ზვიად გამსახურდია

მარტი 10, 2011

ზვიად გამსახურდია – ქვაბავაზაკი

ის წინაპართა სიწმინდეს ბილწავს
და არის სუკ-ის ერთგული ძაღლი,
ეკლესიისას აფერხებს წინსვლას,
სარწმუნოების მტერია ახლის*.
შენიღბულია წმინდა სამოსით,
როგორც ცხვრის ქურქით მგელ-მტაცებელი,
მიყიდული აქვს მტრისთვის ნამუსი,
არის მზაკვარი, დამტაცებელი.
იგი მამონას სახელით გნათლავს
და ბელზებელის სახელით გლოცავს,
ის ნათლობისთვის წაგგლიჯავს ათმაგს,
ქორწინებისთვის წაგგლიჯავს ოცმაგს.
ამასხარავებს, ამოკლებს წესებს
ლაზღანდარობით, ქილიკით, გესლით,
მისი ბაგენი ჭორს და ღვარძლს თესენ,
მის ყურებს მხოლოდ დასმენა ესმით.
აღსარებაზე ფხიზლობს ჯაშუში,
რათა დოსიე შეავსოს შავი,
ხან იკეტება რწმენის ნაჭუჭში,
რომ მოგაჩვენოს წმინდანად თავი.
ვაჭრობს ხატებით, სოვდაგრობს ჯვრებით,
შავი დღისათვის იძენს ქონებას,
ვისაც ჩაიგდებს ძალით თუ ნებით,
დააკარგვინებს თავს და გონებას.
შემოიკრიბა ირგვლივ მსყიდველნი,
ლესბოსელნი და მამათმავალნი,
ჭორებისა და ღვარძლის მთესველნი,
გესლიანნი და ენამრავალნი.
ტაძარი ღვთისა, მადლისა მფენი
ისე სწამს, როგორც მექა ან ქაბა,
მას წმინდა სახლი მამისა ჩვენის
გარდუქცევია ავაზაკთ ქვაბად.
ის შემოგზავნა აქ ანტიქრისტემ,
რათა დაამხოს ღვთის ეკლესია,
მახე დაუგოს მიამიტ თვისტომს
და დაავიწყოს ღმერთი მესია.
წარწყმედილია სოდომის ცოდვით,
ის არ იხილავს ზეცას აროდეს,
მისი სახელი არის ჰიპოკრიტ*,
მის მწყემსობიდან ზეცა გფარავდეს.

——————————————————

“ახალ სარწმუნოებაში ნაგულისხმებია “ახალი აღქმა”
ჰიპოკრიტ – ბერძნ. ნიშნავს “ხანჟას”, “მოწმინდანოს”.

ივლისი 28, 2010

ზვიად გამსახურდია – მესხეთისადმი

მესხეთისადმი

შენ გეზმანება ვაჰანი და ძველი ვარძია,
სამსარი, კლდეში შეხიზნული, გედივით წუნდა,
შოთას აკვანი მადლიანი ვინაც არწია,
ვინაც ჯვარცმული იყო მარად და არ შეძრწუნდა.

შენ გეზმანება გარუჯული სამცხის სერები,
მუნჯი მოწამე წარსულისა – მდუმარე მტკვარი,
ცის კაბადონზე სპილენძის და ტყვიის ფერები,
კუმურდოს თაღი დაღარული და ზარზმის ზარი.

შენ გეზმანება ოლთისი და მდუმარე ბანა,
იშხანი, ოშკი, პარხალი და წმინდა ხახული,
ვინაც ხილვები წარსულისა ცრემლებით ბანა,
ჟამთა სიავით დასეტყვილი და ჭირნახული.

ხანძთის უდაბნო, მუნ მლოცველი წმინდა მამები,
ცისკარზე წმინდა გარდამოხსნის გამოსვენება,
მონასტრის ვაზი, მზით ძალუმად ნათამამები,
და აღაპებში გარდასულთა ძმათა ხსენება.

აქ თითქოს ქვებიც ჩაკირულან ცრემლის დუღაბით,
დანისლულ ქედებს დასტყობია სევდის ხაზები,
მოსჩანს ხერთვისი, სალ კლდეებთან შენადუღები
და საფლავებზე გახლართულად უსურვაზები.

თმოგვს მკერდდალეწილს დაფრქვევია სხივთ ათინათი,
სეფე-გოდოლზე გადმომდგარა სარგის თმოგველი,
გასცქერის ზეცას, მარადიულ მზისა თინათინს,
ნათელმხილველი მზერა მისი მზეობს მოგვური.

ვარძიის ცაზე შარავანდნი ბევრად ასობენ,
დიდი თამარი დაჩოქილა ღვთისმშობლის ხატთან,
დღეს მხედრობანი ზეციურნი მასთან დასობენ,
ღვთივკურთხეული ლიტანია ცისკრამდე გასტანს.

ევლოგ სალოსი, შავთელი და დიდი რუსთველი,
თანამლოცველნი დედოფლისა სთხოვენ განგებას,
ქართველთა ლაშქრის გამარჯვებას, მტერთა მმუსვრელის
ქართული მოდგმის საუკუნო არგადაგებას.

ისმის ყიჟინა სამცხის სპათა თავგანწირული,
დღეს შეიმუსრა საქართველოს დუშმანი, მტერი,
ისმის გალობა, ისმის ჟამნი, ჰანგი გმირული,
და საქართველოს აღზევებას ზეიმობს ერი.

გარდასულ ჟამის ამ ხილვებით მარად ნეტარი,
მტკიცე ნაბიჯით მომავლისკენ მიიკვლევ შარას,
წმინდა გიორგი, საქართველოს ნათლის მხედარი,
ფერისცვალების მაღალ მთაზე დაგიდგამს კარავს.

ზვიად გამსახურდია

Create a free website or blog at WordPress.com.