ზვიად გამსახურდია

სექტემბერი 24, 2010

ზვიად გამსახურდია: მითების თარგმანებანი

Filed under: Uncategorized — ტეგები:, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , — georgianeli @ 11:55 PM


“მითოლოგიაში მოცემულია კოსმიური და ადამიანური ყოფის არქეტიპული მოდელები. სწორად გაშიფრული მითი ადამიანური ცხოვრების მრავალ საიდუმლოს ხდის ფარდას”.

“ძველბერძნული მითოსი სინამდვილეში არის არა ძველბერძნული, არამედ პელაზგური მითოსი. ამას აღნიშნავდა დიდი გერმანელი ფილოსოფოსი შელლინგი და პელაზგურ ეპოქას საბერძნეთის განვთარებაში იგი განმარტავდა, როგორც საბიზმს ე.ი. ნათელხილვითი სიბრძნის ეპოქას”.

“მეცნიერებაში მიღებული თვალსაზრისია, რომ ტიტანები და გმირები ეკუთვნიან არაბერძნულ, წინაბერძნულ სამყაროს და წარმართავენ თავდაპირველად პელაზგურ კულტურას, ხოლო შემდეგ-შემოსულ აქაველთა კულტურას. ტიტანები და გმირები ზეკაცებია, რომელთაც მიიღეს ღვთაებრივი მეობის ნაბერწკალი”.

“შემთხვევითი არ არის, რომ კავკასიასთან დაკავშირებულია ბერძნული მითოსის უმთავრესი მომენტები. გაიხსენეთ არგონავტების ლაშქრობა, გაიხსენეთ პრომეთეს მიჯაჭვება კავკასიის ქედზე, რაც უმთავრესი მომენტებია ბერძნულ მითოლოგიაში”.

“მითოსის პერსონაჟთა მისია, მათი სულიერი რაობა ყოველთვის მათი სახელების მიხედვით განიმარტებოდა. სახელები მითოსის პერსონაჟებისა, ღმერთების, ნახევრადღმერთების, ტიტანების, გმირების სახელები იქმნებოდა მათი არსობრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე. კერძოდ, “პრო-მეთეო” ძველბერძნულად ნიშნავს წინასწარმეტყველურ აზროვნებას, წინასწარგანჭვრეტას”.

“იაპეტოსის სახელი ზენონ ელეელის მიერ განიმარტება, როგორც ზენა სამყარო, სულიერი სამყარო. იაპეტოს ე.ი. ის, რაც მიისწრაფის ზევით, სულიერი სამყაროსკენ. ე.ი. პრომეთე არის ზენა სამყაროს, სულიერ სამყაროს ძე, ანუ წინასწარმეტყველური აზროვნება”.

“ზევსი-პერსონიფიცირებული სახე ინდოევროპული კაცობრიობისა, მიმართავს პრომეთეს-პერსონიფიცირებულ სახეს პელაზგური, ანუ პროტოიბერიული კაცობრიობისას. “იაპეტოსის ძეო, უკეთილშობილესო ყველა მეუფეთა შორის, ყველაზე დიდო მცნობო მომავლისა, მეგობარო, რად დაანაწილე ხარი ამგვარად?” ზვიად გამსახურდიასეული თარგმანება: ” პრომეთე და მისი მიმდევარი ქურუმები მოატყუებენ ზევსს და მის ქურუმებს სამსხვერპლო ხარის დანაწილებისას. ეს მოტყუება სიმბოლოა იმისა, რომ მათი ინტელექტი უფრო განვითარებულია, რომ ის უფრო მაღლა იდგა მათ კულტურაზე. უფრო მაღლა იდგა შესაბამისად აზროვნებითი კულტურაც”.

“(ეთნოლოგიურ ასპექტში) პრომეთე არის სიმბოლო იმ მოდგმისა, იმ ხალხისა, რომელმაც უნდა განავითაროს მისტერიათა კულტურა, რომელიც არის შემქმნელი მისტერიათა კულტურისა და ყოველივე იმისა, რაც მოდის ამ მისტერიათა კულტურიდან. სახელდობრ, სულიერი განვითარებისა, ინიციაციისა და სულიერი აზროვნების”.

“ერთ-ერთი მთავარი ახსნა პრომეთეს მითისა კაცობრიობის ევოლუციაში, აზროვნების ევოლუციაში არის ის ეტაპი, როდესაც აზროვნება მიეჯაჭვება ადამიანის ფიზიკურ სხეულს-ადამიანის სულის ფიზიკურ სხეულში ჩამოსვლასთან ერთად და არის დატყვევებული ამ ფიზიკურ სხეულში, ხოლო გათავისუფლება პრომეთესი, რომელიც მიჯაჭვულია კავკასიის ქედზე, არის გათავისუფლება ამ აზროვნებისა სხეულებრივი საწყისისაგან. გათავისუფლებული პრომეთე არის გათავისუფლებული წინასწარმეტყველური აზროვნება, ხოლო მიჯაჭვული პრომეთე ადამიანის ფიზიკურ სხეულზე მიჯაჭვული აზროვნებაა.  ეს არის ეტაპი კაცობრიობის ევოლუციაში, რომელიც ცნობილია ადამიანური არსების, სულის ჩაძირვად ფიზიკურ სხეულში, ხოლო შემდეგ ხდება მატერიისაგან სულის გათავისუფლება. ეს არის პრომეთეს მითის სპირიტუალური, ფილოსოფიური ასპექტი”.

“ოთხ ელემენტს შორის-ცეცხლი, წყალი, მიწა, ჰაერი-ადამიანის “მე”-ს თვითებას, მეობას შეესაბამება ცეცხლი”.

“პრომეთეს მიერ ციდან ცეცხლის მოტაცება  მიკროკოსმული გაგებით თვითების, მეობის შეძენაა, ხოლო ღმერთების მიერ ტიტანების ტარტარში ჩამარხვა ადამიანის სულიერ მატერიაში ჩამოსვლაა, სხეულში ჩაძირვაა და გამკვიდრებაა, რითაც იწყება ადამიანის ინდივიდუალური ცხოვრება, აზროვნება და კულტურა”.

“იაპეტოსის ძე, პრომეთე, ოდესღაც აღზევებული  ტიტანი, ღმერთებისათვის ცეცხლის (ღვთაებრივი მეობის ნაბერწკლის) მომტაცებელი, შემქმნელი და ინსპირატორი კაცობრიობის ცივილიზაციისა და აზროვნებითი კულტურისა, შემოქმედი და წანასწარმხედი მოაზროვნე, მისტერიათა კულტურის ინაუგურატორი (შემომღები) არის სიმბოლო იაფეთური, პროტოქართული, ანუ პროტოევროპული ეთნოსისა, რომელიც ჟამთა ვითარებაში დაამარცხა და გარიყა ზევსმა, ანუ ინდოევროპულმა კაცობრიობამ, მიაჯაჭვა კავკასიაზე, ანუ კავკასიით შემოზღუდა მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის არენა”.

“კავკასიონზე მიჯაჭვული პრომეთე, ანუ მაღალი ცივილიზაციის, კულტურისა და აზროვნების მატარებელი კაცობრიბა არის პროტოქართული მოდგმა კავკასიაში ლოკალიზებული, კავკასიაზე მიჯაჭვული”.

“რა არის პრომეთესეული ცეცხლი, თუ არა ცეცხლი სიყვარულისა, თავგანწირვისა? განა რად მიაჯაჭვეს პრომეთე-ამირანი კავკასიის ქედზე? იქნებ მივიჩნიოთ მითიური ტიტანი ერის სულიერ პერსონიფიკაციად”.

“(გურამ რჩეულიშვილის მთლს არსებაში ხშირად მოვარდნილი სტიქიის მსგავსად ვლინდებოდა ის პრომეთესეული ცეცხლი, რომელსაც განათლებული ევროპელები ერთხმად უწოდებენ კოლხური, ქართული ხასიათის ძირითად მახასიათებელს)”.

“პრომეთე ასახავს მისტერიათა კულტურას, რომელიც იყო პირველადი ძველ საბერძნეთში და შემდეგ ლოკალიზებული კავკასიაში, რაც სიმბოლურად ასახულია პრომეთეს მიჯაჭვით კავკასიის ქედზე”.

“პრომეთეს აწამებს ზევსის არწივი. არწივი ერთის მხრივ, სიმბოლოა სულიერი აღმაფრენისა და შემეცნებისა, ხოლო მეორეს მხრივ, ეს არის სიმბოლო იმპერიული ძლიერებისა და ძალმომრეობისა, რომელიც აწამებს პრომეთეს”.

“პრომეთეს მხსნელი არის მისი საქმის გამგრძელებელი ჰერაკლე-იგი მისტერიათა სინკრეტული კულტურის ახალ საფეხურზე ამყვანი გმირია და ეკუთვნის აგრეთვე წინარებერძნულ, პელაზგურ, იბერიულ სამყაროს, ძველიბერიულ მისტერიებს”.

“ჰერაკლე პერსევსის ძეა, რომელმაც დააფუძნა ნათლმხილველური პელაზგური კულტურა, რომელიც შემდეგ გადაიყვანა ათენელთა ჰელინურ კულტურაზე… ამავე დროს, ჰერაკლე ზევსის ძეა, ვინაიდან მან აითვისა აგრეთვე ზევსური, ე.ი. ინდოევროპული ინიციაციური კულტურაც”.

“რა არის ჰერაკლე? ეს არის ინიციაციის ახალი კულტურა, ნებელობითი ინიციაცია, ჰეროიკული ინიციაცია, რომელიც არის წინასახე ქრისტიანული ინიციაციისა”.

“ჰერაკლეს ჩვეულებრივ ლომისტყაოსნად გამოსახავენ, მცირეაზიული ლომისტყაოსანი და ვეფხისტყაოსანი გმირების კვალობაზე, რაც სიმბოლოა თვითფლობისა და მე-ს მეფური ძალმოსილებისა. მისი ზებუნებრივი ფიზიკური ძალმოსილება, მისი გმირობანი სიმბოლურად ასახავენ მისტის, ანუ ადეპტის სულიერ პოტენციებს, ნებელობის ძალას, მისი “დოდეკალიოს” (12 საქმე) 12 საფეხურია ინიციაციისა”.

” ჰერაკლეს გმირობანი სიმბოლურად უნდა გავიგოთ, როგორც ინიციაციის სხვა და სხვა საფეხური, სულიერი განვითარების სხვა და სხვა დონე, რომლის კულმინაციაც არის პრომეთეს გათავისუფლება, ანუ აზრის გათავისუფლება ფიზიკური სხეულის ტყვეობისაგან და კაცობრიობის გამოხსნა”.

“ჰერაკლეს მიერ კვერთხის დაკვრით კლდიდან წყლის აღმოცენება ითვლება ქრისტესაგან, როგორც სულიერი კლდისაგან წყლის აღმოცენების წინასახედ (1 კორ. 10.4)”.

“მითები პრომეთეს, ჰერაკლესა და არგონავტების  შესახებ განჭვრეტაა ქრისტიანობის მომავალი მისიისა. დორიულ-კოლხური ინიციაცია, რომლის მესვეურნიც არიან ხსენებული გმირები, წინასახეა ქრისტიანული ინიციაციისა. შემთხვევითი როდია, რომ დორიული ინიციაცია კოლხურთან არის დაკავშირებული, ხოლო ჰერაკლე არგონავტების ლაშქრობის ერთ-ერთი მონაწილეა…. ამაზე მეტყველებს აგრეთვე ისიც, რომ სახელი “იასონ” შინაარსობრივად უკავშირდება “იესოს” (“იასის”-წამალი, “იესო”-მკურნალი). ასე რომ, პრომეთეს, ბერძნული მითოლოგიის თვალსაზრისით, ათავისუფლებს მომავლის თეურგია, ინიციაციის ახალი კულტურა, რაც ქრისტიანული თეოსოფიის თვალსაზრისით ქრისტიანულ თეურგიას გულისხმობს”.

“ლაშქრობა კოლხეთში სიმბოლურად, იმაგინატიურად არის ლაშქრობა სულიერი სიბრძნის, მისტერიალური სიბრძნის მოსაპოვებლად, რომელიც იმჟამად შემორჩენილი იყო მხოლოდ კოლხეთში”.

“კოლხეთიდან ოქროს საწმისის გატაცება ბერძნების მიერ უნდა გავიგოთ, როგორც მისტერიალური ცოდნის წაღება, რომელიც ადრე დაჰკარგეს ბერძნებმა და იმ დროისთვის მხოლოდ კოლხეთში იყო შემორჩენილი”.

“ოქროს საწმისი, ვერძის კოსმიური სიბრძნე, ანტიკურ ეპოქაში იგივე შინაარსს ატარებს, რასაც შუა საუკუნეებში ფილოსოფიური ქვა, ან გრაალი. ოქროს საწმისს “კლასიკურ გრაალსაც” უწოდებენ”.

“აგრეთვე არგონავტების ლაშქრობა არის წაინასახე ქრისტიანული ინიციაციისა და შემთხვევითი არ არის, რომ ოქროს საწმისს სულიერ მეცნიერებაში ეწოდება კლასიკური გრაალი. ოქროს საწმისი ანტიურ პერიოდში არის იგივე, რაც შუა საუკუნეებში გრაალი და ფილოსოფიური ქვა. ფილოსოფიური ქვა და გრაალი არის აგრეთვე იდენტური ცნებები. ფილოსოფიური ქვის ძიება არის არა მარტო ფიზიკური ოქროს ძიება, არამედ სულიერი ინიციაციის ძიება, ღვთის ძიება, სულიერი ცნობიერების განვითარების გარკვეული დონის ძიება, რომელიც ანტიურ მისტერიებში, ძველბერძნულ მისტერიებში გადმოცემული იყო, როგორც ოქროს საწმისის ძიება”.

“ოქროს საწმისი ანტიურ მისტერიათა კულტურის სიმბოლოა, გრაალი კი ქრისტიანული მისტერიებისა. ოქროს საწმისის კულტურა ქართველურმა კოლხურმა ტომებმა შექმნეს, ხოლო გრაალის კულტურა მათმა მონათესავე დასავლეთის კელტიბერიულმა ტომემა”.

“პროტო-ქართველებისათვის დამახასიათებელი იყო მცენარეული ტოტემური ვაზი (ვაზის კულტი), მუხა და ცხოველური ტოტემები, ვეფხი და მგელი”.

“ვეფხის ტყავი უძველესი ტოტემური სახეა იაფეტური კაცობრიობისა, კავკასიური რასისა”.

“ცხენი ინტელექტის სიმბოლოა ძველეპიურ პოეზიასა და მითოსში”.

“ქვაბში საუნჯის პოვნა საყოველთაოდ ცნობილი სიმბოლოა მისტერიალურ სიბრძნესთან ზიარებისა”.

“გილგამეშიანში” მოცემულია ინიციაციური შემეცნების გზა პრეისტორიული ხანის შუამდინარეთის ქვეყნებისა”.

“ინიციაციის გზის ალეგორიული ასახვაა ოდისევსისა და მსგავსი გმირების თავგადასავლები. უწინარეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ “ოდისეაში” აღწერილია გმირების ქვესკნელად შთასვლა, რაც ბერძნული მსოფლმხედველობისათვის განუყოფელია ინიციაციისაგან. ეს არის წარმავლობაზე გამარჯვება, მკვდართა საუფლოში, მარადიულ სამყაროში ცნობიერი შესვლა, სულში მარადიული საწყისის გაღვიძება”.

“(ნაცარქექია) სიზარმაცისა და ბაქიაობის განსახიერება კი არ არის, როგორც ზოგიერთ კალმოსანს ჰგონია, არამედ ჭკუისა და მოხერხებისა… ნაცარქექია ქართველი ოდისევსია, იგი ახერხებს ციკლოპის მოტყუებას და დამარცხებას. ოღონდ კარგი იქნებოდა, თუ მის შესახებ მსჯელობას განვავითარებთ და მასში მხოლოდ პოლიტიკურ მებრძოლს და დიპლომატს კი არ დავინახავთ, არამედ სულიერ პლანში მებრძოლს უნივერსალურ ბოროტებასთან. იგი მედიტატორია და მოაზროვნე, იგი ჭვრეტითი ნატურაა (ნაცარი აზრის სიმბოლოდ იშიფრება ვყელა ზღაპარში). აქედანაა მისი გარეგანი პასივობა. ამ თვალსაზრისით იგი ზეეროვნული სახეა, ზოგადსაკაცობრიო სახე… ალბათ, ამიტომაც დაუკავშირა მღვდელმა გრიგოლ ფერაძემ ნაცარქექია წმინდა გიორგის სახეს”

წიგნიდან: “აირჩიე, ქართველო ერო!” ზვიად გამსახურდიას გამონათქვამები

ივლისი 28, 2010

ზვიად გამსახურდია – ეროვნება არა აქვს ცხოველს

ინტერვიუ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდიასთან:

სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში

როცა სადღაც აფრიკაში ამხობენ მორიგ დიქტატორს, დაახლოებით ბოკასას ტიპისას, კაციჭამიაობაში მხილებულს, დასავლეთის განვითარებული ქვეყნების მთავრობები ამას განიხილავენ, როგორც “ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლების უხეშ დარღვევას” და დიქტატორის საწინააღმდეგოდ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჯარებს გზავნიან. მაგრამ როცა საქართველოში იარაღის ძალით დაამხეს კანონიერი ხელისუფლება, მსოფლიო საზოგადოებრიობამ ეს ფაქტი შეაფასა, როგორც ქართველი ხალხის თავისუფალი ნების გამოვლინება.

იმის გასარკვევად, თუ რით აიხსნება დასავლური დემოკრატიის ესოდენი გულგრილობა სახელმწიფოს კანონიერი ხელისუფლების ბედისადმი, მივმართეთ თავად საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას.

-მთავრობები, რომელთაც თქვენ დემოკრატიულს უწოდებთ, სინამდვილეში კარგა ხანია განუდგნენ დემოკრატიას. დემოკრატია იქცა ცარიელ სიტყვად, რომელსაც თავის ნებაზე ატრიალებენ დასავლეთის მთავრობათა ამა თუ იმ პოლიტიკური ინტერესების შესანიღბავად. როცა ამ მთავრობებს სურთ გააძლიერონ თავიანთი გალენა და სამხედრო ყოფნა რომელიმე რეგიონში, თავდაპირველად ცდილობენ მოისყიდონ ამ ქვეყნის ხელისფლება და თუ წინააღმდეგობას წააწყდნენ, უბრალოდ, ამხობენ მას. ასეთ შემთხვევაში მათთვის არა აქვს მნიშვნელობა დამხობილი რეჟიმის ხასიათს: დემოკრატიულია იგი, თუ ავტორიტარული. ეს მტაცებლური მიდგომა სხვა ქვეყნებისადმი დღეს საბოლოოდ დამკვიდრდა ნატოს სახელმწიფოებში.

აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ყველაზე მძლავრი სახელმწიფოები უკვე აღარც კი ცდილობენ შენიღბონ თავიანთი ზრახვები და აშკარად და ცინიკურად თრგუნავენ სხვა ხალხთა ნებას. სწორედ, ეს მოხდა საქართველოში.

ბატონო პრეზიდენტო, რას წარმოადგენენ ეს მსოფლიო ძალები, ესოდენ თავისუფლად რომ ერევიან უცხო სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში?

— კაცობრიობის მტრებს-ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით: ისინი მიზნად ისახავენ ყველა სხვა ხალხის გენოციდს; პლანეტის მთელი მოსახლეობის ერთი განსაზღვრული ჯგუფის გამოკლებით. ეს ჯგუფი მჭიდროდ არის დაკავშირებული შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან და მთელი ძალით მიილტვის მსოფლიო ბატონობისაკენ. ძოგადად, მე მას ევროამერიკულ იმპერიალიზმს ვუწოდებდი. მთავარ დამკვრელ ძალას მასში წარმოადგენს აშშ. შეიძლება ითქვას, სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში იმართებოდა ოკეანის გაღმიდან. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯ. ბეიკერის პირადი მონაწილეობით და ბუშის ლოცვა-კურთხევით.

ბეიკერმა პირდაპირ მოუწოდა პუტჩისადმი საქართველოს ბანდიტურ-ოპოზიციურ დაჯგუფებებს (ამერიკაში ჩინებულად იცოდნენ, რომ ოპოზიცია საქართველოში კრიმინალური მაფიისა და ყოფილი პარტოკრატებისაგან შედგებოდა). ბეიკერმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ უჭერდა მხარს საქართველოში არსებულ რეჟიმს და არაფრით დაეხმარებოდა მას. სცენარი გადატრიალებისა, რომელიც აშშ-მ მოაწყო საქართველოში, ადრე არაერთგზის გამოუყენებია ამ ქვეყანას პლანეტის სხვა რეგიონებში.

— რით ვერ დაიმსახურა თქვენმა ხელისუფლებამ დასავლეთის კეთილგანწყობა?

— ჩვენ მივესწრაფვოდით დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას, არ დავემორჩილეთ დასავლური სახელმწიფოების დიქტატს, არ ვიქეცით მათი ინტერესების მსახურად, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ არ დავუშვით, რომ საქართველო დასავლეთის კოლონიად ქცეულიყო.

დასავლეთს კი მხოლოდ ისეთი ხელისუფლება აძლევდა ხელს, რომელიც უსიტყვოდ აღასრულებდა მის ნებას. ეს იქცა ერთ-ერთ მიზეზად სამხედრო გადატრიალებისა და ხელისუფლებაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (ცრუ) აგენტისა და ევროამერიკული იმპერიალიზმის პირდაპირი აგენტის მოსვლისა.

მაგრამ დასავლეთის წყრომას ჩვენს მიმართ კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა. სახელმწიფოს სათავეში მოსულნი, ჩვენ ვესწრაფვოდით ეროვნული კულტურის აღორძინებას, ხალხის შეკავშირებას ეროვნული სულისკვეთებით, რათა მას მთელი სიღრმით გაეცნობიერებინა, რომ გაცილებით ძველი ისტორია აქვს, ვიდრე ბევრ ევროპელ ხალხს… ჩვენი პოლიტიკის ეს ეროვნული ორიენტაცია არ იწვევდა სწორედ საერთოევროპული სახლის მესვეურთა აღტაცებას, რადგან ოფიციალური დასავლეთი (მხედველობაში მაქვს ხელისუფლებანი და არა ხალხები) ებრძვის ყოველგვარ ეროვნულ მოძრაობას. მათი მიზანია, გაანადგურონ ერის ნება საერთოდ და შექმნან ერთიანი მსოფლიო კონგლომერატი, სათავეში-მსოფლიო ხელისუფლებით. ამ მსოფლიო მთავრობამ უნდა განაგოს ქვეყნიერება და დაამყაროს ე.წ. ახალი მსოფლიო წესრიგი. ახალი მსოფლიოს წესრიგის არსია: განადგურება ყველა სახელმწიფოს (ქრისტიანული იქნება ის თუ მუსულმანური, რელიგიას  ისინი არ ანიჭებენ ნმიშვნელობას) დამოუკიდებლობისა, გენოციდი ამ ქვეყნების მოსახლეობისა და საბოლოო დამორჩილება მთელი პლანეტისა.

ძალები, რომელთაც ეკისრება მსოფლიო ხელისუფლების ბატონობის შემზადება, სხვა ქვეყნებს განიხილავენ მხოლოდ რესურსების თვალსაზრისით. მათი მიზანია, ეს ქვეყნები თავიანთი ხალხებით, მთავრობებით, კულტურებითურთ აქციონ უბრალოდ ტერიტორიებად, სადაც მოსახლეობას დატოვებენ მხოლოდ მსოფლიო ელიტისათვის საჭირო რაოდენობით. ამასთან, სრულიად დემორალიზებულს, მზადმყოფს მისი ინტერესების სამსახურისადმი. ამ ზრახვათა განცხორციელებას მხოლოდ ხალხთა ეროვნული თვითშეგნება და ეროვნული სახელმწიფოების შექმნა შეიძლება აღუდგეს წინ. ამიტომ ებრძვის დასავლეთი ეროვნულ მოძრაობებს, ამიტომ ცდილობს ეთნიკური კონფლიქტების გაჩაღებას და ომების პროვოცირებას. მაგალითად, იუგოსლავიაში მიმდინარე ომი მათი ნამოქმედარია. ეს შემთხვევით სტიქიურად აალებული კონფლიქტი კი არ არის, არამედ მიზანმიმართულად გაჩაღებული ომი, რომელშიც უნდა დაიფერფლოს ეროვნული იდეის მატარებელი ხალხი. დღეს დასავლეთს იუგოსლავიის მოდელი დასავლეთიდან გადააქვს კავკასიაში, ხელოვნურად მწვავდება ეროვნებათაშორისი დაძაბულობა. შემდგომში ხან აქ, ხან იქ აფეთქებული ლოკალური კონფლიქტები დასავლეთს მისცემენ საბაბს პირდაპირი სამხედრო ჩარევისათვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძალთა სახით. სულ ახლახან გაკეთდა განცხადება, რომ ნატო ქმნის სწრაფი რეაგირების ძალებს, ასი ათასი კაცის შემადგენლობით, რომელიც ჩაერევა მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში მიმდინარე მოვლენებში. ფრიად საყურადღებოა, რომ ამასთან დაკავშირებით მოხსენებულ იქნა კავკასია და იუგოსლავია.

— ბატონო პრეზიდენტო, თქვენ განზრახული გქონდათ ისეთი სახელმწიფოს აშენება საქართველოში, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა ეროვნული ინტერესებისაკენ. რა მიგაჩნიათ უმთავრეს პირობად ეროვნული სახელმწიფოს აშენებისათვის?

— პირველ რიგში, აუცილებელია შემუშავება ისეთი მექანიზმისა, რომელიც უზრუნველჰყოფს ქვეყანაში მოსახლე ყველა ეროვნების ურთიერთთანხმობის მიღწევას, ეროვნულ უმცირესობათა უფლების განუხრელ დაცვას.

ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ შინაგანი სტაბილურობის მიღწევა შეუძლებელია ძალადობისა და ეროვნულ უმცირესობათა დათრგუნვის გზით. აუცილებელია გადასვლა ერთ სახელმწიფოში ეროვნებათა თანაარსებობის ისეთ ფორმაზე, რომელიც ხელსაყრელი იქნება ყველასათვის, როგორც ეკონომიკის სფეროში, ისე ეროვნული კულტურის შენარჩუნების უსაფრთხოების თვალსაზრისით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო კოსმოპოლიტური ძალები, რომლებზედაც ვლაპარაკობთ, უსათუოდ შეეცდებიან რომელიმე ეროვნების უკმაყოფილება გამოიყენონ სახელმწიფოს დარღვევისათვის. ეს მათი ნაცადი და ქმედითი ხერხია. თვითგამორკვევის პრინციპი რასაკვირველია, არ უნდა დავიდეს აბსურდამდე; მაგალითად, თუ დღეს რუსეთში ვოლგისპირელმა გერმანელებმა გერმანული სახელმწიფოს შექმნა მოინდომეს, ეს ყოვლად დაუშვებელ მოთხოვნად უნდა შეფასდეს.

— რატომ ქმნიდით მაინც და მაინც ეროვნულ სახელმწიფოს? საერთოდ, რაში სჭირდება ადამიანს ეროვნება, თქვენი თვალსაზრისით?

— სწორედ, ეროვნული თვითსეგნება აქცევს ადამიანს ადამიანად. ეროვნება არა აქვს ცხოველს, სარწმუნოება და ეროვნება ის ძირითადი თვისებებია, რომელნიც ადამიანს სხვა სულიერისაგან განასხვავებენ და მისთვის ამ განმასხვავებელი თვისებების წართმევა უმძიმესი დანაშაულია ადამიანის წინაშე, დასაწყისი მისი, როგორც პიროვნების, დეგრადაციისა. დენაციონალიზაცია წინაპართა და წარსულის უარყოფა, ადამიანის სრული მოკვეთაა ეროვნული ფესვებისაგან. კაცი ადამიანურ აზრს მხოლოდ თავისი ეროვნული კულტურის წიაღში ინარჩუნებს, ამიტომ ადამიანის კულტურა განუყრელად არის დაკავშირებული მის ეროვნებასთან; იგი მშობლიური კულტურის მეშვეობით ეზიარება მსოფლიო ცივილიზაციას. ამდენად დენაციონალიზაცია ადამიანისა და დენაციონალიზაცია ქვეყნისა წყვეტენ მათ კავშირებს დანარჩენ სამყაროსთან და დაუცველს ტოვებენ მსოფლიო მასშტაბით ორგანიზებული კოსმოპოლიტური ძალების წინაშე.

რა ძალები აღუდგნენ სახელმწიფოს შექმნას თვით საქართველოში?

 

— საქართველოში ინტელიგენციის გარკვეულ ნაწილს ნომენკლატურულს უწოდებენ. კულტურის ეს მოღვაწენი დიდი პრივილეგიებით სარგებლობდნენ საბჭოურ წლებში და ახლაც ახალ პრივილეგიებს გამოდევნებულები მზად არიან ზურგი აქციონ მშრომელი ხალხის ინტერესებს. ამჯერად ისინი ე. შევარდნაძის გარშემო დაირაზმნენ. იგივე ნაწილი ინტელიგენციისა ძალზედ მჭიდროდაა დაკავშირებული ჩრდილოვანი ეკონომიკის სამყაროსთან, მაფიასთან. არსებითად, ჩვენთან, საქართველოში, მათ შორის არც არის რაიმე განსხვავება. ისინი ისე განუყრელად შეზრდიან ერთმანეთს, რომ ერთ პიროვნებაში ხშირად შერწყმულია ინტელიგენტიც და დანაშაულებრივი სამყაროს ავტორიტეტიც. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების წლებში წარმოიქმნა მთელი კლასი ასეთი ჰიბრიდებისა. სწორედ, ისინი ჩაუდგნენ სათავეში და განახორციელეს გადატრიალება.

ერთნი საქართველოში მომხდარს ახასიათებენ, როგორც “ბურჟუაზიულ რევოლუციას”, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს; საქართველოში არ არსებობს ბურჟუაზია, არის მხოლოდ მაფია და საქართველოში სწორედ “მაფიოზური რევოლუცია” მოხდა.

— რით აიხსნება დასავლეთის ესოდენ გაზრდილი ინტერესი კავკასიის მიმართ?

 

— ეს რეგიონი ძალზედ მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, კავკასიის მფლობელი ფლობს ახლო აღმოსავლეთსაც და აზიასაც. ეს, სხვათაშორის, მუდამ ესმოდათ დასავლეთის ქვეყნებს, რის გამოც ბრძოლა კავკასიისათვის უძველესი დროიდან მიმდინარეობდა მათსა და რუსეთს შორის.

წმინდა სამხედრო თვალსაზრისით კავკასია წარმოადგენს ხიდს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, რომელიც მეტად აუცილებელია ორივე მხარისათვის.

რუსეთიც კავკასიას ოდითგანვე განიხილავდა, როგორც მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ პლაცდარმს, მაგრამ რუსეთი დღეს სუსტდება და ამიტომ დასავლეთი მიისწრაფვის ხელიდან გამოსტაცოს მას ინიციატივა, თავისი გავლენა გაავრცელოს ამ რეგიონში და ბოლოს და ბოლოს მოახდინოს მისი ოკუპაცია. მაგრამ ეს შეუძლებელია კავკასიის სრული “ბალკანიზაციის” გარეშე. საკმარისია, რუსეთმა სცნოს მთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რომ მათი სახით მყისვე შეიძენს ყველაზე ერთგულ მეგობრებს, რადგან აქ მკაფიოდ განასხვავებენ ელცინსა და რუსეთის სახელმწიფოს, როგორც მფარველს დასავლური ექსპანსიისაგან.

— ბატონო პრეზიდენტო, თავად თქვენ როგორ ეკიდებით რუსეთს?

 

— ძალიან კარგად. ვიმედოვნებ, არც თქვენ აიგივებთ ელცინსა და რუსეთს! მმართველები მოდიან და მიდიან, ქვეყანა კი რჩება. მე მიმაჩნია, რომ როლი, რომელსაც დღეს რუსეთი ასრულებს კავკასიაში, არ შეესაბამება მისსავე ინტერესებს და ოკეანის გაღმიდან აქვს თავსმოხვეული.

ჩემთვის არ არის უცხო პრორუსული განწყობა. მე მუდამ მივესწრაფვოდი მჭიდრო კავშირს რუსეთთან და ვოცნებობდი, საქართველოს ჰყოლოდა ბუნებრივი მოკავშირე ამ თავისი დიდი აღმოსავლელი მეზობლის სახით. მაგრამ ეს არ აძლევდა ხელს დასავლურ სამყაროს და მის მორჩილ ხელისუფლებას რუსეთისა. ისინი განაგრძობენ ეთნიკური კონფლიქტების გაჩაღებას კავკასიაში. შედეგად, ჩვენ ვდგავართ ამ კონფლიქტების დიდ ომში გადაზრდის სავსებით რეალური საფრთხის წინაშე.

მე იმედი მაქვს კონფლიქტებში ჩათრეული ხალების; პირველ რიგში, რუსი ხალხის საღი აზრისა და გონიერებისა. ვიმედოვნებ, იგი შეიგნებს, თუ ვინ და რა ინტერესების კარნახით უბიძგებს რუს ჯარისკაცებს ახალი კავკასიური ომის უფსკრულსაკენ. ამ ომში ვერც ერთი მხარე ვერ იქნება გამარჯვებული. მხოლოდ დასავლეთი მოითბობს ხელს ახალი ომის ალზე.

მე მწამს ხალხთა სიბრძნისა. ეს არის უკანასკნელი, რამაც უნდა გვიხსნას კატასტროფისაგან.

“ნაროდნაია პრავდა”
1992 წელი
სანკტ-პეტერბურგი

zv-dj

Blog at WordPress.com.