ზვიად გამსახურდია

აგვისტო 22, 2019

ზვიად გამსახურდია – ბრძოლით ხელახლა უნდა მოვიპოვოთ თავისუფლებაც და კეთილდღეობაც

gamsakhurdia

მეგობრებო, ჩემი ეს გამოსვლა მიზნად ისახავს პასუხის გაცემას იმ საჭირბოროტო კითხვებზე, რომლებიც აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. რა დასამალია, რომ საინფორმაციო ვაკუუმია შექმნილი ჩემს გარშემო. ვრცელდება უამრავი დეზინფორმაცია ხუნტის მიერ, ამ ე.წ. ტელევიზიის მიერ და სიმართლის გარკვევა, რა თქმა უნდა, უაღრესად საშურია დღეს. მრავალ პრობლემასთან დაკავშირებით მომდის წერილები, მართალია, ამას ყოველნაირად უშლის ხელს ფოსტა, მრავალი ადამიანი მეკითხება საქართველოში შექმნილი დღევანდელი ვითარების შესახებ. მეკითხებიან, თუ რამ მოიტანა ყოველივე, რა გამოსავალი არსებობს, მეკითხებიან ბრძოლის მეთოდების შესახებ, უცხოეთთან დღევანდელი ჩვენი ურთიერთობის შესახებ.

როგორც მოგეხსენებათ, მე ფინეთსა და ავსტრიაში ვიყავი. ასე რომ, ბევრი რამ აწუხებს დღეს ჩვენს საზოგადოებას.

მე დავიწყებ მთავრითა და უმთავრესით. როგორც ხედავთ, მეგობრებო, ამ ერთმა წელმა პუტჩის შემდგომ მიგვიყვანა ეროვნულ კატასტროფამდის, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, – რთულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და ზნეობრივ კატასტროფამდის. ეს ყოველივე, მიუხედავად იმისა, რომ მე წინასწარმეტყველი არ გახლავართ და არც მაქვს არავითარი პრეტენზია, მე არაერთხელ მოგახსენეთ ჯერ კიდევ 1991 წელს საქართველოს ტელევიზიით და, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიაზე 1991 წლის 8 ოქტომბერს, თუ სადამდე მიგვიყვანდა ჩვენ, სადამდე მიიყვანდა საქართველოს ის პუტჩი, რომელიც იმჟამად უკვე დაწყებული იყო. ამ პუტჩის ინსპირატორები იყვნენ საქართველოს უბოროტესი მტრები და უბოროტეს მტერთა შორის უმთავრესი დღეს საქართველოს განაგებს. დღესდღეობით არც გამოჩნდა ძალა, რომ მას დაუპირისპირდეს.

რა არის ყოველივე ამის მიზეზი.

მსოფლიო იმპერიების ბრძოლა ჩვენს წინაღმდეგ, საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ. მაგრამ, საბედნიეროდ, ბოლო წელს, როგორც მოგეხსენებათ, დიდად მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა დასავლეთში და ერთ-ერთი უბოროტესი მტერი საქართველოსი, მისი კანონიერი ხელისუფლების, ქართველი ხალხის, წავიდა პოლიტიკური არენიდან, ღვთის შემწეობით, და, ალბათ, იქნება რაღაც ცვლილებები დასავლეთის პოლიტიკაში, უნდა ვიქონიოთ ამის იმედი. კეთილის მომასწავებელი ნიშნები ჩანს.

ძალიან დაინტერესდნენ საქართველოში შექმნილი მდგომარეობით ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები, კერძოდ, უაღრესად ძლიერი ორგანიზაცია – ინგლისის ჰელსინკის ჯგუფი, რომლის დელეგაციაც იყო ამ ე.წ. არჩევნებზე და რომელმაც მოამზადა დიდი დასკვნა საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, ადამიანის უფლებათა დარღვევების, ამ ცრუ არჩევნების და შევარდნაძის ცრუ, უზურპატორული დიქტატორული რეჟიმის, ყველა იმ ბოროტმოქმედებათა შესახებ, რასაც სჩადის შევარდნაძის რეჟიმი დღეს საქართველოში. აქ, როგორც მოგეხსენებათ, ყოველნაირად ამუხრუჭებდნენ თვით პრესაში ჭეშმარიტი ინფორმაციის გატანასაც. ბუშის ავტორიტეტი ძალიან ძლიერი იყო მსოფლიოში. პირველად ამ ხნის განმავლობაში ინგლისელებმა დასძრეს ხმა წამების ბარბაროსული მეთოდების შესახებ, კერძოდ, ზაზა წიკლაურის თაობაზე. აღწერილია ზაზა წიკლაურის მდგომარეობა. ამ ადამიანებმა შეაღწიეს ციხეში. ისინი განაცვიფრა იმ ამბავმა, რომ ციხეში ფორმიან თანამშრომლებთან ერთად ვიღაც უცნობი ახალგაზრდები, ავტომატიანი ახალგაზრდები იყვნენ, რომელნიც მბრძანებლობდნენ ამ თანამშრომლებზე. მათ სწორი დასკვნა გააკეთეს, რომ ფაქტობრივად კრიმინალური ბანდები მართავენ დღეს საქართველოს. ეს კი არის იგივე, რაც ხდება სომალიში. სომალის პერსპექტივა უკვე თანდათან იკვეთება საქართველოში, თუ გაგრძელდა ეს კრიმინალური ანარქია მთავარი კრიმინალის – შევარდნაძის მეთაურობით. ამ დასკვნამდე უკვე მიდის მსოფლიო და არის ნიშნები (მე ამჟამად არ მინდა წინასწარ ბევრი რამ ვთქვა), რომ დაიწყება ძალზედ სერიოზული მხილება შევარდნაძის ფაშისტურ-კრიმინალური რეჟიმისა, ამ კრიმინალური ბანდების თვითნებობისა საქართველოში და, ადრე თუ გვიან დაედება ზღვარი მათ თვითნებობას.

მაგრამ, მეგობრებო, ყველაფერი, რაც დღეს საქართველოში ხდება, მაინც ძალზედ მაფიქრებს ერთი თვალსაზრისით. კი, ბატონო, გამოავლინეთ ყველა დამნაშავე, მათ თავიანთი თავი უკვე წარმოაჩინეს. ნუთუ ჩვენ უნდა დავდგეთ ანგარიშსწორების გზაზე? არამც და არამც, მეგობრებო! ეს მიგვიყვანს კიდევ უფრო უარეს ანარქიამდე, სისხლისღვრამდე. მაინც უნდა მივცეთ ზოგიერთ მათგანს, ვინც, რა თქმა უნდა, საქმით გამოისყიდის თავის დანაშაულს, უნდა მივცეთ საშუალება, რომ დაადგეს გამოსწორების გზას და შეინანოს ყოველივე ის, რაც ჩაიდინა. არის ნიშნები, რომ ზოგიერთი ადამიანი უკვე დაფიქრდა, თუ რა ჩაიდინა, არის ამის ნიშნები. დაფიქრდა, ამას დიდი სიბრძნე არ სჭირდება, და იცის, რომ საქართველოში არავის შერჩენია ბოროტება ერის წინაშე, მოღალატეობა. არსებობს მთელი რიგი მაგალითები იგივე ორჯონიკიძისა, იგივე მახარაძისა, იგივე ბერბიჭაშვილისა და იგივე სხვების მრავალთა, რომელთა რიგში მათ თავისი თავი ჩააყენეს. ახლა მრავალი ცდილობს, თავის დაღწევას, არ სურს შეირაცხოს მოღალატეთა წყეულ გალერეაში ამ მოღალატეებთან ერთად და, როგორც ჩანს, აპირებს საქმით გამოისყიდოს თავისი დანაშაული. ჩვენ ყოველნირად უნდა შევუწყოთ ხელი ასეთ ადამიანებს. არ არსებობს, მეგობრებო, უპატიებელი ცოდვები. უფალი გვასწავლის, რომ თუ შეინანებთ, შეგინდობთო. და ჩვენც, უფლის მიმბაძავნი უნდა ვიყოთ ამ საშინელ დროში, ამ საშინელ მდგომარეობაში. უნდა მივცეთ საშუალება ამ ადამიანებს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცრუ ფანდი, როგორც იყო მრავალჯერ. ეს უნდა იყოს ნამდვილი, საქმით გამოსყიდვა დანაშაულისა. მე ყველას ვგულისხმობ, არავინ არ არის ღვთისგან საბოლოოდ განწირული. თუ ღმერთი არ წირავს საბოლოოდ ადამიანს, არც ჩვენ გვაქვს უფლება ვინმე საბოლოოდ გავწიროთ. დაფიქრდნენ, კარგად დაფიქრდნენ, რა ჩაიდინეს, კარგად დაფიქრდნენ, რა დანაშული აქვთ საკუთარი ერის წინაშე. ვინც კარგად დაფიქრდება, ვინც დროზე დაადგება სინანულის გზას და ვინც საქმით დაგვიმტკიცებს (ჩვენ დეკლარაციები, ინტერვიუ თუ სხვაგვარი განცხადება არაფერს გვეუბნება, რადგან მთავარია საქმე – „საქმემან შენმამ გამოგაჩინოს“), უკეთუ საქმე მართლა გამოაჩენს, ჩვენ მათი საწინააღმდეგო არაფერი გვექნება, რამეთუ ჩვენ ქრისტიანები ვართ. ჩვენ ცრუ ქრისტიანები კი არა ვართ, 66 წლის ასაკში მონათლულნი ნაძალადევად, რეკლამისათვის და ფარისევლური ნიღბის გაკეთებისათვის. ჩვენ, ნამდვილი ქრისტიანული პრინციპებიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ საჭიროა დავადგეთ საყოველთაო შეწყნარებისა და ეროვნული შერიგების გზას. მაგრამ შერიგება მხოლოდ იმათთან, ვინც შეიგნებს თავის დანაშაულს ერის წინაშე, ვინც მხარში ამოუდგება ერს, ვინც ერის სასიკეთო საქმეს გააკეთებს, ვინც ერის ხსნისათვის გადადებს თავს. მხოლოდ ასეთებთან და არა ცრუ, ფარისევლური განცხადებების ან რაღაც ფანდების საფუძველზე.

გვახსოვს ჩვენ ერთი ასეთი ამბავი – 24 ივნისი, როდესაც მრავალნი გვარწმუნებდნენ, რომ ისინი ეროვნული ძალების, ეროვნული ხელისუფლების მხარეზე გადმოვიდნენ და შემდეგ რითი დამთავრდა ყოველივე: შეიტყუეს ჩვენი მომხრეები ტელევიზიაში და ამოხოცეს, დააპატიმრეს.

ჩვენ სიბრძნე ცხოვრებამ გვასწავლა, უნდა გვასწავლოს. ჩვენ უნდა დავბრძენდეთ უფრო მეტად, მეგობრებო. ახლა ასეთი დრო დადგა, ქვეყანა კრახის წინაშეა.

ერთი წლის წინ იყო ილუზიები: შევარდნაძე ჩამოვა, გადაარჩენს საქართველოს, შემოიტანს დოლარებს, შემოიტანს მარკებს, შემოიტანს ინვესტიციებს, პროდუქტებს, სურსათს და სხვა. დაპირებები მართლაც უხვია დღესაც. ალბათ, ნახავდით, პოლიტიკური არენიდან მიმავალი ბუშის დაპირებას, რომ ის სთხოვს ევროგაერთიანებას და არა ამერიკას, ამერიკის რომელიმე დაწესებულებას, რომ საქართველოს მისცეს ფქვილი. აი, ასეთი დაპირებებით კვებავენ დღემდე საქართველოს.

საქართველოს ვერავითარი ფქვილი ვერ უშველის, ვინაიდან კრიმინალური ბანდები, რომლებსაც ფაქტობრივად ხელში აქვთ ხელისუფლება ჩაგდებული, ყველაფერს მიითვისებენ. საქართველოს მთელი დოვლათი მითვისებული და განიავებულია, გატანილია თურქეთში და გაყიდულია. ფოთი არის მაფიების სათარეშო ადგილი, სადაც ყველაფერი იყიდება. სანამ ეს მაფიები არ აილაგმება, სანამ ეს კრიმინალური ბანდები არ აილაგმება, საქართველოს არაფერი ეშველება არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური თვალსაზრისით; სანამ მთავარი მოღალატე საქართველოს სათავეშია.

ჩამოსვლის პირველივე დღიდან პირდებოდა ქვეყანას სტაბილიზაციას, დამნაშავეობის აღმოფხვრას, ეკონომიკურ კეთილდღეობას. სინამდვილეში, დამნაშავეობა უფრო გააძლიერა, ვინაიდან დამნაშავეთა სამყაროს მიერ არის იგი ჩამოყვანილი და დამნაშავეთა სამყარო არის მისი ერთადერთი დასაყრდენი. ამ პიროვნებას ერთადერთი გამოსავალი აქვს, – უნდა გადადგეს. არავითარი სხვა გამოსავალი მას არ აქვს, თუ სურს გამოისყიდოს თავისი დანაშული ერის წინაშე. მე არავის, რა თქმა უნდა, რეკომენდაციებს არ ვაძლევ. მე რეკომენდაციებს გამოვთქვამ და საქართველოს ხსნისთვისაც სხვა გზა არ არსებობს, გარდა კანონიერი ხელისუფლების აღდგენისა.

მე ვიცი, რომ ბევრი საყვედური გაისმის ჩემს მიმართ, კანონიერი ხელისუფლების მიმართ თვით ჩვენს მომხრეებშიც, რომ ამ დრომდე არ ავლაგმეთ თურმე ეს ბანდები და დავუშვი ამ მოღალატური ხელისუფლების დამყარება საქართველოში. მეგობრებო, „მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო“ – ქართული ანდაზაა. ფაქტობრივად, მე დამტოვეს მარტო. გაიხსენეთ ჩემი მოწოდებები დეკემბრის პუტჩის წინ. მიტინგზეც აღარ მოდიოდა ხალხი. მართალია, დაშინებული იყო, მე მესმის, მაგრამ გაიხსენეთ ლიტვა, როგორ ამოუდგა ლიტველი ხალხი მხარში ლიტვის ხელისუფლებას, ლანდსბერგისს 13 იანვრის მოვლენების დროს. თვეების განმავლობაში მორიგეობდა ათასობით ადამიანი ლიტვის პარლამენტთან. ჩვენთან კი, რა დაინახეს სიცარიელე მთავრობის სასახლის მოედნის წინ, სწორედ მაშინ დაიწყეს პუტჩი. ასე რომ, თავის სინდისში ჩაიხედოს იმან, ვინც ამას ჩვენ გვაბრალებს. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი არ გვაიარაღებდა ჩვენ, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი აიარაღებდა პუტჩისტებს.

შიგნითაც ნახევარზე მეტი მოღალატე იყო. ამ მწარე სიმართლეს დღეს გეუბნებით. მთავრობის სახლის დამცველთა შორის ნახევარზე მეტი და თვით შტაბის უფროსი, მოღალატე იყო. აი, ასეთ მდგომარეობაში ჩამაგდეს მე და ნუ გიკვირთ შედეგები, ვინაიდან, ყოველი ერი იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც მას ჰყავს. ამიტომ უნდა დავიმსახუროთ უკეთესი.

უბრძოლველად მივიღეთ თავისუფლება და ამიტომაც დავკარგეთ ასე მალე. დღეს კი, ბრძოლით ხელახლა უნდა მოვიპოვოთ თავისუფლებაც და კეთილდღეობაც. ბრძოლის გარეშე ვერავინ ვერაფერს ვერ მოიპოვებს.

მეგობრებო! არის გამოცოცხლება ეროვნული მოძრაობისა, მაგრამ დიდი დაქსაქსულობაა. უნდა გაერთიანდეს მოძრაობა, უნდა მოხდეს დიდი კონსოლიდაცია. ეს ყველაფერი შეუძლებელია „მრგვალი მაგიდის“ აღდგენის გარეშე. „მრგვალი მაგიდა“ არის სიმბოლო ჩვენი ერთიანობისა, ჩვენი ბრძოლისა. „მრგვალმა მაგიდამ“ გააუქმა საქართველოში კომუნისტური რეჟიმი ყოველგვარი ძალადობის გარეშე, არჩევნებითა და რეფერენდუმით. „მრგვალი მაგიდა“ არის უდიდესი ძალა დღესაც, თუმც პარალიზებული. „მრგვალი მაგიდა“ უნდა აღსდგეს. მისი პოლიტიკური ორგანიზაციები, დამფუძნებელი ორგანიზაციები უნდა გააქტიურდნენ და ახალი ორგანიზაციები, თუ ისინი ნამდვილი ორგანიზაციებია და არა ხუნტის მიერ ეროვნულ მოძრაობაში შემოგზავნილი, უნდა გაერთიანდნენ „მრგვალ მაგიდაში“. უნდა ავირჩიოთ დროებითი რეგიონული სპიკერები. რიგრიგობით უნდა წარმართონ არჩეულმა სპიკერებმა „მრგვალი მაგიდის“ მუშაობა, თბილისში იქნება ეს, თუ რეგიონებში. „მრგვალი მაგიდის“ სპიკერობიდან მე არ გადავმდგარვარ, მე კვლავ სპიკერი გახლავართ, მაგრამ ცალკეულ ორგანიზაციებს, ცალკეულ განყოფილებებს სჭირდებათ სპიკერები. მათ უნდა დაიწყონ მუშაობა კონსოლიდაციისათვის და ქვეყანა კრიზისიდან, ქაოსიდან უნდა გამოიყვანონ.

ასე რომ, ბრძოლის გარდა, სხვა გზა არ დაგვრჩენია. მე ყოველ ღონეს ვხმარობ, რომ მსოფლიოს ჰქონდეს სწორი ინფორმაცია საქართველოს შესახებ. გავარღვიეთ საინფორმაციო ბლოკადა თურქეთში, ფინეთში, ავსტრიაში წასვლით, მიუხედავად იმისა, რომ ხუნტამ გააყალბა ჩემი მოგზაურობა. ისიც კი სთქვეს, რომ თურქეთში მე ყალბი პასპორტით წავედი, თურქს განაცხადებინეს. ამასთან დაკავშირებით, არსებობს საერთაშორისო სასამართლო სტრასბურგისა, სადაც უახლოეს ხანში შეტანილი იქნება საჩივარი და ჩემი პასპორტის ასლი, სადაც თურქეთის საბაჟოს შტამპია ჩარტყმული. თურქეთში მე შესანიშნავად მიმიღეს, შევხვდი პოლიტიკურ მოღვაწეებს, პარლამენტის წევრებს. მაგრამ, რა თქმა უნდა, შემდეგ ისევ საერთაშორისო პოლიტიკური მაფიის ჩართვით იქაც შემიშალეს ხელი. ავსტრიაში და ფინეთში კი ფრიად ნაყოფიერი იყო ჩემი მოძრაობა. რაც მთავარია, გაირღვა საინფორმაციო ბლოკადა. დიდ ბრიტანეთში უკვე ძალიან დაინტერესებულნი არიან საქართველოში შექმნილი მდგომარეობით. როგორც მოგახსენეთ, ჰელსინკის ჯგუფის შესანიშნავი დასკვნა არსებობს. საბოლოოდ უკვე აეხადა ფარდა ყველაფერს. ყველასთვის ნათელია, რომ დღეს საქართველო ნარკობიზნესის ხიდადაა ქცეული აზიასა და ევროპას შორის, რომ საქართველოში არის ტერორი, კრიმინალური ანარქია, ადამიანის უფლებების დარღვევა, პატიმრების წამება ციხეებში და ყოველგვარი უკეთურება.

ასე, რომ შუბი ხალთაში არ დაიმალება, მეგობრებო! ადრე თუ გვიან მსოფლიო განაჩენს გამოუტანს ამ კრიმინალურ რეჟიმს და სანამ დროა, თავს უშველონ, შეინანონ ერის წინაშე, ღვთის წინაშე, უფალი მოწყალეა.

გფარავდეთ ღმერთი, ფარავდეს ღმერთი საქართველოს და მალე გვეხილოს აღდგენილი კანონიერი ხელისუფლება.

მე ხშირად მეკითხებიან: რა არის საჭირო, რომ თქვენ დაბრუნდეთ საქართველოშიო. მეგობრებო, საერთო-სახალხო მოთხოვნის გარეშე არ დავბრუნდები. აი, ამას მოგახსენებთ. თქვენ მოგეხსენებათ, რა პირობებია შექმნილი იმისათვის, რომ მე არ დავბრუნდე. საერთო-სახალხო მოთხოვნა იქნება წინაპირობა ჩემი დაბრუნებისა. მე პიროვნულ ხელისუფლებას არ ვეჭიდები. თქვენ კარგად იცით, რომ მე საპრეზიდენტო სკამს არ ვეჭიდები. ჩემი მთავარი მიზანია საქართველოს ხსნა. მჯერა, რომ უფალი იხსნის საქართველოს.

საქართველოს იხსნიან მისი საუკეთესო შვილები, თავდადებული და თავგანწირული შვილები.

საქართველოს იხსნის მისი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
გროზნო, 1993 წლის 15 იანვარი
(ტექსტი გადმოღებულია ვიდეოჩანაწერიდან)

ქართული აზრი. – 1993. – 26 იანვარი. – №1 (29). – 1,2 გვ.

წყარო

ამბავი ლენინისა, წითელი გენერლისა და დისიდენტ გამსახურდიასი

385445_256159257790521_100001893472949_645753_759097143_n

დღევანდელი ოფიციალური ხუნტისტური პრესის თვალიერებისას მრავალ კურიოზს და ურცხვობას წააწყდებით, რისი მხილებაც დიდ დროს წაგვართმევდა. მე მინდა გამოვყო ერთი სასაცილო ვერსია, რაც ხუნტისტებს ხელზე დაუხვევიათ და სერიოზულად უმტკიცებენ ქართველ ერს. დახეთ დისიდენტი გამსახურდია ლენინელი გამხდარა და წითელ გენერალ დუდაევთან ერთად ლენინის ბიუსტის ფონზე ატარებსო პრესკონფერეციებს.

მე, რასაკვირველია, სერიოზულად ვერ ვიმსჯელებ ასეთ კომიკურ განცხადებაზე და ვერ წარმოვიდგენ, რომ დღეს საქართველოში არსებობს ადამიანი, ვინც ირწმუნებს ვერსიას, რომლისაც მის ავტორებსაც კი არ სჯერათ. მაგრამ ურიგო არ იქნება ხალხმა იცოდეს ამ ფაქტის შესახებ.

როდესაც გროზნოში 18 თებერვალს გაიმართა ჩვენი პრეს-კონფერენცია, გაჭირდა შესაფერისი დარბაზის პოვნა, ვინაიდან მოზღვავდა უამრავი მსურველი მასზე დასასწრებად. ერთადერთი კარგი დარბაზი ყოფილ დიაგნოსტიკურ ცენტრში აღმოჩნდა, რომელსაც დღეს არემონტებენ და მალე სამთავრობო შენობად აქცევენ. ცენტრალურ დარბაზში დგას უშველებელი ბიუსტი ლენინისა, იმდენად მასიურ პედესტალზე, რომ მის მონგრევას რამოდენიმე დღის სოლიდური სამუშაოები დასჭირდება. ნაჩქარევმა მონგრევამ კი შეიძლება გამოიწვიოს დარბაზის სერიოზული დაზიანება. ასე, რომ არჩევანის დრო არ იყო და ჩვენ დავსხედით ამ დარბაზში.

პრესკონფერენციის დაწყებისთანავე დარბაზიდან ისმოდა შეკითხვები, რამდენად შეესაბამება ორი ანტიკომუნისტი პრეზიდენტის ჯდომა ლენინის ბიუსტთან – მათ მსოფლმხედველობასო. ჯოჰარ დუდაევი დიდი იუმორის მქონე კაცია და დიდხანს აცინებდა დარბაზს იმ შესაძლო რეაქციაზე, რაც მოჰყვებოდა ამ ფაქტს ჩვენი მტრების ბანაკში. თან ამბობდა. – მაგ უბედურებს ჩვენს წინააღმდეგ არგუმენტები შემოელიათ და მოდით ეს ერთხელ მაინც გავახაროთო.

მე კი მივუგე შეკითხვის დამსმელს: ჩვენ იდეებს ვებრძვით, რამეთუ იდეები ბიუსტზე უფრო საშიშად მიგვაჩნია, ბიუსტები ჩვენ ვერას დაგვაკლებენ მეთქი. ასე ნახევრად ხუმრობით ჩავატარეთ ჩვენი განმარტებითი საუბარი.

ხუნტის მესვეურთა რეაქცია ზუსტად ისეთი გამოდგა, როგორიც ჩვენ წარმოგვედგინა. დისიდენტი გამსახურდიას „გაკომუნისტების” შესახებ იმათ დასცეს დაფდაფი, ვინც კომუნისტური პარტოკრატია აღადგინა დღეს საქართველოში და ვისაც ლენინის ბიუსტი მთელი ცხოვრების მანძილზე, არამარტო ყოველ ქუჩაზე და ყოველ საკუჭნაოში ედგა, არამედ გულშიც და სულშიც ატარებდა, ჭეშმარიტად, მათ შეეძლოთ ემღერათ ლენინისათვის! „გინდ მეძინოს მაინც სულში მიზიხარ……” ასეთნი კი დღეს ლენინელობას სწამებენ კაცს, რომელმაც სსრკ-ში პირველმა მოანგრია ლენინის ძეგლები ჯერ თბილისსა და ბათუმში, მერე მთელს საქართველოში, რომელმაც კომპარტია აკრძალა და კომკავშირი გააუქმა, რაც დღეს გახდა ძირითადი მიზეზი მის წინააღმდეგ პუტჩისა და აჯანყების მოწყობისა. ბარაქალა, თქვენს სიმართლის მოყვარულობას პუტჩისტებო!

ზვიად გამსახურდია
1992 წ. მარტი

ქართული აზრი. – 1992. – 28 მარტი. – №10. – 1გვ.

წყარო

აგვისტო 16, 2019

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება საქართველოს გაეროში მიღებასთან დაკავშირებით

Filed under: Uncategorized — georgianeli @ 2:01 PM

11068_1257370391014_6356570_n

უკანასკნელ ხანებში თბილისის ნეოკომუნისტურმა ხუნტამ შექმნა დიდი აჟიოტაჟი საქართველოს გაეროში მიღებასთან დაკავშირებით. ხუნტის საპროპაგანდო საშუალებები ისე სახავენ საქმეს, რომ თითქოს საქართველოს გაეროში მიღება, მისი ცნობა-აღიარება სხვადასხვა ქვეყნების მიერ შევარდნაძის უშუალო პირადი დამსახურებაა და, რომ კანონიერ ხელისუფლებას საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში ჰყავდა მოქცეული, რომლისგანაც იგი თურმე შევარდნაძემ და მისმა რეჟიმმა გამოიხსნა.

დავიწყოთ იმით, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ავტომატურად მოხდა ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ცნობა და გაეროში მიღება, 22 ქვეყანამ და მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საქართველო ცნო ჯერ კიდევ სამხედრო გადატრიალებამდე. ე.ი. კანონიერი ხელისუფლების არსებობის დროს, მანამდე კი საქართველოს საერთაშორისო იზოლაციას და ბლოკადას გეგმაზომიერად ახორციელებდა მოსკოვი იმავე შევარდნაძის მეშვეობით.

რაც შეეხება გაეროში მიღების დაგვიანებას, ამასაც ჰქონდა თავისი ობიექტური მიზეზები. საქმე ის გახლავთ, რომ რუსეთი, რომელიც არის წევრი უშიშროების საბჭოსი და სარგებლობს ვეტოს უფლებით, წინააღმდეგი იყო საქართველოს გაეროში მიღებისა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოუგვარებლობის გამო. რუსეთის თვალსაზრისით საქართველოს უნდა დაეთმოს ეს ტერიტორია, დათანხმებულიყო ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ სტატუსზე და რუსეთთან შეერთებაზე. დაგომისის შეხვედრამდე ეს საკითხი ღიად იყო დატოვებული, ამიტომ რუსეთი წინააღმდეგი იყო საქართველოს მიღებისა გაეროში.

დაგომისის შეხვედრის შემდეგ რუსეთის პოზიცია მკვეთრად შეიცვალა, ვინაიდან საქართველოს უკანონო რეჟიმი, რომელიც უწინ რუსეთის პირდაპირ აგრესიაზე საუბრობდა სამაჩაბლოში, უეცრად დათანხმდა იგივე აგრესორის ჯარების შემოყვანაზე ოს ექსტრემისტთა ფორმირებებთან ერთად, რასაც ხელშეკრულებაში „მშვიდობისმყოფელი ძალების“ შემოყვანა დაერქვა. ამან განაპირობა შიდა ქართლის ფაქტობრივი ჩამოცილება საქართველოდან, თუმცა ოფიციალურ ხელშეკრულებაში არსად არ ვხვდებით ამგვარ ფორმულირებას, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ დაგომისის ხელშეკრულებას აქვს საიდუმლო პუნქტები, რომელნიც შიდა ქართლს ოსეთისა და რუსეთის ნაწილად აღიარებენ. ამ მიზეზით გადასინჯა რუსეთმა თავისი პოზიცია და მოხსნა ვეტო საქართველოს გაეროში მიღებას.

მეორე დაბრკოლება საქართველოს გაეროში მიღებისა, ეს იყო აფხაზეთის პრობლემა. რუსეთის თვალსაზრისით, აფხაზეთი უნდა ჩამოშორდეს საქართველოს და მოხდეს მისი სუვერენიტეტის აღიარება. 23 ივლისს ეს ყოველივე განახორციელა აფხაზეთის პარლამენტმა, ანტიკონსტიტუციური აქტების მიღებით. აფხაზეთის საკითხიც, როგორც ჩანს დაგომისის ხელშეკრულების ერთ-ერთი საიდუმლო პუნქტია, ამასთან აშკარაა, რომ მხარეების შეთანხმებით საქართველო ჯერჯერობით მხოლოდ დე ფაქტო სცნობს თავისი ამ უმნიშვნელოვანესი ტერიტორიების დათმობას და არა იურიდიულად, მით უმეტეს, რომ საქართველოში ჯერჯერობით უკანონო ხელისუფლებაა. საქართველოს კონსტიტუციის გაუქმება, რომელიც უთუოდ რუსეთის დავალებით განახორციელა ხუნტამ, ყოველივე ზემოთქმულის პრელუდია იყო.

როგორც ვხედავთ, შევარდნაძემ საოცრად მცირე ვადაში, სულ რაღაც ოთხ თვეში მიაღწია საქართველოს დაშლას, რითაც განახორციელა იმპერიის გეგმა. ასე რომ, რესპუბლიკის მოედანზე უნდა გამართულიყო არა ზეიმი, არამედ სამგლოვიარო მიტინგი, ვინაიდან არ შეიძლება ჭკუათამყოფელი ადამიანები ზეიმობდნენ გაეროში შესვლას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისა და უმნიშვნელოვანესი ტერიტორიების დაკარგვის ფასად.

რაც შეეხება თავად გაეროს, მან ვერ გამოავლინა ერთგულება თავისი პრინციპებისადმი, ვინაიდან მხარი დაუჭირა აგრესორ ქვეყანას, რუსეთს და მხოლოდ მისი პირობების შესრულების შემდეგ მიიღო წევრად საქართველო, ნაცვლად იმისა, რომ დაეცვა აგრესიის მსხვერპლი ქვეყანა და დახმარებოდა მას ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში. ამით მან კიდევ ერთხელ დაარღვია საკუთარი წესები, უგულვებელყო ადამიანის უფლებათა დეკლარაცია და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმები. ამასთან, არ არის არავითარი ნიშნები იმისა, რომ გაერო თბილისის ხუნტას მოსთხოვს ქვეყნის შიგნით ძალადობისა და ტერორის შეწყვეტას, ვინაიდან მას კრინტიც არ დაუძრავს იმ ნახევარწლიან ტერორზე და გენოციდზე, რომელიც ხუნტამ თავს დაატეხა ქართველ ხალხს. გაერო ხედავს, რომ ამ გენოციდის და ტერორის უკან ისევ რუსეთი დგას, ამიტომ იგი ისევე ინდიფერენტული და ურეაქციო იქნება საქართველოსთან მიმართებაში, როგორც კამპუჩიის, ავღანეთის, იუგოსლავიის, ან თუნდაც დნესტრისპირეთისა და ყარაბაღის საკითხში. გაერო ყოველთვის მხარს უჭერდა ძლიერ ქვეყნებს, ე.წ. ზესახელმწიფოებს და თვალს ხუჭავდა მათ იმპერიალისტურ და აგრესიულ პოლიტიკაზე, მას არასოდეს დაუცავს მსოფლიო იმპერიალიზმის მიერ ჩაგრული მცირე ერები. უფრო მეტიც, რუსეთის ჯარები დღეს გაეროს ეგიდით აგრძელებენ სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევას და აგრესიას, როგორც მაგალითად, იუგოსლავიასა და ყარაბაღში. ასე რომ, არც საქართველო ელოდეს გაეროსაგან ხსნას. ჩვენი ხსნა მხოლოდ ჩვენი საკუთარი ერის ძალისხმევაშია და მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის მობილიზებაში.

ზვიად გამსახურდია
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
7 აგვისტო, 1992 წ.

 

განცხადება : საქართველოს გაეროში მიღებასთან დაკავშირებით / გამსახურდია ზ. // აღდგომა. – 1992. – 14 აგვისტო. – №15. – 1გვ. განცხადება : საქართველოს გაეროში მიღებასთან დაკავშირებით / გამსახურდია ზ. // ქართული აზრი. – 1992. – 28 აგვისტო. – №15. – 1გვ.

წყარო

აგვისტო 8, 2019

ზვიად გამსახურდია კრიმინალური ინტელიგენციის შესახებ

ზვიად გამსახურდია მიწის გაყიდვის და საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

80850

(საუბარი ზაარის მხარის ტელერადიოკორპორაციის კორესპონდენტ მარიელ ზაბეტ დენცერთან)

– ბატონო პრეზიდენტო, თქვენ 26 მაისს ხმების უმრავლესობით აგირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად, როგორია თქენი უახლოესი გეგმები?

– ჩვენი გეგმებია საქართველოს სახელმწიფოებრიობის სრული აღდგენა, რეფორმები ყველა სფეროში, უწინარეს ყოვლისა, ეკონომიკური რეფორმები; პრივატიზაციისა და თავისუფალი ბაზრის დამკვიდრება; სოციალისტური სტრუქტურების შეცვლა და ახალი ეკონომიკური ბერკეტების ჩამოყალიბება, მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობის დამყარება დასავლეთის კაპიტალისტურ ქვეყნებთან. მაგალითად, ჩვენ უკვე გვაქვს გერმანიასთან კონტაქტები და ვაპირებთ ასევე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას სხვადასხვა ქვეყნებთან.

– თქვენ ბრძანეთ ეკონომიკური რეფორმების შესახებ, უკვე 7 თვეა ხელისუფლების სათავეში ბრძანდებით. კონკრეტულად, რა გიშლით ხელს ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში?

– ყველა კანონი საფუძვლიანად უნდა მომზადდეს. ნაუცბათევად ასეთი კანონების მიღება არ შეიძლება. ახლა მომზადდა კანონი მიწის საკუთრების შესახებ. ასევე კანონი მოქალაქეობის შესახებ. ამ კანონებს უახლოეს ხანებში მივიღებთ. ასევე მზადდება კანონები პარტიებისა და პრესის შესახებ.

– კანონები პირველი წაკითხვით იქნება მიღებული?

– დიახ, ალბათ, ყველა ამ კანონს მალე პირველი წაკითხვით მივიღებთ.

– კონკრეტულად, თუ შეიძლება მითხარით, ვის შეუძლია მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა?

– ყველას, ვინც საქართველოში ცხოვრობს მუდმივად, შეუძლია მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა.

– სომხებიც, რომლებიც 10 წელი ცხოვრობენ საქართველოში, მიიღებენ მოქალაქეობას?

– რა თქმა უნდა, სომხებიც, აზერბაიჯანელები და რუსები, ეროვნების მიუხედავად მიიღებენ მოქალაქეობას. მხოლოდ სამომავლოდ, როცა უცხოეთიდანაც ჩამოვლენ ჩვენთან საცხოვრებლად, საჭირო იქნება გარკვეული ვადის შემოღება.

– მაინც რამდენი წელი?

– მე ვფიქრობ, 5 წელი. ამ ვადით აძლევენ მოქალაქეობას დემოკრატიულ ქვეყნებში. როცა უცხოელი ჩამოდის საცხოვრებლად უცხო ქვეყანაში, გარკვეული დრო უნდა დაჰყოს ამ სახელმწიფოში, სანამ მოქალაქეობას მიიღებს.

– თუ შეიძლება მიამბეთ პრივატიზაციის შესახებ. ვინ ისარგებლებს ამ უფლებით?

– მცირე სახის პრივატიზაცია უკვე ხორციელდება საქართველოში: მაღაზიების, პატარა საწარმოების და ქარხნების გარკვეული ნაწილი კერძო საკუთრებაში გადადის, უფრო მასშტაბურად, ერთბაშად შეუძლებელია განხორციელდეს. ყველაფერი საფუძვლიანად უნდა მომზადდეს. საამისოდ აუცილებელია გამოვეყოთ საბჭოთა კავშირს. ახლა ჩვენ საბჭოთა ეკონომიკასთან მჭიდროდ ვართ დაკავშირებული, ჩვენ უნდა გავწყვიტოთ ყველა ეს კონტაქტი და ჩამოვაყალიბოთ ახალი ეკონომიკური სტრუქტურები, დამოუკიდებელი ეკონომიკა.

– მაგრამ მეურნეობა რომ განვითარდეს და ხალხის დაინტერესებაც რომ გაიზარდოს, საჭიროა სრული პრივატიზაცია.

– მთელი მეურნეობა უნდა ეფუძნებოდეს პრივატიზაციას.

– თქვენ ბრძანეთ, რომ პრივატიზაციის კანონს მიიღებთ პირველი წაკითხვით. – როგორია ეს კანონი?

– ამ კანონით პირველ რიგში დამტკიცდება მიწის საკუთრება. მიწა გადაეცემათ ადამიანებს და ასევე აგრარული დარგებიც.

– ვინ იქნებიან მიწის მფლობელები?

– მიწათმოქმედები…

– თქვენ ბრძანეთ, რომ მზადდება კანონი პრესის შესახებ, დღესდღეობით ტელევიზია და რადიო სახელმწიფო დაწესებულებაა. ამ მხრივ თუ იქნება რაიმე სიახლე?

– იქნება კერძო ტელევიზია და რადიო. უკვე არსებობს რამდენიმე არხი. მაგალითად, საკაბელო ტელევიზიები.…

– თქვენ როგორ ფიქრობთ, სადღეისოდ საქართველოს პრესა თავისუფალია?

– ყველა ჩემს მოწინაღმდეგეს შეუძლია თავისი სტატია დაბეჭდოს ამა თუ იმ გაზეთში და იყოს პოლემიკა ჩვენს შორის. მოწინააღმდეგეებს აქვთ, აგრეთვე საკუთარი გამოცემები. დაგისახელებთ ოპოზიციური გაზეთების სათაურებს: „ საქართველო“, „დრონი“, „კაბადონი“, „ერისიონი“, „აიდგილარა“, „სოვეტსკაია ოსეტია“ და სხვა.

– თქვენი მიზანია, საქართველო რაც შეიძლება მალე ჩაებას ხალხთა საერთაშორისო თანამეგობრობაში. ამ გზაზე როგორია თქვენი კონკრეტული ნაბიჯები?

– საქართველო ყოველთვის იყო ქვეყანა, სადაც მრავალი ეროვნების წარმომადგენლები ცხოვრობდნენ და ყველა ხალხს ჰქონდა გარანტირებული უფლებები. სხვა ეროვნების წარმომადგენლებს პრობლემები არა აქვთ. ასევე იქნება მომავალშიც.

– დასავლეთის ქვეყნების მიერ ჯერ კიდევ არ არის აღიარებული საქართველო, რა არის ამის მიზეზი?

– ეს ხდება კრემლის და მიხეილ გორბაჩოვის პოლიტიკის გამო, რადგანაც ჯერ კიდევ მიხეილ გორბაჩოვს დიდი გავლენა აქვს მსოფლიოში. ყველაფერი ეს მოდის კრემლიდან, ცენტრიდან.

– თქვენ აპირებთ შეხვდეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს და შემოდგომაზე აპირებთ ვიზიტს ევროპის ქვეყნებში. რას მოელით ამ შეხვედრებიდან?

– უპირველესი მიზანია საქართველოს დიპლომატიური აღიარება.

– საგარეო საქმეთა მინისტრის ხოშტარიას შეხვედრა საფრანგეთისა და გერმანიის ადმინისტრაციასთან არ შედგა, როგორ გგონიათ, მიგიღებთ კოლი?

– ყველაფერი ეს უნდა მომზადდეს. ახლა არ შემიძლია ვთქვა, თუ რა მოხდება მომავალში, მაგრამ ვფიქრობ, დასავლეთის ქვეყნების დამოკიდებულება ჩვენს მიმართ უნდა შეიცვალოს.

– თქვენი მიზანი როგორია, როგორ უნდა იცნობდნენ საქართველოს დასავლეთში?

– დასავლეთში საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს. ამაზე გავლენას ახდენს მოსკოვი, კრემლი. ყველა ეს არასწორი ინფორმაცია მიდის მოსკოვიდან – დასავლელი ჟურნალისტები აკრედიტებული არიან მოსკოვში. ჩვენ ვებრძვით ამ კამპანიას, დეზინფორმაცია უნდა დავამარცხოთ. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ობიექტური ინფორმაცია გავაგზავნოთ დასავლეთში. მაგალითად, „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ ბეჭდავს „იზვესტიის“ სტატიებს ჩვენს შესახებ. აქვეყნებს ყოველგვარი კრიტიკის გარეშე. ეს, რა თქმა უნდა, არასწორია.

– როგორ გგონიათ, რამდენი წელი დასჭირდება საქართველოს სრულ დამოუკიდებლობამდე? როდის ექნებათ ქართველებს მსოფლიოში თავისუფლად მიმოსვლის უფლება?

– ჩემის აზრით, ეს არის დროის პრობლემა და დამოკიდებულია დასავლეთის პოზიციაზე საბჭოთა რესპუბლიკებისადმი და ამ რესპუბლიკების თავისუფლებისაკენ სწრაფვაზე.

– თქვენ ბრძანეთ, რომ რაც შეიძლება მალე უნდა გამოეყოს საქართველო საბჭოთა კავშირს, კონკრეტულად, როგორ შეიძლება ამის მიღწევა, საბჭოთა კავშირი ხომ დღეს იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია საქართველო ყველა მხრიდან შებოჭოს?

– მართალია, მაგრამ ჩვენ ვიბრძვით და იმედი გვაქვს, რომ დასავლეთის ქვეყნები დაგვეხმარებიან. იმედი გვაქვს, რომ ისინი გვაღიარებენ და ეს ჩვენთვის უდიდესი დახმარება იქნება.

– როგორია თქვენი დამოკიდებულება გორბაჩოვთან?

– ბოლომდე არ არის გარკვეული. გორბაჩოვს არა აქვს ნათელი პოზიცია რესპუბლიკების მიმართ.

– ცოტა ხნის წინათ მან აუწყა მსოფლიოს, რომ რესპუბლიკები, რომლებიც დამოუკიდებლობისათვის იბრძვიან და არ მოაწერენ ხელს სამოკავშირეო ხელშეკრულებას, მოიპოვებენ დამოუკიდებლობას. თქვენ გჯერათ ეს?

– ჯერჯერობით ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვებია, მაგრამ, მე მგონია, ეს მაინც ასე იქნება დასავლეთის ქვეყნების ზეწოლის შედეგად.

– რუსეთის პრეზიდენტად აირჩიეს ელცინი. რა ურთიერთობა გაქვთ ელცინთან?

– ნორმალური ურთიერთობა. მომავალში, ალბათ, ხელს მოვაწერთ საქართველოსა და რუსეთს შორის ხელშეკრულებას.

– რა ხელშეკრულება იქნება ეს?

– სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის შესახებ.

– როგორ გგონიათ, რუსეთსაც უნდა დამოუკიდებლობა? შეუძლია მას დაეხმაროს ამ გზაზე საქართველოს?

– მე მგონი, კი. მოსკოვში ძლიერი დემოკრატიული ძალებია თავმოყრილი. ბორის ელცინიც დემოკრატიული ფრთის წარმომადგენელია, მათი ლიდერია.

– თუ არსებობს საქართველოში ნამდვილი ოპოზიცია?

– არსებობს, მაგალითად, სახალხო ფრონტი, კომპარტია, ბლოკი „თავისუფლება“, თანხმობისა და აღორძინების კავშირი. ისინი ჩემი მოწინააღმდეგენი იყვნენ პრეზიდენტის არჩევნებში, ჩვენ დისკუსიას ვაწარმოებდით, ისინიც მაკრიტიკებდნენ. მაგრამ ვისაც კავშირი აქვთ დამნაშავეებთან, სჩადიან კრიმინალურ ქმედებებს, მათ ოპოზიციად ვერ ჩავთვლით.

– ყოფილი ოსეთის ოლქის შესახებ მინდა გკითხოთ. შეიქმნა კომისია, თუ მიაღწია ამ კომისიამ შედეგს?

– კომისიამ დაწერა ობიექტური დასკვნა. მან აღიარა, რომ ეს არის საქართველოს მიწა, და ოსებს არა აქვთ უფლება გამოაცხადონ ახალი რესპუბლიკა. იქ მოქმედებენ კრიმინალური ბანდები, რომლებიც ხალხის წინააღმდეგ იბრძვიან. ყველა ჭკვიანი ოსი ქართველებთანაა, მათ არ უნდათ ავტონომიური ოლქი, არც რესპუბლიკა. მათ კარგი ურთიერთობა აქვთ ქართველებთან, ასე იქნება მომავალშიც.

– თქვენ აყალიბებთ ეროვნულ გვარდიას. რა მიზანი გაქვთ, როგორი უფლებები ენიჭება არმიას?

– ეს არ არის არმია, ეს არის პოლიციის ჯარები. ეს გამიზნულია კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ. არსებობენ კრიმინალური ჯგუფები და ჩვენ ვიბრძვით მათ წინააღმდეგ, რათა რესპუბლიკაში დამყარდეს წესრიგი. დავაპატიმრეთ ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, ჯაბა იოსელიანი. ეს ხალხი რომ არ დაგვეპატიმრებინა, საქართველოში მოსალოდნელი იყო სამოქალაქო ომი. ისინი პირდაპირ, პრესით იმუქრებოდნენ სამოქალაქო ომით.

– არსებობს ქართული კგბ?

– დიახ, არსებობს. თანდათან კგბ ეროვნული ხდება.

– ვინ აფინანსებს კგბ-ს?

– ჯერჯერობით ნაწილობრივ მოსკოვი. ერთბაშად ამის გადაწყვეტა დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. ამას თანდათანობით გავაკეთებთ.

– …ახლა აფხაზეთის შესახებ. არძინბამ საუბარში მითხრა, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოაწეროს ხელი სამოკავშირეო ხელშეკრულებას.

– გაუჭირდება. მოსახლეობა ამის წინააღმდეგია. არძინბას დიდი ოპოზიცია ჰყავს არა მარტო ხალხში, არამედ პარლამენტშიც. ამიტომ, ეს შეუძლებელია, მე ასე მგონია.

– აფხაზეთს უნდა, რომ გამოეყოს საქართველოს. როგორ ფიქრობთ, ეს შესაძლებელია?

– არა, ეს შეუძლებელია!

– რაიმე სიძნელეები ხომ არა გაქვთ ყოფილ კომუნისტებთან ურთიერთობაში?

– არა, აუგი მხოლოდ ზოგიერთების მიმართ შეიძლება ითქვას, რომლებიც მოსკოვში წავიდნენ და მოქმედებენ, როგორც კრემლის აგენტები. ისინი ახლა ჩვენს წინააღმდეგ იბრძვიან. ესენი არიან ფოფხაძე, მგელაძე, რომლებიც გავლენას ახდენენ მოსკოვისა და საზღვარგარეთის პრესაზე. ისინი არიან კრემლის პირდაპირი აგენტები. აქ მყოფი კომუნისტები კი არ არიან ძალიან მტრულად განწყობილი ჩვენს მიმართ.

– ადვაძეც?

– ადვაძეც კრემლის მებრძოლია.

– ამჟამინდელი თქვენი უდიდესი სურვილი?

– საქართველოს სრული დამოუკიდებლობა და სხვა სახელმწიფოების მიერ საქართველოს დიპლომატიური აღიარება.

– გამსახურდიას, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, რა გატაცება აქვს?

– ომში გატაცება არ არსებობს. ომის დროს ერთადერთი გატაცება ბრძოლაა. დასავლეთის ბედნიერი სახელმწიფოების პრეზიდენტები ბედნიერად ცხოვრობენ და არა ისე, როგორც მე. ჩემი ცხოვრება ბრძოლაა.

საქინფორმი
წყარო

დეკემბერი 27, 2018

ზვიად გამსახურდია – რესპუბლიკის ყოველი მუდმივი მცხოვრები საქართველოს მოქალაქე იქნება

 

x_f434f166

გამჭოლავი მზერა, მტკიცედ მოკუმული ტუჩები და ზეაღმართული მუშტი: დღევანდელი საქართველოს ცოცხალი სიმბოლო ზვიად გამსახურდიაა. წარსულში დისიდენტი, სამართალდამცველი, რომელმაც იწვნია პოლიტიკური საპატიმროები და გადასახლებანი. ახლა – მეცნიერი, პუბლიცისტი, პოეტი და რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტია. მისი მრავალი პორტრეტი გამოკიდებულია მაღაზიების, კაფეებისა და სასადილოების ვიტრინებში. იგი გულწრფელად უყვარს ხალხს და მისი მისამართით გამოთქმულ ყოველ კრიტიკას აღიქვამს ეროვნული ღირსების გრძნობის შეურაცხყოფად, თუმცა ბევრი მაინც აკრიტიკებს დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტს, მაგრამ ძირითადად რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ.

– ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს ფარგლებს გარეთ, როგორც ჟურნალისტები იტყვიან ხოლმე „ცუდი პრესა“ გაქვთ. რატომ არის, რომ დასავლეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და დამოუკიდებელი დემოკრატიული პრესა ჩვენში ასე ერთსულოვნად უჭერენ მხარს ბალტიისპირეთის რესპუბლიკებს დამოუკიდებლობისადმი მისწრაფებაში და ასე კრიტიკულად არიან განწყობილი დამოუკიდებელი საქართველოსა და პირადად თქვენდამი?

მთავარი მიზეზი ის არის, რომ ეს დემოკრატიული პრესა, ისევე როგორც, სხვათა შორის, რუსეთის ბევრი დემოკრატიც და ეს სამწუხაროა, შოვინისტურად არის განწყობილი საქართველოს მიმართ. ცენტრი საქართველოს წინააღმდეგ ეწევა ნამდვილ საინფორმაციო ომს, მარჯვედ ამახინჯებს ფაქტებს, დეზინფორმაციას აწვდის მთელ მსოფლიოს. ბევრი ხვდება მის გავლენაში.

– მეც ვფიქრობ, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი იძლება დაბნეული იყოს. ალბათ არ შიძლება ერთი საზომით ვუდგებოდეთ ბალტიისპირეთსა და კავკასიას – ყველგან თავისი სპეციფიკაა.

– მოვიყვან კონკრეტულ მაგალითს: ჟურნალისტმა ტოლნიკოვმა დაწერა ფრიად ობიექტური სტატია ეგრეთწოდებული სამხრეთ ოსეთის შესახებ. მაგრამ ყველაზე დამოუკიდებლმა დემოკრატიულმა გაზეთმა – „ნეზავისიმაია გაზეტამ“, რომელსაც ჩვენ დიდ პატივს ვცემთ, ეს სტატია არ დაბეჭდა. ამის უკან რაღაც იმალება, როგორც ჰამლეტი ამბობს: „დანიის სამეფოში რაღაც იხრწნება…“ ეტყობა დემოკრატიული მოძრაობის შიგნით რაღაც ხდება, რაც ჩვენ არ ვიცით. რატომ არ ქვეყნდება ობიექტური ინფორმაცია, მით უფრო, თუ იგი არაქართველმა, არაკავკასიელმა დაწერა? მაშასადამე, რაღაც წინასწარ შექმნილი აზრი მაინც არსებობს! სპეციფიკა კი, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ, ის არის, რომ აქ ძალიან მარჯვედ ქმნიან ეთნიკურ კონფლიქტებს, რომლებსაც შემდეგ ჩვენზე ზეგავლენისათვის იყენებენ. ცენტრში აყალიბებენ აზრს, რომ ამ კონფლიქტებში ბრალი მიუძღვით სწორედ იმ ძალებს, რომლებიც დამოუკიდებლობისათვის იბრძვიან და ამ ხელოვნების ამოცნობა ზოგჯერ ძალიან ჭირს.

– თქვენ საჯარო გამოსვლებში ხშირად გაისმის ისეთი სიტყვები, როგორიცაა – „მოღლატენი“, „ხალხის მტრები“, „პროვოკატორები“ და ა.შ. რა არის ეს – ტრადიციული კავკასიური ემოციურობა თუ რეალური პოლიტიკური პოზიცია საკუთრი ოპონენტების მიმართ?

– მე მიყვარს, როცა საგნებს თავიანთ სახელებს ვარქმევ, და ეს ყველას თვალში ხვდება. რას მიბრძანებთ, რა დავარქვა იმას, რასაც მათი ქართველი კორესპონდენტები წერენ გაზეთ „მეგაპოლის ექსპრესში“ – თითქოს საქართველოს ჰელსინკის კავშირი გაერიცხოთ ჰელსინკის საერთაშორისო კავშირიდან და ამას წერენ ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ეს ასე არ არის! და ეს იმ დროს, როცა საქართველო დგას ინტერვენციის საფრთხის წინაშე და საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება! განა ეს ღალატი არ არის? თქვენ თუ იცით, რაიმე სხვა სიტყვა, მას ხალისით გამოვიყენებდი. მოღალატენი ყოველთვის ჰყავდა და ეყოლება ნებისმიერ ხალხს, და მათ თავიანთი სახელები უნდა დავარქვათ, მაგრამ ამას უადგილოდ არასოდეს არ ვამბობ, არასოდეს არ ვაზვიადებ.

– თქვენ ინტელიგენციის ცნობილი ოჯახის წარმომადგენელი ბრძანდებით, მაგრამ სწორედ ინტელიგენციის გარემოში გყავთ ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე. თქვენი აზრით, რა არის წინააღმდეგობათა თავი და თავი?

– აი, კვლავ დეზინფორმაცია, რომელსაც ცენტრი ავრცელებს ჩვენი ადგილობრივი მოღალატეების მეშვეობით! არავითარი ინტელიგენცია არ მებრძვის! არიან ცალკეული ინტელიგენტები, რომლებსაც პოლიტიკაში ხელი მოეცარათ. მათ მთავრობასა და პარლამენტში მოხვედრა ეწადათ, მაგრამ ხალხმა ისინი არ აირჩია. განა ეს ჩემი ბრალია? ახლა ისინი გაბოროტდნენ, დღე და ღამ ცილს სწამებენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხელისუფლებას, იყენებენ სხვადასხვა „ხმებს“. აი, ის რამდენიმე ინტელიგენტი, რომლებიც შეიძლება დავასახელო: ნიკოლოზ ჭავჭავაძე, ჭაბუა ამირეჯიბი და ა.შ. ხალხი მათ არ ენდობა, ისინი მუშაობდნენ კომუნისტური რეჟიმის დროს, ჰქონდათ პრივილეგიები, თუ რისთვის – ესეც ცნობილია, ამიტომ ისინი ხალხს არ უყვარს. ახლა მთელი თავიანთი ღვარძლი ჩემზე გადმოანთხიეს, თითქოს მე ვიყო მათი ხელმოცარულობის მიზეზი.

– ერთ-ერთ თქვენს ამასწინანდელ ინტერვიუში ბრძანეთ, მთლიანად ვერ ვენდობი რუსეთის პარლამენტს, რადგან მასში ძალიან ბევრია პარტოკრატი და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მუშაკიო. ამავე დროს აზერბაიჯანის პარლამენტთან ძალიან გულითადი ურთიერთობა გაქვთ, თუმცა იქ ასეთი დეპუტატი ნაკლები როდია.

არავისათვის არ არის საიდუმლო, რომ რუსეთის პარლამენტში არიან სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ადამიანები. იგივე კრიუჩკოვის მოადგილე ბობკოვი, რომელიც დღესაც გაზეთ „პრავდაში“ წერს, გამსახურდია უნდა დაეპატიმრებინათო და ა.შ. დღესაც ადგას იმ გეზს, რომელიც სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას ჰქონდათ. მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ ვთანამშრომლობთ რუსეთის პარლამენტთანაც და აზერბაიჯანის პარლამენტთანაც. კვლავაც ასე ვითანამშრომლებთ.

– საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა. მზად არის თუ არა რესპუბლიკა, ანგარიში გაუსწოროს დანარჩენ რესპუბლიკებს თავისუფლად კონვერტირებული ვალუტით და მსოფლიო ბაზრის ფასებით, როგორც ეს რუსეთის საგარეო ეკონომიკური კავშირურთიერთობის მინისტრმა განაცხადა?

– ამისათვის კი მზად არიან კავშირი ან რუსეთი, რომელიც უფასოდ ეწეოდა ჩვენი კურორტების, ჩვენი წიაღისეულის და ყოველივე დანარჩენის ექსპლოატაციას – მზად არის თუ არა იგი გადაგვიხადოს ამისთვის საზღაური?

მზად არის იგი გადაგვიხადოს იგივე მანგანუმის ვალი, რომლებიც ასობით მილიარდ დოლარს შეადგენს? იცით თუ არა თქვენ ეს? საქართველო სატრანზიტო გზაა ევროპიდან აზიისკენ, და ყველა გზა უფასოა. მზად ხართ თუ არა გადაიხადოთ ყოველივე ამისათვის საერთაშორისო ფასებით? აი, თავიდანვე ასე უნდა დაისვას საკითხი.

– მთელი გნებული ცხოვრების მანძილზე იბრძოდით. დღეს, როგორც პრეზიდენტს, გეხმარებათ თუ ხელს გიშლით შეძენილი, მებრძოლის ფსიქოლოგია?

– რა თქმა უნდა, მეხმარება!

– რა აზრის ბრძანდებით ისტორიაში პიროვნების როლზე?

– თვით ყველაზე ღირსეული, ბრძენი და ხალხის საყვარელი ადამიანები მარადიულნი არ არიან.

– რაიმეს ღონობთ თუ არა მმართველობის სამართლებრივი, დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნისათვის?

– რა თქმა უნდა! ჩვენი პარლამენტის მთელი საქმიანობის მიზანი ის არის, რომ პროცესი შეუქცევადი იყოს, რომ აქ არასოდეს არ დამყარდეს კომუნისტური ან სხვა ტოტალიტარული წყობილება.

– როცა ადამიანებს ვხვდებოდი, ვთხოვდი აეხსნათ თქვენი კოლოსალური პოპულარობის მიზეზები. ბევრი ფიქრობს, გარდა იმისა, რომ აბსოლუტურად პატიოსანი კაცი ბრძანდებით, რომელიც მათ ნდობას იმსახურებს, ამავე დროს უზრუნველყოფილი კაციც ხართ, მხედველობაში აქვთ თქვენი განთქმული მამის – მწერლის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა. როცა ხმას გაძლევდნენ, მათ მიაჩნდათ, რომ „ხელეჩოსავით თქვენსკენ კი არ მიითვლიდით, როგორც წინანდელი ხელმძღვანელები, არამედ იზრუნებდით საკუთრი ხალხის, სამშობლოს კეთლდღობისათვის“. მართლა ასეთი მდიდარი ხართ?

– ლიტერატურული საქმიანობა შესაძლებლობას მაძლევს საკმაოდ შეძლებულად ვიცხოვრო. რაც შეეხება შვეიცარიის ბანკში დადებულ მილიონებს, ეს ხმები, როგორც იტყვიან, ძალიან გაზვიადებულია.

– შეხვედრები მქონდა საქართველოს საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან. ისინი ახლა ძალიან აქტიურები არიან. ბევრ რამეს ელიან რესპუბლიკაში მიმდინარე ცვლილებებისაგან. მაგრამ ამავე დროს შიშობენ, რომ ჩაიკეტება საქართველოს საზღვრები, რამაც მათი აზრით შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს მოკავშირე რესპუბლიკებთან ეკონომიკურ კავშირურთიერთობაზე.

– დამოუკიდებელი სახელმწიფო ვერ იარსებებს საზღვრების, საბაჟოს და სხვათა გარეშე. ყოველივე ეს ბუნებრივია, შეიქმნება, და თანაც უახლოეს მომავალში.

– რა გავლენას მოახდენს ეს სხვა რესპუბლიკებთნ ურთიერთობაზე?

– მე მგონია, ისინიც თავის მხრივ ასევე მოიქცევიან.

– ასეთ შემთხვევაში, რა ელის სსრ კავშირის პრეზიდენტის აგარაკს გუდაუთის რაიონის დაბა მიუსერაში?

– ეს საკითხი, ალბათ, გადაწყდება ჩვენი დაგეგმილი პირადი შეხვედრის დროს.

– რა შეგიძლიათ გვითხრათ რამდენიმე თვის წინ დაპატიმრებული სამხრეთ ოსეთის ლიდერის – კულუმბეგოვის ბედზე?

– ტორეზ კულუმბეგოვის ბედი მთლიანად არის დამოკიდებული საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურასა და სასამართლოზე, სადაც მისი საქმე ამჟამად იხილება.

– თქვენზე ამბობენ, ღრმად მორწმუნე კაციაო, რას შესთხოვთ ღმერთს ლოცვისას?

– ამას წინათ დასავლეთის ერთმა გაზეთმა წარწერიანად დაბეჭდა ფოტო, სადაც მე თითქოს არჩევნებში ჩემი გამარჯვებისათვის ვლოცულობდი. ჩემი პირადი წარმატებისათვის არასოდეს არ ვლოცულობ. ვლოცულობ კაცობრიობისათვის, ჩემი ხალხისათვის.

– გვითხარით, რას ეძღვნება თვენი ლექსები?

– მოკლედ თუ ვიტყვით – ღმერთს, კაცობრიობას და ჩემს სამშობლოს.

– თქვენ სამი ვაჟი გყავთ. როგორ გესახებათ მათი მომავალი?

– ორი პატარაა – მოსწავლეები არიან. მათ ჰუმანიტარული მიდრეკილებანი აქვთ. უყვართ ლიტერატურა და ენები, მისდევენ სპორტს. უფროსი ვაჟი აღმოსავლეთმცოდნეა – ირანისტი.

– გყავთ თუ არა პოლიტიკური მოღვაწის იდეალი?

– დიახ, გენერალი შარლ დე გოლი.

საუბარს უძღვებოდა ვ. სავიჩევი
გაზ. „არგუმენტი ი ფაქტი“ 25

 

გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№130 (150) 1991 „…რესპუბლიკის ყოველი მუდმივი მცხოვრები საქართველოს მოქალაქე იქნება“ : საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინტერვიუ გაზეთთან „არგუმენტი ი ფაქტი“ / გამსახურდია ზ. ; [ჩაიწერა] ვ. სავიჩევმა // საქართველოს რესპუბლიკა. – 1991. – 4 ივლისი. – №130 (150). – 1გვ.

 

 

ნოემბერი 28, 2018

ზ.გამსახურდია: საქართველოს ყოფნა-არყოფნა (შობადობის პრობლემა)

Filed under: Uncategorized — georgianeli @ 9:24 AM

წლების მანძილზე საქართველოს ოფიციალური პრესის ფურცლებზე იბეჭდებოდა წერილები შვილოსნობის, ერის გამრავლების პრობლემებზე. მათ შორის მსურს გამოვყო გაზეთ კომუნისტის 1982 წლის 27 ივნისის ნომერში გამოქვეყნებული წერილი „საქართველოს უკვდავება“ (გ.ფანჯიკიძე), „ლიტერატურული საქართველოს“  1983 წლის სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებული “იქმენინ მრავალ ძეობა“ (ლ.სანიკიძე) და დისკუსია „ლიტერატურული საქართველოს“ ფურცლებზე (1983 წ. 7 ივნისიდან).

ავტორები ცდილობენ გვესაუბრონ ჩვენი ძირითადი ეროვნული უბედურების — ქართული მოსახლეობის კლების გამომწვევ მიზეზებზე, მაგრამ ცენზურის მიერ დაჩეხილი მათი წერილები და გამოსვლები იოტისოდენადაც ვერ ჰფენენ ნათელს საქმის რეალურ ვითარებას. თანაც უნდა აღინიშნოს რომ, მათ წერილებში შეიმჩნევა ტენდენცია საქართველოს დემოგრაფიული სურათის შეცვლის ძირეული მიზეზების მიფუჩეჩებისა და მეორადი მიზეზების წინა პლანზე წამოწევა, ამიტომაც გადავწყვიტე შევახსენო მათაც და მკითხველ საზოგადოებასაც ზოგიერთი ჭეშმარიტება.

სიმართლე ფერ-უმარილს არ საჭიროებს და — ამიტომ თავიდანვე საქმეზე ვისაუბრებ. რამ განაპირობა ესოდენ კატასტროფული მგომარეობა ჩვენი ერის დღეს, ცივილიზებულ ეპოქაში, მეოცე საუკუნეში, მაშინ როდესაც სხვა ერები ეროვნულ-კულტურული და დემოგრაფიული აღორძინების გზაზე დგანან? ნუთუ ჩვენი ერის დაკნინების, შობადობის ესოდენ საგანგაშოდ შემცირების მიზეზები მარტოოდენ მეშჩანობასა და ჭამა-სმის კულტში უნდა ვეძებოთ, როგორც ამას აცხადებს „საქართველოს უკვდავების“ ავტორი (გ.ფანჯიკიძე) ან მხოლოდ „აბორტმახერების“ დაუსჯელობაში, როგორც ამას სთვლის „იქმენინ მრავალძეობის“ ავტორი (ლ.სანიკიძე)? ნუთუ ის ობივატელური სენი, რომელმაც თურმე ესოდენ დაგვრია ხელი, სხვა ერებს არ სჭირთ? რაღა ჩვენ მოგვითავა ხელი ამ სენმა? რაღა ჩვენ გაგვაპარტახა? მაგრამ საქმეც ის გახლავთ, რომ მეშჩანობა, ობივატელობა. შედეგია და არა მიზეზი.  „საქართველოს უკვდავების“ ავტორს (გ.ფანჯიკიძეს) კი შედეგები და მიზეზები ურთიერთში აღურევია და გაჰყვირის: სერვანტებზე და ავეჯზე მონადირე ხალხი აბა, როგორ გაამრავლებთ ერს! ოღონდაც! შეგნების გადაგვარება, საერთოდ, ყოველგვარი გადაგვარების წყაროა, მაგრამ რამ გადააგვარა ჩვენში ეროვნული შეგნება? რამ აუყარა ქართველ კაცს გული ეროვნულ და მოქალაქეობრივ იდეალებზე? მოდით, ვეძებოთ რეალური მიზეზები და მერმე ვისაუბროთ შედეგებზე და მათი დაძლევის შესაძლებლობებზე.

ამა თუ იმ ერის ფიზიკური არსებობა ოდითგანვე დამოკიდებული იყო ერის სულზე, მის ფსიქიკურ წყობაზე, მის ეროვნულ ცნობიერებაზე. მსოფლმხედველობა, სულიერი სამყარო განაპირობებს ერის სოციალურ, კულტურულ თუ ეკონომიურ ყოფას. როდესაც ერის სული და შეგნება კნინდება, მაშინ კნინდება მისი სახელმწიფოებრიობაც, მისი დემოგრაფიული სახეც; როდესაც ადამიანის სხეულს სტოვებს სული, იგი იწყებს გახრწნას. ასევეა ერი და საზოგადოება, ერის სული მაცოცხლებელია ეროვნული ორგანიზმისა, ჯანსაღი სულიერი ცხოვრება კი აღორძინებს მის სოციალურ და საზოგადოებრივ ყოფასაც.

რა მდგომარეობაშია დღეს ჩვენი ერის სულიერი ცხოვრება? რამდენად ქმედითნი არიან დღეს ის სულიერი და ეროვნული იდეალები, რომლებიც ასულდგმულებდნენ ჩვენს წინაპრებს, აძლევდნენ სტიმულს ბრძოლისას და შემოქმედებისას, შთაუნერგავდნენ მომავლის იმედს ისტორიული ძნელბედობის პერიოდებში? ან რამდენად მღვიძარებს დღეს ერის სული? ან რამდენად ეზიარება დღეს ჩვენი ერის ყველა ფენა თავის კულტურის, აზროვნების, ლიტერატურის ტრადიციებს? რამდენად ცხოვრობს თავისი წინაპრების იდეალებით? უფრო მეტიც, რამდენად უწყის მან თავისი ეროვნული ვინაობა, სადაურობა, უწყის თუ არა მან თავისი ისტორია, თავისი სულიერი მდგომარეობა აწმყოში და წარსულში, ან თავისი მომავლის პერსპექტივები?

ან რამდენად ქმედითია დღეს ჩვენში ზნეობრივი იდეალები  ჩვენი წინაპრებისა? ან მათი მასულდგმულებელი რელიგიური იდეალები? ან რამდენად გააჩნია არსებობის უფლება რელიგიას, რომელიც ეროვნული კონსოლიდაციის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა, და რომელმაც ისტორიის  ამდენ ქარტეხილებს გადაარჩინა საქართველო?

ერის ჯანსაღი სულიერი და ზნეობრივი ცხოვრება ხომ რელიგიის გარეშე შეუძლებელია: ამას გვიმოწმებს ისტორიული და ფილოსოფიური მეცნიერება. რამდენად აქვს შეგნებული ეს ყოველივე ჩვენს ინტელიგენციას? (ე.წ. „ახალი რიტუალების“ დამკვიდრება ვერ შეცვლის რელიგიას თუნდაც მარტოოდენ ესთეტიური თვალსაზრისით. ისინი ვერასოდეს აღზრდიან ადამიანში ზნეობას და მოქალაქეობრიობას).

ერის ჯანსაღი საზოგადოებრივი ცხოვრების საფუძველია  აგრეთვე ახალგაზრდობის სწორი აღზრდა. მიკვირს, რად აუარეს გვერდი ზემოთხსენებული წერილების ავტორებმა ამ მეტად მნიშვნელოვან პრობლემას, იგი ხომ უშუალო კავშირშია ერის გამრავლების საკითხებთან? შესაძლებელია კი ჰარმონიული პიროვნების ჩამოყალიბება რელიგიური აღზრდის გარეშე? მსოფლიო პედაგოგიური მეცნიერების კორიფეები (კომენსკი, პესტალოცი [J.H.Pestalozzi], ჰერბარტი [J.F.Herbart] და სხვანი) უარყოფით პასუხს გვაძლევენ ამ კითხვაზე. ხოლო სრულყოფილი, ჰარმონიული პიროვნების ჩამოყალიბების გარეშე შეუძლებელია საზოგადოების აშენება. ესეც საყოველთაოდ აღიარებულია..

გადავხედოთ ჩვენს სკოლებს, სადაც მერვე, მეცხრე და მეათე კლასელი გოგონები სიგარეტს წევენ (ზოგჯერ ნარკოტიზირებულს), ბიჭებთან ერთად, ბილწსიტყვაობენ და კიდევ სხვა უმსგავსობას სჩადიან. წარმოვიდგინოთ პერსპექტივაში მათ მიერ შექმნილი ოჯახები,  მათ მიერ აღზრდილი შვილები, მათ მიერ გახარებული დედ-მამა და სამშობლო, მათ მიერ გამრავლებული ერი. გადავხედოთ აგრეთვე პედპერსონალს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში სავსებით არ შეესაბამება პედაგოგის მაღალ დანიშნულებას. გადავხედოთ უმაღლეს სასწავლებლებს, სადაც კიდევ უფრო უნუგეშო სურათია კორუფციისა, პროტექციონიზმისა და სხვა მრავალ მანკიერებათა.

ის კატასტროფულად ფესვგადგმული ობივატელურ-მეშჩანური სენი კი, რომელიც ზემოხსენებულმა ავტორმა ესოდენ გონებამახვილურად დაგვისურათხატა, სწორედ სულიერი ცხოვრების ზემოთხსენებული დაცემითა და დაკნინებით არის გამოწვეული. რელიგიური და ეროვნული შეგნების დაკნინებამ მოგვცა მხოლოდ და მხოლოდ ჩაცმა-დახურვაზე, სმა-ჭამაზე, მაღაზიებზე, ვიდეოფილმებზე, გართობაზე და ფეხბურთზე მოსაუბრე საზოგადოება, რომელიც არას დაგიდევთ არც ერის ტკივილებს და არც მისი ყოფნა-არყოფნის საკითხებს.

ორიგინალი და PDF დოკუმენტი: ზვიად გამსახურდია — შობადობის პრობლემა
წყარო

აგვისტო 30, 2018

პრეზიდენტობის კანდიდატის, ბატონ ზვიად გამსახურდიას საარჩევნო პროგრამა

x_2510126d

გამსახურდია ზვიად, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№99-100 (120)

1991

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატის ბატონ ზვიად გამსახურდიას საარჩევნო პროგრამა // საქართველოს რესპუბლიკა. – 1991. – 22 მაისი.- №99-100 (120). – 2,3,4 გვ.

პოლიტიკური ნაწილი

თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ანალიზი გვიჩვენებს, რომ განსხვავებული პოლიტიკური სისტემებისა თუ ეკონომიკური და კულტურული განვითარების დონის მიუხედავად, სახელმწიფოები მიისწრაფვიან საერთაშორისო თანამშრომლობისაკენ. გაიცნობიერა რა გლობალური პრობლემები (პირველ რიგში კი ბირთვული ომისა და ეკოლოგიური კატასტროფების საშიშროება), კაცობრიობა ცდილობს ერთიან ოჯახად გაიაზროს თავი.

საქართველო და ქართველი ხალხი, კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი ორგანული ნაწილი, დღეისათვის საერთაშორისო ცხოვრებისაგან თითქმის მთლიანად გამოთიშულია. უკანასკნელი ორი საუკუნის და განსაკუთრებით ბოლო სამოცდაათი წლის მანძილზე ქართველი ხალხის მიმართ შეგნებულად ტარდებოდა პოლიტიკა, რომლის მიზანიც იყო მისი ეროვნული და კულტურული გადაგვარება. მიუხედავად ამისა, ქართველმა ერმა შეძლო არა მარტო თავისი ეთნოკულტურული თვითმყოფადობის, არამედ გარკვეულად ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაც. მხოლოდ სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენით არის შესაძლებელი საქართველოს ჩაბმა გლობალურ ინტეგრაციულ პროცესებში.

გეოგრაფიულად და ისტორიულად საქართველო ორი სამყაროს – ევროპისა და აზიის, ქრისტიანობისა და მუსულმანობის საზღვარზე მდებარეობს. ვეკუთვნით რა ევროპასა და ქრისტიანულ ცივილიზაციას, ჩვენში ყოველთვის ძლიერი იყო აღმოსავლური ელემენტებიც. ქართველი მეფეები და ხალხი იჩენდნენ შემწყნარებლობას სხვა რელიგიებისა და ერების წარმომადგენლების მიმართ, თვითონ კი ძირითადად მორწმუნე ქრისტიანებად რჩებოდნენ. ისტორიულმა პროცესებმა და გეოგრაფიულმა მდებარეობამ განსაზღვრა ის, რომ საქართველო ასრულებდა ევროპასა და აზიას შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვან და გარკვეულწილად მასტაბილიზებელ როლს.

სამომავლო ისტორიული მისია, რომელიც უნდა იტვირთოს დამოუკიდებელმა საქართველომ, შეიძლება იყოს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ზოგადსაკაცობრიო ინტეგრაციული პროცესებისათვის ხელის შეწყობა და რეგიონში სტაბილური ვითარების უზრუნველყოფა. საქართველომ უნდა განახორციელოს სინთეზი ამ ორი სამყაროსი.

საქართველო და ქართველები ყოველთვის კავკასიის ხალხთა გამაერთიანებელ ძალას წარმოადგენდნენ. მიუხედავად დღეისათვის გარედან ინსპირირებული კონფლიქტებისა, საქართველომ უახლოეს მომავალში კვლავ შეიძლება იკისროს ეს როლი. ამით იგი აღადგენს ქრისტიანული შემწყნარებლობის პრინციპების დამცველის უნიკალურ ისტორიულ ფუნქციას და აქტიურად ჩაებმება მსოფლიო-პოლიტიკურ პროცესებში.

საბჭოთა კავშირის დღევანდელი ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ აღარ ეწინააღმდეგება მსოფლიო ინტეგრაციულ პროცესებს და სურს მათში მონაწილეობის მიღება როგორც ერთიან, ფედერაციულ სამართალსუბიექტს. ამით ის უარყოფს თვით სსრ კავშირში შემავალ რიგ სახელმწიფოთა და ხალხთა უფლებებს, რითაც შესაძლებლობას უსპობს, თვით იქცნენ საერთაშორისო სამართალსუბიექტებად და დამოუკიდებლად იმოქმედონ საერთაშორისო ასპარეზზე. ფაქტობრივად სსრ კავშირი გვთავაზობს გლობალური ინტეგრაციის საფეხურებრივ მოდელს, რომლის მიხედვითაც ინტეგრაციის პროცესში ერთი სახელმწიფო სხვა სახელმწიფოს მეშვეობით ერთვება. ეს მოდელი არღვევს ინტეგრაციის ძირითად, თანასწორუფლებიანობის პრინციპს. ამის საუკეთესო მაგალითია თვით სსრ კავშირის საშინაო პოლიტიკა. მიუხედავად „პერესტროიკისა“, სსრ კავშირი დღესაც რჩება იმპერიულ პრინციპებზე აგებულ სახელმწიფოდ, რომლის ატრიბუტებია: სახეშეცვლილი, შერბილებული ცენტრალიზაცია, პირამიდის პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო მართვის სისტემა, ჯერ კიდევ ქმედითი ყალბი იდეოლოგია მარქსიზმ-ლენინიზმის სახით, ფაქტობრივი ერთპარტიულობა – კომპარტიის განსაკუთრებული როლი პოლიტიკურ ძალთა შორის და ა.შ.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებისათვის აუცილებელი გახდა საერთაშორისო ურთიერთობათა მოწესრიგება, დაძაბულობის შენელება და დემოკრატიულობის იმიჯის შექმნა, რათა შეძლებისდაგვარად უზრუნველყოს იმპერიის უსაფრთხოება. ახალი აზროვნების ის პოლიტიკა, რომელიც დასავლეთში ჯერ კიდევ 50-იან წლებში დაიწყო, 80-იანი წლების მეორე ნახევარში საბჭოთა ხელისუფლების მიღწევად იქნა მიჩნეული და მთლიანად დაემთხვა დასავლეთის ინტერესებს. ამით აიხსნება ის პოპულარობა, რომელიც მოიპოვეს იმპერიის რეფორმატორებმა. ამითვე აიხსნება დასავლეთის ქვეყნების დღევანდელი პოზიციების გაურკვევლობაც – განაგრძონ „რეფორმატორული“ ცენტრისათვის დახმარება, მხარი დაუჭირონ „რადიკალურ ნაციონალისტებს“ ურჩ რესპუბლიკებში, თუ პარალელური პოლიტიკა გაატარონ მათ მიმართ? ეჭვგარეშეა, რომ ამაში მდგომარეობს ის დილემა, რომლის წინაშეც დგანან დასავლეთის ქვეყნების ხელისუფალნი და რომლის გადაწყვეტაც, როგორც ჩანს, რესპუბლიკების სასარგებლოდ მოხდება. ადრე თუ გვიან დასავლეთი მათზე აიღებს ორიენტაციას.

გარდაქმნის პოლიტიკით სსრ კავშირის ხელისუფლებამ შეძლო საერთაშორისო ასპარეზზე დემოკრატიზაციის, ლიბერალიზაციის, თავისუფალი მეწარმეობის, ეროვნული სამართლიანობისა და ადამიანის უფლებათა დამცველის ილუზიის შექმნა. იგივეს შეეცადა იმპერიის შიგნითაც, თუმცა რეალურად სულ სხვა მიზნებს ისახავდა. ერთი მხრივ, რესპუბლიკის ეკონომიკის საბოლოო დეზინტეგრაციით და მათი ნარჩენების ერთიან საკავშირო სისტემაში გაერთიანებით, მეორე მხრივ კი „საბჭოთა“ ერების ცალკეული ეთნიკური ჯგუფების დონემდე დაქუცმაცებით და მათთვის ავტონომიურობის თანაბარი უფლებების მინიჭებით სსრ კავშირის ხელისუფლება შეეცადა საბოლოოდ დაესუსტებინა რესპუბლიკები და სამუდამოდ შეებოჭა ისინი ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულებით. ამავე მიზანს ისახავდა პოლიტიკურ სფეროში დაშვებული პლურალიზმიც. შეგნებულად ხელი შეუწყო რა სხვადასხვა ფსევდოპოლიტიკური დაჯგუფებებისა და „ფრონტების“ შექმნას, სსრ კავშირის ხელისუფლება ვარაუდობდა კომპარტიისათვის შეენარჩუნებინა ხელმძღვანელი როლი (თუმცა სიტყვიერად უარყო ეს) და დაესუსტებინა მისი შესაძლო ოპოზიცია. სწორედ ეს იყო საწარმოთა დონეზე დაყვანილი ეკონომიკური დამოუკიდებლობის, „სუვერენიტეტის აღლუმისა“ და „გლასტნოსტის“ არსი. ყოველივე ამას ქვეყნის შიგნით დემოკრატიის, პლურალიზმისა და თავისუფალი მეწარმეობის სტიმულირების ილუზია უნდა შეექმნა, ფაქტიურად კი სახეშეცვლილი იმპერიის განმტკიცებისათვის უნდა შეეწყო ხელი.

აღნიშნული პროცესების გააზრებისათვის აუცილებელია განვიხილოთ, თუ როგორ აღიქვა „პერესტროიკის“ ფენომენი დასავლურმა სამყარომ და საბჭოთა ინტელიგენციის ერთმა ნაწილმა. „პერესტროიკამდელი“ საბჭოთა კავშირი მათ მიაჩნდათ „ბოროტების იმპერიად“, ირაციონალურ, არარეალურ სამყაროდ, სადაც ხელისუფალთა აბსურდულ გადაწყვეტილებებს რეალურად ხალხის სისხლისღვრა მოსდევდა. რა თქმა უნდა, ეს სამყარო უარყოფითად ხასიათდებოდა და, შესაბამისად, რეალობისაკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი განიხილებოდა, როგორც დადებითი ნიშნით გამოხატული ადამიანური სამყაროსაკენ სწრაფვა. ასე იქნა აღქმული საჯაროობისა და გარდაქმნის პოლიტიკაც. ვინაიდან ეს პროცესები ჩაითვალა მოძრაობად უარყოფითიდან დადებითისაკენ, „პერესტროიკასა“ და მის ავტორს ნდობა გამოუცხადეს. ასეთ მსჯელობაში, რა თქმა უნდა, არის გარკვეული ლოგიკა, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალზე გამარტივებული.

არ შეიძლება საბჭოთა კავშირში მიმდინარე მოვლენები სწორხაზოვნად იქნეს განხილული. აქ, სულ ცოტა, ორი განზომილება მაინც უნდა გამოიყოს. ერთი განზომილებაა საბჭოური ტოტალიტარიზმის შეცვლა რეალური სოციალური ინტერაქციით, ანუ კომპარტიის ტოტალიტარული მართვის თანდათანობითი შეცვლა საზოგადოებაში მიმდინარე ბუნებრივი პროცესებით; მეორე – საბჭოური იმპერიული სტრუქტურების თანდათანობითი დეზინტეგრაცია და მათი შეცვლა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სტრუქტურებით. თუ ზემოთ მოყვანილ მსჯელობას დავუბრუნდებით, ცხადი გახდება, რომ რეალური სოციალური ინტერაქციის ელემენტები შესაძლებელია იმპერიული სტრუქტურების შიგნითაც არსებობდეს. რა თქმა უნდა, გამოჩნდება ადამიანთა გარკვეული წრე, რომელთათვისაც ეს სავსებით საკმარისი იქნება, რათა განაცხადონ, რომ „შინაგან ემიგრაციაში“ იმყოფებიან და იმპერიისაგან გათავისუფლების მოლოდინში მათ სავსებით აკმაყოფილებთ აზროვნებისა და სიტყვის თავისუფლება. ასევე შესაძლებელია არსებობდნენ ადამიანები (და, როგორც ცხოვრებამ გვიჩვენა, ისინი საზოგადოების ძირითად ნაწილს შეადგენენ), რომლებსაც არ სურთ „შინაგან ემიგრაციაში“ ყოფნა და განმათავისუფლებელ მოძრაობაში გადამწყვეტ მნიშვნელობას სწორედ ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მოწყობას ანიჭებენ. ზემოთ განხილული სქემიდან გამომდინარე, გარდაქმნას არ შეიძლება თავისთავად დადებითი მნიშვნელობა ჰქონდეს მხოლოდ იმიტომ, რომ უარყოფითიდან დადებითისკენ გადადგმული ნაბიჯია. მთავარია შედეგი. ადრე არსებული რეალობა თვისებრივად შეიცვალა, თუმცა ჯერჯერობით არც ეს პროცესია დასრულებული და სახელმწიფოს მართვის მეთოდების ლიბერალიზაცია მოხდება სახელმწიფო სტრუქტურების ცვლილებათა უკუქცევადობის შეუძლებლობის გარანტირების შესაბამისად. ამდენად, გარდაქმნის ეს გზა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გზა ურთიერთისაგან სრულიად განსხვავებულია, თუმცა, როგორც ადრე აღინიშნა, გარდაქმნამ, უფრო სწორად კი იძულებითმა ლიბერალიზაციამ, მოძრაობის ბიძგის მიმცემის როლი შეასრულა.

გარდაქმნის პოლიტიკისა და ეროვნული მოძრაობის ურთიერთმიმართება 1985 წლიდან დღემდე არაერთგვაროვანი იყო. 1988 წლამდე „პერესტროიკის“ ლოზუნგების, კოოპერაციული მოძრაობის განვითარებით და საჯაროობის მეშვეობით ცენტრი შეეცადა ეკონომიკისა და საზოგადოების რეფორმირებას, რამაც პოლიტიკური სტრუქტურების უცვლელობის გამო შესამჩნევი შედეგი ვერ გამოიღო. 1988 წლიდან ცალკეული კონსტრუქციული ცვლილებებისა და ზოგიერთი რეფორმის პროექტის გამოქვეყნებით გამოიკვეთა გარდაქმნის იმპერიული სახე, ხალხში დაიკარგა ნდობა და ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი და ეროვნული წინააღმდეგობის მზარდი მექანიზმი. 1989-90 წლებში რეაქციული ძალებისათვის დადგა ტოტალიტარული მართვის სისტემის შეცვლის საფრთხე, ამიტომ ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა რიგი მეთოდები, მათ შორის ეთნოკონფლიქტების გაღვივება, კომპარტიის პირდაპირი დიქტატის შეცვლა ფსევდოინტელიგენციის „ინტელექტუალური რჩევებით“, „კომპარტიის ოპოზიციის დაქსაქსვა“, სხვადასხვა ფსევდოპოლიტიკური დაჯგუფებებისა და „ფრონტების“ შექმნა, პოლიტიკური პროვოკაციები და ა.შ. 1990 წლის მეორე ნახევრიდან იწყება გარდაქმნის პოლიტიკაზე ეროვნული მოძრაობის მიერ რეალური უპირატესობის მოპოვების პერიოდი. საქართველოში ეს, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატა უზენაესი საბჭოს არჩევნების ახალი კანონის მიღებით, მრავალპარტიული არჩევნების ჩატარებით და მასში ბლოკ „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს“ გამარჯვებით.

1990 წლის ოქტომბერ-ნოემბრიდან იწყება ახალი ეტაპი. ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში დაიწყო საბჭოური სტრუქტურების დემონტაჟი და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ გზის დასაწყისია, რომელიც გარდამავალი პერიოდის სახელით არის ცნობილი. მოხდა ძირეული შემობრუნება – თუ ადრე ადამიანთა საზოგადოებრივი, ეკონომიკური და სხვა სახის საქმიანობა ორიენტირებული იყო საბჭოურ და კომპარტიულ სტრუქტურებზე, ამ ეტაპზე მათი საქმიანობის წარმმართველი გახდა დემოკრატიული და ეროვნული ორიენტაცია. პროსაბჭოური, იმპერიული სინამდვილიდან საქართველო დაადგა დემოკრატიული განვითარების გზას,

საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება მიმდინარეობდა ტოტალიტარულიდან დემოკრატიულისაკენ, იმპერიულიდან ეროვნულისაკენ მოძრაობის ფონზე. ამ პროცესის სხვადასხვა ეტაპზე პოლიტიკური სტრუქტურა არაერთგვაროვანი იყო.

„პერესტროიკის“ პოლიტიკა გარკვეულ წრეებში პოპულარობის შენარჩუნებას ახერხებდა, მანამდე, ვიდრე საზოგადოების დემოკრატიზაციისაკენ სვლას უწყობდა ხელს. მაგრამ, როდესაც გამომჟღავნდა გარდაქმნის პროსაბჭოური და პროიმპერიული ხასიათი, მისი ავტორიტეტი მკვეთრად დაეცა. ამის პარალელურად მოხდა ეროვნული მოძრაობის შემდგომი დიფერენციაცია. ამ მოძრაობის ერთი ნაწილი მხარს უჭერდა ბრძოლის პარლამენტურ გზას, მეორე კი ჯერ კიდევ ძლიერი ტოტალიტარიზმის პირობებში პარლამენტურ გზას არაეფექტურად თვლიდა. ამ ეტაპზე მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობდა საპარლამენტო ბრძოლის ის გზა, რომელიც საქართველოს ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისკენ იყო მიმართული. ეს დადასტურდა კიდეც 1990 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, რომელშიც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ბლოკმა „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“, ვინაიდან ამ ბლოკმა თავისი ბრძოლის სტრატეგიაში გააერთიანა საპარლამენტო ბრძოლის გზა და ეროვნული დაუმორჩილებლობის გზა. სრულიად კანონზომიერად მოხდა სახელმწიფო ძალაუფლების კონცენტრირება ეროვნული მოძრაობის ყველაზე მძლავრი ფრთის ხელში. ტოტალიტარული, იმპერიული, კომუნისტური მმართველობა შეცვალა ხალხის მიერ არჩეულმა დემოკრატიულმა, ეროვნულმა მმართველობამ. არჩევისთანავე ახალი ხელისუფლება ურთულესი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, ვინაიდან გარდა ძირითადი სტრატეგიული მიზმის რეალიზაციისა – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა, მასვე დაეკისრა ქვეყნის გამოხსნა უმძაფრესი კრიზისიდან.

ეროვნული ხელისუფლება არჩეულ იქნა ისეთ დროს და ისეთ პირობებში, როდესაც საქართველო ფაქტობრივად სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კატასტროფის ზღურბლთან მიიყვანა საბჭოთა იმპერიალიზმმა, მისმა მბრძანებლურ-ადმინისტრაციულმა სისტემამ. სახელმწიფო ცხოვრების ყველა სფერო ითხოვდა რადიკალურ რეორგანიზაციას, განსაკუთრებით სასიცოცხლო მნიშვნელობისა იყო გადაუდებელი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელება. ამ თვალსაზრისით, წინასწარვე, არჩევნებამდე განისაზღვრა ეროვნული ხელისუფლების პოლიტიკის უმთავრესი ორიენტირი (იხ. „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“ – წინასაარჩევნო პროგრამა) და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, რეალურად შეფასდა გარდამავალი პერიოდის, როგორც კომუნისტური მემკვიდრეობის დაძლევის აუცილებლობა. ამასთან, შეძლებისდაგვარად გათვალისწინებულ იქნა ყველა ის სირთულე, რაც ყოველთვის თან სდევს სახელმწიფოს შიგნით და მის ირგვლივ მიმდინრე ძირეულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ ძვრებს.

გარდამავალი პერიოდის მთავარი წინააღმდეგობაა საბჭოთა კავშირის ხელისუფლებასა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ რესპუბლიკებს შორის არსებული პოლიტიკური კონფრონტაცია.

ერთი მხრივ, საბჭოთა კავშირს აღარ ძალუძს საყოველთაო კრიზისიდან თავის დასაღწევად განახორციელოს კონსტრუქციული ცვლილებები, მას შექმნილ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაში მხოლოდ უხეში, ძალისმიერი რეაქცია შეუძლია.
მეორე მხრივ, თავისუფლებისათვის მებრძოლ რესპუბლიკებში ჯერ არ დასრულებულა მყარი ეროვნული ხელისუფლების ფორმირების საკმაოდ მტკივნეული და კრემლის მიერ ყოველნაირად ბლოკირებული პროცესი.

გარდამავალი პერიოდის სირთულეებს, გარდა ზემოაღნიშნულისა, განაპირობებს რიგი შინაგანი მიზეზები, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია:

ა) კრემლმა კავკასიაში ოსური აგრესიული სეპარატიზმის გამოყენებით მოახერხა ისტორიულ შიდა ქართლში კონფლიქტის ინსპირირება;
ბ) გარკვეულ ძალთა მიერ ჩამოყალიბდა ე.წ. ეროვნული კონგრესი სახელმწიფოს მიმართ პარალელური სტრუქტურის პრეტენზიით, რამაც უკანონო შეიარაღებულ ფორმირებათა შექმნით ხელი შეუშალა საქართველოში პოლიტიკური სტაბილიზაციის პროცესს.
ქვეყნისა და ეროვნული ხელისუფლების სტაბილურობის გარანტიების შექმნას ემსახურება ის ძირეული პოლიტიკური რეფორმა, რომელსაც არჩევისთანავე ინტენსიურად ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლება.

საშინაო პოლიტიკურ რეფორმას საქართველოს უზენაესი საბჭო ახორციელებს შემდეგი მთავარი მიმართულებით:

1. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის სამართლებრივი გარანტიები;
2. სახელმწიფო მმართველობის რეფორმის განხორციელება;
3. ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მოწყობა;
4. სამართლებრივი სისტემის რეფორმის გატარება;
5. ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის სტრუქტურათა ფორმირება.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის სამართლებრივი გარანტიები

ამ მიმართულებით ეროვნულმა ხელისუფლებამ ორ ეტაპად განახორციელა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის სამართლებრივი უზრუნველყოფა. პირველ ეტაპზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ცვლილებები შეიტანა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში, მიიღო რიგი საკანონმდებლო აქტები, რის შედეგადაც შეჩერდა საკავშირო კონსტიტუციისა და კანონების მოქმედება საქართველოში, შეიცვალა ქვეყნის სახელწოდება, სახელმწიფო სიმბოლიკა და, რაც მთავარია, მოხდა გარდამავალი პერიოდის დეკლარირება. ამით მკვეთრად შეიზღუდა საბჭოთა კავშირის ხელისუფლების იურისდიქცია საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, დაკანონდა საქართველოს სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ და ფაქტობრივად მომზადდა მეორე ეტაპი – აქტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა.

ამ ეტაპის რეალიზაცია დააჩქარა დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ რესპუბლიკათა და, კერძოდ, საქართველოს წინააღმდეგ მიმართულმა კრემლის აგრესიულმა პოლიტიკამ, რაც ორი უმთავრესი მომენტით იყო განპირობებული: კრემლის უხეში ჩარევით საქართველოს საშინაო საქმეებში (ანტიქართული სეპარატიზმის პირდაპირი ინსპირაცია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა) და სამოკავშირეო ხელშეკრულების, აგრეთვე საერთო საკავშირო რეფერენდუმის თავსმოხვევის მცდელობით. ამ რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში მნიშვნელოვნად გართულდებოდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. საბჭოთა კავშირის რეფერენდუმს საქართველომ ბოიკოტი გამოუცხადა, სამაგიეროდ მომზადდა და 31 მარტს ბრწყინვალე შედეგებით ჩატარდა რესპუბლიკური რეფერენდუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 90%-მა. მასში დასმულ კითხვას – გსურთ თუ არა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე – დადებითი პასუხი გასცა მონაწილეთა 99,8%-მა. 31 მარტის შემდეგ აღარ არსებობდა არც ერთი იურიდიული არგუმენტი, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო სამართლებრივი აქტით საქართველოს სახელმწიფოებრივი აღდგენის წინაღმდეგ. 1989 წლის სისხლიანი კვირის მეორე წლისთავზე 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. ამ დღემ ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა 26 მაისის გვერდით, როგორც ერთ-ერთი უბრწყინვალესი გამარჯვების დღემ საქართველოს ისტორიაში.

სახელმწიფო მმართველობის რეფორმა

საბჭოური სახელმწიფოს სტრუქტურების დემონტაჟისა და ახალი დემოკრატიული სტრუქტურების შექმნის მიზნით ეროვნულმა ხელისუფლებამ უმოკლეს დროში განახორციელა სახელმწიფო მმართველობის რეორგანიზაცია. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია:
ა) ერთპარტიული დიქტატურის ლიკვიდაცია და მრავალპარტიულობის ფაქტობრივი დაკანონება:
ბ) მთავრობის რეორგანიზაცია;
გ) ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუტების – საკრებულოებისა და პრეფექტურების შემოღება;
დ) პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღება.

ა) საბჭოური სახელმწიფო სტრუქტურების საფუძველი იყო კომუნისტური პარტიის მიერ ხელისუფლების უზურპაცია, რომელიც საბოლოოდ ლიკვიდირებულ იქნა 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. შეიქმნა ჭეშმარიტი დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის დამკვიდრების რეალური შესაძლებლობა. მრავალპარტიულობა დაკანონდა როგორც კონსტიტუციურად, ისე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების – საკრებულოების საარჩევნო კანონებით. პოლიტიკურ პარტიებს ფაქტობრივად მიეცათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში. ამის თვალსაჩინო მაგალითია თვით უზენაესი საბჭოსა და მთავრობის მრავალპარტიული შემადგენლობა, რომლებშიც წარმოდგენილია ათი პოლიტიკური ორგანიზაცია.

ბ) მთავრობის რეორგანიზაცია, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მართვის ბიუროკრატიული, მრავალსაფეხურიანი სისტემის შეცვლას. იგი უშუალოდ არის დაკავშირებული მთელი ეკონომიკური სისტემის რადიკალურ რეფორმასთან. უზენაესმა საბჭომ მკვეთრად შეამცირა სამინისტროების რაოდენობა და შესაბამისად სახელმწიფო აპარატი.

გ) ეროვნული სახელმწიფოს აღდგენის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ეროვნული ხელისუფლების მიერ ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუტების – საკრებულოებისა და პრეფექტურების შემოღებას. გარდამავალ პერიოდში სავალდებულოა რესპუბლიკის უზენაესი ხელისუფლების გადაწყვეტილებათა ოპერატიული რეალიზება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. აუცილებელია ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურათა იმგვარი ფორმირება, რომ საქართველოს თითოეულ რეგიონში დაცული იყოს როგორც საერთო სახელმწიფოებრივი, ისე ადგილობრივი ინტერესები. ასეთ დროს გამორიცხულია როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ზეცენტრალიზებული სისტემის შენარჩუნება, ასევე სრული თვითმმართველობა, რომლის განხორციელება მოჩვენებითი იქნებოდა რაიონებში შექმნილი ქაოსისა და ანარქიის გამო. საუკეთესო გამოსავალია სახელმწიფო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ურთიერთქმედება და ურთიერთკონტროლი. ეს განაპირობებს როგორც ადგილობრივი მმართველობის – პრეფექტურების, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების – საკრებულოების არსებობას.

დ) საბჭოური პოლიტიკური სისტემის ლიკვიდაცია საქართველოში დასრულდა პრეზიდენტის ინსტიტუტის დაწესებით. მისი აუცილებლობა და დღეისათვის მინიჭებული უფლებამოსილებანი განაპირობა რიგმა მიზეზებმა, რომელთაგან ხაზგასმით გამოვყოფთ შემდეგს:

– საქართველოში საფუძველი ჩაეყარა საბჭოურისაგან რადიკალურად განსხვავებულ პოლიტიკურ სისტემას. არსებულ ვითარებაში მისი ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფისა და მომავალში უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ-ეკონომიკურ რეფორმათა განხორციელებისათვის აუცილებელია ძლიერი საპრეზიდენტო ხელისუფლება;

– დღეს საჭიროა მოქალაქეთა პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების მყარი გარანტია, რასაც უზრუნველყოფს მხოლოდ პასუხისმგებლობის ისეთი დონე, რომელიც გააჩნია საპრეზიდენტო ხელისუფლებას;

– საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტის მიღების შემდგომ საპრეზიდენტო ხელისუფლებას ძალუძს იყოს ამ აქტის სამართლებრივი დაცვისა და ფაქტობრივი დამკვიდრების საყოველთაოდ აღიარებული ქმედითი გარანტი:

– პრეზიდენტის ინსტიტუტის დაწესებამ უნდა შექმნას ქვეყნის პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციის რეალური წინაპირობა და განამტკიცოს საქართველოს პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე.

პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღებით საფუძველი ეყრება ხელისუფლების დანაწილებისა და ურთიერთგაწონასწორების მექანიზმის ამოქმედებას, რაც წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების აუცილებელ წინამძღვრებს.

საპრეზიდენტო ხელისუფლების შემოღებით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ უკვე დაასრულა რადიკალური პოლიტიკური რეფორმის პირველი ეტაპი. მისი ძირითადი დანიშნულება იყო საბჭოური სტრუქტურების ლიკვიდაცია და საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემის საფუძვლების შექმნა.

ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მოწყობა.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ არჩევნებისთანავე მოახდინა აფხაზეთის, აჭარისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიათა ხელშეუხებლობის დეკლარირება. ამით ხაზი გაესვა ახალი ეროვნული ხელისუფლების დაინტერესებას, მიღწეული ყოფილიყო ერთაშორისი თaნხმობა. ამგვარი და ბევრი სხვა პოლიტიკური ინიციატივის მიუხედავად თავიდან ვერ ავიცილეთ საბჭოთა კავშირის მიერ ინსპირირებული კონფლიქტი ისტორიულ შიდა ქართლში. ოსური სეპარატიზმი აშკარად დაუპირისპირდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ინტერესებს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებით სერიოზული საფრთხე შეუქმნა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აუცილებელი გახდა საპასუხო ღონისძიების განხორციელება – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გააუქმა უკანონოდ შექმნილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა. ავტონომიური ოლქის გაუქმება როდი ნიშნავს ეროვნული უმცირესობების უფლებათა ხელყოფას, ოსი და სხვა არაქართველი მოსახლეობისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარანტირებულია კულტურული ავტონომიის უფლება.

რაც შეეხება პოლიტიკურ ავტონომიას, მის არსებობას შიდა ქართლში არასოდეს გააჩნდა საფუძველი და მით უმეტეს აღარ გააჩნია მას შემდეგ, რაც იგი გამოყენებულ იქნა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, იქცა ანტიქართული პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს დასაყრდენად და საქართველოს საშინაო საქმეებში კრემლის პოლიტიკური და სამხედრო ჩარევის საბაბად.

არც ერთი ქვეყანა და მათ შორის საქართველოც, არ დაუშვებს საკუთარი სახელმწიფოს ისეთ მოწყობას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ტერიტორიულ მთლიანობას, სამოქალაქო მშვიდობას და უცხო ქვეყნების მიერ გამოყენებული იქნება საშინაო საქმეებში ფარული თუ აშკარა ჩარევისათვის, მით უმეტეს, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტები და კონვენციები ეროვნულ უმცირესობათათვის ითვალისწინებენ მხოლოდ კულტურულ ავტონომიას.

სამართლებრივი სისტემის რეფორმა.

ეროვნულმა ხელისუფლებამ არჩევისთანავე დაიწყო სამართლიანობის პრინციპის აღდგენა, გამოცხადდა ფართო მასშტაბის ამნისტია, რომელმაც გაათავისუფლა შესაბამისი სასჯელისაგან ყველა ის პირი, ვინც ტოტალიტარულმა რეჟიმმა სამართალდამრღვევად აქცია. მთელ რიგ დანაშაულთათვის გაუქმდა სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება – სიკვდილით დასჯა. გაუქმდა ან შეიცვლა ანტიჰუმანური მუხლები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსსა და პენიტენციალურ სისტემას სჭირდება შემდგომი რეფორმები.

აღნიშნული იურიდიული აქტები წარმოადგენს არა მხოლოდ ხელისუფლების მიერ ჰუმანიზმის გამოვლინებას, არამედ საარჩევნო ბლოკის „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს“ მიერ დასახული სამართლებრივი სისტემის რეფორმის დაწყებას.

გატარდა სამართალდამცველ ორგანოთა დეპოლიტიზაცია და დეპარტიზაცია, განხორციელდა ქმედითი ღონისძიებანი ადამიანთა უფლებების დაცვის და მართლწესრიგის განმტკიცებისათვის. მიღებულ იქნა კანონი „საქართველოს რესპუბლიკის სასამართლო წყობილების შესახებ“, რითაც სასამართლო გათავისუფლდა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ თავსმოხვეული რეპრესიული ფუნქციებისაგან. იგი თანდათანობით ხდება პიროვნების და საზოგადოების ინტერესების დაცვის ორგანო.

კარდინალური რეფორმა გატარდა სახელმწიფო არბიტრაჟის ორგანოების მიმართ: სახელმწიფო არბიტრაჟი გამოყვანილ იქნა მმართველობის ორგანოების სისტემიდან და ჩამოყალიბდა საარბიტრაჟო სასამართლოს სახით. საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში ძირეული ცვლილებების შეტანამ, პოლიტიკური და სამართლებრივი რეფორმის გატარებამ შექმნა სამართლებრივი სახელმწიფოს აშენების საფუძვლები. ეს პროცესი უნდა დასრულდეს საქართველოს რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის მიღებით, რომლის შემუშავებისთვისაც შექმნილია სპეციალური კომისია.

თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების სტრუქტურების საფუძვლების შექმნა.

ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების სტრუქტურათა შექმნა. ამ მიმართულებით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ უკვე მიიღო რიგი საკანონმდებლო აქტები.

1991 წლის 26 აპრილს საქართველოს ეროვნულ სტადიონზე სამშობლოსადმი ერთგულების ფიცი დადეს ეროვნული გვარდიის პირველმა შენაერთებმა. საქართველოს მომავალი თავდაცვის სისტემის ფორმირებისათვის ხელისუფლებამ შექმნა რეალური პერსპექტივა – მიღებულია სამხედრო ვალდებულთა ეროვნულ გვარდიაში გაწვევის კანონი, რომლის საფუძველზეც ორი წლის შემდეგ საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა დაახლოებით 60-ათასიანი არმიის შექმნისა.

საქართველოს სამხედრო დოქტრინა თავდაცვითი ხასიათის უნდა იყოს. პირველ რიგში იგი უნდა ითვალისწინებდეს საერთო ევროპული უსაფრთხოების სისტემის შექმნისათვის ხელშეწყობას. ეს გარემოება წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებისა და მათი სტატუსის განსაზღვრის წინაპირობას.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მიმდინარეობს გარდამავალი პერიოდის პოლიტიკურ მიზანდასახულობათა თანამიმდევრული რეალიზაცია. პრეზიდენტის არჩევნების შემდგომ ეს პროცესი თავის გადამწყვეტ ფაზაში უნდა შევიდეს.

გარდამავალი პერიოდი იურიდიულად დასრულდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებით, ხოლო გარდამავალი პერიოდის ფაქტობრივი დასრულებისათვის არსებობს შემდეგი აუცილებელი პირობები:

ა) საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს სუვერენული ძალაუფლება სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე;
ბ) უნდა აღდგეს საქართველოს რესპუბლიკის პოლიტიკური და ეკონომიკური საზღვრები;
გ) საქართველოს რესპუბლიკა მსოფლიო სახელმწიფოთა მიერ აღიარებული უნდა იქნეს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ამ პროცესის დასაწყისად ჩაითვლება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ცნობა რამდენიმე სახელმწიფოს მიერ;
დ) უნდა დაიწყოს მოლაპარაკება შეიარაღებული ძალების საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფნის საკითხზე.

პოლიტიკური რეფორმის ძირითადი მიმართულებანი.

საქართველოში მიმდინარე გარდამავალი პერიოდის დასრულების და ფაქტობრივი დამოუკიდებლობის მიღწევისათვის ძირეული საშინაო პოლიტიკური რეფორმა უნდა განვითარდეს იმ მიმართულებით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს:

1. საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებათა განმტკიცება, მათ ფუნქციათა გამიჯვნა და განაწილება, პოლიტიკური სისტემის ფორმირების დასრულება, საქართველოს რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის მიღება;

2. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების გარანტიების შექმნა და ამ უფლებათა დაცვა;

3. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ეროვნული უშიშროება;

4. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა და ეროვნულ უმცირესობათა ეროვნულ-კულტურული უფლებების დაცვა;

5. სახელმწიფოებრივი მოწყობის რეფორმის დასრულება;

6. სახელმწოფოსა და ეკლესიას შორის ტრადიციულ ურთიერთობათა აღდგენა.

ეროვნული ხელისუფლების სუვერენიტეტის განმტკიცება და გარდამავალი პერიოდის პოლიტიკური სისტემის საბოლოო ფორმირება.

საქართველოს რესპუბლიკის ფაქტორივ დამოუკიდებლობას მყარი იურიდიული საფუძველი უნდა შეექმნას სამართლებრივი სახელმწიფოს შესაქმნელად, მისი დამოუკიდებლობის სამართლებრივ გარანტად უნდა იქცეს ახალი კონსტიტუცია, რომელიც შემუშავებული უნდა იქნეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის საფუძველზე, თანამედროვე პირობების გათვალისწინებით. უნდა განხორციელდეს საპრეზიდენტო ხელისუფლების – პრეზიდენტის საბჭოს ფორმირება, რომელიც შექმნის სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების სუვერენობის საიმედო გარანტიას. საქართველოს ახალი კონსტიტუცია უნდა დაეფუძნოს საერთაშორისო სამართლის აღიარებულ პრინციპებს, გაეროს ადამიანის უფლებათა დეკლარაციას, სხვა საერთაშორისო დეკლარაციებს, პაქტებსა და კონვენციებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ. მან უნდა დაამკვიდროს საქართველოს სახელმწიფოში დემოკრატიული პლურალიზმი, სამართლიანობა და კაცთმოყვარეობა, ეროვნულ უმცირესობათა უფლებები, სინდისის თავისუფლება.

მკაფიოდ უნდა განისაზღვროს უზენაეს საბჭოში არსებულ პოლიტიკურ ფრაქციათა უფლება-მოვალეობანი.

განსახორციელებელია სამართლებრივი რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს:

• კანონის უზენაესობას;
• ხელისუფლების დანაწილების პრინციპის საფუძველზე სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას;
• სასამართლო სისტემის რეფორმის დასრულებას.

ამ ეტაპზე რეფორმა ითვალისწინებს მართლმსაჯულების ორგანოების ობიექტურობის და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ყველაზე უფრო ადეკვატური ფორმის – ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღებას.

თანმიმდევრულად გაგრძელდება საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებათა გამიჯვნის პროცესი.

სახელმწიფო ხელისუფლების დანაწილების პრინციპის განხორციელება გამორიცხავს ერთი რომელიმე ორგანოს მიერ ხელისუფლების მონოპოლიზაციის საფრთხეს, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფო ხელისუფლების მთელი სისტემის შესაბამისობას სამართლის მოთხოვნებთან.

ხელისუფლების დანაწილება უზრუნველყოფს იმგვარ პირობებს, როცა თითოეული ხელისუფალთგანი თავისი ბუნების, ფუნქციების, ხასიათისა და დანიშნულების შესაბამისად სათანადო ადგილს დაიკავებს სახელმწიფო სისტემაში და წარმართავს საქმიანობას სპეციფიკური საშუალებებით, მათთვის შესატყვის ფორმებსა და ჩარჩოებში.

სახელმწიფო უზრუნველყოფს პოლიტიკური ოპოზიციის უფლებათა სამართლებრივ დაცვას.

უნდა მოხდეს ერისა და საზოგადოების კონსოლიდაცია. ამას საფუძვლად უნდა დაედოს არა პოლიტიკური, არამედ ეროვნული და სულიერი მოტივები.

სახელწიფომ ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი რელიგიის აღორძინებას, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერება-განმტკიცებას.

საპრეზიდენტო ხელისუფლების უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საქმიანობას გააკონტროლებენ საკრებულოები.

ყოველივე ზემოთქმული შესაძლებლობას მოგვცემს, საბოლოოდ დავასრულოთ გარდამავალი პერიოდის პოლიტიკური სისტემის ფორმირება.

საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების დაცვა და გარანტიები.

საპრეზიდენტო ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეთა უფლებრივი თანასწორობა. საჭიროა მიღებულ იქნეს კანონები სახელმწიფო ენის, მოქალაქეობის, მოქალაქეთა უფლებრივი გარანტიების, სინდისის თავისუფლების, რელიგიური ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების შესახებ. ეს კანონები უნდა დაეფუძნოს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციას, ჰელსინკის, ვენისა და პარიზის საერთაშორისო შეთანხმებებს. უნდა გავითვალისწინოთ საქართველოსათვის ტრადიციული რელიგიური და ეროვნული შემწყნარებლობა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი უკვე მუშაობს აღნიშნულ კანონებზე, მიმდინარეობს მათი დახვეწა-დამუშავება და ისინი უახლოეს ხანს იქნება მიღებული.

სახელმწიფო ხელისუფლებასა და მოქალაქეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობების ჩამოყალიბებას საფუძვლად უნდა დაედოს პრინციპი – სახელმწიფო მოქალაქისათვის და არა მოქალაქე სახელმწიფოსათვის. მოქალაქეების უფლება-მოვალეობათა უმთავრესი პირობა უნდა იყოს ზნეობრივ პრინციპებზე დაფუძნებული კანონების უზენაესობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. საპრეზიდენტო ხელისუფლებამ უნდა გაატაროს კონკრეტული ღონისძიებანი, რომლებიც თითოეული მოქალაქის უფლებათა ხელშეუვალობის გარანტი იქნება.

საქართველოს მოქალაქეობა.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ამოცანების გადაწყვეტა აუცილებლობით მოითხოვს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის – მოქალაქეობის საკანონმდებლო რეგულირებას.

ამისათვის საჭიროა უახლოეს ხანში მივიღოთ კანონი საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ, რომელშიც აისახება მოქალაქეობრივი კუთვნილების, მოქალაქეობის შეძენისა და შეწყვეტის, მოქალაქეობის აღდგენისა და მოქალაქეობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოქალაქეობის შესახებ კანონზე მუშაობა დაიწყო ჯერ კიდევ გასულ წელს. მიმდინარეობდა საკმაოდ ინტენსიური მუშაობა, რომელშიც სახელმწიფო ორგანოებთან ერთად მონაწილეობდნენ სამეცნიერო დაწესებულებები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, კვალიფიციური სპეციალისტები. მომზადდა კანოპროექტის რამდენიმე ვარიანტი, რომლებიც მეტ-ნაკლებად ასახავდნენ საქართველოს მაშინდელ პოლიტიკურ მდგომარეობას. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მოქალაქეობის კანონის საბოლოო, შეჯერებულ ვარიანტზე. ვფიქრობთ, უახლოეს ხანში გამოვაქვეყნებთ კანონპროექტს სახალხო განხილვისათვის.

კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში, ჩვენი აზრით, გათვალისწინებული უნდა იქნეს უცხოეთის დემოკრატიული ქვეყნების, ბალტიისპირეთის რესპუბლიკების გამოცდილება. კანონმა უნდა განამტკიცოს ბინადრობის ცენზის, საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემის სავალდებულობის და მოქალაქეობის სხვა უმთავრესი პრინციპები. მიგვაჩნია, რომ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქედ შეიძლება გახდეს ყველა ის პირი, ვინც მუდმივად ჩაწერილია საქართველოში, აქვს მუდმივი სამუშაო ადგილი ან ლეგალური შემოსავლის წყარო და დეკლარაცია-ფიცზე ხელმოწერით დაადასტურებს თავის ერთგულებას საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ვფიქრობთ, მოქალაქეობის კანონის მიღება საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მთელი რიგი საკითხების გადაწყვეტის პირობას შექმნის.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ეროვნული უშიშროება და თავდაცვა.

უპირველეს ყოვლისა, უნდა განხორციელდეს საქართველოს რესპუბლიკის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვრების აღდგენა-ჩამოყალიბება (რედემარკაცია-დემარკაცია და ლეგიტიმაცია). საზღვრების დადგენის, სასაზღვრო ზონისა და ზოლის განსაზღვრის, სასაზღვრო რეჟიმის შემოღების შემდეგ საბოლოოდ ჩამოყალიბდება ეროვნული საბაჟო სამსახური და შეიქმნება შესაბამისი საბაჟო პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა. ყოველივე ეს უზრუნველყოფს პოლიტიკური და ეკონომიკური საზღვრების შეუვალობას. საპრეზიდენტო ხელისუფლებამ უზენაეს საბჭოსთან ერთდ უნდა დაამტკიცოს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული საზღვრები, მიიღოს კანონი სასაზღვრო რეჟიმისა და საზღვრების, ემიგრაციისა და იმიგრაციის, აგრეთვე საბაჟო სამსახურის და საბაჟო პოლიტიკის შესახებ.

ტერიტორიული მთლიანობის გარანტირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ეროვნული უშიშროების სისტემის ჩამოყალიბების შემთხვევაში. საპრეზიდენტო ხელისუფლებამ პირველ ეტაპზე უნდა უზრუნველყოს ეროვნული უშიშროების სამსახურის, ეროვნული გვარდიის, ხოლო შემდგომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ორგანიზება. საქართველოს სამხედრო სიძლიერე უნდა დაეფუძნოს როგორც საყოველთაო სამხედრო ვალდებულებას, ისე პროფესიული რეგულარული არმიის ჩამოყალიბებას.

საქართველოს მოქალაქეთა ეროვნულ-კულტურული უფლებების დაცვა.

საპრეზიდენტო ხელისუფლებამ ურთიერთპატივისცემის საფუძველზე უნდა უზრუნველყოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა განვითარების შესაძლებლობა. მიიღება კანონი ეროვნულ უმცირესობათა შესახებ, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებისათვის გარანტირებული იქნება: მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, ეროვნული კულტურის განვითარების, კულტურულ-საგანმანათლებლო მიზნით სათვისტომოებისა და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებად გაერთიანების, მშობლიურ ენაზე ბეჭდვისა და საინფორმაციო საშუალებების გამოყენების უფლებები. საქართველოს მოქალაქეთა უფლება – მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში – არ შეიზღუდება მათი ეროვნული კუთვნილების გამო. ამასთან, ყოველი მოქალაქე და, მათ შორის ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი, ვალდებული იქნება, პატივი სცეს და დაიცვას საქართველოს რესპუბლიკის კანონები და ინტერესები.

სახელმწიფო მოწყობის რეფორმა.

საპრეზიდენტო ხელისუფლებამ დემოკრატიული სტრუქტურების განვითარების კვალობაზე უნდა უზრუნველყოს ისეთი სამართლებრივ-პოლიტიკური იდეის გატარება, რომელიც გამორიცხავს სახელმწიფოსა და მისი შემადგენელი ნაწილების დაპირისპირებას, დაიცავს სახელმწიფოს ერთიანობას და ხელს შეუწყობს რესპუბლიკის სტრუქტურულ ერთეულთა ინტერესების დაცვას. სახელმწიფოებრივი მოწყობის რეფორმა უნდა დაეფუძნოს მმართველობისა და თვითმმართველობის პრინციპებს. თვითმმართველობის ჩამოყალიბებას საფუძვლად უნდა დაედოს მოცემულ ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ არჩეულ და მათდამი ანგარიშვალდებულ ორგანოთა სისტემა, რომელიც კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილი იქნება, შესაბამისი ტერიტორიის თავისებურებებიდან გამომდინარე, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ადგილობრივი ეკონომიკური, ადმინისტრაციული, სოციალურ-კულტურული და საყოფაცხოვრებო-კომუნალური საკითხები.

საპრეზიდენტო ხელისუფლების და პარლამენტის მიერ კონსტიტუციურად გარანტირებული იქნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მომავალს განსაზღვრავს თავად აჭარის მოსახლეობა.

სახელმწიფო და ეკლესია.

ცივილიზებული საზოგადოების არსებობა წარმოუდგენელია რელიგიური და საერო ცხოვრების ერთიანობის გარეშე. რელიგიური ცხოვრების ორგანიზება ხდება ეკლესიის, ხოლო საერო ცხოვრებისა – სახელმწიფოს მიერ. საქართველოში ტრადიციული იყო ორგანული კავშირი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. რელიგიური აღზრდა, ქრისტიანული სიწმინდე, სიყვარული, სამართლიანობა და სათნოება აყალიბებდა ქართული სახელმწიფოს ერისკაცის ხასიათს. ქართველთა ცხოველი მორწმუნეობა განსაზღვრავდა მტრულ გარემოცვაში ქართული სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვან არსებობას, ხოლო სახელმწიფო თავის მხრივ ყოველნაირად უწყობდა ხელს ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობას.

სახელმწიფოს გაუქმებამ დაარღვია საქართველოს საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობა. საქართველოს ეკლესიამ დაკარგა ავტოკეფალია. საბჭოთა რუსეთის მიერ ხელმეორედ დაპყრობის შემდეგ კომუნისტურმა სახელმწიფომ მსოფლიო ისტორიაში უპრეცედენტო ათეისტური ბრძოლა გამოუცხადა რელიგიას საერთოდ და, პირველ ყოვლისა, ქრისტიანულ ეკლესიას. საყოველთაო ათეიზმის დამკვიდრებამ განაპირობა სეკულარიზებული საბჭოთა საზოგადოებისათვის რელიგიურ-ზნეობრივ ღირებულებათა გაუფასურება. რელიგიური ნიჰილიზმი, რელიგიისა და ზნეობის დაცემა იყო ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რამაც ქართველობა ეროვნული კატასტროფის წინაშე დააყენა.

ქართული ეროვნული მოძრაობა თავისი საწყისებით მჭიდროდ არის დაკავშირებული რელიგიურ ცნობიერებასთან და ეკლესიურ წიაღთან. თავისი შინაგანი არსით ეს რელიგიურ-ეროვნული მოძრაობაა, რამდენადაც იგი გულისხმობს არა მარტო განკერძოებული ეროვნულ-პოლიტიკური მიზნების განხორციელებას, არამედ პირველ ყოვლისა, ითვალისწინებს ზნეობრივ აღორძინებას რელიგიურ რწმენასა და ცნობიერებაზე დამყარებით.

ეროვნული მოძრაობის მოსვლა ხელისუფლების სათავეში რეალურ წინაპირობას ქმნის ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ქრისტიანული სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი ერთობის აღდგენისათვის. ამ ერთობის არსი შემდეგში მდგომარეობს: ეროვნული ხელისუფლების ავტორიტეტი, მისი ძალაუფლება უნდა დაემყაროს არა მხოლოდ ხელისუფლების სოციალურ-პოლიტიკურ განსაზღვრულობას, არამედ უმეტესწილად რელიგიურ-ზნეობრივ საწყისებს.

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეკლესიის უფლება – იყოს საერო ცხოვრების აქტიური მონაწილე. სახელმწიფომ უნდა დაიცვას საეკლესიო ქონება, ხელი შეუწყოს ეკლესიას ტრადიციულ სამონასტრო მოღვაწეობაში. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რათა ეკლესიამ მიიღოს საჭირო მატერიალური დახმარება საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვისათვის. უნდა აღდგეს საეკლესიო საკუთრება მიწაზე.

აღნიშნული არ ხელყოფს სხვა რელიგიების აღმსარებელთა, აგრეთვე ათეისტთა მოქალაქეობრივ უფლებებს. სახელმწიფოს მიერ გარანტირებული იქნება სინდისის თავისუფლება და თითოეულ პიროვნებას მიეცემა შესაძლებლობა იყოს აღმსარებელი იმ სარწმუნოებისა, რომელსაც თავად აღიარებს. მოქალაქეთა პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური უფლებები არ შეიზღუდება რელიგიური ნიშნით. ქართული სახელმწიფო კვლავაც ერთგული დარჩება ტრადიციული რელიგიური შემწყნარებლობისა.

საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებანი.

საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფაქტობრივი და იურიდიული ცნობა მსოფლიო ერთა თანაარსებობის, ევროპული და კავკასიური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხია. საქართველოს ისტორია და გეოპოლიტიკური მდგომარეობა განაპირობებს მის მასტაბილიზებელ როლს კავკასიის რეგიონშიპოლიტიკური, თავდაცვითი, ეკონომიკური, ეროვნებათშორისი თუ სხვა პრობლემების თვალსაზრისით. ქართველ ერსა და ქართულ სახელმწიფოს ტრადიციულად ჰქონდა ეს ფუნქცია და ყოველთვის ღირსეულად ართმევდა მას თავს.

საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი ამოცანაა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის რეალური აღდგენის უზრუნველყოფა 1918 წლის 26 მაისისა და 1991 წლის 9 აპრილის აქტების საფუძველზე.

საქართველოს საგარეო პოლიტიკური საქმიანობის შესაძლებლობები განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფოს რეალური საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსითა და საქართველოს რესპუბლიკის ცნობით მსოფლიოს სხვა სახელმწიფოთა მიერ.

საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ცნობის უმნიშვნელოვანესი შიდაპოლიტიკური წინაპირობაა დემოკრატიული წესით არჩეული ეროვნული ხელისუფლების მიერ საქართველოს რესპუბლიკის მთელს ტერიტორიაზე სუვერენული ძალაუფლების განხორციელება. ეს წინაპირობა უკავშირდება სახელმწიფო მმართველობის ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციების რეალიზაციას, როგორიცაა თავდაცვა, სახელმწიფო უშიშროება, საბაჟო სამსახური და საგარეო კავშირები.

ეს ამოცანები უნდა გადაიჭრას საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის, მთავრობისა და უზენაესი საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში, აგრეთვე საბჭოთა კავშირთან მოლაპარაკების გზით.

დამოკიდებულება სსრ კავშირთან და ცალკეულ რესპუბლიკებთან.

სსრ კავშირთან ურთიერთობის პრობლემას საქართველოს რესპუბლიკისათვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარება სხვა სახელმწოფოთა მიერ უკავშირდება საქართველოსა და სსრ კავშირს შორის დაძაბულობის შენელებას. მისი საფუძველი უნდა გახდეს სსრ კავშირის მხრივ საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობა, ორ სახელმწიფოს შორის თანასწორუფლებიანობა, ურთიერთპატივისცემა და ურთიერთდაინტერესებაზე დამყარებული ურთიერთობა. ამასთანავე ორივე სახელმწიფო (საქართველოს რესპუბლიკა და სსრ კავშირი) თანამშრომლობისას უნდა იღებდეს ვალდებულებას ურთიერთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის შესახებ.

უნდა მოხდეს შეთანხმება შემდეგ საკითხებზე:

• ერთობლივი სახელმწიფო საზღვრისა და მისი რეჟიმის შესახებ, საზღვრის გადაკვეთისა და საბაჟო კონტროლის თაობაზე;
• ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ;
• ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ერთობლივი უზრუნველყოფის შესახებ;
• საქართველოს რეპუბლიკის ტერიტორიაზე სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სამხედრო ბაზების სტატუსის, მათი დისლოკაციის პირობებისა და ვადების შესახებ.

საქართველოსათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებს. საქართველოს რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის თანასწორუფლებიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება წარმოადგენს ორივე მხარის ჭეშმარიტ ინტერესებს.

უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობა თვისებრივად ახალ შინაარსს იძენს. ამის ნათელი დადასტურებაა საქართველოს რესპუბლიკასა და რსფსრ-ს ხელმძღვანელთა შორის 1991 წლის 23 მარტს დაბა ყაზბეგში გამართული მოლაპარაკების შედეგად მიღებული დოკუმენტი. ამ დოკუმენტში ფაქტობრივად აღიარებულია სამართლიანობა ექვსი რესპუბლიკის სწრაფვისა სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისაკენ, რისი ლოგიკური დასასრულიც უნდა იყოს საბჭოთა კავშირის მხრიდან ამ რესპუბლიკების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა.

საქართველო სოლიდარობას უცხადებს და მხარს უჭერს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ რესპუბლიკებს. მათთან ურთიერთობა დაემყარება მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის აღიარებულ პრინციპებს.

საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ცნობის ასპექტები.

პრეზიდენტის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება უნდა იყოს საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ურთიერთობების აღდგენა-გაფართოება, პირველ რიგში კი საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა უცხოეთის ქვეყნების მიერ. საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას უდიდესი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის საგარეო ურთიერთობების აღდგენისა და გაფართოების საქმეში. თუმცა აშკარაა, რომ ამ მიმართულებით უამრავი სიძნელეა გადასალახი. ამ მხრივ პრეზიდენტის მთელი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ:

1. საქართველოს დამოუკიდებლობა ცნონ უცხოეთის ქვეყნებმა და შესაბამისად აღდგეს მისი დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოს სტატუსი.
2. აღდგეს და გაფართოვდეს საქართველოს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები უცხოეთის ქვეყნებთან.
3. საქართველო გახდეს გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი და მათ საქმიანობაში შეასრულოს აქტიური როლი.

დღეისათვის საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარება მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია საჭოთა კავშირის მიერ მის ცნობასთან. მოლაპარაკების საფუძველზე მიღწეულ უნდა იქნეს, რომ საბჭოთა კავშირმა აღიაროს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 9 აპრილს მიღებული „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის“ კანონიერება. როგორც ზემოთ ითქვა, გარკვეულ იმედს გვისახავს 25 აპრილს გამოქვეყნებული, სსრ კავშირის პრეზიდენტისა და ცხრა მოკავშირე რესპუბლიკის ხელმძღვანელთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი და სსრ კავშირის ეროვნებათა საბჭოს 24 აპრილის დადგენილება.

ამავე დროს უნდა გაფართოვდეს მოლაპარაკებები უცხოეთის ქვეყნებთან. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების სენატში განსახილველად შეტანილი №94 რეზოლუცია, რომელშიც გამოთქმულია ეროვნული და ტერიტორიული დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში ქართველი ხალხის მხარდაჭერა და მოთხოვნა საბჭოთა კავშირის მთავრობისადმი, აღიაროს ქართველი ხალხის ნება და ცნოს 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის ლეგიტიმურობა.

საქართველოს რესპუბლიკის ლეგიტიმურობის პროცესი დაკავშირებულია აქტიურ საგარეო პოლიტიკასთან, რაც გულისხმობს: უცხო ქვეყნებთან საკონსულო ურთიერთობათა დამყარებას, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში მეთვალყურისა და მონაწილე სახელმწიფოს სტატუსით ჩართვას, სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობას. უკვე ისახება საკონსულო ურთიერთობის პერსპექტივები აშშ-სთან, ისრაელთან და სხვა ქვეყნებთან.

საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენელთა ვიზიტები აშშ-ში, საფრანგეთში, ავსტრიაში, იტალიაში, თურქეთში, ესპანეთში შეიძლება ჩაითვალოს მოსამზადებელ ეტაპად მსოფლიო სახელმწიფოებში საქართველოს წარმომადგენლობითი ცენტრების დაარსებისათვის. ეს ცენტრები შექმნიან საქართველოს რესპუბლიკის საელჩოთა ჩამოყალიბების საფუძველს. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლობათა შექმნისათვის ხელშეწყობა. ამ მიზნით გამოყენებული უნდა იყოს უკვე არსებული სამეურნეო კავშირები, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობანი, რომლებიც ამ ბოლო დრო დამყარდა საზღვარგარეთის ქვეყნებთან. აუცილებელია კონტაქტების გაფართოება უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან, მათ ორგანიზაციებთან, რათა აქტიურად გამოვიყენოთ ეს პოტენციალი საქართველოს რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის მხარდასაჭერად.

კავკასიის რეგიონი.

საქართველოს ტრადიციულად მჭიდრო კავშირურთიერთობანი ჰქონდა უახლოეს მეზობლებთან – კავკასიის სახელმწიფოებთან და ხალხებთან. ამ ურთიერთობათა აღორძინება კეთილმეზობლობისა და მეგობრობის პრინციპის საფუძველზე უნდა წარმოადგენდეს კავკასიის რეგიონში საქართველოს რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებას.

ეს ყოველივე ხელს შეუწყობს კავკასიის სახელმწიფოების მსოფლიო პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ პროცესებში მონაწილეობას და მოგვცემს რეგიონალურ დონეზე თანამშრომლობის საშუალებას.

შავი ზღვის რეგიონი.

შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება ხელს შეუწყობს საქართველოს საზღვაო სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესს. ამისათვის უნდა გამოვიყენოთ არსებული კავშირები უკრაინასთან და რუსეთის ფედერაციასთან. ამასთან უნდა გავითვალისწინოთ მათ მიერ მიღებული სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დეკლარაციები, განვავითაროთ პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა ბულგარეთთან და რუმინეთთან.

ეკონომიკურ სფეროში თურქეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ არსებობს გარკვეული ერთობლივი ინტერესები და წინაპირობები მათი განვითარებისათვის. ეს ყოველივე, შესაძლოა, გახდეს შავი ზღვის აუზის სახელმწიფოთა რეგიონალური თანამშრომლობის ხელშემწყობი ფაქტორი.
ახლო აღმოსავლეთის რეგიონი.

საქართველოს რესპუბლიკის საგარეო-პოლიტიკური საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ისტორიულად არსებული პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური კავშირურთიერთობების აღდგენა. ეს განპირობებულია საქართველოს მდებარეობით ჩრდილოეთ-სამხრეთისა და დასავლეთ-აღმოსავლეთის თანამშრომლობის ხაზთა გადაკვეთაზე.

ამ მიმართულებით გამოყენებულ უნდა იქნეს ქართველ და ებრაელ ხალხთა შორის ტრდიციულად არსებული მეგობრული დამოკიდებულება. უკვე იქმნება პირობები ამ უძველესი ერების სახელმწიფოთშორის და მთავრობათშორის დონეზე კავშირისათვის. ხელი უნდა შევუწყოთ რეგიონის ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოსთან ურთიერთსარგებლიანობისა და ურთიერთხელსაყრელობის პრინციპებზე აგებულ თანამშრომლობას.

საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკურ ინტერესებთან დაკავშირებული საგარეო პოლიტიკის სხვა მიმართულებები.

მიგვაჩნია, რომ უნდა შევინარჩუნოთ ხელსაყრელი ეკონომიკური ურთიერთობები საბჭოთა კავშირთან და მასში შემავალ რესპუბლიკებთან. დღესდღეობით საქართველოს რესპუბლიკის სტატუსის გაურკვევლობის გამო ევროპულ გაერთიანებასთან ეკონომიკური ურთიერთობები შეზღუდულია. აუცილებელია საერთო ევროპულ სტრუქტურებთან საქართველოს ეკონომიკური დაახლოების პროცესისათვის ხელშეწყობა.

ამ მიმართებით საქართველოს ხელისუფლება ეფექტიანად მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ უმოკლეს პერიოდში გაიხსნა და იხსნება საქართველოს რესპუბლიკის სამრეწველო-სავაჭრო პალატის მუდმივი წარმომადგენლობები სხვადასხვა ქვეყნებში (ავსტრია, მაროკო, თურქეთი, ისრაელი, აშშ.)

ვითვალისწინებთ რა საქართველოს რესპუბლიკის მძიმე მდგომარეობას, ჩვენს ბაზარზე აქტიური მოქმედების საშუალებას მივცემთ საზღვარგარეთელ პარტნიორებს, რათა დააბანდონ თავიანთი სახსრები, იჯარით აიღონ საწარმოები, შექმნან ერთობლივი საწარმოები, გახსნან თავიანთი წარმომადგენლობები და ა.შ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ინვესტიციათა მოზიდვის ეკონომიკური ეფექტიანობის აუცილებელი წინაპირობაა საქართველოში ახალი ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბება და ორგანიზაცია. დასავლეთის ბანკების კრედიტებსა და ინვესტიციებს არ შეუძლიათ ავტომატურად გადაწყვიტონ ჩვენი ეკონომიკური პრობლემები. ამიტომ, პირველყოვლისა უნდა აღდგეს ეკონომიკური სუვერენიტეტი, განხორციელდეს დემონოპოლიზაცია, პრივატიზაცია, თავისუფალი მეწარმეობისთვის ხელშეწყობა, საბაზრო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება და მის პარალელურად მოხდეს საზღვარგარეთული ინვესტიციების მოზიდვა.
საქართველოს რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების გამოცდილება ცხადყოფს, რომ არსებობს კარგი წინაპირობები უცხოეთის ქვეყნებთან ნაყოფიერი ეკონომიკური თანამშრომლობისათვის.

ეს თანამშრომლობა უნდა გამომდინარეობდეს საქართველოს, როგორც მსოფლიოს ეკონომიკური სისტემის განუყოფელი ნაწილის, ინტერესებიდან.

***

ეკონომიკური ნაწილი

ქართველი ხალხის ბრძოლამ დამოუკიდებლობისათვის აამოქმედა იმპერიის არსენალში ჯერ კიდევ არსებული ის ეკონომიკური ბერკეტები, რომლებითაც კრემლი ცდილობს თავისუფლებისმოყვარე ერების დასჯას. ცენტრი უძლურია საკუთარი სამეურნეო პრობლემების მოგვარებაში და ამის გამო მთელს თავის პოტენციალს რესპუბლიკების ეკონომიკურ პარალიზებას ახმარს.

საქართველოს ახლანდელი ეკონომიკური სტრუქტურა განვითარების იმ სტრატეგიის შედეგია, რომელიც საბჭოთა წყობილების მიერაა თავსმოხვეული. მან საქართველოს თავის დროზე ფაქტობრივად წაართვა სუვერენული სამეურნეო არჩევანის უფლება. ტოტალიტარულ სახალხო მეურნეობრივ სისტემაში ჩართული საქართველო საერთაშორისო ეკონომიკური პროცესებისაგან იზოლირებული აღმოჩნდა. უცხო ეკონომიკურმა სისტემამ, მიწისა და წარმოების სხვა საშუალებებისაგან გაუცხოებამ, ქართველი კაცისათვის არატრადიციულმა წარმოებითმა ურთიერთობებმა საქართველოს ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა.

შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი და გარანტი ჩვენი ეკონომიკის აღორძინებისა არის ის უდიდესი პოტენცია, რაც საქართველოს სპეციფიკურ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში, მის ბუნებრივ რესურსებში, კლიმატურ პირობებში, ცივილიზებულ მსოფლიოზე ორიენტაციასა და ქართველი კაცის შესაძლებლობებში არსებობს. მხოლოდ თავისუფალ მეწარმეობაზე დამყარებული მეურნეობის საფუძველზეა შესაძლებელი იმპერიული ეკონომიკური ზღუდის გარღვევა, ხალხის კეთილდღეობის ამაღლება და საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებში უშუალოდ ჩართვა, რაც თავის მხრივ განაპირობებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ძლიერებასა და ცივილიზებულ ქვეყნებს შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრებას.

28 ოქტომბერს ისტორიულ არჩევნებში ხალხმა ხმა მისცა ბლოკ „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს“ ეკონომიკურ პროგრამას, რომლის ძირითადი მიმართულება იყო საქართველოს ეკონომიკური აღორძინება თავისუფალი მეწარმეობის განვითარების გზით. რესპუბლიკის ხელისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მიერ არჩეული გზისადმი ერთგულებას.

განვლილმა ექვსმა თვემ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ეროვნული მთავრობის ძალისხმევის, უზენაესი საბჭოს მიერ ახალი ეკონომიკური კანონების მიღების მიუხედავად, ცენტრის ეკონომიკური მარწუხებისაგან სრულად ჯერ კიდევ ვერ განვთავისუფლდით. ფასების სწრაფი ზრდა, ინფლაციის მაღალი ტემპი, საფინანსო და მატერიალური რესურსების შეზღუდვა – აი, ის იარაღი, რომლითაც ცენტრი საქართველოს დიდ ზიანს აყენებს. რესპუბლიკის ხელისუფლება ყოველმხრივ ცდილობს შეუმსუბუქოს მოსახლეობას კრემლის მიერ მიღებული ეკონომიკური გადაწყვეტილებებით მიყენებული ზარალი. ამას ადასტურებს თუნდაც ფულადი ნიშნების შეცვლის კამპანია, რომელიც ჩვენი მოსახლეობისათვის მაქსიმალურად შეღავათიან პირობებში, ცენტრის მიერ დადგენილი რეგლამენტაციების დარღვევითაც კი ჩატარდა. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის და მთავრობის მიერ მიღებულ იქნა რიგი ბრძანებულებები და დადგენილებები, რომელთა თანახმად გაუქმდა საქალაქო მიწისზედა, საგარეუბნო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მომატებული ტარიფები, პურისა და რიგი პირველადი მოთხოვნილების საქონლის გაზრდილი ფასები, უმრავლეს სახეობათა პროდუქციაზე გაყიდვიდან გადასახადი; გარდა ამისა, ფასების რეფორმასთან დაკავშირებით კომპენსაციები მოემატა არასრულწლოვან ბავშვებიან ოჯახებს.

წინამორბედი ხელისუფლების ანტიხალხური ეკონომიკური პოლიტიკის, უგერგილო და უყაირათო მუშაობის შედეგების აღმოფხვრა გვიწევს. სოფლის მეურნეობის განვითარების უდიდესი მნიშვნელობის გათვალისწინებით და მშენებლობაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტურობის პირობებში, სახელმწიფო იძულებული იყო ამ დარგების საწარმოთათვის მილიარდ მანეთზე მეტი ვადაგადაცილებული დავალიანება ჩამოეწერა.

9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებით მოსკოვთან დამოკიდებულება კარდინალურად იცვლება. დღის წესრიგში დგება ეროვნული ეკონომიკის ფორსირებული ტემპით ჩამოყალიბებისა და ცენტრის მიერ საქართველოს ეკონომიკური ექსპლოატაციისაგან თავის დაღწევის ამოცანა. ნებისმიერი ჩვენი ნაბიჯი სწორედ ამ მიმართულებით იქნება გადადგმული.

საქართველოს რესპუბლიკის რეალური დამოუკიდებლობის აღდგენის ეკონომიკურ სააფუძველსწარმოადგენს საკუთრების სხვადასხვა ფორმებზე აგებული, ცივილიზებული სამყაროს ეკონომიკური კანონებით მოქმედი და ქართულ ყოფით ტრადიციებზე დაფუძნებული ეკონომიკა. უნდა მოხდეს სახელმწიფო საკუთრების განსახელმწიფოება, რაც განხორციელდება თანდათანობით, ეტაპობრივად, იმ ვარაუდით, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება მხოლოდ ის საწარმოები, რომელთა ფუნქციონირებაც კერძო მეწარმეობის პრინციპებზე დროის მოცემულ მონაკვეთში გაუმართლებელი იქნება.

სახელმწიფო ჩაერევა ეკონომიკაში იმ ზომებით, რომელიც აუცილებელია ქვეყნის ერთიანი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების ხორცშესხმისა და სამეურნეო საქმიანობის განვითარებისათვის.

სახელმწიფო მონოპოლისტური სისტემის ლიკვიდაცია ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ იგი პრობლემის მხოლოდ ერთი მხარეა. არანაკლები მნიშვნელობა აქვს ისეთი ეკონომიკური სისტემის შექმნას, რომელიც პასუხობს ადამიანთა მოთხოვნილებებს. ასეთად სოციალური საბაზრო მეურნეობა მიგვაჩნია. მის პირობებში ერთმანეთთან შეთანხმებულია თავისუფალი შრომისა და სოციალური უფლებების გარანტიები, საკუთრებისადმი პატივისცემა და საზოგადოებრივი სარგებლობა, თავისუფალი მეწარმეობა და კეთილსინდისიერი კონკურენცია.

ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური სამართლიანობა და გარემოსადმი პასუხისმგებლური დამოკიდებულება აბსოლუტურად აუცილებელია აყვავებისათვის… თავისუფლება და პოლიტიკური პლურალიზმი ჩვენი ამ საერთო მიზნის აუცილებელი ელემენტებია, რომელიც გულისხმობს საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, მყარ ეკონომიკურ ზრდას, სოციალურ სამართლიანობას, აყვავებას, დასაქმების გადიდებასა და ეკონომიკური რესურსების ეფექტიანად გამოყენებას“ (პარიზის ქარტია „ახალი ევროპისათვის“).

პირველ ყოვლისა საჭიროა ისეთი სამეურნეო კანონების მიღება, რომლებიც წარმოების ძირეულ რგოლებს მიანიჭებენ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და მაქსიმალურად შეზღუდავენ სხვა ორგანოთა ჩარევას მათ სამეურნეო საქმიანობაში. ახალ სამეურნეო კანონმდებლობას მხოლოდ მაშინ ექნება სათანადო ეფექტი, როდესაც სამოქმედოდ ძალაში შევა არა ცალკეული კანონები, არამედ ნორმატიული აქტების მთელი პაკეტი ერთდროულად, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ამზადებს.

კანონპროექტთა პაკეტის პირველ წყებაში აუცილებლად იქნება: კანონი პრივატიზაციის შესახებ, კანონი სამეწარმეო საქმიანობის შესახებ, კანონი საკუთრების შესახებ, კანონი მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემის შესახებ, მიწათმოწყობისა და მიწათსარგებლობის შესახებ, კანონი გლეხური მეურნეობის შესახებ, კანონი დასაქმების შესახებ, კანონი საგადასახადო სისტემის შესახებ, კანონი სააქციო საზოგადოების შესახებ, კანონი სამეურნეო საქმიანობის შესახებ, კანონი ინვესტიციების შესახებ, კანონი ერთობლივი საწარმოების შესახებ, ანტიმონოპოლიური კანონი, კანონი სოციალური გარანტიების შესახებ, კანონი სახელმწიფო და კერძო დაზღვევის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ამ კანონპროექტთა უმრავლესობა უკვე მომზადებულია ან მომზადების პროცესშია.

საქართველოს ეკონომიკის საფუძვლად მომავალში უნდა იქცეს კერძო საკუთრება. საკუთრებისადმი პატივისცემა ადამიანს საშუალებას აძლევს უკეთ გაიგოს და შეასრულოს საზოგადოებრივი მოვალეობანი: კერძო საკუთრება არის არა მარტო პრივილეგია მესაკუთრისათვის, არამედ, მისი მოვალეობა, ვალდებულება საზოგადოების წინაშე.

კერძო პირებს უნდა მიეცეთ თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის უფლება, ნება დაერთოთ საკუთრებაში ჰქონდეთ წარმოების საშუალებები და დაიქირაონ სამუშაოდ სხვა პირები. უნდა შეიქმნას პირობები კერძო საკუთრების ყველა სახეობის განვითარებისათვის, დაცული იქნეს საკუთრების უფლების სუბიექტთა მფლობელობის, განკარგვისა და გამოყენების უფლება სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ან სახელმწიფო ორგანოთა მიერ მათი ხელყოფისაგან.

აღნიშნული კანონები უნდა უზრუნველყოფდნენ:

ა) სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლებას,

ბ) მომხმარებელთა ინტერესების დაცვას და მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობას,

გ) კონკურენციის გაფართოებას, ამა თუ იმ საწარმოს ჯგუფის ხელში ეკონომიკური ძალაუფლების კონცენტრაციის არდაშვებას.

ფაქტობრივად მეურნეობის დემონოპოლიზაციის და პრივატიზაციის პროცესი უკვე დაწყებულია. ამან უნდა შექმნას კარგი წინაპირობა საბაზრო მეურნეობაზე ნაკლები დანაკარგებით გადასასვლელად.

სახელმწიფო აუცილებელი სამართლებრივი და ფინანსურ-ეკონომიკური პირობების შექმნით ყოველმხრივ შეუწყობს ხელს მცირე ბიზნესის განვითარებას.

სახელმწიფო მაქსიმალურად ეცდება თანაბარი სასტარტო პირობები შეუქმნას ყველას, რათა პრივატიზაციის შედეგებით ისარგებლოს ნამდვილად მეურნე და მეწარმეობის უნარის მქონე პირებმა.

საქართველოს ეკონომიკური სუვერენიტეტის დაცვა და მისი შემდგომი განმტკიცება მოითხოვს თავსმოხვეული, კოლონიური სტრუქტურის დემონტაჟს და ერის ინტერესების შესაბამისად მის ხელახალ ფორმირებას.

საქართველო მაღალგანვითარებულ აგრარულ-ინდუსტრიულ ქვეყნად უნდა იქცეს, რაც სასოფლო-სამეურნეო სფეროს რადიკალურ გაუმჯობესებას მოითხოვს. იგი პირველ რიგში უნდა ემსახურებოდეს ადგილობრივი მოსახლეობისა და განვითარებული საკურორტო-ტურისტული მეურნეობის მოთხოვნილებათა სრულ დაკმაყოფილებას. პროდუქციის ის ნაწილი კი, რომელიც მსოფლიო ბაზრისათვის იქნება განკუთვნილი, უნდა შეირჩეს ხელსაყრელობის და რესპუბლიკის საჭიროებათა ყველა ასპექტის გათვალისწინებით. ყოველივე ეს მოითხოვს სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციისა და ადგილობრივი მნიშვნელობის დარგების ოპტიმალური ჰარმონიზირების მიღწევას, რესპუბლიკის უნიკალური ნიადაგურ-კლიმატური პირობების რაციონალურ გამოყენებას. აუცილებელია საქართველოში ოდითგანვე განვითარებული მემარცვლეობის ტრადიციების აღდგენა, მისი პროდუქცია უნდა გახდეს მოსახლეობის უპირველესი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების რეალური საყრდენი და მეცხოველეობის აღორძინების ბაზა.

ამ ამოცანათა გადაჭრა სოფლად საკუთრებითი ურთიერთობების შეცვლით არის შესაძლებელი. საქართველოში კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების შექმნამ ქართველი გლეხი მოწყვიტა მიწას, შეაძულა მას შრომა, მოაშორა მშობლიურ ფესვებს, შეუცვალა ცხოვრების ტრადიციული წეს-ჩვეულებანი და სოფლის პროლეტარად აქცია. საქართველოს სოფლის მეურნეობის წარმართვა ამ ფორმით ქართველ ერს გადაგვარების საფრთხეს უქმნის. ამდენად, აუცილებელია მიწის რეფორმის გატარება, რაც საქართველოს ყოველ ისტორიულ მხარეში მისი თავისებურების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ეს პირველ რიგში გულისხმობს ზარალიანი საზოგადოებრივი მეურნეობების დაშლას და მათ ბაზაზე გლეხური მეურნეობების ჩამოყალიბებას, აგრეთვე მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემას, საკარმიდამო ნაკვეთების სრული მოცულობით გაცემას.

საქართველოს მომავალი აგრარული სტრუქტურის ძირითად ბირთვს გლეხური (საკომლო) მეურნეობა უნდა შეადგენდეს. კომლი განსაკუთრებული მნიშვნელობის საზოგადოებრივი ინსტიტუტია. მისი მეოხებით ხდება მიწასთან მჭიდროდ დაკავშირებული მეურნის აღზრდა, იგი არის გლეხთა თაობების მემკვიდრეობის გარანტი. კომლი უზრუნველყოფს შრომითი რესურსების, მიწისა და კაპიტალის კანონზომიერ განაწილებასა და ეფექტიან გამოყენებას.
ამრიგად, სოფლად მეურნეობრივი საკითხების გადაწყვეტას ჩვენ განვიხილავთ ქართული სოფლის აღორძინებასა და ტრადიციულ სამეურნეო ურთიერთობათა აღდგენასთან ორგანულ კავშირში.

ქართველი გლეხი – ისტორიულად ჩვენი ეროვნული მეურნეობის ბურჯი უნდა გათავისუფლდეს ხელისუფლების დიქტატისაგან. გლეხი თავის სამეურნეო საქმიანობაში დამოუკიდებელი უნდა იყოს, თავად განსაზღვრავდეს წარმოების სპეციალიზაციას, სტრუქტურას და ახდენდეს მოწეული მოსავლის თავისუფალ რეალიზაციას.

საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს გარდამავალ პერიოდში მიწა შეიძლება გადაეცეთ მოკლევადიან, გრძელვადიან ან მუდმივ მფლობელობაში მემკვიდრეობის უფლებით, რეგიონის თავისებურებათა გათვალისწინებით. სახელმწიფოებრიობის ფაქტობრივად აღდგენის და მოქალაქეობის კანონის შემოღების შემდეგ კი მასზე დაკანონდება კერძო საკუთრება, რაც უახლოეს ხანებში მოხდება.

სახნავ-სათესი ძირითადად უნდა გადაეცეს გლეხურ მეურნეობებს, საძოვრები კი სათემო ან სასოფლო მფლობელობაში უნდა იყოს; მიწის გარკვეული ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა დარჩეს სტრატეგიული, თავდაცვითი და სამეურნეო საქმიანობის წარმართვისათვის; სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იყოს ნაკრძალები და ეროვნული ტყე-პარკები.

სახელმწიფომ ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი სოფლად სხვადასხვა ასოციაციების, გაერთიანების შექმნასა და ფუნქციონირებას. მათ უნდა შეასრულონ გლეხური მეურნეობების ტექნიკით მომსახურებისა და აუცილებელი მასალებით მომარაგების ფუნქცია.

• საქართველოში სამრეწველო წარმოების პერსპექტივების განსაზღვრისას ძირითადი ყურადღება დაეთმობა მეცნიერებატევადი და იმ სხვა დარგების განვითარებას, რომლებიც უზრუნველყოფენ სამომხმარებლო პროდუქციის წარმოების არსებით გადიდებას, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნედლეულის გადამუშავებას და მომსახურების სფეროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, რესპუბლიკის სარესურსო პოტენციალის ამაღლებასა და ადგილზე მათ რაციონალურ გამოყენებას, მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის გატანას.

ამასთანავე, ენერგიული ღონისძიებანი უნდა გატარდეს რესპუბლიკაში სათბობ-ენერგეტიკული რესურსების მწვავე დეფიციტის დასაძლევად. აქ ჩვენი ძალისხმევა უნდა წარიმართოს შემდეგი მიმართულებებით:

• რესპუბლიკაში სათბობ-ენერგეტიკული რესურსების წარმოების მოცულობის გადიდება;
• წარმოებისა და მოხმარების სფეროში პროდუქციისა და მომსახურების ერთეულზე ენერგოდანახარჯების მკვეთრი შემცირება, ენერგორესურსების გამოყენების მკვეთრი გაუმჯობესების ეროვნული პროგრამის შემუშავება და გატარება.
• საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკებიდან და უცხოეთის ქვეყნებიდან პირდაპირი ეკონომიკური კავშირების მეშვეობით ენერგორესურსების მიღება;
• ენერგიის არატრადიციული წყაროების ფართოდ გამოყენება, მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა.

საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა უცხოეთის მჭიდრო სატრანსპორტო კავშირების დამყარების შესაძლებლობის, საქართველოს ეკონომიკური აღორძინების მნიშვნელოვანი რეზერვია. ამიტომ აუცილებელია აღდგეს საქართველოს, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ხიდის ისტორიული ფუნქცია, რაც აუცილებლად მოითხოვს საქართველოს საზღვაო (ბათუმი, ფოთი, სოხუმი) და საჰაერო კარიბჭეთა ოპტიმალურ გამოყენებას და მათ სწრაფ რეკონსტრუქციას. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საავტომობილო ტრანსპორტის, როგორც მეზობელ ქვეყნებთან კონტაქტების, შიგა რესპუბლიკური გადაზიდვებისა და მნიშვნელოვანი ტრანზიტული შემოსავლების მიღების საუკეთესო საშუალებას.

საქართველოს რესპუბლიკაში საინვესტიციო პოლიტიკა უნდა განხორციელდეს სახელმწიფო, კერძო, კოლექტიური და უცხოური ინვესტიციების ხარჯზე მათი დაბანდების, გამოყენების და დაცვის მტკიცე გარანტიების შექმნით მსოფლიოში აღიარებული ფორმების გათვალისწინებით.

საინვესტიციო პოლიტიკის უმთავრესი მომენტები უნდა განისაზღვროს შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით;

– საქართველოს რესპუბლიკის სამეურნეო სისტემის პრიორიტეტები, ტრადიციები და თავისებურებანი;
– შიდარესპუბლიკური საწარმოო და სამომხმარებლო მოთხოვნები;
– მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის თანამედროვე დონე;
– მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ტენდენციები;

საქართველოს ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირების, ეროვნული ეკონომიკის აღორძინებისა და განვითარების აუცილებელი პირობაა საკუთარი საფინანსო და ფულად-საკრედიტო სისტემა, რომლის ძირითადი შემადგენელი ნაწილები უნდა იყოს:

• ორიარუსიანი საბანკო სისტემა, რომლის სათავეში იქნება ცენტრალური ეროვნული ბანკი, ხოლო მეორე იარუსზე განლაგდებიან კომერციული ბანკები. ცენტრალური ეროვნული ბანკის ფუნქცია იქნება: ფულის მიმოქცევის, ემისიის, დაკრედიტების, დაფინანსების, ანგარიშსწორებისა და სავალუტო ურთიერთობათა სფეროში რესპუბლიკის ერთიანი პოლიტიკის გატარება, ფულად-საკრედიტო სისტემის ცენტრალიზებული მართვა, მყარი ფულადი მიმოქცევისა და ქართული ფულის მსყიდველობითი უნარის განმტკიცების უზრუნველყოფა, მისი გასაცვლელი კურსის დადგენა სხვა ქვეყნების ფულად ერთეულებთან მიმართებაში და სხვ.; კომერციული ბანკები კი თავიანთი საქმიანობით შექმნიან თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების განხორციელების აუცილებელ წინაპირობებს.

ერთიანი საბანკო სისტემის ჩამოყალიბებასთან ერთად აუცილებელია შეიქმნას ჩვენი ბანკების ფილიალები და წარმომადგენლობები საზღვარგარეთის ქვეყნებში. საჭიროა აგრეთვე, შეიქმნას ერთობლივი ბანკები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს ეროვნული ეკონომიკის ინტერესებისათვის გამოვიყენოთ ჩვენი პარტნიორების საკრედიტო არხები. მათ მიერ გაცემული გარანტიების საფუძველზე გაცილებით ადვილი იქნება როგორც უცხოური კაპიტალის მოზიდვა, ასევე ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაცია.

• ეროვნული ფული. ეროვნული ბანკის ნორმალური ფუნქციონირება, რესპუბლიკაში ფულადი მიმოქცევის რეგულირება, საქართველოს ეკონომიკის დაცვა გარეშე უარყოფითი გავლენისაგან შეუძლებელი იქნება საკუთარი ფულადი ერთეულის გარეშე. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოებრიობის აღდგენის გზაზე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად ქართული ფულის შემოღება მიგვაჩნია. მისი სწორი მიმოქცევის, კონვერტირებულობისა და კურსის განმტკიცებისათვის ზრუნვა უახლოესი პერიოდის მთავარი ამოცანაა.
• მოქნილმა საგადასახადო სისტემამ ადმინისტრაციული მეთოდების გარეშე უნდა უზრუნველყოს ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის ერთიანობა, მოსახლეობის სოციალური დაცვა, საზოგადოებრივი წარმოების ეფექტიანობა.

ახალმა საგადასახადო სისტემამ განაკვეთებისა და შეღავათების დიფერენციაციის საშულებით უნდა მისცეს სტიმული დარგის, რეგიონის, საწარმოს, ცალკეული პროდუქციის წარმოებისა და მომსახურების განვითარებას. ჯანსაღი კონკურენციის საფუძველზე ობიექტურად უნდა მოაწესრიგოს საწარმოთა რენტაბელობისა და მოქალაქეთა შემოსავლების დონე, უზრუნველყოს საქართველოს რესპუბლიკის ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი გამოყენება და გარემოს დაცვა.

აქედან გამომდინარე, უნდა შეიცვალოს მოქმედი გადასახადების სტრუქტურა, სახეები, მათი განაკვეთები და შეღავათის წესები.

მოხმარების საგნების წარმოების გაზრდის, ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვის, ბუნების დამცავი ღონისძიებების და სხვ. სტიმულირების მიზნით გადასახადებიდან უნდა გათავისუფლდნენ ან შეღავათიანად დაიბეგრონ საწარმოები და ორგანიზაციები მოგების იმ ნაწილში, რომლებიც ამ მიმართულებით დაიხარჯება.

• რეგიონალური ფინანსები. ადგილობრივი მმართველობის ორგანოების როლის შემდგომი ზრდისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით უნდა ამაღლდეს მათი უფლებამოსილებანი რეგიონის ფინანსების მართვაში, გაფართოვდეს პრეფექტურებისა და საკრებულოების საბიუჯეტო უფლებები, გაძლიერდეს ადგილობრივი ბიუჯეტების დამოკიდებულება შესაბამის ტერიტორიაზე განლაგებულ საწარმოთა სამეურნეო საქმიანობის საფინანსო შედეგებზე. ქალაქის, რაიონის, დაბისა და სოფლის ტერიტორიაზე განლაგებული ყოველი საწარმო აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს შესაბამისი ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებაში. ამასთან, ამ ბიუჯეტების ფორმირება უნდა განხორციელდეს საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან ანარიცხების სტაბილური გრძელვადიანი ნორმატივების ბაზაზე.

• მიზანშეწონილად მიგვაჩნია გადავიდეთ ფასების სამსაფეხურიან სისტემაზე:

ა) მტკიცე სახელმწიფო ფასები, რომელიც უნდა მოიცავდეს სახელმწიფო სატრანსპორტო და საფოსტო-სატელეფონო მომსახურების, ელექტროენერგიის, სახელმწიფო კომუნალური მეურნეობის ტარიფებს, პირველადი მოხმარების საგნებისა და მედიკამენტების ფასებს.
ანტიმონოპოლიური კანონით დაშვებული უნდა იყოს ფასების ადმინისტრაციული რეგულირება იმ საქონლისათვის, რომლის მწარმოებლებსაც მონოპოლიური მდგომარეობა უკავიათ.

ბ) შერეული ფასები, როდესაც სახელმწიფო აწესებს ქვედა და ზედა ზღვარს, რომლის ფარგლებშიც ამა თუ იმ საქონელზე ფასი შეიძლება იცვლებოდეს მოთხოვნისა და მიწოდების მიხედვით.
გ) თავისუფალი ფასები, რომელიც ბაზარზე ჩამოყალიბდება მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობის შესაბამისად.

სოციალურ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა გულისხმობს მოსახლეობის სოციალური დაცვის ეფექტიანი სისტემის შემუშავებას, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ელემენტებს:

• პირველადი მოთხოვნილების საქონლის გარკვეულ ნაწილზე საცალო ფასების შენარჩუნებას ჩამოყალიბებულ დონეზე;
•   რესპუბლიკის სამომხმარებლო ბაზრის დაცვას;
•  მოსახლეობის შემოსავლების ინდექსაციას;
• სახელმწიფოს მიერ ხელფასის, პენსიის, დახმარების და სხვა განაკვეთების მინიმალურად დასაშვები დონის დაწესებას არა უმცირეს საარსებო მინიმუმისა;
• მოსახლეობის ყველაზე სუსტად დაცული ჯგუფების (მოსწავლეთა, პენსიონერთა, ინვალიდების, მარტოხელა მოხუცების, ობლების და ა.შ.) დახმარების მიზნობრივ პროგრამას;
• უმუშევრებზე დახმარების გაცემას, ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებების პროცესში გამოთავისუფლებულ მუშაკთა გადამზადებას, სახელმწიფო შრომითი ბირჟების ფართო ქსელის მეშვეობით სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირებას.

• საქველმოქმედო ღონისძიებათა წახალისებას შეღავათიანი დაბეგვრის, სუბსიდირების, საზოგადოებაში შესაბამისი კლიმატის შექმნას; საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით.

საქართველოს უნდა ჰქონდეს ღია ეკონომიკა, რომლის განვითარებისა და წინსვლის ტემპები დამოკიდებულია საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესში მიზანმიმართულ ჩართვაზე, რისთვისაც აუცილებელია შემუშავდეს საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა განვითარების ეროვნული პროგრამა. ამით განისაზღვრება რესპუბლიკის საექსპორტო შესაძლებლობანი და მისი ზრდის რეზერვები; უცხოურ ფირმებთან, სამთავრობათაშორისო და რეგიონალურ საფინანსო ორგანოებთან თანამშრომლობის ფორმები; საშინაო ბაზრის დაცვისა დ აუცილებელი საიმპორტო პროდუქციის შემოზიდვის ხელშემწყობი საბაჟო სისტემა; საგარეო ბაზარზე ეროვნული კაპიტალის დამკვიდრების მიზნით სახელმწიფო დახმარებისა და შეღავათების ფორმები; პროტექციონისტული ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების საშუალებები; უცხოური კაპიტალის მოზიდვის რეგულირების მექანიზმი; უცხოეთში აქტიური საინვესტიციო საქმიანობის წარმართვის საშუალებანი; საგარეო-ეკონომიკური მართვის სტრუქტურის სრულყოფის მიმართულებები.

ჯანმრთელობის დაცვა 

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა მისი საბჭოთა კავშირის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სტრუქტურაში ყოფნის შედეგია. აღნიშნული გარემოებით განპირობებული იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვის სისტემის სუბსიდირების მანკიერი წესი და მართვის მოუქნელი სტრუქტურა.

იმისათვის, რომ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემა გამოვიდეს კრიზისიდან, საჭიროა:

1. რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის საბჭოთა კავშირის სტრუქტურებიდან სრული დამოუკიდებლობა. აუცილებელია ჩატარდეს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დაწესებულებათა სრული ინვენტარიზაცია; ჯანმრთელობის დაცვის მატერიალური რესურსების რაციონალური განაწილება; საზღვარგარეთის ქვეყნებთან პირდაპირი კავშირების დამყარება და არსებული კავშირების გაფართოება.

2. ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სტრუქტურული რეორგანიზაცია, რაც გულისხმობს მართვის ვერტიკალური სტრუქტურების შეცვლას ჰორიზონტალური სტრუქტურებით.

3. საზოგადოების ჯანმრთელი ყოფა წარმოუდგენელია პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ერთიანი პროგრამის გარეშე, რისთვისაც აუცილებელია მჭიდრო ურთიერთკავშირი სახელმწიფო-სანიტარულ სამსახურსა და სხვა სახელმწიფო ინსპექციებს შორის. ამის საფუძველზე უნდა შეიქმნას ერთიანი რესპუბლიკური საინფორმაციო ბანკი და არსებულ მონაცემთა საფუძველზე განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები.

4. უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულებათა მრავალგვარობა (სახელმწიფო, სადაზღვევო, კომერციული). სახელმწიფო (მუნიციპალური) საზოგადოებრივი და კერძოსამედიცინო დაწესებულებების თანასწორუფლებიანი თანაარსობა სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

5. ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ფინანსურ-ეკონომიკური გაჯანსაღებისათვის აუცილებელია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანმრთელობის დაცვაზე გამოყოფილი სახსრების მნიშვნელოვნი გაზრდა. ამასთან, უნდა დაიწყოს დამატებითი სახსრების ძიება დაფინანსების სხვადასხვა წყაროებიდან სახელმწიფო სოციალური პროგრამების უზრუნველასაყოფად. დაფინანსების სხვაწყაროების ხარჯზე თანდათანობით უნდა შემცირდეს ჯანმრთელობის დაცვისათვის გამოყოფილი სახსრების ხვედრითი წილი.

6. საბიუჯეტო დაფინანსების გაზრდასთან ერთად თანდათან უნდა გადავიდეთ სადაზღვევო სამედიცინო სისტემაზე. აუცილებელია სამედიცინო დაზღვევის ფორმების (სახელმწიფო, საწარმოო, კერძო) არჩევის სრული თავისუფლება. სადაზღვევო სამედიცინო სისტემა საშუალებას მოგვცემს უახლოეს წლებში გავზარდოთ ჯანმრთელობის დაცვაში დაბანდებული თანხები.

7. პირდაპირი კავშირი უნდა დამყარდეს მომსხურების ხარისხსა და სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურებას შორის.

8. ექიმებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით უნდა შემუშავდეს ჯანმრთელობის დაცვის კანონმდებლობა, რომლითაც რეგლამენტირებული იქნება სამედიცინო დარგის ურთიერთობანი.

განათლება.

დღეს ქართული სკოლა ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ტოტალიტარულმა რეჟიმმა მძიმე დაღი დაასვა განათლების სისტემას. ქართული სკოლა გადაიქცა საბჭოთა სკოლის ნაწილად, რომლის მიზანია ე.წ. „საბჭოთა ადამიანის“ ფორმირება, განათლებაში ეროვნული და რელიგიური ტრადიციების იგნორირება.

ქართული საგანმანათლებლო სისტემის ეროვნულობა უნდა გამოიხატოს არა მარტო მშობლიურ ენაზე სწავლებით, არამედ მისი შინაარსის ეროვნულობით, ქართული კულტურის, ქრისტიანული რელიგიის, მშობლიური გარემოს და ტრადიციების გათავისებით.

სკოლა ყოველი მოსწავლის პიროვნული განუმეორებლობის სრულყოფისა და შენარჩუნებისათვის უნდა ზრუნავდეს. განათლების ჰუმანიზაცია უნდა ემყარებოდეს სასკოლო დისციპლინას, საქმისადმი პასუხისმგებლობის ამაღლებას.

განათლების სრული ციკლი უნდა მოიცავდეს სკოლამდელ აღზრდას, დაწყებით და საშუალო სკოლას, მრავალფეროვან პროფილურ სასწავლებლებს, გიმნაზიებს, კოლეჯებს, უმაღლეს სასწავლებლებს.

სახელმწიფო აღარ უნდა იყოს განათლების სიტემის ერთადერთი დამფინანსებელი და მაკონტროლებელი. განათლების სისტემის ჩამოყალიბებაში საჭიროა გაიზარდოს საზოგადოების როლი.

ხელი უნდა შეეწყოს კერძო და საეკლესიო სასწავლებლების გახსნას.

დაწყებითი და საშუალო სკოლა საყოველთაო უნდა იყოს. გიმნაზიასა და კოლეჯში ჩარიცხვა მოხდება შერჩევით. ამას გარდა, რეგიონების საჭიროების მიხედვით იარსებებს სხვადასხვა პროფილის სასწავლებლები, სადაც მიღებული განათლება საკმარისი იქნება ვიწროპროფესიული საქმიანობისათვის. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სრულყოფილ სწავლებას.

განათლების სისტემის რეორგანიზაციის შემდგომ ეტაპზე აუცილებელია დაწყებით კლასებში სწავლება წარიმართოს მოსწავლეთა გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით, შესაბამისი სრულყოფილი პროგრამების მიხედვით.

სწავლების პროცესში ყურადღება უნდა მიექცეს როგორც მოსწავლეების მიერ ცოდნის შეძენას, ასევე მათთვის სწავლების და თვითგანათლების უნარის გამომუშავებას. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს სკოლისა და ეკლესიის მჭიდრო ურთიერთკავშირზე.

კულტურა და ხელოვნება. ერის სულიერი სახის ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს ასრულებს კულტურა და ხელოვნება. მათში ყველაზე მკაფიოდ ვლინდება ეროვნული ხასიათი, მისი სპეციფიკა და თვითმყოფადობა. ქრისტიანული სარწმუნოების სულიერ კოდექსზე დამყარებული ქართული კულტურული მემკვიდრეობა, ესთეტიკური და ეთიკური ფასეულობანი წარმოადგენენ იმ ფუნდამენტს, რომელსაც უნდა დაეყრდნოს ქართველი ერის სულიერი ამაღლება. სწორედ კულტურული თვითმყოფადობა, განუმეორებლობა დაუმკვიდრებს საქართველოს ღირსეულ ადგილს მსოფლიო ერთა შორის.

ქართული და აფხაზური კულტურის დაცვის და განვითარებისთვის აუცილებელი სამართლებრივი საფუძვლების შექმნის პარალელურად უნდა დამუშავდეს საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხის წარმომადგენელთა კულტურული ტრადიციის სამართლებრივი გარანტიები, საქართველოს ისტორიული მხარეების თვითმყოფადი კულტურის შენარჩუნებისათვის საჭირო საფუძვლები. კულტურა და ხელოვნება არ უნდა განიცდიდეს პოლიტიკურ დიქტატს. შემოქმედების თავისუფლება კანონით უნდა იქნეს გარანტირებული.
სახელმწიფომ და მისმა ინსტიტუტებმა ხელი უნდა შეუწყონ ქართული კულტურის განვითარებას და საერთაშორისო ასპარეზზე გატანას, შექმნან თანამედროვე მსოფლიოს წამყვან სკოლებთან და მიმართულებებთან უშუალო კონტაქტების დამყარების საშუალება, რათა მომზადდეს საფუძვლები თანამედროვე კულტურული ტრადიციების შემოქმედებითი მიმართულებების და სტილის გაცნობისათვის, ქართული კულტურული ტრადიციების გამდიდრებისათვის. ამის პარალელურად ქართული კულტურული თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად უნდა შეიქმნას შესაბამისი მექანიზმები. ე.წ. „მასობრივი კულტურის“ ფსევდოკულტურული ელემენტებით დანაგვიანებისგან დასაცავად. ეს მისია ქართული კულტურის ცენტრებს უნდა დაეკისროთ. საჭიროა კულტურის ძეგლთა დაცვის ფართო პროგრამის შემუშავება, ძეგლთა დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის აუცილებელი სახელმწიფო ხარჯების გაზრდა.

დემოგრაფია.

საქართველოს წინააღმდეგ მიმართულმა დემოგრაფიულმა დივერსიებმა რესპუბლიკის მკვიდრი ერების – ქართველებისა დ აფხაზებისათვის უმძიმესი ვითარება შექმნა. დემოგრაფიულმა დისბალანსმა დაძაბა საერთაშორისო ურთიერთობა და შექმნა ეთნოკონფლიქტთა პროვოცირების შესაძლებლობა.

რესპუბლიკაში არსებული მდგომარეობის სტაბილიზაციის, დემოგრაფიული ვითარების გაჯანსაღების მიზნით საპრეზიდენტო ხელისუფლების მიერ უნდა შეიქმნას დემოგრაფიული პოლიტიკა. მიღებული იქნება კანონი მიგრაციის შესახებ. ამ კანონით უნდა მოხდეს რესპუბლიკის მოსახლეობის როგორც ემიგრაციულ-იმიგრაციული, ასევე შიდა მიგრაციული პროცესების რეგულირება.

შიდა მიგრაციული პროცესების რეგულირებით უნდა მოხდეს თბილისის და სხვა სამრეწველო ცენტრების ზრდის შეზღუდვა, ურბანიზაციის დონის კონტროლი. განხორციელდება შედარებით ჭარბად დასახლებული რეგიონებიდან მოსახლეობის ნებაყოფლობითი გადანაწილება ნაკლებად ათვისებულ და დემოგრაფიული თვალსაზრისით მძიმე რეგიონებში. ამასთან, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება საქართველოს ძირძველი რეგიონების დემოგრაფიულ აღორძინებას. ამ რეგიონებში მცხოვრებთ და იქ დასახლების მსურველთ გაეწევათ მაქსიმალური დახმარება, დაუწესდებათ შეღავათები, გათავისუფლდებიან გადასახადებისაგან და გამოეყოფათ გრძელვადიანი კრედიტები. აუცილებელია ამ რეგიონებში შევქმნათ ცხოვრებისათვის საჭირო პირობები – მოვაწესრიგოთ გზები, უზრუნველვყოთ ეს რეგიონები გაზით, ელექტროენერგიით, კომუნიკაციებით და ა.შ. პირველ რიგში, ხელი შევუწყოთ სტიქიისაგან დაზარალებული მოსახლეობის მოთხოვნათა დაკმაყოფილებას.

საჭიროა მოსახლეობის განსახლების ოპტიმალური სისტემის შექმნა. ეკონომიკის თავისუფლება შექმნის რეალურ პირობებს დიდი სამრეწველო ცენტრების სანაცვლოდ პატარა და საშუალო ზომის ქალაქების უპირატესი განვითარებისათვის.

დემოგრაფიული ვითარების გაჯანსაღება წარმოუდგენელია ტრადიციული სამთაობიანი ოჯახის აღორძინების გარეშე. დემოგრაფიული პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იქნება დახმარება ახალგაზრდა მრავალშვილიანი ოჯახებისათვის. უნდა გატარდეს ქმედითი ღონისძიებანი სიკვდილიანობის, განსაკუთრებით ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების მიზნით, აგრეთვე შობადობის სტიმულირებისათვის.

ხელი შეეწყობა დემოგრაფიული ვითარების გაჯანსაღებისათვის წარმოებულ საქველმოქმედო საქმიანობას, სპეციალური ფონდების შექმნას. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა სპეციალისტ-დემოგრაფთა მომზადებას, რაც საშუალებას მოგვცემს რეგულარულად ჩავატაროთ მოსახლეობის დემოგრაფიული პასპორტიზაცია.

ტურიზმი და სპორტი

საქართველოსათვის მნიშვნელოვანია რეკრეაციულ-ტურისტული კომპლექსების განვითარება, რომელიც მიმართული იქნება, ერთის მხრივ, საქართველოს მოქალაქეების დასვენებისა და ფიზიკური გაჯანსაღებისაკენ, ხოლო მეორეს მხრივ, უცხოური ვალუტის მოზიდვისა და ცივილიზებულ მსოფლიოსთან კულტურული და საქმიანი თანამშრომლობის საწყისების შექმნისაკენ.

განსაკუთრებული ზრუნვის საგნად უნდა იქცეს მასობრივი სპორტისათვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, ეროვნული სპორტის განვითარება, საქართველოს სპორტსმენთა მიღწევების შემდგომი ზრდა, საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში გაერთიანება.

ცივილიზებულ მსოფლიოში სპორტსა და პოლიტიკას ურთიერთს არ უკავშირებენ, მაგრამ თავისთავად ძალზე საგულისხმოა, რომ საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გააქტიურების კვალობაზე პირველად სწორედ ქართული სპორტის წარმომადგენლებმა იგემეს დამოუკიდებლობის, თავისუფლების სურნელი. ამ გადაწყვეტილებების მიღება მრავალ დიდ სიძნელესთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მათი გადალახვა შემდგომში ქართული სპორტის მსოფლიო მიღწევების საწინდარია.

ბუნების დაცვა

გარემომცველი ბუნების შენარჩუნება სასიცოცხლო მნივნელობის პრობლემაა. ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად საჭიროა კარდინალურად შეიცვალოს ბუნებისადმი მომხმარებლური დამოკიდებულება. ეს კი მოითხოვს ახალი ეკოლოგიური კანონმდებლობის შემუშავებას. მან უნდა გამორიცხოს ან მაქსიმალურად შეამციროს ისეთი ობიექტების მშენებლობა და ექსპლუატაცია, რომლებიც აზიანებენ ან საფრთხეს უქმნიან გარემოს (გიგანტური ჰესები და წყალსაცავები, ატომური ელექტროსადგურები, გარემოსათვის მავნე საწარმოები და სხვა).

აუცილებელია მოხდეს საქართველოს ტერიტორიის ეკოლოგიური დარაიონება, შემუშავდეს ბუნებათსარგებლობისა და ბუნების დაცვის სახელმწიფო პროგრამები. საჭიროა შეიქმნას ეკოლოგიური და სეისმოლოგიური საინფორმაციო სამსახური მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმირების უზრუნველსაყოფად.

სოფლის მეურნეობაში უპირატესი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ნიადაგდამცავი ტექნოლოგიების გამოყენებას, პროდუქტების მოყვანას არაორგანული სასუქებისა და პესტიციდების გამოყენების გარეშე, დაინერგოს სოფლის მეურნეობაში ბიოდინამიური მეთოდით მიღებული სასუქები. ასეთი პროდუქციის მწარმოებელთათვის უნდა დაწესდეს შეღავათიანი გადასახადები, კრედიტები. უნდა აიკრძალოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების სხვა მიზნებისათვის გამოყენება.

საჭიროა შეიქმნას რეკრეაციული უზრუნველყოფის სისტემა – ტურიზმის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის (საკურორტო-გამაჯანსაღებელ) სფეროებში.

ეკოლოგიის სფეროში სამართალშემოქმედებითი საქმიანობაც მიმართული უნდა იყოს არა მარტო ბუნების დაცვისაკენ, არამედ ისეთი ტრადიციული ყოფითი გარემოს აღდგენა-შენარჩუნებისაკენ, რომელმაც განაპირობა ქართული ეთნოფსიქიკის ჩამოყალიბება.

***

განვლილი ექვსი თვის მანძილზე ვერ მოხერხდა დრომოჭმული ადმინისტრაციულ-ბიუროკრატიული სისტემისა და ცენტრალიზებული მართვის მანკიერებათა სრულად აღმოფხვრა, რაც მოითხოვს რადიკალურ ცვლილებებს მმართველობითი ორგანოების ფუნქციებსა და სტრუქტურებში, მათ მნიშვნელოვან რაოდენობრივ შემცირებას.
ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა – შვიდ ათეულზე მეტი რესპუბლიკური და საკავშირო-რესპუბლიკური უწყებიდან გაუქმდა ოთხ ათეულზე მეტი.

მმართველობითი ორგანოების სისტემა უნდა გავხადოთ მობილური და ოპტიმალური. მათი საქმიანობა უნდა დაეფუძნოს ახალ ეკონომიკურ პოლიტიკას, რათა ისინი კერძო და კოლექტიური ინიციატივის, თავისუფალი ეკონომიკური მოქმედების ხელშემწყობი ორგანოები გახდნენ. ისინი უნდა იქცნენ დარგებში მაკოორდინირებელ, მეთოდურ, სამეცნიერო-საკონსულტაციო და საერთო ტექნიკურ-ეკონომიკური პოლიტიკის გატარების ცენტრებად. სამინისტროებმა უნდა შეიძინონ ფუნქციონალური ხასიათი, რაც შექმნის მმართველობითი აპარატის შემცირების და მონათესავე დარგების სამინისტროების გამსხვილების პირობებს. სახელმწიფო ორგანოებმა უნდა იტვირთონ ის საქმიანობა, რომელსაც საბაზრო მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს.

მოსკოვი თავისი იმპერიული ზრახვების განსახორციელებლად კვლავ ეცდება საქართველოს ეკონომიკის პარალიზებას, მის დაქვემდებარებას ცენტრალიზებული საბჭოთა ეკონომიკისადმი, მაგრამ ისტორიის ჩარხი ჩვენს სასარგებლოდ ბრუნავს და ჩვენს მიერ დამოუკიდებლობის პირობებში განვლილი თითოეული დღე იმპერიის საბოლოო კრახის და რესპუბლიკის ეკონომიკური აღმშენებლობის საფუძველია. საქართველოს ეკონომიკური აღორძინების ძირეული ეკონომიკური რეფორმის, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის უმთავრესი პირობაა საბჭოთა კავშირიდან გამოყოფა, ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევა.

კომუნისტური უღლისაგან განთავისუფლებული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოსახლეობა დაირაზმა ეროვნული მთავრობების გარშემო და რადიკალურ ეკონომიკურ რეფორმებსაც შედარებით უმტკივნეულოდ ახორციელებს. ჩვენც გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველოს მოსახლეობა დადგება მის მიერ არჩეული ხელისუფლების გვერდით, რათა რაც შეიძლება სწრაფად იქცეს რეალობად ჩვენი ხალხის საუკუნოვანი მიზანი – თავისუფალი და ეკონომიკურად აყვავებული საქართველო.

წყარო

აგვისტო 10, 2018

ზვიად გამსახურდიას შეხვედრა აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან

მაისი 22, 2018

ზვიად გამსახურდია, რუსლან აუშევი და ვლადიმერ ჟირინოვსკი გროზნოში, 1993

« Newer PostsOlder Posts »

Blog at WordPress.com.