებაში“, სადაც ამბობს, რომ „გონება-მზე“ პეტრიწმა შემოიღო – „გნოსისინი აზნაურთა და თავისუფალთა ცნობათანი“.
ასე რომ, ამ სიტყვას თვით ანტონ კათალიკოსიც არ თვლიდა ეკლესიისათვის უცხოდ. ხსენებული გამოკვლევის ავტორის (ე. ჭელიძის) თქმით, III-IV საუკუნის ორთოდოქსიმ მთლად მოსპო გაგება ნათლისღებისა ვითარცა საიდუმლოსი და რომ მას შემდეგ ქრისტიანულმა ნათლისღებამ ეკლესიაში მიიღო მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა (გვ. 12-128). სინამდვილეში მეოთხე საუკუნის ეკლესიის მამა კირილე იერუსალიმელი თავის „მისტაგოგიურ კათეხიზმოში“ წერს, რომ, მართალია, ნათლისღებისას სამგზის წყალში ჩაძირვა სიმბოლურად განასახიერებს ქრისტეს სამ დღეს საფლავში ყოფნას, მაგრამ ეს მიბაძვა ქრისტესი არ არის მხოლოდ ხატი, სახე, „ეიკონ ჰე მიმეზის“, ვინაიდან თავად ნათლისღება არის რეალობა, რომლითაც ჩვენ რეალურად ვღებულობთ ხსნას (კირილე იერუსალიმელი, მისტაგოგიური კათეხიზმო, პარიზი, 1966. ფრანგ. ენაზე, გვ. 114). შემდეგ კირილე იერუსალიმელი განაგრძობს, რომ ნათლისღება არის ცოდვათა მიტევება რეალურად და განწმენდა რეალურად და ა. შ. ასე რომ, ნათლისღება მართლმადიდებლური ეკლესიისათვის ერთ-ერთი საიდუმლოა, მისტერიონია. ნათლისღება სიმბოლურ ხასიათს ატარებს მხოლოდ პროტესტანტულ ეკლესიაში, ისევე როგორც სხვა საიდუმლონი, ხოლო პროტესტანტული და მართლმადიდებლური ეკლესიების პრაქტიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ.
ავტორი ადამიანის არსების სამწევროვნების შესახებ მოძღვრებას, ანუ ტრიქოტომიას (რომელსაც იგი შეცდომით ადამიანის პიროვნების სამნაწილოვნებას უწოდებს) გნოსტიკოსტა საკუთრებად თვლის. სინამდვილეში ეს მოძღვრება უფრო ადრე ჩამოყალიბებულია პავლე მოციქულის ეპისტოლეებში (1 კორ. 2. 14, 5. 44-17) და მას იზიარებს აღმოსავლეთის ეკლესიაც, ხოლო კათოლიკურმა ეკლესიამ დაგმო იგი მხოლოდ მერვე საეკლესიო კრებაზე მეცხრე საუკუნეში და დატოვა დიქოტომია, ანუ ორწევროვნება (სამშვინველისა და სხეულისა). უცნაურად ისმის, აგრეთვე, ავტორის მტკიცება იმის შესახებ, რომ თურმე „ქრისტიანობის მიღებით ქართული ენა მოკვდა“ (გვ. 138), მაშინ როდესაც სწორედ ქრისტიანობის მიღების შემდეგ დაიწყო ქართული ენისა და მწერლობის არნახული აღორძინება.
ხოლო ქართული ენის ქრისტიანობამდელი სიცოცხლისა და აყვავების რაიმე დოკუმენტი თუ ეგულება ავტორს სადმე, ეს უდიდესი აღმოჩენა იქნებოდა. ასეთი შეხედულება არც იოანე-ზოსიმეს უნდა მივაწეროთ, ვინაიდან შეუძლებელია მას არ სცოდნოდა, თუ რა მოუტანა ქართველ ერს, ქართულ ენასა და მწერლობას ქრისტიანობამ.
ახლა დავუბრუნდეთ ისევ გამოთქმას „ყოველივე საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს“. როგორც ითქვა, საუბარია არა ქრისტეს ყველა ეზოტერულ საიდუმლოზე, არამედ იმ საიდუმლოებაზე, რომელთა გადაცემაც მან შესძლო თავის მოწაფეთათვის და კაცობრიობისათვის. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ როგორც მოციქულნი, ასევე ეკლესიის მამები ხედავდნენ ერთიანობას ქრისტიანულ საიდუმლო სიბრძნესა და ანტიკურ მისტერიალურ სიბრძნეს შორის – რომელიც აგრეთვე ღვთისაგან მომადლებულად მიაჩნდათ.
ამ სიბრძნის არსს ასე განმარტავდა პავლე მოციქული: „არამედ ვიტყვი სიბრძნესა ღმრთისას საიდუმლოდ დაფარულსა მას, რომელი პირველადვე განაჩინა ღმერთმან უწინარეს საუკუნეთა სიდიდებლად ჩუენდა“(1კორ.2. 7). ასევე ესმოდათ ეს ერთიანობა იუსტინე ფილოსოფოსს, ბასილი დიდს, ნეტარ ავგუსტინეს და სხვათა. სიმბოლიკა ქრისტიანობის პირველი საუკუნეების ხელოვნებისა ნათელყოფს. თუ რაოდენ ღრმა კავშირს ხედავდნენ პირველქრისტიანები ანტიკურ მისტერიებსა და ქრისტიანობას შორის. ასე მაგალითად, კატაკომბების ფერწერაში გავრცელებულია მოტივი, სადაც ქრისტე ფიგურირებს როგორც მისტერიათა იეროფანტი კვერთხით ხელში, რომელითაც იგი აცოცხლებს მიცვალებულ ლაზარეს, რაც ასახავს იმ ფაქტს, რომ ანტიკური ინიციაციის კერების პრაქტიკა ინიციატის სამდღიანი სატაძრო სიკვდილისმაგვარი ძილისა, რომლისგანაც მას აცოცხლებდა იეროფანტი (რაც ხდებოდა მისტერიებში დაფარულად), ქრისტემ სახალხოდ განახორციელა ლაზარეს აღდგინებით.
ასე რომ, ლაზარეს ინიციაცია ანტიური ინიციაციის გზის ახალი ეტაპი იყო. ასეთივე ღრმა კავშირი არსებობდა მზის („სოლ ინვიქტუსის“) ანტიკურ კულტსა და ქრისტიანულ კულტს შორის. არსებობს ადრექრისტიანული გამოსახულებები, სადაც „სოლ ინვიქტუს“ ფიგურირებს როგორც ქრისტე, სააღდგომო ლიტურგიის შემსრულებელი (იხ. ე. ზაუსერი, ადრექრისტიანული ხელოვნება, მიუნხენი, 1966 წ. გვ. 393, გერმ. ენაზე).
პროტო-ქართული მოდგმა და კულტურა პრეისტორიული ხანიდან უაღრესად მჭიდროდ იყო დაკავშირებული მისტერიათა კულტურასთან. უფრო მეტიც, იგი იყო შემქმნელი ამ მისტერიათა, იყო მათი კულტურტრეგერი, რაც მოსჩანს არგონავტების მითიდან, აგრეთვე ანტიურობის მწერალთა და ისტორიკოსთა სხვა წყაროებიდან, აგრეთვე „ქართლის ცხოვრებიდან“, სადაც მოთხრობილია ფარნავაზის ინიციაცია სულიერი მზის მიერ, აგრეთვე ქვაბში საუნჯის პოვნა, რაც საყოველთაოდ ცნობილი სიმბოლოა მისტერიალურ სიბრძნესთან ზიარებისა. შემდგომში საქართველო ეზიარა ახალ, ქრისტიანულ სიბრძნეს, ქრისტიანულ ინიციაციას „ახალი ნინოს“ მეშვეობით.
აი, რას გულისხმობს იოანე-ზოსიმე, როდესაც ამბობს, რომ „ყოველივე საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს“. საქართველო გადმოცემით ღვთისმშობლის წილხვდომილია. ღვთისმშობელი, სოფია, ანუ ზეციური დედა ეზოტერული თვალსაზრისით არის დედა მისტერიებისა, იზიდა, „მაგნა მატერ“ ყველა ანტიური რელიგიებისა და კულტებისა. ხოლო პირველქრისტიანთა და ეკლესიის მამათა გაგებით იგი არის სულიწმიდის მიწიერი გამოცხადება, სულიწმიდისა, რომელიც არის მომცემელი ჭეშმარიტი საღვთო სიბრძნისა (სოფიასი) და ამავე დროს ცოდვათაგან განწმენდის მადლისა. სახარებაში მას ეწოდება აგრეთვე პარაკლეტი, ანუ ნუგეშინისმცემელი (იხ. მ. პარმენტიერი, წმ. გრიგოლ ნოსელისეული დოქტრინა სულიწმიდისა. „ეკლეზიასტიკოს ფაროს“, ალექსანდრიის საპატრიარქოს ჟურნალი, 1976, ტ. 60, გვ. 697)
იოანეს სახარებაში მაცხოვარი ამცნობს თავის მოწაფეებს, რომ მომავალში სულიწმიდამ უნდა ამხილოს სოფელი ცოდვისათვის და ამავე დროს უნდა მოჰმადლოს რჩეულებს ჭეშმარიტი საღვთო სიბრძნე:
„არამედ ჭეშმარიტსა გეტყვი თქუენ: უმჯობეს არს თქუენდა, რაითა მე წარვიდე. უკუეთუ მე არა წარვიდე ნუგეშისმცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა; უკუეთუ მე წარვიდე, მოვავლინო იგი თქუენდა. და მოვიდეს იგი და ამხილოს სოფელსა ცოდვისათვის და სიმართლისათვის და სასჯელისათვის. ცოდვისათვის ესრეთ, რამეთუ არა ჰრწმენა ჩემდა მომართ, ხოლო სიმართლისათვის, რამეთუ მე მამისა ჩემისა მივალ და არღარა მხედვიდეთ მე. ხოლო სასჯელისათვის, რამეთუ მთავარი იგი ამის სოფლისაი დასჯილ არს“ (იოანე 16. 7-11).
ამრიგად, სახარების მიხედვით, სულიწმიდის მისსია არის კაცობრიობის ცოდვათა, ანუ „ყველა ენათა“ ცოდვათა მხილება. იგივე მისსია ეკისრება ქართველ ერს მოსავალში იოანე-ზოსიმეს თვალსაზრისით. ეჭვგარეშეა, იგი, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი, სულიწმიდის მიერ კაცობრიობის მომავალ მხილებას ქართველ ერს იმის გამო უკავშირებს, რომ საქართველო არის წილხვდომილი ღვთისმშობლისა, ხოლო ღვთისმშობელი არის სულიწმიდის მიწიერი გამოცხადება. შემთხვევითი როდია ის გარემოება, რომ გადმოცემით ღვთისმშობელს წილად ერგო საქართველო სულიწმიდის გადმოსვლის დღეს, ანუ მარტვილიას.
ამრიგად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქრისტემ თავისი მიწიერი მსახურების მანძილზე გადასცა საღვთო სიბრძნე თავის მოწაფეებს, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ, ვინაიდან ისინი არ იყვნენ ჯერაც მომწიფებულნი საამისოდ, არ ძალედვათ „ტვირთვა“ ამ სიბრძნისა. მაგრამ იგი ამცნობს მათ, რომ მომავალში სულიწმიდა, ანუ სული ჭეშმარიტებისა გადასცემს მათ ამ სიბრძნეს: „ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ აწ არღარა ძალგიც ტვირთვად, ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაი, გიძღოდის თქუენ ჭეშმარიტებასა ყოველსა, რამეთუ არა იტყოდის თავით თვისით, არამედ რაოდენი რაი ესმის, იტყოდის და მომავალი იგი გითხრას თქუენ“ (იოანე 16.12–13). ამრიგად, სულიწმიდა არის კაცობრიობის მამხილებელი და ამავე დროს „ყოველი საიდუმლოს“, ანუ საიდუმლო სიბრძნის მომმადლებელი. ასევეა ქართული ენა, ქართული მოდგმა, ვინაიდან მისი მისსია იგივე სულიწმიდის მისსიაა, ე. ი. სულიწმიდა ქართული ენის, ანუ ქართული მოდგმის მეშვეობით განახორციელებს თავის მისსიას, როდესაც ამხელს კაცობრიობას მეორედ მოსვლის ჟამს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მეორედ მოსვლისას ქართველ ერსა და მის ენას ეკისრება იმ მისსიის აღსრულება, რომელიც გააჩნიათ, იოანეს სახარებისა და აპოკალიპსისის გაგებით, ერთი მხრივ, ქრისტესა და მიქაელ მთავარანგელოზს, ხოლო მეორე მხრივ, სულიწმიდას და გაბრიელ მთავარანგელოზს, ვინაიდან სულიწმიდის ნების განმცხადებელი, მისი „პირი“ არის გაბრიელ მთავარანგელოზი, რომელმაც ახარა ღვთისმშობელს სულიწმიდით ჩასახვა და რომელიც დაკავშირებულია აგრეთვე სულიწმიდის მომავალ მისსიასთან. ასევე ითვლება მიქაელი ძის, ანუ ქრისტეს „პირად“.
აი, რატომ არიან დავითის IV საუკუნის სტელებზე გამოსახულნი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები, რომელთაც სასოებით უპყრიათ ხელთ დაფა ქართული ანბანის გამოსახულებით! სხვათა შორის, ხსენებული აღმოჩენის შესახებ გ. აბრამიშვილი და ზ. ალექსიძე გაკვრით აღნიშნავდნენ, რომ ძველი ქართული მწერლობის ძეგლებში „ენა“ ხალხსაც ნიშნავს, თუმცა ამ დებულებას აღარ უკავშირებენ იოანე-ზოსიმეს „ქებაის“.
ბრდაძორის მეექვსე საუკუნის სტელაზე, როგორც ავტორები აღნიშნავენ, ვხვდებით იკონოგრაფიისათვის სავსებით უჩვეულო თემას: სუდარაში გახვეულ ლაზარეს ამაღლებასა და განდიდებას მეორედ მოსვლის დროს, როდესაც მიქაელ მთავარანგელოზი ამცნობს საყვირით კაცობრიობას მეორედ მოსვლის დადგომას. ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ იმ ეპოქის საქართველოში იცოდნენ ეზოტერული საიდუმლო ლაზარესა და იოანეს იგივეობისა, ვინაიდან აპოკალიპსისში მეორედ მოსვლის მოვლენების აღწერისას ლაზარე სავსაბით არ არის ნახსენები, ხოლო იოანე ესქატოლოგიური ხილვით ჭვრეტს თავისთავს მიქაელ მთავარანგელოზის გვერდით მეორედ მოსვლის დადგომის ჟამს (გამოცხ. 19, 9-21). ასე რომ, ბრდაძორის სტელაზე გამოსახული ლაზარე იგივე იოანეა.
[1] ე. ჭელიძე, გნოსტიკური ხასიათის ძეგლი, „მნათობი“, 1983, № 12.
[2] იხ. „ღვთისმშობლის ქება, ექვთიმე მთაწმინდელის მიერ თარგმნილი (ფონდი A, ხელნაწერი № 40), სადაც ავტორი ასახელებს წყაროებად „დაფარულ წერილებს“, ე. ი. ეზოტერულ წყაროებს.
[3] იხ. ე. ბოკი, რ. გოებელი, კატაკომბები, შტუტგარტი, 1961 (გერმ. ენაზე)
[4] შდ. ე. ბოკი, იესოს ბავშვობა და ყრმობა, შტუტგარტი, 1939 წ. გვ. 155 (გერმ. ენაზე), აგრეთვე: ა. დრევსი, ქრისტესეული მითი, 1911, გვ. 136 (ინგ. ენაზე).
[5] გ. აბრამიშვილი, ზ. ალექსიძე, „აღმოჩენა არაგვის ხეობაში“ („კომუნისტი“, 1985 წ. 19 მაისი).
მარტი 2, 2010
ქრისტიანული სარწმუნოება და ქართველი ერი
* * *
“სარწმუნოების აღორძინება იხსნის საქართველოს”
* * *
“სანამ ჭეშმარიტი რელიგია არ აღდგება ჩვენში, ჩვენს ერს გადარჩენა არ უწერია”.
* * *
“სამწუხაროდ, მრავალი დადებითი პიროვნება, კარგი მამულიშვილი ან უღმერთოა, ან მცირედ მორწმუნე. ასეთებს უნდა შევაშველოთ ხელი დახმარებისა. ისინი არ უნდა შევიძულოთ, მოთმინებით უნდა ვიზრუნოთ მათი გადარჩენისათვის, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცევისათვის”.
* * *
“ქართველობა გააერთიანა ქრისტიანობამ”.
* * *
“ჩვენი მტრები დღესაც ანგარიშს უწევენ იმ გარემოებას, რომ ეკლესია მუდამ იყო და არის საქართველოს კულტურულ-ეროვნული ერთიანობის დიდი ფაქტორი”.
* * *
“მტრის სადაზვერვო სამსახურების აგენტების ადგილი ეკლესიაში არ არის. ჩვენი ეკლესია უნდა განიწმინდოს მათგან, რათა ერთი არ დაიღუპოს. საჭიროა ახალი რუის-ურბნისი”.
* * *
“ჩვენს ეკლესიას სჭირდება განწმენდა. ძველი კომუნისტური დროიდან ბევრი უარყოფითი მოვლენა და პიროვნება გადმოჰყვა ამ ახალ პერიოდს. საბოლოოდ იგი უნდა იქცეს ჭეშმარიტად წმინდა ეკლესიად. საერთოდ, ვთვლი, საჭიროა საეკლესიო კრების მოწვევა და დიდი წმენდა კადრების სფეროში. საჭიროა ახალი რუის-ურბნისის კრება!”-
* * *
“ხალხს უნდა განვუმარტოთ განსხვავება ეკლესიასა და ფიზიკურ ტაძარს შორის. ეკლესია სულიერი გაგებაა, ეკლესია სულიერად არსებობს და ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას ვერასოდეს მოერევიან; ეკლესია მოძღვრებაა, ღვთის, ზეციურ არსებათა და წმინდანთა ერთობლიობაა. ეკლესია იდეაში არსებობს, ხოლო ტაძარი მატერიალურია და ამქვეყნად არსებობს. ყველა ტაძარიც რომ შემუსროს ბოროტმა ძალამ თავისი მსახურებითურთ, ეკლესიას მაინც ვერ გაანადგურებს. ანტიქრისტეს ძალუძს თავისი გადაცმული მსტოვრები შეგზავნოს ტაძარში, ეკლესიაში კი ვერ შეგზავნის”.
* * *
“ქრისტიანული იდეალი ადამიანობისა, ქველმოქმედებისა, კეთილშობილებისა იმდენად შეესისხლხორცა ქართულ ბუნებას, რომ ცხოვრებისეულ სინამდვილეში ვლინდებოდა როგორც მისი თანდაყოლილი თვისება და არა როგორც სწავლითა და წვრთნით შეძენილი”.
* * *
“ქართველი ადამიანი ორგანულად, თანდაყოლილად შეიგრძნობდა ევანგელური მოძღვრების სისწორეს და ცხოვრებისეულად ახორციელებდა მას”.
* * *
“ხანჟობა”, როგორც ასეთი, უცხო იყო იმ ერისათვის, რომელიც მთლიანად, როგორც ერთი კაცი, ეწამა ქრისტიანული რწმენისათვის, რომელმაც წარმოსვა ასიათასობით მოწამეები, რომელმაც თავის ისტორიულ ამოცანად დაისახა ქრისტიანული იდეალის განხორციელება ცხოვრებაში, აზროვნებასა და ხელოვნებაში”.
* * *
“საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ჩვენი ისტორია, ცხოვრების წესი, ბრძოლა სარწმუნოებისათვის, ეროვნული დამოუკიდებლობისათვის, ეს არის მოწამეობრივი, ქრისტესმიერი გზა სიკეთისა, სიქველისა და სიყვარულისა”.
* * *
“დიახ, უპრეცენდენტოა ქართველი ერის მარტვილობა ქრისტიანული კულტურის სახელით”.
* * *
“(ვერაფერი” დააკნინებს სიდიადეს და შარავანდედს ჯვარცმული ქართველი ერისას, რომელმაც გამოიარა ისტორიის გოლგოთა და დღეს ახალ სულიერ-კულტურული აღორძინების გზაზე დგას”.
* * *
“მსხვერპლის უნარიანობა, იდეისათვის თავგანწირვა, მოყვასისათვის თავგანწირვა-აი, რა არის ძირითადი ჩვენს ეროვნულ ხასიათში”.
* * *
“მოყვასისათვის თავგანწირვაშია ქართული ისტორიის პათოსი და როდესაც დაუფიქრდები: რამ მოიყვანა ქართველი ერი დღემდის, რამ გადაარჩინა ისტორიის შემზარავ ქარტეხილებს, რწმუნდები, რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ თავისებურებამ. ეს თვისება სისხლში ჰქონდა გამჯდარი ერს. ეს თითქოსდა თანდაყოლილი, შესისხლხორცებული რამ იყო და არა გარეგანი, ეთიკური აღზრდის მიღწევა”.
* * *
“რა შობს მოყვასისათვის თავგანწირვას? სიყვარული, ყოვლისმომცველი, უსაზღვრო სიყვარული ადამიანისადმი. რა შობს თავისუფლებას? იგივე სიყვარული, ოღონდ სიყვარული უზენაესი ჭეშმარიტებისადმი”.
* * *
“მართლმადიდებლური ზნეობა ჩვენი ისტორიული ზნეობაა და ამას არ უნდა ვუღალატოთ”
* * *
“დღევანდელი ფართო გაგებით მართლმადიდებლობა უნდა იყოს ერის ცხოვრების საფუძველი… ეს ჩვენი ეროვნული იდეოლოგია იყო და დღესაც უნდა დარჩეს ეროვნულ იდეოლოგიად”.
* * *
“მე არ მიმაჩნია ჯანსაღ მოვლენად მოდერნიზმი და დღევანდელი გაგებით ეკუმენიზმი. ამას უნდა ვებრძოლოთ და ვამხილოთ”.
* * *
“სექტანტობა შეუთავსებადია ქართულ ცნობიერებასთან. უწინარეს ყოვლისა თავისი დაკნინებული, მწვალებლური აზროვნებით, ზნეობრივი დეგრადაციით. სექტანტობა ჩვენი მტრის მთავარი იარაღია”.
* * *
“მართლმადიდებლობა ქართული ცნობიერების საფუძველთა საფუძველია. შემთხვევითი როდია, რომ წმინდა გიორგის გვერდით დგას წმინდა ნიკოლოზი, კონფესიური მართლმადიდებლობის ბურჯი”.
* * *
“მართლმადიდებელ წმინდანთა და მოწამეთა სიმრავლითაც საქართველო პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში”.
* * *
“ქრისტიანობა არ გახლავთ მარტოოდენ სულიერი სიმაღლეების წვდომა, ჭეშმარიტი მორწმუნე პრაქტიკული საქმიანობითაცაა დაკავებული. სწორედ, ასეთი იყო კეთილი სამარიტელი, რომელიც ბოროტს სჭვრეტდა და ებრძოდა”.
* * *
“რა შეიძლება მოიფიქროს და მოიმოქმედოს დღეს ჭეშმარიტად მართლმადიდებელმა და საკუთარი ერის მოყვარე ქრისტიანმა? მთავარზე უმთავრესია ბრძოლა ჭეშმარიტი ქრისტიანობის აღორძინებისათვის. ქრისტიანობა არა მხოლოდ ქადაგებით, არამედ საქმით, ბრძოლა სატანასთან როგორც სულიერ, ასევე, ფიზიკურ პლანში”.
* * *
“ბოროტებისადმი დაუმორჩილებლობა ქრისტიანული ეთიკისა და პრაქსისის საფუძველთა საფუძველია. რა იყო პირველქრისტიანთა ცხოვრება, თუ არა უღმერთობისა და უზნეობისადმი დაუმორჩილებლობა?… ის, ვინც არ იბრძვის სიმართლისათვის და არ არის დევნილი, არც ქრისტიანია ამასთან”.
* * *
“ჭეშმარიტების სამსახური მარტო მის აღიარებაში როდი გამოიხატება. ეს სამსახური, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს სიცრუისა და ბოროტების მხილებას. მაცხოვარი ჩვენი მართლმხილებისათვის აცვეს ჯვარს, მართლმხილების ძალამ, ღვთის ძალამ აღადგინა იგი მკვდრეთით და ცად ამაღლდა”.
წიგნიდან: “აირჩიე, ქართველო ერო!” ზვიად გამსახურდიას გამონათქვამები