
მეგობრებო, ჩემი ეს გამოსვლა მიზნად ისახავს პასუხის გაცემას იმ საჭირბოროტო კითხვებზე, რომლებიც აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. რა დასამალია, რომ საინფორმაციო ვაკუუმია შექმნილი ჩემს გარშემო. ვრცელდება უამრავი დეზინფორმაცია ხუნტის მიერ, ამ ე.წ. ტელევიზიის მიერ და სიმართლის გარკვევა, რა თქმა უნდა, უაღრესად საშურია დღეს. მრავალ პრობლემასთან დაკავშირებით მომდის წერილები, მართალია, ამას ყოველნაირად უშლის ხელს ფოსტა, მრავალი ადამიანი მეკითხება საქართველოში შექმნილი დღევანდელი ვითარების შესახებ. მეკითხებიან, თუ რამ მოიტანა ყოველივე, რა გამოსავალი არსებობს, მეკითხებიან ბრძოლის მეთოდების შესახებ, უცხოეთთან დღევანდელი ჩვენი ურთიერთობის შესახებ.
როგორც მოგეხსენებათ, მე ფინეთსა და ავსტრიაში ვიყავი. ასე რომ, ბევრი რამ აწუხებს დღეს ჩვენს საზოგადოებას.
მე დავიწყებ მთავრითა და უმთავრესით. როგორც ხედავთ, მეგობრებო, ამ ერთმა წელმა პუტჩის შემდგომ მიგვიყვანა ეროვნულ კატასტროფამდის, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, – რთულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და ზნეობრივ კატასტროფამდის. ეს ყოველივე, მიუხედავად იმისა, რომ მე წინასწარმეტყველი არ გახლავართ და არც მაქვს არავითარი პრეტენზია, მე არაერთხელ მოგახსენეთ ჯერ კიდევ 1991 წელს საქართველოს ტელევიზიით და, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიაზე 1991 წლის 8 ოქტომბერს, თუ სადამდე მიგვიყვანდა ჩვენ, სადამდე მიიყვანდა საქართველოს ის პუტჩი, რომელიც იმჟამად უკვე დაწყებული იყო. ამ პუტჩის ინსპირატორები იყვნენ საქართველოს უბოროტესი მტრები და უბოროტეს მტერთა შორის უმთავრესი დღეს საქართველოს განაგებს. დღესდღეობით არც გამოჩნდა ძალა, რომ მას დაუპირისპირდეს.
რა არის ყოველივე ამის მიზეზი.
მსოფლიო იმპერიების ბრძოლა ჩვენს წინაღმდეგ, საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ. მაგრამ, საბედნიეროდ, ბოლო წელს, როგორც მოგეხსენებათ, დიდად მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა დასავლეთში და ერთ-ერთი უბოროტესი მტერი საქართველოსი, მისი კანონიერი ხელისუფლების, ქართველი ხალხის, წავიდა პოლიტიკური არენიდან, ღვთის შემწეობით, და, ალბათ, იქნება რაღაც ცვლილებები დასავლეთის პოლიტიკაში, უნდა ვიქონიოთ ამის იმედი. კეთილის მომასწავებელი ნიშნები ჩანს.
ძალიან დაინტერესდნენ საქართველოში შექმნილი მდგომარეობით ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები, კერძოდ, უაღრესად ძლიერი ორგანიზაცია – ინგლისის ჰელსინკის ჯგუფი, რომლის დელეგაციაც იყო ამ ე.წ. არჩევნებზე და რომელმაც მოამზადა დიდი დასკვნა საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, ადამიანის უფლებათა დარღვევების, ამ ცრუ არჩევნების და შევარდნაძის ცრუ, უზურპატორული დიქტატორული რეჟიმის, ყველა იმ ბოროტმოქმედებათა შესახებ, რასაც სჩადის შევარდნაძის რეჟიმი დღეს საქართველოში. აქ, როგორც მოგეხსენებათ, ყოველნაირად ამუხრუჭებდნენ თვით პრესაში ჭეშმარიტი ინფორმაციის გატანასაც. ბუშის ავტორიტეტი ძალიან ძლიერი იყო მსოფლიოში. პირველად ამ ხნის განმავლობაში ინგლისელებმა დასძრეს ხმა წამების ბარბაროსული მეთოდების შესახებ, კერძოდ, ზაზა წიკლაურის თაობაზე. აღწერილია ზაზა წიკლაურის მდგომარეობა. ამ ადამიანებმა შეაღწიეს ციხეში. ისინი განაცვიფრა იმ ამბავმა, რომ ციხეში ფორმიან თანამშრომლებთან ერთად ვიღაც უცნობი ახალგაზრდები, ავტომატიანი ახალგაზრდები იყვნენ, რომელნიც მბრძანებლობდნენ ამ თანამშრომლებზე. მათ სწორი დასკვნა გააკეთეს, რომ ფაქტობრივად კრიმინალური ბანდები მართავენ დღეს საქართველოს. ეს კი არის იგივე, რაც ხდება სომალიში. სომალის პერსპექტივა უკვე თანდათან იკვეთება საქართველოში, თუ გაგრძელდა ეს კრიმინალური ანარქია მთავარი კრიმინალის – შევარდნაძის მეთაურობით. ამ დასკვნამდე უკვე მიდის მსოფლიო და არის ნიშნები (მე ამჟამად არ მინდა წინასწარ ბევრი რამ ვთქვა), რომ დაიწყება ძალზედ სერიოზული მხილება შევარდნაძის ფაშისტურ-კრიმინალური რეჟიმისა, ამ კრიმინალური ბანდების თვითნებობისა საქართველოში და, ადრე თუ გვიან დაედება ზღვარი მათ თვითნებობას.
მაგრამ, მეგობრებო, ყველაფერი, რაც დღეს საქართველოში ხდება, მაინც ძალზედ მაფიქრებს ერთი თვალსაზრისით. კი, ბატონო, გამოავლინეთ ყველა დამნაშავე, მათ თავიანთი თავი უკვე წარმოაჩინეს. ნუთუ ჩვენ უნდა დავდგეთ ანგარიშსწორების გზაზე? არამც და არამც, მეგობრებო! ეს მიგვიყვანს კიდევ უფრო უარეს ანარქიამდე, სისხლისღვრამდე. მაინც უნდა მივცეთ ზოგიერთ მათგანს, ვინც, რა თქმა უნდა, საქმით გამოისყიდის თავის დანაშაულს, უნდა მივცეთ საშუალება, რომ დაადგეს გამოსწორების გზას და შეინანოს ყოველივე ის, რაც ჩაიდინა. არის ნიშნები, რომ ზოგიერთი ადამიანი უკვე დაფიქრდა, თუ რა ჩაიდინა, არის ამის ნიშნები. დაფიქრდა, ამას დიდი სიბრძნე არ სჭირდება, და იცის, რომ საქართველოში არავის შერჩენია ბოროტება ერის წინაშე, მოღალატეობა. არსებობს მთელი რიგი მაგალითები იგივე ორჯონიკიძისა, იგივე მახარაძისა, იგივე ბერბიჭაშვილისა და იგივე სხვების მრავალთა, რომელთა რიგში მათ თავისი თავი ჩააყენეს. ახლა მრავალი ცდილობს, თავის დაღწევას, არ სურს შეირაცხოს მოღალატეთა წყეულ გალერეაში ამ მოღალატეებთან ერთად და, როგორც ჩანს, აპირებს საქმით გამოისყიდოს თავისი დანაშაული. ჩვენ ყოველნირად უნდა შევუწყოთ ხელი ასეთ ადამიანებს. არ არსებობს, მეგობრებო, უპატიებელი ცოდვები. უფალი გვასწავლის, რომ თუ შეინანებთ, შეგინდობთო. და ჩვენც, უფლის მიმბაძავნი უნდა ვიყოთ ამ საშინელ დროში, ამ საშინელ მდგომარეობაში. უნდა მივცეთ საშუალება ამ ადამიანებს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცრუ ფანდი, როგორც იყო მრავალჯერ. ეს უნდა იყოს ნამდვილი, საქმით გამოსყიდვა დანაშაულისა. მე ყველას ვგულისხმობ, არავინ არ არის ღვთისგან საბოლოოდ განწირული. თუ ღმერთი არ წირავს საბოლოოდ ადამიანს, არც ჩვენ გვაქვს უფლება ვინმე საბოლოოდ გავწიროთ. დაფიქრდნენ, კარგად დაფიქრდნენ, რა ჩაიდინეს, კარგად დაფიქრდნენ, რა დანაშული აქვთ საკუთარი ერის წინაშე. ვინც კარგად დაფიქრდება, ვინც დროზე დაადგება სინანულის გზას და ვინც საქმით დაგვიმტკიცებს (ჩვენ დეკლარაციები, ინტერვიუ თუ სხვაგვარი განცხადება არაფერს გვეუბნება, რადგან მთავარია საქმე – „საქმემან შენმამ გამოგაჩინოს“), უკეთუ საქმე მართლა გამოაჩენს, ჩვენ მათი საწინააღმდეგო არაფერი გვექნება, რამეთუ ჩვენ ქრისტიანები ვართ. ჩვენ ცრუ ქრისტიანები კი არა ვართ, 66 წლის ასაკში მონათლულნი ნაძალადევად, რეკლამისათვის და ფარისევლური ნიღბის გაკეთებისათვის. ჩვენ, ნამდვილი ქრისტიანული პრინციპებიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ საჭიროა დავადგეთ საყოველთაო შეწყნარებისა და ეროვნული შერიგების გზას. მაგრამ შერიგება მხოლოდ იმათთან, ვინც შეიგნებს თავის დანაშაულს ერის წინაშე, ვინც მხარში ამოუდგება ერს, ვინც ერის სასიკეთო საქმეს გააკეთებს, ვინც ერის ხსნისათვის გადადებს თავს. მხოლოდ ასეთებთან და არა ცრუ, ფარისევლური განცხადებების ან რაღაც ფანდების საფუძველზე.
გვახსოვს ჩვენ ერთი ასეთი ამბავი – 24 ივნისი, როდესაც მრავალნი გვარწმუნებდნენ, რომ ისინი ეროვნული ძალების, ეროვნული ხელისუფლების მხარეზე გადმოვიდნენ და შემდეგ რითი დამთავრდა ყოველივე: შეიტყუეს ჩვენი მომხრეები ტელევიზიაში და ამოხოცეს, დააპატიმრეს.
ჩვენ სიბრძნე ცხოვრებამ გვასწავლა, უნდა გვასწავლოს. ჩვენ უნდა დავბრძენდეთ უფრო მეტად, მეგობრებო. ახლა ასეთი დრო დადგა, ქვეყანა კრახის წინაშეა.
ერთი წლის წინ იყო ილუზიები: შევარდნაძე ჩამოვა, გადაარჩენს საქართველოს, შემოიტანს დოლარებს, შემოიტანს მარკებს, შემოიტანს ინვესტიციებს, პროდუქტებს, სურსათს და სხვა. დაპირებები მართლაც უხვია დღესაც. ალბათ, ნახავდით, პოლიტიკური არენიდან მიმავალი ბუშის დაპირებას, რომ ის სთხოვს ევროგაერთიანებას და არა ამერიკას, ამერიკის რომელიმე დაწესებულებას, რომ საქართველოს მისცეს ფქვილი. აი, ასეთი დაპირებებით კვებავენ დღემდე საქართველოს.
საქართველოს ვერავითარი ფქვილი ვერ უშველის, ვინაიდან კრიმინალური ბანდები, რომლებსაც ფაქტობრივად ხელში აქვთ ხელისუფლება ჩაგდებული, ყველაფერს მიითვისებენ. საქართველოს მთელი დოვლათი მითვისებული და განიავებულია, გატანილია თურქეთში და გაყიდულია. ფოთი არის მაფიების სათარეშო ადგილი, სადაც ყველაფერი იყიდება. სანამ ეს მაფიები არ აილაგმება, სანამ ეს კრიმინალური ბანდები არ აილაგმება, საქართველოს არაფერი ეშველება არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური თვალსაზრისით; სანამ მთავარი მოღალატე საქართველოს სათავეშია.
ჩამოსვლის პირველივე დღიდან პირდებოდა ქვეყანას სტაბილიზაციას, დამნაშავეობის აღმოფხვრას, ეკონომიკურ კეთილდღეობას. სინამდვილეში, დამნაშავეობა უფრო გააძლიერა, ვინაიდან დამნაშავეთა სამყაროს მიერ არის იგი ჩამოყვანილი და დამნაშავეთა სამყარო არის მისი ერთადერთი დასაყრდენი. ამ პიროვნებას ერთადერთი გამოსავალი აქვს, – უნდა გადადგეს. არავითარი სხვა გამოსავალი მას არ აქვს, თუ სურს გამოისყიდოს თავისი დანაშული ერის წინაშე. მე არავის, რა თქმა უნდა, რეკომენდაციებს არ ვაძლევ. მე რეკომენდაციებს გამოვთქვამ და საქართველოს ხსნისთვისაც სხვა გზა არ არსებობს, გარდა კანონიერი ხელისუფლების აღდგენისა.
მე ვიცი, რომ ბევრი საყვედური გაისმის ჩემს მიმართ, კანონიერი ხელისუფლების მიმართ თვით ჩვენს მომხრეებშიც, რომ ამ დრომდე არ ავლაგმეთ თურმე ეს ბანდები და დავუშვი ამ მოღალატური ხელისუფლების დამყარება საქართველოში. მეგობრებო, „მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო“ – ქართული ანდაზაა. ფაქტობრივად, მე დამტოვეს მარტო. გაიხსენეთ ჩემი მოწოდებები დეკემბრის პუტჩის წინ. მიტინგზეც აღარ მოდიოდა ხალხი. მართალია, დაშინებული იყო, მე მესმის, მაგრამ გაიხსენეთ ლიტვა, როგორ ამოუდგა ლიტველი ხალხი მხარში ლიტვის ხელისუფლებას, ლანდსბერგისს 13 იანვრის მოვლენების დროს. თვეების განმავლობაში მორიგეობდა ათასობით ადამიანი ლიტვის პარლამენტთან. ჩვენთან კი, რა დაინახეს სიცარიელე მთავრობის სასახლის მოედნის წინ, სწორედ მაშინ დაიწყეს პუტჩი. ასე რომ, თავის სინდისში ჩაიხედოს იმან, ვინც ამას ჩვენ გვაბრალებს. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი არ გვაიარაღებდა ჩვენ, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი აიარაღებდა პუტჩისტებს.
შიგნითაც ნახევარზე მეტი მოღალატე იყო. ამ მწარე სიმართლეს დღეს გეუბნებით. მთავრობის სახლის დამცველთა შორის ნახევარზე მეტი და თვით შტაბის უფროსი, მოღალატე იყო. აი, ასეთ მდგომარეობაში ჩამაგდეს მე და ნუ გიკვირთ შედეგები, ვინაიდან, ყოველი ერი იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც მას ჰყავს. ამიტომ უნდა დავიმსახუროთ უკეთესი.
უბრძოლველად მივიღეთ თავისუფლება და ამიტომაც დავკარგეთ ასე მალე. დღეს კი, ბრძოლით ხელახლა უნდა მოვიპოვოთ თავისუფლებაც და კეთილდღეობაც. ბრძოლის გარეშე ვერავინ ვერაფერს ვერ მოიპოვებს.
მეგობრებო! არის გამოცოცხლება ეროვნული მოძრაობისა, მაგრამ დიდი დაქსაქსულობაა. უნდა გაერთიანდეს მოძრაობა, უნდა მოხდეს დიდი კონსოლიდაცია. ეს ყველაფერი შეუძლებელია „მრგვალი მაგიდის“ აღდგენის გარეშე. „მრგვალი მაგიდა“ არის სიმბოლო ჩვენი ერთიანობისა, ჩვენი ბრძოლისა. „მრგვალმა მაგიდამ“ გააუქმა საქართველოში კომუნისტური რეჟიმი ყოველგვარი ძალადობის გარეშე, არჩევნებითა და რეფერენდუმით. „მრგვალი მაგიდა“ არის უდიდესი ძალა დღესაც, თუმც პარალიზებული. „მრგვალი მაგიდა“ უნდა აღსდგეს. მისი პოლიტიკური ორგანიზაციები, დამფუძნებელი ორგანიზაციები უნდა გააქტიურდნენ და ახალი ორგანიზაციები, თუ ისინი ნამდვილი ორგანიზაციებია და არა ხუნტის მიერ ეროვნულ მოძრაობაში შემოგზავნილი, უნდა გაერთიანდნენ „მრგვალ მაგიდაში“. უნდა ავირჩიოთ დროებითი რეგიონული სპიკერები. რიგრიგობით უნდა წარმართონ არჩეულმა სპიკერებმა „მრგვალი მაგიდის“ მუშაობა, თბილისში იქნება ეს, თუ რეგიონებში. „მრგვალი მაგიდის“ სპიკერობიდან მე არ გადავმდგარვარ, მე კვლავ სპიკერი გახლავართ, მაგრამ ცალკეულ ორგანიზაციებს, ცალკეულ განყოფილებებს სჭირდებათ სპიკერები. მათ უნდა დაიწყონ მუშაობა კონსოლიდაციისათვის და ქვეყანა კრიზისიდან, ქაოსიდან უნდა გამოიყვანონ.
ასე რომ, ბრძოლის გარდა, სხვა გზა არ დაგვრჩენია. მე ყოველ ღონეს ვხმარობ, რომ მსოფლიოს ჰქონდეს სწორი ინფორმაცია საქართველოს შესახებ. გავარღვიეთ საინფორმაციო ბლოკადა თურქეთში, ფინეთში, ავსტრიაში წასვლით, მიუხედავად იმისა, რომ ხუნტამ გააყალბა ჩემი მოგზაურობა. ისიც კი სთქვეს, რომ თურქეთში მე ყალბი პასპორტით წავედი, თურქს განაცხადებინეს. ამასთან დაკავშირებით, არსებობს საერთაშორისო სასამართლო სტრასბურგისა, სადაც უახლოეს ხანში შეტანილი იქნება საჩივარი და ჩემი პასპორტის ასლი, სადაც თურქეთის საბაჟოს შტამპია ჩარტყმული. თურქეთში მე შესანიშნავად მიმიღეს, შევხვდი პოლიტიკურ მოღვაწეებს, პარლამენტის წევრებს. მაგრამ, რა თქმა უნდა, შემდეგ ისევ საერთაშორისო პოლიტიკური მაფიის ჩართვით იქაც შემიშალეს ხელი. ავსტრიაში და ფინეთში კი ფრიად ნაყოფიერი იყო ჩემი მოძრაობა. რაც მთავარია, გაირღვა საინფორმაციო ბლოკადა. დიდ ბრიტანეთში უკვე ძალიან დაინტერესებულნი არიან საქართველოში შექმნილი მდგომარეობით. როგორც მოგახსენეთ, ჰელსინკის ჯგუფის შესანიშნავი დასკვნა არსებობს. საბოლოოდ უკვე აეხადა ფარდა ყველაფერს. ყველასთვის ნათელია, რომ დღეს საქართველო ნარკობიზნესის ხიდადაა ქცეული აზიასა და ევროპას შორის, რომ საქართველოში არის ტერორი, კრიმინალური ანარქია, ადამიანის უფლებების დარღვევა, პატიმრების წამება ციხეებში და ყოველგვარი უკეთურება.
ასე, რომ შუბი ხალთაში არ დაიმალება, მეგობრებო! ადრე თუ გვიან მსოფლიო განაჩენს გამოუტანს ამ კრიმინალურ რეჟიმს და სანამ დროა, თავს უშველონ, შეინანონ ერის წინაშე, ღვთის წინაშე, უფალი მოწყალეა.
გფარავდეთ ღმერთი, ფარავდეს ღმერთი საქართველოს და მალე გვეხილოს აღდგენილი კანონიერი ხელისუფლება.
მე ხშირად მეკითხებიან: რა არის საჭირო, რომ თქვენ დაბრუნდეთ საქართველოშიო. მეგობრებო, საერთო-სახალხო მოთხოვნის გარეშე არ დავბრუნდები. აი, ამას მოგახსენებთ. თქვენ მოგეხსენებათ, რა პირობებია შექმნილი იმისათვის, რომ მე არ დავბრუნდე. საერთო-სახალხო მოთხოვნა იქნება წინაპირობა ჩემი დაბრუნებისა. მე პიროვნულ ხელისუფლებას არ ვეჭიდები. თქვენ კარგად იცით, რომ მე საპრეზიდენტო სკამს არ ვეჭიდები. ჩემი მთავარი მიზანია საქართველოს ხსნა. მჯერა, რომ უფალი იხსნის საქართველოს.
საქართველოს იხსნიან მისი საუკეთესო შვილები, თავდადებული და თავგანწირული შვილები.
საქართველოს იხსნის მისი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
გროზნო, 1993 წლის 15 იანვარი
(ტექსტი გადმოღებულია ვიდეოჩანაწერიდან)
ქართული აზრი. – 1993. – 26 იანვარი. – №1 (29). – 1,2 გვ.
წყარო