საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში მშრომელთა სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების გამოხატვისა და დაცვის საქმეში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენენ პროფესიული კავშირები.
ყოფილმა საბჭოურ მოდელზე აგებულმა პროფესიულმა კავშირებმა არსებობის მანძილზე დაამტკიცეს სიცოცხლისუნარიანობა თავისი უმოქმედობით და მმართველი პარტიის უსიტყვო მორჩლებით, მშრომელთა ინტერესების იგნორირებით.
რესპუბლიკაში მიმდინარე საბჭოური სტრუქტურების მსხვრევას მხარი აუბა საქართველოს პროფკავშირების 1991 წლის 24 აგვისტოს ყრილობამ, რომლის მიერ შექმნილი საქართველოს თავისუფალი პროფკავშირების რესპუბლიკური ცენტრი დგას ეროვნულ პოზიციებზე.
აღნიშნული პროცესების განვითარებას ხელს უშლიან პროფესიულ კავშირებში დრომოჭმულ საბჭოურ დარგობრივ სტრუქტურას ამოფარებული დესტრუქციული ძალები და მათ მიერ შექმნილი არასტაბილური ვითარება.
პროფესიული კავშირების უფლებათა უზრუნველყოფისა და მათი საქმიანობისათვის პირობების შექმნის მიზნით ვადგენ:
საქართველოს პროფესიული კავშირების ერთიანობის ურუნველყოფის მიზნით საქართველოს თავისუფალი პროფკავშირების რესპუბლიკური ცენტრი ცნობილ იქნეს მშრომელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის ერთადერთ გარანტად და გამოცხადდეს ყოფილი დარგობრივი კომიტეტების ქონების მემკვიდრედ.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა, ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებმა, თბილისის მერმა, რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონების პრეფექტებმა, სამინისტროების, უწყებების, საწარმოების, გაერთიანებების, დაწესებულებებისა და სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, მიუხედავად საკუთრების ფორმის და უწყებრივი კუთვნილებისა:
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ პროფკავშირების უფლებათა მკაცრ დაცვას და მათი საქმიანობისათვის ყოველმხრივ ხელის შეწყობას რესპუბლიკის კანონმდებლობისა და საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.
სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე ახალი ნორმატიული აქტების მიღებამდე შესაბამის პროფკავშირულ ორგანოებთან ჩაატარონ წინასწარი კონსულტაციები უფრო დასაბუთებული და მშრომელებისათვის მისაღები გადაწყვეტილებების შემუშავების მიზნით.
1992 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადებისას პროფესიული კავშირების მონაწილეობით რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროთან შეთანხმებით განიხილონ პროფკავშირების კუთვნილი გამაჯანსაღებელი ბანაკების, ფიზკულტურულ-სპორტული ორგანიზაციების, სანიტარიულ-საკურორტო, ტურისტული დაწესებულებების ნაწილის სახელმწიფო სოციალური დაზღვევის ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსების საკითხი.
1991 წლის ნოემბერ-დეკემბერში საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში ჩატარდეს მოლაპარაკებები 1992 წლის კოლექტიური ხელშეკრულებების (შეთანხმებების) დასადებად ან შეტანილ იქნეს ცვლილებები მოქმედ კოლექტიურ ხელშეკრულებებში. გათვალისწინებულ იქნეს ღონისძიებები სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების რეალიზაციის, მოსახლეობის დასაქმების უზრუნველყოფის, საბინაო ფონდის პრივატიზებისას მშრომელთა ინტერესების დაცვის, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების, შრომითი კონფლიქტების თავიდან აცილების, მოქალაქეთა ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დაზღვევის, საყოფაცხოვრებო და კულტურული მომსახურების გაუმჯობესებისა და სხვა სოციალური საკითხების გადასაწყვეტად.
რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა საქართველოს თავისუფალი პროფკავშირების რესპუბლიკური ცენტრის მონაწილეობით, დადგენილი წესის მიხედვით, ამ წლის ბოლომდე მოამზადოს და საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს განსახილველად წარუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსის პროექტი.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა საქართველოს რესპუბლიკის თავისუფალი პროფკავშირების რესპუბლიკურ ცენტრთან ერთად შეიმუშაოს წინადადებები მშრომელებისა და მათი ოჯახების წევრების სამკურნალო და დასასვენებელი საგზურების შესაძენი თანხების ხარჯების გაზრდისათვის.
რეკომენდაცია მიეცეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დააჩქაროს „პროფკავშირული საქმიანობის შესახებ“კანონის პროექტის განხილვა და მიღება.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 22 ნოემბერი
წყარო: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991, N. 11, ნოემბერი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გამოცემა, თბილისი, გვ. 19-20
შეუერთდეს საქართველოს რესპუბლიკა ჰელსინკის “ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის დასკვნით აქტსა” და ვენის “ევროპული უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის შემაჯამებელ დოკუმენტებს”.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, აკაკი ასათიანი.
თბილისი, 1991 წლის 15 სექტემბერი.
წყარო: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991, N. 9, სექტემბერი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გამოცემა, თბილისი, გვ. 17.
მუხლი 1. კანონმდებლობა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის – საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში არჩეული დეპუტატის სტატუსს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია, ეს კანონი და საქართველოს რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტები.
მუხლი 2. უზენაესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა
უზენაესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება უზენაესი საბჭოს მიერ მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება ახალი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის დღეს ან ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მუხლი 3. უზენაესი საბჭოს წევრის სადეპუტატო მოწმობა და სამკერდე ნიშანი
უზენაესი საბჭოს წევრი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში სარგებლობს სადეპუტატო მოწმობითა და სამკერდე ნიშნით. მოწმობისა და სამკერდე ნიშნის დებულებებს, მათ ნიმუშებსა და აღწერილობას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი.
მუხლი 4. უზენაესი საბჭოს წევრის მოვალეობათა შეთავსება სხვა საქმიანობასთან
უზენაესი საბჭოს წევრი, როგორც წესი, წყვეტს საწარმოო თუ სამსახურებრივ საქმიანობას, გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით. გამონაკლისი არ დაიშვება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის, უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიის თავმჯდომარის, მისი მოადგილის, მდივნისა და უზენაესი საბჭოს სხვა მუდმივი ორგანოების ხელმძღვანელებისთვის.
უზენაესი საბჭოს წევრს, რომელიც წყვეტს საწარმოო თუ სამსახურებრივ საქმიანობას, უფლება ეძლევა სადეპუტატო საქმიანობას შეუთავსოს სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობა 0.25 ან 0.5 საშტატო განაკვეთზე.
უზენაესი საბჭოს წევრს, რომელიც ეწევა შემოქმედებით საქმიანობას, უხელფასო გაცდენის დროს ეძლევა ხელფასი უზენაესი საბჭოს იმ წევრის თანაბრად, რომელიც წყვეტს საწარმოო თუ სამსახურებრივ საქმიანობას.
მუხლი 5. უზენაესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
უზენაესი საბჭოს წევრის უფლებამოსილებას ვადამდე წყვეტს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო შემდეგ შემთხვევებში:
უზენაესი საბჭოს წევრის მიერ დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნისას;
უზენაესი საბჭოს წევრის მიმართ გამამტყუნებელი სასამართლო განაჩენის ძალაში შესვლისას;
უზენაესი საბჭოს წევრისათვის საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის ჩამორთმევისას;
იმ შემთხვევაში, როდესაც უზენაესი საბჭოს წევრს ისეთი თანამდებობა უკავია, რომელიც კანონით შეუთავსებელია უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსთან.
მუხლი 6. უზენაესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების დროებით შეჩერება
უზენაესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების დროებით შეჩერების უფლება აქვს:
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს, ხოლო სესიებს შუა პერიოდში და სესიების მიმდინარეობისას უზენაესი საბჭოს სხდომებს შორის პერიოდში – უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს, თუ ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მიერ შემოტანილია წარდგინება;
უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს უზენაესი საბჭოს წევრის თხოვნით, თუ იგი იმყოფება ხანგრძლივ მივლინებაში, საჭროებს ხანგრძლივ მკურნალობას ან სხვა შემთხვევაში, როდესაც უზენაესი საბჭოს წევრს დროებით არ შეუძლია თავისი უფლებამოსილების განხორციელება;
უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს უზენაესი საბჭოს სამანდატო და სადეპუტატო ეთიკის კომისიის წარდგინებით იმ შემთხვევაში, თუ უზენაესი საბჭოს წევრი არასაპატი მიზეზით სისტემატურად არ ესწრება უზენაესი საბჭოს სხდომებს, ანდა პრაქტიკულად არ მონაწილეობს უზენაესი საბჭოს ან მისი ორგანოების მუშაობაში.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ საქართველოს რესპუბლიკის კანონების, უზენაესი საბჭოს დადგენილებებისა და სხვა აქტების მიღებისას უზენაესი საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობაში არ შედიან უზენაესი საბჭოს ის წევრები, რომელთა უფლებამოსილება შეწყვეტილია ან დროებით შეჩერებულია.
უზენაესი საბჭოს წევრის საქმიანობა უზენაეს საბჭოსა და მის ორგანოებში.
მუხლი 7. უზენაესი საბჭოს წევრის მონაწილეობა უზენაესი საბჭოს სესიებში
უზენაესი საბჭოს წევრები თავისუფალი განსჯის საფუძველზე სესიებზე იხილავენ და წყვეტენ ყველა იმ საკითხს, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის განმგებლობას განეკუთვნება.
უზენაესი საბჭოს წევრი მოვალეა ესწრებოდეს სესიებს. თ მას არ აქვს სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა, ამის შესახებ უნდა აცნობოს უზენაესი საბჭოს სამდივნოს.
მუხლი 8. უზენაესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიაზე.
უზენაესი საბჭოს წევრს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება ყველა იმ საკითხში, რომლებიც იხილება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიაზე.
უზენაესი საბჭოს წევრს უფლება აქვს:
ა) აირჩიოს და არჩეულ იქნეს უზენაესი საბჭოს ორგანოებში;
ბ) გამოთქვას აზრი უზენაესი საბჭოს შესაქმნელი ორგანოების პერსონალური შემადგენლობისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომლებსაც ირჩევს, ნიშნავს ან ამტკიცებს უზენაესი საბჭო;
გ) შეიტანოს შენიშვნები და წინადადებანი უზენაესი საბჭოს სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთა განხილვის წესისა და არსის გამო;
დ) შეიტანოს წინადადებანი უზენაესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ყოველი ორგანოს ან თანამდებობის პირის ანგარიშისა თუ ინფორმაციის მოსმენის შესახებ;
ე) დასვას საკითხი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თუ მისი ცალკეული წევრისადმი ნდობის შესახებ;
ვ) მონაწილეობდეს კამათში, შეკითხვის წესით დააყენოს საკითხები, შეეკითხოს მომხსენებლებს, აგრეთვე სხდომის თავმჯდომარეს, მოითხოვოს პასუხები და მისცეს მათ შეფასება;
ზ) წამოაყენოს წინადადებები კანონების, დადგენილებების, სხვა საკანონმდებლო აქტების პროექტებში შესწორებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;
თ) გაეცნოს თავისი გამოსვლების ტექსტებს უზენაესი საბჭოსა და მისი ორგანოების სხდომათა სტენოგრამებსა და ოქმებში გამოქვეყნებამდე, აგრეთვე მიიღოს გამოსვლების ტექსტები, რომლებიც არ ექვემდებარება გამოქვეყნებას;
ი) გადასცეს სხდომის თავმჯდომარეს თავისი გამოსვლის ტექსტი, აგრეთვე წერილობით ფორმით ჩამოყალიბებული წინადადებები და შენიშვნები უზენაესი საბჭოს სესიაზე განსახილველი საკითხის გამო;
კ) სხდომაზე დასწრების შემთხვევაში არ მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში (მაგრამ აუცილებლად უნდა გატარდეს რეგისტრაციაში).
მუხლი 9. უზენაესი საბჭოს წევრის საკანონმდებლო ინიციატივის უფლება
უზენაესი საბჭოს წევრს აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება საქართველოს რესპუბლიკის ეზენაეს საბჭოში, ანუ უფლება შეიტანოს სათანადო წესით ჩამოყალიბებული კანონპროექტი ან წინადადება კონკრეტული კანონის მიღებასთან თუ მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანასთან დაკავშირებით, რაც განხილულ უნდა იქნეს უზენაეს საბჭოში.
მუხლი 10. უზენაესი საბჭოს წევრის მიერ შეკითხვის წესით საკითხის დაყენება
უზენაესი საბჭოს წევრებს ან წევრთა ჯგუფს უფლება აქვს შეკითხვის წესით დააყენოს საკითხი საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის, საქართველოს რესპუბლიკის კანონების, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოების მიერ მიღებული დადგენილებებისა და სხვა აქტების დარღვევის გამო, აგრეთვე საერთო სახელმწიფო მნიშვნელობის სხვა საკითხები.
უზენაესი საბჭოს წევრს შეუძლია შეკითხვის წესით დააყენოს საკითხი სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის რესპუბლიკური და ადგილობრივი ორგანოების წინაშე.
დეპუტატი შეკითხვის წესით საკითხს აყენებს წერილობითი ფორმით.
უზენაესი საბჭოს წევრი ან მისი თხოვნით უზენაესი საბჭოს სხდომის თავმჯდომარე აცნობს სესიას შეკითხვის წესით დაყენებულ საკითხს.
სახელმწიფო ორგანო ან თანამდებობის პირი, რომლის წინაშეც შეკითხვის წესით დააყენეს საკითხი, ვალდებულია გასცეს ოფიციალური პასუხი სესიის სხდომაზე არა უგვიანეს სამი დღის ვადისა ან უზენაესი საბჭოს მიერ დაწესებულ სხვა ვადაში. უზენაესი საბჭოს წევრს უფლება აქვს შეაფასოს შეკითხვის წესით დასმულ საკითხზე თანამდებობის პირის პასუხი შეკითხვის წესით დაყენებული საკითხის გამო. განხილვის შედეგების მიხედვით მიიღება დადგენილება.
მუხლი 11. უზენაესი საბჭოს სესიაზე დეპუტატის მიერ შეტანილი წინადადებისა და შენიშვნების განხილვა
უზენაესი საბჭოს სესიაზე დეპუტატის მიერ წერილობითი ფორმით თავმჯდომარისთვის გადაცემულ წინადადებებსა და შენიშვნებს განიხილავენ უზენაესი საბჭო, მისი მუდმივი კომისია (ან კომისიები), ანდა უგზავნიან შესაბამის სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებსა და თანამდებობის პირებს განსახილველად.
სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოები, აგრეთვე თანამდებობის პირნი, რომლებსაც გაეგზავნათ უზენაესი საბჭოს სესიაზე დეპუტატის მიერ შეტანილი წინადადებები და შენიშვნები, მოვალე არიან განიხილონ ისინი არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში და შედეგები აცნობონ უშუალოდ უზენაესი საბჭოს წევრს, აგრეთვე უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს.
უზენაესი საბჭოს წევრის წინადადებისა და შენიშვნების განხილვისა და რეალიზაციის კონტროლს ახორციელებს შესაბამისი მუდმივი კომისია.
მუხლი 12. უზენაესი საბჭოს წევრის საქმიანობა უზენაესი საბჭოს ორგანოებში
უზენაესი საბჭოს ორგანოებში არჩეული წევრი მოვალეა მონაწილეობდეს მათ მუშაობაში.
უზენაესი საბჭოს წევრს, რომელიც არ შედის უზენაესი საბჭოს ორგანოების შემადგენლობაში, უფლება აქვს მონაწილეობდეს მათ სხდომებში, შეიტანოს წინადადებანი, მონაწილეობა მიიღოს საკითხების განხილვასა და გადაწყვეტილებათა მიღებაში სათათბირო ხმის უფლებით.
უზენაესი საბჭოს წევრის ურთიერთობა ამომრჩევლებთან და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან
მუხლი 13. უზენაესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება საარჩევნო ოლქში ან უზენაეს საბჭოში დეპუტატობის კანდიდატად მის დამსახელებელ პოლიტიკურ ორგანიზაციაში მუშაობასთან დაკავშირებით.
საარჩევნო ოლქში ან შესაბამის პოლიტიკურ ორგანიზაციაში თავისი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით უზენაესი საბჭოს წევრს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოებში, აგრეთვე შესაბამისი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორგანოებში ამომრჩეველთა და პოლიტიკურ ორგანიზაციათა წევრების ინტერესებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვაში;
ბ) კონტროლი გაუწიოს მის მიერ სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებში, საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში გაგზავნილი წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვას. სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების თანამდებობის პირნი მოვალე არიან დახმარება გაუწიონ უზენაესი საბჭოს წევრს მის საკონტროლო საქმიანობაში;
გ) მოაწყოს საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა კრებები, შეხვედრები შრომით კოლექტივებთან და პოლიტიკურ ორგანიზაციათა ადგილობრივ ორგანოებთან.
მუხლი 14. უზენაესი საბჭოს წევრის მიერ მოქალაქეთა წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა
უზენაესი საბჭოს წევრი კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს მასთან შესულ წინადადებებს, განცხადებებსა და საჩივრებს ახორციელებს ღონისძიებებს მათი სწორი და დროული გადაწყვეტისათვის, იღებს მოქალაქეებს, სწავლობს საზოგადოებრივ აზრს, შეაქვს წინადადებანი ხელისუფლების შესაბამის ცენტრალურ თუ ადგილობრივ ორგანოებში, სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებში.
მუხლი 15. უზენაესი საბჭოს წევრის ანგარიში ამომრჩეველთა ან უზენაეს საბჭოში დეპუტატობის კანდიდატად მისი დამსახელებელი პოლიტიკური ორგანიზაციის წინაშე.
უზენაესი საბჭოს წევრი მოვალეა წელიწადში ერთხელ მაინც ჩააბაროს ანგარიში თავისი მუშაობის შესახებ ოლქის ამომრჩევლებს ან დეპუტატობის კანდიდატად მის დამსახელებელ პოლიტიკურ ორგანიზაციას.
მუხლი 16. უზენაესი საბჭოს წევრისთვის ხელშეწყობა ამომრჩევლებთან ან უზენაეს საბჭოში დეპუტატობის კანდიდატად მისი დამსახელებელი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრების მოწყობაში.
უზენაესი საბჭოს წევრს უზრუნველყოფილი უნდა ჰქონდეს საჭირო პირობები ანგარიშგების და ოლქის ამომრჩევლებთან ან უზენაეს საბჭოში დეპუტატობის კანდიდატად მისი დამსახელებელი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრების მოწყობისათვის. მისი თხოვნით ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანო, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია ვალდებულია გამოყოს შენობა. აცნობოს მოქალაქეებს, როდის და სად ეწყობა დეპუტატის ანგარიშგება, მისი შეხვედრები ამომრჩევლებთან.
უზენაესი საბჭოს წევრის საქმიანობის გარანტიები
მუხლი 17. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების განხორციელების გარანტიები
უზენაესი საბჭოს წევრის საკანონმდებლო ინიციატივის უფლებას უზრუნველყოფს:
ა) უზენაესი საბჭოს სესიაზე საკანონმდებლო ინიციატივის წესით შეტანილი წინადადების სავალდებულო განხილვა;
ბ) უზენაესი საბჭოს წევრის მიერ შეტანილი წინადადებების, აგრეთვე კანონის ყველა შესწორების გამო სავალდებულო კენჭისყრა.
მუხლი 18. უზენაესი საბჭოს წევრის უფლება დაუყოვნებლივ იქნეს მიღებული თანამდებობის პირთა მიერ
სადეპუტატო საქმიანობასთან დაკავშირებით უზენაესი საბჭოს წევრი სარგებლობს უფლებით დაუყოვნებლივ იქნეს მიღებული თანამდებობის პირთა მიერ, აგრეთვე უფლებით შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოში, საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში.
მუხლი 19. უზენაესი საბჭოს წევრის მიერ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება
უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი უზრუნველყოფს უზენაესი საბჭოს წევრს უზენაესი საბჭოს დოკუმენტებით, აგრეთვე მთავრობის, სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების მიერ ოფიციალურად გავრცელებული საინფორმაციო და საცნობარო მასალებით.
ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, აგრეთვე თანამდებობის პირნი მოვალე არიან უზენაესი საბჭოს წევრი უზრუნველყონ სპეციალისტთა კონსულტაციებით დეპუტატის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, დაუყოვნებლივ მიაწოდონ საჭირო ინფორმაცია, საშუალება მისცენ ისარგებლოს ასლგადასაღებ-გასამრავლებელი და გამოთვლითი ტექნიკით.
მუხლი 20. უზენაესი საბჭოს წევრისთვის იურიდიული დახმარების გაწევა
ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოები, საწარმოთა, ორგანიზაციათა, სამეცნიერო, იურიდიულ დაწესებულებათა, სასწავლებლების ადმინისტრაციები, სამართალდამცველი ორგანოები დახმარებას უწევენ უზენაესი საბჭოს წევრს სადეპუტატო საქმიანობისას წამოჭრილი სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტაში.
მუხლი 21. თანამდებობის პირთა მოვალეობა იხილავდნენ უზენაესი საბჭოს წევრთა მიმართვებს
უზენაესი საბჭოს წევრს უფლება აქვს მიმართოს ყველა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოს, საწარმოს, დაწესებულებასა და ორგანიზაციას, თანამდებობის პირს დეპუტატის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, აგრეთვე მონაწილეობდეს აღძრულ საკითხთა განხილვაში. აღნიშნული ორგანოები და თანამდებობის პირნი მოვალე არიან უზენაესი საბჭოს წევრს დაუყოვნებლივ გასცენ პასუხი მის მიმართვაზე, ხოლო შესაბამისი საკითხის დამატებითი შესწავლის ან შემოწმების საჭიროების შემთხვევაში – არა უგვიანეს ერთი თვის ვადისა.
მუხლი 22. უზენაესი საბჭოს წევრის უფლება მოითხოვოს კანონიერების დარღვევის აღმოფხვრა
უზენაესი საბჭოს წევრს, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელს, უფლება აქვს ადგილზე მოითხოვოს კანონიერების დარღვევის შეწყვეტა, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს მოსთხოვოს აღკვეთონ კანონის, მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევები.
სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების თანამდებობის პირნი, რომლებსაც ეხებათ უზენაესი საბჭოს წევრის მოთხოვნა, მოვალე არიან დაუყოვნებლივ განახორციელონ დარღვევების აღმოფხვრის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ბრალეულთა პასუხისგებაში მიცემის ღონისძიებანი, ამასთან შემდგომში აცნობონ ეს უზენაესი საბჭოს წევრს.
მუხლი 23. სადეპუტატო საქმიანობის მატერიალურ-ფინანსური უზრუნველყოფა
უზენაესი საბჭოს წევრს, რომელიც წყვეტს საწარმოო და სამსახურებრივ საქმიანობას, აუნაზღაურდება ხელფასი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ხელფასის ოდენობასა და გაცემის წესს ადგენს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.
უზენაესი საბჭოს წევრის შრომითი უფლებების დაცვა. უზენაესი საბჭოს წევრის ხელშეუხებლობა
მუხლი 24. უზენაესი საბჭოს წევრის შრომითი უფლებების გარანტიები
უზენაესი საბჭოს წევრს, რომელიც წყვეტს საწარმოო თუ სამსახურებრივ საქმიანობას, უნარჩუნდება სამუშო ადგილი უზენაესი საბჭოს წევრის მოვალეობის შესრულების მთელ პერიოდში.
უზენაესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების დამთავრების შემდეგ მას ეძლევა წინანდელი სამუშაო (თანამდებობა), ხოლო თუ ასეთი არ არის, სხვა მისი ტოლფასი სამუშაო (თანამდებობა) ამავე ან, მუშაკის თანხმობით, სხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში.
უზენაესი საბჭოს წევრი არ შეიძლება დაითხოვონ სამუშაოდან ადმინისტრაციის ინიციატივით, გარიცხონ კოლმეურნეობიდან ან სხვა კოოპერაციული ორგანიზაციიდან, სასწავლებლიდან, ანდა გადაიყვანონ დისციპლინური დასჯის წესით ნაკლებხელფასიან სამუშაოზე (დააქვეითონ თანამდებობით) უზენაესი საბჭოს თანხმობის გარეშე, ხოლო სესიებს შუა და სხდომებს შუა პერიოდში – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თანხმობის გარეშე.
უზენაესი საბჭოსა და მის ორგანოებში დეპუტატის მუშაობის დრო ჩაითვლება სპეციალობით მუშაობის საერთო უწყვეტ სტაჟად.
უზენაესი საბჭოს წევრად არჩევა არ იწვევს შემოქმედებით კავშირებსა და თავისუფალ პროფესიულ გაერთიანებებში წევრობის შეწყვეტას.
მუხლი 25. უზენაესი საბჭოს წევრის ხელშეუხებლობა
უზენაესი საბჭოს წევრი არ შეიძლება მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, დაპატიმრებულ იქნეს ან დაედოს ადმინისტრაციული სასჯელი სასამართლო წესით უზენაესი საბჭოს თანხმობის გარეშე, ხოლო სესიებს შუა და სხდომებს შუა პერიოდში – უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თანხმობის გარეშე გარდა იმ შემთხვევისა, როცა უზენაესი საბჭოს წევრი დაკავებულ იქნა დანაშაულის ჩადენის ადგილზე. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორი დაუყოვნებლივ აცნობებს ამ ფაქტის შესახებ უზენაეს საბჭოს.
უზენაესი საბჭოს წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს.
უზენაესი საბჭოს წევრი ვალდებული არ არის მოწმის სახით დაკითხვის დროს გაახმაუროს ცნობები, რომლებიც მან სადეპუტატო საქმიანობასთან დაკავშირებით მიიღო, აგრეთვე, მიუთითოს ამ ცნობების მიღების წყაროები.
დაუშვებელია როგორც უზენაესი საბჭოს წევრის იძულებით მიყვანა, ასევე მისი პირადი ნივთების, ბარგის, ტრანსპორტის, საცხოვრებელი ან სამუშაო სადგომების შემოწმება.
უზენაესი საბჭოს წევრი საზღვარგარეთ მგზავრობისას სარგებლობს დიპლომატიური პასპორტით.
მუხლი 26. უზენაესი საბჭოს წევრის პასუხისგებაში მიცემაზე თანხმობის მიღების წესი.
უზენაესი საბჭოს წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაპატიმრების ან სასამართლო წესით დადებული ადმინისტრაციული სასჯელის ღონისძიებათა გამოყენებისთვის უზენაესი საბჭოს, ხოლო სესიებსა და სხდომებს შორის პერიოდში უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თანხმობის მისაღებად საქართველოს რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს უზენაესი საბჭოს წევრისთვის ბრალდების წაყენების, მისი დაპატიმრების სანქციის გაცემის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ საქმის სასამართლოში გაგზავნის წინ უზენაეს საბჭოში შეაქვს წარდგინება.
უზენაესი საბჭო წარდგინებას განიხილავს არა უგვიანეს ერთი თვის ვადისა.
საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორისგან შეიძლება გამოთხოვილ იქნეს დამატებითი მასალები, საკითხის განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვს უზენაესი საბჭოს წევრს, რომლის გამო შეტანილია წარდგინება, უზენაესი საბჭო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და სამი დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს.
საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორი საქმის წარმოების დამთავრებიდან სამი დღის ვადაში ვალდებულია აცნობოს უზენაესი საბჭოს საქმის გამოძიების ან განხილვის შედეგები.
მუხლი 27. უზენაესი საბჭოს წევრის თანაშემწის შესახებ
უზენაესი საბჭოს წევრს უფლება აქვს საზოგადოებრივ საწყისებზე აიყვანოს თანაშემწე.
მაჟორიტარული წესით არჩეულ უზენაესი საბჭოს წევრს უფლება აქვს აიყვანოს რწმუნებული, რომლის შრომა ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
მუხლი 28. თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა ამ კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობისთვის.
სახელმწიფო უზრუნველყოფს პირობებს უზენაესი საბჭოს წევრის მიერ უფლებამოსილების დაუბრკოლებელი და ეფექტიანი განხორციელებისათვის, იცავს მის უფლებებს, სახელსა და ღირსებას.
სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების თანამდებობის პირებს, რომლებიც არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს უზენაესი საბჭოს წევრის წინაშე, ხელს უშლიან მუშაობაში, აწვდიან მცდარ ინფორმაციას, არღვევენ სადეპუტატო საქმიანობის გარანტიებს, ეკისრებათ პასუხისმგებლობა კანონის შესაბამისად.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზ. გამსახურდია
თბილისი, 1990 წლის 27 დეკემბერი
N. 81- I ს.
წყარო: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გამოცემა, თბილისი, N. 12 (605), დეკემბერი, 1990 წ. გვ. 39 – 48
საქართველოს რესპუბლიკის კანონი საგანგებო წესების შესახებ
მუხლი 1. საგანგებო წესები არის დროებითი ღონისძიება, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციისა და ამ კანონის შესაბამისად ცხადდება მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისთვის, სტიქიური უბედურების, დიდი ავარიების ან კატასტროფების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების, აგრეთვე მასობრივი არეულობის დროს.
საგანგებო წესების გამოცხადების მიზანია ვითარების უსწრაფესი ნორმალიზაცია, კანონიერებისა და მართლწესრიგის აღდგენა.
მუხლი 2. საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 113-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგანგებო წესებს აცხადებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო და მისი პრეზიდიუმი.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი აფრთხილებს მოსახლეობას ცალკეულ ადგილებში საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, შემოიღებს კიდეც შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს თხოვნით ან თანხმობით. თანხმობის უქონლობის შემთხვევაში შემოიღებს საგანგებო წესებს და დაუყოვნებლივ შეაქვს მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიაზე დასამტკიცებლად. ამ საკითხზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, რომელიც უნდა შეადგენდეს საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის სულ ცორა 2/3-ს.
საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო წესების შემოღება შეუძლია მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს.
მუხლი 3. საგანგებო წესების შემოღებისას აღინიშნება ასეთი გადაწყვეტილებების მიღების მოტივები, მოქმედების ვადა და ტერიტორიული საზღვრები.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს, რომელმაც საგანგებო წესები გამოაცხადა, უფლება აქვს გააუქმოს იგი დადგენილი ვადის გასვლამდე ან გაახანგრძლივოს საგანგებო წესები, თუ არ აღმოიფხვრა გარემოებანი, რომელნიც მისი გამოცხადების საფუძველი გახდა.
საგანგებო წესების შემოღების, გახანგრძლივების ან გაუქმების გადაწყვეტილება ძალმოსილია მისი მიღების მომენტიდან, თუ სხვა რამ არ არის საგანგებოდ დათქმული და დაუყოვნებლივ ქვეყნდება.
მუხლი 4. საგანგებო წესების პირობებში, კონკრეტულ გარემოებათა კვალობაზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოებს შეუძლიათ გამოიყენონ შემდეგი ღონისძიებანი:
გააძლიერონ საზოგადოებრივი წესრიგისა და იმ ობიექტების დაცვა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის საქმიანობას და სახალხო მეურნეობის ფუნქციონირებას;
დროებით გაასახლონ მოქალაქეები საცხოვრებლად საშიში რაიონებიდან, ამასთან უთუოდ მისცენ სტაციონარული ან დროებითი სხვა საცხოვრებელი სადგომები;
შემოიღონ მოქალაქეთა შესვლისა და გასვლის განსაკუთრებული რეჟიმი;
აუკრძალონ ცალკეულ მოქალაქეებს დატოვონ დადგენილი ვადით გარკვეული ადგილი, თავისი ბინა (სახლი), გააძევონ საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევნი, რომლებიც არ არიან მოცემული ადგილის მცხოვრებნი, საკუთარი ხარჯით თავიანთ მუდმივ ადგილსამყოფელში ან იმ ადგილის ფარგლებს გარეთ, სადაც საგანგებო წესებია გამოცხადებული;
დროებით ჩამოართვან მოქალაქეებს ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი და ტყვია-წამალი, ხოლო საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს – აგრეთვე სასწავლო სამხედრო ტექნიკა, ფეთქებადი, რადიაქტიური ნივთიერებანი და მასალები, ძლიერმოქმედი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებანი;
აკრძალონ კრებების, მიტინგების, ქუჩს მსვლელობებისა და დემონსტრაციების, აგრეთვე სანახაობრივი სპორტული და სხვა მასობრივი ღონისძიებების მოწყობა;
შეიტანონ ცვლილებანი საწარმო-ორგანიზაციათა პროდუქციის წარმოებისა და მიწოდების გეგმებში, დააწესონ საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი, აგრეთვე გადაწყვიტონ მათი სამეურნეო საქმიანობის სხვა საკითხები;
დანიშნონ და გაათავისუფლონ თანამდებობიდან საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები; აკრძალონ მუშა-მოსამსახურეთა სამუშაოდან დათხოვნა საკუთარი სურვილით, საპატიო მიზეზით დათხოვნის შემთხვევების გარდა;
გამოიყენოს საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების რესურსები საგანგებო ვითარების შედეგების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციისათვის;
აკრძალონ გაფიცვების მოწყობა;
ჩააბან შრომისუნარიანი მოქალაქენი საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობაში, აგრეთვე საგანგებო ვითარების შედეგების ლიკვიდაციაში, ამასთან უზრუნველყონ შრომის უსაფრთხოება;
შეზღუდონ ან აკრძალონ იარაღით, ძლიერმოქმედი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებებით, აგრეთვე სპირტიანი სასმელებითა და სპირტშემცვლელი ნივთიერებებით ვაჭრობა;
შემოიღონ კარანტინი და გაატარონ სხვა სავალდებულო სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებანი;
შეზღუდონ ან აკრძალონ გასამრავლებელი ტექნიკის, აგრეთვე რადიო- და ტელეგადამცემი აპარატურის, აუდიო- და ვიდეოჩამწერი ტექნიკის გამოყენება; ჩამოართვან ხმის გამაძლიერებელი ტექნიკური საშუალებანი; დაუწესონ კონტროლი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს;
შემოიღონ კავშირგაბმულობით სარგებლობის განსაკუთრებული წესები;
შეზღუდონ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და მოაწყონ მათი გასინჯვა;
შემოიღონ კომენდანტის საათი;
შეაჩერონ პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მასობრივი მოძრაობების, მოქალაქეთა თვითმოქმედი გაერთიანებების საქმიანობა, რომლებიც აბრკოლებენ ვითარების ნორმალიზაციას;
აკრძალონ მოქალაქეთა შეიარაღებული ფორმირებების შექმნა და საქმიანობა, რომლებიც არ არის გათვალისწინებული საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით;
შეამოწმონ დოკუმენტები მოქალაქეთა მასობრივი თავშეყრის ადგილებში, ხოლო სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევებში, მოაწყონ პირადი გასინჯვა, ნივთებისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება.
მუხლი 5. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლეს ორგანოებს უფლება აქვთ გააუქმონ იმ ადგილებში მოქმედი ქვემდგომი ორგანოების ნებისმიერი გადაწყვეტილება, სადაც საგანგებო წესებია გამოცხადებული.
საგანგებო ვითარების შედეგების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის სამუშაოთა კოორდინაციისთვის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შეუძლია შექმნას სპეციალური დროებითი ორგანოები.
მუხლი 6. საგანგებო წესების პერიოდისათვის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს უფლება აქვთ საჭიროების შემთხვევაში გადაიყვანონ მუშა-მოსამსახურენი მათ დაუკითხავად სამუშაოზე, რომელიც არ არის დათქმული შრომითი ხელშეკრულებით.
მუხლი 7. მოქალაქეებს კომენდანტის საათს დროს აკრძალული აქვთ სპეცილურად გაცემული საშვებისა და მათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე იყვნენ ქუჩებში ან სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, ან გამოვიდნენ თავიანთი ბინის ფარგლებს გარეთ, თუ არ ექნათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესის დამრღვევ პირებს აკავებს პოლიცია ან პატრული კომენდანტის საათის დამთავრებამდე, ხოლო იმათ, ვისაც თან დოკუმენტები არ აღმოაჩნდება, – მათი პიროვნების დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს სამი დღისა; დაკავებულნი შეიძლება პირადად გასინჯონ, აგრეთვე შეიძლება გაუსინჯონ ნივთები, რომლებიც თან აქვთ.
მუხლი 8. მე-4 მუხლის 3, 4, 6, 10 და 12-16 პუნქტების შესაბამისად დადგენილი მოთხოვნების, აგრეთვე ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ სახდელს ათას მანეთამდე ჯარიმის სახით, ანდა დაპატიმრების თხუთმეტ დღემდე ვადით, თუ ეს დარღვევები არ იწვევენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 9. პროვოკაციული ხმების დაყრა, მართლწესრიგის დარღვევის პროვოკაციულად გამომწვევი ან ეროვნული შუღლის ჩამომგდები მოქმედება, მოქალაქეთა და თანამდებობის პირთა მიერ მათი კანონიერი უფლებებისა და მოვალეობების განხორციელებისადმი აქტიური წინააღმდეგობა, აგრეთვე ჯიუტი ურჩობა შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლის, სახალხო რაზმელის ან სხვა პირების კანონიერი განკარგულებისა თუ მოთხოვნისადმი, რომლებიც ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას ან იხდიან საზოგადოებრივ ვალს საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, ანდა სხვა მსგავსი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა სიმშვიდეს, ან ადმინისტრაციული ზედამხედველობის წესების დარღვევა, რაც ჩადენილია ადგილებში, სადაც საგანგებო წესებია გამოცხადებული, – იწვევს დაჯარიმებას ათას მანეთამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ოცდაათ დღემდე ვადით.
აღნიშნული სამართალდარღვევების საქმეთა ოქმებს ადგენენ საამისოდ უფლებამოსილი შინაგან საქმეთა ორგანოების ან ცალკეული ადგილის კომენდატურის მუშაკები.
საქმეებს ამ კანონის მე-8 და მე-9 მუხლებით გათვალისწინებული დარღვევების შესახებ სამი დღის ვადაში ერთპიროვნულდ განიხილავენ სახალხო მოსამართლე ან შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსი, ან მისი მოადგილეები, ანდა ცალკეული ადგილის კომენდანტი.
მუხლი 10. საგანგებო წესების პირობებში აკრძალული გაფიცვის ხელმძღვანელობა, აგრეთვე საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და ისჯება ათი ათას მანეთამდე ჯარიმით ან ორ წლამდე ვადის გამასწორებელი სამუშოებით, ანდა სამ წლამდე ვადის თავისუფლების აღკვეთით.
მუხლი 11. საქართველო რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით საგანგებო ვითარების შედეგების ლიკვიდაციის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ნაწილები, რომლებიც ხელმძღვანელობენ ამ კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 12. საგანგებო ვითარების შედეგების ლიკვიდაციისათვის მოხმობილი ძალების მოქმედების კოორდინაციის ხელმძღვანელობისა და თანამოქმედების ორგანიზაციის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დავალებით შეიძლება შეიქმნას ერთობლივი ოპერატიული შტაბი და დაინიშნოს შესაბამისი ადგილის კომენდანტი.
კომენდანტი გამოსცემს ბრძანებებს, რომლებიც არეგულირებენ ამ კანონის ფარგლებში საგანგებო წესების რეჟიმის ხელშეწყობის საკითხებს.
მუხლი 13. საგანგებო წესების გამოცხადებისას, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, შეიძლება მოზიდულ იქნენ სპეციალისტები ორ თვემდე ვადით, რომელთა დახმარება საჭიროა სტიქიური უბედურების, დიდი ავარიების ან კატასტროფების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების შედეგების ლიკვიდაციისათვის.
მუხლი 14. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ენიჭება უფლება საგანგებო წესების პირობებში შეცვალოს სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეთა კანონით დადგენილი ტერიტორიული განსჯადობა.
მუხლი 15. საგანგებო ვითარების დროს ან მისი თავიდან აცილებისა თუ ლიკვიდაციის სამუშაოთა წარმოებასთან დაკავშირებით დაზარალებულ მოქალაქეებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები, აგრეთვე საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები აძლევენ საცხოვრებელ სადგომს, უნაზღაურებენ მიყენებულ მატერიალურ ზარალს, ეხმარებიან სამუშაოზე მოწყობაში და უწევენ სხვაგვარ დახმარებას.
ბინის მიცემის, ზარალის ანაზღაურებისა და სხვა საჭირო დახმარების გაწევის პირობებსა და წესს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო.
მუხლი 16. იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილებში, სადაც საგანგებო წესებია გამოცხადებული, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ თავიანთი ფუნქციების ჯეროვან განხორციელებას: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს შეუძლია შემოიღოს დროებითი მმართველობა.
ამასთან სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილება შეჩერდება, ხოლო მათ ფუნქციების განხორციელება დაეკისრება საქართველოს რესპუბლკის უზენაესი საბჭოს მიერ შექმნილ ორგანოს ან მის მიერ დანიშნულ თანამდებობის პირს, რომლებსაც უფლება აქვთ:
გამოიყენონ ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებანი;
შეაჩერონ მმართველობის ადგილობრივი ორგანოების უფლებამოსილება და დროებით შეასრულონ მათი ფუნქციები;
შეიტანონ წინადადებანი სახელმწიფო, სამეურნეო და სოციალურ-კულტურული მშენებლობის საკითხებზე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლეს ორგანოებში;
დაუქვემდებარონ შესაბამის ადგილას განლაგებული ყოველგვარი საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები საქართველოს მინისტრთა საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით.
მუხლი 17. საგანგებო წესების გამოცხადებას და გაუქმებას საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ ატყობინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
მუხლი 18. ეს კანონი ძალაში შედის მიღებისთანავე.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება საყოველთაო ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შესახებ
უკანასკნელ ხანებში იმპერიის შემადგენლობაში მყოფმა ხალხებმა გააძლიერეს საპროტესტო პოლიტიკური საგაფიცვო მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავს იმპერიული ცენტრალური ხელისუფლების გაუქმებას და სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოების ჩამოყალიბების პროცესისათვის ხელშეწყობას. ამასთან დაკავშირებით, აგრეთვე სამაჩაბლოში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ე.წ. ცენტრის იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ “მრგვალი მაგიდის” პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა სატრანსპორტო საშუალებებისა და საკავშირო დაქვემდებარების საწარმოების გაფიცვები გამოაცხადეს.
გამომდინარე იმ მოსაზრებიდან, რომ აღნიშნულ საპროტესტო აქციებს აქვს ერთი მიზანი: საქართველოს სრული, ფაქტობრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, იმპერიული სტრუქტურებისადმი დაქვემდებარებისა და დიქტატისაგან მისი გათავისუფლება, რაც წარმოადგენს უკანასკნელ წლებში ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის პროცესის უშუალო გაგრძელებას, ვადგენ:
სამინისტროებმა, უწყებებმა, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ყოველნაირად შეუწყონ ხელი მრგვალი მაგიდის პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული საყოველთაო ეროვნულ და სამოქალაქო დაუმორჩილებლობას.
თანამდებობის პირთაგან შეიქმნას საკონსულტაციო და საკოორდინაციო საბჭოები, რომლებიც საგაფიცვო კომიტეტებთან ერთად სისტემურ ხასიათს მისცემენ დაუმორჩილებლობის მოძრაობას, რათა არ დაზარალდეს რესპუბლიკის ეკონომიკური ინტერესები.
შეიქმნას მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გაერთიანებული საბჭო, რომელიც უზენაესი საბჭოს პრესცენტრთან და პრეზიდენტის პრესის სამსახურთან ერთად უზრუნველყოფს სწორი და შემოწმებული ინფორმაციის გავრცელებას და საზღვარგარეთ გადაცემას საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
შეიქმნას სპეციალური საგაფიცვო ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს გაფიცულთა ყოველგვარ დახმარებას და უზრუნველყოფას.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზ. გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 15 აპრილი
წყარო: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991, N. 4 (609), აპრილი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გამოცემა, თბილისი, გვ. 17
საქართველოს ბუნებრივ რესურსებსა და მის სტრატეგიულ ადგილმდებარეობაზე კონტროლი იმპერიულ სახელმწიფოთა მეტოქეობის ძირითადი მიზანი იყო. მიუხედავად განუწყვეტელი შემოსევებისა და ომებისა, ქართველი ერის მძლავრი ინდივიდუალიზმის, არახელსაყრელი პირობებისადმი მისი შეგუების უნარის, ასევე, ქვეყნის მდიდარი ბუნებრივი რესურსების წყალობით, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებდა სიცოცხლისუნარიანობას და მისი განვითარების ისტორია მოწმობს, რომ მას ძალუძს იყოს მაღალგანვითარებული დამოუკიდებელი სახელმწიფო.
საქართველოს ეკონომიკის ახლანდელი სტრუქტურა იმ განვითარების სტრატეგიის შედეგია, რომელიც დაგეგმილი და თავს მოხვეულია საბჭოთა წყობილების მიერ, რამაც საქართველოს ფაქტობრივად წაართვა თავისი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის სუვერენული არჩევანის უფლება.
იმპერიის ნედლეულის წყაროდ და გასაღების ბაზრად ქცეული საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკური პროცესებისგან იზოლირებული აღმოჩნდა. იმპერიული ინტერესები ნთქავდა საქართველოს ბუნებრივ, შრომითს და ფინანსურ რესურსებს. დავიწყებას მიეცა საუკუნეებით გამომუშავებული და ქართველი კაცის ეთნო-ფსიქიკაზე დაყრდნობილი მეურნეობრიობის სისტემა, მისი გაძღოლის მეთოდები. 200 წლიანმა უღელმა, უცხო, თავსმოხვეულმა ეკონომიკურმა სისტემამ, მიწისგან და წარმოების სხვა საშუალებებისაგან გაუცხოებამ, საბჭოთა პერიოდში სახელმწიფო მონოპოლისტურმა საკუთრებამ და შესაბამისად, ქართველი კაცისათვის არატრადიციულმა წარმოებითმა ურთიერთობებმა, საქართველოს ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო, ქართველი მეურნე კი დიდწილად მეწარმისა და აღმშენებლისაგან მიმთვისებლად და მომხვეჭელად აქცია. დაავიწყა გენით კოდირებული რუდუნება შრომისადმი, იდეოლოგიურ ჩარჩოებში მოაქცია და გააუცხოა მისგან. აქედან გამომდინარე, გასაღბი ქართული ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობისა, ქართველი მეურნის უცხო, თავსმოხვეული ეკონომიკური სისტემისაგან გათავისუფლებაში ძევს.
გარანტი ჩვენი ეკონომიკის აღორძინებისა არის ის უდიდესი პოტენცია, რაც საქართველოს ხელსაყრელ გეოპოლიტიკურ მდებარეობაში, მის ბუნებრივ რესურსებში, კლიმატურ პირობებში და ქართველი კაცის შესაძლებლობებში მდგომარეობს. ყოველივე ამის გაცნობიერებაში და იმ გზების ძიება, რომელიც ქართველ მეურნეს, გაათავისუფლებს, არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულება. მხოლოდ თავისუფალ მეწარმეობაზე დაყრდნობილი მეურნეობა შეძლებს იმპერიული ეკონომიკური ზღუდის გარღვევასა და საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებში უშუალოდ ჩართვას, მყარ საფუძველს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო სიძლიერესა და სულიერი მისიის აღსრულებას, ცივილიზებულ ერთა ოჯახში საქართველოს ღირსეულ შესვლასა და დაფუძნებას.
ქართველი კაცის მეწარმის ნიჭმა ტოტალიტარიზმის პირობებშიც იჩინა თავი და ე.წ. ჩრდილოვანმა ეკონომიკამ საქართველოში სწორედ ტოტალიტარიზმის გამო მიიღო ასეთი მახინჯი ფორმები და მოსახლეობის ფართო ფენების საზიანოდ იქცა. წარმოების საშუალებებზე საქართველოს მოქალაქეთა კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული ჯანსაღი ეკონომიკური სისტემა ამ ენერგიას მიმართავს მოსახლეობის ყველა ფენის სასიკეთოდ, საყოველთაო სიუხვისა და კეთილდღეობისათვის, საქართველოს ბედნიერი მომავლისათვის. მხოლოდ ამ გზით გვესახება საბჭოური ეკონომიკის მოჯადოებული წრის გარღვევა და ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი ეკონომიკური განვითარების კალაპოტში გადაყვანა.
მრავალწლიანი ეკონომიკური ძარცვისა და ჩვენი მეურნეობისა და სანედლეულო ბაზის გაჩანაგების თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოებისათვის საქართველოს მთავრობამ სსრკ-ს უნდა წაუყენოს საკომპენსაციო პირობები და აგრეთვე, საერთაშორისო სამართლებრივ აქტებზე, კერძოდ კი, რესტიტუცია-სეპარაციაზე დაყრდნობით საქართველოს სახელმწიფო საკუთრებად უნდა გამოაცხადოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა საკავშირო დაქვემდებარების წარმოება-დაწესებულება, ხოლო სტრატეგიულ სამხედრო ობიექტების ირგვლივ გაიმართოს ორმხრივი მოლაპარაკება, საქართველოს მთავრობასა და სსრკ-ს შორის.
სწორედ, ამ ეკონომიკური საკითხების პარლამენტში გატანა და ამით საქართველოს მომავლის უზრუნველყოფაა ჩვენი ძირითადი ამოცანა.
გარდამავალი პერიოდის საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებები
საქართველოს ეკონომიკის აღორძინების აუცილებელი პირობაა მისი პოლიტიკური სუვერენიტეტი. საქართველოს ეკონომიკური აღორძინებისაკენ მიმართულ ეკონომიკურ ღნისძიებათა სისტემა უნდა გამოხატავდეს თავისუფალ მოქალაქეთა საერთო ნებას. იგი უნდა ქმნიდეს პიროვნების მატერიალური და სულიერი თავისუფლების საფუძველს, რის გარანტიასაც წარმოადგენს კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპის აღიარება, სამეურნეო და კომერციული საქმიანობის თავისუფლება, სამეურნეო საქმიანობის წარმართვისათვის საქმიანი პარტნიორების დამოუკიდებლად შერჩევისა და მათთან ასოცირების უფლება.
კერძო საკუთრების პრიმატი არ გამორიცხავს სახელმწიფო საკუთრების არსებობას. მეურნეობის იმ დარგებში და საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც მეურნეობისათვის არახელსაყრელი პირობებია, შენარჩუნდება სახელმწიფო საკუთრება, რომლის სუბიექტიც იქნება არა სახელმწიფო ზოგადად, არამედ საქართველოს მთავრობა პერსონალურად, რომელიც ერის წინაშე პასუხისმგებელი იქნება მის მიერ გატარებულ ღონისძიებათა ეფექტიანობაზე. საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკით გათვალისწინებული უნდა იქნეს მთელი ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და უნარიანად გამოყენების ღონისძიებათა ფართო სისტემა. ეკონომიკის აღორძინების უმნიშვნელოვანესი პირობაა ადამიანის თაოსნობის სტიმულირებისა და მისი შრომის შედეგების დასაკუთრების შესაძლებლობის შეუზღუდველობა. ეკონომიკის საბაზრო პრინციპების ჩამოყალიბება-დამკვიდრების პროცესში თავისუფალი მეწარმეობისა და კერძო საკუთრების დამკვიდრებისათვის უნდა შემუშავდეს ამჟამად არსებული სახელმწიფო საკუთრების განსახელმწიფოებრიობის – პრივატიზაციის რეგულირების კონკრეტული ღონისძიებები.
სახელმწიფო საკუთრების განსახელმწიფოებრიობა უნდა განხორციელდეს თანდათანობით, ეტაპობრივად, იმ ვარაუდით, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩეს მხოლოდ ის საწარმოები, რომელთა ფუნქციონირებაც კერძო მეწარმეობის პრინციპებზე დროის მოცემულ მომენტში გაუმართლებელი იქნება.
კერძო საკუთრების დამკვიდრება კარგ პირობებს ქმნის ეროვნული ეკონომიკის მსოფლიო მეურნეობაში ინტეგრირებისათვის. დაინერგება ისეთი კონკრეტული ეკონომიკური ფორმები და მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც თანდათანობით თავს დავაღწევთ საკავშირო სახალხო-სამეურნეო კომპლექსს და მომზადდება პირობები მსოფლიო ბაზარზე გასვლისა და ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარებისთვის.
საქართველოში თავისუფალი მეწარმეობისა და კერძო საკუთრების პრიორიტეტულობის პირობებში ეროვნული ეკონომიკა უნდა დაეფუძნოს მეურნეობრიობის პრინციპულად ახალ დარგობრივ და რეგიონალურ სტრუქტურას, ყურადღება უნდა გამახვილდეს მეცნიერებატევად დარგებზე და ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიასა და პროდუქციის წარმოებაზე.
საბაზრო ეკონომიკის არსი მდგომარეობს მიწოდებისა და მოთხოვნის თანაფარდობის საფუძველზე ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღებაში. თავისუფალი ეკონომიკური სისტემისათვის დამახასიათებელია კერძო საკუთრება წარმოების საშუალებებზე, ფინანსური ბაზრები და შრომითი ბირჟები. ეს საბაზრო ეკონომიკის ძირითადი ინგრედიენტებია, რომელთა განვითარებასაც პირველ რიგში უნდა ესწრაფვოდეს საქართველო. მას შემდეგ, რაც ეს ელემენტები ამოქმედდება, საქართველოს და აგრეთვე, სხვა ქვეყნებთან გამოცდილების საფუძველზე, ხალხის თავის მიერ არჩეული წარმომადგენლების საშუალებით გადაწყვეტს თუ რამდენად ქველმოქმედი სახელმწიფო უნდათ მომავალში და მზად არიან თუ არა ამისათვის გადაიხადონ უფრო მაღალი გადასახადები.
საგარეო ეკონომიკური კავშირები. იზოლირებული ეკონომიკური სისტემიდან თავდასაღწევად, საერთაშორისო ინტეგრაციაში საქართველოს თანმიმდევრული ჩართვისა და მოკავშირეებთან და საერთაშორისო (მათ შორის, სსრკ) პარტნიორებთან ხელსაყრელი მდგომარეობის მისაღწევად აუცილებელია დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება საერთაშორისო სამთავრობოთაშორისო და ევროპულ, რეგიონალურ ორგანიზაციებთან (საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი, განვითარების ევროპული ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, სოფლის მეურნეობის ორიენტაციის და გარანტიების ევროპული ფონდი და სხვა). მხოლოდ მათთან მჭიდრო კონსულტაციურ და ფინანსურ კავშირშია შესაძლებელი განვითარების (ეკონომიკის სტაბილიზაციის, სტრუქტურული ადაპტაციისა და ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის) საერთაშორისო საკრედიტო ბაზრიდან აუცილებელი რესურსების მოზიდვა.
სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად აუცილებელია თანამშრომლობის დაწყება სხვადასხვა კერძო ორგანიზაციებთან ერთობლივი საწარმოების, ფირმებისა და ბანკების შექმნის მიზნით. შესაბამისად, მათი მოქმედების წესი უნდა განისაზღვროს საქართველოს კანონმდებლობით.
დასახული მიზნების რეალიზაციისათვის საჭიროა პარლამენტმა ჩაატაროს შესაბამისი საკანონმდებლო სამუშაოები. უნდა შეიქმნას საპარლამენტო მუდმივმოქმედი კომისია, რომელსაც დაევალება ამ სფეროში სტრატეგიის შემუშავება და რეალიზაციისადმი კონტროლი, ასევე საპარლამენტო კომისია რეპარაციისა და რესტიტუციის შესახებ;
ამავე დროს, პარლამენტმა უნდა განახორციელოს სსრკ სახელმწიფო ბანკის მიერ, უცხოური ვალუტისა და ძვირფასი ლითონების მარაგის შესაბამისი ნაწილის საქართველოს ბანკისადმი გადაცემა.
საქართველომ უცხოური სავალუტო შემოსავლის ნაწილი აქედანვე უნდა შეიტანოს სპეციალურ ანგარიშზე რომელიმე უცხოურ ბანკში, რათა დამოუკიდებლობის დროს ამ რესურსებმა უზრუნველყონ ქვეყანა და მისი ცენტრალური ბანკი უცხოური ვალუტის მინიმალური საწყისი მარაგით. აუცილებელია შემუშავდეს პროგრამა ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიის, კაპიტალის, მენეჯერული და მარკეტინგული ტექნიკის დასანერგად. ამისათვის აუცილებელი იქნება როგორც უცხოელი ექსპერტების მოწვევა საქართველოში, ასევე ეროვნული კადრების მნიშვნელოვანი კორპუსის მივლინება საზღვარგარეთის მოწინავე ქვეყნებში.
ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საბაჟო ტარიფების მეშვეობით გარკვეულ სახელმწიფოთა მიმართ უნდა განხორციელდეს პრიორიტეტების მინიჭება – გატარდეს პროტექციონისტული ღონისძიებები; გამოყენებულ უნდა იქნეს ორმხრივი თუ მრავალმხრივი საანგარიშსწორებო ოპერაციები (კლირინგი, ბარტერი და სხვა). საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებთან მჭიდრო კავშირით უნდა შეიქმნას საქართველოს საინვესტიციო ფონდი, რათა მსოფლიოსთვის ცნობილი გახდეს ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები.
ამასთან, საქართველო არა მხოლოდ უცხოური ინვესტიციის გამომყენებლის როლში უნდა გამოდიოდეს, არამედ თვითონაც ეწეოდეს აქტიურ საინვესტიციო საქმიანობას.
გარდამავალ პერიოდში ამ და სხვა საგარეო-ეკონომიკურ პრობლემათა გადაჭრის ერთადერთი გარანტი პოლიტიკური სტაბილურობაა, რაც მოითხოვს ძლიერ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და ეროვნულ ერთიანობას.
შრომის ანაზღაურება და სოციალური გარანტიები. სუვერენული საქართველოს სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, მისი ხელისუფლების უპირველესი საზრუნავი უნდა გახდეს საქართველოს მოქალაქეთა დასაქმება. საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის თანმიმდევრული გატარებით უნდა შეძლოს მოქალაქეთა ცხოვრების პირობების ამაღლება, ამჟამად არსებული სიღატაკის ლიკვიდაცია.
საქართველოს მთავრობა იზრუნებს რესპუბლიკის მოქალაქეთა შრომის უფლების რეალიზაციისათვის განურჩევლად ეროვნებისა, რასისა, სქესისა, რელიგიისა, ასაკისა, სოციალური წარმოშობისა და პოლიტიკური შეხედულებებისა.
გარდამავალ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობის დასაქმების პოლიტიკურ პრაქტიკულად განხორციელებისა და მოქალაქეთა შესაბამისი გარანტიების უზრუნველსაყოფად უნდა შეიქმნას საქართველოს მოსახლეობის დასაქმების სახელმწიფო საბირჟო სამსახური, რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება მუშახელზე მოთხოვნა-მიწოდების შესწავლა, სამუშაო ადგილებისა და იმ მოქალაქეთა აღრიცხვა, რომლებიც საჭიროებენ შრომით მოწყობას და მათთვის შესაბამისი სამუშაოს მოძებნა, უმუშევართა რეგისტრაცია, აღრიცხვა და მათთვის ფულადი შემწეობის მიცემა და სხვა.
საქართველოს შრომის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს წარმოებული პროდუქციის რაოდენობისა და საბოლოო შედეგების გათვალისწინებით, ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობის შეუზღუდავად. საქართველოს მთავრობამ საცხოვრებელ მინიმუმიდან გამომდინარე, რეგიონების მიხედვით უნდა დააწესოს ხელფასის მინიმალური დონე, რომლის დაცვაც სავალდებულო უნდა იყოს ყველა საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის მათი საკუთრების ფორმებისგან დამოუკიდებლად.
მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს რესპუბლიკური და რეგიონალური სოციალური პროგრამები, რომელთა საფუძველზე რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს მიეცემა განათლების, ჯანმრთელობის დაცვის და სხვა კულტურულ-საყოფაცხოვრებო მომსახურებათა მინიმუმით უფასოდ სარგებლობის გარანტია.
ფასების პოლიტიკა. მოსახლეობის მსყიდველობითი უნარიანობის დაცვის საიმედი გარანტიის შესაქმნელად სახელმწიფო მუდმივად მოქმედი მექანიზმის საშუალებით, სამომხმარებლო ფასების ზრდის შემთხვევაში, უნდა განახორციელოს მოსახლეობის ფულადი შემოსავლების ინდექსაცია. ამ თვალსაზრისით, გარდამავალ პერიოდში, საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების პირველ ეტაპზე აუცილებელი გახდება სახელმწიფოს მარეგულირებელი ზემოქმედების შენარჩუნება გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე საბაზრო პროდუქციაზე – პირველი მოთხოვნილების საქონელზე და მოსახლეობის კომუნალურ და სატრანსპორტო მომსახურებაზე.
გარდამავალი პერიოდის საბაზრო ეკონომიკის პირობებში დეფიციტის ლიკვიდაციისა და სამომხმარებლო ბაზრის დარეგულირების კვალობაზე სახელმწიფო ფასები ან ფასების შეზღუდვები შენარჩუნებულ უნდა იქნეს იმ საქონელზე და მომსახურებაზე, რომლებზეც მოცემულ კონკრეტულ ვითარებაში შესამჩნევი იქნება ფასების ზრდის ტენდენცია ან ბაზრის მონოპოლიზაცია.
სახელმწიფოს მარეგულირებელი როლი ამ მიმართულებით გამოვლინდება: პირველი – სახელმწიფო ფასების ან მათი ცვლილების საზღვრების ცენტრალიზებული დადგენა მოსახლეობისათვის საარსებო მნიშვნელობის მქონე საქონლისა და მომსახურების მკაცრად განსაზღვრულ, რესპუბლიკის პარლამენტის მიერ დადგენილ ასორტიმენტზედ და მეორე – სახელმწიფოს მხრივ ფასების დონესა და დინამიკაზე ზემოქმედება ეკონომიკური მეთოდებით – მოქმედი საგადასახადო, საკრედიტო, საბაჟო პოლიტიკის, ბაზარზე პროდუქციის მიწოდების სახელმწიფო რეგულირებით და ა.შ.
ძირითად საარსებო დანიშნულების საქონელსა და მომსახურებაზე ფასების მოქნილი რეგულირება მწარმოებლების და მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით, შეზღუდავს ფასების ინფლაციურ ზრდას და უზრუნველყოფს მოსახლეობის, განსაკუთრებით მისი ხელმოკლე ფენების საიმედო სოციალურ დაცვას.
ფასწარმოქმნის პროცესმა აქტიური როლი უნდა შეასრულოს სოფლის მეურნეობის, განსაკუთრებით, მისი ტრადიციული დარგების აღორძინებისა და აღმავლობის საქმეში. ამისათვის აუცილებელია ფართოდ გამოვიყენოთ ფასების რეგულირების გზით სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელთა ინტერესების დაცვის თანამედროვე ფორმები და მეთოდები, რომლებიც შემოწმებულია მაღალგანვითარებული ქვეყნების პრაქტიკით.
საქართველოს საზღვარგარეთთან ეკონომიკური ურთიერთობის რადიკალურად გაფართოების პირობებში სასიცოცხლო მნიშვნელობა მიენიჭება საშინაო ბაზრის დაცვას, რაშიც მოფიქრებულ და მოქნილ საბაჟო პოლიტიკასთან ერთად დიდი როლი უნდა ითამაშოს ფასწარმოქმნის პოლიტიკამ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საგარეო ვაჭრობის ეფექტიანობის ამაღლება და ეროვნული ინტერესების შესაბამისად, შექმნას ოპტიმალური პირობები საშინაო ბაზრის განვითარებისთვის.
საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისა და საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების პერიოდში ფასწარმოქმნის პოლიტიკა ფაქტობრივად გარდამავალი პერიოდის ამსახველი პოლიტიკა იქნება, რომლის მთავარი დანიშნულებაა რაც შეიძლება უმტკივნეულოდ და ნაკლებად ფინანსური და მორალურ-ფსიქოლოგიური დანაკარგებით უზრუნველყოს რესპუბლიკის ეკონომიკის ახალ თვისობრივ მდგომარეობაში გადასვლა.
გარდამავალი პერიოდის დამთავრების შემდეგ ე.ი. სრული სახელმწიფო სუვერენიტეტისა და განვითარებული საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ფასწარმოქმნის მექანიზმი ძირითადად ბაზრის კანონებით იქნება განპირობებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სრულად ამოქმედდება თავისუფალი ფასწარმოქმნის მექანიზმი, მინიმუმამდე შემცირდება ფასწარმოქმნის ადმინისტრაციული რეგულირების სფერო და საქონლისა და მომსახურების უდიდეს ნაწილზე ფასები მიწოდება-მოთხოვნის ზემოქმედებით ჩამოყალიბდება.
თავისუფალი ფასწარმოქმნა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მწარმოებელთა ინიციატივის ფართოდ გაშლას, თავისუფალი კონკურენციის განვითარებას, რაც წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის დინამიკური განახლებისა და ხარისხის ამაღლების უპირველესი ეკონომიკური საფუძველი გახდება.
დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკური მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საჭიროა მომსახურების და ფასიანი ქაღალდების ბაზრის საფონდო და სასაქონლო ბირჟების ორგანიზაცია. ფასების რეფორმამ შეიძლება გადაწყვიტოს მხოლოდ დროებითი პრობლემები. მაგალითად: დისპროპორციების ლიკვიდაცია; არსებითად კი, ფასების პრობლემა შეიძლება გადაწყვიტოს მხოლოდ კონკრეტულმა ბაზარმა.
საგადასახადო სისტემა. საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკაში მნიშვნელოვან ადგილს დაიჭერს საგადასახადო სისტემა.
გადასახადს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა საწარმო-დაწესებულება და შემოსავლის მქონე მოქალაქე. გადასახადისაგან შეიძლება გათავისუფლებულ იქნეს ცალკეული სუბიექტები საერთაშორისო შეთანხმებისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
გადასახადის ობიექტად უნდა ჩაითვალოს მოგება, ფულადი და ნატურალური შემოსავლები, ქონება, გადამხდელთა ზოგიერთი კატეგორიისათვის მათ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ან მათ მფლობელობაში არსებული მიწა, გამოყენებული ბუნებრივი და შრომითი რესურსები და კანონით დაწესებული გადასახადის ….. მოგების გადასახადს გადაიხდიან საწარმოები საკუთრების ფორმის მიუხედავად სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული მოგებიდან. მოგების დაბეგვრის სისტემამ არა მარტო ბიუჯეტი უნდა უზრუნველყოს ფინანსური რესურსებით, არამედ უნდა გადაწყვიტოს ეკონომიკის რეგულირების ამოცანაც. გამოყენებულ იქნება საგადასახადო შეღავათების სისტემა, რომელმაც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სტიმული უნდა მისცეს საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს. შეღავათების სისტემის ქმოქმედება გარკვეულ გავლენას მოახდენს ინფლაციური პროცესების შეჩერების და ფასების განუსაზღვრელი ზრდის შეზღუდვაზე. შეღავათების სისტემას ადგენს საქართველოს უზენაესი საბჭო, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში დამატებითი შეღავათების გავრცელების უფლება უნდა მიეცეს საქართველოს მთავრობას (იმ ნაწილში, რაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხება) და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს (იმ ნაწილში, რაც მათ ბიუჯეტში ჩაირიცხება).
გარდა მოგებიდან გადასახადისა, აუცილებელია შემოღებულ იქნას დამატებითი ღირებულებების გადასახადი და აქციზები. დამატებითი ღირებულების გადასახადით იბეგრება პროდუქციის რეალიზაციის შედეგად ამონაგებსა და მიმწოდებლიდან ნაყიდი საქონლის ღირებულებას შორის სხვაობა. აქციზების სისტემის განვითარება კი, პირველ რიგში, მოითხოვს განისაზღვროს ის საქონლის ჯგუფი, რომლის მომხმარებლის დაბეგვრა მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული. მაგალითად, სპორტიანი სასმელები, თამბაქო და ა.შ. აქციზების რაოდენობა შეიძლება განისაზღვროს ფულად ერთეულებში საქონლის ნატურალური რაოდენობიდან და პროცენტებში დასაბეგრი ბრუნვიდან.
საშემოსავლო გადასახადით იბეგრება მოსახლეობის შემოსავლებიც. საქართველოს მოქალაქეთა რეალური დაცულობის მიზნით უარი უნდა ეთქვათ მრავალშვილიან და მცირე შემოსავლიანი ოჯახების, ხელმოკლე პირების, სტუდენტი ახალგაზრდობის, ინვალიდებისა და სხვათა შემოსავლების დაბეგვრაზე. მოქალაქენი საშემოსავლო გადასახადით უნდა დაიბეგრონ მათი წლიური შემოსავლების შესახებ დეკლარაციის საფუძველზე.
გადასახადი მემკვიდრეობაზე (ჩუქებაზე) გადაიხდება იურიდიული და კერძო პირების მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე (საჩუქარზე). მიწის გადასახადი უნდა გადაიხადოს იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა, რომელთა მფლობელობაში მიწა, მიწის გადასახადის განაკვეთები უნდა დადგინდეს სხვადასხვა ოდენობით იმისდა მიხედვით, მიწა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისთვისაა გამოყოფილი თუ სხვა მიზნით, გადასახადის განაკვეთები დიფერენცირებულ უნდა იქნეს მიწის ადგილმდებარეობისა და ნაყოფიერების მიხედვით.
სახელმწიფო ბაჟს გადაიხდიან დადგენილი განაკვეთებით იურიდიული და კერძო პირები იურიდიული ქმედების მოხდენისას და დოკუმენტების გაფორმებისას, რომლებიც გამომდინარეობს საწარმოების, ორგანიზაციების, აგრეთვე ცალკეული მოქალაქეების ინტერესებიდან.
სატრანსპორტო საშუალებებზე გადასახადს გადაიხდიან იურიდიული და კერძო პირები – სატრანსპორტო საშუალებების მფლობელების გადახდის განაკვეთები დაწესდება ძრავის სიმძლავრის ერთეულზე ან ტონაჟზე.
გადასახადს გაჭუჭყიანებისათვის გადაიხდის იურიდიული ან კერძო პირები, რომლებიც გააჭუჭყიანებენ გარემოს. გადასახადის ოდენობა დამოკიდებული იქნება გაჭუჭყიანების ხარისხზე, მოცულობაზე, ხასიათზე, ხანგრძლივობაზე და მისი მოქმედების სფეროზე.
სატრანზიტო გადასახადს გადაიხდიან იურიდიული და ფიზიკური პირები საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთით ტვირთის გადატანისა და მგზავრთა გადაყვანისათვის. საბაჟო გადასახადს გადაიხდიან იურიდიული და ფიზიკური პირები საექსპორტო-საიმპორტო ოპერაციების ჩატარებისას.
საზღვარგარეთის იურიდიული და ფიზიკური პირების, საშემოსავლო გადასახადს გადაიხდიან საზღვარგარეთის კომპანიები, ფირმები, კოოპერატივები, საწარმოები და სხვა ნებისმიერი ორგანიზაციები და დაწესებულებები, აგრეთვე ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე უშუალოდ ან საქართველოში არსებული წარმომადგენლობის მეშვეობით.
გადასახადს ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათვის გადაიხდიან იურიდიული და ფიზიკური პირები. გადასახადი გადაიხდება ბუნებრივი რესურსებიდან და მადნეული და არამადნეული წიაღისეულის მოპოვებისა და გამოყენებისათვის.
საკურორტო გადასახადს გადაიხდიან ფიზიკური პირები, რომლებიც დროებით საცხოვრებლად, სამკურნალოდ ან დასასვენებლად ჩამოვლენ რესპუბლიკის კურორტებზე.
საქველმოქმედო ღონისძიებებით მიღებული შემოსავლები არ იბეგრება.
ეკლესია გათავისუფლებულია საშემოსავლო ბეგარისგან.
საქართველოს ტერიტორიაზე წარმოქმნილი ყველა გადასახადი უნდა ჩაირიცხოს საქართველოს ბიუჯეტში. გადასახადების განაწილება რესპუბლიკის და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის უნდა განისაზღვროს საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ. გადასახადების განაწილება საქალაქო (რაიონულ) ბიუჯეტსა და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის განისაზღვრება ქალაქის (რაიონის) თვითმმართველობის ორგანოს მიერ.
საბანკო სისტემა და ფულად-საკრედიტო მიმოქცევა. საქართველოს ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭიროა მხოლოდ მის უზენაეს ხელისუფლებას დაქვემდებარებული ორიარუსიანი საბანკო სისტემა, რომლის სათავეში იქნება ცენტრალური ეროვნული ბანკი, ხოლო პირველ იარუსზე განლაგდებიან კომერციული ბანკები, რომელთათვისაც უმაღლესი განკმკარგულებელი თუ საკანონმდებლო ორგანოა მეპაიე – დამფუძნებელთა საერთო კრება, რომელთა კაპიტალითაც იქმნება კომერციული ბანკების არსებობის ძირითადი ფინანსური საფუძველი – საწესდებო ფონდი.
ჩვენი ეკონომიკის მეტად მძიმე ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, გარდამავალ პერიოდში, საბანკო სისტემის კომერციალიზაციის პირველ ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფო კომერციული ბანკების შექმნას, რომელთა საწესდებო ფონდებიც მათი მიზნებიდან გამომდინარე, უპირატესად სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტების სახსრებიდან შეიქმნება, რამეთუ საპაიო საწყისებზე შექმნილი კომერციული ბანკები ვერ შესძლებენ ფინანსურად გაკოტრების წინაშე მდგარ თუ პრაქტიკულად უკვე ბანკროტ საწარმოებისა და ორგანიზაციების მომსახურებაზე აყვანას, რომელთა რაოდენობაც დღეს მეტად დიდია, ბევრი მათგანის ფუნქციონირება კი, აუცილებელი.
დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის გასატარებლად ეროვნულ ბანკს მიენიჭება ცენტრალური ბანკის სტატუსი, რომელსაც გარდა კომერციული და კოოპერაციული ბანკების საქმიანობის ზემოთაღნიშნული კოორდინაციისა და ზედამხედველობისა ექნება ასეთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციები, როგორიცაა ფულის მიმოქცევის, დაკრედიტების, დაფინანსების, ანგარიშსწორებისა და სავალუტო ურთიერთობათა სფეროში რესპუბლიკის ერთიანი პოლიტიკის გატარება, ფულად საკრედიტო სისტემის ცენტრალიზებული მართვა, მყარი ფულადი მიმოქცევისა და ქართული ფულის მსყიდველობითი უნარის განმტკიცების უზრუნველყოფა, მისი გასაცვლელი კურსის დადგენა სხვა ქვეყნების ფულად ერთეულებთან და სხვა.
საქართველოს უზენაესი საბჭო ნიშნავს ეროვნული ბანკის გამგეობის თავმჯდომარეს და ამტკიცებს ცენტრალური ბანკის წესდებას.
ერთიანი საბანკო სისტემის ჩამოყალიბებასთან ერთად, აუცილებელია შეიქმნას ჩვენი ბანკების და პირველ რიგში, ცენტრალური ბანკის ფილიალები და წარმომადგენლობები ყველა იმ ქვეყანაში, რომელთანაც დავამყარებთ ურთიერთხელსაყრელ კავშირებს. საშურია, აგრეთვე, შეიქმნას ერთობლივი ბანკები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს ეროვნული ეკონომიკის ინტერესებისთვის გამოვიყენოთ ჩვენი პარტნიორების საკრედიტო ხაზები და მათ მიერ გაცემული გარანტიების საფუძველზე გაცილებით ადვილი იქნება როგორც უცხოური კაპიტალის მოზიდვა, ასევე ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაცია.
დამოუკიდებელი საქართველოს საკუთარი ფულად-საკრედიტო სისტემის შექმნის გზაზე უმნიშვნელოვანესია ფულის ეროვნული ერთეულის შემოღება. ეროვნული ფული უნდა გახდეს საქართველოს ეკონომიკის ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებთან ინტეგრირების მტკიცე გარანტი. საქართველოს ეკონომიკა, რომელიც თავისუფალი მეწარმეობის პრინციპებზე იფუნქციონირებს, კარს გაუღებს სხვადასხვა სამეურნეო პარტნიორებს, საქართველოს ტერიტორიაზე უნდა იმოქმედოს მრავალი ქვეყნის კონვერტირებულმა ვალუტამ. ასეთ პირობებში აუცილებელია ფულის საკუთარი ერთეული, რომლის მეშვეობითაც იწარმოებს ერთობლივი ეროვნული პროდუქტის აღრიცხვა, საგადასახდელო და სავაჭრო ბალანსების დადგენა, ეროვნული ვალუტის სამეურნეო ბრუნვაში შემოღება ვერ განხორციელდება ერთდროული აქტის სახით. ამ მიზნისათვის დამოუკიდებელ საქართველოში უნდა ჩატარდეს რიგი ღონისძიებებისა, რომელიც შექმნის ეროვნული ვალუტისათვის მტკიცე საფუძვლებს.
დარგობრივი სტრუქტურის სრულყოფა
საქართველოს ეკონომიკური სუვერენიტეტის დაცვა და მისი შემდგომი განმტკიცება მოითხოვს თავსმოხვეული კოლონიური დარგობრივი სტრუქტურის დემონტაჟს და ერის ინტერესების შესაბამისად მის ხელახლა ფორმირებას.
მრეწველობის სტრუქტურული გარდაქმნა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად. პირველ ეტაპზე, ძირითადი ყურადღება უნდა დაეთმოს მრეწველობის ისეთი დარგების განვითარებას, რომელთა ნედლეულით უზრუნველყოფა უპირატესად საქართველოს მდიდარი ბუნებრივ-კლიმატური პირობებითაა განპირობებული და იმ დარგების განვითარებას, რომლებსაც უკვე გააჩნიათ პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გატანის გარკვეული ტრადიციები.
ეროვნული ეკონომიკისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა ჩამოყალიბდეს საქართველოსთვის შესაფერისი სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ოპტიმალური სტრუქტურა, რომლის განვითარებაში დაშვებული შეცდომების გამო რესპუბლიკის ენერგეტიკული რესურსებით უზრუნველყოფის საქმე მეტად არადამაკმაყოფილებელია.
საქართველოში ფართოდ უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ტერიტორიაზე არსებული სათბობ-ენერგეტიკული რესურსების მთელი კომპლექსი, განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ ენერგეტიკის არატრადიციული დარგების: მზის, ქარის, თერმული წყლების განვითარებას, მნიშვნელოვანია აგრეთვე, ჰიდრორესურსების სათანადო გამოყენება. ამასთან, ბიოგაზის ენერგეტიკის მოსახლეობის სამსახურში ჩაყენება. ჰიდროენერგეტიკული მშენებლობის მიმართულების განსასაზღვრავად ენერგეტიკულ, ეკოლოგიურ და სოციალურ-ეკონომიკურ მოთხოვნათა გათვალისწინებით, თითოეული ახლადაშენებული ობიექტისათვის უნდა განისაზღვროს ოპტიმალური პარამეტრები. აქ მხედველობაში უნდა მივიღოთ ადგილობრივი პირობების, ჩვენი ისტორიული წარსულისა და ეროვნული ტრადიციების თავისებურებანი.
საბოლოოდ უნდა გადაწყდეს ჩვენს ჰიდროენერგეტიკაში მცირე ჰიდროელექტროსადგურების ადგილისა და როლის საკითხი. მათ უდიდესი მნიშვნელობა გააჩნიათ და საქართველოს მისი განვითარების კარგი შესაძლებლობაც აქვს. მცირე ჰიდროენერგეტიკის ჯეროვანი განვითარება პირველ რიგში უზრუნველყოფს მაღალმთიანი ცენტრიდან დაშორებული რაიონების ლოკალურ ელექტრომომარაგებას, მათ ფართო ელექტრიფიკაციას, ხელს შეუწყობს ამ რეგიონების ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას.
რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის სათბობ-ენერგეტიკული რესურსებით ნორმალური უზრუნველყოფის საქმეში დიდი როლი უნდა შეასრულოს ამ რესურსების ეკონომიკურმა და რაციონალურმა გამოყენებამ. დამოუკიდებელ საქართველოში საკუთრების ფორმებისა და წარმოებითი ურთიერთობის ახალ პირობებში ეს ფაქტორი გაცილებით მეტი ძალით იმოქმედებს.
როგორც მრეწველობის, ისე სოფლის მეურნეობის განვითარებაში განსაკუთრებული როლი უნდა შეასრულოს მანქანათსამშენებლო კომპლექსმა. მან, საქართველოს სპეციფიკიდან გამომდინარე, უნდა აწარმოოს ისეთი პროდუქცია, რომელიც უზრუნველყოფს წარმოების ინტენსიფიკაციის გაძლიერებას და არსებული მდიდარი სასოფლო-სამეურნეო ბაზის ოპტიმალურ გამოყენებას. ამასთან, უნდა შეიქმნას პირობები საშუალო და მცირე ზომის საწარმოთა განვითარებისათვის მეურნეობის სხვადასხვა დარგებში და მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საგარეო ეკონომიკურ კავშირურთიერთობაში. აღნიშნული ამოცანის განხორციელება შესაძლებელი გახდება თვით მანქანათმშენებლობაში ოპტიმალური შიდადარგობრივი სტრუქტურის ჩამოყალიბების პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს მრეწველობაში წარმოების ეფექტიანობის გადიდებას, ძირითადად რესურსტევადობის შემცირების ხარჯზე.
საქართველოში მეტალურგიული კომპლექსის განვითარების შედარებით შეზღუდული პირობებია. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მეურნეობაში ლითონტევადობის შემცირებას. ლითონზე საქართველოს მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება მნიშვნელოვანწილად უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქციის ხარჯზე განხორციელდება. ამასთან, მაღალი ტემპებით უნდა განვითარდეს შავი და ფერადი მეტალურგიის ისეთი დარგები, რომელთა სანედლეულო ბაზაც რესპუბლიკას გააჩნია და მათი პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზეც უნდა გაიყიდოს.
საქართველოს წინაშე მდგომი სოციალურ-ეკონომიკური ამოცანების გადაჭრაში დიდი წვლილი უნდა შეიტანოს საშენ მასალათა მრეწველობამ, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მშენებლობის ინდუსტრიალიზაციას და მოამარაგოს იგი თანამედროვე სამშენებლო კონსტრუქციებით. მრეწველობის ამ დარგში, ეკოლოგიური მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, ძირითადად უნდა ფუნქციონირებდეს საშუალო და უპირატესად მცირე ზომის საწარმოები. მათ უნდა უზრუნველყონ უნიკალური სანედლეულო ბაზის სწორი გამოყენება, მშენებლობის მასშტაბების გადიდება, ქვეყნის სავალუტო რესურსების ზრდა.
საქართველოს ინდუსტრიის ერთ-ერთი ძირითადი დარგია კვების მრეწველობა, რომელიც ქვეყნის ბუნებრივ-კლიმატური პირობებიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე, კვლავაც შეინარჩუნებს წამყვან როლს მეურნეობაში. ისეთი მაღალი საგემოვნო თვისებების მქონე სასურსათო პროდუქტები, როგორიცაა ქართული სამარკო, ნახევრად ტკბილი და ტკბილი ღვინოები და კონიაკი, შამპანური, ჩაი, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, ეთერზეთები, მინერალური წყლები, უალკოჰოლო სასმელები, თამბაქოს ნაწარმი, უნდა გახდნენ კონკურენტუნარიანნი საერთაშორისო ბაზარზე. საქართველომ უნდა უზრუნველყოს კვების პროდუქტებზე მოსახლეობის მაქსიმალური დაკმაყოფილება, რისთვისაც საერთაშორისო სპეციალიზაციის დარგებთან ერთად დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ადგილობრივი მნიშვნელობის დარგების განვითარებას, განსაკუთრებით კი, ხორცისა და რძის მრეწველობას, რაც საქართველოში სავსებით შესაძლებელია წარმოების სწორი ორგანიზაციისა და სტიმულირების პირობებში.
საქართველოში, როგორც ყველა საზღვაო ქვეყანაში, სპეციალიზაციის ერთ-ერ დარგად უნდა იქცეს და სწრაფი ტემპით განვითარდეს თევზის მრეწველობა.
საქართველოს მრეწველობის ერთ-ერთ ტრადიციულ დარგს მსუბუქი მრეწველობა წარმოადგენს, რომელსაც პერსპექტივაშ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. სოფლის მეურნეობის განვითარების კვალობაზე, როცა გაიზრდება აბრეშუმის პარკის, მატყლის, ტყავის და სხვა სანედლეულო რესურსების წარმოება მნიშვნელოვნად უნდა გაფართოვდეს აბრეშუმისა და შალის ქსოვილების და ტყავის ნაკეთობათა გამოშვება, რომელზეც დიდი მოთხოვნილებაა როგორც საშინაო, ისე საგარეო ბაზარზე. მრეწველობის ამ დარგში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს წარმოებისა და პროდუქციის ტექნიკური დონის ამაღლებას.
სოფლის მეურნეობა. სოფლის მეურნეობის განვითარების გზად მიჩნეული უნდა იქნეს ინტენსიფიკაცია. მეურნეობრიობის საფუძველია კერძო მეწარმეობა და შესაბამის ასოციაციათა პირდაპირი კავშირ-ურთიერთობა,რომელთა შექმნა საჭიროდ მიაჩნია სოფლის მოსახლეობას იმის გათვალისწინებით, რომ სოფლის მეურნეობა მტკიცედ დაუკავშირდეს ბაზარს.
აღდგენილ უნდა იქნეს სოფლის მეურნეობის ეროვნულ-ტრადიციული ფორმები, უნდა შეიქმნას მემარცვლეობის კერები აღმოსავლეთ საქართველოში ხორბლისა და სიმინდის წარმოებით, დასავლეთ საქართველოში – სიმინდისა და პარკოსნების წარმოებით; მაღალმთიან ზონაში მიზანშეწონილია საგაზაფხულო თავთავიანი კულტურებისა და კარტოფილის წარმოება.
ქართველი ხალხის მატერიალური სიძლიერის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა მევენახეობა. მისი განვითარება უნდა პასუხობდეს ამ დარგის კლასიკური ქვეყნის წინაშე წაყენებულ მოთხოვნებს, რისთვისაც საჭიროა მრავალჯიშიანობის აღდგენა. ამავე დროს, მსოფლიო სტანდარტების გათვალისწინებით უნდა განვავითაროთ მევენახეობა სუფრის, სადესერტო, შამპანური ღვინოებისა და კონიაკის საწარმოებლად.
მეხილეობაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სამრეწველო მიმართულებებს. ამ მიზნით ხელი უნდა შეეწყოს ზონალური პირობების გათვალისწინებით მაღალინტენსიური ბაღების განლაგებასა და მეურნეობრიობის სათანადო მეთოდების დანერგვას.
მეციტრუსეობა განვითარდება მიკროკლიმატური და მიკრონიადაგური პირობების შესაბამისად, საშინაო და საგარეო ბაზრის კონიუნქტურის გათვალისწინებით.
მეჩაიეობის განვითარებას საფუძვლად დაედება მისი ეკონომიკური და სოციალური მიზანშეწონილობა. ამ მიზნით პლანტაციები შენარჩუნდება ხარისხისა და შრომა-ტევადობის, აგრეთვე საშინაო და საგარეო ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით.
ასევე, მნიშვნელოვანია მებოსტნეობა-მებაღჩეობა, რომლის განვითარებისთვის რეკომენდაცია უნდა მიეცეთ სპეციალიზებულ გლეხურ მეურნეობებს.
საბჭოურმა მეთოდებმა მეცხოველეობა ზარალიან დარგად აქციეს და ერს მძიმე ტვირთად მოავლინეს. მისი აღდგენა-განვითარება მოითხოვს ჯიშობრივი შემადგენლობის (ადგილობრივის უპირატესობით) საკვები ბაზის, პროდუქტიულობის გადიდების, ტექნოლოგიის, ორგანიზაციის, ზოოტექნიკურ-ვეტერინარული მომსახურების გაუმჯობესებას. ამ საკითხთა მეცნიერული რეკომენდაციები უნდა მიეცეს შესაბამისი კვლევითი ინსტიტუტის მიერ.
ტრანსპორტი. რესპუბლიკის სატრანსპორტო სისტემაში წამყვანი ადგილი უკავია საავტომობილო ტრანსპორტს, რომლის წამყვანი როლი უახლოეს პერიოდში შენარჩუნებული იქნება.
საქართველო იმ გეოპოლიტიკურ უპირატესობას ფლობს, რომ იგი საზღვაო ქვეყანაა, რაც მსოფლიო ოკეანეში გასვლის საშუალებას იძლევა და შრომის საერთაშორისო დანაწილებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.
საზღვაო ტრანსპორტი უნდა გახდეს საქართველოს სახელმწიფო საკუთრება და ყოველგვარი ურთიერთობა (საფინანსო, საგადამხდელო და სხვა) აწარმოოს დამოუკიდებლად. საზღვაო ტრანსპორტის შემდგომ განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს რესპუბლიკის ეკონომიკის, საერთაშორისო ეკონომიკური კავშირების ზრდისათვის. ამიტომ აუცილებლად მიგვაჩნია მისი პრიორიტეტული განვითარება.
სამწუხაროდ, რკინიგზის გამტარუნარიანობა ამჟამად ამოწურულია. არასახარბიელო მდგომარეობაა ტექნიკური ბაზის დონის მხრივაც. რეკონსტრუქციას საჭიროებს სალიანდაგო, სასადგურო მეურნეობები, საკონტაქტო ქსელი და სხვა.
დამოუკიდებელ საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს საჰაერო ტრანსპორტს და ტრანსპორტის სპეციალურ სახეობების (ბაგირგზები, მონორელსები, პნევმოტრანსპორტი და სხვა) განვითარებას. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოსთვის საჰაერო ფანჯრის შექმნისა და საკუთარი საჰაერო ფლოტის ჩამოყალიბებას.
სოციალური ინფრასტრუქტურა. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მეურნეობის იმ დარგების განვითარებას, რომლებიც უშუალოდ ემსახურებიან მოსახლეობას – ვაჭრობა, საზოგადოებრივი კვება, საყოფაცხოვრებო მომსახურება და სხვა. ამ მიმართულებით განსახორციელებელ ამოცანათა შორის უმთავრესია სასაქონლო რესურსების ზრდა, მათი ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესება შიგარესპუბლიკურ წარმოებაში და მზარდი შემოტანა გარედან იმპორტის წესით. უნდა მივაღწიოთ სურსათის ძირითად სახეთა საშუალოსულადობრივ წლიურ მოხმარებას ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამისად, უზრუნველვყოთ სასაქონლო რესურსების სწორი დაბალანსება მოსახლეობის მსყიდველუნარიანობასთან.
მოთხოვნა-მიწოდების სწორად დაბალანსების მიზნით ყურადღება უნდა გამახვილდეს მოსახლეობის მოთხოვნების შესწავლისა და პროგნოზირების პრობლემებზე.
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რეკრეაციულ-ტურისტული კომპლექსების განვითარება, რომელიც მიმართული იქნება ერთის მხრივ, საქართველოს მოქალაქეების დასვენებისა და ფიზიკური გაჯანსაღებისაკენ, ხოლო მეორეს მხრივ, მიიზიდავს უცხოურ ვალუტას და ცივილიზებულ მსოფლიოსთან კულტურული და საქმიანი თანამშრომლობის საწყისებს შექმნის. განსაკუთრებული ზრუნვის საგნად უნდა იქცეს მასობრივი სპორტისათვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს ერის ფიზიკურ გაჯანსაღებას და თავის მხრივ, სტიმულს მისცემს პროფესიული სპორტის განვითარებას.
უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის თვისობრივი განახლება.
სამედიცინო დაწესებულებების შემოსავლები ფორმირდება სამი წყაროს საფუძველზე: საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების ჯანმრთელობის დაცვის ფონდი, ინდივიდუალური სადაზღვევო ფონდი, სახელმწიფო ბიუჯეტი. ამ საფუძველზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პროფილაქტიკურ და სადაზღვევო მედიცინის განვითარებას.
ადამიანის შემოქმედებითი უნარის განვითარება უნდა ავიყვანოთ თვისებრივად ახალ დონეზე. საჭიროა შეიქმნას განათლების მთლიანი კონცეფცია, რომელშიც ერთად იქნება განხილული განათლების ყველა ფორმა, ყველა საფეხური და წყაროები, შეიქმნას სპეციალისტთა მომზადების გრძელვადიანი პროგრამა, ეროვნული სკოლისთვის შეიქმნას ახალი პროგრამები, ჩამოყალიბდეს კადრებთან მუშაობის მოქნილი სისტემა, სპეციალისტების მომზადება ძირითადად იქცეს სოციალური დაკვეთების შესაბამისად, სისტემატიურად მდიდრდებოდეს ინფორმაციის წყაროები და რეგულარულად განხორციელდეს ახალგაზრდების მივლინება საზღვარგარეთ სასწავლებლად.
გარდამავალ პერიოდში საქართველოში განათლების პრიორიტეტული განვითარებისათვის აუცილებელია მისი თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა და მაღალკვალიფიციური ეროვნული კადრებით უზრუნველყოფა.
კულტურა. თითქმის ორასწლოვანმა იმპერიულმა უღელმა უამრავი, უაღრესად მწვავე პრობლემა წარმოშვა ჩვენი ერის სულიერი კულტურის სფეროში. სწორედ სულიერი საწყისია პირველადი, ანუ ყოველივე არსებული განმსაზღვრელი და შესაბამისად უმაღლესი ფასეულობის მატარებელი.
სულიერი ეროვნული კულტურის განვითარება უმჭიდროვეს კავშირში უნდა იყოს სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცვლილებებთან. თუ ეკონომიკაში შესაძლებელი უნდა იყოს სახელმწიფო და კერძო საკუთრება, აქაც უაღრესად მოფიქრებულად უნდა შეუსაბამოთ ერთმანეთს სახელმწიფო დოტაციების პრინციპი და კომერციული მიდგომა. ამავე დროს, ძალზედ ფაქიზად უნდა იქნეს გათვალისწინებული თითოეული სფეროს სპეციფიკა – მისი არსებობის და განვითარების შიდა, ავტონომიური კანონზომიერებები.
ხელისუფლებისა და კულტურის ცალკეულ სფეროებს შორის ურთიერთობის მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რწმენის, რელიგიის, ეკლესიის საკითხებს, კერძოდ, განსაკუთრებით გონივრულ შეხამებას მოითხოვს, ერთის მხრივ, ყველა ცივილიზებული ქვეყნების მიერ აღიარებული ნორმების დაცვა: საერო და სასულიერო ხელისუფლების გაყოფა, ეკლესიის საქმეში ჩაურევლობა, რელიგიური აღმასრულებლობის სრული თავისუფლება და მეორეს მხრივ, ჩვენი აშკარა დაინტერესება ეკლესიის აღორძინებით, სასულიერო პირთა მაღალი ზნეობითა და ინტელექტუალური დონით.
დაბოლოს, უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურის ორიენტაციის საკითხი, რათა ქართველმა ერმა ნათლად შეიცნოს თავისი თავი და მისი ადგილი მსოფლიო კულტურაში.
„ახალგაზრდა ივერიელი“, 1990 წლის 18 ოქტომბერი, ხუთშაბათი, N. 113 (11599)
დღეს საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე არის ქართველი ერი, საქართველოს კანონიერი მოსახლეობა. ამიტომ აუცილებელია სწორედ ქართველმა ერმა, საქართველოს კანონიერმა მოსახლეობამ გააკეთს არჩევანი იმ გზისა, რომლითაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა უნდა აღსდგეს. რეალური სიტუაციიდან გამომდინარე, არსებობს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ორი შესაძლებლობა:
საყოველთაო ეროვნული დაუმორჩილებლობა.
ოკუპაციისა და ანექსიის პირობებში, შეძლებისდაგვარად და მაქსიმალურად ერის ნების გამომხატველი, დროებითი უმაღლესი ხელისუფლების საყოველთაო არჩევნები.
საყოველთაო ეროვნული დაუმორჩილებლობა საქართველოს მოსახლეობის ეთნიკურ (დამოუკიდებლობის არმოსურნე არაქართული მოსახლეობა), მორალურ (კორუფცია, მომხვეჭელობა, კონფორმიზმი) და პოლიტიკურ (იმპერიული მმართველობა, საოკუპაციო არმია) რეალიათა გათვალისწინებით შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ექსტრემალურ პირობებში – შესაბამისი ძლიერი „მუხტის“ არსებობის შემთხვევაში. ასეთი „მუხტი“ შეიძლება გაჩნდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რეალური ხელყოფის ან იმპერიისა თუ მისგან პროვოცირებული ძალების მიერ ქართველი ერის წინააღმდეგ განხორციელებული მასობრივი ტერორის დროს. მხოლოდ ასეთ უკიდურეს შემთხვევაშია შესაძლებელი სპონტანურად განხორციელდეს საყოველთაო ეროვნული დაუმორჩილებლობა იმ მასშტაბებითა და ვადით, რომელიც უკიდურესი გაჭირვების, დიდი რისკისა და, იქნებ სისხლის ფასადაც ერს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობამდე მიიყვანს. მხოლოდ უკიდურესად ექსტრემალური სიტუაციისას არის რეალური საყოველთაო ეროვნული დაუმორჩილებლობის განხორციელება. სხვა შემთხვევაში, მარტოოდენ რადიკალური, შეურიგებელი ოპოზიციის მოწოდებების ძალით საყოველთაო ეროვნული დაუმორჩილებლობის განხორციელება სათანადო დიდი შემზადების გარეშე, უახლოეს ხანში ნაკლებ სავარაუდოა.
იმისათვის, რომ საქართველოში არჩეულ იქნეს ჭეშმარიტად ერის ნების გამომხატველი და მისი ინტერესების დამცველი ორგანო, რომელიც მხოლოდ არსებული ობიექტური რეალობის გათვალისწინებით იმოქმედებს და არა ცენტრალური საოკუპაციო ხელისუფლების დიქტატითა და მისადმი კომპრომისებით, აუცილებელია: არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის რადიკალურმა ოპოზიციამ, ჭეშმარიტმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, რათა მოსკოვისადმი მეტ-ნაკლებად დაქვემდებარებული პოლიტიკური ძალები უმაღლეს არჩევით ორგანოში უმცირესობაში აღმოჩნდნენ. სწორედ ამ უმაღლესმა არჩევითმა ორგანომ უნდა იტვირთოს გარდამავალი პერიოდის მთელი სიმძიმე. საქართველოს უკიდურესად მძიმე გეოპოლიტიკური, პოლიტიკური, ეკონომიკური, დემოგრაფიული, ეკოლოგიური მდგომარეობის გამო, ყოვლად დაუშვებელია საოცრად დინამიურ გარდამავალ პერიოდში ისეთი მოქმედება, რომელიც ერისა და ქვეყნის ინტერესებიდან არ გამომდინარეობს.
ვისა აქვს უფლება საქართველოს კანონიერი მოსახლეობის სახელით ლაპარაკისა და როგორ უნდა მოხდეს ასეთი სამართლებრივი სუბიექტის შექმნა, როგორც გადასცემს მას ხალხი ნდობის მანდატს? საქართველოში მიღებული უკანასკნელი უმნიშვნელოვანესი სამართლებრივ-პოლიტიკური საერთაშორისო აქტი არის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და საბჭოთა რუსეთს შორის, რომელიც უკიდურესი – შეიარაღებული აგრესიის ფორმით დაირღვა საბჭოთა რუსეთის მიერ. ყოველივე ეს დეკლარირებულია, ხოლო მისი საბოლოო და სამართლებრივი გაფორმება მომავლის საქმეა. საქართველოში 1921 წლის 17 მარტის შემდეგ (ამ დღეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ დროებით შეაჩერდა საქართველოს კონსტიტუცია) ადგილი არ ჰქონია არც ერთ (!) კანონიერ სახელმწიფოებრივ აქტს, რის დეკლარირებასაც თვით საქართველოს დღევანდელი უზენაესი საბჭო ახდენს, რომელიც ბათილად სცნობს, როგორც უკანონოს ყველა შემდეგდროინდელ სახელმწიფოებრივ დოკუმენტს (მათ შორის, ფაქტიურად საკუთარ თავსაც). იმისათვის, რომ კანონიერად წარიმართოს საქართველოში გარდამავალი პერიოდი, აუცილებელია მისი კანონიერად დაწყება. კანონიერებისაგან ყოველგვარი გადახვევა გარდამავალი პერიოდის საწყის ეტაპზე მხოლოდ გაართულებს ჩვენს ისედაც უკიდურესად მძიმე მდგომარეობას, რაც საბოლოო ჯამში კარგს არაფერს მოგვიტანს. ამიტომ აუცილებლად მიგვაჩნია გარდამავალი ეტაპის ამოსავალ წერტილად გავიხადოთ 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება და 1921 წლის 27 იანვრის ერთა ლიგის გადაწყვეტილება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საერთაშორისო სუვერენად ცნობის შესახებ და არა საკავშირო თუ რესპუბლიკური კონსტიტუციების „კარგი“ თუ „ცუდი“ მუხლები. ამ მიზეზით შეიქმნა, ერთგვარად ნაჩქარევად, ლიტვური პრეცედენტი, რომელიც უახლოეს მომავალში მეტროპოლიასთან მოლაპარაკებას აწარმოებს არა საბჭოურ კონსტიტუციათა, არამედ საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით. ამდენად, საქართველოს დღევანდელი უზენაესი საბჭო ვერაფრით ვერ იქნება საქართველოს კანონიერი მოსახლეობის ნების გამომხატველი. სწორედ ამიტომ სავსებით სამართლიანად ამბობს უარს საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის რადიკალური ფრთა საბჭოურ არჩევნებში მონაწილეობაზე და არა ახირებათა გამო. მსოფლიო პოლიტიკაში ხალხის ნების გამომხატველი სამართლებრივი სუბიექტის შექმნის ყველაზე მისაღები ფორმა საყოველთაო დემოკრატიული არჩევნებია, რომლის დროსაც ხდება გარკვეული ვადით ნდობის მანდატის გადაცემა კანონიერ უმაღლეს ხელისუფლებაზე. საქართველოშიც უმოკლეს ვადაში უნდა ჩატარდეს საყოველთაო, მრავალპარტიული, შეუზღუდავი დემოკრატიული არჩევნები, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება კანონიერი (იმისდა მიუხედავად, სცნობს თუ არა მას საერთაშორისო პოლიტიკა), თუ ის არ იქნება საბჭოური. საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში საბჭოური და კანონიერი ერთმანეთს გამორიცხავს.
როგორ შეიძლება ჩატარდეს დღევანდელ პირობებში საქართველოში საყოველთაო არასაბჭოური დემოკრატიული არჩევნები? არსებობს ორი – ოფიციალური და არაოფიციალური საყოველთაო არჩევნების ჩატარების თეორიული შესაძლებლობა. არაოფიციალური არჩევნები იმთავითვე იხსნის საბჭოურობის ლაქას, მაგრამ აწყდება უაღრესად ძნელადდასაძლევ პრობლემებს. უპირველესად იმისათვის, რომ არაოფიციალური არჩევნები იყოს საყოველთაო, რათა მასში მონაწილეობა მიიღოს საქართველოს კანონიერი მოსახლეობის სულ მცირე 51 პროცენტმა. აუცილებელია, რათა ეს არაოფიციალური არჩევნები იყოს ერთადერთი. თუ ამ არჩევნების ჩატარებამდე არ გამოცხადდა მისი ერთადერთობა, მოსახლეობის და არა მხოლოდ არაქართველი მოსახლეობის დიდი ნაწილი ალბათ ოფიციალურ საბჭოთა არჩევნებს დაელოდება. არ არის გამორიცხული ისეთი კურიოზიც, რომ ამომრჩეველთა გარკვეულმა ნაწილმა ორივე არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ამასთან, არაოფიციალური საყოველთაო არჩევნების ორგანიზება თავისთავად კოლოსალურ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რომელსაც სულ ადვილად შეიძლება შეუშლოს ხელი რესპუბლიკის კომუნისტურმა მმართველობამ. მმართველობა ძლიერი დაწოლის გარეშე არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება წინასწარ გამოაცხადოს არაოფიციალური არჩევნების ერთადერთობა, რადგან ცხადია, რომ ის პოლიტიკური სარბიელის ასე, ადვილად მიტოვებას არ აპირებს. ამასთან, ეროვნულ ფორუმს გადაწყვეტილი ჰქონდა მხოლოდ ეროვნული კონგრესის არჩევნების შემდეგ (ისიც, თუ ეროვნული კონგრესი მოსახლეობის 51 პროცენტით, ანუ უმრავლესობით აირჩეოდა) მოეხდინა დაწოლა არსებულ კომუნისტურ მმართველობაზე მის გასაუქმებლად. ასე რომ, არაოფიციალური, წინასწარ ერთადერთად არგამოცხადებული არჩევნების შემთხვევაში საეჭვოა მასში კანონიერი მოსახლეობის უმრავლესობამ მიიღოს მონაწილეობა. არსებობს უმნიშვნელოვანესი, არაოფიციალურად არჩეული იურიდიული პირის საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსის მქონე სუბიექტად გახდომის პრობლემაც. დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკური რეალიებიდან გამომდინარე, გამორიცხულია, რომ საქართველოში არაოფიციალურ არჩევნებზე საერთაშორისო მეთვალყურეები გამოცხადდნენ, ან აღიარონ ამრიგად არჩეული ორგანო სამართლებრივ სუბიექტად. ამიტომ, ზემოთჩამოთვლილ სირთულეებს მათი გაჭრის შემდგომ კიდევ ერთი პრობლემა ემატება – ბრძოლა, ეროვნული კონგრესის საერთაშორისო სამართალ-სუბიექტად გახდომისთვის. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს სირთულეები არ დაიძლია, არასაბჭოურ არაოფიციალურ არჩევნებს მაინც აქვს აზრი, რადგან მოხდება საქართველოს მოსახლეობის თუნდაც უმცირესობის მიერ გარკვეული ორგანოსადმი ნდობის მანდატის გადაცემა, რომელსაც ამის შემდეგ უკვე ექნება მორალური (სამწუხაროდ, მხოლოდ მორალური) უფლება საქართველოს მოსახლეობის თუნდაც ამ უმცირესობის სახელით ილაპარაკოს. დღემდე ასეთი არც მორალური და არც იურიდიული უფლება საქართველოში არავის არა აქვს. ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება უდაოდ, მაგრამ ასეთი ტემპებით ალბათ ვერ შევძლებთ არსებული პოლიტიკური ჩამორჩენის დაძლევას, დღევანდელ უაღრესად სწრაფი პოლიტიკური დინამიკის ეპოქაში.
აღნიშნულ თუ არაღნიშნულ მიზეზთა გამო, მრგვალი მაგიდის გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური ორგანიზაციები აყენებენ საქართველოს ოფიციალური არასაბჭოური არჩევნების ჩატარების საკითხს. ბუნებრივია არც ამ იდეის რეალიზაციაა წინააღმდეგობათაგან თავისუფალი, მაგრამ მისი განხორციელება უფრო რეალისტურად და მეტი სარგებლობის მომტანად მიგვაჩნია. ოფიციალური არასაბჭოური მრავალპარტიული დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში უნდა არსებობდეს შესაბამისი პოლიტიკური სიტუაცია, რომლისთვისაც რამოდენიმე წინაპირობაა აუცილებელი:
საქართველომ უნდა შეიძინოს თავისი რეალური პოლიტიკური მდგომარეობის შესაბამისი პოლიტიკური სტატუსი. ამისათვის საქართველოს უნდა შეეცვალოს შეიარაღებული აგრესიისა და ანექსიის შედეგად თავსმოხვეული უკანონო სახელი – საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.
ალბათ, არ არის გამართლებული ამ ეტაპზე გამოცხადდეს საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია. მსოფლიო პოლიტიკა დამოუკიდებლად სცნობს ქვეყანას მხოლოდ შემდეგი პირობების იურიდიული და ფაქტიური შესრულების შემთხვევაში – ა) ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ აშკარად გამოხატული ნება. ბ) ქვეყნის ტერიტორიის იურიდიულად დადგენილი საზღვრები და გ) ქვეყნის დამოუკიდებელი მთავრობის სრული სუვერენიტეტი (კონტროლი) მის მთელ ტერიტორიაზე. ამ პირობათა შეუსრულებლობა ართულებს ლიტვის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ცნობას იმ სახელმწიფოებშიც კი, რომლებსაც ბალტიის ქვეყნები არასდროს უღიარებიათ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, მით უფრო გაჭირდება საქართველოს მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დეკლარაციის მსოფლიო აღიარება. საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია უნდა გამოაცხადოს გარდამავალი პერიოდის დროებითმა ხელისუფლებამ ზემოთჩამოთვლილ პირობათა შესრულების შემდგომ (და არა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ერთპარტიულმა – კომუნისტურმა ე.წ. უზენაესმა საბჭომ), რის შემდგომაც უნდა დაინიშნოს დამოუკიდებელი საქართველოს საყოველთაო დემოკრატიული თავისუფალი არჩევნები. ამასთან, ქვეყნის სახელწოდების შეცვლა (ბუნებრივია, შეიცვლება სახელმწიფო სიმბოლიკაც) ფაქტობრივად ნიშნავს გარდამავალი პერიოდის იურიდიულ დამტკიცებას, რადგან საქართველოს რესპუბლიკა – არასაბჭოთა და არასოციალისტური – იურიდიულად ვეღარ ჩაითვლება საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შემადგენლობაში მყოფად. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დამოუკიდებლობის დეკლარაციის ამ ეტაპზე არგამოცხადება ალბათ ნაკლებ რეალურს გახდის საბჭოთა კავშირის მხრიდან საქართველოს ეკონომიკურ ბლოკადას, რაც დღევანდელი საქართველოს ეკონომიკის სავალალო მდგომარეობიდან გამომდინარე თვითმიზნად არ უნდა დავისახოთ.
უნდა შეჩერდეს საბჭოთა კავშირის ანტიჰუმანური, არადემოკრატიული კონსტიტუციის მოქმედება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
საქართველოს საბჭოური კონსტიტუციის მოქმედების შეჩერება, დროებითი კონსტიტუციის შემუშავება, 1921 წლის კონსტიტუციის დაბრუნება თუ საკანონმდებლო აქტებით ქვეყნის მართვა გარდამავალი პერიოდის დროებითი მთავრობის პრეროგატივად უნდა ჩაითვალოს.
ამ პირობების შესრულება არსებული ხელისუფლებისაგან რეალურად არის შესაძლებელი, რადგან ისინი ლოგიკურად არ ეწინააღმდეგებიან მისსავე მიერ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს. ამდენად, მათი არგანხორციელება არსებული მმართველობის მხრიდან ჩაითვლება მხოლოდ როგორც მორიგი აღსრულება ცენტრალური საოკუპაციო ხელისუფლების დიქტატისა, რასაც ამ კონცეფციის მიღების შემთხვევაში, ქართველი ერი მძლავრი საპროტესტო გამოსვლებით უნდა დაუპირისპირდეს.
ზემოთ აღნიშნულ პირობათა შესრულების შემდეგ შეიძლება შეიქმნას ჭეშმარიტად ეროვნული პოლიტიკური ძალების და საზოგადოებრიობის ერთობლივი საარჩევნო კომისია, რომელიც რეგისტრაციაში შეუზღუდავად გაატარებს ყველა იმ ნამდვილ პოლიტიკურ პარტიასა და ორგანიზაციას, რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალურ, სხვა პოლიტიკური ორგანიზაციებისაგან განსხვავებულ პროგრამასა და პლატფორმას და წინააღმდეგობაში არ მოდის საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან. საარჩევნო კომისიის პრეროგატივასვე წარმოადგენს კანონიერი მოსახლეობის სტატუსის განსაზღვრა, რომელმაც მონაწილეობა უნდა მიიღოს ოფიციალურ არასაბჭოურ არჩევნებში. რამოდენიმე თვით ადრე საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას საშუალება მიეცეს ერთნაირ პირობებში აწარმოოს წინასაარჩევნო კამპანია. გარდამავალი პერიოდის დროებითი ხელისუფლების არჩევნების პარალელურად უნდა გაუქმდეს დე-ფაქტოდ არსებული ე.წ. უზენაესი საბჭო.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს კომუნისტური პარტია, რომელიც საკავშირო კომუნისტური პარტიის ნაწილს წარმოადგენს. საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით ნებისმიერ ქვეყანაში მოქმედებენ მხოლოდ და მხოლოდ ის პარტიები, რომლებიც არ ქადაგებენ ძალადობას, ფაშიზმს, რასიზმს და არ ექვემდებარებიან უცხო ქვეყნის პარტიებს ან ორგანიზაციებს. ამდენად, ქართველ კომუნისტთა ოფიციალურ არასაბჭოურ არჩევნებში მონაწილეობა შესაძლებელი გახდება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი ორგანიზაციულად არ დაექვემდებარებიან საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას.
გარდამავალი პერიოდის უმაღლესი ხელისუფლების მთავარ დანიშნულებას უნდა წარმოადგენდეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის სამართლებრივი საფუძვლების მომზადება.
საქართველოს ჰელსინკის კავშირის სახელით:
ზვიად გამსახურდია, გიორგი მარჯანიშვილი, ავთანდილ რცხილაძე, თემურ ქორიძე.
საქართველოს მონარქისტული (კონსერვატიული) პარტიის სახელით:
თემურ ჟორჟოლიანი, აკაკი ასათიანი, გია ხონელიძე, თენგიზ კიტოვანი.
სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოების სახელით:
ვაჟა ადამიანია, ჯემალ გოლეთიანი, ნუგზარ მოლოდინაშვილი, დავით კუპრეიშვილი.
საქართველოს მწვანეთა პარტიის სახელით:
ზურაბ ჟვანია, გიორგი ბარამიძე.
საქართველოს ფედერალურ-რესპუბლიკური პარტიის სახელით:
ირაკლი შენგელაია, დავით მარღანია.
მრჩეველთა (ექსპერტთა) ჯგუფების საკოორდინაციო კოლეგიის სახელით, მრგვალი მაგიდის მუდმივი წევრები:
თენგიზ სიგუა, ვახტანგ ბახტაძე, გიზო კორძაძე, ზვიად ბოკუჩავა, თენგიზ დიხამინჯია, ალეკო მელაძე, გიორგი ხავთასი.
თბილისი, 1990 წლის 12 მაისი
P.S. მრგვალი მაგიდის მრჩეველთა (ექსპერტთა) ჯგუფის პოლიტიკური კონცეფციის ავტორები თვლიან, რომ შეთავაზებული კონცეფციის გარშემო შეიძლება გაერთიანდნენ როგორც პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ასევე კერძო პიროვნებები, რომლებიც საბჭოურ სახელმწიფოებრივ სტრუქტურებს არაკანონიერად მიიჩნევენ და ძირითადად ეთანხმებიან ჩვენს მიერ ჩამოყალიბებულ პრინციპებს.
„ახალგაზრდა ივერიელი“, 1990 წლის 15 მაისი, სამშაბათი, N. 52 (11538)
საქართველოს უზენაესი საბჭოს საარჩევნო კანონის მოდერნიზება თანამედროვე დემოკრატიული პრინციპების მიხედვით; დეკლარაციის მიღება საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების უკანონოდ ცნობისა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სსრკ-ის და საქართველოს სსრ კონსტიტუციების მოქმედების შეწყვეტის შესახებ; დეკლარაცია საქართველოს სსრ სახელწოდების, სახელმწიფოს სიმბოლიკის შეცვლისა და გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის დროებით შეჩერებული კონსტიტუციის საფუძველზე გარდამავალი პერიოდის ძირითადი კანონის შემუშავების შესახებ დადგენილების მიღება; 1921 წლის 16 თებერვლის შემდეგ საქართველოს უკანონო ხელისუფლების მიერ დადებული სამოკავშირეო ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ დადგენილების მიღება; „გარდამავალი პერიოდი დამთავრებულად შეიძლება ჩაითვალოს მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელ საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკური ორგანიზაციები ცნობენ საერთაშორისო სამართლის სუბიექტად, რის შედეგადაც დაინიშნება თავისუფალი საქართველოს პარლამენტის დემოკრატიული არჩევნები“. 9 კანონი საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ. საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. გუმბარიძე. საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ვ. კვარაცხელია. თბილისი. 1990 წლის 18 აგვისტო. გაზ. „ახალგაზრდა ივერიელი“, N 90, 1990, 23 აგვისტო, გვ. 1-6. 21 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მისი დაცვა: საქართველოს მიწის, საჰაერო სივრცის, წყლის რესურსების, კონტინენტური შელფისა და წიაღისეულის ეროვნულ საკუთრებად გამოცხადების შესახებ; სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვრების შესახებ; საბაჟო სამსახურის შესახებ; სატრანზიტო ტვირთზიდვის შესახებ; ეროვნული საჯარისო ფორმირებების შესახებ; საქართველოში საბჭოთა არმიის ნაწილებისათვის უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალის სტატუსის მინიჭების შესახებ; ეროვნული უშიშროების სამსახურის შესახებ; ადამიანის უფლებათა დაცვა და მოქალაქეობრივი შემწყნარებლობა: სახელმწიფო ენის შესახებ; მოქალაქეობის შესახებ; მოქალაქეთა უფლებრივი და პოლიტიკური გარანტიების შესახებ; ეროვნულ უმცირესობათა პოლიტიკურ-სამართლებრივი გარანტიების შესახებ; იმიგრაციის შესახებ; სინდისის თავისუფლების შესახებ; რელიგიური ორგანიზაციების შესახებ; პოლიტიკური პარტიების შესახებ; მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ; ფართო მასშტაბის ამნისტიის გატარებისა და სიკვდილით დასჯის გაუქმების საკითხი; სამოკავშირეო ხელშეკრულება: საბჭოთა იმპერიული სახელმწიფო სტრუქტურების დემონტაჟი და ახალი დემოკრატიული სტრუქტურების შექმნა; საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს დეიდეოლოგიზაცია; დადგენილება საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებათა სრული გამიჯვნის შესახებ; კანონი სასამართლო სისტემის რეფორმის შესახებ (ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება); კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესახებ; კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის ფორმების შესახებ (მუნიციპალური არჩევნების გზით); დადგენილება აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურების შექმნის შესახებ; დადგენილება ეროვნული პოლიციის შექმნის შესახებ; განათლების სისტემის რეფორმა; კანონი ბუნებისა და კულტურის ძეგლთა დაცვის შესახებ; ეკონომიკური ნაწილი: საგარეო ეკონომიკური კავშირები; შრომის ანაზღაურება 22 და სოციალური გარანტიები; ფასების პოლიტიკა; ტრანსპორტი; სოციალური ინფრასტრუქტურა; ტურიზმი. საგადასახადო სისტემა; საბანკო სისტემა და ფულადსაკრედიტო მიმოქცევა; სოფლის მეურნეობა; მრეწველობის სტრუქტურული გარდაქმნა; ენერგეტიკა. როგორც ვხედავთ, პოლიტიკურ ბლოკს – „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“, საარჩევნოდ წარმოდგენილი ჰქონდა პოლიტიკური და ეკონომიკური პროგრამა, რომლის განხორციელებასაც აპირებდა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში. პროგრამაში ვრცლად იყო წარმოდგენილი ეკონომიკის სხვადასხვა დარგების განვითარების შესაძლებლობები: მრეწველობაში, ენერგეტიკის სფეროში, სოფლის მეურნეობაში, ტურიზმის სფეროში, ცვლილებები საფინანსო სისტემაში, საგადასახადო და საბანკო სფეროში და ა. შ. ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპი მდგომარეობდა ქართული ეკონომიკის გათავისუფლებაში სოციალისტური სისტემის მარწუხებიდან და თავისუფალ, კერძო საკუთრებაზე დაფუძნებულ სამეურნეო ურთიერთობაზე მის გადაყვანაში, ოღონდ ზოგიერთ საწარმოებზე სახელმწიფო კონტროლის შენარჩუნებით. პროგრამაში ასევე ვკითხულობთ: საქართველომ უნდა მოითხოვოს საკუთარი წილის შესაბამისი კომპენსაცია საბჭოთა კავშირისაგან და თავის ტერიტორიაზე არსებული საკავშირო საწარმოები და დაწესებულებები ქვეყნის საკუთრებად გამოაცხადოს. ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცხოვრების საბჭოთა სოციალისტური სისტემიდან თავისუფალ დემოკრატიულ რელსებზე უმტკივნეულოდ და შეუფერხებლად გადასასვლელად, პროგრამის მიხედვით, აუცილებელი იყო გარდამავალი პერიოდი, რომლის დროსაც ქვეყანას უნდა მიეღო საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტების მიერ საქართველოს რესპუბლიკის პოლიტიკური სუვერენიტეტის „დე ფაქტო“ და „დე იურე“ აღიარება. ამასობაში კი დემოკრატიულ პრინციპებთან შესაბამისობაში უნდა მოეყვანა საკუთარი კონსტიტუცია და შეექმნა სახელმწიფო მართვის დემოკრატიული ინსტიტუტები, ერთმანეთისაგან გაემიჯნა საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება, მოეხდინა მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაცია. ეკონომიკური მიმართულებით უნდა შეექმნა საბანკო-საფინანსო სისტემა, მოეწესრიგებინა საბაჟო-საგადასახადო კანონმდებლობა, შეექმნა სავალუტო რეზერვები, შემოეღო ეროვნული ვალუტა. ამ და სხვა ამოცანების შესასრულებლად 23 ბლოკ „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს“ მიერ შემდეგი ამოცანები დაისახა: 1. საგარეო ეკონომიკური კავშირები (მოლაპარაკებები და კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ფონდებთან, ბანკებთან. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. სსრ კავშირიდან გადმოცემული ძვირფასი ლითონებისა და უცხოური ვალუტის ნაწილის შეტანა უცხოურ ბანკებში, რათა დამოუკიდებელ საქართველოს ჰქონოდა მინიმალური მარაგი. გაიგზავნოს კადრები საზღვარგარეთ მარკეტინგისა და მენეჯმენტის შესასწავლად და ა. შ.). 2. შრომის ანაზღაურება და სოციალური გარანტიები (მოქალაქეთა დასაქმება, სიღატაკის დაძლევა, სოციალური პირობების გაუმჯობესება. პროგრამები, რომელთა საფუძველზე მოქალაქეებს შეეძლებათ ჯანდაცვის, განათლების და სხვა მომსახურებათა მინიმუმით უფასოდ სარგებლობა; საცხოვრებელი და ხელფასის მინიმუმის განსაზღვრის აუცილებლობა; შეიქმნას დასაქმების საბირჟო სამსახური, რომელიც დაეხმარება მოქალაქეებს სამუშაოს პოვნაში). 3. ფასების პოლიტიკა (სახელმწიფომ უნდა შექმნას მექანიზმი, რათა ყოველდღიური მოხმარების საქონელზე შეინარჩუნოს ფასები, რისთვისაც აუცილებელია დაიცვას და განავითაროს საშინაო ბაზარი; შემდგომში თავისუფალი ფასწარმოქმნა ხელს შეუწყობს კონკურენციის განვითარებას, რაც, თავის მხრივ, წარმოების ხარისხის გაუმჯობესებას გამოიწვევს). 4. საგადასახადო სისტემა (გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველა დასაქმებულმა მოქალაქემ (მხოლოდ მათი დეკლარაციის საფუძველზე) და მოქმედმა საწარმო-დაწესებულებებმა. არ დაიბეგრება ეკლესია და შემოსავლები საქველმოქმედო ღონისძიებებიდან, დაწესდება შეღავათები სტუდენტებზე, მრავალშვილიან და მცირეშემოსავლიან ოჯახებზე, გადასახადები სატრანსპორტო საშუალებებზე. საბაჟო, სატრანზიტო და საკურორტო გადასახადებით დაიბეგრებიან ფიზიკური და იურიდიული პირები ძრავის სიმძლავრის, ტვირთის გადაზიდვის თუ სხვა ნებისმიერი ქმედების მიხედვით კანონის შესაბამისად. საქართველოს ბიუჯეტში შემოსული ყველა გადასახადი, ადგილობრივი თუ რესპუბლიკის, უნდა განკარგოს უზენაესმა საბჭომ). 5. საბანკო სისტემა და ფულად-საკრედიტო მიმოქცევა (უნდა შეიქმნას და ქვეყნის უზენაეს საბჭოს დაექვემდებაროს ორიარუსიანი საბანკო სისტემა: ცენტრალური ეროვნული ბანკი, რომლის წესდებას და გამგეობის თავმჯდომარეს დანიშნავს უზენაესი საბჭო. ის შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაში (ვალუტის კურსის განსაზღვრა, კომერციული ბანკების ზედამხედველობა, ფულადსაკრედიტო მიმოქცევის მართვა და სხვ.). ქვეყნის ეკონომიკის განვითარება შეუძლებელია ეროვნული ვალუტის გარეშე. ამიტომ, აუცილებელია ეროვნული ფულის ერთეულის შემოღება, რითაც შესაძლებელი იქნება ეკონომიკური რეფორმის გატარება – განვითარდეს საბანკო სექტორი, ჩატარდეს პრივატიზაცია, დამკვიდრდეს თავისუფალი წარმოება და ა. შ.). 6. დარგობრივი სტრუქტურის სრულყოფა. 7. მრეწველობის სტრუქტურული გარდაქმნა (თავდაპირველად ყურადღება მიექცეს მრეწველობის იმ დარგების განვითარებას, რომლებიც მუშაობენ ჩვენსავე ქვეყანაში არსებული ნედლეულით; ასევე, ის დარგები, რომლებსაც გააჩნიათ საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის გამოცდილება; მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ არსებული სათბობ-ენერგეტიკული ბაზა, დავნერგოთ მზის, ქარის და სხვა განახლებადი ენერგოობიექტები. აშენდეს მცირე ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას; ხელი უნდა შეეწყოს ისეთი დარგების განვითარებას, როგორებიცაა მანქანათმშენებლობა,საშუალო და მცირე ზომის საწარმოები, შავი და ფერადი მეტალურგია. საშენ მასალათა მრეწველობის განვითარებამ უნდა გამოიწვიოს მასშტაბური მშენებლობები; როგორც საზღვაო სახელწიფომ, უნდა განვავითაროთ თევზის მრეწველობა; მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს მსუბუქი მრეწველობის დარგების: მატყლის, აბრეშუმის პარკის, შალის, ტყავის წარმოების განვითარებას). 8. სოფლის მეურნეობა (სოფლის მეურნეობაში უნდა დაინერგოს კერძო მეწარმეობა, ქვეყნის ყველა კუთხეში კლიმატური პირობების გათვალისწინებით უნდა განვითარდეს შესაბამისი დარგები: მარცვლოვანი, თავთავიანი, პარკოსანი კულტურები; მეხილეობა, მეციტრუსეობა, მეჩაიეობა, მეცხოველეობა. უნდა აღდგეს მევენახეობის ძირძველი ჯიშები, გაუთანაბრდეს საერთაშორისო სტანდარტებს, რომ იგი ქართველი ხალხის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების წყარო გახდეს. 9. ტრანსპორტი(ვინაიდან, საქართველო საზღვაო ქვეყანაა, მას უნდა გააჩნდეს საკუთარი საზღვაო ტრანსპორტი, ასევე მნიშვნელოვანია საჰაერო ტრანსპორტის განვითარება. ისინი ხელს შეუწყობენ საერთაშორისო ეკონომიკური კავშირების დამყარებას; სარკინიგზო ტრანსპორტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსთვის, ამიტომ რეკონსტრუქცია უნდა ჩაუტარდეს სამგზავრო და სატვირთო მატარებლებს, ლიანდაგებს, სადგურებს). 10. სოციალური ინფრასტრუქტურა (ხელი უნდა შეეწყოს ტურიზმის განვითარებას, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე მსოფლიოსათვის – გაიცნონ უძველესი წარსულისა და ისტორიის ქვეყანა, რაც, თავის მხრივ, უცხოური ვალუტის მოზიდვასაც განაპირობებს; უდიდესი ყურადღება უნდა მიექცეს განათლებას. შეიქმნას ეროვნული პროგრამა, რომელიც განავითარებს შემოქმედებითობას, კრეატიულობას და სხვა თვისებებს. გადამზადდეს კადრები. საგანმანათლებლო სისტემა და ჯანდაცვის სფერო აღიჭურვოს თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, გაიგზავნონ ახალგაზრდები სასწავლებლად საზღვარგარეთ; მოზარდი ახალგაზრდობის ფიზიკური ჯანმრთელობისთვის ყურადღება მიექცეს სპორტის განვითარებას; მოსახლეობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს საყოფაცხოვრებო მომსახურებითა და პროფილაქტიკური და სადაზღვევო მედიცინით). 11. კულტურა (სახელმწიფოს უდიდესი როლი აკისრია ერის სულიერ განვითარებაში, აქედან გამომდინარე, ხელისუფლება ხელს უნდა უწყობდეს თეატრისა და კინოს განვითარებას, ეკლესიის აღორძინებას და გაძლიერებას, მაგრამ ამავე დროს, უნდა შეინარჩუნოს აღმსარებლობის თავისუფლება).
წინასაარჩევნო პროგრამაში „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“ გარდამავალ პერიოდში დაუშვებლად მიიჩნევდა რომელიმე სახელმწიფოსთან, მათ შორის საბჭოთა კავშირთან, სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებას, ვინაიდან თვლიდა, რომ მსგავსი ტიპის ხელშეკრულებები იდება მხოლოდ თანასწორუფლებიან მხარეებს შორის.
უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო ბლოკ „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს“ მიერ წინასაარჩევნოდ გამოქვეყნებული პროგრამა, უზენაესი საბჭოს არსებობის დროის იმ მცირე მონაკვეთში და საგარეო თუ საშინაო მწვავე პრობლემების მიუხედავად, ყოველმხრივ შეზღუდულ პირობებში, არსებული მწირი შესაძლებლობების ეფექტური გამოყენებით, მაქსიმალურად იქნა შესრულებული.