ზვიად გამსახურდია

სექტემბერი 20, 2015

ზვიად გამსახურდია: მიმართვა ქართველი ერისადმი საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობისადმი

Filed under: Uncategorized — georgianeli @ 12:09 PM

gamsakhurdia

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა დღევანდელ ეტაპზე დგას უაღრესად მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე, რომლებთან დაკავშირებითაც გადავწყვიტე აზრის გამოთქმა. დღეს უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ საქართველო დამოუკიდებლობის დაკარგვისაკენ და ეროვნული კატასტროფისაკენ მიჰყავს პროიმპერიულ მაფიოზურ ხუნტას, რომელმაც იმპერიულ ძალებთან და საბჭოთა არმიასთან ერთად დაამხო ეროვნული ხელისუფლება და ამჟამად ახორციელებს საქართველოს ხელახალ ანექსიას. ამასთან, დღეს ცენტრისათვისაც და მისი მარიონეტული რეჟიმისთვისაც ნათელია, რომ დისკრედიტირებულ, მოღალატე, სისხლიან ხელისუფლებას და მის მიერ შეკოწიწებულ ნომენკლატურულ ცრუ პარლამენტს ადრე თუ გვიან მოუწევს პოლიტიკური არენის დატოვება საერთო-სახალხო მღელვარების და სოციალური აფეთქების თავიდან ასაცილებლად. იქმნება საფრთხე ხელისუფლების ვაკუუმისა და, რაც ცენტრისათვის ყველაზე საგანგაშოა, კანონიერი ხელისუფლების აღდგენისა.

დღეს თვითმარქვია ხუნტის ბანაკში გაიმართა პოლემიკა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით. თითქოსდა გამოიკვეთა ოპოზიცია, ცნობილი 25 პარტიის სახით, რომელიც გმობს არსებული ფაქტობრივი ხელისუფლების კურსს, გმობს დეკემბერ-იანვრის სისხლიან პუტჩსა და გადატრიალებას, იჩენს გარკვეულ ობიექტურობას აწ განდევნილი პრეზიდენტისა და დამხობილი ხელისუფლების მიმართ. მაგრამ აშკარაა, რომ იგი გაურბის სიმართლის თქმას და ჩქმალავს როლს იმ მოვლენებში, რომელთაც საქართველო დღეს კატასტროფამდე მიიყვანეს.

მე არ მსურს ვინმეს გადავუღობო გზა ჭეშმარიტ ეროვნულ პოზიციაზე დადგომისაკენ, მაგრამ ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ეს შეუძლებელია ერის წინაშე საკუთარი ცოდვების სრული აღიარებისა და მონანიების გარეშე. სხვაგვარად არავინ ირწმუნებს მათ გულწრფელობას, უფრო მეტიც, ხალხში განმტკიცდება რწმენა, რომ ეს არის ხუნტის მიერ ნებადართული, მართული ოპოზიცია და აქვს არანაკლებ უკეთური მიზანი, ვიდრე პუტჩი და გადატრიალება იყო, ვინაიდან დღეს ქართველი ხალხის დარბევა, ილუზორულ იმედებით მისი გაპასიურება, ქვაბიდან ორთქლის გამოშვება არანაკლები დანაშაულია, ვიდრე მისთვის კანონიერი ხელისუფლების წართმევა და პროიმპერიული ძალების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდება.

ამის გამო მე მსურს, უწინარეს ყოვლისა, მივმართო ჩვენს ერს, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, ჩვენს სტუდენტ ახალგაზრდობას, ინტელიგენციას, ყველას, ვისაც არ შეუბღალავს სახელი ხუნტასთან კოლაბორაციონიზმით, ნუ ვირწმუნებთ მხოლოდ მათ სიტყვებს, საქმეთა მათთაგან შევიცნოთ ისინი. ამასთან, მოგიწოდებთ მათთან პოლემიკისაკენ, მათი მხილებისაკენ ილიასეული დევიზით: „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით?“ ქართველ ხალხს მეხსიერება არ დაუკარგავს, ყველას კარგად ახსოვს, რომ ისინი თავად მონაწილეობდნენ „ხელისუფლების არაცივილიზებული გზით“ შეცვლაში, რასაც დღეს გმობენ ესოდენის თავგამოდებით. დღეს სირაქლემის პოლიტიკით, ნახევარსიმართლის თქმით ვერავინ გავა ფონს.

მათ გულწრფელობაში გვაეჭვებს ისიც, რომ ისინი ნახევარსიმართლის გარდა, ისტორიის აშკარა გაყალბებასაც არ ერიდებიან, რათა მიჩქმალონ საკუთარი დანაშულები ერის წინაშე. 9 აპრილის მოძრაობა არ გაგრძელდა, ეროვნული ფორუმი გაიხლიჩა, ეს დიდი შეცდომა იყოო. ნურას უკაცრავად, ბატონებო! 9 აპრილის მოძრაობა გააგრძელა „მრგვალმა მაგიდამ“, რომელმაც ჩაატარა ისტორიული მნიშვნელობის პირველი მრავალპარტიული არჩევნები, თქვენს მიერ ბოიკოტირებული (და არა მხოლოდ რეფერენდუმი), რითაც უსისხლოდ დაამხო საქართველოში კომუნისტური წყობა და გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, ჩაატარა კონსტიტუციური რეფორმა, ძირეულად შეცვალა არსებული კონსტიტუცია, იგი ეროვნულ დროებით კონსტიტუციად აქცია და ამზადებდა დამოუკიდებელი საქართველოს ახალ კონსტიტუციას, რაც თქვენ ჩაშალეთ, ბატონებო! ეროვნული ფორუმი არ გახლეჩილა, იგი დასტოვეს ჭეშმარიტმა ეროვნულმა ძალებმა მას შემდეგ, რაც იგი „მხედრიონის“ ბანდამ ჩაიგდო ხელში, რომლის მარიონეტებად იქეცით თქვენ. შემდეგ კი მიეკედლეთ სუკის მიერ შექმნილ „ეროვნულ კონგრესს“ და ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი ძალის, ე.წ. ეროვნულ-დემოკრატიული (სინამდვილეში ანტიეროვნულ-პროკომუნისტური) პარტიის ეგიდის ქვეშ განაგრძობდით ბრძოლას ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ. ყბადაღებული „24-ე რეზოლიციაც“ თქვენი ერთობლივი ძალისხმევით იშვა. თქვენ აქტიურად მონაწილეობდით 2 სექტემბრისა და 4 ოქტომბრის მსგავს პროვოკაციულ აქციებში. თქვენ მათთან ერთად შეთხზეთ მითი საქართველოში ვითომდაც არსებული „დიქტატურის“ და „ტოტალიტარიზმის“ შესახებ. თქვენ ტაშს უკრავდით ამ დემაგოგთა და მოღალატეთა მიერ შეთითხნილ სიცრუეს „გამსახურდია-შევარდნაძის“ „გამსახურდია-იანაევის“ ალიანსის შესახებ. სინამდვილეში კი მათთან ერთდ ჩამოიყვანეთ შევარდნაძე საქართველოში. თქვენ მათთან ერთად მოამზადეთ გადატრიალება, რომელმაც საქართველოს დააკარგვინა დამოუკიდებლობა, დამპყრობლის ჯარს მოუხსნა საოკუპაციო ჯარის სტატუსი და დააკანონა მისი ყოფნა სამანეთო ზონაში ანუ „ესენგე“-ში (დე ფაქტოდ). დიახ, ყველას კარგად ახსოვს, რომ ახალი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, რკონთან და თბილისის ზღვასთან ალიანსში მყოფი, კანონიერი პარლამენტის შიგნიდან ამფეთქებელი, დეკემბერ-იანვრის სისხლიანი პუტჩის დროს განერიდა დედაქალაქს ვითომდაც ავადმყოფობის საბაბით, რათა დაერწმუნებინა დასავლეთ საქართველოს აბობოქრებული მოსახლეობა, პრეზიდენტსა და პარლამენტს არაფერი უჭირთ, ნუ წახვალთო მათ დასახმარებლად. კარგად გვახსოვს აგრეთვე კანონიერ ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის ფარული ალიანსი შევარდნაძესთან და პუტჩისტებთან, ტელევიზიასთან, შავნაბადაზე და თბილისის ზღავაზე მისი „მოღვაწეობა“.

ამრიგად, სანამ ისინი არ ამცნობენ ერს სრულ სიმართლეს თავიანთი უკეთური საქმიანობის შესახებ, ქვეყნის მტრებთან თავიანთი ალიანსის შესახებ, სანამ საქმით არ გამოისყიდიან თავიანთ დანაშაულებს, ჩვენ სრული საფუძველი გვაქვს განვაცხადოთ, რომ ისინი წარმოადგენენ არა ახალ ოპოზიციას არსებული თვითმარქვია ხელისუფლების მიმართ, არამედ ამ ხელისუფლებისა და ცენტრის მიერ შექმნილ მესამე ძალას, რომელიც სჭირდება ცენტრს ახალ დასაყრდენად მოსალოდნელი კატაკლიზმების შემთხვევაში, რომ ისინი წარმოადგენენ ქართულ ოპოზიციას, ჭეშმარიტ ოპოზიციასთან დაპირისპირებულს. თუმც, ამავე დროს, ვიმეორებ, რომ ჩვენ არა გვაქვს უფლება ვინმეს ვკრათ ხელი, ვინც ზემოხსენებულ პირობებს შეასრულებს და საქმით დაამტკიცებს თავის ერთგულებას ეროვნული საქმისადმი და კანონიერი ხელისუფლებისადმი. ჩვენ არა ვართ წინააღმდეგი რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთთანასწორი, ურთიერთხელსაყრელი ურთიერთობისა, მაგრამ ეს შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლება დაგმობს საქართველოში მომხდარ გადატრიალებას, დაგმობს სისხლიან რეპრესიებს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინააღმდეგ 1989 წლის 9 აპრილიდან დღემდე, დაგმობს უკანონო, თვითმარქვია ხელისუფლებას, სცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აღადგენს კავშირს მის კანონიერ ხელისუფლებასთან. აგრეთვე, მას შემდეგ, რაც იგი ცნობს საქართველოს თავის მიერ ანექსირებულ ქვეყნად და საოკუპაციო ჯარებს გაიყვანს მისი ტერიტორიიდან.

რაც შეეხება ჭეშმარიტ ეროვნულ-განმათავისუფლებელ და დემოკრატიულ მოძრაობას, იგი კვლავ პარიტეტულ პრინციპზე უნდა გაერთიანდეს „მრგვალ მაგიდაში“, რომელიც არის სიმბოლო ჩვენი მოძრაობის ერთობისა და მისი კოორდინაციისა. ამასთან დაკავშირებით მზად ვარ ვითანამშრომლო ყველა ჭეშმარიტ ეროვნულ არაკოლაბორაციონალისტულ პოლიტიკურ ძალასთან.

გვფარავდეს ღმერთი სიმართლისა და ჭეშმარიტებისა!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1993 წლის თებერვალი

 წყარო: მიმართვა : ქართველი ერისადმი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისადმი / გამსახურდია ზ. // აღდგომა. – 1993. – 28 თებერვალი. – №7 (39).- 1გვ.
Advertisements

კომენტარის დატოვება »

კომენტარები ჯერ არ არის.

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: