ზვიად გამსახურდია

ივლისი 28, 2010

ზვიად გამსახურდია – მესხეთისადმი

მესხეთისადმი

შენ გეზმანება ვაჰანი და ძველი ვარძია,
სამსარი, კლდეში შეხიზნული, გედივით წუნდა,
შოთას აკვანი მადლიანი ვინაც არწია,
ვინაც ჯვარცმული იყო მარად და არ შეძრწუნდა.

შენ გეზმანება გარუჯული სამცხის სერები,
მუნჯი მოწამე წარსულისა – მდუმარე მტკვარი,
ცის კაბადონზე სპილენძის და ტყვიის ფერები,
კუმურდოს თაღი დაღარული და ზარზმის ზარი.

შენ გეზმანება ოლთისი და მდუმარე ბანა,
იშხანი, ოშკი, პარხალი და წმინდა ხახული,
ვინაც ხილვები წარსულისა ცრემლებით ბანა,
ჟამთა სიავით დასეტყვილი და ჭირნახული.

ხანძთის უდაბნო, მუნ მლოცველი წმინდა მამები,
ცისკარზე წმინდა გარდამოხსნის გამოსვენება,
მონასტრის ვაზი, მზით ძალუმად ნათამამები,
და აღაპებში გარდასულთა ძმათა ხსენება.

აქ თითქოს ქვებიც ჩაკირულან ცრემლის დუღაბით,
დანისლულ ქედებს დასტყობია სევდის ხაზები,
მოსჩანს ხერთვისი, სალ კლდეებთან შენადუღები
და საფლავებზე გახლართულად უსურვაზები.

თმოგვს მკერდდალეწილს დაფრქვევია სხივთ ათინათი,
სეფე-გოდოლზე გადმომდგარა სარგის თმოგველი,
გასცქერის ზეცას, მარადიულ მზისა თინათინს,
ნათელმხილველი მზერა მისი მზეობს მოგვური.

ვარძიის ცაზე შარავანდნი ბევრად ასობენ,
დიდი თამარი დაჩოქილა ღვთისმშობლის ხატთან,
დღეს მხედრობანი ზეციურნი მასთან დასობენ,
ღვთივკურთხეული ლიტანია ცისკრამდე გასტანს.

ევლოგ სალოსი, შავთელი და დიდი რუსთველი,
თანამლოცველნი დედოფლისა სთხოვენ განგებას,
ქართველთა ლაშქრის გამარჯვებას, მტერთა მმუსვრელის
ქართული მოდგმის საუკუნო არგადაგებას.

ისმის ყიჟინა სამცხის სპათა თავგანწირული,
დღეს შეიმუსრა საქართველოს დუშმანი, მტერი,
ისმის გალობა, ისმის ჟამნი, ჰანგი გმირული,
და საქართველოს აღზევებას ზეიმობს ერი.

გარდასულ ჟამის ამ ხილვებით მარად ნეტარი,
მტკიცე ნაბიჯით მომავლისკენ მიიკვლევ შარას,
წმინდა გიორგი, საქართველოს ნათლის მხედარი,
ფერისცვალების მაღალ მთაზე დაგიდგამს კარავს.

ზვიად გამსახურდია

კომენტარის დატოვება »

კომენტარები ჯერ არ არის.

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: