ზვიად გამსახურდია

სექტემბერი 5, 2022

ზვიად გამსახურდია – გამოვედი თუ არა მე ცენტრალური ტელევიზიით 1978 წლის მაისში?

Filed under: Uncategorized — georgianeli @ 7:59 PM

ჩემი გათავისუფლების შემდეგ მრავალი ადამიანისაგან მივიღე შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო ნამდვილი მიზეზი ჩემი „გამოსვლისა“ ცენტრალური ტელევიზიის „ვრემიას“ პროგრამით 1978 წლის მაისში, იყო თუ არა ეს ნამდვილი ჩანაწერი, ხომ არ იყო მასში რაიმე ფალსიფიკაცია, როგორ მოხდა ეს ყოველივე: იძულებით, თუ ნებაყოფლობით და ა.შ. მოცემულ წერილში შევეცდები პასუხის გაცემას ამ კითხვებზე.

როგორც ცნობილია, გამოძიების პროცესში მე, ტაქტიკური მოსაზრებით, ჩემს მიერ გამრავლებული და გავრცელებული რუსული ემიგრანტული მასალების ნაწილი ვცანი „ანტისაბჭოთად“ და „მოვინანიე“ მათი გავრცელება. თუმც, ჩემი ძირითადი საქმიანობა, ეროვნული და სამართალდაცვითი ხასიათისა, ჩემი წერილები და განცხადებები, აგრეთვე, ჰელსინკის ჯგუფის დოკუმენტები, არასოდეს მომინანიებია. პირუკუ, როგორც გამოძიებისასს, ასევე სასამართლოზე მოვითხოვდი შესრულებას ჩემი ძირითადი მოთხოვნებისას ამ სფეროში. მე არასოდეს გამომიცხადებია აგრეთვე დაშლა ქართული ჰელსინკის ჯგუფისა და მუდამ ვაწერდი ხელს წერილებსა და განცხადებებს ამ ჯგუფის სახელით. ყოველივე ამის შესახებ მოკლედ ნათქვამია ჩემ წერილში გაზეთ „პრავდის“ რედაქციისადმი, რომელიც გამოქვეყნდა დასავლეთში 1980 წელს /გაზეთი „რუსკაია მისლ“/, აგრეთვე, მერაბ კოსტავას განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ „გლასნოსტში“. აქ დავსძენ მხოლოდ, რომ ამგვარი ტაქტიკური ნაბიჯი გადავდგი საქართველოში იმჟამად შექმნილი განსაკუთრებული ვითარების გამო, რამდენადაც უშიშროების კომიტეტი არაორაზროვნად მემუქრებოდა საზღვარგარეთ გაძევებით (მოუნანიებლობის შემთხვევაში), ჩვენ მოძრაობას, ჩვენ საერთო საქმეს ემუქრებოდა დიდი საფრთხე.

საქმე ის გახლავთ, რომ იმ ხანად გარეთ აღარ იყო დარჩენილი არცერთი ადამიანი, რომელიც შეძლებდა გადებას საინფორმაციო ხიდისას დასავლეთში, განახორციელებდა ჟურნალის გამოცემას, გონივრულად წარმართავდა ახალგაზრდულ მოძრაობას, რომელსაც ამის გარეშე შეიძლებოდა გამოეღო ძალზე არასახარბიელო შედეგები. ყოველივე ამის თვალსაზრისით კი აუცილებელი იყო ჩემი გარეთ ყოფნა. ამის გამო, ჯერაც სუკ-ის შინაგან ციხეში ყოფნის დროს, გავუზიარე მერაბ კოსტავას ჩემი მოსაზრებები შექმნილი ვითარების შესახებ და მანაც მოიწონა ჩემი გეგმა ტაქტიკური უკანდახევისა, მოჩვენებითი „მონანიებისა“, ჩვენი საერთო საქმის გადასარჩენად. ასე რომ, სასამართლოზე მისი უკომპრომისო პოზიცია და ჩემი ნაწილობრივ კომპრომისულ პოზიცია ჩვენ წინასწარვე შევათანხმეთ ურთიერთშორის. ეს ყოველივე შესანიშნავად აისახა მ. კოსტავას ვრცელ ლექსში „ძმას ქრისტესმიერს“, რომელიც მან მიძღვნა მე პატიმრობაში ყოფნისას. აგრეთვე, მის განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა მისი გათავისუფლების შემდეგ, რომლის ტექსტიც აგრეთვე ციხეშია დაწერილი[1].

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების პროცესში მე არავიზე არ მიმიცია ჩვენება, მხოლოდ ზოგჯერ ვადასტურებდი, ან არ ვადასტურებდი სხვათა ჩვენებებს, მე ვიძლეოდი ახსნა-განმარტებას და დახასიათებას ჩემი საკუთარი ქმედებისას. გამოძიების დასასრულს, 1978 წლის მარტში, ერთ-ერთი ჩემი დაკითხვა ჩაწერილ იქნა ვიდეომაგნიტოფონზე, გამომძიებლის თქმით, იმ მიზნით, რომ იგი ეჩვენებინათ სასამართლოზე ჩემ მიერ ჩვენების შეცვლის შემთხვევაში. თუმც, ფრაგმენტი ამ ვიდეოჩანაწერისა, კონტექსტიდან ამოგლეჯილი, უჩვენეს „ვრემიას“ პროგრამით, ჩემი ნებართვის გარეშე, როგორც ვითომდაც ჩემი „ტელეინტერვიუ“ /სასამართლოს შემდეგ/.

ელემენტარული ეთიკა მოითხოვდა, რომ ვიდეოჩანაწერი ეჩვენებინათ სრულად. მაშინ მაყურებელი მიხვდებოდა, რომ ეს იყო ჩემი დაკითხვა და არა ტელევიზიით გამოსვლა, საუბარი ერთ გამომძიებელთან და არა მრავალმილიონიან აუდიტორიასთან. გარდა ამისა, ფირზე უნდა გადაეღოთ სხვა დაკითხვებიც და ეჩვენებინათ, თუ რას ვგულისხმობდი მე „ანტისაბჭოთა მასალებში“ და რას არა. უნდა ეჩვენებინათ აგრეთვე, რომ ჩემი ძირითადი საქმიანობა მე არ მომინანიებია. ტელევიზიამ კი პირიქით, შექმნა ილუზია, თითქოს მე მთელი ჩემი საქმიანობა მოვინანიე და ხაზი გადავუსვი ყოველივეს, ჩემ მიერ ნამოქმედარს.

აქვე უნდა ავღნიშნო, რომ დაკითხვის ვიდეოჩანაწერში მე ვახსენე მოსკოვში ამერიკის საელჩოს მეორე მდივანი, ი. ბელოუსოვიჩი, რომელმაც გადმომცა მე დიდი რაოდენობით ემიგრანტული ლიტერატურა სასტუმრო „უკრაინასთან“ 1976 წლის ივნისში, რის შემდეგაც მე დამაკავეს და წამართვეს ეს ლიტერატურა. ბელოუსოვიჩმა მისცა ახსნა-განმარტება სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს იმის შესახებ, რომ მე გადმომცა ეს ლიტერატურა, მაგრამ განაცხადა, რომ არ თვლის ამას დანაშაულად. მე დავადასტურე დაკითხვაზე მისი ახსნა-განმარტება. თუმც, არც მე მითქვამს, რომ ამას ვცნობდი ჩემს, ან მის დანაშაულად. ასე რომ, ჩემ მიერ ი. ბელოუსოვიჩის სახელის ხსენება ვიდეოჩანაწერში არ წარმოადგენდა მასზე ცილისწამებას, ან მის გაშავებას. ეს იყო მხოლოდ კონსტატაცია ფაქტისა, რომლის კონსტატაციაც მანამდე მოახდინა თვით ბელოუსოვიჩმაც.

გავიდა ერთი თვე ვიდეოჩანაწერის ტელევიზიით ჩვენების შემდეგ, მე და მ. კოსტავა კვლავ სუკ-ის შინაგან ციხეში ვიმყოფებოდით. ივნისის ბოლოს კვლავ გამომიძახა გამომძიებელმა და მამცნო: „ნიუ-იორკ ტაიმსის“ კორესპონდენტმა ჰაროლდ პაიპერმა და კრეგ უიტნიმ დაწერეს თავიანთ გაზეთში, თითქოს თქვენ არაფერი მოგინანიებიათ და ტელევიზიის ფირი ყალბია. საბჭოთა ტელევიზიამ აღძრა მათ წინააღმდეგ სარჩელი ცილისწამებისათვის. ხომ არ მიიღებდით მონაწილეობას სასამართლოში მოწმის სახით?“

მე მოვითხოვე დრო მოსაფიქრებლად. ბოლოს დავასკვენი, რომ რამდენადაც სასამართლოზე იქნებოდნენ უცხოელი კორესპონდენტები, ჩემ მონაწილეობას ექნებოდა აზრი, ვინაიდან ისინი დამისვამდნენ კითხვებს და მე შევძლებდი მათთვის განმარტებას იმისას, თუ რა ვცანი სასამართლოზე ჩემ შეცდომად და რა არა და ამით გაიფანტებოდა გაუგებრობა, რომელიც გამოიწვია ჩემმა ე.წ. „ტელეინტერვიუმ“. გამოვლინდებოდა აგრეთვე, რაში იყვნენ მართალნი პაიპერი და უიტნი და რა აკლდა მათ ინფორმაციას. მე კვლავ შევეთათბირე მ. კოსტავას ამ საკითხზე და ისიც მომხრე იყო იმისა, რომ მე მიმეღო მონაწილეობა მოცემულ პროცესში[2]. თუმც, უნდა აღინიშნოს, რომ იმხანად ჩვენ კარგად არ ვიცნობდით საბჭოთა ტელევიზიის ხრიკებს, მონტაჟისა და ფალსიფიკაციის ხელოვნებას.

ამრიგად, 1978 წლის 18 ივნისს, მე წარვდექი მოსკოვის საქალაქო სასამართლოს წინაშე, მაგრამ რაოდენ დიდი იყო ჩემი განცვიფრება, როდესაც დავინახე, რომ „მოპასუხეთა“, ე.ი. პაიპერისა და უიტნის სკამები თავისუფალი იყო, ვინაიდან ისინი არ გამოცხადდნენ სასამართლოზე და გაემგზავრნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. დარბაზი სავსე იყო უცხოელი ჟურნალისტებით, თუმც, ისინი მოშორებით ისხდნენ, ხოლო ჩემი ტრიბუნა მოსამართლისკენ იყო მიბრუნებული. ასე რომ, მე იძულებული ვიყავი ზურგით ვმდგარიყავი მათთან და მესაუბრა მხოლოდ მოსამართლესთან.

მოსამართლე ალმაზოვმა უჩვენა ეკრანზე ვიდეოჩანაწერი ჩემი დაკითხვისა, სადაც მე ვინანიებ ანტისაბჭოთა მასალების გავრცელებას და მკითხა: „ეს თქვენ ხართ თუ არა?“. მე მივუგე: „დიახ, მე ვარ, მაგრამ ჩემი ანტისაბჭოთა საქმიანობა ერთია, ხოლო პატრიოტული და სამართალდაცვითი /ჰუმანიტარული/ მოღვაწეობა მეორე…“. აქ მოსამართლემ გამაწყვეტინა სიტყვა. მე მოველოდი, რომ რომელიმე ჟურნალისტი გაბედავდა ჩემთვის შეკითხვის დასმას, თუ რაში გამოიხატებოდა ჩემი პატრიოტული და სამართალდაცვითი /ჰუმანიტარული/ საქმიანობა, რომელიც მე არ მომინანიებია, მაგრამ რატომღაც ყველა სდუმდა და არავინ ითხოვდა სიტყვას /ალბათ, არ ჰქონდათ იმედი, რომ უფლებას მისცემდნენ/.

მაშინ მე თავად გადავწყვიტე მათთვის თავად მიმეცა განმარტება, მაგრამ მოსამართლე ალმაზოვმა აღარ მაცალა და სასწრაფოდ ბრძანა ჩემი გაყვანა დარბაზიდან. მე მოვასწარი მხოლოდ თქმა იმისა, რომ დ. შიპლერთან ინტერვიუში მე არ მომითხოვია აშშ-ს შეიარაღებული ინტერვენცია საბჭოთა კავშირში, საქართველოს განთავისუფლების მიზნით, არამედ მოვითხოვე, რომ აშშ-ს გაეძლიერებინა დაწოლა საბჭოთა კავშირზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ამის შემდეგ სასამართლოს ვიდეოჩანაწერი ისევ აჩვენეს ტელევიზიით და გამოტოვეს ჩემი სიტყვები, სადაც მე განვმარტავდი, რომ ჩემი პატრიოტული და სამართალდაცვითი საქმიანობა ერთი იყო, ხოლო ანტისაბჭოთა საქმიანობა – მეორე.

ასე ჩაიშალა ჩემი მცდელობა გაუგებრობის გაფანტვისა და დაიბადა ახალი გაუგებრობა იმასთან დაკავშირებით, თუ რად გამოვედი მე მოსკოვის საქალაქო სასამართლოში.

ამრიგად, მე არასოდეს არ გამოვსულვარ საბჭოთა ტელევიზიით, ჩემი ე.წ. „ტელეინტერვიუ“, რომელიც უჩვენეს „ვრემიას“ პროგრამით, შეიძლება ჩაითვალოს ფალსიფიკაციად, ვინაიდან ტელეინტერვიუდ გასაღდა ფრაგმენტი, სუკ-ში ჩემი დაკითხვის ვიდეოჩანაწერიდან ამოგლეჯილი, ხოლო კორესპონდენტებმა პაიპერმა და უიტნიმ დაწერეს სიმართლე იმის შესახებ, რომ მე არ მომინანიებია ჩემი პატრიოტული და სამართალდაცვითი /ჰუმანიტარული/ საქმიანობა. თუმც, ამ სიმართლეს სჭირდებოდა ზემოხსენებული კომენტარი და განმარტება, რაც მათ ვერ შეძლეს ინფორმაციის უკმარისობის გამო.

ყოველივე ამას დღეს აყალბებს საბჭოთა პროპაგანდა, განსაკუთრებით გაზეთი „კომუნისტი“ და მის კვალზე მიმავალი ზოგიერთი ცრუ დისიდენტი. აგრეთვე, მათ მიერ მოტყუებული ზოგი ადამიანი, მაგრამ ყოველი მიუკერძოებელი და საქმის ვითარებით რეალურად დაინტერესებული პირისთვის დღესავით ნათელია ყოველივე ზემოთქმულის სისწორე.

1988 წ.

თბილისი

ჟურნალი „მატიანე“, 1988 წ, N. 3, თბილისი, გვ. 27-29


[1] ჩვენი შეხვედრები ხდებოდა დაპირისბირებისას, საქმის გაცნობისას, აგრეთვე სასამართლო საკანში, პროცესის დაწყებამდე /ზ.გ./

[2] იმ შემთხვევაში, თუ მე შევძლებდი სასამართლოს ტრიბუნის გამოყენებას ტოტალიტარიზმის ხრიკების მხილებისათვის /ზ.გ./

კომენტარის დატოვება »

კომენტარები ჯერ არ არის.

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

დატოვე კომენტარი

Create a free website or blog at WordPress.com.