ზვიად გამსახურდია

იანვარი 15, 2011

ზვიად გამსახურდია ჟურნალ “ოქროს საწმისის” სახელწოდების გამო


საწმისი, საწომისი, ღრუბელს ნიშნავს ქართულად. მეცხრე საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი ღაღადებს:

“ვადიდებდეთ საიდუმლოსა შენსა ღვთისმშობელო,
რამეთუ რომელი იგი უხილავ არს ძალთაგან
ზეცისაითა, გარდამოხდა შენ ზედა,
ვითარცა წვიმაი საწმისსა ზედა
ხსნისათვის ჩუენისა, მაქებელთა შენთან”.

საწმისი, საწვიმისი, წვიმის მშობელია, ვითარცა ღვთისმშობელი ქრისტესი, ლოგოსის, რომელიც გარდამოხდა უღვთობის გვალვით გადამხდარ მიწაზე, ვითარცა წვიმა განმაცხოველებელი. სანუკვარია წვიმა ხანგრძლივი გვალვის შემდგომ, ასევე სანუკვარია სიტყვა ხანგრძლივი იძულებითი მდუმარების შემდგომ. აი, რატომ დაერქვა ჩვენს ჟურნალს “ოქროს საწმისი”.

“ოქროს საწმისი” მარადჟამული სიმბოლოა კოლხური, ქართული კულტურისა. ცივილიზებული მსოფლიოს მკვიდრნი კოლხეთად უფრო იცნობენ საქართველოს, ვინაიდან ყველას ახსენდება არგონავტების მითი, მედეა,  ოქროს საწმისი.

ოქროს საწმისი მისტერიათა სიბრძნის სიმბოლოა, რომელიც კაცობრიობის მიწიერი გზასვლის გარიჟრაჟზე ჰყვაოდა ჩვენს მიწაზე; არგონავტებიც ამ სიბრძნეს ეზიარნენ და ამ სიბრძნის გადატანამ ბერძნულ მიწაზე აღმოაცენა დიდი ბერძნული კულტურა.

ვერძის ზოდიაქოს განმგებლობის ეპოქაში ზეცით გარდმოვლენილი კოსმიურ ძალებთან ზიარების სიმბოლოა ოქროს ვერძი, ხოლო ამ ზიარების შედეგად აღმოცენებული სიბრძნე საწმისია ცხოველმყოფელი წვიმის მომდენი. დაე, ნუმც შეეწყვიტოს არსთა მხადს ეს წვიმა”

 

წყარო: ჟურნალი “ოქროს საწმისი” (არალეგალური გამოცემა), თბილისი, 1975, N°1

სექტემბერი 24, 2010

ზვიად გამსახურდია: მითების თარგმანებანი

Filed under: Uncategorized — ტეგები:, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , — georgianeli @ 11:55 PM


“მითოლოგიაში მოცემულია კოსმიური და ადამიანური ყოფის არქეტიპული მოდელები. სწორად გაშიფრული მითი ადამიანური ცხოვრების მრავალ საიდუმლოს ხდის ფარდას”.

“ძველბერძნული მითოსი სინამდვილეში არის არა ძველბერძნული, არამედ პელაზგური მითოსი. ამას აღნიშნავდა დიდი გერმანელი ფილოსოფოსი შელლინგი და პელაზგურ ეპოქას საბერძნეთის განვთარებაში იგი განმარტავდა, როგორც საბიზმს ე.ი. ნათელხილვითი სიბრძნის ეპოქას”.

“მეცნიერებაში მიღებული თვალსაზრისია, რომ ტიტანები და გმირები ეკუთვნიან არაბერძნულ, წინაბერძნულ სამყაროს და წარმართავენ თავდაპირველად პელაზგურ კულტურას, ხოლო შემდეგ-შემოსულ აქაველთა კულტურას. ტიტანები და გმირები ზეკაცებია, რომელთაც მიიღეს ღვთაებრივი მეობის ნაბერწკალი”.

“შემთხვევითი არ არის, რომ კავკასიასთან დაკავშირებულია ბერძნული მითოსის უმთავრესი მომენტები. გაიხსენეთ არგონავტების ლაშქრობა, გაიხსენეთ პრომეთეს მიჯაჭვება კავკასიის ქედზე, რაც უმთავრესი მომენტებია ბერძნულ მითოლოგიაში”.

“მითოსის პერსონაჟთა მისია, მათი სულიერი რაობა ყოველთვის მათი სახელების მიხედვით განიმარტებოდა. სახელები მითოსის პერსონაჟებისა, ღმერთების, ნახევრადღმერთების, ტიტანების, გმირების სახელები იქმნებოდა მათი არსობრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე. კერძოდ, “პრო-მეთეო” ძველბერძნულად ნიშნავს წინასწარმეტყველურ აზროვნებას, წინასწარგანჭვრეტას”.

“იაპეტოსის სახელი ზენონ ელეელის მიერ განიმარტება, როგორც ზენა სამყარო, სულიერი სამყარო. იაპეტოს ე.ი. ის, რაც მიისწრაფის ზევით, სულიერი სამყაროსკენ. ე.ი. პრომეთე არის ზენა სამყაროს, სულიერ სამყაროს ძე, ანუ წინასწარმეტყველური აზროვნება”.

“ზევსი-პერსონიფიცირებული სახე ინდოევროპული კაცობრიობისა, მიმართავს პრომეთეს-პერსონიფიცირებულ სახეს პელაზგური, ანუ პროტოიბერიული კაცობრიობისას. “იაპეტოსის ძეო, უკეთილშობილესო ყველა მეუფეთა შორის, ყველაზე დიდო მცნობო მომავლისა, მეგობარო, რად დაანაწილე ხარი ამგვარად?” ზვიად გამსახურდიასეული თარგმანება: ” პრომეთე და მისი მიმდევარი ქურუმები მოატყუებენ ზევსს და მის ქურუმებს სამსხვერპლო ხარის დანაწილებისას. ეს მოტყუება სიმბოლოა იმისა, რომ მათი ინტელექტი უფრო განვითარებულია, რომ ის უფრო მაღლა იდგა მათ კულტურაზე. უფრო მაღლა იდგა შესაბამისად აზროვნებითი კულტურაც”.

“(ეთნოლოგიურ ასპექტში) პრომეთე არის სიმბოლო იმ მოდგმისა, იმ ხალხისა, რომელმაც უნდა განავითაროს მისტერიათა კულტურა, რომელიც არის შემქმნელი მისტერიათა კულტურისა და ყოველივე იმისა, რაც მოდის ამ მისტერიათა კულტურიდან. სახელდობრ, სულიერი განვითარებისა, ინიციაციისა და სულიერი აზროვნების”.

“ერთ-ერთი მთავარი ახსნა პრომეთეს მითისა კაცობრიობის ევოლუციაში, აზროვნების ევოლუციაში არის ის ეტაპი, როდესაც აზროვნება მიეჯაჭვება ადამიანის ფიზიკურ სხეულს-ადამიანის სულის ფიზიკურ სხეულში ჩამოსვლასთან ერთად და არის დატყვევებული ამ ფიზიკურ სხეულში, ხოლო გათავისუფლება პრომეთესი, რომელიც მიჯაჭვულია კავკასიის ქედზე, არის გათავისუფლება ამ აზროვნებისა სხეულებრივი საწყისისაგან. გათავისუფლებული პრომეთე არის გათავისუფლებული წინასწარმეტყველური აზროვნება, ხოლო მიჯაჭვული პრომეთე ადამიანის ფიზიკურ სხეულზე მიჯაჭვული აზროვნებაა.  ეს არის ეტაპი კაცობრიობის ევოლუციაში, რომელიც ცნობილია ადამიანური არსების, სულის ჩაძირვად ფიზიკურ სხეულში, ხოლო შემდეგ ხდება მატერიისაგან სულის გათავისუფლება. ეს არის პრომეთეს მითის სპირიტუალური, ფილოსოფიური ასპექტი”.

“ოთხ ელემენტს შორის-ცეცხლი, წყალი, მიწა, ჰაერი-ადამიანის “მე”-ს თვითებას, მეობას შეესაბამება ცეცხლი”.

“პრომეთეს მიერ ციდან ცეცხლის მოტაცება  მიკროკოსმული გაგებით თვითების, მეობის შეძენაა, ხოლო ღმერთების მიერ ტიტანების ტარტარში ჩამარხვა ადამიანის სულიერ მატერიაში ჩამოსვლაა, სხეულში ჩაძირვაა და გამკვიდრებაა, რითაც იწყება ადამიანის ინდივიდუალური ცხოვრება, აზროვნება და კულტურა”.

“იაპეტოსის ძე, პრომეთე, ოდესღაც აღზევებული  ტიტანი, ღმერთებისათვის ცეცხლის (ღვთაებრივი მეობის ნაბერწკლის) მომტაცებელი, შემქმნელი და ინსპირატორი კაცობრიობის ცივილიზაციისა და აზროვნებითი კულტურისა, შემოქმედი და წანასწარმხედი მოაზროვნე, მისტერიათა კულტურის ინაუგურატორი (შემომღები) არის სიმბოლო იაფეთური, პროტოქართული, ანუ პროტოევროპული ეთნოსისა, რომელიც ჟამთა ვითარებაში დაამარცხა და გარიყა ზევსმა, ანუ ინდოევროპულმა კაცობრიობამ, მიაჯაჭვა კავკასიაზე, ანუ კავკასიით შემოზღუდა მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის არენა”.

“კავკასიონზე მიჯაჭვული პრომეთე, ანუ მაღალი ცივილიზაციის, კულტურისა და აზროვნების მატარებელი კაცობრიბა არის პროტოქართული მოდგმა კავკასიაში ლოკალიზებული, კავკასიაზე მიჯაჭვული”.

“რა არის პრომეთესეული ცეცხლი, თუ არა ცეცხლი სიყვარულისა, თავგანწირვისა? განა რად მიაჯაჭვეს პრომეთე-ამირანი კავკასიის ქედზე? იქნებ მივიჩნიოთ მითიური ტიტანი ერის სულიერ პერსონიფიკაციად”.

“(გურამ რჩეულიშვილის მთლს არსებაში ხშირად მოვარდნილი სტიქიის მსგავსად ვლინდებოდა ის პრომეთესეული ცეცხლი, რომელსაც განათლებული ევროპელები ერთხმად უწოდებენ კოლხური, ქართული ხასიათის ძირითად მახასიათებელს)”.

“პრომეთე ასახავს მისტერიათა კულტურას, რომელიც იყო პირველადი ძველ საბერძნეთში და შემდეგ ლოკალიზებული კავკასიაში, რაც სიმბოლურად ასახულია პრომეთეს მიჯაჭვით კავკასიის ქედზე”.

“პრომეთეს აწამებს ზევსის არწივი. არწივი ერთის მხრივ, სიმბოლოა სულიერი აღმაფრენისა და შემეცნებისა, ხოლო მეორეს მხრივ, ეს არის სიმბოლო იმპერიული ძლიერებისა და ძალმომრეობისა, რომელიც აწამებს პრომეთეს”.

“პრომეთეს მხსნელი არის მისი საქმის გამგრძელებელი ჰერაკლე-იგი მისტერიათა სინკრეტული კულტურის ახალ საფეხურზე ამყვანი გმირია და ეკუთვნის აგრეთვე წინარებერძნულ, პელაზგურ, იბერიულ სამყაროს, ძველიბერიულ მისტერიებს”.

“ჰერაკლე პერსევსის ძეა, რომელმაც დააფუძნა ნათლმხილველური პელაზგური კულტურა, რომელიც შემდეგ გადაიყვანა ათენელთა ჰელინურ კულტურაზე… ამავე დროს, ჰერაკლე ზევსის ძეა, ვინაიდან მან აითვისა აგრეთვე ზევსური, ე.ი. ინდოევროპული ინიციაციური კულტურაც”.

“რა არის ჰერაკლე? ეს არის ინიციაციის ახალი კულტურა, ნებელობითი ინიციაცია, ჰეროიკული ინიციაცია, რომელიც არის წინასახე ქრისტიანული ინიციაციისა”.

“ჰერაკლეს ჩვეულებრივ ლომისტყაოსნად გამოსახავენ, მცირეაზიული ლომისტყაოსანი და ვეფხისტყაოსანი გმირების კვალობაზე, რაც სიმბოლოა თვითფლობისა და მე-ს მეფური ძალმოსილებისა. მისი ზებუნებრივი ფიზიკური ძალმოსილება, მისი გმირობანი სიმბოლურად ასახავენ მისტის, ანუ ადეპტის სულიერ პოტენციებს, ნებელობის ძალას, მისი “დოდეკალიოს” (12 საქმე) 12 საფეხურია ინიციაციისა”.

” ჰერაკლეს გმირობანი სიმბოლურად უნდა გავიგოთ, როგორც ინიციაციის სხვა და სხვა საფეხური, სულიერი განვითარების სხვა და სხვა დონე, რომლის კულმინაციაც არის პრომეთეს გათავისუფლება, ანუ აზრის გათავისუფლება ფიზიკური სხეულის ტყვეობისაგან და კაცობრიობის გამოხსნა”.

“ჰერაკლეს მიერ კვერთხის დაკვრით კლდიდან წყლის აღმოცენება ითვლება ქრისტესაგან, როგორც სულიერი კლდისაგან წყლის აღმოცენების წინასახედ (1 კორ. 10.4)”.

“მითები პრომეთეს, ჰერაკლესა და არგონავტების  შესახებ განჭვრეტაა ქრისტიანობის მომავალი მისიისა. დორიულ-კოლხური ინიციაცია, რომლის მესვეურნიც არიან ხსენებული გმირები, წინასახეა ქრისტიანული ინიციაციისა. შემთხვევითი როდია, რომ დორიული ინიციაცია კოლხურთან არის დაკავშირებული, ხოლო ჰერაკლე არგონავტების ლაშქრობის ერთ-ერთი მონაწილეა…. ამაზე მეტყველებს აგრეთვე ისიც, რომ სახელი “იასონ” შინაარსობრივად უკავშირდება “იესოს” (“იასის”-წამალი, “იესო”-მკურნალი). ასე რომ, პრომეთეს, ბერძნული მითოლოგიის თვალსაზრისით, ათავისუფლებს მომავლის თეურგია, ინიციაციის ახალი კულტურა, რაც ქრისტიანული თეოსოფიის თვალსაზრისით ქრისტიანულ თეურგიას გულისხმობს”.

“ლაშქრობა კოლხეთში სიმბოლურად, იმაგინატიურად არის ლაშქრობა სულიერი სიბრძნის, მისტერიალური სიბრძნის მოსაპოვებლად, რომელიც იმჟამად შემორჩენილი იყო მხოლოდ კოლხეთში”.

“კოლხეთიდან ოქროს საწმისის გატაცება ბერძნების მიერ უნდა გავიგოთ, როგორც მისტერიალური ცოდნის წაღება, რომელიც ადრე დაჰკარგეს ბერძნებმა და იმ დროისთვის მხოლოდ კოლხეთში იყო შემორჩენილი”.

“ოქროს საწმისი, ვერძის კოსმიური სიბრძნე, ანტიკურ ეპოქაში იგივე შინაარსს ატარებს, რასაც შუა საუკუნეებში ფილოსოფიური ქვა, ან გრაალი. ოქროს საწმისს “კლასიკურ გრაალსაც” უწოდებენ”.

“აგრეთვე არგონავტების ლაშქრობა არის წაინასახე ქრისტიანული ინიციაციისა და შემთხვევითი არ არის, რომ ოქროს საწმისს სულიერ მეცნიერებაში ეწოდება კლასიკური გრაალი. ოქროს საწმისი ანტიურ პერიოდში არის იგივე, რაც შუა საუკუნეებში გრაალი და ფილოსოფიური ქვა. ფილოსოფიური ქვა და გრაალი არის აგრეთვე იდენტური ცნებები. ფილოსოფიური ქვის ძიება არის არა მარტო ფიზიკური ოქროს ძიება, არამედ სულიერი ინიციაციის ძიება, ღვთის ძიება, სულიერი ცნობიერების განვითარების გარკვეული დონის ძიება, რომელიც ანტიურ მისტერიებში, ძველბერძნულ მისტერიებში გადმოცემული იყო, როგორც ოქროს საწმისის ძიება”.

“ოქროს საწმისი ანტიურ მისტერიათა კულტურის სიმბოლოა, გრაალი კი ქრისტიანული მისტერიებისა. ოქროს საწმისის კულტურა ქართველურმა კოლხურმა ტომებმა შექმნეს, ხოლო გრაალის კულტურა მათმა მონათესავე დასავლეთის კელტიბერიულმა ტომემა”.

“პროტო-ქართველებისათვის დამახასიათებელი იყო მცენარეული ტოტემური ვაზი (ვაზის კულტი), მუხა და ცხოველური ტოტემები, ვეფხი და მგელი”.

“ვეფხის ტყავი უძველესი ტოტემური სახეა იაფეტური კაცობრიობისა, კავკასიური რასისა”.

“ცხენი ინტელექტის სიმბოლოა ძველეპიურ პოეზიასა და მითოსში”.

“ქვაბში საუნჯის პოვნა საყოველთაოდ ცნობილი სიმბოლოა მისტერიალურ სიბრძნესთან ზიარებისა”.

“გილგამეშიანში” მოცემულია ინიციაციური შემეცნების გზა პრეისტორიული ხანის შუამდინარეთის ქვეყნებისა”.

“ინიციაციის გზის ალეგორიული ასახვაა ოდისევსისა და მსგავსი გმირების თავგადასავლები. უწინარეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ “ოდისეაში” აღწერილია გმირების ქვესკნელად შთასვლა, რაც ბერძნული მსოფლმხედველობისათვის განუყოფელია ინიციაციისაგან. ეს არის წარმავლობაზე გამარჯვება, მკვდართა საუფლოში, მარადიულ სამყაროში ცნობიერი შესვლა, სულში მარადიული საწყისის გაღვიძება”.

“(ნაცარქექია) სიზარმაცისა და ბაქიაობის განსახიერება კი არ არის, როგორც ზოგიერთ კალმოსანს ჰგონია, არამედ ჭკუისა და მოხერხებისა… ნაცარქექია ქართველი ოდისევსია, იგი ახერხებს ციკლოპის მოტყუებას და დამარცხებას. ოღონდ კარგი იქნებოდა, თუ მის შესახებ მსჯელობას განვავითარებთ და მასში მხოლოდ პოლიტიკურ მებრძოლს და დიპლომატს კი არ დავინახავთ, არამედ სულიერ პლანში მებრძოლს უნივერსალურ ბოროტებასთან. იგი მედიტატორია და მოაზროვნე, იგი ჭვრეტითი ნატურაა (ნაცარი აზრის სიმბოლოდ იშიფრება ვყელა ზღაპარში). აქედანაა მისი გარეგანი პასივობა. ამ თვალსაზრისით იგი ზეეროვნული სახეა, ზოგადსაკაცობრიო სახე… ალბათ, ამიტომაც დაუკავშირა მღვდელმა გრიგოლ ფერაძემ ნაცარქექია წმინდა გიორგის სახეს”

წიგნიდან: “აირჩიე, ქართველო ერო!” ზვიად გამსახურდიას გამონათქვამები

Blog at WordPress.com.