ზვიად გამსახურდია

ივლისი 10, 2023

ზვიად გამსახურდიასა და ეროვნული მთავრობის მიღწევების მოკლე ჩამონათვალი

Filed under: Uncategorized — georgianeli @ 2:10 PM

ხელისუფლებაში ყოფნის უმცირესი ხნის მიუხედავად, საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიასა და მისი დროის ეროვნული მთავრობის მიღწევების ძალიან მოკლე ჩამონათვალი, სადაც კარგად ჩანს, თუ ვინაა სინამდვილეში ჩვენი ქვეყნის ისტორიის ახალ და უახლეს პერიოდში საქართველოს სახელმწიფოებრიობის ამაღორძინებელიც და დამფუძნებელი მამაც:

“1. 1990-1991 წლებში ჩატარდა სამი არჩევნები: საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის – ისინი შედგა ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით. არჩევნები ჩატარდა, ასევე, აჭარასა და აფხაზეთში, რომლებიც საქართველოს იურისდიქციიდან არ გასულა.

2. საქართველომ შეიძინა რამდენიმე სამგზავრო თვითმფრინავი და ევროპაზე ამოქმედდა საჰაერო გზა.

3. მიწისძვრით დანგრეულ რაჭაში და ზემო იმერეთში 5 000-ზე მეტი სახლი აშენდა (აღსანიშნავია, რომ მთლიანად საკუთარი ხარჯებით, ყველანაირი საერთაშორისო დახმარების გარეშე – კ.ვ).

4. ჩატარდა პირველი პრივატიზაცია, ანუ გადაიდგა პირველი ნაბიჯები მცირე და საშუალო ბიზნესის აღორძინებისთვის. ამისთვის შეიქმნა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა (უნდა დავამატო ეკონომიკური მიმართულებით ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რაც ქართველი ერის ეკონომიკური დეოკუპაციისა და თავისუფლების გარანტია: სწორედ ეროვნული ხელისუფლების დროს დაიწყო საფონდო ბირჟების გახსნა და ასევე, დამოუკიდებელი საქართველოს საწარმოო დაწესებულებებში დასაქმებული მუშები უპირველესი აქციონერები/მესაკუთრეები გახდნენ საკუთარი კომპანიების, ანუ ამით საკუთარი რესპუბლიკისა და მისი ქონების მათ შორის ეკონომიკური თანამესაკუთრეები – კ.ვ.).

5. ევროპელებთან მოლაპარაკებებში დაისვა საკითხი ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის აღდგენაზე. უზენაეს საბჭოში პირველად გახმოვანდა საქართველოზე გამავალი „აბრეშუმის გზის“ იდეები, ასევე დაიწყო მუშაობა „შავი ზღვის“ თანამშრომლობის ფორმატში.

6. ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი საწყლოსნო სპორტში, ქ. ფოთში.

7. მომზადდა პოლიციის რეფორმა, შეისყიდეს ახალი ავტომობილები და ახალი პოლიციისათვის შეიქმნა მოდერნისტული ლოგო.

8. ელმავალმშენებელ ქარხანაში დაიწყეს მცირე ჰესების დანადგართა წარმოება, რომლებიც 10-დან 60 ოჯახამდე ელექტროენერგიით მომარაგებას გასწვდებოდა.

9. დამოუკიდებლობის აღიარებაზე ამერიკაში ურთიერთობა დამყარდა ებრაულ სათვისტომოსთან და საინფორმაციო სააგენტო „სოხნუთთან“, რომლის წარმომადგენლებიც უკვე 1990 წლის ბოლოს ჩამოვიდნენ და შეხვდნენ უზენაეს საბჭოში ოფიციალურ პირებს.

10. შეიქმნა კომისია ახალი ქართული ვალუტის შესაქმნელად, განიხილებოდა ორი სახელი – „მარჩილი“ ან „ლარი“.

11. მარტის თვეში რუსეთიდან შეწყდა სიგარეტის შემოტანა – საამისოდ გაიჭრა სხვა არხები.

12. მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი კანონი პრესის თავისუფლებაზე, ასევე თავისუფალი უნივერსიტეტების შექმნასა და საქმიანობაზე.

13. მოსალოდნელი სასურსათო კრიზისის აღსაკვეთად დაიწყო რეზერვების შექმნა, აიკრძალა პროდუქტის გატანა რუსეთში. ამ დროს, საბჭოთა კავშირში, თვეში 75%-იანი ინფლაცია მიდიოდა. გადაგზავნილი პროდუქციის სანაცვლოდ გადმორიცხული თანხა მის თვითღირებულებასაც კი ვერ ფარავდა. ამიტომ საბაზრო ფასებზე გადასვლამდე საჭიროდ ჩაითვალა პროდუქციის დასაწყობება.

14. დაიწყო მოლაპარაკებები დასავლურ ნავთობკომპანიებთან, ასევე „ბოინგის“ კორპორაციასთან. მოლაპარაკებები მიდიოდა, ასევე, „პეპსი-კოლასთან“, „ბაიერთან“, „მაკოილთან“, „მაიკროსოფტთან“ და სხვა კომპანიებთან.

15. საყოველთაო განხილვისთვის გამოქვეყნდა პროექტი სადაზღვევო მედიცინის შესახებ, ანუ 1992 წლიდან ქვეყანა გადადიოდა ჯანმრთელობის დაზღვევაზე.

16. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ქვეყნის ახალი კონსტიტუციის პროექტის წარმოსადგენად (1992 წლის 6 იანვარს ლეგიტიმური ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური და ძალადობრივი გზით დამხობის გამო უკანონობა სახელმწიფო რანგშია აყვანილი და პუტჩისტური თუ პოსტ-პუტჩისტური კონსტიტუციების ჩრდილში ვიმყოფებით – კ.ვ.).

17. დაწესდა მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე.

18. შედგა პრეზიდენტ ელცინის ვიზიტი და მოხდა მის მიერ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების მართლზომიერების აღიარება. ასევე, შედგა აშშ-ის 37-ე პრეზიდენტის, ნიქსონის ვიზიტი, რომელმაც ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობას მაღალი შეფასება მისცა.

19. სახელმწიფო გადატრიალების დასრულებამდე საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა მსოფლიოს 30-მდე ქვეყანამ, მათ შორის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ინდოეთმა, ჩინეთმა, ბრაზილიამ, რუმინეთმა და თურქეთმა (და არა ისე, როგორც შევარდნაძემ, თვითმარქვია „დიდმა პოლიტიკოსმა“ იცრუა თავის წიგნში, 1992 წლის მარტამდე, ანუ მის საქართველოში ჩამოსვლამდე, ერთი ქვეყნის მეტს არავის უღიარებია საქართველოო -კ.ვ.)”.

წყარო: კონსტანტინე ზ. გამსახურდია – „სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის. ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფიული პორტრეტი“, პალიტრა L, 2023, გვ. 725-726

Blog at WordPress.com.